მომავალი დედა
ფეხმძიმობის მე-20 კვირისთვის უკან დარჩა ორსულობის პერიოდის ნახევარი. ნაყოფი სავარაუდოდ უკვე აქტიურად მოძრაობს, ერთი საათის განმავლობაში, შეიძლება იგრძნოთ 60-მდე დარტყმა. თქვენი მუცელი წინ გამოდის და იწყებს გამოსვლას ჭიპიც, რომელიც წააგავს „პატარა ღილს“.
ამ პერიოდში შესაძლოა იგრძნოთ კიდევ ერთი დისკომფორტი, რაც გამოიხატება საშვილოსნოს ცრუ, სავარჯიშო შეკუმშვებში. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს არც თქვენთვის, არც ნაყოფისთვის და არ შეუძლია მუცლის მოშლის პროვოცირება.
შესაძლოა სარძევე ჯირკველებიდან მოყვითალო, ნახევრადგამჭვირვალე გამონადენი. ეს ხსენია. არავითარ შემთხვევაში მექანიკურად, ძალის გამოყენებით არ შეუწყოთ ხელი მის გამოსვლას. უბრალოდ მოიწმინდეთ იგი სუფთა ხელსახოცით.
სასურველია იცოდეთ - ნაყოფის ძალიან ძლიერი დარტყმები შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მას არ ყოფნის ჟანგბადი. ამიტომ ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დარტყმები შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ ნაყოფს არ მოსწონს თქვნი დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა. ამ შემთხვევაში შეეცადეთ მოდუნდეთ და დაისვენოთ.
ზომებში საკმაოდ გაზრდილი ნაყოფისა და შესაბამისად, გაზრდილი საშვილოსნოს გამო, მუცლის ორგანოები აწვება დიაფრაგმას, სწევს მის გუმბათს და ამით ამცირებს ფილტვების სუნთქვით მოცულობას - იმ მოცულობას, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ამიტომ, რთულდება სუნთქვა და იმატებს სუნთქვითი მოძრაობების სიხშირე.
როგორც არაერთგზის ავღნიშნეთ, შარდის ბუშტზე საშვილოსნოს დაწოლის შედეგად ადგილი აქვს შარდვის გახშირებულ სურვილს. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თუ შარდვის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში არ გაქვთ, აუცილებლად გადით ტუალეტში და სცადეთ ეს გააკეთოთ, რადგან შარდის ბუშტის ინერვაციის დარღვევის გამო, შესაძლოა ვერ გრძნობდეთ, რომ იგი გადავსებულია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სექსუალური ურთიერთობების დროს.
შეეცადეთ შეინარჩუნოთ სწორი ტანადობა, ნუ დაძაბავთ ზურგს. ატარეთ დაბალი და ფართოქუსლიანი ფეხსაცმელი. ისწავლეთ როგორ ასწიოთ სწორად მძიმე საგნები. ნუ გააკეთებთ ამას მკვეთრად და დაუყონებლივ.
უმჯობესია პირველ რიგში მყარად დადგეთ, ოდნავ გაშალოთ ფეხები, მოღუნოთ მუხლები (და არა წელი) და ტვირთი ასწიოთ ისე, რომ გამოიყენოთ მხრებისა და ფეხების და არა ზურგის კუნთები.
თუ არის საშუალება, შეეცადეთ ტვირთის გადატანისას დაიცვათ თანაფარდობა (მაგალითად უმჯობესია ორ ხელში დაიჭიროთ თითო პაკეტი, ვიდრე ერთ ხელში ერთი და მძიმე პაკეტი).
ძილი უმჯობესია მაგარ ლეიბზე. ადგომის მომენტში, უმჯობესია ნელ-ნელა ჩამოაწყოთ ორივე ფეხები საწოლიდან იატაკზე და ისე წამოდგეთ. შეეცადეთ ხელები არ აღმართოთ ზემოთ დიდი ხნის განმავლობაში.
შეეცადეთ არ შეიღებოთ თმები და არ გაიკეთოთ პერმანენტი (თმის დახვევა სხვადასხვა საშუალებებით). იმის გამო, რომ ფრჩხილებო შეიძლება გახდეს მტვრევადი, გამოიყენეთ ხელთათმანები სახლში საქმიანობის დროს.
თუ გაგიძლიერდათ პიგმენტაცია, შეეცადეთ თავი აარიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ეს მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.
საშვილოსნოს გაზომვა
საშვილოსნოს სიდიდეს ზომავენ ნაყოფის ზრდის მონიტორინგის მიზნით. ქვემოთ მოყვანილია საშვილოსნოს ზომები სანტიმეტრებში, თუცა ექიმები ხშირად მას თავისებურად ზომავენ ხოლმე, თითების საშუალებით.
იმისათვის რომ გაიზომოს საშვილოსნო, საჭიროა ათვლის წერტილი. ჩვეულებრივ, ათვლის წერტილად გამოყენება ჭიპი, ან ბოქვენის სიმფიზი. ბოქვენის სიმფიზი - ეს არის ადგილი მუცლის ქვედა ნაწილის შუაში, შარდგამტარი არხის ქვემოთ, იქ, სადაც ერთდება ბოქვენის ძვლები.
ქალის სიმაღლეზე დამოკიდებულებით, ბოქვენის სიმფიზი განთავსებულია ჭიპზე 15-25 სმ-ით ქვემოთ და ბოქვენის თმების ზედა ნაწილის 2,5-5 სმ-ით ქვემოთ.
ექიმი ზომავს მანძილს ბოქვენის სიმფიზსა და საშვილოსნოს ფსკერს შორის. ფეხმძიმობის მე-20 კვირისთვის ეს მანძილი შეადგენს 20 სმ-ს (საშვილოსნოს ფსკერი მდებარეობს ჭიპის დონეზე). შემდგომში, თითო კვირის განმავლობაში ეს მანძილი გაიზრდება 1 სმ-ით და ოთხი კვირის შემდეგ, როცა ორსული კვლავ მივა ექიმთან გამოკვლევაზე, საშვილოსნოსა და ბოქვენის სიმფოზს შორის მანძილი იქნება 24 სმ.
თუ მე-20 კვირისთვის საშვილოსნომ ბოქვენის სიმფიზიდან აიწია შესამჩნევად მაღლა - 28 სმ და მეტი, ორსულმა აუცილებლად უნდა ჩატაროს ულტრაბგერითი გამოკვლევა. შასაძლოა მას ჰყავს ტყუპები, ან ფეხმძიმობის ვადა გამოთვლილია არასწორად.
თუ მოხდა პირიქით, და მანძილი საშვილოსნოს ფსკერიდან ბოქვენის სიმფიზამდე არის ნაკლები (15-16 სმ), სავარაუდოდ ორსულს კვლავ ულტრა ბგერით გამოკვლევას დაუნიშნავენ. თუ ფეხმძიმობის ვადა სწორადაა გამოთვლილი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეფერხებას.
აქვე, ეჭვიანი მომავალი დედებისთვის უნდა ითქვას, რომ ყველა ქალი სხვადასხვაა და ფეხმძიმობის მიმდინარეობა ყველასთვის ინდივიდუალურია. ასევე განსხვავებულები არიან ბავშვებიც, დაბადების შემდეგ წონით და სიმაღლით.
ამიტომ, თუ ორსულის საშვილოსნოს ზომა არ ემთხვევა რომელიმე მისი მეგობარი ფეხმძიმე ქალბატონის საშვილოსნოს ზომებს, არ არის საჭირო პანიკა და ნერვიულობა, ეს ნორმალური მოვლენაა. გარდა ამისა, განმეორებითი ორსულობაც არ მიმდინარეობს ისე, როგორც პირველი და საშვილოსნოს ზომებიც უფრო სხვაა, ვიდრე პირველი ფეხმძიმობის დროს. და ესეც ნორმალურია.
უნდა იქნას გათვალისწინებული ისიც, რომ სხვადასხვა ექიმი საშვილოსნოს გაზომვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. ამიტომ თუ ფეხმძიმემოხვდა სხვა ექიმთან, მის მიერ საშვილოსნოს გაზომვის მეთოდი შესაძლოა ცოტათი განსხვავებული იყოს.
ეს არ უნდა იქნეს აღქმული როგორც შეცდომა, უბრალოდ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო მილიმეტრამდე სიზუსტე. თუმცა უმჯობესია თუ ფეხმძიმობის პროცესს, თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ერთი ექიმი. ასე უფრო მარტივი იქნება ნაყოფის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვება. თუ საშვილოსნოს ზომები შეესაბამება ნორმებს, ე.ი ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესში არავითარი შეფერხება არ არსებობს.
მაგრამ თუ საშვილოსნოს ზომები გადის ნორმის ფარგლებიდან, საჭიროა ვითარების გულდასმით შესწავლა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.
ზოგადად, თუ ორსული ღელავს და მისი თვალსაზრისით საშვილოსნოს ზომები იმატებს ძალიან სწრაფად, ან პირიქით ძალიან ნელა, უმჯობესია მან კონსულტაციისთვის მიმართოს საკუთარ ექიმ-გინეკოლოგს, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ რაღაც რიგზე ვერ არის ორსულთან ან ნაყოფთან მიმართებაში დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
ქავილი და დაჭიმულობა მუცლის არეში
საშვილოსნოს ზრდასთან ერთად იზრდება დაწოლა მუცლის კუნთებზე. ამ დროს იწელება კანიც, მუცლის ზედაპირზე.
ბევრი ორსული ჩივის, რომ ეს იწვევს მათში ძლიერ ქავილს. ქავილი არის მუცელზე კანის გაწელვის შედეგი. ქავილის მოხსნაში, ან შესუსტებაში, დაგეხმარებათ სპეციალური კრემები და ლოსიონები.
შეეცადეთ არ მოიქავოთ პრობლემური ადგილები. ქავილის შეგრძნებას ამით მხოლოდ გააძლიერებთ.
ბავშვის ზრდის ტემპებთან ერთად, მუცლის კუნთები იძაბება და იწელება. მუცლის კუნთები ზემოდან მიმაგრებულია ქვედა ნეკნებთან და ვერტიკალურად ქვემოთ, მენჯისკენ მიემართება. ეს მუცლის სწორი კუნთებია, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს დაშორდეს მუცლის შუა ნაწილში. ამ მოვლენას მუცლის სწორი კუნთის დიასტაზი ეწოდება.
თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ როგორ შორდება ერთმანეთს თქვენი კუნთები. დაწექით ზურგზე, წამოსწიეთ თავი და დაჭიმეთ მუცლის კუნთები. თქვენ შეამჩნევთ მუცლის ცენტრში ამობურცულ ადგილს და შეიგრძნობთ კიდეც კუნთების კიდეებს ამობურცულის ორივე მხარეს.
მუცლის კუნთების ასეთი დაჭიმვა არ გამოიწვევს ტკივილს და არ წარმოადგენს საფრთხეს ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ის, რასაც გრძნობთ კუნთებს შორის - არის საშვილოსნო. ამ დროს ნაყოფის მოძრაობაც შეიგრძნობა ძალიან მკაფიოდ.
თუ თქვენ ორსულად ხართ პირველ ბავშვზე, შესაძლოა კუნთების დაცილება საერთოდ ვერ იგრძნოთ, იგი სულ უფრო შესამჩნევი ხდება ყოველი შემდგომი ფეხმძიმობის შემდეგ.
ორსულობის შემდეგ, კუნთები კვლავ უერთდება ერთმანეთს და დაჭიმულობა ისე შესამჩნევი აღარ არის. სპეციალური ვარჯიშების საშუალებით ხდება მუცლის კუნთების გამაგრება, მაგრამ კუნთებს შორის სიცარიელე და ამობურცული ადგილი მაინც რჩება. პრობლემას არ წყვეტს სპეციალური ბანდაჟიც.
ულტრაბგერითი გამოკვლევა და ნაყოფის სქესი
ფეხმძიმობის ამ ვადაზე, ულტრაბგერითი გამოკვლევის დახმარებით მარტივად შეიძლება ორსულობისა და მშობიარობის რეალური ვადების დადგენა.
თუ ულტრაბგერით გამოკვლევას ჩაიტარებთ ამ ვადაზე ადრე, ან გვიან, ორსულობის პირველი ან ბოლო ორი თვის განმავლობაში, შედეგები იქნება ნაკლებად ზუსტი.
ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია დადგენა, ხომ არ ელის ორსული ტყუპებს, ან კიდევ მეტ ბავშვს, აჩვენებს ნაყოფის განვითარების ანომალიებს, თუ ასეთს ადგილი აქვს.
ორსულობის პირველ პერიოდში მე-12 - მე-15 კვირებში ჩატარებული ულტაბგერითი გამოკვლევით ბავშვის სქესის დადგენა ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ნუ შეაწუხებთ ექიმს ზედმეტი კითხვებით ამ პერიოდის განმავლობაში.
ბავშვის სქესის იდენტიფიცირება თეორიულად შეიძლება უკვე ორსულობის მე-15 კვირიდან, თუმცა ულტრაბგერითი გამოკვლევის დანადგარის ხარისხიდან და ჩატარებული გამოკვლევის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ნაყოფის სქესის დადგენა უფრო წარმატებულად მე-20 კვირიდანაა შესაძლებელი.
თუმცა ასეთი სახის გამოკვლევა ჯერ მაინც ადრეა და არ არის გამორიცხული შეცდომა. ამიტომ არ შეიძლება ამ პერიოდში ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს ბოლომდე ენდოთ.
ბავშვის სქესის გნსაზღვრისათვის, ოპტიმალურად მიიჩნევა ორსულობის 23- 25 -ე კვირა. ამ დროს ნაყოფი საკმარისად მოძრავია და მშვიდი, დაჟინებული მცდელობით, ულტრაბგერითი გამოკვლევის ექიმ-სპეციალისტს შეუძლია გაიგოს ვინ არის მომავალი პატარა - ვაჟი თუ გოგონა.
სქესის განსაზღვრას ექიმი ახდენს გენიტალიების საშუალებით. თუ ნაყოფი საკმარისად განვითარებულია, უკვე დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, იგი ბიჭია თუ გოგო.
ნორმალურად მინდინარე ფეხმძიმობის დროს (37-ე კვირიდან), ბავშვის სქესის განსაზღვრა, ასევე გართულებულია, მისი დიდი ზომებისა და ნაკლებად მოძრაობის გამო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის სქესის დადგენა, ულტრაბგერითი გამოკვლევის გარეშე, გაცილებით ადრეულ ვადებზეა შესაძლებელი (მე-7 – 11 კვირა). ეს ხდება ქორიონის ბიოფსიის საშუალებით. ამ დროს საშვილოსნოდან წვრილი, სპეციალური ნემსის დახმარებით იღებენ მისი შემადგენლობის მიკროსკოპულ რაოდენობას, ნაყოფის ქრომოსომული ნაკრების განსასაზღვრად. ამ შემთხვევაში, ემბრიონის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია პრაქტიკულად 100% - იანი გარანტიით.
თუმცა მხოლოდ მომავალი ბავშვის სქესის გამოცნობის მიზნით ამ პროცედურის ჩატარება არ ღირს, ეს საფრთხის შემცველია, რადგან არსებობს მუცლის მოშლის მცირე, თუმცა მაინც საფრთხე.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ არც ექიმი და არც ულტრაბგერითი გამოკვლევა არ წყვეტს თქვენი პატარას სქესს. მთავარია ჩასახვის პირველივე დღიდან გიყვარდეთ ის არსება რომელიც თქვენს წიაღში იმყოფება, მალე იხილავს დღის სინათლეს და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში მიუხედავად იმისა, ვაჟი იქნება თუ გოგონა. მან თავი ბედნიერად და დაცულად იგრძნოს.
იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და ბავშვის სქესი
საშოდან გამონადენი და მისი ჰიგიენა
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფეხმიმობის პროცესში საშოდან გამონადენი ძლიერდება. ამ მოვლენას ლეიკორეა ეწოდება. ამ დროს, საშოდან გამონადენი სქელია, ძირითადად თეთრი ან მოყვითალო ფერის.
ნუ აღელდებით, ეს არ არის ინფექცია. ლეიკორეა გამოწვეულია საშოს ქსოვილებთან სისხლის გაზრდილი ნაკადით. სხვათა შორის, სისხლის ეს ნაკადი აძლევს ექიმებს საშუალებას გამოიცნონ ორსულობა ჯერ კიდევ ადრეულ სტადიებზე. ამ დროს საშოს ლორწოვანი გარსი ხდება ლურჯი ან იისფერი - ჩედვიკის სიპტომი.
თუ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, ან ეჭვობთ, რომ ფეხმძიმედ ხართ და გამიგივლინდათ მსგავსი გამონადენი, ექიმების მიერ არ არის რეკომენდებული საშოს დაბანა შხაპის, ან წყლის სხვა პროცედურების გამოყენებით.
ამ პერიოდში საშოს გამორეცხვა კატეგორიულად აკრძალულია. შხაპის ან სხვა წყლის პროცედურებით საშოს ჰიგიენამ, შესაძლოა სისხლდენა, ან კიდევ უარესი - ჰაეროვანი ემბოლია გამოიწვიოს. ჰაეროვანი ემბოლია ნიშნავს ჰაერის მოხვედრას სისხლში, რაც შეიძლება მოხდეს წყლის მძლავრი ნაკადის მიზეზით, მართალია ეს იშვიათად ხდება, მაგრამ შედეგები შესაძლოა იყოს ძალიან მძიმე.
თუ მაინც გადაწყვეტთ საშოს დაბანას წყლის ჭავლის გამოყენებით, ყურადღებით იყავით, რომ წყლის ნაკადი არ იყოს ძალიან მძლავრი. წყლის ჭავლმა არ უნდა შეაღწიოს საშოში 2,5 სმ-ზე ღრმად.
ზოგადად კი თუ საშოდან გამონადენი უხვია, უმჯობესია საფენების გამოყენება. ამასთან არ ატაროთ ნეილონის კოლგოტები და საცვლები. ქვედა საცვლის ჩადგმული ნაწილი, რომელიც პირდაპირ შეხებაშია საშოსთან, უნდა იყოს ბამბის.
ორსულობის დროს შესაძლებელია დაავადდეთ რაიმე ტიპის ინფექციით. ამ შემთხვევაში საშოდან გამონადენი იქნება ყვითელი ან მწვანე ფერის, უსიამოვნო სუნით. ამას გარდა საშოს მიდამოებში გამოვლინდება წვისა და ქავილის შეგრძნება.
თუ ამ სიმტომებიდან ადგილი აქვს ერთ-ერთს მაინც. მხოლოდ საშოს ჰიგიენით შედეგს ვერ მიაღწევთ, საჭიროა დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს, მისი დანიშნულებით ინფექციის განკურნება არ არის რთული და მას ადვილად გაუმკლავდებით, მთავარია მკურნალობა მოხდეს დროულად და ინფექციამ არ მიიღოს შორს წასული ფორმა.
მომავალი ბავშვი
ფეხმძიმობის მე-20 კვირაში ნაყოფის მასა მიახლოებით 240-350 გრამი, ხოლო სიგრძე 24-25 სმ - ია.
ამ პერიოდში აქტიურად აგრძელებს ზრდას ნაყოფის თმები და ფრჩხილები. უკვე შეიძლება თმის ფერის განსაზღვრა. თვალები ოდნავ, ძლივს შესამჩნევადაა გახელილი, თუმცა მიუხედავად ამისა, ნაყოფი შესანიშნავად ახდენს ორიენტაციას საშვილოსნოს ღრუში. თვალის გუგები მოძრავია. ფორმირებულია თვალის ბადურა გარსიც. შესაძლოა პატარა სწორედ ეხლა სწავლობს თვალების დახამხამებას.
ნაყოფის პატარა სხეულს უკვე გააჩნია ბუნებრივთან მიახლოებული იერ-სახე, ხოლო სახე ჯერ კიდევ დაფარულია ნაოჭებითა და ნაკეცებით. საქმე იმაშია, რომ კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისი, უკვე მოდებულია ნაყოფის მთელი კანის ქვეშ, თუმცა ჯერ ვერ მიაღწია ბავშვის სახემდე. ამისთვის კიდევ მცირეოდენი დროა საჭირო.
პატარა უკვე ფლობს გემოს რეცეპტორებს და შეუძლია გაარჩიოს საკვები, რომელსაც დედა მოიხმარს, ყლაპავს რა ამნიოტურ სითხს, რომელიც შეიცავს საკვების მიკრონაწილაკებს. ამიტომ კარგია, თუ ორსულის კვებითი რაციონი ხარისხიანი და მრავალფეროვანი იქნება. მომავალი ბავშვი ისწავლის და მიეჩვევა სხვადასხვა გემოს მქონე პროდუქტების გარჩევას.
ნაყოფის შინაგანი ორგანოები პრაქტიკულად სრულად არის ფორმირებული და თითქმის მზად არის შეასრულოს საკუთარი ფუნქციები. გაივლის კიდევ რამოდენიმე კვირა და ბავშვს უკვე თავისუფლად შეეძლება იარსებოს დედის მუცლის გარეთ, გარე სამყაროში.
ნერვული სისტემა ინტენსიურად აგროვებს ნეირონების საჭირო რაოდენობას და სრულყოფს მათ შორის კავშირს. თავის ტვინის ქერქში ხდება ხვეულებისა და ნაოჭების ინტენსიური ფორმირება, მისი განყოფილებების დიფერენცირება.
ორსულობის მე-20 კვირისთვის ნაყოფის ენდოკრინული სისტემა უკვე შეუდგა თავისი ფუნქციების შესრულებას და მთელი ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას.
კუჭ-ნაწლავთა სისტემა აგრძელებს მოქმედებას. აგრძელებს ფუნქციონირებას სასქესო ჯირკვლები, მოქმედებს თირკმლებიც. იწყებს მოქმედებას ელენთაც, როგორც სისხლის წარმოქმნის ორგანო.
მე-20 კვირისთვის, შესაძლებელია ნაყოფის გულის ცემის მოსმენა სტეტოსკოპის საშუალებით, რომლითაც ექიმები უსმენდნენ პაციენტებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ იყო გამოგონებული ისეთი თანამედროვე საშუალებები, როგორიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევა და ელექტროკარდიოგრამა.
იმისათვის, რომ სტეტესკოპით მოუსმინოთ ნაყოფის გულისცემას, გარკვული ჩვევის გამომუშავებაა საჭირო. თავიდან შესაძლოა გულისცემა ვერც გაიგონოთ, იმდენად სუსტია იგი. თუმცა ბავშვი იზრდება და მისი გულისცემა სულ უფრო ხმამაღალი ხდება.
თუ ბავშვის გულისცემას მაშინვე ვერ გაოგონებთ, ნუ აღელდებით, ზოგჯერ გამოცდილი ექიმებიც კი, რომლებიც მუდმივად იყენებენ სტეტოსკოპს, ყოველთვის ვერ ახერხებენ გაარჩიონ ნაყოფის გულისცემა.
კიდევ ერთო ნიუანსი - ხშირად მომავალ დედებს ეშლებათ ერთმანეთისგან გაარჩიონ საკუთარი და ნაყოფის გულისცემა. დაიმახსოვრეთ, რომ ნაყოფის გულიცემა უფრო ხშირია და შეადგენს 120-160 დარტყმას წუთში, მაშინ როცა მომავალი დედის გულისცემის სიხშირე გაცილებით დაბალია და შეადგენს 60-80 დარტყმას წუთში.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ნაყოფის ღინღლისა და კანის უჯრედებისგან ხდება ნაყოფის საპოხი ნივთიერების ფორმირება (vernix caseosa), რომელიც იცავს ნაყოფის კანს. ეს ნაცხი მითეთრო-კრემისფერია და ფარავს ნაყოფის ნაკეცებს და სხეულის ზოგიერთ ნაწილებს.
დამცავი საპოხი ნივთიერების ქვეშ, ნაყოფის კანი სქელდება და იყოფა სამ ფენად: ეპიდერმისი, დერმა და კანქვეშა უჯრედისი.
ნაყოფი, საწყის ეტაპზე დაფარულია უჯრედების მხოლოდ ერთი შრით. დერმა მდებარეობს ეპიდერმისის ქვემოთ. იგი ქმნის დვრილებს, რომლებიც აღწევენ ეპიდერმისის სიღრმეში. მათში განთავსებულია პატარა სისხლძარღვები - კაპილარები და ნერვული დაბოლოებები. დერმას ქვეშ კი განთავსებულია კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის შრე.
თმების ნაყოფს ამოდის ჰესტაციური ასაკის მე-12 და მე-14 კვირებს შორის. თმები აღმოცენდება ეპიდერმისიდან, ხოლო ყოველი თმის ღერის ბოლო, ეგრეთ წოდებული თმის დვრილი მდებარეობს დერმის შრეში.
პირველი თმები ჩნდება ზედა ტუჩს ზემოთ და წარბებზე. დაბადების მომენტისთვის ეს თმები იცვლება ახალი, უფრო ხშირი და სქელი თმებით.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |
მედიკამენტოზური აბორტი:
https://www.aura.ge/47-fexmdzimoba/5513-fexmdzimoba-da-medikamentozuri-aborti.html
Madlobt
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html