მომავალი დედა
ამ პერიოდში, მომავალი დედა შეიძლება შეაწუხოს მეხსიერების დარღვევამ, რაც გამოწვეულია ფეხმძიმობის პერიოდში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებით.
ამ დროს, ყველაზე გონიერი ქალებიც კი, რომლებიც ცნობილი არიან საკუთარი ორგანიზებულობითა და ნებისმიერი საკითხის მიმართ პასუხისმგებლობით, ამჩნევენ, რომ დასჩემდათ გულმავიწყობა, ვერ ახერხებენ კონცენტრირებას და კარგავენ წონასწორობას.
ნერვიულობა და წუხილი ამ სიტუაციის გამო, მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. ამიტომ ჩათვალეთ ეს მოვლენა ნორმად და შეცადეთ შეხედოთ იუმორის გრძნობით, უბრალოდ ჩაიწერეთ ხოლმე თქვენი გეგმები, თუ რის გაკეთებას აპირებთ სახლში ან სამსახურში.
საბედნიეროდ ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც მალე გაივლის, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს მთელი ორსულობის განმავლობაში (როგორც ჰორმონალური დარღვევის შედეგი) და კიდევ რამდენიმე კვირა ბავშვის დაბადების შემდეგ (როგორც გადაღლილობის შედეგი). იგი საბოლოოდ გაქრება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი დაიწყებს ღამით მშვიდად ძილს.
ჰორმონალური ცვლილებების გამო, ბევრ ქალს მეორე ტრიმესტრის დასაწყისში აღენიშნება მსუბუქი ხუთვის შეგრძნება. სიტუაცია შეიძლება გართულდეს სასუნთქი გზების სისხლძარღვების კედლების სპაზმებით, აგრეთვე ფილტვებისა და სხვა კუნთების მოდუნებით.
გადიდებული საშვილოსნოს დიაფრაგმაზე დაწოლის გათვალისწინებით, ღრმა სუნთქვა სულ უფრო რთული ხდება, რაც ორსულობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და ამის გამო ნერვიულობა არ ღირს.
ამ პერიოდში საშვილოსნო ზემოთ იწევს და ნაკლებ დაწოლას ახდენს მის ირგვლივ განლაგებულ ორგანოებზე. ამიტომ მოშარდვის სურვილი იშვიათად ჩნდება, სულ უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ კუჭის აშლილობაც. მაგრამ თუ მაინც გაწუხებთ, ნუ აღელდებით, ეს ნორმალურია.
ამ პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ დილით, საუზმის წინ ერთი ჭიქა თბილი წყლის დალევა, ან რამოდენიმე კივი. სასურველია სალათები არარაფინირებული ზეთით შეაზავოთ.
ამავე პერიოდში შესაძლოა გაჩნდეს ტკივილი მუცლის არეში. ასეთ ტკივილს სხვადასხვა ხასიათი შეიძლება ჰქონდეს და გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით. ტკივილის ტიპიური მიზეზი ძირითადად საშვილოსნოს შეუქცევადი ზრდაა, რის გამოც საშვილოსნოს კუნთები იჭიმება და იწვევს ტკივილს. ასეთ ტკივილს არ აქვს ძლიერი ხასიათი და არც ზედმეტად უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხანგრძლივი ხასიათის ტკივილს, რომელსაც თან ახლავს შეტევები. ამ დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლოვან გამონადენს ან ტკივილს წელის არეში. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნას ფეხმძიმობას შეწყვეტის საშიშროება, ამიტომ საჭიროა ექიმთან დაუყონებლივი ვიზიტი და ზუსტი მიზეზის დადგენა.
თუ ტკივილი წელის არეში, ან ზურგში არეში გამოვლინდა, ეს შესაძლოა იყოს პიელონეფრიტის (თირკმლის ქსოვილის ანთებითი დაავადება) ნიშანი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი შარდვის დროს და მაღალი ტემპერატურა.
შესაძლებელია ტკივილი კუდუსუნის არეში. ასეთი ტკივილის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგალითად საშვილოსნოს დაწოლა, ნერვის მოწეწკვა და სხვა.
ამ დროს არ არის რეკომენდებული მჯდომარე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებით რბილ ზედაპირზე.
ამ შემთხვევაში შვებას მოგგვრით "ოთხ ფეხზე დადგომა". თუ ტკივილი არ ცხრება, საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რომელიც განსაზღვრავს რა დროიდან შეიძლება სპეციალური ბანდაჟის ტარება, რომელსაც მე-15 კვირაში შეუძლია ტკივილი გააქროს ან საგრძნობლად შეამციროს.
არის იშვიათი შემთხვევები, როცა ტკივილი კუდუსუნის არეში შესაძლოა გაგრძელდეს მშობიარობის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაშიც მკურნალობის კურს განსაზღვრავს ექიმი.
ამავე პერიოდში შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა და სისუსტე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰიპოტონიით (არტერიული წნევის დაქვეითება). ჰიპოტონიას შეუძლია დაარღვიოს ჟანგბადის ნაყოფისთვის მიწოდების პროცესი და ამით საფრთხე შეუქმნას მის განვითარებას.
ამიტომ, თუ თქვენ ნათლად გამოხატული ჰიპოტონია გაქვთ, რაც გამოიხატება სწრაფი ადგომის ან დახრის დროს ყურების დაგუბებაში, თვალების დაბნელებასა და გონების დაბინდვაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
უკვე მოზრდილი მუცელი, გაიძულებთ შეარჩიოთ ძილისთვის ახალი პოზა. ოპტიმალურია თუ დაწვებით მარცხენა გვერდზე. თუ შვებას მოგგვრით, შეგიძლიათ ფეხების ქვეშ დაიდოთ ბალიში.
ყურადღება გაამახვილეთ კვებითი ნივთიერების სწორ პროპორციაზე. ამ პროპორციაში პირველი ადგილი უჭირავს ცილებს, ამიტომ მათი დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. სწორად შეარჩიეთ და მოამზადეთ ხორცი და თევზი, სასურველია ხორცი მიიღოთ ყოველდღიურად 200 გრ - ის რაოდენობით, ზოგჯერ კი (კვირაში 2-3 - ჯერ), იგი ჩაანაცვლოთ თევზით.
სისხლდენა, გამონადენი, შესაძლო მიზეზები
თუ ადგილი აქვს სხვადასხვა ტიპის სისხლნარევ გამონადენს, აუცილებელია შეწყდეს სქესობრივი კავშირი, ხოლო თუ ადგილი აქვს სისხლდენას, საჭიროა დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტი და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა.
მე-15 კვირაში სისხლდენა სავარაუდოდ ნაკლებად შეიცავს ფეხმძიმობის შეწყვეტის საშიშროებას (თუმცა საყურადღებოა ამ მხრივაც), იგი ძირითადად შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ყელის მექანიკური ან მუცლის სხვადასხვა ტიპის დაზიანებით. აგრეთვე შეიძლება გაწყდეს სისხლძარღვი, ან თავი იჩინოს ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა ეროზია (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტი).
სისხლდენის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია ნაცხისმაგვარი გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს ყავისფერი, ვარდისფერი ან კრემისფერი. ასეთი ტიპის გამონადენი შეიძლება იყოს უხვი, უფრო თხევადი და მიიღოს გამჭვირვალე ფერი. ასეთი გამონადენის გამო აღელვება არ ღირს, რადგან ამის მიზეზია სისხლში ესტროგენის დონის ამაღლება.
არსებობს გამონადენის რამოდენიმე სიმპტომი, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ გინეკოლოგს და ჩააბაროს ნაცხის ანალიზი ინფექციის გამოსავლენად. ეს სიმტომებია:
1. არაერთგვაროვანი გამონადენი. რომელსაც შეიძლება ქონდეს ბუშტუკების, კოლტების სახე, შესაძლოა გამოვლინდეს ხამჭოსმაგვარი გამონადენი;
2. გამონადენის მძაფრი და არასასიამოვნო სუნი ხშირად ეს სუნი წააგავს თევზის სუნს;
3. გამონადენის გამო არსებული ლაქები თეთრეულზე ან საცვლებზე;
4. გამონადენის ფერი ყვითელი ან მწვანე, ზოგჯერ კი ჩირქოვანია;
5. გამონადენს თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: წვა, ტკივილი, შარდის გამოყოფა, ძლიერი ქავილი, სხეულის ტემპერატურის მომატება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს სასქესო ორგანოების გაღიზიანება და მათი შეშუპება.
გენეტიკური გართულება
თუ ადრე უკვე გქონდათ გენეტიკური დაავადებები, ან გაქვთ სხვა მაჩვენებლები, უმჯობესია სწორედ მე-15 კვირის ფარგლებში გაიკეთოთ ანალიზი სანაყოფე წყლების (ამნიოტური სითხე) შემადგენლობაზე. ასეთი ანალიზის გაკეთება სწორედ ამ პერიოდისთვისაა ნაკლებად პრობლემური.
სასურველია თუ ასეთ გამოკვლევაზე მეუღლესაც წაიყვანთ. გენეტიკური კონსულტაციები რეკომენდებულია იმ წყვილებისთვის, რომელთაც უკვე ჰყავთ ბავშვი თანდაყოლილი მანკით, აქვთ რომელიმე მემკვიდრეობითი დაავადება, აგრეთვე ქალებს, რომლებსაც სამჯერ ან მეტჯერ მოეშალათ მუცელი, ან მათი ასაკი 35 წელზე მეტია.
ჩვეულებრივ, კონსულტაციის დროს წყვილთაგან ორთავეს გამოჰკითხავენ - ჰქონიათ თუ არა მათ დაუნის სინდრომი, ზურგის ტვინის თიაქარი (spin a bifida - ზურგის ორად გახლეჩა), ჰემოფილია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გადაეცემა რეცესიულად Х ქრომოსომასთან შეჭიდული ტიპით; ხასიათდება სისხლდენებისადმი მიდრეკილებით), კუნთოვანი დისტროფია (ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ჩონჩხის კუნთების ბოჭკოებს აზიანებს).
ისეთი ფაქიზი პროცესი, როგორიცაა ემბრიონისა და ნაყოფის განვითარება ჯერ კიდევ შეიცავს თავის თავში ბევრ "თეთრ ლაქას".
ჩვენ უკვე ვისუბრეთ ტერატოგენებზე (თანდაყოლილი დეფექტების გამოწვევის უნარი), რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ემბრიონის განვითარებაზე.
ტერატოგენების მიმართ ემბრიონის ათვისების უნარი, შესაძლოა იყოს გენეტიკური მიდრეკილებისა და შინაგანი ზემოქმედების შედეგი.
ამის გარდა, ერთი და იგივე ნივთიერებამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს ფეხმძომობის ერთ პერიოდში და აბსოლიტურად უსაფრთხო იყოს სხვა პერიოდის განმავლობაში.
ორსულობა 35 წლის ზემოთ
ზოგიერთი ქალი არ ჩქარობს ოჯახის შექმნას და ფეხმძიმობის დაგეგმვას (ზოგი ოჯახის შექმნის შემდეგაც), სწავლის, კარიერის თუ სხვა გარკვეულ მიზეზთა გამო.
შეიძლება პრაგმატული თვალსაზრისით ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყოს, თუმცა მეორეს მხრივ, გვიანმა ფეხმძიმობამ შესაძლოა ბავშვებში ნორმიდან გარკვეული გადახრები გამოიწვიოს.
ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა იმ ბავშვებში, რომელთა დედების ასაკი გადასცდა 35 წელს.
საქმე იმაშია, რომ 30 წლის შემდეგ, ქალებს ემუქრებათ: ნაადრევი მშობიარობა, მწვავე ტკივილი მენჯის ორგანოებში მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ, ხოლო 35 წლის შემდეგ რისკის ხარისხი მატულობს და მათ ემუქრებათ შემდეგი ტიპის საფრთხეები:
» დაუნის სინდრომი;
» მაღალი არტერიული წნევა;
» საკეისრო კვეთა;
» მრავალნაყოფიანი ორსულობა;
» პრეკლამპსია (ფეხმძიმეთა გვიანი ტოქსიკოზი);
» პლაცენტის მოწყვეტა;
» სისხლდენა და სხვა გართულებები;
35 და ზემოთ წლის ასაკში, დაფეხმძიმებაც უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად 25 წლის ასაკში. საშუალო ასაკში, ქალების დროის ძირითადი ნაწილი სამსახურს და ბავშვების მოვლას მიაქვს და ისინი ისედაც რთულად ნახულობენ დროს დასვენებისთვის, გართობისთვის, ფიზიკური ვარჯიშისთვის და სწორი კვებისთვის.
ამას გარდა, ყოველი ახალი ფეხმძიმობა იწვევს ქალის კუნთებისა და მუცლის კანის გაწელვას, რის გამოც ფიგურის შენარჩუნება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რა თქმა უნდა არსებობს უამრავი ბედნიერი გამონაკლისებიც, როცა ქალი არა თუ 35, არამედ 40 და მეტი წლის ასაკშიც უპრობლემოდ ფეხმძიმდება, მშობიარობს და ამასთან არც ფიგურის შენარჩუნება უჭირს. თუმცა საჭიროა ყურადღება და მუდმივი კონტროლი ფეხმძიმობის დროს მიმდინარე პროცესების მიმართ.
დაუნის სინდრომის სავარაუდო რისკი ახალშობილებში
30 წლამდე ქალებისათვის, დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების დაბადების ალბათობა შეადგენს მიახლოებით 800 - დან 1 შემთხვევას - 40 წლისთვის, ეს ალბათობა იზრდება 100 - დან - 1 შემთხვევამდე, ხოლო 45 წლისათვის - 32 - დან 1 შემთხვევამდე.
დაუნის სინდრომით დაავადებული ახალშობილების ფაქტიური რიცხვი რამდენადმე მაღალია, თუმცა ზოგჯერ ფეხმძიმობა სრულდება ადრიანი აბორტით, ან მკვდარშობილი ბავშვით.
დედის ასაკი და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვის დაბადების რისკი:
25 წელი - 1300 - დან 1 შემთხვევა;
30 წელი - 965 - დან 1 შემთხვევა;
35 წელი - 365 - დან 1 შემთხვევა;
40 წელი - 109 - დან 1 შემთხვევა;
45 წელი - 32 - დან 1 შემთხვევა;
50 წელი - 12 - დან 1 შემთხვევა;
დაუნის სინდრომი თავისთავად წარმოადგენს ამნიოცენტეზის გზით (სანაყოფე ბუშტის პუნქცია) აღმოჩენილ ზედმეტ - ნაკლებად გავრცელებულ ქრომოსომულ დეფექტს.
ამიტომ, თუ ღელავთ დაუნის სინდრომით ბავშვის შესაძლოა დაავადების გამო საკუთარი ასაკის ან მემკვიდრეობითობისა და გენეტიკური ფაქტორის გამო, დაწვრილებით ისაუბრეთ ამ საკითხეზე თქვენს პირად ექიმ - გინეკოლოგთან, რომელიც აკონტროლებს თქვენი ფეხმძიმობის პროცესს.
მომავალი ბავშვი
ნაყოფის სწრაფი ზრდა ამ ეტაპისთვისაც გრძელდება. მისი სიგრძე 10-11,5 სმ - მდე, ხოლო წონა 50-80 გრ - ის ფარგლებში მერყეობს.
კანი ჯერ კიდევ ძალიან თხელია და უფრო წითელია, ვიდრე ვარდისფერი, მის ქვეშ კარგად ჩანს სისხლძარღვები. პატარა წვრილი თმები (lanugo hair), ეგრეთ წოდებული ღინღლი, უკვე მთელს მის სხეულს ფარავს.
აქტიურად ვითარდება საჭმლისმომნელებელი და სუნთქვითი სისტემების განვითარება. ნაყოფი უკვე იწყებს პირველ სუნთქვით მოძრაობებს.
ამ დროს ბავშვს უკვე შეუძლია საკუთარი დიდი თითის წოვა, რაც კარგად ჩანს ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს. თვალები ისევ აგრძელებს გადანაცვლებას სახის ცენტრალურ ნაწილში, თუმცა ჯერ კიდევ ფართოა მათ შორის დაშორება.
გრძელდება ყურის ნიჟარების განვითარება, ის უკვე მეტად ჰგავს ადამიანის ნორმალურ ყურებს. საერთო ჯამშიც ნაყოფი უკვე იღებს ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელ გარეგნულ იერს.
ძვლები უკვე ფორმირებულია და აგრძელებს გამაგრებას კალციუმის დაგროვების წყალობით. (ძვლოვანი ქსოვილის წარმოქნის პროცესს ოსიფიკაცია ეწოდება). განაგრძობს ფორმირებას ძვლის ტვინიც.
სანაყოფე წყლების გამომუშავება, სანაყოფე ბუშტის უჯრედების საშუალებით ხდება სანაყოფე წყლების განახლება მიმდინარეობს ყოველ დღე - 8-10 საათის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნეს მისი სტერილურობა და საჭირო ქიმიური შემადგენლობა (წყლის, მინერალებისა და ორგანული ნივთიერებების თანაფარდობა).
სანაყოფე ბუშტსა და ამნიოტურ სითხეს ნაყოფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი იცავენ ნაყოფს მექანიკური დაზიანებისგან, უზრუნველყოფენ მოძრაობის თავისუფლებას, არსებითად უწყობენ ხელს ფილტვების, თირკმლების და საჭმლისმომნელებელი სისტემის განვითარებას.
უკვე გაცილებით სწრაფად სცემს ნაყოფის გულიც დადგენილია, რომ სწორედ ამ პერიოდში იგი დღე - ღამეში 22-23 ლიტრ სისხლს გადატუმბავს.
მე-15 კვირაში უკვე შესაძლებელია ბავშვის სქესის განსაზღვრა ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით, თუმცა ეს დამოკიდებულია ნაყოფის მდებარეობაზე. ამ დროიდან ულტრაბგერითი გამოკვლევა განსაკუთრებოთ საინტერესოა, რადგან მისი საშუალებით კარგად ჩანს, თუ როგორ მოძრაობს ნაყოფი, წუწნის თითს, ყლაპავს, მუშტავს ხელებს.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html