უკონტროლო მოხმარება = უარყოფითი გავლენა
კოკა-კოლა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გაზიანი სასმელია, რომელიც სადღესასწაულო სუფრების, კაფე-ბარების, სწრაფი კვების ობიექტების, პიკნიკების, დასვენების, გართობის და სხვა ადგილების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.
ალბათ ყველამ იცის კოკა-კოლას სავარაუდო შემადგენლობა და ყველას სმენია როგორც დადასტურებული, ასევე დაუდასტურებელი ფაქტები, რომ რომ კოკა-კოლა არაჯანსაღი სასმელია.
კოკა-კოლას ყველაზე ხშირად სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები მიირთმევენ. მართალია მშობელებმა ასე-თუ ისე იციან კოკა-კოლას ზიანის შესახებ, მაგრამ სასმელის მოხმარებით (განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) მაგალითს აძლევენ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ჯერ კიდევ პატარები არიან და ვერ აფასებენ ყველა იმ შესაძლო ზიანს, რაც კოკა-კოლას უკონტროლოდ მოხმარებამ შეიძლება მიაყენოს მათ ჯანმრთელობას.
აქ აღარ მოვყვებით კოკა-კოლას შემადგენლობის და მისი განვითარების ისტორიის შესახებ, რომელი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე არსებულ სხვა მასალებში, მაგრამ შევეცადოთ ზედმიწევნით განვიხილოთ თუ რა გავლენას ახდენს კოკა-კოლა ადამიანის ორგანიზმზე და ზოგადად, ჯანმრთელობაზე.
ყველა სასმელის მთავარი საფუძველი წყალია, რომლის შენაერთების შემადგენლობა სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ასევე განხსხვავებული ხასიათის შეიძლება იყოს კოკა-კოლას გავლენა ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
ადამიანის ორგანიზმზე კოკა-კოლას მოქმედების მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მოხმარების სიხშირე და მოხმარებული სითხის რაოდენობა.
თუ განვიხილავთ ზრდასრული ადამიანის მიერ კოკა-კოლას საშუალოსტატისტიკურ მოხმარებას, სასმელის ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე სრულიად უმნიშვნელოა, მაგრამ თუ საქმე კოკა-კოლას მოყვარულებს და ფანატებს ეხება, სასმელის უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე, გარეგნული ნიშნებითაც ადვილი შესამჩნევია.
კოკა-კოლას შაქრის მაღალი შემცველობის გამო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „თხევად კანფეტს“. თუ რეალურად შევხედავთ, კოკა-კოლას მთავარი პრობლემა, რაც მას „არაჯანსაღს“ ხდის - შაქარია. ერთი ქილა კოკა-კოლა შეიცავს 35 გრამ შაქარს, მაშინ როცა მოზრდილებში რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 30 გრამი, ხოლო ბავშვებსა და მოზარდებში კიდევ უფრო ნაკლები. მეორეს მხრივ, არსებობს უშაქრო კოკა-კოლას ვარიანტები, რომლებიც საგრძნობლად ამცირებს რისკებს.
მას შემდეგ, რაც კოკა-კოლას მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში შედის შაქრის უზარმაზარი დოზა, ინსულინის დონის მკვეთრად იმატებს. ინსულინი ცხიმის წარმომქმნელი მთავარი ჰორმონია და მისი ჭარბი რაოდენობის დროს, ღვიძლი იწყებს გლიკოგენის ცხიმად გარდაქმნას. ამრიგად, კოკა-კოლას ხშორი გამოყენება არის პირდაპირი გზა სიმსუქნისკენ.
კოკა-კოლას, ისევე როგორც ნებისმიერი ტკბილი გაზიანის სასმელის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები ძირითადად ეხება ისეთი მარტივი შაქრის ჭარბ რაოდენობას, როგორიცაა ფრუქტოზა. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ფრუქტოზას მოხმარებისას, წარმოიქმნება ნაკლები დანაყრების ჰორმონი (ლეპტინი), ამიტომ ეს ხელს უწყობს წონის მატებას.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები არ განიხილავენ შაქარს, როგორც ადიქციური (დამოკიდებულების) პოტენციალის მქონე საკვებს, მან მაინც შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულების მსგავსი რამ, რაც აიძულებს ტვინს მოითხოვოს შაქრის კიდევ უფრო დიდი "დოზები".
ფრუქტოზა იწვევს მუცლის მიდამოში ცხიმოვანი ქსოვილების რაოდენობის მომატებას (ეს არის ეგრეთ წოდებული ვისცერალური ცხიმი, რომელიც ჯანსაღი წონის შემთხვევაშიც კი ასოცირდება გულის დაავადების უფრო მაღალ ალბათობასთან) და შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მიმართ რეზისტენტულობის პროვოცირება, რაც აჩქარებს მეტაბოლურ სინდრომს, რომელიც ჩვეულებრივ მე-2 ტიპის დიაბეტის წინმსწრები პროცესია.
წარმოვიდგინოთ სწრაფი კვების ობიექტში მორთმეული შუშხუნა კოკა-კოლა და წარმოვიდგინოთ, რა ემართება ამ დროს ორგანიზმს. სასმელი ტვინზე მოქმედებს როგორც ადვილად ათვისებადი კალორიების სატყუარა, რომელიც თავდაპირველად თითქოსდა მართლაც აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ხუთი-ათიოდე წუთის შემდეგ შიმშილის გრძნობა კვლავ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ამავდროულად კი „ფსევდო“ კალორიები არსად მიდის და იწყება მათი აქტიური გარდაქმნა ცხიმად. ამიტომ რამდენადმე იზრდება სიმსუქნის (ჭარბწონიანობის), დიაბეტის რისკი, მაღალი არტერიული წნევის და გულ-სისხლძარღვთა დააავადებების რისკი.
მეორე ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია კოკას "ჯანსაღი პოტენციალის" შეფასებისას არის კოფეინი. კოფეინი ასევე გვხვდება ყავის, ჩაის (მათ შორის მწვანე ჩაის) და შავი შოკოლადის შემადგენლობაში. 400 მილიგრამი კოფეინი დღეში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა. ორსულებსა და მოზარდებში კოფეინის დასაშვები რაოდენობა ამ ნორმის ნახევარია. თუმცა ერთი ქილა კოკა-კოლა შეიცავს მხოლოდ 35 მილიგრამ კოფეინს, ასე რომ, კოკა-კოლას მავნებლობა კოფეინის შემცველობის გამო საფუძველს მოკლებულია და ამის გამო ნერვიულობა არ ღირს.
თუმცა კოკა-კოლა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის. მათ უბრალოდ უნდა დაივიწყონ ეს სასმელი, რადგან გარდა შაქრის ჭარბი რაოდენობისა, სასმელი შეიძლება შეიცავდეს მავნე დამატკბობლებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიეტის დროს კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი ტკბილი გაზიანი სასმელის მიღება! კოკა კოლა განსაკუთრებით საზიანოა მათთვის, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა ან მაღალი არტერიული წნევისადმი მიდრეკილება აქვს.
თუ არა მხოლოდ მხოლოდ კოკა-კოლა, არამედ ნებისმიერი ტკბილი სასმელი კვების მენიუს მუდმივი შემადგენელი ნაწილია, იზრდება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) კიბოს და ქალებში ენდომეტრიუმის კიბოს რისკი პოსტმენოპაუზის პერიოდში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელმა ამერიკულმა ორგანიზაციამ - Centre for Science m the Public Interests (CSPI) ჩაატარა კვლევა ადამიანის ორგანიზმზე კოკა-კოლას ზემოქმედების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ კოკა-კოლას მოხმარება დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის, ოსტეოპოროზის (ძვლოვანი სისტემის დაავადება), ასევე თირკმელებში კენჭების განვითარების რისკთან.
იმისთვის, რომ კოკა-კოლას არ ჰქონდეს ზედმეტად ტკბილი გემო, მის შემადგენლობაში შედის ორთოფოსფორის მჟავა (ორთოფოსფორმჟავა), რომლის pH (მჟავიანობის მაჩვენებელი) არის 2.8.
ორთოფოსფორმჟავა ანადგურებს კბილის მინანქარს, რაც მეცნიერულად არის დადასტურებული. ჩატარდა მრავალი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოხალისეები ყოველდღიურად სვამდნენ კოკა-კოლას. კვლევის ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოხალისეთა 90%-ს შეექმნათ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები. კბილები გახდა უფრო მყიფე და იცვალა ფერი (შესამჩნევად გამუქდა მინანქარი).
ეს განსაკუთრებით ხშირია ხშირად გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ისინი ყოველთვის ვერ იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას.
როდესაც ადამიანი იღებს კოკა-კოლას, ორგანიზმი ცდილობს გაანეიტრალოს ფოსფორის მჟავის მოქმედება ძვლოვან ქსოვილში შემავალი კალციუმის საშუალებით. კალციუმი შედის მჟავასთან რეაქციაში და რეცხავს მას, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებაყოფლობით ხდება ორგანიზმში კალციუმის განადგურდება და საგრძნობლად იზრდება მოტეხილობების რისკი.
კალციუმის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები, განსაკუთრებით ბავშვებში.
ორთოფოსფორის მჟავის მოქმედების დათრგუნვის მიზნით, კოკა-კოლას შემადგენლობას უმატებენ სხვადასხვა სახის მჟავიანობის რეგულატორებს, რომლებიც აშრობენ ლორწოვან გარსს. შესაბამისად, იზრდება წყურვილის მოკვლის სურვილი, რაც იწვევს თირკმელების ორმაგ დატვირთვას.
კოკა-კოლას ხშირი გამოყენების შედეგი შეიძლება მართლაც სავალალო იყოს, ვინაიდან კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებით შესაძლოა დაირღვეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა და გაიზარდოს წყლულის წარმოქმნის რისკი (მითუმეტეს, რომ მოსახლეობის თითქმის 60% დაავადებულია გასტრიტის ამა-თუ იმ ფორმით).
ყველა გაზიანი სასმელი გრძელვადიანი შენახვის მიზნით შეიცავს ნახშირორჟანგს, რაც თავისთავად საშიში არ არის, მაგრამ გარდა ამისა, სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით საღებავს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები: ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი და სხვა...
ადამიანის ჯანმრთელობა ადვილად ექვემდებარება ცვლილებებს; იმდენად ადვილად, რომ საკვებმა და სასმელმაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს დნმ-ზე და ზოგადად, ორგანიზმის ფუქციონირებაზე.
კოკა-კოლას შემადგენლობაში შედის ისეთი კონსერვანტი, როგორიცაა ნატრიუმის ბენზოატი, რომელიც აქტიურად აფერხებს უჯრედებში ფერმენტების წარმოშობას და ანადგურებს ცხიმებს და სახამებელს. ასევე არსებობს მუტაგენური ეფექტი მიტოქონდრიული დნმ-ის აქტივობაზე. C ვიტამინთან შერწყმისას წარმოიქმნება ბენზოლი, რომელიც აზიანებს ორგანიზმის უჯრედებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური გარდაქმნები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარამელი არ არის მხოლოდ გამდნარი შაქარი, იგი ამიაკისა და სულფიტების ქიმიური ნაზავია, რაც შესაძლოა აღმოჩნდეს ონკოლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორი.
ზოგიერთი ინფორმაციით, კოკა-კოლა შეიცავს სხვადასხვა სახის საკვებ დანამატებს, რომელთა სახელწოდებები არ არის დატანილი ეტიკეტზე. ერთ-ერთი ასეთი კომპონენტია ჰიდროქსიმეთილფურფურალი. იგი შაქრის დაშლის შუალედური პროდუქტია და წარმოიქმნება ე.წ მაიარის ქიმიური რეაქციის დროს (Maillard reaction). სწორედ იგი აძლევს კოკა-კოლას ყავისფერ ფერს. სხვაგვარად მას შაქრის კოლერს ან E-150 -ს უწოდებენ.
საერთაშორისო ორგანიზაცია JECFA-ს მიერ დაადგენილია E-150-ის დასაშვები დღიური ნორმა 200 მგ/კგ-მდე.
კამათი და დისკუსიები E-150 კვებითი დანამატის უსაფრთხოების შესახებ ამ დრომდე არ წყდება ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის - IPCS-ის კულუარებში.
ამ კომპონენტის კანცეროგენული მოქმედების შესახებ ცნობილია ჯერ კიდევ 1995 წლიდან. 1995 ჟურნალში "Biochem Biophys Res Commun" (209 (3): 996-1002, 1995) გამოქვეყნდა სტატია, სადაც ავტორებმა აღწერეს მეტაბოლიზაციის პროცესი და ჰიდროქსიმეთილფურფურალის აქტივაცია ჰიდროქსილური ფუნქციური ჯგუფის მიერ მისი ალილური ნარჩენების სულფირებით.
ამ მოსაზრების გასამყარებლად, ავტორებმა აღმოაჩინეს ჰიდროქსიმეთილფურფურალის პირდაპირი მუტაგენური კავშირი ვირთხების ღვიძლზე. ასევე 2008 წელს ჟურნალმა Food and Chemical Toxicology აჩვენა ჰიდროქსიმეთილფურფურალის კანცეროგენული ეფექტი თაგვების პოპულაციაზე.
ამერიკის მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციის (CSPI) ინფორმაციით, კოკა-კოლას და პეპსი-კოლას შემადგენლობის შესწავლამ აჩვენა ცნობილი კანცეროგენის - 4-მეთილიმიდაზოლის ძალიან მაღალი შემცველობა. ეს ნივთიერება გამოიყენება საღებავების წარმოებაში და შეუძლია ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა
CSPI-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ფ. ჯეიკობსონის განცხადებით, მათ ვაშინგტონიდან აიღეს Coca-Cola, Pepsi-Cola, Dr Pepper-ის ნიმუშები. აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტების ორი 0,33 მლ. ქილა შეიცავდა 145-დან 153 მიკროგრამამდე (მკგ) 4-მეთილიმიდაზოლს. მაშინ როცა პროდუქტებში 4-მეთილიმიდაზოლის დასაშვები დონეა 29 მკგ, ანუ მისი შემცველობა 5-ჯერ აღემატებოდა ნორმალურ დონეს.
CSPI-ის შეფასებით, უკონტროლო მიღების შემთხვევაში, Coca-Cola-სა და Pepsi-ის შემადგენლობაში არსებულმა 4-მეთილიმიდაზოლმა, შეიძლება გამოიწვიოს დაახლოებით 15000 სახეობის ონკოლოგიური დაავადების პროვოცირება აშშ-ს მოსახლეობაში.
დიეტური კოკა-კოლა
რაც შეეხება კოკა-კოლას კიდევ ერთ ბრენდს Coca-Cola Light, ეგრეთ წოდებულ დიეტურ კოკა-კოლას, იგი დაბალკალორიულია, შეიცავს 100 მლ პროდუქტზე მხოლოდ 0,2 კკალორიას.
დიეტურ კოლაში შაქარი ჩანაცვლებულია შაქრის შემცვლელი საკვები დანამატით E951 ან ასპარტამი. (სხვათა შორის ამ დანამატებს ამა თუ იმ ფორმით უმატებენ ბევრი ტკბილ გაზიანი სასმელს, კანფეტებსა და ტკბილეულს).
ასპარტამი შაქარზე 200-ჯერ ტკბილია და საკმაოდ იაფია. ადამიანის ორგანიზმში ის იშლება ორ ნაერთად: მეთანოლად და ამინომჟავებად. მცირე რაოდენობით მეთანოლი ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება მეტაბოლიზმის შედეგად. მეთანოლი დიდი დოზებით მუტაგენური ნივთიერება და საშიში შხამია, რადგან კარგად შეიწოვება და ერევა წყალს.
5-10 მლ მეთანოლის მიღება იწვევს მოწამვლას, შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე და სიკვდილიც კი. მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, რამდენი კოკა-კოლა უნდა მოიხმაროს ადამიანმა, რომ მეთანოლის საშიშ დონეს გადააჭარბოს. თუმცა, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ასპარტამი იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას.
იტალიურმა ფონდის - Ramazzini Foundation-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ასპარტამის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ლიმფომის, ლეიკემიის, თირკმლის და პერიფერიული ნერვული სისტემის კიბოს განვითარება.
კლინიკური კვლევები ჩატარდა 1800 ვირთხაზე. 1 კგ სხეულის მასაზე 20 მილიგრამმა ასპარტამმაც კი შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები. Coca-Cola Light -ის 245 მილილიტრიანი ბოთლი შეიცავს დაახლოებით 180 მილიგრამ ასპარტამს.
ასპარტამის მიღება გარკვეულწილად ატყუებს (ცრუ სიგნალს უგზავნის ადამიანის ორგანიზმს) და ასტიმულირებს მადას. ამიტომ, დიეტური (უშაქრო) კოკა-კოლას დალევის დროს, ტვინი ცნობს ტკბილ გემოს და ემზადება გლუკოზის დასამუშავებლად, ანუ ათავისუფლებს სისხლში ინსულინს. მაგრამ ხელოვნური დამატკბობელი არ შეიცავს გლუკოზას, ხოლო ინსულინის უქმად გამომუშავება არის პირველი ნაბიჯი II ტიპის დიაბეტისკენ.
კოკა-კოლას დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე
გარდა უარყოფითი თვისებებისა, კოკა-კოლას აქვს სასარგებლო თვისებებიც. მაგალითად, კოფეინი არის ბუნებრივი სტიმულატორი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გამოფხიზლებაში და ზრდის პროდუქტიულობას მთელი დღის განმავლობაში.
აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის ფედერალურმა სააგენტომ (FDA) კოფეინი უსაფრთხო დანამატად ჯერ კიდევ 50-ი წლებში აღიარა და დღეს მისი ზომიერი გამოყენება არ არის ზიანის მომტანი. ერთადერთი გამონაკლისია როცა ადამიანი მგრძნობიარეა კოფეინის მიმართ (ანუ ფინჯანი ყავის შემდეგ ხელები უკანკალებს, გულისცემა გახშირებული აქვს ან ემატება შფოთიანობა). ამ შემთხვევაში კოკა-კოლით და ყავით გატაცება არ არის მიზანშეწონილი.
კოკა-კოლას, ისევე როგორც სხვა სასმელებს შეუძლია გაუმკლავდეს დეჰიდრატაციას (გაუწყლოვანება). თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, ამისათვის უმჯობესია სუფთა წყალი, ხოლო კოკა-კოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელთ სხვა არაფერია.
სპეციალისტების მიერ აღიარებულია, რომ კოკა-კოლა ბევრ შემთხვევაში ეფექტურია ფიტობეზოარების დასაშლელად.
ბეზოარი არის კუჭში უხსნადი დიეტური ბოჭკოების ნარჩენები, რომელიც წარმოიქმნება როგორც მცენარეული ბოჭკოების გადაჭარბებული მოხმარების, ასევე (ხილის კურკების, სოკოების და სხვ.) მიღების შედეგად. ამ დროს, კუჭნაწლავის ტრაქტში წარმოიქმნება მკვრივი მასა (კენჭი) და შეიძლება მოახდინოს კუჭის კიბოს სიმულირება.
ორგანიზმს არ შეუძლია ბეზოარის დამოუკიდებლად მოშორება, მაგრამ მისი დაშლა კოკა-კოლას საშუალებით არის შესაძლებელი.
კოკა-კოლას კუჭში უცხო სხეულების დაშლის მეთოდი წარმატებულია შემთხვევების დაახლოებით 50%-ში. თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფიტობეზორები ძალზე იშვიათია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას არ სჭირდება მისი დაშლის მიზნით კოკა-კოლას გამოყენება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოიპოვება პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ კოკა-კოლას ზომიერად მოხმარებას შეუძლია ადამიანის კიბოსგან დაცვა. ამის მიზეზია კარამელი, რომელიც სასმელში საღებავად არის გამოყენებული და 4 მეთილიმიდაზოლი (4-MI).
ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით, ამ ნივთიერებების მაღალი დოზები ასოცირდებოდა ლეიკემიის რისკის ზომიერ ზრდასთან, თუმცა მნიშვნელოვნად შეამცირა დედალ ვირთხებში სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს კიბოს, ხოლო მამალ ვირთხებში თირკმელზედა ჯირკვლისა და ჰიპოფიზის კიბოს რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შთამაგონებლად ჟღერს, ამ ნივთიერებების ექსპოზიციამ საჭირო ზღვარს რომ მიაღწიოს, 70 კილოგრამი მასის ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს 600 მილილიტრი მოცულობის 124 ბოთლი კოკა-კოლა ათწლეულების განმავლობაში.
პს
"ყველაზე გემრიელი", "ყველაზე გამამხნევებელი", "ყველაზე სადღესასწაულო", "ყველაზე ნამდვილი", ყველაზე თავისუფალი“ - ეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილის სასმელის კოკა-კოლას დახასიათებაა, რომელიც მუდამ იზიდავდა, იზიდავს და მომავალშიც მოიზიდავს მომხმარებელს თავისი განუმეორებელი გემოთი.
ექიმები და კვების ექსპერტ-სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კოკა-კოლა, არამედ სხვა, ნებისმიერი, შაქრის მაღალი რაოდენობის შემცველი ტკბილი გაზირებული სასმელების უკონტროლო მოხმარება.
რაც შეეხება უშუალოდ კოკა-კოლას, იგი ორგანიზმისთვის სახიფათო შეიძლება იყოს არა “საიდუმლო დანამატების”, არამედ იმ ინგრედიენტების გამო, რომლებიც ნამდვილად შედის მის შემადგენლობაში (რაც დატანილია ეტიკეტზე).
ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემები შეიძლება შეუქმნას კოკა-კოლას (ისევე როგორც სხვა ტკბილი გაზიანი სასმელების) დიდი რაოდენობით და რეგულარულად მოხმარებამ, ამიტომ საჭიროა ზომიერება, რასაც სასმელის უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე დაჰყავს.
შესაძლოა, ამ მასალის წაკითხვის შემდეგ, ვინმეს ეჭვი შეეპაროს კოკა-კოლას უსაფრთხოებაში და სხვა მტკიცებულებებიც მოიძიოს მისი მავნებლობის შესახებ. შესაძლოა, ვინმემ დაიწყოს კოლას ალტერნატივის ძებნა - და ყურადღება სუფთა წყალზე, მინერალურ წყლებზე, სახლის პირობებში მომზადებულ ნატურალურ წვენებზე, ცივ ჩაიზე ან კომპოტებზე გადაიტანოს.
თუმცა ფაქტი ერთია:
მიუხედავად კოკა-კოლას გარშემო შექმნილი მითების, ლეგენდებისა და უამრავი ტყუილ-მართლისა, რომელი ცხარე დისკუსიებს იწვევს, ფაქტია, რომ მოთხოვნა ამ სასმელზე არათუ იკლებს, არამედ პირიქით, იმატებს და კოკა-კოლას უამრავი ფანატი ყავს მთელს მსოფლიოში.