კომპანია Coca-Cola-ს ისტორია 140 წელზე მეტს მოიცავს. ეს არის საოცარი აღმოჩენების, შორსმჭვრეტელური იდეების და არასტანდარტული გადაწყვეტილებების ქრონოლოგია, რომლებმაც ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის კოკა-კოლას სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირდა 1893 წლის 31 იანვარს. სასმელის ისტორია კი 1886 წლის მარტიდან დაიწყო, ყოფილი კავალერისტის და პროფესიით ფარმაცევტის, ჯონ სტიტ პემბერტონის ატლანტაში მდებარე სახლის უკანა ეზოში, როცა ჯონმა, რომელსაც თავის ტკივილები (შაკიკი) აწუხებდა, სამფეხა სპილენძის ქვაბში ახალი ტკივილგამაყუჩებელი სიროფის დამზადება გადაწყვიტა.
ჯონმა ერთმანეთში აურია კოკას ფოთლები, ტროპიკული მცენარე კოლას თესლისგან დამზადებული ზეთი, წითელი ღვინო და მიიღო მუქი კარამელისფერი სიროფი, რომელსაც მისთვის სიმხნევე უნდა მიენიჭებინა და თავის ტკივილი დაეამებინა.
პემბერტონის თქმით, მის კოკა-კოლას შეეძლო ნებისმიერი ნერვული აშლილობის, ასევე იმპოტენციის განკურნება და მორფინზე დამოკიდებული ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მორფინი მისი სიროფით ჩაენაცვლებინა (აღსანიშნავია, რომ თავად პემბერტონი არ იყო გულგრილი მორფინის მიმართ). იმ დროს კოკაინი არ ითვლებოდა აკრძალულ ნივთიერებად და ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენის შესახებ უცნობი იყო.
ჯონმა თავისი სიროფი ჯოზეფ ჯეიკობსის (Joseph Jacobs) ქალაქში ყველაზე დიდ და ცნობილ აფთიაქში (Jacobs’ Pharmacy) მიიტანა, სადაც სიროფის პირველი პორციები ჭიქა - ხუთ ცენტად იყიდებოდა.
თავიდან ყველაფერი არც თუ ისე კარგად წარიმართა. დღეში მხოლოდ ცხრა ჭიქა იყიდებოდა და წლიურმა მოგებამ მხოლოდ 50 დოლარი შეადგინა. გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი წარმოების ღირებულებასაც კი არ ფარავდა, რომელიც დაახლოებით 70 დოლარს შეადგენდა.
რაღაც მომენტში ჯონმა შეცვალა რეცეპტი და სიროფს, რომლის დალევაც სიბლანტის გამო რთული იყო, კოფეინი, ლაიმის ექსტრაქტი და გაზიანი წყალი დაუმატა.
სიროფი კოკა-კოლად „მონათლა“ პემბერტონის მეგობარმა და პარტნიორმა, ბუღალტერმა ფრენკ მეისონ რობინსონმა. იგი კარგად ფლობდა კალიგრაფიის ხელოვნებას და სახელწოდება „კოკა-კოლა“ ხელით დაწერა ლამაზი ფიგურული ასოებით. ასე შეიქმნა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი, ხოლო რობინსონის მიერ შექმნილმა ლოგოტიპმა, მცირედი ცვლილებებით დღევანდელ დღემდე მოაღწია.
სხვათა შორის ფრენკის მოფიქრებულია კოკა კოლას პირველი სლოგანიც - „დალიეთ კოკა-კოლა“.
ამ ყველაფერმა წარმატება მოიტანა, თუმცა ჯონი 1888 წელს გარდაიცვალა და ვერ გახდა ამ წარმატების თანამოზიარე.
პემბერტონის გარდაცვალების შემდეგ, კოკა-კოლას რეცეპტი პემბერტონის ქვრივისგან 2300 დოლარად სრულად გამოისყიდა დამწყებმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა აზა გრიგს ქენდლერმა, წარმოშობით ირლანდიელმა.
1893 წლის 31 იანვარს ქენდლერმა ძმასთან და პარტნიორებთან ერთად ოფიციალურად დაარეგისტრირა კოკა-კოლას სავაჭრო ნიშანი და დააარსა ამავე სახელწოდების კომპანია - The Coca-Cola Company.
1894 წელს პირველი სიროფის ქარხანა გაიხსნა დალასში. ერთი წლის შემდეგ, ასეთივე საწარმოები გამოჩნდა ჩიკაგოსა და ლოს ანჯელესში. ამავე წელს, ქალაქ ვიკსბურგში მდებარე კიოსკის მფლობელს დაებადა გენიალური იდეა: მომხმარებლებისთვის პოპულარული სასმელი არა პირდაპირი ჩამოსხმით, არამედ ბოთლებში ჩამოსხმული შეეთავაზებინათ. ამან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა გაყიდვებში, და კოკა-კოლას რეალიზაცია ათჯერ გაზარდა. ამის შემდეგ, ახლა სასმელის წინასწარ ჩამოსხმა და ტრანსპორტირება ყველაზე შორეულ ფერმებსა და რანჩოებშიც გახდა შესაძლებელი.
1899 წელს, მეწარმეებმა ბენჟამინ ტომასმა და ჯოზეფ უაიტხედმა ქენდლერისაგან გამოისყიდეს კოკა-კოლას ბოთლებში ჩამოსხმის და გაყიდვის უფლება შეერთებულ შტატებში. თუმცა The Coca-Cola Company-ს ქენდლერის მფლობელობაში რჩებოდა.
ბოთლერებმა (ასე ეძახდნენ მწარმოებლებს), ააშენეს ორი ქარხანა, რომელთა სიმძლავრეც სწრაფად იქნა ათვისებული. დაინახეს რა Coca-Cola-ს უზარმაზარი პოტენციალი, ტომასმა და უაიტჰედმა გადაწყვიტეს ამაზე არ გაჩერებულიყვნენ და გაფართოების მიზნით გარე კაპიტალი მოეზიდათ.
ასე ჩაეყარა საფუძველი კოლას საჩამომსხმელო ბიზნესის მსოფლიო ქსელს, რომელიც დღემდე დამფუძნებლების საკუთრებაა და ოპერირებაც მათ მიერ ხდება. ასეთი ქარხნების რაოდენობამ შემდგომი 20 წლის განმავლობაში ასს გადააჭარბა (დღეს მსოფლიოში კოკა-კოლას 1000-ზე მეტი ქარხანაა)
1902 წელს, Coca-Cola, რომლის ბრუნვა დაახლოებით 130 000 დოლარამდე შეადგენდა, შეერთებულ შტატებში ყველაზე ცნობილი სასმელი გახდა. თუმცა ცნობადობას თან ახლდა დიდი პასუხისმგებლობაც. 1890 წლების ბოლოსა და 1900 წლების დასაწყისში დაიწყო კოკაინის საწინააღმდეგო კომპანია და რაღაც მომენტში გაზეთებში გავრცელდა ინფორმაციები კოკა-კოლას მავნებლობის შესახებ.
მწარმოებლებმა გადაწყვიტეს კოლას შემადგენლობიდან ამოეღოთ კოკაინი და დაეტოვებიანთ კოკას გამოწურული, უვნებელი ფოთლები. შეიცვალა შემადგენლობა, გემო და სასმელი აღარ შეიძლება ჩათვლილიყო, როგორც „ნერვული აშლილობის საწინააღმდეგო საშუალება“. ახალი აქცენტები და სლოგანები გადატანილი იქნა კოლას გამაგრილებელ და გამამხნევებელ თვისებებზე.
კოკა-კოლას წარმატება დიდწილად განაპირობა ეგრეთ წოდებულმა „მშრალმა კანონმა“, რომელიც შემოიღეს ატლანტაში 1886 წელს, რის გამოც ხალხი მიუწვდომელი ალკოჰოლიდან ხელმისაწვდომ კოკა-კოლაზე გადავიდა, რომელიც ფაქტიურად სპირტიანი სასმელების დროებითი ალტერნატივა გახდა.
ქენდლერი დიდ ყურადღებას აქცევდა რეკლამას. Coca-Cola-ს ლოგოს იპოვიდით მოდის ჟურნალების გარეკანებზე, გზებზე განთავსებულ უზარმაზარ პლაკატებზე. Coca-Cola-ს რეკლამა ყოველთვის გამოირჩეოდა ნათელი და შესამჩნევი სურათებით, რომელიც ყველა ამერიკელს მოსწონდა. სასმელის მაღალმა ხარისხმა და ეფექტურმა რეკლამამ კოკა-კოლას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა.
გონებამახვილმა ირლანდიელმა მოაწყო ისტორიაში პირველი კოკა-კოლას სარეკლამო კამპანია, რომლის პირველი დევიზი იყო: „დალიეთ კოკა-კოლა” (Drink Coca-Cola). მას შემდეგ სლოგანი ათეულობით სლოგანმა ჩაანაცვლა, რომელთა რაოდენობა 100-ზე მეტია, ხოლო შინაარსი მრავალფეროვანი:
„წყურვილმა სეზონი არ იცის“ „წითელი, თეთრი და შენ“,„დაიჭირე ტალღა“, „წყურვილი მეტს არაფერს ითხოვს“, კოკა-კოლას მსგავსი, მხოლოდ კოკა-კოლა, „რაც შენ გსურს კოკა-კოლაა, „ყველაფერი კარგად არის კოკა-კოლასთან ერთად“, „ჩვენ გვაქვს გემო შენთვის“, „ყოველთვის კოკა-კოლა“, „აღმოაჩინე ბედნიერება“, „ყინულის მზე“ და მრავალი სხვა...
ბრენდის ცნობადობას და გავრცელებას ხელი შეუწყო Coca-Cola-ს ლოგოთი დამვენებული მრავალფეროვანი სუვენირებისა და ემბლემების გამოშვებამ.
1915 წელს საზოგადოებას წარუდგინეს ორიგინალური, წელში გამოყვანილი ბოთლი, მართალია ასეთი ბოთლი გაყალბებასთან ბრძოლის მიზნით გამოუშვეს, მაგრამ მან კიდევ ერთი ცნობადი შტრიხი შემატა ბრედის იმიჯს.
(სხვათა შორის ბოთლის გამოშვების 100 წლის იუბილეზე, 2015 წელს კამპანია „აკოცე ბედნიერებას“ (Kiss Happiness ) ფარგლებში სამომხმარებლო ბაზარზე გამოვიდა სასმელის 0.5 ლ, 1ლ , 1.5 და 2 ლ-იანი ბოთლები.
1917 წელს Coca-Cola გახდა სისხლის დონაციის სპონსორი პირველ მსოფლიო ომში დაზარალებულთათვის. ასე დაიწყო წითელ ჯვართან მეგობრობა, რომელიც თითქმის 120 წელს ითვლის, თუმცა ოფიციალური პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა 2011 წელს.
1919 წელს კომპანია Coca-Cola-ს 25 მილიონ დოლარად შეიძინა ინვესტორთა ჯგუფმა ბანკირ ერნესტ ვუდრაფის ხელმძღვანელობით. კომპანია ხელმეორედ დარეგისტრირდა დელავერის შტატში და მისი აქციები განთავსდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. ამავდროულად, კოკა-კოლამ პირველ წარმატებებს მიაღწია უცხოურ ბაზრებზე: სასმელის ჩამოსასხმელი ქარხნები აშენდა კუბაში, გუამში, ფილიპინებში, პუერტო რიკოში და საფრანგეთში.
1923 წელს კომპანიის პრეზიდენტად ერნესტის ვაჟი, რობერტ ვინშიპ ვუდრაფი აირჩიეს, რომელიც კომპანიის სათავეში ნახევარ საუკუნეზე მეტი იდგა და მის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. სწორედ ვუდრაფი იყო ინიციატორი, შექმნილიყო ხარისხის სტანდარტები და ნორმატივები წარმოების თითოეული ეტაპისთვის.
მან მნიშვნელოვნად გაზარდა ბრენდის სარეკლამო მხარდაჭერა, რამაც უკვე პოპულარულ Coca-Cola-ს საშუალება მისცა კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისთვის მიაღწია.
სწორედა ვუდრაფმა დანერგა ვაჭრობის ახალი პრინციპები, რომელიც ახლაც საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული. მისი მეთაურობით, მსოფლიოში პირველად, სასმელის გაყიდვა დაიწყო შეფუთვით six-pack (მუყაოს ყუთებში მოთავსებული ექვსი ბოთლი). შეიქნა მაცივრები, რომელიც ზემოდან იღებოდა და ავტომატები თვითშერევის მექანიზმით, რომელიც დამოუკიდებლად ასხამდა და ყიდიდა სასმელს. ასეთი ავტომატების პროტოტიპებს დღესაც მრავლად შეხვდებით ოფისებსა და სავაჭრო ცენტრებში.
რობერტ ვუდრაფის მთავარი მიღწევა იყო Coca-Cola-ს მძლავრი ექსპანსია საერთაშორისო ბაზარზე. მან შექმნა საგარეო სავაჭრო ოპერაციების განყოფილება, რომელიც 1930 წელს გამოეყო და გარდაიქმა დამოუკიდებელ კომპანიად, სახელწოდებით The Coca-Cola Export Corporation. ამ დროისთვის ქვეყნების რაოდენობა, სადაც ჩამომსხმელი ქარხნები მუშაობდა, თითქმის გაოთხმაგდა.
ალბათ ვუდრაფიც ვერ წარმოიდგენდა, რომ XXI საუკუნეში კოკა-კოლას საწარმოები იქნებოდა 200-ზე მეტ ქვეყანაში.
1931 წლის შობის ღამე, ცნობილ ამერიკულ ჟურნალში The Saturday Evening Post, სანტა-კლაუსის ახალი სურათი გამოჩნდა, რომელმაც განსაზღვრა სანტას თანამედროვე გარეგნობა, მისი ავტორი იყო მიჩიგანელი მხატვარი ჰედონ სანდბლომი (Haddon Sundblom). ჯადოქრის სახედ მან ავტოპორტრეტი გამოიყენა, ხოლო სანტას ხელში ჩიბუხის ნაცვლად კოკა-კოლას ბოთლი დააჭერინა.
შემდეგი 30 წლის განმავლობაში, სანდბლომი ყოველ შობას ქმნიდა სანტას ახალ სურათს. დღეს ეს ნამუშევრები აღიარებულია კოკა-კოლას არქივის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ექსპონატად. ისინი გამოიფინა ჩიკაგოს მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმში, ოტარიოს სამეფო მუზეუმში (ტორონტოში), ტოკიოსა და სტოკჰოლმის უდიდეს სავაჭრო ცენტრებში და პარიზის ლუვრშიც კი! ამ ნახატების ნაწილის ხილვა შესაძლებელია ატლანტაში, კოკა-კოლას მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე.
მეორე მსოფლიო ომი ყველას შეეხო. განზე არც კომპანია კოკა-კოლას გადგა. თანამემამულეებისთვის საბრძოლო სულის შენარჩუნებისთვის და სამშობლოს როლის შეხსენების მიზნით, 1941 წელს რობერტ ვუდრაფმა გამოსცა ლეგენდარული განკარგულება, რომ თითოეულ ამერიკელ ჯარისკაცს შეძლებოდა მიეღო ბოთლი კოკა-კოლა 5-10 ცენტად, სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი და რაც არ უნდა დაუჯდომოდა ეს კომპანიას.
ამის შემდეგ Coca-Cola თან ამერიკული არმიის განუყოფელი ნაწილი გახდა მთელს მსოფლიოში. შედეგი ისეთი დადგა, რომ ვუდრაფიც ამას ვერც წარმოიდგენდა, მოხდა Coca-Cola-ს გრანდიოზული პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. სასმელი უამრავი ქვეყნის მაცხოვრებლებმა დააგემოვნეს და როდესაც დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დადგა, იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც გამოთქვეს Coca-Cola-ს წარმოების გახსნის სურვილი, მკვეთრად გაიზარდა.
1955 წელს სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდა Coca-Cola-ს 0,3ლ, 0,35ლ და 0,78ლ-იანი შეფუთვით, რომლებმაც მაშინვე მოიპოვეს მომხმარებელთა აღიარება. ცოტა მოგვიანებით, სასმელი გამოვიდა ალუმინის ქილებში, შემდეგ კი დიდი მოცულობის მსუბუქ პლასტმასის ბოთლებში.
50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში The Coca-Cola Company-ს პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა: 1958 წელს სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდა ფანტა (Fanta), ხოლო 1961 წელს სპრაიტი (Sprite). კომპანია Minute Maid-თან შერწყმის შემდეგ კომოანიის ასორტიმენტი შეივსო ხილის წვენებით.
სამოციან და სამოცდაათიან წლებში მოხდა კოკა-კოლას სრული რებრენდინგი. მთავარი იდეა მდგომარეობდა ძველი, ფორმალური და მოსაწყენი იდეებიდან, ახალგაზრდულ და თანამედროვე, ცოცხალ და გულწრფელ იდებზე გადასვლა.
რებრენდინგი თითქმის ყველაფერს შეეხო: კორპორატიულ პროდუქტებს, ბოთლების დიზაინს, თანამშრომლების უნიფორმებს, მანქანებს, სარეკლამო კამპანიებს. იდეა იყო კომპანია მოქცეულიყო ადამიანებთან ერთად ერთ ტალღაზე და მათთვის ეჩვენებინა, რომ Coca-Cola-ს ნდობა შეიძლება, რომ ის "რეალური" და ხელშესახებია.
1980-იან წლებში გაიზარდა შეშფოთება განვითარებულ ქვეყნებში სიმსუქნისგან გამოწვეული მზარდი პრობლემების გამო. გაჩნდა მოსაზრება, რომ ამის მიზეზი სწრაფი კვება („ფასტ დუდი“), გემრიელი „სასუნავი“ და ცხოვრების პასიური წესი იყო. ფიგურის შენარჩუნება რთული გახდა. შესაბამისად, ადამიანებმა დაიწყეს უარის თქმა ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის გაზიან სასმელებზე, რადგან ისინი შეიცავდა დიდი რაოდენობით შაქარს.
ამ მოსაზრებასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, რადგან გაზირებული კოკა-კოლა მართლაც საკმარისი რაოდენობის შაქარს შეიცავდა. კომპანია სხვა გზით წავიდა და თავის მართლების ნაცვლად კომპანიამ დაიწყო უშაქრო, დიეტური კოკა-კოლას წარმოება შაქრის შემცველი დამატკბობლით. ამას მოჰყვა სხვა ალტერნატიული არომატები: New (ახალი), Classic (კლასიკური), Cherry (ალუბალი), Caffeine-Free (კოფეინის გარეშე) და სხვა.
1968 წლის ზაფხულში ჩიკაგოში გაიმართა პირველი საერთაშორისო სპეციალურ ოლიმპიადას, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე 1000 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. ასპარეზობა გაიმართა სამ კატეგორიაში: მძლეოსნობა, ცურვა და იატაკის ჰოკეი. ღონისძიების ორგანიზებაში მთავარი წვლილი კოკა-კოლამ შეიტანა. Coca-Cola დღემდე წარმოადგენს სპეციალური ოლიმპიადის მთავარი პარტნიორსა და სპონსორს.
1974 წელს საფუძველი ჩაეყარა დიდი მეგობრობის ისტორიას კოკა-კოლასა და მთავარ საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციას - ფიფას შორის. მანამდე პლანეტაზე არც ერთი კომერციული კომპანია არ თანამშრომლობდა სპორტულ უწყებებთან. 4 წლის შემდეგ, Coca-Cola გახდა ფედერაციის მთავარი ტურნირის - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის( FIFA World Cup ™) მხარდამჭერი.
1982 წელს სამომხმარებლო ბაზარზე გამონდა Coca-Cola Light, რომელმაც სწრაფად გახდა პოპულარული და დაიკავა პირველი ადგილი დაბალკალორიულ სასმელებს შორის.
1988 წელს, Landor & Associates-ის მიერ მსოფლიოს მაშტაბით ჩატარებულმა სამმა დამოუკიდებელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ Coca-Cola არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სასურველი ბრენდი. ეს განპირობებული იყო კოკა-კოლას უმაღლესი ხარისხით და რეკლამისა და მარკეტინგის ყველაზე ეფექტური სისტემით.
იმავე წელს კომპანია გახდა UEFA-ს სპონსორი. ორგანიზაციმ ჩაატარა ევროპის ჩემიონატი ფეხბურთში, რომლის მთავარი მხარდამჭერი გახლდათ Coca-Cola.
1992 წლის ზაფხულში Coca-Cola-მ პარტნიორობა გაუწია ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას. როგორც ცნობილია ყოველი ოლიმპიადის წინ, ოლიმპიური ცეცხლი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და ექსპედიცია მთავრდება თამაშების მასპინძელ ქვეყანაში. იმ დროისთვის მასპინძელი ქვეყანა გახლდათ ესპანეთი. ბარსელონაში გაფორმდა კოკა-კოლას პარტნიორობა პარაოლიმპიურ მოძრაობასთან. ამ დროიდან კომპანია პარაოლიმპიური თამაშების მუდმივი სპონსორია.
1993 წელს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა კენ სტიუარტის მიერ შექმნილი ცნობილი სარეკლამო რგოლის - ყოველთვის კოკა-კოლა (Always Coca-Cola) იგივე „ჩრდილოეთის ნათება“ (Northern Lights) პრეზენტაცია. სტიუარტს იდეა საკუთარმა ლაბრადორმა შთააგონა, რომელიც რომელიც ყოველთვის პოლარულ დათვს აგონებდა.
სარეკლამო რგოლმა თეთრი პოლარული დათვით, დიდი ხმაური გამოიწვია იმ დროისთვის უპრეცედენტო კომპიუტერეული ეფექტების გამო.
მას შემდეგ, დათვი კოკა-კოლას ისეთივე სიმბოლო გახდა, როგორც მისი საფირმო ბოთლი და სანტა.
სხვათა შორის, 2019 წელს სააგენტო Heimat Berlin-ის მიერ შექმნილ კოკა-კოლას ახალ პოსტერებში, პირველად ბრენდის ისტორიაში, პოლარულ დათვთან ერთად გამოჩნდა დათვების სხვა მრავალსახეობა (პანდა, შავი დათვი, მურა დათვი).
1997 წელი კოკა-კოლასთვის რეკორდული აღმოჩნდა. ბრენდი გახდა ნამდვილი გიგანტი, მისი საწარმოები ფუნქციონირებდა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში და სტატისტიკის მიხედვით The Coca‑Cola Company-ის ფანები დღეში მიირთმევდნენ მილიარდ პორცია კოკა-კოლას.
ეს მართლაც წარმატებული წელი აღმოჩნდა კომპანიის ისტორიაში: 12 თვეში მოხდა იმდენი სასმელის რეალიზაცია, რამდენიც ბოლო სამოცდაათ წელში.
2000 წელს შეიცვალა კოკა-კოლას ფიგურალური ბოთლი. ვიზუალურად იგი იგივე დარჩა, როგორიც დაარეგისტრირა აშშ-ს საპატენტო ბიურომ 1915 წელს, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების წყალობით მისი სიმტკიცე 40%-ით გაიზარდა, წონა კი 20%-ით შემცირდა.
2006 წელს კოკა-კოლა გახდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ექსკლუზიური ორგანიზატორი. ყოველ 4 წელიწადში, მუნდიალის გამართვის წინ, ლეგენდარული მსოფლიო თასი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით ქალაქში. ამ მარშრუტის ყოველ წერტილში კოკა-კოლას გუნდი აწყობს ზეიმს ფეხბურთის მოყვარულთათვის და ოფიციალურ თასს ხელმისაწვდომს ხდის მილიონობით ადამიანისთვის, მიუხედავად საზღვრებისა და სოციალური სტატუსისა.
2007 წელს კომპანიამ 60 მილიონი დოლარის ინვესტიცი განახორციელა კოკა-კოლას სისტემაში გამოყენებული შესაფუთი და სხვა მასალების უტილიზაციისა და გადამუშავებისთვის. მათ შორის შემუშავდა ცნობილი ტექნოლოგია - „ბოთლი ბოთლისგან“, რომლის დახმარებით უკვე გამოყენებული პოლიეთილენის (PET) ბოთლები გამოიყენება სსმელის ახალი შეფუთვისათვის.
2009 წელს გაიხსნა მეორადი მასალების გადამუშავებელი უმსხვილესი ქარხანა მსოფლიოში, რომელიც იყენებდა ტექნოლოგიას „ბოთლისგან-ბოთლი“. გაეშვა Give It Back-ის მრავალმილიონიანი მარკეტინგული ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერდა მასალების ხელმეორედ განოყენებას.
კომპანიამ სამომხმარებლო ბაზარზე წარადგინა რევოლუციური ბოთლი PlantBottle™, რომელიც 100%-ით ექვემდებარებოდა გადამუშავებას, ხოლო მისი ერთი მესამედი შედგებოდა მცენარეული წარმოშობის მასალისგან.
გადამუშავების დარგში ინოვაციისთვის კომპანიამ მიიღო პრემია Wins DuPont.
2012 წელს, 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე, Coca-Cola-ს მხარდაჭერით ლონდონში გაიმართა ზაფხულის XXX-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. პოპულარულმა მუსიკოსებმა მარკ რონსონმა და კეტი ბიმ ჩაწერეს კოკა-კოლას ოლიმპიური ჰიმნი "Anywhere in the world".
2013 წლის ივლისში კომპანიამ პირველად წარმოადგინა თავისი ყველაზე პოპულარული სასმელის Coca-Cola Life-სთვის უნიკალური დანამატი ბუნებრივი დამატკბობლით - სტევიით. არგენტინა იყო პირველ ქვეყანა, სადაც პირველად გამჩნდა Coca-Cola ახალი მწვანე ეტიკეტით.
კომპანიის განვითარების ახალ კურსს წარმოადგენდა გამხდარიყო უალკოჰოლო სასმელების უნივერსალური მწარმოებელი. 2017 წელს კოკა-კოლამ სამომხმარებლია ბაზარზე წარმოადგინა დიდი რაოდენობით სხვადასხვა გემოს მქონე ბრენდები. ამ პერიოდიდან, კომპანიის მიერ წარმოებული სასმელების ერთი-მესამედის რეალიზაცია წარმოებს შეფუთვით 330 მლ (და უფრო ნაკლები).
კოკა კოლას გაცხადებული აქვს გლობალური ინიციატივა - „მსოფლიო ნარჩენების გარეშე.“ ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის კომპანია მთლიანად გადავა გადამუშავებულ შეფუთვაზე, ხოლო 2030 წლისთვის შეაგროვებს და უტილიზაციას გაუკეთებს იმდენ ქილასა და ბოთლს (ან მათ ექვივალენტს), რამდენსაც აწარმოებს.
დღესდღეობით, კომპანია აწარმოებს 4100 პროდუქტს მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქარხანაში და ფლობს 500-ზე მეტ ბრენდს, რომელთაგან 21-ის ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტია.
მარკეტოლოგების აზრით, კოკა-კოლას შესახებ ცნობილია მსოფლიოს მოსახლეობის 94%-ზე მეტისთვის. ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელის სიმბოლო კი დიდი ხანია ამერიკის სიმბოლოდ იქცა.