მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2965 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კოფემანებისა და ყავის მოყვარულთა უმრავლესობა არ მიიჩნევს ხსნად ყავას ნატურალურ პროდუქტად, ის უდაოდ ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, რაც სულაც არ არის შემთხვევითი.

მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ ხსნადი ყავის ისტორია, მისი სახეობები, დამზადების ტექნოლოგიები, დადებითი და უარყოფით თვისებები, საინტერესო ფაქტები, პასუხი გავცეთ ყველაზე ხირად დასმულ შეკითხვებს და გავერკვეთ ერთი მარტივი საიდუმლოს ცოდნით როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სასმელი.

მაშ ასე: - ხსნადი ყავის გამოგონებას ხუთი განსხვავებული ისტორია გააჩნია:

 

ისტორია პირველი

 

პირველი, ვინც დააპატენტა ხსნადი ყავის საკუთარი იდეა, იყო ფრანგი მწერალი და მხატვარი ალფონს ალე.

ხელოვნების სამყაროში იგი ცნობილი იყო, როგორც ექსცენტრიული ადამიანი პირქუში იუმორის გრძნობით და დაუნდობელი ენამახვილობით. 

ყავის თემით დაინტერესებამდე გაცილებით ადრე, ალფონსმა ნამდვილი ფურორი მოახდინა შემოქმედებითი ადამიანების სამყაროში. იგი დგამდა სპექტაკლებს, რომლებიც დროს უსწრებდა, აწყობდა ნოვატორულ გამოფენებს.

თუმცა, ფარმაცევტის ოჯახში დაბადებულ ალფონსს საკუთარი კარიერა არ დაუწყია ფერწერითა და ლიტერატურით. მან მემკვიდრეობით მიიღო მამის პროფესია, რომელიც მისთვის დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.

ახალგაზრდა ფრანგი ფარმაცევტი თავისებურად ინტერპრეტირებდა და ამზადებდა პლაცებო-მედიკამენტებს.

1881 წელს, ფარმაცევტული საქმიანობით და არაბიკის სიყვარულით შთაგონებულმა ალფონს ალემ, გადადგა შემოქმედებითი საქმიანობიდან განსხვავებული ნაბიჯი და აღმოაჩინა, რომ შესაძლებელი იყო ყავის სუბლიმაცია.

ალფონსმა დააპატენტა საკუთარი ხსნადი ყავა, თუმცა იმ პერიოდში აღმოჩენამ ვერ გამოიწვია დაინტერესება ყავის თაყვანისმცემელთა ფართო წრეში და მისი იდეა მხოლოდ ჩანაწერების სახით დარჩა.

 

ისტორია მეორე

 

საეჭვოა, ახალ ზელანდიელ დევიდ სტრანგს რამე სცოდნოდა ფრანგი ალფონს ალეს პატენტის შესახებ. იგი ფლობდა ყავისა და სანელებლების გადამამუშავებელ პატარა ფაბრიკას ქალაქ ინვერკარგილში და დროდადრო ახდენდა ახალი იდეების გენერირებას, რათა გაეუმჯობესებინა საკუთარი წარმოება.

ამგვარად, 1890 წელს ფაბრიკამ - „Stang's Coffee“ - დაიწყო მრგვალი, თუნუქის ქილების  წარმოება ახლად დაპატენტებული ყავის ფხვნილით, თუმცა როგორც ჩანს იმ პერიოდში საპატენტო ბიუროს თანამშრომლები თავს არ იწუხებდნენ უკვე დაპატენტებული გამოგონებების შესამოწმებლად.

ისე იყო, თუ ასე, სტრანგი უფრო შორს წავიდა, ვიდრე ალფონს ალე და მან არა მხოლოდ გამოიგონა ყავის დამზადების ახალი მეთოდი, არამედ განავითარა წარმოება და საკუთარ პროდუქციას მიანიჭა სახელწოდება - „ხსნადი მშრალი ფხვნილი - Coffee Strang“.

სამწუხაროდ, სტრანგის შესანიშნავ აღმოჩენის ისტორიაც ხანმოკლე აღმოჩნდა და ლოკალური პოპულარობა მოიპოვა მხოლოდ იმ პერიოდში, ვიდრე თავად გამომგონებელი გახლდათ ცოცხალი.

დევიდ სტრანგის გარდაცვალებიდან მრავალი წელის გავიდა, სანამ მისმა მემკვიდრეებმა აღმოაჩინეს როგორც მივიწყებული პატენტი, ასევე ჩანაწერები ტექნოლოგიის შესახებ. ასე, რომ ზელანდიელის გამოგონებამაც ვერ მიაღწია მსოფლიო ბაზრამდე.

 

ისტორია მესამე

 

მესამე ადამიანი, ვინც მოახერხა - ერთ ქილაში დიდი რაოდენობით ყავის პორციების „დატყვევება“, გახლდათ იაპონური წარმოშობის ამერიკელი ქიმიკოსი სატორი კატო.

1901 წელს, მან საკუთარი გამოგონება წარმოადგინა პანამერიკულ გამოფენაზე ბუფალოში, ნიუ იორკის შტატი.

ყავის მარცვლებიდან ხსნადი ყავის შექმნის იდეა სატორი კატოს დაებადა მას შემდეგ, რაც წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა ჩაიზე და გამომშრალი ფოთლებიდან შეძლო ხსნადი სასმელის მიღება.

დიდი ხნის განმავლობაში, სწორედ სატორი კატო მიიჩნეოდა ხსნადი ყავის ოფიციალურ დამფუძნებლად, სანამ ცნობილი არ გახდა ზელანდიელი სტრანგის შესახებ.

ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, იაპონელის ეს აღმოჩენაც წაუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან ვერ შეძლო ხსნადი ყავის წარმოების ტექნოლოგიის განვითარება.

 

ისტორია მეოთხე

 

ხსნადი ყავის მეოთხე გამომგონებელია წარმოშობით ბელგიელი და ამერიკაში ემიგრირებული ქიმიკოსი ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონი. სწორედ ამერიკაში დაიწყო მისი მეცნიერული საქმიანობა. შემდეგ კი დროებით გაემგზავრა გვატემალაში, სადაც საფუძველი დაედო მის აღმოჩენას.

კერძოდ, ჯორჯმა, რომელიც თავგამოდებული კოფემანი გახლდათ, შეამჩნია, რომ მისი საყვარელი ვერცხლის ყავადანის პირზე თვალსაჩინოდ ილექებოდა ყავის პუდრა, რომელიც წარმოქმნიდა შრეებს.

ვაშინგტონმა გამოიტანა ლოგიკური დასკვნა, რომ თუ ყავას ჰქონდა თვისება - სითხიდან გადაქცეულიყო ფხვნილად, ესე იგი შესაძლებელი იყო უკურეაქციაც.

არავინ იცის, ისარგებლა თუ არა ვაშინგტონმა წინამორბედების გამოგონებით, მაგრამ ფაქტია, რომ 1910 წელს მან შექმნა საკუთარი ბრენდი „Red E Coffee“ და პირველად მსოფლიოში დაიწყო მისი მასობრივი წარმოება.

დევიდ სტრანგისგან განსხვავებით ჯორჯი არ დაკმაყოფილდა პატარა ფაბრიკით და დაიწყო ფართო სარეკლამო კამპანია, რომელიც ამერიკელებს (და არა მარტო მათ) ამცნობდა  მომენტალური მომზადების  „ჯადოსნური“ ყავის ჯიბით ტარების შესაძლებლობის შესახებ.

შემდგომში, ვაშინგტონს საკუთარი გამოგონების პოპულარიზაციაში ძალიან „დაეხმარა“ პირველი მსოფლიო ომი, რადგან პროდუქტი შეუცვლელი აღმოჩნდა ფრონტის წინა ხაზზე, როცა ჯარისკაცებს უნდა ეფხიზლათ; თუმცა არ შეიძლებოდა ნამდვილი ყავის მოდუღება, რათა მის სურნელს არ გაეცა მათი პოზიციები.

სამაგიეროდ დაშვებული იყო ხსნადი ყავა და ისიც იმ რაოდენობის პარტიებით, რაზეც ყოფილ ბელგიელს ოცნებაც არ შეეძლო შტატებში ემიგრაციის წინ.

ომის შემდეგ საქმე კიდევ უკეთესად წავიდა, რადგან ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა საკუთარი ოჯახები ხსნად ყავაზე „დასვეს“ :-) და იგი ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი გახდა.

თუმცა, ვაშინგტონის მიერ წარმოებული ხსნადი ყავის ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო, რადგან ჯარისკაცები ყავის უპირატესობას მხოლოდ გამამხნევებელ ეფექტის მიხედვით აფასებდნენ, ხშირად მშრალად ღეჭავდნენ, ან უბრალოდ ცივი წყალში აზავებდნენ.

 

ისტორია მეხუთე

 

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიებისა, ხსნადი ყავის დაბადების დღედ მიიჩნევა 1938 წლის 24 ივლისი, როცა ცნობილმა კომპანიამ Nestle - კონვეირებიდან პირველად გამოუშვა ხსნადი ყავის ქილები მარკით - Nescafe (სახელი მიიღეს Nestle-სა და Cafe-ს შერწყმით).

ხსნადი ყავის ტექნოლოგიის შექმნას ბიძგი მისცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, როცა მსოფლიოში ყავაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.

დიდი დეპრესიის პერიოდში, ბრაზილიელი ყავის პლანტატორები, ჭარბი მოსავლის და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო ვეღარ ახერხებდნენ მოსავლის  დაბინავებასა და რეალიზაციას. შენახვის არასათანადო პირობების გამო კი მოსავლის დიდი ნაწილი ფუჭდებოდა.

ამიტომ, მათ თხოვნით მიმართეს კომანიას - Nestle-ს, რამაც გამოგონება დააჩქარა, რადგან იმ პერიოდში, მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნესტლეს თანამშრომელი, შვეიცარელი ქიმიკოსი მაქს მორგენტალერი, უკვე მუშაობდა წყალში ხსნადი ყავის გრანულების ტექნოლოგიაზე.

აღსანიშნავია, რომ ნესტლეს ხელმძღვანელობა თავდაპირველად იმდენად სკეპტიკურად უყურებდა მორგენტალერის კვლევებს, რომ მეცნიერი საექსპერიმენტო ყავის მარცვლებს საკუთარი ფულითაც კი ყიდულობდა.

ხსნადი ყავის პოპულარიზაცია, ისევე როგორც კონსტანტ ვაშინგტონის შემთხვევაში კვლავ ომის (ამჟამად მეორე მსოფლიო ომის) პერიოდში მოხდა, რადგან იგი შედიოდა ამერიკელი ჯარისკაცების კვების რაციონში.

1960 წელს, ტექნოლოგიური პროცესმა წინ წაიწია და სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდა გრანულირებული ყავა.

1986 წელს, Nestle-მ საზოგადოებას წარუდგინა ხსნადი ყავა, რომლის შემადგენლობაშიც არ იყო კოფეინი. ამ ფაქტმა დამატებითი ინტერესი გამოიწვია და კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა პროდუქციაზე.

შემდეგ წლებში ხსნადი ყავის წარმოების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და სამომხმარებლო ბაზარზე Nestle-ეს გარდა გამოჩნდა სხვა მარკის ხსნადი ყავებიც.

 

 პს

 

ვისაც არ უნდა გამოეგონებინა ხსნადი ყავა,  ფაქტია რომ იგი დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყავის მოყვარულებს, რომელთაც შეუძლიათ არ დახარჯონ ზედმეტი დრო და ნებისმიერ დროს დატკბნენ საყვარელი სასმელის გემოთი და არომატით.

 

ხსნადი ყავის ტექნოლოგია

 

რახან ისტორიას თვალი გადავავლეთ, საინტერესო იქნება მოკლედ შევეხოთ ხსნადი ყავის წარმოების პროცესს.

ნაკლებად სავარაუდოა, ხსნადი ყავის მოყვარულებს დაწვრილებით აინტერესებდეთ მისი წარმოების ტექნოლოგიური დეტალები. საკმარისია ავღნიშნოთ, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ყავა - მარცვლეულიდან - ექსტრაქტამდე გადასვლის ეტაპზე გადის ქიმიური დამუშავების 20-ზე მეტ სტადიას.

გაცილებით საინტერესოა იმის ცოდნა, თუ კონკრეტულად რომელი სახის მარცვლებისგან მზადდება ხსნადი ყავა. 

შეფუთვის ეტიკეტზე ხშირად მითითებულია, რომ ყავა დამზადებულია არაბიკის მარცვლებისგან, თუმცა ხსნადი ყავისთვის როგორც წესი გამოიყენება რობუსტას მარცვლები, რომელიც რამდენადმე დაბალი ღირებულებისაა არაბიკაზე, გაცილებით დიდ ფართობებზე მოჰყავთ და მასში კოფეინის შემცველობა რამდენადმე მეტია, რაც მნიშვნელოვანია სხნადი ყავის წარმოებისთვის.

მართალია ხარისხიანი ხსნადი ყავა მაღალი ხარისხის მარცვლებისგან მზადდება, მაგრამ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხშირად მისი წარმოებისთვის გამოიყენება „არაკონდიცირებული“ - ანუ: - წუნდებული, დამტვრეული ან მავნებლების მიერ დაზიანებული ნებისმიერი სახის ყავის მარცვლები.

გარდა ამისა, ზოგიერთი მწარმოებელი ყავის მასის გასაზრდელად უმატებს დაფქვილ რკოს, ქერს ან ვარდკაჭაჭას. 

რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველა მწარმოებელს, მაგრამ ყველაზე პესიმისტური შეფასებით, ხსნადი ყავაში ნატურალური ყავის წილი შეადგენს მხოლოდ 15-20%-ს.

 

ხსნადი ყავის სახეობები

 

ხსნადი ყავა შეიძლება იყოს ხუთი სახის, რაც მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე. ეს სახეობებია:

• ფხვნილისებური;

• გრანულირებული;

• სუბლიმირებული;

• ხსნადი+დაფქვილი;

• თხევადი;

ფხვნილისებური (Spray Dried) - ყველაზე გავრცელებული და ხელისაწვდომი ხსნადი ყავის სახეობაა. მას ამზადებენ - შრობა-გაფრქვევის მეთოდით. 

მოხალულ და წვრილად დაფქვილ ყავის მარცვლებს ამუშავებენ ცხელი წყლის ჭავლით, მიღებულ ნაყენს ფილტრავენ და ექსტრაქტს აფრქვევენ სპეციალურ კამერებში, სადაც იგი ფართოვდება, შრება და იქცევა ფქვილად.

ტქნოლოგია საკმაოდ მოძველებულია. მისი თავისებურებაა ის, რომ ყავა ორჯერ გადის ძლიერ თერმულ დამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე -  ჯერ ახურებენ, შემდეგ კი აშრობენ. რის გამოც ყავის საგემოვნო თვისებებიდან ცოტა თუ რჩება.

ფხვნილისებური ხსნადი ყავა ხშირად გამოიყენება კულინარიაში, კოქტეილებისა და დესერტების დასამზადებლად.

გრანულირებული (Agglomerated) - წარმოების ტექნოლოგია თითქმის იგივეა, რაც ფხვნილისებური ხსნადი ყავის შემთხვევაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დამუშავების დასკვნით ეტაპზე ფხვნილს ორთქლის საშუალებით გარდაქმნიან პატარა გრანულებად.

ეს პროცესი არ მოქმედებს მომზადებული ყავის გემოზე, მაგრამ გრანულებისგან ყავის მომზადება უფრო მარტივია, რადგან იგი არ ეკვრის ჭურჭელს ისე, როგორც ფხვნილისებური ყავა.

გრანულირებულ ყავას, მკაფიოდ გამოხატული სურნელის მისანიჭებლად უმატებენ ყავის ზეთს ან არომატიზატორებს.

სუბლიმირებული (Freeze-dried coffee) -  ეს არის განსაკუთრებული ტექონოლოგია, რომლის დროსაც ხდება წყლის ვაკუუმური აორთქლება (ამ პროცესს ეწოდება „ფრიზ დრაიდსი“ - იგივე ლიოფილიზაცია). 

ყავის ექსტრაქტს ყინავენ და აქცევენ პატარა ყინულის კრისტალებად შემდეგ კი აშრობენ ვაკუუმში, რის შემდეგადაც მიღება ყავის მცირე ზომის კრისტალები წახნაგოვანი ნაწიბურებით.

პროცედურის განხორციელება ხდება თხევადი ფაზის გვერდის ავლით და პროდუქტი არ ექემდებარება დამატებით გაცხელებას, რისი წყალობითაც იგი ინარჩუნებს არომატსა და საგემოვნო თვისებებს და ყველაზე ახლოს დგას „ნატურალურ“ ყავასთან.

სუბლიმირებული ყავა ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევა ხსნადი ყავის სახეობებს შორის. იგი  ფერით, სუნითა და გემოთი ყველაზე მიახლოებულია ნატურალურ ყავასთან. 

ხსნადი + დაფქვილი - მეთოდი ძალიან მარტივია - სუბლიმირებულ ყავაში უმატებენ ძალიან წვრილად დაფქვილ ყავის მარცვალს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ხსნადი ყავის გემოს „ორიგინალურ“ გემოსთან.

ამგვარი შეთავსება ერთის მხრივ საშუალებას იძლევა ყავა სწრაფად იქნას მომზადებული ცხელი წყლის დამატებით, ხოლო მეორეს მხრივ ინარჩუნებს გემოსა და არომატს.

თხევადი - 2008 წელს, კომპანიამ - Tchibo პირველად წარმოადგინა ერთ-ერთ ევროპულ გამოფენაზე ამ სახის ხსნადი ყავა. 

ერთი სრულფასოვანი ფინჯანი ყავისთვის, საჭიროა 1-2 ჩაის კოვზი თხევადი ექსტრაქტი.

თხევადი ყავის კონსტისტენცია ძირითადად სქელი და ბლანტია, თუმცა ზოგჯერ უფრო თხევადია.

როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, თხევადი ყავის შემადგენლობაში არის 100%-ით სუფთა ყავის მასა სხვადასხვა სახის კონსერვანტებისა და დანამარების გარეშე.

აღნიშნულ პროდუქტს, დამზადების შემდეგ ყინავენ და ამგვარად ინარჩუნებენ მის საგემოვნო თვისებებსა და სხვა კომპონენტებს.

ცალკე შეიძლება ავღნიშნოთ ყავის პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს სითხეს ასეპტიკურად შევსებულ კონტეინერში (ძირითადად თუნუქის ქილებში). იგი შეიცავს ნატურალურ ყავას, რომელსაც ამზადებენ მოხალული და დაფქვილი ყავის მარცვლებისგან ჟანგბადის დაბალი შემცველობის პირობებში.

ამგვარი, ჰერმეტულად შეფუთული თხევადი ყავა სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებში.

მაინც რომელი ყავა ავირჩიოთ? - როგორც ყოველთვის, ეს გემოვნების საქმეა. ფხვნილისებური და გრანულირებული ყავა იაფი და ხელსმისაწვდომია, მაგრამ ნაკლებად გემრიელი და არომატულია.

სუბლიმირებული ყავა უფრო ძვირადღირებულია, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უფრო გემრიელია, ხოლო მისი სუნი გაცილებით ახლოა „ორიგინალთან“ ) განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი სწორად არის მომზადებული (ამაზე ქვემოთ).

დღესდღეობით ხსნადი ყავის ფართო არჩევანი საშუალებას იძლევა იპოვოთ პროდუქტი, რომელიც გემოვნებით ყველაზე მეტად დგას ახლოს ჩვეულებრივ მარცვლის ყავასთან. 

ასეთი ხსნადი ყავის ბრენდები საკმაოდ ძვირია (ხშირად უფრო ძვირიც კი, ვიდრე ჩვეულებრივი მარცვლის ყავა).

 

ფაქტები, რომელიც უნდა იცოდეთ ხსნადი ყავის შესახებ

 

მსოფლიოში ყოველდღიურად მოიხმარენ დაახლოებით 2.25 მილიარდ ფინჯან ყავას, რომლის ნახევარზე მეტს სწორედ ხსნადი ყავა წარმოადგენს;

 

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ხსნადი ყავის ბრენდი არის „ნესკაფე“, რომელსაც აწარმოებს „ნესტლე“. იგი გაყიდვების ლიდერია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. 

 

მაღალხარისხიანი ხსნადი ყავის მთავარი დამახასიათებელი თვისება - როგორც ცხელ, ასევე ცივ წყალში მისი სწრაფად გახსნის უნარია.

ხარისხს ასევე განსაზღვრავს ფაქტი, რომ ხარისხიანი ხსნადი ყავა არ უნდა ტოვებდეს ნალექს.

 

ერთი ფინჯანი ხსნადი ყავა შეიცავს დაახლოებით 30-60 მგრ კოფეინს (გააჩნია მწარმოებელს), მაშინ, როცა ფინჯან მარცვლოვანი ყავაში კოფეინის შემცველობა 80 მგრ-ია.

 

ხსნადი ყავა ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას (თანამიმდევრული შეკუმშვა) და გამოჰყავს სითხე ორგანიზმიდან. რაც გასათვალისწინებელია ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვის თვალსაზრისით.

 

კოფეინი სტიმულს აძლევს კუჭის წვენის გამომუშავებას და კიდევ უფრო ზრდის მის მჟავიანობას. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ყავის უზმოზე დალევა. 

თუ სისხამ დილით ყავის დალევა ძალიან გსურთ, ან უზმოზე ყავის მირთმევა თქვენი ცხოვრების წესია, შეგიძლიათ მას დაუმატოთ ცოტაოდენი რძე (და მიირთვათ ორცხობილასთან ერთად).

 

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორთა კვლევების თანახმად - ხსნადი ყავა შეიცავს ნაკლებ კაფესტოლს, ვიდრე დაფქვილი ყავის მარცლებით, ან ფრენჩ-პრესით მომზადებული ყავა. 

როგორც ცნობილია, კაფესტოლს შეუძლია ქოლესტერინის ამაღლება. ამიტომ, მათთვის, ვისაც აქვს ქოლესტერინის მაღალი დონე, ხსნადი ყავა შეიძლება იყოს მარცვლოვანი ყავის ალტერნატივა.

 

ხსნადი ყავის წარმოებაში გამოიყენება რობუსტას არც თუ ისე საუკეთესო ჯიშის მარცვლები, რადგან ისინი ყველაზე იაფია. ზოგიერთი მწარმოებელი რობუსტაში უმატებს არაბიკას - გემოსა და არომატის გასაუმჯობესებლად.

რობუსტა იძლევა ნაკლებ გემოს და მეტ სიმაგრეს (ასევე მეტ კოფეინს).

 

საწყის ეტაპზე, ხსნადი ყავა არ გამოირჩეოდა პოპულარობით დიასახლისებს შორის. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მისი გემო ბევრად ჩამოუვარდებოდა კლასიკური წესით დაფქვილ და მოდუღებულ ყავას. თუმცა მარკეტინგული კვლევებით ჩატარებული ბრმა ტესტების მიხედვით, მათმა უმრავლესობამ ხსნადი და დაფქვილი ყავა ერთმანეთისგან ვერ გაარჩია.

იგივე კვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ქალს, რომელიც შეიძენდა ხსნად ყავას, დიასახლისები მიიჩნევდნენ: „ზარმაც, არახელმომჭირნე მეუღლედ, რომელსაც არ შეეძლო ოჯახზე ზრუნვა“.

 

რა თქმა უნდა აღნიშნული კვლევებიდან ხსნადი ყავის მწარმოებლებმა გამოიტანეს სათანადო დასკვნები და შეიმუშავეს სარეკლამო კომპანია, რომელიც მოუწოდებდა დიასახლისებს შეეცვალათ წარმოდგენა ხსნად ყავასთან მიმართებაში.

 

ხსნადი ყავის დადებითი თვისებები

ხსნადი ყავა, ისევე როგორც მარცვლოვანი კოფეინის შემცველი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია რიგი დადებითი თვისებები:

დოფამინისა და ადრენალინის გამოთავისუფლება, რაც იწვევს სიმხნევესა და გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას;

კონცენტრაციისა და ტვინის კოგნიტური ფუნქციების გაუნჯობესება;

შიმშილის გრძნობის დათრგუნვა;

ტონუსის გაზრდა და ფზიკური ამტანობის გაუმჯობესება;

გარდა ამისა, ნებისმიერი ყავა (ასევე ხსნადიც) ეხმარება ორგანიზმს დაბერებასთან ბრძოლაში; ასევე ებრძვის გულისა და სისხლძარღვთა დაავადებებს, დემენციას (მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, შემეცნების, არითმეტიკული და დასწავლის უნარების, მეტყველებისა და კრიტიკული ფუნქციების დარღვევები), ნაღველში კენჭების წარმოქმნას და დიაბეტის განვითარებას.

გარდა ამისა, ყავა კარგად ეხმარება მათ, ვისაც სურს გაუმკლავდეს ჭარბ წონას.

ხსნადი ყავის უარყოფითი თვისებები

ხსნადი (ასევე ნებისმიერი) ყავის წარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დარღვევები, როგორიცაა:

ნერვული აშლილობა;

ტქხიკარდია (გულის რითმის დარღვევა);

უძილობა;

ორგანიზნიდან სითხის გამომდევნი სისტემების სტიმულირება;

მედიკოსების მიერ არ არის რეკომენდებული ყავის მიღება (მათ შორის ხსნადის) უზმოზე, რადგან მას აქვს მაღალი მჟავიანობა. 

ორსულმა და მეძუძურმა დედებმა უნდა შეზღუდონ მყისიერი ყავის მოხმარება დღეში 1 ფინჯანამდე (ექიმის ნებართვის შემთხვევაში).

 

ხშირად დასმული შეკითხვები

 

გამოიყენება თუ არა ხსნადი ყავის დასამზადებლად დაბალხარიხიანი ნედლეული?

ხსნადი ყავის დასამზადებლად ნამდვილად  იშვიათად გამოიყენება ყავის ელიტური ჯიშები, რადგან თერმული დამუშავების შედეგად იკარგება ყავის თითქმის ყველა საგემოვნო თვისებები, თუმცა ეს არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გამოყენებული ყავის მარცვალი დაბალი ხარისხისაა.

ხსნადი ყავის საფუძველს ყოველთვის რთული კუპაჟები წარმოადგენს, რომლის შექმნაზეც მუშაობენ ტექნოლოგთა ჯგუფები.

ხსნადი ყავის დასამზადებლად არ გამოიყენება მონოსორტები. გემოს დასაბალანსებლად ყავას აგროვებენ სხვადასხვა წყაროებიდან, რითაც აღწევენ კონკრეტული ბრენდის სტანდარტიზირებულ გემოს.

კუპაჟებში თითქმის ყოველთვის გამოიყენება რობუსტასა და არაბიკას კომბინაცია. სიმართლეს შეესაბამება ფაქტი, რომ ამისთვის იღებენ დაბალი ღირებულების, მაგრამ არვითარ შემთხვევაში ცუდი ხარისხის მარცვლეულს. თუ ხნადი ყავის საფუძვლად აღებულია ცუდი და უხარისხო ყავის მარცვალი, საბოლოოდ ყავას საერთოდ არ ექნება გემო და არომატი, რადგან თერმული გადამუშავების დროს იგი ისედაც კარგავს ამ კომპონენტების მნიშვნელოვან ნაწილს.

თუმცა, ეს ყველაფერი შეეხება ხარისხიან ხსნად ყავას. მაგრამ, თუ ყავა ფალსიფიცირებული და გაყალბებული, ან უბრალოდ ძალიან დაბალი ხარისხისაა, შესაძლოა წარმოების დროს გამოყენებული იყოს დამწვარი, წუნდებული მარცვლები, ყავის წარმოების ნარჩენები, ასევე ინგრედიენტები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ყავის ინდუსტრიასთან (ალაო, ვარდკაჭაჭა, დამწვარი შაქარი, პარკოსნები და ა.შ.) ...

იყენებენ თუ არა ხსნად ყავაში არომატიზატორებს

როგორც წესი ხსნადი ყავის წარმოებაში არ გამოიყენება არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები.

გარდა იმისა, რომ ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს არომატიზატორების შემცველი ყავის პროდუქციის რეალიზაციას,  მათი გამოყენება არამომგებიანია, რადგან კარგი ხარისხის არომატიზატორები ღირს უფრო ძვირიც კი, ვიდრე თავად ყავა.

მაგალითად: Nescafé, Jacobs, Carte Noire, Tchibo, Milagro და მრავალი სხვა ბრენდები საკუთარ პრდუქციაში არ იყენებენ არომატიზატორებს.

აუმჯობესებენ თუ არა ხელოვნურად ხსნადი ყავის გემოს

რა თქმა უნდა მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ დახვეწონ ტექნოლოგიები და გააუმჯობესონ ხსნადი ყავის საგემოვნო თვისებები.

ამჟამად სულ უფრო პოპულარული ხდება „გემოს დაბრუნების“ („Aroma Return“) ტექნოლოგია, მაგალითად როგორიცაა ტექნოლოგია - Flavourtech.

ეს ტექნოლოგია ითვალისწინებს ყავის მარცვალში არსებული არომატული ნივთიერებების შეგროვებას ექსტრაქტის მომზადების დროს, შემდეგ კი უმატებენ უკვე მზა ხსნად ყავას. ამასთან, არ გამოიყენება არავითარი ხელოვნური კომპონენტები.

აფუჭებს თუ არა ხსნად ყავას ნესტი

ხსნადი ყავა ზედმეტად ჰიდროსკოპიულია და თავსახურის ღიად დატოვების შემთხვევაში სწრაფად კარგავს გემოვნურ თვისებებს. ამიტომ ყავის დაფასოებისას სპეციალისტებმა  იზრუნეს, რომ ჰერმეტულობა 100 პროცენტით იყოს დაცული.

უბრალოდ თუნდა ეცადოთ ყავის სახურავი ყოველთვის ჰერმეტულობის სრული დაცვით დაახუროთ.

 

ხსნადი ყავის მომზადების პატარა, მაგრამ ეფექტური საიდუმლო

 

ხსნადი ყავის მომზადების წესთან მიმართებაში, არსებობს ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა - როდესაც ხსნად ყავას ასხამენ მდუღარეს წყალს.

იმისთვის რომ, ყავა გემრიელი და ნატურალურ გემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოვიდეს, იგი დაახლოებით 85 გრადუსის ტემპერატურის მქონე წყალში უნდა გააზავოთ.

შეადარეთ და მიხვდებით, რამდენად განსხვავებული იქნება შედეგი, - ანუ გემრიელი იქნება ყავა.

 

როგორ გამოვიცნოთ ფალსიფიცირებული ხსნადი ყავა

 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად ხდება სწორედ ხსნადი ყავის გაყალბება. ფალსიფიცირების მეთოდები პრაქტიკულად იგივეა, რაც დაფქვილი ყავის შემთხვევაში.

ხსნადი ყავის შეძენის დროს პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ შეფუთვას. შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 

მნიშვნელობა აქვს ასევე  ყავის სტრუქტურას. თუ ქილის ფსკერზე ყავის მტვერი შენიშნეთ, ეს ნიშნავს რომ დამზადების დროს დარღვეული იქნა წარმოების ტექნოლოგია.

ყავის ფხვნილს, ან სუბლიმაციას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი ღია-ყავისფერი შეფერილობა. თეთრი წინწკლების არსებობა - ხელოვნური კოფეინის არსებობაზე მიუთითებს.

ნამდვილი ხნადი ყავა ცივ წყალში ფსკერზე არ ილექება. იგი დარჩება ზედაპირზე და ნელ-ნელა გაიხსნება. 

ამიტომ, იმისათვის, რომ გაარკვიოთ შეფუთვაში არსებული ყავა ორიგინალია თუ ფალსიფიცირებული, ერთ ჭიქა ცივ წყალში დაუმატეთ ერთი კოვზი ყავა. თუ ფხვნილი დაილექა ჭიქის ფსკერზე და წყალი გაფერადდა, მას დამატებული აქვს ვარდკაჭკაჭა ან სხვა შემცვლელები (სხვათაშორის ეს შემცვლელები ყოველთვის არ არის ნატურალური).

შეფუთვა არ უნდა იყოს გამჭვირვალე, აუცილებლად უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ყავის წარმოშვების, შემადგენლობის, შენახვის ვადის და სხვა მახასიათებლების შესახებ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ