თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის სრულყოფილი ექსპლუატაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხიანი, ტექნოლოგიების სრული დაცვით შესრულებული მონტაჟი.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კარ-ფანჯრის სამომხმარებლო თვისებები სრულად არის დამოკიდებული მის სწორად დაყენებაზე (ჩასმაზე).
შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის სამომხმარებლო თვისებები სრულიად დამოკიდებულია მის სწორ დამონტაჟებაზე.
თუმცა, სწორედ სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ხდება დიდი რაოდენობის შეცდომების დაშვება, რაც განპირობებულია ორი მიზეზით:
პირველი - მონტაჟის განხორციელება დაუსაბუთებელი ეკონომიის მიზნით;
მეორე - მონტაჟის განმახორციელებელი მომსახურე პერსონალის დაბალი კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის დონე.
ზოგადად, მონტაჟი განეკუთვნება ე.წ. „უხილავ სამუშაოს“, ანუ დაყენება/ჩასმის ხარისხის შეფასება ვიზუალურად შეუძლებელია.
შეიძლება შეიძინოთ ყველაზე მაღალხარისხიანი მეტალოპლასტამისის კარ-ფანჯარა. მაგრამ თუ იგი ჩასმული იქნა არაპროფესიონალურად, ტექნოლოგიების დარღვევით და უხარისხო სამონტაჟო მასალების გამოყენებით, მონტაჟის დეფექტები შესაძლოა უკვე გამოვლინდეს ექსპლუატაციიდან 2-3 წლის შემდეგ.
ასეთ შემთხვევაში, ყველა ის უპირატესობა, რაც უნდა გააჩნდეს (და შესაძლოა გააჩნია კიდეც) თქვენს მიერ არჩეულ კარ-ფანჯარას, დაყვანილი იქნება ნულამდე და ხელში შეგრჩებათ უხარისხო პროდუქცია, შესაბამისად კი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები.
ზომების აღება
სიახლეს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი იწყება ზომების აღებით.
არც ერთი სერიოზული ფირმა არ დათანხმდება მომხმარებლის მიერ აღებულ ზომებზე დაყრდნობით კარ-ფანჯრების დამზადებას, რადგან მცირეოდენი შეცდომაც კი, რაც სეიძლება დაშვებული იქნას ზომების დამოუკიდებლად აღების შემთხვევაში, შესაძლოა მოჰყვეს კარდინალური შედეგი, რომლის გამოსწორებაც შემდგომში გართულდება, ან შეუძლებელიც კი გახდება.
შედეგად კი მომხმარებლის თანხები აღმოჩნდება ჰაერში გადაყრილი.
მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ზუსტი ზომების აღება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და აქ მაინც მოვიყვანთ ელემენტალურ ნიუანსებს, რისი გათვალისწინებაცაა საჭირო ზომების აღების დროს, თუმცა ვიმეორებთ, რომ დამოუკიდებად ზომების აღება არ არის რეკომენდებული და 100%-იანი თავის დაზღვევისთვის, უმჯობესია ეს სპეციალისტებმა გააკეთონ.
გაითვალისწინეთ, რომ კარ-ფანჯრის ზომების აღების დროს, ითვალისწინებენ კედლის სისქეს, მასალას, რომლისგანაც არის კედელი აშენებული, აგრეთვე სახლის ტიპს და შიდა მოპირკეთებას.
ზომების აღება ხდება როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ.
ფანჯრის ღიობების სიღრმე სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებისთვის სხვადასხვაა. ასე რომ სტანდარტული ზომების კარ-ფანჯრის შეკვეთა სპეციალისტის მიერ შენობის დათვალიერებამდე და ზომების აღებამდე შეუძლებელია.
ფანჯრის ზომებში შედის:
• ძირითადი ღიობის სიმაღლე;
• ძირითადი ღიობის სიგანე;
• ფანჯრის ფერდოების („ატკოსების“) სიგანე;
• ფანჯრის რაფის სიგრძე;
• ფანჯრის რაფის სიგანე;
• დრენაჟის სიღრმე;
ღიობის გაზომვა - შენობის შიგნით იზომება ფანჯრის ღიობის სიგანე - მარცხენა ფერდოდან („ატკოსიდან“) - მარჯვენა ფერდომდე („ატკოსამდე“).
ეს ზომა აღებული უნდა იქნას როგორც ფანჯრის ქვედა, ასევე ზედა ნაწილში, რათა დარწმუნდეთ ხომ არ არის სხვაობა. თუ სხვაობა არის, ჩანიშნული უნდა იქნას უფრო მცირე ზომა..
ღიობის სიმაღლე იზომება ფანჯრის ზედა ფერდოდან („ატკოსიდან“) - ფანჯრის რაფამდე. სასურველია თუ ამ ზომის აღება მოხდება ფანჯრის ორივე მარცხენა და მარჯვენა ფერდოს („ატკოსის“) გასწვრივ, რათა დადგინდეს, არის თუ არა სხვაობა.
მიღებული ზომებს ვაკლებთ 40 მმ-ს გაზომილი სიგანიდან და 50 მმ-ს გაზომილი სიმაღლიდან. მიღებულ მონაცემებს ჩავინიშნავთ (რეკომენდებულია მონაცემების ჩანიშვნა მილიმეტრებში).
ფერდოების („ატკოსების“) გაზომვა - შენობის შიგნით უნდა გაიზომოს ღიობის სიღრმე ჩარჩოდან - კედლის კუთხემდე.
ეს უნდა გაკეთდეს ორივე - მარცხენა და მარჯვენა ფერდოებისთვის („ატკოსებისთვის“). მონაცმებს ჩაინიშნავთ.
ფანჯრის რაფის გაზომვა - იზომება ფანჯრის რაფის სიგრძე და სიგანე. სიგრძის გაზომვა ხდება რაფის გასწვრივ -კიდიდან კიდემდე.
სიგანე - ეს არის ფანჯრის ღიობის სიღრმე ჩარჩოდან იმ მანძილზე, რა ზომაზეც გსურთ რაფა იყოს გამოწეული ფანჯრიდან..
დრენაჟი - დრენაჟი განთავსებულია ფანჯრის გარეთა მხარეს და მისი დანიშნულებაა წვიმისგან დაგროვილი წყლის გაწოვა.
ქუჩის მხრიდან იზომება - დაცილება ფანჯრის ჩარჩოდან კედლის კუთხემდე - ეს არის დრენაჟის სიგანე. ხოლო სიგრძე იზომება ისევე, როგორც რაფის სიგრძე.
პს. - სანამ დამოუკიდებლად ფანჯრების ზომის აღებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა კედელს, სადაც კარ-ფანჯრები უნდა ჩაისვას, გააჩნია გარკვეული თავისებურებები, რომელიც შეიძლება ვერ გაითვალისწინოთ.
ამიტომ, თუ ეს საქმიანობა თქვენი პროფესია არაა და აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ, უმჯობესია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ (კერძოდ იმ ფირმას ან კომპანიას, რომელსაც შეუკვეთავთ კარ-ფანჯრებს).
ყველაზე გავრცელებული შეცდომა მონტაჟის დროს
მეტალოპლასტმასისი კარ ფანჯრების თითეულ სამონტაჟო კვანძს, უნდა გააჩნდეს ღრიჩოების ამოვსების სამი შრე:
გარე - კლიმატური ზემოქმედებისაგან დამცავი შრე,
ცენტრალური - თბოიზოლაცია;
შიდა - პაროიზოლაცია.
ამ მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა მასალები და სამონტაჟო ქაფები, მაგრამ როგორ და რა მასალებითაც არ უნდა შესრულდეს სამუშაო - ამ სამი შრის არსებობა აუცილებელია!
გარე შრის დანიშნულებაა - შუა (თბოლიზოლაცია) შრის დაცვა მასში ტენის შეღწევისგაქნ და გარემო ფაქტორებისაგან. მას ასევე უნდა გააჩნდეს წყალგაუმტარი და პაროგამჭოლი (შუა შრის ვენტილაციისთვის) თვისებები.
ამ მიზნით გამოიყენება სპეციალური ჰიდროიზოლაციური ლენტები და სპეციალური ჰერმეტიკი.
შუა შრის დანიშნულებაა - თბოიზოლაცია - შუა, ცენტრალური შრისთვის იყენებენ პოლიურეთანის (ე.წ. სამონტაჟო) ქაფს, რომელიც ასრულებს შემავსებელი, დამგმანავი ნივთიერების და თბოიზოლაციის როლს.
შიდა შრის დანიშნულებაა - დაიცვას ცენტრალური (თბოიზოლაციური შრე) ნესტისა და ორთქლის მოხვედრისგან შენობის მხრიდან.
ამ მიზნით გამოიყენებენ პაროიზოლაციურ ლენტებს, ძირითადად ბუტილისგან ან ჰერმეტიკისგან, რომელსაც აქვს მაღალი პაროგამჭოლობის კოეფიციენტი
შეცდომა! - კუსტარული პრდუქციის მწარმოებლები უმეტესწილად მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ღიობებს, მისი ჩამაგრების შედეგ ავსებენ (გმანავენ) მხოლოდ პოლიურეთანის ქაფით (ე.წ. სამონტაჟო ქაფი), რომლის ხარისხი და პრაქტიკული დანიშნულება ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ეს ძალიან უხეში შეცდომაა, რადგან პოლიურეთანის ქაფს არ გააჩნია ჰიდროიზოლაციური თვისებები, ამიტომ იგი ირღვევა მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად, მარტივად რომ ვთქვათ - ქაფს წვავს მზე და იგი თანდათანობით იქცევა მტვრად.
გარდა ამისა, ქაფი იწოვს ტენს როგორც ატმოსფერული ნალექის, ასევე შენობის შიგნით არსებული ტენიანი ჰაერის გამო, რაც იწვევს:
• თბოიზოლაციური თვისებების დაკარგვას,
• პროფილის გვერდებზე (კორპუსზე) ობისა და სოკოს წარმოქმნას,
• ქაფის ფორებში კონდენსატის დაგროვებას (შესაბამისად მის დაშლას)
• და სხვა უარყოფით ფაქტორებს.
ამის გამო პოლიურეთანის ქაფი აუცილებლად უნდა იქნას დაცული სხვადასხვა სახის ჰიდროიზოლაციური და შუქგაუმტარი საშულებებით (იხილეთ ზემოთ და ქვემოთ).
პოლიურეთანის სამონტაჟო ქაფები
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის დროს გამოიყენება სამონტაჟო პოლიურეთანის ქაფი, რომელიც ასრულებს შემავსებელი, დამგმანავი ნივთიერების და თბოიზოლაციის როლს.
სამონტაჟო ქაფი შესანიშნავი თანამედროვე, სამშენებლო ჰერმეტიკია. მისი მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია: აირის მოქმედების შედეგან პოლიურეთანის ნაზავი გამოდის გარეთ და შედის ურთიერთქმედებაში ატმოსფეროში არსებულ ტენთან.
ქაფის გამყარება ხდება დაახლოებით 24 საათში (ერთი დღე-ღამე), რის შემდეგაც იგი მნიშვნელოვნად იმატებს ზომებში - 50%-დან 250%-მდე, რისი წყალობითაც ავსებს ზედაპირის ნებისმიერ სიცარიელეს, უთანაბრობას და წარმოქმნის დიდი რაოდენობით აიროვან უჯრედებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო იზოლაციას.
არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ პოლიურეთანის ქაფში შემავალი ნივთიერებები პრაქტიკულად იდენტურია და განსხვავდებიან მხოლოდ მწარმოებელი ბრენდის სახელწოდებით.
სინამდვილეში ქაფები ერთმანეთისგან განსხვავდება: დანიშნულებით, შემადგენლობით, თვისებებით (მაგალითად არსებობს ე.წ. ცეცხლგამძლე სამონტაჟო ქაფები) და ა.შ.
იმ უპირატესობების რიცხვს, რის გამოც პოლიურეთანის ქაფი ასე ფართოდაა გავრცელებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის დროს, მიეკუთვნება:
• მისი ხელმისაწვდომობა (შედარებით დაბალი ფასი),
• კარგი თბოიზოლაციური თვისებები,
• შესანიშნავი ადჰეზია ყველა სახის სამშენებლო მასალების მიმართ (გარდა პოლიეთილენისა, ტეფლონისა და სილიკონისა)
• კარგი ხმაურის იზოლაცია,
• შეღებვის შესაძლებლობა
• და ა.შ.
ხარისხიანი და სწორად შერჩეული (საჭირო შემადგენლობის) სამონტაჟო ქაფი არა მხოლოდ ხელს უწყობს შენობის თბოიზოლაციას, არამედ ამყარებს კონსტრუქციას, ქმნის ბარიერს მწერებისთვის და ა.შ.
მნიშვნელოვანია: პოლიურეთანის ქაფის (ჰერმეტიკის) ხარისხი და თვისებები დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე და ქიმიურ შემადგენლობაზე.
სამონტაჟო ქაფის არჩევის დროს, ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს შემდეგ პარამეტრებზე:
»» პოლიურეთანის ქაფის გამოსვლის მოცულობა;
»» ადჰეზია;
»» პირველადი და მეორადი გაფართოება;
»» ქაფის მოცულობის (შესაბამისად ზომების) შემცირება (ფიზიკო-ქიმიური პროცესების ზემოქმედებით);
»» ქაფის შემადგენლობის გამოყენების პირობები;
განვიხილოთ უფრო დეტალურად ძირითადი პარამეტრები და თვისებები:
პოლიურეთანის ქაფის გამოსვლის მოცულობა
სამონტაჟო ქაფის გამოყენება ხდება მეტალოპლასტმასის კონსტრუქციების მონტაჟის დროს, რადგან ეს მასალა რამდენადმე ეფექტურია სხვა დამგმანავ ნივთიერებებთან შედარებით.
პოლიურეთანის ქაფის (ჰერმეტიკის) შემადგენლობაში შედის შემდეგი ნივთიერებები:
• იზოციანატი;
• პოლიოლი;
• კატალიზატორები;
• ამქაფებლები;
• სტაბილიზატორები;
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქაფის მოცულობის სიდიდე დამოკიდებულია ტენიანობაზე (იგი არ უნდა აჭარბებდეს 80%-ს) და გარემოს ტემპერატურაზე. ქაფის საბოლოო მოცულობა ასევე დამოკიდებულია თავად ბალონის ტემპერატურაზეც (იგი არ უნდა აჭარბებდეს 40 გრადუსს).
ნახევრად პროფესიონალური ერთ ლიტრიან ბალონები შეიცავენ 40 ლ-მდე ქაფს, ხოლო პროფესიონალურები - 65 ლ-მდე ქაფს.
ადჰეზია
ადჰეზია არის სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს უჯრედების ერთმანეთთან და სხვადასხვა სხეულებთან შეწებების მაჩვენებელს.
ჩვენს შემთხვევაში, ადჰეზია აჩვენებს - სამონტაჟო პოლიურეთანის ქაფის მოჭიდების მაჩვენებელს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების ზედაპირზე.
თუ სამონტაჟო ქაფის ადჰეზიის მაჩვენებელი 0.48 მპა (მეგა პასკალი)-ს ფარგლებშია, ეს ნორმად მიიჩნევა პოლიურეთანის ჰერმეტიკისთვის.
ასეთი სამონტაჟო ქაფი შესანიშნავად შევა კონტაქტში პრაქტიკულად ყველა ცნობილ სამშენებლო მასალასთან.
პირველადი და მეორადი გაფართოება
პირველადი გაფართოება - არის სიდიდე, რომელიც უჩვენებს სამონტაჟო ქაფის გაზრდას მოცულობაში, მისი ბალონიდან გამოსვლის შემდეგ.
რაც უფრო მეტია ეს სიდიდე, მით უფრო მეტი ფართობის დამუშავება ან მოცულობითი ღიობებისა და ნაპრალების ამოვსებაა შესაძლებელი.
მეორადი გაფართოება - არის სიდიდე, რომელიც უჩვენებს სამონტაჟო ქაფის მოცულობაში ზრდას - ბალონიდან გამოსვლიდან - სრულ გამყარებამდე დროის შუალედში.
მეორადი გაფართოების მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 0-დან 100%-მდე. რაც დამოკიდებულია ჰერმეტიკის შემადგენლობაზე და მწარმოებელ ფირმაზე.
არსებობს პოლიურეთანის სამონტაჟო ქაფები, რომელთაც მეორადი გაფართოების მაჩვენებელი საერთოდ არ აქვთ, ანუ ეს მაჩვენებელი 0 -ის ტოლია.
ფრთხილად! - სამონტაჟო ქაფმა, გაცივებისა და გაფართოების შემდეგ შესაძლოა გატეხოს ხის და დეფორმაცია მიაღებინოს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას.
ამიტომ, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო ნაკლებია მეორადი გაფართოების მაჩვენებელი.
ქაფის მოცულობის შემცირება - მიუხედავად იმისა, სამონტაჟო ქაფი ზაფხულისაა თუ ზამთრის, არ უნდა მოხდეს პოლიურეთანის ჰერმეტიკის მოცულობის შემცირება პოლიმერიზაციის შემდეგ.
ქაფის მოცულობის (შესაბამისად ზომების) შემცირებამ, შესაძლოა გახდეს მეტალოპლასტამისის კარ-ფანჯრების დეფორმაციის მიზეზი. ამიტომ არჩევანი გაკეთებული უდა იქნას ქაფზე, რომლის მოცულობის შემცირების პროცენტული მაჩვენებელი 0%-ია.
ზამთრის, ზაფხულის და ყველა სეზონის სამონტაჟო ქაფები - ზაფხულის პოლიურეთანის ჰერმეტიკის გამოყენება ხდება მაშინ, როცა გარემოს ტემპერატურა + 5 - + 35 და მეტი გრადუსია.
ზამთრის სამონტაჟო ქაფის (ჩვენს პირობებში საერთოდ არ, ან იშვიათად გამოიყენება) გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, როცა გარემოს ტემპერატურა - 18 - + 35 და მეტი გრადუსია.
დაბალი ტემპერატურა, ზამთრის ჰერმეტიკის გამოყენების დროს, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საბოლოო მოცულობას, ხოლო მაღალი ტემპერატურა პირიქით - ზრდის.
ყველა სეზონისთვის განკუთვნილი პოლიურეთანის ქაფის თვისებებზე ჰაერის ტემპერატურა არ მოქმედებს. ასეთი ქაფი შესაძლებელია გამოყენებული იქნას არსებული შემადგენლობის გათბობის გარეშე. ჰერმეტიკის მოცულობა არ შემცირდება, ხოლო პოლიმერიზაციის პროცესი მოხდება უფრო სწრაფად.
საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური სამონტაჟო ქაფი - საყოფაცხოვრებო დანიშნულების პოლიურეთანის ჰერმეტიკის ბალონები იწარმოება სპეციალური აპლიკატორით, რათა მისი გამოყენება უფრო მარტივად მოხდეს.
საყოფაცხოვრებო დანიშნულების სამონტაჟო ქაფის ლიტრიან ბალონში თავსდება არაუმეტეს 45 ლ ქაფის საბოლოო შემადგენლობა.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დაყენებისთვის რეკომენდებულია პროფესიონალური სამონტაჟო ქაფი.
ასეთი ჰერმეტიკის ბალონებს გააჩნია არა აპლიკატორი, არამედ სპეცილური პლასტმასის ხრახნი, სადაც ემაგრება სამონტაჟო პისტოლეტი.
პროფესიონალური ბალონები გაცილებით მძიმეა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ბალონებზე, შესაბამისად გაცილებით მეტია მათში არსებული სამონტაჟო ქაფის მუშა მოცულობა 65 ლ და მეტი.
ცეცხლგამძლე სამონტაჟო ქაფი - უპირველეს ყოვლისა უნდა ავღნიშნოთ, რომ ცეცხლგამძლე პოლიურეტანის ქაფი არ არსებობს და ეს ტერმინი მარკეტოლოგებმა მოიფიქრეს.
სამონტაჟო ქაფი იწარმოება პოლიურეთანი პოლიმერებისგან და იგი ნებისმიერ შემთხვევაში არის ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ იწვის ცეცხლში.
თუმცა, პენოპოლიურეთანის მოდიფიკაციის გზით, მასში შეჰყავთ ანტიპირენები (ნივთიერებანი ან ნარევები, რომლებიც იცავენ ორგანულ მასალებს აალებისა და თავისთავადი წვისაგან) და იყენებენ ცეცხლგამძლე ფრეონებს.
ამგვარად დამზადებული სამონტაჟო ქაფებს გააჩნიათ ცეცხლის მიმართ განსაკუთრებული მდგრადობა - ქაფის ზედაპირზე წარმოიქმება იზოლირებული შრე, რომელიც ხელს უშლის წვის პროცესს.
ასეთი ქაფი მალე არ დაიწვება, ამისთვის რამდენიმე ათეული წუთი იქნება საჭირო (გააჩნია ქაფის მარკას).
მშენებლობაში და სახანძრო საქმეში, ასეთ მასალებს უწოდებენ ცეცხლის მიმართ მდგრადს და არა ცეცხლგამძლეს.
ცეცხლის მიმართ მდგრად სამონტაჟო ქაფს იყენებენ იგივე მიზნებით, როგორც ჩვეულებრივ ქაფს, მხოლოდ ისეთი კონსტრუქციებისთვის, სადაც აუცილებელია მაღალი ცეცხლგამძლე თვისებები.
ცეცხლის მიმართ მდგრადი სამონტაჟო ქაფების უმეტესობა შეესაბამება ევროპულ ცეცხლგამძლე სტანდარტს - B1, რაც გულისხმობს, რომ ქაფი არ დაიწვება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში (დრო, რომელიც სავარაუდოდ სჭირდება სახანძრო მანქანის მისვლას და ცეცხლის ჩაქრობას).
არსებობს ცეცხლის მიმართ კიდევ უფრო მდგრადი სამონტაჟო ქაფები, თუმცა მათ აქვთ გაცილებით მეტი მასალის ხარჯი. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ 20 სმ სისქის კედლის და 3 სმ სიგანის ღიობების - ამგვარი ცეცხლგამძლე სილისკონის ჰერმეტიკით დამუშავების შემთხვევაში (რომლის სისქე შეადგენს არანაკლებ 8 მმ-ს), ის არ დაიწვება დაახლებით 4 საათის განმავლობაში.
ერთი ასეთი ბალონისგან, იდეალურ შემთხვევაში შეიძლება 40 ლ ქაფის მიღება, რაც რეალურად 2-3 ჯერ უფრო ნაკლებია ჩვეულებრივი ქაფის მოცულობაზე.
გამოყენებიდან ნახევარი საათის შემდეგ უკვე შეიძლება მისი მოჭრა (ზედმეტი ქაფის), ხოლო 6 საათის შემდეგ მასზე შპაკლის წასმა და შელესვა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ცეცხლის მიმართ მდგრად სამონტაჟო ქაფს გააჩნია შესანიშნავი ადჰეზია ნებისმიერი მკვრივი მასალის მიმართ.
ყველაზე პოპულარული ცეცხლგამძლე სამონტაჟო ქაფების მწარმოებლებია: Tytan B1 , ILLBRUCK, World Foam, Premium Fire Block, Soudafoam FR GUN, Nullifire და სხვა
სამონტაჟო ფისტოლეტი - სამონტაჟო ქაფის ფისტოლეტის შერჩევის დროს (ან ყურადღება მიაქციეთ დამმონტაჟებელი ფორმის ტანამშრომლების ინსტრუმენტებს, რომელიც მრავლისმეტყველი შეიძლება იყოს მათი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით), ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული შემდეგ ფაქტორებზე:
»» არ ღირს საეჭვო ხარისხის პლასტმასის პისტოლეტების შეძენა, უმჯობესია ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს რეზინით მოპირკეთებული სახელურები, ხოლო მუშა კვანძები მეტალისგანაა დამზადებული.
»» პისტოლეტი უნდა იყოს ერგონომიკული და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს მისი დაშლა შემდგომი მომსახურებისა და რემონტისთვის.
»» უარი უნდა ითქვას ნაკლებად ცნობილი და არასანდო მწარმოებლის მიერ წარმოებულ მოწყობილობაზე.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების სამონტაჟო ქაფების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან: PROFFLEX Fire Block, PROFFLEX FireStop და სხვა...
სამონტაჟო ქაფის გამოყენების წესი - ქაფის გამოყენების წინ, საჭიროა იმ ზედაპირის წინასწარი მომზადება, რომელზეც უნდა მოხდეს ქაფის წასმა.
წინასწარი მომზადება გულისხმობს: ზედმეტი მტვრისგან და ჭუჭყისგან განთავისუფლებას, გაუცხიმოვნებას და საფრქვეველის საშუალებით დანოტივებას - ადჰეზიის გასაუმჯობესებლად.
მონტაჟის დროს, გამოყენებული უნდა იქნას პროფესიონალური ქაფი და სამონტაჟო პისტოლეტი, რომელიც უზრუნველყოფს დიდი მოცულობით ფენის გამოსვლას და გააჩნია მეორადი გაფართოების დაბალი კოეფიციენტი. ეს უზრუნველყოფს კონსტრუქციის მეტ მდგრადობასა და საიმედოობას.
მოხმარების წინ აუცილებელია ბალონის შეთბობა 20 გრადუსამდე და მისი „შენჯღრევა“ 30-60 წამის განმავლობაში.
ქაფის დატანა ზედაპირზე ხდება ნელი მოძრაობით და მიმართული უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ, 10 სმ-იანი ზოლებით ისე, რომ ამოავსოს ღრუ ნახევრად.
პისტოლეტის ბერკეტზე ხელის დაჭერებს შორის აკეთებენ პაუზებს იმისთვის, რომ დააცადონ ქაფს გაფართოება.
თუ არსებობს ქაფის განმეორებით დატანის აუცილებლობა, ხდება წინა შრის დანოტივება. ფანჯრის სუფთა ზედაპირები, იმ ადგილებში, სადაც არსებობს მათი ქაფით დასვრის საშიშროება, უმჯობესია დაიფაროს პოლიეთილენის პარკით, რადგან დასვრის შემთხვევაში მისი მოცილება საკმაოდ რთულია და სჭირდება სპეციალური გამწმენდი ნივთიერება.
გარედან ქაფს აუცილებლად უნდა გადაეკრას ნესტგამძლე ლენტი, რომელიც დაიცავს მას ნესტის შეღწევისაგან.
სამონტაჟე ქაფთან მუშაობის დროს, აუცილებელია შენობაში იყოს კარგი ვენტილაცია, რადგან ქაფის ორთქლი მავნებელია, თუმცა არავითარ შეთხვევაში არ შეიძლება მუშაობა ორპირ ქარში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სიცარიელე ფენის თხევად მასაში.
ზედმეტი ქაფის მოცილება (ფრთხილად მოჭრა) აუცილებლად მისი სრული გაცივების შემდეგ - 48 საათის შემდეგ.
რაც შეეხება ცეცხლის მიმართ მდგრადი (ე.წ. ცეცხლგამძლე) სამონტაჟო ქაფის გამოყენებას - საჭიროა ინსტრუქციის მკაცრი დაცვა, კერძოდ: ზედმეტი მტვრისგან და ჭუჭყისგან განთავისუფლება. იგი არ უნდა იყოს ზეთოვანი და ცხიმოვანი.
ქაფი გამოყენების წინ, ბალონს გულდასმით ანჯღრევენ. თუ ტემპერატურა დაბალია (არ შეესაბამება იმ მაჩვენებლს, რაც აღნიშნულია ბალონზე), მას ათბობენ თბილი წყლისთ სავსე ჭურჭელში - ამ დრს მასალის გამოსავლიანობა იქნება მეტი.
თუ ქაფისთვის გამოიყენება პისტოლეტი - შესაძლებელია ბალონის ნაწილის გამოყენება, მაგრამ თუ მოიხმარება აპლიკატორიანი ბალონი, მაშინ უნდა დაიცალოს მთელი ბალონი.
დანარჩენი კი იგივე - რაც ჩვეულებრივი ქაფის გამოყენების შემთხვევაში - შენობა უნდა ნიავდებოდეს და არ შეიძოება ქაფის მოხვედრა კანზე და ლორწოვან გარსზე.
დასკვნა - პოლიურეთანის ჰერმეტიკის (ქაფი), შერჩევის დროს, რომლითაც მოხდება თქვენი კარ-ფანჯრის მონტაჟი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფაქტორებს: ადჰეზიის მაჩვენებელი, ქაფის გამოსვლის მოცულობა, პირველადი და მეორადი გაფართოება, ქაფის გაცივებისა და მოცულობის შემცირების მაჩვენებელი.
ოპტიმალური მაჩვენებლების ოპტიმალური მნიშვნელობა და მონტაჟის ტექნოლოგიის დაცვა უნარჩუნებს კარ-ფანჯარას ხარისხს და ახანგრძლივებს კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადას.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამაგრების მეთოდები
კარ-ფანჯრის დამაგრების მეთოდის არჩევა, პირველ რიგში დამოკიდებულია იმ კედლის მასალაზე, რომელშიც ხდება ფანჯრისა თუ კარების დამაგრება.
ეს მასალები ძირითადად შეიძლება იყოს:
• აგური;
• ხე;
• ბეტონი;
• გაზობეტონი, პემზა, პერლიტი, ქაფბეტონი (პენობეტონი) და სხვა;
შესაბამისად კი დამაგრების სახეები:
»» ანკერი;
»» ჩარჩოს დუბელი
»» ანკერული ფირფიტა'
»» სჭვალი (შურუპი) - ხისთვის;
»» სჭვალი (შურუპი) - ბეტონისთვის;
»» და სხვა...
მონტაჟის სხვა მეთოდები
პოლივინილქლორიდის მეტალოპლასტმასების კარ-ფანჯრების მრავალწლიანმა მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათი მხოლოდ ქაფით ჩამაგრების მეთოდი საფუძველშივე მცდარია იმის გამო, რომ ერთის მხრივ - სამონტაჟო ქაფი არის შესანიშნავი გამასქელებელი, რომელიც იცავს ქარისგან, სიცივისგან და ხმაურისგან, ხოლო მეორეს მხრივ, იგი თავადაც ითხოვს დაცვას მზისგან და ნესტისგან.
მონტაჟი პოლიურეთანის ლენტით:
1. შენობის გარე მხრიდან, სამონტაჟო ღიობებში აყენებენ წინასწარ შეკუმშულ, თვითგაფართოებად ჰიდროიზოლაციურ ლენტს, რომელიც დამზადებულია ელასტიური პოლიურეთანისგან. ეს ლენტი საიმედოდ იცავს ღიობს ყველა გარე კლიმატური ფაქტორისგან;
2. ამის შემდეგ ღიობს შიგნდან ავსებენ პოლიურეთანის ქაფით;
3. სამონტაჟო ღიობს შიგნიდან აკრავენ პაროიზოლაციური ლენტს, რომელიც დამზადებულია ბუტილკაუჩუკისგან ან ალუმინის ფოლგისგან (დამოკიდებულია ფანჯრის მასალაზე).
ასეთი ლენტები არ ატარებენ ღიობში ზედმეტ ტენს, რომელსაც შეიცავს შენობაში არსებული ჰაერი.
4. პოლივინილქლორიდის ფანჯრის “სლივის“ ქვეშ აყენებენ წყლისგან დამცავ დიფუზიურ ლენტს, რომელიც დამზადებულია პოლიესტერული ქსოვილისგან და რომელიც მჭიდროდ არის მიკრული როგორც კედელზე, ასევე მეტალოპლასტმასის ფანჯრის ჩარჩოზე.
მონტაჟი სპეციალური ჰერმეტიკით:
• გარედან სამონტაჟო ქაფს ფარავენ სპეციალური პარაგამჭოლი ჰერმეტიკით, რათა დაცული იქნას ღიობი ყველა გარე კლიმატური ფაქტორისგან;
• ამის შემდეგ ღიობს შიგნიდან ავსებენ პოლიურეთანის ქაფით;
• შიგნიდან ქაფს იცავენ სპეციალური პარაიზოლაციური ჰერმეტიკით - შენობაში არსებული ტენიანი ჰაერისგან იზოლაციის მიზნით;
სამონტაჟო ნაწიბური
ეს არის კვანძი, სადაც ხდება კედლისა და ფანჯრის კონსტრუქციების შეპირაპირება.
ეს კონსტრუქციები არის აბსოლიტურად განსხვავებული თვისებების მქონე, მათ შორის თბოტექნიკის თვალსაზრისით (თბური ენერგიის მიღება სხვადასხვა წყაროდან, მისი გამოყენება, მართვა და განაწილება).
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კვანძები გაკეთდეს იმგვარად, რომ არ წარმოიქმას ცივი ჰაერის „ხიდები“ ფანჯრის ფერდოებზე (ატკოსებზე).
ძირთადად, სიცივის „ხიდების“ პრობლემა ახასიათებს ერთშრიანი კედლის კომსტრუქციებს, რომელსაც ძირითადად ძველი ტიპის სახლებში იყენებდნენ (მთლიანი აგური, კერამზიტობეტონი და ა.შ).
ასეთ შემთხვევებში სუსტ ზონას წარმოადგენს თავად კედელი - ფანჯრის ჩარჩოს ირგვლივ - თბოგადაცემის მიმართ მისი სუსტი წინააღმდეგობის გამო. ამის გამო ფანჯრის ფერდოებზე წარმოიქმნება ზონა, რომელზეც ხდება სითბოს მნიშვნელოვანი დაკარგვა და გროვდება დიდი რაოდენობით კონდენსატი.
თუ ნესტის კონდენსაცია ფანჯრის ფერდოებზე ხშირად ხდება, შესაძლოა ამ ადგილებში გაჩნდეს ობი და სოკო.
ექსტრემალურ შემთხვევებში (თუ შენობა აშენებულია დაბალხარისხიანი სილიკატური აგურით), ფანჯრის ჩარჩოს მახლობლად, შენობის მხარეს შესაძლოა წარმოიქმნას უარყოფითი ტემპერატურა, რაც შეიძლება გახდეს ძალიან დიდი რაოდენობის კონდენსატის დაგროვების მიზეზი. ასევე არ არის გამორიცხული ყველაზე ცივ მონაკვეთებზე ყინულის წარმოქმნაც.
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დაყენება ხდება შენობაში, რომლის კედლებიც წარმოადგენს ერთშრიან კონსტრუქციას, ფანჯრის ჩარჩო უნდა განთავსდეს კედლის შიდა ზედაპირიდან იმ მანძილზე, რომელიც არ აღემატება მისი სისქის 2/3-ს.
თუ კედელში არსებობს ეფექტური მათბუნებელი (მინერალური ბამბა ან ცეცხლგამძლე პენოპოლისტიროლი), ამ შემთხვევაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი უნდა მოხდეს ან მათბუნებლის მიმართ ერთ სიბრტყეზე ან მისგან მეოთხედის დაცილებით.
ისეთ კედლებზე, რომელშიც კომბინირებულია გაზობეტონი გარე პირნაკეთობით და მეოთხედი აგური, როგორც წესი სიცივის „ხიდების“ წარმოქმნის პრობლემა არ არსებობს, რაც გაზობეტონის კარგი თბოტექნიკური მახასიათებლების დამსახურებაა.
ფანჯრების ჩამაგრება ღიობებში
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის სპეციფიკას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი სითბური გაფართოები უნარი.
ეს ნიშნავს, იმას, რომ პოლივინილქლორიდის ფანჯრების მზის სხივებით გათბობის დროს, ჩარჩოს ძელაკები და საგდულები იზრდება ზომებში.
თეთრი ფერის ფანჯრებისთვის - თბური გაფართოების სიდიდედ იყენებენ პირობით მაჩვენებელს - 0.8 მმ - ერთ გრძივ მეტრზე.
ფერადი ფანჯრების გაფართოების მაჩვენებელი კი არის 1.2მმ - ერთ გრძივ მეტრზე.
(თბო გაფართოების მაჩვენებლებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ თეთრ ფერის პროფილები თბება მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე ფერადი პროფილები).
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხდება ფანჯრების ჩამაგრება კედელში სპეციალური ანკერების (კავების) საშუალებით.
თბური გაფართოებისთვის განკუთვნილი ღრეჩოების გათვალისწინება - მნიშვნელოვანი პრინციპია კარ-ფანჯრების მონტაჟის დროს.
მათი დარღვევის შემთხვევაში, ფანჯრის კონსტრუქციები ექსპლუატაციის დროს შესაძლოა დაზიანდეს.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სითბური გაფართებისთვის განკუთვნილი ღრეჩოების გათვალისწინება იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება შემინვის დიდგაბარიტიანი ელემენტების მონტაჟი: ერკერები, ვიტრინები, მთელი სართულის შემინვა და ა.შ.
ფანჯრის დამაგრების პრინციპი ასეთია: მეტალოპლასტმასის ფანჯრის კუთხეები, მათ შორის იმპოსტური (ბრტყელი ან პროფილირებული თარო, რომელსაც ეყრდნობა თაღის ქუსლი) შეერთებები უნდა დარჩეს თავისუფალი, ხოლო დამამაგრებელი ელემენტების მიმაგრების ბიჯი მთელს პერიმეტრზე უნდა შეადგენდეს თეთრი პროფილებისთვის არაუმეტეს - 70 სმ-ს, ხოლო ფერადი პროფილებისთვის - არაუმეტეს - 60 სმ-ს.
ფანჯრის მთელს პერიმეტრზე უნდა არსებობდეს ღრეჩო პროფილის ზომების სითბური ცვალობადობის კომპენსაციისათვის.
ეს ყველაფერი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის მთავარი პრინციპებია, თუმცა არსებობს ბევრი ნიუანსი, რომელაც აქ ვერ დავწერთ, რადგან მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
მთავარი მაინც ადამიანური ფაქტორია - რამდენად პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები ასრულებენ სამონტაჟო სამუშაოებს.