პროპორციული საარჩევნო სისტემა აგებულია არა უმრავლესობის, არამედ მიღებულ ხმებსა და მოპოვებულ მანდატებს შორის პროპორციულობის პრინციპზე.
პროპორციული საარჩევნო სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალმანდატიან და საერთო-სახელწიფოებრივ საარჩევნო ოლქებში.
ერთმანდატიან ოლქში ამ სისტემის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ერთი ადგილი არ შეიძლება გადანაწილდეს სხვადასხვა კანდიდატებს ან პარტიულ სისტემებს შორის.
პროპორციულ საარჩევნო სისტემის დროს, მთავარია არა ხმათა უმრავლესობის დადგენა (თუმცაღა, რა თქმა უნდა ხმების დათვლა აუცილებელია), არამედ საარჩევნო კვოტის გამოთვლა.
საარჩევნო კვოტა - ეს არის ხმათა მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია თუნდაც ერთი კანდიდატის ასარჩევად.
საარჩევო კვოტის გამოსათვლელი მეთოდებია:
− ბუნებრივი კვოტა;
− ხელოვნური კვოტა;
კვოტის ყველაზე მარტივი გამოთვლის მეთოდია ეგრეთ წოდებული ბუნებრივი კვოტის გამოთვლა (კვოტის გამოთვლა ჰეირ-ნიმეიერის მეთოდით) ეს მეთოდი გამოიყენება მაგალითად რუმინეთში და ესტონეთში.
მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: საარჩევნო ოლქში მიცემული ხმების საერთო რაოდენობა, იყოფა ოლქში არსებულ სადეპუტატო ადგილების რაოდენობაზე.
ზოგიერთ ქვეყანაში კვოტის გამოთვლა შემდეგნაირად ხდება - მანდატების რიცხვს უმატებენ ერთ ან ორ ერთეულს, შედეგად კვოტა გამოდის ნაკლები, ხოლო მეტი ადგილების განაწილების შესაძლებლობა იზრდება.
ამ გზით მიღებულ შედეგს ხელოვნურ კვოტას უწოდებენ, ხოლო გამოთვლის მეთოდს - ჰაგენბახ-ბიშოპის მეთოდს (სისტემას).
ბუნებრივი და ხელოვნური კვოტების გამოთვლის გარდა, გამოიყენება საარჩევნო კვოტის გამოთვლის სხვა მეთოდებიც.
ასეთ მეთოდებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მათემატიკოს დ’ონდტის მეთოდი,
ამ მეთოდის მიხედვით, თითოეული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა თანმიმდევრულად ნატურალურ რიცხვთა მწკრივზე (1-ზე, 2-ზე, 3-ზე და ა.შ).
მიღებული რიცხვები ლაგდება კლებადობის მიხედვით. შესაბამისად კვოტა იქნება ის რიცხვი, რომლის რიგითი ნომერი მანდატების საერთო რაოდენობას ემთხვევა.
პროპორციული საარჩევნო სისტემისას, ზოგჯერ შეიძლება გაიმართოს მეორე ტური.
ასეთ შემთხვევაში, მეორე ტურზე დაიშვებიან ის პარტიები, რომელთაც ხმათა რაოდენობის გარკვეული პროცენტის მოგროვება შეძლეს (მაგ. საბერძნეთში არა ნაკლებ 17%).
მეორე ტურისთვის საარჩევნო კვოტის გამოთვლა ახლებურად იწარმოება. შედეგი გამომდინარეობს დარჩენილი, არაჩანაცვლებითი ადგილებიდან.
შერეულის სისტემის დროს, ამომრჩეველს გააჩნია ორი ხმა. ერთ ხმას იგი აძლევს ოლქის კონკრეტულ კანდიდატს, მეორეს კი ამა თუ იმ პარტიას საერთო-სახელმწიფოებრივი სიიდან.
პირველ შემთხვევაში ხმები ითვლება მაჟორიტარული სისტემით, ხოლო მეორე შემთხვევაში პროპორციული სისტემით.
პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს არსებობს მანდატების განაწილების დამატებითი წესები, ზოგ შემთხვევაში ხდება ამ წესების კომბინირება.
- პირველი წესის დროს - კვოტით გათვალისწინებულ, მორჩენილ და გაუნაწილებელ ადგილებს, რიგითობით იღებენ ის პარტიები, რომელთაც ხმების უფრო მეტი ნაშთი გააჩნიათ.
- მეორე წესის დროს - კვოტით გაუნაწილებელ ადგილებს, რიგითობის მიხედვით, პრემიის სახით იღებენ ის პარტიები, რომელთაც დააგროვეს ხმების უფრო მეტი რაოდენობა.
კიდევ ერთი წესია ე.წ დაჯამების წესი, რომლის მიხედვით, ჯამდება პარტიათა მიერ მიღებული ხმების ნაშთი (ცალ-ცალკე აღებული ოლქების მაშტაბით) და გაუნაწილებელი ადგილები (მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით), შემდეგ კი გამოითვლება ახალი კვოტა, რომლის მიხედვითაც ხდება დარჩენილი ადგილების განაწილება პარტიებს შორის.
საარჩევნო ბარიერის გადალახვის წესი - იმ პარტიების გაუნაწილებელი მანდატები, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიების შორის, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი.
თუმცა პროპორციული საარჩევნოს სისტემის დამახინჯება შესაძლებელია რამოდენიმე ხერხის საშუალებით:
პანაშირება - ამომრჩეველს აქვს უფლება, ხმა მისცეს კანდიდატებს სხვადასხვა პარტიული სიებიდან, ანუ ორიენტირი აიღოს და დაეყრდნოს არა ამა თუ იმ კადიდატის პარტიულ კუთვნილებას, არამედ მის ღირსებასა და პიროვნულ თვისებებს.
სიების შეერთება, ანუ ბლოკის შექმნა - როცა პარტიები გამოდიან არჩევნებზე ერთ ბლოკად და გააჩნიათ კანდიდატთა საერთო სიები. ხოლო მას შემდეგ, რაც საერთო სია მოიპოვებს მანდატების გარკვეულ რაოდენობას, იყოფენ მას ერთმანეთში.
საარჩევნო ბარიერი - კანონის მიერ დადგენილია ამომრჩეველთა ხმების მინიმალური პროცენტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა გახდეს სადეპუტატო მანდატების მფლობელი.
ეს საშუალებას იძლევა შეიქმნას პარლამენტში როგორც მსხვილი, ასევე მცირე საპარლამენტო ფრაქციები.
პროპორციული საარჩევნო სისტემის მრავალსახეობად მიიჩნევა - ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემა, როდესაც ამომრჩეველს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება, მაგრამ მისი გამოყენება შეუძლია არა პარტიულ სიაზე, არამედ ნებისმიერი პარტიული სიიდან ერთადერთი კანდიდატისთვის, პრეფერენციული (უპირატესი) ხმის მისაცემად.
პროპორციული სარჩევნო სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნას განაწესის მიხედვით, ან ერთობლივად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებთან ერთად.
თუ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის დამახინჯებული დამატებითი შესწორებებით, იგი ყველაზე დაბალანსებულად გამოხატავს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას.
იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ