ლუდის ბაბილონური ისტორია
სავარაუდოდ ლუდი ალკოჰოლური სასმელების ყველაზე უძველესი სახეობაა. იმდენად ძველი, რომ მისი პირველშემქმნელის ვინაობის დადგენა ძალიან რთულია. პირველი ცნობები ლუდის შესახებ ათი ათასი წლით თარიღდება.
კვლევების მიხედვით ცხადი გახდა, რომ რომ ლუდის მოხარშვის კულტურა მჭიდრო კავშირში იყო მიწათმოქმედების კულტურასთან და ლუდის ისტორია სათავეს იღებს დაახლოებით იმ პერიოდოდან, როცა ადამიანებმა ისწავლეს ხორბლისგან პურის დამზადება.
სავარაუდოდ, ლუდის დამზადება და აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა თანამედროვე სირიისა და ირანის ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი თიხის დაფები (ფირფიტები), რომელზეც ლუდის ხარშვის პროცესი იყო გამოსახული.
არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს დიდი ტევადობის ვიწრო ყელიანი უძველესი თიხის ჭურჭელი, რომელშიც, როგორც ჩანს, მარცვლეული ინახებოდა. რა თქმა უნდა, ჭურჭელში ზოგჯერ ხვდებოდა წვიმის წყალი. თბილ კლიმატში მარცვლეული ღვივდებოდა და იწყებოდა დუღილის პროცესი.
ცნობილია, რომ დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინ, შუამდინარეთში (მესოპოტამია) ტიგროსსა და ევფრატს შორის, არსებობდა შუმერების ძლიერი და მრავალი თვალსაზრისით იდუმალი ცივილიზაცია. მათმა მაღალგანვითარებულმა კულტურამ შექმნა ისტორიაში პირველი ლუდის წარმოება.
შუმერები ქვის დოლაბებით ფქვავდნენ ქერისა და სპელტის (ასლისებრი ხორბალი - დღევანდელი ხორბლის წინაპარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, უმატებდნენ სურნელოვან ბალახებს და ადუღებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი იღებდნენ გემრიელ, გამაგრილებელ სასმელს, რომელიც ძალიან წააგავდა იმას, რასაც დღეს ლუდს ვუწოდებთ.
მესოპოტამიის მცხოვრებლები (შუმერები, ასურელები, ბაბილონელები) ამზადებდნენ 70-ზე მეტი სახეობის ლუდს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით, გემოთი და სხვა თვისებებით. შესაბამისად განსხვავებული იყო მათი სახელწოდებებიც.
შუმერების ღმერთებს შორის საპატიო ადგილი ეკავა ლუდის ქალღმერთს ნინკასი (შუმერულად - „სიკარუ"), რომელიც ლუდის მფარველად არის მიჩნეული. შუმერებმა ქალღმერთს მიუძღვნეს "ნინკასის ჰიმნი", ასეთი ჰიმნები მრავლად იქნა აღმოჩენილი შუმერულ თიხის ფირფიტებზე და შეიცავდა ლუდის ხარშვის სხვადასხვა მეთოდებს და მათი დამზადების რეცეპტებს. ამგვარი სახით შუმერები თაობიდან თაობებს გადასცემდნენ ლუდის დამზადების წესებსა და მეთოდებს.
აღსანიშნავია, რომ უძველეს შუმერულ საზოგადოებაში ქალებს საკუთარი ოჯახების ლუდითა და პურით უზრუნველყოფა ევალებოდათ.
ლუდის 15-მდე სახეობა აღმოაჩინა ცნობილმა გერმანელმა არქეოლოგმა ე. ჰუბერმა, რომელმაც გაშიფრა თიხის ფირფიტებზე ლურსმული დამწერლობით დატანილი წარწერები და სხვადასხვა გამოსახულებებიდან ლუდის მომზადების 23 ვარიანტი შექმნა.
საკუთარ ნაშრომში "მესოპოტამიის ისტორია", ჰუბერი აღნიშნავდა, რომ აღმოაჩინა შუმერული ლუდის საინტერესო რეცეპტები, რომელიც ჩვენს ერამდე მესამე ათასწლეულის ტაძრის საცავებში ინახებოდა.
ლუდის ხარშვას მხარს უჭერდნენ მსხვილი მიწათმფლობელები, რომლებიც ლუდის სახარშებს ამარაგებდნენ მარცვლეულით, დასაფქვავი მოწყობილობით, დუღილისთვის საჭირო თიხის ჭურჭლით და სხვა საჭირო ნედლეულით.
ბაბილონში არსებობდა შერეული სახეობის ლუდი, რომლის დასამზადებლად გამოიყენებოდა სპელტი და ქერი. ბაბილონელები იყვნენ პირველები, რომლებმაც შეგნებულად გამოიყენეს გაღვივებული ალაოს (ხელოვნურად გაღივებული, ფერმენტების შემცველი მარცვლეული (ხორბალი, ქერი და სხვ...)
ლუდს უმატებდნენ სხვადასხვა სანელებლებს, თუმცა არ იყენებდნენ სვიას. შესაძლოა მის შესახებ ძველი ბაბილონელებისთვის უცნობი იყო, ან უბრალოდ არ სურდათ მისი გამოყენება. ამგვარად, ბაბილონელთა და შუმერების ლუდს ტკბილი გემო ჰქონდა, ჩვენთვის ჩვეული სვიის მომწარო გემოს გარეშე.
უკვე იმ დროისათვის, ლუდი მომგებიან საქონლად იქცა. გაჩნდა ლუდის წარმოების კომერციული ცენტრები, მაგალითად, მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწიფო ურში, ლუდს პროფესიონალურად აარმოებდნენ გაყიდვის მიზნით.
შუმერებს ასეთი გამოთქმაც კი ჰქონდათ: „არ იცოდე რა არის ლუდი, ნიშნავს, რომ არ იცოდე რა არის სიხარული“.
სპარსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წარმოებული არქეოლოგიური კვლევების წყალობით, ცნობილი გახდა, თუ როგორ აწარმოებდნენ და ინახავდნენ ლუდს დაახლოებით 3500 წლის წინათ.
ქალაქ სუსას გათხრების დროს აღმოაჩინეს დიდი სფერული თიხის ჭურჭელი, რომლებიც სახლების იატაკის ქვეშ იყო ჩამარხული. ლუდის ეს უზარმაზარი სურები დახურული იყო შუაში გახვრეტილი კერამიკული ფირფიტებით.
ლუდს ან ნახვრეტიდან ამოხაპავდნენ, ან სპეციალურ მილის საშუალებით პირდაპირ სურიდან სვამდნენ. ვარაუდობენ, რომ მილით ლუდის დალევა აუცილებელი იყო ზედაპირზე არსებული დაფქული ალაოს ნაწილაკებით გაჯერებული უხვი ქაფის და ჭურჭლის ფსკერზე არსებული ნალექის გამო. მილის საშუალებით შეიძლებოდა შეიძლებოდა ლუდის ამოღება სურის შუა ნაწილიდან, სადაც არ იყო მყარი, დაუშლელი ნაწილაკები.
მილის მეშვეობით ლუდის დალევის პროცესი გამოსახულია იმ ეპოქის კლდეებზე გამოსახულ მრავალრიცხოვან ნახატებზე.
არქეოლოგებმა ისიც კი გაარკვიეს, რომ საცხოვრებელ სახლებში ლუდის ასეთი ჭურჭლები შენობის იატაკის ქვეშ იყო განთავსებული და განკუთვნილი იყო მამაკაცების თავყრილობებისთვის, რაც ნიშნავდა იმას, რომ მამაკაცები უკვე იმ დროს იყვნენ დაკავებული ლუდის ხარშვითა და მისი მოხმარებით.
(სხვათა შორის, გასული საუკუნის ბოლოს, კარლსრუეში (გერმანია), ლუდსახარშმა Hoepfner-მა გადაწყვიტა ექსპერიმენტების ჩატარება უძველესი ცივილიზაციის ისტორიული მემკვიდრეობის გამოყენებით.
რამდენიმე თვის განმავლობაში საცდელად იყენებდნენ მარცვლეულისა და სანელებლების სხვადასხვა კომბინაციებს, რის შემდეგადაც ასურული დაწესებულების - „Nacht von Susa“ („ღამეები სუზაში“) სტილში, ინტერნაციონალურ პუბლიკას (მათ შორის პროფესიონალებს) წარუდგინეს ძველი შუმერებისა და ბაბილონელების რეცეპტების მიხედვით მომზადებული ლუდის სამი სახეობა.
შეფასებები ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა: როგორც უარყოფითი, ასევე ძალიან დადებითი. თუმცა ყველა დეგუსტატორი ერთ რამეზე შეთანხმდა - შუმერული და ბაბილონური ლუდი სრულიად განსხვავდებოდა იმ სასმელისგან, რომელსაც დღეს ლუდს უწოდებენ).
ლუდის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს შეიცავს ცნობილი ჰამურაბის (ხამურაბი) კოდექსი. ბაბილონის დიდმა მეფემ ჰამურაბიმ, რომელმაც დაიმორჩილა მესოპოტამია და ასურეთი, სხვა კანონებთან ერთად, დააწესა ლუდის წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული წესები.
1902 წელს სუზას მახლობლად აღმოაჩინეს მომწვანო-მოშავო დიორიტის ორმეტრიანი სვეტი, რომელზე კანონები ლურსმნული დამწერლობით, პარაგრაფებად იყო დატანილი. ეს არის კანონების უძველესი კრებული, რომელსაც ჰამურაბის კოდექსი ჰქვია. იგი შედგენილია ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 1700 წლით ადრე.
ცნობილი აღმოჩენა ამჟამად ლუვრში ინახება.
ჰამურაბის კოდექსი შეიცავს ორ პარაგრაფს, რომლებიც ეხებოდა ლუდის წარმოებას და რეალიზაციას.
პირველი პარაგრაფი ლუდის ფასზე შეზღუდვებს აწესებდა (მარცვლეულის ფასთან მიმართებაში) და მიმართული იყო ვაჭრების მიერ ლუდის რეალიზაციის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. თუ ლუდის მეპატრონე მარცვლეულის ფასთან შედარებით ლუდის ფასს ძალიან გაზრდიდა და ეს დადასტურებოდა, მას წყალში ან საკუთარ ლუდში ახრჩობდნენ.
მეორე პარაგრაფის დანიშნულება იყო ბრძოლა გაყალბების წინააღმდეგ: თუ ლუდის ფალსიფიკატორი გამოვლინდებოდა, მას საკუთარ ფალსიფიცირებულ ლუდს იქამდე ასმევდნენ, სანამ სიკვდილამდე არ მიიყვანდნენ.
იქვე მითითებული იყო, რომ ლუდის დაწესებულებაში მომხმარებელთა შორის პოლიტიკური დისკუსიების გამო, სიკვდილით დაისჯებოდა დაწესებულების მფლობელი.
ამგვარი სასტიკი ზომების გარდა, ჰამურაბის კოდექსი ასევე იუწყებოდა, რომ იმ პერიოდში თითქმის ყველა წამალს ან ლუდში ხსნიდნენ ან ლუდს აყოლებდნენ.
ლუდის მწარმოებელთა კავშირი ცოტა უფრო გვიან პერიოდში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 562-605 წლებში ნაბუქოდონოსორის მეფობის დროს ჩემოყალიბდა.
ლუდის ეგვიპტური ისტორია
არქეოლოგებმა ლუდსახარშების განვითარების შესახებ დასაბუთებული მტკიცებულებები აღმოაჩინეს ძველ ეგვიპტეში.
თავდაპირველად ეგვიპტელები ლუდს ბაბილონში ყიდულობდნენ და სასმელმა თანდათან მათი სიმპათიაც მოიპოვა. რასაკვირველია, პაპანაქება სიცხეში აქლემებით შორი გზის გადალახვის დროს, ლუდი კარგავდა თავისი ღირსებების უმეტეს ნაწილს. ამიტომ ნილოსის ხეობის მაცხოვრებლებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ თავად აეთვისებინათ ლუდის წარმოება. ისინი ასეც მოიქცნენ ლუდი მალევე იქცა ერთ-ერთ ძირითად საკვებ პროდუქტად და ეროვნულ სასმელად.
ტრაპეზის აღმნიშვნელი ძველი ეგვიპტური იეროგლიფი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "პური და ლუდი", რაც ნიშნავს, რომ იმ პერიოდში უკვე არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა საკვებს, პურსა და ლუდს შორის.
ფარაონების დროს ეგვიპტელებს შესანიშნავად ჰონდათ ათვისებული ქერის ალაოთი ლუდის დამზადების ხელოვნება. მათ ასევე იცოდნენ ლუდის მოხარშვა სხვა მარცვლეულისგან, თუმცა ამას ბაბილონელებისგან განსხვავებით სხვანაირად აკეთებდნენ.
ხორბლისგან ლუდის დამზადებას ეგვიპტელები ნაყოფიერების ღმერთს ოსირისს უკავშირებენ. ძველი ეგვიპტური ლუდი, რომელსაც „ხაკი“ ეწოდებოდა, მაგარი იყო და ტკბილი გემო ჰქონდა. ეგვიპტელები მას შხამიანი მანდრაგორით აზავებდნენ, რომელსაც სასწაულებრივ თვისებებს მიაწერდნენ. გარდა ამისა, სხვადასხვა სახეობის ლუდს უმატებდნენ ზაფრანას, ანისულს და სხვა სანელებლებს.
უძველესი ეგვიპტური ლუდის რეცეპტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წლით თარიღდება. ეგვიპტელები ლუდის ნალექს განსაკუთრებულ სამკურნალო ეფექტს მიაწერდნენ. მას იღებდნენ როგორც პერორალულად (პირდაპირ სვამდნენ), ასევე სხვადასხვა სახის ნახარშებისთვის იყენებდნენ. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ლუდისგან მიღებული სიამოვნება სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. მითებს ლუდის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ თავად ქურუმები ავრცელებდნენ.
ლუდი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ძველი ეგვიპტელების ცხოვრებაში. ეს იყო სასმელი, რომელსაც სვამდნენ არა მხოლოდ სიამოვნებისთვის (თუმცა მემთვრალეობა მკაცრად იყო დაგმობილი), არამედ იყენებდნენ რელიგიურ რიტუალებში და სამედიცინო მიზნებისთვის (ანესთეზიისთვის).
ისევე, როგორც შუმერებს, ეგვიპტელებსაც ჰყავდათ ლუდის ქალღმერთი - მენკეტი, რომელიც ძველ ეგვიპტურ პეგამნეტებზე გამოსახულია როგორც ქალი ლუდის სურით ხელში.
ლუდი ღმერთების შესაწირავის ნაწილი იყო, რომელიც უკავშირდებოდა სხვადასხვა რიტუალებს და ღმერთების პატივსაცემად მოწყობილ რელიგიურ დღესასწულებს. ლუდთან მენკეტის გარდა ასოცირდებოდნენ სხვა ეგვიპტური ქალღმერთები: ჰატჰორი, მუტი, სეხმეტი, ტეფნუტი და ბასტეტი.
უძველესი სამარხების ბარელიეფებზე შემორჩენილია ლუდთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები, რომელზეც ქურუმების მიერ ღმერთებისათვის ლუდით მსხვერპლშეწირვის სცენებია გამოსახული.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1250 წელს ფარაონმა რამზეს II-მ ლუდის მოხმარების შეზღუდვა სცადა და პურველად ლუდი საკუთარ თავს აუკრძალა, რათა სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი გამხდარიყო, თუმცა ეგვიპტური საზოგადოების უმაღლესი ფენა უპირატესობას ტრადიციულად ისედაც ღვინოს ანიჭებდა და არა ლუდს.
ლუდით ვაჭრობა აიკრძალა და დაიხურა ყველა ის დაწესებულება, სადაც „ხაკი“ იყიდებოდა, თუმცა ძველი ეგვიპტური ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანია არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ხალხი ლუდის სმას მაინც განაგრძობდა. ლუდსახარშებს კი ეგვიპტეში იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლების ამსახველი ქანდაკებები სამარხებში იყო განთავსებული. ისევე, როგორც ნინევიაში (ასურეთის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი).
მიუხედავად იმისა, რომ ძველ ეგვიპტეში ლუდის მოხმარება ყოველთვის მაღალი იყო, არცერთ ფარაონს (არც რამზეს II-ს) ათასობით წლის განმავლობაში არ მოსვლია აზრად ლუდის წარმოებაზე გადასახადების დაწესება, თუმცა სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე აუტანელი გადასახადები იყო დაწესებული.
პირველი, ვინც ამაზე დაფიქრდა, იყო ცნობილი კლეოპატრა, პტოლემეების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც ეგვიპტეში მეფობდა ძვ.წ. 69-დან 30 წლებში.
კლეოპატრას სურდა პირამიდების მშენებლობის განახლება, რისთვისაც ფული სჭირდებოდათ, და სწორედ ეს გახდა მიზეზი ლუდზე გადასახდის დაწესებისა, თუმცა ოფიციალური ვერსიად ხალხის სიფხიზლეზე ზრუნვა დასახელდა. ეს იყო ისტორიაში ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის დაწესებული პირველი გადასახადი.
გარდა ამისა, პირამიდების მშენებელთა რაციონში ლუდი მთავარი პროდუქტად ითვლებოდა; ხშირად შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად ხელოსნებს ლუდს ურიგებდნენ.
ლუდის ევროპული ისტორია
ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში შევიდა, იქიდან კი კავკასიაში, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX-VII საუკუნეებში ლუდს აწარმოებდნენ ურარტუს სამეფოში (დღევანდელი სომხეთის ტერიტორია). მეცნიერების მოსაზრებით კოლხები ლუდის დამზადების საიდუმლოს ჯერ კიდევ არგონავტების მოგზაურობის დროს ფლობდნენ.
კავკასიიდან ლუდი ევროპის ტერიტორიაზე შევიდა. სკვითები ლუდს ქერის, დაფქვილი ბრინჯის, შვრიის და ფეტვისგან ამზადებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში გალები ამზადებდნენ ლუდის მსგავს სასმელს, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლომდე შემორჩა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბელგიასა და ინგლისში.
დაახლოებით ამ დროით თარიღდება რომაელთა მტკიცებულებები ირლანდიელების მიერ ქერის ალაოსგან დამზადებული სასმელის გამოყენების შესახებ, რომელსაც დამატებული ჰქონდა მცენარეული დანამატები. სვიის შემცვლელად იყენებდნენ მანანას (Calluna) ყვავილებს, ციტისუსის (Cytisus) და აბზინდას (Artemisia) ახალგაზრდა ყლორტებს, დაფნისა და სუროს კენკრას.
მსგავსი დანამატები სვიასთან ერთად მოგვიანებითაც გამოიყენებოდა.
ძველი ბერძნები და რომაელები უპირატესობას ღვინოს ანიჭებდნენ და ცოტა რამ იცოდნენ ლუდის შესახებ. უფრო მეტიც, ისინი ლუდს ბარბაროსების სასმელად თვლიდნენ. თუმცა ბერძნებმა არისტოტელეს ეპოქაში უკვე იცოდნენ ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის ხალხების მიერ ლუდის გამოყენების შესახებ.
გერმანელებმა ლუდის დამზადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში დაიწყეს, ხოლო ჩვენი წელთაღრიცხვით II საუკუნისთვის გერმანული მიწები ევროპაში ლუდსახარშვის ცენტრად იქცა, რის შესახებაც იტყობინებოდა კონსული და რომის იმპერიის პირველი „უცხოელი კორესპონდენტი“ პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, ავტორი ცნობილი ტრაქტატისა: „გერმანელების წარმოშობისა და გერმანიის ადგილმდებარეობის შესახებ“
ტაციტუსი ლუდს მოიხსენიებდა როგორც საშინელ და ბოროტ სასმელს. სხვათა შორის ტაციტუსი შეიძლება მართალიც იყო, რადგან როგორც ცნობილია გერმანელები ლუდის ტკბილის დასამზაებლად იყენებდნენ ყველაფრს, რაც შესაფერისად ეჩვენებოდათ. მაგალითად: მუხის ქერქს, კოპიტის (იფანი) ფოთლებს, ხარის ნაღველს და სხვა...
ასეთი უჩვეულო დანამატები თითქმის ქრისტიანობის ეპოქის დადგომამდე გამოიყენებოდა. უფრო მეტიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბერები აგრძელებდნენ ამგვარ საეჭვო ექსპერიმენტებს და ლუდის დასამზადებლად ღვიას, მოცვსა და სოკოს იყენებდნენ.
ტაციტუსი მივიდა დასკვნამდე, რომ გერმანელების დამარცხება არა მხოლოდ ცეცხლითა და ხმლით, არამედ ადგილობრივი ლუდის წარმოების სტიმულირებითაც შეიძლებოდა, რადგან მისი აზრით ნებისმიერი ეროვნული საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ალკოჰოლის მასიური დანერგვა, გერმანელების დეგრადაციას გამოწვევდა.
ლუდის ხარშვის ტექნოლოგიამ გერმანული მიწებიდან თანდათან გავრცელდა ინგლისსა და სკანდინავიის ქვეყნებში, შემდეგ კი ევროპული კულტურის ექსპანსიის გავლენით მთელს მსოფლიოში
ამ მიზეზების გამო ლუდის სამშობლოდ გერმანია მიიჩნევა. გერმანელებსვე ეკუთვნით ლუდის ევროპული სახელიც. ძველ გერმანულ ენაში ლუდის აღსანიშნავად არსებობდა სიტყვა „bior“, რომელშიც ადვილად შეიძლება ამოიცნოთ ლუდის დღევანდელი გერმანული სახელი „bier“ ან ინგლისური „beer“.
სვიის რევოლუცია
მიუხედავად იმისა, რომ ლუდი ამა თუ იმ ფორმით უხსოვარი დროიდან მრავალ ქვეყანაში არსებობდა, სწორედ სვია იყო პროდუქტი, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ლუდის წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ სვიის კულტურის მოყვანა ევროპაში, დიდი მიგრაციის ეპოქას უკავშირდება.
სვიის შესახებ პირველი ოფიციალური მონაცემები მე-8 საუკუნით თარიღდება, მაგრამ ლუდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სვია მხოლოდ მე-12 საუკუნეში გახდა. პირველად, ლუდში სვიის დამატება დაახლოებით 800 წელს, კარლოს დიდის მეფობის დროს სცადეს. გერმანიაში სვია იმდენად ძვიფას პროდუქტად ითვლებოდა, რომ მისი საშუალებით სახელმწიფო გადასახადებსაც კი იხდიდნენ.
თანდათანობით სვია ევროპულ ვალუტად გადაიქცა, თუმცა არც ისე კონვერტირებადი იყო, რადგან ინგლისში მე-15 საუკუნემდე სვიის მოხმარება აკრძალული იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებში ლუდი ყოველთვის არ იყო ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქტი. მის შემადგენლობაში შედიოდა ჰალუცინოგენური ალკალოიდები, რომელსაც შეეძლო ჰალუცინაციების გამოწვევა, რაც მრავალი ცრურწმენის მიზეზი გახდა.
მე-16 საუკუნის ბოლომდე ევროპაში „ლუდის ჯადოქრებს“ (პირებს, რომლებსაც ლუდის „გაფუჭებაში“ ადანაშაულებდნენ) კოცონზე წვავდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, საქმე არა ჯადოსნობაში, არამედ ტექნოლოგიების არასრულყოფილებაში იყო.
როგორც ჩანს, სწორედ მონასტრებში ლუდში სვიის დამატების იდეა სწორედ მონასტრებში დაინერგა და განხორციელდა. ბერები, ლუდის მწარმოებლებისგან განსხვავებით საკმაოდ განათლებულები იყვნენ. ისინი სისტემატურად ატარებდნენ კვლევებს, იწერდნენ საკუთარი ექსპერიმენტების შედეგებს და ამ გზით მრავალი რეცეპტი შემოუნახეს მომავალ თაობებს.
სამონასტრო ლუდი სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა, რაც ნაწილობრივ ნაწილობრივ სვიის დამსახურება იყო.
ცენტრალურ ევროპაში იმ დროს დაცული საზღვრები არ არსებობდა და ლუდის მოხარშვის საიდუმლო მოგზაური ბერების საშუალებით მონასტრიდან მონასტერს გადაეცემოდა. საბოლოოდ, მონასტრებმა ოფიციალურად მიიღეს ლუდის წარმოებისა და ვაჭრობის უფლება, ისინი გადაიქცნენ ლუდის მომზადების ნამდვილ ფორპოსტებად გადაიქცნენ და ზოგიერთმა მონასტერმა ეს სტატუსი დღემდე შეინარჩუნა.
ევროპაში მონასტრებში ლუდსახარშების განვითარებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ღვთისმოსავი ბერებისთვის მაგარი და ხარისხიანი ლუდის წარმოება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო, რადგან მის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდათ ხანგრძლივი მარხვის დაცვა.
კლიმატით თბილ იტალიაშიც ეს კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ცივ და სუსხიან გერმანიაში, ისეთი მაღალკალორიული საკვების გარეშე გაძლება, როგორიც ლუდი იყო (რომელიც დაშვებული იყო მარხვის დღეებში) გაუსაძლისი იქნებოდა.
მიუხედავად მრავალგზის კამათისა, ქრისტესმიერი ჩრდილოელი ძმებისთვის მარხვის წესები არ შემსუბუქებულა. ასე გაჩნდა მაღალგრადუსიანი ლუდის პირველი სახეობები. ამავე პერიოდში დაიბადა გამოთქმა „ლუდი - თხევადი პურია“.
ლუდი, ბერებისთვის ნამდვილი შვება იყო, რადგან კლერიკალური პრინციპი იყო „სითხე მარხვას არ არღვევს“. პაპი ალბათ შეცვლიდა ამ პრინციპს, მაგრამ ბერების რაციონში ლუდის არსებობა გონივრულად იმალებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, მე-9 საუკუნეში, ლუდი ბერებისთვის თითქმის აკრძალული იყო, მაგრამ ეკლესიის ერთ-ერთ იერარქს გაუჩნდა „მხსნელი იდეა“, რომ ლუდი წმინდა სასმელად გამოეცხადებინათ. შედეგადაც, ლუდი ნებადართული გახდა, თუმცა მისი მიღება რეგლამენტირებული იყო: წესების თანახმად, ყველაზე ღატაკ მონასტერში ყოველი ბერი დღეში ერთ ლიტრზე მეტ ლუდს იღებდა (ნახევარ ლიტრ ღვინოსთან ერთად). მდიდარი მონასტრის ბერებს კი შეეძლოთ ყოველდღიურად სასმელის თითქმის სამმაგი დოზით დამტკბარიყვნენ.
ბევრი მონასტერი ლუდს გაყიდვის მიზნით აწარმოებდა, რაც არც თუ ისე ცუდი ბიზნესი გახლდათ. ასეთი იყო მაგალითად ლუდსახარში ვაიენშტეფანის (Weihenstephan) მონასტერში (ფრაიზინგის მახლობლად), რომელიც 1040 წელს დაარსდა.
ვაიენშტეფანს თამამად შეიძლება ეწოდოს მსოფლიოში ყველაზე უძველესი მოქმედი ლუდსახარში. 1803 წელს მონასტრის ლუდის წარმოება ხელში აიღო ხელისუფლებამ და იგი სასოფლო-სამეურნეო სკოლას შეუერთა. დღესდღეობით ვაიენშტეფანი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაა.
სხვადასხვა ქვეყნებსა და ცივილიზაციებში ლუდის დასამზადებლად სვიასთან ერთად სხვადახვა ნედლეულს იყენებენ: ჩინეთში - ბრინჯს, ინდოეთში - გარეული ფუტკრის თაფლს, ბანანს, შაქრის ლერწამს და წიწაკას, იაპონიაში - ცერცვსა და სოიოს, აფრიკაში - სიმინდს, ირანში - ფინიკს, ცეილონსა და პოლინეზიაში - პალმის წვენსა და ნაყოფს და ა.შ...
წინ, თანამედროვე ლუდის წარმოებისკენ
უკვე თავისუფლად შეიძლება იმდროინდელი ლუდის დღევანდელისთვის შედარება. თუმცა, იმ დროს ლუდს ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ სვიის დამატების გარეშეც ადუღებდნენ. მათ არ იცოდნენ საფუარის გამოყენება, რომელიც იწვევს ალკოჰოლურ დუღილს.
დუღილის პროცესი თვითდინებაზე იყო მიშვებული და სპონტანურად მიმდინარეობდა. შედეგად ზოგჯერ იღებდნენ ლუდს, რომლის ქაფი სწრაფად „ჯდებოდა“, ხოლო ლუდის ფერი იყო ღია ან მუქი (დამოკიდებული იყო ალაოს შემადგენელ კომპონენტებზე). ლუდს მოძველებული გემო ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ახალი მოხარშული და ჩამოსხმული იყო.
მონასტრების ლუდსახარშების გარდა, შუა საუკუნეებში გამოჩნდნენ მუნიციპალური ლუდსახარშები, ხოლო ლუდის მწარმოებლები გილდიებში გაერთიანდნენ. ახლანდელ ჩეხეთში, პლზენსა და ჩესკე-ბუდეიოვიცეში, კომერციული ლუდის წარმოება დაიწყო მე-13 საუკუნეში.
XV საუკუნის დასაწყისში, ჩესკე-ბუდეიოვიცეში არსებული ლუდსახარშები ლუდით ამარაგებდნენ ბოჰემიის სამეფო კარს. სწორედ მაშინ გაჩნდა ადგილობრივი ლუდის დევიზი „სამეფო ლუდი“. დაახლოებით იმავე პერიოდში, საკუთარი გილდიები შექმნეს გერმანელმა ლუდის მწარმოებლებმა.
ინგლისში ლუდი (უფრო ზუსტად მისი სახეობა - ინგლისური ale (ელი) მე-14 საუკუნის ბოლოსთვის მთავარ ეროვნულ სასმელად იქცა.
მე-13 საუკუნეში, ჩრდილოეთ გერმანიაში უკვე საკმაოდ კარგ ლუდს ხარშავდნენ და გარანტიას იძლეოდნენ, რომ იგი ჯანმრთელობისთვის უვნებელი იყო. ჰანზაში (ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო და პოლიტიკური კავშირი შუა საუკუნეებში) შემავალ ქალაქებში ლუდსახარშის ნამდვილი ბუმი იყო. ბუმმა პიკს ბრემენში მიაღწია. მე-15 საუკუნის ბოლოს ჰამბურგში 600-მდე ლუდსახარში ირიცხებოდა.
ჰამბურგისა და ლიუბეკის თვითმართველობის საკუთრებას წარმოადგენდა ლუდისა და ღვინის მარნები. ლუდი მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყო, რომელიც ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ბევრ ქვეყანას მიეწოდებოდა.
გერმანული ლუდის კულტურის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა 1516 წელს მიღებულმა ბავარიულმა კანონმა ლუდის რეცეპტის მკაცრად დაცვის შესახებ. კანონის მიხედვით, რომლის სახელწოდება იყო Reinheitsgebot (სისუფთავის მცნება), ლუდის მოხარშვა შეიძლებოდა მხოლოდ ქერის (მოგვიანებით ქერის ალაოს), სვიისა და სუფთა წყლის გამოყენებით. ვინაიდან იმ დროს საფუარი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, დუღილის პროცესი შემთხვევითობის პრინციპზე იყო დამოკიდებული.
კანონი ძალიან მკაცრი იყო - ვინც ლუდს აზავებდა და მის ფალსიფიკაციას ეწეოდა, მკაცრად აჯარიმებდნენ. ვინც კანონს მაინც არ ემორჩილებოდა, საკუთარ ლუდში ახრჩობდნენ. Reinheitsgebot გერმანიაში დღესაც მოქმედებს. იგი მსოფლიოში უძველესი საკანონმდებლო აქტია, რომელიც არეგულირებს სურსათის წარმოებას და იცავს მომხმარებელთა უფლებებს.
ლუდის წარმოების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მე-19 საუკუნეში ლუი პასტერის მიერ საფუარის სოკოების აღმოჩენა. ეს იყო ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვენენ დუღილის პროცესზე.
1881 წელს დანიელმა ემილ კრისტიან ჰანსენმა პირველად მიიღო ლუდის საფუარის სუფთა კულტურა, რამაც ლუდის მწარმოებლებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა და მათაც ბრწყინვალედ გამოიყენეს.
დედღეობით, თანამედროვე სამყაროში, ლუდი ყველაზე მასობრივი და პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც წარმოების მოცულობითა და ასორტიმენტით ბადალი არ მოეპოვება.
ლუდის გერმანელი მეფე
ალბათ ნებისმიერ ლუდის მოყვარულს ერთხელ მაინც ექნება გაგონილი გერმანელი მეფის გამბრინუსი (Gambrinus) შესახებ, რომელიც ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით ლუდის ხარშვის გამომგონებლად მიიჩნევა.
პირველი ვერსიის მიხედვით ბრაბანტის ჰერცოგი იან გრიმუსი (1251 - 1294) იყო ბრიუსელის ლუდსახარშების გილდიის საპატიო თავმჯდომარე. გილდიის შეხვედრების ოთახში კედელზე ეკიდა იანის პორტრეტი, სადაც ის ხელში ლუდის ტოლით იყო გამოსახული. ხალხური თქმულებების წყალობით, რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ფლამანდიელი ჰერცოგი იან გრიმუსი გადაიქცა გამბრინუსად, ლუდის ლეგენდარულ გამომგონებლად.
მეორე ვერსიით, გამბრინიუსი იყო ერთ–ერთი გერმანული ტომის მეფის, მარუსის ვაჟი. იგი დაქორწინდა ეგვიპტური ნაყოფიერების ქალღმერთ ისიდაზე, რომელმაც ასწავლა გემრიელი და სასარგებლო ლუდის მოხარშვა.
მესამე ვერსიით გამბრინიუსი ერქვა კარლოს დიდის პირად ლუდის მხარშველს, შესაბამისად იგი ცხოვრობდა IX საუკუნეში (თუმცა საეჭვოა კარლოს დიდს მისთვის მეფის ტიტული მიენიჭებინა)
რა თქმა უნდა სამივე ვერსია ლეგენდაა და დოკუმენტურად არ არის დადასტურებული, თუმცა პირველი ლეგენდა უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
მიუხედავად ამ ლეგენდებისა, ერთი რამ ცხადია - მეფე გამბრინუსი არ იყო ლუდის გამომგონებელი. როგორც ზემოთ აღვწერეთ ლუდის რეცეპტი ცნობილი იყო მესოპოტამიასა და ეგვიპტეში გამბრინუსის დაბადებამდე ათასი წლით ადრე. უბრალოდ, ევროპელმა ლუდის მწარმოებლებმა შექმნეს ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ.
ამჟამად სახელწოდება "გამბრინუსის" ნახვა შეიძლება არა მხოლოდ ლუდის ბარებზე, არამედ ჩეხური. ამერიკული და ფრანგული ლუდის პოპულარულ ბრენდებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზღაპრულ მეფეს ლუდი არ გამოუგონებია, მისი სახელი განუყრელად არის დაკავშირებული ამ სასმელთან.
ინგლისი
ნისლიან ალბიონში ლუდის სმის კულტურა ნორმანების დაპყრობამდეც არსებობდა.
ლუდს ინგლისში 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიირთმევენ. მას ძირითადად სახლის პირობებში ამზადებდნენ. ისტორიკოსებისთვის ცნობილია კენტის ერთ-ერთი მმართველის მიერ VII საუკუნეში გამოცემული განკარგულების შესახებ, რომელიც მოითხოვდა ლუდის საყოველთაო მოხმარების აკრძალვას.
ამის მიუხედავად, ინგლისურ ლუდს ale (ელი) მასობრივად ხარშავდნენ. მის წარმოებაში აქტიურად იყენებდნენ თაფლსა და მანანას (ერიკა).მე-14 საუკუნის ბოლოსთვის ale (ელი) მთავარ ეროვნულ სასმელად იქცა.
ელი ინგლისში უყვარდა არა მხოლოდ უბრალო ხალხს, არამედ მონარქებსაც. ქარვისფერი სასმელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჰენრი VIII და ელიზაბეტ I -ის მეფის კარზე.
ბრიტანელებმა ლუდში სვიის დამატება მე-15 საუკუნეში დაიწყეს. საჭირო ნედლეული ჰოლანდიიდან ჩამოჰქონდათ.
შემდგომში ლუდის დასამზადებლად ინგლისელები იყენებდნენ მრავალფეროვან ნედლეულის: ბარდა, ლობიო, შვრია და მრავალი სანელებელს. ერთი პერიოდი, ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ლუდი მხოლოდ ალაოსა და სვიასგან უნდა დამზადდებულიყო, მაგრამ ბრიტანული ლუდის მრავალფეროვნებაზე კანონს დიდად არ უმოქმედია.
ბრიტანელებიი უკვე მე-16 საუკუნეში ლუდს ბოთლებში ასხამდნენ და ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებისთანავე ეს პროცესი მთლიანად მექანიზებული გახდა.
ინგლისელებს ლუდის მიმართ ცოტა უცნაური დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ისინი მიტანამდე ლუდს არ აცივებენ და უპირატესობას უგაზო ლუდს ანიჭებენ. მიუხედავად ასეთი უცნაური ჩვევებისა, სწორედ ბრიტანელებმა აჩუქეს მსოფლიოს გინესი (Guinness), მარტენსი (Martens) და სხვა...
ბელგია
ბელგიური ლუდის ისტორია სათავეს ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულში იღებს. დასაწყისში მისი წარმოება მონასტრებში დაიწყეს, შემდეგ კი ლუდს საკუთარი რეცეპტით ყველა ოჯახი აწარმოებდა. ეს იყო ყველაზე ექსტრავაგანტული ლუდი ბელგიური ლუდის წარმოების ისტორიაში!
ლუდი ბელგიაში ძალიან პოპულარული იყო და დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. მისი წარმოების ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ დღესდღეობით ბელგია ერთ-ერთია მსოფლიოში ლუდის მწარმოებელ 20 უმსხვილეს ქვეყანას შორის.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ ლუდს მიირთმევენ 250, მაქსიმუმ 330 მილილიტრიანი ბოკლებით. ეს კეთდება იმისათვის, რომ მომხმარებელმა ერთდროულად დააგემოვნოს ლუდის რამოდენიმე სახეობა ისე, რომ არ განიცადოს ალკოჰოლური თრობა.
ჩეხეთი
ჩეხური ლუდი პირველად მე-10 საუკუნეში მოხსენიებული. იმ პერიოდში ლუდს მხოლოდ მონასტრებში ამზადებდნენ და იგი დიდებულების წილხვედრი იყო. დროთა განმავლობაში საკუთარი ლუდსახარშები უბრალო ადამიანებმაც გახსნეს.
ალბათ მხოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ლუდის სახეობები სათავეს ჩეხეთის რესპუბლიკიდან იღებს.
თითქმის ყველასთვის ცნობილი კოზელის (Kozel) ან სანვალდის (Sanwald) ლუდის სახეობების გარდა, ჩეხური ლუდსახარშები აწარმოებენ ლუდის უჩვეულო სახეობებსაც: ლუდი ციტრუსის არომატით, ე.წ ლუდის შამპანური და სხვა....
აშშ
შეერთებულ შტატებში ლუდის წარმოშობის ისტორია პირდაპირ კავშირშია დიდ ბრიტანეთთან. ამერიკაში პირველი დასახლებულები ბრიტანელი კოლონისტები იყვნენ, რომლებიც ეკლესიის მიერ იდევნებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ ამერიკაში თავშეფარებულ კოლონისტებს შორის ლუდის მხარშველებიც იყვნენ.
შტატებში სხვადასხვ დაწესებულებების გარდა მრავლად აშენდა ლუდსახარშები. ამერიკელები დაბალალკოჰოლიან ლუდს ბავშვებსაც კი აძლევდნენ. სასმელი კალორიული და ძალიან ნოყიერი იყო, იგი ხშირად პურსაც კი ანაცვლებდა.
სწორედ შეერთებულ შტატები იყო პირველი ქვეყანა, სადაც პირველად დაიწყეს ლუდის ალუმინის ქილებში ჩამოსხმა.
ამერიკელებს ლუდი ძალიან უყვართ. შეერთებულ შტატებს შეიძლება ეწოდოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლუდის მსმელი ქვეყანა.
ჩინეთი
ჩინეთში ლუდს საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ. მის შესაქმნელად გამოიყენებოდა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ყურძენი, თაფლი, ბრინჯი, კუნელი და სხვა.
სამწუხაროდ, ქვეყნის მმართველების პოლიტიკის გამო, ბევრი ორიგინალური ლუდის რეცეპტი დაიკარგა.
დღესდღეობით, თანამედროვე ჩინური ლუდი, ჩინეთში აშენებული ევროპული ლუდსახარშების პროდუქტია.
თავდაპირველად, ჩინეთში უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული ლუდის რეცეპტი დიდად არ განსხვავდებოდა უცხოური ანალოგებისგან. თუმცა, შემდგომში, კომპანიებმა ტექნოლოგიებში კორექტივები შეიტანეს და სასმელის გემოში რამდენიმე ეროვნული შტრიხი შეიტანეს (ნედლეულს ხორბლის ან ქერის ალაოს გარდა ბრინჯი დაუმატეს), რამაც პროდუქტს სირბილე და თავისებური სიტკბო შესძინა.
ჩინური ლუდის სიმაგრე ზოგადად უფრო დაბალია, ვიდრე ევროპაში ან აშშ-ში (3-4%). ლუდის მოყვარულები აღნიშნავენ ლიმონათის ნოტებს მისი ბალახების არომატს.
ჩინეთში ლუდის დედაქალაქად ქალაქი ცინდაო მიიჩნევა, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინურ ლუდად გერმანული წარმოშობის ამავე სახელწოდების ლუდი ცინდაო (Tsingtao).
1991 წლიდან ცინდაოში იმართება აზაში ყველაზე გრანდიოზული ლუდის ფესტივალი, რომელიც აგვისტოს მეორე კვირაში იწყება და 16 დღე გრძელდება.
ცინდაოს გარდა ჩინური ლუდის პოპულარული ბრენდებია - Snow, Harbin, Yanjing და სხვა...
იაპონია
იაპონიაში ლუდის შეტანის თარიღი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ იქ ლუდი პირველად მე-15 საუკუნეში გამოჩნდა. ქვეყანაში ლუდი ევროპელმა მეზღვაურებმა სავაჭრო გემით შეიტანეს, ხოლო ლუდის წარმოებას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.
ნორვეგიელი წარმოშობის ამერიკელმა უილიამ კოპლენდმა პირველი ლუდის კომპანია Spring Valley Brewery, იოკოჰამაში 1870 წელს დააფუძნა. შემდგომში ეს კომპანია გახდა Kirin Brewery Company, რომელიც დღესდღეობით ლუდის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია იაპონიაში.
ცოტა ხნის შემდეგ ლუდის წარმოება პოპულარული გახდა მთელ ქვეყანაში. 1876 წელს კუნძულ ჰოკაიდოზე გაიხსნა ლუდსახარში საპორო (Sapporo), ოკინავური ლუდის ბრენდი (Orion), გამოჩნდა 1957 წელს, ვისკის კომპანიამ (Suntory) ლუდის წარმოება 1963 წელს დაიწყო, ხოლო ოსაკას (Asahi) ლუდსახარშმა 1980-იანი წლების ბოლოს. ამ დროისთვის ეს ხუთი კომპანია იაპონიაში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელია. მათი ლუდის ნახვა ქვეყნის უმეტეს მაღაზიებში, რესტორნებში თუ ლუდის ბარებშია შესაძლებელი.
პირველი წარმოებიდან დღემდე, იაპონიაში ლუდმა ძლიერი ცვლილებები განიცადა, რათა მორგებული ყოფილიყო ადგილობრივების გემოვნებაზე.
იაპონიაში ლუდზე მაღალი აქციზის გადასახადია, ამიტომ ადგილობრივმა ლუდსახარშებმა, ფასების შემცირების მიზნით, ტრადიციული ნედლეულის გარდა ლუდის დამზადება დაიწყეს სხვა ნედლეულისგან - ცერცვისგან, სიმინდისგან, სოიოსგან და სხვა...