არაქნე, ერთერთი სამღებროს პატრონის იდმონის ქალიშვილი, მთელს ლიდიაში სახელგანთქმული იყო ქსოვა-ქარგვის ხელოვნების საუკეთესო ცოდნით.
არაქნეს საუცხოვოდ დამზადებულ ქსოვილებს ყველანი განცვიფრებაში მოჰყავდა. შორეული ქვეყნებიდან მოდიოდნენ ახალგაზრდა ქალის ნაწარმოების სანახავად და ყველანი გაკვირვებით შეჰყურებდნენ ძვირფას, ხელოვნურად ნაქარგ ნივთებს.
არაქნე იმდენად დახელოვნებული იყო ქსოვა-ქარგვაში, რომ ასე გეგონებოდათ თვით ქალღმერთ ათენას შეუსწავლებია ეს ხელობაო.
ახალგაზრდა ქალს ყველანი ქებათა-ქებას ასხამდნენ თავისი ხელობის ასე ზედმიწევნით ცოდნისათვის.
არაქნე, როცა ამგვარ ქებას მოჰკრავდა ყურს, ხშირად იტყოდა: „მე იმდენად დახელოვნებული ვარ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, თვით ქალღმერთი ათენა რომ ჩამოვიდეს ზეციდან, ისიც კი ვერ გამიწევს მეტოქეობას! ჩემი ცოდნა, გამოცდილება და გამჭრიახობა ყოვლად შეუდარებელია! დიახ, თვით ქალღმერთი ათენაც კი ვერ შემედრება ქსოვა-ქარგვის საქმეში!“
ქალღმერთი ათენა ისმენდა მოკვდავის ამ საამაყო, წრესგადასულ სიტყვებს და ძლიერ ჯავრდებოდა. ქალღმერთს ჰსურდა რჩევითა და დარიგებით გავლენა მოეხდინა თავგასულ ამაყ ქალზე. ერთხელ ათენამ მოხუცებული ქალის სახე მიიღო და არაქნეს ესტუმრა.
- არაქნე, - ასე დაიწყო მოხუცმა: - ხანშესულებთა რჩევა-დარიგებას ნუ უკუაგდებ, ერთგვარი ანგარიში გაუწიე შენი საქმიანობის დროს! მოხუცებულები ცხოვრებაში უკვე საკმაოდ გამოცდილნი არიან, და დარწმუნებული იყავი, რომ ცუდს არასოდეს არ გირჩევენ. იცი, არაქნე, რა უნდა გითხრა? რასაკვირველია, ეცადე ყველა მოკვდავს წაუსწრო ქსოვა-ქარგვის ხელოვნებაში, ხოლო ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ
ქალღმერთს ათენას არ უნდა გაეჯიბრო, ხელოვნებაში ქალღმერთის თანასწორადაც ნუ გამოაცხადებ თავს და შენს ამაყ სიტყვებს ნურასოდეს ნუ გააგონებ! პირიქით, მე გირჩევ ყოვლად მოწყალე ქალღმერთის წინაშე ბოდიშიც კი მოიხადო და პატიება სთხოვო, დღემდე რაც შეგიცოდავს! ღრმად დარწმუნებული ვარ, ყოვლად შემძლებელი და ყოვლად მოწყალე ქალღმერთი შენს შეცთომას და დანაშაულს გაპატიებს!“
არაქნემ ამ სიტყვების გაგონებაზე სიბრაზით ხელიდან გააგდო დგიმ-სავარცხელი და მრისხანედ შეჰყვირა უცნობ სტუმარს:
„ვგონებ, ჭკუაზე შემცდარხარ! - მღელვარებდა არაქნე: - მე სხვისი ჭკუით არ მიცხოვრია და არც მომავალში ვიცხოვრებ. რასაც კი ვლაპარაკობ ქალღმერთ ათენას შესახებ, სრული ჭეშმარიტებაა! თუ ჩემი სიტყვები მას საეჭვოდ მიაჩნია, დეე საქმით შეამოწმოს, ჩამოვიდეს ამ ქვეყნად და გამეჯიბროს! აი, ეს შეჯიბრება ყველაფერს გამოააშკარავებს!“
- აი, კიდევაც მოვედი! - თქვა ქალღმერთმა ათენამ და თავისი ნამდვილი სახე მიიღო.
არაქნეს სახელოსნო ოთახში მომუშავე ქალებმა შესაფერი პატივი სცეს ქალღმერთს, არაქნე კი ამაყად იდგა და სრულ უპატივცემულობას იჩენდა ქალღმერთისადმი. ახალგაზრდა ქალი ხელობაში შეჯიბრებას მოითხოვდა ქალღმერთისაგან, თითქო თავის გამარჯვებაში წინასწარ დარწმუნებული იყო.
ქალღმერთი ათენა და არაქნე მიუსხდნენ დგიმ-სავარცხელს და გააჩაღეს მუშაობა. ათინა პალადამ მოქსოვა მშვენიერი წამოსასხამი, რომელზედაც ფერადი ძაფებით გამოხატული იყო ქ. ათენის სიმაგრეები და თვითონ ათენას პოსეიდონ ღმერთთან დავა ათენის დაპყრობის შესახებ.
ქსოვილის შუაგულს თორმეტი ღმერთი იჯდა სათათბიროდ. ღმერთებს შორის შუა ადგილი ყოვლად შემძლებელ ზევსს დაუჭერია. პოსეიდონ ღმერთს თავისი სამთითით კლდიდან წყალი გამოჰყავს, ხოლო ქალღმერთი ათენა შუბის წვერით მიწიდან აწვდის ატიკის ზეთისხეს.
ღმერთების სათათბიროს წევრები გამარჯვებას ქალღმერთ ათენას ერთხმად ულოცავენ. ქსოვილის კუთხეებში ხელოვნურად ამოფერადებულია სურათები, რომლებზედაც გამოხატულია, თუ როგორ სასტიკად სჯიან ყოვლად შემძლებელი ღმერთები ადამიანებს თავგასულობისა და ამაყობისათვის.
არაქნემ იშვიათის ხელოვნებით ამოაფერადა თავის ქსოვილზე ის მომენტი, თუ როგორ მოიტაცა ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ევროპა. ზევსმა ხარის სახე მიიღო. ღმერთების მამამთავარი ზურგზე იკიდებს მოტაცებულ ქალს და მედგრად მიცურავს ზღვის თვალუწვდენ სივრცეში. ამავე დროს ტილოზე ამოკერილი იყო
ისეთი სურათებიც, რომლებიც ღმერთების ნაკლოვანებას ცხადადჰყოფდნენ.
შესანიშნავი ხელოვნებით იყო მოქსოვილი არაქნეს დაფერადებული სურათები, თვით დაუძინებელ მტერსაც არა ეთქმოდა რა.
არაქნეს ქსოვილი ათენა პალასის ქსოვილს სრულიად არ ჩამოუვარდებოდა. ქალღმერთ ათენასაც კი დიდად აკვირვებდა არაქნეს ასეთი ხელოვნება. არაქნეს ქსოვილის გრეხილები ისე ხელოვნურად იყო ამოწყობილი ტილოზე, რომ ადვილად გამოსაცნობი იყო არაქნეს განუსაზღვრელი ზიზღი ღმერთებისადმი.
ათენა ქალმერთმა, როგორც კი ეს შენიშნა, დაუყოვნებლივ ნაფლეთ-ნაფლეთად აქცია ეს მშვენიერი ნაქსოვი და საქსოვი მაქო რამდენჯერმე თავში ჩასცხო ახალგაზრდა ქალს.
არაქნემ ვერ მოითმინა ასეთი შეურაცხყოფა, დაუყოვნებლივ ჩამოაბა თოკი ხეზე და თავი ჩამოიხრჩო.
ქალღმერთ ათენას შეეცოდა ახალგაზრდა ხელოვანი ქალი, ჩამოხსნა იგი ხიდან და უთხრა: „შენი სიკვდილი მე სრულიადაც არა მსურს! სიცოცხლე მინდა გაჩუქო, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჰაერში უნდა იქნე მუდამ ჩამოკიდებული! დეე, ეს სასჯელი სამარადისოდ მიენიჭოს მთელ შენს ჩამომავლობას!“
ქალღმერთმა სასწაულმოქმედი ბალახის წვენი აპკურა ახალგაზრდა ნიჭიერი ქალის გაცივებულ გვამს.
საბრალო ქალს თავიდან თმა გასცვივდა და საზიზღარ ობობად გადაიქცა.
ლიბიელი ქალები, თუმცა სწამდათ არაქნეს ნიჭი და ქსოვა-ქარგვაში დიდი დახელოვნება, როცა ახალგაზრდა ხელოვანი ქალის თავგასულობა, სიამაყე და სხვისი შრომის შეუფასებლობა მოაგონდებოდათ, ქალღმერთ ათენას განაჩენს სრულიად სამართლიანად თვლიდნენ.