გინახავს გომბორის მთიდან დანაბინდარი შვენება? გინახავს გადაშვინდული ცისკრული ამოთენება? - შუქი შორეულ შუქურთა და გამოჩნდება სამშობლო, როგორც მოჭრილი ჩუქურთმა. მწვერვალებს დაეწვეთება და განთიადი თამარის ნათელ ღიმილით ენთება. ოქროს მზის ამოსახედი... ვაზდაბურული სამშობლო, ჩემი უკვდავი კახეთი! შუქს უმატებენ დილასა; სამასწლოვანი კაკლები ისვრიან ნააჩრდილარსა. შუქი მტრედული მოება, სინაზით აფეთქებულა ნუშების გადმოთოება. ოქროში ლალით ნაღები... ანაზებული, მცინარი, ლაჟვარდის წმინდა მინარი. მოწანწკარენი წყარონი, ზურმუხტის ტევრის ბიბინი, ვაზფურცლის ნიავქარობა, დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი, წინანდლის გედის გალობა... ფირუზფრად ნახუჭუჭარი, დაღისტნის მთები, გაშლილი, ვით უკვდავების გუჯარი. ქვევრებს რომ მოეტარება, თითოეულ შხეფში რომ ისმის სიცოცხლის მონექტარება. ლალში მარჯანის ბრწყინება, ჩქეფა და ჩამჩქეფარება, დინება, გარდადინება. სამშობლოს დიდი შვენება... სამშობლოვ, მხოლოდ შენი მზე, გულს ოქროდ დამეშენება!.. იდინე, გაბრწყინდი გაფრქვევით, ოქროს დიელო! დე, შენმა გამოსხივებამ ჩემს სიყვარულში იელვოს! ვით ხეს გასული მტევნები, შენი, შენდამი, შენს შუქთა, შენს ციმციმთ მისადევნები! |
ლექსები კახეთზე • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |