ჰეი, შავ-შავო ბიჭებო! რას შვრება თქვენი კახეთი?
რა ჟრიამული დამდგარა - იქნება ზვრებში გახვედით?!
გორგორებზე ჰკრებთ ნამყენსა და რუისპირში ძველიანს!
ღიმილით იცქირებიან ვაზის ფოთლიდან მტევნებიც -
ჰკრეფავთ და აღარ ილევა - რა გახდა დაულევარი?
თქვენმა ვაზებში ტრიალმა ლამის უღვინოდ დამათროს!
სახლიკაცივით გიხვდებათ ვაზი რქებშემონაჯარი.
თვალებს მოგჭრიან შუქივით თავსაფრიანი ქალები.
ქალო მკერდბარაქიანო, კახური მიწის მადლივით რომელი უფრო წითლად ჩანს - რქაწითელი თუ მანდილი?
გოდრები, როგორც აღლუმზე, ჩამწკრივებულან მარანთან.
საწნახელებში ჩამდგარან მზით დარუჯული ბიჭები.
ზოგს ტახის ნაეშვარივით მუხლთან ატყვია ჭრილობა.
ბუბუნებს ხარი მოზვრებში - ჭერი ზანზარებს ჭექითა: - "ესროლა ბერმა პაპამა - ჯიხვი რქით გადმოეკიდა!'
თქვენი ნაწურის ღვართქაფმა, ქვევრების ძირი დალახა,
დაწურეთ, - ღმერთმა დალოცოს კახური მიწის ბარაქა! |