შენს აყვავებას ვესწრები კიდევ, კიდევ ვუცქერი გაზაფხულს შენსას, მაგრამ სანამდე ბედი გაგვყრიდეს, სანამ რტოები ყვავილს დაყრიდეს, მინდა სიმღერა ლექსებად მკიდეს, შენდამი ტრფობის გულში ნაშენსა!
მთრთოლვარე ხელით ახსნიდა დედა, თვალებს ვაპყრობდი შენს ზეცის თაღებს და თუ სიმღერა გულის კარს აღებს - ოქროს სიტყვებად ის დაალაგებს, გაჩენის დღიდან რაც დამებედა.
გადაგაფრქვიო ეს ტრფიალება! შენთან წარსული არ მეკარგება, რადგან დედის რძეთ მაქვს შენარგები, შენი ბუნება ტურფად ნაგები, შენი მთვარის და მზის ელვარება,
ხელში პირველი პურის ნატეხი, პირველი რწმენა და გატაცება, ცხოვრების გზაზე მწარე დაცემა, ლექსით პირველი დაბარბაცება და სიყვარულის პირველი მეხი!
და შენი სახეც გამოიცვალა! გაზაფხულების ტურფა ალაგო, შენ სხვა ცხოვრება უნდა ააგო, რომ მომავლისთვის გახდე სავარგო, რომ საქართველოს გადიქცე თვალად!
და აღტაცებით გული მევსება, რომ გაქრა ძილი შენი ხნიერი, რომ გაქვს ახალი სახის იერი და მშენებლობის ბგერა ძლიერი ჩემს ფიქრს და გრძნობას ეალერსება!
და ვერცხლის სიმებს უხვად გააბამს, მე მოგონება მომგვრის სინაზეს და შვილიშვილებს ჩემს ძველ ბინაზე ვუამბობ წარსულ შენს სილამაზეს, როგორც შორეულ და ზღაპრულ ამბავს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |