სასვენ ნიშანთა დანიშნულება
აზრი შეიძლება გადმოიცეს ზეპირად და წერილობით. ამის შესაბამისად მეტყველება ორგვარია: ზ ე პ ი რ ი და წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი.
წარმოთქმული სიტყვა ბგერებისაგან შედგება, დაწერილი - ასოებისაგან. წარმოთქმული სიტყვები გვესმის, დაწერილს კი ვხედავთ და ვკითხულობთ.
წერის დანიშნულებაა, თვალით დასანახი ნიშნებით გამოიხატოს ზეპირი მეტყველების სიტყვები და წინადადებები.
ზეპირი მეტყველების დროს სიტყვები და წინადადებები ერთმანეთზე მიყოლებით წარმოითქმის, მაგრამ ადვილად ვხვდებით, სად იწყება და სად თავდება თითოეული მათგანი; ვხვდებით იმასაც, როგორია წინადადება შინაარსის მიხედვით და რა აზრობრივ-გრძნობითი ელფერი ახლავს მას.
წერის დროს ასოების საშუალებით ზეპირი მეტყველების სიტყვებს გამოვხატავთ, მაგრამ რა შინაარსისაა წინადადება, სად იწყება და სად თავდება ის, რა აზრობრივ-გრძნობითი ელფერი ახლავს მას და რა ნაწილებს შეიცავს, - ეს ასოებით არ გადმოიცემა, მაშასადამე, სიტყვების ასოებით გამოხატვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აზრი ზუსტად გადმოიცეს წერილობით, ნაწერი იყოს ადვილად წასაკითხი, მისი შინაარსი - ნათელი და გასაგები.
ამიტომ წერის დროს სიტყვების ასოებით გადმოცემასთან ერთად ვიცავთ გარკვეულ წესებს და ვიყენებთ დამატებითს ნიშნებს, რომლებიც აადვილებენ როგორც აზრის ზუსტად გადმოცემას, ისე დაწერილის წაკითხვასა და მისი შინაარსის გაგებას.
ასე, მაგალითად, სიტყვასა და სიტყვას შორის ვტოვებთ თავისუფალ არეს; ახალი აზრების შემცველ წინადადებებს ან წინადადებათა წყებას ვიწყებთ აბზაცით, ანუ ახალი შეწეული სტრიქონით; წინადადების ბოლოს თუ წინადადების შიგნით ვხმარობთ სასვენ ნიშნებს: წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს, მძიმეს, წერტილ-მძიმეს, მრავალწერტილს, ორწერტილს, ტირეს, ფრჩხილებსა და ბრჭყალებს.
სასვენი ნიშნები წერილობითი მეტყველების დამხმარე საშუალებაა. ისინი გვიჩვენებენ, როგორ ნაწევრდება ტექსტი შემადგენელ ნაწილებად: სად მთავრდება ერთი წინადადება და იწყება მომდევნო, ხოლო წინადადების შიგნით რა გრამატიკული ელემენტები გამოიყოფა.
სასვენი ნიშნები, ამასთანავე, იმასაც აღნიშნავენ, თუ როგორია წინადადება შინაარსის მიხედვით და რა აზრობრივი მიმართებაა წინადადების ნაწილებს შორის.
სასვენი ნიშანთა ხმარების ძირითადი დანიშნულებაა, დაეხმაროს დამწერს, რომ მან, რამდენადაც შეიძლება, ნათლად და ზუსტად გამოხატოს წერილობით ის, რის გადმოცემაც მას სურს, ხოლო წამკითხველს, - დაწერილი წაიკითხოს და გაიგოს ისე, როგორც თვით დამწერს ესმის.
სასვენ ნიშანთა ხმარების ძირითადი წესები
წერტილი
წერტილი დაისმის:
1. თხრობითი წინადადების ბოლოს:
ზამთარი მიწურულია. გაცრეცილ ბაღებსა და ქალებში ნისლიანი ბინდი ჩამოწოლილა. ქართლის მინდვრებს ტყვიის ღრუბლები დასწოლიან. ქუშიანი ცა ცივი წვიმით იწურება. (ჯავახ.).
2. ბრძანებითი წინადადების ბოლოს, როცა ის თხრობითი წინადადების მაგვარად მშვიდ წარმოთქმას გულისხმობს:
კარგი, გენაცვალე, დაიძინე. (ბარნ). შენ აქ მოიცადე. (ჭავ.). ჯერ დაწყნარდი და მერე ერთხელ კიდევ მოვიფიქროთ. (ჯავახ.). მირზა, მოდი აქ. (გვეტ.).
შენიშვნა: წერტილი დაისმის სიტყვის შემოკლებისას (ამ შემთხვევაში იგი სასვენი ნიშანი არ არის), შემოკლებული სიტყვა იკითხება სრულად.
ა. შ. (= ასე შემდგომ/ასე შემდეგ);
ა.წ. (= ამა წლის);
ე. ი. (= ესე იგი);
ე. წ. (= ეგრეთ წოდებული);
იხ. (= იხილე);
ნ. (= ნახე);
და სხვ. (= და სხვა);
ნახ. (= ნახატი);
სახ. (= სახელობითი).
კითხვის ნიშანი
კითხვის ნიშანი დაისმის კითხვითი წინადადების ბოლოს:
რომელმა ნადირმა იცის ღმუილი?
რომელი ფრინველები მიფრინავენ საზამთროდ თბილ ქეეყნებში?
რისგან აკეთებს ფუტკარი თაფლსა და ფიჭას? (გოგ.).
პეპიას სახლი იცი? (ჭავ.)
ვინაა, რომ მღერის? (ოტ. იოს.).
ძახილის ნიშანი
ძახილის ნიშანი დაისმის:
1. ძახილის წინადადების ბოლოს:
ოჰ, რა ძნელია მოლოდინი! (ევდ.) ახ, სიზმარი ყოფილა ყოველივე ეს! (ლომთ.). თურმე წყალი არ დაჰკლებია! (ვაჟა). უჰ, რა კარგი ნახატებია! (მრევლ.).
2. ბრძანებითი წინადადების ბოლოს (თუ ის არ გულისხმობს თხრობითისებრ მშვიდ წარმოთქმას):
გაჩუმდი! გაჩუმდი! ხმა ჩაიწყვიტე! (წერ.) გაიყვანეთ! (კლდ.). გულს ნუ გაიტეხ, მგოსანო! (ვაჟა.). გააღე კარები! (ნინ.).
3. მიმართვის შემდეგ, თუ ის ცალკე დგას ან წინადადების თავშია, მაგრამ მოწოდება ძლიერი გრძნობით და დიდი შესვენებით (პაუზით) არის წარმოთქმული:
- ლ უ ა რ ს ა ბ! - დაუძახა ძმას დავითმა (ჭავ.)
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა. (ჭავ.).
სამშობლოს მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა. (ჭავ.).
4. შორისდებულის შემდეგ, თუ ის ცალკეა ნახმარი ან წინადადების ბოლოშია, ან კიდევ წინადადების თავშია, მაგრამ ძლიერი გრძნობითა და დიდი პაუზით წარმოითქმის:
- ერიჰაა! - ჩხრიალებდა ნაკადული (რაზ.).
- ჰმ! - თავი გადაიქნია ქიტესამ. (ა. ბელ.).
უჰ! ეგეც კარგია. სხვა? (ჭავ.).
სუ! ნუ ტირი. (ლომთ.).
რარიგად ჩამოცხა! უჰ! (ჭავ.)
არ დამეხსნები? ქა! იჰ! (ჭავ.).
ეგ ვერ მოვიფიქრე, ბიჭოს! (ჭავ.).
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: კითხვით-ძახილის წინადადების ბოლოს ორი ნიშანი დაისმის: კითხვისა და ძახილის:
ეგ არის ძმობა და მეგობრობა?! (ვაჟა).
კაცმა კაცი როგორ უნდა მოკლას?! (ვაჟა)
ახ, თქვენ ბრძანდებით?! (ს. კლდ.)
განა ყველა, რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?! (ვაჟა).
მრავალწერტილი
მრავალწერტილით აღინიშნება:
1. სათქმელის დაუმთავრებლობა, შეწყვეტა-დაყოვნება, აზრის ნაწყვეტ-ნაწყვეტად წარმოთქმა, მოულოდნელი, უეცარი გადასვლა ერთი მოვლენიდან მეორეზე და სხვა:
- ეგ აგრეა, მართალსა ბრძანებ, მაგრამ... - მაგრამ რა? - მაგრამ ისა, შენი ჭირიმე, რომ... მესმის, რისი თქმაც გინდა. (ჭავ.). კიდევ... კიდევ მეძახის! (ჭავ.). აი, მე მიჭირავს... უჰ, თავი მიბრუის... ქუჩა ტრიალებს, ქუჩა ტრიალებს... მოიცათ, მოიცათ, მოიცათ... (ლომთ.).
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: მრავალწერტილი დაისმის სიტყვის ენადაბმით, ბორძიკით წარმოთქმის აღსანიშნავად: ჩემო მ...მმეგობარო, ხომ ხედავ, რომ სხვანაირად დავა ვერ გ...გგადაწყდება. (ჯავახ.).
2. ციტატის არასრულად მოყვანა, მასში სიტყვისა თუ სიტყვების გამოტოვება:
ის როგორა სწერს, ავთანდილი, როსტევანს? „მე იგი ვარო... ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“. კარგი სიტყვა არის, თუ მოყვარედ ქვეყანა მიაჩნია ადამიანსა. (ჭავ.).
პირველ ტაეპში გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა, სრულად ის ასე იკითხება: „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად“.
შენიშვნა: მრავალწერტილი დაისმის სიტყვაში გამოტოვებული ასოების აღსანიშნავად (ამ შემთხვევაში ის სასვენი ნიშანი არ არის). მაგალითად, ნ. ბარათაშვილის ერთი ლექსი ასეა დასათაურებული: „თავადის ჭ...ძის ასულს ეკ...ნას“.
მძიმე
მძიმე დაისმის:
1. ერთგვარ წევრთა ერთმანეთისაგან გასამიჯნავად (მათ-მათი მიმყოლი სიტყვებითურთ) შერწყმულ წინადადებაში, თუ მათ არ აერთებს და ან თუ კავშირი:
ა) ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობდა. (ჭავ).
ბ) მტრედები ჩაფრინდნენ. გული გაიგრილეს, პირი დაიბანეს, დაისვენეს და წავიდნენ ტყვიასავით პირდაპირ. (ვაჟა).
გ) აღარ ისმოდა იქიდან შემოდგომით გულის მანათობელი ხარირმის ყვირილი, აღარც შვლის ხავილი, აღარც ტურის ჩხავილი და აღარც ყმუილი მშიერი მგლისა. (ვაჟა).
დ) ეს ხმა სიჩუმეს კი არ არღვევს, არამედ რატომღაც ამძაფრებს კიდევაც (ს. კლდ.).
ე) ღრუბლიანი, მაგრამ წყნარი დღე იყო. (ევდ.).
ვ) ცაზე დროგამოშვებით კაშკაშა მთვარე ხან გამოყოფდა ხოლმე ღრუბლებიდან თავს, ხან ისევ ღრუბლებში გაეხვეოდა (ჭავ.)
ზ) ჩხიკვი ხან შველსავით დაიხავლებდა, ან ხის ტოტზე ქურდულად დაიწყებდა ფრენას. (ევდ.).
2. განკერძოებული განსაზღვრების გამოსაყოფად (მიმყოლი სიტყვებითურთ):
მუყაითის ხელით გ ა მ ა რ გ ლ ი ლ ი, სავსე იყო ის მწვანილეულითა (ლომ.).
წყალნი, მ თ ი თ დ ა ქ ა ნ ე ბ უ ლ ნ ი ალმასებრ უფსკრულს ცვივიან. (გ. ორბ.).
იგი ნაომარ ადგილსა ჰგავდა, ს ი ს ხ ლ ი თ გ ა დ ა ლ ე ს ი ლ ს. (ვაჟა).
3. განკერძოებული გარემოების თუ ამხსნელ-დამაზუსტებელი დანართი წევრების გამოსაყოფად (მიმყოლი სიტყვებითურთ):
ა) მე პირველად წელს ვნახე მთები, ყ ა ზ ბ ე გ შ ი. (გ. რჩ).
ბ) მთის მწვერვალზე, ც ი ს მ ა ხ ლ ო ბ ლ ა დ, მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს (წერ.).
გ) ამჟამად, ნ ო ე მ ბ რ ი ს დ ა მ ლ ე ვ ს, იქ ისევ ზაფხულია, (ჯავახ.)
დ) როგორც ფ რ თ ხ ი ლ ი კ ა ც ი, როსტომი შესდგომოდა თადარიგს. (ბარნ.)
ე) დურმიშხანი, გ ვ ა რ ა დ წ ა მ ა ლ ა ძ ე, იმერელი იყო, (ჭონქ.).
ვ) თქვენმა სიძემ გაახლათ ჩემი თავი, ბ ი ძ ი ნ ა ჩ ო ლ ო ყ ა შ ვ ი ლ მ ა. (წერ.).
4. ჩართული სიტყვა-გამოთქმისა და წინადადების გამოსაყოფად:
ა) რ ა ს ა კ ვ ი რ ვ ე ლ ი ა ეს ასე იქნება (ჭავ.).
ბ) მე რ ა ს ა კ ვ ი რ ვ ე ლ ი ა, ძალიან მომწონდა ეს ლექსები (რაზ.)
გ) ამ გმირებს ჯერ გამასპინძლება უნდოდა, რ ა ს ა კ ვ ი რ ვ ე ლ ი ა (ვაჟა).
გ) სახლი, რ ო გ ო რ ც ა ვ თ ქ ვ ი თ, ფიცრულია (ჭავ.).
ვირმა გულზე ქონი მოიკრა, რ ო გ ო რ ც ზ ე ვ ი თ ა ც მ ო ვ ი ხ ს ე ნ ი ე თ (ვაჟა).
5. მიგებითი ნაწილაკის შემდეგ, თუ მას მოსდევს მისი მნიშვნელობის დამაზუსტებელი სიტყვები:
- გინახავს სადმე პატარა პატიკო? - ა რ ა, არსად არ შემხვედრია (ჭავ.).
- ეს ბავშვი რად დადის ასე? ბრმა ხომ არ არის? - დ ი ა ხ, უსინათლო გახლავთ. (ლომ.)
- დედას ეძახის, შვილო, დედას. - დედას? - ჰ ო, თავის დედას, (ევდ.).
6. მიმართვის გამოსაყოფად, თუ ის არ მოითხოვს ძახილის ნიშანს:
ა) ბუნების ძ ა ლ ნ ო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა! (ვაჟა).
ბ) შენი გულისწყრომა, დ ა რ ბ ა ი ს ე ლ ო მ უ ხ ა ვ საფუძვლიანია (ლომ.).
გ) ოჰ, რა კარგი ხარ, ო ც ნ ე ბ ა ვ ტ კ ბ ი ლ ო! (ვაჟა).
7. უკავშირო რთული თანწყობილი წინადადების ნაწილების ერთმანეთისაგან გამოსაყოფად:
მარტი გავიდა, გათბა დღე,
დარები დგება მზიანი,
მიწა გაფუვდა, ბუჩქებში
ამოჩენილან იანი (მღვ.).
გაზაფხულია, მინდვრები
ამწვანებულა ტურფადა,
ცხვარი გრილოში იცოხნის,
დაყრილა ხის ძირს ჯგუფადა,
ამათი მწყემსიც იქვე წევს,
მოლი აქვს ნოხად, სუფრადა (ერ.).
8. კავშირიანი რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებს შორის, თუ მათ არ აერთებს დ ა კავშირი:
ა) ხ ა ნ წვიმდა, ხ ა ნ თოვდა (რაზ.).
ბ) ბეჟანი რაღას ფიქრობდა, ა ნ დაობლებულ ბატკანს რა დაემართა? (ვაჟა).
გ) ავარდნილ ალზე მისი თვალები ვეებერთელა შავს ალმასებს ჰგავს, ხ ო ლ ო კბილები დიდრონი მარგალიტებივით პრიალებს (ჯავახ.).
დ) მონადირე ნადირს დასდევდა, ნადირი კ ი მონადირეს თვითონვე წააწყდაო (ჯავახ.).
ე) მეურმეები აიშალნენ, მ ა გ რ ა მ ჩვენმა პეტრემ თავისი სტუმრები თავის ადგილას ვეღარ ნახა. (ჭავ.).
9. მთავარი წინადადებისაგან დამოკიდებულის გამოსაყოფად უკავშირო რთულ ქვეწყობილ წინადადებაში, როცა რ ო მ ან თ უ კავშირია გამოტოვებული:
ცხადად ეტყობოდა, ყველა ძაღლი ც ნ ო ბ დ ა ც ო ფ ი ა ნ ს და ე რ ი დ ე ბ ო დ ა (რაზ.).
ქალი ვერ მიმხვდარიყო, რა მიზეზით არ ე ძ ი ნ ე ბ ო დ ა. (ყაზ.).
აქ ისეთი სიჩუმე იდგა, კ ო დ ა ლ ა ს ნ ი ს კ ა რ ტ ი ს ჩ ქ ა მ ი ც კ ი ა რ ს ა ი დ ა ნ ი ს მ ო დ ა. (ვაჟა).
აქლემის ტვირთი ისე არ დაპატარავდება, ვ ი რ ი ს ა ა რ გ ა მ ო ვ ი დ ე ს ო. (ანდ.).
10. მთავარი წინადადებისაგან დამოკიდებულის გამოსაყოფად კავშირიან რთულ ქვეწყობილ წინადადებაში:
ვ ი ნ ც ხ ა ლ ხ ი ს ხ ს ო ვ ნ ა შ ი ც ო ც ხ ლ ო ბ ს, ის მკვდრად არ ჩაითვლება (გ. შატბ.).
გ ი ო რ გ ი რ ო მ შ ი ნ მ ი ვ ი დ ა, ყველაფერი უამბო დედას. (ჭავ.).
ბარამმა უეცრად დაინახა, რ ო მ ნ ე შ ო ე ბ ს შ ო რ ის ი ა ს ა მ ო ე ყ ო თ ა ვ ი (დად.)
მამალს, დ ა ხ ო ც ი ლ ი ფ რ ი ნ ვ ე ლ ე ბ ი რ ო მ დ ა ი ნ ა ხ ა, ცახცახი დააწყებინა. (ვაჟა).
რ ო მ დ ა ა ს რ უ ლ ა ე ს ნ ა ტ ვ რ ა, ნახა, რ ო მ ფ რ თ ე ბ ი ე ს ხ მ ე ბ ა. (წერ.).
წერტილ-მძიმე
წერტილ-მძიმე დაისმის:
1. ვრცელ ერთგვარ წევრთა ერთი მთლიანი მონაკვეთის მეორისაგან გამოსაყოფად შერწყმულ წინადადებაში (განსაკუთრებით მაშინ, თუ თითოეული მონაკვეთის შიგნით ნახმარია მძიმე):
ალექსანდრე ჭავჭავაძე
მისი ლექსი შვებით, ლხენით,
ხან მეჯლისში მოფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, ლაღობს, ხარობს,
გამღერებს და ამღერდება;
ხან ღონდება ნაზ ქალსავით
უიმედო სიყვარულით;
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით;
ხან ბუჩქებში მიმალული
ზის მარტო, ვით იადონი,
შეჰყეფს სატრფოს გულსაკლავად
ტრფობის ისრით განაწონი;
ხან რბის ველად, მარტოდ გალობს
უდაბნოში, ვითა მწირი,
შეჰკვნესს შავ-ბედს ქვეყნისასა,
ქვეყნისათვის ანატირი
ხან დაჰყურებს ნაღვლიანად,
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის მწვავის მოთქმით
დაუდგრომელ დროთ ბრუნვასა...
ი. ჭავჭავაძე
2. უკავშირო რთულ თანწყობილში შემავალ წინადადებათა გასამიჯნავად ერთმანეთისაგან, თუ ისინი გამოხატავენ ერთდროულ ან თანამიმდევრულ მოვლენებს და მნიშვნელობით რამდენადმე დამოუკიდებელნი არიან, ან თუ წინადადებები ვრცელია და თითოეულის შიგნით მძიმეც არის ნახმარი:
მზე დასავლეთისაკენ გადაიწურა; საღამო ახლოვდებოდა; მონადირენი შინ წასასვლელად გაემზადნენ; ქალები ურემში ჩალაგდნენ, ვაჟები ცხენებზე ამხედრდნენ. (ვაჟა).
3. რამდენიმე ვრცელ ერთგვარ დამოკიდებულ წინადადებათა ერთმანეთისაგან გამოსაყოფად (განსაკუთრებით მაშინ, თუ დამოკიდებული წინადადების შიგნით მძიმე არის ნახმარი):
დაავიწყდა, თუ რამდენჯერ დაუჭამა შეჩვენებულმა [ჩხიკვმა] შაშვს გამოსაჩეკად გამზადებული კვერცხები; რამდენჯერ სრულიად ღლაპი, დაუბუმბლავი ბარტყები გადაუსანსლა; რამდენჯერ აატირა ცხარე ცრემლით, რამდენჯერ გაამწარა, ააშფოთა იქამდის, რომ შაშვის საცოდაობით ტყეც კი ტიროდა. (ვაჟა).
ორწერტილი
ორწერტილი დაისმის:
1. ერთგვარი წევრების წინ, თუ ისინი მოსდევენ განმაზოგადებელ სიტყვას (უშუალოდ ან არაუშუალოდ):
ა) ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი მდუმარებს: ხე, ქ ვ ა, ტ ყ ე, მ თ ა და მ ი ნ დ ო რ ი. (ვაჟა).
ბ) ახმეტაში ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას: მ ი წ ა, წ ყ ა ლ ი, მ თ ა, კ ლ დ ე, ტ ყ ე დ ა ვ ე ლ ი (წერ.).
გ) მე თანა მყვანან რ კ ი ნ ი ს ა ძ მ ე ბ ი: ჩ ე მ ი ს ი ა თ ა, დ ა მ ბ ა ჩ ა, ხ მ ა ლ ი. (ჭავ.).
შენიშვნა: ერთგვარი წევრების წინ ორწერტილი მაშინაც დაისმის, როცა წინადადებაში არ არის (გამოტოვებულია) განმაზოგადებელი სიტყვა, მაგრამ ერთგვარი წევრების ჩამოთვლაა:
საზამთროდ თავს გვანებებენ: გუგული, ბულბული, მერცხალი, გარეული იხვი, მწყერი, ტოროლა, გარეული ბატი, შროშანი და კიდეგ სხვანი. ჩვენთან ზამთარში რჩებიან: არწივი, ალალი, ბუ, ჭოტი, ყვავი, კაჭკაჭი, კირკიტა და სხვები. (გოგ.).
2. უკავშირო რთული წინადადების ნაწილებს შორის, თუ მეორე ნაწილი პირველის მიზეზს, მიზანს, ან შედეგს გამოხატავს, ან კიდეე განმარტავს და გაშლილად გადმოგვცემს პირველი ნაწილის შინაარსს:
ა) ზაფხულობით კატას არ დააყენებდა სახლში, ბიჭს, შორს წააყვან ნინებდა, სხვისასაც არ გააჭაჭანებდა ეზოში: ბულბულებს ჭამენ შეჩვენებულებიო. (ვაჟა).
ბ) წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდან, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. (ვაჟა).
გ) მტაცებელ ფრინველებს ვერ ენდობიან მშვიდობიანი ფრინველები: მიკუნჭულან ზოგნი ბარდებში, სხვები ფოთლებით შებურულ ხეებზე სხედან. (ვაჟა).
დ) დათიას სიტყვა გამართლდა: ხარურემი ვერც როსტომმა იშოვნა (კლდ.).
ე) ბუნება შეიცვალა: მოუსვენარი ზუზუნა ქარების ადგილი წყნარად მრხეველმა ნიავმა დაიჭირა, მიწა შეთბა და მოაცოცხლა მცენარენი, ბალახმა იგრძნო თავისი ძალა. (ყაზ.).
3. ავტორის სიტყვების შემდეგ, რომელნიც უსწრებენ პირდაპირ ნათქვამს:
წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,
თოფი მოზიდა და შეაყენა
და, რა იხილა მხედარი ველზე,
შეჰკივლა: „მითხარ, ვინა ხარ შენა?
რისთვის მოსულხარ, - მოყვრად. თუ მტრადა?“ (ჭავ.)
ტირე
ტირე დაისმის:
1. ზმნა-შემასმენლის გამოტოვებისას:
აპრილს უყვარს ია ლურჯი,
მაისს - წვიმა წანწკარა,
კლდეს - მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს - წყარო ანკარა.
ჭალას - სტვენა ბულბულისა,
ტყის შრიალში ჩართული,
მე ყველაფერს მირჩევნია
ჩემი ტკბილი ქართული (ხ. ბერ.).
2. შედგენილი შემასმენლის მეშველი ზმნის გამოტოვებისას:
ა) სიტყვა თესლია, საქმე - ნაყოფი. (წერ.)
ბ) ტემპერამენტი ძლიერი აქვს, გრძნობა - აფორიაქებული, გამბედაობა - უსაზღვრო. (ჯავახ.).
3. ეს (და ეგ) ნაცვალსახელის წინ, რომელიც მოსდევს და ცვლის სახელობით ბრუნვაში დასმულ ქვემდებარეს ან პირდაპირ დამატებას:
ა) ხელოვნება - ეს ოქროა, მიწის გულში დამარხული. (ტაბ.).
ბ) უხასიათობა - ეგ ერთგვარი ხასიათი არისო (დად.).
4. შერწყმულ წინადადებაში ერთგვარ წევრთა შემდეგ, თუ ისინი უსწრებენ განმაზოგადებელ სიტყვას:
ა) ხ ვ ნ ა, თ ე ს ვ ა, თ ო ხ ნ ა, მ კ ა - ყველაფერი შეისწავლა პაწია აკაკიმ. (ევდ.).
ბ) ბ ა ვ შ ვ ე ბ ი, დ ე დ ა კ ა ც ე ბ ი, ხ ნ ი ე რ ე ბ ი - ყველანი მოგროვდნენ. (ჯავახ.).
შენიშვნა: ერთგვარი წევრები, ჩასმული განმაზოგადებელ სიტყვასა და სინტაქსურად მასთან დაკავშირებულ სიტყვებს შორის, ტირეებით გამოიყოფა, ან ერთგვარი წევრების წინ ორწერტილი დაისმის, შემდეგ კი - ტირე:
ა) ყველაფერი - კ ა ბ ა ც, ს ა მ კ ა უ ლ ი ც ა დ ა ქ ა ლ ი ს ყ ო ვ ე ლ ი კ უ ნ თ ი ც - საუცხოოდ იყო შეზავებული. (ჯავახ).
ბ) მეორე დღეს მისი საუკეთესო მეგობრები - მ ც ხ ე თ ე ლ ი ა რ ჩ ი ლ ა, დ უ შ ე ლ ი მ ი ხ ა და კ ა ს პ ე ლ ი ვ ა ნ ო - გულცივად დაუხვდნენ. (ჯავახ.).
გ) ხეები: ა რ ყ ი, წ ი ფ ე ლ ი, თ ა მ ე ლ ი, დ უ დ გ უ ლ ა - გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ (ვაჟა).
5. ავტორის სიტყვების გამოსაყოფად, თუ ისინი მოსდევენ პირდაპირ ნათქვამს, ან მასში არიან მოქცეული (ჩვეულებრივ, მძიმესთან ერთად):
- მე კახელი არ გახლავარ, - მ ო ჰ ყ ვ ა მ ც ი რ ე ჩა ფ ი ქ რ ე ბ ი ს შ ე მ დ ე გ. (ჭავ.).
„ახ, ნეტავი შენ“! - წ ა ი დ უ დ უ ნ ა (ჭავ.).
- „გამოიცნო!“ - თქვა დ ა რ ე ჯ ა ნ მ ა ნ ი შ ნ ი ს მ ო გ ე ბ ი თ. (ჭავ.)
- კაბლის ტყეში, შვილო, - დ ა ი წ ყ ო ბ ი ძ ა მ რ ი ხ ი ა ნ ა დ, - ერთი ირემი მოვკალ. (ვაჟა).
6. მთავარი წინადადების წინ (მძიმესთან ერთად), თუ მას უსწრებს რამდენიმე ერთგვარი დამოკიდებული წინადადება (ადგილის, დროის...):
ა) სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,
მზისგან აროდეს არა დნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია
სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,
ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, -
უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა
გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი. (ჭავ.).
ბ) როცა სადილს უკან ლაზათიანად გამოიძინებდნენ ცოლ-ქმარნი, როცა საღამოზედ ნიავი ფრთას გაშლიდა და ბაღჩის ღობის გრძლად გამოწოლილი ჩრდილი ეზოს მოადგებოდა, - მაშინ კნეინა დარეჯანი ერთ ბალანგაცვივნულ ხალიჩას ჩრდილში გააშლევინებდა და დაბრძანდებოდა ხოლმე თავმომწონე პატარძალივით თავდახურული, წარბებაჭიმული და გამოპრანჭული. (ჭავ.).
გ) სადაც ვშობლივარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი.
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არის (ერ.).
7. დიალოგის მონაწილეთა ყოველი ნათქვამის წინ, რომელიც ჩვეულებრივ ახალი სტრიქონით იწყება:
- ხომ ხედავ? - მკითხა მამაჩემმა.
- რატომ არა, ბრმა ხომ არა ვარ?
- იცნობ? - მეკითხება მამა.
- რა დიდი ცნობა უნდა?
- ხომ არ გინდა, რომ დაეჭიდო?
- ვისა?
- ამ პატარა ბიჭს.
- ბიჭი კი არა, ის არ გინდა კიდევ! ჩემი ლანდია.
- რა იცი, რომ ლანდია?
- რატომ არ ვიცი! განა ცოტა მინახავს წყალში? (წერ.)
8. დანართი, რომ ის და ასახსნელ-დასაზუსტებელი სიტყვა ერთგვარ წევრებად არ იქნეს გაგებული:
ა) ხეებს გუნდად დასწოლია ფიფქი თოვლი - ბამბის ქულა (ტაბ.).
ბ) ბრწყინავს ქართლი - ვ ა რ დ ი ს ბ ა ღ ი (ლეონ.).
9. უკავშირო რთულ წინადადებაში, რომლის პირველი ნაწილი გამოხატავს დროს ან იმის პირობას, რაზედაც მეორე ნაწილშია საუბარი:
ა) ს რ ო ლ ა გ ა ვ მ ა რ თ ე თ - ყველას ვაჯობეთ (ჯავახ.).
ბ) მ ო მ ც ე მ ს ჯ ა გ ა რ ს - დავგრეხ ბაწარს (მღვ.).
ფრჩხილები
ფრჩხილებში ჩაისმის:
1. ისეთი სიტყვა, რომელიც განმარტავს და აზუსტებს წინა სიტყვის მნიშვნელობას:
ა) ფშატაძემ... ერთი მამალი ბატკანი (თოხლი) ქორივით ცხენდაცხენ აიტაცა. (ვაჟა).
ბ) ხმით (მოთქმით) დასტიროდა მამას გასათხოვარი ქალი სანდო;
გ) რა ყინჩი (კარგი) არის მამაჩემიო, ატანდა ხშირად სანდო ქვითინში (ვაჟა).
დ) ტაგანში (ხის კასრში) ჩხრიალი ჩაჰქონდა რძესა (ვაჟა).
ე) შემოდგომით არაგვი წმდება (წმინდავდება) და ამ დროს ორმოებს გამოცდილი თვალი ადვილად იპოვნის წყალში. (ვაჟა).
2. ჩართული წინადადება:
საყვარელო დედავ და მამავ! პირველად მრავალ მოკითხვას მოგახსენებთ (დასაწყისი სახლის პატრონმა უკარნახა) და ვთხოვ... (ვაჟა).
ძლივს არ გავისტუმრე ურმები (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბს), ძლივს! (ჭავ).
ერთი წინ მიუძღოდა, ორს იქით და აქეთ ყურები ეჭირათ (უნდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ მოზრდილი ყურები ჰქონდა მუცელას), ორი ზურგს უკან უდგა. (ვაჟა).
შენიშვნა: ჩართულ წინადადებას ტირეებითაც გამოყოფენ:
ა) რძალი - რ ო გ ო რ ც მ ო გ ე ხ ს ე ნ ე ბ ა თ ჩ ვ ე ნ ი კ უ რ თ ხ ე უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ა მ ბ ა ვ ი - რძლის მტერია (ჭავ.).
ბ) ხელი ხელს დაჰკრეს, დავითი - მ ე ო რ ე დ ღ ე ს პ ა ტ ა რ ძ ა ლ ი ა ღ ა რ ა ჩ ვ ე ნ ე ს - შინ წამოვიდა და მოსე თავის სახლში დარჩა (ჭავ.).
ბრჭყალები
ბრჭყალებში ჩაისმის:
1. ვინმეს ნათქვამიდან თუ ნაწერიდან პირდაპირ, სიტყვასიტყვით მოყვანილი ადგილი, ციტატა:
აქ ერთგან სწერია:
„უნდა კაცი კაცისათვის სიცოცხლისა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.
მგონია, ეგრე სწერია, თუ ხსოვნამ არ მიღალატა. (ჭავ.).
კაცი უნდა დინჯი იყოს, რადგან „სიდინჯე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა“, და მომთმენი, რადგანაც „მოთმინება კაი საქონელია“ (ვაჟა).
2. თხზულებების, წიგნებისა, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვათა სახელწოდებები:
ა) ჩემი ნაწერები, გარდა „შვლის ნუკრის ნაამბობისა“, „მოხუცის ნათქვამისა“ და „დარეჯანისა“, იმ წელს არიან დაწერილნი, რა წელსაც იბეჭდებოდნენ. (ვაჟა).
ბ) ჟურნ. „განათლებაში“ კრიტიკული წერილების ავტორი არჩევს პოემებს „სტუმარ-მასპინძელს“ და „გველის მჭამელს“ (ვაჟა).