ყმაწვილო თუ გსურს გიყვარდეს, შენი სამშობლო ძალიან ჯერ წიგნი უნდა ისწავლო, პირველი ასო არის: ა (ნ)
თუ სწავლით თვით ვერ ამაღლდი, მამულს ჩირქს ისე ვერ მობან, ჩირქს მოდებულსა მტრისაგან, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ბ (ან)
სამშობლო შვილსა ერთგულსა ითხოვს ყოველთვის, ყოველგან, და ნუ უმტყუნებ შენს მშობელს,... მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: გ (ან)
შენს ვალსა აასრულებდე ერთგულად, რაც-კი მოგანდონ! ნუ შეგაშინებს სიკვდილი,... მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: დ (ონ)!
პირადის სარგებლობისა, იცოდე, ძებნას დაეხსენ! იყავ შენ მუშა ქვეყნისა,.. მაგრამ იკითხე ჯერ ეს: ე (ნ)
თავგანწირულსა მუშაკსა ვერ შეაშინებს ვერავინ, ვერც ცეცხლი, წყალი, ვერც ტყვია მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ვ (ინ)
ვით მაღლით ჩაგონებული, საქმეს რომ მისდგე, აღეგზენ, რომ ნაშრომს დასდო ბეჭედი, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ზ (ენ)
სხვებიცა შენის მიხედვით გამრავლდებიან თანდათან მამულის წყლულის მკურნალად, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: თ (ან)
მიჰბაძე იმას, ვისაცა თავს ედგა ეკლის გვირგვინი, გვირგვინი ახლის აღქმისა მაგრამ ისწავლე ჯერ: ი (ნი)
წინ სწორედ წადი, რომ კვალი მრუდედ არ დარჩეს შენს უკან! მაშ გახდი ჯერ სწორ-მხედველი, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: კ (ან)
ეცადე სოფლის ბრუნვამა ეგ შენი გული არ მოკლას! გამაგრდი, როგორც სამსონი, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ლ (ას)
რომ ვეღარ შეძლოს მტარვლობა სუსტის მჩაგვრელმა ძალამან, შეძარი სვეტი ბომონის, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: მ (ან)
ვით დიოგენი, კეთილ კაცს ეძებდე, გეპყრას ფანარი, რა ნახო, დაეძმობილე, მაგრამ ისწავლე ჯერ ნ (არი)
რომ შენით შენმა მოძმებმა ცოტა რამ შვება იპოვონ; სხვას რაღას ეძებ ამ ქვეყნად, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ო (ნ)
და მაშინ შენი სახელი იბრწყინებს ვითა ლამპარი, მარადის გაუქრობელი, მაგრამ ისწავლე ჯერ პ (არი)
ზღაპრად ხომ იცი, მტრის ღალატს არ შეუშინდა არც ბეჟან, თუ შეგხვდეს, ნურც შენ შეკრთები, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ჟ (ან)
ჭირში და ლხინში ყოველთვის შენს მოძმეებზედ იფიქრე, რომ არ გიკვირდეს არც ერთი, მაგრამ ისწავლე ჯერ: რ (აე)
რა სჯობს, რომ შენსა ნაღვაწსა ჩანგზედ დამღერდეს მგოსანი და იმ ხმით სძგერდენ გულები, მაგრამ ისწავლე ჯერ: ს (ანი)
ვისაც ეს წილად რგებია ბედისგან, ის არს ნეტარი, სახარბი, სამაგალითო, მაგრამ ისწავლე ჯერ: ტ (არი)
და ვაი კაცსა ურგებსა, მას ბნელი ადევს უკუნი და წყევლა საშვილიშვილო, მაგრამ ისწავლე ჯერ: უ (ნი)
მას ვეღარ იხსნის წყევისგან ვერცა დიპლომი, ვერც ფარი, ვერც მოჭედილი საყელო, მაგრამ ისწავლე ჯერ: ფ (ფარი)
ხალხის მართალ განჩინებას, ხელს ვერ შეუშლის მანქანი, მანქანი ხრიკით ნაჭედი, მაგრამ ისწავლე ჯერ: ქ (ანი)
ნუ დაივიწყებ ნურც იმას, რაც ზემოთ გითხარ მე წეღან! თავიდან გაიმეორე, მაგრამ ისწავლე ჯერ ეს: ღ (ან)
რაც წაიკითხე, იფიქრე, ბეჯითად გული მიაპყარ და მერე კიდევ განვაგრძოთ: შემდეგი ასო არის ყ (არ)
თუ დაიღალე, მითხარი, ხვალემდინ გაგიშვებ შენ შინ, და ხვალ რომ მოხვალ, შეიტყობ, რომ ყარის შემდეგ არის: შ (ინ)
რა ამდენს ასოს ისწავლი, მერე არ გინდა ჩიჩინი: შენ უჩემოდაც მიხვდები, თუ რა ასოა ის: ჩ (ინი)
ხომ ხედავ, გაგიადვილდა, ჩინი უჩემოდ გამოსცან! თუ სცანი, კიდეც მოშორდი და გაიკვეთე ეხლა: ც (ან)
შენს გაზრდას, თუ მოგეწყინოს ან მოგივიდეს აწ ძილი, კითხვა ხვალამდე გადავდოთ; მაშინ ვისწავლოთ ეს: ძ (ილი)
მაგრამ არ გირჩევ, რადგანაც მცირეღა დაგვრჩა ნაწილი ამ ჩვენის «ანა-ბანისა»... მაშ წაიკითხე აწ: წ (ილი)
გამოიფხიზლე, ადუღდი, გაცხარდი, როგორც მაჭარი, და უფრო მკვირცხლად ისწავლი, თუ რა ასოა ეს: ჭ (არი)
თუ დაიღალე, მითხარი, სჯობს შეისვენო ხან-და-ხან, რომ მერე, შესვენებულზე, უფრო გამოსცნო შენ ეს: ხ (ან)
ხვალ ამოსაღებს დაიწყებ, რადგან გემატა დღეს ჯანი მთლად «ანა-ბანას» დასწავლით: მაგრამ, ოჰ, დაგვრჩა ეს ჯ (ანი)
და ვინც სულ არასა სწავლობს, მათ უნდა ვუთხრათ ხომ „ჰაი“, რადგანაც გამოუცნობი დარჩება იმათ ეს ჰ (აე) |
ლექსები დედა ენაზე • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |