ეს ფერადი მინდვრები, ეს ნახატი ჭალები, მკერდზე ყაყაჩოები ცეცხლად რომ გასჩენიათ, მარადმწვანე ქედები, მთები დათოვლილები, ბორცვია თუ ტაფობი, ხევია თუ ფშანია, ამერი და იმერი აღმართით და დაღმართით, მიწა - ასიათასჯერ სისხლით გადანამული, - კარგად დაიმახსოვრე, კარგად დაიმახსოვრე. კარგად დაიმახსოვრე - არის შენი მამული. დიდი წიგნი რუსთველის, დედაენა ქართული, განძი, რაც შეუქმნია ჩვენი ხალხის გენიას - ტაძრები და კოშკები, ქალაქები, სოფლები, არის ახლად ნაგები თუ ძალიან ძველია, ჩაიძვრინე გულშიაც, ჩაიძვრინე სულშიაც, მერე ვაივაგლახად გვერდს ნურაფერს აუვლი, გაუფრთხილდი, ძვირფასო, მართლაც თვალისჩინივით, რადგან ეს ყველაფერი არის შენი მამული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ავთანდილ გურგენიძის პოეზია |