მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5394 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო ერთი კაცი.  ვერაფერ ცუდს იმ კაცზე ვერავინ იტყოდა ქალაქში, ოღონდ ეს იყო: აჩემებული ჰქონდა გინდა თუ არა, ვანათებო. რომ დაღამდებოდა, მივიდოდა რომელიმე ოჯახში და სთხოვდა, შუქი ჩააქრეთო.

ქალაქში ყველამ იცოდა მისი ამბავი, ამიტომაც არ ედავებოდნენ, გაიღიმებდნენ და ჩააქრობდნენ შუქს.

კაცი ერთხანს დადგებოდა ოთახის მუაგულშიდა ელოდა, აი, ახლა გავანათებ სახლს და აი, ახლაო. მერე ამოიოხრებდა და იტყოდა: - მაპატიეთ, დღეს რატომღაც ვერ ვანათებო. 

- სინანულით გააყოლებდნენ თვალს და იტყოდნენ:

- ახირებული კია, მაგრამ მაინც კარგი კაციაო.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა სახლში ასე მშვიდად არ უცქეროდნენ ამ კაცის უცნაურობას. ბევრჯერ კიბეზეც დაუგორებიათ, პანღურიც მიუყოლებიათ და ძაღლებიც მიუსევნიათ - „ეცი, ეცის“ ძახილით.

ხანდახან მახლობლები ეტყოდნენ: - რა ძალა გადგას, თავს მარში რომ იგდებ, სხვაგან რას მიდიხარ, იჯექი შინ და ანათე შენთვისო.

- ჩემთვის? - გაიღიმებდა კაცი, - ვერა, ჩემთვის ვერ ავენთებიო.

- ჰოდა, იყავი ეგრეო, - ჩაიცინებდნენ და გაეცლებოდნენ.

ერთხელ ვიღაცამ უთხრა: - რახან ანათებ, მაღლიდან აბაჟურიც უნდა გეხუროს, რომ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით იყოსო.

- ამ ჩვენს კაცს ხუმრობა არ ესმოდა. ამიტომაც ეს რჩევა არ სწყენია და არც გაჰკვირვებია. პირიქით, ჭკუაში დაუჯდა. გაყიდა სახლში რაცრამე ჰქონდა და უამრავი აბაჟური იყიდა. 

ამის შემდეგ გასანათებლად წასვლას რომ დააპირებდა, ამოირჩევდა რომელიმე აბაჟურს და დაიხურავდა თავზე.

ქალაქში თითქმის ყველა სახლში იყო მისული, მხოლოდ ერთ სახლს ერიდებოდა. იქ ერთი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა. ქალმა მეტად ლამაზი სიცილი იცოდა და, კაცი სულ იმაზე ოცნებობდა ხოლმე, როგორ აენთებოდა იმ ქალის წინ.

- მერე თქვა: - მორჩა, დღეს უნდა გადაწყდეს ყველაფერიო - და, შინ დაბრუნდა.

დიდხანს არჩევდა აბაჟურებს. ბოლოს, როგორც იქნა, ამოარჩია ყველაზე ლამაზი, შვიდფერად მოხატული აბაჟური, დაიხურა თავზე და გასწია იმ ქალის სახლისაკენ.

ქალს სტუმრები ჰყავდა. კაციც ღიმილით შეიპატიჟა მობრძანდითო. ქალის სტუმრებს მაინცდამაინც არ გახარებიათ კაცის მოსვლა.

აქამდე ისინი სხვადასხვა ამბებს ჰყვებოდნენ და ცდილობდნენ ქალი გაეცინებინათ. ეტყობა, მათაც ძალიან მოსწონდათ ამ ქალის სიცილი. „ეს რაღას მოეხეტაო“, იფიქრეს ბრაზით.

კაცმა, როგორც იქნა, ენის ბორძიკით სთხოვა დიასახლისს, შუქი ჩააქრეთო.

ჩააქრეს შუქი.

„ახლა ავენთები, ახლა ავენთები, ახლა ავენთებიო...“ - რამდენჯერმე გაიმეორა გულში კაცმა. იგრძნო, კიდევ წამიც და ავენთები, ავბდღვრიალდებიო...

მაგრამ უცებ გაიგონა, როგორ ხითხითებდნენ სტუმრები და მათ ხითხითს ქალის სიცილიც დაემატა. ახლა ამ სიცილში დაცინვა იყო და კაცმა ვეღარ გაუძლო ყოველივე ამას.

კარისკენ გავარდა სიბნელეში, გზად სკამს დაეჯახა, გადააყირავა და თვითონაც წაიქცა. წამოხტა, გავარდა, დაეშვა კიბეზე...

გარბოდა, სიბნელეში ხეებს აწყდებოდა, ეცემოდა, დგებოდა და გარბოდა ისევ. ეკლიანი ბუჩქები უკაწრავდნენ სახეს და ხელებს... გარბოდა... „აჰა, კიდევ ცოტაც და, დამთავრდება ჩემი წვალებაო“, - ამასღა ფიქრობდა.

- იქით დიდი მდინარე იყო და მდინარისკენ გარბოდა კაცი.

უცებ რაღაც ხმა მოესმა და შედგა. მოეჩვენა, რომ უკანიდან მოსძახოდნენ და კინაღამ გული გაუსკდა სიხარულით, იქიდან ხომ მხოლოდიმ ქალს შეეძლო დაეძახა...

მაგრამ რომ მიაყურა, მიხვდა, ხმა იქიდან ისმოდა, საითაც თვითონ გარბოდა.

- მგონი ვიღაც მორბოდაო, - ამბობდა ვიღაც.

- ჰო, მეც ეგრე მომესმაო, - პასუხობდა მეორე. 

- ვინ მოდისო? - იკითხა პირველმა.

კაცისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო, გაეცინა თავის თავზე და ნაღვლიანად უპასუხა: - მე ვარ, კაცი, რომელიც ანათებსო.

- რომელიც ანათებსო? - იკითხა ერთმა და ხმაზე შეეტყო, რომ ძალიან აღელდა. ცოტაც და მეორემ წამოიძახა: - აი, ხომ გეუბნებოდი, ის აუცილებლად მოვა-მეთქი!

ეტყობოდა, ისიც საშინლად ღელავდა.

კაცმა გაიცინა:

- თქვენც დამცინით, არა?

- ოჰ, რას ამბობ, რამდენი ხანია შენ გელოდებითო - თქვეს და, კაცი მიხვდა, არ ტყუოდნენ.

თავბრუ დაახვია სიხარულმა.

- ერთი, ორი და სამიო, - თქვა და, უცებ მართლაც განათდა მის ირგვლივ.

- ვანათებ! - ამოიოხრა კაცმა, ფეხი მოეკვეთა და მიწაზე დაჯდა.

გონს რომ მოეგო, მიმოიხედა.

მის წინ მხოლოდ ვარდის ბუჩქი იყო.

- ეს შენ მელაპარაკებოდი? - ჰკითხა კაცმა ბუჩქს.

- ჰო, მე ვიყავი და ჩემი სტუმარიო, - უთხრა ბუჩქმა და კაცმა ახლა შეამჩნია, რომ ერთ ტოტზე ბულბული იჯდა.

- უმთვარო ღამეში მე ვერა ვმღერი და ეს იყო ჩემი სადარდელი, ახლა კი ნახე, როგორ ვიმღერო, - უთხრა ბულბულმა კაცს და დაიწყო სტვენა.

სიხარულით გაბრუებულ კაცს აღარც კი მოჰგონებია, რომ ადრე არასოდეს ულაპარაკია არც ბუჩქებთან და არც ჩიტებთან, იჯდა ბუჩქის ძირას და ბულბულს უსმენდა.

მეტად კარგი სანახავი იყო: ფერადი აბაჟურით თავშემკული მნათი კაცი, მისი შუქით განათებული ვარდის ბუჩქი და ვარდის ტოტზე მომღერალი ბულბული.

მას შემდეგ კაცს ყველგან და ყოველთვის შეეძლო ანთებულიყო, მაგრამ სახლებში აღარასოდეს შესულა. უმთვარო ღამეებში მოდიოდა ვარდის ბუჩქთან და უნათებდა ბულბულს.

ხანდახან, უნებლიეთ, სადმე ბნელ ქუჩაშიც აენთებოდა ხოლმე და ამის მნახველნი მეორე დღეს ყველას უყვებოდნენ, ასე და ასე იყოო.

იმათ, ცხადია, ეს არ სჯეროდათ და კაცს ეკითხებოდნენ: - მართალიაო? ის კი თავს დახრიდა და ღიმილით პასუხობდა: - არა, რამდენი ხანია მაგ სისულელეებს თავი დავანებე, ალბათ მოგეჩვენათო.

და მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა მისი საიდუმლო.

მაშინ, კაცი რომ გავარდა სახლიდან, ქალმა ინანა, არ უნდა გამცინებოდაო. გამოუდგა კაცს.. და შემდეგ შორიახლოდან კაცისა და ვარდ-ბულბულის საუბარიც მოისმინა და ისიც ნახა, როგორ აენთო კაცი.

დაივიწყა ქალმა თავისი ლამაზი სიცილი, დანაღვლიანდა და სტუმრებიც უკვე აღარ მოდიოდნენ მის სახლში.

ყოველ უმთვარო ღამეში ქალი მიდიოდა მდინარისაკენ, ამოეფარებოდა ხეს, მიეკვროდა ტანით და ელოდა კაცის მოსვლას.

უცქერდა, როგორ აენთებოდა კაცი, როგორ იწყებდა ბულბული სტვენას.

უსმენდა ბულბულს, უცქერდა კაცის ნაღვლიან სახეს და ოცნებობდა ქალი.

 

პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ