იმ საშინელ დღეს, როცა მსოფლიო უსამართლობა აღსრულდა და გოლგოთაზე ყაჩაღებთან ერთად იესო ქრისტე აცვეს ჯვარს, - იმ დღეს სისხამ დილას გაუსაძლისად ასტკივდა კბილები იერუსალიმელ ვაჭარს ბენ-ტოვიტს;
ტკივილი ჯერ კიდევ წინა დღეს, საღამო ხანს შეუჩნდა: წიწკნა დაუწყო მარჯვენა ყბამ, ხოლო ერთი კბილი, სიბრძნის კბილის წინა, თითქოსდა ცოტათი ამოეწია და ენის წკარებაზე ოდნავ სტკიოდა.
ჭამის შემდეგ ტკივილი მთლიანად გაქრა, ბენ-ტოვიტსაც სულ გადაავიწყდა იგი და დამშვიდდა. ამ დღეს ბებერი სახედარი სარფიანად გადაცვალა ახალგაზრდა და ღონიერ სახედარზე, გული სიხარულით უძგერდა და აინუში არ აგდებდა ავბედით ნიშნებს.
ღამით ბენ-ტოვიტს მშვიდად და გულიანად ეძინა. ალიონზე კი მშფოთვარებამ შეიპყრო, თითქოს ვიღაც ძალზე მნიშვნელოვან საქმეზე უხმობდა; როცა გულმოსულმა გაიღვიძა, კბილები სტკიოდა, სტკიოდა აშკარად, გაავებით, გულის შემაღონებლად.
უკვე ვეღარ გაერკვია, ისევ გუშინდელი კბილი აწუხებდა, თუ იმას სხვა კბილებიც აჰყვა. ბენ-ტოვიტს პირი და თავი საშინლად სტკიოდა, თითქოს ათასობით გავარვარებულ წვერმახვილა ლურსმანს აღეჭინებენო.
დოქიდან წყალი მოსვა, პირში ჩაიგუბა და წუთით ტკივილი დაუამდა, კბილები აუტოკდა და ტალღასავით აუთამთამდა. ეს შეგრძნება სასიამოვნოც კი იყო წინა შეგრძნებასთან შედარებით.
ბენ-ტოვიტი ისევ დაწვა, ახალი სახედარი გაახსენდა და გაიფიქრა, კბილები რომ არ მტკიოდეს, ჩემზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ იქნებოდაო, და დაძინება მოიგუნება, მაგრამ წყალი თბილი იყო და ხუთი წუთის შემდეგ ისევ წამოუარა ტკივილმა, ადრინდელზე უფრო მძვინვარე ტკივილმა.
საწოლზე ჩამომჯდარი ბენ-ტოვიტი ახლა ქანქარასავით ირხეოდა. მთელი სახე დაეღმიჭა და ვეება ცხვირთან მიეწურა; ტანჯვისაგან გაფითრებულ ცხვირზე ცივი ოფლის წვეთი შეყინვოდა.
აი, ასე, რწევა-კვნესით შეხვდა ბენ-ტოვიტი მზის პირველ სხივებს, რომელთაც ბედად ეწერათ გოლგოთაზე აღმართული სამი ჯვარი ეხილათ და თავზარისა და მწუხარებისაგან სინათლე დაშრეტოდათ.
ბენ-ტოვიტი გულკეთილი, კარგი ადამიანი იყო, არ უყვარდა უსამართლობა, მაგრამ როცა ცოლს გაეღვიძა, მას ღეჭვა-ღეჭვით ბევრი გულსატკენი რამ უთხრა. უჩიოდა, სულ მარტოდმარტო დამაგდეს, რომ გაწამებულმა ვიყმუვლო და ვიკრუნჩხოო.
ცოლმა მოთმინებით მოისმინა დაუმსახურებელი საყვედურები, ვინაიდან იცოდა, გულბოროტობით არ დაუმუნათებია ქმარს; შემდეგ ბევრი კარგი წამალი მოუტანა: ვირთაგვას გასუფთავებული ცურცლი, რომელიც ლოყაზე უნდა დაედო, მორიელის მწანე ნაყენი და მოსეს მიერ დამსხვრეული სჯულის ფიცრის ნატეხი.
ვირთაგვას ცურცლმა, აგრეთვე სჯულის ფიცრის ნატეხმა ტკივილი ცოტათი დაუამა, მაგრამ მცირე ხნით, ხანმოკლე გაყუჩების შემდეგ ტკივილი ისევ ახალი ძალით უტევდა.
ბენ-ტოვიტი სახედარზე ფიქრით იქცევდა თავს, მასზე ოცნებობდა. ხოლო როცა უარესად ხდებოდა, კვნესოდა, ცოლს უჯავრდებოდა და იმუქრებოდა, თავს ქვაზე დავახლი, თუ ტკივილი არ გამიყუჩდაო.
სახლის ბანზე გამუდმებით ბოლთას სცემდა; თავი ქალივით თავშალით ჰქონდა შეხვეული და ამიტომ ბანის კიდესთან გასვლა რცხვენოდა. დროდადრო ბავშვები მოირბენდნენ ხოლმე და სხაპასხუპით რაღაცას უამბობდნენ იესო ნაზარეველზე.
ბენ-ტოვიტი ჩერდებოდა, ბავშვებს სახეშეჭმუხნილი უსმენდა, წუთის შემდეგ კი მწყრალად აბაკუნებდა ფეხს და ერეკებოდა: კეთილი კაცი იყო და ბავშვები უყვარდა, მაგრამ ახლა ბრაზობდა, ათასგვარი უმნიშვნელო რამით გულს რომ უწყალებდნენ.
არც ის სიამოვნებდა, რომ ქუჩაში და მახლობელ ბანებზე უსაქმოდ შეყრილი ხალხი ქალივით თავშეხვეულს ხედავდა. უკვე ძირს ჩასვლას აპირებდა, როცა ცოლმა უთხრა:
- შეხე, ყაჩაღები მოჰყავთ. იქნებ მათ ცქერას გული გადააყოლო.
- თუ ქალი ხარ, თავი დამანებე, ვერ ხედავ, როგორ ვიტანჯები? - მწყრალად მიუგო ბენ-ტოვიტმა, მაგრამ ცოლის სიტყვებში კრთოდა ბუნდოვანი იმედი, იქნებ ტკივილი დაუცხრესო, ამიტომ უხალისოდ მივიდა მოაჯირთან. თავი გვერდზე გადახარა, ცალი თვალი მოჭუტა, ლოყით ხელს დაეყრდნო და ქვემოთ ჩაიხედა; ზიზღით ავსებული სახე ჩამოსტიროდა.
აღმართზე ამომავალ ვიწრო ქუჩაზე არეულ-დარეულად მოიწევდა მტვრის კორიანტელში გახვეული დუნდგო (ბრბო) და გაუთავებლად ყვიროდა.
დუნდგოს შუაში მოაბიჯებდნენ დამნაშავენი, რომელნიც ჯვრების სიმძიმეს წელში მოეხარა. დამნაშავეების თავზე შავი გველებივით იკლაკნებოდა რომაელ ჯარისკაცთა მათრახები.
ერთმა დამნაშავემ, რომელსაც გრძელი ქერა თმა ჰქონდა და დაგლეჯილი, გასისხლიანებული კვართი ემოსა, ქვაზე წაიბორძიკა და დაეცა. ყვირილმა იმატა და ბრბო ზღვის ნაირფერი წყალივით შემოეჯარა დაცემულს.
ბენ-ტოვიტი უეცრად ტკივილმა შეაკრთო - კბილში ვიღაცამ თითქოსდა გავარვარებული ნემსი ჩაასო და დაუტრიალა; ბენ-ტოვიტმა დაიკვნესა: „უ-უ-უ“ - და მოაჯირს მოშორდა ზიზღით სავსე, გულგრილი და გაბოროტებული.
მან წარმოიდგინა, როგორ ჰქონდა ხალხს პირი დაბჩენილი, - იმ ადამიანებს კბილები არ სტკიოდათ, და შურით თქვა:
- როგორ გაჰყვირიან!
ო, როგორ დაიყვირებდა თვითონაც, ავად რომ არ ყოფილიყო!
ამის წარმოდგენაზე ტკივილი გაუასკეცდა, შეხვეული თავის ქნევას მოჰყვა და აღმუვლდა: „მ-უ-უ“...
- ამბობენ, ბრმებს ჰკურნავდაო, - უთხრა ცოლმა, რომელიც მოაჯირს არ სცილდებოდა, და კენჭი იქითკენ ისროლა, სადაც ნელ-ნელა მოიწევდა მათრახების ცემით ფეხზე წამომდგარი იესო.
- რაღა თქმა უნდა! ერთი ჩემი კბილის ტკივილიც მოერჩინა, - ირონიულად მიუგო ბენ-ტოვიტმა და გულფიცხად, მწარედ დასძინა: რა მტვრის ბუღს აყენებენ, თითქოს ჯოგიაო! ყველანი ჯოხით უნდა დაიფრინო აქედან! სარა, ჩამიყვანე ძირს!
ცოლი მართალი აღმოჩნდა. ბრბოს ცქერამ ცოტათი გაართო ბენ-ტოვიტი; იქნებ ბოლოს და ბოლოს ვირთაგვას ცურცლმაც უშველა, - და მან დაიძინა. ხოლო როცა გაიღვიძა, ტკივილი თითქოს გაუქრა, მხოლოდ მარჯვენა ყბაზე გამოებერა პატარა ფლუსი, ისე პატარა, ძლივს ემჩნეოდა.
ცოლი ეუბნებოდა სულ არ გეტყობაო, ბენ-ტოვიტი ეშმაკურად იღიმებოდა: მან იცოდა, რა კეთილი ცოლი ჰყავდა და რარიგ უყვარდა გულგასახარი რამის თქმა.
მოვიდა მეზობელი, დაბალი სამუელი. ბენ-ტოვიტმა სახედრის სანახავად წაიყვანა და სიამაყით ისმენდა თავისი და ცხოველის გულმხურვალე ქებას.
შემდეგ ცნობისმოყვარე სარას თხოვნით ბენ-ტოვიტი და სამუელი გოლგოთაზე წავიდნენ ჯვარცმულების სანახავად. გზად ბენ-ტოვიტი სამუელს უყვებოდა, გუშინ მარჯვენა ყბაში როგორ იგრძნო წიწკნა, შემდეგ ღამით როგორ გააღვიძა საშინელმა ტკივილმა.
ტკივილი რომ თვალსაჩინო გაეხადა, წამებულის გამომეტყველებას იღებდა, თვალებს ხუჭავდა, თავს აქნევდა და კვნესოდა. ჭაღარაწვერიანი სამუელი კი თანაგრძნობით უქნევდა თავს და ამბობდა:
- ო-ჰო-ჰო-, ჰო! რა მტკივნეულია!
ბენ-ტოვიტს ესიამოვნა სამუელის თანადგომა და კბილების ტკივილის ამბავს თავიდან მოჰყვა, შემდეგ ის შორეული დრო გაიხსენა, როცა კბილი პირველად ასტკივდა და ქვემოთა მარცხენა მხარის კბილი დაუჭიანდა.
ასე, ცხოველი ბაასით, ავიდნენ გოლგოთაზე. მზე, რომელსაც წილად ხვდა ამ საშინელ დღეს ქვეყანა ენათებინა, უკვე შორეული ბორცვების მიღმა ჩაესვენა და აღმოსავლეთით სისხლიანი ნაკვალევივით ენთო მეწამულ-წითელი ზოლი.
წითელი ზოლის ფონზე ბუნდოვნად, მუქად ისახებოდა ჯვრები, შუა ჯვრის ძირში მქრქალად ჩანდნენ ვიღაც მუხლმოყრილი ადამიანები.
ხალხი დიდი ხანია წავიდ-წამოვიდა. თანდათან აცივდა, ბენ-ტოვიტმაც თვალი შეავლო ჯვრებს, სამუელს მკლავში ხელი გაუყარა და ფრთხილად შემოაბრუნა სახლისკენ.
მჭევრმეტყველების საღერღელი აშლოდა და უნდოდა ბოლომდე ეთქვა კბილის ტკივილის ამბავი.
ასე მოდიოდნენ ისინი, და ბენ-ტოვიტი სამუელის გულმტკივნეულ თავის ქნევასა და შეძახილებზე ტანჯულის სახეს ღებულობდა, ხოლო ღრმა ხეობიდან, გადამწვარი დაბლობებიდან მოიწევდა შავი ღამე, თითქოსდა სურდა ცის თვალთაგან დაემალა დედამიწის დიდი ბოროტმოქმედება.
მთარგმნელი: აკაკი ბრეგაძე