მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 24464 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაღაზიაში სამი განყოფილება იყო, სამი გამყიდველი მუშაობდა, ორი ქალი - მარო და მარგალიტა, ერთიც კიდევ კაცი - გერონტი.

შემოვიდა პატარა გოგონა. იქნებოდა ათი თუ თერთმეტი წლისა, გერონტის განყოფილებასთან მივიდა, მოხუც ქალს ჰკითხა:

- ბოლო თქვენ ბრძანდებით?

- მე ვარ, შვილო.

გოგონა მორჩილად გაჩერდა მის უკან.

რიგი დიდი არ იყო, ხუთი თუ ექვსი კაცი. არც ბევრ-ბევრს ყიდულობდნენ. სწრაფად მიიწევდნენ წინ.

მოხუცმა ქალმა ააწონინა ნახევარი კილო ძეხვი „მოყვარულთა“, ორასი გრამი ყველი „რუსეთული“, გამოართვა ერთიც ორმოცდაორ კაპიკად ღირებული მდოგვი. გერონტიმ მარჯვედ ჩამოყარა კოჭები საანგარიშოზე და მოხუც ქალს უთხრა:

- ორი და ოთხმოცი! - მოხუცმა ქალმა სამმანეთიანი მიაწოდა.

- ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, - თქვა პატარა გოგონამ.

- როგორა? - წინ წამოიწია გერონტიმ.

- ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, - მშვიდად გაიმეორა გოგონამ.

გერონტი შეშფოთდა.

- შენა, გოგო, რას გეტყვი, იცი?

- ვიცი.

- რა იცი, რა!

- რა და... ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკია და არა ოთხმოცი.

გერონტი საანგარიშოს ეცა.

- მანეთი და ორმოცდახუთი - ძეხვი, ორჯერ ოცდაჩვიდმეტი - ყველი, ორმოცდაორი - მდოგვი.

- ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი, - თქვა ისევ გოგონამ.

აწითლებულმა გერონტიმ საანგარიშოს კოჭები უკან გაყარა და ხელახლა დაიწყო ანგარიში. ორი მანეთი და სამოცდაერთი კაპიკი გამოუვიდა.

- ცოტა სწრაფად, სწრაფად! - დაიძახა ბოლოდან სათვალიანმა კაცმა.

გერონტიმ ხნიერ ქალს ხურდები მოუკრიფა და გოგონას მიაჩერდა.

- შენ რა გინდა, ისა თქვი!

- ნუ მიწყრებით, - უთხრა გოგონამ. გერონტი აიმართა, გოგონას დააკვირდა. ერთი სიფრიფანა გოგონა იყო, მქრქალ-ცისფერთვალებიანი და ცოტა ცხვირაპრეხილი. მარცხენა ხელში ბადურა ეკავა, მარჯვენაში - ხუთმანეთიანი და კარაქის ტალონი. ძალიან მშვიდად იდგა.

- მიბრძანე, რა მოგართვა! - მორჩილება გაითამაშა გერონტიმ.

- მომეცით ორას ორმოცდაათი გრამი ძეხვი, ორასი გრამი ყველი „შვეიცარული“, ერთი ტალონისაც კარაქი.

გერონტიმ იწვალა და ძლივს შეასრულა ზუსტად ორას ორმოცდაათ გრამად ძეხვი, მერე - ორასად ყველი. კარაქს აწონა არ უნდოდა, დაფასოებული იყო, ორას-ორას გრამად. სამი ცალი მიაწოდა გოგონას. საანგარიშოს მისწვდა, ფრთხილად ჩამოყარა კოჭები. გაუბედავად თქვა:

- სამი და სამოცდაათი.

- სამი მანეთი და სამოცდაშვიდი კაპიკი.

- ვახ, კაცო! - წამოიძახა გერონტიმ. ისევ დააპირა ანგარიში. გადაიფიქრა, - მომეცი, შვილო, რამდენიც გინდა, და წადი, სამუშაო მაქვს მე.

- აიღეთ სამი მანეთი და სამოცდაშვიდი კაპიკი.

გერონტიმ ზუსტად დაუბრუნა ხურდა. გოგონა წავიდა. ყველანი უყურებდნენ. ხომ პატარა იყო და სიფრიფანა, რაღაც ქალბატონურად მიდიოდა. წელში გამართული, სწორი, ქერა თმა „ცხენის კუდად“ ჰქონდა შეკრული უკან.

- დედა ეყოლება მაგას... ჩემს მტერს! - თქვა კამოდივით განიერმა ქალმა.

- მშვენიერი გოგონაა, - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

- როგორ?

არავინ ამოიღო ხმა.

- მე შვილიშვილი მყავს მაგაზე დიდი, თავს მაღლა ვერ ააღებინებ უფროსებთან, - გვერდზე მდგომს ეუბნებოდა თითქოს რაღაც ტვირთით მხრებდამძიმებული ჭაღარა ქალი.

- ჩემს გოგონასაც.

- აღზრდაა ყველაფერი.

გერონტისთვის ჯერაც არ გაევლო სიბრაზეს. ხელები უკანკალებდა.

- კარგი მაშინ ვიქნებოდი, სულაც რომ არ მიმეცა არაფერი. რატომ გზავნიან მაღაზიაში მაგოდენებს? დედა არა ჰყავთ, მამა არა ჰყავთ?

- არ სცალიათ.

- კარგით რა, რა არ სცალიათ!

- თან საქმე, ამხანაგებო, თან საქმე! - დაიბოხა ვიღაცამ ხმა.

და, აი, იმ დღიდან დაიწყო:

გამოჩნდებოდა გოგონა და გამყიდველი ქალები, მარო და მარგალიტა, სიცილით ამცნობდნენ გერონტის:

- მოდის, გერონტი, მოდის.

გერონტი იხტიბარს არ იტეხდა.

- მოვიდეს და მოვიდეს.

- მაგრად დადექი.

- მაგისთანები მინახავს, - მაგრობდა გერონტი, მაგრამ მაინც ეტყობოდა, ძალიან ღელავდა.

გოგონას პლასტმასის წითელი ბადურა ყოველთვის მარცხენა მკლავზე ეკიდა. გრძელი, ფარფარა ქვედატანი სანახევროდ უფარავდა წვივებს.

კი არ მოდიოდა, მობრძანდებოდა. სულ არ ატოკებდა მხრებს. შემოვიდოდა მაღაზიაში, შემოანათებდა თითქოსდა არაფრის მეტყველ თვალებს.

გამყიდველი ქალები გაცქაფულები იყვნენ - აინტერესებდათ, ახლა რა მოხდებოდა. გოგონა გერონტისთან მივიდოდა, გაჩერდებოდა მშვიდად.

- მომეცით... სამას სამოცი გრამი ძეხვი.

- დაიწყო ახლა... - ხელებს უმწეოდ ჩაუშვებდა გერონტი. მარო და მარგალიტა უკვე სიცილით იგუდებოდნენ.

- თქვენს სასწორს ათგრამიანი დანაყოფებიც აქვს. სამას სამოცი გრამი ძეხვი, ორას ოცდაათი გრამი ყველი.

- კარგი რა, გოგო, კარგი. ან ორასი თქვი, ან სამასი. სადისტი ხარ, რა ხარ?

- სადისტი რას ნიშნავს?

- მწვალებელს, მტარვალს, - ხმას უწევდა გერონტი.

- გმადლობთ. დავიხსომებ ამ სიტყვას.

მარო და მარგალიტა ცხვირსახოცებს ეძებდნენ ცრემლების მოსაწმენდად. გერონტი წვალობდა, აწონაზედაც წვალობდა, ანგარიშითაც ვეღარ ანგარიშობდა. რას რამდენი უნდოდა, გოგონა ჰკარნახობდა. გერონტი უსინათლოსავით ართმევდა ფულს, კანკალით უბრუნებდა ხურდას და, გოგონა რომ წავიდოდა, ნიათგამოცლილი ჯდებოდა.

- ვახ, კაცო, ზოგი რა მრუდე ვარსკვლავზე დაებადება დედას, - წინსაფრის კალთას იდებდა დაცვარულ შუბლზე.

მარო და მარგალიტა ურჩევდნენ:

- სხვაგან უნდა გადახვიდე, გერონტი, თორემ აქ რაღაცა დაგემართება.

- დამემართა და ეგ არის. ვეღარაფერს ვანგარიშობ. მეჩვენება, რომ სულ მეშლება. ეგ მოფსრიტული კი თვალს არ დაახამხამებს. ნამდვილი ჯადო აქვს თვალებში.

გავიდოდა ორიოდე დღე, დამშვიდდებოდა გერონტი და ისევ გამოჩნდებოდა გოგონა, ისევ მშვიდი ქალბატონივით შემოდიოდა მაღაზიაში. გერონტი საბრძოლო პოზაში დგებოდა, მარო და მარგალიტა სეირის საყურებლად ემზადებოდნენ. გოგონა იწყებდა: - სამას სამოცდაათი - ეს, ორას ოთხმოცი - ის, ას ოცდაათი...

გერონტი მთლად მოსაწყლდებოდა.

- მოდი რა, მუქთად წაიღე ყველაფერი.

- მუქთად რატომ?

- დედა არა გყავს? დედა მოვიდეს შენ მაგივრად.

- დედას სხვა საქმეები აქვს.

- მაშინ გავიგებ, რომელ სკოლაში სწავლობ, და ჩემი ფეხით მივალ დირექტორთან.

- როგორც გენებოთ.

მაგრამ გერონტის აღარ დასჭირდა სკოლაში წასვლა. წავიდა ერთ დღეს გოგონა და წავიდა. აღარ გამოჩენილა თითქმის ორ თვეს. მარო და მარგალიტა ულოცავდნენ გერონტის:

- გადარჩი, გერონტი, გადარჩი.

გერონტი აღარაფერს ამბობდა. ის კი აშკარად ეტყობოდა, დამშვიდდა. სახეც დაუმშვიდდა. თითქოს უფრო სუფთადაც იპარსებოდა, სუფთადაც იცვამდა. ჰალსტუხის გაკეთებაც კი დაიწყო. ლამაზად ივარცხნიდა ჭაღარა თმას. მყიდველებთანაც უფრო თავაზიანი გახდა.

ერთი-ორჯერ მოატყუეს მარომ და მარგალიტამ, მოდის, მოდისო. გერონტი წითლდებოდა. მერე, რომ ნახავდა, ატყუებდნენ, წელში სწორდებოდა, მოვიდესო.

 

* * * * * * *

 

შემოდგომის თბილი დღეები ზამთრისპირის ცივმა დღეებმა შეცვალა. დაუბერა ქარმაც. ქუჩები ჩამოცვენილი ფოთლებით აივსო. მეეზოვეები ლანძღავდნენ ქარს. ერთ დილას კი, ქარი რომ ჩადგა, თოვლიც წამოვიდა.

მოფარფატებდნენ ბრტყელ-ბრტყელი ფიფქები, მაგრამ ძირს ეცემოდნენ თუ არა, დნებოდნენ. და აი, ამ თოვაში გამოჩნდა გოგონა. თბილი, გრძელი პალტო ეცვა, თბილი, ნაქსოვი ქუდი ეხურა, თითქმის წარბებამდე ჩამოწეული, თბილი.

მაღალყელიანი ფეხსაცმელებით ისევ მშვიდად მოაბიჯებდა, მხრებს არ მოატოკებდა. გერონტიმ რომ გოგონა დაინახა, მაშინვე გაწითლდა, მაგრამ მაინც გაიღიმა. მარომ და მარგალიტამ დაიძახეს:

- ძვირფასი სტუმარი გვესტუმრა!

გოგონამ ქალებს მქრქალი ღიმილით გახედა და გერონტის მიუახლოვდა. გერონტი რაღაცას წონიდა, მაგრამ სასწორს კი არა, გოგონას უყურებდა და უღიმოდა.

- როგორა ბრძანდებით? - მოიკითხა გოგონა დიდივით.

გოგონაც უღიმოდა გასაოცარი ლამაზი ღიმილით. გასაოცარი ლამაზი ტუჩ-კბილი ჰქონდა, გასაოცარი ლამაზი კეთილი თვალები, რაღაც ნათელი ედგა მთელ სახეზე.

- თქვენ ხომ კარგად? მე ავად გახლდით, ქუნთრუშა მქონდა, ახლა კარგად ვარ.

- ვაახ! - წამოიძახა გერონტიმ, - აკი არ მიკვირდა?!

- რა გიკვირდათ?

- რომ აღარ ჩანდით.

- აღარ გაწვალებდით?

- არა, ეს რა წვალებაა. შენ კარგად იყავი და ეგეთი წვალება რა წვალებაა.

- დღეიდან სულ კარგად მოვიქცევი.

- ადრეც რა, რით იქცეოდი ცუდად!

გოგონას ეცინებოდა.

მარო და მარგალიტა სახტად დარჩენილები იყურებოდნენ.

- დღეს მომეცით ორასი გრამი „შვეიცარული“ ყველი, ორასი გრამი ძეხვი.

- სერვილადი? სერვილადი მაქვს. - გერონტიმ დახლქვეშიდან სერვილადი გამოიღო, თან იცინოდა, - ორას სამოცი გრამი აღარ გინდა ან ას ოთხმოცდაჩვიდმეტი?

- არა, აღარ არის საჭირო, - იცინოდა გოგონაც.

- ვახ, ეგრე ცოტას რომ ჭამ, იმიტომა ხარ გამხდარი.

- ჩემი გასუქება არ შეიძლება, ისედაც... - გოგონამ ლოყები დაბერა.

- რატომ? რატომ?

- ბალერინა უნდა გავხდე.

- ვახ, ოპერაში?

- თუკი შევძლებ, ოპერაში.

- შენ რას არ შეძლებ. შენ რას არ შეძლებ, - გერონტი წელში გაიშალა, - თუ რამე ისეთი იყოს, მე ნუ მომერიდები. მე აქა ვარ.

- გმადლობთ, გმადლობთ, - გოგონა ქვემოდან შეჰყურებდა და უცინოდა. - აი, რა კარგი ბრძანდებით ახლა. აღარ მიმართოთ აღარავის წყრომით. მით უფრო - ქალებს.

- მეე? წყრომით?

გოგონამ ლამაზად გახვეული ყველი და ძეხვი ჩანთაში ჩაიწყო. ხელი მაღლა ასწია და ღიმილით წავიდა კარისკენ. კართან მისულს გერონტიმ დაუძახა:

- სახელი რა გქვია, სახელი.

- მირანდუხტ.

- ესე იგი, მირა.

- არა.

- მირანდა?

- არა, მირანდუხტ.

- ვაახ!

გოგონამ ისევ ასწია ლამაზი ხელი და თითების ქნევით გავიდა თოვაში.

მარო და მარგალიტა ცხვირჩამოშვებულები იდგნენ. შესვენებაზე, მცირე ტაბლას რომ მიუსხდნენ ქალები და გერონტი, გერონტიმ თქვა:

- რა არის ადამიანი! ხომ მაბრაზებდა ეგ გოგო. მაბრაზებდა, მაგრამ თანაც მაფხიზლებდა. რაც ეგ გამოჩნდა, აშკარად დავინახე ჩემი გოგონების ნაკლოვანებები. ცეცხლის კალოში ვაყენებ - ან სიარული ისწავლონ, ან თავდაჭერა. მეცა... მეცა ვზივარ და სულ ვანგარიშობ.

მარომ და მარგალიტამაც აღიარეს:

- გენიალური გოგოა! - და ერთად ჩააწეს პურები ქონიან ტაფაში.

- ნამდვილი გენიოსი. როგორ ანგარიშობს, ხო იცით, მანქანასავით. რა-ტა-ტა-ტა-ტა-და - ზუსტად!

იმ დღიდან დიდი მეგობრები არიან მირანდუხტი და გერონტი. გერონტის რაღაც-რაღაცები აქვს ხოლმე გადანახული მირანდუხტისთვის.

ერთი ეგ არის, ჯერჯერობით ვეღარაფერი მოაწონა. მირანდუხტი ისევ იმას ყიდულობს, რაც დახლებშია გამოწყობილი... და კიდევ ერთიც - გერონტის უნდა, თავის გოგოებთან მიიპატიჟოს მირანდუხტი ნახალოვკაში, ვერ კი გაუბედავს.

გერონტის ხის სამსაფეხურიანი პატარა სახლი უდგას პატარა ბაღში. მირანდუხტი კი, - ასე ეჩვენება, - სულ მარმარილოს კიბეებზე დაბრძანდება აღმა-დაღმა და მომხიბვლელად უქნევს შემხვედრებს პატარა, ლამაზ ხელს.

როგორია ასეთი გოგონას ნახალოვკაში სტუმრობა?!

ოოოო!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ