მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1723 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როცა ტელეფონმა დარეკა, თმაჭაღარა მამაკაცმა არცთუ ისე თავაზიანად ჰკითხა ახალგაზრდა ქალს, – ავიღო ყურმილი თუ გიჯობს, არ ვუპასუხო იმას, ვინც რეკავსო?

ქალი ფიქრებში იყო წასული და არ გაუგონია მისი სიტყვები.

მხოლოდ თავი მოაბრუნა კაცისკენ, თან ცალი თვალი მოხუჭა, რადგან სინათლე შიგ სახეში სცემდა. მეორე თვალი კი, ღია ცისფერი და ფართოდ გახელილი, შუქფარის ჩრდილში დარჩა და დაუმუქდა, გაუმელნისფრდა.

თმაჭაღარამ მოუთმენლად გაიმეორა შეკითხვა. ქალი ტახტზე წამოიწია, იდაყვით დაეყრდნო ბალიშს და მარჯვენა ხელით გაისწორა შუბლზე ჩამოშლილი თმა.

– ოჰ, ღმერთო ჩემო, – თქვა მან, – აბა, რა ვიცი, რაც გინდა, ის ქენი.

თმაჭაღარამ უპასუხა, რომ მისი აზრით, სულერთი იყო, აიღებდა ყურმილს თუ არა ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა. შემდეგ ზანტი მოძრაობით შეუცოცა ხელი ქალს იღლიაში და წელზე მოხვია, მარჯვენა ხელით კი ტელეფონს მისწვდა. ყურმილი რომ აეღო, საჭირო გახდა ზეზე წამოწევა და კაცმა შუქფარს მიაბჯინა კეფა. ძალზე გაჭაღარავებული, თითქმის მთლად თეთრი თმა განათდა ყოველი მხრიდან და ცხადი გახდა, რომ კაცი არცთუ ისე დიდი ხნის გამოსული იყო საპარიკმახეროდან. საფეთქლებსა და კეფაზე თმა ჩვეულებრივ, მოკლედ ჰქონდა შკრეჭილი, ქეჩოზე კი გრძლად დაეტოვებინა, რაც მას ზედმეტად არტისტულ იერს აძლევდა.

− გისმენთ, - ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა კაცმა.

იდაყვს დაყრდნობილი ქალი თვალს არ აშორებდა თმაჭაღარას. ქალის თვალები არც აზრს გამოხატავდა და არც შეშფოთებას. მხოლოდ ერთ რამეს ხდიდა უცილობელს - საოცრად დიდი და ლურჯი თვალები ჰქონდა ქალს.

ყურმილში მოისმა მამაკაცის ხმა - ყრუ და ამავე დროს უცნაურად, არაბუნებრივად აღელვებული.

− ლი, ხომ არ გაგაღვიძე?

თმაჭაღარამ სწრაფად გაიხედა მარჯვნივ, ახალგაზრდა ქალისკენ.

-ვინ ლაპარაკობს? - იკითხა მან, - არტურ, შენა ხარ?

− ჰო, მე ვარ. ხომ არ გაგაღვიძე?

− არა, არა. ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი. მოხდა რამე?

− თუ ძმა ხარ, სიმართლე მითხარი, ხომ არ გაგაღვიძე?

− არა, ღმერთმანი, - თქვა თმაჭაღარამ, - საერთოდ, ამ ბოლო ხანს სულ მთლად გადავეჩვიე ძილს... ღამეში სულ რაღაც ოთხი-ხუთი საათი მძინავს.

− იცი, რაზე დაგირეკე, ლი? შემთხვევით ხომ არ დაგინახავს, როდის წავიდა ჯოანა? ან იქნებ იცი, ილინბოგენებს ხომ არ წაჰყოლია სადმე?

თმაჭაღარამ ისევ გაიხედა მარჯვნივ, მაგრამ ამჯერად არ შეუხედავს ქალისათვის, რომელიც ისე უთვალთვალებდა, როგორც ახალგაზრდა ცისფერთვალება ირლანდიელი პოლისმენი თავის მსხვერპლს. მან ჭერს ახედა ქალის თავს ზემოთ.

− არა, არტურ, არ დამინახავს, - თქვა მან, თან თვალი არ მოუცილებია სიბნელით მოცული ოთახის ზედა კუთხისათვის, სადაც ჭერი უერთდებოდა კედელს, - განა თქვენ ერთად არ წამოხვედით?

− არა, დალახვროს ეშმაკმა, არა... მაშ, შენ არ გინახავს, როდის ან ვისთან წავიდა ჯოანა?

− არა-მეთქი, ხომ გითხარი, არ მინახავს, გესმის, არტურ... სიმართლე გითხრა, დღეს საღამოს საერთოდ არაფერი მინახავს. კარში გამოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ უცებ დამეტაკა ვიღაც ყეყეჩი  არ ვიცი, ფრანგია თუ ავსტრიელი, ჯანდაბას მაგათი თავი - და აღარ მომეშვა! ეს ოხერი უცხოელები, ხომ იცი, სულ იმის ცდაში არიან, როგორმე უფასო კონსულტაცია გამოსტყუონ ვექილებს... მაინც რა მოხდა? სად დაიკარგა ჯოანა?

− აბა, რა ვიცი, დალახვროს ეშმაკმა მაგისი თავი და ტანი! ვეღარაფერი გამიგია, ხომ იცი მისი ხასიათი  როგორც კი დალევს და კარგად შეზარხოშდება, მერე ჯაჭვითაც ვერ დააბამს კაცი. აბა, რა ვიცი, სად წავიდოდა? იქნებ მოეპრიანა და...

− ილინბოგენებთან თუ დარეკე?

− დავრეკე, როგორ არა, მაგრამ ისინი ჯერ არ დაბრუნებულან. არ ვიცი, რა ვიფიქრო, მე ისიც კი არ მჯერა, რომ ჯოანა ნამდვილად მათთანაა. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, მხოლოდ ერთი რამ, დალახვროს ეშმაკმა! მეყო ამდენი თავისტეხა და ფიქრი! კმარა! ყველაფერს საზღვარი აქვს. ამჯერად მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი - ბოლო უნდა მოეღოს ამ მასხრობას. ხუთი წელი ხუმრობა საქმე როდია, დალახვროს ეშმაკმა მისი თავი და ტანი!

− დამშვიდდი, არტურ, მომისმინე, ნუ ღელავ, - თქვა თმაჭაღარამ, - რამდენადაც ვიცნობ ილინბოგენებს, ისინი აიყოლიებდნენ ჯოანას, სამივენი ჩასხდებოდნენ ტაქსიში და ერთი-ორი საათით გაუტევდნენ ქეიფის გასაგრძელებლად სადმე, გრინვიჩ ვილიჯში ან სხვაგან. სავსებით შესაძლებელია, სულ ახლო ხანში სამივენი მოგადგნენ კარზე...

− შენ ეგრე ფიქრობ? მე კი გუმანით ვგრძნობ, რომ ამწუთას ჯოანა ვიღაც მამაძაღლთანაა განმარტოებული და ეკურკურება მას, დარწმუნებული ვარ, ასეა. მე ვიცი მაგ ქალის ხასიათი. შეზარხოშდება თუ არა, იმწამსვე მონახავს ბნელ კუნჭულს და კისერზე ჩამოეკიდება ვინმე მამაძაღლს! კმარა! მეტის მოთმენა აღარ შემიძლია! სინდისს გეფიცები, ამჯერად მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი... ხუთი წელი, დასწყევლოს ეშმაკმა... ხუთი წელი!..

− საიდან ლაპარაკობ? იკითხა თმაჭაღარამ, სახლიდან?

− სახლიდანო? ჰმ... კი, აბა, სახლიდან, ჩემი სახლიდან. ბედნიერი და მყუდრო სახლიდან! დალახვროს ეშმაკმა!..

− მომისმინე, არტურ, ნუ ღელავ ასე. შენ რა... მთვრალი ხომ არა ხარ?

− რა ვიცი. აბა, საიდან უნდა ვიცოდე. დალახვროს ეშმაკმა...

− კარგი ახლა, დამშვიდდი. ყური მიგდე, დამშვიდდი-მეთქი... შენ ოღონდ დამშვიდდი, - თქვა თმაჭაღარამ, ღმერთო ჩემო! შენ ხომ იცნობ ილინბოგენებს, რა ხალხიცაა! ნამდვილად შეაგვიანდებოდათ, ვერ მიუსწრებდნენ უკანასკნელ მატარებელს... გარწმუნებ, რამდენიმე წუთში სამივენი მოგადგებიან და როგორც სჩვევია ნაქეიფარ ხალხს...

− ილინბოგენები შინ წასულან კლუბიდან.

− შენ საიდან იცი?

-მათმა ძიძამ მითხრა. ამწუთას ველაპარაკე. ჩვენ საკმაოდ სასიამოვნო და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მე და ის ძიძა დიდი მეგობრები ვართ. დიახ, განუყრელი მეგობრები, დალახვროს ეშმაკმა...

− კარგი, კარგი, დამშვიდდი. ეგ ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, ვაჟკაცი ხარ და თავდაჭერა გმართებს, თქვა თმაჭაღარამ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წუთში სამივენი მოგადგებიან, შეგიძლია მერწმუნო, შენ ხომ იცი, რა ქალია ჯოანა?

სიმართლე გითხრა, ვერ გამიგია, რა ემართებათ ამ პროვინციელებს - ნიუ-იორკში ჩამოვლენ თუ არა, ხბორებივით აცუნდრუკდებიან და საშველი აღარ დაადგებათ...

− კი, როგორ არა, ვიცი, ვიცი. რაო? ჰოო, არ ვიცი, მე ყველაფერს გეტყვი.

− რასაკვირველია, ასე იქნება. აბა, დაფიქრდი და ადვილად წარმოიდგენ, როგორ მოხდებოდა ყოველივე იმ ორმა, ილინბოგენებზე მოგახსენებ, ალბათ აიძულა ჯოანა, წაჰყოლოდა მათ, აღარ მოეშვნენ და ისიც...

− არა, ლი, არა, ჯოანას არასოდეს დასჭირვებია არავის ხვეწნა და ძალდატანება... თუ ღმერთი გწამს, ნუ მიხვევ თვალს და ნუ მარწმუნებ, თითქოს ვიღაცამ აიძულა ჯოანა, წაჰყოლოდა სადმე...

− მე არც მიფიქრია შენთვის თვალის ახვევა, - მშვიდად თქვა თმაჭაღარამ.

− ვიცი, ვიცი! მაპატიე... ოჰ, ღმერთო ჩემო, ნამდვილად ჭკუიდან შევიშლები! მაშ, შენ მართლა არ გეძინა, ლი? თუ ძმა ხარ, არ დამიმალო, ხომ არ გაგაღვიძე?

− რომ გაგეღვიძებინე, გეტყოდი, რა არის დასამალი, - უპასუხა თმაჭაღარამ. მან ანგარიშმიუცემლად შეუშვა ქალს ხელი და თმაზე გადაისვა, - ყური მიგდე, არტურ, რას გეტყვი. გინდა, მეგობრული რჩევა მოისმინო? სერიოზულად გელაპარაკები.

− კი, კი, როგორ არა, თუმცა... არ ვიცი. დალახვროს ეშმაკმა, მოსვენებას არ გაძლევ! შენ ალბათ დაღლილი ხარ, გეძინება, მე კი... ვერ გამიგია, რა მიშლის ხელს, ავიღო სამართებელი და...

− მომისმინე, - თქვა თმაჭაღარამ, - პირველ ყოვლისა, მე ამას სერიოზულად გეუბნები, დამშვიდდი, დაწექი და მოისვენე. თუ გინდა, ცოტა კონიაკი გადაჰკარი ძილის წინ, მოგიხდება...

− ცოტაო? შენ რა, დამცინი? მე უკვე ლიტრაზე მეტი მაქვს დალეული. ცოტაო! ისეთი გახეთქილი მთვრალი ვარ, რომ ძლივს...

− კარგი, კარგი, მაშ, დაწექი და დაისვენე, - თქვა თმაჭაღარამ, - დაისვენე, გესმის? აბა, რა აზრი აქვს ახლა შენს წრიალს და მღელვარებას?

− ჰო, მესმის, რა თქმა უნდა. მე არც ავღელდებოდი, მაგრამ განა შეიძლება მას ენდოს კაცი? ვფიცავ ყველაფერს, იმას კაცი ვერ ენდობა! მას შეიძლება ენდო ისევე, როგორც, მაგალითად... არ ვიცი, ვის... თუმცა რა გელაპარაკო! დალახვროს ეშმაკმა, ლამის ჭკუიდან შევიშალო.

− კარგი ახლა, მოეშვი მაგაზე ფიქრს! თუ ჩემი ხათრი გაქვს, დაწყნარდი. შეგიძლია? - უთხრა თმაჭაღარამ, - აბა, სცადე, აღარ იფიქრო მაგაზე. მე მგონია, შენ აზვიადებ...

− ჰმ, ეგრე გგონია?.. იცი, რას ვაკეთებ ხოლმე ყოველ საღამოს, როცა შინ ვბრუნდები? არ იცი? მრცხვენია თქმა, მაგრამ მაინც გეტყვი. გითხრა?

− არტურ, მომისმინე, რად გინდა ახლა...

− მაცალე ერთ წუთს, მე მაინც გეტყვი, რომ შენ იცოდე, დალახვროს ეშმაკმა... ყოველ საღამოს, შინ რომ ვბრუნდები, ძლივს ვიკავებ ხოლმე თავს, რომ არ შევიხედო თითოეული საწოლის ქვეშ, არ გამოვაღო თითოეული განჯინა. ასე მგონია, ყველა კუნჭულში იმალება ვიღაც მამაძაღლი, მისი კურო, რომელიმე შიკრიკი ან ლიფტის მსახური, ან კიდევ პოლისმენი...

− კარგი, კარგი ახლა, არტურ, დამშვიდდი, თუ ღმერთი გწამს, დამშვიდდი, თქვა ჭაღარამ, მომისმინე... მე უკვე რამდენჯერ მითქვამს შენთვის იცი, რას სჩადი შენ? გითხრა? შენ თითქოს შეგნებულად, ამას გულწრფელად გეუბნები, თითქოს შეგნებულად იწამებ თავს. არსებითად შენ თვითონვე არწმუნებ ჯოანას, რომ იგი... კაცმა აღარ დაამთავრა, მერე განაგრძო, შენი ბედი, რომ ჯოანა ყოჩაღი ქალია. მე სერიოზულად გეუბნები. კაცმა რომ მოგისმინოს, ისე გამოდის, თითქო ჯოანას არც გემოვნება აქვს, არც ჭკუა... ბოლოს და ბოლოს, თუ მაგაზე მიდგა საქმე...

− ჭკუაო? შენ ხუმრობ? ჭკუა კი არა, ის არ გინდა?! ჯოანა მხოლოდ ცხოველია და მეტი არაფერი!

თმაჭაღარამ ნესტოები დაბერა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.

− ჩვენ ყველანი ცხოველები ვართ, - თქვა მან, - ჩვენი არსებით ყველანი ცხოველები ვართ.

− როგორ არა! აბა, სწორედ! მე ცხოველი არ გახლავარ! შეიძლება ბრიყვი და სულელი ვიყო, მეოცე საუკუნის უბადრუკი ნაშიერი, მაგრამ ცხოველი არა ვარ და არც არასოდეს ვიქნები! ასეთი რამე აღარ მითხრა, მე ცხოველი არა ვარ!

− მომისმინე, არტურ, ჩვენ ასე ვერასოდეს ვერ...

− ჭკუა მოსთხოვე ჯოანას! ღმერთო ჩემო, შენ აზრზეც არ ხარ, რა სასაცილო რამეს ამბობ!.. თუმცა, მას რომ ჰკითხო, თავი კულტურული და განათლებული ქალი ჰგონია. კი, როგორ არა! მოკვდები კაცი სიცილით! იგი გაზეთებსაც კითხულობს, თეატრალურ ქრონიკებსაც ათვალიერებს, ტელევიზორს ხომ ვერ მოაცილებ... მაშასადამე, ის კულტურული ქალია...

სინამდვილეში კი, იცი, ვინ არის ჩემი ცოლი? არა, მართლა, ნუთუ არ გინდა იცოდე, ვინ არის ჩემი ცოლი? იგი არის უდიდესი მსახიობი, მწერალი, ფსიქოლოგი და, საერთოდ, ნიუ-იორკის ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, ოღონდ მისი ტალანტი ჯერ აქამდე არავის გამოუმჟღავნებია და არც არავის უღიარებია!

აი, ვინ არის ჩემი ცოლი! რაო, განა არ იცოდი? დალახვროს ეშმაკმა, მეცინება კიდეც, რომ შენ ამის შესახებ არაფერი იცოდი... ასეა, ჩემო ძმაო... არ ვიცი, რა მიშლის ხელს, ავიღო სამართებელი და გამოვიჭრა ყელი! ჰმ, მადამ ბოვარი, კოლუმბიის კურსების მსმენელი! მადამ ბოვარი...

− ვინ? - მოუთმენელი უკმაყოფილებით ჩაჰკითხა თმაჭაღარამ.

− მადამ ემა ბოვარი, ტელესტუდიის ლექციების მსმენელი... ოჰ, ღმერთო ჩემო, რომ იცოდე, როგორი...

− კარგი, კარგი, მორჩი. ასე ჩვენ დილამდე ვერ დავამთავრებთ, თქვა ჭაღარამ. იგი მობრუნდა ქალისკენ და ტუჩებთან თითის მიტანით ანიშნა, პარიროსი მომაწოდეო, შენ ეშმაკიც ვერაფერს გაგიგებს, ჭკვიანი კაცი ხარ, თავდაჭერა კი გაკლია, იგი ოდნავ წინ გადაიხარა, რომ ქალი მისწვდომოდა მის ზურგს უკან მაგიდაზე დაგდებულ პაპიროსის კოლოფს, სერიოზულად გეუბნები. ეგ შენს პირად ცხოვრებას ვნებს, გარდა ამისა...

− შენც ერთი, ჭკუა მომთხოვე ახლა! არა, ნამდვილად გადავირევი! ღმერთო დიდებულო!.. მითხარი, მოგისმენია როდისმე ჯოანას აზრი რომელიმე მამაკაცზე? მე გთხოვ! ძმურად გთხოვ, როცა დროს გამონახავ, სთხოვე ჯოანას, გიამბოს რომელიმე თავისი ნაცნობის შესახებ. ყველა მამაკაცზე, რომლისთვისაც კი ოდესმე მოუკრავს თვალი, იგი ერთსა და იმავეს გაიძახის: გადასარევი კაციაო!

სულერთია მისთვის, ახალგაზრდა იქნება იგი თუ ვინმე მიხრწნილი და გამოთაყვანებული ბებერი...

− რა საჭიროა ახლა ეს, არტურ, - უხეშად გააწყვეტინა თმაჭაღარამ, - აბა, რა საჭიროა?! - მან გამოართვა ქალს მოკიდებული პაპიროსი და გააბოლა. ქალმაც მოუკიდა თავის პაპიროსს, - ჰო, მართლა, - თქვა თმაჭაღარამ, - როგორ დამთავრდა შენი დღევანდელი საქმე?

− რაო?

− როგორ დამთავრდა-მეთქი შენი დღევანდელი საქმე? გაიმარჯვე?

− დალახვროს ეშმაკმა, არ ვიცი... საზიზღრობაა!.. ის იყო, ვაპირებდი გამოსვლას, რომ უცებ იმ მელაძუა ლისბერგმა - მოსარჩელეს ვექილმა, სადღაც გამოძებნა ერთი შტერი შინამოსამსახურე ქალი, რომელმაც ნივთიერ საბუთად წარუდგინა სასამართლოს მთელი გროვა ზეწრებისა. ზეწრები კი მთლად ბაღლინჯოებით იყო მოსვრილი! კინაღამ გული ამერია!

− მაინც რითი დამთავრდა? წააგე საქმე? - იკითხა თმაჭაღარამ და ნესტოებიდან კვამლი გამოუშვა.

− იცი, ვის მიჰყავდა პროცესი? ბიცოლა ვიტორიოს!.. ვერ გამიგია, რას მერჩის ეს კაცი?! პირის გაღებაც კი ვერ მოვასწარი, რომ უცებ თავს დამესხა... ასეთებს, ხომ იცი, ვერავითარი საბუთით ვერ დაარწმუნებ, უაზრობაა მათთან დავა.

თმაჭაღარამ კისერი მოიღრიცა და ქალს შეხედა. ქალმა საფერფლე აიღო მაგიდიდან და მათ შორის ჩადგა ტახტზე.

− მაშ, წაგიგია საქმე და ეგ არი.

− რა თქვი?

-წაგიგია-მეთქი საქმე.

− აბა, მეც სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა. არც მქონდა რაიმე შანსი მოგებისა. როგორ ფიქრობ, შეფი ალბათ გაცეცხლდა, არა? თუმცა მე ფეხებზე მკიდია მისი გაცეცხლება, მაგრამ მაინც... როგორ ფიქრობ, ძალიან გაცეცხლდება?

მარცხენა ხელით თმაჭაღარამ პაპიროსი დააფერფლა საფერფლეს.

− მე ვფიქრობ, მაინცდამაინც არ უნდა გაცეცხლდეს, აუჩქარებლად თქვა თმაჭაღარამ, თუმცა, არც ესიამოვნება. იცი, რამდენი წელიწადია, რაც თავს დავტრიალებთ მაგ სამ სასტუმროს? მოხუცმა შენლიმ ააწყო ეს საქმე და...

− ვიცი, ვიცი. შეფს უამბია ჩემთვის ეგ ამბავი ბარე ორმოცდაათჯერ. საოცარი ამბავია... ჰოდა, ასე... წავაგე საქმე. ჩემი ბრალი არ არის. ჯერ ერთი, თავიდანვე იმ გადარეულმა ვიტორიომ არ მომცა საშველი, მერე კიდევ იმ სულელმა მოსამსახურემ მომითავა ხელი თავისი ბაღლინჯოიანი ზეწრებით...

− მერედა ვინ ამბობს, რომ შენი ბრალია, არტურ? - თქვა თმაჭაღარამ, - შენ ჩემი აზრი გაინტერესებდა იმაზე, გაჯავრდება თუ არა შეფიო და მეც გულახდილად გითხარი...

− ჰო, ვიცი, ვიცი... არა, არაფერი არ ვიცი. აბა, რა უნდა ვიცოდე! უკიდურეს შემთხვევაში, შემიძლია სამხედრო სამსახურს დავუბრუნდე. განა არ მითქვამს შენთვის ამის შესახებ?

თმაჭაღარა ისევ მოტრიალდა ქალისაკენ. შესაძლოა, მას სურდა, ეჩვენებინა ქალისათვის, თუ რა საოცარი, პირდაპირ სტოიკური მოთმინებით უსმენდა იგი ტელეფონში მოლაპარაკეს, მაგრამ ქალს არ დაუნახავს თმაჭაღარას სახე. საფერფლისათვის მუხლი ეკრა, გადაებრუნებინა და ახლა გამალებით აგროვებდა ფერფლსა და პაპიროსის ნამწვავებს... ქალმა თავი ასწია მხოლოდ მაშინ, როცა თმაჭაღარა მას აღარ უყურებდა.

− არა, არტურ, შენ ჩემთვის ეგ არ გითქვამს, - თქვა თმაჭაღარამ.

− კი, კი, მე შემიძლია ისევ სამხედრო სამსახურს დავუბრუნდე. ჯერ არ გადამიწვეტია, მაგრამ... რასაკვირველია, მაინცდამაინც დიდი სურვილი არ მაქვს ხელმეორედ ჯარში წასვლისა და არც წავალ, სხვა რაიმე გამოსავალი თუ გამოვნახე, მაგრამ იქნებ სწორედ ასეც მოვიქცე. სხვა რომ არა იყოს რა, ჯარი ყველაფერს დაგავიწყებს ამ ქვეყანაზე.

მოგცემენ ისევ ტროპიკულ მუზარადს, ერთ კარგ ბადურას კოღოებისაგან სახის დასაფარავად და... ჰერი, ბიჭო! სამხრეთისაკენ გიკრავენ თავს... ჩინებულია!

− ყური მიგდე, რას გეტყვი, არტურ. მინდა, ჭკუა დაგარიგო, თქვა თმაჭაღარამ, გულით მინდა. შენ გასულელდი... ჭკვიანი კაცი მეგონე და რაღაც ბავშვურ სისულელეებს როშავ. ჩასჭიდებიხარ წვრილმანებს და ისე აზვიადებ, თითქოს საშველი აღარ იყოს...

− არა, ლი. მე უნდა გავშორდე მას. გესმის? უნდა გავშორდე. ჯერ კიდევ შარშან, ზაფხულში, უნდა გამეთავებინა ყველაფერი. მაშინ გვქონდა კიდეც ამაზე საუბარი, შენ იცი. მაგრამ არ ვქენი. გითხრა, რატომ არ ვქენი, გითხრა?

− არტურ, თუ ღმერთი გწამს... აბსოლუტური უაზრობაა ამაზე ლაპარაკი.

− არა, მოიცა. დამიგდე ყური. გითხრა, რატომ არ გავეყარე ჯოანას? მაშ, მომისმინე და გეტყვი. იმიტომ, რომ შემეცოდა, დიახ, შემეცოდა. სრულ სიმართლეს გეუბნები. შემეცოდა. არა გჯერა?

− აბა, რა ვიცი. ესე იგი, მინდა ვთქვა, რომ თქვენი ურთიერთობა ჩემი კომპეტენციის გარეშეა, თქვა თმაჭაღარამ, ოღონდ, ჩემი აზრით, შენ გავიწყდება ერთი რამ ის, რომ ჯოანა უკვე ბავშვი აღარ არის. მე, რასაკვირველია, ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ...

− ბავშვი არ არისო?! არა, ნამდვილად გადამრევს ეს კაცი!.. ჯოანა ბავშვია, დიდი ბავშვი! არა გჯერა? მაშ, მომისმინე. ერთხელ, მახსოვს, პირს ვიპარსავდი... არა, შენ მომისმინე... პირს ვიპარსავდი-მეთქი, და უცებ მესმის ჯოანა მეძახის თავისი ოთახიდან.

დასაკლავი გოჭივით ყვირის... მე ჯერ არ გამეთავებინა პირის პარსვა, მთლად საპონში ვიყავი ამოგანგლული, მაგრამ შემეშინდა, მივატოვე ყველაფერი და გავიქეცი, რომ გამეგო, რა დაემართა. და იცი, რა მითხრა? იცი, თურმე რაზე მეძახდა? უნდოდა, ეკითხა ჩემთვის როგორ ვფიქრობ მე, ჭკვიანი ქალია იგი თუ არა?

გეფიცები ყველაფერს, აი, ამისთვის დამიძახა! შენ კი მეუბნები, რომ... არა, ჯოანა მხოლოდ სიბრალულის ღირსია... რამდენჯერ მიყურებია მისთვის ღამით, როცა სძინავს და... მე ვიცი, რასაც ვამბობ... შეგიძლია, დამიჯერო...

− კი, რასაკვირველია, შენ უკეთ იცი, ვიდრე... მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ... ყველაფერი ეს ჩემი კომპეტენციის გარეშეა, თქვა თმაჭაღარამ, მაგრამ, დასწყევლა ღმერთმა, მთელი უბედურება ისაა, რომ შენ თვითონ...

− ჩვენ არ შევეფერებით ერთმანეთს. მორჩა და გათავდა! ეს ასეა. ჩვენ სრულებით არ შევეფერებით ერთმანეთს. იცი, მას რა სჭირდება? მას სჭირდება ერთი კარგი ზორბა მუტრუკი, ბუღასავით კაცი, რომელიც ლათაიებს კი არ გაუბამს, არამედ... აი, ასეთი კაცი მოარჯულებს მას! დროდადრო ჩაბღუჯნის, მიანიჭებს ღვთაებრივ სიამოვნებას, მერე კი... წავა თავისთვის და მშვიდად გაზეთის კითხვას განაგრძობს.

აი, ვინ სჭირდება მას! დალახვროს ეშმაკმა მისი თავი და ტანი... მე მისთვის საკმაოდ სუსტი მამაკაცი ვარ. ადრეც ვიცოდი ეს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დავქორწინდით.

ვიცოდი, მაგრამ... აი, შენ, მაგალითად, ჭკვიანი კაცი ხარ, ეშმაკობაც არ გაკლია, ცოლი არ შეგირთავს, მაგრამ ალბათ იცი დაოჯახების წინ ყველა მამაკაცი წარმოიდგენს ხოლმე, ასე და ასე წარიმართება ჩემი ოჯახური ცხოვრება, ესა და ეს მელის მომავალშიო.

მე კი არ დავფიქრებულვარ, არც არაფერი ამიწონ-დამიწონია, ისე, ჰაიჰარად... დალახვროს ეშმაკმა... არა, მე ნამდვილად სუსტი მამაკაცი ვარ, უძლური და უნიათო. მორჩა და გათავდა.

− ნუ სულელობ. რომელი სუსტი მამაკაცი შენა ხარ. ცოტა ჭკუა უნდა მოიკრიბო და ყველაფერი მოწესრიგდება, - თქვა თმაჭაღარამ და გამოართვა ქალს მოკიდებული პაპიროსი.

− რასაკვირველია, მე სუსტი ვარ, რასაკვირველია!.. ოჰ, ღმერთო ჩემო, მე ხომ ვიცი, რაცა ვარ! მე რომ არ ვიყო სუსტი მამაკაცი, როგორ გგონია, მოვითმენდი იმას, რომ... ეჰ, რაღა სალაპარაკოა. ცხადია, მე უძლური და უშნო ვარ, მოკლედ, დედალი ვარ... ოჰ, ღმერთო! შენ ალბათ გეძინება, მე კი თავი მოგაბეზრე ჩემი ყბედობით... ნუ მერიდები, თუ ძმა ხარ, დააგდე ეგ ოხერი ყურმილი და მორჩი, დააგდე.

− არც მიფიქრია, არტურ. მე მინდა დაგეხმარო, თუკი შევძელი, - თქვა თმაჭაღარამ, - ჩემი აზრით, შენ თვითონვე ხარ შენი თავის...

− არა, ლი. ის მე პატივს არა მცემს. თუმცა რას ვამბობ, რის პატივი, რა პატივი... მე მას არ ვუყვარვარ. ესაა მთავარი. საბოლოო ანგარიშით, არც მე მიყვარს ის. არ ვიცი... კიდეც მიყვარს და კიდეც არა, ხან ისეა და ხან ასე... ოჰ, ღმერთო ჩემო!

ყოველთვის, როცა მტკიცედ გადავწყვეტ ხოლმე საბოლოოდ გავშორდე, რატომღაც ისე ხდება, რომ ან სადმე ვართ დაპატიჟებულნი და მე მას უნდა შევხვდე და გავაცილო სახლში, ის კი გამომეცხადება ხოლმე თავისი დაწყევლილი ხელთათმანებით და... ეჰ, არ ვიცი... ან კიდევ, მე თვითონ რაღაც ჯანდაბა მემართება.

მომაგონდება ის დღე, როცა ჩვენ პირველად გავემგზავრეთ ნიუჰევენში, პრინსტონის შეჯიბრებებზე... მახსოვს, გავედით თუ არა ქალაქიდან, მანქანა გაგვიჩერდა.

საშინლად ციოდა და სანამ მე ძრავაში ვიქექებოდი, ის თავზე მადგა, მინათებდა ჯიბის ფარნით... გესმის, რისი თქმა მინდა? არ ვიცი... ან კიდევ გამახსენდება ხოლმე... დალახვროს ეშმაკმა, მრცხვენია კიდეც თქმა... გამახსენდება ის სულელური ლექსი, რომელიც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს დავუწერე...

ვ ა რ დ ი ს ფ ე რ ი  ბ ა გ ე  დ ა  თ ვ ა ლ ე ბ ი  მ წ ვ ა ნ ე

... დასწყევლოს ეშმაკმა, უხერხულიც კია... ეს სტრიქონები ყოველთვის მაგონებს მას. თუმცა მისი თვალები მწვანე ფერის არაა, ეს შენც იცი, ისინი ზღვის ნიჟარებს უფრო ჰგავს, მაგრამ მაინც მაგონებს... ეჰ, რა აზრი აქვს ახლა ამაზე ლაპარაკს? ალბათ, ჭკუიდან ვიშლები და თვითონაც არ მესმის, რას ვროშავ... რატომ არ დააგდებ ყურმილს და არ გაათავებ? ლი, მე სერიოზულად...

თმაჭაღარამ ჩაახველა.

− მე სრულიადაც არ ვაპირებ ყურმილის დადებას, არტურ. აქ მხოლოდ ერთი გარემოებაა...

− ერთხელ, მახსოვს, მან კოსტიუმი მიყიდა. თავისი ფულით. ნუთუ არ მიამბია შენთვის?

− არა, მე...

− იცი, წავიდა და მიყიდა კოსტიუმი. თვითონ, უჩემოდ წავიდა და მიყიდა... დასწყევლოს ეშმაკმა!.. მე იმის თქმა მინდა, რომ მას კარგი თვისებებიც აქვს. ჰოდა, შენ წარმოიდგინე, კოსტიუმი შესანიშნავად მომერგო ტანზე, თითქოს ჩემს ზომაზე იყო შეკერილი. შარვალს დასჭირდა მხოლოდ ოდნავ დავიწროება ზევით... და დამოკლება. დალახვროს ეშმაკმა!.. მე იმის თქმა მინდოდა, რომ მას კარგი თვისებებიც აქვს...

თმაჭაღარამ უსმინა ცოტა ხანს და მერე უცებ ქალისაკენ მობრუნდა. შეხედა თუ არა, ქალი იმწამსვე მიხვდა, თუ რა ხდებოდა სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოს.

− კარგი, კარგი, არტურ, აბა, რად გინდა, ასე რომ ეწამები. ყური მიგდე, რა გითხრა - ჩემი მეგობრული რჩევაა, ნებისყოფა მოიკრიბო, გაიხადო, ჩაწვე ლოგინში და მოისვენო. კარგი? ჯოანა რამდენიმე წუთში შინ იქნება. შენ ხომ არ გინდა, გნახოს ასეთ დღეში? სიმართლეს არ ვამბობ? იგი გაჩუმდა და ერთხანს უსმენდა. - არტურ, გესმის, რას გეუბნები?

− ოჰ, ღმერთო! ამ შუაღამისას მოსვენებას არ გაძლევ. შენ ალბათ გეძინება, მე კი...

− არა, სრულებითაც არ მეძინება, - თქვა თმაჭაღარამ, - შენ მაგაზე ნუ წუხხარ. ხომ გითხარი, ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი არ მძინავს-მეთქი. მინდა, რითიმე დაგეხმარო, თუ, რასაკვირველია, შევძლებ, − იგი გაჩუმდა, − არტურ, არ გესმის, რასაც გეუბნები?

− კი, მესმის. იცი, რას გეტყვი, რომ მოვიდე შენთან და გადავკრა რამე? ხელს ხომ არ შეგიშლი?

თმაჭაღარა წელში გასწორდა და მარცხენა ხელი ჩამოისვა კეფაზე.

− ახლა გინდა მოსვლა? ამწუთას?

− ჰო, ახლა, თუ, რასაკვირველია, შენ წინააღმდეგი არ იქნები. მე მხოლოდ ერთი-ორი წუთით შემოვირბენ. სახლში არ მიჩერდება გული... შეიძლება, მოვიდე?

− კი, რატომ არ შეიძლება, მაგრამ... არტურ, იცი, რას გეტყვი, მე ვფიქრობ, ახლა არ ღირს, თქვა თმაჭაღარამ და ჩამოუშვა ხელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება შენი მოსვლა, მერწმუნე, ახლა უმჯობესია, დამშვიდდე და დაელოდო ჯოანას. ასე აჯობებს, ჯოანა რომ მოვა, უკეთესია, შინ დახვდე... ხომ მართალი ვარ?

− კი... ალბათ. არ ვიცი... არ ვიცი.

− მე კი ვიცი. შეგიძლია, მერწმუნო, - თქვა თმაჭაღარამ, - მომისმინე. რატომ არ გინდა, გაიხადო და ჩაწვე ლოგინში? მერე, მოგვიანებით, თუ მოგესურვა, შეგიძლია კიდეც დამირეკო, თუ სათქმელი გექნება რამე... და, თუ ძმა ხარ, ნუ ღელავ! ყველაზე მთავარი ეგ არის, გესმის? ხომ მეთანხმები?

− ჰო, კარგი.

თმაჭაღარამ კიდევ ერთხანს უსმინა, მერე ნელა დადო ყურმილი.

− რაო, რა თქვა? მაშინვე იკითხა ქალმა.

თმაჭაღარამ აიღო საფერფლე, ნახევრად დამწვარი ნამწვავებიდან ამოარჩია ერთი და გააბოლა. მერე თქვა:

− აქ მოსვლა უნდოდა.

− ოჰ, ღმერთო! მერე შენ რა უთხარი?

− ხომ გაიგონე, - თქვა თმაჭაღარამ, თან მზერა არ მოუცილებია ქალისათვის, - განა არ გაგიგონია, რაც ვუთხარი? - მან თითებშუა მოკეცა პაპიროსი და მოჭმუჭნა.

− შენ პირდაპირ გადასარევი იყავი! - თქვა ქალმა, - გადასარევი... ღმერთო ჩემო, რა ცუდად ვარ, რომ იცოდე...

− ჰმ... - გაიქნია თავი თმაჭაღარამ, მდგომარეობა მართლაც ძალზე გართულდა. გადასარევზე კი რა მოგახსენო...

− არა, ნამდვილად გადასარევად გეჭირა თავი, - თქვა ქალმა, - მე კი ისეთი სისუსტე დამეუფლა, ვერ აგიწერ. ერთი ნახე, რა ცივი მაქვს ხელები...

თმაჭაღარა არ განძრეულა, მხოლოდ შეხედა ქალს.

− მართლაც რომ წარმოუდგენელი მდგომარეობაა, - თქვა მან, - ესე იგი, იმდენად არანორმალური, რომ არც კი ვიცი...

− მაპატიე, საყვარელო, ერთი წუთით... - აჩქარებით თქვა ქალმა და გადმოიწია მისკენ, - მომეჩვენა, რომ ცეცხლი მოგეკიდა! - მან ხელის სწრაფი მოძრაობით ჩამოაცალა კაცს პიჯაკის სახელოდან რაღაც, - არა, არაფერია. ფერფლი ყოფილა... ღმერთო ჩემო, რა ცუდად ვარ, რომ იცოდე!

− მდგომარეობა მართლაც გართულდა. როგორც ეტყობა, ის პირდაპირ ჭკუიდან...

კვლავ აწკრიალდა ტელეფონი.

− დასწყევლოს ღმერთმა! - წამოიძახა თმაჭაღარამ და იმწამსვე დასწვდა ყურმილს, - ჰო, გისმენთ.

− ლი, ხომ არ გაგაღვიძე?

− არა, არა.

− მომისმინე. მე უცებ გავიფიქრე, რომ შენთვის უინტერესო არ უნდა იყოს ის, რაც მინდა გითხრა - ესწუთია ჯოანა შემოვიდა სახლში.

− რაო? - ჩაჰკითხა თმაჭაღარამ და მარცხენა ხელისგულით მოიჩრდილა თვალები, თუმცა სინათლე მას ზურგიდან ანათებდა.

− კი, ეს-ეს არის შემოვიდა... და მეც გადავწყვიტე, დამერეკა შენთვის, სანამ ჯოანა საპირფარეშოშია... მომისმინე, ლი, უაღრესად მადლობელი ვარ შენი. მე სერიოზულად გეუბნები. შენ იცი, რაზედაც ვამბობ... ხომ არ გაგაღვიძე? თუ ძმა ხარ, მითხარი, ხომ არ გაგაღვიძე?

− არა, არა. მე ის იყო ვაპირებდი... არა, არა, - თქვა თმაჭაღარამ და ჩაახველა.

− ჰოდა, იმას ვამბობდი... როგორც ჩანს, ასე ყოფილა საქმე - ჯოანა გემოზე გამომთვრალა და აურზაური აუტეხია, მოუთხოვია კიდევ ღვინო... ამიტომ ბობმა სთხოვა ჯოანას, გაჰყოლოდა მათ სადმე, რესტორანში, სანამ ყველაფერი მოწესრიგდებოდა. მე კი, აბა, რა ვიცოდი ამის შესახებ. ეს შენც იცი... ყველაფერი ისეა არეულ-დარეული, ვერაფერს გაიგებს კაცი. ჰოდა, ასე, ჯოანა ახლა შინაა.

გეფიცები, ყველაფერში ეს ოხერი ნიუ-იორკია დამნაშავე!.. ჰოდა, მე ვფიქრობ ახლა - თუ ყველაფერი მოწესრიგდა, იქნებ ჩვენ, მე და ჯოანა, წავიდეთ აქედან. შორს წასვლა არ არის საჭირო, მაგრამ სადმე აუცილებლად უნდა წავიდეთ. ისეთ ადგილას, სადაც ადამიანურად შეიძლება იცხოვროს კაცმა.

დალახვროს ეშმაკმა, ხომ არსებობს ასეთი ადგილი ქვეყანაზე!.. გესმის, ჯოანას გაგიჟებით უყვარს ყვავილები, ბუჩქნარი, ხეხილი და სხვა ამისთანები. მას რომ თავისი ბაღჩა ჰქონდეს, პატარა ბაღჩა, ჭკუიდან შეიშლებოდა სიხარულით.

გამიგე, რას გეუბნები?.. ნიუ-იორკში ხომ ყველა, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, შენ გარდა, რასაკვირველია, გიჟები და ფსიქოპათები არიან! მათი შემყურე ნორმალური კაციც შეიძლება ჭკუიდან შეცდეს... გამიგე, რას გეუბნები?

თმაჭაღარა არ პასუხობდა. ხელისგულით მოჩრდილული თვალები დაეხუჭა და დუმდა.

− ერთი სიტყვით, მინდა, დღესვე მოველაპარაკო ამის შესახებ, ან იქნებ ხვალ დილით აჯობებს, რადგან ის ჯერ კიდევ ვერ არის დალაგებულ ჭკუაზე... გესმის?..

კაცმა რომ თქვას, ჯოანა არ არის ურიგო ქალი და თუ ოდნავ მაინც საშუალება მოგვეცა, მოვაწესრიგოთ ჩვენი ცხოვრება, სისულელე იქნება, რომ არ ვისარგებლო ამით და... ჰო, მართლა, ვეცდები ის საქმეც - ბაღლინჯოებიან ზეწრებზე გეუბნები მოვაწესრიგო რამენაირად. უკვე მოვიფიქრე, როგორ უნდა გაკეთდეს. როგორ გგონია, ლი, რომ მივიდე შეფთან და პირდაპირ ვუთხრა, გულახდილად...

− მაპატიე, არტურ, მაგრამ მე...

− შენ ოღონდ არ იფიქრო, თითქოს იმიტომ გირეკავ, რომ ჩემი სამსახურის საქმეები მაწუხებს ან რაიმე ამის მსგავსი... არაფერიც. ფეხებზე მკიდია სამსახური... დალახვროს ეშმაკმა!.. მე მხოლოდ ვიფიქრე, თუკი როგორმე მოხერხდა შეფის დამშვიდება ისე, რომ ამისათვის თავის დამცირება არ დამჭირდეს, სულელი ვიქნები თუ...

− მომისმინე, არტურ, - შეაწყვეტინა თმაჭაღარამ და ჩამოუშვა თვალებზე აფარებული ხელი, - რატომღაც საშინლად ამტკივდა თავი. არ ვიცი, რისგანაა, ხომ არ გეწყინება, თუ ახლა დავამთავრებთ. დილით მოვილაპარაკოთ. კარგი? - იგი კიდევ ერთხანს უსმენდა, მერე დადო ყურმილი.

ქალმა იმწამსვე სხაპასხუპით მიაყარა სიტყვები. თმაჭაღარამ აიღო საფერფლიდან პაპიროსის ნამწვავი, მაგრამ ვიდრე ტუჩებთან მიიტანდა, ხელიდან გაუვარდა. ქალი დასწვდა, რომ მიეწოდებინა, მაგრამ კაცმა უთხრა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ის, დალახვროს ეშმაკმა, თავის ადგილას დაეტევა, მშვიდად იჯდება და, რაც მთავარია, ნაკლებს ილაპარაკებს.


მთარგმნელები: ლ. და მ. ქვლივიძეები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ