მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 55171 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

ერთხელ ღამით ფიქრთა შუა დაღლილობამ შემიტყუა

და ვთქვი - ალბათ, სევდა თუა, ამ ძველ წიგნებს ვფურცლავ ოდეს...

ძილს ვებრძოდი მთელი ღამე, კაკუნი რომ მომესმა მე,

თითქოს ვიღაც ანდა რამე კართან შინ მე მომდგომოდეს,

"სტუმარია?! - ვეჭვობ, რომ სხვა კართან ვინმე მომდგომოდეს

და სათქმელი რამე ჰქონდეს".


2

 

თითქოს მახსოვს, ვგრძნობდი რასაც - დეკემბერსაც და მის ქარსაც,

თითქოს სურდა ბუხრის ალსაც - იატაკზე ჩრდილად ხტოდეს...

გულს კი სურდა ძლიერ დილა და თვით წიგნმაც გააწბილა,

რომ იქ შვება ვერ იხილა, რომ ის მარად ხსოვნით კრთოდეს

და შორეულ ქალწულ ლენორს, ვით ანგელოზს, შეჰხაროდეს,

თუმც იმედი არც რამ ჰქონდეს.


3

 

მარჯნისფერი აბრეშუმის ფარდის - მისი შარიშურის -

ხმაც მზარავდა და ღარავდა გულს შიშით, რაც დღემდე მომდევს,

ჯერ უცნობი რაღაც ელდით მეც და გულიც მთლად გავხელდით:

"სტუმარია - კვლავ ვთქვი - ვეჭვობ, შემოშვებას სხვა რომ მთხოვდეს,

სტუმარია ვიღაც... ვეჭვობ, ამის ნებას სხვა რომ მთხოვდეს,

ან განზრახვა სხვა რამ ჰქონდეს.


4

 

მოვიკრიბე მალე ძალი, კარს შევავლე უმალ თვალი,

ვკითხე: "კაცი ხარ თუ ქალი?! - მაპატიე მე, არმცოდნეს,

არ ველოდი კაკუნს ღამე, მთვლემარს მესმა ოდეს ხმა მე,

ვერც გავიგე სიტყვა რამე  კარზე ვინმე მომძახოდეს"...

გავხსენ კარი და ვიფიქრე, იქ წყვდიადი დამხვდა ოდეს,

ვეჭვ, სამზერი სხვა რამ მქონდეს.


5

 

მივაშტერდი წყვდიადს ასე, შიშითა და გზნებით სავსე,

მე იმ ნატრულს დავემსგავსე, ვისაც სურს, რომ შუქი კრთოდეს,

თუმც არ ჰკვეთდა სხივი წყვდიადს და არც ბგერა - დუმილს, ფრიადს,

მხოლოდ სურვილს ვგრძნობდი დიადს, ექოსავით რომ მოჰქონდეს

სივრცეს სიტყვა - "ლენორ... ლენორ..." და ჩემს ირგვლივ მიმოჰქონდეს...

სხვა სურვილი არც რამ მქონდეს.


6

 

მოვბრუნდი და ვიგრძენ სრული მგზნებარებით თრთოდა სული

და ვშიშობდი, აწ სარკმელზე ის კაკუნი განმეორდეს,

მართლაც მესმა მძლავრად ისევ და ვთქვი - "ეჭვებს რატომ ვისევ?!

გამოვაღებ სარკმელს ისე, სული ძლიერ რომ არ თრთოდეს,

ვნახავ, იქნებ ქარს სწადია - რაღაც უცნაურად ქროდეს

და ხმაც უცნაური ჰქონდეს".


7

 

გავაღე და ზევით-ქვევით მოფართხალე ფრთების ქნევით

იქ ყორანი დამხვდა წინ და შემოფრინდა შიგნით ოდეს,

მედიდურად მე გამშორდა და ვით ლედიმ ანდა ლორდმა,

ჩამიარა შორი-შორ და კართან ახტა, თითქოს მოსდევს

ძველი ჯავრი პალადასი, რომ მის ბიუსტს დასჯდომოდეს, -

თითქოს ჯავრი ახლაც ჰქონდეს.


8

 

შევხედე და სევდის ნაცვლად გავხალისდი - ისე მკაცრად

იჯდა თითქოს მთვლიდა არც რად... ჰგავდა ბრძენს და ყოვლისმცოდნეს.

ვუთხარ: "ვატყობ, არ ხარ მხდალი, თუმც მზერა გაქვს ერთობ მწყრალი,

მედიდურად გიჭრის თვალი... სჭვრეტ ღამეულ ბრალს და ცოდვებს..

მაშ, სახელიც მითხარ... იქნებ ჯოჯოხეთურს მეტყვი ბოდვებს...“

და თქვა სიტყვა - "არასოდეს!"


9

 

ყორნის სიტყვას ყური როცა მოვკარ, ფრიად გამაოცა,

საშველი კი არც მან მომცა, სული სევდით რომ არ ძრწოდეს...

ან უნახავს ნეტავ ვინმეს, შესწრებია მხეცს ან ფრინველს,

რომ ოთახში შეძლებს იმდენს, შეეღწიოს შიგნით ოდეს,

უმალ კართან შემოდებულ ბიუსტს თავზე დასჯდომოდეს

და თან ეთქვას "არასოდეს"?!


10

 

ეს თქვა მხოლოდ შემზარავად და ბიუსტზე კვლავ უძრავად

იჯდა... თითქოს ერთ სიტყვაში მთელ ძალას და სულს აქსოვდეს...

ფრთის შექნევაც კი არ სცადა, არაფერი მითხრა სხვა და

მე ვთქვი - "წავა ესეც ხვალ და მოისურვებს, რომ გამშორდეს,

როგორც ყველა მეგობარი და იმედიც აღარ მქონდეს...“

მან დამჩხავლა - "არასოდეს".


11

 

დავუბრუნდი შიშით დუმილს, ჩხავილი რომ შეწყდა სტუმრის,

"მგონი, ერთი სიტყვა იცის - ვთქვი - ვეჭვობ, რომ სხვას ამბობდეს...

ალბათ, ვინმე ბედკრულს ჰყავდა მიჩვეული, ის კი თხზავდა

სევდით ლექსებს კვლავ-და-კვლავ და სურდა, ასე დასძახოდეს

მას ყორნის ხმაც... უიმედო სევდით სავსე დასძახოდეს:

"არა, არა.... არასოდეს...“


12

 

ჩემს სევდიან სულს თუმც მალე კვლავ ღიმილით მივეძალე,

სავარძელი დავდგი ახლოს ყორანთან და კართან ოდეს,

რბილ ხავერდზე მჯდომმა თავი მივეც ფიქრებს, ის კი _ შავი,

მწუხარე და შემზარავი ხმით ცდილობდა, კვლავ ჩხაოდეს,

ვით ბნელეთის მოციქული ერთი სიტყვით დამჩხაოდეს

და ამბობდეს - "არასოდეს".


13

 

ასე ვიჯექ სავსე ეჭვით, ღრმა დუმილში ხანგრძლივ შეჭრით,

ფრინველი კი თვალთა ცეცხლით თითქოს გულში შემომჭროდეს,

მე იდუმალ ფიქრთა შორის ხავერდებზე წამოწოლილს,

შუქს მაფენდა ლამპიონის სხივი ისე, თითქოს კრთოდეს

იისფერად სატრფოს ხსოვნა... მსურდა, კარს ის მოსდგომოდეს,

თუმც არ მოვა არასოდეს.

 

14

 

მერე ვიგრძენ რაღაც შვება, მოფარფატე ნება-ნება,

თითქოს ჩემთან სურნელება სერაფიმთა იფრქვეოდეს,

"ო, საბრალოვ! - თავს შევძახე - აწ ღვთიური შვება ნახე,

მოჩანს ანგელოზთა სახე, რომ შენს ხსოვნას შვება ჰქონდეს...

რომ ლენორი დაივიწყო... რომ ლენორი არ გახსოვდეს...

და მომესმა - "არასოდეს!"


15

 

ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ ფრინველს,

რომელ მაცდურ ქარს ეწადა, შენთან ერთად აქეთ ქროდეს?!

რად მეწვიე უდაბურ და ბნელ მხარეში... ან რა გსურდა?!

უშიშრობა შენი მშურს და გთხოვ - მართალი მითხარ!... გთხოვ დღეს!

გალაადის ნაპირს ჩემთვის თუ აქვს შვება? - მითხარ!.. გთხოვ დღეს!"

და მომესმა - "არასოდეს!"


16

 

ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ ფრინველს?!

ღმერთს გაფიცებ, ვისგან მადლიც გვსურს, ორივეს მოგვფენოდეს,

მითხარ, ჩემს სულს ეღირსება, თუნდ ედემში ჰქონდეს შვება,

თუ ექნება იმის ნება, წმინდა ქალწულს შეჰხაროდეს,

ლენორს ხელის შესახებად უხმობდეს და შესძახოდეს?!"

და მომესმა - "არასოდეს!"


17

 

“მაშ, ამ სიტყვით გამეცალე, გადი გარეთ ქარში მალე,

ფრინველი ხარ თუ ეშმაკი?! - სჯობს, გზა ჯოჯოხეთში გქონდეს!...

სჯობს, კარისკენ გაემართო, სულს ცრუ გზნება არ დამართო,

მე დამტოვე ისევ მარტო... მოშორდები ბიუსტს ოდეს,

სჯობს ჩემს გულსაც შენი კლანჭი აღარასდროს დასტყობოდეს!...“

და მომესმა - "არასოდეს!"


18

 

მივაშტერდი ყორანს მყის და - ის უძრავად ზის და ზის და -

თითქოს ბიუსტს პალადისას საუკუნოდ დასჯდომოდეს,

მზერაც თითქოს გაუქვავდა, მეოცნებე დემონს ჰგავდა,

და მის ჩრდილქვეშ ვიგრძენ კვლავ და მივხვდი, სული უნდა ძრწოდეს,

ყორნის ჩრდილში ჩაფერფლილ სული, მარად უნდა ძრწოდეს,

და არ აღდგეს არასოდეს!

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

………………………………………………………………………………………

საშინლად ბნელა. მარტოდმარტო ვარ...

არ მეკარება თვალზედა ლული.

სნეული სევდის მორევში ვცურავ,

სულშეხუთულსა მიკვნესის გული.

წიგნებს ვალაგებ და შემომესმა.

დამიკაკუნა ვიღაცამ კარი.

შიშმა შემიპყრო,თანაცა ვფიქრობ : 

რა დროს მოსვლაა, ნეტავ ვინ არი?

არავის ველი,ის ხომ აღარ მყავს...

გზადაკარგული იქნება მგზავრი,

ნახა სინათლე და მომატანა...

აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!


ზამთარი იყო. ჰყინავდა, თოვდა,

ქარი ღმუოდა, ძლიერად ჰქროდა.

გაჩაღებული ბუხრისა ალი

ჩემ ყრუ სადგურის კედლებზე ჰკრთოდა.

ცეცხლისა ალი დაქსაქსულიყო

უხვად ოთახის ყოველ მხარესა,

მაგრამ არც სითბო და არც წიგნები

ვერა სწამლობდენ გულის ნაღველსა.

ლენორავ! სად ხარ? აღარ მომხედავ?

სად არის შენ თვალთა მადლი ნეტარი?!

კვლავ ტირის გული, ახლდება წყლული, 

ვერ ამოვითქვი, არ იქნა სული

და აბრეშუმის ფარდის შრიალი 

კვლავაც მიათკეცებს ტანჯვას, ტიალი.


ვის ველოდები? ან რაზე ვკრთები? 

რა მემართება, ნეტავ რას ვშვრები? 

გონდაფანტული ჩემთვის ვჩურჩულებ,

ვფიქრობ ტკივილსა მით დავიყუჩებ :

ვიღას მოველი ? ვინღა მომივა?

მგზავრს ვისმე სტუმრად მიგზავნის ყინვა : 

სწადიან ცეცხლთან გათბეს საწყალი.

შეაწუხებდა თოვნა და ქარი...

„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი! “

 

ჩემავე ბოდვამ გამომაფხიზლა

და გამამხნევა,შემმატა ძალი.

ათრთოლებულის წარმოვთქვი ხმითა :

„ვინა ხარ? მოხვედი სითა?

გთხოვთ მომიტევოთ, რომ გაცდევინებთ.

კარის კაკუნი სუსტად მომესმა,

რომ ის მეგონა მე უბრალო ხმა.

ჩავთვალე იგი მოჩვენებადა,

ქარბუქისაგან მონაბერ ხმადა“.

ავდეგ,მაშინვე გავაღე კარი,

არეს ეფარა ზეწარი შავი.

შემომღმუოდა თავ-პირში ქარი :

„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“


ხელახლა ისევ შემიპყრო შიშმა

არსად სინათლე, არსაიდან ხმა.

მოჩვენებათა აღტყინდა ხროვა.

წარსულ, დაკარგულ ბედნიერ წამზე

დაუსრულები მოთქმა და გლოვა.

მას ვერ მიჰხვდება ხალხისა გროვა.

ტკბილ ოცნებათა გადართხმულ ზღვაში

„ლენორა!“ - უცბად გაისმა ცაში.

ჟრჟოლა მოვიდა. გავიგე ცხადად

აღელვებულმა წარმოვთქვი თავად

და გამოხმობამ ხმა მომცა მწარი : 

„ აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!"


ისევ მოვუჯექ ახლა ბუხარსა,

ავყევი ისევ გულისა თქმასა.

ფანჯარას სცემენ, ცხადად მესმოდა,

ძლიერი, საბრალოდ ისიც კვნესოდა.

„ იქ არის ვინმე უეჭველადა,

დარახუნდება ფანჯარა რადა,

თუკი არ ახლოს არავინ ხელი?

ვინ უნდა იყოს? ღამეა ბნელი...

იქნებ შიშისგან ეს მეჩვენება.

არას დამიშლის მე შესვენება.

მაშინ გაგება ადვილი არი.

იქნებ ბოდვაა? ან იყოს ქარი? ...

„ აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!"


ავდეგ, გავაღე მყისვე ფანჯარა, 

ბნელმა ოთახი სრულად დაფარა.

როგორც კუპრი და უკუნეთი,

შინ შემოიჭრა ფრინველი ერთი.

ფრაშუნობს სახლში როგორც ბორანი,

ის იყო დიდი შავი ყორანი.

მრისხანე არის, ვით ჯოჯოხეთი,

მას არ ელოცა არასდროს ღმერთი. 

ავლებს ოთახში წრეებს ჩუმადა

და მერე დაჯდა დინჯად, უბრადა,

ჰალადის ძეგლზე ბოროტი, ბნელი.

ცივად მიცქერის არაფრის მთქმელი.

ზის და მიცქერის ჩემი ამქარი...

„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!"


იჯდა დინჯადა განრისხებული,

მეც შევცქეროდი განცვიფრებული.

მეღიმებოდა. მოვყვე ხუმრობას 

შევეყბედე, ვაფიცებ ძმობას :

„ თუ გწამს უფალი, პირდაპირ ჩემსა 

სიდან მოჰფრინავ, მითხარი , დღესა?

რომელს მხარესა წინად სცხოვრობდი?

ან ამ ქვეყანას წინადაც სცნობდი?

თუმც არ გასხია ტანზე აბჯარი,

მაგრამ გეტყობა ძველი გაქვს გვარი,

შენი სახელი, მითხარ, რა არი?“

პასუხად მესმა მისი ყრანტალი :

„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!"


იმის პასუხსა გავკვირდი მენა,

რომ ამოიდგა ფრინველმა ენა.

თუმც სანუგეშო არარა სთქვა მან,

წყლულის წამალი არ მომიტანა,

არც აზრი იყო იმის სიტყვაში,

მით ჟრუანტელი მივლიდა ტანში :

საშინელს სურათს იგი ჰხატავდა, 

ძეგლზე ყორანი კისერს ჰსძაბავდა,

კაცთა ენაზე მის საუბარი : 

„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“


ბნელის ღამისა ის იყო მსგავსი,

შავის ფიქრებით იგი აღსავსი

და მედიდური სიჩუმე ყორნის,

თან წარმოთქმული სიტყვისა ორის 

საკმაო იყო გამოექვეყნა

ყორნის სულისა აზრი, კვეთება.

მე გულმოკლული ვდუდუნებ ჩემთვის

„ ყველა საიმე, რაც ვიგრძენ დღემდის,

წავიდა, გაჰქრა, როგორც ოცნება, 

მე დამრჩა მხოლოდ ტანჯვა - გოდება.

ვარ მარტოდმარტო, ობოლი, მწირი , 

არსად თვისტომი, არც მეგობარი.

ყორანიც წავა, ვიდრე ინათებს“ . 

პასუხად მესმის იგივ ყრანტალი : 

„აღარ აღსგება არასდროს მკვდარი“.


შემაკრთხო ფრიად ყორნს პასუხმა

მოსაზრებულმა და გონივრულმა.

თითქოს გაიგო ტკივილი ჩემი.

სულ ტყუილია : ოცნების გემი

მიმაფრენს, მივსდევ, იმიტომ ვსცდები.

დასწავლული აქვს მაგას ეს ხმები.

ვინ იცის, ვისგან შეუსწავლია,

განდეგილთანა მას უცხოვრია,

რომელსაც დარდი ჰკლავდა, ჰქენჯნიდა

და დაჟინებით ამას მოსთქვამდა,

ბოღმით გვემული და განამწარი : 

„აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!“


მაგრამ ყორანმა მაინც გამართო

ავდეგ - ბუხარში შეშა დამერთო , 

მერმე სკამითა მისკენ მივქანდი

და თვალებითა ყორანსა ვთქამდი.

შევჩერებოდი იმის სახეში,

მსურდა შემეტყო ყორნის თვალებში

ღრმად დაფიქრება, მისი ოცნება, 

ჰქონდა თუ არა თავში გონება,

რომ მკითხავივით მიხსნიდა ფიქრსა , -

მართლა შეგნებით ამბობდა ისა : 

„არ შეიძლება აღდგომა მკვდრისა!“


იგი წინანდებლრ დინჯადვე იჯდა,

ცეცხლის ნაპერწკლებს თვალთაგან სცრიდა -

ჰსურდა ამ ცეცხლით ჩემი გაკვეთა.

სხვისი ჭრაქისა უხვად ხალიჩას,

სავარძლის ხავერდს ეფინებოდა,

საცა ვავლებდი დაღალულს თვალებს,

ვიგონებდი რა წარსულსა წამებს, - 

მაგრამ, ვაჰ, წყლულსა რა დააამებს?! 

და აგერ, ვითომ სავარძელზედა

ლამაზის თავის შევშნიშნე კვალი...

თმისა ნაწნავი....არ მმტყუნობს თვალი...

„ვაი,რომ აღარ აღსდგება მკვდარი!“


ვიგრძენ, ჰაერი აღშფოთებული

წამს გაიჟღენთა საკმლის სუნითა,

იქით, კედლის წინ, ხალიჩაზედა

ნაზი ფეხის ხმა მესმის ყურითა

ცხადად, აშკარად. და მეჩვენება :

ცით ჩამოსულა ანგელოზთ კრება, 

ცოდვილს ქვეყანას სტუმრად სწვევიან,

ჩემს სახლს გარშემო შემოჰხვევიან.

ვყვირი ხმამაღლა : „ნუთუ, უფალო,

შენ მომივლინე ციურძნი ძალნი,

რომ დავიყუჩო გულის ტკივილი,

განვკურნო ცრემლით დამწვარნი თვალნი?...

და დავივიწყო“... კვალად ხმა მესმის:

„აღდგომა მკვდრისა წესი არ არის!“


ეს დამყრანტალა ყორანმა თავზე.

გაჯავრებულმა მეც იმის ხმაზე

წამოვიძახე : „დამღონებელო,

ამ უდროვო დროს ჩემო მტანჯველო,

უბედურების, ტანჯვის მომგვრელო !

ვინც უნდა იყო, თუ გინდა ალი,

რომ ავიტანო ამდენი ტანჯვა,

მექნება კიდევ შეძლება, ძალი?

ოცნებას მოსწყდეს ჩემი მტანჯველი

და არ აფრქვევდეს ცრემლებსა თვალი?

უგუნურ ტანჯვის მთლად ამოიფხვრას,

არ ეტყობოდეს გულს მძიმე კვალი “ . 

შემომყრანტალა: „არ სდგება მკვდარი“.


მაშინ დავუწყე ხვეწნა - მუდარა : 

„მითხარი სწორე, თუ გწამს უფალი,

თუ გწამს ის წმინდა ჭეშმარიტება,

ნუ დამიმალავ, მითხარ მართალი ;

თავს არ დავზოგამ და არც დაგწყევლი,

იმავ წუთასა თუნდა მომკალი.

როცა უფალი ჩემს ტანჯულს სულსა

მიიღებს, ეპყრას ხელთ როგორც ჭიქა

ნამტვრევ- ნამსხვრევი , ვნახავ, მითხარი,

ლეონორას სადმე, შეხვდები იქა,

შემომხვევს კვალად კისერზე ხელებს,

შევახებ კიდე ლოყაზე პირსა?

ვნახავ თუ არა, ვით დილის ცისკრის,

მადლის მფრქვევლსა მის თვალთა სხივსა?“ 

ის წყეული კი მასვე ყრანტალებს :

„სად გაგონილა აღდგომა მკვდრისა?!“


ვერ მოვითმინე და შევუძახე :

„ასჯერ წყეული იყავ ღვთისგანა,

საუკუნოდა გაყრას გვიქადის

ეგ შენი ენა - ჭირსა ჭირთანა!

მაშ უნდა დავრჩე იქაც ობლადა,

ვერ დავისვენო ვერავისთანა?!

მძულს დაღვრემილი მე შენი სახე

და ღვარძლიანი ბოროტი ენა.


წადი გამშორდი, შემზარავი ხმა

ჩასწყდეს, არ მწადის შენი ხმის სმენა!

იქ იყრანტალე, საცა ჰაერი

არარაობით არის მოცული ;

სად ტანტალებენ მხოლოდ აჩრდილნი,

არც წარსულია და არც მოსული;

სადაც მხოლოდ ქარი ბობოქრობს,

ადამიანის არა სძგერს გული!

გამშორდი ! ფიფქიც კი არ დასტოვო

თოვლისა, ნიშნად შენი აქ ყოფნისა,

რომ არაფერმა არ მომაგონოს 

წამი შენ აზრთა, შენის ცნობისა“.

იგი კვლავ იმას ყრანტალებს :

„ მკვდარი ამდგარა სად და როდისა?!“

 

როდი გაფრინდა იქვე ზის წყნარად,

წარბშეუხრელად, ბოროტი შავად.


ბოროტ სულივით ამაყმა, უტყვმა

ჩემ წინ დაიდვა სამუდმო ბინა,

არ ენანება ბეწვის ოდნადა

რაც დამამძარა, რაც მაწყენინა.

მისი აჩრდილი გადმოწოლილი

შავბნელად ჰმოსავს, სახლშია რაცა.

დამაწვა ტაბზე, გრძნობა - გონებას

ჩემსას მძლავრადა ბრჯღალები სტაცა.

მთელს შენობაში გამეფებული

არის მხოლოდა ბნელი,წყვდიადი,

მის აჩრდილის ქვეშ ისმის მხოლოდა

გამუდმებული კვნესა დიადი.

გულზე დამედვა სამარის ლოდი,

სულში არ მოჩანს სინათლის ცვარი,

არც ვეღირსები მას არასოდეს, - 

აღარ აღსდგება არასდროს მკვდარი!

 

მთარგმნელი: ვაჟა ფშაველა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ