– წინასიტყვაობა –
ამ წიგნზე მშრალად და ჩვეულებრივი მიუდგომლობით ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მეტად უჩვეულოა მისი დამწერის ბედი.
ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს.
ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური, ერთსა და იმავე ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობით და ყოფითი წვრილმანებით შეზღუდულ, მძიმე, სახიფათო გარემოში, გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა.
არარსებულ მეგობარს ანამ კიწი დაარქვა და მისგან ელოდა ნუგეშსა და შემწეობას. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანას უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანა დაიღუპა, დღიური კი გადარჩა.
გადარჩა მხოლოდ დღიური, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის მამხილებელი დოკუმენტი.
გერმანელმა ფაშისტებმა ტოტალური სახელმწიფოს შექმნისა და მსოფლიოში გაბატონების იდეას მსხვერპლად მოუტანეს ყველაფერი ადამიანური
ფაშისტები გეგმიანად, მეთოდურად სპობდნენ არა მარტო ხალხს, არამედ კაცობრიობის ზნეობრივ მონაპოვარსაც.
ეს იყო დრო, როცა ევროპაში მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლი იღვრებოდა და საკონცენტრაციო ბანაკებში კრემატორიუმები ბოლავდა. სწორედ ამ თავაშვებული რბევის, ძალადობისა და მასობრივი მკვლელობის მსხვერპლი გახდა პატარა ანა.
ანას მამა, ოტო ფრანკი, დაიბადა გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1933 წელს, როგორც კი გერმანიაში ფაშისტური რეჟიმი დამყარდა, ოტო ფრანკმა ოჯახი ჰოლანდიაში გადაიყვანა და ფაშისტების რისხვას განერიდა.
ამსტერდამში, პრინსენგრახტზე, სახლი დაიქირავა და ფირმა გახსნა. ახლად დაწყებული ცხოვრება თითქოს მშვიდად, ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ გერმანელებმა ჰოლანდია დაიპყრეს და კვლავ დაიწყო ებრაელთა სასტიკი დევნა.
ანას მამამ გერმანელების ხელში ჩავარდნას დამალვა არჩია; 1942 წლის ზაფხულში, ჰოლანდიელი თანამშრომლების დახმარებით, ფირმის შენობის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და, როცა მის უფროს ქალიშვილს, მარგოს, გესტაპოდან უწყება მოუვიდა, ცოლ-შვილი წინასწარ მომზადებულ "თავშესაფარში" გადახიზნა.
ამავე თავშესაფარში გადმოვიდა კიდევ ერთი ოჯახი, ვან დაანი ცოლითა და ვაჟიშვილით. ბოლოს მათ "ოჯახს" მერვე წევრი, კბილის ექიმი დუსელი შეემატა.
ამგვარად რვა ადამიანი იატაკქვეშ აღმოჩნდა და თავშესაფრის მკაცრ რეჟიმს დაემორჩილა.
პატარა ანა ხალისიანად, ნდობით, უდარდელად შესცქეროდა ცხოვრებას; ცელქობდა, კეკლუცობდა, ალერსსა და ყურადღებას მოითხოვდა. უეცრად ბედმა გარე სამყაროს მოსწყვიტა, ოთხ კედელში გამოკეტა, დღის სინათლე და ჰაერი მოანატრა.
ამიერიდან ის მხოლოდ ქურდულად, ფარდის ჭუჭრუტანიდან უყურებდა ცხოვრების ულაზათო დინებას, ხოლო თავშესაფარში ძალაუნებურად ერთად შეყრილი ადამიანების უბადრუკობას, ანგარიშიანობას და კინკლაობას ხედავდა.
ამ სულის შემხუთავ გარემოში თითქოს უნდა დამჭკნარიყო, დაჩლუნგებულიყო ჯერ კიდევ მოუმწიფებელი გონება და გრძნობა, მაგრამ მოხდა პირიქით; სწორედ აქ გაიშალა, ნაადრევად მომწიფდა და გამომჟღავნდა ანას ნიჭი.
დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ, შთაბეჭდილებათა ღრმა განცდამ, რთულმა, წინააღმდეგობებით სავსე ბუნებამ, საკუთარი თავისადმი და გარე სამყაროსადმი კრიტიკულმა დამოკიდებულებამ გაუღრმავა ანას აღქმის უნარი, ხედვას შეაჩვია და უფაქიზესი გრძნობის გადმოცემა ასწავლა.
ანა ძალზე სახიფათო და დაძაბულ მომენტებშიც კი ამჩნევს ცხოვრების სასაცილო მოვლენებს. მისი ირონია ერთსა და იმავე დროს ჯავშანიცაა და ადამიანური სისუსტისა და ყოფითი წვრილმანებისადმი შემწყნარებლობა და სიყვარულიც.
დამოუკიდებელი, კრიტიკული ხედვის უნარი დღითი დღე ღრმავდება და მიუკერძოებლობისა და სიმართლისაკენ სწრაფვას ვერც ახლო ნათესაური დამოკიდებულება ახშობს და ვერც პირველი სიყვარული.
ანა გაცილებით მეტს ამჩნევს და უკეთესადაც, ვიდრე თავშესაფრის დანარჩენი მკვიდრნი, უფრო რეალურად უყურებს ცხოვრებას, მეტ უშუალობას იჩენს ადამიანებთან ურთიერთობაში და ცდილობს გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, ამაღლდეს, დაძლიოს შიში, გათავისუფლდეს ეჭვებისა და მერყეობისაგან, იპოვოს მტკიცე საყრდენი, ღირსეულად შეეგებოს დამცირებასა და სიკვდილს.
მაგრამ რაც უფრო იზრდება გონებრივად, მით უფრო რთულდება ცხოვრება. ანა გრძნობს საკუთარ გაორებას, შინაგან წინააღმდეგობას გარე სამყაროსთან და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდის, რომ მათი მორიგება ან სასურველი მიმართულებით წარმართვა მის ძალ-ღონეს აღემატება.
მისთვის ბევრი რამ არის ამქვეყნად ბნელით მოცული და გაუგებარი, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის ცხადია: ადამიანი შრომისმოყვარე, კეთილი და ფაქიზი უნდა იყოს.
ახლა ზედმეტი და ძნელიცაა იმაზე ლაპარაკი, თუ რა გზით განვითარდებოდა ანას ნიჭი და რას შესძენდა ლიტერატურას, მაგრამ ასე ნათლად გამოკვეთილი მხატვრული ალღო, მსჯელობის უნარი, მიგნებები და სათქმელის მოკლედ, ძირითად შტრიხებში გადმოცემის ნიჭი მის ასაკში ბევრ დიდ მწერალსაც არ ჰქონია.
შეიძლება ამას დრომაც შეუწყო ხელი. ებრაელთა სასტიკმა დევნამ, დარბევამ, წამებამ, მთელი ერის მოსპობის საშიშროებამ, ომით გამოწვეულმა სიდუხჭირემ, ადამიანთა დაკნინებამ და ბინძური, ველური ინსტინქტების ზეიმმა იგი ძალაუნებურად მიიყვანა იმ აუცილებლობამდე, რომ თვითონ გარკვეულიყო მოვლენათა ვითარებაში, გაეაზრებინა ყველაფერი, რაც მის ირგვლივ და ქვეყანაზე ხდებოდა.
ორი წლის განმავლობაში ანაამ ბევრი რამ შეიგნო, გადააფასა, უარყო და მიიღო, მაგრამ ბავშვური სიბრძნით განჭვრეტილი ცხოვრებისა და ადამიანობისათვის არასოდეს არ უღალატნია. იგი გულხელდაკრეფილი როდი ელოდა სიკვდილს; მეცადინეობდა, შრომობდა, წერდა, გულახდილად ესაუბრებოდა უცნობ მეგობარს და ამ ადამიანური იარაღით ებრძოდა არაადამიანურ ძალადობას, რომელიც მიუხედავად სიკვდილისა, მაინც უკუაგდო და დაამარცხა.
ორი წელიწადი ელოდნენ ლტოლვილები სიკვდილს ან თავისუფლებას და ბოლოს თავისუფლებას ისევ სიკვდილმა დაასწრო.
1944 წლის 4 აგვისტოს გესტაპომ თავშესაფარი აღმოაჩინა და ყველანი დააპატიმრა. ფაშისტების რისხვა თავს დაატყდა აგრეთვე ებრაელების მფარველ ჰოლანდიელებსაც. ოტო ფრანკის თანამშრომლების და მეგობრების ელი ვოსენის, მიპ და ჰენკ ვან სანტენების თავდაუზოგავი ზრუნვა ამაო აღმოჩნდა, - მათ ვერ იხსნეს განწირულნი.
კრალერი და კოოპჰოისი კი, როგორც ფირმის მმართველები, ლტოლვილებთან ერთად დააპატიმრეს. მძიმე ავადმყოფი კოოპჰოისი ციხიდან მალე გაათავისუფლეს, ხოლო კრალერი ამერსფორტის ბანაკში მოხვდა, საიდანაც გერმანიაში უპირებდნენ წაყვანას, მაგრამ გაქცევა მოახერხა და ომის დამთავრების შემდეგ ცოლშვილს დაუბრუნდა.
ანას შეგნებული ჰქონდა, თუ რა მძიმე ტვირთი აწვა მათ ჰოლანდიელ მეგობრებს და მათი ბედით შეწუხებული წერდა: "განა დამალვას და ამდენი საშინელების გადატანას სიკვდილი არ ჯობდა. მაშინ არც ჩვენს მფარველებს ჩავაგდებდით საფრთხეში".
დაპატიმრებული ებრაელები ციხიდან ვესტერბორკის გამანაწილებელ ბანაკში მოხვდნენ. 3 სექტემბერს ანას დედ-მამა და ვან დაანების ოჯახი ოსვენციმში გაგზავნეს, 30 ოქტომბერს კი მარგო და ანა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
ამ ბანაკში ანა შეხვდა თავის სკოლის მეგობარს ლის გოოსენს, რომლის შესახებაც 1943 წლის 27 ნოემბერს წერდა: "გუშინ საღამოს... თვალწინ ნათლად წარმომიდგა ლისი. იდგა ჩემს წინ დაკონკილი, გამხდარი, ყბებჩაცვენილი; მისი დიდი სევდიანი თვალები საყვედურით მიცქერდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ: - ანა, რატომ მიმატოვე, დამეხმარე, მიხსენი ამ ჯოჯოხეთიდან! - ...რატომ უნდა გადავრჩე მე, ის კი სადღაც ჩაკვდეს?".
მაგრამ ანას ვარაუდი არ გამართლდა. ლისი გადარჩა და ბერგენბელზენში ანასთან შეხვედრას ასე იგონებს: "ანას ძონძები ეცვა. სიბნელეშიც კი ჩანდა, როგორ გამხდარიყო. ლოყები ჩასცვენოდა, თვალები კიდევ უფრო გაფართოებოდა... ორივენი ვტიროდით, ვიდექით და ვტიროდით - ერთმანეთს ეკლიანი მავთულხლართები გვაშორებდა".
ოსვენციმში დაიღუპნენ ანას დედა, ცოლ-ქმარი ვან დაანები, პეტერი და დუსელი.
1945 წლის თებერვალში ბერგენ-ბელზენში შიმშილისაგან გარდაიცვალა მარგო, გაზაფხულის დამდეგს ანამაც დალია სული.
ლტოლვილთაგან გადარჩა მხოლოდ ანას მამა. იგი იხსნა საბჭოთა არმიამ, რომელმაც ოსვენციმი დაიკავა და ვისაც სული ედგა, მზრუნველობა არ მოაკლო.
განთავისუფლების შემდეგ ოტო ფრანკი ჰოლანდიაში დაბრუნდა, მაგრამ მახლობელთაგან ცოცხალი ვეღარავინ იპოვა. დამწუხრებულს ელიმ და მიპმა ანას დღიური გადასცეს, რომელიც სახლის გაჩხრეკის შემდეგ უწესრიგოდ დაყრილ ძველ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს შორის აღმოაჩინეს და შეინახეს.
რა იცოდა საიდუმლო პოლიციამ, რომ უყურადღებოდ მიგდებული ბავშვის რვეული მთელ მსოფლიოს ააღელვებდა. ანა ფრანკის დღიური ათჯერ გამოიცა ჰოლანდიაში, ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა.
ამ დღიურის მიხედვით შექმნეს პიესები და კინოფილმები. წიგნზე მრავალი გამოკვლევა დაიწერა. რა კუთხითაც უნდა მიუდგეთ ანას დღიურს, უმთავრესი მაინც მისი გონებრივი განვითარების პროცესი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა.
ანამ იცოდა, რომ ცხოვრებამ იგი ორი უკიდურესობის ზღვრამდე მიიყვანა - ან სიკვდილი, ან გამარჯვება; მაგრამ იცოდა ისიც, რომ ზოგჯერ წამებით სიკვდილი იგივე გამარჯვებაა, მომავლის საკეთილდღეოდ გამარჯვება. ამიტომ შერჩა მას ბოლომდე შინაგანი თავისუფლება და საკუთარი ღირსების შეგნება.
აი, რას ამბობს დე ვიკი, რომელიც ანასთან ერთად ვესტერბორკის ბანაკში იყო: "ანა ფრანკსა და პეტერ ვან დაანს ყოველდღე ვხედავდი. მუდამ ერთად იყვნენ... ანას თვალები უბრწყინავდა... და ისე თავისუფლად ეჭირა თავი, ისეთი პირდაპირი გამოხედვა ჰქონდა, რომ ჩემს თავს ვეუბნებოდი: - იგი ხომ აქაც ბედნიერია!"
ნელი ამაშუკელი
წიგნის შესახებ (გერმანული გამოცემიდან)
ამ შემზარავ ცხოვრებისეულ დოკუმენტში ერთ მთლიანობადაა ქცეული დევნილი ოჯახის ბედი და უჩვეულოდ ნიჭიერი და მგრძნობიარე ბავშვის სულიერი ცხოვრება.
არსებობის სიმძიმემ და სიკვდილის მუდმივმა მუქარამ გაამძაფრა გოგონას სულისა და გონების განცდები და გრძნობების გამოხატვის ისეთი უნარი შესძინა, რომელმაც მისი დღიური ნაადრევად მოწიფულთა საკუთრებად აქცია.
შეუძლებელია, დაივიწყო ბავშვი, რომელიც მისი ოჯახის თავშესაფრის საზარელ სხვენზე აპარულა, რათა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას უცქიროს.
საპყრობილეში, სადაც ადამიანებმა შეაგდეს, ანა ფრანკი წერს: `როდესაც ახლობლებზე ფიქრობ, ტირილი გინდება, შეიძლება მთელი დღე იტირო. ამიტომ ისღა გრჩება, რომ ღმერთს შეევედრო, სასწაული მოახდინოს და ზოგ მათგანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს! და მე სულითა და გულით ვლოცულობ".
– დღიური –
12 ივნისი, 1942
იმედი მაქვს, შემიძლია განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ ჩემი დიდი ნუგეში იქნები.
კვირა, 14 ივნისი, 1942
პარასკევს დილის ექვს საათზე გამეღვიძა. ეს გასაგებიცაა, ჩემი დაბადების დღე იყო. მაგრამ ასე ადრე ადგომის უფლება არ მქონდა და სანამ შვიდს თხუთმეტი დააკლდებოდა, ცნობისმოყვარეობა უნდა დამეოკებინა.
მეტ ხანს ვეღარ გავძელი. გავიქეცი სასადილო ოთახში, სადაც ჩვენი პატარა კატა, მორჰენი, ძალზე ალერსიანად შემომეგება. რვა რომ დაიწყო, მშობლებს მივაკითხე და მათთან ერთად სასტუმრო ოთახში გავედი: მინდოდა, საჩუქრები მენახა და ამომელაგებინა.
ყველაზე ადრე შენ დაგინახე, ჩემო დღიურო, და ეს მართლაც საუცხოო საჩუქარი იყო. დამხვდა აგრეთვე ვარდების თაიგული, კაქტუსი, ტყის ყაყაჩოს რამდენიმე შტო. ეს იყო ყვავილების პირველი სალამი, შემდეგ კი უფრო მეტი მომართვეს.
მამამ და დედამ რა არ მაჩუქეს, მეგობრებმაც ძალზე გამანებივრეს. სხვათა შორის მივიღე `"Camera obscura", ( ბნელი კამერა (ლათ.) ჰოლანდიაში ძალიან გავრცელებული წიგნი. თავშესაქცევი და თავსამტვრევი სათამაშოები, უამრავი სასუსნავი, გულის ქინძისთავი, იოზეფ კოჰენის "ჰოლანდიური საგები და ლეგენდები", კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი: "დეზის საარდადეგებო მოგზაურობა მთებში" და ფული. ამ ფულით მერე ბერძნული და რომაული საგმირო თქმულებები ვიყიდე. შესანიშნავია!
შემდეგ ლისიმ გამომიარა და სკოლაში წავედით. ჯერ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს კანფეტებით გავუმასპინძლდი, (ასეთი წესია ჰოლანდიაში დაბადების დღეს) მერე სწავლას შევუდექით.
ჯერ ეს იყოს. რა მიხარია, შენ რომ გამიჩნდი!
ორშაბათი, 15 ივნისი, 1942
შაბათს, ნასადილევს, დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება მქონდა.
სტუმრებს ვაჩვენეთ ფილმი "შუქურის დარაჯი" (რინ-ტინ-ტინის მონაწილეობით); სურათი ჩემს მეგობარ გოგონებს ძალზე მოეწონათ. ბევრი ვიცელქეთ, უზომოდ კმაყოფილნი ვიყავით. წვეულთა შორის ბევრი გოგო და ბიჭი იყო. დედაჩემს ყოველთვის აინტერესებს, ამ ბიჭებიდან - რომელზე ვისურვებდი გათხოვებას მომავალში.
ვფიქრობ, ძალზე გაუკვირდებოდა, რომ გაეგო - ეს ყმაწვილი პეტერ ვესელია, რადგანაც, როცა მასზე სიტყვას ჩამომიგდებდა, მუდამ გულუბრყვილო გამომეტყველებას ვღებულობდი.
ლის გოოსენსსა და სანე ჰოუტმანს დიდი ხანია ვიცნობ და აქამდე ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მაგრამ ამ ბოლო დროს ებრაელთა ლიცეუმში იოპი ვან დერ ვაალი გავიცანი. ჩვენ ხშირად ვართ ერთად და ახლა ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. ლისი ახლა სხვა გოგონასთან მეგობრობს,
სანე კი სხვა სკოლაში დადის და იქა ჰყავს თავისი მეგობრები.
შაბათი, 20 ივნისი, 1942
რამდენიმე დღეა, არაფერი დამიწერია; ჯერ მინდოდა, სერიოზულად გავრკვეულიყავი დღიურის არსსა და მიზანში. უცნაური გრძნობა მაქვს, ამიერიდან დღიური უნდა ვწერო. და უცნაურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღემდე არაფერი "დამიწერია".
მე მგონია, მომავალში არც მე და არც სხვას არ დაგვაინტერესებს ცამეტი წლის მოსწავლე გოგონას გულწრფელი აღსარება.
თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მე მინდა ვწერო და, რაც მთავარია, ჩემი გულის ნადები გამოვთქვა.
"ქაღალდი ადამიანზე ამტანია". ასე ვფიქრობდი ხშირად იმ დღეებში, როცა მსუბუქი მელანქოლია შემიპყრობდა, როცა ხელებზე თავდაყრდნობილი ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა საკუთარი თავისთვის.
ხან შინ დარჩენა მინდოდა, ხან სადმე წასვლა, მაგრამ კვლავ იმავე ადგილას ვიჯექი და ფიქრს განვაგრძობდი. დიახ, ქაღალდი ამტანია. მე არ განმიზრახავს, ოდესმე ვინმეს ვაჩვენო ეს სქელყდიანი რვეული მაღალფარდოვანი სახელწოდებით "დღიური", და თუ ვაჩვენებ, მხოლოდ მეგობარ ვაჟს ან ქალს, რადგანაც სხვებს იგი არც დააინტერესებს.
და აი, მე უკვე ვთქვი, რამ მაიძულა დღიური ვწერო: მე არა მყავს მეგობარი ქალი!
ახსნა-განმარტების გარეშე ვერავინ გაიგებს, რატომ გრძნობს მარტოობას 13 წლის გოგონა. უცნაური ამბავია, მყავს კარგი, საყვარელი მშობლები, 16 წლის და, და თუ ყველას ჩამოვთვლით, ოცდაათამდე ნაცნობი, ანუ ეგრეთ წოდებული მეგობარი, თაყვანისმცემლების მთელი ამალა, რომლებიც თვალებში მიყურებენ და გაკვეთილზე მანამდე ათამაშებენ სარკეს, სანამ ჩემს ღიმილს არ დაიჭერენ.
მყავს ნათესავები, შესანიშნავი ბიძები და ბიცოლები. გვაქვს მშვენიერი სახლი. არაფერი მაკლია, გარდა მეგობარი ქალისა.
ნაცნობებთან მხოლოდ სისულელეებით ვირთობ თავს და ყოველგვარ წვრილმანებზე ვლაქლაქებ. გული ვერავისთვის გადამიშლია. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთიანად შემბოჭეს.
შეიძლება ეს ჩემი ნაკლია, შეიძლება მეტი ნდობით უნდა ვეკიდებოდე ადამიანებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასეა და მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია.
აი, რატომ მჭირდება დღიური. მე მინდა დიდიხნის ნანატრ მეგობარს ჩემს ფანტაზიაში ხორცი შეესხას და ამიტომ დღიურში მარტო მშრალ ფაქტებს არ შევიტან, როგორც ამას ბევრი აკეთებს; მე მინდა, ეს დღიური ჩემი მეგობარი გახდეს და ამ მეგობარს ერქმევა: კიწი!
ყველას გაუჭირდებოდა გაგება, პირდაპირ რომ გამება საუბარი კიწისთან, ამიტომ მოვყვები ჩემ ბიოგრაფიას, თუმცა სრულიადაც არ მეხალისება.
როცა ჩემი მშობლები დაქორწინდნენ, მამა 36 წლისა იყო, დედა - 25-ისა. ჩემი და მარგო 1926 წელს დაიბადა მაინის ფრანკფურტში, მე კი 1929 წელს მოვევლინე ქვეყანას.
ჩვენ ებრაელები ვართ და ამიტომ 1933 წელს, როგორც ემიგრანტები, ჰოლანდიაში წამოვედით, სადაც მამა სააქციო საზოგადოება "ტრავი"-ის დირექტორი გახდა.
ეს ფირმა მუშაობს "კოლენ და კომპანიასთან" მჭიდრო კავშირში და ამავე ფირმის შენობაშია მოთავსებული.
სხვებივით ჩვენც არ გამოგველია სადარდებელი ცხოვრებაში, რადგანაც გერმანიაში დარჩენილი ნათესავები ვერ ასცდნენ ჰიტლერული კანონების კლანჭებს.
1938 წელს, ებრაელთა დარბევის შემდეგ, დედაჩემის ორივე ძმა ამერიკაში გაიქცა. ბებიაჩემი ჩვენთან ჩამოვიდა. მაშინ ის 73 წლისა იყო. 1940 წლიდან ჟამთა სიავემ იძალა. ჯერ ომი დაგვატყდა თავს, მერე კაპიტულაცია, გერმანელების შემოჭრა. ახლა კი დაიწყო ჩვენი საცოდაობა.
დიქტატორის ბრძანებას ბრძანება მოსდევდა. განსაკუთრებით ებრაელთა მდგომარეობა გაუარესდა. ებრაელებს უნდა ეტარებინათ ყვითელი ვარსკვლავი, ჩაებარებინათ ველოსიპედები, ეკრძალებოდათ ტრამვაით მგზავრობა, ავტომობილებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
რაიმეს ყიდვა მხოლოდ სამიდან ხუთ საათამდე შეეძლოთ - ისიც მხოლოდ ებრაელთა სავაჭროებში. საღამოს რვა საათის შემდეგ არა მარტო ქუჩაში გამოსვლის, არამედ ბაღში და აივანზე გაჩერების უფლებაც აღარ ჰქონდათ.
ებრაელებს აუკრძალეს თეატრსა და კინოში სიარული, ვერც სხვა გასართობ ადგილებში შედგამდნენ ფეხს. მათ ეკრძალებოდათ ცურვა, ჩოგბურთისა და ჰოკეის თამაში, საერთოდ, სპორტის ყველა სახეობა.
ებრაელებს აღარ ჰქონდათ უფლება ქრისტიანებს სწვეოდნენ. ებრაელ ბავშვებს ებრაულ სკოლებში უნდა ესწავლათ. ასე მოზღვავდა განკარგულებები. ამიერიდან მთელი ჩვენი ცხოვრება ამგვარი ძალდატანების ქვეშ მოექცა. იოპი მუდამ ამბობს: ვეღარაფერი გამიბედია, სულ იმის შიში მაქვს, აკრძალული არ იყოსო.
ამა წლის იანვარში ბებიკო გარდაიცვალა. არავინ იცის, რარიგ მიყვარდა და როგორ დამაკლდა. 1934 წელს მონტესორის სკოლის საბავშვო ბაღში მიმაბარეს, შემდეგ კი ამავე სკოლაში დამტოვეს.
უკანასკნელ წელს ჩემი კლასის დამრიგებელი იყო სკოლის დირექტორი ქალბატონი კ... წლის დამლევს ერთმანეთს გულთბილად გამოვეთხოვეთ და ორივენი ცხარე ცრემლით ვტიროდით.
1941 წლიდან მე და მარგო ებრაელთა სკოლაში (ლიცეუმში) შევედით, მარგო მეოთხე კლასში, მე კი პირველში. ჯერჯერობით ჩვენ ოთხს არა გვიშავს რა. და აი მოვატანე დღევანდელ დღემდე და რიცხვამდე.
შაბათი, 20 ივნისი, 1942
ძვირფასო კიწი!
ახლავე უნდა დავიწყო. ირგვლივ საოცარი სიჩუმეა. დედა და მამა შინ არ არიან, მარგო მეგობართან წავიდა პინგ-პონგის სათამაშოდ.
ბოლო დროს მეც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ პინგ-პონგს. რადგანაც ჩვენ, პინგ-პონგისტებს, ძალიან გვიყვარს ნაყინის ჭამა, განსაკუთრებით ზაფხულობით, თამაში ჩვეულებრივ ებრაელთათვის ერთერთ ხელმისაწვდომ კაფეში, "დელფში" ან "ოაზისში" გასეირნებით თავდება.
იმის დარდი არ გვაწუხებს, სავსე გვაქვს საფულე თუ ცარიელი. საკონდიტროები მუდამ გაჭედილია ხალხით. მათ შორის ყოველთვის მოიძებნება რომელიმე კეთილისმყოფელი ჩვენი ნაცნობებიდან ან თაყვანისმცემელი, და იმდენ ნაყინს გვთავაზობენ ხოლმე, რომ ერთ კვირასაც ვერ მოერევი.
წარმომიდგენია, როგორ გიკვირს, ჩემს ასაკში რომ თაყვანისმცემლებზე ვლაპარაკობ. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში ეს გარდაუვალი სენია. როგორც კი რომელიმე ბიჭი უფლებას მთხოვს, ველოსიპედით სახლამდე გამაცილოს, მე უკვე ვიცი, რომ ხსენებულ ბიჭს თავდავიწყებით ვუყვარვარ და თვალს ვერ მაშორებს.
მცირე ხნის შემდეგ სიყვარული უნელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არაფრად ვაგდებ შეყვარებულის გამოხედვას და მხიარულად ვატრიალებ პედალებს.
ზოგჯერ თუ ვინმე ძალიან მიწყალებს გულს, ველოსიპედზე ოდნავ შევტორტმანდები, ჩანთა მივარდება, და ზრდილობიანი ყმაწვილი იძულებულია ველოსიპედიდან ჩამოხტეს. სანამ ჩანთას მომაწვდიდეს, გონზეც მოდის.
ასეთი თაყვანისმცემლები ყოვლად უცოდველებია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ჰაეროვან კოცნას მიგზავნიან და თავს მაბეზრებენ. ჩემთან ამგვარი რამ არ გადის. მაშინვე ჩამოვხტები ველოსიპედიდან და წარბშეკრული ვუცხადებ, რომ მის გვერდით ყოფნა არ მსურს, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფილი ვარ და ვურჩევ შინ წაბრძანდეს.
ასე, ჩემო კიწი! ჩვენს მეგობრობას საფუძველი ჩაეყარა! ხვალამდე!
კვირა, 21 ივნისი, 1942
ძვირფასო კიწი!
მთელ ჩვენს კლასს ციებ-ცხელება სჭირს: პედაგოგიური საბჭო კარზე მოგვადგა. ნახევარმა კლასმა სანაძლეო დადო - ვის გადაიყვანენ და ვინ დარჩება.
მე და მიპ დე იონგი სიცილით ვკვდებით ჩვენი ორი მეზობლის შემყურე, რომელთაც ნაძლევში მთელი ჯიბის ფული წააგეს. "გადაგიყვანენ, დაგტოვებენ, ხო, არა..." ასე გრძელდება დილიდან საღამომდე.
ჩვენი მეზობლები ვერც მიპის მავედრებელმა მზერამ მოიყვანა გონს და ვერც ჩემმა ენერგიულმა აღმზრდელობითმა ღონისძიებებმა. მე რომ მკითხონ, ნახევარი კლასი დასატოვებელია, ისეთი ზარმაცები არიან.
მართალია, მასწავლებლები ყოვლად ჭირვეული ხალხია, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ჩვენდა სასიკეთოდ არიან ჭირვეულნი.
მე კარგი ურთიერთობა მაქვს ყველა მასწავლებელთან. სულ ცხრა მასწავლებელი გვყავს, შვიდი კაცი და ორი ქალი.
ბატონი კეპლერი, მოხუცი მათემატიკის მასწავლებელი, ერთ დროს ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე, რადგან განუწყვეტლივ ვყბედობდი. მან არაერთხელ გამაფრთხილა და ბოლოს დამსაჯა - დამავალა, დამეწერა თხზულება თემაზე "ყბედი". ჰმ, ყბედი! აბა რას დაწერ ამაზე?
მაგრამ დიდად არ შემიწუხებია თავი. დავალებების რვეული ჩანთაში შევინახე და ვცადე პირზე კლიტე დამედო.
საღამოს, როცა სხვა გაკვეთილებს მოვრჩი, კეპლერის დავალება მომაგონდა. ავტოკალამს ვღრღნიდი და ვფიქრობდი, რა დამეწერა. რაღაცის დაწერა და სტრიქონების აჭრელება ყველას შეუძლია, მაგრამ დიდი ხელოვნებაა, მონახო დამაჯერებელი საბუთი ყბედობის სასარგებლოდ.
ვფიქრობდი, დიდხანს ვფიქრობდი და უეცრად გონება გამინათდა. მოცემული სამი გვერდი სულმოუთქმელად გავავსე, საქმე გაიჩარხა.
საბუთად ის მოვიყვანე, რომ ყბედობა ქალური თვისებაა, მაგრამ მე, ცხადია, შევეცდები თავი შევიკავო, რომ დედაჩემიც ჩემსავით ბევრს ლაპარაკობს და რომ მემკვიდრეობით გადმოცემული თვისებების აღმოფხვრა, სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია.
ბატონ კეპლერს გაეცინა ჩემს ახსნა-განმარტებაზე. მაგრამ როცა გაკვეთილზე ისევ გავაბი ლაქლაქი, მეორე თხზულების დაწერა დამავალა: "გამოუსწორებელი ლაქლაქა".
ეს დავალებაც შევასრულე და ორ გაკვეთილზე სანიმუშოდ ვიქცეოდი. მესამეზე კვლავ მეტისმეტი მომივიდა: და აი, ანემ ისევ მიიღო სასჯელი - თხზულება: "ყი, ყი, ყი, ფროილაინ ყიყინა".
მთელმა კლასმა გადაიხარხარა. მეც გამეცინა, თუმცა ჩემი შემოქმედებითი ნიჭი ლაქლაქთან დაკავშირებული თხზულებების წერაში ამოწურულად მიმაჩნდა.
უნდა მეპოვა რაიმე ახალი, ორიგინალური. ჩემმა მეგობარმა სანემ, შესანიშნავმა პოეტმა, ლექსის დაწერა მირჩია და დახმარებაც აღმითქვა.
მე აღფრთოვანებული ვიყავი. კეპლერს უნდოდა აბუჩად ავეგდე, მაგრამ მე მას ორმაგად, სამმაგად გადავუხდი სამაგიეროს, თავად გავხდი სასაცილოდ.
ლექსი დაიწერა და დიდი წარმატება ხვდა წილად. გავლექსე დედა ბატის, მამა გედისა და სამი ჭუკის ამბავი; მამამ ჭუკები ბევრი ყიყინის გამო სასიკვდილოდ დაკორტნა.
საბედნიეროდ, კეპლერი მიმიხვდა ხუმრობას და ლექსი ხმამაღლა წაიკითხა კომენტარებით ჩვენთანაც და სხვა კლასებშიც. მას შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვილაქლაქო. კეპლერი აღარ მსჯის, მაგრამ ხშირად დამცინის ამის გამო.
ანა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 1942
ძვირფასო კიწი!
აუტანელი სიცხეა, ყველა ქშინავს და ოფლად იღვრება. მე კი ამ პაპანაქებაში სულ ფეხით დავდივარ.
მხოლოდ ახლა დავრწმუნდი, თუ რა სასიამოვნო რამაა ტრამვაი, განსაკუთრებით კი ღია ვაგონები. მაგრამ ეს სიამოვნება ებრაელებისათვის აღარ არსებობს. რა გაეწყობა, საკუთარი ფეხებითაც იოლად გავალთ.
გუშინ შუადღისას, შესვენებაზე, კბილის ექიმთან უნდა წავსულიყავი, იან-ლიუკენსტრაატზე.
ჩვენი სკოლიდან საკმაოდ შორსაა. გზა ქალაქის ბაღს მიჰყვება. ისე დავიღალე, რომ ბოლო გაკვეთილებზე კინაღამ ჩამეძინა. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები ბევრია ქვეყნად, წყალს მაინც მოგაწვდიან.
კბილის ექიმის ასისტენტი ქალი ებრაელებისადმი თანაგრძნობითაა განწყობილი.
ჩვენ უფლება გვაქვს ვისარგებლოთ მხოლოდ ერთადერთი ტრანსპორტით, პატარა ნავით, რომელიც იოზეფიზრაელსკადესთან დგას. როგორც კი ვთხოვეთ მენავეს, მაშინვე მეორე ნაპირზე გადაგვიყვანა.
რა ჰოლანდიელების ბრალია, ებრაელები რომ ასეთ დღეში ვართ. ნეტავ სკოლაში სიარული არ მჭირდებოდეს! სააღდგომო არდადეგებზე ველოსიპედი მომპარეს, დედაჩემის ველოსიპედი კი მამამ ნაცნობებს მიაბარა შესანახად.
საბედნიეროდ არდადეგები ახლოვდება, კიდევ ერთი კვირაც და აღარაფერი მიჭირს.
გუშინ დილით ისეთი რამ მოხდა, რაც ძალიან მესიამოვნა. როცა იმ ადგილს ჩავუარე, სადაც ჩვეულებრივ ველოსიპედი მედგა, ვიღაცამ დამიძახა. მოვტრიალდი და დავინახე სიმპათიური ყმაწვილი, რომელსაც წინა საღამოს ჩემი სკოლის ამხანაგთან, ევასთან, შევხვდი.
ყმაწვილი ოდნავ დარცხვენილი ჩანდა, თავისი გვარი და სახელი მითხრა: ჰარი გოლდბერგი. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ვერ გამეგო, რა უნდოდა. მალე ყველაფერი გაირკვა. სკოლამდე სურდა გავეცილებინე. "თუ გზა აქეთ გაქვს, წამოდი", ვუპასუხე მე და გვერდით გავყევი.
ჰარი უკვე 16 წლისაა და შესანიშნავად ყვება ათასგვარ ამბებს. ამ დილით ისევ მელოდებოდა, ამიერიდან, ალბათ, ასე გაგრძელდება.
ანა
სამშაბათი, 30 ივნისი, 1942
ძვირფასო კიწი!
დღემდე ვერ მოვიცალე შენთვის, მთელი ხუთშაბათი ნაცნობებთან გავატარე. პარასკევს სტუმრები გვყავდა და ასე გრძელდება აქამდე.
მე და ჰარი ამ ერთ კვირაში დავუახლოვდით ერთმანეთს. მან ბევრი რამ მიამბო თავის თავზე. თურმე მარტო ჩამოსულა ჰოლანდიაში ბებიასთან და ბაბუასთან, მშობლები კი ბელგიაში ჰყავს.
ადრე ჰარი ერთ გოგონასთან, ფანისთან, დადიოდა. მე ვიცნობ ფანის. თვინიერებისა და მოწყენილობის განსახიერებაა. მაგრამ მას შემდეგ რაც მე გამიცნო, ჰარი მიხვდა, რომ ფანის გვერდით ლამის ჩაეძინოს. ეტყობა მე გამოვაცოცხლე. არასოდეს არ იცი, ვის რაში გამოადგები!
შაბათს იოპიმ ჩემთან გაათია ღამე, კვირას კი ლისისთან წავიდა. საშინლად მოწყენილი ვიყავი. საღამოს ჰარი უნდა მოსულიყო. ექვსზე დამირეკა.
− ჰარი გოლდბერგი გახლავართ, თუ შეიძლება სთხოვეთ ანას.
− ანა ვარ, ჰარი.
− საღამო მშვიდობისა, ანა, როგორ ხარ?
− გმადლობთ, კარგად.
− სამწუხაროდ, ამ საღამოს ვერ მოვალ, მაგრამ შენთან სალაპარაკო მაქვს.
შეგიძლია ათ წუთში დაბლა ჩამოხვიდე?
− კარგი, ჩამოვალ.
ტანსაცმელი სწრაფად გამოვიცვალე და თმა გავისწორე. შემდეგ კი ფანჯარასთან ვიდექი და ვღელავდი.
ბოლოს ჰარი მოვიდა: მოხდა საოცარი რამ - კიბე კისრისტეხით არ ჩამირბენია, მშვიდად ვიდექი და ველოდი, როდის დარეკავდა ზარს. ხოლო როცა ზარის ხმა გავიგონე, დაბლა ჩავედი. ჰარი ისე შემოვარდა სახლში, რომ კარის გაღება არც კი მაცალა.
− მომისმინე, ბებიაჩემს მიაჩნია, რომ შენ ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ. მეუბნება, ლურსებთან უნდა იაროო. ეტყობა მიხვდა, რომ ფანისთან ურთიერთობა აღარ მინდა.
− რატომ, განა შენ და ფანიმ იჩხუბეთ?
− არა, პირიქით, მაგრამ ვუთხარი, რომ ერთმანეთისათვის შეუფერებლები ვართ და ხშირად შენთან ყოფნა არ მინდა, ვუთხარი ისიც, რომ შეგიძლია თავისუფლად იარო ჩვენთან სტუმრად და ზოგჯერ მე გესტუმრები-მეთქი.
გარდა ამისა, მე მეგონა, ფანი სხვა ყმაწვილებთანაც მეგობრობს, მაგრამ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და ახლა ბიძაჩემი მეუბნება: ბოდიში მოუხადეო. მე კი არ მინდა, ამიტომ გადავწყვიტე, სულ აღარ შევხვდე.
ბებიაჩემი მაინც მთხოვს ფანისთან ვიარო და არა შენთან, მაგრამ მათთან ლოლიავისათვის არ მცალია. მოხუცებს ზოგჯერ დრომოჭმული შეხედულებები აქვთ.
მართალია, მე დამოკიდებული ვარ ბებიაზე, მაგრამ რამდენადმე ისიც არის დამოკიდებული ჩემზე. ოთხშაბათობით თავისუფალი ვარ, ბებიას და ბაბუას ჰგონიათ, ხელობას ვსწავლობ, მე კი სიონისტთა კრებებზე დავდივარ.
ჩვენ სიონისტები არა ვართ, მაგრამ მაინტერესებდა გამეგო, რას წარმოადგენენ სიონისტები.
ბოლო დროს რაღაც არ მომწონან და აღარც ვივლი მათთან. ასე რომ, შეგვიძლია ოთხშაბათს და შაბათს დღისითაც შევხვდეთ ერთმანეთს და საღამოსაც, კვირას კი ნაშუადღევს, შეიძლება უფრო ხშირადაც.
− მისმინე, ჰარი, თუ შენს ბებიას და ბაბუას ჩვენი შეხვედრა არ სურთ, შენ არ უნდა ეურჩებოდე მათ!
− სიყვარულს წინ ვერავინ აღუდგება! ჩვენ წიგნების მაღაზიას გავცდით და ქუჩის კუთხესთან გავუხვიეთ, იქ დავინახე პეტერ ვესელი ვიღაც ორ ბიჭთან ერთად. არდადეგების შემდეგ არ მენახა და ძალზე გამეხარდა.
მე და ჰარიმ რამდენჯერმე შემოვიარეთ მთელი კვარტალი. ბოლოს შევთანხმდით, ხვალ საღამოს შვიდს რომ ხუთი წუთი დააკლდება, მის სახლთან დაველოდები.
ანა
პარასკევი, 3 ივლისი, 1942
ძვირფასო კიწი!
გუშინ ჩვენთან ჰარი მოვიდა ჩემი მშობლების გასაცნობად. ვიყიდე ტორტი, კექსი და ტკბილეულობა. დავლიეთ ჩაი, მაგრამ მე და ჰარის სახლში ჯდომა მოგვბეზრდა და სასეირნოდ წავედით.
ცხრის ათ წუთზე უკანვე მომაცილა. მამა საშინლად გაჯავრდა, გვიან რომ დავბრუნდით. ებრაელთათვის რვა საათის შემდეგ ძალზე სახიფათოა ქუჩაში სიარული. პირობა მივეცი, რვა საათისათვის მუდამ სახლში ვიქნები-მეთქი.
ხვალ ჰარისთან ვარ დაპატიჟებული. ჩემი მეგობარი იოპი განუწყვეტლივ დამცინის ჰარის გამო.
მე სრულიადაც არა ვარ შეყვარებული. ნუთუ არ შეიძლება მეგობარი გყავდეს. რა არის ცუდი იმაში, რომ მეგობარი, ანუ როგორც დედაჩემი ამბობს, კავალერი გყავდეს.
ევამ მიამბო: ამას წინათ ჰარი ყოფილა მასთან და ევას უკითხავს, ვინ უფრო მოგწონს, ფანი თუ ანაო. მას უპასუხია: ეს შენი საქმე არააო. ამ თემაზე მეტი აღარ უსაუბრიათ, მაგრამ წასვლისას ჰარის უთქვამს: რა თქმა უნდა ანა, მაგრამ ნურავის ეტყვიო და ოთახიდან გავარდნილა.
მე ვამჩნევ, ჰარის თავდავიწყებით ვუყვარვარ და მრავალფეროვნებისათვის მომწონს კიდეც ეს ამბავი. მარგომ თქვა: "კარგი ყმაწვილიაო". მეც ასე მგონია. არა, კარგზე უფრო მეტია.
დედა აღფრთოვანებულია: "მშვენიერი ახალგაზრდაა, სანდომიანი, ზრდილიო!" მიხარია, ჰარი რომ მთელ ოჯახს მოეწონა, მასაც მოსწონს ყველა. მხოლოდ ესაა, რომ ჩემი მეგობარი გოგონები ბავშვებად მიაჩნია და ამაში მართალიცაა.
ანა
კვირა, 5 ივლისი, 1942
ძვირფასო კიწი!
პარასკევს გიმნაზიის წლიური აქტი ჩინებულად ჩატარდა. ჩვენ შემდეგ კლასში გადაგვიყვანეს.
ცუდი ნიშნები არა მაქვს. მხოლოდ ერთი "სუსტი" მირევია. ხუთი მყავს ალგებრაში, ორ სხვა საგანში ექვსიანები, დანარჩენებში შვიდიანები და ბოლოს ორი რვიანი (ჰოლანდიის სკოლებში ათბალიანი სისტემაა. 10 საუკეთესო ნიშანია.)
ჩვენები კმაყოფილნი დარჩნენ. თუმცა ჩემი მშობლები სხვებს არ ჰგვანან. მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ კარგსა და ცუდ ნიშნებს, უპირატესობას "წესიერ" ქცევას, ჯანმრთელობას და კეთილგანწყობილებას ანიჭებენ.
ოღონდ აქ იყოს ყველაფერი რიგზე, დანარჩენი თავისთავად მოვა. მე კი პირიქით, გულით მინდოდა, კარგი მოწაფე ვყოფილიყავი.
მე პირობით მიმიღეს ლიცეუმში, რადგან მონტესორის სკოლის უკანასკნელი კლასი არ დამიმთავრებია. რაკი მოხდა ისე, რომ ყველა ებრაელი მოსწავლე ებრაელთა სკოლებში უნდა გადასულიყო, დირექტორმა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მე და ლისი პირობით მიგვიღო.
არ მინდა იმედი გავუცრუო. ნიშნები ჩემმა დამ, მარგომაც მოიტანა, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე. ჯილდო რომ არსებობდეს, უთუოდ მიიღებდა და შემდეგ კლასში ქების სიგელით გადავიდოდა, ისეთი ჭკუის კოლოფია!
ბოლო დროს მამა ხშირადაა სახლში, კონტორაში ვეღარ დადის. საშინელი გრძნობაა, როცა უეცრად ზედმეტი აღმოჩნდები. "ტრავისი" ჩაიბარა ბატონმა კოოპჰოისმა, ხოლო ბატონმა კრალერმა ფირმა "კოლენი და კომპანია", რომლის თანამონაწილე მამაც იყო.
ამას წინათ, როცა მე და მამა ერთად ვსეირნობდით, "თავშესაფარზე" ჩამომიგდო სიტყვა. მითხრა, რომ ცუდი დღე დაგვადგება, თუ მთელ ქვეყანას მოვწყდებით.
ვკითხე, რატომ ამბობ ამას-მეთქი. - შენ იცი, - მითხრა მან, - რომ აგერ ერთი წელია, რაც ტანსაცმელი, ავეჯი და სურსათსანოვაგე ნაცნობ-მეგობრებთან გადაგვაქვს. არ გვინდა, გერმანელებმა მიითვისონ ჩვენი ქონება და მით უმეტეს არ გვინდა, ჩვენ თვითონ ჩავუვარდეთ მათ ხელში. ამიტომ თავად გავეცლებით, სანამ შეგვიპყრობდნენ.
მამას ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, რომ შემეშინდა.
− როდის?
− ეს ნუ გაწუხებს, შვილო, მოვა დრო და გაიგებ. მანამდე კი ისარგებლე თავისუფლებით.
ეს იყო და ეს. აჰ, ნეტა შორს, ძალზე შორს იყოს ის დღე!
ანა
ოთხშაბათი, 8 ივლისი, 1942
ძვირფასო კიწი!
კვირა დილიდან დღემდე თითქოს წლებმა განვლო. იმდენი რამ მოხდა, თითქოს დედამიწა აყირავდა. მაგრამ, კიწი, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და, როგორც მამა ამბობს, მთავარი სწორედ ესაა. დიახ, მე ჯერ კიდევ ვარსებობ, მაგრამ ნუ მკითხავ, სად და როგორ. დღეს, ალბათ, სრულიად არ გესმის ჩემი. ამიტომ ჯერ იმას მოგიყვები, თუ რა მოხდა კვირის შემდეგ.
სამ საათზე (ის იყო ჰარი წავიდა და მოგვიანებით ისევ უნდა მობრუნებულიყო) ზარი დარეკეს. მე არაფერი გამიგონია, რადგან აივანზე ნებივრად მოვიკალათე შეზლონგზე და წიგნს ვკითხულობდი. უეცრად კარებს შეშინებული მარგო მოადგა. - ანა, მამას გესტაპოდან უწყება მოუვიდა, - მითხრა მან ჩურჩულით, - დედა ბატონ ვან დაანთან გაიქცა.
მე შიშმა ამიტანა. უწყება... ყველამ იცის, რას ნიშნავს უწყების მიღება: საკონცენტრაციო ბანაკს... თვალწინ წარმომიდგა ციხის საკანი - ნუთუ მამა იქ უნდა გავუშვათ! - რა თქმა უნდა, მამა არ წავა, თქვა მარგომ მტკიცედ.
ჩვენ უკვე სასტუმრო ოთახში ვისხედით და დედას ველოდებოდით. დედა ვან დაანებთან წავიდა, უნდა გადაწყვიტონ, გადავალთ თუ არა ხვალ "თავშესაფარში". ჩვენთან ერთად ვან დაანებიც წამოვლენ. სულ შვიდნი ვიქნებით...
ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ლაპარაკს ვერ ვახერხებდით. ვფიქრობდით მამაზე. ის ცუდს არაფერს მოელის, ებრაელთა თავშესაფარშია წასული დავრდომილების სანახავად, რომელთაც მფარველობას უწევს.
ველოდით დედას... სიცხემ და სულიერმა დაძაბულობამ სრულიად დაგვამუნჯა. უეცრად ზარი დარეკეს. "ეს ჰარია", წამოვიძახე მე. "არ გააღო", შემაჩერა მარგომ, მაგრამ შიში ამაო აღმოჩნდა. ჩვენამდე მოაღწია დედისა და ბატონ ვან დაანის ხმამ, რომლებიც ჰარის ელაპარაკებოდნენ. ჰარი მალე წავიდა. დედა და ბატონი ვან დაანი კი სახლში შემოვიდნენ და კარები გადარაზეს.
ზარის ყოველ დარეკვაზე მე და მარგო ჩუმად მივიპარებოდით დაბლა, რომ გვენახა, მამა ხომ არ მოვიდა. გადავწყვიტეთ, სხვა არავინ შემოგვეშვა სახლში. მე და მარგო ოთახიდან გაგვისტუმრეს. ვან დაანს პირისპირ სურდა დედასთან საუბარი.
როდესაც ოთახში მარტო დავრჩით, მარგომ მითხრა, რომ უწყება მას მოუვიდა და არა მამას. მარგო თექვსმეტი წლისაა. ნუთუ ამ ხნის გოგონები მარტო უნდა გაასახლონ?.. საბედნიეროდ, ჩვენ მას არსად გავუშვებთ. ასე თქვა დედამ, მამაც უთუოდ ამას გულისხმობდა, როცა თავშესაფარზე მელაპარაკებოდა.
თავშესაფარი! სადაა ნეტავ? ქალაქში, სოფლად, რომელიმე შენობაში თუ ქოხში, როდის წავალთ, რა გზით, სად? უფლება არა მქონდა ამ კითხვებით მიმემართა ვინმესთვის, მაგრამ გამუდმებით მიღრღნიდა ტვინს.
მე და მარგო შევუდექით სასკოლო ჩანთებში ყველაზე საჭირო ნივთების ჩალაგებას. პირველი, რაც ხელში მომხვდა, ეს სქელყდიანი რვეული იყო. შემდეგ ყველაფერი უწესრიგოდ აირია ერთმანეთში: ბიგუდი, ცხვირსახოცები, სახელმძღვანელოები, სავარცხელი, ძველი წერილები.
ვფიქრობდი, როგორ დავიმალებოდით და, ღმერთმა იცის, რას არ ვყრიდი ჩანთაში. მაგრამ არ ვნანობ, მოგონებები ჩემთვის კაბებზე უფრო ძვირფასია.
ხუთ საათზე, როგორც იქნა, მამა დაბრუნდა. მამამ ბატონ კოოპჰოისს დაურეკა და სთხოვა საღამოს შემოევლო ჩვენთან. ბატონი ვან დაანი მიპის მოსაყვანად წავიდა. მალე მიპი მოვიდა. ფეხსაცმელები, ტანსაცმელი, პალტოები, ცოტა თეთრეული და წინდები ჩემოდანში ჩაალაგა და შეგვპირდა, საღამოს ისევ მოვალო.
სახლში სიჩუმე ჩამოწვა. არც ერთს არ გვშიოდა. ჯერ კიდევ ძალიან ცხელოდა და ყველაფერი მეტად უცნაურად გამოიყურებოდა.
ჩვენს ზემოთ დიდი ოთახი დაქირავებული აქვს ვინმე ბატონ გოუდსმიტს. ცოლთან გაშორებულია. ოცდაათ წელს იქნება მიტანებული. ეტყობა კვირა დღეს საქმე არ ჰქონდა და ათ საათამდე იჯდა ჩვენთან. ვერაფრით ვერ მოვიცილეთ.
თერთმეტ საათზე მიპი და ჰენკ ვან სანტენი მოვიდნენ. მიპი მამის კონტორაში 1933 წლიდან მუშაობს და იგი და მისი ახლადგამოჩეკილი ქმარი, პენკი, ჩვენი ერთგული მეგობრები გახდნენ.
მიპის ჩემოდანში და პენკის ღრმა ჯიბეებში კვლავ გაუჩინარდა ფეხსაცმელები, წინდები, წიგნები და საცვლები. თორმეტის ნახევარზე მძიმედ დატვირთულნი გამოგვეთხოვენ. ისე დავიღალე, რომ არაფრის თავი აღარ მქონდა. თუმცა ვიცოდი, რომ უკანასკნელად ვწვებოდი საკუთარ საწოლში, მაინც იმწამსვე ჩამეძინა.
მეორე დღეს, ექვსის ნახევარზე, დედამ გამაღვიძა. საბედნიეროდ, გუშინდელივით აღარ ცხელოდა. მთელი დღე თბილი წვიმა სცრიდა. ოთხივემ ისე თბილად ჩავიცვით, თითქოს მაცივარში ვაპირებდით ღამის გათევას. მაგრამ ჩვენ რაც შეიძლება მეტი ტანსაცმელი უნდა წაგვეღო თან. ჩვენს მდგომარეობაში ვერავინ გაბედა, მძიმე ჩემოდნებით დატვირთული გამოსულიყო გარეთ.
მეცვა ორი პერანგი, ორი წყვილი წინდა, სამი ქვედა საცვალი, კაბა, ზედ გადაცმული ქვედატანი, ჟაკეტი, საზაფხულო პალტო, ჩემი საუკეთესო ფეხსაცმელი, ბოტები, მეხურა ქუდი, ზევიდან კიდევ შალი და რაღაც-რაღაცები. კინაღამ სახლშივე დავიხრჩვი, მაგრამ ჩემთვის არავის სცალოდა.
მარგომ სასკოლო ჩანთა სახელმძღვანელოებით გატენა, ველოსიპედზე დაჯდა და მიპს ჩემთვის უცნობ შორეულ მხარეში გაჰყვა. მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომელი საიდუმლოებით აღვსილი ადგილი შეგვიკედლებდა...
შვიდის ნახევარზე ჩვენც გამოვიკეტეთ კარი. ერთადერთი, ვისაც გამოვემშვიდობე, ჩემი საყვარელი პატარა კატა მორჰენი იყო. იგი ახალი კარგი პატრონის, ჩვენი მეზობლის, ხელში რჩებოდა.
ბატონ გოუდსმიტს ამასთან დაკავშირებით ბარათი დავუტოვეთ. სამზარეულოში, მაგიდაზე, კატისთვის ერთი გირვანქა ხორცი დავდეთ. ჭურჭელი აულაგებელი დაგვრჩა, საწოლები გაუსწორებელი. ყოველივე ეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თავქუდმოგლეჯილნი გავიქეცით.
ჩვენთვის სულ ერთი იყო, რას იტყოდნენ სხვები. მხოლოდ ის გვინდოდა, დროზე გავცლოდით აქაურობას, მშვიდობიანად მიგვეღწია დანიშნულ ადგილამდე. დანარჩენს ხვალ მოგწერ!
ანა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 1942
ძვირფასო კიწი!
ასე მივრბოდით თავსხმაში მამა, დედა და მე, ხელში თითოეულს პირამდე გატენილი პორტფელი და ხელჩანთა გვეჭირა. ადრიანად სამუშაოზე მიმავალი მუშები თანაგრძნობით გვიყურებდნენ. სახეზე ეტყობოდათ, რომ წუხდნენ და ვებრალებოდით, რადგან ამდენი ტვირთი თავად უნდა გვეზიდა, ტრანსპორტით სარგებლობის უფლება კი არ გვქონდა.
ყველას თვალში ხვდებოდა ყვითელი ვარსკვლავი, რაც საკმარისად მეტყველებდა ჩვენს ბედზე. გზაში მშობლებმა დაწვრილებით მიამბეს, როგორ შეიმუშავეს გაქცევის გეგმა. თვეების მანძილზე საიმედო ადგილას გადაგვქონდა ჩვენი ავეჯი და ტანსაცმლის ნაწილი.
ახლა ყველაფერი მზად იყო და 16 ივლისს თვითონვე ვაპირებდით გაქცევას, მაგრამ უწყება ათი დღით ადრე მოვიდა და უნდა შევრიგებოდით იმ გარემოებას, რომ შენობა ჯერ არ იყო სათანადოდ შეკეთებული.
თავშესაფარი მამის კანტორაშია მოწყობილი. გარეშე პირთათვის ეს ძნელი გასაგებია, ამიტომ უფრო დაწვრილებით აგიხსნი. მამას მოსამსახურეთა მცირერიცხოვანი შტატი ჰყავდა ყოველთვის: ბატონი კრალერი, ბატონი კოოპჰოისი, მიპი და ელი ვოსენი, - ოცდასამი წლის სტენოგრაფისტი.
ჩვენი ადგილსამყოფელი ყველამ იცის. საიდუმლო არ გავანდეთ მხოლოდ ელის მამას, რომელიც საწყობში მუშაობს და მის ორ ხელქვეით მუშას.
სახლის გეგმა ასეთია: პირველ სართულზე დიდი საწყობია, აქვეა საექსპედიციოც. საწყობის კარის გვერდით სახლში შესასვლელი კარია, რომელიც ორმაგია და პატარა კიბემდე მიყავხარ. თუ ამ კიბეს აჰყვები, მიადგები მქრქალმინიან კარს, რომელზედაც ოდესღაც შავი ასოებით ეწერა "კონტორა".
ეს მთავარი კონტორაა, ძალზე დიდი და ძალიან ნათელი, მუდამ ხალხით გაჭედილი. დღისით აქ მუშაობენ მიპი, ელი და ბატონი კოოპჰოისი. გასასვლელი ოთახის გავლით, სადაც დგას სხვადასხვა ზომის კარადები, დიდი ბუფეტი და სეიფი, მოხვდები ნახევრად ბნელ უკანა ოთახში.
აქ ადრე ბატონ კრალერი და ბატონი ვან დაანი ისხდნენ, ახლა კი მხოლოდ კრალერი დარჩა. ამ ოთახში დერეფნიდანაც შეიძლება შემოსვლა მინის კარის მეშვეობით, რომელიც შიგნიდან ადვილად იღება, გარედან კი გაჭირვებით.
კრალერის ოთახიდან დერეფანს გაჰყვები, ოთხსაფეხურიან კიბეს აივლი და საუკეთესო ოთახში აღმოჩნდები. ესაა დირექტორის კაბინეტი მუქი, დიდებული ავეჯით, ნოხებით მოფენილი ლინოლეუმგადაკრული იატაკი, რადიომიმღები, ძვირფასი, მოხდენილი ლამპები, ყველაფერი საუკეთესო ხარისხისა და იშვიათი ნახელავია.
კაბინეტის გვერდით, დიდი ფართო სამზარეულოა, სადაც დგას თბილი წყლის რეზერვუარი - "ტიტანი" - და გაზის ორი ქურა. იქვეა საპირფარეშოც. ასეთია პირველი სართული.
გრძელი გასასვლელიდან ხის კიბით ადიხარ წინა ოთახში, რომელიც დერეფანში გადადის. მარჯვნივ და მარცხნივ კარებია. მარცხენა კარი უერთდება შენობის მთავარ ნაწილს, სადაც საწყობის სათავსოებია, საკუჭნაო, მანსარდა და სხვენი.
მეორე მხრიდან შენობას აქვს კიდევ ერთი გრძელი, მეტისმეტად ციცაბო, ნამდვილი ჰოლანდიური კისრისმოსატეხი კიბე, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს გამავალი კარისკენ გაგიყვანს.
მარჯვენა კარი ჩვენი თავშესაფრისაა. არავის მოუვა აზრად, რომ ამ უბრალო, ნაცრისფრად შეღებილი კარის უკან ამდენი ოთახია განლაგებული.
ერთ საფეხურს აივლი და მაშინვე თავშესაფარში აღმოჩნდები. ამ შესასვლელის პირდაპირ ციცაბო კიბეა. მარცხნივ მომცრო დერეფნით შედიხარ იმ ოთახში, რომელიც ფრანკების ოჯახის სასადილო და საწოლი იქნება.
გვერდით კიდევაა ერთი, შედარებით პატარა ოთახი. ფრანკების ორი ნორჩი მანდილოსნის საწოლი და სამუშაო ოთახი. კიბიდან მხარმარჯვნივ უფანჯრო ოთახია, სადაც მოწყობილია პირსაბანი და ცალკე გამოყოფილი საპირფარეშო.
ამ ოთახსა და მე და მარგოს საწოლს შორის კარია დატანებული. როცა კიბეს ზევით აჰყვები და კარს გააღებ, გაკვირვებს ის ამბავი, რომ ამ ძველი სახლის უკანა ნაწილში ასეთ დიდ, ლამაზ და ნათელ ოთახს წააწყდი.
ამ ოთახში დგას გაზის ქურა და ჭურჭლის სარეცხი მაგიდა (ჩვენს გადმოსახლებამდე აქ ფირმის ლაბორატორია იყო). ახლა აქ იქნება სამზარეულო, სასადილო და ვან დაანების კაბინეტი და საწოლი ოთახი.
პაწია, გასასვლელ ოთახს პეტერ ვან დაანი დაეუფლება. როგორც სახლის წინა ნაწილში, აქაცაა სხვენი და მანსარდა.
აი, უკვე გაგაცანი მთელი ჩვენი თავშესაფარი.
ანა
პარასკევი, 10 ივლისი, 1942
ძვირფასო კიწი!
იქნებ საშინლად მოგაბეზრე თავი ჩვენი თავშესაფრის გაუთავებელი აღწერით, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, სად გამომრიყა ტალღამ! და რადგანაც ჯერ ყველაფერი არ მიამბნია, განვაგრძობ.
მივაღწიეთ თუ არა პრინსენგრახტამდე, მიპმა მაშინვე აგვიყვანა ზევით, თავშესაფარში, კარი მოგვიკეტა და მარტონი დავრჩით. მარგო ველოსიპედით გაცილებით ადრე მოსულიყო და უკვე გველოდებოდა.
არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ოთახებიც ძველმანებით მოვაჭრის საკუჭნაოს გავდა. შეუძლებელია ამის აღწერა! მთელი მუყაოს ყუთები და ჩემოდნები, რომლებიც თვეების განმავლობაში აქ გადმოჰქონდათ, უწესრიგოდ ეყარა ირგვლივ. პატარა ოთახი ჭერამდე აევსოთ საწოლებით და ქვეშაგებლით.
თუ საღამოს წესიერად გაწყობილ საწოლებში ვაპირებდით ძილს, ახლავე უნდა შევდგომოდით დალაგებას.
დედას და მარგოს არაფრის თავი არ ჰქონდათ. გუნებამოწამლულნი იყვნენ და ლეიბებზე მიწვნენ. მე და მამაჩემი, ჩვენი ოჯახის ორი "დამლაგებელი" მაშინვე შევუდექით საქმეს. ბარგი გავხსენით, მივალაგ-მოვალაგეთ, ვფერთხეთ, ვწმინდეთ, ვრეცხეთ და საღამოს საშინლად დაღლილები მკვდრებივით დავეყარეთ სუფთა საწოლებზე.
მთელი დღის განმავლობაში ცხელი საჭმელი არ ჩაგვსვლია პირში. თუმცა ეს არც იყო საჭირო. დედას და მარგოს ზედმეტი ნერვულობისაგან ჭამა არ შეეძლოთ, მე და მამას კი ამისთვის არ გვეცალა.
სამშაბათს დილიდან კვლავ საქმეს მოვკიდეთ ხელი. ელიმ და მიპმა ჩვენი სასურსათო ბარათებით რაღაცა გვიყიდეს, მამამ შუქშენიღბვა მოაგვარა, ბოლოს ჯაგრისით მოვრეცხეთ სამზარეულოში იატაკი, ერთი სიტყვით, ყველანი დილიდან საღამომდე ვმუშაობდით.
ოთხშაბათამდე სრულიად არ მქონდა დრო მეფიქრა იმ დიდ გარდატეხაზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. თავშესაფარში მოსვლის დროიდან მხოლოდ ოთხშაბათს ვცადე პირველად გავრკვეულიყავი მთელ ამ ამბავში, მეამბნა შენთვის ყველაფერი, რაც შეგვემთხვა და რაც შეიძლება შეგვემთხვას ამიერიდან.
ანა
შაბათი, 11 ივლისი, 1942
ძვირფასო კიწი!
მამა, დედა და მარგო ვერაფრით ვერ შეეჩვივნენ ვესტერტურმის ზარის რეკვას, რომელიც ყოველ მეოთხედ საათში გაისმის. მე კი შევეჩვიე და მომწონს კიდეც, განსაკუთრებით ღამღამობით როგორღაც მამშვიდებს.
ალბათ, ძალიან გინდა იცოდე, როგორ მომწონს ჩვენი თავშესაფარი. მართალი რომ გითხრა, ჯერ თავადაც არ ვიცი, ასე მგონია, აქ ვერასოდეს ვერ ვიგრძნობ თავს ისე, როგორც სახლში.
ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ აქაურობა შემზარავი და უღიმღამოა. ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაღაც საოცარ პანსიონში აღმოვჩნდი. თავშესაფრის ასეთი აღქმა უცნაურია, არა, შენ რას იტყვი? თუმცა სახლის ის ნაწილი, სადაც ჩვენ ვიმალებით, იდეალური თავშესაფარია, რა ვუყოთ, რომ ნესტიანი და ცოტა მიბრეცილ-მობრეცილია.
ასეთ მოხერხებულ სამალავს ვერც ამსტერდამში იპოვი და ალბათ ვერც მთელ ჰოლანდიაში. აქამდე ჩვენი ოთახის კედლები სრულიად შიშველი იყო. საბედნიეროდ, მამას მთელი ჩემი კინოვარსკვლავებისა და პეიზაჟების კოლექცია წამოეღო და ფუნჯისა და წებოს დახმარებით კედლები ავაჭრელე. ახლა ჩვენი ოთახი თვალს ახარებს.
როცა ვან დაანები მოვლენ, სხვენზე დაწყობილი ფიცრებისაგან განჯინებსა და სხვა საჭირო ნივთებს გავაკეთებთ.
მარგო და დედა თავს უკეთ გრძნობენ. გუშინ დედამ პირველად გადაწყვიტა, მუხუდოსაგან წვნიანი მოემზადებინა. მაგრამ ქვევით ჩავიდა, ლაპარაკს შეჰყვა და სადილი სრულიად გადაავიწყდა. წვენი ამოშრა, მუხუდო დანახშირდა, ვერაფრით ვერ ამოვფხიკეთ ქვაბიდან. მწყინს, რომ ჩვენს მასწავლებელს, კეპლერს, ამ ამბავს ვერ ვუამბობ... მემკვიდრეობის თეორია!
გუშინ საღამოს ყველანი კაბინეტში ჩავედით. გვინდოდა ინგლისის რადიოგადაცემა მოგვესმინა. მე საშინელმა შიშმა ამიტანა, მეგონა რომელიმე მეზობელი შეგვამჩნევდა და ვემუდარებოდი მამას, ისევ ზევით ავსულიყავით.
დედა მიმიხვდა და ისიც გამოგვყვა. საერთოდ, ყველას გვაწუხებს ის ამბავი, რომ შეიძლება ვინმემ დაგვინახოს ან ჩვენ საუბარს მოჰკრას ყური.
პირველ დღესვე შევკერეთ ფარდები. სინამდვილეში ეს მხოლოდ სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნაკუწებია, რომლებიც მე და მამამ შევაკოწიწეთ. ჩვენი იშვიათი ნახელავი კნოპებით ფანჯრების ჩარჩოებზე დავამაგრეთ და, სანამ აქ ვიქნებით, არ ჩამოვხსნით.
ჩვენი სახლის გვერდით დიდი კონტორაა. მარცხნივ ავეჯის სახელოსნო. ამ შენობაში სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ აღარავინ რჩება, მაგრამ ხომ შეიძლება ხმა გავიდეს. მარგოს, რომელიც საშინლად გაციებულია, ღამე დახველება ავუკრძალეთ. საბრალომ დაუსრულებლად კოდეინი უნდა ყლაპოს.
მახარებს ის ამბავი, რომ სამშაბათს ვან დაანები გადმოვლენ. უფრო მყუდროდ ვიქნებით, აღარც ასეთი სიჩუმე იქნება. სიჩუმე ძალზე მანერვიულებს, განსაკუთრებით საღამოობით და ღამით.
რას არ მივცემდი, ერთ-ერთი ჩვენი მფარველი რომ ჩვენთან ათევდეს ღამეს. ვერ შევჩვევივარ იმ ამბავს, რომ სრულიად არ შეგვიძლია ქუჩაში გასვლა, მეშინია. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს აღმოგვაჩენენ და დაგვხვრეტენ.
ამგვარი ფიქრები გულს მიღრღნის. დღისითაც ძალიან ჩუმად უნდა ვიყოთ. არ შეიძლება ბაკუნით სიარული და ჩვენი ხმა რომ დაბლა, საწყობში არ გაიგონონ, თითქმის ჩურჩულით გვიხდება ლაპარაკი. ვიღაც მეძახის!
ანა
პარასკევი, 14 აგვისტო, 1942
ძვირფასო კიწი!
ერთი თვეა, ხმა არ გამიცია შენთვის, მაგრამ რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი ყოველდღე არ ხდება. ცამეტ ივლისს ვან დაანები გადმოვიდნენ. თუმცა პირობის თანახმად თოთხმეტში ველოდით, მაგრამ გერმანელები იმ დღეებში სულ უფრო და უფრო მეტ ებრაელებს იძახებდნენ.
საერთოდ, დიდი არეულობაა. ამიტომ საბედისწერო დაგვიანებას ამჯობინეს ერთი დღით ადრე გადმოსულიყვნენ. დილით, ათის ნახევარზე, როცა, ჩვენ ჯერ კიდევ ვსაუზმობდით, პეტერ ვან დაანი მოგვადგა. 16 წლის ყმაწვილია, საკმაოდ მოსაწყენი და მორცხვი, რომლის მეზობლობისაგან ბევრს არაფერს ველი.
ნახევარი საათის შემდეგ გამოცხადდნენ ცოლ-ქმარი ვან დაანები: ცოლმა საქუდე ყუთით ღამის ქოთანი მოიტანა, რამაც საერთო მხიარულება გამოიწვია. "არ შემიძლია ამ ჭურჭლის გარეშე არსებობა", განაცხადა მან და საჭირო საგანი მაშინვე საწოლის ქვეშ მოათავსა.
მართალია, ქმარს ღამის ქოთანი არ მოუტანია, მაგრამ იღლიაში დასაკეცი მაგიდა ჰქონდა ამოჩრილი. პირველ დღეს ყველანი ერთად ვისხედით მყუდროდ, სამი დღის შემდეგ კი ისეთი გრძნობა გვქონდა, თითქოს მუდამ ერთ დიდ ოჯახად გვეცხოვროს.
თავისთავად ცხადია, იმ ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც ვან დაანებმა ადამიანებს შორის გაატარეს, ბევრი რამ განიცადეს და ყველაფერი გვიამბეს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა ჩვენი ბინისა და ბატონ გოუდსმიტის ამბავი.
ბატონმა ვან დაანმა გვიამბო: - ორშაბათს, დილის ცხრა საათზე, გოუდსმიტმა დამირეკა და მთხოვა შემევლო მასთან. მაჩვენა ბარათი, რომელიც თქვენ დაუტოვეთ (წერდით, ვისთვის მიეცა კატა).
გოუდსმიტს ძალზე ეშინოდა სახლის გაჩხრეკის, ამიტომ მაგიდა ავალაგეთ და იქაურობა ოდნავ მოვასუფთავეთ. უეცრად ფრაუ ფრანკის საწერი მაგიდის კალენდრის ფურცელზე რაღაც წარწერას მოვკარი თვალი. მაასტრიხტის მისამართი აღმოჩნდა.
მე იმწამსვე მივხვდი, რომ ეს შეგნებული "დაუდევრობაა", მაგრამ გაკვირვებული სახე მივიღე და შეშინებული ვემუდარებოდი ბატონ გოუდსმიტს საბედისწერო კალენდრის ფურცელი დაეწვა. სანამ იქ ვიყავი, მხოლოდ იმას ვუჩიჩინებდი, რომ არავითარი წარმოდგენა არ მქონდა თქვენს განზრახვაზე.
და უეცრად, თითქოს ეს-ესაა მოვისაზრე, რაშია საქმე, ვეუბნები: "ბატონო გოუდსმიტ, მივხვდი, ვისიცაა ეს მისამართი. დაახლოებით ნახევარი წლის წინათ ჩვენთან კონტორაში შემოვიდა გავლენიანი გერმანელი ოფიცერი, რომელიც ბატონი ფრანკის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა.
დაპირდა, თუ აქ შენთვის სახიფათო მდგომარეობა შეიქმნება, დაგეხმარებიო. ამ ოფიცრის სამხედრო ნაწილი მაასტრიხტში იდგა. შეიძლება დაპირება შეასრულა და ფრანკების ოჯახი ბელგიაში გადაიყვანა, იქიდან კი მათ ნათესავებთან შვეიცარიაში.
ეს ამბავი შეგიძლიათ გაანდოთ ფრანკების ყველა კარგ ნაცნობს, თუ მათ მოიკითხავენ, ოღონდ გთხოვთ, მაასტრიხტს ნუ ახსენებთ".
მე მალე წამოვედი. ახლა ეს ამბავი თქვენი ნაცნობების უმრავლესობამ იცის. ამ ვერსიამ ჩემამდეც ბევრჯერ მოაღწია სხვადასხვანაირად.
ვან დაანების ნაამბობმა აღტაცებაში მოგვიყვანა, გულიანად ვიცინეთ, რას არ წარმოიდგენს ხალხი. თურმე ერთი ოჯახი ამტკიცებდა, თითქოს დაგვინახა, როგორ მივქროდით დილაადრიან ყველანი ველოსიპედებით.
ხოლო ვიღაც ქალბატონი იმასაც კი ყვებოდა, თითქოს შუაღამით სამხედრო მანქანამ წაგვიყვანა.
ანა
პარასკევი, 21 აგვისტო, 1942
ძვირფასო კიწი!
ჩვენი თავშესაფარი ნამდვილ სამალავად იქცა. ბატონ კრალერს ბრწყინვალე აზრი დაებადა, ამოგვექოლა კარი, რომელიც ჩვენი სახლის უკანა ნაწილში გამოდის და წინიდან რამე მიგვეშენებინა.
ამ ბოლო დროს ველოსიპედებს ეძებენ და ხშირად ჩხრეკენ სახლებს. გეგმა ბატონმა ვოსენმა განახორციელა: გააკეთა მოძრავი თარო, რომელიც ერთ მხარეს კარივით იღება. ცხადია, ამის გამო მისთვისაც უნდა გაგვენდო საიდუმლო და ახლა მზადაა, ყველაფერში დაგვეხმაროს.
როცა ქვევით ჩადიხარ, ჯერ უნდა დაიხარო და მერე გადახტე, რადგან საფეხური მოხსნილია.
სამი დღის შემდეგ ყველას საშინელი კოპები გვაჯდა შუბლზე. დახრა გვავიწყდებოდა და შუბლით დაბალ კარს ვეხეთქებოდით. ბოლოს კარის თავზე ბურბუშელით გატენილი ბალიში მივაჭედეთ. ვნახოთ, რა სამსახურს გაგვიწევს.
ცოტას ვკითხულობ, ჯერჯერობით ისიც კი გადამავიწყდა, რაც სკოლაში მასწავლეს.
ცხოვრება აქ ერთფეროვანია. ბატონი ვან დაანი და მე ხშირად ვჩხუბობთ. მისი აზრით, მარგო ჩემზე უფრო სანდომიანია.
დედა ისე მექცევა, როგორც პატარა ბავშვს, მე კი ამას ვერ ვიტან.
არც პეტერი უქნია ღმერთს. ბაიყუშია, მთელი დღე უსაქმურად გორავს საწოლზე, ჩხირკედელაობს, ხანდახან რაღაცას თლის და მერე ისევ თვლემს. ნამდვილი ძილის გუდაა!
ამინდები თბილია და სხვენზე გატანილ შეზლონგებზე ვნებივრობთ.
ანა
ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
ბატონმა და ქალბატონმა ვან დაანებმა საშინლად იჩხუბეს. ასეთი რამ ჯერ არ მინახავს ცხოვრებაში. დედა და მამა არაფრის გულისთვის არ შეუყვირებდნენ ასე ერთმანეთს.
ჩხუბის საბაბი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. თუმცა ყველას ერთნაირი ხასიათი როდი აქვს.
პეტერისთვის ორ ცეცხლს შუა დგომა საშინელებაა, მაგრამ მას ანგარიშს არავინ უწევს, რადგან ზარმაცი და ზლოზნიაა.
გუშინ ენა მთლიანად გაულურჯდა, საშინლად აღელდა, მაგრამ სილურჯემ მალე გაუარა. დღეს კი ყელზე სქელი შალი შემოუხვევია და ამბობს, ჭვლები მაქვს, ფილტვები, გული და თირკმელები მტკივაო.
რას არ მოიგონებს ეს ბიჭი, ნამდვილი იპოხონდრიკია (მგონი, ამას ასე ჰქვია, არა?). ქალბატონ ვან დაანს ვერც დედა ეწყობა მაინცდამაინც: საამისოდ უამრავი მიზეზი აქვს. თუნდაც ერთი მაგალითი: თეთრეულის საერთო კარადაში ქალბატონმა ვან დაანმა მხოლოდ სამი ზეწარი ჩადო ყოვლად კეთილშობილური განზრახვით, რომ ჩვენი თეთრეული ეხმარა და საკუთარს გაფრთხილებოდა.
ერთობ გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ დედამ მის კარგ მაგალითს მიბაძა. ქალბატონი განუწყვეტლივ ჯავრობს იმის გამო, რომ მის ჭურჭელს ვხმარობთ და არა ჩვენსას, სულ იმის ცდაშია, ჩვენს ფაიფურს მიაგნოს და წარმოდგენა არა აქვს, რა ახლოს ზის მასთან!
სერვიზი სხვენზე შევინახეთ სხვადასხვა რეკლამების ქვეშ. და სანამ აქ ვიქნებით, ისიც იქ იდება. ძალზე მარცხიანი ხელი მაქვს. გუშინ მათლაფა გამივარდა. გაცოფებულმა ქალბატონმა იყვირა: "ო, ფრთხილად! მეტი არაფერი გამაჩნია!" მაგრამ ბატონი ვან დაანი რატომღაც მელაქუცება.
ამ დილით დედა ჭკუას დიდხანს მარიგებდა. ამას ვერ ვიტან. ჩვენი შეხედულებები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან. მამა სულ სხვანაირია, ჩემი ესმის, მაშინაც კი, როცა ხუთიოდე წუთით გამიბრაზდება.
წინა კვირას ერთი ამბავი მოხდა. საბაბი ქალებზე დაწერილი წიგნი... და პეტერი იყო. საჭიროა იცოდე, კიწი, რომ მარგოს და პეტერს უფლება აქვთ წაიკითხონ ყველა წიგნი, რომელიც ბატონ კოოპჰოისს ბიბლიოთეკიდან მოაქვს, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის უფლება არც ერთს არ მისცეს.
ცხადია, პეტერს ცნობისმოყვარეობა აღეძრა, ალბათ, ფიქრობდა, რა უნდა ეწეროს წიგნში, რომლის წაკითხვასაც უკრძალავდნენ. წიგნი ჩუმად მოპარა დედამისს და ნადავლითურთ სხვენზე დაიმალა.
ორ დღეს სიმშვიდე სუფევდა. დედამისმა ყველაფერი გაიგო, მაგრამ არ გასცა. უეცრად საქმეში მამამისი ჩაერია. გაბრაზდა, პეტერს წიგნი წაართვა და ამით საკითხი ამოწურულად ჩათვალა. მაგრამ მან ვერ განსაზღვრა, თუ როგორმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო მისი ვაჟი.
პეტერის აზრით, მამის ენერგიული მოქმედება სრულიად არ ნიშნავდა იმას, რომ საკუთარ განზრახვაზე ხელი აეღო. დაიწყო ფიქრი, თუ როგორ ჩაეგდო კვლავ ხელში "იდუმალებით სავსე" წიგნი. ქალბატონმა ვან დაანმა დედაჩემს რჩევა ჰკითხა. დედამ უთხრა, ეს წიგნი მარგოსთვისაც შეუფერებელია, თუმცა სხვა წიგნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო.
− ქალბატონო ვან დაან, მარგოსა და პეტერს შორის დიდი განსხვავებაა, - განაგრძო დედამ, - ჯერ ერთი, გოგონები მეტწილად ბიჭებზე უფრო ადრე მწიფდებიან, მეორეც, მარგო ძალიან ბევრს კითხულობს და იცნობს ღრმა, სერიოზულ ნაწარმოებებს, ხოლო მესამე, მარგო პეტერზე უფრო განათლებული და გონებაგახსნილია. მარგომ თითქმის დაამთავრა ლიცეუმი.
პრინციპში ქალბატონი ვან დაანი დაეთანხმა დედას, მაგრამ მაინც განაცხადა, რომ არაფერი საჭიროა, ახალგაზრდებს იგივე წიგნები მივცეთ, რომელთაც უფროსები კითხულობენო.
წიგნის ხელში ჩასაგდებად პეტერი მხოლოდ ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა. მეორე საღამოს, როცა მთელი ოჯახი დირექტორის კაბინეტში იჯდა და რადიოგადაცემას უსმენდა, პეტერმა წიგნი მოიპარა და სხვენზე აძვრა, ცხრის ნახევარზე დაბლა უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ კითხვამ ისე გაიტაცა, რომ დრო გადაავიწყდა, და სხვენიდან იმ დროს ჩამოძვრა, როცა მამამისი ოთახში შევიდა.
შეგიძლია წარმოიდგინო, რა ამბავი ატყდა... მოგვესმა გამაყრუებელი სილის ლაწანი, ხელის კვრა, წიგნი მაგიდისაკენ მოისროლეს, პეტერი კი, ალბათ, ოთახის კუთხისაკენ.
ცოლ-ქმარი მარტო გამოვიდა სავახშმოდ. პეტერი არავის მოჰგონებია, უვახშმოდ დატოვეს, მშიერი უნდა დაწოლილიყო. გადავედით დღის წესრიგზე, ე. ი. შევუდექით ვახშმობას.
უეცრად მოისმა ყურთასმენის წამღები სტვენა. გავქვავდით, გაფითრებულნი შევყურებდით ერთმანეთს, დანა-ჩანგალი ხელიდან გაგვივარდა. მაგრამ ამ დროს ღუმლის მილიდან მოგვესმა პეტერის ხმა:
– ტყუილად გგონიათ, რომ დაბლა ჩამოვალ.
ბატონი ვან დაანი წამოვარდა და ჭარხალივით გაწითლებულმა იყვირა:
− არა, ეს უკვე მეტისმეტია!
მამა ბატონ ვან დაანს ხელებში სწვდა, ეშინოდა პეტერს ცუდი არაფერი დამართოსო და ზევით ერთად ავიდნენ. გაშმაგებული წინააღმდეგობისა და საშინელი ხმაურის შემდეგ პეტერი ძირს ჩამოიყვანეს და თავის ოთახში ჩაკეტეს.
გულკეთილ დედიკოს სურდა შვილისათვის ბუტერბროდი გადაენახა, მაგრამ მამამისი ულმობელი აღმოჩნდა. - თუ ახლავე ბოდიშს არ მოიხდის, სხვენზე დაიძინოს!
ჩვენ ყველამ პროტესტი განვაცხადეთ და ვამტკიცებდით, რომ უვახშმოდ დატოვება საკმარისი სასჯელია. სხვენზე შეიძლება გაცივდეს, ხოლო აქ ექიმსაც კი ვერ მოვიწვევთ.
პეტერმა ბოდიშის მოხდა არ ინდომა და სხვენზე ავიდა. ბატონ ვან დაანს თავი ისე ეჭირა, თითქოს შვილის დარდი არ ჰქონდა, მაგრამ მეორე დილით დარწმუნდა, რომ მის ვაჟიშვილს საკუთარ საწოლში ეძინა.
შვიდ საათზე პეტერი ისევ სხვენზე ავიდა. მამამისმა ხანგრძლივი შეგონების შემდეგ, როგორც იქნა, დაიყოლია, ძირს ჩამოსულიყო.
სამი დღის განმავლობაში ყველა მოღუშული დადიოდა და ჯიუტად დუმდა. შემდეგ ყველაფერი ძველებურად წარიმართა.
ანა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
დღეს ყოველდღიურ წვრილმანებზე მინდა გიამბო. ქალბატონი ვან დაანი აუტანელია. ყოველ წუთს მთათხავს იმის გამო, რომ ბევრს ვლაპარაკობ. რაღაცას მოიგონებს და სიცოცხლეს გვიმწარებს.
ხან იტყვის ჭურჭელს აღარ გავრეცხავო და თუ მაინც გარეცხა, ქვაბის ძირზე დარჩენილ საჭმელს ჩვენსავით მინის თეფშზე კი არ ამოიღებს, არამედ შიგ ტოვებს, აფუჭებს.
ამის გამო მარგოს ორჯერ მეტი ჭურჭლის გარეცხვა უხდება და ამ დროს ეს ქალბატონი ეუბნება:
ჩემო მარგო, შენ მართლაც ბევრი საქმე გაქვს. მე და მამამ შესანიშნავი თავშესაქცევი მოვნახეთ. ვადგენთ ჩვენი ოჯახის გენეალოგიას და დროდადრო ყოველ წინაპარზე რაღაცას მიამბობს. მე მათთან ერთგვარ კავშირს ვგრძნობ. ყოველ ორ კვირაში ბატონ კოოპჰოისს მოაქვს გოგონებისათვის განკუთვნილი რამდენიმე წიგნი.
აღტაცებული ვარ "იოპ-ტერ-ჰეულის" სერიით, ამასთან ერთად ძალიან მომწონს ცისი ფონ მაკსფელდის ნაწარმოებებიც "მხიარული ზაფხული" რამდენჯერმე წავიკითხე და ახლაც ვიცინი, როცა სასაცილო ადგილებს ვაწყდები.
კვლავ შევუდექით სწავლას. ყოველდღე ხუთ უწესო ზმნას ვიზეპირებ და საღამოთი მონდომებით ვსწავლობ ფრანგულს.
პეტერი ინგლისურს ჩასჩიჩინებს და ხვნეშის. მივიღეთ ახალი სახელმძღვანელოები; რვეულების, ფანქრების, წარწერების, საშლელებისა და ამდაგვარის მარაგი სახლიდან გამოგვყვა.
ხშირად ვისმენ "ორანეს" გადმოცემას. ახლახან ლაპარაკობდა პრინცი ბერნჰარდი და გამოგვიცხადა, რომ იანვარში ისევ ელოდებიან მემკვიდრეს. ყველას უკვირს, რატომ მიყვარს ასე ჰოლანდიის სამეფო ოჯახი.
რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და ამიტომ გაორკეცებული გულმოდგინებით შევუდექი ზუთხვას. აბა რა სახალისოა მომავალში ყველაფრის თავიდან დაწყება.
აღინიშნა ისიც, რომ ამ ბოლო დროს ხეირიანი არაფერი წამიკითხავს. დედა ახლა კითხულობს წიგნს, რომლის სათაურია "ბატონები, ქალბატონები და მოსამსახურეები". ამ წიგნის წაკითხვა ჩემთვის არ შეიძლება. ჯერ ისეთივე განათლებული უნდა გავხდე, როგორიც ჩემი ჭკვიანი, ნიჭიერი დაა
ვისაუბრეთ აგრეთვე ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაზე (რომ ვიცოდე, როგორ იწერება ეს ძნელი სიტყვები, ლექსიკონში ჩავიხედე), რაზედაც ჯერჯერობით არავითარი წარმოდგენა არ მაქვს. იმედია, მომავალ წელს ცოტათი მაინც შევავსებ ამ ხარვეზს!
ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ ზამთრისათვის მხოლოდ ერთი გრძელსახელოიანი კაბა და სამი შალის ჟაკეტი მაქვს. მამამ ნება დამრთო ცხვრის თეთრი მატყლისაგან პულოვერი მომექსოვა. მატყლი თუმცა უხეიროა, მაგრამ თბილია.
ჩვენ უამრავი ტანსაცმელი გვაქვს გაბარებული ნაცნობებთან, მაგრამ მისი წამოღება მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ შეიძლება და ისიც თუ რაიმე გადარჩება. სწორედ იმ დროს, როცა ქალბატონ ვან დაანზე რაღაცას ვწერდი, იგი ოთახში შემოვიდა. დღიური, რა თქმა უნდა, მაშინვე დავხურე.
− ოჰ, ანა, წამაკითხე თუ შეიძლება!
− არა, ქალბატონო ვან დაან, არ შეიძლება!
− თუნდაც უკანასკნელი გვერდი?
− არა, არც უკანასკნელი!
ძალიან შემეშინდა, სწორედ ამ გვერდზე ეწერა არცთუ ისე სასიამოვნო რამ ქალბატონ ვან დაანზე.
ანა
პარასკევი, 25 სექტემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
გუშინ ისევ ავედი ზევით, "ვესტუმრე" ვან დაანებს, წავიჭორავეთ. ზოგჯერ მათთან ყოფნა სასიამოვნოა. მივირთვით "ნაფტალინის კექსი" (კექსიანი კოლოფი იდო ტანსაცმლის კარადაში, სადაც ბლომად ეყარა ნაფტალინი) და ლიმონათი დავაყოლეთ.
ვლაპარაკობდით პეტერზე. ვთქვი, რომ ხშირად თავს მაბეზრებს, მე კი ეს არ მომწონს, რადგან ვერ ვიტან ბიჭებს, რომლებიც "ხელებს აფათურებენ". მათ, როგორც მშობლებს სჩვევიათ, მკითხეს: ხომ არ ვისურვებდი უფრო მეტად დავახლოებოდი პეტერს, რადგანაც აშკარად ძალიან მოვწონვარ.
"როგორ არა", გავიფიქრე მე, მაგრამ ვთქვი: "ო, არა". პეტერი მორცხვი და მოუქნელია, როგორც ყველა ბიჭი, რომელსაც ნაკლებად უვლია გოგოებთან.
ჩვენი სამალავის "იატაკქვეშა კომიტეტი" ძალზე მოხერხებული აღმოჩნდა. ყური დამიგდე, აი რა გამოიგონეს ამ ვაჟბატონებმა! ძალიან უნდათ, ბატონმა ვან დიიკმა, "ტრავისის" ფირმის მთავარმა წარმომადგენელმა და ჩვენმა კარგმა ნაცნობმა,
რომელსაც ბევრი რამ მივაბარეთ, მიიღოს ჩვენგან რაიმე ცნობა. ამ მიზნით ზიუივშფლანდერნის ერთ მეაფთიაქეს მისწერეს წერილი, სადაც რაღაცას ეკითხებოდნენ.
პასუხისათვის წერილში ჩადეს კონვერტი, რომელსაც მამამ საკუთარი ხელით დააწერა ჩვენი ფირმის მისამართი.
როცა ეს წერილი უკან მოვა, მეაფთიაქის პასუხს ამოიღებენ და მის მაგივრად მამა თავის წერილს ჩადებს.
ასე გაიგებს ვან დიიკი, რომ მამა ცოცხალია. არჩევანი შეაჩერეს ზეელანდზე. რომელიც ბელგიის საზღვართან მდებარეობს და ამიტომ იქ ადვილად შეიძლება წერილის კონტრაბანდით გაგზავნა.
ანა
კვირა, 27 სექტემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
დედასთან უსიამოვნება მომივიდა და ეს უკვე მერამდენედ ამ ბოლო დროს! ჩვენ ხშირად არ გვესმის ერთმანეთის, ვერც მარგოსთან ვახერხებ საერთო ენის გამონახვას.
ჩვენს ოჯახში, რა თქმა უნდა, არასოდეს არ გაიმართება ისეთი სცენები, როგორც ზევით, მაგრამ მე არც ჩვენი ურთიერთობა მომწონს.
მე სულ სხვა ხასიათი მაქვს, ვიდრე დედას და მარგოს. ზოგჯერ უკეთ მესმის ჩემი მეგობარი გოგონების, ვიდრე საკუთარი დედის.
ო, რარიგად მწყინს! ქალბატონი ვან დაანი კვლავ უცნაურად იქცევა. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გადამალოს და ჩაკეტოს იმ ნივთებიდან, რაც ოჯახს სჭირდება. კარგი იქნება, დედაც რომ ასევე მოიქცეს!..
ეტყობა, ზოგიერთ მშობლებს განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრის არა მარტო საკუთარი შვილების აღზრდა, არამედ ნაცნობებისაც. სწორედ ასეთები არიან ვან დაანები.
მარგოს აღზრდა არ სჭირდება. იგი სიყვარულის, სიკეთისა და გონიერების განსახიერებაა. მაგრამ ის, რაც მას ჭარბად აქვს, მე ძალზე მაკლია.
ჩემთვის არაერთხელ მოუციათ შენიშვნები სუფრასთან, მე კი თავს ვერ ვიკავებ უკმეხი და გამომწვევი პასუხებისაგან.
მამა და დედა მუდამ ჩემს მხარეზეა, არ ვიცი, რა მეშველებოდა უიმათოდ! "ზემოურები" ძალიან ხშირად მისაყვედურებენ, ბევრს ლაპარაკობ, ყველაფერში ერევი, თავმდაბლობა გაკლიაო, მაგრამ მე მაინც ძველ შეცდომებს ვიმეორებ.
მამა რომ ასე მომთმენი არ იყოს, მე ალბათ დიდი ხანია დავკარგავდი გამოსწორების იმედს. თუმცა ის, რასაც ჩემგან ჩემი მშობლები მოითხოვენ, ძნელი განსახორციელებელი არაა.
ბოსტნეული არ მიყვარს. თუ ბევრ კარტოფილს და ცოტა ბოსტნეულს გადმოვიღებ, ვან დაანები, ამას "განებივრებას" აწერენ და საშინლად ჯავრობენ.
− ცოტა კიდევ დაიმატე ბოსტნეული, - მეუბნება იმ წამსვე ქალბატონი ვან დაანი.
− არა, გმადლობთ, მე მარტო კარტოფილი მინდა.
− ბოსტნეული ძალიან მარგებელია, ხომ ხედავ დედაშენიც ამასვე ამბობს, გადაიღე კიდევ! - დაჟინებით მოითხოვს იგი და ასე გრძელდება მანამდე, სანამ მამა არ ჩაერევა.
− ჩვენთან უნდა ეცხოვრა, - ამბობს გაცხარებული ქალბატონი, - ჩვენთან
ასეთი რამ არ გაუვიდოდა! ეს რა აღზრდაა! ანე საშინლად განებივრებულია! ჩემი ქალიშვილი უნდა ყოფილიყო! საყვედურების ნიაღვარს მუდამ ამ სიტყვებით ამთავრებს. რა ბედნიერებაა, რომ მისი ქალიშვილი არა ვარ!
დავუბრუნდეთ ისევ აღზრდის საკითხს. გუშინ, როცა ქალბატონმა ვან დაანმა ენის ტარტალი მოათავა და დუმილი ჩამოვარდა, მამამ აი, რა უთხრა:
− მე მგონი, ანა კარგადაა აღზრდილი. იმასაც კი მიხვდა, რომ ჯობია თქვენ გაუთავებელ ქადაგებას ყურადღება არ მიაქციოს, ხოლო რაც შეეხება ბოსტნეულს, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: "Vice Versa!" (პირიქით (ლათ.)) ახლა კი გვარიანად მოხვდა ქალბატონ ვან დაანს.
"Vice Versa" იმას ნიშნავდა, რომ თვითონაც ცოტა ბოსტნეულს მიირთმევს. თავს იმით იმართლებს, ძილის წინ ბევრი ბოსტნეული მაწყინარიაო.
რაც უნდა ის ქნას, ოღონდ თავი დამანებოს! სასაცილოა, როცა ხედავ, რა ადვილად წითლდება ქალბატონი ვან დაანი. მე ეს არ მომდის და ამაზეც ჯავრობს.
ანა
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
გუშინ ბევრი რამ მქონდა კიდევ დასაწერი, მაგრამ იძულებული გავხდი შემეწყვიტა.
მინდა მოგიყვე ერთი ჩხუბის ამბავი, მაგრამ მანამდე აი, რა უნდა გითხრა. მე მეზიზღება და თანაც არ მესმის, როცა უფროსები ხშირად, რაღაც უმნიშვნელო წვრილმანების გამო, უეცრად აღელდებიან და ჩხუბს იწყებენ.
აქამდე მეგონა, ჩხუბი მხოლოდ ბავშვების საქმეა და უფროსებს არ ახასიათებს. თუმცა ზოგჯერ მართლაც არსებობს ჩხუბის მიზეზი, მაგრამ გამუდმებული კინკლაობის ატანა შეუძლებელია.
კაცმა რომ თქვას, აქამდე უნდა შევჩვეოდი ამ ამბავს, რადგან ჩხუბი მათ ოჯახში ლამის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არაფერი გამომდის. "დისკუსიები" (ასე უწოდებენ აქ ჩხუბს) მუდამ ჩემს ირგვლივ ტრიალებს.
ყოველმხრივ მაქიაქებენ, ყველაფერს მსჯელობის საგნად ხდიან, ჩემს ხასიათს, ქცევას, თავდაჭერას. ყველაფერს მიკრიტიკებენ და მიწუნებენ. ადრე მე არ ვიცოდი, რას ჰქვია უხეში სიტყვა და ყვირილი, ახლა კი ყველაფერი უნდა ავიტანო.
მე ეს არ შემიძლია. ფიქრადაც არ მომდის დათმობაზე წავიდე. მე მათ ვაჩვენებ, რომ ანა ფრანკი ის აღარ არის, რაც გუშინ იყო! შეიძლება თავად მიხვდნენ ამას და ენა გააჩერონ. აღსაზრდელები თვითონ არიან და არა მე.
მაძრწუნებს ამგვარი უსაქციელობა და სიბრიყვე (ქალბატონი ვან დაანისა), მაგრამ მალე ამასაც შევეჩვევი და მაშინ კი, იცოცხლე, ვეტყვი ჩემს სათქმელს. ნუთუ მე მართლა ისე უზრდელი, ცნობისმოყვარე, აბეზარი, ბრიყვი და ზარმაცი ვარ, როგორც "ზემოურები" ამტკიცებენ?
მე კარგად ვიცი, რომ ბევრი ნაკლი და სუსტი მხარე გამაჩნია, მაგრამ "ზემოურები" მაინც უსაშველოდ აჭარბებენ. რომ იცოდე, კიწი, როგორ მიდუღს შიგნით ყველაფერი განუწყვეტელი ლანძღვა-გინებისაგან, მაგრამ როდისმე ჩემი ბოღმა გადმოინთხევა.
შეიძლება თავი მოგაბეზრე, მაგრამ მაინც უნდა გადმოგცე ერთი საინტერესო საუბარი, რომელიც სუფრაზე გააბეს. სიტყვა ჩამოვარდა პიმის (მამის საალერსო სახელია) დიდ თავმდაბლობაზე. ეს იმდენად ნათელია, რომ ყველაზე ბრიყვი ადამიანიც ვერ უარყოფს.
უეცრად ქალბატონმა ვან დაანმა, რომელსაც ყველაფერი თავის თავზე გადააქვს, განაცხადა: მეც თავმდაბალი ადამიანი ვარ, ჩემს ქმარზე ბევრად თავმდაბალიო! ბატონ ვან დაანს უნდოდა შეერბილებინა მისი შენიშვნა და ძლიერ წყნარად თქვა: - მე არც მინდა ზედმეტად თავმდაბალი ვიყო, რადგან თამამი ადამიანები მეტ წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში.
მერე კი მე მომიბრუნდა: - ნუ იქნები ზედმეტად თავმდაბალი, ანა, და გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევ. დედამ ბატონ ვან დაანს დაუჭირა მხარი, მაგრამ ქალბატონ ვან დაანს ხომ უნდა დაესხა ცეცხლზე ნავთი.
ამჯერად მე აღარაფერი მითხრა და ჩემს მშობლებს მიუბრუნდა. - როგორ ექცევით ანას, ამგვარი არაფერი მინახავს. ჩვენ ასე არ გვზრდიდნენ. ასეთ რამეს, გარდა თქვენი თანამედროვე ოჯახისა, ახლაც ვერსად შეხვდებით.
მხედველობაში ჰქონდა დედაჩემის შეხედულებები აღზრდაზე, რაზედაც ხშირად დაობდნენ. ქალბატონი ვან დაანი ჭარხალივით გაწითლდა. როცა მოთმინებიდან გამოდიხარ, ადვილად მარცხდები.
დედას, როგორც ყოველთვის, უნდოდა ბოლო მოეღო კამათისათვის და მშვიდად თქვა: - ქალბატონო ვან დაან, მეც იმ აზრისა ვარ, რომ ზედმეტი თავმდაბლობა არ ვარგა. ჩემი ქმარი, მარგო და პეტერი ზედმეტად თავმდაბალნი არიან. მართალია თავმდაბლობა არც ჩვენ გვაკლია, მაგრამ თქვენ, თქვენი ქმარი, მე და ანა თავს არავის დავაჩაგვრინებთ!
− მე ძალზე თავმდაბალი ადამიანი გახლავართ, ქალბატონო ფრანკ! როგორ შეგიძლიათ ამის უარყოფა? დედა: - მე არ მითქვამს, რომ სრულიად არ გაგაჩნიათ თავმდაბლობა, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად თავმდაბალი ბრძანდებით.
ქალბატონი ვან დაანი: - მინდა ვიცოდე, როდის მაკლდა თავმდაბლობა. მე რომ აქ ჩემს თავზე არ მეზრუნა, ალბათ, შიმშილით მოვკვდებოდი. მე სწორედ ისეთივე თავმდაბალი ვარ, როგორც თქვენი ქმარი!
ამ ბრიყვულმა თავისქებამ დედა გულიანად გააცინა, "საბრალო" ქალბატონი ვანი დაანი კი ისე გაჯავრდა, რომ გაჩერება ვეღარ შეძლო და სულ ლაპარაკობდა. ბოლოს საკუთარმა მჭევრმეტყველებამ დააბნია, სათქმელი ვეღარ მოათავა, შეურაცხყოფილი წამოდგა და წასვლა დააპირა.
უეცრად მე გადმომხედა. სამწუხაროდ, როცა იგი წასასვლელად შებრუნდა, მე თანაგრძნობით და ირონიულად თავი გავაქნიე, უფრო ჩემდა უნებურად, ვიდრე განზრახ. იგი უკანვე შემოტრიალდა და მსუქანი, ბებერი მეთევზის ცოლივით საზიზღრად და უხეშად აყვირდა.
საინტერესო სანახავი იყო. ხატვა რომ შემეძლოს, სწორედ ამ სახით უკვდავვყოფდი ამ ჩია, სასაცილო მოდელს. ერთი რამ შემიძლია გითხრა: თუ გინდა ადამიანი გაიცნო, ერთხელ მაინც უნდა წაეჩხუბო, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ მის შეფასებას.
ანა
სამშაბათი, 29 სექტემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
ჩვენთან ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი, რისი მოყოლაც ღირს. აქ ჩვენ აბაზანა არა გვაქვს და ვარცლში ვბანაობთ.
ქვემოთ კონტორაში (ასე ვეძახი პირველ სართულს) თბილი წყალი მოდის და ჩვენ შვიდივე, რიგრიგობით ჩავდივართ დაბლა. რადგან ყველას სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, ერთი უფრო მორცხვია, ვიდრე მეორე, ამიტომ საბანაო ადგილს ყველა თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევს.
პეტერი ბანაობს სამზარეულოში, თუმცა მას მინის კარი აქვს. ბანაობის წინ ყველას აფრთხილებს და სთხოვს, ნახევარი საათის განმავლობაში კარებთან ნუ გაივლითო.
მამამისი ზევით ბანაობს, საკუთარ ოთახში; ოღონდ მყუდროდ მოეწყოს და თბილი წყლის ზევით ატანა არ ეზარება.
ქალბატონ ვან დაანს აქამდე არ უბანავია. იგი ჯერ საბანაოდ მოხერხებულ ადგილს ეძებს. მამა კაბინეტში იბანს ტანს, დედა - სამზარეულოში,
ღუმელს ამოფარებული. მე და მარგომ დიდი კონტორა ვარჩიეთ და სააბაზანოდ ვაქციეთ. ყოველ შაბათს, ნასადილევს, ფარდებს ჩამოვუშვებთ და ნახევრად ბნელ ოთახში ვბანაობთ. ერთ-ერთი ჩვენგანი ბანაობს, მეორე კი ფარდებს შორის დარჩენილი ჭუჭრუტანიდან გარეთ იყურება და ერთობა გამვლელთა სასაცილო მანჭვა-გრეხით.
მაგრამ გასული კვირიდან ეს საბანაო ოთახი აღარ მომწონს და უფრო კომფორტაბელურ ადგილს ვეძებ.
პეტერს კარგი აზრი მოუვიდა: წინადადება მომცა ჩემი საბანაო მოწყობილობით გადავბარგებულიყავი დიდ საპირფარეშოში, რომელიც კონტორას ეკუთვნის. საპირფარეშოში მარტო ვიქნები, ჩავრთავ სინათლეს, დავკეტავ კარებს და წყალს სხვის დაუხმარებლად გადავაქცევ.
დღეს საზეიმოდ გავხსენი ახალი "სააბაზანო" და ძალზე კმაყოფილი დავრჩი.
გუშინ სახლში წყალსადენის ოსტატი მოვიდა. ქვედა დერეფანში უნდა შეეფუთა მილები, რომლებიც ჩვენს წყალსადენს და საპირფარეშოს უერთდება. ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა, რომ მილები არ გაყინულიყო თუ ძალიან ცივი ზამთარი დადგებოდა.
ამ კაცის სტუმრობა ჩვენთვის არც ისე სასიამოვნო იყო, რადგან ვერც წყალს ვიღებდით და ვერც საპირფარეშოთი ვსარგებლობდით. იქნებ ამის თხრობა სასიამოვნო არაა, მაგრამ მაინც უნდა გიამბოთ, რა მოვიგონეთ, განსაცდელი რომ თავიდან აგვეცდინა.
მე არა ვარ იმდენად მორცხვი, რომ ასეთ რამეზე ლაპარაკი მიჭირდეს. მე და მამამ წინასწარ ვიზრუნეთ და ყოველი შემთხვევისათვის ქილები მოვიმარაგეთ. ახლა გამოგვადგა, მხოლოდ ესაა, რომ მთელი დღე ოთახის კუთხეში გვედგა.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი, გაცილებით ძნელია მთელი დღე ჩუმად, ხმის ამოუღებლად ჯდომა, განსაკუთრებით ისეთი ენატარტალასათვის, როგორიც მე ვარ.
ჩვენ ხომ ისედაც მხოლოდ ჩურჩულით ვლაპარაკობთ. მაგრამ ჩუმად, გაუნძრევლად ჯდომა თითქმის აუტანელია. საჯდომი გამიბრტყელდა, ისე მომეთელა, რომ სამი დღე მტკიოდა.
საღამოს ვივარჯიშეთ. ამან გვიშველა!
ანა
ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
გუშინ უსაზღვრო შიში განვიცადე. რვა საათზე ზარი დარეკეს და მე ყველაზე საშინელი რამ წარმოვიდგინე - შენ იცი, რაზედაც ვლაპარაკობ. ყველა მარწმუნებდა, ზარი ქუჩაში მოხეტიალე ბიჭებმა დარეკესო და მე ნელ-ნელა დავმშვიდდი.
დღეები დუნედ მიიზლაზნება. დაბლა, სამზარეულოში მუშაობს ფარმაცევტი, ბატონი ლევინი, რომელიც ფირმისათვის ქიმიურ ცდებს ატარებს. ეს კაცი მთელი სახლის განლაგებას იცნობს და ზოგჯერ გვეშინია, ზევით, ყოფილ ლაბორატორიაში ამოსვლა არ მოისურვოს.
ჩვენ ძალზე ჩუმად ვართ. ვინ იფიქრებდა სამი თვის წინათ, რომ მოუსვენარი ანე საათობით იჯდებოდა ერთ ადგილას და ხმას არ გაიღებდა.
29-ში ქალბატონ ვან დაანის დაბადების დღე აღვნიშნეთ. დიდი ზეიმი არ მოგვიწყვია. მივართვით ყვავილები, უმნიშვნელო საჩუქრები და სადილად საგანგებო კერძი. ქმარმა წითელი მიხაკები უძღვნა - ოჯახური ტრადიციაა.
მართლა, მინდა რაღაც გითხრა ქალბატონ ვან დაანზე. მუდამ იმის ცდაშია, რომ მამაჩემს გაეარშიყოს და მე ეს საშინლად მაბრაზებს.
როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, ან ლოყაზე მოუცაცუნებს ხელს, ან თავზე გადაუსვამს. სიამოვნებით აჩენს თავის "ლამაზ" ფეხებს, ენამახვილობს, ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პიმის ყურადღება მიიქციოს. მაგრამ პიმს იგი არც ლამაზ ქალად მიაჩნია და არც სასიამოვნო ადამიანად.
მისი კურკური სრულიად არ აღელვებს. მე ვეჭვიანობ, უბრალოდ ვერ ვიტან ასეთ რამეს. ამას წინათ პირში ვუთხარი: "მე მგონია, დედა, თქვენს ქმარს არ ეკეკლუცებამეთქი".
პეტერი ზოგჯერ ძალიან სასაცილოა. ორივეს გვიყვარს გასართობად ტანსაცმლის გამოცვლა და ამით თავს ვიქცევთ.
ამჯერად დედამისის ვიწრო კაბა ჩაეცვა, თავზე კი ქალის ქუდი ჩამოეფხატა. მე მისი კოსტიუმით გამოვცხადდი და მისივე ქუდი დავიხურე.
უფროსები სიცილით იხოცებოდნენ და ჩვენც არანაკლებ ვიმხიარულეთ.
ელიმ მე და მარგოს მაღაზიაში ქვედატანი გვიყიდა. ქსოვილი მეტისმეტად უხარისხო და ძვირია. სამაგიეროდ ძალზე სასიამოვნო რამე გველის.
ელიმ მარგო, მე და პეტერი სტენოგრაფიის დაუსწრებელ კურსებზე ჩაგვწერა. მომავალ წელს შესანიშნავი სტენოგრაფისტები ვიქნებით.
ურიგო როდია ასეთი "კრიპტოგრაფიის" ცოდნა!
ანა
შაბათი, 3 ოქტომბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
გუშინ ისევ საშინელი შეტაკება მოხდა. დედამ მამას მთელი ჩემი ცოდვები გადაუშალა და თანაც ძალზე გააზვიადა.
დედა ტიროდა, ცხადია, მეც ვღრიალებდი. საშინლად ამტკივდა თავი. მე მამიკოს გამოვუცხადე, რომ ყველაზე მეტად მიყვარს.
პიმმა მიპასუხა, მომავალში ყველაფერი შეიცვლებაო, მაგრამ მე ეს არ მჯერა.
დედას რომ მშვიდად ველაპარაკო, თავს ძალა უნდა დავატანო. მამა მოითხოვს დედას მოვუარო, როცა თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ არაფერი გამომდის.
მონდომებით ვსწავლობ ფრანგულს და ვკითხულობ "La Belle Nivernaise" ("მშვენიერი ნივერნეზელი ქალი", ალფონს დოდეს რომანი.)
ანა
პარასკევი, 9 ოქტომბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
დღეს ბევრი უსიამო და სამწუხარო ამბავი გავიგე. ბევრი ჩვენი ნაცნობი და მეგობარი ებრაელი დააპატიმრეს, გესტაპო მათ არ ელოლიავება.
დაპატიმრებულებს საქონლის გადასაზიდ ვაგონებში ყრიან და ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკში, ვესტერბორკში მიჰყავთ.
საშინელი ადგილია. უამრავი ხალხია თავმოყრილი, არც დაბანის საშუალება აქვთ და არც ფეხსადგილები ჰყოფნით.
ამბობენ, ბანაკებში ტევა არაა და კაცებს, ქალებს და ბავშვებს ერთად სძინავთო. გაქცევა შეუძლებელია.
პატიმრებს ადვილად სცნობენ გადაპარსული თავით თუ წმინდა ებრაული გარეგნობით.
თუკი ჰოლანდიაში ასე ცუდადაა საქმე, რა საშინელება ელით მათ იქ, სადაც მიერეკებიან. ინგლისის რადიო იუწყება, რომ მათ გაზის კამერებში ამოახრჩობენ. იქნებ ეს მოსპობის ყველაზე სწრაფი საშუალებაა.
მიპი საშინელ ამბებს გვიამბობს და თვითონაც ძალზე ღელავს. ამას წინათ მისი სახლის წინ კოჭლი დედაბერი ჩამომჯდარა. დედაბერი გესტაპოს მანქანას უცდიდა, რომელიც გზადაგზა კრეფდა ხალხს.
მოხუცი ქალი შიშისაგან ცახცახებდა. საზენიტო ქვემეხები ქუხდა, პროჟექტორების შუქი სიბნელეს აპობდა, ინგლისის თვითმფრინავების გუგუნის გამოძახილი სახლიდან სახლს ეხეთქებოდა.
მიპმა ვერ გაბედა დედაბრის სახლში შეყვანა. გერმანელები ამის გამო მკაცრად სჯიან ყველას. ელიც მდუმარე და მოწყენილი დადის. მისი მეგობარი გერმანიაში გაგზავნეს იძულებითი ბეგარის მოსახდელად.
ეშინია ბომბარდირების დროს არ დაიღუპოს. ინგლისელი მფრინავები მილიონობით კილოგრამ ყუმბარებს ყრიან.
მე ძალიან უადგილოდ და უხეშად მიმაჩნია ამგვარი ოხუნჯობა: - ოჰ, მთელი მილიონი მას ხომ არ მოხვდება, - ანდა: - ერთი ყუმბარაც იკმარებს.
მარტო დირკი ხომ არაა ამ დღეში, ცხადია, არა. ყოველდღე ახალგაზრდებს ვაგონებში ყრიან და გერმანიაში აგზავნიან იძულებით სამუშაოზე. ზოგი გზიდან გარბის, ზოგი დროზე იმალება, მაგრამ ასეთები ძალზე ცოტაა.
ჩემი სევდიანი სიმღერა ჯერ არ დამთავრებულა. გაგიგონია რაიმე მძევლების შესახებ. გერმანელებმა დახვეწილი წამება მოიგონეს. უფრო საშინელი, ვიდრე სხვა ყველაფერი.
უდანაშაულო მოქალაქეებს განურჩევლად აპატიმრებენ და ციხეებში ამწყვდევენ. ხოლო როცა სადმე "საბოტაჟს" აღმოაჩენენ და დამნაშავეს ვერ იპოვიან, მძევლად წაყვანილთა ნაწილს ხვრეტენ. შემდეგ ამას გაზეთებში აქვეყნებენ და მოსახლეობას აფრთხილებენ.
რა ხალხია ეს გერმანელები! ოდესღაც მეც მათ ვეკუთვნოდი, თუმცა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა კანონგარეშე გამოგვაცხადა.
ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი მტრობა, ვიდრე ამგვარ გერმანელებსა და ებრაელებს შორისაა ჩამოვარდნილი.
ანა
პარასკევი, 16 ოქტომბერი, 1942
ძვირფასო კიწი! უამრავი საქმე გამიჩნდა, ახლახან ვთარგმნე ერთი თავი "La Belle Nivernaise"-დან და ამოვიწერე ყველა უცნობი სიტყვა.
შემდეგ უძნელესი არითმეტიკული ამოცანა გადავწყვიტე, ბოლოს დავისწავლე სამი გვერდი ფრანგულად.
ამოცანების გადაწყვეტა არ მიყვარს და დავალებას ხშირად გვერდზე გადავდებ ხოლმე. ამოცანების გადაწყვეტა მამასაც უჭირს; ზოგჯერ მე უკეთესად ვიყვან, მაგრამ მაინც გვიჭირს და დასახმარებლად მარგოს ვეძახით.
სტენოგრაფიაში ყველას გავასწარი. გუშინ დავამთავრე "დამპყრობლების" კითხვა, კარგი წიგნია, მაგრამ იოოპ ტერ ჰეულს არ შეედრება. შენთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ ცისი ფონ მაქსველდი შესანიშნავად წერს. მომავალში ჩემმა შვილებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ ყველა მისი წიგნი.
მამამ კერნერის პიესები მომცა წასაკითხად: "ბრემენელი ბიძაშვილი", "გუვერნანტი ქალი" და "მწვანე დომინო". კარგი მწერალია. მე, დედა და მარგო ისევ შეხმატკბილებით ვცხოვრობთ და ეს ყველაფერს ჯობია.
გუშინ საღამოს მარგო ჩემთან იწვა. ძალზე ვიწროდ ვიყავით, მაგრამ არაჩვეულებრივ მყუდროებას ვგრძნობდით.
მარგომ მკითხა: შეიძლება შენი დღიური წავიკითხოო - მხოლოდ ზოგი ადგილი, - ვუპასუხე მე. შემდეგ მისი დღიური მოვიკითხე. დამპირდა წაგაკითხებო.
ვლაპარაკობდით მომავალზე; ვკითხე, რა გინდა გამოხვიდე-მეთქი. ამ ამბავს იგი საიდუმლოდ ინახავს. მე ყური მოვკარი, თითქოს მასწავლებლობას აპირებს. და მე მგონი, ასეც უნდა იყოს.
თუმცა ამდენ ცნობისმოყვარეობას არ უნდა ვიჩენდე. ამ დილით პეტერი საკუთარი საწოლიდან წამოვაგდე და თავად წამოვწექი.
პეტერი გაცეცხლდა, მაგრამ მე მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კაცმა რომ თქვას, უფრო თავაზიანად უნდა მეპყრობოდეს, რადგან გუშინ საღამოს ვაშლი ვაჩუქე.
მარგოს ვკითხე: - როგორ გგონია, გონჯი ვარ? სასაცილოდ გამოიყურები, მაგრამ ლამაზი თვალები გაქვსო, მიპასუხა მან. გაურკვეველი პასუხია, შენ როგორ ფიქრობ? ნახვამდის!
ანა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
თუმცა მას შემდეგ ორი საათი გავიდა, მაგრამ ისეთი შიში განვიცადე, რომ ხელები ახლაც მიკანკალებს. სახლში ჰკიდია ხუთი ცეცხლმქრობი "მინიმაქსი".
არავის გაუფრთხილებივართ, რომ მათ ასავსებად მოვიდოდნენ. ამიტომ სანამ წინკარიდან ჩაქუჩის ხმა არ მომესმა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ ვიცავდი.
მეგონა დურგალი მოვიდა და გავაფრთხილე ელი, რომელიც ჩვენთან სადილობდა, რომ ახლა ძირს ჩასვლა არ შეიძლება.
მე და მამა კარს უკან ჩავსაფრდით და ყურს ვუგდებდით, როდის მორჩებოდა ის კაცი მუშაობას და წავიდოდა.
მეოთხედი საათის შემდეგ მან იარაღი კარადაზე დადო და ჩვენს კარზე დააკაკუნა. ორივენი გავფითრდით, ნუთუ რამე შენიშნა და გადაწყვიტა შეამოწმოს, რა იმალება კარს უკან.
მგონი ასეც იყო, რადგან კაკუნი, კარის გამოწევა, ჯაჯგური და ბიძგები არ წყდებოდა. კინაღამ გული შემიწუხდა იმის გაფიქრებაზე, რომ ჩვენს მშვენიერ თავშესაფარს ვიღაც გადამთიელი აღმოაჩენს.
ასე მეგონა, მთელი საუკუნე გავიდა, სანამ ბატონ კოოპჰოისის ხმა არ გავიგონე: - გააღეთ, მე ვარ. კარი მაშინვე გავაღეთ. თურმე, საკეტი, რომლითაც კარი შიგნიდან იკეტებოდა და რომლის გაღება გარედანაც შეეძლო საიდუმლოება განდობილს, რაღაცას გამოსდებოდა, ამიტომ დროზე ვერ გაგვაფრთხილეს, რომ ხელოსანი მოვიდოდა.
როცა მუშა წავიდა, კოოპჰოისმა ელის გამოძახება გადაწყვიტა, მაგრამ მბრუნავი კარი ვერ გააღო და ხმაური ატეხა. გულიდან უზარმაზარი ტვირთი მომწყდა. კაცი, რომელიც ჩვენთან უნდა შემოსულიყო, ჩემს წარმოდგენაში სწრაფად იზრდებოდა და ბოლოს უძლეველ გოლიათად იქცა.
ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედმა არ გვიმტყუნა, ყველაფერი კეთილად დამთავრდა! ორშაბათს ბევრი ვიმხიარულეთ. მიპმა და ჰენკმა ჩვენთან გაათიეს ღამე. მე და მარგო დედ-მამასთან "გადავსახლდით", ცოლ-ქმარს კი ჩვენი ოთახი დავუთმეთ.
შესანიშნავად ვისადილეთ. თუმცა ამ დღეს უხიფათოდ მაინც არ ჩაუვლია. მამის მაგიდის ლამპაში მოკლე ჩართვა მოხდა და ერთბაშად ბნელში აღმოვჩნდით.
ელექტრომრიცხველი, რომელშიც მცველი იხრახნება, სადღაც საწყობის ბოლოში ჰკიდია და არც ისე სასიამოვნოა ბნელში ხელის ფათური, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა და დაზიანებული ხაზი ათ წუთში შეაკეთეს.
ახლა უკვე შეიძლებოდა სანთლებისაგან მოწყობილი ილუმინაციის ჩაქრობა. დილით ადრე ავდექით. ჰენკი ცხრის ნახევარზე უნდა წასულიყო და გვინდოდა მყუდროდ გვესაუზმა.
გარეთ საშინლად წვიმდა. მიხაროდა, რომ ასეთ ამინდში ქუჩაში გასვლა არ მიხდებოდა. მე და მამამ ყველაფერი მივალაგეთ და ფრანგული ზმნების დაზეპირებას შევუდექი.
მერე ვკითხულობდი შესანიშნავ წიგნს "ტყეები მარად მღერიან". მწყინს, რომ მალე ვამთავრებ.
შემდეგ კვირას ელი ჩვენთან გაათევს ღამეს!
ანა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
ვერ ვისვენებ. მამა ავადაა. დიდი სიცხე აქვს და რაღაცამ გამოაყარა, როგორც წითელამ იცის. წარმოიდგინე, ექიმის გამოძახებაც კი არ შეგვიძლია.
დედა უვლის. ბევრი ოფლი ადენინა. იქნებ სიცხემ დაუწიოს. დილით მიპმა გვიამბო, რომ ვან დაანების ბინა გერმანელებს გაუძარცვავთ.
ქალბატონ ვან დაანისათვის არაფერი გვითქვამს. ბოლო დროს იგი ძალზე ნერვულობს და ჩვენ სრულიად არ გვაინტერესებს საათობით ვისმინოთ, რა საუცხოო ჭურჭელი და ძვირფასი ავეჯი დარჩა სახლში.
ჩვენც ხომ ყველაფერი ძვირფასი ბედის ანაბარა მივატოვეთ. ჩივილი ამ საქმეში ვერაფერს გვიშველის. ამ ბოლო დროს მეც მომცეს უფლება მოზრდილთათვის განკუთვნილი ზოგიერთი წიგნი წავიკითხო. ვ
კითხულობ ნიკო ვან სუხტელენის "ევას სიყმაწვილეს". კაცმა რომ თქვას, მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას ამ წიგნსა და გოგონების საკითხავ წიგნებს შორის. მხოლოდ ესაა, რომ ამ წიგნში ზოგჯერ ქალები საკუთარი სხეულით ვაჭრობენ და უცხო მამაკაცებისაგან ბევრ ფულს იღებენ.
მე, ალბათ, სირცხვილით მოვკვდები, უცხო მამაკაცთან მარტო რომ დავრჩე. შემდეგ წერია, ევას "ავადმყოფობა" დაეწყოო. მეც ძალიან მინდა დამეწყოს, რადგან ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს.
მამამ კარადიდან გოეთესა და შილერის დრამები გადმოიღო და აპირებს საღამოობით ხმამაღლა გვიკითხოს ყველას. დავიწყეთ "დონ კარლოსით".
დედამ მამის მაგალითს მიბაძა და ლოცვანი მაჩუქა. წიგნი ზრდილობის გამო გადავიკითხე. თითქოს მომწონს კიდეც, მაგრამ არაფერს მაძლევს.
რატომ ცდილობს დედა იძულებით გამხადოს მორწმუნე? ხვალ პირველად გავაჩაღებთ ღუმელს. ალბათ, გაბოლილ ოთახში მოგვიწევს ჯდომა. დიდი ხანია საკვამური არ გაუწმენდიათ.
ანა
შაბათი, 7 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
დედა ძალზე ნერვულობს და ეს ჩემთვის სახიფათო მეჩეჩია. ნუთუ შემთხვევით ხდება, რომ ჩემი მშობლები არასოდეს არ უწყრებიან მარგოს და ყოველთვის მხოლოდ მე მხვდება?
მაგალითად, გუშინ საღამოს მარგო ლამაზად ილუსტრირებულ წიგნს კითხულობდა. მერე ზევით ავიდა, წიგნი კი გვერდზე გადადო, რათა მობრუნებულს კითხვა განეგრძო.
რადგან საქმე არაფერი მქონდა, წიგნი ავიღე და სურათებს ვათვალიერებდი. მარგო დაბრუნდა. როცა დაინახა, "მისი" წიგნი ხელში მეჭირა, შუბლი შეიკრა და წიგნის წართმევა დააპირა. მე კი ძალიან მინდოდა ბოლომდე დამეთვალიერებინა.
მარგო გაბრაზდა. დედამ მითხრა: - წიგნს მარგო კითხულობს და ახლავე დაუბრუნეო. ოთახში მამა შემოვიდა. თუმცა მან არაფერი იცოდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მარგოს უსამართლოდ ჩაგრავენ და მითხრა: - როდისმე მარგოც წაგართმევს წიგნს და ვნახოთ, როგორ მოიქცევიო!
მე თავი აღარ გამომიდვია. წიგნი დავდე და ოთახიდან გავედი. მათ ეგონათ, გული მომივიდა, მაგრამ მე არც გული მომსვლია და არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი. მხოლოდ სევდა შემომაწვა გულზე.
მამა უსამართლოდ მოიქცა, როცა არც იკითხა, რაშია საქმე და განაჩენი გამოიტანა. მშობლები რომ არ ჩარეულიყვნენ და მარგოსთვის არ დაეჭირათ მხარი, მე უფრო მალე დავუბრუნებდი წიგნს.
ჩემთვის გასაგებია, რომ დედა მარგოს გამოექომაგა, ისინი მუდამ ერთმანეთს უჭერენ მხარს. მე ისე შევეჩვიე ამ ამბავს, რომ გულგრილად აღვიქვამ დედის ტუქსვას და მარგოს მოუთმენლობას.
მე ისინი იმიტომ მიყვარს, რომ დედა და მარგო არიან. რაც შეეხება მამას, - მასთან სულ სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს. როცა მამა მარგოს უპირატესობას ანიჭებს, აქებს, ყველაფერს უწონებს და ალერსიანად ექცევა, შიგნით რაღაც მღრღნის, რადგან მამა ჩემთვის ყველაფერია.
მამაა ჩემი ნათელი იდეალი და ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. მაგრამ მამას არ ესმის, რომ მარგოს სულ სხვანაირად ექცევა, ვიდრე მე.
მარგო მისთვის ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე უკეთესია, მაგრამ მეც ხომ მაქვს უფლება სერიოზული დამოკიდებულება მოვითხოვო.
ოჯახის აზრით, მე ჯამბაზი და უქნარა ვარ, რაც ორმაგ უსიამოვნებას მაყენებს: ჯერ ერთი, მუდამ საყვედურებით მავსებენ, მეორეც, საკუთარ თავს ვერ ვერევი.
მე აღარც ზერელე ალერსი მაკმაყოფილებს და აღარც ეგრეთ წოდებული "სერიოზული საუბარი"; მე რაღაც ისეთს მოველი მამისაგან, რისი მოცემაც მას არ შეუძლია.
არა, მე არ ვეჭვიანობ მარგოზე, არც მისი სილამაზე მჭირდება და არც მისი ჭკუა.
მე მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ: ნამდვილად, გულით ვუყვარდე მამას და არა როგორც საკუთარი შვილი, არამედ როგორც ადამიანი, ვუყვარდე მე, ანა.
მამას იმიტომ ვეჭიდები ასე, რომ მხოლოდ იგი მინარჩუნებს ოჯახისადმი სიყვარულს. მამას არ ესმის, რომ ჩემთვის ხანდახან აუცილებელია დედაზე ლაპარაკი და აზრის გამოთქმა.
მას არ სურს, დედის უარყოფით მხარეებს შეეხოს. ამ თემაზე ყოველგვარ საუბარს გაურბის. მე კი დედის დამოკიდებულება მძიმე ტვირთად მაწევს.
ხშირად თავს ვერ ვიკავებ და პირში ვეუბნები, რამდენად გულგრილი, დამცინავი და მკაცრია, რადგან მართლაც არა ვარ ყოველთვის დამნაშავე.
საერთოდ, მე და დედა სრულიად სხვადასხვა ადამიანები ვართ და ამიტომ მოგვდის ხშირად უსიამოვნება. მე არ ვმსჯელობ მის ხასიათზე, აქ მსაჯულად არ გამოვდგები, მხოლოდ ისე ვუყურებ, როგორც დედას.
მაგრამ იგი არაა ისეთი დედა, როგორიც მე მჭირდება. ამიტომ მე თვითონ უნდა ვიყო ჩემი დედა.
მე მათ სრულიად გამოვეთიშე შინაგანად და ჩემი გზით მივდივარ. ვინ იცის, რომელ ნაპირს მივადგები? გონებაში მესახება დედისა და ქალის იდეალი, მაგრამ ამ ქალსა და იმ ადამიანს შორის, ვისაც დედას ვეძახი, ვერავითარ მსგავსებას ვერ ვპოულობ.
მუდამ ვცდილობ თვალი ავარიდო დედის უარყოფით მხარეებს, მინდა მხოლოდ კარგზე გავამახვილო ყურადღება და ჩემში განვავითარო ის, რაც მას აკლია. მაგრამ ყოველთვის როდი გამომდის ასე.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არც მამას და არც დედას არ სურთ დაინახონ, რა მაკლია ცხოვრებაში და ამის გამო ძალზე ნაწყენი ვარ მათზე.
ნუთუ მშობლებს არასოდეს არ შეუძლიათ სამართლიანად მოეპყრონ საკუთარ შვილებს. ხანდახან ვფიქრობ: იქნებ ღმერთი მცდის? მე თვითონ უნდა მივიდე სრულყოფამდე, ყოველგვარი მისაბაძი მაგალითისა და დახმარების გარეშე.
სამაგიეროდ, მომავალში ძლიერი და ამტანი ვიქნები. ჩემს გარდა ვინ წაიკითხავს ოდესმე ამ წერილებს? ვინ დამეხმარება? ო, როგორ მჭირდება დახმარება, და ნუგეში.
ხშირად სულით ვეცემი და ვერ ვახერხებ ვიყო ისეთი, როგორიც მინდა. მე ვიცი ეს და ყოველდღე ვცდილობ დავიწყო თავიდან, გამოვსწორდე. მაგრამ ძალზე უსამართლოდ მეპყრობიან!
ერთ დღეს მოზრდილ ადამიანად მთვლიან და უფლება მაქვს ყველაფერი ვიცოდე, მეორე დღეს კი ძველებურად მექცევიან: ანე ჯერ კიდევ ბრიყვი ბატკანია, ჰგონია, წიგნებიდან ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ ცხადია, ჯერ არაფერი ესმის.
სინამდვილეში მე არც ძუძუმწოვარა ბავშვი ვარ და არც განებივრებული თოჯინა, რომლითაც ერთობიან, თუმცა ჯერ არ შემიძლია ამის სიტყვებით გამოთქმა, მაგრამ მე ჩემი იდეალები, აზრები და გეგმები მაქვს.
აჰ, რამდენი ეჭვი მიპყრობს საღამოობით, როცა მარტო ვარ, ან დღისით, როცა ამ გამომწყვდეულ ადამიანებს შევყურებ, რომელთაც საშინლად მომაბეზრეს თავი, რადგან არც ჩემი ესმით და არც ის, რაც მე მაწუხებს.
ამიტომ ბოლოს ისევ ჩემს დღიურს ვუბრუნდები. მუდამ ამით ვიწყებ და ამით ვამთავრებ.
კიწი ყველაფერს ითმენს და მეც პირობას ვაძლევ, რომ ყველაფერს გავუძლებ, დავძლევ ჩემს მწუხარებას და გზას გავიკაფავ, მაგრამ რა დიდ სიყვარულს მომგვრიდა წარმატება, როგორ მინდა მოსიყვარულე ადამიანი მხარში ამომიდგეს, გამამხნევოს, მომეალერსოს!
ნუ გამკიცხავ! გამიგე, რომ ზოგჯერ შეიძლება მეც დამეკარგოს მოთმინება.
ანა
ორშაბათი, 9 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
გუშინ პეტერის დაბადების დღე იყო, მშვენიერი საჩუქრები მიიღო, მათ შორის საინტერესო სათამაშო, ელექტროსამართებელი და სანთებელა. არა იმიტომ, რომ მწეველია, არამედ ასეთ საჩუქარს თავისი შნო აქვს.
მაგრამ ყველაზე საოცარი რამ ბატონმა ვან დაანმა გვაცნობა: ინგლისელებმა ტუნისში, კასაბლანკაში, ალჟირსა და ორანში დესანტი გადასხესო - ეს დასასრულის დასაწყისია, თქვა ყველამ, მაგრამ ჩერჩილმა, ინგლისის პრემიერმა, რომელსაც, ალბათ, ინგლისშიც ხშირად სმენია ასეთი აზრი, თავის გამოსვლაში განაცხადა: დესანტის გადასხმა უაღრესად დიდმნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ნურავინ ფიქრობს, რომ ეს დასასრულის დასაწყისია, უფრო სწორედ ეს დასაწყისის დასასრულია.
დიდი განსხვავებაა, არა? მაგრამ ოპტიმიზმისათვის საფუძველი მაინც არსებობს. გერმანელებმა ჯერაც ვერ აიღეს რუსეთის დიდი ქალაქი, სტალინგრადი, რომელიც აგერ უკვე სამი თვეა, რაც ალყაშემორტყმულია.
ახლა კი ყოველდღიურ ამბებს დავუბრუნდეთ: როცა ჩვენს თავშესაფარზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა გითხრა, თუ როგორ გვამარაგებენ სურსათით.
შენ უნდა იცოდე, რომ "ზემოურები" ნამდვილი ღორმუცელები არიან. პურს გვაწვდის ძალზე კეთილი მეპურე, კოოპჰოისის ნაცნობი.
ცხადია, იმდენი არა გვაქვს, რამდენიც სახლში გვქონდა, მაგრამ მაინც საკმარისია.
სასურსათო ბარათებს ჩვენთვის ყიდულობენ შავ ბაზარზე. მათი ფასი განუწყვეტლივ იზრდება. ამ პაწია ქაღალდის ნაგლეჯში ადრე 27 გულდენს ვიხდიდით, ახლა კი ოცდაცამეტს.
სახლში რომ კონსერვების გარდა რაიმე მარაგი გვქონდეს, ვიყიდეთ 270 გირვანქა ცერცვი და ლობიო, რაც ახლა ტომრებით ჰკიდია დერეფანში მბრუნავ კართან.
სიმძიმისაგან ტომრები რამდენიმე ადგილას გაირღვა და გადავწყვიტეთ ზამთრის მარაგი სხვენზე აგვეტანა.
ტომრების გადაზიდვა პეტერს დაავალეს. ექვსი ტომრიდან ხუთი მშვიდობიანად გადაიტანა, მაგრამ როგორც კი მეექვსეს მოჰკიდა ხელი, ქვედა ნაკერი გაირღვა და კიბეზე ყავისფერი ლობიო წვიმასავით წამოვიდა, წვიმა კი არა, სეტყვა იყო.
ძირს დარჩენილებმა იფიქრეს, ძველი სახლი თავზე გვენგრევაო. საბედნიეროდ, კონტორაში უცხო არავინ იყო...
პეტერს ძალიან შეეშინდა, მაგრამ როცა დამინახა კიბის ქვედა საფეხურზე თავზე ლობიოგადაყრილი და კოჭებამდე ლობიოში ჩაფლული, გამაყრუებელი ხარხარი მორთო.
დავიწყეთ ლობიოს აკრეფა, მაგრამ მარცვლები ისე პატარა და ისე სრიალაა, რომ თითებს შორის გვისხლტება და ღრეჭოებსა და ხვრელებში ცვივა.
ახლა, როცა ვინმე ამ კიბეზე ადის, ყოველთვის პოულობს ლობიოს და ქალბატონ ვან დაანს აბარებს.
კინაღამ დამავიწყდა უმთავრესი: მამა გამოჯანსაღდა.
ანა
P. S. ეს წუთია რადიომ გამოაცხადა, რომ ალჟირი აიღეს. მაროკო, კასაბლანკა და ორანიც უკვე რამდენიმე დღეა ინგლისელების ხელშია.
მალე ტუნისსაც აიღებენ.
სამშაბათი, 10 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
ამბავი, რომელიც ახლა უნდა გაცნობო, ეპოქალური მნიშვნელობისაა. გვინდა მერვე "იატაკქვეშელი" შემოვიხიზნოთ. ხშირად გვიფიქრია, რომ აქ ერთი კაცისათვის ადგილიც იკმარებს და საკვებიც.
ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვიკავებდით თავს, რომ კრალერის და კოოპჰიოსის ზედმეტად შეწუხებას ვერიდებოდით. მაგრამ ჩვენამდე ებრაელთა გასახლებასთან დაკავშირების საშინელი ამბები აღწევდა და მამამ სცადა გაეგო, რა აზრის იყვნენ ჩვენი მეგობრები.
მათ ძალიან მოგვიწონეს განზრახვა: გინდ შვიდნი ყოფილხართ, გინდ რვანი, საფრთხე იგივეა, - დაასკვნეს მათ სრულიად მართებულად.
რაკი საქმე აქამდე მივიდა, დავიწყეთ ჩვენს ნაცნობებს შორის ისეთი მარტოხელა კაცის ძებნა, რომელიც ჩვენი "იატაკქვეშა" ოჯახისათვის შესაფერისი აღმოჩნდებოდა.
ასეთი კაცის პოვნა ძნელი არ იყო. მას შემდეგ, რაც მამამ უარყო ვან დაანების ყველა წინადადება - შემოგვეხიზნებინა რომელიმე მათი ნათესავი, არჩევანი ხვდა ერთ-ერთ ჩვენს ნაცნობ კბილის ექიმს, ალბერტ დუსელს, რომლის ცოლი საზღვარგარეთ წავიდა.
ამბობენ, სასიამოვნო კაციაო, თანაც ჩვენ და ვან დაანები კეთილად ვართ მისდამი განწყობილი. მიპი ამ კაცს კარგად იცნობს და ყველაფერს გააკეთებს.
ალბერტ დუსელი მარგოს ადგილს დაიჭერს ჩემს ოთახში, მარგო კი თავისი დასაკეცი საწოლით მშობლებთან გადაბარგდა.
ანა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
დუსელი სიხარულით ცას ეწია, როცა მიპმა უთხრა, რომ მისთვის თავშესაფარი ეგულება. ურჩია, რაც შეიძლება მალე გადმოსულიყო ჩვენთან, უმჯობესია ზეგო.
დუსელი ყოყმანობდა. ჯერ ერთი, თავისი კართოტეკა წესრიგში უნდა მოეყვანა, მეორეც, ორი პაციენტი მიეღო და ყოველგვარი ანგარიშები გაესწორებინა.
ყოველივე ეს ამ დილით მიპმა გვიამბო. ჩვენი აზრით, აჯობებდა, საქმე არ გაეჭიანურებინა. ყოველგვარი სამზადისი ახსნა-განმარტებას მოითხოვს, ჩვენ კი გვერჩია, არავის არაფერი სცოდნოდა.
მიპმა კიდევ ერთხელ ურჩია დუსელს შაბათს გადმოსულიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა და მხოლოდ ორშაბათს გადმოვა.
სასაცილოა, რომ იგი მაშინვე არ მოეჭიდა ამგვარ შესაძლებლობას. ხომ შეიძლება შემთხვევით შეიპყრონ ქუჩაში და მაშინ ვერც კართოტეკას მოიყვანს წესრიგში, ვერც ანგარიშს გაასწორებს და ვერც პაციენტებს მიიღებს.
ჩემი აზრით, მამამ ტყუილად დაუთმო! ჯერჯერობით ახალი სხვა არაფერია.
ანა
სამშაბათი, 17 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
დუსელი ჩვენთანაა. ყველაფერი კეთილად დამთავრდა. მიპმა იგი მთავარ ფოსტასთან დაიბარა. დუსელი ზუსტად დანიშნულ დროზე მოვიდა.
კოოპჰოისი, რომელიც მას სახით იცნობდა, მიუახლოვდა და უთხრა, თითქოს ის კაცი, რომელმაც იგი დაიბარა, მოგვიანებით მოვა და მანამდე მიპთან, კონტორაში დაიცადეთო.
კოოპჰოისი ტრამვაით გამოემგზავრა, დუსელი კი ფეხით წამოვიდა და თორმეტის ნახევარზე უკვე კონტორაში იყო.
ყვითელი ვარსკვლავი რომ არ დაენახათ, დუსელმა პალტო გაიხადა, დამლაგებლის წასვლამდე კოოპჰოისის კაბინეტში იცდიდა. ცხადია, არ იცოდა, რა მიზეზით ალოდინებდნენ.
ბოლოს მიპმა კაბინეტში თათბირის დაწყება მოიმიზეზა და ზემო სართულში ამოიყვანა. ენაჩავარდნილი დუსელის წინ მბრუნავი კარი გაიღო და ორივენი შეუმჩნევლად ამოვიდნენ ჩვენთან.
ყველამ ზევით, ვან დაანებთან, მოვიყარეთ თავი. ახალმოსულს ყავა და კონიაკი დავახვედრეთ. მიპმა იგი ჩვენს ოთახში შემოიყვანა. დუსელმა მაშინვე იცნო ჩვენი ავეჯი, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, რომ ჩვენც აქა ვართ.
მიპმა ყველაფერი უამბო. მაგრამ მან მაინც ვერაფერი გაიგო. ბოლოს გაოგნებული ზემოთ ამოიყვანა. დუსელი სკამზე დაეცა, რიგრიგობით ყველას დაგვაშტერდა, და მაინც საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
როგორც იქნა, ხმა ამოიღო, ბორძიკით ალუღლუღდა: - კი მაგრამ... არა... განა თქვენ ბელგიაში არა ხართ? ნუთუ ოფიცერი არ ჩამოვიდა? მანქანა? ნუთუ გაქცევა ვერ მოახერხეთ?..
მაშინ ვუამბეთ, რომ ზღაპარი ოფიცრისა და მანქანის შესახებ თვითონვე გავავრცელეთ ხალხისა და განსაკუთრებით გერმანელების მოსატყუებლად, ცხადია, იმ შემთხვევისათვის, თუ ძებნას დაგვიწყებდნენ.
დუსელი ასეთმა გამჭრიახობამ დაამუნჯა, ხოლო როცა ჩვენი მოხდენილი, ეშმაკურად მოწყობილი თავშესაფარი ვაჩვენეთ, გაოცებისაგან აღარ იყო.
ყველამ ერთად ვისადილეთ, შემდეგ დუსელმა ცოტა დაისვენა, მერე ჩაი დავლიეთ, და ბოლოს იგი თავისი ავლა-დიდების ამოლაგებას შეუდგა.
დუსელი მალე გაშინაურდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "იატაკქვეშელთა" შინაგანაწესს გაეცნო (ვან დაანმა შეადგინა).
თავშესაფრის პროსპექტი და გზის მაჩვენებელი ებრაელთა და მათ მსგავსთა დროებითი საცხოვრებელი დაწესებულების შინაგანაწესი:
ღიაა მთელი წლის განმავლობაში. მოხდენილი, წყნარი, უტყეო ადგილი ამსტერდამის ცენტრში.
ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ი: ტრამვაი N 17 და 13, ავტომობილი და ველოსიპედი, ხოლო ვისაც გერმანელებმა ყოველგვარი სახის ტრანსპორტით სარგებლობა აუკრძალეს, ფეხითაც მოაღწევს.
ბ ი ნ ი ს ქ ი რ ა: - უფასო.
დ ი ე ტ ა: - ცხიმგაცლილი საკვები.
გ ამ დ ი ნ ა რ ე წ ყ ა ლ ი: სააბაზანოში (აბაზანა არ დგას) და, სამწუხაროდ, ზოგიერთ კედელზეც.
მ ო ზ რ დ ი ლ ი სა წ ყ ო ბ ი: - ყოველგვარი საქონლის შესანახად.
ს ა კ უ თ ა რ ი რ ა დ ი ო ს ა დ გ უ რ ი: - უშუალო კავშირი ლონდონთან, ნიუ-იორკთან, თელავივთან და მრავალ სხვა სადგურთან. რადიომიმღები მდგმურების განკარგულებაშია საღამოს 6 საათიდან.
დ ა ს ვ ე ნ ე ბ ი ს ს ა ა თ ე ბ ი: - ღამის ათი საათიდან დილის რვის ნახევრამდე, კვირაობით დილის ათ საათამდე. თავშესაფრის მმართველობის განკარგულებით განსაკუთრებულ პირობებში დასვენების საათები შეიძლება დაწესდეს დღისითაც.
საყოველთაო უშიშროების უზრუნველსაყოფად მითითება ზუსტად უნდა შესრულდეს!..
ა რ დ ა დ ე გ ე ბ ი: - ჯერჯერობით გაუქმებულია.
ს ა ლ ა პ ა რ ა კ ო ე ნ ა: - ყველა კულტურული ენა... ოღონდ ჩურჩულით.
ტ ა ნ ვ ა რ ჯ ი შ ი: ყოველდღე.
მ ე ც ა დ ი ნ ე ო ბ ა: - სტენოგრაფია, კვირაში ერთი საათი (წერითი სამუშაო), ინგლისური, ფრანგული, მათემატიკა და ისტორია დღის ყოველ დროს.
ს ა კ ვ ე ბ ი ს მ ი ღ ე ბ ი ს დ რ ო: - საუზმე ყოველდღე 9 საათზე, კვირა დღეებისა და დღესასწაულების გამოკლებით.
ს ა დ ი ლ ი: - 13:15 -დან 13:45 საათამდე.
ვ ა ხ შ ა მ ი: - ცივი ან ცხელი, სხვადასხვა დროს. დამოკიდებულია უკანასკნელი ცნობების გადმოცემაზე.
ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა ნ ი ს უ რ ს ა თ ი თ მ ო მ მ ა რ ა გ ე ბ ე ლ ი კ ო მ ი ს ი ი ს წ ი ნ ა შ ე: - მუდამ მზად უნდა ვიყოთ კონტორის საქმის წარმოებაში დასახმარებლად.
ტ ა ნ ი ს დ ა ბ ა ნ ა: - "აბაზანა" ყოველ კვირა დღეს დილის 9 საათიდან ყველა მობინადრის განკარგულებაშია: ტანის დაბანა შეიძლება საპირფარეშოში, სამზარეულოში, კაბინეტში და კონტორაში - ვისაც როგორ ურჩევნია.
ალკოჰოლიანი სასმელები ნებადართულია მხოლოდ ექიმის რჩევით.
ანა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
როგორც ველოდით, დუსელი მართლა ძალზე სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. თუმცა გულახდილად რომ გითხრა, არც ისე სასიამოვნოა, როცა უცხო კაცი შენს ოთახში ცხოვრობს და ყველაფერს ხელს ჰკიდებს, მაგრამ კეთილი საქმისათვის ზოგი რამ უნდა დათმო.
მთავარია, ადამიანს უშველო, ყველაფერი დანარჩენი წვრილმანია, - ამბობს მამა და მართალიცაა.
დუსელმა პირველსავე დღეს დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი, მაგალითად, რა დროსაა კონტორაში დამლაგებელი ქალი, როდის შეიძლება საპირფარეშოთი სარგებლობა, სად ჯობია ბანაობა.
შენ, ალბათ, გეცინება, კიწი, მაგრამ თავშესაფარში ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვევით ხშირადაა ისეთი ხალხი, რომელთაც ჩვენი საიდუმლო არ გავანდეთ და ამიტომ, როცა კონტორაში უცხო ადამიანია, განსაკუთრებული სიჩუმე უნდა დავიცვათ.
ჩვენ ვიცით, რა დროს რა ხდება. დუსელს ყველაფერი მშვენივრად ავუხსენი, მაგრამ გამაკვირვა მისმა მოუსაზრებლობამ. ყველაფერს ორ-ორჯერ მეკითხებოდა და მაინც ვერ იმახსოვრებდა, ალბათ, გაოცებისაგან ჯერაც ვერ გამორკვეულა, მაგრამ თანდათან ესეც მოგვარდება.
სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. დუსელმა ბევრი რამ გვიამბო გარე სამყაროზე, რომელსაც კარგა ხანია მოვწყდით.
ძალზე სამწუხარო ამბავი გვამცნო. უამრავი ნაცნობი და მეგობარი სადღაც გარეკეს და ახლა სასოწარკვეთილნი საშინელ დასასრულს ელიან.
ყოველ საღამოს ქუჩებში მწვანე და ნაცრისფერი სამხედრო მანქანები დაჰქრიან. გერმანელი "ესესელები" მწვანე მანქანებში სხედან.
ჰოლანდიის ფაშისტური პოლიცია კი შავში და ებრაელებს დაეძებენ. თუ სადმე ერთი კაცი აღმოაჩინეს, მთელ ოჯახს აპატიმრებენ. ყველა კარზე აკაკუნებენ და თუ ვერავინ იპოვეს, მეორე სახლს მიადგებიან.
ზოგჯერ თან დააქვთ სია და ვინც სიაშია "აღნიშნული", მიჰყავთ. არავის არ ასცდება ეს ხვედრი, თუ დროზე არ დაიმალა.
ზოგიერთს გამოსასყიდს ახდევინებენ. მშვენივრად იციან, რა ქონების პატრონია მათი მსხვერპლი. ყოველივე ეს ისე გამოიყურება, როგორც ძველ დროში მონებზე ნადირობა.
ხშირად ასეთი სურათი მიდგას თვალწინ: რამდენიმე საზარელი არსება ცემითა და წამებით მიერეკება წესიერ უდანაშაულო ადამიანებს, რომელთაც ატირებული ბავშვები მიჰყავთ, მიერეკებიან მანამდე, სანამ მუხლები არ მოეკეცებათ.
არავის არ ინდობენ, არც მოხუცებს, არც ძუძუთა ბავშვებს, არც ფეხმძიმე ქალებს, არც ავადმყოფებს და არც ხეიბრებს. ყველა, ყველა ჩაუთრევიათ ამ სასიკვდილო ფერხულში.
ჩვენ კი რა კარგად, რა მშვიდად მოვეწყვეთ. მთელი ეს უბედურება ოდნავადაც არ შეგვაწუხებდა, იმათი ჯავრი და შიში რომ არ გვკლავდეს, ვინც ჩვენთვის ძვირფასია, ვინც თავს ვერ უშველა.
ხანდახან ჩემი თავი მეჯავრება. მე აქ თბილ ლოგინში ვწევარ, ჩემი საუკეთესო მეგობრები კი სადღაც ღია ცისქვეშ ქარსა და წვიმაში საშინლად იტანჯებიან და ზოგი ალბათ დაიღუპა კიდეც.
უსაზღვრო შიში მიპყრობს, როცა ვიგონებ იმათ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა, და რომლებიც ახლა ყველაზე სასტიკ ჯალათებს ჩაუვარდნენ ხელში, ჯალათებს, რომელთა მსგავსი ისტორიას არ ახსოვს.
და მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები არიან!..
ანა
პარასკევი, 20 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
მართალი გითხრა, ცოტა არ იყოს, ყველანი დავიბენით. ადრე ჩვენამდე ნაკლებად აღწევდა ცნობები ებრაელებზე, იქნებ ჯობდა კიდეც, რომ ასე დაწვრილებით არ ვიცოდით ყველაფერი.
როცა ზოგჯერ მიპი გვიყვებოდა რაიმეს ნაცნობების სამწუხარო ბედზე, დედა და ქალბატონი ვან დაანი მუდამ ტიროდნენ და მიპმა გადაწყვიტა, აღარაფერი ეამბნა.
მაგრამ დუსელს მაშინვე უამრავი კითხვები დააყარეს და იმდენი საზარელი და ბარბაროსული რამ გვიამბო, რომ ძნელი მოსანელებელია.
როცა ეს მოგონებანი გაუფერულდება, ნუთუ ისევ შევძლებთ სიცილსა და უდარდელად მხიარულებას? მაგრამ თუ სამუდამოდ დავმწუხრდებით და ჩვენს თავშესაფარს ჭმუნვის სავანედ გადავაქცევთ, ვერც საკუთარ თავს გამოვადგებით და ვერც გარეთ დარჩენილთ.
რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი ფიქრები მუდამ იმათთანაა, ვინც წაიყვანეს. საკმარისია უზრუნველად გავიცინო და მაშინვე შიში მიპყრობს, ჩემს თავს ვუსაყვედურებ მხიარულებას. მაგრამ ნუთუ მთელი დღე დამწუხრებული უნდა ვიყო?
მე ასე არ შემიძლია, მგონი უგუნებობა გამივლის. ამ სადარდებელს ჩემი პირადი უსიამოვნებაც ერთვის.
მართალია, იმ დიდ უბედურებასთან შედარებით, რაზედაც ეს წუთია გწერდი, პირადი განცდები სრულიად არაფერია, მაგრამ მაინც მინდა გითხრა, რომ ამ ბოლო დროს საოცარ მარტოობას ვგრძნობ. ჩემში სიცარიელე დამკვიდრდა.
ადრე ამაზე არ ვფიქრობდი, გართობა და მეგობრები ავსებდნენ ჩემს ფიქრებს, ახლა კი რთული პრობლემები მაწუხებს.
გავიგე ისიც, რომ მამასაც კი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, არ ძალუძს, მთელი ჩემი უწინდელი სამყაროს მაგივრობა გამიწიოს.
შენ ალბათ გგონია, რომ ძალზე უმადური ვარ, არა, კიწი? ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დიდხანს ვერ გავუძლებ ამგვარ ცხოვრებას.
გესმოდეს მთელი ეს საშინელება, გაწუხებდეს საკუთარი სადარდებელი და ამავე დროს ყველასთვის ხელწამოსაკრავი იყო.
ანა
შაბათი, 28 ნოემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
ბევრი ელექტროენერგია დავწვით და ლიმიტი გადავხარჯეთ. ახლა უკიდურესი მომჭირნეობა გვმართებს, თორემ შეიძლება დენი გამოგვითიშონ და 14 დღე უსინათლოდ დაგვტოვონ.
ოთხიდან თუ ხუთის ნახევრიდან კითხვა აღარ შეგვიძლია, ამიტომ სხვადასხვა გასართობს ვიგონებთ და დროს ასე ვკლავთ.
ვეუბნებით ერთმანეთს გამოცანებს, ვვარჯიშობთ სიბნელეში, ვლაპარაკობთ ინგლისურად ან ფრანგულად, ვმსჯელობთ წაკითხულ წიგნებზე, მაგრამ გაჭიანურებული ყველაფერი მოსაბეზრებელია.
ახლა მე ახალი გასართობი ვიპოვე, საველე ბინოკლით მეზობლების განათებულ ფანჯრებში ვიჭვრიტები. დღისით ერთი სანტიმეტრითაც კი არ შეიძლება ფარდის გადაწევა, მაგრამ საღამოს არც ისე სახიფათოა.
ადრე არ მეგონა მეზობლების ცხოვრება თუ ასე საინტერესოა. ზოგს სადილობისას ვაკვირდებოდი, ერთ ოჯახში კინოფილმი გაუშვეს, მოპირდაპირე სახლში მოხუცი კბილის ექიმი მშიშარა დედაბერს მკურნალობდა.
მართლა, კბილის ექიმის გახსენებაზე! ბატონი დუსელი, რომელზედაც ამბობდნენ, შესანიშნავად ექცევა ბავშვებს და ძალიან უყვარს პატარებიო, დრომოჭმული შეხედულებებით ყოფილა სავსე და მუდამ ზრდილობიანი ქცევისა და თავდაჭერის შესახებ ქადაგებს.
როგორც ცნობილია, მაქვს საეჭვო "ბედნიერება" ამ "დიდად პატივცემულ" ვაჟბატონთან ერთ ოთახში ცხოვრებისა და რადგან ჩვენი მოზარდი სამეულიდან მე ყველაზე უზრდელად მთვლიან, მუდამ იმის ცდაში ვარ, რომ თავიდან ავიცილო დაუსრულებელი საყვედურები და ჭკუის დარიგება, ან თავი მოვიყრუო.
მაგრამ ამას როგორმე გავუძლებდი, ეს კაცი რომ ასეთი "მაბეზღარა" არ იყოს და ყოველ წუთში მაინცდამაინც დედასთან არ გარბოდეს საჩივლელად.
ჯერ კიდევ მისი საყვედურები ვერ მომინელებია, ამ დროს მოდის დედა და ცეცხლზე ნავთს ასხამს, ხოლო თუ ბედი განსაკუთრებით მწყალობს, ხუთი წუთის შემდეგ ქალბატონი ვან დაანი მიბარებს და ახლა ის მებუზღუნება.
ასეა, კიწი! ადვილი ნუ გგონია, როცა ცუდად აღზრდილი არსება მუდამ კრიტიკულად განწყობილი იატაკქვეშელი ოჯახის დაუსრულებელი საყვედურების მთავარ ობიექტს - იგულისხმე, მეხამრიდს წარმოადგენ!
საღამოს, როცა საწოლში ვწევარ, იმ უამრავ ცოდვებზე და დანაშაულზე ვფიქრობ, რომელთაც მაწერენ.
საჩივრების სიუხვე იმდენად მაბნევს, რომ ხშირად ვტირი, ანდა ვიცინი, გააჩნია, ჩემს შინაგან განწყობილებას.
შემდეგ კი ჩამეძინა ყოვლად ჭკუისშემშლელი ფიქრებით, სახელდობრ: ისეთი კი არ უნდა გავხდე, როგორიც მე მინდა, არამედ სულ სხვანაირი, ანდა მე სულ სხვანაირი ვარ და არა ისეთი, როგორიც მინდა ვიყო, ისე კი არ უნდა გავაკეთო ყველაფერი, როგორც მე მსურს, არამედ სხვანაირად.
მინდა, სულ სხვანაირი გავხდე და არა ისეთი, როგორიც ვარ, რადგან მე სულ სხვანაირი ვარ და არა ისეთი, როგორიც მინდა ვიყო...
და აი, შენც დაგაბნიე! ნუ გამიჯავრდები! მე არ ამოვშლი არაფერს, რაც აქ შავით თეთრზე წერია.
ახლა, როცა ასე ჭირს ქაღალდის შოვნა, ფურცლის ამოხევაც ცოდვაა!
ამიტომ შემიძლია, მხოლოდ რჩევა მოგცე: ნუღარ წაიკითხავ უკანასკნელ წინადადებას და ნუ ეცდები გაიგო, თორემ ისე დაიბნევი, თავს ვეღარ გაართმევ!
ანა
ორშაბათი, 7 დეკემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
წელს ხანუკა (ებრაელთა საშობაო დღესასწაული (ძვ. წ. 164 წლის 25.XII იუდა მაკაბეველმა იერუსალიმში ხელახლა აკურთხა ანტიოქოს IV მიერ წაბილწული ტაძარი) და წმინდა ნიკოლოზის დღე (ჰოლანდიელები წმინდა ნიკოლოზის დღეს უფრო ზეიმობენ, ვიდრე შობას.) თითქმის ერთმანეთს ემთხვევა.
ხანუკას აღსანიშნავად მხოლოდ სანთლები დავანთეთ და ისიც ათი წუთით, რადგან სანთლები ახლა ძნელი საშოვარია, ხოლო როცა სიმღერა გაისმა, ნამდვილი საზეიმო ვითარება შეიქმნა!
ბატონმა ვან დაანმა ლამაზი ხის შანდალი გამოთალა. მაგრამ შაბათს წმინდა ნიკოლოზის დღე მეტი ზეიმით აღვნიშნეთ.
ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა, რაზე ეჩურჩულებოდნენ ელი და მიპი მამას, როცა ზევით ამოდიოდნენ. ვგრძნობდით, რომ რაღაცას გვიმზადებდნენ. და აი, რვა საათზე გრძელი დერეფნის გასწვრივ კიბეზე დავეშვით და პატარა გასასვლელ ოთახში აღმოვჩნდით.
მე შიშმა შემიპყრო და მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ უვნებელი დავბრუნებულიყავი უკან! რადგან ამ ოთახს ფანჯრები არ ჰქონდა, სინათლე აანთეს. მამამ კედლის დიდი განჯინა გამოაღო: - ო, რა ლამაზია, - წამოიძახა ყველამ.
განჯინაში იდგა დიდი კალათი ჭრელი ქაღალდით ლამაზად მორთული და "შავი პეტერის" სიმბოლური ნიღბით დამშვენებული.
კალათი მშვიდობიანად ავიტანეთ ზევით და ყველამ თავისი საჩუქარი მიიღო; მას სათანადო ლექსიც ახლდა.
შენ კარგად იცი, როგორი ლექსი იწერება ამგვარ შემთხვევებში და ამიტომ აქ აღარ მომყავს.
მაჩუქეს ნამცხვრის დიდი თოჯინა. მამამ წიგნის ქვესადგამი მიიღო, დედამ კალენდარი, ქალბატონმა ვან დაანმა ტომარა მტვრის ჩვრების შესანახად, ბატონმა ვან დაანმა საფერფლე.
ყველას შეურჩიეს სასიამოვნო საჩუქარი. ჩვენ პირველად ვიზეიმეთ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული და ვთვლით, რომ პრემიერამ წარმატებით ჩაიარა.
ცხადია, ჩვენი "ქვემოთა" მეგობრებისთვისაც მოვამზადეთ საჩუქრები იმ ნივთებიდან, რაც ძველი უკეთესი დროიდან შემოგვრჩა.
სწორედ დღეს გავიგეთ, რომ საფერფლე ბატონ ვან დაანისათვის და წიგნების ქვესადგამები მამაჩემისთვის ბატონმა ვოსენმა თვითონ გააკეთა.
ანა
ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
ბატონი ვან დაანი ხორცის, ძეხვის და საბაყლო განყოფილებას განაგებდა. ფირმამ იგი მიიწვია, როგორც ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტი. და ახლა, ჩვენდა სასიხარულოდ, მან თავი გამოიჩინა, როგორც "ძეხვის" ოსტატმა.
ჩვენ ბევრი საძეხვე ხორცი შევუკვეთეთ (ცხადია, შავ ბაზარზე), გადავწყვიტეთ შავი დღისთვის ძეხვი მოგვემარაგებინა. საინტერესო საყურებელია: ხორცს ჯერ საკეპ მანქანაში გაატარებენ ორ-სამჯერ, შემდეგ შეანელებენ, კარგად აზელენ და ბოლოს მილაკის მეშვეობით ნაწლავებს ავსებენ.
ჩვენ უკვე მივირთვით სადილად შემწვარი ძეხვი კომბოსტოს მწნილით. მაგრამ შებოლილი ძეხვი რომ დამზადდეს, კარგად უნდა გამოშრეს. ამიტომ ძეხვი ჭერქვეშ ძელზე გაჭიმულ თოკებზე ჩამოკიდეს. ყველა, ვინც ოთახში შემოდის, ჭერქვეშ მოქანავე ძეხვებს ხედავს და იცინის. მართლაც სასაცილოა.
ოთახში საშინელი აურზაური იყო. ბატონი ვან დაანი (ცოლის წინსაფარი შემოეხვია და უფრო სქელი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო) თავგამოდებით დასტრიალებდა ხორცს.
გასისხლიანებული ხელები, გაოფლიანებული, ალეწილი პირისახე და დალაქული წინსაფარი ნამდვილი ყასბის იერს აძლევდა.
ქალბატონ ვან დაანს, ჩვეულებრივ, ყველაფრის ერთბაშად გაკეთება სურს: სწავლობს სახელმძღვანელოდან ჰოლანდიურს, ურევს წვნიანს, თვალყურს ადევნებს ხორცს და ამავე დროს კვნესის, რადგან ნეკნი სტკივა.
აი, რა ხდება, როცა პატივმოყვარე, ხანში შესული (!!) მანდილოსნები სქელი უკანალის გასახდომად ყოვლად სახიფათო ტანვარჯიშს მიმართავენ.
დუსელს თვალის ანთება აქვს, მთელი დღე ღუმელთან ზის და თვალზე კომპრესს იდებს.
ფანჯარასთან ჩამომჯდარ მამას მზის ნაზი სხივი დაჰნათის. ალბათ, ისევ რევმატიზმი სტანჯავს, რადგან მოხრილი ზის და საცოდავი სახით ადევნებს თვალს ბატონ ვან დაანის საქმიანობას.
პეტერი დაარბენინებს ოთახში კატას (კატას მუში ჰქვია). მე, დედა და მარგო კარტოფილს ვფცქვნით, მაგრამ ამ საქმეს მექანიკურად ვაკეთებთ და მონუსხულებივით შევცქერით ბატონ ვან დაანს.
დუსელმა, როგორც კბილის ექიმმა, პრაქტიკა განაახლა. მოგანიჭებ სიამოვნებას და მოგიყვები, როგორ შეუდგა მკურნალობას. დედა აუთოვებდა, როცა ქალბატონმა ვან დაანმა განიზრახა, პირველი პაციენტი გამხდარიყო. ქალბატონი ვან დაანი შუა ოთახში დადგმულ სკამზე დაჯდა, დუსელმა კი საქმიანად და მშვიდად ამოალაგა ინსტრუმენტები; სადეზინფექციოდ ოდეკოლონი მოითხოვა, ხოლო ცვილის ნაცვლად - ვაზელინი.
ამის შემდეგ ქალბატონ ვან დაანს პირში ჩახედა, უკანა კბილები გაუსინჯა. დააკაკუნა, მოჩხრიკა. ქალბატონი წამდაუწუმ ტოკავდა, თითქოს ტკივილისაგან სული ეხუთებოდა და ყოვლად უცნაურ ბგერებს გამოსცემდა.
ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ პაციენტს ასე ეგონა, თორემ სინამდვილეში მხოლოდ ორი წუთი თუ გავიდა - დუსელმა გადაწყვიტა, გამოხრული კბილი ამოეწმინდა. მაგრამ ამაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო! ქალბატონი ვან დაანი ველურივით იქნევდა ხელებს და წიხლებს ისროდა, ასე რომ, დუსელი იძულებული შეიქნა ხელი შეეშვა კაუჭისათვის, რომლითაც კბილს უწმენდდა.
ქალბატონ ვან დაანს კაუჭი კბილში გაეჩხირა. ახლა კი აიწყვიტა ეშმაკმა! კბილში კაუჭგაჩრილი ქალბატონი აქეთ-იქით აწყდებოდა და ცდილობდა როგორმე ამოეძრო, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად ირჭობდა კბილში.
დოინჯშემოყრილი დუსელი სრულიად მშვიდად იდგა იქვე და ამ სპექტაკლს უყურებდა, დანარჩენები ვხარხარებდით. ჩვენი მხრივ, ეს სიმდაბლე იყო: ალბათ, მეც გვარიანად ვიღრიალებდი.
ბოლოს, საშინელი გარჯის, ოხვრისა და კვნესის შემდეგ ქალბატონმა კბილებში გაჩხირული იარაღი ამოიძრო და დუსელმა ისევ განაგრძო მუშაობა, თითქოს აქ არაფერიაო.
მუშაობდა სწრაფად. პაციენტს დრო აღარ რჩებოდა, რაიმე მოემოქმედებინა. დუსელს ალბათ არასოდეს არ ჰყოლია ამდენი თანაშემწე. მე და ბატონი ვან დაანი ასისტენტები გახლდით და ყველანი ერთად უთუოდ ისე გამოვიყურებოდით, თითქოს გაცოცხლებულიყოს შუასაუკუნეების ნახატი "შარლატანები მუშაობენ".
ბოლოს და ბოლოს პაციენტმა მოთმინება დაკარგა და განაცხადა, სადილს უნდა მივხედოო. ერთი რამ ცხადია: ქალბატონი ვან დაანი ასე მალე აღარ მიაკითხავს კბილის ექიმს.
ანა
კვირა, 13 დეკემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
დიდი კონტორის ფანჯარასთან მყუდროდ მოვიკალათე და სქელ ფარდებს შორის დარჩენილი ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებ, რა ხდება გარეთ. თუმცა ბინდი ჩამოწვა, მაგრამ, იმისათვის რომ შენ მოგწერო, სინათლე კმარა.
უცნაური საყურებელია, როგორ დარბიან ადამიანები ქუჩაში! ასე მგონია, საშინლად ეჩქარებათ სადღაც და ლამისაა საკუთარ ფეხებს გამოედონ. ველოსიპედებს ისე მიაქროლებენ, რომ ძნელი გასარჩევია, ვინ ზის ზედ, ქალი თუ კაცი.
ჩვენი რაიონი ტიპური მუშათა უბანია. უმრავლესობას სიღარიბის დაღი აზის, ბავშვები კი ისეთი ჭუჭყიანები არიან, რომ მხოლოდ საკეცით თუ შეეხები. ნამდვილი წვინტლიანი ქუჩის ბავშვებია, რომლებიც ძნელად გასაგებ დიალექტზე ლაპარაკობენ.
გუშინ, როცა მე და მარგო ტანს ვიბანდით, ასეთი აზრი დამებადა: რა კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს ამ პატარა საზოგადოებიდან რამდენიმე ბავშვის ანკესით დაჭერა, ზევით ამოყვანა, აბაზანაში ჩასმა, დაბანა, სუფთად გამოწყობა და სათამაშოდ ქუჩაში გაშვება, მაშინ... - ხვალ ისეთივე ჭუჭყიანები და ჩამოფხრეწილები ირბენენ, - შემაწყვეტინა მარგომ.
გარეთ სხვაც ბევრია საინტერესო: ავტომობილები, კაპარჭები, წვიმა. მესმის ტრამვაის ბორბლების ღრჭიალი და ათასგვარ ამბებს ვთხზავ.
ჩვენი ფიქრები ისევე ნაკლებად იცვლებიან, როგორც ჩვენ თვითონ, მუდამ ერთ წრეში ტრიალებენ: ებრაელები - საჭმელი, საჭმელი - პოლიტიკა, ხოლო პოლიტიკიდან... რაკი ებრაელები ვახსენე, აი რა უნდა გითხრა: გუშინ, როცა ჭუჭრუტანაში ვიცქირებოდი, ქუჩაში ორმა ებრაელმა გაიარა.
უცნაური გრძნობა მქონდა, თითქოს მე ისინი გავეცი იმით, რომ აქ ვზივარ და მათ უბედურებას ვუყურებ.
ზუსტად ჩვენი სახლის პირდაპირ საცხოვრებელი ბარჟა დგას. ბარჟაზე ცხოვრობს მეზღვაური თავისი ოჯახით. ჰყავთ პატარა ძაღლი, რომელსაც ყეფით ვცნობთ და რომლის კუდს მხოლოდ მაშინ ვხედავ, როცა ქიმის გასწვრივ დარბის.
ისევ დაუშვა წვიმამ, ადამიანთა უმრავლესობამ ქოლგებს შეაფარა თავი. ახლა მხოლოდ საწვიმარები და აქა-იქ კაპიუშონები მოჩანს.
დასანახი მეტი არც არაფერია. მე ისედაც კარგად ვიცნობ ამ ქალებს, მწვანე და წითელი მაკინტოშებით რომ ჩაივლიან ხოლმე.
გაცვეთილი ქუსლები, მკლავზე ჩამოკიდებული გახეხილი ჩანთები, შეშუპებული, დამძიმებული სხეულები, რადგან სხვა საჭმელი არა აქვთ და კარტოფილს ეძალებიან.
ზოგს საცოდავი გამომეტყველება აქვს, ზოგს კმაყოფილი, ალბათ იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათზეა ქმარი.
ანა
სამშაბათი, 22 დეკემბერი, 1942
ძვირფასო კიწი!
თავშესაფრამდე სასიხარულო ამბავმა მოაღწია: საშობაოდ ყველას დამატებით 100 გრამ კარაქს დაგვირიგებენ.
ოფიციალურად ნახევარ გირვანქას იძლევიან, მაგრამ ეს ეხება იმ ბედნიერ მომაკვდავთ, რომლებიც გარეთ თავისუფლად ცხოვრობენ, ჩვენ, ლტოლვილებს კი რვა კაცზე მხოლოდ ოთხი ბარათი გვაქვს და 100 გრამიც გვახარებს.
ჩვენ გვინდა ამ კარაქით რამე გამოვაცხოთ. მე გამოვაცხობ პურის კვერებს და ორ ტორტს. სანამ საოჯახო საქმეს არ მოვრჩებით, დედა არც კითხვის უფლებას გვაძლევს და არც მეცადინეობისა.
ნეკნნატკენი ქალბატონი ვან დაანი საწოლში წევს, დილიდან საღამომდე მოთქვამს და ჩვენდა უნებურად უნდა მოვუაროთ.
წარამარა კომპრესებს ვადებთ, მაგრამ მაინც სულ უკმაყოფილოა. მირჩევნია, ფეხზე იდგეს და საკუთარ საქმეს თვითონ მიხედოს. ერთი რამ უნდა ვაღიარო: იგი ძალზე შრომისმოყვარეა, ხოლო როცა სულიერად და ფიზიკურად კარგად გრძნობს თავს, მხიარულიც.
ის არ კმარა, რომ მთელი დღე მაჩუმებენ "სუ, სუ"-ო, აქაოდა ძალზე ხმამაღლა ვლაპარაკობ, ახლა ჩემს პატივცემულ მეზობელს დასჩემდა ღამეც მისისინოს.
მას რომ ჰკითხო, ღამე საწოლში გადაბრუნებაც კი არ შეიძლება. მე თავი ისე მიჭირავს, თითქოს ვერაფერს ვამჩნევ, მაგრამ დღეიდან, როგორც კი მომაძახებს "სუ, სუ"-ო, მეც ასეთივე სისინით ვუპასუხებ. ისედაც გაბრაზებული ვარ მასზე.
კვირაობით უთენია დგება, სინათლეს ანთებს და ვარჯიშს იწყებს. ასე მგონია, თითქოს ვარჯიში საათობით გრძელდება. ამავე დროს ძალიან მოურიდებელია, წარამარა ეჯახება სკამებს, რომელთაც საწოლის დასაგრძელებლად ვიყენებ, და საბოლოოდ მაფხიზლებს.
ვდგები, მაგრამ ძილი მაკლია, სიამოვნებით დავიძინებდი კიდევ რამდენიმე ხანს. ხოლო როცა "სიძლიერისა და სილამაზისაკენ" მიმავალი გზა იწურება, დუსელი ჩაცმას იწყებს.
ნიფხავს დაწოლის წინ კაუჭზე კიდებს, ამიტომ ჯერ იქითკენ მიდის, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რა თქმა უნდა, ავიწყდება ჰალსტუხი, რომელიც მაგიდაზე დევს.
ახლა ისევ იქით-აქეთ დარბის, თანაც სკამებს ეჯახება. მშვიდობით, ჩემო კვირის ტკბილო ძილო!
მაგრამ რა აზრი აქვს სასაცილო მოხუცებზე ჩივილს? ხანდახან ხელები მექავება, მინდა რაიმე ოინი მოვუწყო: დავუკეტო კარი, ამოვხრახნო ნათურა, დავუმალო ტანსაცმელი?!
თავს მხოლოდ იმით ვიკავებ, რომ არ მინდა სანატრელი სიმშვიდე დავარღვიო.
ოჰო, მე ჭკუა მემატება! აქ ყველაფერი გონივრულად უნდა გააკეთო: ენას კბილი დააჭირო, სხვებს გაუგონო, ზრდილობიანად, თავაზიანად მოექცე, დაუთმო და კიდევ რამდენი რამ.
ჭკუა, რომელიც ისედაც ცოტა მაქვს, ალბათ, აქ ძალიან ჩქარა შემომეხარჯება და ომის შემდგომი დროისათვის აღარაფერი დამრჩება.
ანა
ოთხშაბათი, 13 იანვარი, 1943
ძვირფასო კიწი!
დღეს ისევ საზიზღარ გუნებაზე ვართ, არ შეგვიძლია მშვიდად ჯდომა და მუშაობა.
ქვეყანაზე რაღაც საშინელება ტრიალებს. საბრალო ხალხს დღე და ღამე სადღაც მიერეკებიან და, გარდა ზურგჩანთისა და ცოტაოდენი ფულისა, თან არაფრის წაღების უფლებას არ აძლევენ (შემდეგ ამასაც ართმევენ).
ოჯახებს ანცალკევებენ, ბავშვებს დედ-მამას აშორებენ. ზოგჯერ სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს შინ მშობლები აღარ ეგებებიან, სავაჭროდ გასულ ქალს ბინა დალუქული ხვდება, ხოლო ოჯახი გასახლებული.
ახლა ქრისტიანებს შორისაც დიდი მღელვარებაა. ახალგაზრდებს, ვაჟიშვილებს, გერმანიაში აგზავნიან. ყველა დადარდიანებულია!
ყოველ ღამე ჰოლანდიის გავლით ასობით თვითმფრინავი მიფრინავს გერმანიის ქალაქების დასაბომბად.
რუსეთსა და აფრიკაში ყოველ საათში ათასობით ადამიანი იღუპება! მთელი მსოფლიო გაგიჟდა, ყველგან ნგრევა და სიკვდილია.
ცხადია, მოკავშირეები ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამ ამბავს ბოლო მაინც არ უჩანს.
ჩვენ რა გვიჭირს, მილიონობით ადამიანზე უკეთ ვცხოვრობთ. ვსხედვართ ჩვენთვის მშვიდად, საიმედოდ, შეგვიძლია ომის შემდგომ გეგმებზეც ვიფიქროთ, გვახარებს ახალი ტანსაცმელი და წიგნი.
უკეთესი იქნებოდა გვეფიქრა იმაზე, თუ როგორ დავზოგოთ ყოველი ცენტი და ტყუილუბრალოდ არ გადავაგდოთ, რადგან უნდა გადავარჩინოთ ყველა, ვისი გადარჩენაც კი შეიძლება და დახმარება აღმოვუჩინოთ.
ჩვენი უბნის ბავშვები თხელი ბლუზების ამარა, უპალტოოდ, უქუდოდ, უხელთათმნოდ დატანტალებენ, ფეხზე ხის ქოშები აცვიათ. კუჭი ცარიელი აქვთ, სტაფილოს ღრღნიან, ცივი ბინიდან სველ ქუჩაში გამორბიან (ქუჩაში ქარი ქრის), სკოლაში მიდიან და გაყინულ, ნესტიან კლასში სხედან.
ჰოლანდია იქამდე მივიდა, რომ ბავშვები ქუჩაში გამვლელებს პურის ნატეხს სთხოვენ.
შემიძლია საათობით ვილაპარაკო იმაზე, თუ რა უბედურება მოაქვს ომს, მაგრამ მე ეს კიდევ უფრო მეტად მაღონებს.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მშვიდად და გულმაგრად ველოდოთ, როდის მიიწურება შავი დღე.
ელის ყველა, ებრაელი და ქრისტიანი, ელიან ხალხები და მთელი მსოფლიო და... ბევრი სიკვდილს ელის!
ანა
შაბათი, 30 იანვარი, 1943
ძვირფასო კიწი!
ლამის გავცოფდე, მაგრამ თავი უნდა შევიკავო. მინდა ფეხები ვაბაკუნო, ვიყვირო, დედა შევანჯღრიო და არ ვიცი, მეტი რაღა ვქნა იმ დამცინავი მზერის, ბოროტი სიტყვებისა და ბრალდებების გამო, რომელთაც ყოველდღე ისე მაყრიან, როგორც ისრებს მაგრად დაჭიმული მშვილდიდან.
მინდა ვუყვირო დედას, მარგოს, დუსელს, ვან დაანებს და მამასაც კი: თავი დამანებეთ, მომასვენეთ! განა ასე აუცილებელია ყოველ ღამე ცრემლით დასველებულ ბალიშზე დამეძინოს დასიებული თვალებით და დამძიმებული თავით.
ნუ მომეკარებით, მინდა ყველას გაგეცალოთ, თუმცა უმჯობესია საერთოდ გავეცალო ამ ქვეყანას! მაგრამ არაფერი გამომდის. მათ წარმოდგენა არა აქვთ, როგორ წარმეკვეთება სასოება, არ ესმით, რა ტკივილს მაყენებენ.
მათ თანაგრძნობასა და ირონიას სრულიად ვეღარ ვიტან! ისე ვარ გამწარებული, ლამის ვიბღავლო.
საკმარისია, პირი გავაღო და მათ უკვე ჰგონიათ, თითქოს რაღაცა ზედმეტი ვთქვი. როცა ჩუმად ვარ, ეცინებათ; ყოველი ჩემი პასუხი უკმეხად ეჩვენებათ, გონივრული აზრი - ცბიერებად, თუ დავიღალე, ზარმაცს მეძახიან, თუ ერთი ზედმეტი კოვზი გადმოვიღე - ეგოისტს.
რას არ მაწერენ: მხდალიც ვარ, ანგარიშიანიც, ეშმაკიც და ა. შ. მთელი დღე მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, თუ რა აუტანელი არსება ვარ.
თუმცა მე ვიცინი და ისე მიჭირავს თავი, თითქოს ყველაფერი ფეხებზე მკიდია, მაგრამ სინამდვილეში სრულებით არ არის ასე.
ღმერთს ვთხოვდი, ისეთი ხასიათი მოეცა ჩემთვის, რომელიც ყველას ჩემს წინააღმდეგ არ აამხედრებდა, მაგრამ ვიცი, რომ ამას არაფერი ეშველება. ბუნებამ ასეთი შემქმნა. თუმცა მე ვგრძნობ, რომ ცუდი არა ვარ. მათ ოდნავადაც კი ვერ
წარმოუდგენიათ, როგორ ვცდილობ ვასიამოვნო ყველას. ჩემი ღრმა მწუხარება რომ დავმალო, მათთან ერთად ვიცინი.
რამდენჯერ მიმიხლია დედისათვის პირში, როცა უსამართლოდ მომქცევია: - ჩემთვის სულ ერთია, თქვი, რაც გინდა, ოღონდ თავი დამანებე, ხომ ხედავ, რომ გამოუსწორებელი ვარ-მეთქი!
ამის შემდეგ მეუბნებიან, თავხედი ხარო და მეორე დღეს ზედ არ მიყურებენ. შემდეგ ყველაფერს ივიწყებენ და მაპატიებენ.
მე კი არ შემიძლია ერთ დღეს ადამიანს ვესიყვარულებოდე, ველაქუცებოდე, ხოლო მეორე დღეს მძულდეს!
უმჯობესია, ავირჩიო საშუალო ხაზი, ჩემი ფიქრები ჩემთვის შევინახო და მათ ისევე აგდებულად მოვექცე, როგორც მე მექცევიან.
ნეტავ კი შემაძლებინა!
ანა
პარასკევი, 5 თებერვალი, 1943
ძვირფასო კიწი!
ჩხუბსა და კინკლაობაზე დიდი ხანია შენთვის არაფერი მომიწერია, თუმცა ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ბატონი დუსელი პირველად ტრაგიკულად აღიქვამდა ყოველგვარ უთანხმოებას, მაგრამ ბოლოს შეეჩვია ამას და ცდილობს არ ჩაერიოს.
მარგოსა და პეტერში "ახალგაზრდული" არაფერია, ორივე წყნარია, თავს შეგაწყენენ. რა თქმა უნდა, მე მათგან გამოვირჩევი და წამდაუწუმ მესმის: - აიღე მაგალითი მარგოსა და პეტერისაგან, ისინი არასოდეს არ იქცევიან შენსავით! რა საძაგლობაა! უნდა გამოგიტყდე, რომ არაფრის გულისთვის არ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც მარგოა.
ჩემი აზრით, იგი ძალზე მოდუნებული და უნიათოა. ყველას გავლენის ქვეშ ექცევა, ყველას უთმობს. ადამიანს ხომ უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი! ჯობია, გავჩუმდე და ეს თეორია არავის გავუზიარო, თორემ დამცინებენ. სუფრაზე მუდამ იგრძნობა დაძაბულობა. იგი მხოლოდ მაშინ კლებულობს ოდნავ, როცა კონტორიდან სტუმრები გვეწვევიან, რომლებიც ერთი თეფში წვნიანის შესახვრეპად ამოდიან ჩვენთან.
დღეს, სადილზე ბატონმა ვან დაანმა კვლავ აღნიშნა, რომ მარგო ძალიან ცოტას ჭამს. - ალბათ გასუქების ეშინია, - გესლიანად დასძინა მან. დედამ, რომელიც მუდამ თავგამოდებით იცავს მარგოს, ხმამაღლა მიახალა: - მე ვეღარ ვიტან თქვენს სულელურ შენიშვნებს! ქალბატონი ვან დაანი ჭარხალივით გაწითლდა. დარცხვენილი ვან დაანი კი ერთ წერტილს მიაშტერდა.
ზოგჯერ ყველანი ბევრს ვიცინით. ამას წინათ ქალბატონმა ვან დაანმა ძალიან გაგვამხიარულა. გვიამბო, როგორ არშიყობდა ახალგაზრდობაში და რა მარჯვედ "ატყუებდა" მამას. - თუ ახალგაზრდა კაცი ხელების ფათურს დაგიწყებს, მარიგებდაო მამა, შენ უნდა უთხრა: "ბატონო ჩემო, მე წესიერი ქალი გახლავართ!" და იგი იმწამსვე მიხვდება, ვისთან აქვს საქმე! - ჩვენ ისე ვიცინოდით, თითქოს ძალზე გონებამახვილი ხუმრობა მოვისმინეთ.
თუმცა პეტერი ძალიან წყნარია, მაგრამ ზოგჯერ მაინც დავცინით და ამით ვერთობით. მისი სუსტი მხარე უცხო სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობა მეტწილად არ ესმის და ზოგჯერ ისე უადგილოდ ხმარობს, რომ დიდი სისულელე გამოდის.
ერთ დღეს კონტორაში ხალხი იყო და საპირფარეშოთი სარგებლობა არ შეიძლებოდა, მაგრამ პეტერს გაუჭირდა, მოისაქმიანა და არ ჩარეცხა. ჩვენს გასაფრთხილებლად კი კარებზე ქაღალდი მიაკრა და ზედ წააწერა "s'il vous plaît", - გაზებია!"
ცხადია მას უნდოდა ეთქვა "ფრთხილად, გაზებია!" მაგრამ ეგონა ფრანგული უფრო ზრდილობიანად ჟღერს და ჩანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ "s'il vous plaît" ნიშნავს "ინებეთ, გეთაყვა".
ანა
შაბათი, 27 თებერვალი, 1943
ძვირფასო კიწი!
ყოველდღე ველით მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმას. ჩერჩილს ფილტვების ანთება ჰქონდა, მაგრამ ახლა უკეთაა. განდიმ, რომელიც ინდოეთის განთავისუფლებისათვის იბრძვის, ეს უკვე მერამდენეჯერ გამოაცხადა შიმშილობა.
ქალბატონი ვან დაანი გვარწმუნებს, რომ ფატალისტია. მაგრამ ვის აცახცახებს ყველაზე მეტად სროლის დროს? რა თქმა უნდა, მას, პეტრონელას.
ჰენკმა მოგვიტანა ეპისკოპოსის მიმართვა მრევლისადმი, რომელსაც საჯაროდ კითხულობენ ყველა ეკლესიაში. მიმართვა დიდებული და აღმაფრთოვანებელია. «ნიდერლანდელებო, გულ-ხელი ნუ დაგიკრეფიათ! შეიარაღდით და იბრძოლეთ ხალხისა, თავისუფლებისა, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის. დაეხმარეთ ერთმანეთს, ნურაფერს დაიშურებთ ერთმანეთისათვის, ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას!..» აი რას ქადაგებს ეპისკოპოსი. მოიტანს კი შვებას ამგვარი ქადაგება? ჩვენთვის, ებრაელებისათვის, ცხადია, არა.
რომ იცოდე, რა მოხდა. ჩვენმა სახლის პატრონმა სახლი გაყიდა ისე, რომ არც ბატონი კოოპჰოისი გაუფრთხილებია და არც ბატონი კრალერი. ერთ დილით მოულოდნელად გამოცხადდა სახლის დასათვალიერებლად არქიტექტორთან ერთად. მადლობა ღმერთს, ბატონი კოოპჰოისი კონტორაში იყო. მოსულებს ყველაფერი აჩვენა, გარდა სახლის უკანა მხარისა. თითქოსდა შიდა კარის გასაღები სახლში დარჩა. მათ არაფერი უკითხავთ. იმედი მაქვს, რომ სახლის უკანა მხარის სანახავად აღარ მოვლენ. ჩვენთვის ეს საშინელება იქნებოდა.
მამამ ახალი კარტოთეკა გვაჩუქა სუფთა ბარათებით. ამგვარად, მე და მარგოს წიგნების კატალოგი გვექნება. ჩვენ ვიწერთ ყოველ წიგნს, რომელიც წავიკითხეთ და აღვნიშნავთ არა მარტო ავტორის გვარსა და წიგნის სათაურს, არამედ ჩვენს შენიშვნებსაც. უცხო სიტყვებისა და გამოთქმებისათვის ცალკე რვეული შევიძინე.
ამ ბოლო დროს მე და დედა უკეთ ვეწყობით ერთმანეთს, მაგრამ ნამდვილი ნდობა ჩვენს შორის არასოდეს არ იქნება. მარგო სულ უფრო ხშირად მიწყრება, მამა კი გულჩათხრობილი გახდა, ეტყობა, რაღაც აწუხებს. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ყველაზე უკეთესია.
ჩვენთან შემოიღეს კარაქისა და მარგარინის განაწილების ახალი წესი. თითოეულს თეფშზე უდებენ მთელი დღის ულუფას, ჩემი აზრით, ვან დაანები სინდისიერად არ ანაწილებენ, მაგრამ ჩემს მშობლებს მობეზრდათ ყოველდღე მათთან კინკლაობა და არაფერს არ ამბობენ. მე კი მგონია, ასეთ ხალხს სამაგიერო ასევე უნდა გადაუხადო!
ანა
ოთხშაბათი, 10 მარტი, 1943
ძვირფასო კიწი!
გუშინ საღამოს ისევ მოხდა მოკლე ჩართვა, სინათლე ჩაქრა, გარეთ კი საზენიტო ქვემეხები ქუხდნენ. ვერაფრით ვერ დამიძლევია შიში, რომელსაც ჩემში სროლა და საჰაერო თავდასხმა იწვევს.
თითქმის ყოველ ღამე მამის საწოლში მივძვრები. იქნებ, შენი აზრით, ასეთი საქციელი ბავშვობაა, მაგრამ აბა ერთი თვითონ გამოსცადე!
ქვემეხების ქუხილში საკუთარი ხმაც კი არ გვესმის. ქალბატონი ვან დაანი, ჩვენი ფატალისტი, თითქმის ტიროდა და ჩურჩულით ამბობდა: "ო, რა საშინელი სროლაა!" განა არ ჯობდა პირდაპირ ეთქვა: "ო, როგორ მეშინია?!"
დილით ისე არ მეშინია, როგორც ღამე, ბნელში. აკანკალებული, ჩემდა უნებურად ვყვიროდი, ვემუდარებოდი მამას სანთელი აენთო, მაგრამ მამა ულმობელი აღმოჩნდა და სიბნელეში დაგვტოვა.
უეცრად ტყვიამფრქვევის კაკანი ატყდა, რაც საზენიტო ქვემეხების ქუხილზე უარესია. დედა საწოლიდან წამოხტა და სანთელი აანთო, პიმი ძალიან გაჯავრდა. ხოლო როცა საყვედურებზე გადავიდა, დედამ მტკიცედ უპასუხა: "ანე შენსავით ნაცადი ჯარისკაცი არაა!" ამით გათავდა ყველაფერი.
ნუთუ არ მოგიყევი, რა შავი დღე დაადგა ქალბატონ ვან დაანს? შენ ყველაფერი უნდა იცოდე, რაც ჩვენს თავშესაფარში ხდება.
ერთხელ ქალბატონ ვან დაანს სხვენიდან ფეხის ხმა მოესმა, ეგონა ქურდები არიანო და ისე დაფრთხა, რომ ქმარი გააღვიძა. ამასობაში ხმაური შეწყდა, ბატონ ვან დაანს, მხოლოდ ფატალისტის გულის ძლიერი ბაგაბუგი ესმოდა.
"აჰ, პუწი!" (ბატონ ვან დაანის საფერებელი სახელია), "ალბათ, ძეხვი და ლობიო მოგვპარეს. ჩვენი პეტერი? პეტერი ცოცხალია?" - "პეტერს არავინ მოიპარავს, ნუ გეშინია, დამაძინე!"
რის ძილი, შეშინებულს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. რამდენიმე დღის შემდეგ იდუმალმა ხმაურმა კვლავ გამოაღვიძა მთელი ოჯახი. პეტერმა ჯიბის ფარანი აიღო, სხვენზე ავიდა და როცა გაანათა, - ფრრრრ! - ვირთხების მთელი ჯოგი დააფრთხო.
ამგვარად გავიგეთ, ვინ იყვნენ ქურდები და სხვენზე მუში დავტოვეთ დასაძინებლად.
დაუპატიჟებელი სტუმრები ჯერჯერობით არ გამოჩენილან, ყოველ შემთხვევაში ღამღამობით სიწყნარეა, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ შეღამებისას პეტერი სხვენზე ავიდა (რვის ნახევარი იყო და ჯერ არ ბნელოდა) ძველი გაზეთების ჩამოსატანად.
როცა უკან ბრუნდებოდა, ლიუკს მოეჭიდა და ხელი ისე დაადო ფიცარს, რომ არც კი დაუხედია... უეცრად შიშისა და ტკივილისაგან კინაღამ კიბეზე დაგორდა.
ვირთხამ მაგრად უკბინა ხელზე, პიჟამა სისხლით ჰქონდა მოსვრილი. მიტკალივით გაფითრებულს მუხლები უკანკალებდა.
გასაკვირი არაფერია! გულის ასარევად ისიც კმარა, რომ ვირთხას მოკიდო ხელი და თუ კიდეც გიკბინა... რა საზიზღრობაა!
ანა
პარასკევი, 12 მარტი, 1943
ძვირფასო კიწი!
ნება მიბოძე წარმოგიდგინო დედა ფრანკი, ახალგაზრდების ქომაგი! კარაქის დამატებითი ულუფა - აი, თანამედროვე ახალგაზრდობის საჭირბოროტო პრობლემა.
დედა მუდამ გვექომაგება მე, მარგოს და პეტერს და ხანგრძლივი დავის შემდეგ თავისი გააქვს. გაგვიფუჭდა ერთი ქილა დაკონსერვებული ენა. მუშის და მოფის დიდებული სადილი ექნებათ. მართლა, შენ ჯერ არ იცნობ მოფის. იგი აქ იყო "იატაკქვეშელთა" მოსვლამდე. ცხოვრობს კონტორასა და საწყობში, აფრთხობს ვირთხებს.
მისი პოლიტიკური სახელის ახსნა არ არის ძნელი. ადრე ფირმას ორი კატა ჰყავდა, ერთი საწყობში, მეორე - სხვენზე. როგორც კი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, საშინელი ჩხუბი იწყებოდა. ჩხუბის თავი საწყობის კატა იყო, მაგრამ გამარჯვებული მუდამ სხვენის კატა გამოდიოდა.
სახელებიც მათი ხასიათის შესაფერი შეარქვეს. საწყობის კატა იყო გერმანელი, ანუ მოფი, სხვენის კატა კი ინგლისელი, ანუ ტომი. ტომი ვიღაცისათვის უჩუქებიათ, მოფი კი ახლაც აქ არის და, როცა ძირს ჩავდივართ, გვეთამაშება.
ეს-ესაა მამამ გვითხრა, რომ მეტისმეტად შეშფოთებულია. რა სევდიანი თვალები აქვს, საბრალო მამა! ვერ მოვწყდი ინა ბუდიერ-ბაკერის წიგნს "კარზე დაკაკუნება". საოჯახო რომანია, საოცრად აქვს აღწერილი ადამიანების ურთიერთობა. სხვა ყველაფერი, რასაც იგი ეხება - ომი, ქალთა საკითხი, მწერლები, ნაკლებად მომწონს და, გულახდილად რომ გითხრა, ნაკლებად მაინტერესებს.
ბომბდამშენებმა საშინლად დაბომბეს გერმანია. ბატონი ვან დაანი ცუდ გუნებაზეა. მოსაწევი არაფერი აქვს.
დავა იმის შესახებ, შევჭამოთ თუ არა ახლა ბოსტნეულის კონსერვები, ჩვენი პარტიის სასარგებლოდ გადაწყდა.
მაღალი სათხილამურო ფეხსაცმელების გარდა, ვეღარაფერს ვიცვამ, სახლში კი ასე სიარული შემაწუხებელია. ერთი წყვილი ჩალის სანდლები ერთ კვირას მეყო, მერე ისევ ფეხშიშველი აღმოვჩნდი. იქნებ მიპმა მიშოვოს რამე შავ ბაზარზე.
მას თმა აქვს შესასწორებელი. მარწმუნებს, ისე კარგად მკრეჭ, სხვა პარიკმახერთან აღარასოდეს წავალო. კარგი იქნებოდა, ყურსაც რომ არ ვათლიდე ხშირად.
ანა
ხუთშაბათი, 18 მარტი, 1943
ძვირფასო კიწი!
თურქეთი ომში ჩაება. ყველა აღელვებულია. მოუთმენლად ველით რადიოგადაცემას.
ანა
პარასკევი, 19 მარტი, 1943
ძვირფასო კიწი!
სიხარულს იმედის გაცრუება მოჰყვა, რაც ძალზე უსიამოა! თურქეთი არ ჩაბმულა ომში! იქაურ საგარეო საქმეთა მინისტრს მხოლოდ ის უთქვამს, რომ ჩვენს ნეიტრალიტეტს მალე ბოლო მოეღებაო. გაზეთის გამყიდველი კი დამის მოედანზე (მოედანი
მეფის სასახლის წინ.) ყვიროდა: "თურქეთი ინგლისელებს მიემხრო!"
ასე გაჩნდა ეს ჭორი და ჩვენამდეც მოაღწია.
500 და 1000 გულდენიანი ქაღალდის ფული გააუქმეს. დიდი ზარალი ნახეს სპეკულანტებმა და "შავი" ფულის მფლობელებმა; მაგრამ დაზარალდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც იმალებიან. როცა 1000 გულდენიანს ახურდავებ, უნდა
დაამტკიცო, საიდან გაქვს, თუმცა ამ კვირის ბოლომდე შეიძლება მათი გამოყენება და გადასახადების გადახდა.
დუსელმა ხელის ბორმანქანა მიიღო და მალე ჩემს მკურნალობას შეუდგება.
"უკლებლივ ყველა გერმანელის ფიურერმა" დაჭრილ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი "ესაუბრა". მათი საუბარი შემზარავი მოსასმენი იყო. მაგალითად:
– ჰაინრიხ შეპელი გახლავართ!
– სად დაიჭერი?
– სტალინგრადთან!
– სად ხარ დაჭრილი?
– მოყინული მაქვს ორივე ფეხი, მარცხენა ხელის მაჯა კი მოტეხილი!
ზუსტად ასე გადმოსცემს რადიო მარიონეტების ამ საზარელ სცენას. დაჭრილები თითქოს ამაყობენ კიდეც ხეიბრობით. აქაო და, რაც უფრო უარესად გრძნობ თავს, მით უკეთესი!
ერთი კია, როცა მას ფიურერმა ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა (თუკი ხელი საერთოდ შერჩა), ისე დაიბნა, რომ ხმის ამოღება ვერ შეძლო.
ანა
ხუთშაბათი, 25 მარტი, 1943
ძვირფასო კიწი!
გუშინ დედამ, მამამ, მარგომ და მე მყუდროდ მოვიკალათეთ. უცებ პეტერი შემოვიდა და მამასთან ჩურჩული გააბა. მე მხოლოდ ამას მოვკარი ყური: "საწყობში კასრია გადაყირავებული" და "კარებთან ვიღაც ფათურობდა".
ეს მარგომაც გაიგონა, მაგრამ მე დამიწყო დამშვიდება, რადგან, მამა მყისვე პეტერს გაჰყვა, მე კი უსაზღვრო შიშისაგან ცარცივით გავფითრებულვარ.
ვისხედით და ველოდით, ორიოდე წუთის შემდეგ ქალბატონი ვან დაანი გამოცხადდა. იგი კაბინეტში რადიოს უსმენდა, მაგრამ მამას უთხოვია, რადიო გამოერთო და ჩუმად ამოსულიყო ზევით.
როცა ძალიან ფრთხილობ, მეტწილად არაფერი გამოდის. ქალბატონ ვან დაანს ეგონა, მის ფეხქვეშ ძველი კიბის საფეხურები საშინლად ჭრიალებდა.
გავიდა ხუთი წუთი... ბოლოს გაფითრებული მამა და პეტერი დაბრუნდნენ და გვიამბეს, რაც ნახეს. ჯერ კიბეზე ჩამოსხდნენ და სმენად იქცნენ, მაგრამ არაფერი ისმოდა.
უეცრად გაიგონეს ორი ძლიერი დარტყმა, თითქოს ვიღაცამ სახლში კარები გაიჯახუნა. პიმი ფეხის ერთი დაკვრით ზევით ამოვარდა, პეტერი კი დუსელთან შევიდა.
ოთახიდან გამოსვლამდე დუსელმა გულმოდგინედ ჩაალაგა თავისი ბარგი-ბარხანა. ფეხზე გავიხადეთ და ყველანი ზევით, ვან დაანებთან ავედით.
გაციებული ვან დაანი საწოლში იწვა. ჩვენ მის საწოლთან შევქუჩდით და, ცხადია, ჩვენი ეჭვები ჩურჩულით გავუზიარეთ.
როცა ვან დაანი ხმამაღლა ახველებდა, მე და მისი ცოლი შიშით ვკვდებოდით. ვიღაცას ბრწყინვალე აზრი დაებადა, გადავწყვიტეთ, ვან დაანისათვის კოდეინი მიგვეცა. ხველა მაშინვე შეუწყდა.
ჩვენ ველოდით, ველოდით დაუსრულებლად... და რადგან კარგა ხანს აღარაფერი ისმოდა, გადავწყვიტეთ, უთუოდ ქურდებმა გამოყრუებულ სახლში ფეხის ხმა გაიგონეს და გაიქცნენ.
საუბედუროდ, სკამებით გარშემორტყმული რადიომიმღები ინგლისის რადიოსადგურის ტალღაზე იყო მომართული და ყველას შეეძლო ეფიქრა, რომ ოთახიდან ეს-ესაა გავიდნენ, ხოლო თუ კარები შემომტვრეულია და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გუშაგები შეამჩნევენ, პოლიციას შეატყობინებენ და ამას შეიძლება ძალზე უსიამო შედეგი მოჰყვეს.
მიუხედავად ავადმყოფობისა, ბატონი ვან დაანი მაინც წამოდგა, ტანზე ჩაიცვა, ქუდი დაიხურა და მამასთან ერთად კიბეზე დაეშვა. პეტერიც მათ გაედევნა და საფრთხისაგან თავის დასაცავად ჩაქუჩით შეიარაღდა.
ქალბატონი ვან დაანი, დედა, მე და მარგო სულგანაბულნი ველოდით.
ხუთი წუთის შემდეგ კაცები დაბრუნდნენ და მოგვახსენეს, რომ სახიფათო არაფერია; შევთანხმდით, ონკანი არ მოგვეშვა და საპირფარეშო არ ჩაგვერეცხა. მაგრამ შიშისაგან ყველას მუცელი ასტკივდა და შეგიძლია წარმოიდგინო, რა სუნი იდგა ერთ ადგილას, მას შემდეგ, რაც ყველამ მოისაქმა.
მაგრამ უსიამოვნებას ჩვეულებრივ კიდევ უფრო მეტი უსიამოვნება მოსდევს. ასეა აქაც. ჯერ ერთი, ვესტერტუმის ზარმა რეკვა შეწყვიტა. მე კი ძალიან მომწონდა, თითქოს მამშვიდებდა ამ ზარის რეკვა.
მეორეც, თუმცა ვიცოდით, რომ ბატონი ვოსენი გუშინ საღამოს ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ არ ვიცოდით, მისი წასვლის შემდეგ გასაღები ელიმ წაიღო თუ არა. იქნებ დაავიწყდა კარების დაკეტვა.
მართალია, რვა საათიდან თერთმეტის ნახევრამდე აღარაფერი გაგვიგონია, მაგრამ მაინც ვღელავდით.
როცა დავმშვიდდით, ჩავუკვირდით ამ ამბავს და საკმაოდ დაუჯერებლად მოგვეჩვენა, რომ ქურდი კარების შემომტვრევას ცდილობდა ასე ადრე, როცა ქუჩაში ამდენი ხალხია.
ვიღაცამ გამოთქვა ვარაუდი, მეზობელი სახლის საწყობში შეიძლება ჯერ კიდევ მუშაობენო. ხოლო როცა სახლს ასეთი თხელი კედლები აქვს, შეიძლება ვერ გაიგო, საიდან მოდის ხმა.
რას არ წარმოიდგენს ადამიანი, როცა ძლიერ ღელავს. ბოლოს დავწექით, მაგრამ მშვიდად არავის ეძინა. მამა, დედა და დუსელი წარამარა წამოვარდებოდნენ საწოლიდან. შეიძლება ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ არც მე მომიხუჭავს თვალი.
დილით ჩვენი მამაკაცები ქვევით ჩავიდნენ. უნდოდათ გაეგოთ, გარეთა კარი ღია ხომ არ იყო, მაგრამ ყველაფერი რიგზე აღმოჩნდა.
მთელი ეს ამბავი, რომელმაც ამდენი შიში გვაჭამა, დაწვრილებით ვუამბეთ კონტორის პერსონალს. თუ ფეხი დაგიცდა, დაცინვას არ დაგაკლებენ, მაგრამ როცა საფრთხე გაივლის, სიცილი ადვილია.
მხოლოდ ელი შეხვდა განცდებს სერიოზულად.
ანა
შაბათი, 27 მარტი, 1943
ძვირფასო კიწი!
სტენოგრაფიის კურსი დავამთავრე. ახლა ჩვენ სიჩქარეში ვვარჯიშობთ და მალე წუთში მარცვალთა სარეკორდო რიცხვს მივაღწევთ.
მინდა უკეთ იცოდე, როგორ ვცდილობ დროის მოკვლას (ეს გამოთქმა სპეციალურად მოვიგონე, რადგან აქ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტად შევავსოთ დრო, სანამ თავშესაფარში ყოფნა მოგვიხდება):
გატაცებული ვარ მითოლოგიით. ყველაზე მეტად კი მაინტერესებს თქმულებები ბერძნულ და რომაულ ღმერთებზე. ჩვენები ფიქრობენ, რომ ეს დროებითი გატაცებაა, რადგან არასოდეს სმენიათ, გოგონა მითოლოგიით ყოფილიყოს გატაცებული. კეთილი! მე ვიქნები პირველი!
ბატონი ვან დაანი გაციებულია, უფრო სწორად, ხმა აქვს ჩახლეჩილი და ამის გამო ალიაქოთი ატეხა. ყელში რაღაცას ივლებს, გვირილას ნაყენს სვამს, მორენის ტინქტურას იცხებს, ცხვირის, ყელის, სასისა და ენის მალამოებს ხმარობს და ამავე დროს... საშინლად ჭირვეულობს.
რაუტერმა, ჰოლანდიაში ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის გერმანელმა მოხელემ, სიტყვა წარმოთქვა: პირველ ივლისამდე გერმანიის მთელი სამფლობელოდან ებრაელები უნდა აღიგავონო.
პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე უტრეხტის პროვინცია უნდა გაიწმინდოს (თითქოს საუბარი სამზარეულოს წმენდას ეხებოდეს).
პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე - ჩრდილო და დასავლეთ ჰოლანდია.
სნეული და უპატრონო პირუტყვის მსგავსად, გარეკავენ უბედურებს სასაკლაოზე. ჯობია, გავჩუმდე. როცა ამაზე ვფიქრობ, კოშმარები მახრჩობს...
ამ ხნის განმავლობაში სასიხარულო ამბებიც მოხდა. საბოტაჟის მიზნით გერმანიის შრომის ბირჟას ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი სამისამართო ბიურო გადაწვეს.
გერმანელი პოლიციელების ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა გუშაგები შეკრეს და მთელი მნიშვნელოვანი კარტოთეკა გაიტაცეს.
ასე რომ, ახლა გერმანელებს გაუჭირდებათ ვინმეს მოძებნა და გამოძახება.
ანა
ხუთშაბათი, 1 აპრილი, 1943
ძვირფასო კიწი!
თუმცა დღეს პირველი აპრილია, მაგრამ ხუმრობის ხასიათზე არა ვართ! ჩვენზე ახლა ზედგამოჭრილია ასეთი ანდაზა: "წინ წყალი და უკან მეწყერი".
ჯერ ერთი, ჩვენს მფარველ კოოპჰოისს გუშინ ძლიერი სისხლისდენა ჰქონდა კუჭიდან და სულ ცოტა სამი კვირა გაუნძრევლად უნდა იწვეს;
მეორეც, ელი გრიპით გახდა ავად; მესამე, ბატონი ვოსენი მომავალ კვირას საავადმყოფოში წვება. მგონი კუჭის წყლული აღმოაჩნდა და ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
ფირმამ მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკება უნდა აწარმოოს და მამამ ბატონ კოოპჰოისთან ერთად ყველაფერი გაითვალისწინა.
კრალერის მომზადება და ინფორმირება ასე სწრაფად არ მოხერხდება. მამას აცახცახებს, როცა მოლაპარაკების მსვლელობაზე ფიქრობს.
− ნეტა შემეძლოს დასწრება, - ამბობს იგი, - ქვევით ჩასვლა რომ შემეძლოს.
− დაწექი იატაკზე და ყველაფერს მოისმენ, თათბირი ხომ კაბინეტში ექნებათ, - მამას სახე გაუნათდა.
თერთმეტის ნახევარზე მარგომ და მამამ იატაკზე მსმენელთა პოზიცია დაიკავეს. ერთ წყვილ ყურს ორი წყვილი ჯობია. მაგრამ მოლაპარაკება სადილობამდე ვერ დაამთავრეს, ნასადილევს კი მამამ ვეღარ შეძლო იატაკზე წოლა, უჩვეულო მდგომარეობამ როგორღაც მოთელა.
სამის ნახევარზე, როცა კვლავ მოგვესმა ქვემოდან ლაპარაკი, მამის ადგილი მე დავიკავე, მალე მარგოც შემომიერთდა.
საუბარი გრძელი, მოსაწყენი მეჩვენა და უეცრად ცივ და მაგარ ლინოლეუმზე გაწოლილს ჩამეძინა.
მარგომ ვერ გაბედა ხელი ეკრა ჩემთვის ან დაეძახა, რადგან ეშინოდა, ქვევით არაფერი გაეგონათ.
ნახევარი საათი მაინც მეძინა და როცა გამომეღვიძა, სწორედ ის დამავიწყდა, რაც მთავარი იყო.
საბედნიეროდ, მარგო ჩემზე ყურადღებიანი აღმოჩნდა.
ანა
პარასკევი, 2 აპრილი, 1943
ძვირფასო კიწი!
კვლავ საშინელი ცოდვა ჩავიდინე. გუშინ საღამოს, როგორც ყოველთვის, ველოდი მამას, რომელიც საღამოობით ჩემთან ერთად ლოცულობს და წასვლისას მეუბნება: "ძილი ნებისა".
მაგრამ ამჯერად მოვიდა დედა, დამიჯდა საწოლზე და მორიდებით, გაუბედავად მკითხა: - ანე, მამა ჯერ ვერ მოვა, გინდა ერთად ვილოცოთ?
– არა, დედა, არ მინდა, - ვუპასუხე მე.
დედა წამოდგა, მცირე ხანს ჩემს საწოლთან შეჩერდა, მერე კი ნელა წავიდა კარისკენ. უეცრად შემოტრიალდა და სახეარეულმა მითხრა:
– არა, არ გიწყრები, ანა, სიყვარული ძალით არ იქნება! - როცა ოთახიდან გადიოდა, სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა.
თუმცა გაუნძრევლად ვიწექი, მაგრამ იმწამსვე ვიგრძენი, რა დიდი სიმდაბლე ჩავიდინე, როცა ასე უხეშად ვკარი ხელი დედას. რა ვქნა, სხვანაირად მოქცევა მე არ შემეძლო. არ შემიძლია პირფერობა. არ შემეძლო, ჩემი სურვილის წინააღმდეგ წავსულიყავი და დედასთან ერთად მელოცა.
მებრალება დედა, დიდად მებრალება, რადგან პირველად ვიგრძენი, რომ ჩემი დამოკიდებულება მისთვის სულ ერთი არაა. როცა მითხრა, სიყვარული ძალით არ იქნებაო, მის სახეზე სევდა და მწუხარება ამოვიკითხე.
ძნელია სიმართლის თქმა და მაინც სიმართლეს ვერსად გაექცევი: დედამ თვითომ მკრა ხელი. მისი ბრალია, რომ ჩემში აღარაფერს იწვევს მისი სიყვარული, მისი უტაქტო შენიშვნები; რა რჯიდა,
როცა უხეშად მასხრობდა იმაზე, რის მასხრად აგდებასაც მე ვერ ვიტან. ო, როგორც მე მეკუმშებოდა შიგნით ყველაფერი, როცა სასტიკად მექცეოდა, ასევე მას ეკუმშება ახლა გული, როცა მიხვდა, რომ ჩვენს შორის სიყვარული გაქრა.
დედას ნახევარი ღამე ტირილში გაუტარებია და თითქმის არ უძინია. მამა ზედაც არ მიყურებს, ხოლო თუ შემომხედავს, მის თვალებში საყვედურს ვკითხულობ: "როგორ შეგიძლია ასეთი ბოროტი იყო და დედას ამდენი ტანჯვა მიაყენო".
ჩემგან ბოდიშის მოხდას ელიან, მე კი არ შემიძლია, რადგან სიმართლე ვთქვი და დედას ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაეგო ეს ამბავი.
მე მგონია, ახლა უფრო გულგრილად ვიტან დედის ცრემლებს და მამის საყვედურებით სავსე მზერას. და მართლაც ეს ასეა.
მათ მხოლოდ ახლა იგრძნეს ის, რაც მე გამუდმებით მაწუხებს. შემიძლია თანავუგრძნო დედას, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის გამოსწორება მისი საქმეა.
მე დუმილს ვარჩევ, კვლავ გულგრილი ვიქნები და სიმართლეს არ შევუშინდები. ჯობს, დროზე თქვა, რაც სათქმელია.
ანა
სამშაბათი, 27 აპრილი, 1943
ძვირფასო კიწი!
ყველა ნაჩხუბარია: მე და დედა, ვან დაანები და მამა, დედა და ქალბატონი ვან დაანი; ყველა გაბრაზებულია ერთმანეთზე, სასიამოვნო ატმოსფეროა, არა? ანას ცოდვების გრძელ სიას კვლავ იხილავენ დაწვრილებით!
ბატონი ვოსენი საავადმყოფოში დაწვა, ბატონი კოოპჰოისი კი უკვე ფეხზეა. საბედნიეროდ, კუჭიდან სისხლის დენა ამჯერად უფრო სწრაფად შეუჩერეს, ვიდრე ამას წინათ.
კოოპჰოისმა გვიამბო, რომ პოლიციის სამისამართო ბიურო ახლახან მომხდარი ხანძრის დროს დიდად დაზარალდა. სახანძრო რაზმმა, ნაცვლად იმისა, რომ ცეცხლი ჩაექრო, მთელი შენობა წყლით აავსო, რამაც ცეცხლზე მეტი ზიანი მიაყენა ამ დაწესებულებას.
კარლტონ-ოტელი მთლად დაინგრა, ცეცხლგამჩენი ყუმბარებით დატვირთულმა ინგლისის ორმა თვითმფრინავმა სწორედ ამ ოფიცერთა კლუბზე მიიტანა იერიში და ვეიცელსტრაატე-ზინელის მთელი კუთხე ერთიანად გადაბუგა.
ღამღამობით მოსვენება აღარ გვაქვს. უძილობისაგან თვალები ამომიღამდა. საკვები გაუარესდა: საუზმეზე გამხმარი პური და ყავის სუროგატი, სადილად, აგერ უკვე ორი კვირაა, ხან სალათა გვაქვს და ხან ისპანახი, დამატებით ოცი სანტიმეტრის სიგრძის მოწითალო და ტკბილი კარტოფილი.
ვისაც გასუქების ეშინია, ჩვენს თავშესაფარში უნდა გადმოსახლდეს. "ზემოურები" გაუთავებლად წუწუნებენ, მაგრამ ჩვენ ეს ამბავი ტრაგედიად არ მიგვაჩნია.
ყველა მამაკაცს, ვინც ხუთდღიან ომში მონაწილეობდა, ან მობილიზებული იყო, იძახებენ, როგორც "სამხედრო ტყვეს", და გერმანიაში აგზავნიან, რომ "ფიურერისათვის" იმუშაონ.
მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის შემთხვევისათვის ახალ გამაფრთხილებელ ზომებს მიმართავენ!
ანა
შაბათი, 1 მაისი, 1943
ძვირფასო კიწი!
როცა ჩვენს აქაურ ცხოვრებაზე ვფიქრობ, მუდამ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ იმ ებრაელებთან შედარებით, რომელთაც დამალვა ვერ მოახერხეს, ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ.
მიუხედავად ამისა, ოდესმე, როცა აქაურ ცხოვრებას გავიხსენებ, ალბათ, გამიკვირდება, როგორ დავეშვით და ჩავიქნიეთ ხელი ბევრ რამეზე.
მაგალითად, რაც აქ ვართ, ჯერ არ გამოგვიცვლია მაგიდაზე გადაფარებული მუშამბა და ხშირი ხმარებისაგან იგი, ცხადია, უკეთესი არ გამხდარა. ვცდილობ სველი ჩვრის, ჩვრის კი არა, ძონძის საშუალებით ოდნავ მაინც გავაპრიალო, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვაღწევ.
ვან დაანებმა მთელი ზამთრის განმავლობაში ვერ მოახერხეს გასარეცხად მიეცათ ლეიბის პირები, რადგან საპნის ფხვნილი ცოტაა და არც ვარგა.
მამა შემოცვეთილი შარვლით დადის, ხოლო ჰალსტუხი მთლად გაეცრიცა. დედას კორსეტი თითქმის დაეშალა, მარგო კი ორი ნომრით პატარა ლიფს ატარებს.
დედას და მარგოს მთელი ზაფხულის განმავლობაში სამი პერანგი ჰქონდათ, რომელთაც ორივე ხმარობდა, მე კი ისე გავიზარდე, რომ ჩემი პერანგები ჭიპამდე მწვდება.
ჯერ კიდევ არა გვიშავს, მაგრამ სასოწარკვეთილი ვფიქრობ იმ დროზე, როცა ყველაფერი გაგვიცვდება, დაწყებული ჩემი ფეხსაცმლის ლანჩებიდან, მამის გასასაპნი ფუნჯით გათავებული. როგორღა დავუბრუნდებით ძველ მდგომარეობას.
დღეს ისევ საშინელი სროლა ატყდა, განსაკუთრებით ღამით. მე მთელი ჩემი ავლადიდება შევაქუჩე და საჭირო ნივთები დღისით ჩავალაგე "გასაქცევ ჩემოდანში", მაგრამ დედამ სწორი შენიშვნა მომცა: "სად აპირებ გაქცევასო?"
მთელ ჰოლანდიაში დამსჯელი რაზმები დაძრწიან. ყველგან საბოტაჟია. შემოღებულია საალყო მდგომარეობა. ყველას დააკლეს კარაქის თითო ულუფა. ასე გაუგონარ ბავშვებს სჯიან!
ამ საღამოს დედას თავი დავბანე. აქ არც ესაა იოლი საქმე. ჯერ ერთი, საპონი წებოვანი და ბლანტია, მეორეც, სქელი თმის დავარცხნა დედას უჭირს, რადგან ჩვენს საოჯახო სავარცხელს ათი კბილიღა შერჩა.
ანა
სამშაბათი, 18 მაისი, 1943
ძვირფასო კიწი!
ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ინგლისელებისა და გერმანელების საჰაერო ბრძოლას: სამწუხაროდ, ინგლისის ორი თვითმფრინავის ეკიპაჟს პარაშუტით გადმოხტომა მოუხდა.
ჩვენს მერძევეს, რომელიც ჰარლემიდან შუა გზაზე ცხოვრობს, ოთხი კანადელი შეხვედრია. ერთი მათგანი თურმე თავისუფლად ლაპარაკობდა ჰოლანდიურად და პაპიროსის მოსაკიდებლად ცეცხლი უთხოვია.
უთქვამს, ჩვენი ეკიპაჟი ექვსი კაცისაგან შედგებოდა, საბრალო პილოტი ალბათ დაიწვა, მათი მეექვსე ამხანაგი სადღაც დამალულა. ამასობაში "მწვანე" პოლიცია მოვიდა და მფრინავები დაატყვევაო.
რა საოცარია ასეთი სიმშვიდე და მხნეობა, ისიც ამგვარი ნახტომის შემდეგ.
თუმცა უკვე თბილა, მაგრამ დღეს მაინც დავანთეთ ღუმელი. დავწვით ნაფცქვენები და ნაგავი. ვერიდებით დამლაგებლებს და სანაგვე ყუთში არაფერს არ ვყრით. ყოველი უმნიშვნელო დაუდევრობა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
ყველა სტუდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს განცხადებას, რომ ლოიალურადაა განწყობილი და საოკუპაციო ხელისულების ღონისძიებებს ეთანხმება. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ უფლება სწავლა განაგრძონ, მაგრამ 80%-მა არ ისურვა საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლა და რწმენით ვაჭრობა.
პროტესტს შედეგიც მაშინვე მოჰყვა. ყველა სტუდენტს, ვინც ხელი არ მოაწერა განცხადებას, გერმანიაში გზავნიან იძულებით სამუშაოზე. თუ ასე გაგრძელდა, რაღა დარჩება ჰოლანდიელი ახალგაზრდობისაგან?
ღამე დედამ ფანჯრები დახურა, კვლავ აუტანელი სროლა იყო. მე პიმის საწოლს შევაფარე თავი, უეცრად გავიგონეთ, როგორ გადმოხტა საწოლიდან ქალბატონი ვან დაანი, თითქოს გველმა უკბინაო, შემდეგ ჭახანი მოგვესმა... მე მომეჩვენა, თითქოს ცეცხლგამჩენი ყუმბარა პირდაპირ საწოლთან ჩამოვარდა და ავყვირდი: "შუქი, შუქი!!!"
პიმმა ამომრთველი გადაატრიალა, მეგონა სადაცაა ოთახში ალი ავარდება, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველანი ზევით ავცვივდით, გვინდოდა გვენახა, რა მოხდა.
თურმე ვან დაანებს ღია ფანჯრიდან ცეცხლის ანარეკლი დაუნახავთ. ქმარს უფიქრია, ხანძარი სადღაც ჩვენს გვერდითააო, ცოლმა კი გადაწყვიტა, ცეცხლი ჩვენს სახლს უკიდიაო.
როცა ჭახანი გაისმა, ქალბატონი ვან დაანი საწოლიდან წამოვარდა და მთელი ტანით ცახცახებდა. სანახავი და გასაგონი აღარაფერი იყო და ჩვენ ისევ საწოლებს დავუბრუნდით.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ისევ აგრუხუნდნენ ქვემეხები. ქალბატონი ვან დაანი იმ წამსვე საწოლიდან წამოვარდა, კიბეებზე თავქვე დაეშვა და დუსელთან შევარდა. ეტყობა, მასთან ეძებდა მფარველობას, რომელიც საკუთარმა ქმარმა ვერ აღმოუჩინა.
დუსელი ასეთი სიტყვებით შეეგება: "დაწექი ჩემ საწოლში, ჩემო პატარავ!" ყველას საშინელი ხარხარი აგვიტყდა და ამჯერად შიში გადაგვავიწყდა.
ანა
კვირა, 13 ივნისი, 1943
ძვირფასო კიწი!
მამამ დაბადების დღეს ისეთი შესანიშნავი ლექსი მომიძღვნა, რომ არ შემიძლია არ გაგიზიარო. ჯერ იმას აჯამებს, რაც გასულ წელს განვიცადე, შემდეგ კი განაგრძობს:
"შენ უმცროსი ხარ ოჯახში
მაგრამ აღარ ხარ პატარა,
შენთვის ძნელია ამდენი
ჭკუის სწავლების ატანა;
სუყველა იმის ცდაშია,
შეგონებებით გაწამოს,
როგორმე, რამენაირად
დაგარიგოს და გასწავლოს:
"შეითვისეო - ჩვენგან!
ჩვენ მოგვბაძეო მარტო!
ჩვენ უკეთ ვიცით ავ-კარგი,
გამოცდილები ვართო!"
მძიმეა სხვისი შეცდომა,
საკუთარს ვერვინ ხედავს,
და ფიქრობ: საშველს მოგცემდნენ,
დაგეხსნებოდნენ ნეტავ!
სულ ცოტა, დღეში ათასი
შენიშვნა გიწევს, შვილო,
და ყველა გირჩევს რაღაცას
მასწავლებლობას ცდილობს;
ზოგში იქნება სტყუიან,
მაგრამ აღივსე რწმენით:
სჯობს ცხოვრებაში იარო
მოთმინებითა შენით;
დამჯერი იყავ, ბევრი რამ
შენც გიჯობს, ყურად იღო,
ტკბილსასურველი მშვიდობა
თუ გსურს ოჯახში იყოს...
უკანასკნელი წელი,
უკანასკნელი ხანი
შენ ძალზე წამოიზარდე
და აიყარე ტანი;
ბევრი იკითხე წიგნი,
კარგი სწავლით, და გარჯით
არ გაიკარე მოწყენა -
გულმხიარული დარჩი;
თუმც, ტანსაცმელზე სწუხარ
და შეკითხვებით გვავსებ:
რა ჩავიცვაო ფეხზე?!
რა ჩავიცვაო ტანზე?!
დამიმოკლდაო კაბა!
პერანგი - ჭიპზე მწვდება!
ფეხსაცმელს ნუღარ იკითხავ -
უსაშველოდა ცვდება...
საშინელია, მოზარდს,
ორიოდ გოჯზე გაზრდილს,
ტანი და ფეხი პირდაპირ
აღარაფერში ჩაგდის!
* * * (ლექსები თარგმნა მურმან ლებანიძემ.)
ლექსი მარგომაც დაწერა სხვადასხვა საჭმელზე, მაგრამ რითმები ძალზე მოიკოჭლებს და ამიტომ აქ არ მომყავს.
საერთოდ, ბევრი შესანიშნავი საჩუქარი მივიღე. მათ შორის სქელტანიანი წიგნი, ელინური და რომაული მითოლოგია, - ჩემი გატაცების საგანი.
არც ტკბილეულობა დამაკლეს. ყველამ თავის ხელუხლებელ მარაგს მიმართა. როგორც იატაკქვეშელთა ოჯახის ყველაზე უმცროსი ნაშიერი, უფრო მეტად გამანებივრეს, ვიდრე ვიმსახურებ.
ანა
სამშაბათი, 15 ივნისი, 1943
ძვირფასო კიწი!
ახალი ამბავი ბევრია, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი მოსაწყენი ტიტინი საკმაოდ მოგბეზრდა და ამგვარი წერილების მიღება აღარ გაინტერესებს. ამიტომ მოკლედ გადმოგცემ ყველაფერს.
ბატონ ვოსენს კუჭის ოპერაცია არ გაუკეთეს. ექიმებმა გაკვეთეს და კიბო აღმოაჩნდა, რომელიც, სამწუხაროდ, ისე მოსდებოდა ორგანიზმს, რომ ოპერაცია ვერაფერს უშველიდა. ამიტომ ჭრილობა დახურეს და სამი კვირის მკურნალობის შემდეგ გამოწერეს.
ძალიან მებრალება, განსაკუთრებით კი ის მაწუხებს, რომ გარეთ გამოსვლა არ შემიძლია, თორემ ხშირად ვინახულებდი და იქნებ ცოტათი გამერთო.
სამწუხაროა, რომ ჩვენი კეთილი ვოსენი ვეღარ მოგვიყვება, რა ხდება და რაზე ლაპარაკობენ საწყობში. შესანიშნავად გვიწყობდა ხელს, მისი ზრუნვა გულისამაჩუყებელი იყო. ძალიან გვაკლია თვალში.
მომავალ თვეში ალბათ რადიომიმღების ჩაბარება მოგვიწევს, მაგრამ ბატონ კოოპჰოისს სახლში "ლილიპუტი-მიმღები" აქვს და, ჩვენი დიდი "ფილიპისის" ნაცვლად, ამ პატარა აპარატს მოგვიტანს.
სამწუხაროა ასეთი მშვენიერი რადიომიმღების ჩაბარება, მაგრამ თავშესაფარში, სადაც ლტოლვილები შეხიზნულან, ყოველგვარი თავგამოდება სახიფათოა და ჯობია, არაფრით მივიქციოთ "ხელისუფალთა" ყურადღება.
პატარა რადიომიმღებს ზევით ამოიტანენ. დამალულ ებრაელებს, რომლებიც ყველაფერს შავ ბაზარზე ყიდულობენ, აკრძალული რადიომიმღებიც ექნებათ. ყველა ცდილობს სადმე იშოვოს ძველი რადიომიმღები და საკუთარის ნაცვლად ჩააბაროს.
რადიო ახლა ერთადერთი კავშირია გარე სამყაროსთან. როცა "Mood" (განწყობილება (ინგლ.) ეცემა.
ეთერიდან მოსული საოცარი ხმა გვშველის, სიმხნევეს გვმატებს, ჩაგვჩურჩულებს: "ასწიეთ თავი, კვლავაც დადგება უკეთესი დრო!"
ანა
კვირა, 11 ივლისი, 1943
ძვირფასო კიწი!
ეს უკვე მერამდენეჯერ ვფიქრობ აღზრდაზე. უნდა გითხრა, რაც შემიძლია ვცდილობ დაუზარელი, დამთმობი, მაამებელი და კეთილი ვიყო, ასე რომ ამ ბოლო დროს საყვედურებისა და დარიგებების ნიაღვარმა იკლო.
მაგრამ არაჩვეულებრივად ძნელია, კარგად ექცეოდე ადამიანებს, რომელთაც ვერ იტან. ამას უკეთ მაშინ ვახერხებ, როცა ვთვალთმაქცობ და ძველებურად აღარ ვახლი ყველას პირში სიმართლეს (თუმც ამას არავინ არაფრად აგდებს).
მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვერევი. ყოველგვარი უსამართლობა მაცოფებს და შემდეგ მთელი კვირა გაიძახიან, უფრო უზრდელი გოგო ქვეყანაზე არ მოიძებნებაო.
ნუთუ არ გეცოდები? კიდევ კარგი, რომ სხვებივით არ ვწუწუნებ, თორემ დაძმარებულ გუნებაზე ვიქნებოდი და ხალისიანი განწყობილება გამიქრებოდა.
გადავწყვიტე, დროებით ხელი ავიღო სტენოგრაფიაზე. ჯერ ერთი, მეტი დრო დამრჩება სხვა სამუშაოსათვის, მეორეც, თვალები მტკივა.
საკმაოდ არასასიამოვნო ამბავია. ამ ბოლო დროს ძალიან ახლომხედველი გავხდი და სათვალე მჭირდება (ალბათ, ბუს დავემსგავსები), მაგრამ შენ ხომ იცი, რის უფლება აქვს იატაკქვეშელებს, ან უკეთ, რის უფლება არა აქვთ...
ყოველ შემთხვევაში, გუშინ საუბრის თემა მხოლოდ ჩემი სათვალე იყო. დედამ გადაწყვიტა, ქალბატონ კოოპჰოისთან ერთად თვალის ექიმთან გამგზავნოს.
როცა ეს ამბავი შევიტყვე, თავბრუ დამესხა. ხუმრობა ხომ არაა: ქუჩაში უნდა გავიდე, წარმოგიდგენია, ქუჩაში! პირველად შიშისაგან კინაღამ მოვკვდი, მერე კი გამეხარდა, მაგრამ ამ საქმის განხორციელება არც ისე ადვილია.
ჯერ ყველაფერი უნდა აგვეწონ-დაგვეწონა, ყოველგვარი საფრთხე და სიძნელე გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ ის ინსტანციები, რომელთაც ამგვარი საკითხების გადაწყვეტა ევალებათ, მალე როდი შეთანხმდნენ.
მიპს უნდოდა, იმ წამსვე წავეყვანე ექიმთან, მე კიდეც გამოვიღე კარადიდან ჩემი ნაცრისფერი პალტო, მაგრამ ისე დამმოკლებია, თითქოს უმცროს დას ეთხოვებინოს.
ცნობისმოყვარეობისაგან აღარ ვარ, მართლა წამიყვანენ, თუ არა. შეიძლება ეს განზრახვა გადაიდოს.
ამას წინათ ინგლისელები სიცილიაში გადმოსხდნენ და მამა ფიქრობს, რომ ომი მალე დამთავრდება. ელი მე და მარგოს თავის გასაკეთებელ სამუშაოს გვაძლევს.
ჩვენ სიამოვნებით ვუწევთ ამ სამსახურს და ელის საქმეც უკეთ მიდის. კორესპონდენციების ჩაკერება და საშემოსავლო წიგნის შევსება ყველას შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამას უფრო კეთილსინდისიერად ვაკეთებთ.
მიპი ლამის წელში გაწყდეს. მუდამ სასაპალნე ცხენივითაა დატვირთული. თითქმის ყოველდღე შოულობს სადღაც ბოსტნეულს, დიდ ჩანთას გატენის და ველოსიპედით მოაქვს ჩვენთან.
ზრუნავს იმაზეც, რომ ბიბლიოთეკიდან ყოველ შაბათს ხუთი ახალი წიგნი გამოიტანოს. ამიტომ ყოველი შაბათის დადგომას იმ პატარა ბავშვებივით ველით, რომელთაც იციან, რომ საჩუქარს მიიღებენ.
ადამიანები, რომლებიც ნორმალურად ცხოვრობენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რას ნიშნავს წიგნი ჩვენთვის, გამომწყვდეულებისათვის. კითხვა, მეცადინეობა და რადიო - აი, მთელი ჩვენი სამყარო!
ანა
სამშაბათი, 13 ივლისი, 1943
ძვირფასო კიწი!
გუშინ ნასადილევს, იმის შემდეგ, რაც მამას ნებართვა ვთხოვე, დუსელს ვკითხე: ხომ არაფერი ექნება საწინააღმდეგო (ზედმიწევნით ზრდილობიანი ვიყავი), კვირაში ორჯერ ოთხიდან ექვსის ნახევრამდე ჩვენს ოთახში დადგმული მაგიდა გამოვიყენო.
ახლა მე მხოლოდ სამის ნახევრიდან ოთხამდე ვმუშაობ ამ მაგიდასთან, ანუ მანამდე, სანამ ბატონ დუსელს სძინავს, შემდეგ კი მაგიდა და ოთახი ჩემთვის აკრძალული ზონაა.
ნასადილევს საერთო ოთახში ისეთი ხმაურია, რომ მუშაობა შეუძლებელია, გარდა ამისა, ზოგჯერ მამასაც სჭირდება თავისი საწერი მაგიდა.
ასე რომ, მოთხოვნა სრულიად საფუძვლიანი იყო და შეკითხვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
როგორ ფიქრობ, რა მიპასუხა დიდად განსწავლულმა ბატონმა დუსელმა? "არა" და "არა"!
აღვშფოთდი, ასე ადვილად ვერ მოგეშვები, გავიფიქრე მე და ვკითხე, რა მიზეზით მეუბნება უარს. დუსელმა ცივი წყალი გადამასხა:
– როგორ გგონია, მე არა მაქვს სამუშაო? და თუ ნასადილევს ოთხის შემდეგ მაგიდა არ დამითმეს, როდისღა უნდა ვიმუშაო.
მე ჩემი გეგმა მაქვს და საქმეს იმიტომ კი არ მოვკიდე ხელი, რომ ასე უცბად მივაგდო. შენ ხომ სერიოზულს არაფერს აკეთებ! რას წარმოადგენს შენი მითოლოგია! მუშაობა არც ქსოვა და კითხვაა.
არა, მაგიდას ვერ დაგითმობ! ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. - მე ვუპასუხე: ჩემი სამუშაო მე სერიოზულ საქმედ მიმაჩნია. ნასადილევს საერთო ოთახში მუშაობა მიძნელდება, ამიტომ გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ-მეთქი.
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, შეურაცხყოფილი ანა შემობრუნდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მის წინაშე ექიმი კი არა, არარაობა ყოფილიყოს.
ბრაზმორეულს შიგნით ყველაფერი მიდუღდა, დუსელი ძალზე უზრდელ ადამიანად მიმაჩნდა (და იყო კიდეც), ჩემი თავი კი ზრდილობიანად.
საღამოს, როგორც კი პიმი ხელში მოვიგდე, ვუამბე, რა შედეგი მოჰყვა ჩემს თხოვნას და მოვილაპარაკეთ, როგორ მოვქცეულიყავი.
ცხადია, მე დათმობა არ მინდოდა და გადავწყვიტე, თავად მომეგვარებინა ეს საქმე. მამამ დაახლოებით მასწავლა, საიდან მომევლო დუსელისათვის და მირჩია, ერთი დღე შემეცადა, რადგან ძალზე გაცეცხლებული ვარ.
მაგრამ რჩევა ყურად არ ვიღე და როგორც კი ჭურჭელი დავრეცხე, მაშინვე დავუდარაჯდი დუსელს. მამა მეზობელ ოთახში იჯდა და მისი სიახლოვე გამბედაობას მმატებდა.
− ბატონო დუსელ, - ვთქვი მე, ჩემი შეკითხვა, ალბათ, თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გთხოვთ!
− ინციდენტი ამოწურულია, მაგრამ მზად ვარ ამ თემაზე გესაუბრო, - მიპასუხა მან უაღრესად თავაზიანი ღიმილით.
თუმცა იგი წარამარა მაწყვეტინებდა, მე კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემი მოსაზრებები: - ბატონო ექიმო, როცა თქვენ აქ გადმობრძანდით, ჩვენ ზუსტად შევთანხმდით, ვინ რა დროს ისარგებლებდა ოთახით, რადგან ოთახი ორივეს გვეკუთვნის.
მაშინ დავთქვით, რომ სადილობამდე იმუშავებთ თქვენ, ნასადილევს კი მე, მაგრამ მთელ დროს არც ახლა ვთხოულობ. დამეთანხმეთ, კვირაში ორი საღამო ბევრი არაა და ამის სრული უფლება მაქვს.
დუსელი გველნაკბენივით წამოვარდა.
− უფლებებზე შენ საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდე. სად მიბრძანებ წასვლას? სხვა გზა არ დამრჩენია, უნდა ვთხოვო ბატონ ვან დაანს, იქნებ რამე საძაღლის მაგვარი ამიშენოს სხვენზე. ყოველ შემთხვევაში, ადგილი მაინც მექნება ჩემთვის.
აქ მშვიდად მუშაობის საშუალებას არ მაძლევენ, ვხედავ, შენ მანამდე არ მოისვენებ, სანამ გულზე არ გახეთქავ კაცს. შენ დას მარგოს რომ ეთხოვა, რომელსაც ამისთვის მეტი საფუძველი აქვს, მაშინვე დავუთმობდი, მაგრამ შენ...
ისევ მითოლოგიას, ქსოვასა და კითხვას გადასწვდა, ანე ღრმად შეურაცხყოფილი იყო, მაგრამ არ შეიმჩნია ეს და კვლავ დუსელის საყვედურებს ისმენდა: - რა უნდა გელაპარაკო. საშინელი ეგოისტი ხარ. შენ ოღონდ შენი გაიტანო და სულ არ გენაღვლება, სხვებს რა მოუვა.
ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასეთი ბავშვი! მაგრამ ბოლოს და ბოლოს უნდა დაგითმო, თორემ იტყვიან, ანე ფრანკი იმიტომ ჩაიჭრა გამოცდაზე, რომ ბატონი დუსელი მაგიდას არ უთმობდა და მეცადინეობის საშუალებას არ აძლევდაო.
ლაპარაკობდა განუწყვეტლივ, გაუთავებლად, როგორც ჩანჩქერი. აღარ შემეძლო მოსმენა. ჯერ ასეთმა აზრმა გამიელვა: "კარგი იქნება, ისე შემოვკრა, რომ ეს ბებერი მატყუარა კედელს გაეკრას", შემდეგ კი გავიფიქრე: "ჯობია დავმშვიდდე, ეს ტიპი ამდენი ნერვების მოშლად არა ღირს".
ბოლოს, როგორც იქნა, ლაპარაკით გული იჯერა და, როცა ოთახიდან გავიდა, მისი სახე ერთდროულად რისხვას და ტრიუმფს გამოხატავდა. როგორც ყოველთვის, ჯიბეები გამოტენილი ჰქონდა პროდუქტებით, რომელიც მიპს ჩუმად მოჰქონდა მისთვის.
მე მამასთან გავედი. მინდოდა ყველაფერი მეამბნა, მაგრამ, ალბათ, თვითონ გაიგონა, რაც ითქვა.
პიმმა გადაწყვიტა, იმ საღამოსვე მოლაპარაკებოდა დუსელს და ასედაც მოიქცა. საუბარი ნახევარ საათს გაგრძელდა. მამამ დუსელს მოაგონა, რომ ერთხელ მათ უკვე ჰქონდათ ლაპარაკი ამ საკითხზე და მაშინ მხოლოდ იმიტომ დაუთმო, რომ უფროსი უმცროსთან არ გაემტყუნებინა, თუმცა მართალი არც მაშინ იყო.
უეცრად დუსელმა ბრძანა, თითქოს მე მეთქვას, რომ დაუკითხავად შემოიჭრა ჩვენთან და ცდილობს ყველაფერს დაეპატრონოს.
მამამ გადაჭრით უარჰყო მისი ბრალდება, რადგან თვითონ გაიგონა ყველაფერი და იცოდა, რომ ამაზე კრინტიც არ დამიძრავს.
აი, ასე დაობდნენ, მამა მიცავდა, ამტკიცებდა, რომ ეგოისტი არა ვარ და ჩემი სამუშაო სისულელე არაა, დუსელი კი უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა და ილანძღებოდა.
ბოლოს დათმო. გადაწყდა, რომ კვირაში ორჯერ ხუთ საათამდე მაგიდა ჩემს განკარგულებაში იქნება.
ამგვარად დუსელი დამარცხდა. ორი დღე ზედ არ მიყურებდა და საკუთარი უფლებების განსამტკიცებლად სულელი ბიჭივით იქცეოდა: ზედმეტი ნახევარი საათი განგებ იჯდა მაგიდასთან.
თუ 54 წლის კაცი ასეთი პედანტი და წვრილმანია, ეტყობა, ბუნებას ასეთი გაუჩენია და აღარც შეიცვლება.
ანა
პარასკევი, 16 ივლისი, 1943
ძვირფასო კიწი! კვირას ისევ გვესტუმრნენ ქურდები, მაგრამ ამჯერად ნამდვილი!
როგორც ყოველთვის, დილით პეტერი საწყობში ჩავიდა და შენიშნა, რომ საწყობისა და ქუჩის კარები ღიაა. იმ წამსვე პიმთან მოირბინა.
პიმი ჯერ კაბინეტში შევიდა, გერმანიის რადიოსადგურზე მომართული მიმღები გამორთო. კარი ჩაკეტა, მერე კი ორივენი ზევით ამოვიდნენ.
ასეთ შემთხვევებში შინაგანაწესი გვიკარნახებს: არ მოუშვა წყალი, დაიცავი სრული სიჩუმე, რვა საათამდე ყველაფერი მოათავე და საპირფარეშოში აღარ შეხვიდე.
ყველას გვიხაროდა, რომ ღამე მაგრად გვეძინა და არაფერი გაგვიგონია. ბატონი კოოპჰოისი მხოლოდ თორმეტის ნახევარზე მოვიდა და გვიამბო, რომ ქურდებს ჯერ ქუჩის კარი შემოუმტვრევიათ, მერე კი საწყობის.
საწყობში ბევრი ვერაფერი აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს ბედი შემდეგ სართულზე ეცადათ. წაიღეს პატარა სეიფი, რომელშიც 40 გულდენი და შეუვსებელი ჩეკის წიგნაკები იყო. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ თან გაჰყვათ მთელი ჩვენი შაქრის ბარათები, დაახლოებით 150 კგ-ის.
ბატონი კოოპჰოისი ამტკიცებს, რომ ეს იგივე ქურდები იყვნენ, რომლებმაც ამ 6 კვირის წინათ კარის შემომტვრევა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს.
ამ ახალმა ამბავმა მთელი ჩვენი თავშესაფარი კიდევ ერთხელ შეაშფოთა. ეტყობა, სენსაციების გარეშე არ გვეცხოვრება.
კიდევ კარგი, რომ საბეჭდი მანქანები და სალარო ყოველ საღამოს ზევით ამოაქვთ და საიმედოდ მალავენ ჩვენს კარადაში.
ანა
ორშაბათი, 19 ივლისი, 1943
ძვირფასო კიწი!
კვირას ამსტერდამ-ნორდი ძლიერ დაბომბეს. იქაურობა, ალბათ, საშინლად დანგრეულია.
მთელი ქუჩები ღორღის გროვებად იქცა. დიდი დრო დასჭირდება იმათ ამოთხრას, ვინც ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.
უკვე რეგისტრირებულია 200 მოკლული და უამრავი დაჭრილი. საავადმყოფოები გაჭედილია. ბავშვები ქუჩებში დაძრწიან და მშობლებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
მე ახლაც სისხლი მეყინება, როცა მახსენდება ყრუ გუგუნი და გრუხუნი, რომელიც განადგურების მოახლოებას მოასწავებდა.
ანა
პარასკევი, 23 ივლისი, 1943
ძვირფასო კიწი!
ელიმ კვლავ იპოვა ისეთი მაღაზია, სადაც რვეულებს და, რაც მთავარია, კონტორისათვის საჭირო წიგნებს ყიდიან. ეს წიგნები მარგოს სჭირდება, რადგან ამ ბოლო დროს ბუხჰალტერიას სწავლობს.
იმ მაღაზიაში სხვა რვეულებიც იყიდება და სასაქონლო ბარათს არ თხოულობენ. მაგრამ ხარისხზე ნურაფერს მკითხავ: ქაღალდი ნაცრისფერია, ხაზები დამრეცი, სულ რაღაც თორმეტი გვერდია და ამავე დროს უსაშველოდ ძვირია.
ახლა კი მინდა ცოტა გაგართო და გიამბო, თუ რის გაკეთებას აპირებს თითოეული ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, როცა აქაურობას გაეცლება.
მარგო და ბატონი ვან დაანი თბილი წყლით პირამდე სავსე აბაზანაში ჩაწვებიან და ნახევარ საათს მაინც ინებივრებენ.
ქალბატონი ვან დაანი მაშინვე რომელიმე საკონდიტროს მიაშურებს და ტორტით გამოძღება.
დუსელს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: ნახოს ცოლი, თავისი ლოთჰენი.
დედას ერთი ფინჯანი ყავა ენატრება.
მამა პირველ რიგში ბატონ ვოსენს ინახულებს.
პეტერი ქალაქში გავარდება და კინოს ნახავს.
მე კი?? - ბედნიერებისაგან არც კი მეცოდინება, რა გავაკეთო, რით დავიწყო.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ისაა, რომ კვლავ ჩვენს სახლში აღმოვჩნდე, სადაც ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
მინდა აგრეთვე თავისუფლად ვიარო ყველგან, სადაც მომესურვება, მინდა დამეხმარონ, ხელმძღვანელობა გამიწიონ სწავლაში, მინდა წესიერად დავდიოდე სკოლაში.
ელის შავ ბაზარზე ხილის შოვნა შეუძლია, მაგრამ ფასს ნუ იკითხავ. ყურძენი 5 გულდენი ღირს, ხურტკმელი - 70 ცენტი, ერთი ატამი - 50 ცენტი, 1 კგ ნესვი - გულდენ ნახევარი.
გაზეთში კი ყოველდღე მსხვილი ასოებით წერენ: ფასების ზრდა გადამყიდველების ბრალიაო.
ანა
ორშაბათი, 26 ივლისი, 1943
ძვირფასო კიწი!
გუშინდელი დღე ისეთი მძიმე იყო, რომ მოსვენება დავკარგეთ და ჯერაც ვერ დავმშვიდებულვართ. თუმცა შეგიძლია მკითხო: თუ ერთ დღეს მაინც ჩაუვლია ჩვენთან მშვიდად.
როცა საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი საყვირები აწივლდნენ, ჩვენ ვსაუზმობდით. ჯერჯერობით უშუალო საფრთხე არ გვემუქრებოდა, რადგან გამაფრთხილებელი საყვირები მხოლოდ იმას გვაუწყებდნენ, რომ მტრის თვიმფრინავები ზღვის სანაპიროს უახლოვდებიან.
საუზმის შემდეგ მივწექი. საშინელი თავის ტკივილი მქონდა. მოგვიანებით ძირს ჩავედი. დაახლოებით დღის ორი საათი იქნებოდა. სამის ნახევარზე მარგომ კონტორის საქმეები მოათავა.
ჯერ წიგნებიც არ ჰქონდა ალაგებული, როცა ისევ ატყდა განგაში, ამჯერად უკვე ნამდვილი. ჩვენ კვლავ ზევით ავედით და სწორედ დროზეც.
ხუთი წუთის შემდეგ ისეთი საშინელი გრუხუნი მოგვესმა, რომ დერეფნის კუთხეში ჩვენს ბომბსაფარს მივაშურეთ.
მთელი სახლი ქანაობდა, ცხადად გვესმოდა, როგორ ფეთქდებოდა ყუმბარები. მე ჩემი "გასაქცევი ჩანთა" იღლიის ქვეშ ამოვიჩარე გაქცევის მიზნით კი არა, მინდოდა რამეს ჩავჭიდებოდი. სულ ერთია, აქედან ფეხს ვერ მოვიცვლით და თუ უკიდურეს შემთხვევაში მაინც მოგვიწევს გაქცევა, ქუჩა ჩვენთვის ბომბარდირებაზე ნაკლებ სახიფათო არაა.
ნახევარი საათის შემდეგ საჰაერო თავდასხმა შეწყდა და ჩვენები გამოცოცხლდნენ. პეტერი სხვენიდან, თავისი სამეთვალყურეო პუნქტიდან ჩამოვიდა. ბატონი დუსელი დიდ კონტორაში ყოფილა, ქალბატონ ვან დაანს ყველაზე უშიშარ ადგილად კაბინეტი მიუჩნევია.
ბატონი ვან დაანი კი სამერცხულიდან უთვალთვალებდა საჰაერო თავდასხმას. ბოლოს ყველამ ზევით მოვიყარეთ თავი და ნავსადგურის თავზე ცხადად დავინახეთ კვამლის სქელი ბოლქვები.
მალე ჩვენამდე ნამწვის სუნმაც მოაღწია. ასე გვეგონა, თითქოს ქალაქს სქელი ნისლი დააწვა.
საშინელებაა ასეთი დიდი ხანძარი. ჩვენ კმაყოფილნი ვიყავით, რომ ჩვენთვის ყველაფერი კეთილად დამთავრდა და თითოეული თავის საქმეს შეუდგა.
ვახშმობისას კვლავ გაისმა საჰაერო განგაში! კერძი გემრიელი გვქონდა, მაგრამ საყვირების წივილში მადა დამეკარგა. თუმცა ამჯერადაც არაფერი მომხდარა და თხუთმეტი წუთის შემდეგ განგაში შეწყდა.
ატყდა საშინელი სროლა, ჩვენი სახლის თავზე უამრავი თვითმფრინავი შეგროვდა. თითოეული ფიქრობდა: "ღმერთო, ეს უკვე მეტისმეტია", მაგრამ ფიქრი რას გვიშველიდა. წამოვიდა ყუმბარების წვიმა, ახლა უკვე სხვა მხარეს - შიპჰოლის (ამსტერდამის აეროპორტი) თავზე, როგორც ინგლისის რადიომ გვიწინასწარმეტყველა.
მფრინავები დაბლა ეშვებოდნენ, მაღლა ადიოდნენ, ისროდნენ, ჰაერი გუგუნებდა. სულ იმის შიში მქონდა, რომ თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ.
უნდა გამოგიტყდე, რომ საღამოს 9 საათზე, როცა დასაძინებლად ვემზადებოდი, ფეხზე ძლივს ვიდექი. ღამე გამომეღვიძა. ზუსტად 12 საათი იყო. ისევ თვითმფრინავები. დუსელი ტანზე იხდიდა, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
როგორც კი სროლა გაისმა, სრულიად გამოფხიზლებული საწოლიდან წამოვვარდი. ორი საათის განმავლობაში თვიმფრინავები მოუშორებლად დაგვტრიალებდნენ თავზე და მე მამასთან დავრჩი. ბოლოს სროლა შეწყდა და ისევ ჩემს ოთახში გადავბარგდი. სამის ნახევარზე ჩამეძინა.
შვიდ საათზე გულგახეთქილი წამოვვარდი. ვან დაანი მამასთან იყო. ყველაფერი გავიგონე მე. "ქურდები", გამიელვა თავში და მეგონა, ქურდებმა ყველაფერი წაიღეს.
მაგრამ არა! შესანიშნავი ცნობა გადმოუციათ, ისეთი, როგორიც დიდი ხანია, შეიძლება მთელი ომის მანძილზე არ მოგვისმენია. მუსოლინი გადადგა, მმართველობა იტალიის მეფემ აიღო ხელში.
გვიხაროდა გუშინდელი საშინელების შემდეგ ასეთი კარგი ამბავი და... იმედი, განთავისუფლების იმედი! მოსალოდნელი მშვიდობის იმედი!
ეს წუთია, კრალერი მოვიდა და გვითხრა, "ფოკერის" (თვითმფრინავების მშენებელი გერმანული ფირმა.) ქარხანა თითქმის სულ დაინგრაო.
ღამე კვლავ განგაში ატყდა, უამრავი თვითმფრინავი მოფრინდა. შემდეგ ისევ საყვირების გამაფრთხილებელი წივილი.
დამახრჩო ამდენმა განგაშმა. გამოძინებას ვერ ვასწრებ და წესიერად მეცადინეობა აღარ შემიძლია.
ძილს მღელვარებაც და იმედიც გვიფრთხობს, იქნებ მალე, იქნებ წელს დამთავრდეს ყველაფერი.
ანა
ხუთშაბათი. 29 ივლისი, 1943
ძვირფასო კიწი!
ქალბატონი ვან დაანი, დუსელი და მე ჭურჭელს ვრეცხავდით. მე ჩუმად ვიყავი, რაც იშვიათი მოვლენაა და მათაც ენიშნათ.
ცნობისმოყვარეთა მზერა და ზედმეტი კითხვები რომ თავიდან ამეცილებინა, საუბრისათვის თავისუფალი თემა ავირჩიე და შევეხე წიგნს "ჰენრი ზღვის ნაპირიდან". მაგრამ ანგარიშში მოვტყუვდი. თუ ქალბატონი ვან დაანი არ შემომედავება, დუსელი აუცილებლად გამოიდებს თავს.
საქმე ასე იყო: დუსელმა საგანგებოდ გვირჩია აღნიშნული წიგნი. მე და მარგომ შესანიშნავი ვერაფერი ვიპოვეთ მასში. მართალია, ჭაბუკი მშვენივრადაა აღწერილი, მაგრამ დანარჩენი... ჯობია, გავჩუმდე. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და იმწასვე მახეში გავები.
"შენ რა გესმის მამაკაცის სულიერი ცხოვრების? ბავშვზე რომ იყოს ლაპარაკი, მაშინ გასაგებია! ჯერ კიდევ პატარა ხარ ასეთი წიგნების საკითხავად. ამის გაგება ზოგიერთს ოცი წლის ასაკშიც კი უჭირს". (თუ ასეა, რატომღა გვირჩია ასე საგულდაგულოდ მისი წაკითხვა მე და მარგოს?). უეცრად ორივემ აიწყვიტა!
"შენ ძალზე ბევრი რამ იცი, რისი ცოდნაც შენთვის ჯერ ადრეა. ცუდად გზრდიან. გაიზრდები და ვერაფერში ვერ ჰპოვებ სიხარულს და სიამოვნებას. მაშინ კი იტყვი: აჰ, ასეთი რამე მე უკვე 25 წლის წინათ წავიკითხე წიგნში. თუ გათხოვებას აპირებ, ან გულით გინდა შეიყვარო ვინმე - იჩქარე! მერე აღარავინ მოგეწონება. თეორიულად ყველაფერი იცი, მაგრამ პრაქტიკულად ყოველივე ეს სულ სხვაგვარად გამოიყურება".
მათ იქნებ ჰგონიათ, რომ კარგი აღზრდა შვილის მშობლების წინააღმდეგ ამხედრებაა, რასაც დიდი სიამოვნებით აკეთებენ კიდეც.
ასეთივე ბრწყინვალე მეთოდია ისიც, რომ ჩემი ხნის გოგონებს "მოზრდილთა" თემაზე არ ესაუბრო, მაგრამ ასეთი აღზრდა ხშირად საშინელ შედეგებს იწვევს!
ამგვარი სასაცილო მანჭვა-გრეხისათვის ორივეს დიდი სიამოვნებით გავაწნიდი სილას. ისე გავმწარდი, რომ თავი აღარ მახსოვდა. ნეტავ, რაც შეიძლება მალე გავეცალო მათ. ქალბატონი ვან დაანი ნამდვილი... აი, ვისგან უნდა აიღო მაგალითი! დიახ, მაგალითი იმისა, როგორიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო!
მას ყველა იცნობს, იცნობს როგორც უტიფარს, ეგოისტს. ვირეშმაკას, ძუნწსა და ყველაფრით უკმაყოფილოს.
ამ ქალბატონზე შემიძლია ტომები დავწერო და, ვინ იცის, იქნებ დავწერო კიდეც. მისი გარეგნული ბზინვა მალე ხუნდება, მისი თავაზიანობა და ალერსი, რასაც განსაკუთრებით მამაკაცების მიმართ იჩენს, ყალბია.
დედას იმდენად სულელად მიაჩნია, რომ მისთვის სიტყვებს არ იმეტებს, მარგო არარაობად თვლის, პიმი კი ამბობს, მახინჯიაო (როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით).
მე მიკერძოება არ მჩვევია, მაგრამ ხანგრძლივი დაკვირვებების შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველა თვალსაზრისი სწორია და იგი ათასჯერ უარესია.
იმდენი ცუდი მხარე აქვს, რომ არ იცი, რით დაიწყო?
ანა
P. S. ძვირფას მკითხველს ვთხოვ გაითვალისწინოს ის, რომ ეს წერილი ცხელ გულზე დავწერე.
სამშაბათი, 3 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
პოლიტიკური ამბები კარგად მიდის. იტალიაში ფაშისტების პარტია აკრძალეს. სხვადასხვა რაიონში ფაშისტების წინააღმდეგ ხალხი აღდგა, ამ ბრძოლაში ჯარისკაცებიც კი მონაწილეობენ.
როგორღა შეუძლია ამ ხალხს, ინგლისელებს ეომოს?
აქაურობა უკვე მესამედ ძლიერად დაბომბეს. კრიჭაშეკრული ვამხნევებდი საკუთარ თავს.
ქალბატონი ვან დაანი, რომელიც აქამდე გაიძახოდა: "დაუსრულებელ ლოდინს ყველაზე საშინელი დასასრული ჯობსო", ჩვენს შორის ყველაზე ლაჩარია.
ამ დილით ვერხვის ფოთოლივით თრთოდა, შემდეგ კი ცრემლები წასკდა.
ცოლ-ქმარი მთელი კვირის განმავლობაში ძაღლი და კატასავით ჭამდნენ ერთმანეთს და ახლახან შერიგდნენ.
ქმარი ალერსიანად ამშვიდებდა ცოლს. ამ დიდებული სცენის შემყურეს შეიძლებოდა გული აჩუყებოდა.
კატაზე გამახსენდა. მუშიმ დაამტკიცა, რომ კატას მარტო სარგებლობა არ მოაქვს! ყველას რწყილები დაგვესია და ჩვენი წამება თანდათან ძლიერდება.
ბატონმა კოოპჰოისმა ყველაფერს დააყარა ყვითელი ფხვნილი, მაგრამ ეტყობა, რწყილებს არაფერს ვნებს.
ყველას დაგვაწყდა ნერვები. ყველგან რწყილი მელანდება, ყველაფერი მეფხანება, ხან ხელი, ხან ფეხი. ხან სხეულის სხვა ნაწილი.
ყველა იგრიხება, სასაცილო პოზას ღებულობს, ცდილობს პატარა მწამებელი დაიჭიროს.
ამავე დროს სხეულის უმნიშვნელო მოძრაობაც კი მტკივნეულია, ჩვენ გავხევდით, რადგანაც ძალიან ცოტას ვვარჯიშობთ და ამავე დროს თავს არ ვუვლით.
ანა
ოთხშაბათი, 4 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
მას შემდეგ, რაც ამ თავშესაფარში ვართ გამოკეტილები, ერთ წელზე მეტი გავიდა.
შენ უკვე საკმაოდ ბევრი რამ იცი ჩვენს ცხოვრებაზე.
ზოგი რამ ძნელი გადმოსაცემია. აქ ყველაფერი ძალზე რთული და სულ სხვაგვარია, ვიდრე გარეთ, მაგრამ სრული წარმოდგენა რომ შეგექმნას, დროდადრო რამეს მოგიყვები ჩვენი ცხოვრებიდან.
დავიწყებ იმით, თუ როგორ ვატარებთ საღამოს და ღამეს.
საღამოს ცხრა საათზე იწყება გაცხოველებული ძილის წინა სამზადისი: სკამების მიდგმა-მოდგმა, საბნებისა და ბალიშების გადმოლაგება, ლოგინების გაშლა.
იმ ადგილას, სადაც დღისით ყველაფერი ეს აწყვია, აღარაფერი რჩება. მე მძინავს პატარა შეზლონგზე, რომლის სიგრძე დაახლოებით მეტრნახევარია, და რომლის დასაგრძელებლად სკამებია საჭირო.
დღისით ჩემი პლიუმო, საბანი, ბალიში და ზეწარი დუსელის საწოლზე ალაგია.
გვერდითი ოთახიდან ისმის დამახასიათებელი ჭრიალი და ჭრაჭუნი: მარგო თავის დასაკეც საწოლს შლის და საიდანღაც საბნები და ბალიშები ამოაქვს.
თუ არ იცი, რომ ქალბატონი ვან დაანის საწოლს ფანჯრისკენ მიათრევენ, შეიძლება იფიქრო, ზევით ქუხსო.
ვარდისფერ ღამის პერანგში გამოწყობილმა "მისმა უდიდებულესობამ" ფანჯარასთან უნდა დაიძინოს და ახლო მანძილიდან ისუნთქოს სუფთა ოზონი თავისი ლამაზი, პატარა ცხვირით!
საათის ცხრაზე, როცა პეტერი დაბანას მორჩება, "სააბაზანოში" მივდივარ და საგულდაგულოდ ვიბან.
ხშირად ჩემი ბანაობა რომელიმე რწყილს სიცოცხლის ფასად უჯდება. შემდეგ ვიხეხავ კბილებს, ვიხვევ კულულებს, ვიწმენდ ფრჩხილებს და ვეწევი სხვა წვრილმან საქმიანობას, რაც საიდუმლოებაა...
ყველაფერი ეს ნახევარ საათში უნდა მოვასწრო.
ათის ნახევარი: საბანაო ხალათს ვიცვამ. ცალ ხელში საპონი მიჭირავს, მეორეში თმის სამაგრები, ბიგუდები, ბამბა, იღლიაში საცვლები მაქვს ამოჩრილი და გავრბივარ. მაგრამ ხშირად უკან მაბრუნებენ, რადგან პირსაბანი ჩემი მშვენიერი შავი თმით დამიმშვენებია, რაც ჩემს მომდევნოს მაინცდამაინც არ მოსწონს.
ათი საათი: ვუშვებთ შუქსანიღბავ ფარდებს. ძილი ნებისა! თხუთმეტი წუთის შემდეგ ისმის საწოლის ჭრიალი და დამტვრეული, მოშლილი ზამბარების კვნესა. ბოლოს, თუ ზევითა წყვილი არ დაობს, სიჩუმე მკვიდრდება.
თორმეტის ნახევარი: იღება "სააბაზანოს" კარი და იატაკზე სინათლის ვიწრო ზოლი წვება. ისმის ფეხსაცმლის ფლატუნი. გამოცხადდება უზომოდ გრძელ ხალათში გახვეული დუსელი, რომელიც აქამდე კრალერის კონტორაში მუშაობდა.
ათიოდე წუთი ოთახში დაფლატუნობს, ქაღალდებს აშრიალებს, საკვებს ინახავს, საქმიანად შლის ლოგინს, მერე მცირე ხნით ისევ იკარგება, საპირფარეშოდან კი დროდადრო საეჭვო ხმები ისმის.
სამი საათი: პატარა საქმის გამო, ჩვეულებრივ, ადგომა მიხდება. თუნუქის კოლოფს, რომელსაც ამ მიზნით ვიყენებ, ქვეშ დაფენილი აქვს ფეხსაფენის ნაჭერი იმ შემთხვევისათვის, თუ ჟონვას დაიწყებს.
ვცდილობ, სუნთქვა შევიკავო, თუნუქის კოლოფი კი ისე ხმაურობს, თითქოს კენჭებზე წყარო მირაკრაკებს. ამის შემდეგ თეთრ პერანგში გახვეული არსება (მარგოს მუდმივი დაცინვის საგანი - "რას გავხარ ამ ღამის პერანგში!") კვლავ საწოლში მიძვრება.
თხუთმეტიოდე წუთი ისევ ღამის ხმაურს ვუსმენ, ჯერ ერთი, ქურდები ხომ არ შემოპარულან, მეორეც, რას აკეთებენ ჩემი ყოველმხრივ განლაგებული მეზობლები. აქედან ადვილად შეგიძლია დაასკვნა, თუ რა ტემპერამენტის ადამიანია თითოეული მათგანი.
ზოგს მაგრა სძინავს, ზოგი ძილფხიზლობს; ძალზე უსიამოა, როცა ბატონი დუსელი ძილფხიზლობს.
ჯერ ისმის შესუნთქვა, თითქოს თევზი გაჭირვებით ყლაპავს ჰაერს და ასე ათჯერ მაინც, მერე ენის წკლაპუნით ტუჩებს ისველებს, ბრუნავს, ბორგავს, ბალიშს აწვალებს და ასე გრძელდება მანამდე, სანამ მყუდროდ არ მოიკალათებს.
მთელი ეს პროცედურა მცირე შესვენებით სამჯერ მაინც მეორდება. ბოლოს ბატონი ექიმი ძილს მიეცემა.
ღამით, პირველსა და ოთხ საათს შორის, ხშირად ისმის საზენიტო ქვემეხების სროლა.
ჯერ ვერ გამიგია, რა მოხდა და მაინც ნახევრად გამოფხიზლებული უკვე ვდგავარ ჩემი საწოლის გვერდით.
ზოგჯერ მესიზმრება უწესო ზმნები და ჩემს ზევით მცხოვრები ცოლ-ქმრის ჩხუბი.
ასეთ შემთხვევაში მოგვიანებით ვხვდები, რომ კარგად მეძინა და სროლის ხმა გამომეპარა, მაგრამ უფრო ხშირად საწოლიდან წამოვვარდები, ბალიშს და ცხვირსახოცს ხალათში ვახვევ და ფოსტლებში ფეხგაყრილი მფარველობის საძიებლად მამასთან გავრბივარ.
ეს მარგომ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად დაწერილ ლექსში ასე გამოხატა:
როგორც კი ღამით განგაში ტყდება
და ქვემეხების გრგვინვა მოგორავს,
გულგახეთქილი წამოვარდება
და მამის საწოლს ეძებს გოგონა.
თუ საშინელი სროლა არაა, სანამ მამასთან ვარ, პირველ შიშს ვძლევ.
შვიდს რომ თხუთმეტი აკლია: წკრრრ, ზევით მაღვიძარა საათმა დაიწკრიალა. ქალბატონმა ვან დაანმა საათი გააჩერა. ქმარი დგება. გვესმის მისი ხმა, იგი წყალს უშვებს და პირველი შედის "სააბაზანო" ოთახში.
ნახევარი საათის შემდეგ მას დუსელი ცვლის. როგორც იქნა, მარტო დავრჩი. ვდგები, ფარდებს ვხსნი და თავშესაფარში ახალი დღე იწყება.
ანა
ხუთშაბათი, 5 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
დღეს უნდა გიამბო, რა ხდება ჩვენთან, როცა კონტორის მოსამსახურეები შესვენების დროს სასადილოდ ამოდიან.
პირველის ნახევარი: ჩვენმა ვირთხების სორომ თავისუფლად ამოისუნთქა. დამლაგებლები წავიდნენ. ზევიდან მტვერსასრუტის ხმაური ისმის. ქალბატონი ვან დაანი გულმოდგინედ წმენდს ძვირფას "ნივთს" - ხალიჩას.
იღლიაში წიგნებამოჩრილი მარგო ოდნავ გონებაჩლუნგ მოწაფესთან, დუსელთან მოდის, რომელიც ძნელად ითვისებს ჰოლანდიურს.
პიმს ძალიან უყვარს დიკენსი და მყუდრო კუთხეს ეძებს, რათა კითხვით დატკბეს. დედა ზევით მიეშურება, რომ ნიადაგ მოფუსფუსე დიასახლისს მოეხმაროს. მე კი "სააბაზანო" ოთახში შევდივარ, საჭიროა, იქაურობა მივალაგო და თავი ოდნავ წესრიგში მოვიყვანო.
პირველს თხუთმეტი აკლია: რიგრიგობით შემოდიან სტუმრები: ვან სანტენი, ბატონი კოოპჰოისი ან კრალერი, ელი და ხშირად მიპიც.
პირველი საათი: სულგანაბული ვუსმენთ ბი-ბი-სის გადაცემას. ესაა ერთადერთი დრო, როცა ჩვენი თავშესაფრის ბინადარნი არ დაობენ, რადგან ისეთი ვინმე ლაპარაკობს, ვისაც ბატონი ვან დაანიც კი ვერ შეუბრუნებს სიტყვას.
ორის თხუთმეტი წუთი: მეორედ საუზმის დროა. თითოეული ღებულობს ერთ ფინჯან წვნიანს და, თუ გვაქვს, რაიმე შესატანებელსაც.
ჰენკ ვან სანტენი კმაყოფილი ზის სავარძელში, ხელში გაზეთი უჭირავს, გვერდით კატა უზის, წინ კი წვნიანი კერძი უდგას. ყოველივე ეს სიმყუდროვის აუცილებელი ატრიბუტებია.
ბატონი კოოპჰოისი გვიამბობს, რა ხდება ქალაქში. ინფორმაციის შესანიშნავი წყაროა. კიბეზე ბაკაბუკით ამორბის კრალერი, კარებზე რამდენჯერმე აკაკუნებს, შემდეგ შემოდის და ხელებს იფშვნეტს.
ხან კარგ ხასიათზეა, მხიარული გამომეტყველება აქვს, ხანაც დამწუხრებული სახე აქვს და დუმს, გააჩნია, რა გუნებაგანწყობილებაზეა.
ორს თხუთმეტი აკლია: სტუმრები გვემშვიდობებიან: ყველა თავის საქმეს უბრუნდება.
დედა და მარგო ჭურჭელს რეცხავენ. ბატონი და ქალბატონი ვან დაანები დასაძინებლად მიდიან, პეტერი თავის ოთახში იმალება, მამა წვება, უნდა ცოტათი თვალი მოატყუოს, დუსელიც ამას აპირებს, მე კი ვწერ და ვკითხულობ.
საუკეთესო დროა, ყველას სძინავს. ხელს არავინ მიშლის.
დუსელს სახეზე ვამჩნევ, რომ გემრიელი საჭმელი ესიზმრება, მაგრამ დიდხანს საცქერად არ მცალია.
დრო ჩქარა გადის და როგორც კი ხუთს ერთი წუთი გადასცდება, ეს პედანტი კაცი თავზე დამადგება და უკმაყოფილო გამომეტყველებით მომთხოვს, მაგიდა გავუთავისუფლო.
ანა
შაბათი, 7 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
ჩვენი ცხოვრების აღწერა დროებით უნდა შევწყვიტო. ამ რამდენიმე კვირის წინათ მოთხრობის წერა დავიწყე, რაღაცას ვთხზავ და ეს იმდენ სიხარულს მანიჭებს, რომ "ჩემი კალმის ნაშიერნი" საკმაოდ მომრავლდნენ.
რადგან დაგპირდი, რომ ჩემი განცდების შესახებ ყველაფერს გულწრფელად და პატიოსნად გიამბობ. მინდა ვიცოდე: როგორ გგონია, მოეწონებათ ჩემი მოთხრობები ბავშვებს?
ფ ი ს ო
ფისო ჩვენი მეზობლის გოგონას ჰქვია. კარგ ამინდში ფანჯრიდან ვხედავ, როგორ თამაშობს ბაღში.
კვირაობით ფისოს ღვინისფერი ხავერდის კაბა აცვია, სხვა დღეებში კი - შალის ლურჯი კაბა. ფისოს აქვს ქერა, მაგრად დაწნული, განზე გაშვერილი ნაწნავები და ლურჯი შუქმფენი თვალები.
დედა შესანიშნავი ჰყავს, მამა კი არა ჰყავს. ფისოს დედა მრეცხავია, დღისით ხშირად ეხმარება ოჯახის დიასახლისებს, რომელთაც მთელი სახლი აქვთ დასალაგებელი, საღამოს სხვის სარეცხს რეცხავს და მერე კი დაღამებამდე თეთრეულს ფენს, საბნებს ფერთხავს და ტანსაცმელს წმენდს.
ფისოს ჰყავს ექვსი და-ძმა. ყველაზე პატარა მტირალაა და, როცა დედა ბავშვებს დასაძინებლად ეძახის, დის კალთას ეფარება.
ჰყავს აგრეთვე ზანგივით შავი კატა, რომელსაც კარგად უვლის და ყოველ საღამოს ეძახის: "ფისო, ფისუნია, ფისო, ფისო, ფიღსო!" ამიტომაც დაარქვეს ფისო.
სინამდვილეში, ალბათ, სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ შერქმეული სახელი ყველაზე მეტად უხდება, გარდა ამისა, ჰყავს ორი ბაჭია, ერთი თეთრი, მეორე ყავისფერი.
სკუპ, სკუპ, სასაცილოდ დახტიან ბაჭიები ეზოში, ზოგჯერ კი სახლის ზღურბლამდეც მიდიან. ხანდახან ფისო სხვა ბავშვებივით ცუდად იქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ძმებთან ჩხუბი მოუვა.
ო, რა საშინელი გაბრაზება იცის ამ დროს, იცემება, წიხლებს ისვრის, იკბინება კიდეც! მაგრამ ჩხუბი დიდხანს არ გრძელდება. ძმები ღონიერ დას ერიდებიან. "ფისო, გაიქეცი მაღაზიაში!", დაუძახებს ზოგჯერ დედა, მაგრამ ფისო ყურებს თითებით იცობს, შემდეგ კი დედას ეუბნება, არაფერი გამიგონიაო და არც ტყუის.
ფისოს ჭირის დღესავით ეჯავრება რაიმეს საყიდლად წასვლა. მაგრამ არც ტყუილის თქმა უყვარს.
ფისო არასოდეს არ ტყუის. მის ლურჯ თვალებშიც ჩანს. ფისოს უფროსი ძმა, პეტერი, თექვსმეტი წლისაა, და შეგირდად მუშაობს.
მას თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და უმცროსებს მბრძანებლურად ექცევა. მას ფისოც კი ვერაფერს უბედავს, რადგან საკუთარი გამოცდილებით იცის, რა ფიცხია, თუმცა ისიც იცის, რომ თუ გამგონი იქნება, ძმა კანფეტს მისცემს. ტკბილეულობა კი ფისოსაც ძალიან უყვარს და, ცხადია, უმცროსებსაც.
კვირაობით, როცა ზარების ძლიერი, საზეიმო რეკვა ხალხს სალოცავად უხმობს, ფისო დედასთან და პატარებთან ერთად ეკლესიაში მიდის.
ფისო ჯერ ზეცაში მყოფ მამას ავედრებს ღმერთს, შემდეგ კი დედას, და სთხოვს ჯანმრთელად ამყოფოს. მერე ყველანი სასეირნოდ მიდიან.
ფისო მოუთმენლად ელოდება კვირა დღეს და სეირნობს. მიდიან პარკში, ზოგჯერ ზოოპარკშიც, თუმცა ზოოპარკში სექტემბერში დადიან, როცა ბილეთი უფრო იაფი ღირს.
ფისოს დაბადების დღესაც შეუძლია ზოოპარკში წასვლა. ეს მისი საჩუქარი იქნება, რადგან ძვირფასი საჩუქრისათვის დედას ფული არ ყოფნის.
ზოგჯერ, მძიმე მუშაობის შემდეგ, დედა დაღლილია და ტირის, მაგრამ ფისო მას ანუგეშებს და პირდება ყველაფერს, რაზედაც თვითონ ოცნებობს.
ძალიან უნდა მალე გაიზარდოს, ფული იშოვოს და თავისთვის კაბების, ხოლო პატარებისათვის პეტერივით ტკბილეულობის ყიდვა შეძლოს, ამისთვის კი ბევრი უნდა ისწავლოს და დიდხანს იაროს სკოლაში.
დედა აპირებს მეოჯახეობის სკოლაში მიაბაროს, მაგრამ ფისოს არავითარი სურვილი არა აქვს. არ წავა მოსამსახურედ. ურჩევნია ფაბრიკაში იმუშაოს, იმ მშვენიერი გოგონების მსგავსად, რომლებიც ყოველდღე მათი სახლის წინ დადიან.
ფაბრიკაში უამრავი ხალხია. ხმის გამცემი მუდამ ეყოლება. ფისოს მუსაიფი უყვარს. მართალია, იგი კარგად სწავლობს, მაგრამ სკოლაში ზოგჯერ კუთხეში აყენებენ, რადგან ენა ვერ გაუჩერებია.
მასწავლებელი ძალიან უყვარს. მეტისმეტად ჭკვიანი და ლამაზია. საშინლად ძნელია გახდე ისეთი, როგორიც მასწავლებელია, მაგრამ შეიძლება მომავალში ცოტათი მაინც დაემსგავსოს.
დედა ეუბნება, ბევრი რამ თუ არ გეცოდინება, ვერ გათხოვდებიო, რაც მას არ მოსწონს. ფისოს გულით უნდა ბავშვები ჰყავდეს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მისი უმცროსი დები და ძმებია, არამედ უფრო ლამაზი, უფრო მიმზიდველი.
მის ბავშვებს მშვენიერი წაბლისფერი კულულები ექნებათ, როგორც კეთილშობილებს შეეფერება და არა ქერა. არავითარი ჭორფლი, ფისოს მთელი სახე ჭორფლით აქვს დაფარული.
მას არც იმდენი ბავშვი ეყოლება, რამდენიც დედას ჰყავს, ორი ან სამი კმარა; მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა იცადოს, ორჯერ მეტი ხნის უნდა გახდეს! "ფისო", ეძახის დედა, "აბა ჩქარა დაიძინე! სად ხარ აქამდე? ისევ ოცნებებმა გაგიტაცა!".
ფისო ჩუმად ოხრავს... რა კარგია მომავალზე ოცნება!..
კ ა ტ რ ი ნ ტ ე
კატრინტე გლეხკაცის სახლის წინ დიდ ლოდზე მზეში იჯდა და დაძაბული ფიქრობდა.
ჩუმი, წინსაფარაფარებული გოგონა არავის არ ეუბნებოდა, რაზე ფიქრობდა, არავის არ უზიარებდა გულისნადებს, რადგან ძალზე უშნო და გულჩათხრობილი იყო. მეგობრები არ ჰყავდა, ალბათ ვერც იშოვიდა.
დედა უცნაურ ბავშვად თვლიდა, თვითონაც გრძნობდა, რომ სხვა ბავშვებს არ ჰგავს. მამამისს,
ნამდვილ გლეხს, ბევრი საქმე ჰქონდა და ერთადერთი ქალიშვილისათვის ვერ იცლიდა. ამგვარად, კატრინტე საკუთარი თავის ანაბარა იყო. მარტოობა მას არ აწუხებდა, მიჩვეული იყო.
მაგრამ ზაფხულის ამ მშვენიერ საღამოს, როცა თავი ასწია და მინდვრებს გახედა, მძიმედ ამოიოხრა. რა კარგია ალბათ ტოლებთან თამაში! როგორ დარბიან, იცინიან, როგორ მხიარულობენ, უფრო და უფრო ახლოს მოდიან... რა უნდათ ჩემგან?
ო, რა ბოროტები არიან, იმისთვის მივიდნენ, რომ აბუჩად აიგდონ. გარკვევით ესმის, როგორ ეძახიან მეტსახელს: "დონდლო, დონდლო!". ო, როგორ ეზიზღება მას ეს სახელი! ისინი კი სულ უფრო ხმამაღლა ყვირიან!
ო, რა უბედურია! სახლში შესვლა მაინც შეეძლოს, მაგრამ მაშინ სულ აღარ მოასვენებენ... საბრალო გოგონა, ეს შემთხვევა უკანასკნელი როდია, ჯერ კიდევ ბევრჯერ იგრძნობ მარტოობას ცხოვრებაში და ბევრჯერ შეგშურდება სხვა გოგონების!
– კატრინტე, შემოდი სახლში, სადილობის დროა! - კატრინტემ ღრმად ამოიოხრა და წამოდგა. ურჩობას ვერ უბედავდა დედას.
– შეხედე ერთი, რა კმაყოფილი სახე აქვს ჩვენს ქალიშვილს, რა მხიარული ბავშვია! - წამოიძახა დედამისმა, როცა ჩვეულებრივზე უფრო მოღუშული კატრინტე ნელა შევიდა ოთახში.
– რა დაგემართა, დამუნჯდი? - უყვირა დედამ, მისი ხმა უფრო უხეში და მკაცრი იყო, ვიდრე უნდოდა, მაგრამ მისი ქალიშვილიც ნაკლებად ჰგავდა იმ მხიარულ და სიცოცხლით სავსე ბავშვს, რომელზედაც ოცნებობდა.
– გისმენ, დედა, - ძლივს გასაგონად თქვა გოგონამ.
– რაღა მიჭირს. მთელი დღე სადღაც დაეთრევი, არაფრის მაქნისი არა ხარ! სად იყავი აქამდე?
– აქვე, მახლობლად. - კატრინტეს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ყელში ხელი წაუჭირეს. ბავშვის დაბნევამ დედა დააეჭვა და მეტი ცნობისმოყვარეობით დაუწყო გამოკითხვა: - გარკვევით მითხარი, სად იყავი, მინდა ვიცოდე, სად დაეთრეოდი, გაიგე?
ო, რა დონდლოა, ამის ატანა შეუძლებელია! - როგორც კი დედამ საძულველი მეტსახელი წარმოთქვა, კატრინტემ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ ატირდა.
– რა იყო, რა მოხდა? ვის ჰგავს ასეთი მხდალი! არ შეიძლება პირდაპირ მითხრა, სად დაეთრეოდი, იქნებ საიდუმლოა?
მაგრამ გოგონას არაფრის თქმა არ შეეძლო, რადგან ცრემლები ახრჩობდა. უეცრად წამოხტა, სკამი გადააყირავა და ტირილით სხვენზე ავარდა.
კუთხეში ტომრებზე დამხობილი დიდხანს ქვითინებდა გულამოსკვნილი... დედამისს შვილის საქციელი არ გაკვირვებია, მხრები აიჩეჩა და სუფრა აალაგა.
მისი ქალიშვილი ხშირად იქცეოდა ასე სულელურად და ჯობდა, ყურადღება არ მიექცია. სულ ერთია, მისგან მაინც ვერაფერს გაიგებს, ცრემლის ღვრაში კი ბადალი არა ჰყავს. როგორ შეიძლება, თორმეტი წლის გლეხის გოგო ასეთი იყოს!
კატრინტე სხვენზე ოდნავ დამშვიდდა და ჩაფიქრდა. უნდოდა, დაბლა ჩასულიყო, დედისთვის ეთქვა, ქვაზე ვიჯექიო და მოეთავებინა ის საქმე, რომელსაც აქამდე თავი ვერ გაართვა.
დედა დარწმუნდებოდა, რომ უქნარა არაა. თუ დედა ჰკითხავს, რატომ იჯდა მთელი დღე უსაქმოდ ქვაზე, ეტყვის, რომ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაეწყვიტა.
საღამოს, როცა კვერცხებს წაიღებს გასაყიდად, დედას ახალ სათითეს უყიდის, ლამაზ ვერცხლის სათითეს, რომელიც დიდებულად ბრწყინავს. ამდენი ფული კი აქვს. მაშინ დედა დარწმუნდება, რომ იგი დონდლო არაა.
კატრინტე კვლავ ჩაფიქრდა, ფიქრობდა, როგორ მოეცილებინა საძულველი მეტსახელი და ასეთი აზრი დაებადა: ფულით, რომელიც სათითის ყიდვის შემდეგ მორჩება, ერთ პარკ კანფეტს იყიდის და ხვალ სკოლაში გოგონებს დაურიგებს.
მაშინ მასაც დაიმეგობრებენ, ეთამაშებიან. ყველა დარწმუნდება, რომ მასაც შეუძლია თამაში და მეტსახელს აღარ დაუძახებენ.
კატრინტე მორიდებით ჩამოვიდა დაბლა, მაგრამ დერეფანში დედა დახვდა და ჰკითხა: "შეგაშრა ცრემლები?" კატრინტემ ხმის ამოღება ვერ გაბედა, ვერ აუხსნა, სად იყო ამ დილით; ნაცვლად ამისა, საჩქაროდ შეუდგა ფანჯრების წმენდას, უნდოდა, დაღამებამდე მოესწრო.
მზე ჩადიოდა, როცა კატრინტემ ხელში კვერცხებით სავსე კალათა აიღო და გზას გაუდგა. ნახევარი საათი ირბინა, ბოლოს პირველ მყიდველამდე მიაღწია, რომელიც აივანზე იდგა და ხელში ფაიფურის ჭურჭელი ეჭირა.
"მომეცი, გეთაყვა, 10 ცალი", ალერსიანად უთხრა ქალმა. კატრინტემ კვერცხები ჩაუთვალა, გამოემშვიდობა და გზა განაგრძო.
სამ მეოთხედ საათში მისი კალათა დაცარიელდა. კატრინტე შევიდა მაღაზიაში, სადაც სხვადასხვა საქონელს ყიდდნენ. ლამაზი სათითე და მთელი პარკი კანფეტები კალათაში ჩადო და უკან გამობრუნდა.
ჯერ შუა გზაც არ ექნებოდა გავლილი, რომ შორიდან დაინახა ის ორი გოგონა, რომლებიც ამ დილით დასცინოდნენ. ყველაფერს ერჩია სადმე დამალულიყო, მაგრამ გულშეკუმშულმა მაინც განაგრძო გზა.
"შეხედე, ვინ მოდის, დონდლო, დონდლო, ჭკუათხელი". კატრინტე შიშისაგან გაფითრდა. საქციელწამხდარმა და სასოწარკვეთილმა გოგონებს მთელი პარკი კანფეტი გაუწოდა.
ერთ-ერთმა მათგანმა პარკი ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა, მაგრამ სანამ მოსახვევში მიიმალებოდა, უკან შემობრუნდა და კატრინტეს ენა გამოუყო.
დარდის, უმწეობისა და მარტოოობისაგან გულდამწვარი კატრინტე იქვე გზის პირას ბალახებში ჩაემხო და ტიროდა, ტიროდა დაღამებამდე, სანამ ძალ-ღონე არ გამოეცალა.
ბოლოს წამოდგა, გადაბრუნებული კალათა აიღო და სახლისკენ გასწია...
ბალახებში კი ვერცხლის სათითე ბრწყინავდა.
ანა
ორშაბათი, 9 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
ვაგრძელებ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აღწერას.
სადილი: კერძს პირველად ბატონ ვან დაანს მიართმევენ ხოლმე და თუ მოეწონა, ბლომადაც გადაიღებს. ყველას ელაპარაკება, ყველაფერში ერევა, ყველაფერზე თავის აზრს გამოთქვამს, ხოლო თუ რამეს იტყვის, ვეღარ გადაათქმევინებ.
ბრალი მისი, ვინც მას შეეკამათება. კატასავით ჩხავის და თუ კაცმა ერთხელ უკვე იწვნია ასეთი სიამოვნება, მეორეჯერ ფრთხილად იქნება.
მისი თვალსაზრისი ყველაზე სწორია! ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის! მართალია, მას ბევრი რამ უნახავს ცხოვრებაში, ამას რა ჯობია, მაგრამ საოცრად ქედმაღალია.
ქალბატონი ვან დაანი: ჯობია, გავჩუმდე. კარგი იქნებოდა, სულ არ ვხვდებოდე, განსაკუთრებით, როცა უგუნებოდ ბრძანდება. ყოველგვარი დავა და კამათი მისი ბრალია, ოღონდ არ გეგონოს, თვითონ დაობდეს ან კამათობდეს.
მასთან დავას ყველა ერიდება, იგი მხოლოდ წამქეზებელია. მისი ხელობა სხვისი წაკიდებაა! უმთავრესად კი, ქალბატონი ფრანკისა და ანესი. მამასა და მარგოს ასე ადვილად ვერ მიუდგება, საბაბს არ აძლევენ.
ქალბატონი ვან დაანი არც სუფრაზე იბნევა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ჩაგრავენ, ყველაზე დაბრაწული კარტოფილი მე, ყველაზე გემრიელი ლუკმა მე,
ყველაფერი, რაც გემრიელია, მე-ო, აი, მისი დევიზი. ამავე დროს ენას არ აჩერებს. მისთვის სულ ერთია, უსმენენ თუ არა, აინტერესებს ვინმეს მისი აზრი თუ არა. იგი დარწმუნებულია, რომ ყოველი მისი სიტყვა ოქროდ ღირს და ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
კეკლუცად იღიმება, ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი იცის. ყველას რჩევა-დარიგებას აძლევს, ყველას ერთგვარ დედურ მზრუნველობას უწევს და ასე ჰგონია, ყველა მოხიბლულია მისით. სინამდვილეში კი დიდს არაფერს წარმოადგენს.
პირველი - შრომისმოყვარეობა, მეორე - მხიარული ხასიათი, მესამე - კეკლუცობა და ამასთან ერთად სიკოხტავე და თავის მოვლა უყვარს. აი ასეთია პეტრონელა ვან დაანი.
სუფრის მესამე წევრი: მისი ხმა თითქმის არ ისმის. ბატონი ვან დაანი-უმცროსი მეტწილად ჩუმადაა და არავის ყურადღებას არ აქცევს.
მისი კუჭი ნამდვილი დანაიდების კასრია. სადილის შემდეგ, როცა უამრავ საჭმელს გადასანსლავს, სერიოზული გამომეტყველებით ამტკიცებს, ერთ ამდენს კიდევ შევჭამდიო.
სუფრის მეოთხე წევრია მარგო: ცოტას ლაპარაკობს და ჩიტივით იკენკება. ერთადერთი, რასაც იგი ასე თუ ისე მიირთმევს, ბოსტნეული და ხილია. ვან დაანების აზრით, «განებივრებულია», ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ «ჰაერი და მოძრაობა აკლია».
სუფრის შემდეგი წევრია დედა: კარგად ჭამს, ლაპარაკობს ბევრს და ხალისიანად. მასზე არავინ არ იტყვის: აი, ამ სახლის დიასახლისი, რის ხაზგასმაც ასე უყვარს საკუთარი თავის მიმართ ქალბატონ ვან დაანს. რით განსხვავდებიან ისინი? ქალბატონი სადილს ამზადებს, დედა კი ქვაბებს ხეხავს და ჭურჭელს რეცხავს.
მეექვსე და მეშვიდე წევრი: მამაზე და საკუთარ თავზე ბევრს არაფერს ვიტყვი. პიმი ყველაზე მორიდებულია, პირველად იმას უყურებს, სხვებს თუ ეყოფაო.
მამას არასოდეს არაფერი არ უნდა. თუ რაიმე კარგია, ბავშვებს. პიმი სიკეთისა და დიდსულოვნების განსახიერებაა, ხოლო მის გვერდით ვზივარ მე, ჩვენი თავშესაფრის ნამდვილი ნერვების კონა.
ექიმი დუსელი: კერძს ისე გადმოიღებს რომ არც კი დახედავს. მიირთმევს უხმოდ. მაგრამ თუ საუბარი აუცილებელია, კი ბატონო, ოღონდ ლაპარაკობს მხოლოდ საჭმელზე. ყოველ შემთხვევაში ეს თემა კონფლიქტებს მაინც არ იწვევს, შეიძლება ვინმემ ცოტა წაიტრაბახოს, ესაა და ეს.
ჭამა შეუძლია უზომოდ, არაფერზე არ ამბობს უარს, სულ ერთია, მოსწონს თუ არა. შარვალს მეტისმეტად მაღლა იწევს, აცვია წითელი ქურთუკი და შავი ფოსტლები, ცხვირს მუქი რქის ჩარჩოებიანი სათვალე უმშვენებს. ასეთია ყველგან: სამუშაო მაგიდასთან, სუფრაზე, დასასვენებლად წამოწოლილი და მაშინაც კი, როცა ამოჩემებულ დაწესებულებაში - საპირფარეშოში მიბრძანდება.
ყოველდღე რომელიმე ჩვენგანი ოთხ-ხუთჯერ მაინც მოუთმენლად იშმუშნება საპირფარეშოს კარებთან, ფეხიდან ფეხზე ინაცვლებს და გრძნობს, რომ მეტის მოთმენა აღარ შეუძლია.
შენ გგონია, მას ეს ამბავი ოდნავ მაინც აწუხებს? სრულიადაც არა. სეანსები საათივით აქვს აწყობილი. რვის თხუთმეტი წუთიდან რვის ნახევრამდე, ორიდან სამის თხუთმეტ წუთამდე, ოთხიდან ხუთის თხუთმეტ წუთამდე და თორმეტის ნახევრიდან თორმეტამდე. ამ განრიგს არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს. მაშინაც კი არა, როცა კარებთან მდგომის მარცხის მომასწავებელი მუდარა ესმის.
ნომერი ცხრა: იგი ჩვენი ოჯახის წევრი არაა, მაგრამ ჩვენი სახლის და სუფრის მოზიარეა. ელის კარგი მადა აქვს, საჭმელს არ არჩევს, რასაც მიაწოდებ, ყველაფერს
სიამოვნებით მიირთმევს. მუდამ კარგ ხასიათზეა, მხიარულება უყვარს, სანდომიანი და დაუზარებელია. ერთი სიტყვით, შესანიშნავი თვისებებითაა დაჯილდოებული.
ანა
სამშაბათი, 10 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
აი, ჩემი ახალი იდეა. როცა სუფრასთან ვზივარ, საკუთარ თავს უფრო ველაპარაკები, ვიდრე სხვას; ამას ორი უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი, ყველა კმაყოფილია იმით, რომ ცოტას ვლაპარაკობ, მეორეც, მათი მსჯელობა არ მაღიზიანებს.
უმეტეს შემთხვევაში მათი შეხედულებები სისულელედ მეჩვენება, ჩემი კი სწორად, თუმცა ჯობს ჩემთვის შევინახო. ასეც ვიქცევი. როცა ისეთ კერძს დაამზადებენ, რომელსაც ვერ ვიტან, ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ კერძი გემრიელია და შეუმჩნევლად ყველაფერს გადავსანსლავ.
დილით, როცა ადგომის დროა, რაც მე ძალიან არ მსიამოვნებს, საწოლიდან წამოვხტები და ჩემს თავს ვეუბნები: "აბა გაბედე დაწოლა!" სწრაფად გადავწევ "შუქსანიღბავ" ფარდებს, ოდნავ შევისუნთქავ გარედან შემოსულ სუფთა ჰაერს და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ძილი არასოდეს არ მომსურვებია. ხოლო მერე, როცა ლოგინს ვასწორებ, დაწოლის არავითარი სურვილი აღარ მაქვს.
იცი, დედა რას ეძახის ამგვარ მოქმედებას? "ცხოვრებაში მსახიობობას". სასაცილო სიტყვაა, არა?
ამ კვირის დამდეგიდან წარმოდგენა არ გვაქვს ზუსტ დროზე. ჩვენი საყვარელი, ერთგული ვესტერტურმის ზარი სადღაც წაიღეს. ალბათ, გადაადნობენ და ქვემეხებს ჩამოასხამენ.
ახლა ჩვენ არასოდეს არ ვიცით ზუსტად, რომელი საათია. იმედია, რამეს მოიგონებენ, რაც მშვენიერი ზარის ხმას შეცვლის და მთელ უბანს მისი დაკარგვით გამოწვეულ დარდს განუქარვებს.
სადაც უნდა გავჩნდე, ზევით თუ ქვევით, ყველა გაოცებით მიყურებს ფეხებზე. ახალი, მოხდენილი ფეხსაცმელი მაცვია. ზამშის, ღვინისფერი. საკმაოდ მაღალი, მსხვილქუსლიანი ფეხსაცმელი ნახმარია და ამიტომ მიპმა მხოლოდ ოცდაშვიდნახევარი გულდენი მისცა.
ისე დავდივარ, თითქოს ოჩოფეხებზე ვიდგე და გაცილებით უფრო მაღალი ვჩანვარ, ვიდრე სინამდვილეში ვარ.
გუშინდელი დღე მარცხიანი იყო. მარჯვენა ხელის თითში მსხვილი ნემსი შემერჭო ყუნწიდან. ამის შემდეგ ჩემს მაგივრად მარგომ გაფქცვნა კარტოფილი. მერე შუბლით კარადის კარს დავეჯახე და ისე მაგრად, რომ კინაღამ კიბეებზე დავგორდი. და რადგანაც დაჯახებამ დიდი ხმაური გამოიწვია, მომხვდა კიდეც.
თან შუბლზე სველი ტილოს დადებაც კი ვერ მოვახერხე, რადგან წყლის მოშვება არ შეიძლებოდა. ახლა მარჯვენა თვალს ზემოთ დიდი კოპი მაზის.
გარდა ამისა, მტვერსასრუტით მოვიწეწკვე მარჯვენა ფეხის ნეკი. მაგრამ იმდენად ვიყავი დაკავებული, სხვა უსიამოვნებებზე იმდენს ვფიქრობდი, რომ ამ ამბავს ყურადღება არ მივაქციე და უგუნურადაც მოვიქეცი.
ჭრილობა გამიმიზეზდა, ფეხი შემიხვიეს და ვეღარ ვიცვამ ჩემს მშვენიერ ფეხსაცმელს.
დუსელმა მისდაუნებურად კინაღამ დაგვღუპა. მან დაავალა მიპს (რომელსაც არაფერი გაეგებოდა ამისა), ეყიდა აკრძალული წიგნი, პამფლეტი ჰიტლერსა და მუსოლინზე. თითქოს განგებ, იმ დილით მიპს ესესელთა მოტოციკლეტი დაეჯახა.
მიპმა თავი ვერ შეიკავა და მიაძახა: "აი, თქვე «მამაძაღლებო!" საბედნიეროდ, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და მიპმა გზა განაგრძო.
ფიქრიც კი მაფრთხობს, როცა წარმოვიდგენ, რა მოხდებოდა, მიპი რომ პოლიციაში წაეყვანათ!
ანა
ოთხშაბათი, 18 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
დღეს აგიწერ ჩვენს ერთადერთ ყოველდღიურ მოვალეობას – კარტოფილის ფცქვნას.
ერთს მოაქვს გაზეთი (ნაფცქვენებისათვის), მეორეს – დანები (ცხადია, საუკეთესოს თავისთვის იტოვებს), მესამეს - კარტოფილი, მეოთხეს კი - დიდი, წყლით სავსე ქვაბი.
იწყებს ბატონი დუსელი. ფცქვნის უხეიროდ, მაგრამ სწრაფად. კარტოფილი სეტყვასავით ცვივა ქვაბში, თვითონ კი აქეთ-იქით იყურება და ამოწმებს: ყველა მასავით მუშაობს თუ არა? თურმე არა!
– მიყურე, ანე, ხედავ როგორ მიჭირავს დანა ხელში, ვთლი ზემოდან ქვემოთ, არა, ასე არა, აი, ასე!
– მე ასე უფრო მეხერხება, - ვამბობ მორიდებით.
– შეიძლება, მაგრამ დამიჯერე, რომ ასე გაცილებით უკეთესია. თუმცა როგორც გინდა, ჩემთვის სულ ერთია.
განვაგრძობთ შრომას. დროდადრო ჩემს მეზობელს ალმაცერად გადავხედავ. დუსელი თავს აქნევს, მე მისაყვედურებს, მაგრამ თქმით არაფერს მეუბნება.
ვმუშაობ, შევცქერი მამას, რომელიც ჩემს პირდაპირ ზის. მისთვის კარტოფილის ფცქვნა უფრო საიუველირო სამუშაოა, ვიდრე გართობა.
კითხვის დროს შუბლზე ღრმა ნაოჭები უჩნდება, ხოლო როცა კარტოფილის ფცქვნაში, ან ცერცვის და ბოსტნეულის გარჩევაში გვეხმარება, ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს.
ამ დროს მას ნამდვილი "კარტოფილის" სახე აქვს და მანამდე არ ჩაუშვებს კარტოფილს წყალში, სანამ უზადოდ არ გაფცქვნის. არ შეიძლება ასეთი სახე გქონდეს და ცუდად ფცქვნიდე!
ბეჯითად ვმუშაობ, მაგრამ დროდადრო ირგვლივ ვიხედები და ყველაფერს ვამჩნევ. ქალბატონი ვან დაანი ცდილობს, დუსელის ყურადღება მიიქციოს. სახეში მისჩერებია, მაგრამ დუსელს თავი ისე უჭირავს, თითქოს ვერაფერს ამჩნევს.
ბოლოს თვალი ჩაუკრა. დუსელი მუშაობას განაგრძობს. თვალის ჩაკვრას სიცილი მოჰყვა. დუსელი მისკენ არ იყურება. ახლა დედაც იცინის. ქალბატონ ვან დაანს არაფერი გაუვიდა და სხვა გასართობს ეძებს.
– პუწი (ეს მისი ქმარია), წინსაფარი აიკარი, თორემ ხვალ შენი კოსტიუმი ისევ გასაწმენდი მექნება, – ეუბნება ქმარს.
– არ დავისვრები. – ქალბატონი ჩაფიქრდა.
– პუწი, რატომ არ დაჯდები?
– მე ასე მეხერხება, როცა კარტოფილს ვფცქვნი, ფეხზე დგომა მირჩევნია.
ერთხანს სიჩუმეა.
– პუწი, ხომ ხედავ, შეგეშხეფა.
– არა უშავს, ჩემო კარგო, ფრთხილად ვიქნები. - ქალბატონი ახლა სხვა თემას ეძებს.
– მითხარი, პუწი, რატომ აღარ გვბომბავენ ინგლისელები?
– ალბათ, იმიტომ, რომ ცუდი ამინდია.
– კი მაგრამ გუშინ მშვენიერი ამინდი იყო და მაინც არ მოფრინდნენ.
– ნუ იმეორებ მუდამ ერთსა და იმავეს.
– ნუთუ აზრთა გაცვლა-გამოცვლა არ შეიძლება?
– არა!
– რატომ? - გეყოფა, გაჩუმდი!
– როცა ქალბატონ ფრანკს სურს რაიმე იცოდეს, ბატონი ფრანკი მუდამ წესიერ პასუხს აძლევს.
ბატონ ვან დაანს ცოლის სიტყვები არ მოსწონს. ეს მისი აქილევსის ქუსლია. ის ებრძვის თავის თავს, არ უნდა უკმეხი სიტყვები წამოსცდეს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ცოლი განაგრძობს:
– მოკავშირეები ალბათ საერთოდ არ გადმოსხამენ ჯარებს. - ქმარი სიბრაზისაგან ფითრდება, ამის შემხედვარე ცოლი წითლდება, მაგრამ ასე ადვილად ხომ ვერ მოეშვება.
– ინგლისელებს კი გულხელი დაუკრეფიათ და არაფერს არ აკეთებენ!
ყუმბარა აფეთქდა: - დასწყევლოს ეშმაკმა, ბოლოს და ბოლოს ჩაიგდე ენა!
დედა ძლივს იკავებს სიცილს. მე თვალს ვარიდებ ყველას. თუ წინასწარ ვერ მოასწრეს წაჩხუბება, ასე ან ამგვარად მეორდება ყოველდღე. წინასწარ წაჩხუბებას კი ის უპირატესობა აქვს, რომ შემდეგ ორივე ჩუმადაა.
კარტოფილის მოსატანად სხვენზე ავდივარ. პეტერი ზევითაა და დიდ საქმეს შესდგომია. კატას... რწყილებს აცლის... როგორც კი გამოვჩნდები, თავს ზევით სწევს და შემომხედავს. კატა გრძნობს, რომ ხელი შეუშვეს და სკუპ! ღია ფანჯარაში ხტება. პეტერი ილანძღება. მე ვიცინი და დაბლა ჩავდივარ.
ანა
პარასკევი, 20 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
მუშები საწყობიდან ზუსტად ექვსის ნახევარზე მიდიან და იწყება თავისუფლება.
თუ ამ დროისათვის ჩვენთან ელი ამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენც ცხოვრებას ვუბრუნდებით. ჩვეულებრივ, ელი ჯერ ზევით ამყავს, სადაც მისთვის მუდამ გვაქვს შემონახული რამე გემრიელი.
იგი დაჯდომასაც ვერ ასწრებს, რომ ქალბატონი ვან დაანი უკვე თხოვნით მიმართავს: "ო, ელი, რომ იცოდე, როგორ მინდა..."
ელი თვალს მიკრავს, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ზევით ამოსული მეგობრისათვის ქალბატონ ვან დაანს რამე არ დაევალებინოს. ამიტომ არ უყვართ მასთან ასვლა.
ექვსს თხუთმეტი წუთი აკლია. ელი მიდის. მე კი ორი სართულით დაბლა ვეშვები, ჯერ სამზარეულოში შევდივარ, მერე კაბინეტში, შემდეგ კი მუშის ვუღებ სარდაფის კარს, სადაც ნახშირს ვინახავთ, და ვირთხებზე სანადიროდ ვუშვებ. ბოლოს კონტორაში ვბრუნდები და კრალერის სავარძელში ვჯდები.
ბატონი ვან დაანი ახალი კორესპონდენციის ძებნაში ყველა უჯრას და საქაღალდეს ქექავს. პეტერს საწყობის გასაღები მიაქვს და მუში მიჰყავს. პიმი საბეჭდ მანქანას ზევით მიათრევს, მარგო მყუდრო კუთხეს ეძებს.
კონტორის საქმეები აქვს გასაკეთებელი. ქალბატონი ვან დაანი ქურაზე წყლით სავსე დიდ ქვაბს დგამს. დედას კარტოფილით სავსე ქვაბი ჩამოაქვს.
ყველას თავისი მოვალეობა აქვს.
პეტერი სწრაფად ბრუნდება საწყობიდან. უპირველეს ყოვლისა, პური უნდა მოიტანოს, რომელსაც ყოველდღე კრალერის კაბინეტში გვიტოვებენ. დღეს როგორღაც დავიწყებიათ! მას ისღა დარჩენია, მთავარ კონტორაში გავიდეს და აიღოს.
გარედან რომ არ დაინახონ, დაოთხილი მიცოცავს კარადისაკენ, პურს იღებს და იმალება, უფრო სწორად დამალვას აპირებს, მაგრამ ამასობაში მუში თავზე გადაევლება და საწერი მაგიდის ქვეშ ძვრება.
პეტერი ყველა კუთხეში ეძებს კატას, ბოლოს დაინახავს, ეპარება და ცდილობს კუდში სწვდეს. კატა ჩხავის, პეტერი ოხრავს. და აი მუში კმაყოფილი ზის ფანჯარაზე და პირს იბანს.
პეტერი უკიდურეს საშუალებას მიმართავს. კატას პურის ნაჭერს უწვდის და ამით ყველაფერი თავდება. მუში ანკესზე ეგება. პეტერს კატა მიჰყავს. კარი სწრაფად იხურება.
მთელ ამ ამბავს ჭუჭრუტანიდან ვუცქერი, შემდეგ კი მუშაობას განვაგრძობ.
მესმის კაკუნი. სამჯერ მეორდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვახშამზე მეძახიან.
ანა
ორშაბათი, 23 აგვისტო, 1943
ძვირფასო კიწი!
განვაგრძობ ჩვენი თავშესაფრის ყოველდღიური ცხოვრების აღწერას. საათი რეკავს. დილის ცხრის ნახევარია.
დედა და მარგო ნერვულობენ.
– ჩუმად, მამა... ოტო, ჩუმად... პიმ!
– უკვე ცხრის ნახევარია, წყალი უნდა დავკეტოთ!
– ჩუმად იარე!
ასე აფრთხილებენ მამას, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა "სააბაზანო" ოთახიდან. ზუსტად ცხრის ნახევარზე ოთახში უნდა ვიყოთ.
ამის შემდეგ წყლის მოშვება, საპირფარეშოთი სარგებლობა და აქეთ-იქით სირბილი აკრძალულია. სახლში აბსოლუტური სიჩუმე უნდა სუფევდეს.
როცა ქვევით კონტორაში არავინ არაა, ხმაური უფრო ისმის და, ცხადია, საწყობამდეც აღწევს.
ცხრის ოც წუთზე ვან დაანები კარს აღებენ და იატაკზე სამჯერ აკაკუნებენ: "ანეს ფაფა მზადაა!".
მე აჩქარებით მივცოცავ ზევით და ძაღლივით ვიღებ ჩემს ულუფას. შემდეგ ქვევით ჩამოვდივარ, ვჩქარობ, ყველაფერი უნდა მოვასწრო: თმის დავარცხნა, ღამის ქოთანის გადაღვრა, საწოლების გასწორება. ჩუმად, საათი რეკავს!
ზემოდან ისმის, როგორ მოიპარება ფოსტლებში ფეხგაყრილი ქალბატონი ვან დაანი ოთახისაკენ. უკან ქმარი მოჰყვება, შემდეგ კი სრული სიჩუმე მკვიდრდება.
ახლა შეგიძლია დატკბე ჩვენი ოჯახური იდილიით. მე ვკითხულობ ან ვწერ. ამასვე აკეთებენ დედა, მარგო და მამა.
ყველას გვირჩევნია, ეს წყნარი ნახევარი საათი კითხვაში გავატაროთ (მამას, რა თქმა უნდა, ხელში თავისი საყვარელი დიკენსი უჭირავს). ჩუმად ზის თავის გასაშლელ ჭრაჭუნა საწოლზე, რომელზედაც წესიერი ლეიბიც კი არ აგია.
ლეიბის მაგივრობას ორი თხელი პლიუმო ეწევა: "მე არც ეს მჭირდება, ისედაც იოლად გავალ!", ამბობს მამა ხშირად. როგორც კი წიგნის კითხვას შეუდგება, თავს აღარ სწევს.
ზოგჯერ ჩუმად იცინის და ცდილობს რაღაც წაუკითხოს დედას ჩურჩულით. "ახლა არა, გეთაყვა, ამისათვის არ მცალია", ეუბნება დედა.
პიმი ცოტა გულდაწყვეტილია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ განაგრძობს კითხვას. მოგვიანებით კვლავ აღმოაჩენს რომელიმე განსაკუთრებით საინტერესო ადგილს და კიდევ ერთხელ მიმართავს დედას: "არა, ჩემო კარგო, შენ ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო"!
საწოლზე ჩამომჯდარი დედა ან კითხულობს, ან ქსოვს, ან კერავს და ამავე დროს რაღაცას სწავლობს.
უეცრად რამე გაახსენდება და აუცილებლად მაშინვე გვეტყვის: "ანე, იცი რა... მარგო, აბა ჩაიწერე!" ერთხანს სიწყნარეა.
ანაზდად მარგო წიგნს ხმაურით ხურავს. მამის წარბები რკალად იხრება და სასაცილოდ მიიწევს ზევით, შუბლზე ნაოჭები უჩნდება, მაგრამ გატაცებით განაგრძობს კითხვას.
დედა და მარგო ჩურჩულებენ. ჩემში ცნობისმოყვარეობა იღვიძებს და ყურს ვუგდებ, ბოლოს პიმსაც ჩაითრევენ საუბარში...
ცხრა საათია, საუზმის დროა!
ანა
პარასკევი, 10 სექტემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
ყოველთვის, როცა შენ გწერ, რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, უფრო ხშირად ცუდი, ვიდრე კარგი.
ახლა კი კარგი ამბავი უნდა გახარო.
ოთხშაბათს (8 სექტემბერს) საღამოს შვიდ საათზე ყველამ რადიოს ირგვლივ მოვიყარეთ თავი და გადაცემას ვუსმენდით:
"Here is some of the best news of the war so far: Italy has capitulated."(გადმოგცემთ მთელი ომის მანძილზე ყველაზე სასიხარულო ცნობას. იტალიამ კაპიტულაცია გამოაცხადა (ინგლ.) იტალიამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას!!!
რვა საათზე "ორანეს" გადმოცემა მოვისმინეთ.
"ძვირფასო რადიომსმენელებო! ერთი საათის წინ, როცა ჩვენი მორიგი გადაცემა დავამთავრე, შესანიშნავი ცნობა მივიღე. იტალიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას. მოძველებული ცნობები უდიდესი სიამოვნებით ჩავყარე საქაღალდე ყუთში."
დაუკრეს ინგლისის, აშშ-ის და სსრკ-ს სახელმწიფო ჰიმნები.
რადიოსადგური "ორანე" ყოველთვის ამხნევებს მსმენელებს და ამასთანავე ზედმეტ ოპტიმიზმსაც არ იჩენს.
არც საზრუნავი გვაკლია. დიდად გვაწუხებს ბატონი კოოპჰოისის მდგომარეობა. შენ კარგად იცი, რა ძლიერ გვიყვარს ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ავადმყოფობს, ბევრ ტკივილს იტანს, ცოტ-ცოტა უნდა ჭამოს, ნაკლები იაროს და თავს გაუფრთხილდეს, მაინც მკვირცხლი, თავაზიანი და საოცრად მხნე კაცია.
"როცა ბატონი კოოპჰიოსი ოთახში შემოდის, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მზე ამოვიდა". - თქვა ამას წინათ დედამ და მართლაც ასეა. ახლა კი ნაწლავის მძიმე ოპერაცია უნდა გაუკეთონ და სულ ცოტა ოთხ კვირას მაინც ვერ ვნახავთ. უნდა გენახა, როგორ გამოგვემშვიდობა, თითქოს საავადმყოფოში კი არა, რაიმეს საყიდლად მიდიოდა.
ანა
ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
რაც უფრო დიდხანს გრძელდება ჩვენი აქ ყოფნა, მით უარესად ვეგუებით ერთმანეთს.
სუფრასთან ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას, რადგან, რაც უნდა თქვა, მაინც ცუდად ჩამოგართმევენ ან უკუღმა გაიგებენ.
დეპრესია დამეწყო. ვალერიანის წვეთებს ვსვამ, მაგრამ არაფერს მშველის და დღითი დღე სულ უფრო ცუდ გუნებაზე ვდგები.
ათი პატარა თეთრი აბის გადაყლაპვას ერთხელ ხმამაღლა, თავისუფლად გაცინება აჯობებდა, მაგრამ აქ სიცილს თითქმის გადავეჩვიეთ.
ზოგჯერ იმისიც კი მეშინია, სანამ ეს მძიმე დრო გაივლის, დავმახინჯდები. პირი მოკუმული დამრჩება, სახეზე კი მწუხარების ნაოჭები გამიჩნდება.
კიდევ ერთი ახალი ამბავი და ისიც უსიამო. საწყობის ერთ-ერთ მოსამსახურეს, ვინმე მ.-ს ეჭვი შეეპარა, რომ სახლის უკანა მხარეს რაღაც ხდება.
ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევდით, დიდად ცნობისმოყვარე და ურწმუნო რომ არ ყოფილიყო. და, რაც მთავარია, არ ვიცით, რამდენად სანდოა.
ერთ დღეს კრალერმა გადაწყვიტა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა. პირველს რომ ათი წუთი აკლდა, ქუდი და ჯოხი აიღო და მახლობელ სააფთიაქო მაღაზიაში შევიდა.
ხუთი წუთის შემდეგ უკან გამობრუნდა და ჩვენს კიბეებზე ქურდივით ამოიპარა, ორის თხუთმეტ წუთზე დაბლა ჩასვლა დააპირა, მაგრამ ელი შემოხვდა და შეაჩერა - დაბლა კონტორაში ბატონი მ. ზისო.
კრალერი ზევით ამოვიდა და ორის ნახევრამდე ჩვენთან დარჩა. ბოლოს ფეხზე გაიხადა, ფეხსაცმელი ხელში დაიჭირა, წინდების ამარა საწყობის წინა კარამდე მიირბინა, ფრთხილად აჰყვა კიბეს და კონტორაში ქუჩიდან შევიდა.
მანამდე ელის რაღაცა მოუმიზეზებია, ბატონი მ. კონტორიდან გაუსტუმრებია და კრალერის გამოსახსნელად ჩვენთან ამოვიდა, მაგრამ ჩვენი "ჯამბაზი" უკვე ძირს იყო.
რას იფიქრებდნენ გამვლელები, როცა დაინახეს, რომ ხანში შესული დარბაისელი კაცი მათ თვალწინ ფეხზე იცვამდა.
ანა
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
დღეს ქალბატონ ვან დაანის დაბადების დღეა. ვაჩუქეთ ხორცის, ყველის და პურის ბარათები, გარდა ამისა, ერთი ქილა მურაბა. ქმარმა, დუსელმა და ჩვენმა ძვირფასმა მფარველებმა, ყვავილების გარდა, სურსათ-სანოვაგეც მიართვეს. რა გაეწყობა, ასეთი დროა.
ამ ერთი კვირის განმავლობაში ელის ნერვულობისაგან კინაღამ სისხლი ჩაექცა. მთელი დღეები დარბოდა, ცდილობდა ჩვენთვის რამე ეშოვა და ამავე დროს ხშირად უკანვე აბრუნებდნენ, თითქოს და ის არ ეყიდოს, რაც საჭიროა.
როცა წარმოიდგენ, რამდენი სამუშაო აქვს კონტორაში (კოოპჰოისი ავადაა, მიპი გაციებულია და სახლიდან ვერ გამოდის, თავად ელიმ ფეხი იღრძო), ამავე დროს როგორ იტანჯება სიყვარულისაგან (თან სახლში მამა ეჩხუბება, მისი არჩევანი არ მოსწონს), მაშინ ადვილი გასაგებია, რომ მზადაა ღერა-ღერა დაიგლიჯოს თმა.
ჩვენ იგი ვანუგეშეთ. ვურჩიეთ მშვიდად და გულგრილად განაცხადოს, რომ არ სცალია. მაშინ დავალებათა სია აშკარად შემოკლდება.
ეტყობა, ვან დაანებთან კვლავ რაღაც მოგვიხდა. მამა რატომღაც საშინლად გაბრაზებულია, ასე რომ, მოსალოდნელია ქარიშხალი.
ნეტავ მე არ მესმოდეს ყოველივე ეს, ნეტა შემეძლოს გავეცალო აქაურობას. ისინი ყველას ჭკუიდან შეგვშლიან.
ანა
კვირა, 17 ოქტომბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
მადლობა ღმერთს, კოოპჰოისი ისევ ფეხზეა! თუმცა ჯერ კიდევ ფერდაკარგულია, მაგრამ სამსახურში დადის და ცდილობს ვან დაანების ტანსაცმელი გაყიდოს.
ძალზე უსიამოა, რომ ვან დაანებს ფული გაუთავდათ. ქალბატონს ტანსაცმელი ბევრი აქვს, მაგრამ არაფერს არ იმეტებს, მისი ქმრის კოსტიუმი კი ძნელი გასაყიდია, რადგან ძალიან ძვირად აფასებს.
მაგრამ ქალბატონს მაინც ვერაფერი უშველის. ბეწვის ქურქს უნდა გამოეთხოვოს! ამ ქურქის გამო "ზევით" საშინელი ჩხუბი ატყდა, მაგრამ მალე შერიგდნენ და ახლა წამდაუწუმ ისევ გვესმის: "აჰ, ძვირფასო პუწი!", "დიახ, კერლი, ჩემო საუნჯევ!"
ამ ბოლო დროს გულს მირევს მათი გაუთავებელი ჩხუბი და ვულგარული ლანძღვა-გინება, რომელიც ჩვენს წესიერ სახლში გაისმის.
მამა კრიჭაშეკრული დადის და თუ ვინმემ რამე ჰკითხა, შეკრთება, თითქოს ეშინია, კიდევ ხომ არაფერი მოხდა და ჩემს ჩარევას ხომ არ საჭიროებენო.
დედას მღელვარებისაგან წითელი ლაქები უჩნდება სახეზე, მარგო თავის ტკივილებს უჩივის, დუსელმა ძილი დაკარგა, ქალბატონი ვან დაანი მთელი დღე კვნესის და სრულიად ამოვარდა კალაპოტიდან.
ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, ვინ ვის წაეჩხუბა, ვინ ვისთან მოასწრო შერიგება. ერთადერთი გამოსავალი შრომაა და მეც თავაუღებლივ ვმუშაობ!
ანა
პარასკევი, 29 ოქტომბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
"ზემოურებს" ისევ საშინელი ჩხუბი მოუვიდათ. და აი, რისთვის: ამას წინათ გწერდი, რომ ვან დაანებს ფული გაუთავდათ. ერთ დღეს კოოპჰოისმა ახსენა თავისი მეგობარი, ქურქის ოსტატი. ბატონმა ვან დაანმა გადაწყვიტა, ცოლის ქურქი გაეყიდა.
ბოცვერის ბეწვიანი ქურქი ქალბატონმა ვან დაანმა ჩვიდმეტი წელიწადი ატარა და ახლა 375 გულდენად გაყიდეს.
ეს დიდი ფულია! ქალბატონმა მოინდომა ფული შეენახა და შემდეგ ახალი ტანსაცმელი ეყიდა.
ქმარმა რის ვაი-ვაგლახით შეაგნებინა, რომ ფული ოჯახისთვისაა საჭირო. შენ ვერ წარმოიდგენ, რა ჩხუბი ატყდა: ისე იგინებოდნენ, რომ შიშმა შეგვიპყრო.
ჩვენ ოთხივენი კიბეებზე ვიდექით სულგანაბულნი და გადაწყვეტილი გვქონდა საჭიროების შემთხვევაში მოჩხუბრები გაგვეშველებინა.
ასეთი სცენები ისე მაღიზიანებს, რომ საღამოს ცრემლმორეული ვწევარ საწოლში და მიხარია, რომ ბოლოს, როგორც იქნა, მარტო დავრჩი.
ბატონი კოოპჰოისი კვლავ სახლში ზის. კუჭი ისევ აწუხებს და ჯერ კიდევ გაურკვეველია, საბოლოოდ შეუწყდა სისხლის დენა თუ არა? ასე შეწუხებული პირველად ვნახეთ. გვითხრა, თავს ცუდად ვგრძნობო და სახლში წავიდა.
მე თუმცა არაფერი მტკივა, მაგრამ სრულებით არა მაქვს მადა. წარამარა მესმის: "რა ცუდად გამოიყურები". უნდა გითხრა, ჩვენი ოჯახი არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ჯანსაღი და ღონიერი ვიყო.
რას არ ვღებულობ: ხან გლუკოზას, ხან საფუარს, ხან კალციუმს და ხანაც თევზის ქონს.
სამწუხაროდ, ნერვები სრულიად აღარ მივარგა. კვირაობით ამას განსაკუთრებით მწვავედ ვგრძნობ.
კვირა დღეს მთელი სახლი მოშვებულია, გუნებაწამხდარი, განწყობილება ტყვიასავით მძიმე.
არსაიდან არავითარი ხმა. ყველაფერს გულისდამამძიმებელი სევდა აწევს. ამ დროს ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მძიმე ლოდი მადევს კისერზე და ღრმა უფსკრულისაკენ მეწევა.
ასეთ დღეებში მამის, დედის და მარგოს მიმართაც კი გულგრილად ვარ განწყობილი. დავბორიალობ მთელ სახლში, გავდივარ ოთახიდან ოთახში, ჩავდივარ კიბეებზე, მერე ისევ ზევით ამოვდივარ.
თავს ისე ვგრძნობ, როგორც მგალობელი ფრინველი, რომელსაც ფრთები შეაჭრეს და სიბნელეში გალიის წნელებს აწყდება.
"გარეთ გამიშვით", გაჰკივის ჩემში ყველაფერი, "მენატრება ჰაერი, სიცილი!". მაგრამ ვიცი, რომ პასუხს არავინ მომცემს და დასაძინებლად მივდივარ.
იქნებ როგორმე მოვკლა შიშითა და დუმილით დამძიმებული დრო.
ანა
ოთხშაბათი, 3 ნოემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
მამა მუდამ იმაზე ფიქრობს, როგორ გაგვართოს და ამავე დროს სწავლისათვის საჭირო პირობები შეგვიქმნას. ახლახან ერთ-ერთი დაუსწრებელი ინსტიტუტის პროსპექტი გამოიწერა. მარგომ უკვე მესამედ გადაიკითხა ეს სქელი წიგნი, მაგრამ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა.
ფიქრობს, სწავლის ფული თვითონ გადაიხადოს, საკუთარი ჯიბის ფულიდან, მაგრამ ყველაფერი ძალიან ძვირია.
მამამ შეუკვეთა საცდელი ლექცია: ლათინური დამწყებთათვის. მარგო გულმოდგინედ შეუდგა საქმეს და მთელი კურსი შეუკვეთა.
სამწუხაროდ მიჭირს, თორემ მეც სიამოვნებით ვისწავლიდი ლათინურს.
მამა ცდილობს მეც გამიჩინოს საქმე და კოოპჰოისს სთხოვა ეშოვა სადმე საბავშვო სახარება, რათა ახალ აღთქმას გავეცნო.
− რაო, შენ გინდა ანეს სახანუკოდ სახარება აჩუქო? - ჰკითხა მარგომ გაოცებით.
− მინდა, მაგრამ არა... წმინდა ნიკოლოზის დღეს უფრო შესაფერია. ქრისტეს არაფერი აქვს საერთო ხანუკასთან, - უპასუხა მამამ.
მტვერსასრუტი გაგვიფუჭდა. ამიერიდან ყოველ საღამოს ჯაგრისით უნდა ვწმინდო ხალიჩა ფანჯრებდაგმანულ, ღუმელისაგან დახუთულ, ხელოვნურად განათებულ ოთახში.
"არა, ასე არ ივარგებს", გავიფიქრე მე. და მართლაც, ჰაერში დაგუბებულმა მტვერმა დედას თავი აატკივა, ხალიჩას კი ჭუჭყი მაინც არ მოსცილდა. მამა გაბრაზდა, სახლი დაულაგებელიაო. ადამიანის ხვედრი ამქვეყნად უმადურობაა!
ჯერჯერობით ჩხუბი და კინკლაობა მიწყნარდა. მხოლოდ დუსელი ემდურის ვან დაანებს. ქალბატონ ვან დაანს დუსელი ასეთი სიტყვებით ამკობს: "გამოსულელებული ძროხა", ან "ბებერი დეკეული", ქალბატონი კი ამ უცოდველ, დიდად განსწავლულ კაცს, რომელსაც ყველაფერი სწყინს, "შინაბერას" და "დამწნილებულ ბერბიჭას" ეძახის.
"ვირმა ვირს დიდყურა დაუძახაო!"
ანა
ორშაბათი, 8 ნოემბერი, 1943 (საღამო)
ძვირფასო კიწი!
თუ კი ოდესმე ჩემს წერილებს ერთმანეთის მიყოლებით გადაიკითხავ, მიხვდები, რომ სხვადასხვა განწყობილებითაა დაწერილი.
სისულელეა, რომ აქ, ამ თავშესაფარში, ამდენად ვარ დამოკიდებული ჩემს განწყობილებაზე. მაგრამ მარტო მე კი არა, ყველა ასეა.
როცა ისეთ წიგნს ვკითხულობ, რომელიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, სანამ სხვებს დავენახვებოდე, ცოტა უნდა დავმშვიდდე, თორემ იფიქრებენ, შექანდაო.
შენ ალბათ შეამჩნიე, როგორ მერევა თანდათან სევდიანი და დამთრგუნველი განწყობილება. თავადაც არ ვიცი, რატომ, მიზეზი ვერ გამომინახავს; შეიძლება სიმხდალის ბრალია, რასაც დროდადრო ვერ გავუმკლავდები.
ამ საღამოს, როცა ელი ჯერ კიდევ აქ იყო, ზარის მკვეთრი ხმა გაისმა.
მე მიტკალივით გავფითრდი, მუცელი ამტკივდა, გული ამიტოკდა, შიშისაგან კინაღამ მოვკვდი. საღამოობით ლოგინში ყოველგვარი საშინელება მელანდება. ხან საპყრობილეში ვარ მარტოდმარტო გამოკეტილი, ხან გზადაბნეული დავეხეტები, ხან ჩვენი თავშესაფარი იწვის, ხანაც ღამე ჩვენს წასაყვანად მოდიან.
ყოველივე ამას ისე განვიცდი, თითქოს ცხადად ხდებოდეს და ყოველ წუთში ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაღაც საშინელება მოგველის.
მიპი ხშირად მეუბნება, მშურს თქვენი, თქვენთან სიწყნარეაო. პრინციპში შეიძლება მართალია, მაგრამ ავიწყდება, რომ ჩვენ მუდმივ შიშში ვცხოვრობთ.
მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ქვეყანა ისეთივე იქნება ოდესმე ჩვენთვის, როგორიც იყო. თუმცა ხშირად ვამბობთ: "ომის შემდეგ!" მაგრამ ეს სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს ჰაეროვან კოშკზე ან ისეთ რამეზე ვლაპარაკობდეთ, რაც არასოდეს არ იქცევა სინამდვილედ.
ხოლო ჩვენი უწინდელი ცხოვრება, სახლი, მეგობარი გოგონები, სკოლა, მასთან დაკავშირებული სიხარული და მწუხარება, ყველაფერი "ადრინდელი" ისე მაგონდება, თითქოს ეს ვიღაც სხვამ განიცადა და არა მე.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩვენ, რვა ადამიანი, წვიმის ბნელ ღრუბლებს შორის ლურჯი ცის ნათელ ნაგლეჯზე ვართ მოქცეული.
ჯერჯერობით მშვიდად ვართ, მაგრამ ღრუბლები სულ უფრო მჭიდროვდება. სულ უფრო მეტად იკვრება წრე, რომელიც აქამდე მოახლოებულ საფრთხეს გვაშორებდა. და ბოლოს იმდენად დაბნელდა ირგვლივ, რომ სასოწარკვეთილნი უშედეგოდ ვაწყდებით ერთმანეთს და ვცდილობთ თავს ვუშველოთ, გავექცეთ აქაურობას.
ჩვენ ვხედავთ, როგორ ებრძვიან ერთმანეთს ადამიანები დედამიწაზე და ვიხედებით ზეცისაკენ, სადაც სიმშვიდე და ბედნიერებაა. მაგრამ გზას გვიღობავს სქელი, თვალშეუვალი ფარდა, რომელიც გადაულახავი კედელივით გვარტყია ირგვლივ და როცა დრო მოვა, გაგვსრესს.
მე ისღა დამრჩენია, ვევედრო და ვემუდარო: "ო, წრეო, წრეო, განერთე და გაითიშე, გაგვიშვი გარეთ!".
ანა
ხუთშაბათი, 11 ნოემბერი, 1943
ხოტბა და მოსაგონარი ჩემი ავტოკალმისა.
ავტოკალამი მუდამ ძვირფასი განძი იყო ჩემთვის. დიდადაც ვაფასებდი, რადგან ოქროს წვერი ჰქონდა და მე მხოლოდ ასეთი კალმით ვწერ კარგად. ჩემმა კალმისტარმა ხანგრძლივი, საინტერესო ცხოვრება განვლო, ამიტომ გიამბობ მის ამბავს.
როცა ცხრა წლის ვიყავი, მივიღეთ (ბამბაში შეფუთნილი) ავტოკალამი, რომელსაც ზემოდან ეწერა "უფასო ნიმუში". ეს დიდებული საჩუქარი ჩემმა საყვარელმა ბებიამ გამომიგზავნა.
იგი მაშინ აახენში ცხოვრობდა. მე გრიპით ვიყავი ავად და ვიწექი, გარეთ კი თებერვლის სუსხიანი ქარი ქროდა. ტყავის წითელ ბუდეში ჩადებული საუცხოო კალამი მაშინვე ვაჩვენე ჩემს მეგობრებს და ნაცნობებს.
მე, ანე ფრანკი, ამ კალმის ღირსეული მფლობელი გავხდი. როცა ათი წელი შემისრულდა, ნება დამრთეს, ავტოკალამი სკოლაში წამეღო. მასწავლებელმა კი უფლება მომცა გაკვეთილებზე ამ კალმით მეწერა.
სამწუხაროდ, მომავალ წელს ჩემი ძვირფასი განძის სახლში დატოვება მომიხდა, რადგან მეექვსე კლასის დამრიგებელი მოითხოვდა, მხოლოდ სასკოლო კალმებით გვეწერა.
როცა თორმეტი წლის გავხდი და ებრაელთა ლიცეუმში გადავედი, კალმისტრისათვის ახალი ორგანყოფილებიანი ბუდე მაჩუქეს (ერთი ფანქრისათვის), რომელსაც მოხდენილი "ელვა" შესაკრავი ჰქონდა.
ხოლო როცა ცამეტის შევსრულდი, კალმისტარი თავშესაფარში წამოვიღე და ერთგულ სამსახურს მიწევდა შრომასა და შენთან საუბარში. ახლა თოთხმეტისა ვარ და მან ჩემთან უკანასკნელი წელიწადი გაატარა...
პარასკევს, ნასადილევს ჩემი ოთახიდან საერთო ოთახში გავედი. მინდოდა მაგიდასთან დავმჯდარიყავი და მემუშავა. მაგრამ მამა და მარგო ლათინურს სწავლობდნენ და შეუბრალებლად გამომისტუმრეს.
კალმისტარი მაგიდაზე დამრჩა. ანე მაგიდის კუთხეში უნდა მიყუჟულიყო და ოხვრა-ვაებით "ლობიო გადაერჩია", ესე იგი, ლობიოს ყავისფერი მარცვლებისთვის ობი მოეცილებინა.
ექვსს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, იატაკი გამოვგავე და ნაგავი ლობიოს ნარჩენებთან ერთად ღუმელში შევყარე. უეცრად ძლიერი ალი ავარდა. მე გამეხარდა, რომ თითქმის ჩამქრალი ცეცხლი კვლავ გაჩაღდა. ამასობაში "ლათინისტებმა" საქმე
მოათავეს. ახლა უკვე შემეძლო მივჯდომოდი მაგიდას და მეცადინეობა დამეწყო. მაგრამ კალამი არსად ჩანდა.
ყველაფერი გადავქექე, მარგოც მომეხმარა, ბოლოს დედა, მამა და დუსელიც შემოგვიერთდნენ, მაგრამ ჩემი ძვირფასი მეგობარი უკვალოდ გაქრა.
"იქნებ ლობიოს ნარჩენებთან ერთად ღუმელში შეაგდე", თქვა მარგომ. "ო, არა მგონია!" ვუპასუხე მე.
კალმისტარი საღამომდე ვეძიეთ, ვერსად აღმოვაჩინეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ დაიწვა, რადგან ცელულოიდი შესანიშნავად იწვის.
ჩვენი ვარაუდი გამართლდა. მეორე დღეს მამამ ნაცარში კალმისტრის ბუნიკი იპოვა. ოქროს კალმისაგან აღარაფერი დარჩენილიყო.
"ეტყობა, გალხვა და ნაცარს შეერია", თქვა მამამ. თუმც რა სათქმელია, მაგრამ ერთი რამ მაინც მანუგეშებს:
ჩემმა კალამმა კრემაცია განიცადა, რასაც ჩემს თავსაც ვუსურვებდი მომავალში!
ანა
ოთხშაბათი, 17 ნოემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ელის ოჯახში დიფტერია მძვინვარებს და ექვსი კვირის განმავლობაში ჩვენთან ვერ მოვა!
ცხადია, თანავუგრძნობთ ელის, მაგრამ ძალზე უსიამოა ისიც, რომ საკვები და მომარაგება მოგვაკლდება!
ბატონი კოოპჰოისი ისევ წევს, რძისა და ფაფის მეტს ვერაფერს ჭამს. კრალერი ძლივს ართმევს თავს საქმეს!
მარგომ ლათინურ ენაში დავალებები შეასრულა, ინსტიტუტს გაუგზავნა და გასწორებული უკანვე მიიღო. ეტყობა, მასწავლებელი თავაზიანი და ჭკვიანი კაცია. ალბათ უხარია, რომ ასეთი ნიჭიერი მოწაფე გაუჩნდა. მიმოწერა ელის სახელით წარმოებს.
დუსელი როგორღაც გამოიცვალა და არავინ იცის, რატომ. დაიწყო იმით, რომ ბატონ და ქალბატონ ვან დაანებს ხმას აღარ სცემს.
ეს გარემოება ყველამ შევამჩნიეთ და, რადგან რამდენიმე დღე გაგრძელდა, დედამ გადაწყვიტა, დუსელს მოლაპარაკებოდა, ეთხოვა, არ გაემწვავებინა მდგომარეობა.
ხომ იცი, ქალბატონ ვან დაანს ემარჯვება, წვრილმანებზე მთელი ამბავი ააგოს. დუსელმა განაცხადა, რომ პირველად ბატონმა ვან დაანმა უგულებელყო იგი და ხმა არ გასცა, ამიტომ მას არავითარი სურვილი არა აქვს დაარღვიოს დუმილი.
გუშინ, 16 ნოემბერს, ერთი წელი შესრულდა, რაც დუსელი ჩვენთან გადმოსახლდა. ამასთან დაკავშირებით დედას ყვავილები მიართვა, ხოლო ქალბატონი ვან დაანი, რომელიც ყოველდღე ეუბნებოდა გადაკვრით, ასეთ შემთხვევებში საჩუქრის მირთმევა მიღებულიაო, უყურადღებოდ დატოვა და ნაცვლად იმისა, რომ უანგარო მასპინძლობისათვის მადლობა გადაეხადა, ხმა არ გაუცია.
დილით, როცა ვკითხე, მოგილოცოთ თუ თანაგრძნობა გამოგიცხადოთ-მეთქი, მან მიპასუხა: ჩემთვის ყველაფერი სულ ერთიაო.
დედა აპირებდა, მშვიდობის ანგელოზის კეთილშობილური როლი შეესრულებინა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ყველაფერი ძველებურად დარჩა.
"ჭკუით დიდი კაცი იყო, საქმეებით კი პატარა!"
ანა
შაბათი, 27 ნოემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
გუშინ საღამოს, როცა დაძინებას ვაპირებდი, თვალწინ ნათლად წარმომიდგა ლისი. იდგა ჩემს წინ დაკონკილი, გამხდარი, ყბებჩაცვენილი. მისი დიდი, სევდიანი თვალები საყვედურით მიცქერდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ: "ანა, რატომ მიმატოვე, დამეხმარე, მიხსენი ამ ჯოჯოხეთიდან!"
მე კი ვერაფრით დავეხმარები, შემიძლია მხოლოდ შორიდან ვუცქირო ადამიანების ტანჯვას და სიკვდილს და ღმერთს შევევედრო, დაიფაროს ლისი, კვლავ შეგვახვედროს ერთმანეთს.
მე მგონი, გასაგებია, რატომ გამომეცხადა ლისი და არა სხვა ვინმე. მე მასზე არასწორად ვმსჯელობდი, ბავშვურად, არ მესმოდა მისი წუხილი.
ლისის ძალიან უყვარდა თავისი მეგობარი გოგონა და ეშინოდა, არ წამერთმია! როგორ განიცდიდა ალბათ ამას, მე ვიცი, ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა!
ზოგჯერ გაკვრით ვფიქრობდი მასზე, მაგრამ ეგოიზმი მძლევდა და ისევ ჩემს სიხარულსა და დარდს ვუბრუნდებოდი.
რა ცუდად ვიქცეოდი, ახლა კი გაფითრებული ლისი სევდიანად მიყურებს მუდარით სავსე თვალებით... ო, რომ შემეძლოს დახმარება!
ო, ღმერთო ჩემო, მე აქ თითქმის ყველაფერი მაქვს, რასაც კი მოვისურვებ, ის კი მუხთალი ბედის ანაბარაა მიტოვებული!
მას ჩემსავით სწამდა ღმერთი და ყველასათვის სიკეთე სურდა. რატომ უნდა გადავრჩე მე, ის კი სადღაც ჩაკვდეს? რა განსხვავებაა ჩვენს შორის? რატომ დაგვაშორეს ერთმანეთს?
გულახდილად რომ გითხრა, ლისი რამდენიმე თვეა არ მომგონებია, თითქმის ერთი წელია, მაგრამ არც დამვიწყებია. ვერ წარმომედგინა, თუ ისეთი გაუბედურებული იყო, როგორც მომევლინა.
ეჰ, ლისი, თუ ომს გადაურჩი, იმედი მაქვს, ჩვენ გიპატრონებთ. ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ყველაფერს, რაც დაგაკელი.
მაგრამ როცა დახმარების შესაძლებლობა მომეცემა, ლისი ალბათ ცოცხალი აღარ იქნება. ნეტავ თუ ფიქრობს ჩემზე? ნეტავ რა გრძნობა აქვს ჩემს მიმართ?
ღმერთო დიდებულო, მიხედე ლისის, ნუ აგრძნობინებ, რომ ყველამ მიატოვა, უთხარი, რომ ბევრს ვფიქრობ მასზე, მიყვარს და მებრალება. იქნებ ამან ძალა შემატოს.
არა, აღარ შემიძლია ამაზე ფიქრი. მუდამ თვალწინ მიდგას მისი სევდიანი, ჩემსკენ მოპყრობილი თვალები.
ღრმად გაუჯდა ლისის რწმენა გულში, თუ მხოლოდ უფროსებმა ჩაუნერგეს? მე ეს არ ვიცი და არც არასდროს მიკითხავს მისთვის.
ლის, ლის, ნეტა შემეძლოს შენი დაბრუნება, ნეტავ მომეცეს საშუალება გაგიზიარო ყველაფერი, რაც მაქვს.
უკვე გვიანაა, ძალზე გვიანაა, ვეღარაფერს ვუშველი და ვეღარც იმას გამოვასწორებ, რაც დროზე ხელიდან გავუშვი!
მაგრამ მე მას არასდროს არ დავივიწყებ, ღმერთს შევავედრებ მუდამ!
ანა
ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 1943
ძვირფასო კიწი!
ავად ვიყავი. გრიპი მქონდა, ამიტომაც ვერ გწერდი რეგულარულად. ავადმყოფობა აქ თითქმის კატასტროფაა.
როცა ხველა ამივარდებოდა, საბნის ქვეშ ვძვრებოდი და ვცდილობდი თავი შემეკავებინა. ამის შედეგად კი ხმა მეხლიჩებოდა და მანამდე არ გამივლიდა, სანამ თაფლიან რძეს ანდა ხველების საწინააღმდეგო კვერს არ მომცემდნენ.
როცა მაგონდება, როგორ მმკურნალობდნენ, თვალები ახლაც მიჭრელდება.
ოფლის დენა, ყელზე კომპრესები, სველი შეფუთვნა, მშრალი შეფუთვნა, ცხელი სასმელები, გაუნძრევლად წოლა, ყელში გამოვლება, ყელში ამოცხება, სათბურები, ცხელი საბნები და ყოველ ორ საათში სიცხის გაზომვა.
შენ როგორ გგონია, შეიძლება ადამიანი ასე მორჩეს? მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ დუსელმა ექიმის როლი იკისრა და პომადიან თავს შიშველ მკერდზე მადებდა: ხიხინი თუ ისმისო.
ჯერ ერთი, მისი თმა მიღუტუნებდა, მეორეც, იმ უდავო ფაქტის მიუხედავად, რომ იგი 30 წლის წინათ მედიცინას სწავლობდა და ექიმის წოდება მიიღო, მაინც მერიდებოდა. რა საქმე აქვს ამ კაცს ჩემს მკერდთან? ჩემი შეყვარებული ხომ არ არის!
ხოლო იმას, თუ რა ხდება ჩემს გულში და საღია თუ არა, მაინც ვერ გაიგებს.
გარდა ამისა, ჯერ კარგად უნდა გამოიწმინდოს ყურები, რადგან ჩემი აზრით, ცოტა ყურთ აკლია. როგორც იქნა მოვრჩი! ისევ ფეხზე ვარ. ერთი სანტიმეტრით გავიზარდე და ორი გირვანქა მოვიმატე.
თუმცა ჯერაც ფერმკრთალი ვარ, მაგრამ ენერგია მომემატა და მუშაობა მომინდა.
ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ახალი არაფერი მომხდარა. მართლა, უჩვეულო ამბავია, ერთმანეთში ყველა შესანიშნავად ვართ. არავინ არ ჩხუბობს, აგერ ნახევარი წელია, რაც ჩვენს სახლში ასეთი სიმშვიდე არ ყოფილა.
ელის ჯერ კიდევ არ შეუძლია ჩვენთან მოსვლა. საშობაოდ ყველას დაურიგებენ დამატებით ზეთს, ტკბილეულს და ჯემს პურზე წასაცხებად.
მაჩუქეს ლამაზი, სავსებით თანამედროვე ორნახევარცენტიანი მონეტისაგან გაკეთებული გულის ქინძისთავი, რომელიც დიდებულად ბრწყინავს და კრიალებს.
დუსელმა დედას და ქალბატონ ვან დაანს ტორტი მიართვა, რომელიც მისი თხოვნით მიპმა გამოაცხო. ესღა აკლდა შრომით ქანცგაწყვეტილს.
მიპისა და ელისათვის მეც მაქვს რაღაც შენახული. თითქმის ორი თვეა ვაგროვებდი შაქარს, რომელსაც ფაფაზე მოსაყრელად მაძლევდნენ და ახლა ბატონი კოოპჰოისი ამ შაქრისაგან შაქარყინულს გააკეთებინებს.
ამინდი ძილს გვგვრის, ღუმელი ბოლავს, საჭმელი კუჭზე გვაწვება, რასაც ნაკლებად ესთეტიკური ბგერები მოწმობს. თითქოს ომიც არ იძვრის ადგილიდან... განწყობილება ნულზე დაბალია!
ანა
პარასკევი, 24 დეკემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
არაერთხელ მითქვამს შენთვის, რომ ჩვენ აქ დიდად ვართ დამოკიდებული ჩვენს განწყობილებაზე. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მწვავედ ვგრძნობ თავს.
აი, ჩვენი მდგომარეობის შესაფერისი გამოთქმა: "ხან ზეციური აღმაფრენა მომიცავს, ხან ღრმა მწუხარება".
ზეციური აღმაფრენა მაშინ მომიცავს, როცა ვფიქრობ, თუ რა კარგად მოვეწყვეთ აქ სხვა ებრაელებთან შედარებით, ღრმა მწუხარება კი... დიახ, ასეთი განწყობილება მეუფლება, როცა მესმის, რომ ჩვენი კედლების მიღმა ცხოვრება თავისი გზით მიდის.
დღეს ჩვენთან ქალბატონი კოოპჰოისი იყო და გვიამბო, რომ მისი ქალიშვილი კორი სპორტითაა გატაცებული, მეგობრებთან ერთად ნავით სეირნობს,
წარმოდგენებში მონაწილეობს. თუმცა მე შურიანი არა ვარ, მაგრამ როცა ასეთი რამ მესმის, უდიდესი სურვილი მიპყრობს, კვლავ აღმოვჩნდე მეგობრებს შორის, ვიმხიარულო სხვებთან ერთად, უდარდელად და მხიარულად ვიცინო! სწორედ ახლა იწყება საშობაო და საახალწლო არდადეგები, ჩვენ კი ვსხედვართ აქ, როგორც განკიცხულნი.
სიმართლე რომ ითქვას, მე არცა მაქვს უფლება ამგვარი რამ მოგწერო. ალბათ, უმადური მოგეჩვენები. ამავე დროს ცოტათი ვაჭარბებ კიდეც, თუმცა, რაც გინდა, ის იფიქრე ჩემზე... არ შემიძლია, გულში დავიტიო ყველაფერი. ამიტომ ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: "ქაღალდი ყველაფერს აიტანს!"
როცა ქუჩიდან ყინვისაგან ლოყებაწითლებული ადამიანი შემოდის და მის ტანსაცმელს ქარის განუმეორებელი სუნი ასდის, მინდა თავზე საბანი წავიფარო, რომ გავექცე თავისუფლებაზე ფიქრს: "როდის, როდის გვეღირსება, გავიდეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე!"
ვიცი, დამალვა არ შეიძლება, პირიქით მამაცურად, ყოჩაღად უნდა მეჭიროს თავი, მაგრამ საკუთარ აზრებს ვერ ვერევი, ტვინს მიღრღნიან. მერწმუნე, როცა წელიწადნახევარი გამოკეტილი ხარ, უარესიც მოგივა, დაე, ვცდებოდე, მერქვას უმადური, მაგრამ გრძნობებს ხომ ვერსად გაექცევი.
მინდა ვიცეკვო, ვიხტუნო, დავქროდე ველოსიპედით, ვიყო თავისუფალი, ვიხილო ქვეყანა, დავტკბე ჩემი ახალგაზრდობით! მაგრამ ამას მხოლოდ შენ გწერ, სხვებთან ვერ გამოვამჟღავნებ.
ყველამ რომ წუწუნი მოვრთოთ და დაღვრემილი სახით ვიაროთ, სანამდე მივალთ? ზოგჯერ ვფიქრობ: "ესმის კი ვინმეს შენი, იქნებ ისე გიყურებენ, როგორც პატარა გოგონას, რომელიც მხოლოდ გართობაზე ფიქრობს?
შეიძლება, არ ვიცი და ვერც ვერავის ვკითხავ, რადგან იმ წამსვე ავქვითინდები... რაოდენ შვებას ვიგრძნობდი, ერთხელ მაინც რომ შემეძლოს ტირილით გული ვიჯერო!
ვცდილობ, არ შევიმჩნიო ეს, ყოველგვარ თეორიებს ვთხზავ და მაინც ყოველდღე სულ უფრო და უფრო მწვავედ ვგრძნობ,
როგორ მაკლია ნამდვილი დედა, რომელიც გამიგებდა. ამიტომ, რასაც უნდა ვაკეთებდე, რასაც უნდა ვწერდე, მუდამ ერთი ფიქრი მიტრიალებს - მომავალში ჩემი შვილებისათვის ვიყო ისეთი დედა, როგორსაც ჩემთვის ვნატრობ: "დედიკო", რომელიც ყოველ სიტყვას ტრაგედიად არ გადააქცევს და სერიოზულად მოეკიდება ყველაფერს, რაც მის შვილს აღელვებს.
ვგრძნობ, რომ აზრი ისე ვერ გამოვთქვი, როგორც მინდოდა, მაგრამ სიტყვა "დედიკო" ყველაფერს ამბობს.
იცი, რა მოვიგონე! დედას რომ როგორმე დედიკო დავუძახო? ხშირად ვეუბნები "გედ", აქედან გამოდის "გედიკო", ესე იგი დამახინჯებული "დედიკო". რა სიამოვნებით ვიტყოდი მართლა დედიკოს "დ"-ზე მახვილით.
კიდევ კარგი, რომ დედა ვერაფერს ხვდება, თორემ გული ეტკინებოდა.
კმარა! დაუფარავად გითხარი, რაც ჩემში ღრმა მწუხარებას იწვევს და მგონი მართლაც მომეშვა გულზე.
ანა
შაბათი, 25 დეკემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
დღეს შობის პირველი დღეა. განუწყვეტლივ ვფიქრობ პიმზე, რომელმაც შარშან თავისი პირველი სიყვარულის ამბავი მიამბო.
მაშინ მე მისი სიტყვების მნიშვნელობა ისე არ მესმოდა, როგორც ახლა. ნეტავ კიდევ ერთხელ მელაპარაკოს ამ საკითხზე, როგორმე მივახვედრებდი, რომ კარგად მესმის მისი.
ჩემი აზრით, პიმი მაშინ იმიტომ იყო გულახდილი, რომ "ყველას გულის მესაიდუმლეა" და ზოგჯერ მასაც უჩნდება სურვილი, სხვას გაუზიაროს საკუთარი გულისნადები.
პიმი ჩვეულებრივ თავის თავზე არაფერს ამბობს და მარგოს ალბათ წარმოდგენა არა აქვს, რამდენი რამ განუცდია ცხოვრებაში.
საბრალო პიმი, ვერ დამარწმუნებს, რომ ყველაფერი დაივიწყა. ასეთ რამეს ადამიანი ვერასოდეს დაივიწყებს. უფრო თავდაჭერილი გახდა. მინდა ცოტათი მაინც დავემსგავსო მას, ოღონდ არ მინდა ის გადავიტანო, რაც მან გადაიტანა.
ანა
ორშაბათი, 27 დეკემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
ჩემს სიცოცხლეში პირველად მივიღე საშობაო საჩუქარი.
ჩვენმა ორმა მეგობარმა ქალმა კოოპჰოისთან და კრალერთან ერთად საუცხოო სიურპრიზი მოგვიმზადეს. მიპმა ღვეზელი გამოაცხო და ასეთი რამ წააწერა: "მშვიდობა 1944".
ელიმ სადღაც ნახევარი კილო ომამდელი ნამცხვარი იშოვა.
გარდა ამისა, პეტერს, მარგოს და მე თითო ბოთლი კეფირი მოგვართვეს, უფროსებს კი თითო ბოთლი ლუდი.
ყველაფერი ლამაზად იყო შეფუთული. ყველა პაკეტს შესაფერისი ლექსი ახლდა.
შობამ სწრაფად გაირბინა.
ანა
ოთხშაბათი, 29 დეკემბერი, 1943
ძვირფასო კიწი!
გუშინ საღამოს კვლავ მომერია სევდა. თვალწინ ბებიკო და ლისი წარმომიდგნენ! ბებიკო, ჩემი ძვირფასი ბებიკო! რა ცუდად გვესმოდა მისი ტანჯვა. მას კი ყოველთვის ეცალა ჩვენთვის, ყველაფერს ხვდებოდა, რაც ჩვენ გვაწუხებდა. მაშინ უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, იქნებ იცოდა კიდეც ეს ამბავი, მაგრამ, რომ არ შევეწუხებინეთ, არაფერს ამბობდა. ჩემი ბებიკო მუდამ კეთილი და ალერსიანი იყო. არავინ წასულა მისგან ისე, რომ რჩევა, ნუგეში და დახმარება არ მიეღო. მაშინ მე საშინელი გაუგონარი ვიყავი, მაგრამ რაც უნდა ჩამედინა, ყველაფერს მოუნახავდა გამართლებას. ჩემო ბებიკო, მართლა ძალიან გიყვარდი თუ შენც არ გესმოდა ჩემი! არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი: თუმცა ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ალბათ მაინც მარტოობას გრძნობდა. დიახ მარტოობას, რადგან, თუ გვერდით ისეთი არავინ გყავს, ვისაც ქვეყანას ურჩევნიხარ, შეიძლება ბევრს უყვარდე და მაინც მარტოობას გრძნობდე. ნეტა სად არის ლისი, ცოცხალია თუ არა? რა დღეშია? ღმერთო დაიფარე და დაგვიბრუნე იგი! ლისი, მე შენს მაგალითზე ვხედავ, როგორ შეიძლებოდა წარმართულიყო ჩემი ცხოვრება და ჩემს თავს მუდამ შენს ადგილზე ვაყენებ. განა ამის შემდეგ აქაური ამბები ასე უბედურს უნდა მხდიდეს, განა იმ წუთების გამოკლებით, როცა შენზე და იმ ადამიანებზე ვფიქრობ, რომლებსაც ასეთივე ხვედრი ხვდა წილად, მადლიერი, მხიარული და კმაყოფილი არ უნდა ვიყო?
მაგრამ მხდალი და ეგოისტი ვარ! რატომ მელანდება მუდამ ყოველგვარი საშინელება, რატომ ვფიქრობ ამაზე იმდენს, რომ მზად ვარ ხმამაღლა ვიყვირო?
იმიტომ, რომ ჩემში არაა ჭეშმარიტი რწმენა! ღმერთმა იმდენი მომცა, რამდენიც არ დამიმსახურებია, მე კი ყოველდღე ვაკეთებ რაღაც ისეთს, რაც საჭირო არაა.
როცა ახლობლებზე ვფიქრობ, თვალზე ცრემლი მადგება. სინამდვილეში დილიდან საღამომდე უნდა ვტიროდე. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია: ვევედროთ ღმერთს, იქნებ სასწაული მოახდინოს და ზოგ მათგანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. და მე ვლოცულობ, ვლოცულობ მხურვალედ, მთელი გულით.
ანა
კვირა, 2 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამ დილით საქმე არაფერი მქონდა და ჩემი დღიური გადავიკითხე, აღმოვაჩინე ისეთი წერილები, რომლებშიც ღვარძლიანად, თითქმის აღშფოთებით ვლაპარაკობ დედაზე. მე შემეშინდა და ჩემს თავს ვკითხე: ნუთუ ეს შენა ხარ, ანე, ნუთუ შენშია ამდენი სიძულვილი, ნუთუ ეს შესაძლებელია?
ვიჯექი სკამზე გადაშლილი რვეულით ხელში და ვფიქრობდი: როგორ მოხდა, რომ ჩემში ამდენი ღვარძლი და სიძულვილი დაგროვდა. შევეცადე ჩავწვდომოდი მაშინდელ ანეს და გამემართლებინა, რადგან თუ ვერ აგიხსენი, რისთვის წავუყენე დედას ამდენი ბრალდება, სინდისი შემაწუხებს. მე ყოველთვის ვიყავი და ახლაც ვარ განწყობის ადამიანი. მხატვრულად რომ ვთქვათ, ხშირად იმ მყვინთავს ვგავარ, რომელსაც წყალქვეშ ყველაფერი დამახინჯებულად ეჩვენება. ყველაფერს სუბიექტურად ვუდგებოდი და სულ არ ვცდილვარ დინჯად გავრკვეულიყავი სხვის ნათქვამში. მაშინ იქნებ უკეთ გამეგო მოწინააღმდეგის არგუმენტები და სხვაგვარად მოვიქცეოდი, დავიოკებდი ჩემს ფიცხ ხასიათს და შეურაცხყოფას არ მივაყენებდი სხვებს.
მე მხოლოდ ჩემს თავს ვხედავდი, ჩემ თავში ჩავიკეტე და არავის დარდი არ მქონდა, გწერდი ჩემს სიხარულზე, დარდზე, დაგროვილ გესლზე და გულს ვიმსუბუქებდი. ჩემი დღიური ახლა ჩემთვის უზომოდ ძვირფასია, რადგან მოგონებების წიგნად იქცა, თუმცა შემიძლია ბევრი რამ წავშალო, ხაზი გადავუსვა და ქვეშ მივაწერო: «წარსულს ჩაბარდა».
ხშირად გავბრაზებულვარ დედაზე, ხანდახან ახლაც ვბრაზობ. მართალია, მას ჩემი არ ესმის, მაგრამ, არც მე მესმის მისი. ჩემი დედაა, ნაზად და კარგად მეპყრობა, მაგრამ ხშირად უსიამოვნება მიმიყენებია მისთვის და რა გასაკვირია, თუ გამიბრაზდებოდა, რა გასაკვირია, თუ ამ ამბავმა და ყველაფერმა, რასაც იგი აქ განიცდის, ნერვები აუშალა და ფიცხი გახადა. მე ამას ვერ ვხედავდი, შეურაცხყოფას ვაყენებდი, უხეშად ვექცეოდი და მწუხარებას ვმატებდი.
ამან დიდი გაუგებრობა, დიდი უსიამოვნება გამოიწვია და ორივეს ვნებას გვაყენებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა.
ადვილი გასაგებია, რატომ არ მინდოდა არაფრის დანახვა და საკუთარ თავს რატომ ვაყენებდი ტკივილს. ჩემი ურჩობა ბოროტების გადმონთხევა იყო, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში განვმარტოვდებოდი და მოწმეების გარეშე როგორმე დავძლევდი ამ ნაკლს. ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში, რამდენჯერმე მაგრად დავაბაკუნებდი ფეხებს და დედის ზურგს უკან მოვიოხებდი გულს.
წავიდა ის დრო, როცა დედა ჩემს გამო ტიროდა. მე უფრო გონიერი გავხდი და დედაც ცოტათი დამშვიდდა. როცა გაჯავრებული ვარ, ენას კბილს ვაჭერ, დედაც ასე იქცევა და გაცილებით უკეთ ვცხოვრობთ. მე არ შემიძლია მიყვარდეს დედა ისე ბრმად, როგორც ეს ბავშვებს სჩვევიათ, ჩემში რაღაც ეწინააღმდეგება ამას, მაგრამ
სინდისს იმით ვიმშვიდებ, რომ ჯობს ამ ქაღალდზე ვილანძღებოდე, ვიდრე დედას ვუხეთქავდე გულს.
ანა
ოთხშაბათი, 5 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
დღეს ორ რამეში უნდა გამოგიტყდე, რაც, ცხადია, დიდ დროს მოითხოვს. ვინმეს ხომ უნდა გადავუშალო გული და ჯობია ისევ შენ, რადგან ვიცი მუდამ, ყოველგვარ ვითარებაში, დუმხარ. პირველი დედას ეხება. შენ იცი, რამდენი საყვედური მითქვამს დედაზე. და მაინც მუდამ ვცდილობდი ალერსიანად მოვქცეოდი. უეცრად მივხვდი, რა აკლია მას ჩემს თვალში. დედამ თვითონ გვითხრა, მეგობრებად უფრო მიმაჩნიხართ, ვიდრე შვილებადო. ამას რა ჯობია, მაგრამ მეგობარი დედის მაგივრობას ვერ გასწევს. დედას უნდა მიბაძო, იდეალად მიიჩნიო. ვგონებ მარგო ამ ამბავს სულ სხვანაირად უყურებს და ვერ გაიგებს, რასაც მე აქ ვწერ, მამა კი ყოველთვის გაურბის ამ თემაზე საუბარს. ჩემს წარმოდგენაში დედა პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ტაქტი აქვს, განსაკუთრებით ჩემი ასაკის შვილების მიმართ და არ უნდა იქცეოდეს დედაჩემივით, რომელიც დამცინის, როცა ვტირი, ვტირი არა იმიტომ, რომ რაღაც მტკივა, არამედ უბრალოდ გული მაქვს დამძიმებული.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ერთ რამეს ვერასოდეს ვაპატიებ. ერთხელ კბილის ექიმთან დამჭირდა წასვლა. მარგო და დედა თან წამომყვნენ და ნება დამრთეს ველოსიპედით მემგზავრა. როცა ექიმის კაბინეტიდან გამოვედით, მათ იქვე კარებთან მითხრეს, რომ ქალაქში აპირებენ წასვლას რაღაცის საყიდლად თუ სანახავად. ახლა ზუსტად აღარ მახსოვს. მეც მინდოდა წავყოლოდი მათ, მაგრამ ველოსიპედი ხელს მიშლიდა. გულდაწყვეტილმა ტირილი მოვრთე, მათ კი სასაცილოდ ამიგდეს. მე ისე გავცეცხლდი, რომ ქუჩაში ორივეს ენა გამოვუყავი. ვიღაც მდაბიო ქალს, რომელმაც გვერდით ჩამიარა, შეეშინდა. სახლში ველოსიპედით მარტო წავედი და კიდევ დიდხანს ვბღაოდი.
საოცარია მაგრამ, საკმარისია გავიხსენო, რა ძლიერ გავბრაზდი მაშინ, რომ ტკივილი, რომელიც დედამ მომაყენა, ისევ მიახლდება.
ძალიან მიჭირს ლაპარაკი მეორე ამბავზე, რომელიც პირადად მე მეხება. გუშინ წავიკითხე სის ჰაისტერის სტატია, რომელშიც აღწერილია, რა მიზეზის გამო წითლდება ადამიანი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მე მომმართავდა. მართალია, მე ადვილად არ ვწითლდები, მაგრამ სტატია ზუსტად ჩემზეა დაწერილი. ავტორი ამბობს, მომწიფების პერიოდში ქალიშვილი უფრო მშვიდია, უფრო ჩაფიქრებული, თითქოს აკვირდება იმ სასწაულს, რომელიც მის სხეულში ხდება. ამ ბოლო დროს ასე მემართება მეც და მარგოსი და მშობლების მრცხვენია. თუმცა სხვა მხრივ მარგო ჩემზე უფრო მორცხვია, მაგრამ ამ საკითხში რატომღაც ჩემი არ ერიდება. მე მწვავედ ვგრძნობ გარეგნული ცვლილებების საოცრებას და კიდევ უფრო მეტად შინაგან ცვლილებებს. და რადგან ვერავისთან მილაპარაკია იმაზე, რაც მაღელვებს, ვცდილობ თვითონ გავერკვე.
როცა «ავადმყოფობა» მეწყება, – აქამდე სამჯერ მქონდა, – ტკივილს, უსიამოვნებას და უხერხულობას განვიცდი, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარ თავში რაღაც სანუკვარ საიდუმლოებას ვატარებ. მიუხედავად სიძნელეებისა, სიამოვნებით ველოდები იმ დროს, როცა კვლავ განვიცდი ამას. სის ჰაისტერი ამბობს, რომ ჩემი ასაკის ქალიშვილები ჯერ კიდევ არ არიან თავის თავში
დარწმუნებულნი, მხოლოდ მოგვიანებით შეიცნობენ საკუთარი არსებობის მნიშვნელობას და დამოუკიდებელი აზრები, იდეები და ჩვევები უჩნდებათ. როცა თავშესაფარში გადმოვედით, მე მხოლოდ ცამეტი წლისა ვიყავი. ცხოვრებაზე ფიქრი რატომღაც სხვა გოგონებზე ადრე დავიწყე და ვიგრძენი, რომ ადამიანი ვარ, ადამიანი, რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებს. ზოგჯერ საღამოობით არ შემიძლია, არ შევეხო ჩემს მკერდს და არ ვიგრძნო, რა მშვიდად, რა საიმედოდ მიცემს გული.
ჯერ კიდევ ადრე, აქ მოსვლამდე, ამდაგვარი რამ ვიგრძენი. ერთხელ მეგობარ გოგონასთან გავათიე ღამე. ვკითხე, ჩვენი მეგობრობის ნიშნად ხომ არ შევეხოთ მკერდებით ერთმანეთს-მეთქი. მან უარი განაცხადა. მე მუდამ მსიამოვნებდა მისი კოცნა და ხალისითაც ვაკეთებდი ამას. როცა შიშველი ქალის, მაგალითად, ვენერას ქანდაკებას ვუცქერი, ექსტაზი მიპყრობს, მისი მშვენება ისე მოქმედებს ჩემზე, რომ ცრემლს ძლივს ვიკავებ, აჰ, ნეტა მყავდეს მეგობარი გოგონა!
ანა
ხუთშაბათი, 6 იანვარი, 1943
ძვირფასო კიწი!
უდიდესი სურვილი მქონდა ვინმესთან მესაუბრა, და არ ვიცი რატომ, ავირჩიე მაინცდამაინც პეტერი. ზევით, პეტერთან მუდამ ვპოულობდი მყუდროებას, მაგრამ იგი იმდენად მორცხვია, რომ ხელის შემშლელსაც კი ვერ დაითხოვს ოთახიდან. ამიტომ ადრე ვერ ვბედავდი დიდხანს დავრჩენილიყავი მასთან, მეგონა მოსწყინდებოდა ჩემს გვერდით ყოფნა.
ახლა კი შეუმჩნევლად ვცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე მასთან და საუბარი გავაბა. გუშინ კარგი საბაბი მომეცა. ამ ბოლო დროს პეტერი კროსვორდების მანიითაა შეპყრობილი და მთელი დღის განმავლობაში მეტს არაფერს აკეთებს. გადავწყვიტე, დავხმარებოდი. და აი, ჩვენ ვსხედვართ მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ, პეტერი სკამზე, მე კი დივანზე. ყოველთვის, როცა მუქ ლურჯ თვალებში ჩავხედავ და ვაკვირდები, როგორ დასთამაშებს პირზე ღიმილი, გული საოცრად მეკუმშება. ასე მგონია, მის სულს ვწვდები და ვკითხულობ. სახეზე მერყეობა, უმწეობა და ამავე დროს თავისი მამაკაცური ძალის შეგნება აწერია. მისი მორცხვობა ისე მათვინიერებს, რომ მუდამ მის თვალებს ვეძებ. ძალიან მინდა ვთხოვო: «ნუ გეშინია, მიამბე ყველაფერი, რაც შენში ხდება». საღამო მიიწურა, ჩვენს შორის კი არაფერი მომხდარა. მე მას მხოლოდ სის ჰაისტერის სტატია გავაცანი, ვუამბე, რატომ წითლდებიან ადამიანები, თუმცა არა ისე, როგორც შენ მოგწერე. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობდი, რომ მინდოდა ოდნავ გათამამებულიყო.
საღამოს საწოლში ჩავუფიქრდი ყველაფერს და არ მესიამოვნა, პეტერის კეთილგანწყობილებას რომ ასეთ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. საკვირველია, რას არ გააკეთებს ადამიანი, ოღონდ თავისას მიაღწიოს. ნიმუშად შეგიძლია მე გამომიყენო. გადავწყვიტე, ხშირად მივაკითხო პეტერს და ვაიძულო, გული გადამიხსნას. არ გეგონოს, შეყვარებული ვიყო, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ვან დაანებს რომ ვაჟის ნაცვლად ქალიშვილი ჰყოლოდათ, მე ალბათ მასაც დავუმეგობრდებოდი.
ამ დილით ადრე გამეღვიძა, შვიდი საათიც არ იქნებოდა. იმ წამსვე ცხადად აღდგა ჩემს შეგნებაში წუხანდელი სიზმარი. მე ვზივარ მაგიდასთან, ჩემს პირდაპირ ზის პეტერი... პეტერ ვესელი. ჩვენ ილუსტრირებულ წიგნს ვათვალიერებთ. სიზმარი იმდენად ცხადი იყო, რომ სურათებიც კი მახსოვს. მაგრამ სიზმარი ამით არ გათავებულა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და მე დიდხანს ვიხედებოდი მის
მშვენიერ თაფლისფერ, ხავერდოვან თვალებში. ბოლოს პეტერმა ძლივს გასაგონად მითხრა: «ეს რომ მცოდნოდა, აქამდე მოვიდოდი შენთან!»
ამ სიტყვებმა ისე ამაღელვა, რომ მაშინვე პირი ვიბრუნე. უეცრად ლოყაზე პეტერის ლოყა ვიგრძენი და რაღაც საოცრად სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. მის ლოყას გაღვიძების შემდეგაც ვგრძნობდი და ასე მეგონა მისმა მშვენიერმა თვალებმა ღრმად ჩამხედა გულში და ამოიკითხა, რა ძლიერ მიყვარდა და მიყვარს. მაგრამ როცა მომაგონდა, რა შორს იყო ჩემგან, თვალზე ცრემლი მომადგა და გული ნაღველით ამევსო, თუმცა სიხარულიც მეწვია, რადგან ვიგრძენი, რომ პეტერი მთელი გულით მიყვარს. საოცარია, რა ცხადი სიზმრები მაქვს აქ. პირველად სიზმარში ბებია (მამის დედა) ვნახე და ისე ცხადად, რომ მის სახეზე ნაოჭებს ვამჩნევდი. მერე მომევლინა მეორე ბებია (დედის დედა) მფარველი ანგელოზის სახით, შემდეგ კი ლისი, რომელიც მთელი იმ უბედურების სიმბოლოა, რაც ჩემს მეგობარ გოგონებს და ებრაელებს თავს დაატყდათ. როცა მისთვის ვლოცულობ, ვლოცულობ ყველა ებრაელისა და ყველა დევნილი და უბედური ადამიანისათვის.
ახლა კი მყავს პეტერი, ჩემი საყვარელი პეტერი, ასე ცხადად მე იგი არასოდეს დამინახავს, არაფრად მჭირდება ფოტოსურათი. იგი ჩემს მეხსიერებაშია აღბეჭდილი და ძალიან მიყვარს.
ანა
პარასკევი, 7 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
რა სულელი ვარ! აქამდე აზრადაც არ მომსვლია, მეამბნა შენთვის ჩემი გატაცებისა და ჩემი თაყვანისმცემლების ამბავი.
ჯერ კიდევ სულ პატარა ვიყავი, მგონი საბავშვო ბაღში დავდიოდი, როცა კარლ სამსონი მომეწონა. მას მამა არ ჰყავდა და დედასთან ერთად დეიდასთან ცხოვრობდა. მისი დეიდაშვილი ბიბი, ჭკვიანი, ტანადი, შავგვრემანი ბიჭუნა, გაცილებით მეტად მოსწონდა ყველას, ვიდრე ჩასუქებული და სასაცილო კარლი. გარეგნობას მე ყურადღებას არ ვაქცევდი და წლების მანძილზე ვმეგობრობდი მასთან. ჩვენ დიდხანს ვიყავით ნამდვილი, კარგი ამხანაგები. შემდეგ პეტერს შევხვდი და პირველმა ბავშვურმა სიყვარულმა მთლიანად დამიპყრო. მე ახლაც ცხადად ვხედავ, როგორ დავდიოდით ქუჩაში ხელჩაკიდებულნი. პეტერს ტილოს კოსტიუმი ეცვა, მე – საზაფხულო კაბა.
მალე იგი რეალურ სასწავლებელში გადავიდა, მე კი უფროს მოსამზადებელ კლასში შევედი. ხან ის გამომივლიდა სკოლაში, ხან მე გავუვლიდი. პეტერი ლამაზი, მაღალი, ტანადი, წარმოსადეგი ყმაწვილი იყოკ და მშვიდი, სერიოზული, ჭკვიანი სახე ჰქონდა. მუქი თმა, ღაჟღაჟა, მზემოკიდებული ლოყები, მშვენიერი თაფლისფერი თვალები და თხელი ცხვირი ხატავდა. განსაკუთრებით მიყვარდა მისი სიცილი. ამ დროს ბავშვური გამომეტყველება ჰქონდა.
ზაფხულის არდადეგებზე ქალაქიდან გავედით. როცა დავბრუნდი, პეტერი სხვა ბინაში გადასულიყო და მასზე ბევრად უფროსი ყმაწვილის მეზობლად ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ. ეტყობა იმ ბიჭმა უთხრა პეტერს, რომ ჯერ კიდევ ლიფსიტა ვარ და პეტერმა თავი დამანება. მე ისე მიყვარდა პეტერი, რომ დიდხანს არ მჯეროდა ეს ამბავი, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, დევნა რომ დავუწყო «მუსუსს» დამიძახებენ-მეთქი და მოვეშვი.
გადიოდა წლები. პეტერი მხოლოდ თავის ტოლ ამხანაგებთან მეგობრობდა, მე არც კი მესალმებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებდი. როცა ებრაელთა ლიცეუმში
გადავედი, ბევრ ჩემს თანაკლასელ ბიჭს შევუყვარდი. მე, ცხადია, ნასიამოვნები, კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მათი ყურადღება გულს არ ეკარებოდა.
მერე თავდავიწყებით შევუყვარდი ჰარის, მაგრამ როგორც გითხარი, მე აღარავინ შემყვარებია.
ამბობენ: «დრო კარგი მკურნალიაო!» მეც ასე მეგონა. თითქოს დავივიწყე პეტერი, გული ავიცრუე მასზე, მაგრამ ჩემს ქვეცნობიერებაში მტკიცედ აღბეჭდილიყო საყვარელი სახე და სიმართლეს ვერსად გავექეცი: ისე ვეჭვიანობდი პეტერის ყველა ნაცნობ გოგონაზე, რომ მის ღირსებას განგებ ვაკნინებდი და ვცდილობდი გულიდან ამომეგდო.
ამ დილით კი ისევ დავრწმუნდი, რომ არაფერი შეცვლილა. პირიქით, რაც უფრო მემატებოდა ხანი და მოწიფულობა, მით უფრო იზრდებოდა ჩემი სიყვარულიც. ახლა მესმის, რომ პეტერი ბავშვად მთვლიდა, მაგრამ მაინც გული მტკივა, რომ ასე სწრაფად დამივიწყა. მე ისე ცხადად ვხედავ მას, რომ ვიცი: ასე ვეღარავინ დაეპატრონება ჩემს ფიქრებს.
სიზმარმა თავგზა ამირია. ამ დილით, როცა მამამ მაკოცა, კინაღამ ხმამაღლა ვიყვირე: «რატომ პეტერი არა ხარ!” მთელი დღე ვიმეორებ ჩემთვის: «ო, პეტელ, ჩემო საყვარელო პეტელ»!
ვის შეუძლია დამეხმაროს. მინდა კვლავაც ვიცოცხლო და ღმერთს შევევედრო, როცა აქედან გავალ, პეტერი მაპოვნინოს. იგი ჩემს თვალებში ამოიკითხავს რა ძლიერ მიყვარს და მეტყვის: «ო, ანე, რომ მცოდნოდა, აქამდე მოვიდოდი შენთან!»
ერთხელ, როცა სექსუალურ საკითხზე ვსაუბრობდით, მამამ მითხრა: «ჯერ შენ ვერ გაიგებ, რას ჰქვია მოთხოვნილება». მე ეს მაშინაც ვიცოდი, ახლა კი ჩემთვის ყველაფერი ცხადია!
სარკეში ჩავიხედე და ჩემს თავს დავაკვირდი. სულ სხვანაირად გამოვიყურები. თვალებს სიღრმე და ნათელი მოემატა, ღაწვები ისე შემეფაკლა, როგორც კარგა ხანია არ მქონია, პირის მოხაზულობაც უფრო ნაზია. ბედნიერი გამომეტყველება მაქვს, მაგრამ ჩემს მზერაში სევდაა ჩაქსოვილი და ტუჩებზე ღიმილს მიქრობს. მე არ შემიძლია ბედნიერი ვიყო, რადგან ვიცი, რომ პეტერი ჩემზე არ ფიქრობს. თუმცა ისევ და ისევ ვგრძნობ ჩემსკენ მოპყრობილ მშვენიერ თვალებს და ჩემს ლოყაზე მის გრილ, რბილ ლოყას.
ო, პეტელ, პეტელ, როგორ დავივიწყო შენი სახე! განა ვინც შენს ადგილს დაიჭერს, საცოდავი არ იქნება? მე შენ ისე ძლიერ მიყვარხარ, რომ სიყვარული გულში აღარ მეტევა, ცდილობს გადმოიღვაროს, და მთელი სიძლიერით თვალწინ გადამეშალოს.
ერთი კვირის წინ, არა, გუშინაც რომ ვინმეს ეკითხა, ვისზე გინდა გათხოვებაო, ვიტყოდი: «არ ვიცი!» ახლა კი მზად ვარ ვიყვირო: «პეტერზე, მხოლოდ პეტერზე, რომელიც მთელი გულით და სულით უანგაროდ მიყვარს. მაგრამ ზედმეტი ჟინიანობა არ უნდა გამოიჩინოს, მე მას ნებას ვაძლევ მხოლოდ ლოყაზე შემეხოს».
დღეს სხვენზე ავედი, ფანჯარასთან ჩამოვჯექი და მასზე ვფიქრობდი. მცირე ხანს ვისაუბრეთ, შემდეგ კი ორივე ავტირდით და მე ხელახლა ვიგრძენი მისი ტუჩები, მისი ლოყის უაღრესად ნაზი შეხება.
«ო, პეტერ, იფიქრე ჩემზე და მოდი ჩემთან, ჩემო საყვარელო, ჩემო სანატრელო პეტერ!»
ანა
ოთხშაბათი, 12 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
თოთხმეტი დღეა, რაც ელი ჩვენთანაა. მიპი და ჰენკი ორი დღეა არ გამოჩენილან, ორივეს კუჭი აქვს აშლილი.
ახალი ამბავი. გამიტაცა ცეკვამ და ბალეტმა. საღამოობით ბევრს ვვარჯიშობ. ცისფერი მაქმანიანი ქვედატანისაგან დედამ შემიკერა სუპერმოდერნული საცეკვაო კაბა, ზევით ნაოჭაყრილი, მკერდთან შესაკრავით, ქვემოთ კი დიდი ბაფთა აქვს მოკერებული, მაგრამ ჩემი სპორტული ფეხსაცმელებისაგან საბალეტო სანდლების გაკეთება ვერაფრით მოვახერხე.
ჩემი მოდუნებული სახსრების გასაშლელად უკეთესს ვერაფერს მოვიგონებდი. მალე ისეთივე მოქნილი ვიქნები, როგორიც ადრე ვიყავი. აი, ერთი კარგი ვარჯიში: იატაკზე დამჯდარი ორივე ხელით ტერფებს ვეჭიდები და სწრაფად ვწევ ფეხებს ზევით. მაგრამ ჩემი საცოდავი კუდუსუნი რომ მეტისმეტად არ გაილახოს, ქვეშ ბალიშს ვიდებ.
უფროსები კითხულობენ წიგნს: «უღრუბლო დილა». დედას ძალიან მოსწონს. წიგნი თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემებს ეხება. მე ირონიულად გავიფიქრე: «უმჯობესია, დაინტერესდე იმ ახალგაზრდებით, რომლებთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ».
მე მგონია, დედა ფიქრობს, რომ უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე მე და მარგოს გვაქვს მშობლებთან, საერთოდ არ არსებობს და მასზე უფრო არავინ არ ელოლიავება საკუთარ შვილებს. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ მარგოს ეხება. ჩემი აზრით, მარგოს არც აწუხებს ის საკითხები და ფიქრები, რომლებიც მე არ მასვენებენ. მე არც ვეცდები მივახვედრო დედა, რომ მისი ერთ-ერთი ნაშიერი სულ სხვანაირია, ვიდრე მას წარმოუდგენია. მას მხოლოდ სადარდებელი მოემატება, მე კი მინდა, მწუხარება ავარიდო. ამით მაინც არაფერი შეიცვლება. დედა გრძნობს, რომ მარგო უფრო ახლოა მასთან, ვიდრე მე, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებულია, ადრე თუ გვიან ყველაფერი მოგვარდება. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან ყურადღებიანია ჩემ მიმართ, სულ სხვანაირი, ვიდრე აქამდე იყო. ქედმაღლობა დაივიწყა, ნამდვილი მეგობრები გავხდით. ახლა აღარ მივაჩნივარ იმ უმნიშვნელო არსებად, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია.
საკვირველია, ჩემს თავს ზოგჯერ ისე ვაკვირდები, თითქოს სხვისი თვალით ვუყურებდე. ასეთ შემთხვევაში მშვიდად ვათვალიერებ ანას და ჩემი ცხოვრების წიგნს ისე ვფურცლავ, თითქოს სხვის მიერ განვლილი გზა იყოს. ადრე, როცა ჩვენს სახლში ვცხოვრობდით და ამდენი ფიქრის თავი არ მქონდა, ასე მეგონა, დედასთან, მარგოსთან და მამასთან საერთო არაფერი მაქვს, ამ ოჯახის ღვიძლი შვილი არა ვარ-მეთქი. ზოგჯერ ჩემს თავს ობოლ ბავშვად წარმოვიდგენდი და მანამდე ვერთობოდი ამით, სანამ ცხადი არ გახდებოდა, რომ სისულელეა, შენს თავს უბედურ ადამიანად თვლიდე, როცა ასე კარგად ცხოვრობ. ამგვარი აზრების შემდეგ მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ვცდილობდი კეთილი და ალერსიანი ვყოფილიყავი. ყოველ დილით, როცა ვინმე ამოდიოდა კიბეზე, მე ვოცნებობდი, რომ ეს დედა ყოფილიყო, შემოსულიყო ჩვენს ოთახში და «დილა მშვიდობისა» ეთქვა. მაშინ დედას ტკბილად ვესალმებოდი, მიხაროდა, რომ ნაზად მიცქერდა. მაგრამ ზოგჯერ ამა თუ იმ მიზეზით ნაკლებ ალერსიანი იყო და იმ დღეს გუნებაწამხდარი მივდიოდი სკოლაში, ხოლო როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, ვცდილობდი გამემართლებინა. მასაც ხომ ბევრი საზრუნავი აქვს, ვფიქრობდი მე და სახლში მხიარული და კმაყოფილი შევდიოდი. დღის მანძილზე განცდილი გულში არ მეტეოდა, და მინდოდა ყველასათვის მეამბნა... შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა და მე ისევ ნაღვლიანი
და დაფიქრებული მივდიოდი სკოლაში. ზოგჯერ გადავწყვეტდი გამომემჟღავნებინა, რარიგ გამიცრუვდა იმედი, მეთქვა, როგორ გამიტყდა გული, მაგრამ სახლში დაბრუნებისას იმდენი საამბობი მქონდა, რომ განზრახვა მავიწყდებოდა და უნდოდა თუ არა, დედას მაინც ყური უნდა დაეგდო ჩემთვის.
შემდეგ ისეთი დრო დადგა, როცა აღარ მაინტერესებდა, ისმის თუ არა კიბეზე ფეხის ხმა, მარტოობას ვგრძნობდი და ბალიშში თავჩარგული ცხარე ცრემლებით ვტიროდი. თავშესაფარში ეს გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრდა, შენ ეს იცი. ახლა ღმერთმა გაჭირვებაში მყოფს მანუგეშებლად პეტერი გამომიგზავნა! ვიღებ მედალიონს, რომელსაც მუდამ თან ვატარებ, ნაზად ვკოცნი და ვფიქრობ: «რა საქმე მაქვს მთელ ამ ალიაქოთთან? მე მყავს ჩემი პეტელი და ეს არავინ იცის?!»
ამაზე ფიქრით ბევრ რამეს გავუმკლავდები. არავინ იცის, რა ხდება ქალიშვილის გულში!?
ანა
შაბათი, 15 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
აზრი არა აქვს, დაწვრილებით აგიწერო აქაური კინკლაობა და ჩხუბი. საკმარისია გაცნობო, რომ ერთმანეთს გამოვეყავით. ცალკე ვინახავთ ხორცს, კარაქს, ცხიმს და ჩვენთვის ვიწვავთ კარტოფილს. ამ ბოლო დროს მთელი დღის ულუფას ერთი ნაჭერი პურიც დავუმატეთ, რადგან ოთხ საათზე ისე გვშიოდა, რომ კუჭი გვეწოდა და ვერაფრით ვაშოშმინებდით. ახლოვდება დედაჩემის დაბადების დღე. კრალერმა ცოტაოდენი შაქარი მოუტანა სტუმრების გასამასპინძლებლად, ქალბატონი ვან დაანი კი შურით გასკდა, რადგან დაბადების დღეზე არაფერი აჩუქეს. არც ისე სასიამოვნოა, ისმენდე ყოველდღე მის ბღავილსა და აუტანელ ღრიალს. უნდა გამოგიტყდე, კიწი, რომ მისი მეზობლობა ყელში ამოგვივიდა.
დედამ განუხორციელებელი სურვილი გამოთქვა: ნეტავ ორ კვირას მაინც მამყოფა უვანდაანებოდო. მე ჩემს თავს ვეკითხები: ნუთუ ყველა ადამიანთან მოგივა ჩხუბი, თუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, ან იქნებ ჩვენ ბედი არ გვწყალობს? ნუთუ ადამიანთა უმეტესობა ეგოისტი და ხარბია? უთუოდ კარგია, მე რომ აქ ადამიანის ბუნება უკეთ გავიცანი, მაგრამ კმარა! ომი ჯერ ისევ გრძელდება და არავის არ აინტერესებს ჩვენი ჩხუბი, ჩვენი მისწრაფება სუფთა ჰაერისა და თავისუფლებისაკენ. ამიტომ უნდა ვეცადოთ «ტო მაკე ტჰე ბესტ ოფ იტ».1 (1 ყველაფერში კარგი მხარე ვეძიოთ (ინგლ.).)
კაცმა რომ თქვას, რა მაქაქანებს? თუ დიდხანს გაგრძელდა ასე, ლობიოს გამხმარ სარს დავემგვანები, მე კი გაცილებით მირჩევნია, ნამდვილი, ცოცხალი გოგონა ვიყო!
ანა
შაბათი, 22 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
იქნებ ამიხსნა, რატომ ხდება, რომ ადამიანთა უმრავლესობას ეშინია თავისი შინაგანი ბუნების გამომჟღავნებისა, რატომ ხდება, რომ საზოგადოებაში სულ სხვანაირად იქცევი, ვიდრე საჭიროა? ვიცი, რომ ამის მიზეზები უთუოდ არსებობს, მაგრამ მაინც გაუგებრად მიმაჩნია, რადგან უახლოეს ადამიანსაც კი ვერ ენდობი ბოლომდე.
მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს იმ სიზმრის შემდეგ გავიზარდე, უფრო მეტიც, «პიროვნება» გავხდი. ალბათ, გაგიკვირდება, მაგრამ ახლა ვან დაანებზეც ვმსჯელობ და მათთან დავას და შეტაკებებს უწინდებურად ტუჩაბზეკით აღარ ვუყურებ. რატომ შევიცვალე ასე?
იცი, მე ბევრს ვფიქრობ ამაზე და მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობა სულ სხვაგვარი იქნებოდა, დედა რომ ნამდვილი იდეალური «დედიკო» იყოს. ცხადია, ქალბატონ ვან დაანზე ვერ იტყვი, ზრდილობიანი ადამიანიაო, მაგრამ დედა რომ ურთიერთობაში დამყოლი იყოს და საუბრის გამწვავება არ უყვარდეს, შეიძლებოდა უსიამოვნების ნახევარი მაინც აგვეცილებინა თავიდან. ქალბატონ ვან დაანსაც აქვს დადებითი თვისებები, მასთან მოლაპარაკება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ეგოისტია და ბუზღუნა, თუ არ გააღიზიანე და არ შეუჩიჩხინე, იოლად დაიყოლიებ. მართალია, ეს «თვინიერება» დიდხანს არ გაჰყვება, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენ, შეიძლება შეეწყო. კარგი იყო, გულღიად და მეგობრულად გვემსჯელა მასთან ერთად ჩვენი აღზრდის, განებივრების, კვების და მრავალ სხვა საკითხზე. მაშინ ავცდებოდით იმ უკიდურესობას, როცა ერთმანეთში მხოლოდ უარყოფით თვისებებს ხედავენ.
ვიცი, კიწი, კარგად ვიცი, რასაც მეტყვი.
«ანა, ნუთუ ეს შენი აზრებია? ნუთუ შენ ამბობ ამას, შენ, რომელზედაც ამდენი ცუდი რამ უთქვამთ «ზემოურებს?» შენ, რომელსაც ამდენი უსამართლობა გინახავს მათგან?» დიახ, ამას მე ვამბობ. მინდა მე თვითონ ჩავწვდე ყველაფერს, არ მსურს ვიცხოვრო ძველი ნათქვამის მიხედვით: «როგორც მამა-პაპას სჩვეოდა»... მინდა დავაკვირდე ვან დაანებს და გამოვარკვიო, რა არის მართალი და რა გადაჭარბებული. ხოლო თუ იმედები გამიცრუვდა, მეც ჩემს მშობლებს მივემხრობი. მაგრამ შეიძლება ცოლ-ქმარი უკეთესი აღმოჩნდეს, ვიდრე ყველას ჰგონია. მაშინ შევეცდები ძირი გამოვუთხარო ჩემი მშობლების არასწორ წარმოდგენას მათზე და თუ ვერ მოვახერხე, ჩემი შეხედულება და თვალსაზრისი მაინც მექნება. ყველა საშუალებას გამოვიყენებ, ქალბატონ ვან დაანს სხვადასხვა საკითხზე გავესაუბრები და ვეცდები მიუკერძოებლად გამოვთქვა ჩემი აზრი. ტყუილად ხომ არ მეძახიან «ფროილაინ1 (1 ქალიშვილი; გერმანიაში ასე მიმართავენ გაუთხოვარ ქალს.). ყოვლისმცოდნეს».
მე სრულიად არ ვაპირებ ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გალაშქრებას, მაგრამ ამიერიდან ჭორებს აღარ ავყვები. აქამდე მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველაფერში ვან დაანები იყვნენ დამნაშავე, მაგრამ ნაწილობრივ, ალბათ, ჩვენც მიგვიძღვის ბრალი. შეიძლება პრინციპში ჩვენ ყოველთვის მართალი ვართ, მაგრამ გონიერ ადამიანებს, – და ჩვენ ხომ ასეთებად მიგვაჩნია თავი, – მოეთხოვებათ, რომ ყველა ჯურის ადამიანებს შეეგუონ. რაკი ასეთი კეთილგონიერი გავხდი, იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა ნათქვამი ცხოვრებაში განვახორციელო.
ანა
ორშაბათი, 24 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
საოცარი ამბავი შემემთხვა. აქამდე ჩვენს სახლში სქესობრივ საკითხებზე იდუმალი გამომეტყველებით ლაპარაკობდნენ, სკოლაში კი უხამსად და საზიზღრად. გოგოები მუდამ ჩურჩულებდნენ და თუ რამეს ვერ გაიგებდი, მასხრად აგიგდებდნენ. ამ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება უცნაური მეჩვენებოდა და ვფიქრობდი:
«რატომ ლაპარაკობენ ამ თემაზე ასე ფარულად, ანდა საზიზღრად?» და რადგანაც არაფრის შეცვლა არ შემეძლო, გაჩუმებული ვიყავი და ამ საკითხზე ძალიან
ახლობელ მეგობარს თუ დაველაპარაკებოდი ზოგჯერ. მერე, როცა თითქმის ყველაფერი გავიგე და ზოგი რამ მშობლებმაც ამიხსნეს, დედამ მითხრა: «ანე, მინდა კარგი რჩევა მოგცე, ნურასოდეს ნუ ელაპარაკები ბიჭებს ამ თემაზე, ხოლო თუ თვითონ დაგელაპარაკებიან, მაშინვე შეაწყვეტინე».
ჩემი პასუხი ახლაც კარგად მახსოვს: «არა, დედა, ცხადია არა, როგორ შეიძლება!» და ამით გათავდა ჩვენი საუბარი.
პირველ ხანებში, როცა აქ გადმოვსახლდით, მამა ხშირად მელაპარაკებოდა ისეთ საკითხებზე, რაც მერჩია დედას აეხსნა. დანარჩენი წიგნებიდან და საუბრებიდან გავიგე. პეტერ ვან დაანი ამ მხრივ ძალიან თავშეკავებულია, მხოლოდ ერთხელ თქვა რაღაც ამდაგვარი, ისიც არა იმ მიზნით, რომ პასუხი გამოეტყუებინა ჩემთვის.
ქალბატონმა ვან დაანმა ერთხელ განაცხადა, რომ პეტერთან ამ თემაზე არც მას ულაპარაკია და არც მის ქმარს. მან არც კი იცოდა, რამდენად იყო პეტერი გათვითცნობიერებული.
გუშინ, როცა მარგო, მე და პეტერი კარტოფილს ვფცქვნიდით, საუბარი ჩამოვარდა ჩვენს კატაზე, მოფიზე:
– ჩვენ აქამდე არ ვიცით, მოფი მამალია თუ დედალი, – ვთქვი მე.
– როგორ თუ არ ვიცით, მამალია, – განაცხადა პეტერმა.
– რაღა მამალია თუკი დღე-დღეზე კნუტებს ელის, – გამეცინა მე. ამ რამდენიმე კვირის წინ თვითონ პეტერმა გვამცნო, მოფი იმიტომაა ასეთი მსუქანი, რომ მალე კნუტები ეყოლებაო. მაგრამ მოფი, ეტყობა, ნაქურდალით გასუქდა და მუცელი გამოებერა, რადგან კნუტები ჯერაც არ ჩანდა. პეტერმა გადაწყვიტა თავი გაემართლებინა.
ე შეგიძლია წამოხვიდე და ნახო, – მითხრა მან, – ამას წინათ ვეთამაშებოდი და ჩემი თვალით დავინახე, რომ მამალია.
ცნობისმოყვარეობა ვერ დავძლიე. პეტერს საწყობში ჩავყევი. მაგრამ მოფის მიღების საათები არ ჰქონდა და ვერსად აღმოვაჩინეთ. ცოტა ხანს ველოდეთ და რადგანაც ციოდა, ისევ ზევით ამოვედით. საღამოს გავიგონე, რომ პეტერი ქვევით ჩადიოდა. გამბედაობა მოვიკრიბე, ცარიელი სახლი გავირბინე და საწყობში ჩავედი. პეტერი მოფის შესაფუთ მაგიდაზე ეთამაშებოდა, შემდეგ სასწორზე დასვა და უნდოდა აეწონა.
– ჰალო, გინდა ნახო? – პეტერს სრულიად არ მორიდებია, მარჯვედ სწვდა მოფის თავში, მეორე ხელით თათები შეუბოჭა, გადააბრუნა და დაიწყო ლექცია – აი, სასქესო ორგანო, აქ თმა აქვს, აქ კი უკანა გასავალი!
უეცრად მოფი ნახევრად შემობრუნდა და ისევ თეთრ თათებზე დადგა. ვინმე სხვა ბიჭს რომ ასე ეჩვენებინა ჩემთვის «მამაკაცის სასქესო ორგანო», თვალში ვეღარ შევხედავდი. მაგრამ პეტერი ისე უბრალოდ ლაპარაკობდა ამ საჩოთირო თემაზე, რომ ბოლოს მეც მომეჩვენა, – აქ განსაკუთრებული არაფერია-მეთქი. ჩვენ მოფის ვეთამაშებოდით, თავს ვირთობდით, უამრავ საკითხზე ვსაუბრობდით, მერე კი აუჩქარებლად გავიარეთ დიდი საწყობი და ზევით ამოვედით.
– ხშირად შემთხვევით წიგნში წავაწყდები იმას, რაც ძალიან მინდა ვიცოდე, შენც ასე მოგდის? – ვკითხე მე.
– რატომ, მე მშობლებს ვეკითხები, მამამ ბევრი რამ იცის, განათლებული კაცია!
ჩვენ კიბეზე ვიდექით და ხმას არ ვიღებდით. გოგო რომ ყოფილიყო, ასე უბრალოდ ვერ დაველაპარაკებოდი ამ თემაზე. ალბათ ამას გულისხმობდა დედა,
როცა მაფრთხილებდა, ბიჭებთან ასეთ საუბარს ერიდეო. როცა საწყობში გამართულ საუბარს ვიხსენებდი, მთელი დღე როგორღაც უცნაურად მეღიმებოდა. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ შენი ხნის მოპირდაპირე სქესის წარმომადგენელსაც შეიძლება ელაპარაკო გონივრულად, ყოველგვარი სულელური ხუმრობის გარეშე.
ნუთუ პეტერი მართლა ელაპარაკება ბევრ რამეზე მშობლებს? ნუთუ მართლაც ისეთია, როგორიც გუშინ მომეჩვენა.
აჰ, საიდან უნდა ვიცოდე!
ანა
ხუთშაბათი, 27 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამ ბოლო დროს დიდად გამიტაცა გვირგვინოსანთა ოჯახების საგვარეულო გენეალოგიამ. როცა კვლევას იწყებ, სულ უფრო მეტად ეფლობი წარსულში და ბოლოს ფრიად საინტერესო ამბებს აწყდები.
ყველა საგანში გულმოდგინედ ვმეცადინეობ. ახლა უკვე შემიძლია მოვისმინო ინგლისის რადიოსადგურის გადაცემა ინგლისელებისათვის. კვირაობით ჩემი კინოვარსკვლავების კოლექციის გადარჩევას და დახარისხებას ვუნდები. კოლექცია საკმაოდ გაიზარდა. ბატონი კრალერი ყოველ ორშაბათს მახარებს და ჩემთვის კინოჟურნალი მოაქვს. ჩვენი არცთუ ისე მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი მეზობლები ამას ფულის ტყუილუბრალოდ ფლანგვას ეძახიან და გაოცებულნი არიან, როგორ მახსოვს გასულ წელს ნანახი ფილმის გმირები. თავისუფალ დღეებში ელი ხშირად დადის კინოში თავის მეგობრებთან ერთად, შაბათს მეუბნება, რომელი ფილმის ნახვას აპირებს და მე მაშინვე ჩამოვუთვლი ხოლმე ყველა გმირის სახელს და მოვახსენებ, რა აზრისაა კრიტიკა. ამას წინათ დედამ თქვა, რომ კინოში სიარული აღარ დამჭირდება, რადგან წინასწარ ვიცი ფილმის შინაარსი, ვინ დადგა და ვინ თამაშობს.
როცა ოთახში მყოფთ სხვაგვარად თმადავარცხნილი მოვევლინები, ყველა გაკვირვებით მიყურებს და მეკითხებიან, რომელ კინოვარსკვლავს ვბაძავ. ჩემი მოგონილია, ვაცხადებ მე, მაგრამ არავის სჯერა. ამგვარი სიამოვნება ნახევარ საათზე მეტს არ გრძელდება, მე სააბაზანოში გავრბივარ და ისევ ჩვეულებრივად, სადად ვივარცხნი თმას.
ანა
პარასკევი, 28 იანვარი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამ დილით ჩემს თავს ვკითხე: ხომ არ ვექცევი კიწის ისე, როგორც ძროხას, რომელსაც ძველი ამბების ღეჭვას აძალებენ და ამ ერთფეროვანი საკვებით თავმობეზრებული ხმამაღლა ამთქნარებს და ოცნებობს: იქნებ ანამ რაიმე ახალი მიამბოს.
დიახ, კიწი, სამწუხაროდ, მეც ვიცი, რარიგ მოსაბეზრებელია ძველი ამბები, წარმოიდგინე, უკვე მეც მირევს გულს.
თუ სუფრასთან პოლიტიკაზე ან გემრიელ საჭმელზე არ ლაპარაკობენ, დედა და ქალბატონი ვან დაანი ახალგაზრდობის წლებს იგონებენ, დუსელი კი რაღაცას მიედ-მოედება:
ხან თავისი ცოლის საუცხოო ტანსაცმელზე ლაპარაკობს, ხან დოღზე, ხან ნავებზე, რომლებშიც წყალი შედის, ხან ვუნდერკინდებზე, რომლებმაც უკვე ოთხი წლის ასაკში იცოდნენ ცურვა, ხან კუნთების კრუნჩხვაზე, და ხანაც ნერვულ პაციენტებზე.
საქმე იქამდე მივიდა, რომ საკმარისია რომელიმე ჩვენგანმა რაღაცის მოყოლა დაიწყოს, მეორე მაშინვე ჩამოართმევს სიტყვას და ამბავს განაგრძობს.
ჩვენ წინასწარ ვიცით, რით თავდება ანეკდოტი და მთხრობელის გარდა აღარავის ეცინება.
ათასჯერ გავაქიაქეთ ჩვენი ყოფილი დიასახლისები, მომმარაგებლები, ყასბები, ვაჭრები, მეპურეები და მე აღარ ვიცი, რა შეიძლება ითქვას ჩვენს თავშესაფარში ახალი. ყველა ამბავი გრძელწვერიანია!
ამას როგორმე ავიტანდით, მაგრამ უფროსებს ცუდი ჩვევა გამოუმუშავდათ: კოოპჰოისის, მიპისა და ჰენკის მონაყოლს ათჯერ მაინც გაიმეორებენ სხვადასხვა სიტყვებით და საკუთარი გამონაგონით შეავსებენ.
ასეთ შემთხვევაში მაგიდის ქვეშ ჩემს თავს ვჩქმეტ, რომ გატაცებით მოლაპარაკეს სიტყვა არ შევაწყვეტინო.
ჩემი ხნის ბავშვებს არავითარ შემთხვევაში არა აქვთ უფლება უფროსებს ხმა გააკმენდინონ. მაშინაც კი, როცა უსირცხვილოდ ტყუიან და ყოველგვარ ზღაპრებს იგონებენ.
კოოპჰოისი და ჰენკი ყოველთვის გვატყობინებენ, ვინ დაიმალა ან ვინ გაიქცა. მათ იციან, რა ახლო მიგვაქვს გულთან ამგვარი ამბები, როგორ განვიცდით და ვიტანჯებით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც მიაგნეს და როგორ გვიხარია იმათთან ერთად, ვინც დაჭერას გადაურჩა.
იატაკქვეშ ცხოვრება და დამალვა ახლა ისეთივე ყოველდღიური მოვლენაა, როგორც უწინ მამის საშინაო ჩუსტები, ზამთარში რომ ღუმელთან დახვდებოდა.
ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა "თავისუფალი ნიდერლანდები", ყალბ მოწმობებს ამზადებენ, საიმედო თავშესაფარს პოულობენ და თავიანთ წევრებს ფულითა და სურსათ-სანოვაგით ამარაგებენ, ხოლო ქრისტიანი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც "იატაკქვეშ" იწყებენ ცხოვრებას, სანდო მეწარმეებისაგან სამუშაოს შოულობენ, ან საწარმოში აწყობენ.
საოცარია, რამდენ რამეს აკეთებენ კეთილშობილი უანგარო ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, სხვებს კი ეხმარებიან და ბევრიც გადაარჩინეს.
ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი მფარველები, რომლებიც აქამდე გვეხმარებიან და იმედია, კეთილად მიგვიყვანენ ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იმ ადამიანების ბედი უნდა გაიზიარონ, რომლებიც ებრაელებს მფარველობენ.
მათ სიტყვითაც კი არ უგრძნობინებიათ ჩვენთვის, თუ რა მძიმე ტვირთად ვაწევართ მხრებზე - და ეს მართლაც ასეა! - არც ერთ მათგანს არ წამოსცდენია საყვედური იმის გამო, რომ ჩვენი გულისთვის ამდენი დავიდარაბის გადატანა უხდება.
ყოველდღე ამოდიან ზევით, მამაკაცებს პოლიტიკაზე და საქმეებზე ესაუბრებიან, ქალებს იმაზე, თუ როგორ გაძნელდა სურსათ-სანოვაგის შოვნა და ოჯახის გაძღოლა, ჩვენ წიგნებსა და გაზეთებზე.
გამომეტყველება მეტად მხიარული აქვთ, დაბადების დღეზე და სადღესასწაულოდ ყვავილები და საჩუქრები მოაქვთ. და ყოველთვის მზად არიან დახმარება გაგვიწიონ.
თუმცა ომში და მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გმირებს რა გამოლევს, მაგრამ ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ჩვენი მეგობრების თავდადება, მეგობრობისა და სიყვარულის ყოველდღიური დადასტურება!
რას არ გაიგონებ, ლამის ჭკუაზე შევცდე და, რაც მთავარია, მონაყოლი მეტწილად მართალია. კოოპჰოისმა გვიამბო, გელდერლანდში გაუმართავთ ფეხბურთის მატჩი, სადაც ერთ გუნდში მხოლოდ "იატაკქვეშელები" თამაშობდნენ, მეორეში კი - ადგილობრივი პოლიციელები!
ჰილვერზუმში ახალი სასურსათო ბარათები დაურიგებიათ. «იატაკქვეშელები» რომ უსურსათოდ არ დარჩენილიყვნენ, ადგილობრივმა მოხელეებმა დანიშნულ დროზე მათი «მფარველები» გამოიძახეს და ბარათები დაურიგეს. მაგრამ ამგვარი
საგმირო ოინები "მოფების" (გერმანელების დამცინავი სახელია.) ყურამდე რომ არ მივიდეს, დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ანა
ხუთშაბათი, 3 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
უახლოეს დროში მოკავშირეების გადმოსხდომას ელოდებიან. შენ რომ აქ ყოფილიყავი, ალბათ, შენზედაც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ამბავი; მაგრამ შეიძლება, მასხრადაც აგეგდეთ, რადგან ჯერ არაფერი მომხდარა, ჩვენ კი ჩვენს ჭკუაზე აღარ ვართ. ყველა გაზეთი ამაზე წერს და, როცა კითხულობ, შეიძლება მართლაც შეიშალო:
"თუ ინგლისელები ჰოლანდიაში გადმოსხდებიან, გერმანიის სარდლობა ჰოლანდიის დასაცავად ყოველ ღონეს მიმართავს და თუ გაჭირდა, დატბორავს კიდეც".
გაზეთები აქვეყნებენ ჰოლანდიის რუკებს, სადაც მოხაზულია ის რაიონები, რომელთაც დატბორვა ელის. და რადგან ამსტერდამის დიდი ნაწილიც მოხაზულია, ბუნებრივია, ჩვენთან ასეთი კითხვა დაისვა: რა უნდა ვქნათ, ქუჩებში რომ წყალმა ერთი მეტრით აიწიოს?
აქვე გაისმის პასუხები, ყველა თავისებურად ფიქრობს: ფეხით ან ველოსიპედით სიარული შეუძლებელი იქნება, ამიტომ, როგორც კი წყლის დინება შეწყდება, ფონი უნდა მოვნახოთ.
– არა, ცურვით უნდა გავიდეთ. საბანაო კოსტიუმებით და საყვინთი ქუდით შეგვიძლია დიდხანს გავძლოთ წყალში. ვერავინ შეამჩნევს, რომ ჩვენ ებრაელები ვართ.
– რა სისულელეა! წარმომიდგენია, როგორ იცურავებენ ჩვენი ქალები, როცა ვირთხები ფეხებში სწვდებიან! (ცხადია, რომელიღაც მამაკაცმა იოხუნჯა, მაგრამ ვნახოთ, ვინ უფრო ადრე აბღავლდება).
– ჩვენ ვერც კი მოვასწრებთ სახლიდან გამოსვლას, სარდაფი იმდენად დამპალია, რომ წყლის პირველი მოწოლისთანავე სახლი თავზე ჩამოგვენგრევა.
– ხუმრობის დრო არ არის. ვცადოთ, იქნებ სადმე ნავი ვიშოვოთ.
– რა საჭიროა. თითოეულმა აიღოს საწყობიდან შაქრის დიდი ყუთი, ჩაჯდეს შიგ, ხოლო ნიჩბად ჩამჩა გამოიყენოს.
– მე ოჩოფეხებით ვივლი, ახალგაზრდობაში ჩემპიონი ვიყავი.
– ჰენკ ვან სანტენს ოჩოფეხები არ დასჭირდება, ცოლს ზურგზე შეისვამს და მიპი უკვე ოჩოფეხებზე იქნება.
აი, კიწი, მთელი ჩვენი საუბარი! ხუმრობა ადვილია, სინამდვილეში კი ყველაფერი ეს სხვანაირად მოხდება.
არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აგრეთვე გადმოსხმასთანაა დაკავშირებული. რა უნდა ვქნათ, გერმანელებმა რომ ამსტერდამის ევაკუაცია დაიწყონ.
– შეუმჩნევლად გავყვეთ სხვებს.
– არავითარ შემთხვევაში. აქ უნდა დავრჩეთ. გერმანელები ხალხს წინ გაირეკავენ და მანამდე არ მოეშვებიან, სანამ ყველა არ დაიღუპება გერმანიაში!
– ცხადია, აქ დავრჩებით. ყველაზე საიმედო ადგილია. კოოპჰოისი უნდა დავიყოლიოთ, რომ ოჯახიანად აქ გადმოვიდეს. ტომრებს ბურბუშელათი გავტენით და მაშინ იატაკზეც შეიძლება დაძინება. კარგი იქნება, მიპმა და კოოპჰოისმა წინასწარ გადმოიტანონ აქ საბნები. 60 გირვანქა ფქვილს ცოტას კიდევ დავუმატებთ. ჰენკმა
სადმე უნდა იშოვოს ცერცვი. ახლა სახლში 30 კილოგრამი ლობიო და 10 კლოგრამი ცერცვი გვაქვს. გარდა ამისა, 50 ქილა ბოსტნეულის კონსერვი.
– დედა, აბა ჩამოთვალე სხვა პროდუქტები!
– 10 ქილა თევზი, 40 ქილა რძე, 10 კილოგრამი რძის ფხვნილი, 3 ბოთლი ზეთი, 4 ქილა კარაქი, 4 ქილა ხორცის კონსერვი, 4 ბოთლი მარწყვის და 2 ბოთლი ხილის წვენი, 20 ბოთლი ტომატი, 5 კილო შვრიის ბურღული, 8 გირვანქა ბრინჯი, სულ ესაა!..
– მარაგს არა უშავს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სტუმრები გვეყოლება შესანახი, ხოლო მარაგს ყოველ კვირა აკლდება, მაშინ არც ისე ბევრია.
– ნახშირი და საწვავი გვეყოფა, ასევე სანთლებიც. ყველამ უნდა შევიკეროთ გულზე დასაკიდი ტოპრაკები ფულის შესანახად.
– უნდა ჩამოვწეროთ გაქცევის შემთხვევაში აუცილებელი ნივთების სია და ახლავე ჩავალაგოთ ზურგჩანთებში.
რადგან საქმე იქამდე მივიდა, ურიგო არ იქნება, შევქმნათ სამეთვალყურეო პუნქტები, ერთი სხვენზე, მეორე - სახლის შემოსასვლელ კართან.
– რა უნდა მოვუხერხოთ მთელ ჩვენს სურსათ-სანოვაგეს, თუ უწყლოდ, უგაზოდ და უსინათლოდ დაგვტოვებენ.
– სადილს ღუმელზე მოვხარშავთ. წყალს გავფილტრავთ და ავადუღებთ. უნდა გავრეცხოთ რამდენიმე დაწნული ბოცა და წყალი მოვიმარაგოთ.
აი, ასეთი საუბარი მესმის მთელი დღის განმავლობაში. გადმოსხდებიან, თუ არ გადმოსხდებიან, კამათობენ, მსჯელობენ შიმშილზე, სიკვდილზე ბომბებზე, სანთებელზე, საძილე ტომრებზე, ებრაელთა გადასახლებაზე, საწამლავ გაზებზე და ასე უსასრულოდ.
თუ გინდა იცოდე, რა აწუხებთ ჩვენებს თავშესაფარში, გადმოგცემ მათ საუბარს ჰენკთან:
ჩვენები: – ჩვენ გვეშინია, რომ გერმანელები უკან დახევის დროს ამსტერდამის მოსახლეობას თან წაიყვანენ.
ჰენკი: – შეუძლებელია: სადა აქვთ ამდენი ტრანსპორტი.
ჩვენები: – ტრანსპორტი? ნუთუ თქვენ გგონიათ, მოსახლეობას მატარებლით გაამგზავრებენ? არც იფიქროთ. ფეხითაც კარგად ივლიან ვითარცა მოციქულნი ამბობს დუსელი ასეთ შემთხვევაში.
ჰენკი: – შეუძლებელია, თქვენ ყველაფერს შავ ფერებში ხედავთ, რისთვის უნდა ათრიონ ამდენი ხალხი?
ჩვენები: – განა არ იცით, რა თქვა გებელსმა: თუ უკან დახევა მოგვიხდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაფერს დავტოვებთო.
ჰენკი: – მაგათ ლაპარაკს რა ფასი აქვს!
ჩვენები: – თქვენ რა, ფიქრობთ, რომ გერმანელები მეტისმეტად კეთილშობილი და ჰუმანური ხალხია და ამას არ გააკეთებენ? როცა გაუჭირდებათ, ეცდებიან ყველა ჩაითრიონ, ვინც მათი გავლენის ქვეშ იმყოფება.
ჰენკი: – რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ მე მაინც არ მჯერა!
ჩვენები: – ძველი სიმღერაა. მოახლოებულ საფრთხეს არავინ ხედავს, სანამ პირადად მას არ შეეხება.
ჰენკი: – დანამდვილებით თქვენც არაფერი იცით, ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ვარაუდია.
ჩვენები: – ჩვენ ყველაფერი ჩვენს ტყავზე განვიცადეთ, ჯერ გერმანიაში, მერე აქ. განა არ იცით, რას სჩადიან რუსეთში?
ჰენკი: - ებრაელებზე მე არაფერს ვამბობ. დანამდვილებით არავინ იცის, რა ხდება რუსეთში. იქნებ ინგლისელებისა და რუსების პროპაგანდა ისევე გაზვიადებულია როგორც გერმანელების.
ჩვენები: - არა ხართ მართალი. ინგლისის რადიო მუდამ სიმართლეს გადმოსცემს. დავუშვათ, რომ ბევრი რამ გაზვიადებულია, მაგრამ ფაქტები ხომ შემზარავია. თქვენ რაო, უარყოფთ იმას, რომ პოლონეთსა და რუსეთში მილიონობით უდანაშაულო ადამიანი გაზით ამოახრჩვეს და მოსპეს!
სხვა საუბრების გადმოცემით აღარ შეგაწუხებ. მე მშვიდად ვარ და ვცდილობ, რაც შეიძლება ცოტა რამ გავიგონო. ბოლო დროს იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ ჩემთვის უკვე სულ ერთია, მოვკვდები თუ ცოცხალი დავრჩები. ქვეყანა უჩემოდაც იარსებებს, ხოლო ისტორიის გაჩერება არავის შეუძლია. მოსახდენი მაინც მოხდება, მანამდე კი ვიმუშავებ, ვისწავლი და იმედი მექნება, რომ ყველაფერი ბედნიერად დასრულდება.
ანა
შაბათი, 12 თებერვალი 1944
ძვირფასო კიწი!
მზე ანათებს, ცა უძირო ლურჯია, სასიამოვნო სიო ქრის. მე კი... ისევ სევდა მიპყრობს... ყველაფერი მენატრება... თავისუფლება, მეგობრები... მარტოობა.
მინდა ლაპარაკით გული ვიჯერო, ერთხელ მაინც მომეცეს შესაძლებლობა, ჩემს ნებაზე ვიტირო!
ვიცი, ტირილით გულს მოვიოხებდი და შვებას ვიგრძნობდი, მაგრამ არ შეიძლება.
ადგილს ვერ ვპოულობ, დავბორიალობ მთელ სახლში, ვჩერდები დახურულ ფანჯარასთან და ვცდილობ, ჩარჩოს ჭუჭრუტანებიდან შემოსული სუფთა ჰაერი შევისუნთქო.
ვგრძნობ საკუთარ გულისცემას, თითქოს მეუბნება: "ბოლოს და ბოლოს გამიქარვე სევდა".
ალბათ, გაზაფხულის ბრალია, ვგრძნობ, როგორ იღვიძებს გაზაფხული, იღვიძებს ჩემს სხეულში, ჩემს სულში.
როგორმე უნდა დავიმშვიდო თავი, სრულიად მოვიშალე, აღარც კითხვა შემიძლია, აღარც წერა და არც არაფრის გაკეთება.
მხოლოდ ის ვიცი, რომ სევდამ შემიპყრო...
ანა
კვირა, 13 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინდელს აქეთ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. და აი როგორ: დანაღვლიანებული ვიყავი, მე ახლაც ნაღვლიანი ვარ, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა...
სწორედ ამ დილით შევნიშნე, - და გულახდილად გეუბნები, ამ ამბავმა დიდად გამახარა, - რომ პეტერი თვალს არ მაშორებდა, ისე კი არ მიყურებდა, როგორც სხვა დროს, არამედ როგორღაც უცნაურად.
არ ვიცი როგორ, ვერ აგიწერ. ადრე მეგონა, პეტერს მარგო უყვარს, მაგრამ უეცრად ვიგრძენი, რომ საქმე სხვანაირადაა.
მთელი დღის განმავლობაში განგებ ვარიდებდი თავს, რადგან თუ შევხედავდი, ისიც შემომაჩერდებოდა და მაშინ ისეთი საამო გრძნობა მეუფლებოდა, რომ არ მინდოდა ხშირი განმეორებით დაჩლუნგებულიყო.
ო, როგორ მინდა მარტო დარჩენა, მამა ჩემში რაღაც ცვლილებას ამჩნევს, მაგრამ მე არ შემიძლია ყველაფერი ვუამბო. მინდა ყველას ვუყვირო: "მომასვენეთ, მარტო დამტოვეთ".
ვინ იცის, იქნებ ოდესმე უფრო მეტად ვიგრძნო სიმარტოვე, ვიდრე ეს სასურველია.
ანა
ორშაბათი, 14 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
კვირა საღამოს, ჩემსა და პიმის გარდა, ყველამ რადიოსთან მოიყარა თავი. გერმანელი კომპოზიტორების უკვდავ ნაწარმოებებს ისმენდნენ. დუსელი წარამარა ატრიალებდა აპარატს. პეტერი ბრაზობდა, ბრაზობდნენ სხვებიც. ნახევარი საათის შემდეგ პეტერი აენთო და გულმოსულმა დუსელს სთხოვა, მოშვებოდა აპარატს.
დუსელმა ჩვეული სიგოროზით უპასუხა: "მე ვიცი, რასაც ვაკეთებ!" პეტერი გაბრაზდა, წამოვარდა, მამამისმა მხარი დაუჭირა და დუსელი დათმობაზე წავიდა. სულ ეს იყო. თავისთავად თითქოს წვრილმანია, მაგრამ, ჩანს, პეტერს ძალიან მოხვდა გულზე. ამ დილით, როცა სხვენზე წიგნების ყუთში ვიქექებოდი, პეტერი მოვიდა და მთელი ეს ისტორია მიამბო, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და, როცა პეტერმა შენიშნა, ყურადღებით ვუსმენ, თამამად ალაპარაკდა.
— გესმის, — დაიწყო მან, — ერთბაშად ვერ მითქვამს ყველაფერი, რადგან წინასწარ ვიცი, რომ აზრის სწორად გადმოცემა მიჭირს, ენა მებმება, ვწითლდები და ხშირად სულ სხვა რამეს ვამბობ და არა იმას, რისი თქმაც მინდა. ბოლოს ვჩუმდები, რადგან სიტყვები არ მყოფნის, გუშინაც ასე მომივიდა. მინდოდა რაღაც მეთქვა, ის იყო დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ უეცრად ავენთე. ეს კი ყოველთვის ცუდია. უწინ ძალიან უხეირო ჩვეულება მქონდა, რომელსაც ზოგჯერ ახლაც სიამოვნებით გამოვიყენებდი.
როცა ვინმეს ვეჩხუბებოდი, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვებით მიმემართა, მუშტებით ვუმასპინძლდებოდი. ვიცი, რომ ამ გზით ბევრს ვერაფერს მიაღწევ და ამიტომ აღტაცებული ვარ შენით. შენ კარგი ლაპარაკი იცი, პირდაპირ ეუბნები ხალხს, რისი თქმაც გინდა და არასოდეს არ იბნევი.
— ძალიან ცდები, — ვუპასუხე მე. — უმეტეს შემთხვევაში იმას ვერ ვამბობ, რისი თქმაც მინდოდა თავდაპირველად, გარდა ამისა, ბევრ სიტყვას ვხმარობ, ბევრს ვლაპარაკობ, ეს კი ცუდია!
გულში ჩემს თავზე მეცინებოდა, მაგრამ მას არ შევამჩნევინე, რამდენად გახარებული ვარ. მინდოდა მეტი ელაპარაკა საკუთარ თავზე, ამიტომ იატაკზე ბალიში დავაგდე, მუხლებმოკეცილმა ზედ მყუდროდ მოვიკალათე და სმენად ვიქეცი.
მე დიდად მახარებს ის გარემოება, რომ ჩვენს სახლში არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ზოგჯერ ჩემსავით გაცოფებულია. პეტერს აშკარად სიამოვნებდა ჩემთან საუბარი, შეეძლო საკადრისი სიტყვებით შეემკო დუსელი და არც იმის შიში ჰქონოდა, რომ გაუწყრებოდნენ. მეც შესანიშნავად ვგრძნობდი თავს, რადგან ამხანაგი ვიპოვე. ასეთი რამ ადრე მხოლოდ მეგობარ გოგონებთან ურთიერთობაში განმიცდია.
ანა
ოთხშაბათი, 16 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
დღეს მარგოს დაბადების დღეა. პირველის ნახევარზე პეტერი საჩუქრების სანახავად მოვიდა და კარგა ხანს დარჩა ჩვენთან, რაც ადრე არასოდეს არ გაუკეთებია. სადილისათვის ყავა მოვადუღეთ და შემდეგ კარტოფილის მოსატანად გავიქეცი.
მინდოდა, წელიწადში ერთხელ მაინც გამენებივრებინა მარგო. როცა პეტერის ოთახში გავიარე, მან მაშინვე აკრიფა კიბეზე დაყრილი ქაღალდები და გზა დამითმო. ვკითხე, სხვენზე რომ ავალ, ლიუკი ხომ არ დავხურო-მეთქი.
— რა თქმა უნდა, — მიპასუხა მან, — ოღონდ როცა უკან გამობრუნდები, დამიკაკუნე და მაშინვე გაგიღებ. — მე მადლობა გადავუხადე და ზევით ავედი. ათიოდე წუთი ვაფათურებდი ხელებს დიდ კასრში, წვრილ კარტოფილს ვეძებდი, და მანამდე არ გამოვბრუნებულვარ უკან, სანამ მოხრილს წელი არ მეტკინა და არ შემცივდა. ცხადია, არ დამიკაკუნებია, ლიუკი თვითონვე გავაღე, მაგრამ პეტერი შემომეგება და თავაზიანად ჩამომართვა დიდი ქვაბი.
— დიდხანს ვეძებე, მაგრამ უფრო წვრილი ვერ ამოვარჩიე, — ვთქვი მე.
— დიდ კასრში თუ ჩაიხედე?
— როგორ არა, სათითაოდ გადავარჩიე ყველა.
მე დაბლა ვიდექი კიბეზე, ის კი კრიტიკულად დასცქეროდა ქვაბს, რომელიც ხელში ეჭირა. — ძალიან დიდი კარტოფილია, — მითხრა, როცა ქვაბი გადმომცა, თანაც დასძინა "შესანიშნავი!" ამავე დროს ისე თბილად და ნაზად შემომხედა, რომ გულის სიღრმეში რაღაც სითბო და სინაზე ვიგრძენი. მივხვდი, რომ უნდოდა რითიმე ესიამოვნებინა ჩემთვის, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ მონახა და თავისი ფიქრები მზერაში ჩააქსოვა.
მე შესანიშნავად მესმოდა ყველაფერი და დიდად მადლიერი ვიყავი. ახლაც სიხარულს მგვრის პეტერის სიტყვები და გამოხედვა, როცა ვიგონებ. ჩავედი თუ არა ქვევით, დედამ მითხრა, კარტოფილი ვახშმისთვისაც დაგვჭირდებაო. მაშინვე სიამოვნებით ავედი კიდევ ერთხელ ზევით. პეტერთან შევედი და ბოდიში მოვუხადე, რომ ხელს ვუშლი. იგი წამოდგა, კედელსა და კიბეს შუა დადგა და უნდოდა ძალით შევეჩერებინე.
— მე ავალ, — მითხრა მან. — არა, საჭირო არაა, ახლა წვრილი კარტოფილის ამორჩევა აღარ მომიხდება, — ვუპასუხე მე. ჩემი ნათქვამი სარწმუნოდ მიიჩნია და ხელი გამიშვა. როცა უკან ვბრუნდებოდი, ლიუკი გამიღო და ქვაბი გამომართვა. სანამ ოთახიდან გავიდოდი, ვკითხე:
— საინტერესოა, რას აკეთებ?
— ფრანგულს ვსწავლობ, — მიპასუხა მან.
— შეიძლება ვნახო შენი დავალებები? — ვკითხე მე, ხელები გავიწმინდე და მის პირდაპირ ტახტზე ჩამოვჯექი.
ჯერ რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა ავუხსენი, შემდეგ კი საუბარი გავაბით.
მითხრა, ვესტ-ინდოეთში ვაპირებ წასვლას პლანტაციებში სამუშაოდო. მომიყვა, როგორ ცხოვრობდა სახლში, მელაპარაკა სპეკულაციაზე, მითხრა, არაფრის მაქნისი ვარო. მე ვუპასუხე, რომ ძალზე განვითარებული აქვს არასრულფასოვნების გრძნობა. უეცრად ებრაელებზე დაიწყო ლაპარაკი — რამდენად უკეთესი იქნებოდა, ქრისტიანი რომ ვყოფილიყავი ან ომის შემდეგ მაინც შემეძლოს გაქრისტიანებაო. დავინტერესდი, ომის შემდეგ მონათვლას ხომ არ აპირებდა, მაგრამ არც ეს უნდოდა. — ომის შემდეგ არავის ეცოდინება, ქრისტიანი ვარ თუ ებრაელი, — მითხრა პეტერმა.
გულში რაღაცამ მიჩხვლიტა, სამწუხაროა, რომ მას აქამდე შემორჩა უპატიოსნობის რაღაც ნასახი.
შემდეგ მამაზე, ადამიანების ცნობის უნარზე და კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. მხოლოდ ხუთის ნახევარზე წამოვედი მისგან.
საღამოს ისევ სასიამოვნო რამ მითხრა. ჩვენ ერთ-ერთ კინოვარსკვლავზე ვლაპარაკობდით, რომლის სურათიც ოდესღაც ვაჩუქე და აგერ უკვე წელიწადნახევარია კედელზე უკიდია. პეტერმა თქვა, რომ სურათი ძალიან მოსწონს. მე სხვა კინოვარსკვლავების სურათები შევთავაზე.
— არა, არა, ჯობს ასე დარჩეს. შენ ნაჩუქარ სურათს მე ყოველდღე ვუყურებ და ის ჩემი მეგობარი გახდა.
ახლა კი მესმის, რატომ დაათრევს ყველგან მუშის და ეფერება. მასაც ენატრება ალერსი. მართლა, დამავიწყდა მომეწერა, აი, კიდევ რა თქვა:
— შიშით მე არაფრის არ მეშინია, მაგრამ როცა რამე მტკივა, ვნერვულობ, თუმცა ამასაც გადავეჩვევი.
პეტერს არასრულფასოვნების გრძნობა საშინლად აქვს განვითარებული. მაგალითად, იგი ფიქრობს, რომ ჩვენ ძალიან ჭკვიანები ვართ, თვითონ კი ძალზე სულელი. როცა ფრანგულში ვეხმარები, ათასჯერ მიხდის მადლობას. მალე აუცილებლად ვეტყვი: "თავს ნუ ისულელებ, სამაგიეროდ, ინგლისურსა და გეოგრაფიაში შენ ჩემზე ძლიერი ხარ".
ანა
პარასკევი, 18 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
როცა ზევით ავდივარ, ცხადია, მხოლოდ ერთი განზრახვა მაქვს. "ის", ვნახო. ჩემი აქაური ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო გახდა, რაღაც აზრი მოეცა, სიხარული შეემატა.
ჩემი მეგობრული გრძნობის "საგანი" მუდამ სახლშია და მეტოქეების არ მეშინია (მარგოს გარდა). არ იფიქრო, შეყვარებული ვარ, არა, ეს ასე არ არის, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ჩემსა და პეტერს შორის ლამაზი გრძნობა განვითარდება, რაც დაგვამეგობრებს და ერთმანეთის ნდობას მოგვიპოვებს.
როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, მაშინვე მასთან გავრბივარ. ახლა აღარ იქცევა უწინდებურად, როცა არ იცოდა, როგორ შემოევლო ჩემთვის. პირიქით, მაშინაც კი ლაპარაკობს, როცა თითქმის გასული ვარ ოთახიდან.
დედას მაინცდამაინც არ მოსწონს, მე რომ ასე ხშირად ავდივარ ზევით. მეუბნება: - ნუ აწუხებ პეტერს და მოასვენეო.
ნუთუ არ ესმის, რომ ეს ჩემი შინაგანი განცდებია? ყოველთვის, როცა პეტერთან ავდივარ, დედა უცნაური თვალით მიყურებს, როცა იქიდან ჩამოვდივართ, მეკითხება, სად იყავიო. საზიზღარი ჩვეულებაა, ვერ ვიტან.
ანა
შაბათი, 19 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
ისევ შაბათია და ამით თითქმის ყველაფერია ნათქვამი. დილამ მშვიდობიანად ჩაიარა. ცოტახანს "ზემოურებს" ვეხმარებოდი, "მას" კი მხოლოდ გაკვრით გავეხმიანე.
სამის ნახევარზე საბანი ავიღე და ქვევით კაბინეტში ჩავედი, მინდოდა მაგიდასთან დავმჯდარიყავი და თავისუფლად მეკითხა და მემუშავა. მცირე ხნის შემდეგ "მომიარა", ხელებში თავჩარგული მაგიდაზე დავემხე და მწარედ ავტირდი. ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა. თავს ძალზე უბედურად ვგრძნობდი. აჰ, ნეტა მოვიდოდეს "ის" და მანუგეშებდეს. ოთხ საათზე ისევ ზევით ავედი. კარტოფილი მქონდა ჩამოსატანი და ვიმედოვნებდი, რომ "მას" იქ შევხვდებოდი, მაგრამ სანამ "სააბაზანოში" თმას ვივარცხნიდი, გავიგონე, როგორ ჩაირბინა საწყობში მოფისთან. ცრემლები ვეღარ შევიკავე, ჯიბის სარკეს ხელი დავავლე და საპირფარეშოში ჩავიკეტე. გულმოკლული ვიჯექი და ჩემი წითელი წინსაფარი ჩამოდენილი ცრემლების მუქი ლაქებით დაიფარა.
"ასე ვერასოდეს ვერ მოვიპოვებ პეტერის ნდობას" — გავიფიქრე მე, "იქნებ არაფრად მაგდებს. იქნებ არ სჭირდება ჩემი მეგობრობა, იქნებ მხოლოდ სხვათა შორის, ფიქრობს ჩემზე? კვლავაც მარტო დავრჩები უმეგობროდ, უპეტეროდ. იქნებ მალე ყველაფერი გამომეცალოს: იმედიც, ნუგეშიც და მოლოდინიც!"
ერთხელ მაინც მომეცეს შესაძლებლობა დავაყრდნო თავი მის მხარს, იქნებ გამიქარწყლდეს უიმედობისა და მარტოობის გრძნობა. შეიძლება მისთვის სრულიად არაფერს არ წარმოვადგენ და ყველას ასე ალერსიანად უყურებს. შეიძლება ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, თითქოს მისი მზერა მე მეკუთვნის. ო, პეტერ, რომ შეგეძლოს დამინახო ან მომისმინო. მაგრამ მე ვერ ავიტან სიმართლეს, თუ მხოლოდ გამაწბილებს.
თუმცა ცრემლი ჯერ კიდევ მდიოდა, მაგრამ იმედი მომეცა და ლოდინის უნარი დამიბრუნდა.
ანა
კვირა, 20 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
რასაც სხვები მთელი კვირის განმავლობაში აკეთებენ, ჩვენთან, თავშესაფარში კვირა დღეს ხდება. როცა სხვები კოხტად ჩაცმულნი სასეირნოდ მიდიან, ჩვენ მთელი სახლის დალაგებას ვიწყებთ.
რვა საათი: დუსელი ანგარიშს არ უწევს იმათ, ვისაც ძილი უყვარს. ზუსტად რვა საათზე ფეხზეა, ჯერ "სააბაზანოში" შედის, მერე ქვევით ჩადის, მალე ისევ ზევით ამოდის, შემდეგ კვლავ "სააბაზანოს" უბრუნდება და იქაურობას წმენდს და ფხეკს. ამ
საქმეს მთელი საათი უნდება. ათის ნახევარი: შუქსანიღბავი ფარდები იხსნება, ინთება ღუმელი, ვან დაანები დასაბანად მიდიან.
თერთმეტის თხუთმეტი წუთი: ვან დაანები გვიკაკუნებენ, "სააბაზანო" თავისუფალია. ჩვენმა ძილისგუდებმა მხოლოდ ახლა წამოსწიეს თავი ბალიშიდან.
მაგრამ ახლა უკვე საქმე სწრაფად მიდის: ერთი, ორი, სამი, მარგო, მე, და დედა რიგრიგობით ვრეცხავთ "დიდ სარეცხს". ძალიან ცივა და ჩვენ გვიხარია, რომ გრძელი შარვლები გვაცვია. ჩვენს შემდეგ მამას რიგია.
თორმეტის ნახევარი: ვსაუზმობთ. ამის შესახებ არაფერს მოგწერ. ჩვენთან ისედაც ბევრს ლაპარაკობენ ჭამაზე.
პირველის თხუთმეტი წუთი: ყველა თავის საქმეს აკეთებს. კომბინეზონში გამოწყობილი, მუხლებზე დაჩოქილი მამა ისე გულმოდგინედ წმენდს ხალიჩას, რომ ოთახში მტვრის კორიანტელი დგება.
დუსელი საკუთარ ლოგინს ბერტყავს და ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს უსტვენს.
დედა სხვენზე დადის, სარეცხს ფენს, ვან დაანი ქუდს იხურავს და დაბლა ჩადის. უკან ჩვეულებრივ პეტერი მიჰყვება მუშის თანხლებით.
ქალბატონი ვან დაანი ირთვება: შალის შავ ჯემპრს იცვამს, წინ გრძელ წინსაფარს იფარებს, თავს თბილი წითელი თავსაფრით იკრავს, ხელში სარეცხის ფუთას იღებს, ფეხებს კალოშებში ჰყოფს და მრეცხავი ქალის კარგად დასწავლილი კნიქსენით მიდის.
მე და მარგო ჭურჭელს ვრეცხავთ და ოთახებს ვალაგებთ.
ანა
ოთხშაბათი, 23 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინდელს აქეთ შესანიშნავი დარია და მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი. ყოველ დილით ავდივარ სხვენზე. მინდა, სუფთა ჰაერი ვისუნთქო. აქვე მეცადინეობს პეტერიც.
ამოჩემებული ადგილიდან ვხედავ ლურჯი ცის ნაჭერს, გაძარცულ წაბლის ხეებს, რომელთა ტოტებზე მომცრო ცვრის წვეთები ბრწყინავს. ვხედავ თოლიებს, რომლებიც მოხდენილად ნავარდობენ და ვერცხლის ფერი გადაჰკრავთ.
პეტერი ძელზე თავმოყრდნობილი იდგა, მე იქვე ვიჯექი, ვისუნთქავდით სუფთა ჰაერს, ქუჩაში ვიხედებოდით და ვგრძნობდით, რომ ჩვენს შორის რაღაცა ისეთი ხდება, რაც სიტყვით არ უნდა დააფრთხო.
დიდხანს, დიდხანს ვიყურებოდით ქუჩაში, ხოლო, როცა იგი შეშის დასაპობად კოშკზე ადიოდა, მე უკვე ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი, რა შესანიშნავი ადამიანია. პეტერი ვიწრო კიბეს აჰყვა. მეც გავყევი. მეოთხედი საათის განმავლობაში, სანამ მუშაობდა, ხმა არ ამოგვიღია.
ვაკვირდებოდი, როგორ მონდომებით ცდილობდა კარგად გაეკეთებინა საქმე და ჩემთვის საკუთარი ძალა დაენახვებინა, და ამავე დროს ღია ფანჯრიდან გავცქეროდი ამსტერდამის ზღვა სახურავებს, გაჭიმულს ჰორიზონტამდე, რომელიც ისე ჩაძირულიყო ცის ლაჟვარდ სივრცეში, რომ მკაფიო ხაზს ვერ გაავლებდი: "სანამ ყოველივე ეს არსებობს, სანამ სხივმფენ მზეს და მოწმენდილ ცას ვხედავ და ვგრძნობ, უფლება არა მაქვს მწუხარებას მივეცე", გავიფიქრე მე.
თუ ადამიანი სრულიად მარტო, უბედური ან მწუხარეა, ყველაფერს ჯობია, გავიდეს გარეთ, წავიდეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც იგი მარტო იქნება ცის, ბუნებისა და ღმერთის ანაბარა. მაშინ, მხოლოდ მაშინ იგრძნობს, რომ ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც საჭიროა, რომ ღმერთს სურს, ადამიანი ბედნიერი იხილოს უბრალო, მშვენიერი ბუნების წიაღში.
სანამ ეს ასეა, - და უთუოდ მუდამ ასე იქნება, - მე მჯერა, რომ ყოველგვარ ვითარებაში ყველა უბედურებას ეშველება და მტკიცედ მწამს, რომ ბუნებას ბევრი დარდის გაქარვება ძალუძს.
ჩემი ფიქრები: ჩვენ აქ ბევრი რამ გვაკლია და კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე. ეს მეც ისევე ვიცი, როგორც შენ. მე არ ვლაპარაკობ მატერიალურ ხელმოკლეობაზე, ჩვენ აქ საკმარისი გვაქვს ყველაფერი, მარტო ისა მაქვს მხედველობაში, რაც სულიერ სიმშვიდეს გვირღვევს.
მეც შენსავით მწყურია თავისუფლება და ჰაერი, მაგრამ ახლა მწამს, რომ რაც დაგვაკლდა, ასკეცად აგვინაზღაურდება. ყოველივე ეს ამ დილით გავიგე უეცრად, როცა ფანჯარასთან ვიჯექი და შინაგან განცდებზე ვფიქრობდი.
ავხედე ზეცას, ვიგრძენი ღმერთის სიახლოვე და ბედნიერი, ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყავი. ო, პეტერ, სანამ ჩვენში ბედნიერება სულდგმულობს, ბუნების ხილვის, ჯანმრთელობის და ბევრი სხვა რამის შეგრძნების ბედნიერება, სანამ ყოველივე ამას შენს თავში ატარებ, მუდამ, მუდამ ბედნიერი იქნები!
ყველაფერი შეიძლება დაკარგო: სიმდიდრე, სახელი, გულში ჩასახული ბედნიერება კი მცირე ხანს შესუსტდება, მაგრამ შემდეგ კვლავ აღდგება და მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგყვება.
სანამ შეგიძლია, უშიშრად ახედო ცას, სანამ გული წმინდა გაქვს, ბედნიერება მუდამ შენთანაა.
ანა
კვირა, 27 თებერვალი 1944
ძვირფასო კიწი!
გათენებიდან დაღამებამდე მხოლოდ პეტერზე ვფიქრობ. ვიძინებ და თვალწინ მიდგას, ძილში მესიზმრება, ხოლო როცა ვიღვიძებ, ვგრძნობ, როგორ შემომცქერის თვალებში. მე მგონი, მე და პეტერი არც ისე განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და მინდა აგიხსნა რატომ: მე და პეტერს ნამდვილი დედა გვაკლია. დედამისი ქარაფშუტაა, არშიყობა უყვარს და მისთვის, მისი შინაგანი განცდებისათვის მაინცდამაინც თავს არ იწუხებს. მართალია, დედაჩემი დიდ ინტერესს იჩენს ჩემდამი, მაგრამ დედის გუმანი და მიხვედრილობა აკლია.
ორივე ვებრძვით ჩვენს გრძნობებს. ჩვენ ჯერ გაუბედავნი, მეტისმეტად მორიდებულნი და მოკრძალებულნი ვართ იმისათვის, რომ უფლება მივცეთ ვინმეს, ჩვენს შინაგან სამყაროში შემოიჭრას. ხოლო როცა ამგვარი რამ მაინც ხდება, ჩემი უპირველესი სურვილია "თავის გამოხსნა". მაგრამ რადგან შეუძლებელია, მე ჩემს გრძნობებს ვმალავ და ვცდილობ, ისე უხამსად მოვიქცე, რომ ყველამ ინატროს: ნეტა მალე მოცილდებოდეს აქაურობასო.
პეტერი კი პირიქით, თავის თავში იმალება, თითქმის არაფერს ამბობს, წყნარადაა, ოცნებობს და შეშინებული გაურბის ყველას. მაგრამ როდის და სად უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი ბოლოს და ბოლოს? მე არ ვიცი, რამდენ ხანს შეძლებს გონებით თავისი გრძნობების დაოკებას.
ანა
ორშაბათი, 28 თებერვალი, 1944
ძვირფასო კიწი!
არ ვიცი, რა მომდის, მუდამ მის გვერდით ვართ და არ შემიძლია მივუახლოვდე.
თავი ისე მიჭირავს, რომ ვერაფერი შემნიშნოს, ვცდილობ მხიარული, თავისუფალი ვიყო, მაშინაც კი, როცა სულის სიღრმეში ყოველგვარი იმედი იწურება.
პეტერ ვესელი და პეტერ ვან დაანი ერთ პეტერად გადაიქცა, ალერსიან, საყვარელ პეტერად, რომლისკენაც ძლიერ მიმიწევს გული.
დედა აუტანელია, მამა ალერსიანია და ამის გამო კიდევ უფრო აუტანელი, მარგო კი ყველაზე აუტანელი, რადგან გინდა თუ არა, გამიცინეო. მე კი მინდა თავი დამანებოს ყველამ.
ამას წინათ სხვენზე ავედი. პეტერი არ მოვიდა ჩემთან. რატომღაც გარეთ გავიდა და რაღაცის კეთებას შეუდგა. ჩაქუჩის ყოველი დარტყმა მხნეობის რაღაც ნაწილს მაცლიდა და უფრო მეტად დავნაღვლიანდი.
სადღაც კურანტები რეკავდნენ: "თავი მაღლა! გული გაიმაგრე!" ვიცი, რომ სანტიმენტალური ვარ, ისიც ვიცი, რომ სასო წარმეკვეთა და გონიერება დავკარგე.
დამეხმარე! დამეხმარე!
ანა
ოთხშაბათი, 1 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
ერთმა გარემოებამ პირადი მწუხარება გადამავიწყა. კვლავ შემოამტვრიეს კარები და გაგვქურდეს. ამდენი გაქურდვა მოსაბეზრებელია, მაგრამ რას იზამ, ქურდებს ასეთ დიდ სიამოვნებას ჰგვრის თავისი სტუმრობით პატივი დასდონ "კოლენ და კომპანიის" ფირმას. ეს გაქურდვა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე 1943 წლის 14 ივლისს.
გუშინ დილით რვის ნახევარზე ბატონი ვან დაანი ჩვეულებისამებრ დაბლა ჩავიდა. კრალერის კაბინეტის შუა (მინის) კარი და კონტორაში შესასვლელი კარები ღია დახვდა. გაკვირვებულმა კონტორაში შეიხედა და გაოცდა. ყველაფერი არეულ-დარეული იყო.
"აქ უთუოდ ქურდები იყვნენ", გაიფიქრა მან და კიბე ჩაირბინა. ქუჩაში გასასვლელი კარი და ავტომატური კლიტე ხელუხლებელი იყო.
"ეტყობა, პეტერმა და ელიმ გუშინ საღამოს დაუდევრობა გამოიჩინეს", გაიფიქრა მან. ერთხანს კრალერის კაბინეტში იჯდა, შემდეგ სინათლე ჩააქრო, ზევით ამოვიდა და აღარ უფიქრია იმაზე, თუ რატომ დახვდა კარი ღია და რატომ იყო კონტორაში ყველაფერი არეულ-დარეული.
დილით ადრე პეტერმა ჩვენთან დააკაკუნა და არასასიამოვნო ამბავი გვაცნობა: ქუჩის კარი ყურთამდე ღიაა, ხოლო კედლის კარადიდან საპროექციო აპარატი და კრალერის ახალი პორტფელი გაქრაო.. პეტერს დაავალეს, ქუჩაში გასასვლელი კარი დაეკეტა. ბატონმა ვან დაანმა გვიამბო, რაც გუშინ ნახა. ჩვენ ძალიან შევწუხდით. ეს გარემოება მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას: ვინაიდან კარები შემომტვრეული არ იყო, ქურდს, ალბათ, თავისი გასაღები ჰქონდა. ეტყობა, საღამოს ადრე შემოიპარა, კარი დაკეტა და რაკი ბატონმა ვან დაანმა ხელი შეუშალა, მიიმალა.
როცა ვან დაანი წავიდა, ქურდი თავისი ნადავლით გაიქცა და ისე ჩქარობდა, რომ კარის დაკეტვა ვერ მოასწრო. მაგრამ ვის შეიძლება ჰქონდეს ჩვენი გასაღები? რატომ საწყობში არ შევიდა ქურდი? იქნებ ქურდი საწყობის ერთ-ერთი მუშაა და ახლა შეუძლია გაგვცეს. ცხადია, ვან დაანის ფეხის ხმას გაიგონებდა და შეიძლება დაინახა კიდეც. შიშმა შეგვიპყრო, რადგან არ ვიცით, აპირებს თუ არა ქურდი კიდევ ერთხელ ჩვენი კარის გაღებას და თუ აპირებს როდის? იქნებ კაცის დანახვამ ისე დააფრთხო, რომ აღარ მოგვეკაროს?
ანა
ხუთშაბათი, 2 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
დღეს მე და მარგო სხვენზე ავედით. მაგრამ მასთან ერთად ზევით ყოფნა ისეთ სიამოვნებას არა მგვრის, როგორც ჩემს წარმოდგენაში მესახებოდა, თუმცა ვიცი, რომ მარგო მეტწილად ისევე გრძნობს ყველაფერს, როგორც მე.
დღეს ელი დედას და ქალბატონ ვან დაანს ჭურჭლის რეცხვაში ეხმარებოდა და უგუნებობას უჩიოდა. იცი, როგორ ანუგეშეს ორივემ? დედამ ასეთი რჩევა მისცა: იფიქროს ყველაზე, ვინც დღეს მთელ მსოფლიოში იღუპება. მაგრამ რას გიშველის სხვის უბედურებაზე ფიქრი, როცა თვითონ ხარ სასოწარკვეთილი? ეს აზრი მე ხმამაღლა გამოვთქვი და ასეთი პასუხი მივიღე: "ნუ ლაპარაკობ ისეთ რამეზე, რაც არ გესმის".
უფროსები ხომ ბრიყვები და გონებაჩლუნგები არიან. თითქოსდა მარგო, პეტერი, ელი და მე მათსავით არ ვგრძნობთ ყველაფერს. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ნამდვილი დედის, ანუ უახლოესი მეგობრის სიყვარული თუ გიშველის. მაგრამ ჩვენს დედებს სრულიად არ ესმის ჩვენი, დედაჩემს კიდევ უფრო ნაკლებად, ვიდრე ქალბატონ ვან დაანს. რა სიამოვნებით ვეტყოდი საბრალო ელის რამდენიმე თბილ სიტყვას, ისეთ რამეს, რაც საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ნუგეშის მომგვრელია. მაგრამ ამ დროს მამა მოვიდა და მე ზედმეტი აღმოვჩნდი. მართლაც, რა სულელია ყველა! ჩვენ უფლება არა გვაქვს, საკუთარი აზრი ვიქონიოთ! და ამავე დროს თავიანთი თავი ულტრათანამედროვე ადამიანებად მიაჩნიათ. არ გქონდეს საკუთარი აზრი! შეიძლება უთხრა სხვას, გაჩუმდი! მაგრამ აზროვნება აუკრძალო, არა, არ შეიძლება. არავის არა აქვს უფლება, აუკრძალოს ვინმეს აზროვნება, თუნდაც იგი ძალზე ახალგაზრდა იყოს.
ელის, პეტერს, მარგოს და მე გვიშველის, სიყვარული, რომელიც ოთხივეს გვაკლია. არავის არ ესმის ჩვენი, განსაკუთრებით კი ჩვენს მოზრდილ იდიოტებს, რადგან ჩვენ ბევრად უფრო მგრძნობიარენი ვართ და ბევრად უფრო დახვეწილი აზროვნება გვაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
დედამ ისევ უსამართლოდ მისაყვედურა. ეტყობა, ეჭვიანობს, რადგან ამ ბოლო დროს ქალბატონ ვან დაანს უფრო ხშირად ველაპარაკები, ვიდრე მას. დღეს ნასადილევს, როგორც იქნა, გამოვიჭირე პეტერი. სულ ცოტა, სამი მეოთხედი საათი მაინც ვისაუბრეთ. პეტერს უჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლოს მაინც ამოიდგა ენა. მითხრა, რომ მისი მშობლები ხშირად ჩხუბობენ პოლიტიკის, სიგარეტის და ყოველგვარი უმნიშვნელო წვრილმანის გამო. როცა ამას ამბობდა, თავს უხერხულად გრძნობდა. ახლა მე დავიწყე ლაპარაკი ჩემს მშობლებზე.
პეტერი აღტაცებულია მამაჩემით, "ყოჩაღი" უწოდა. ვილაპარაკეთ როგორც "ზემოურებზე", ასევე "ქვემოურებზე". პეტერს გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ჩვენ მაინცდამაინც არ გვიყვარს მისი მშობლები.
— მისმინე პეტერ, — დავიწყე მე, — შენ იცი, რომ მე გულახდილი ადამიანი ვარ, რატომ არ უნდა გითხრა ყველაფერი. ჩვენ ხომ ვიცით, რა ნაკლი აქვთ მათ. — შემდეგ კი ასეთი რამ ვუთხარი:
— პეტერ, ძალიან მინდა დაგეხმარო, მაძლევ უფლებას? შენ აქ ადგილს ვერ პოულობ და ვიცი, რარიგ გიჭირს, თუმცა ამაზე არაფერს გეუბნები.
— კეთილი, მე მუდამ მადლიერი ვიქნები დახმარებისათვის.
— იქნებ ჯობდა მამას მოელაპარაკო. მამა არასოდეს არ გაგცემს. შეგიძლია დაუფარავად უთხრა ყველაფერი.
— მართალი ხარ, მამაშენი ნამდვილი ადამიანია.
— შენ ხომ კარგად ხარ მისდამი განწყობილი? — მან თავი დამიქნია და მე განვაგრძე: — ისიც შენდამი, პეტერ!
პეტერი ყურებამდე გაწითლდა. ჩემმა სიტყვებმა ისე გაახარა, რომ გული ამიჩუყდა.
— შენ ასე ფიქრობ? — მკითხა მან.
— რა თქმა უნდა, — ვუპასუხე, — ეს არაერთხელ მსმენია მისგან!
პეტერი ყოჩაღია, მამაჩემივით ყოჩაღი!
ანა
პარასკევი, 3 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამ საღამოს სანთლები აანთეს. მე ისევ გავმხიარულდი და დავმშვიდდი. სანთლების შუქზე ბებია დავინახე, რომელიც მმფარველობს და ჩემთვის მუდამ სიხარული მოაქვს. მაგრამ... ჩემი ფიქრები სხვაგანაა, პეტერთან. დღეს როცა ზემოდან კარტოფილი ჩამომქონდა, მან მკითხა: "რას აკეთებდი ნასადილევს?"
კიბეზე ჩამოვჯექი და საუბარი გავაბით. მხოლოდ ექვსის თხუთმეტ წუთზე ჩავედი დაბლა (კარტოფილის აღებიდან ზუსტად ერთი საათის შემდეგ).
პეტერს მშობლებზე სიტყვა არ დაუძრავს. ჩვენ მხოლოდ წიგნებსა და წარსულზე ვლაპარაკობდით. შესანიშნავი ბიჭია! კიდევ ცოტა და ალბათ შემიყვარდება. საღამოს თვითონ შეეხო ამ თემას. როცა კარტოფილის გაფცქვნა მოვათავე, მასთან ავედი.
ძალიან თბილოდა და მე ვთქვი:
"მე და მარგო ტემპერატურის საზომად გამოვდგებით: როცა ცივა, ფერმკრთალნი ვართ, როცა თბილა, ლოყებწითელა".
— შეყვარებული ხარ? — მკითხა მან.
— რატომ უნდა ვიყო შეყვარებული, — ვუპასუხე მე. ჩემი ხმა სრულიად უდარდელად ჟღერდა.
— რატომ არ უნდა იყო, — მითხრა მან, — მაგრამ ამ დროს ვახშამზე დაგვიძახეს. ნეტა რა უნდოდა ამით ეთქვა? დღეს, როგორც იქნა, მოვახერხე მეკითხა მისთვის, თავი ხომ არ მოვაბეზრე ლაქლაქით? მან მოკლედ მომიჭრა: "პირიქით, ძალიან მსიამოვნებს!" არ ვიცი, იქნებ უხერხულობის გრძნობამ ათქმევინა ეს. ვერაფერს ვიტყვი.
კიწი, მე ნამდვილი შეყვარებულივით ვიქცევი, რომელსაც, სატრფოს გარდა, არაფერი ახსოვს. მაგრამ პეტერი მართლაც ოქროა! როდის მომეცემა შემთხვევა ვუთხრა ეს? რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვისაც რამედ ვღირვარ.
მე ხომ ისეთი კნუტი არა ვარ, რომელსაც შეიძლება შენ ნებაზე მოექცე. მე ეს კარგად ვიცი. მას კი იმდენად უყვარს მარტოობა, რომ არც კი ვიცი, მოვწონვარ თუ არა.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნელ-ნელა ვეცნობით ერთმანეთს. მაგრამ ჩემი სურვილია, უფრო გულახდილნი ვიყოთ. ვინ იცის, იქნებ ეს დრო უფრო ჩქარა დადგეს, ვიდრე მე ვფიქრობ. ყოველდღე რამდენჯერმე შემომხედავს შეთქმულივით, მეც თვალს ვუკრავ და ორივე კმაყოფილნი ვართ! თუმცა სისულელეა იმის თქმა, რომ პეტერი ჩემსავით ბედნიერია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ისიც ჩემსავით ფიქრობს!
ანა
შაბათი, 4 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამდენი თვის მანძილზე დღეს პირველი შაბათია, როცა არც მოწყენილი ვარ, არც ნაღვლიანი და არც გულდამძიმებული. ამის მიზეზი კი პეტერია.
დღეს, როცა სხვენზე წინსაფრის გასაფენად ავედი, მამა იქ დამხვდა (პეტერს ამეცადინებს ყოველდღე) და მკითხა, ხომ არ მსურს მათთან ერთად ფრანგულში მეცადინეობა. თხოვნის განმეორება არ დასჭირვებია. ჯერ ფრანგულად ვილაპარაკეთ, პეტერს ზოგი რამ ავუხსენი, შემდეგ კი ინგლისურზე გადავედით. მამამ ხმამაღლა წაგვიკითხა ნაწყვეტები დიკენსის ნაწარმოებებიდან და მე არაჩვეულებრივად ბედნიერი ვიყავი, რადგან პეტერის გვერდით ვიჯექი, მამის სკამზე.
11 საათზე ქვევით ჩამოვედი, ხოლო თორმეტის ნახევარზე როცა კვლავ ზევით ავედი, იგი უკვე კიბეზე იდგა და მე მელოდა. ჩვენ პირველ საათამდე ვისაუბრეთ. თუ ყველაფერი რიგზეა და ყურადღებას არავინ გვაქცევს, ნასადილევს, როცა ოთახიდან გავდივარ, მეუბნება: "ჯერჯერობით ანე, შეხვედრამდე!"
აჰ, როგორ მიხარია! ნეტა, თუ მოგწონვარ? ყოველ შემთხვევაში, შესანიშნავი ყმაწვილია და მე ვფიქრობ, ჩვენ მშვენივრად გავუგებთ ერთმანეთს. ქალბატონ ვან დაანს უხარია, როცა მე და პეტერი ერთად ვართ. დღეს კი გასახელებლად მკითხა: — თუ შეიძლება გენდოთ ადამიანი, როცა იქ, ზევით, მარტონი ხართ?
— რა თქმა უნდა, — აღვშფოთდი მე, — თქვენ მე შეურაცხმყოფთ!
დილიდან საღამომდე მარტო ის მახარებს, რომ პეტერს ვნახავ.
ანა
ორშაბათი, 6 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
პეტერს სახეზე ვამჩნევ, რომ ისიც ისევე ბევრს ფიქრობს ჩემზე, როგორც მე მასზე. გუშინ საღამოს, როცა დედამისმა ხუმრობით "მოაზროვნე" უწოდა, საშინლად გავბრაზდი, პეტერს შერცხვა და გაწითლდა, მე კი მზად ვიყავი სახეში ვცემოდი!
რატომ ვერ აჩერებენ ადამიანები ენას? ვერ წარმოიდგენ, რა ძნელია, როცა ხედავ მის მარტოობას და ვერაფერს შველი. მე ისე ცხადად ვგრძნობ, რა სასოწარკვეთილია, როცა ხედავს ამ კინკლაობას, ამ სიცარიელეს, თითქოს თავად განვიცდი. საბრალო პეტერ, რა ძლიერ გჭირდება სიყვარული!
გული მტკივა, როცა მისგან მესმის, რომ არავითარი მეგობარი არ სჭირდება. ცხადია, ცდება! შეიძლება არც ფიქრობს ასე, მაგრამ ჩასჭიდებია მოჩვენებით გულგრილობას და აღარ უნდა მოეშვას არჩეულ როლს, დაანახოს ვინმეს თავისი ნამდვილი გრძნობები. პეტერ, სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე? იქნებ ამ ზეადამიანურ დაძაბულობას საშინელი აფეთქება მოჰყვეს?
ო, პეტერ, უფლება რომ მქონდეს დაგეხმარო! ორივე ერთად როგორმე დავძლევდით ჩვენს მარტოობას. მე ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ყველაფერს არ ვამბობ. მიხარია, როცა მას ვხედავ, განსაკუთრებით კი თუ ამ დროს მზეც ანათებს.
გუშინ თავს ვიბანდი და ერთ ამბავში ვიყავი. ვიცოდი, რომ ის გვერდით ოთახშია. რა გაეწყობა, რაც უფრო წყნარი და სერიოზული ვარ შინაგანად, მით უფრო ვყოყოჩობ. ვინ გაიგებს ამას სხვებზე ადრე, ვინ შეამსხვრევს ჯავშანს. კიდევ კარგი ვან დაანებს ვაჟი ჰყავთ და არა ქალიშვილი! მეგობრობა არასოდეს არ იქნებოდა ასე ძნელი მოსაპოვებელი, ასეთი მშვენიერი და გამაბედნიერებელი, სქესთა ურთიერთმიზიდულობა რომ არ არსებობდეს.
შენ იცი, რომ გულახდილად გწერ ყველაფერს. ამიტომ უნდა გამოგიტყდე: ვსულდგმულობ მხოლოდ შეხვედრიდან შეხვედრამდე. ნეტა ვიცოდე, ისიც თუ ასე მელოდება! გულს მიჩუყებს მისი უხერხული ცდა, რაც შეიძლება შეუმჩნევლად მომიახლოვდეს. მასაც ჩემსავით უნდა გადაუშალოს ვინმეს გული, ალბათ, წარმოდგენა არა აქვს, რომ მე სწორედ მისი უმწეობა მიზიდავს.
ანა
სამშაბათი, 7 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
როცა ჩემს 1942 წლის ცხოვრებას ვიგონებ, ყველაფერი არარეალური მეჩვენება. იმ ცხოვრებით თითქოს სხვა ანე ცხოვრობდა და არა ის, რომელიც აქ ასე დაჭკვიანდა.
დიახ, შესანიშნავი ცხოვრება იყო! უამრავი თაყვანისმცემლები, ოციოდე მეგობარი გოგონა და ნაცნობები. თითქმის ყველა მასწავლებელს ვუყვარდი, მშობლები მანებივრებდნენ, ფული საკმარისი მქონდა, მეტი რაღა გინდა? ალბათ იკითხავ, როგორ მოვახერხე ამდენი ადამიანის გულის მონადირება. როცა
პეტერი ამბობს რომ ეს მომხიბვლელობითაა გამოწვეული. მთლად მართალი არაა. მასწავლებლებს მოსწონდათ და ართობდათ ჩემი მოსწრებული პასუხები, სასაცილო შენიშვნები, მოცინარე სახე და კრიტიკული თვალი. ეს თვისებები საინტერესოდ და სასიამოვნოდ მიაჩნდათ და ეს ასეც იყო. საშინელი არშიყი ვიყავი, კეკლუცი და მხიარული, მაგრამ ამასთან ერთად დადებითი თვისებებიც მქონდა, რომელთა წყალობით თითქმის ყველას მოვწონდი, სახელდობრ, მუყაითობა, გულახდილობა და გულკეთილობა. არავისთვის დამიშლია, გადაეწერა ჩემგან, არასოდეს არ მქონია დიდი წარმოდგენა ჩემს თავზე, ყველას გულუხვად ვურიგებდი ტკბილეულს. იქნებ ამ საყოველთაო აღტაცებას ქედმაღალი გავეხადე? იქნებ ჯობია, რომ შუა ზეიმიდან გამომიყვანეს და ერთფეროვან, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადამისროლეს. მაგრამ ერთ წელიწადზე მეტი დრო დამჭირდა შევჩვეოდი იმ აზრს, რომ ჩემით აღარავინაა აღტაცებული.
რას მეძახდნენ სკოლაში? ყველა ოინისა და ეშმაკობის "მოთავეს". ყველგან პირველი ვიყავი, არასოდეს არ ვწუწუნებდი და არ ვიღრინებოდი. გასაკვირიც არაა, რომ ყველას სიამოვნებას ჰგვრიდა გავეცილებინე სკოლამდე და ჩემს მიმართ ყურადღებიანი ყოფილიყო. უწინდელი ანე შესანიშნავი გოგო იყო, ოღონდ ოდნავ ქარაფშუტა, დღეს კი აღარაფერი აქვს ჩემთან საერთო. პეტერმა ძალიან მართებულად შენიშნა:
"ადრე, როცა ქუჩაში გხვდებოდი, ყოველთვის ორი ან სამი ბიჭი, ანდა გოგოების მთელი ჯოგი გახლდა, მუდამ იცინოდი, ცელქობდი და ყურადღების ცენტრში იყავი".
რაღა დარჩა უწინდელი ანესაგან? სიცილს და მოსწრებულ პასუხებს ჯერ არ გადავეჩვიე. ისევე კარგად, შეიძლება უკეთესადაც ვერკვევი ადამიანებში, მიყვარს კეკლუცობა... ცხადია, როცა სურვილი მაქვს. მინდა კიდევ ერთხელ, თუნდაც ერთი საღამო, რამდენიმე დღე, ერთი კვირა ვიცხოვრო მაშინდელი უდარდელი და მხიარული ცხოვრებით. მაგრამ ვიცი, რომ ერთ კვირაში ყველაფერი იმდენად მომბეზრდებოდა, რომ პირველივე შემხვედრის მადლიერი ვიქნებოდი, ოღონდ სერიოზულად დამლაპარაკებოდა.
არაფრად მჭირდება თაყვანისმცემლები, მე უფრო მეგობრები მჭირდება, ნუ გამოიწვევს აღტაცებას ჩემი მომხიბვლელი ღიმილი, ოღონდ დააფასონ ჩემი შინაგანი ბუნება და ხასიათი. ვიცი, რომ მეგობართა წრე დავიწროვდება, მაგრამ ეგ არაფერია, თუკი რამდენიმე ნამდვილი, გულწრფელი მეგობარი შემრჩება.
თუმცა არც იმ დროს ვიყავი უშფოთველად ბედნიერი. ხშირად მარტოობასაც ვგრძნობდი, მაგრამ რადგან დილიდან საღამომდე დაკავებული ვიყავი, ამაზე ფიქრისათვის არ მეცალა და რაც შემეძლო ვერთობოდი. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ვცდილობდი ხუმრობით შემევსო სიცარიელე. ახლა მინდა, ჩემს უწინდელ ცხოვრებას გადავხედო და მუშაობას შევუდგე. ცხოვრების ერთი მონაკვეთი აშკარად დასრულებულია: აღარ დამიბრუნდება სკოლის უდარდელი, უზრუნველი წლები. მაგრამ მე არც მენატრება ის დრო, აღარ შემეფერება. მას შემდეგ გავიზარდე. ახლა აღარ შემიძლია, მხოლოდ უდარდელად ვიმხიარულო. ჩემი ერთი ნაწილი ხომ მუდამ ინარჩუნებს სერიოზულობას.
ჩემს არსებობას 1944 წლამდე ისე ვხედავ, თითქოს გამადიდებელი შუშით ვუყურებდე.
სახლში — მზით სავსე ცხოვრება, შემდეგ 1942 წელი, აქ გადმოსახლება, მკვეთრი ცვლილებები, ჩხუბი, ბრალდებები. მე არ შემეძლო სწრაფად შევგუებოდი ამგვარ გარდატეხას, საყრდენი გამომეცალა და მხოლოდ კადნიერებით ვცდილობდი წინააღმდეგობის გაწევას.
1943 წლის პირველი ნახევარი: ცრემლი არ შემშრობია თვალზე, მარტოობა, თანდათან ვხვდები ჩემს შეცდომებს და ნაკლოვანებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მეჩვენებოდა. ვცდილობდი ყველაფერი ამეხსნა, პიმი ჩემს მხარეზე გადმომებირებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მარტო აღმოვჩნდი რთული ამოცანის წინაშე: მინდოდა ისე გადავკეთებულიყავი, რომ აღარ დამჭირებოდა მათი რჩევა-დარიგება, რასაც სასოწარკვეთილებამდე მივყავდი.
ამავე წლის მეორე ნახევარი უკეთესი იყო: წამოვიზარდე, უფრო მორიდებით მექცეოდნენ. მეტს ვფიქრობდი, დავიწყე მოთხრობების წერა და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სხვას არავითარი უფლება არა აქვს, ბურთივით აქეთ-იქით გადაგისროლოს. გადავწყვიტე საკუთარი ნებით, ჩემივე დახმარებით ჩამოვყალიბებულიყავი. ბოლოს იმ შეგნებამდე მივედი, რომ მამა ყველაფერში ვერ იქნება ჩემი მესაიდუმლე. არავის არ ვენდობი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ თავს. ახალი წლის შემდეგ დაიწყო მეორე დიდი ცვლილება... გახსოვს, ჩემი სიზმარი, მას შემდეგ მივხვდი, რომ მეგობარი მჭირდება, მაგრამ არა ქალი, არამედ ვაჟი. მას შემდეგ ჩემში ბედნიერება აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ჩემი თავქარიანობა, მხიარულება მხოლოდ ჯავშანია. შემდეგ თანდათან დავმშვიდდი და სიკეთისა და სილამაზისკენ ლტოლვა ვიგრძენი.
საღამოს ლოგინში ლოცვას ასეთი სიტყვებით ვამთავრებ:
"ო, ღმერთო, მადლობელი ვარ ყველაფრისათვის, რაც ქვეყნად კარგია და შესანიშნავი, მადლობელი ვარ სიყვარულისათვის". ამ დროს ჩემში ყველაფერი ზეიმობს.
ვფიქრობ, რა არის "კარგი"? კარგია, რომ ჩვენ გადავრჩით, მე რომ გამოვჯანმრთელდი:
"სიყვარული"? სიყვარული პეტერია და ის, რაც ჩვენში ჯერ იმდენად ნაზი და მგრძნობიარეა, რომ შეხებასაც ვერ ვბედავთ, ის, რაც ოდესმე მოვა - სიყვარული, მომავალი, ბედნიერება. "შესანიშნავი"? შესანიშნავია სამყარო — ბუნება, ხელოვნება, სილამაზე, ყველაფერი, რაც დიადია და მშვენიერი.
ამ დროს ვფიქრობ იმ სასწაულებრივ მშვენიერებაზე, რაც თავისთავად არსებობს და არა უბედურებაზე. აი, რაშია ძირითადი განსხვავება ჩემსა და დედას შორის.
დამწუხრებულ ადამიანს დედა ასე არიგებს: "გახსოვდეს, რამდენი უბედურება ტრიალებს ქვეყანაზე და მადლობელი იყავი, რომ შენც ამ დღეში არა ხარ". მე კი ვეტყოდი: "გადი გარეთ, სუფთა ჰაერზე, გადი და ეძებე ბედნიერება შენს საკუთარ თავში და ღმერთში. იფიქრე, რამდენი მშვენიერი რამ ხდება შენს სულში, შენს ირგვლივ და იყავი ბედნიერი!"
ჩემი აზრით, დედის რჩევა სწორი არ უნდა იყოს, აბა რა უნდა ქნა იმ შემთხვევაში, როცა შენც გეწვევა უბედურება? მაშინ ხომ სულ დაიღუპე. მე კი საწინააღმდეგო აზრისა ვარ. რაც უნდა უბედური ვიყო, ქვეყნად მაინც არსებობს რაღაც მშვენიერი: ბუნება, მზე, თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც შენშია. ამას უნდა ჩაეჭიდო და მაშინ საკუთარ თავსაც იპოვი, ღმერთსაც და წონასწორობასაც შეინარჩუნებ.
ხოლო ბედნიერს სხვისი გაბედნიერებაც შეუძლია. ვისაც ვაჟკაცობა და რწმენა აქვს, უბედურებაში არ დაიღუპება.
ანა
კვირა, 12 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამ ბოლო დროს ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. სიამოვნებით ვესაუბრები პეტერს, მაგრამ მუდამ იმის შიში მაქვს, თავი არ მოვაბეზრო. მელაპარაკება წარსულზე, მშობლებზე, საკუთარ თავზე. მე კი მაინც ყველაფერი მეცოტავება.
მერე ჩემს თავს ვეკითხები — რა უფლება მაქვს მეტი მოვითხოვო. ადრე პეტერი ვერ მიტანდა, ვერც მე ვიტანდი. ახლა მე მასზე აზრი შემეცვალა, ნიშნავს კი ეს იმას, რომ მასაც უნდა შეცვლოდა ჩემზე აზრი?
მე ასე მგონია, თუმცა ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ. მე ჩემდათავად მირჩევნია, ასე იყოს, მაშინ უკეთ ავიტანდი კარჩაკეტილობას. არ მინდა, ზედმეტად გავიღიზიანო თავი. ისედაც ბევრს ვფიქრობ პეტერზე, შენ რაღად უნდა მოგახვიო თავს ჩემი სევდიანი ფიქრები.
შაბათს იმდენად გამანადგურა გარედან შემოტანილმა ცუდმა ამბებმა, რომ ნასადილევს დასაძინებლად წამოვწექი. ძილი, ძილი, რომ არაფერზე ვიფიქრო. 4 საათამდე მეძინა, მერე მშობლებს მივაკითხე. ვერც დედას ვუპასუხე და ვერც მამას ავუხსენი, რატომ წამოვწექი. ბოლოს თავის ტკივილი მოვიმიზეზე. ტყუილი არ მითქვამს, თავი მართლაც მტკიოდა, მტკიოდა... სადღაც შიგნით, ღრმად!
ნორმალური ადამიანები, ჩემი ტოლი ნორმალური ქალიშვილები იფიქრებენ, ცოტა შექანებულია და იმიტომ ჩივის ამდენსო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველაფერს, რაც გულში მაქვს, შენ გეუბნები, შემდეგ კი მთელი დღე კადნიერი, მხიარული და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ვცდილობ თავი ავარიდო ყოველგვარ შეკითხვებს, — არც სხვები შევაწუხო და არც საკუთარი თავი.
მარგო ძალიან ალერსიანია და დიდ ყურადღებას იჩენს ჩემდამი. ალბათ, ცდილობს ჩემი გულის მესაიდუმლე გახდეს, მაგრამ მე არ შემიძლია ყველაფერი გავანდო მას. იგი საყვარელი, კეთილი და ლამაზია, მაგრამ ცოტა აკადემიური.
სერიოზულ საკითხებზე საუბრისათვის კი უბრალოებაა საჭირო. მე სერიოზულად მექცევა, ძალზე სერიოზულად და ალბათ, ბევრს ფიქრობს თავის თავქარიან დაიკოზე. რაც უნდა ვთქვა, გამომცდელ მზერას მომაპყრობს და ფიქრობს:
"თვალთმაქცობს თუ მართლა ამ აზრისაა?" ჩვენ აქ ვიწროდ ვცხოვრობთ, ერთმანეთს მუდამ ფეხებში ვედებით, მე კი მირჩევნია, ჩემი მესაიდუმლე შორს იყოს ჩემგან.
როდის დავაღწევ თავს აზრთა ამ ქაოსს? როდის დაისადგურებს ჩემში კვლავ სიმშვიდე და მყუდროება?
ანა
სამშაბათი, 14 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
მე უკვე კარგა ხანია მომწყინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იქნებ შენ გაინტერესებს, რა ვჭამეთ დღეს. ამ წუთში ვან დაანებთან ვზივარ (ქვევით დამლაგებელი მუშაობს) მუშამბაგადაფარებულ მაგიდასთან და ცხვირთან ნელსაცხებლით ნაპკური ცხვირსახოცი მიჭირავს. სურნელება ცხვირსახოცს სახლიდან გამოჰყვა. მე მგონი, ეს მიკიბულ-მოკიბული ამბავი უფრო დაგაბნევს, ამიტომ თავიდან დავიწყებ. ვინც ჩვენ სასურსათო ბარათებით და სხვა საჭირო რამით გვამარაგებდა, დაიჭირეს. ახლა აღარც სასურსათო ბარათები გვაქვს და აღარც ცხიმი. მიპი და კოოპჰოისი ავად არიან. ელი კი ვერ იცლის და სავაჭროდ ვერ მიდის. ასე რომ, განწყობილება ცუდია, ასევე საჭმელიც. ხვალისთვის ერთი ნაჭერი ქონიც კი აღარ გვაქვს, ხოლო კარაქზე და მარგარინზე ლაპარაკიც ზედმეტია. საუზმეზე შემწვარი კარტოფილის ნაცვლად (ჩვენ ამით პურის ეკონომიას ვეწეოდით) ფაფა მოგვართვეს და რადგან ქალბატონს ეშინია, შიმშილით არ დავიხოცოთ, შავ ბაზარზე მოუხდელი რძე აყიდინა.
დღეს სადილად გვაქვს კასრიდან ამოღებული ლობიო!! ამიტომაც მივიდე ცხვირზე ცხვირსახოცი, როგორც სიფრთხილის ღონისძიება. ლობიო მთელი წელი კასრში იდო და რაღაც წარმოუდგენლად ყარს. ოთახში ერთმანეთში არეული დამპალი ქლიავის, საკონსერვო სუნელის და ლაყე კვერცხის მკვეთრი სუნი ტრიალებს. ფუ, როცა გავიფიქრებ, რომ ეს საძაგლობა უნდა შევჭამო, გული მერევა. გარდა ამისა, ჩვენს კარტოფილს რაღაც დაავადება გაუჩნდა და "პომმე დე ტერრე".
კალათიდან ნახევარს სანაგვე ყუთში ვყრით. როცა კარტოფილს ვფცქვნით, დაავადების დიაგნოზის დადგენას ვცდილობთ და ვერთობით. ბოლოს დავადგინეთ, ყველაზე მეტად გავრცელებულია კიბო, შავი ყვავილი და წითელა. არც ისე ადვილია იატაკქვეშ ცხოვრება ომის მეოთხე წელს. მალე მაინც მოეღოს ბოლო ამ უბედურებას.
აქ რომ სხვამხრივ ცოტა უკეთესი პირობები იყოს, საკვების უქონლობა ამის ნახევრადაც არ შემაწუხებდა. მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქაა დამარხული. ამ ერთფეროვანმა ცხოვრებამ ყველას ტვინი შეგვირყია. აი, რას ამბობს ჩვენი თავშესაფრის ხუთივე უფროსი წევრი ჩვენს ცხოვრებაზე:
ქალბატონი ვან დაანი: "დიდი ხანია მომბეზრდა სამზარეულოს ფერიას როლი. როცა საქმე არაფერი მაქვს, მწყინდება, ამიტომაც ვამზადებ კერძს. მაგრამ კერძის დამზადება უცხიმოდ შეუძლებელია! ცუდი სუნი გულს მირევს. ვშრომობ, მადლობის მაგიერ კი უკმაყოფილება და საყვედური მესმის. ყველასათვის მე ვარ თეთრი ყვავი, ყველა მე მადანაშაულებს. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ომს ბოლო არ მოეღება, შეიძლება გერმანელებმა მოიგონ კიდეც ომი. საშინლად მაშინებს ის, რომ შიმშილით დავიხოცებით. რა გასაკვირია, თუ მუდამ კარგ ხასიათზე არა ვარ".
ბატონი ვანდ დაანი:
"მინდა მოვწიო, მოვწიო და კიდევ ერთხელ მოვწიო. მაშინ ყველაფერი ასატანია: პოლიტიკაც, საკვებიც და კერლის ჭირვეულობაც. ხოლო როცა მოსაწევი არა მაქვს, ხორცი მაინც უნდა მქონდეს სადილად. თუ არა და ცხოვრება აუტანელია, ყველაფერს ვიწუნებ და ყველასთან ვჩხუბობ, კერლი კი საოცრად სულელი ქალი მგონია.
ქალბატონი ფრანკი:
"საკვები არ არის მთავარი, მაგრამ საშინლად მშია და ერთი ნაჭერი ჭვავის პური მენატრება. მე რომ ქალბატონ ვან დაანის ადგილზე ვიყო, დიდი ხანია გადავაჩვევდი ჩემს ქმარს ამდენი პაპიროსის წევას, მაგრამ ახლა მომეცი, გეთაყვა, ერთი სიგარეტი, იქნებ ნერვები დავიმშვიდო... ინგლისელებს ბევრი შეცდომა მოსდით, მაგრამ ფრონტზე საქმე მაინც კარგად მიდის. მართალს თუ მათქმევინებთ, მიხარია, რომ პოლონეთში არა ვარ".
ბატონი ფრანკი:
"ყველაფერი რიგზეა, მე არაფერი არ მინდა. მთავარია სიმშვიდე. დრო ჯერ წინა გვაქვს. თუ კარტოფილს მაჭმევთ, სავსებით კმაყოფილი ვიქნები, ოღონდ ჩემი ულუფიდან ცოტა ელის გადაუნახეთ".
ბატონი დუსელი:
"დროზე უნდა დავამთავრო ჩემი დისერტაცია. პოლიტიკა? დიდებულია! ჩვენ აქ აღმოგვაჩენენ? შეუძლებელია!" მე, მე, მე...
ანა
ოთხშაბათი, 15 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
უჰ... ოჰ... ოჰ... მთელი დღე მხოლოდ ეს ისმის: "თუ ესა და ეს მოხდა, ნამდვილი გაჭირვება მაშინ ნახეთ... ხოლო თუ ისიც ავად გახდა, ქვეყანაზე მომხედავი აღარ გვეყოლება... და თუ კიდევ...", ერთი სიტყვით, გაგრძელება შეგიძლია თვითონ წარმოიდგინო. მე მგონია, შენ ამ ხნის განმავლობაში კარგად გაიცანი ყველა "იატაკქვეშელი" და არ გაგიჭირდება მიხვდე, ვინ რას ამბობს.
ამ "თუ, თუ"-ს მიზეზი ისაა, რომ ბატონი კრალერი შრომის ბეგარის მოსახდელად გაიწვიეს, ელი გაცივდა, მიპს ჯერაც არ მოუხდია გრიპი, ხოლო ბატონ კოოპჰიოსს მძიმე სისხლის დენა დაეწყო კუჭიდან და ხანდახან გული უწუხდება.
საშინელი ამბავია.
საწყობის მოსამსახურეები ხვალ ისვენებენ და თუ ელი შინ დარჩა, ჩვენ კარის გაღებას ვერ მოვახერხებთ. თაგვებივით გასუსულები უნდა ვისხდეთ, რომ მეზობლებმა არაფერი გაიგონონ. პირველ საათზე ჰენკი მოვა, რომ დახედოს მიტოვებულებს და ასე ვთქვათ, ზოოპარკის დარაჯის როლი შეასრულოს... დღეს ზოგი რამ გვიამბო გარესამყაროზე. დიდი ხანია არ გვსმენია, რა ხდება ამ კედლებს იქით; რომ გენახა, რა ხარბად ვუსმენდით. არის ასეთი სურათი "ბებიას ზღაპრები", იმას ვგავდით.
ჯერ ერთი ამბავი არ ჰქონდა მოთავებული და მეორეზე გადადიოდა, ცხადია, საკვებზეც ვილაპარაკეთ, ბოლოს მიპის მკურნალ ექიმზე შეჩერდა: "ექიმი? ექიმზე ნურაფერს მკითხავთ! ამ დილით დავურეკე, როგორც იქნა, ტელეფონთან ასისტენტი მოვიდა. გრიპიანი ავადმყოფისათვის რეცეპტი ვთხოვე და იცით, რა მიპასუხა: რვიდან ცხრის ნახევრამდე გამოიარეთ და წაიღეთო. თუ გრიპი მძიმე ფორმაში გაქვს, ტელეფონთან, ალბათ, თვითონ ექიმი მოდის და გეუბნება: აბა, გამოყავით ენა... თქვით ა-ააა... ყველაფერი გასაგებია, ყელი გაქვთ გაწითლებული, რეცეპტს აფთიაქს გადავუგზავნი, მიდით და წამალი წამოიღეთ. ნახვამდის! წერტილი დასმულია. როგორ მოგწონთ ამგვარი მკურნალობა? მომსახურება ტელეფონის საშუალებით!"
თუმცა დიდად ვერ ვუსაყვედურებ ექიმებს, ბოლოს და ბოლოს თითოეულს მხოლოდ ორი ხელი აქვს, ახლა კი, სამწუხაროდ, პაციენტების რიცხვი მაქსიმუმს აღწევს, ექიმებისა კი მინიმუმს. მაგრამ ჩვენ მაინც თავშეუკავებლად ვხარხარებდით, როცა ჰენკმა ექიმთან ტელეფონით საუბარი გადმოგვცა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ გამოიყურება ახლა ექიმის მოსაცდელი ოთახი. უფასო პაციენტებს ახლა ზედ არავინ უყურებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც სერიოზული არაფერი სჭირთ და მხოლოდ წუწუნი უყვართ, დღეს, ალბათ, ასეთ რამეს ეუბნებიან: "რა დაგრჩენია აქ, დადექი ბოლოში, ჯერ ის უნდა გაუშვა, ვინც მართლა ავადაა!"
ანა
ხუთშაბათი, 16 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
შესანიშნავი ამინდია, ახლავე ავალ სხვენზე.
ახლა კი ვიცი, რატომ ვარ პეტერზე უფრო მოუსვენარი, მას საკუთარი ოთახი აქვს, სადაც ოცნებობს, ფიქრობს და სძინავს. მე კი ოთახიდან მაგდებენ. ჩემს ოთახში დუსელი ცხოვრობს, ამიტომ ვერასოდეს ვერ ვრჩები მარტო, თუმცა მარტო დარჩენა საოცრად მინდა. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მუდამ ზევით გავრბივარ. მხოლოდ იქ, ზევით, და შენთან საუბარში ვპოულობ კვლავ საკუთარ თავს, კიწი! მაგრამ ასე არ უნდა მოვეშვა, პირიქით მეტი მხნეობა უნდა გამოვიჩინო. საბედნიეროდ, ვერავინ ამჩნევს ჩემს განცდებს, მხოლოდ ესაა, რომ დედის მიმართ უფრო გულცივი გავხდი, აღარც მამას ვექცევი ძველებურად, ნაზად, მარგოს კი გულახდილად აღარაფერს ვეუბნები.
ჩემს თავში ჩავიკეტე, მაგრამ გარეგნული თავდაჭერა აუცილებლად უნდა შევინარჩუნო. არავინ არ უნდა იცოდეს, რა ბრძოლა მიმდინარეობს ჩემში, ჩემს გონებასა და ჩემს სურვილებს შორის. აქამდე მუდამ გონება იმარჯვებდა, მაგრამ იქნებ ოდესმე მიმტყუნოს. ზოგჯერ მეშინია ამის, ზოგჯერ კი ვნატრობ!
ძალიან მინდა ველაპარაკო ამაზე პეტერს, მაგრამ ვიცი, რომ პირველად მან უნდა დაიწყოს. რა ძნელია, როცა საუბარს სიზმარში დაიწყებ და გამოფხიზლებისას გაგრძელების საშუალება არა გაქვს. რა სამწუხაროა, რომ სიზმარში განცდილი სინამდვილედ არ იქცევა. დიახ, კიწი! შენი ანე ცოტათი შექანდა! მაგრამ მე ხომ არანორმალურ დროში და არანორმალურ გარემოში ვცხოვრობ! სიხარულს მხოლოდ ის მანიჭებს, რომ ჩემი ფიქრებისა და გრძნობების გადმოცემა შემიძლია, თორემ სულ დავიხრჩობოდი.
ნეტა პეტერი რას ფიქრობს ყოველივე ამაზე? მე მაინც მჯერა, რომ მალე ამ საკითხზე გვექნება საუბარი. ალბათ ბევრ რამეს ხვდება კიდეც, რადგან ანე, რომელსაც აქამდე იცნობდა, არ მოეწონებოდა. როგორ შეიძლება, სიმშვიდისა და სიწყნარის მოყვარულს ჩემი დაუდეგარი, მოუსვენარი ხასიათი მოსწონდეს! ნუთუ იგი ერთადერთი კაცია, რომელმაც ჩემი ქვის ნიღბის ქვეშ პირველმა შეიხედა? ნუთუ დაინახა, რა იმალება მის უკან? მართალს ამბობს ძველი ჭეშმარიტება: სიყვარულს ხშირად თანაგრძნობა იწვევს, ხოლო ბოლოს ორივე ერთმანეთს ერწყმისო. მეც ასევე მომდის?
ხშირად პეტერი ისევე მეცოდება როგორც საკუთარი თავი. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როგორ ვიპოვო პირველი სიტყვა. რაღა ქნას პეტერმა, რომელსაც ჩემზე უფრო უჭირს ლაპარაკი. ნეტა მიწერა შემეძლოს! მაშინ იმას მაინც გაიგებდა, რისი თქმაც მინდა, და რაც ასე ძნელი გამოსახატავია სიტყვებით!
ანა
პარასკევი, 17 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
თავშესაფარმა შვებით ამოისუნთქა. კრალერი გაანთავისუფლეს, ელი მოერია თავის სურდოს და ახლა ძველებურად თავს დაგვტრიალებს. ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ ესაა, რომ მარგოს და მე ჩვენმა მშობლებმა ცოტა თავი მოგვაბეზრეს. ცუდად ნუ გამიგებ, ხომ იცი, ზოგჯერ როგორ მიჭირს დედასთან საერთო ენის გამონახვა. მამა კი, მამა წინანდებურად მიყვარს. მარგოს ერთნაირად უყვარს ორივე. მაგრამ ჩვენს ასაკში თვითონ გინდა იყო შენი თავის უფროსი და დედის კალთას მოსცილდე. თუ ზევით ავედი, მკითხავენ, რა გინდოდაო. მინდა, კერძს მარილი დავაყარო, არ შეიძლებაო. ყოველ საღამოს ზუსტად ცხრის ნახევარზე დედა მეკითხება, გახდას რატომ არ იწყებო.
ყოველ წიგნს, რომლის წაკითხვა მინდა, ჯერ თვითონ გადაათვალიერებენ. მართალი გითხრა ცენზურა მაინცდამაინც მკაცრი არაა და ყველაფრის წაკითხვის უფლებას მაძლევენ, მაგრამ კონტროლი, უამრავი შენიშვნები და მითითებები ორივეს მოგვბეზრდა. განსაკუთრებით მე მახასიათებს ბევრი რამ ისეთი, რაც ჩემს მშობლებს არ ეჭაშნიკებათ, მაგრამ მე ბავშვი აღარა ვარ. არ მინდა "აქ მაკოცე, იქ მაკოცე", არც ბავშვის მოსაფერებელი სახელები მჭირდება. ეს ყველაფერი მეტისმეტად დათაფლული მეჩვენება. ასე რომ, მცირე ხნით სიამოვნებით გავეცლებოდი მოყვარულ, მზრუნველ მშობლებს. გუშინ მარგომ ასეთი რამ მითხრა: "პირდაპირ სასაცილოა, საკმარისია, თავი ხელებზე დააყრდნო, მაშინვე გეკითხებიან: თავი ხომ არ გტკივა, ცუდად ხომ არა ხარ".
ჩვენ ორივე დიდად განვიცდით, როცა ვხედავთ, თუ რა დარჩა ჩვენი მყუდრო ჰარმონიული ოჯახისგან. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი აქაური ურთიერთობა ყოველმხრივ არაბუნებრივია. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ხშირად ისე გვექცევიან, როგორც ბავშვებს, სინამდვილეში კი შინაგანად ბევრად გავუსწარით ჩვენს ტოლებს.
თუმცა მე მხოლოდ თოთხმეტი წლისა ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რა მინდა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი. მაქვს საკუთარი თვალსაზრისი, საკუთარი აღქმა, პრინციპები. იქნებ მოზარდის ამგვარი განცხადება ზედმეტი თავდაჯერებულობით ახსნან, მაგრამ მე ადამიანად უფრო ვგრძნობ ჩემს თავს, ვიდრე ბავშვად. ვგრძნობ, რომ სრულიად დამოუკიდებელი ვარ ყველასაგან, სულ ერთია, ვინც უნდა იყოს იგი.
მე ვიცი, რომ დედაზე უკეთესად შემიძლია კამათი და საკუთარი მოსაზრებების დამტკიცება, რადგან მასზე უფრო ობიექტური ვარ და მაინცდამაინც არ მიყვარს გაზვიადება, მასზე უფრო ორგანიზებული, მასზე უფრო მარჯვე... შეგიძლია იცინო, რამდენიც გინდა! ზოგჯერ ვგრძნობ, რომ დედაზე ბევრად მაღლა ვდგავარ. თუ ვინმე მიყვარს, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღტაცებული ვიყო მისით, პატივს ვცემდე!
ყველაფერი კარგად იქნებოდა, პეტერი რომ ჩემი მეგობარი გამხდარიყო. იგი მართლაც იწვევს ჩემში აღტაცებას, საოცრად საყვარელი ადამიანია!
ანა
კვირა, 19 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინდელ დღეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. გადავწყვიტე, სანამ სადილად დავსხდებოდით, გულახდილად მოვლაპარაკებოდი პეტერს და ჩურჩულით ვკითხე:
— საღამოს სტენოგრაფიაში იმეცადინებ?
— არა, — მიპასუხა მან.
— სალაპარაკო მაქვს შენთან.
— ძალიან კარგი!
ჭურჭელი დავრეცხე და ზრდილობის გამო ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი მშობლებთან. შემდეგ პეტერთან ავედი. იგი ღია ფანჯარასთან იდგა მარცხნივ. მე მარჯვნივ გავჩერდი. ბევრად უკეთესია ნახევრადბნელში საუბარი, ვიდრე სინათლეზე. მე მგონია, პეტერიც ასე ფიქრობს.
ჩვენ იმდენი რამ ვუამბეთ ერთმანეთს, იმდენი, რომ ყველაფრის დაწერა შეუძლებელია. მაგრამ რა კარგი იყო, უკეთესი საღამო აქ გადმოსახლების შემდეგ არ მქონია. ზოგ რამეს მაინც გადმოგცემ მოკლედ. ჯერ ვსაუბრობდით ჩვენების კინკლაობაზე, რასაც მე ახლა სულ სხვა თვალით ვუყურებ, შემდეგ მშობლებთან შინაგან გათიშულობაზე. ბევრი რამ ვუთხარი პეტერს მამაზე, დედაზე, მარგოზე და საკუთარ თავზე. უეცრად მან მკითხა: როცა ერთმანეთს "ღამე მშვიდობისას" ეუბნებით, აუცილებლად კოცნით ერთმანეთს?
— რა თქმა უნდა, და არა ერთხელ! თქვენც, არა?
— არა, მე ჯერ თითქმის არასოდეს არავისთვის მიკოცნია.
— არც დაბადების დღეზე?
— დაბადების დღეზე კი!
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სრული ნდობით არ ვეკიდებით მშობლებს. ვან დაანებს თურმე დიდად სწადიათ დაიმსახურონ შვილის ნდობა, მაგრამ პეტერს თავი განზე უჭირავს. მე ვთქვი, რომ მწუხარებას ცრემლებით ვიქარვებ ბალიშში თავჩარგული, ის კი თურმე სხვენზე ადის და ილანძღება. ვუთხარი, რომ მე და მარგომ ნამდვილად მხოლოდ ახლა გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ბოლომდე გულახდილნი მაინც არა ვართ, რადგან სულ ერთად გვიხდება ყოფნა. რაზე არ ვილაპარაკეთ. თითქმის ყველაფერზე და ის სწორედ ისეთი იყო, როგორიც წარმოდგენაში მესახებოდა.
მერე გავიხსენეთ 1942 წელი. მაშინ ჩვენ იმდენად სხვა ადამიანები ვიყავით, რომ ახლა თითქმის ვეღარ ვცნობთ ჩვენს თავს. პირველად ვერ ვიტანდით ერთმანეთს.
პეტერი მე მოუსვენარ და უსიამო არსებად მთვლიდა. კარგს მეც ვერაფერს ვხედავდი მასში. მაშინ მე არ მესმოდა, რატომ არ მეარშიყებოდა, მაგრამ ახლა მიხარია. მითხრა ისიც, თუ როგორ განუდგა ყველას. მე კი ვუპასუხე, რომ ჩემს ცოცხალ ბუნებასა და მის სიმშვიდეს შორის არც ისე დიდი სხვაობაა, რომ ზოგჯერ მეც ძალიან მენატრება სიჩუმე, მაგრამ მხოლოდ ჩემი დღიური მაძლევს განმარტოების საშუალებას. ჩვენ გამოვუტყდით ერთმანეთს: მას ახარებს, რომ ჩემი მშობლები აქ შვილებიანად გადმოსახლდნენ, მე კი მისი აქ ყოფნა მგვრის სიამოვნებას. ახლა მე კარგად მესმის მისი განმარტოების მიზეზი, მისი დამოკიდებულება მშობლებთან და სიამოვნებით დავეხმარები.
— შენ მე ისედაც მეხმარები, — მითხრა მან.
— მაინც რით? — ვკითხე მე.
— შენი სიმხიარულით!
უკეთესს ვერაფერს მეტყოდა! საოცრად მესიამოვნა, პეტერმა უკვე ისწავლა ჩემი, როგორც კარგი ამხანაგის, დაფასება და ჯერჯერობით მეტი არაფერი მინდა. სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსათქმელად, თუ რა ბედნიერი და მადლიერი ვარ, მაგრამ შენთან ბოდიშს ვიხდი კიწი, რომ დღეს ჩემი სტილი ჩვეულებრივზე უხეიროა.
დავწერე ყველაფერი, რაც ენაზე მომადგა. ახლა კი ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მე და პეტერს საიდუმლო გვაკავშირებს. როცა შემომცქერის, მიცინის ან თვალს მიკრავს, ჩემში თითქოს შუქი ინთება. მინდა ყველაფერი ასევე დარჩეს, მინდა ბევრი, ბევრი ბედნიერი საათი გავატაროთ ერთად!
შენი მადლიერი და ბედნიერი ანა.
ორშაბათი, 20 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამ დილით პეტერმა მკითხა, საღამოს თუ ამოხვალო და თან დასძინა, ნამდვილად არაფერში არ მიშლი ხელს, ჩემს ოთახში ორივე თავისუფლად დავეტევითო. მე კი ვუპასუხე, რომ ყოველ საღამოს მასთან ასვლა არ ივარგებს, რადგან დანარჩენებს ამდენი სტუმრობა უწესობად მიაჩნიათ. ნუ მიაქცევ მათ ლაპარაკს ყურადღებას, მირჩია მან. დავპირდი, შაბათს საღამოთი მოვალ-მეთქი და ვთხოვე ეთქვა, როდის დაიწყება მთვარიანი ღამეები.
"აუცილებლად", მიპასუხა მან, "ჩვენ დაბლა ჩავალთ და იქიდან დავაკვირდებით მთვარეს".
მაგრამ ჩემს ბედნიერებას უეცრად ჩრდილი მოეფინა. მე კარგა ხანია ვფიქრობ, რომ პეტერი მარგოსაც შესანიშნავ ყმაწვილად მიაჩნია. არ ვიცი, უყვარს თუ არა, მაგრამ მე მაინც არ მსიამოვნებს. ყოველთვის, როცა პეტერთან ვარ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მარგოს ტკივილს ვაყენებ. მარგოს თავი შესანიშნავად უჭირავს და არაფერს გვაგრძნობინებს. მე მის ადგილას ეჭვიანობისაგან თავს დავკარგავდი. მარგო კი მეუბნება, ნუ შემიბრალებო.
— მე მგონია, ლამაზი არაა, როცა შენ ჩვენთან ხელისშემშლელ, მესამე პირად გრძნობ თავს.
— მე ამას შეჩვეული ვარ, — მიპასუხა მან, თან მის ხმაში მწარე ნაღველი იგრძნობოდა. ჯერ ვერ ვბედავ, ეს ამბავი პეტერს ვუამბო. შეიძლება ვუთხრა მერე, მოგვიანებით. ახლა კი ბევრი სალაპარაკო გვაქვს. გუშინ დედამ შემომკრა. ეს მე დავიმსახურე. მიუხედავად მის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებისა, ამდენად მაინც არ უნდა გავკადნიერებულიყავი. ვეცდები, უკეთ დავიჭირო თავი, რაც უნდა მოხდეს, ალერსიანად მოვექცევი, აღარ მივცემ შენიშვნებს, სულ ერთია, ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს.
პიმიც ნაკლებ ალერსიანია, ცდილობს აღარ მომექცეს ისე, როგორც ბავშვს და ამიტომ მეტისმეტად ცივია. ვნახოთ, როგორც წავა საქმე!
კმარა! აღარაფრის თავი არა მაქვს. მუდამ პეტერს შევცქერი თვალებში და გული სიხარულით მევსება!
მარგოს სიკეთის დადასტურება: აი, რა მივიღე დღეს, 1944 წლის 20 მარტს: "ანე, გუშინ როცა გითხარი, არ ვეჭვიანობ-მეთქი, ნახევრად მართალი ვიყავი. საქმე ისაა, რომ მე არც შენზე ვეჭვიანობ და არ პეტერზე, მაგრამ გული მწყდება, რომ აქამდე ვერ ვიპოვე და, ალბათ, ვერც ვიპოვი ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემს ფიქრებსა და გრძნობებს გავუზიარებდი. მიხარია, რომ თქვენ ერთმანეთის ნდობა მოიპოვეთ. შენ აქ ისედაც ბევრი რამ გაკლია ისეთი, რაც სხვებს აქვთ და ვერ ამჩნევენ.
გარდა ამისა, მე ვიცი, რომ პეტერთან არასოდეს არ მექნებოდა ამგვარი დამოკიდებულება, რადგან ადამიანთან, რომელსაც ყველაფერს ეუბნები, ძალიან ახლოს უნდა იყო. მე უნდა ვიგრძნო, რომ მას უსიტყვოდ ესმის ჩემი ბოლომდე, იგი სულიერად ჩემზე მაღლა უნდა იდგეს, პეტერი კი ასეთი არ არის. მაგრამ შენი და პეტერის მეგობრობა გასაგებია. ამიტომ, ნუ ფიქრობ თითქოს რაღაცას მართმევ, თითქოს მაწყენინე, არა, ასე არაა. თქვენ კი თქვენი მეგობრობა ბევრ სიკეთეს მოგიტანთ!"
ჩემი პასუხი:
"ძვირფასო მარგო!
შენი წერილი არაჩვეულებრივად სასიამოვნოა, მაგრამ მე მაინც ვერ დავმშვიდდი და ალბათ ვერც დავმშვიდდები ვერასოდეს.
ისეთ ნდობაზე, როგორსაც შენ გულისხმობ, ჩემსა და პეტერს შორის ლაპარაკიც კი არ ყოფილა, მაგრამ ბნელში, ღია ფანჯარასთან უფრო ადვილია საუბარი, ვიდრე დღისით მზის სინათლეზე. გრძნობების გამოხატვასაც უფრო ჩურჩული უხდება, ვიდრე მთელი ქვეყნის გასაგონად ყვირილი.
მე მგონი, პეტერი შენც გიყვარს დაძმური სიყვარულით და ისეთივე დიდი სიამოვნებით დაეხმარებოდი მას, როგორც მე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს შორის არ არის ისეთი ნდობა, როგორსაც ჩვენ ვგულისხმობთ, შეიძლება ოდესმე დაეხმარო კიდეც, ნდობა ორმხრივი უნდა იყოს. ვფიქრობ სწორედ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ ვეღარ ველაპარაკები მამას გულახდილად.
მოდი ნუღარ შევეხებით ამ თემას და გთხოვ, ნუღარაფერს მეტყვი ამაზე. ხოლო თუ რაიმე კიდევ გაქვს სათქმელი — მომწერე. მეც წერილობით უფრო მეხერხება ჩემი აზრების გამოხატვა, ვიდრე სიტყვებით. შენ ვერ წარმოიდგენ, რა აღტაცებას იწვევ ჩემში. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ოდნავ მაინც დაგემგვანებით შენ და მამას სიკეთით. ხოლო ამ მხრივ თქვენ ერთმანეთს გავხართ".
ანა
ოთხშაბათი, 22 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ საღამოს მარგოსაგან ეს წერილი მივიღე:
"ძვირფასო ანე!
მას შემდეგ, რაც შენი გუშინდელი წერილი წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს როცა პეტერთან ადიხარ სამუშაოდ ან სალაპარაკოდ, სინდისის ქენჯნა გაწუხებს. მაგრამ საამისოდ არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩემი ნდობის მოსაპოვებლად გარკვეული ურთიერთობაა საჭირო, ამისთვის კი პეტერი არ გამოდგება.
მის მიმართ მე სწორედ ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიც შენ აღნიშნე. პეტერს თითქმის ისე ვუყურებ, როგორც ძმას, მაგრამ... უმცროს ძმას! ჩვენ რქებგამოშვერილ ლოკოკინებს ვგავართ, რომლებიც შეხებით ცდილობენ გაარკვიონ, ეყვარებათ თუ არა ოდესმე ერთმანეთი დაძმური სიყვარულით, მაგრამ ჯერ საქმე აქამდე არ მისულა.
ამიტომ არ უნდა გებრალებოდე. დასტკბი იმ მეგობრობით, რაც მოიპოვე. ცხოვრება კი სულ უფრო მშვენიერი ხდება. იცი, კიწი! ჩვენ ამ თავშესაფარში ნამდვილი დიდი სიყვარულის განცდა მოგველის, მაგრამ მე არ ვფიქრობ იმაზე, გავყვები თუ არა ოდესმე ცოლად, რადგან არ ვიცი, როგორი იქნება, როცა გაიზრდება.
არც ის ვიცი, თუ გვეყვარება ერთმანეთი მომავალში ისე, რომ დაქორწინება მოვისურვოთ. თუმცა ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მოვწონვარ, მაგრამ არ ვიცი, როგორ, როგორც კარგი ამხანაგი, რომელიც ენატრება, როგორც ქალი, თუ როგორც დის მაგიერი, ამაში მე ჯერ ვერ გავრკვეულვარ.
ძალიან გამეხარდა, როცა მითხრა, რომ ჩემთან ერთად უფრო იოლად იტანს იმ აყალ-მაყალს, რომელიც მათთან ხშირად ხდება. ჩემი აზრით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენს მეგობრობაში. გუშინ ვკითხე, რას იზამდა, აქ რომ ათიოდე ანე იყოს და წამდაუწუმ ამოდიოდნენ მასთან. "ყველა თუ შენისთანა იქნება, როგორმე ავიტანდი", მიპასუხა მან.
პეტერი მუდამ სტუმართმოყვარეა და მე მგონი, ჩემი მისვლა ახარებს. ბეჯითად სწავლობს ფრანგულს. საღამოსაც კი, ათი საათის შემდეგ, საწოლში. ო, როცა შაბათის საღამო მაგონდება, ჩვენი საუბარი, ჩვენი განწყობილება, ამ ხნის მანძილზე მხოლოდ პირველად ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. არც ერთ ჩემს ნათქვამ სიტყვას არ ვნანობ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხშირად ხდება. როცა იცინის, ლამაზია, ხოლო როცა წყნარადაა, ძალიან საყვარელი და კარგი. ჩემი აზრით, პირდაპირ განცვიფრებული დარჩა, როცა მიხვდა, რომ მე არა ვარ ამქვეყნად ყველაზე ქარაფშუტა გოგო, რომ მეც მასავით მეოცნებე არსება ვარ, რომ მეც ისევე განვიცდი ყველა სიძნელეს, როგორც იგი.
ჩემი პასუხი:
"ძვირფასო მარგო!
ყველაფერს ჯობია, დავიცადოთ, ვნახოთ, რა მოხდება. არ შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს ასე, მალე ჩემსა და პეტერს შორის ასე თუ ისე ყველაფერი გაირკვევა. მე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები და ოდნავადაც არ ვიხედები წინ, მაგრამ ერთ რამეს მაინც გავაკეთებ ისე, რომ შენ არც კი გკითხავ: როცა მე და პეტერი ნამდვილად დავმეგობრდებით, ვეტყვი, რომ შენც მოგწონს და თუ საჭირო იქნა, ყველაფერში დაეხმარები.
არ ვიცი, რას ფიქრობს პეტერი შენზე, მაგრამ აუცილებლად ვკითხავ. მე მგონი, ცუდი აზრისა არ უნდა იყოს, პირიქით! შეგიძლია თავისუფლად მოხვიდე ჩვენთან ზევით და საერთოდ ყველგან, სადაც ჩვენ ვიქნებით. დარწმუნებული იყავი, ხელს არ შეგვიშლი, რადგან ჩვენ ხმისამოუღებლად შევთანხმდით, რომ გულახდილი საუბარი გვექნება მხოლოდ საღამოობით, ბნელში. გულს ნუ გაიტეხ! მეც მედგრად ვდგავარ, იქნებ შენი დროც მოვიდეს. და უფრო მალეც, ვიდრე შენ ფიქრობ!"
ანა
ხუთშაბათი, 23 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდა. ჩვენი "სპეკულანტები", საბედნიეროდ, ციხიდან გამოუშვეს! მიპი გუშინდელს აქეთ კვლავ ჩვენთანაა, ელის ხველამ გაუარა, მხოლოდ კოოპჰოისს მოუწევს კიდევ დიდხანს სახლში ჯდომა. გუშინ ჩვენს თავზე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მფრინავები გადარჩნენ, თვითმფრინავი კი სკოლას დაეცა.
საბედნიეროდ, ბავშვები სკოლაში არ იყვნენ, მაგრამ ცეცხლი გაჩნდა და ამბობენ, მსხვერპლიც არისო. გერმანელები უმოწყალოდ ესროდნენ მფრინავებს, რომლებიც პარაშუტით ეშვებოდნენ. მოსახლეობა გააცოფა ასეთმა ლაჩრულმა სისასტიკემ.
ჩვენ, მე ვგულისხმობ მშიშარა ქალებს, საშინლად შეგვეშინდა. ჩემი აზრით, სროლა საძაგლობაა.
ახლა მე ხშირად ავდივარ ზევით პეტერთან და მის ოთახში სუფთა ჰაერით ვსუნთქავ. სასიამოვნოა მის გვერდით ჯდომა და ფანჯარაში ყურება. როცა ოთახიდან გავდივარ, ვან დაანსა და დუსელს არ შეუძლიათ, ბინძური ხუმრობა არ გამომაყოლონ.
"ანამ მეორე სახლი იპოვა", ამბობენ ისინი, ანდა: "განა წესია, ახალგაზრდა კაცმა ახალგაზრდა ქალი საღამოობით ბნელ ოთახში მიიღოს?" ამ "გონებამახვილურ" შენიშვნებს პეტერი საოცარი გულგრილობით ღებულობს. დედამისსაც აინტერესებს, რაზე ვლაპარაკობთ, სიამოვნებით გამოგვკითხავდა, მაგრამ გაწბილების ეშინია.
პეტერი ამბობს, უფროსებს შურთ ჩვენი ახალგაზრდობა და გული მოსდით, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ მათ ხუმრობას. ზოგჯერ პეტერი ჩვენთან ჩამოდის დაბლა, ცდილობს თავი შეიკავოს, მაგრამ სირცხვილისაგან მაინც კიბოსავით წითლდება და ხმას ვერ იღებს.
ალბათ, ძალიან უსიამო გრძნობაა!
მამა ამბობს, ვიპრანჭები, მაგრამ მართალი არაა. მე მხოლოდ ძალიან პატივმოყვარე ვარ. აქამდე არავის არ უთქვამს ჩემთვის, ლამაზი ხარო, მხოლოდ ერთმა ბიჭმა მითხრა სკოლაში, როცა იცინი, სასიამოვნო სახე გაქვსო.
გუშინ პეტერმა ნამდვილი კომპლიმენტი მითხრა და მინდა, ჩვენი საუბარი გადმოგცე. პეტერი ხშირად მეუბნება: "აბა გაიცინე!" ეს მე მენიშნა და ვკითხე: - რატომ მთხოვ, გავიცინო?
— იმიტომ რომ მომწონს. ლოყებზე ფოსოები გიჩნდება, ნეტავ რისგან?
— არა, ეს არ არის მართალი!
— როგორ არა, მე ვიცი რომ ლამაზი გოგო არა ვარ, არასოდეს არ ვყოფილვარ და არც არასოდეს ვიქნები!
— მე სრულებითაც არ ვფიქრობ ასე, ჩემი აზრით, შენ ლამაზი ხარ!
— ტყუილია!
— რაკი მე ვამბობ, შეგიძლია დამიჯერო.
მე, რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ ისიც ლამაზი ყმაწვილია. ყველა ჩვენს უეცარ დამეგობრებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ მშობლების მითქმა-მოთქმას ყურადღებას არ ვაქცევთ. მათი ყოველი შენიშვნა უხამსობაა. ნუთუ ჩვენს მშობლებს ახალგაზრდობა გადაავიწყდათ? მგონი, მართლაც ასეა! როცა ჩვენ ვხუმრობთ, სერიოზულად გვექცევიან, ხოლო როცა რაიმეს სერიოზულად აღვიქვამთ, დაგვცინიან!
ანა
ორშაბათი, 27 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
"ჩვენი იატაკქვეშა ცხოვრების ისტორიაში" დიდი ადგილი უნდა დათმობოდა პოლიტიკას, მაგრამ მე პოლიტიკა მაინცდამაინც არ მაინტერესებს და უყურადღებოდ მივატოვე. ამიტომ მინდა მთელი წერილი ამ საკითხს დავუთმო.
თავისთავად გასაგებია, რომ ამ პრობლემის ირგვლივ სხვადასხვა, ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი არსებობს. გასაგებია ისიც, რომ ამ ჩვენს არეულ, ომიანობის დროში გაუთავებლად პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. ყველაფერი ეს ლოგიკურია, მაგრამ... პოლიტიკის გამო ამდენი ჩხუბი და დავა სისულელეა.
დაე, სანაძლო დადონ, იცინონ, ლანძღონ, თათხონ ერთმანეთი, რაც უნდათ, ის აკეთონ, რა მენაღვლება, კისერიც უტეხიათ! ოღონდ ნუ იჩხუბებენ, რადგან ამას მუდამ ცუდი შედეგი მოსდევს. გარედან შემოსულ ადამიანებს ხშირად არასწორი ამბები მოაქვთ.
ჩვენს რადიოს ჯერ ტყუილი არ უთქვამს, მაგრამ ჰენკი, მიპი, კოოპჰოისი, კრალერი და ელი მოვლენებს საკუთარი განწყობილების მიხედვით აფასებენ, ხოლო მათი განწყობილება მეტისმეტად ცვალებადია, თუმცა ყველაზე ნაკლებად მაინც ჰენკს ეცვლება გუნება.
ჩვენი თავშესაფრის პოლიტიკური განწყობილება მუდამ ერთნაირია. გაუთავებელი კამათი გადმოსხდომაზე, ბომბარდირებაზე, მინისტრების მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე და ა. შ. ამავე დროს გესმის სხვადასხვაგვარი თვალსაზრისი:
"შეუძლებელია!.." "ღმერთო ჩემო, კიდეც რომ დაიწყონ, როდისღა გათავდება?.."
"ყველაფერი ბრწყინვალედ მიმდინარეობს, შესანიშნავად, უკეთესს ვერც ისურვებ".
ყველა დაუღალავად გამოთქვამს თავის აზრს, ოპტიმისტები, პესიმისტები, და რაც მთავარია რეალისტები. და როგორც ყოველთვის ხდება, თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ მართალი მხოლოდ თვითონაა. ჩვენი ქალბატონი გაგულისებულია, რომ მისი მეუღლე დიდი ნდობით ეკიდება ინგლისელებს. მისი საყვარელი მეუღლე კი ცოლს უჯავრდება, აქაოდა, მის სათაყვანო ერს დასცინის და აბუჩად იგდებს.
ამ დროს არც ის ახსოვთ, თუ რას ჰქვია მოწყენა. მე ერთი უტყუარი საშუალება მოვიგონე: მინახავს, ადამიანს ნემსს უჩხვლეტენ და წამოხტება. ზუსტად ასე მოქმედებს ჩემი საშუალება. საკმარისია, ერთი სიტყვა წამომცდეს პოლიტიკაზე და მთელი ოჯახი მახეშია გაბმული.
თითქოს არ კმაროდა გერმანიის სარდლობის და ბი-ბი-სის გადაცემები, ამ ბოლო დროს შემოიღეს სპეციალური გადაცემა "მდგომარეობა ჰაერში", რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ხშირად გულს გვიტეხს.
ინგლისელებმა თავიანთი საჰაერო ძალები ნამდვილ კონვეიერად გადააქციეს, მოფრინავენ დღისითაც და ღამითაც (ისე როგორც გერმანელები ტყუიან დღეც და ღამეც). რადიოს დილაადრიან ვუსმენთ, მერე ყოველ საათს: საღამოს 9 ან 10 საათამდე, ზოგჯერ თერთმეტამდეც, რაც იმას ამტკიცებს, რომ თუმცა უფროსებს მოთმინება დიდი აქვთ, მაგრამ მოსაზრების უნარი აკლიათ (არის გამონაკლისიც, მაგრამ არ დავასახელებ).
მე მგონი, სავსებით საკმარისია, მოუსმინო რადიოს დღეში ერთხელ ან უკიდურეს შემთხვევაში ორჯერ!
ისინი კი ჯერ გადაცემის პროგრამას ისმენენ, შემდეგ ფრანკ ფილიპსს "ორანეს" რადიოსადგურები, მერე უსმენენ მის უდიდებულესობას - დედოფალს. ყველა გამოდის რიგრიგობით და ყველას ჰყავს ყურადღებიანი მსმენელები. თუ ჩვენებს არ სძინავთ და არ ჭამენ, რადიოსთან სხედან და საჭმელზე, ძილზე და, რაც მთავარია, პოლიტიკაზე ლაპარაკობენ.
ო, რა მოსაწყენია, ასე შეიძლება დამჭკნარ დედაბერს დაემსგავსო!
აი იდეალური მაგალითი. სიტყვას ამბობს უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც ყველანი პატივს ვცემთ.
კვირა, საღამოს 9 საათია, ჩაი მზადაა და ხუფქვეშ დგას. შემოდიან სტუმრები და რადიომიმღების ირგვლივ სხდებიან. დუსელი მარცხნივ, ვან დაანი პირდაპირ, პეტერი მარჯვნივ, დედა ვან დაანის გვერდით, ქალბატონი ვან დაანი მათ უკან, პიმი, მე და მარგო მაგიდასთან.
მამაკაცები ეწევიან. პეტერს დაძაბულობისაგან თვალები ეხუჭება.
მუქ გრძელ ხალათში გამოწყობილი დედა და ქალბატონი ვან დაანი კანკალებენ, რადგან მიუხედავად ჩერჩილის გამოსვლისა, თვითმფრინავები თამამად მიფრინავენ ჩვენს თავზე - რურის ოლქის მიმართულებით.
მამა ჩაის შეექცევა. მე და მარგო ხელიხელგადახვეულები ვსხედვართ, რადგან ორივეს კალთაში მძინარე მუში გვიწევს.
მარგოს თმები ბიგუდებზე დაუხვევია. მე მოკლე და ვიწრო პიჟამა მაცვია, ირგვლივ სრული სიჩუმე, სიმშვიდე, ოჯახური სიმყუდროვე სუფევს. დიახაც, ამ საღამოს ასეა.
თუმცა მე ყოველთვის დაძაბული ველოდები, რა მოხდება. უფროსებს მოთმინება არ ჰყოფნით ბოლომდე მოისმინონ სიტყვა, მოუთმენლად აფრატუნებენ ფეხებს. ეჩქარებათ იმსჯელონ იმაზე, რაც ჩერჩილმა თქვა, და იქამდე კბენენ ერთმანეთს, სანამ ჩხუბი და დავა აყალმაყალში არ გადადის.
ანა
სამშაბათი, 28 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
შემეძლო მეტი მეამბნა პოლიტიკაზე, მაგრამ დღეს ბევრი რამ უნდა გაცნობო. ჯერ ერთი, დედამ კატეგორიულად ამიკრძალა ზევით ხშირად სიარული, რადგან ჰგონია, რომ ქალბატონი ვან დაანი ჩემზე ეჭვიანობს. მეორეც, პეტერმა მარგოს სთხოვა, ჩემთან ერთად ევლო მასთან. არ ვიცი, ზრდილობის გამო, თუ მართლა ასე სურს.
მესამე, მამას ვკითხე, უნდა გავუწიო ანგარიში ქალბატონ ვან დაანის ეჭვიანობას თუ არა. მამა ფიქრობს, რომ არა. როგორ მოვიქცე? დედა ჯავრობს და ეჭვიანობს კიდეც ცოტათი. მამა კმაყოფილია ჩემი და პეტერის მეგობრობით და უხარია, ჩვენ რომ ასე კარგად ვეგუებით ერთმანეთს.
მარგოსაც პეტერი შესანიშნავ ყმაწვილად მიაჩნია, მაგრამ გრძნობს, რომ სამში არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რაც მხოლოდ ორს ეხება.
დედა ფიქრობს, რომ პეტერს ვუყვარვარ. გულახდილად რომ ვთქვა, მე ვოცნებობ კიდეც ამაზე, მაშინ ჩვენ თანაბარ მდგომარეობაში ვიქნებოდით და უფრო თამამად და გულახდილად ვისაუბრებდით. დედა იმასაც ამბობს, რომ პეტერი თვალს არ მაცილებს.
თუმცა ეს მართალია. მართალია ისიც, რომ ჩვენ ხანდახან თვალს ვუკრავთ ერთმანეთს და რომ მას ჩემს ლოყებზე ფოსოების გამოჩენა აინტერესებს! როგორ გგონია, რა შემიძლია გავაკეთო ასეთ მდგომარეობაში?
საერთოდ კი ცუდ დღეში ვარ. დედა ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი, მე კი მის წინააღმდეგ. მამას არ უნდა დაინახოს ჩვენი უსიტყვო ბრძოლა. დედა შეწუხებულია, რადგან მაინც ვუყვარვარ; მე ეს ნაკლებად მაწუხებს, რადგან ვგრძნობ, რომ სრულებით არ ესმის ჩემი.
ხოლო პეტერი... პეტერს ვერავის დავუთმობ. შესანიშნავი ყმაწვილია, აღტაცებას იწვევს ჩემში. ჩვენ შეიძლება საუცხოო მეგობრები გავხდეთ. რა უნდათ ამ "ბებრებს", რას ჩრიან ცხვირს ყველგან? საბედნიეროდ, მე შევეჩვიე ჩემი შინაგანი განცდების დაფარვას და იოლადაც ვახერხებ, არ შევამჩნევინო მათ, თუ რა ძლიერ მიყვარს პეტერი!
ნუთუ არაფერს მეტყვის? ნუთუ არასოდეს არ ვიგრძნობ მისი ლოყის შეხებას ისე, როგორც მაშინ სიზმარში, პეტელთან? პეტელი და პეტერი! თქვენ ჩემთვის ერთნი ხართ! მათ ჩვენი არ ესმით. ვერ გაუგიათ, რომ ჩვენ იმითაც ვართ კმაყოფილი, როცა ხმაამოუღებლივ ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ, არ ესმით, რა გვიზიდავს ერთმანეთისაკენ. როდის გადავლახავთ მთელ ამ დაბრკოლებას? და მაინც კარგია, რომ რაღაც გვაქვს გადასალახავი, რადგან ბოლო უფრო კარგი იქნება!
როცა პეტერი ხელებზე თავდაყრდნობილი და თვალდახუჭული ზის - ბავშვს ჰგავს, როცა მუშის ეთამაშება - ძალზე ალერსიანია, როცა კარტოფილით სავსე ტომრებს ან სხვა რამეს ეზიდება - ღონიერი, ხოლო როცა ქალაქის დაბომბვას უყურებს, ანდა ბნელში დაბლა ჩადის, რათა დარწმუნდეს, ქურდები ხომ არ შემოპარულან, გულადი. მაგრამ მე ყველაზე მეტად მაშინ მომწონს, როცა უმწეო და მოუხერხებელია, მაშინ ისეთი სათნოა.
მე ბევრად უფრო მსიამოვნებს, როცა ის მიხსნის რამეს, ვიდრე როცა მე ვასწავლი. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ყველაფრით ჩემზე მაღლა რომ იდგეს.
რაც უნდა ის იფიქრონ ჩვენმა დედებმა! ოღონდ კი რამე მითხრას!
ანა
ოთხშაბათი, 29 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ "ორანეს" რადიოსადგურით მინისტრი ბოლვენსტაინი ლაპარაკობდა. ომის შემდეგ ამ პერიოდის დღიურები და წიგნები უნდა გამოვცეთო. ყველა მაშინვე ჩემს დღიურს ეცა.
მართლაც, რა საინტერესო იქნება, ომის შემდეგ რომ გამოვაქვეყნო რომანი "თავშესაფარი", თუმცა სათაურს რომ წაიკითხავენ, იფიქრებენ, დეტექტიური რომანიაო.
არა, სერიოზულად. განა ომის შემდეგ, თუნდაც ოცი წლის შემდეგ, ადამიანები დაიჯერებენ იმ ამბავს, თუ როგორ ვცხოვრობდით აქ ებრაელები, რას ვამბობდით, რას ვჭამდით. მიუხედავად იმისა, რომ შენთვის ბევრი რამ მიამბნია, ეს მაინც ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელო ნაწილია.
მაგრამ შენ არ იცი, რა ძალიან ეშინიათ ქალებს, როცა ქალაქს ბომბავენ, როგორც მაგალითად კვირას, როცა ინგლისის 350-მა თვითმფრინავმა ნახევარი მილიონი კილოგრამი დინამიტი დააყარა იუმოიდენს, როცა აფეთქების ტალღა სახლებს აზანზარებს, როცა გესმის, როგორი ეპიდემიები მძვინვარებს ქალაქში. მე მთელი დღე უნდა ვწერო, რომ ყოველი წვრილმანი შეგატყობინო.
ადამიანებს ბოსტნეულისა და, საერთოდ, ყველაფრის საყიდლად გრძელ რიგში უხდებათ დგომა. ექიმი ავადმყოფთან ვერ მისულა, რადგან იპარავენ მანქანებსა (თუკი ვინმეს შერჩა) და ველოსიპედებს. ყველგან ძარცვასა და ქურდობაზეა ლაპარაკი და მე ჩემს თავს ვეკითხები: სად გაქრა ჰოლანდიელთა საარაკო პატიოსნება.
რვა-თერთმეტი წლის მოზარდები ამტვრევენ სხვისი ბინის ფანჯრებს და მიაქვთ ყველაფერი, რასაც მოიხელთებენ. ვერავინ ბედავს, თუნდაც ხუთი წუთით მიატოვოს ბინა, რადგან საკმარისია, მცირე ხნით მოსცილდე სახლს და დაბრუნებულს აღარაფერი დაგხვდება.
გაზეთებში ყოველდღე ბეჭდავენ განცხადებებს, სადაც პატრონები გასამრჯელოს პირდებიან იმათ, ვინც დააბრუნებს მოპარულ საბეჭდ მანქანებს, სპარსულ ხალიჩებს, ელექტროსაათებს, საკაბე და საპალტოე ნაჭრებს და ა. შ. ქუჩებში დიდ ელექტროსაათებს ხსნიან, ჯიხურებიდან ტელეფონები გააქვთ და მავთულსაც კი არ ტოვებენ.
ცხადია, შეუძლებელია, მოსახლეობის სულიერი განწყობილება კარგი იყოს.
საკვირაო რაციონით შორს ვერ წახვალ. მოკავშირეების გადმოსხდომას საშველი არ დაადგა. მამაკაცებს გერმანიაში უკრეს თავი, ბავშვები შიმშილობენ, ავადდებიან.
ყველას ცუდად აცვია და ახურავს. ფეხსაცმლის ლანჩა "შავ ბაზარზე" შვიდნახევარი გულდენი ღირს. მეწაღეები შეკვეთას არ ღებულობენ, თუ მიიღეს, ორი თვე უნდა უცადო, სანამ შეაკეთებენ, ამასობაში შეიძლება დაგეკარგოს კიდეც.
თუმცა, ერთი მხრივ, კარგიცაა: რაც უფრო ცუდია კვება, რაც უფრო მკაცრია რეპრესიები, მით უფრო იზრდება საბოტაჟი ოკუპანტების წინააღმდეგ. სურსათსანოვაგის გამანაწილებელი დაწესებულებების მომსახურე პერსონალი ხშირად ეხმარება დამალულებს, მაგრამ არის გამცემლობის შემთხვევებიც და მაშინ ყველას ციხეში ამწყვდევენ. საბედნიეროდ, მტერს მხოლოდ ნიდერლანდელთა უმნიშვნელო ნაწილი უჭერს მხარს.
ანა
პარასკევი, 31 მარტი, 1944
ძვირფასო კიწი!
ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა, მაგრამ უმრავლესობას აგერ უკვე ერთი თვეა, ნახშირი არა აქვს. კარგი საქმეა, არა? რუსეთის ფრონტზე გამარჯვებამ ოპტიმისტური განწყობილება გამოიწვია, საქმე იქ ბრწყინვალედ მიდის!!
თუმცა პოლიტიკურ ამბებზე ცოტას გწერ, მაგრამ მაინც უნდა გაცნობო, სად არიან ახლა რუსები: პოლონეთის საზღვარზე, რუმინეთთან პრუთზე გავიდნენ და ოდერს მიადგნენ. ყოველდღე ელიან საგანგებო ოფიციალურ ცნობას. მოსკოვში სალუტი ისე გახშირდა, ალბათ, მთელი ქალაქი გუგუნებს. არ ვიცი, მოსწონთ რუსებს სროლა, როგორც ფრონტის სიახლოვის მაუწყებელი, თუ სხვაგვარად ვერ გამოუხატავთ თავიანთი სიხარული.
გერმანიის ჯარებმა უნგრეთის ოკუპაცია მოახდინეს: უნგრეთში მილიონამდე ებრაელი ცხოვრობს, მათ ალბათ მოსპობენ.
ჩვენთან განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დღეს ვან დაანის დაბადების დღეა. საჩუქრად ორი კოლოფი თამბაქო და მცირეოდენი ყავა (მისმა ცოლმა ამ დღისთვის გადაინახა) მიიღო. კრალერმა ლიმონის პუნში მოუტანა, მიპმა სარდინები, ჩვენ ოდეკოლონი, იასამანი და ტულიპი მივართვით.
აღარაფერს ვამბობ ჟოლოსა და მოცხარის მურაბიან ტორტზე, რომელიც უვარგისი ფქვილისა და კარაქის გამო იფშვნებოდა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად გემრიელი იყო.
ჩემზე და პეტერზე ჭორაობას უკლეს. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები გავხდით, ხშირად ვართ ერთად და ქვეყნის ამბებზე ვსაუბრობთ. რა კარგია, რომ თავის შეკავება არ მიხდება, როგორც სხვა ბიჭებთან, როცა საჩოთირო თემაზე ჩამოვარდება საუბარი.
მაგალითად, ამას წინათ სისხლის შემდგენილობაზე ვსაუბრობდით და მენსტრუაციასაც შევეხეთ. მისი აზრით, ჩვენ, ქალებს ბევრის ატანა შეგვიძლია ოჰ, ოჰ, ოჰ, ვითომდა რატომ?
ჩემი ცხოვრება ბევრად გაუმჯობესდა, ღმერთმა არ დამტოვა მარტო და არც მომავალში დამტოვებს.
ანა
შაბათი, 1 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
და მაინც მეტისმეტად მიჭირს. შენ ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ. მენატრება კოცნა. კოცნა, რომელიც ამდენ ხანს არ მეღირსა. ნუთუ იგი მხოლოდ ისე მიყურებს, როგორც ამხანაგს? ნუთუ მისთვის უფრო მეტი არა ვარ. შენც კარგად იცი და მეც, რომ ძლიერი ვარ, ყველა გასაჭირს გავუძლებ და, საერთოდ, არ მჩვევია, ვინმეს შემწეობა ვთხოვო.
დედას არასოდეს ჩავბღაუჭებივარ, მაგრამ ახლა სიამოვნებით დავაყრდნობდი პეტერის მხარზე თავს და გავისუსებოდი!
ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ დავივიწყებ იმ სიზმარს, როცა ლოყაზე პეტერის ლოყა ვიგრძენი, როცა ყველაფერი მომხიბლავი და მშვენიერი იყო. ნუთუ მას არ სურს იგრძნოს ყოველივე ეს? შეიძლება მორცხვობა უშლის ხელს გამომიტყდეს სიყვარულში?
მაშ რატომ უნდა, რომ მუდამ მის გვერდით ვიყო. რატომ არაფერს მეუბნება? არა, ჯობია, გავჩუმდე, დავმშვიდდე. ძლიერი უნდა ვიყო, მოთმინებით უნდა ველოდო და ყველაფერი ამიხდება.
მაგრამ... და სწორედ ესაა ცუდი: ისე გამოდის, თითქოს მე დავდევდე მას. ის კი არ ჩამოდის ჩემთან, მუდამ მე ავდივარ ზევით. მაგრამ ეს ხომ ჩვენი ოთახების განლაგებაზეა დამოკიდებული და მას, ალბათ, ესმის. ო, მას კიდევ უფრო მეტი უნდა ესმოდეს!
ანა
ორშაბათი, 3 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
თუმცა ვერიდები ამაზე ლაპარაკს, მაინც მინდა დაწვრილებით მოგწერო, როგორ ვიკვებებით, რადგან ჭამა ერთ-ერთ უძნელეს პრობლემად იქცა არა მარტო თავშესაფარში, არამედ მთელ ნიდერლანდებში, ევროპაში და, საერთოდ ყველგან.
21 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აქა ვართ, კვების რიგი "პერიოდები" გავიარეთ. "პერიოდი" მოიცავს იმ დროს, როცა ყოველთვის ერთი და იგივე კერძი და ერთი და იგივე ბოსტნეული გვქონდა. ერთხანს მხოლოდ სალათას ვჭამდით, ხან შაქარმოყრილს, ხანაც უშაქროდ.
ზოგჯერ დამატებით გვაძლევდნენ ან კანიანად მოხარშულ, ანდა ცეცხლგამძლე ქვაბში შემწვარ კარტოფილს. ამის შემდეგ ისპანახის ჯერი დადგა. მას მოჰყვა კოლრაბი, კიტრი, პამიდორი, კომბოსტოს მწნილი და ა. შ. და ა. შ. წლის დროის მიხედვით.
აბა, რა სასიამოვნოა ყოველდღე სადილად და ვახშმად მჟავე კომბოსტო, მაგრამ როცა გშია, რას არ შეჭამ, ყველაზე "უკეთესი" პერიოდი ახლა დაგვიდგა, რადგან ახალი ბოსტნეული აღარ გვაქვს. ჩვენი ყოველკვირეული მენიუ ასეთია: სადილად წითელი ლობიო, ცერცვის ნახარში, კარტოფილი ცომის გუფთით, კარტოფილის პიურე, ზოგჯერ ღვთის წყალობით მიწამხალა ან შემპალი სტაფილო.
შემდეგ კი ისევ წითელი ლობიო. პურის ნაკლებობის გამო კარტოფილს ყოველ იჯრაზე ვჭამთ. საუზმეს კარტოფილით ვიწყებთ. წვნიანს ვხარშავთ თეთრი ან წითელი ლობიოსაგან კარტოფილისა და საყოველთაოდ ცნობილი კონცენტრატებისაგან:
ჟულიენის, სადედოფლო და წითელი ლობიოს წვნიანი. ყველაფერში წითელი ლობიოა, ალბათ, პურშიც. ყოველ საღამოს წითელი ჭარხლის სალათას ვჭამთ და კარტოფილს შეთითხნილი საწებელით. რამდენიმე სიტყვა ცომის გუნდაზეც უნდა ვთქვა. გუნდას "მთავრობის ფქვილისა და საფუარისაგან" ვამზადებთ.
რაღა თქმა უნდა, ყველაფერს ეწებება, იწელება და კუჭს ქვასავით აწვება. არაფერია, ამასაც ავიტანთ!
იცი, რა იყო ამ კვირის ყველაზე დიდი მოვლენა? გულღვიძლის ძეხვის ნაჭერი და პოვიდლოიანი გამხმარი პური. მიუხედავად ამისა, მაინც ცოცხლები ვართ და ჩვენ ღარიბულ საკვებს ხშირად გემრიელად მივირთმევთ.
ანა
სამშაბათი, 4 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამ ბოლო დროს აღარ ვიცი, რისთვის ვმუშაობ. ომს ბოლო არ უჩანს, ზღაპრულად შორსაა. თუ ომი სექტემბრამდე არ დამთავრდა, სკოლაში აღარ წავალ, რადგან ორი წლით ჩამორჩენა არ მინდა. მთელი დღეები პეტერზე ვფიქრობ, მხოლოდ პეტერზე. ის მუდამ ჩემთანაა, ძილშიც, ცხადშიც, შაბათს კი ვიგრძენი, რომ მეტის ატანა აღარ შემიძლია, რომ საშინლად უბედური ვარ. ჯერ პეტერთან ვიჯექი და ცრემლები მახრჩობდა, მერე ქალბატონ ვან დაანთან ერთად ლიმონის პუნშს ვწრუპავდი და ვხარხარებდი, აგზნებული, აღელვებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი მარტო დავრჩი, ვიგრძენი, რომ ტირილით გული უნდა ვიჯერო. ღამის პერანგის ამარა იატაკზე დავემხე, დიდხანს ვლოცულობდი გულმოდგინედ, ბოლოს თავით ხელებს დავეყრდენი და ცარიელ იატაკზე მუხლმოყრილი, ერთიანად მოკუნტული ვტიროდი.
გონს ისევ ჩემმა საშინელმა სლუკუნმა მომიყვანა. ჩემი ხმა რომ მეზობელ ოთახში არ გაეგონათ, ვცდილობდი, ცრემლები შემეკავებინა. ვამხნევებდი, ვამშვიდებდი ჩემს თავს, განუწყვეტლივ ვიმეორებდი: "ვალდებული ვარ, ვალდებული ვარ, ვალდებული ვარ..."
უხერხულად ჯდომამ გამაშეშა და საწოლის კიდეზე დავეცი. გუნებაამღვრეული დიდხანს ვებრძოდი საკუთარ თავს, ხოლო თერთმეტის ნახევარზე ლოგინში ჩავწექი. ყველაფერი გაქრა! გაქრა უკვალოდ... იმისათვის, რომ არ გამოვსულელდე, არ ჩამოვრჩე, ჟურნალისტი გავხდე, უნდა ვიმუშაო; ჟურნალისტობა კი ძალიან მინდა. ვიცი, რომ წერა შემიძლია. რამდენიმე მოთხრობა კარგი გამოვიდა, ჩვენი თავშესაფარი ჰუმორისტულად აღვწერე, ჩემს დღიურშიც ბევრი რამაა საინტერესო, მაგრამ... მაინც გამოსარკვევია, მაქვს თუ არა ტალანტი. ჩემი საუკეთესო ზღაპარია "ევას სიზმარი", ხოლო ყველაფერზე უცნაური და გასაოცარი ისაა, რომ თვითონაც არ ვიცი, რამ დამაწერინა.
"გედის ცხოვრებაშიც" ბევრი კარგი ადგილია, მაგრამ მთლიანად არ ვარგა. ჩემი ნაწერის საუკეთესო და უმკაცრესი კრიტიკოსი თვითონ მე ვარ. ვიცი, რა არის კარგად დაწერილი და რა არა. ვისაც არ უწერია, ვერ გაიგებს, რა სასიამოვნოა წერა. უწინ იმას ვდარდობდი, კარგად ვერ ვხატავ-მეთქი, მაგრამ ახლა უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან წერა მაინც შემიძლია. და თუ საგაზეთო წერილების და წიგნების დასაწერად ნიჭი არ მეყოფა, რა გაეწყობა, ჩემთვის მაინც დავწერ.
მინდა ბევრ რამეს მივაღწიო. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ისე ცხოვრება, როგორც დედა, ქალბატონი ვან დაანი და სხვა ქალები ცხოვრობენ, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამქვეყნად არაფერს დატოვებენ და უკვალოდ გაქრებიან. მე ქმრისა და ბავშვების გარდა, კიდევ უნდა მქონდეს რაღაც ისეთი, რასაც მთლიანად მივეცემი. მე სიკვდილის შემდეგაც მსურს ვიარსებო, ამიტომ ვემადლიერები ღმერთს, რომელმაც მომანიჭა ძალა განმევითარებინა გონება და კალმის მეშვეობით გამომეხატა ის, რაც ჩემში სულდგმულობს.
როცა ვწერ, ყველაფერი თავისთავად ირკვევა, დარდი მშორდება, მხნეობა მემატება. მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია ვიცოდე, დავწერ თუ არა ოდესმე რაიმე მნიშვნელოვანს, შევძლებ თუ არა, მწერალი ან ჟურნალისტი გავხდე? ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, მთელი გულით ვიმედოვნებ! როცა ვწერ, ყველაფრის ახსნა შემიძლია, ჩემი აზრების, იდეალების, ფანტაზიის. კარგა ხანია "გედის ცხოვრებისათვის" ხელი არ მიხლია. თითქოს კარგად ვიცი, რა უნდა მოხდეს შემდეგ, მაგრამ როცა კალამს მოკიდებ ხელს, ნაწარმოები არც ისე იოლად და სწრაფად მიიწევს წინ.
შეიძლება ვერც დავამთავრო და ხელნაწერი საქაღალდე კალათში ან ღუმელში აღმოჩნდეს. ამგვარი ფიქრები მაინცდამაინც სასიამოვნო არაა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე: "თოთხმეტი წლის ასაკში, როცა თითქმის არავითარი გამოცდილება არა გაქვს ცხოვრებაში, ფილოსოფიური წიგნის დაწერა შეუძლებელია!"
ანა
ხუთშაბათი, 6 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
შენ შემეკითხე, რა მაინტერესებს, რა მიტაცებს ყველაზე მეტად და ახლა მინდა გიპასუხო. გაფრთხილებ, ნუ შეშინდები, უამრავი რამ.
უპირველეს ყოვლისა, წერა, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩვეულებრივ გატაცებად ჩაითვალოს.
ამის შემდეგ ყველაზე მეტად სამეფო გვარების გენეალოგია მაინტერესებს.
ცნობები ფრანგ, გერმანელ, ესპანელ, ინგლისელ, რუს, ნორვეგიელ და ჰოლანდიელ მეფეებზე ჟურნალ-გაზეთებიდან და წიგნებიდან ამოვკრიფე და ბევრი რამ უკვე სისტემატიზებულია. დიდი ხანია დამჩემდა, როცა ისტორიული ან ბიოგრაფიული ხასიათის წიგნს ვკითხულობ, მთელ ნაწყვეტებს ვიწერ, ასე, რომ ჩემი მესამე გატაცება ისტორიაა.
მამამ ბევრი ისტორიული ნაწარმოები მიყიდა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა თავად შემეძლება საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნების გადაქექვა.
მეოთხე - ბერძნული და რომაული მითებით გატაცებაა და სათანადო წიგნებიც ბევრი მაქვს. გარდა ამისა, გატაცებული ვარ კინოვარსკვლავებისა და საოჯახო ფოტოების შეგროვებით. ძალიან მიყვარს წიგნები და მაინტერესებს ყველაფერი, რაც მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს და ხელოვნების ისტორიას ეხება.
შეიძლება მოგვიანებით მუსიკამაც გამიტაცოს. გარკვეულად არ მომწონს ალგებრა, გეომეტრია და არითმეტიკა. სხვა სასკოლო საგნები მაინტერესებს, მაგრამ ყველაზე მეტად ისტორია!
ანა
სამშაბათი, 11 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
ლამის თავი გამისკდეს. არ ვიცი, რით დავიწყო. პარასკევს (ვნების პარასკევს) ნასადილევს და შაბათს სხვადასხვა გასართობებით ვიქცევდი თავს. დღეები უფერულად, სწრაფად მიჰქროდნენ. კვირას ექვს საათამდე დავრჩით მაღლა. შვიდის თხუთმეტი წუთიდან შვიდამდე რადიოთი მშვენიერ კონცერტს გადმოსცემდნენ მოცარტის ნაწარმოებებიდან, განსაკუთრებით მომეწონა "პატარა ღამის სერენადა". არ შემიძლია მუსიკის ხეირიანად მოსმენა სხვების თანდასწრებით, რადგან კარგი მუსიკა ძალიან მაღელვებს.
კვირა საღამოს მე და პეტერი სხვენზე ავედით. მოხერხებულად რომ ვმსხდარიყავით, ჩვენი ოთახიდან დივნის ბალიშები წამოვიღეთ და ყუთზე მოვკალათდით. სივიწროვის გამო ყუთებზე ზურგმიყრდნობილნი ერთმანეთს ვეკვროდით.
მეთვალყურეც გვყავდა, მუში ჩვენს საზოგადოებაში იყო. ცხრას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ბატონმა ვან დაანმა დაგვისტვინა და გვკითხა: ბატონ დუსელის ბალიში თქვენ ხომ არ წაგიღიათო.
ორივენი წამოვხტით, ბალიშები ავკრიფეთ, კატა ხელში ავიყვანეთ და ბატონ ვან დაანთან ერთად ქვევით ჩავედით. ბალიშის გამო მთელი ამბავი დატრიალდა. ბატონი დუსელი საშინლად გაბრაზდა, ჩვენ თურმე მისი ყურთბალიში წაგვიღია. ეშინოდა, შიგ რწყილები არ დაბუდებულიყვნენ და რაღაც ქეციანი ბალიშის გულისათვის მთელი სახლი თავდაყირა დააყენა.
მე და პეტერმა გადავწყვიტეთ, შური გვეძია და საწოლში ორი მაგარი ჯაგრისი ჩავუდეთ. ო, რამდენი ვიცინეთ ამ ინტერმეცოს გამო.
ჩვენი სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა. ათის ნახევარზე პეტერმა დააკაკუნა, მამას სთხოვა, ზემოთ ასულიყო და დახმარებოდა ძნელი ინგლისური წინადადების თარგმნაში.
"რაღაც ამბავია", ვუთხარი მე მარგოს, "აშკარად ტყუის!"
ჩემი ვარაუდი გამართლდა. თურმე ქურდებს საწყობის კარი შემოუმტვრევიათ.
მამა, პეტერი, ვან დაანი და დუსელი სწრაფად ჩავიდნენ დაბლა. მე, მარგო, დედა და ქალბატონი ვან დაანი ზემოთ ველოდით. ოთხ შეშინებულ ქალს აბა ჩუმად რა გააჩერებს და ჩვენც ვლაპარაკობდით, სანამ ქვემოდან ხმაური არ მოგვესმა. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა.
ათს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, საათმა დარეკა. ჩვენ ფერი დავკარგეთ, უხმოდ ვისხედით და ძალიან გვეშინოდა. სად არიან ჩვენი მამაკაცები?
იქნებ ქურდებთან ჩხუბობენ? 10 საათზე კიბეზე ფეხის ხმა მოგვესმა. შემოვიდა გაფითრებული, აღელვებული მამა, უკან ბატონი ვან დაანი მოჰყვებოდა.
— ჩააქრეთ სინათლე და წყნარად ადით ზევით. შეიძლება პოლიცია მოვიდეს. შიშის დრო არ იყო. სინათლე ჩააქრეს. მე ჟაკეტს დავავლე ხელი და ყველანი ზევით ავედით.
— რა მოხდა ასეთი? გვითხარი ჩქარა!
მაგრამ სადღა იყო მთქმელი. მამაკაცები ისევ დაბლა ჩავიდნენ. თერთმეტის ათ წუთზე ოთხივე ზევით ამოვიდა. ორი პეტერის ღია ფანჯარასთან გაჩერდა სადარაჯოდ.
დერეფნის კარი დაკეტეს, მბრუნავი კარი მიხურეს, ღამის ნათურას სვიტერი შემოახვიეს და შემდეგ გვიამბეს: "პეტერმა ორი ძლიერი დარტყმის ხმა გაიგონა, ქვევით ჩაირბინა და დაინახა, რომ საწყობის კარს მარცხნივ დიდი თამასა აკლია. შემდეგ ზევით ამოვიდა, ჩვენი ოჯახის ბრძოლისუნარიანი წევრები ფეხზე დააყენა და ოთხივენი დაბლა ჩავიდნენ.
ქურდებს სწორედ მაშინ მიუსწრეს, როცა იქაურობას ძარცვავდნენ. ვან დაანმა დაუფიქრებლად იყვირა: "პოლიცია"! მძარცველები შეშინდნენ და გაიქცნენ.
პოლიციელებს რომ ხვრელი არ შეემჩნიათ, მამაკაცებმა მომძვრალი თამასა თავის ადგილზე დაამაგრეს, მაგრამ გარედან ვიღაცამ მაგრად დაარტყა ფეხი და ისევ მოგლიჯა.
ასეთმა თავხედობამ ოთხივეს თავზარი დასცა. ბატონი ვან დაანი და პეტერი მზად იყვნენ მოეკლათ არამზადები. ვან დაანმა ღონივრად დაარტყა ცული იატაკს და უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა. კვლავ განიზრახეს მომძვრალი ფიცრის მიჭედება, მაგრამ ახლა სხვა დაბრკოლებამ შეუშალა ხელი.
ქუჩაში მეზობლად მცხოვრები ცოლ-ქმარი იდგა, ჯიბის ფარნის შუქი მთელ საწყობს ანათებდა.
"დასწყევლოს ეშმაკმა", ჩაილუღლუღა ერთ-ერთმა ოთხთაგანმა და... უეცრად როლები შეიცვალა - პოლიციელებიდან ქურდებად იქცნენ.
ჩვენი კაცები ჩუმად ამოვიდნენ ზევით. პეტერმა სწრაფად გააღო სამზარეულოს და კაბინეტის კარ-ფანჯარა, ტელეფონი იატაკზე დაანარცხა და ბოლოს ყველა შენიღბულ კარს უკან აღმოჩნდა.
ასეთია პირველი ნაწილის დასასრული. ადვილი შესაძლებელია, ცოლ-ქმარმა პოლიცია გამოიძახოს. ეს ამბავი კვირა საღამოს, აღდგომის მეორე დღეს მოხდა და კონტორაში არავინ იყო. სამშაბათამდე გაუნძრევლად უნდა ვმსხდარიყავით. წარმოიდგინე, რა ძნელია ორი ღამე და ერთი დღე შიშით იყო შეპყრობილი. არაფერზე ფიქრის თავი არ გვქონდა, ვისხედით უკუნეთ სიბნელეში, რადგან ქალბატონმა ვან დაანმა სინათლე ჩააქრო, ვჩურჩულებდით და ყოველ გაფაჩუნებაზე ვსისინებდით: "სუ, სუ!"
გახდა თერთმეტის ნახევარი, თერთმეტი, ჩამი-ჩუმი არ ისმის. მამა და ვან დაანი რიგრიგობით შემოდიან ჩვენთან. უეცრად, თორმეტის ნახევარზე ქვევით ისევ ხმაური ატყდა. თითოეული ჩვეგანის სუნთქვა ისმოდა, მაგრამ არავინ განძრეულა. ნაბიჯები სახლში, კაბინეტში, სამზარეულოში, მერე... ჩვენს კიბეზე! ყველას სუნთქვა შეგვეკრა, რვა გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
ნაბიჯები ჩვენს კიბეზე, მერე ვიღაც მბრუნავ კარადას ეჯაჯგურება. ამ წუთების გადმოცემა შეუძლებელია.
"ახლა კი დავიღუპეთ", გავიფიქრე მე და უკვე წარმოვიდგინე, როგორ მივყავართ ამაღამვე გესტაპოში. მბრუნავი კარადა კიდევ ორჯერ შეანჯღრიეს, შემდეგ რაღაც დავარდა ძირს და ნაბიჯების ხმა თანდათან მიწყდა. ჯერჯერობით გადავრჩით. ყველას კანკალი აგვივარდა. მესმოდა ვიღაცის კბილების კაწკაწი, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.
სახლში ხმაური აღარ ისმოდა, მაგრამ მოძრავი კარადის წინ სინათლე ენთო, იმიტომ ხომ არ აანთეს, რომ კარადამ დააეჭვათ? იქნებ პოლიციელებს სინათლის ჩაქრობა დაავიწყდათ? უეცრად რომ დაბრუნდეს ვინმე? ყველამ ენა ამოიდგა.
ეტყობა, სახლში აღარავინაა, მაგრამ ხომ შეიძლება შემოსასვლელ კართან მოდარაჯე პოლიციელი იდგეს.
შიშისაგან აკანკალებულებს მოგვინდა... მაგრამ ვედროები სხვენზე იდგა და ამიტომ პეტერის ლითონის საქაღალდე წავბილწეთ. პირველი ვან დაანი მიადგა, შემდეგ მამა, დედას მოერიდა და მამამ ჭურჭელი ოთახში მოუტანა. ამით მე, მარგომ და ქალბატონმა ვან დაანმა სიამოვნებით ვისარგებლეთ, ბოლოს დედამაც. ქაღალდზე მოთხოვნილება დიდი იყო, საბედნიეროდ, ჯიბეში მედო რამდენიმე ფურცელი.
ჭურჭელი ყარდა, ჩვენ ვჩურჩულებდით, საშინლად დავიღალეთ. თორმეტი საათი გახდა.
დაწექით იატაკზე და დაიძინეთ!
მე და მარგოს ბალიშები და საბნები მოგვცეს. მარგო კარადის მახლობლად დაწვა. მე მაგიდის ფეხებშუა. იატაკზე ნაკლებად ყარდა, მაგრამ ქალბატონმა ვან დაანმა მაინც მოიტანა ჩუმად ცოტაოდენი ქლორი. გარდა ამისა, ჭურჭელს ძველი თავსაბური გადააფარეს.
საუბარი, ჩურჩული, მყრალი სუნი, შიში, მუცლის ყუყუნი, წარამარა ვიღაცას უჭირს, მოდი და დაიძინე! სამის ნახევარზე ისე დავიღალე, რომ ოთხის ნახევრამდე აღარაფერი გამიგია. გამომაღვიძა ქალბატონმა ვან დაანმა, რადგან თავი ფეხებზე დამადო. "მომეცით რამე ჩასაცმელი, მცივა", ვითხოვე მე და მართლაც მომცეს, მაგრამ ნუ იკითხავ, რა. პიჟამაზე გადავიცვი შავი შალის შარვალი, წითელი სვიტრი, შავი ქვედატანი, თეთრი მაღალყელიანი და დახეული მოკლე წინდებიც ჩავიცვი.
ქალბატონი ვან დაანი სკამზე ჩამოჯდა. ახლა ბატონი ვან დაანი გაიჭიმა იატაკზე და თავი ფეხებზე დამადო. მე ათას რამეზე ვფიქრობდი და თან ისე ვკანკალებდი, რომ ვან დაანი არ დავაძინე. მეგონა, პოლიციელები დაბრუნდებიან და ჩვენ იძულებული შევიქნებით ვაღიაროთ, რომ ვიმალებით. თუ პოლიციელები კეთილი ჰოლანდიელები აღმოჩნდებიან, გადავრჩებით და თუ ნაცისტები მოვიდნენ, მაშინ ფულით უნდა გამოვისყიდოთ თავი.
— დამალე რადიომიმღები, - ამოიხვნეშა ქალბატონმა ვან დაანმა.
— სად წავიღო, ღუმელში შევაგდო?!. თუ ჩვენ აღმოგვაჩენენ, ბარემ რადიომიმღებიც ნახონ, - უპასუხა ქმარმა.
— ცხადია, ანეს დღიურსაც იპოვნიან, - თქვა მამამ.
— დავწვათ დღიური, - შემოიტანა წინადადება ყველაზე მშიშარამ ჩვენს
შორის. ეს წუთი ჩემთვის არანაკლებ საშიში იყო, ვიდრე პოლიციელების მიერ კარადის ჯაჯგური.
— არა, დღიური არა, ჩემი დღიური ჩემთან ერთად დაიღუპება!
მადლობა ღმერთს, მამას არაფერი უთქვამს. აზრი არა აქვს იმ საუბრის გადმოცემას, რომელიც ჩემს გონებას შემორჩა. ბევრი რამ ითქვა. ვანუგეშებდი შეშინებულ ქალბატონ ვან დაანს. ვლაპარაკობდით გაქცევაზე, გესტაპოში დაკითხვაზე და იმაზე, რომ მეტი მხნეობა გვმართებს.
— თავი ისე უნდა გვეჭიროს, როგორც ჯარისკაცებს, ქალბატონო ვან დაან!
"ორანე" მოგვიწოდებს, მტკიცედ დავიცვათ დედოფალი, სამშობლო, თავისუფლება, სიმართლე და სამართლიანობა, ცხადია, თუკი ყველაფერი ეს გვწამს, ყველაზე საშინელი მაინც ის იქნება, თუ ჩვენს მფარველებს ჩავითრევთ ამ უბედურებაში.
ვან დაანმა ისევ გაუცვალა ცოლს ადგილი. მამა ჩემს გვერდით დაწვა. მამაკაცები განუწყვეტლივ ეწეოდნენ, დროდადრო ღრმა ოხვრა ისმოდა, მერე ისევ მოუნდა... ვიღაცას და ასე გაუთავებლად. ოთხი საათი, ხუთი, ექვსის ნახევარი. ბოლოს წამოვდექი და პეტერთან ავედი. ფანჯარასთან ჩამომჯდარი ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის სხეულის ცახცახს ვგრძნობდით.
ხანდახან ორიოდე სიტყვას გავიმეტებდით და დაძაბულად ვუგდებდით ყურს, რა ხდებოდა ირგვლივ. მეზობელი სახლის ერთ-ერთ ფანჯარას შუქსანიღბავი ფარდები მოხსნეს.
შვიდ საათზე მამაკაცებმა გადაწყვიტეს დაერეკათ კოოპჰოისისათვის და კონტორაში ვინმე გამოეძახებინათ. მათ ჩაიწერეს, თუ რა უნდა ეთქვა ტელეფონით.
საფრთხე დიდი იყო, რადგან შემოსასვლელ კართან გაჩერებულ დარაჯს შეეძლო გაეგონა ტელეფონის ზარის წკარუნი, მაგრამ პოლიციის დაბრუნება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, აი, რა უნდა გადაეცათ კოოპჰოისისათვის:
"კარი შემომტვრეულია. სახლში პოლიცია იყო. მბრუნავ კარს მოადგნენ, ზემოთ არ ამოსულან.
მძარცველებს ეტყობა ხელი შეუშალეს. საწყობის კარი შემომტვრეულია, მძარცველები ბაღში გადახტნენ და გაიქცნენ.
სადარბაზო შემოსასვლელი დაკეტილია. კრალერი, ალბათ, მეორე კარით გავიდა.
საბეჭდი მანქანები კაბინეტში შავ კარადაშია დამალული. სცადოს ჰენკის გაფრთხილება, გამოართვას ელის გასაღები და მოვიდეს კონტორაში იმ საბაბით, რომ კატას საკვები უნდა მისცეს".
ყველაფერი საუკეთესოდ მოეწყო. კოოპჰოისს დაურეკეს, საბეჭდი მანქანები (რომლებიც ზევით ამოვიტანეთ) შავ კარადაში შეინახეს. ჩვენ კი მაგიდის ირგვლივ ვისხედით და ჰენკის ან პოლიციის მოსვლას ველოდით.
პეტერს ჩაეძინა. მე და ვან დაანი იატაკზე ვიწექით. უეცრად ქვემოდან მძიმე ნაბიჯების ხმა მოგვესმა. "ჰენკია", გავიფიქრე მე და ჩუმად ავდექი.
"არა, არა, პოლიციაა!" მომესმა ვიღაცის ხმა.
კარზე დააკაკუნეს. მიპის სტვენა! ქალბატონმა ვან დაანმა ამდენი ვეღარ აიტანა და მკვდარივით გაფითრებული უღონოდ დაესვენა სკამზე. დაძაბულობა რომ კიდევ ერთ წუთს გაგრძელებულიყო, გული წაუვიდოდა.
ჰენკი და მიპი შემოვიდნენ. ჩვენი ოთახი საუცხოო სანახავი იყო, მარტო მაგიდა რად ღირდა. მაგიდაზე იდო გადაშლილი "ფილმი და თეატრი", მომხიბვლელი კინოვარსკვლავების პორტრეტები, გათხუპნული მურაბით და კუჭის აშლილობის საწინააღმდეგო წამლით. იქვე ეგდო მურაბის ორი ცარიელი ქილა, ნახევარი და მთელი პური, სარკე, სავარცხელი, ასანთი, ფერფლი, სიგარეტები, თამბაქო, საფერფლე, ქალის ტრიკო, ჯიბის ნათურა, ტუალეტის ქაღალდი და ა. შ. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.
ცხადია, ჰენკს და მიპს სიხარულით და ცრემლებით შევეგებეთ. ჰენკმა კარზე მომძვრალი ფიცარი მიაჭედა და იმწამსვე წავიდა. კარის გატეხა პოლიციისათვის უნდა შეეტყობინებინა. მიპმა კარის ქვეშ ღამის დარაჯის ბარათი იპოვა, სადაც ეწერა, რომ კარი გატეხილი დახვდა და პოლიციას შეატყობინა. ჰენკს მასთანაც უნდა შეევლო.
ნახევარ საათში თავი წესრიგში უნდა მოგვეყვანა. ჯერ არ მინახავს, ამ ხნის განმავლობაში რომ ასე გარდაქმნილიყო ყველაფერი. მე და მარგომ იატაკზე დაგებული ლოგინი ავალაგეთ, მერე საპირფარეშოს მივაშურეთ, ხელ-პირი დავიბანეთ, კბილები გავიხეხეთ, თმა დავივარცხნეთ. ოთახი ცოტა მივალაგ-მოვალაგეთ და ისევ ზევით ავედით. მაგიდა მოესუფთავებინათ, ჩვენ წყალი მოვიტანეთ, ყავა და ჩაი ავადუღეთ და საუზმე გავშალეთ.
მამამ და პეტერმა ღამის ჭურჭელი გაიტანეს და ცხელი წყლითა და ქლორით გარეცხეს.
თერთმეტ საათზე ჰენკი უკვე ჩვენთან იყო, სუფრას შემოვუსხედით და თანდათან დავმშვიდდით. აი, რა გვიამბო ჰენკმა:
"ჩვენი დარაჯის, სლაგტერის ცოლმა მითხრა (თვითონ დარაჯს ეძინა), რომ მის ქმარს შემოვლის დროს შემტვრეული კარი აღმოუჩენია. გაქცეულა, პოლიციელი მოუყვანია და მასთან ერთად მთელი სახლი გაუჩხრეკია. სამშაბათს კრალერთან აპირებს მისვლას... უნდა აცნობოს, რაც მოხდა. პოლიციის განყოფილებაში ჯერ არაფერი იცოდნენ კარის შემომტვრევის შესახებ, იქვე ჩაიწერეს ყველაფერი და ისინიც სამშაბათს აპირებენ მოსვლას".
უკან გაბრუნებულმა ჰენკმა შემთხვევით ბოსტნეულის მოვაჭრესთან შეიარა და უამბო, რაც მოხდა.
— ვიცი, ვიცი, - უპასუხა მან მშვიდად, - გუშინ საღამოს ცოლთან ერთად თქვენს სახლს ჩავუარე და დავინახე, რომ კარი შემტვრეულია. ცოლს არ უნდოდა შეჩერებულიყო, მაგრამ მე ჯიბის ფარნით გავანათე იქაურობა და ქურდებმა მოკურცხლეს. პოლიციისათვის აღარ დამიძახია, რადგან ვიცი, რომ არ გესიამოვნებოდათ. ცხადია, მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ ზოგ რამეს მაინც ვხვდები.
ჰენკმა მადლობა გადაუხადა და წამოვიდა. ალბათ, მიმხვდარია, რომ ჩვენ აქ ვიმალებით, რადგან კარტოფილი ყოველთვის სადილობისას მოაქვს, ეტყობა, კარგი კაცია!
ჰენკი წავიდა. ჩვენ ჭურჭელი გავრეცხეთ და პირველ საათზე ყველანი დასაძინებლად დავწექით. სამს რომ თხუთმეტი აკლდა, გამომეღვიძა. ბატონი დუსელი ადგილზე არ იყო. ნამძინარევი სახით სამზარეულოში შევედი და სრულიად შემთხვევით პეტერს წავაწყდი. დავთქვით, ქვევით შევხვედროდით ერთმანეთს. თავი ოდნავ წესრიგში მოვიყვანე და ქვევით ჩავედი.
"გაბედავ სხვენზე ასვლას?", მკითხა მან. მე უარი არ მითქვამს, ბალიში ავიღე და ზევით ავედით... შესანიშნავი ამინდი იყო, მაგრამ მალე საჰაერო განგაში ატყდა.
ჩვენ ადგილიდან არ დავძრულვართ. პეტერმა მხრებზე ხელი მომხვია. მეც მოვეხვიე და ოთხ საათამდე მშვიდად ვისხედით. ოთხზე მარგო მოვიდა და ყავის დასალევად წაგვიყვანა.
შევჭამეთ პური, დავაყოლეთ ლიმონათი და ისევ სიცილისა და ხუმრობის ხასიათზე დავდექით. საღამოს პეტერს მადლობა გადავუხადე, რადგან ჩვენს შორის ყველაზე მამაცი აღმოჩნდა.
არასოდეს არ ვყოფილვართ ასეთ საფრთხეში როგორც ამ ღამეს. ღმერთმა დაგვიფარა. წარმოიდგინეთ, სინათლე ენთო, ჩვენი კარადის წინ პოლიცია იდგა და მაინც ვერ აღმოგვაჩინეს.
როცა დესანტის გადმოსხმა და ბომბარდირება დაიწყება, მაშინ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ეხება ჩვენი კეთილი უდანაშაულო მფარველების ბედს.
"გადავრჩით, კვლავაც დაგვიფარე ღმერთო!" ჩვენ მხოლოდ ამას ვთხოვთ ღმერთს!
ამ ამბის შემდეგ ზოგი რამ შეიცვალა. ბატონი დუსელი საღამოობით სააბაზანოში ზის და არა კრალერის კაბინეტში. ცხრის ნახევარზე და ათის ნახევარზე პეტერი მთელ სახლს ათვალიერებს. ახლა ღამეც აღარ შეიძლება ფანჯრების გაღება.
ათის ნახევრის შემდეგ საპირფარეშოს ჩარეცხვა აკრძალულია. ამ საღამოს დურგალი მოვა და საწყობის კარებს გაამაგრებს. ყველა დაობს: კი - არა! აუცილებელია - არავითარ შემთხვევაში! კრალერმა გვისაყვედურა, გაუფრთხილებლად მოიქეცითო, ჰენკიც ამბობს, ასეთ დროს დაბლა ჩასვლის უფლება არ გაქვთო.
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენ ლტოლვილი, ერთ ადგილზე მიჯაჭვული ებრაელები ვართ. რომ ჩვენ არაფრის უფლება არა გვაქვს, მოვალეობა კი ათასი. ყველა გრძნობა უნდა დავიოკოთ. მხნეობა, ვაჟკაცობა უნდა გამოვიჩინოთ, უდრტვინველად შევეგუოთ
ჩვენს ბედს, უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის, რისი ძალაც შეგვწევს და ღმერთის იმედი ვიქონიოთ. ოდესმე ხომ გათავდება ეს საშინელი ომი, ოდესმე ჩვენ მხოლოდ ებრაელები კი არ ვიქნებით, არამედ ადამიანებიც.
ვინ აგვკიდა ასეთი ტვირთი! ვინ გამოგვყო ჩვენ, ებრაელები, სხვა ხალხებისაგან! ვინ გვყო იძულებული მუდამ ტანჯვაში ვიცხოვროთ! ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა ასეთები და ღმერთი გვიხსნის. და თუ ჩვენ მთელ ამ ტანჯვას გავუძლებთ, ისევ ებრაელები დავრჩებით. იქნებ, როდისმე ეს განწირული ხალხი ყველასათვის სანიმუშო შეიქნეს.
ვინ იცის, იქნებ ჩვენმა სარწმუნოებამ ყველა ხალხს ასწავლოს სიკეთე. ტანჯვა მარტო ამისათვისაც კი ღირს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მხოლოდ ჰოლანდიელები, ინგლისელები ან რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლები, ამასთან ერთად ჩვენ ებრაელებიც უნდა დავრჩეთ და დავრჩებით კიდეც.
იყავით მხნედ! საჭიროა შევიგნოთ ჩვენი ამოცანა და დრტვინვას მოვეშვათ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ღმერთს არასოდეს მიუტოვებია ებრაელები გასაჭირში! მათ ყველა საუკუნეს გაუძლეს და ცოცხალნი დარჩნენ. ყველა საუკუნეში იტანჯებოდნენ, ყველა საუკუნეში მხნედ ეჭირათ თავი. სუსტნი ეცემიან, მაგრამ ძლიერები რჩებიან და არ იღუპებიან!!!
იმ ღამეს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს უნდა მოვმკვდარიყავი. ველოდი პოლიციას და მზად ვიყავი, როგორც ჯარისკაცი ბრძოლის ველზე. მინდოდა, სამშობლოსათვის თავი გამეწირა, მაგრამ რაკი გადავრჩით, ახლა ჩემი უდიდესი სურვილი ისაა, რომ ომის შემდეგ ჰოლანდიელი გავხდე.
მიყვარს ჰოლანდიელები, მიყვარს ჩვენი ქვეყანა, მისი ენა და მინდა, აქ ვიმუშაო.
არაფერს არ მოვერიდები, სანამ ჩემსას არ მივაღწევ, თუნდაც დედოფალთან მომიხდეს წერილის მიწერა.
რაც დრო გადის, სულ უფრო დამოუკიდებელი ვხდები მშობლებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვარ, სიმხნევე არ მაკლია და უფრო სწორი წარმოდგენა მაქვს სამართლიანობაზე, ვიდრე დედაჩემს.
ვიცი, რა მინდა, მაქვს მიზანი, საკუთარი აზრი, რწმენა და სიყვარული. მომეცით საშუალება, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და ბედნიერებისათვის მეტი არაფერი მინდა. მე ვიცი, რომ ქალი ვარ, შინაგანად ძლიერი და მამაცი.
თუ ღმერთმა ცოცხალი დამტოვა, გაცილებით მეტს გავაკეთებ, ვიდრე დედაჩემს ოდესმე გაუკეთებია. მე არ დავრჩები შეუმჩნეველი, მე ფართო ასპარეზზე გავალ, ხალხისთვის ვიშრომებ. ახლა მე ვიცი, რომ ცხოვრებაში უმთავრესია სიმამაცე და სიცოცხლისადმი ტრფიალი.
ანა
პარასკევი, 14 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
ჩვენთან ჯერ კიდევ დაძაბული მდგომარეობაა. პიმი თავს ძლივს იკავებს. ქალბატონი ვან დაანი გაციებულია, ლოგინში წევს, იმანჭება და ჭირვეულობს.
მისმა ქმარმა ფერი დაკარგა, რადგან გამამხნევებელი სიგარეტები არა აქვს. დუსელს მყუდრო კუთხე წაართვეს და გაუთავებლად ბუზღუნებს.
ყველაფერი მოიშალა; საპირფარეშოდან წყალი წვეთავს, ონკანის ხრახნი გაცვდა. საბედნიეროდ, ნაცნობების წყალობით, ერთსაც და მეორესაც მალე შეაკეთებენ.
თავად ვიცი, რომ ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ, მაგრამ... ზოგჯერ მიზეზიც არსებობს ამისათვის.
როცა მე და პეტერი ერთმანეთს მიკრულნი, ხელგადახვეულნი ვსხედვართ ხის მაგარ ყუთზე, როცა იგი ჩემს კულულებს ეთამაშება, როცა გარეთ ჩიტები ჭიკჭიკებენ, როცა ვხედავ, როგორ იმოსება ხეები მწვანით, როცა მზე გარეთ მიხმობს, ხოლო ჰაერი ლაჟვარდოვანი და გამჭვირვალეა, ო, მაშინ ბევრი რამ მინდა!
თავშესაფარში კი ჩემს ირგვლივ მხოლოდ პირქუში და უკმაყოფილო ადამიანებია. ისმის ოხვრა, ჩივილი, თითქოს უეცრად ჩვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მაგრამ თუ ვინმე ცუდად გრძნობს თავს, ამაში თვითონვეა დამნაშავე.
თავშესაფარში მისაბაძ მაგალითს არავინ იძლევა, აქ ყველამ თვითონ უნდა მოუაროს საკუთარ განწყობილებას: "ო, ნეტავ ჩქარა გათავდებოდეს ყველაფერი!" მესმის ყოველდღე. მე ჩემი სამუშაო, იმედი, სიყვარული და სიმამაცე მშველის. ყოველივე ამას კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს ჩემთვის.
მაგრამ იცი რა, კიწი! დღეს ცოტას "ვურევ" და არ ვიცი, რატომ. ღმერთმა უწყის, რა დავწერე, არავითარი კავშირი არ იგრძნობა. ზოგჯერ არც ის მჯერა, რომ ჩემი ნაჯღაბნი ოდესმე ვინმეს დააინტერესებს.
"უგუნური ბატის ჭუკის აღსარება", ასე დაარქმევენ მთელ ამ სისულელეს. ბატონები ბოლკენსტაინი და გერბრანდი (ჰოლანდიური გამომცემლების გვარებია.) ბევრს ვერაფერს იპოვნიან ჩემს დღიურში.
ანა
შაბათი, 15 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
ერთ აურზაურს მეორე მოჰყვა. ნეტავ, როდის მოეღება ბოლო ყოველივე ამას, ეკითხება საკუთარ თავს თითოეული ჩვენგანი.
წარმოიდგინე, რა მოხდა. პეტერს დაავიწყდა, გამოეძრო ურდული, რომელსაც ყოველ ღამე შემოსასვლელ კარს ვადებთ, მეორე კარის გასაღები კი მოშლილია. ამიტომ კრალერი და მუშები კონტორაში ვერ შემოვიდნენ.
კრალერმა მეზობელი შეაწუხა, იქიდან ფანჯარა შემოამტვრია და ასე შემოვიდა სახლში.
ჩვენი კეთილისმყოფელი გაცოფებულია, ასეთი სისულელე როგორ მოგივიდათო. უნდა გითხრა, რომ პეტერს ამ ბოლო დროს თავდაჭერილობამ უმტყუნა. სადილად რომ ვისხედით, დედამ უთხრა, მეცოდებიო და პეტერი კინაღამ ატირდა.
საერთოდ, ყველანი ვართ დამნაშავე. ჩვეულებრივ, მამაკაცები ყოველდღე ეკითხებოდნენ, გამოაძრო თუ არა ურდული, მაგრამ ამჯერად ყველას დაავიწყდა. იქნებ მერე როგორმე ვანუგეშო, გულით მინდა დავეხმარო.
ახლა მოგიყვები, კიდევ რა მოხდა ამ ბოლო დროს თავშესაფარში... ერთი კვირის წინ მოფი უეცრად ავად გახდა. სრულიად მიკნავებული იყო, თრთოდა. მიპის ბევრი არ უფიქრია, კატა თავსაფარში გაახვია, ჩანთაში ჩაისვა და ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა.
ექიმმა რაღაც წამალი მისცა, ეტყობა, მოფის მუცელი სტკიოდა. მას შემდეგ მოფი ძნელი სანახავია. დღე და ღამე სადღაც დაეთრევა, ალბათ, თავის შეყვარებულთან.
სხვენის ფანჯარას ახლა ღამით ღია ტოვებენ. მე და პეტერი ხშირად ვსხედვართ ამ ფანჯარასთან.
კოოპჰიოსის და ცოტაოდენი ზეთის საღებავის დახმარებით საპირფარეშო კვლავ წესრიგში მოვიყვანეთ. ხრახნგაცვეთილი ონკანი ახლით შეცვალეს. ამ თვეში რვა სასურსათო ბარათი შევიძინეთ. ჩვენი სასუსნავი ამჯერად პიკულია. თუ ბედმა გვიმტყუნა, ქილაში მხოლოდ რამდენიმე კიტრი აღმოჩნდება მდოგვის საწებლით.
ბოსტნეული სრულიად აღარა გვაქვს, მხოლოდ სალათა და სალათა. ახლა ჩვენი საკვები კარტოფილია სუროგატებისაგან დამზადებული საწებლით.
ქალაქს ხანგრძლივად და თანაც ხშირად ბომბავენ.
ჰააგაში ყუმბარა რატუშას დაეცა და ბევრი დოკუმენტი დაიწვა. ჰოლანდიელებმა ახალი პასპორტი უნდა მიიღონ.
დღეისთვის კმარა!
ანა
16 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინდელი დღე არასოდეს არ დამავიწყდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა, განა ყველა ქალიშვილისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმ დღეს, როცა პირველად აკოცებენ! ჰოდა ჩემთვისაც ასეა.
სათვალავში არ მიიღება ის შემთხვევა, როცა ბრამმა მარჯვენა ლოყაზე მაკოცა და არც მისტერ უოკერის ხელზე კოცნა. მომისმინე, მინდა გიამბო, როგორ მაკოცეს პირველად.
გუშინ საღამოს, საათის რვაზე, მე და პეტერი ტახტზე ვისხედით. უეცრად მხრებზე ხელი მომხვია.
− ცოტა ჩავიწიოთ, - ვუთხარი მე, - თორემ ყოველთვის თავით ყუთს ვეჯახები!
პეტერმა ჩაიწია, რამდენიც კი შეიძლებოდა, მე მკლავქვეშ ხელი გავუყარე და მივეკარი. მან კიდევ უფრო მაგრად მომხვია ხელი. ჩვენ ადრეც ხშირად ვმსხდარვართ ერთმანეთის გვერდით, მაგრამ ისე ახლოს, როგორც ამ საღამოს, არასოდეს.
პეტერმა ისე მაგრად მიმიკრა მკერდზე, რომ გული ამიჩქროლდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს. პეტერი სულ უფრო მაგრად მიკრავდა გულში და ბოლოს ჩემი თავი მის მხარზე აღმოჩნდა, მისი კი ჩემსაზე.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ისევ გავსწორდი, მაგრამ მან სწრაფად მომკიდა ორივე ხელი თავზე და კვლავ მიმიზიდა. ო, რა კარგი, რა შესანიშნავი გრძნობა მქონდა, ხმის ამოღება არ შემეძლო, მხოლოდ ამ წუთებით ვტკბებოდი.
პეტერმა როგორღაც უხერხულად მომისვა ხელი ლოყაზე, მკლავზე, ეთამაშებოდა ჩემს კულულებს. ერთმანეთს მიკრულნი ადგილიდან არ ვიძროდით.
კიწი, მე არ შემიძლია აგიწერო ის გრძნობა, რომელიც დამეუფლა. არაჩვეულებრივად ბედნიერი ვიყავი, მე მგონი ისეთივე გრძნობა ჰქონდა მასაც.
ცხრის ნახევარზე წამოვდექით და პეტერმა სავარჯიშო ფეხსაცმელი ჩაიცვა. სახლი უნდა დაეთვალიერებინა, და ამიტომ სულ ჩუმად უნდა ევლო. მე მის გვერდით ვიდექი.
თავად არ ვიცი, როგორ მოხდა. მაგრამ სანამ ქვევით ჩავიდოდით, პეტერმა ლოყაზე მაკოცა, სადღაც მარცხენა ლოყასა და ყურს შორის.
მე ისე ჩავირბინე კიბე, რომ უკან არც კი მომიხედავს და... მოუთმენლად ველი დღევანდელ საღამოს.
ანა
ორშაბათი, 17 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
როგორ ფიქრობ, მოეწონება დედას და მამას, რომ ბიჭებთან ერთად ტახტზე ვზივარ და ვიკოცნებით, მით უმეტეს, ბიჭი უკვე ჩვიდმეტი წლისაა, მე კი თხუთმეტისაც
არა ვარ ჯერ? ჩემი აზრით, დასაძრახი ამაში არაფერია, აქ მხოლოდ საკუთარი თავის იმედით უნდა ვიყო. მე ისე მშვიდად, ისე საიმედოდ ვგრძნობ თავს, როცა მის მკლავებში ვოცნებობ, რომ სუნთქვა მეკვრის.
საშინლად ვღელავ, როცა ლოყაზე მის ლოყას ვგრძნობ. რა კარგია, როცა იცი, რომ ვიღაც გელოდება! მაგრამ ამ ამბავში მართლაც ბევრია "მაგრამ". დაჯერდება კი პეტერი ყოველივე ამას? მართალია, მე არ დამვიწყებია მისი დაპირება, მაგრამ პეტერი მაინც ვაჟია!
მე კარგად მესმის, რომ ყოველივე ეს ჩემთვის ნაადრევია. თხუთმეტი წლის მხოლოდ ახლა ვხდები და უეცრად ასეთი დამოკიდებულება. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მარგო არასოდეს არ აკოცნინებდა ვაჟს, სანამ დანიშვნაზე ან ქორწილზე არ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი. მე და პეტერს კი ასეთი გეგმები არა გვაქვს.
მე მგონი, არც დედას არ უკოცნია არავისთვის, სანამ მამას გაჰყვებოდა... რას იტყოდნენ ჩემი მეგობარი გოგონები, რომ გაიგონ, როგორ ვიწექი პეტერის მკლავებში, როგორ სცემდა ჩემი გული მის მკერდზე, როგორ მედო თავი მის მხარზე, მას კი ჩემსაზე?
აჰ, ანა როგორ არ გრცხვენია, მაგრამ მართალი რომ გითხრა, სასირცხვილოს მე ვერაფერს ვხედავ ამაში. ჩვენ აქ ჩაკეტილები ვართ, მოწყვეტილნი მთელ სამყაროს, მუდამ შიშსა და ავის მოლოდინში, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. რატომღა უნდა გავურბოდეთ ერთმანეთს, თუ ერთმანეთი გვიყვარს? რატომ უნდა ვიცადოთ მანამდე, სანამ გავიზრდებით? რატომ უნდა გვაწუხებდეს ამდენი კითხვები?
მე თავად ვიკისრე ყველაფერი და მე ვაგებ პასუხს. იგი არასოდეს არ მომაყენებს ტკივილს, არ გამაუბედურებს. და თუ ასეა, რატომ არ უნდა მოვიქცე ისე, როგორც გული მიკარნახებს, რომ ორივე ბედნიერი ვიყოთ.
მიუხედავად ამისა, შენ ალბათ ამჩნევ, კიწი, როგორ ვმერყეობ. ეტყობა, ჩემი თანდაყოლილი პატიოსნება ვერ ეგუება ასეთ კუკუმალულობას. როგორ ფიქრობ, ვალდებული ვარ თუ არა, ყველაფერი ვუამბო მამას?
როგორ მიგაჩნია, შეიძლება ჩვენი საიდუმლოება ვანდოთ მესამე პირს? მაშინ ხომ ჩვენი ნაზი ურთიერთობა გაქრება. განა ასეთი განდობა სულიერად უფრო მეტად დამამშვიდებს. უნდა მოველაპარაკო "მას".
დიახ, ბევრი რამ მაქვს სალაპარაკო "მასთან", რადგან მარტო ალერსს არავითარი აზრი არა აქვს. საჭიროა მეტი ნდობა, ყველაფრის გაზიარება, ხოლო იმის შეგნება, რომ ერთმანეთს ვენდობით, კიდევ უფრო ძლიერს გაგვხდის!
ანა
სამშაბათი, 18 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
ყველაფერი რიგზეა. ეს წუთია, მამამ გვითხრა, რომ ოცი მაისისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციებია მოსალოდნელი როგორც რუსეთში, ასევე იტალიაშიც და დასავლეთშიც.
რაც უფრო დიდხანს ვსხედვართ აქ, მით უფრო წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი განთავისუფლება.
როგორც იქნა, გუშინ მე და პეტერს შორის გაიმართა საუბარი, რომელსაც აგერ ათი დღეა ვერ მოვაბით თავი.
მე მას ჩვენი, ქალიშვილების, მთელი საიდუმლოება გავუმხილე და არ მომრიდებია შევხებოდი ყველაზე ინტიმურ საკითხებს. საღამო ორმხრივი კოცნით დამთავრდა, თითქმის ტუჩებში.
ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა. იქნებ როდისმე ავიტანო ზევით ჩემი წიგნაკი, რომელშიც ჩაწერილი მაქვს ყველაფერი, რაც მომწონს და ორივე ერთად უფრო ღრმად ჩავწვდებით ბრძნულ აზრებს.
მე არ მაკმაყოფილებს მარტო ხვევნა. ძალიან მინდა, ისიც ჩემსავით ფიქრობდეს. ზამთრის ცვალებადი ამინდების შემდეგ მშვენიერი გაზაფხული დადგა. აპრილი მართლაც დიდებულია, არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა, ხანდახან წვიმა ცრის.
ჩვენი წაბლი თითქმის სულ გამწვანდა, - აქა-იქ უკვე გამოჩნდა პატარა სანთლები. შაბათს ელიმ დიდად გაგვახარა. მოგვიტანა ყვავილები, ნარგიზების სამი კონა და ჩემთვის შესანიშნავი ცისფერი ჰიაცინტები. ნახვამდის, კიწი, ალგებრას უნდა ჩავუჯდე.
ანა
ოთხშაბათი, 19 აპრილი, 1944
ძვირფასო მეგობარო! (ასე ჰქვია ერთ ფილმს დორიტ კრეისერის, იდა ვიუსტისა და ჰარალდ პაულსენის მონაწილეობით).
რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი, როცა ღია ფანჯრიდან გასცქერი ბუნებას, გესმის ჩიტების გალობა, გრძნობ ლოყაზე მზის სხივებს და საყვარელ ყმაწვილთან ხელგადახვეული, მიკრული, გასუსული დგახარ.
არა მგონია, ამგვარი სიახლოვე ცუდი იყოს, რადგან ასეთ დროს სიჩუმე კარგად მოქმედებს ჩემზე.
ო, ნეტავ არავინ გვიშლიდეს ხელს, მუშიც კი არა!
ანა
პარასკევი, 21 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ დღის მეორე ნახევარში ვიწექი, ყელი მტკიოდა. წოლა პირველ დღესვე საშინლად მომბეზრდა და, რადგან სიცხე მქონდა, ავდექი. დღეს მის უდიდებულესობას იორკის ტახტის მემკვიდრეს, მეფის ასულს ელისაბედს, 18 წელი შეუსრულდა.
ბი-ბი-სიმ გადმოსცა, რომ იგი ჯერ არ გამოეცხადებინათ სრულწლოვანად, როგორც ეს საერთოდ მიღებულია სამეფო ოჯახში. ჩვენ სულ იმის ფიქრში ვართ, თუ რომელ უფლისწულს გაჰყვება ცოლად ეს მზეთუნახავი, მაგრამ შესაფერისი ვერავინ აღმოვუჩინეთ.
შეიძლება მისი და, მეფის ასული მარგარეტ-როზ, მომავალში ბელგიის უფლისწულს ბოდუენს გაჰყვეს ცოლად.
ჩვენთან კი უბედურებას უბედურება მოსდევს. ეს ესაა, შემოსასვლელი კარი შევაკეთეთ, მაგრამ ახლა საწყობის მუშა გამოტყვრა. როგორც ჩანს, კარტოფილის ფქვილს იპარავდა და ცდილობს ყველაფერი ელის გადააბრალოს.
ცხადია, მთელი თავშესაფარი ღელავს. ელი სიბრაზისაგან გააფთრებულია.
მინდა ჩემი ზღაპარი რომელიმე ჟურნალს გავუგზავნო. იქნებ დაბეჭდონ. ცხადია, ფსევდონიმით.
ნახვამდის, დარლინგ! (ინგლ.).)
ანა
სამშაბათი, 25 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
ათი დღეა, რაც დუსელი ვან დაანს არ ელაპარაკება და მხოლოდ იმიტომ, რომ საწყობის კარის გატეხის შემდეგ სიფრთხილის მიზნით რიგი ახალი ღონისძიებები გამოიმუშავეს, რაც დუსელს ხელს არ აძლევს. იგი გვარწმუნებს, ვან დაანმა მიყვირაო.
"აქ ყველაფერი ჩუმ-ჩუმად კეთდება", მითხრა მან, "მამაშენს უნდა მოველაპარაკო". დუსელს აუკრძალეს შაბათს ნასადილევს და კვირაობით ქვევით კონტორაში ჯდომა, მაგრამ მაინც ჩავიდა.
ვან დაანი გაცოფდა. მამა დუსელთან მოსალაპარაკებლად წავიდა. ცხადია, თავის გასამართლებლად დუსელი რაღაცას მიედმოედო, მაგრამ ამჯერად მამასთანაც კი არაფერი გაუვიდა. ახლა მამაც აღარ ელაპარაკება, რადგან დუსელმა აწყენინა. ჩვენ არ ვიცით, რა უთხრა, ალბათ რამე ძალიან ცუდი.
დავწერე შესანიშნავი მოთხრობა. დავარქვი "ბლერი, სამყაროს აღმომჩენი". ჩემ სამ მსმენელს მოთხრობა ძალიან მოეწონა.
ისე საშინლად ვარ გაციებული. სურდო მარგოს, მამას და დედასაც გადავდე, პეტერი მაინც გადაურჩეს! უნდოდა ეკოცნა ჩემთვის და "ელდორადო" მიწოდა. არა, ჩემო კარგო, არაფერი გამოვა! და მაინც რა კარგია!
ანა
ხუთშაბათი, 27 აპრილი, 1944
ძვირფასო კიწი!
ქალბატონი ვან დაანი დილიდანვე ცუდ გუნებაზეა, ხან გაცივებას უჩივის, ხანწვეთები არა მაქვს, ხან ცხვირის მოხოცვა მომბეზრდაო. დაუსრულებლად წუწუნებს:
მზე არ ანათებს, ჯარების გადმოსხმას აგვიანებენ, ფანჯარაში გახედვა არ შეიძლება და ა. შ. და ა. შ. მისმა ჭირვეულობამ ბევრი გვაცინა და, რადგან ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ისიც აგვყვა.
ვკითხულობ "კარლოს მეხუთეს". წიგნის ავტორია გიოთინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. 40 წელი უმუშავია ამ წიგნზე. ხუთ დღეში მხოლოდ 50 გვერდი წავიკითხე.
მეტის წაკითხვა შეუძლებელია. წიგნი 594- გვერდიანია და ახლა იანგარიშე, რამდენ ხანს მოვუნდები მის წაკითხვას. ნუ დაგავიწყდება, მეორე ნაწილიც აქვს... მაგრამ ეს კია, რომ ძალზე საინტერესოა!
მოსწავლის საქმიანობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მე ერთ დღეში ვაკეთებ. ჯერ ჰოლანდიურიდან ინგლისურად ვთარგმნე ნაწყვეტი ნელსონის უკანასკნელი ბრძოლიდან, შემდეგ ჩავუჯექი ჩრდილოეთის ომს (1700—1721), ახლა პეტრე დიდი, კარლოს XII, ავგუსტ ძლევამოსილი, სტანისლავ ლეჩინსკი, მაზეპა, ბრანდენბურგი, ზემო პომერანია, ქვემო პომერანია, დანია სათანადო ქრონოლოგიითურთ.
ამის შემდეგ გადავედი ბრაზილიაში, გავეცანი თამბაქოს პლანტაციებს, ყავის ჭარბ წარმოებას, რიო-დე-ჟანეიროს მილიონნახევრიანი მოსახლეობით, პერნამბუკოს და სან-პაულოს, აღარაფერს ვამბობ მდინარე ამაზონზე.
წავიკითხე ზანგების, თეთრკანიანების, მულატების, მეტისების შესახებ, გავიგე, რომ მოსახლეობს 50% წერა-კითხვის უცოდინარია და ამ ქვეყანაში მალარია მძვინვარებს.
რადგან ცოტა დრო კიდევ დამრჩა, თვალი გადავავლე ერთი სამეფო ოჯახის გენეალოგიას: დავიწყე იან უფროსით, შემდეგ მოჰყვა ვილჰელმ ლუდვიგი, ერნსტ კაზიმირი, ჰაინრიხ კაზიმირ I-ლი და მოვედი პატარა მარგარეთ-ფრანცისკამდე (დაიბადა 1943 წელს ოტავაში).
12 საათია: მეცადინეობას სხვენზე განვაგრძობ. პირველ საათამდე ვსწავლობ რელიგიის ისტორიას... ბრრრ!
ორ საათზე საბრალო ბავშვი ისევ სამუშაოს ჩაუჯდა (ჰმ, ჰმ). ახლა ვიწროცხვირიანი და ფართოცხვირიანი მაიმუნების ჯერია. აბა, კიწი, მითხარი სწრაფად, რამდენი თითი აქვს ჰიპოპოტამს. მაიმუნების შემდეგ ვკითხულობ ბიბლიას: ნოეს კიდობანი, სემი, ქამი, იაფეტი, მერე ისევ კარლოს მეხუთე. ამის შემდეგ პეტერთან ერთად ინგლისურს ვსწავლობ: ვკითხულობთ თეკერეის "პოლკოვნიკს".
პეტერს გამოვკითხე ფრანგული ვოკაბულები და მისისიპისა და მისურის შედარებით დახასიათებაზე ვიმსჯელეთ.
დღეისათვის კმარა, ადიეუ!
ანა
პარასკევი, 28 აპრილი, 1944.
ძვირფასო კიწი!
არასოდეს არ დამავიწყდება სიზმარი პეტერ ვესელზე. საკმარისია, გავიხსენო და ისევ ვგრძნობ მისი ლოყის შეხებას, ისევ მიპყრობს დიდებული განცდა.
ასეთი რამ აქაურ პეტერთანაც განმიცდია, მაგრამ ისეთი სიძლიერით არასოდეს, - და აი... გუშინ საღამოს კვლავ ერთად ვისხედით ტახტზე ხელგადახვეულები. უეცრად უწინდელი ანა სადღაც გაქრა და მისი დაიკავა. მეორე ანამ, რომელიც არც მხიარულია და არც დიდგულა, მხოლოდ სიყვარული და ალერსი უნდა.
ვიჯექი მის გვერდით, მაგრად ვეკვროდი და ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა გული. თვალზე ცრემლი მომადგა, სახეზე ჩამომიგორდა და მის კურტაკს დაეცა. არ ვიცი, შეამჩნია მან ეს თუ არა. უბრალო მოძრაობითაც კი არ გაუცია თავისი თავი.
ნეტავ ისიც თუ იმას გრძნობს, რასაც მე? სიტყვა არ დაუძრავს. იცის თუ არა, რომ გვერდით ორი ანე უზის. რამდენი კითხვებია, პასუხი კი არ ჩანს!
ცხრის ნახევარზე წამოვდექი და მივედი ფანჯარასთან, სადაც ჩვეულებრივ ვემშვიდობებით ერთმანეთს. მე ჯერ კიდევ ვცახცახებდი, ჯერ კიდევ მეორე ანე ვიყავი, პეტერი მომიახლოვდა. მე კისერზე ხელები მოვხვიე და მარცხენა ლოყაზე ვაკოცე, ხოლო როცა მარჯვენაზე ვაპირებდი კოცნას, ჩემი ტუჩები მის ტუჩებს შეხვდა.
მივეწებეთ ერთმანეთს ტუჩებით, კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ, დაუსრულებლად! როგორ სჭირდება პეტერს ალერსი! ის მხოლოდ ახლა მიხვდა, რა არის ქალიშვილი, მხოლოდ ახლა დაინახა რომ ამ "ქაჯებსაც" აქვთ გული და როცა მათთან მარტო ხარ, სულ სხვანაირნი არიან.
ცხოვრებაში მან პირველად გაიმეტა მეგობრი გრძნობა, საკუთარი თავი. აქამდე მას არც ვაჟი ჰყოლია მეგობარი და არც ქალი. ახლა ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. არც მე ვიცნობდი მას. მეც არ მყოლია შეყვარებული, ახლა კი მყავს.
მაწუხებს ერთი კითხვა! განა კარგია, რომ ასე მივენდე, რომ ისევე სავსე ვარ ვნებით და ნდომით, როგორც პეტერი? მე ქალი ვარ და ასეთი თავშეუკავებლობა არ შემფერის. ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: "მე დიდხანს მღრღნიდა სევდა, დიდხანს ვიყავი მარტო და უეცრად ნუგეში და სიხარული ვიპოვე!" დილით ისეთები ვართ, როგორც ყოველთვის, დღისითაც, მაგრამ საღამოს ვერაფრით დაგვიოკებია ერთმანეთისაკენ ლტოლვა. არ შეიძლება არ იფიქრო იმ ნეტარებასა და ბედნიერებაზე, რომელიც ყოველ შეხვედრას მოაქვს.
საღამოს მხოლოდ ერთმანეთს ვეკუთვნით. ყოველ საღამოს, გამოსათხოვარი კოცნის შემდეგ, მინდა გავიქცე, აღარ ვუყურო თვალებში, გავიქცე შორს, შორს, სრულიად მარტო დავრჩე ბნელში!
მაგრამ საკმარისია, 14 საფეხურით დაბლა ჩამოვიდე და სულ სხვა გარემოა: გაკაშკაშებული ოთახი, სადაც ლაპარაკობენ, იცინიან, რაღაცას მეკითხებიან და მე ისე უნდა ვუპასუხო, რომ ვერაფერს მიხვდნენ. გული ჯერ კიდევ სავსე მაქვს და არ შემიძლია ერთბაშად დავივიწყო ის განცდა, რომელიც გუშინ საღამოს დამეუფლა.
ნაზი, დამყოლი ანე იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მით უფრო ძნელია მისი გარეთ გაგდება. პეტერი ისე ღრმად შემოიჭრა ჩემში, როგორც აქამდე არავინ, მხოლოდ სიზმარში განვიცადე ერთხელ ასეთი რამ. პეტერმა მთლიანად დამიპყრო და ჩემი სული ერთიანად ააფორიაქა.
ცხადია, ამგვარი განცდების შემდეგ ადამიანი უნდა დამშვიდდეს რათა შინაგანი წონასწორობა აღადგინოს. ო, პეტერ, რა მიყავი? რა გინდა ჩემგან? რა იქნება შემდეგ? ო, ახლა კი მესმის ელის ეჭვები, მესმის, რადგან თავად განვიცდი ყველაფერს. უფრო დიდი რომ ვიყო და პეტერს ჩემი შერთვა უნდოდეს, ნეტავ რას ვეტყოდი? ანე აღიარე პატიოსნად! შენ მას ცოლად არ გაყვებოდი, მაგრამ ვერც ადვილად მოშორდებოდი!
პეტერის ხასიათი ჯერ ჩამოუყალიბებელია, აკლია ენერგია, ვაჟკაცობა, ძალა, ის ჯერ ბავშვია და გონებითაც არ დგას ჩემზე მაღლა. ყველაფერზე მეტად სიმშვიდისა და ბედნიერებისაკენ ისწრაფვის.
ნუთუ მე მხოლოდ თოთხმეტი წლისა ვარ? ნუთუ ჯერ კიდევ სულელი ბავშვი ვარ, მოსწავლე? ნუთუ სრულიად გამოუცდელი ვარ ყველაფერში. მაგრამ მე მაინც მეტი გამოცდილება მაქვს, ვიდრე სხვებს, რადგან მე ისეთი რამ განვიცადე, რაც თითქმის არავის განუცდია ჩემს ასაკში. მეშინია საკუთარი თავის. მეშინია, რომ მალე ავყვები ვნებას და თუ ეს მოხდა, როგორღა მოვიქცე მომავალში სხვა ყმაწვილებთან? რა ძნელია ყოველივე ეს, გული და გონება მუდამ ერთმანეთს ებრძვის.
ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ ვარ კი დარწმუნებული იმაში, რომ სწორედ შევარჩიე დრო?
ანა
სამშაბათი, 2 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
შაბათ საღამოს პეტერს ვკითხე, როგორ ფიქრობს, ხომ არ უნდა ვუამბო ყველაფერი მამას. პეტერი ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ მაინც მითხრა, საჭიროაო.
მე გამეხარდა. ეს მისი შინაგანი სიწმინდის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია. როგორც კი ქვევით ჩავედი, მამას წყლის მოსატანად წავყევი და კიბეზე ვუთხარი:
— მამა, შენ ცხადია, ხვდები, როცა მე და პეტერი ერთად ვართ, ერთი მეტრის დაშორებით არ ვსხედვართ ერთმანეთისაგან. როგორ გგონია, ეს ცუდია?
მამამ მაშინვე არ მიპასუხა, მერე კი თქვა:
— არა, ანა, ეს ცუდი არაა, მაგრამ ამ ვიწრო სივრცეში ფრთხილად უნდა იყო... მან კიდევ თქვა რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ამასობაში ზევით ავედით.
კვირა დილით თავად დამიძახა და მითხრა:
— ანე, მე კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდი ყოველივე ამას - (მე შიშმა შემიპყრო),
— და მივედი იმ დასკვნამდე, რომ აქ თავშესაფარში, ეს არ ივარგებს! მე მეგონა, შენ და პეტერი მხოლოდ ამხანაგები იყავით. პეტერს უყვარხარ?
— არც უფიქრია ამაზე, - ვუპასუხე მე.
— აი, რა, ანა, შენ იცი, რომ მე ძალიან კარგად მესმის თქვენი, მაგრამ მაინც თავშეკავება გმართებს, ზედმეტად ნუ გაათამამებ. ნუ ადიხარ ასე ხშირად ზევით.
ამგვარ ამბებში კაცი უფრო აქტიურია, ქალს მეტი თავშეკავების უნარი აქვს.
გარეთ სულ სხვაგვარი ვითარებაა, თავისუფლად ცხოვრობ, სხვა ყმაწვილებსა და გოგონებს ხვდები, შეგიძლია სადმე წახვიდე, გიტაცებს სპორტი და ვინ მოთვლის, კიდევ რა.
მაგრამ თუ თქვენ აქ ხშირად იქნებით ერთად, შემდეგ კი გული აგიცრუვდება, მაშინ ყველაფერი ბევრად უფრო გართულდება. თქვენ ხომ ისედაც ყოველდღე ხედავთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავი, ანა, ნუ მიიტან ამ ამბავს გულთან ახლოს.
— მე არც მიმაქვს, მამა. გარდა ამისა, პეტერი ძალზე წესიერი და კარგი ყმაწვილია.
— მართალია, მაგრამ სუსტი ნებისყოფისაა და ადვილად ექცევა როგორც კარგი, ასევე ცუდი გავლენის ქვეშ. იმედი მაქვს, რომ ბოლომდე კარგი დარჩება, რადგან ძირითადად მაინც წესიერი ადამიანია.
ჩვენ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ მამა პეტერსაც მოელაპარაკებოდა. კვირას ნასადილევს ზევით ვიყავი და პეტერმა მკითხა:
— ელაპარაკე მამას, ანა?
— ველაპარაკე და შენც გადმოგცემ ყველაფერს, - ვუპასუხე მე. ამ ამბავში იგი ცუდს არაფერს ხედავს, მაგრამ მისი აზრით, აქ, ამ სივიწროვეში შეიძლება ადვილად წავეჩხუბოთ ერთმანეთს.
— კი მაგრამ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, არ ვიჩხუბოთ. მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ასეც იქნება.
— მეც, პეტერ, მაგრამ მამა ფიქრობს, რომ აქ ყველაფერი სხვანაირადაა, რომ ჩვენ მხოლოდ ამხანაგები ვართ. შენი აზრით, ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვიყოთ ამხანაგები?
— მე მგონი შეგვიძლია, შენ როგორ ფიქრობ?
− მეც ასე მგონია. მამას ვუთხარი, რომ შენ სავსებით გენდობი. მართლაც გენდობი, პეტერ, გენდობი მთლიანად, ისევე, როგორც მამას. მე მიმაჩნია, რომ შენ ნდობის ღირსი ხარ, ხომ ასეა?
− იმედი მაქვს (იგი გაწითლდა და დაიბნა).
− მე მჯერა შენი, მჯერა, რომ კარგი ხარ და ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ.
ჩვენ კიდევ ბევრ საკითხს შევეხეთ და ბოლოს მე ვთქვი:
− როცა აქედან გავალთ, ალბათ, ჩემთვის აღარ შეიწუხებ თავს.
იგი აენთო: - არა, ანე, არა, მართალს არ ამბობ! ასეთი რამ არასოდეს არ უნდა იფიქრო ჩემზე!
ამ დროს დამიძახეს...
ორშაბათს პეტერმა მითხრა, რომ მამა მასაც ელაპარაკა.
− მამაშენს მიაჩნია, რომ ამხანაგური გრძნობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს, მაგრამ მე ვუთხარი, რომ თავისუფლად შეუძლია გვენდოს.
ახლა მამა თხოულობს, რომ ვუკლო ზევით სიარულს, მაგრამ მე ასე არ მინდა, მარტო იმიტომ კი არა, რომ პეტერთან ყოფნა მსიამოვნებს, არამედ, იმის გამოც, რომ მამას ვუთხარი, პეტერს ყველაფერში ვენდობი-მეთქი.
დიახ, მე მას ვენდობი და მინდა ეს დავუმტკიცო კიდეც. როგორღა დავუმტკიცებ, თუ უნდობლობის გამო ქვევით ვიჯდები. არა, მაინც ვივლი ზევით!
ამასობაში დუსელის დრამაც დამთავრდა. შაბათს საღამოს სუფრაზე მან ჰოლანდიურ ენაზე წინასწარ მომზადებული, მშვენიერი საბოდიშო სიტყვა წარმოთქვა.
ვან დაანს მაშინვე მოუბრუნდა გული. ეტყობა დუსელი მთელი დღე სწავლობდა ამ "გაკვეთილს".
კვირას მისი დაბადების დღე იყო და მშვიდად ჩაიარა.
ჩვენ ვაჩუქეთ 1919 წელს ჩამოსხმული ერთი ბოთლი ღვინო, ვან დაანებმა (ახლა მათ უკვე შეეძლოთ რამე მიერთმიათ მისთვის) ერთი ქილა პიკული და სამართებელი, კრალერმა მოუტანა ლიმონის ჯემი, მიპმა - წიგნი, ელიმ - ქოთნიანი ყვავილი.
ის კი ყველას თითო კვერცხით გაგვიმასპინძლდა.
ანა
ოთხშაბათი, 3 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ჯერ ის ახალი ამბები, რაც ამ კვირაში მოხდა. პოლიტიკურ სფეროში არდადეგებია, არაფერია ახალი, სრულიად არაფერი, მაგრამ ახლა კი მჯერა, რომ ჯარებს გადმოსხამენ. ყველაფერი რუსებს ხომ არ უნდა გააკეთებინონ. თუმცა ახლა იმათთანაც არაფერი ხდება.
ბატონი კოოპჰოისი უკვე ყოველდღე დადის კონტორაში. პეტერს ტახტისათვის ახალი ზამბარები უშოვა და ამიტომ პეტერმა ავეჯის გადამკვრელის როლი უნდა იკისროს, რაც მაინცდამაინც არ ეხალისება. კოოპჰოისმა მოგვიტანა რწყილების მოსასპობი ფხვნილიც. ჰო, მართლა, შენთვის არ მიამბნია, რომ მოფი დაგვეკარგა? ხუთშაბათს აქეთ უკვალოდ გაქრა, ალბათ დიდი ხანია კატების სამოთხეშია და რომელიმე «ცხოველთა მეგობარმა» გემრიელად შესანსლა. ან იქნებ მისი ტყავისაგან ბავშვის ქუდი შეკერეს. პეტერი ძალზე დამწუხრებულია.
შაბათს აქეთ მეორედ თორმეტის ნახევარზე ვსაუზმობთ. დილით ერთი ჯამი ფაფის მეტი არაფერი გვაქვს. ასე რომ, ერთი იჯრა მოგვაკლდა. ბოსტნეული ძნელი საშოვარია. დღეს გვქონდა კოლრაბი, რომელიც ცოტა შემპალა. კოლრაბი, ისპანახი და სალათა, სხვა არაფერი გაგვაჩნია. ამას დაუმატე უვარგისი კარტოფილი – შესანიშნავი შეხამებაა არა?!
ორ თვეზე მეტია, "ავად" არ ვყოფილვარ. შაბათს ისევ დამეწყო. თუმცა ეს უსიამო და უხერხულია, მაგრამ მე მაინც მიხარია, რომ ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც საჭიროა.
შენ არ გაგიჭირდება იმის გაგება, რომ ჩვენთან ხშირად გაისმის სასოწარკვეთილთა ღაღადი: «რატომ არის, რა საჭიროა საერთოდ ომი? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მშვიდად ცხოვრება? ვის სჭირდება? ვის სჭირდება ეს საშინელი გაპარტახება?» თავისთავად კითხვები გასაგებია, მაგრამ ამომწურავი პასუხი აქამდე ჯერ არავის მიუღია. მართლაც, რატომ უშვებენ ინგლისელები უზარმაზარ თვითმფრინავებს, რატომ აკეთებენ მძიმე ყუმბარებს და ამავე დროს ასაწყობ სახლებს დანგრეულთა აღსადგენად? რატომ ხარჯავენ ყოველდღიურად მილიონებს ომის საჭიროებისათვის, ხოლო მედიცინის, ხელოვნებისა და ღარიბებისათვის ერთი ცენტიც არ ემეტებათ? რატომ უნდა შიმშილობდნენ ერთგან, როცა სხვაგან სურსათი ლპება? რატომ არის ადამიანი ასეთი სულელი?
არ მჯერა ის ამბავი, თითქოს ომი მხოლოდ ხელმძღვანელი მოღვაწეების, მთავრობებისა და კაპიტალისტების ბრალია. არა, ალბათ, პატარა ადამიანებიც არიან დამნაშავენი, თორემ მთელი ხალხები არ მიიღებდნენ ომში მონაწილეობას, ადამიანში, ალბათ, იმთავითვე გამჯდარია მისწრაფება ნგრევის, მკვლელობის, ჩეხვისა და მხეცობისაკენ. სანამ მთელი კაცობრიობა არ გარდაიქმნება, არც ომები მოისპობა. ყველაფერი, რაც აშენდა, შეიქმნა, გაიზარდა, ყველაფერი გაითელება, მოისპობა და კაცობრიობას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდება.
თუმცა ხშირად ვყოფილვარ დადარდიანებული, მაგრამ სულით არ დავცემულვარ. ჩვენ თავშეფარებას ისე ვუყურებთ, როგორც სახიფათო თავგადასავალს – რომანტიკულსა და საინტერესოს. მე ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე, რომ სხვაგვარად ვიცხოვრებ, ვიდრე საერთოდ გოგონები ცხოვრობენ და არ შევიზღუდავ თავს დიასახლისის უფერული ცხოვრებით. ახლანდელი ცხოვრება კარგი დასაწყისია და მასში ბევრი რამაა საინტერესო, ყველაზე სახიფათო წუთებშიც კი ვამჩნევ სასაცილო მხარეებს და უნებლიედ მეცინება.
მე ახალგაზრდა ვარ და, ალბათ, მაქვს გამოუაშკარავებელი თვისებები. მე ახალგაზრდა და ძლიერი ვარ. შეგნებულად აღვიქვამ ამ უჩვეულო თავგადასავალს. რა საჭიროა მთელი დღე წუწუნი? ღმერთს ბევრი რამ მოუცია ჩემთვის: ლაღი ხასიათი, სიცოცხლისადმი ტრფიალი, ძალა. ვგრძნობ, რომ ყოველდღიურად ვიზრდები სულიერად, ვგრძნობ, რომ თავისუფლება ახლოა, ვხედავ, რა ლამაზია ბუნება, რა კარგი ხალხი მახვევია ირგვლივ. რატომ უნდა ვიყო იმედდაკარგული?
ანა
პარასკევი, 5 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
მამა უკმაყოფილოა, ეგონა, ჩვენი საუბრის შემდეგ ყოველ საღამოს ზევით აღარ ვივლიდი. «ხვევნა-კოცნა» არ გამაგონოთო. ვერ ვიტან ამ სიტყვას! საკმარისია ისიც, რომ, საერთოდ, ამ საკითხზე ვისაუბრეთ. მაგრამ არა, აუცილებლად უნდა წაბილწონ ყველაფერი. დღესვე მოველაპარაკები მამას. მარგომ კარგი რჩევა მომცა. მომისმინე, აი, რის თქმას ვაპირებ:
− მამა, მე მგონი ახსნა-განმარტებას ელი და მინდა გულახდილად გამოვთქვა ჩემი აზრი. ეტყობა, იმედი გაგიცრუვდა, შენ ხომ ჩემგან მეტ თავშეკავებას მოელოდი. ალბათ, გინდა, ისეთივე ვიყო, როგორიც სხვა თოთხმეტი წლის გოგონები არიან, ან უნდა იყვნენ. მაგრამ ცდები!
მას შემდეგ, რაც აქ ვართ, 1942 წლის ივლისიდან უკანასკნელ დრომდე ძალიან მიჭირდა. რომ იცოდე, რა ხშირად ვტიროდი საღამოობით, რა მარტო, რა უბედური ვიყავი, მაშინ გაიგებდი, რატომ მიმიწევს გული მაღლა. ერთ დღეში არ ხერხდება იმის გაკეთება, რასაც მე მივაღწიე, ერთბაშად ვერ დაიწყებ დედის ან სხვა ადამიანის დაუხმარებლად ცხოვრებას. ჩემი ახლანდელი დამოუკიდებლობა ძვირად დამიჯდა -ბევრი ბრძოლა და ცრემლი დასჭირდა. შეგიძლია დამცინო, არ დამიჯერო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც თვითონ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ხოლო თქვენს წინაშე არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. მე მხოლოდ იმიტომ ვამბობ ამას, რომ არ იფიქრო, თითქოს რაღაც მინდა დაგიმალო. ყოველ ჩემს ნაბიჯზე მე თვითონ ვაგებ პასუხს.
როცა უკიდურესად მიჭირდა, თქვენ ყველამ, მათ შორის შენც, თვალები დახუჭეთ და არაფრის დანახვა არ გინდოდათ. შენ მე არ დამხმარებიხარ, პირიქით, ყოველთვის მარიგებდი, უხეშად ნუ იქცევიო. დიახ, ძალზე უხეშად ვიქცეოდი, რადგან არ მინდოდა, ჩემი უბედურება მეგრძნო. წლინახევრის მანძილზე ყოველდღიურად კომედიას ვთამაშობდი, არ ვწუწუნებდი. ნაკისრი როლისთვის არ მიღალატია. და ვძლიე ყველაფერს. ახლა მე სულითაც და სხეულითაც დამოუკიდებელი ვარ. აღარ მჭირდება დედა. ბრძოლამ გამაკაჟა.
და ახლა, როცა საწადელს მივაღწიე, როცა ჩემი გავიტანე, მე მინდა, ჩემი გზით ვიარო, იმ გზით, რომელიც სწორად მიმაჩნია. უფლება არა გაქვს, არ უნდა მექცეოდე როგორც თოთხმეტი წლის გოგონას. მძიმე განსაცდელმა ხანი შემმატა. ჩემი საქციელი არასოდეს გამიხდება სანანებლად და ისე მოვიქცევი, როგორც უფრო სწორად მიმაჩნია.
შენ ვერ დამაკავებ შენი შემწყნარებლური გულკეთილობით. ან ყველაფერი ამიკრძალე, ანდა მენდე ყველაფერში, ოღონდ მომეშვი!»
ანა
შაბათი, 6 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ, სანამ ვახშმად დავსხდებოდით, მამას ჯიბეში წერილი ჩავუდე, რომელშიც ყველაფერი ეწერა, რაც გუშინ გაგანდე. მარგომ მითხრა წერილის წაკითხვის შემდეგ მამა მთელი საღამო უგუნებოდ იყოო (მე ზევით ჭურჭელს ვრეცხავდი).
საბრალო პიმი, უნდა გამეთვალისწინებინა, რა შედეგს გამოიღებდა ეს ეპისტოლე! მამა ძალზე მგრძნობიარეა! მე მაშინვე გავაფრთხილე პეტერი, რომ
აღარაფერი ჰკითხოს, პიმსაც ჩემთვის არაფერი უთქვამს. საინტერესოა, მეტყვის რამეს თუ არა?
თავშესაფარში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ძნელი დასაჯერებელია, რასაც ფასებზე და გარეთ დარჩენილ ადამიანებზე გვიამბობენ. ნახევარი გირვანქა ჩაი 350 გულდენი ღირს, ერთი გირვანქა ყავა - 80 გულდენი, გირვანქა კარაქი - 35, კვერცხი - 1 გულდენი და 45 ცენტი.
100 გრამ ბულგარულ თამბაქოში 14 გულდენს იხდიან, ვისაც ხელი მიუწვდება, ყველა სპეკულანტობს, ყველა რაღაცით ვაჭრობს.
ჩვენმა მეპურემ ერთი კოჭი საკემსი ძაფი 90 ცენტად გვიშოვა, მერძევეს მოაქვს სასურსათო ბარათები, მეკუბოე ყველით ვაჭრობს. ყოველდღე გვესმის, ვიღაც გაძარცვეს, მოკლეს, გაქურდეს, და ამას პროფესიონალი ქურდებისა და ავაზაკების გარდა, ზოგჯერ პოლიციელებიც და დარაჯებიც სჩადიან.
ყველა ცდილობს, რითიმე გაივსოს კუჭი და, რადგან ხელფასის მომატება აკრძალულია, ხალხი ყოველგვარ თაღლითობას მიმართავს.
პოლიცია თავს ვერ ართმევს არასრულწლოვანთა საქმეებს. ყოველდღე უკვალოდ იკარგებიან თხუთმეტი, თექვსმეტი, ჩვიდმეტი წლის ქალიშვილები, ზოგჯერ კი უფრო დიდებიც.
ნახვამდის! (კაცმა რომ თქვას, ასეთი გამოთხოვება სწორი არაა. ინგლისის რადიო მუდამ ასე ამთავრებს პროგრამას: შემდეგ გადმოცემამდე, მე კი უნდა ვთქვა: შემდეგ წერილამდე!)
ანა
კვირა, 7 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ მამა დიდხანს მელაპარაკა. მე საშინლად ვღრიალებდი, ისიც ტიროდა და იცი, რა მითხრა?
"ჩემს ცხოვრებაში ბევრი წერილი მიმიღია, მაგრამ ამისთანა საძაგელი არასოდეს. შენ, ანა, შენ, რომელიც ასე უყვარხარ შენს მშობლებს, ყოველთვის მზად არიან დახმარება გაგიწიონ, მუდამ გიცავდნენ, შენ ამბობ, რომ არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობ ჩვენს წინაშე და მიტოვებული, მარტოხელა ხარ? არა, ანა, შენს მხრივ ეს დიდი უსამართლობაა. იქნებ ასე არ ფიქრობდი, მაგრამ წერილში ასე წერია. ჩვენ ამგვარი საყვედური არ დაგვიმსახურებია, ანა!"
საშინლად შევცდი, მე მგონი, ამაზე ცუდი არაფერი ჩამიდენია ცხოვრებაში. ჩემი მოთქმა და ცრემლები მოჩვენებითი იყო, რადგან მინდოდა მამასთვის თავი შემებრალებინა. მართალია, მე ბევრი მწუხარება გადავიტანე, მაგრამ პიმის დადანაშაულება, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა ჩემთვის და ახლაც აკეთებს, არამზადობა და არამზადობაზე მეტია.
კარგი ქნეს, რომ მიუწვდომელი სიმაღლიდან ჩამომაგდეს, ჩემს სიამაყეს სილა გააწნეს. კარგი ქნეს, რადგან მე ადრე შემექმნა დიდი წარმოდგენა ჩემს თავზე, ხოლო ყველაფერი ის, რასაც ფროილაინ ანა აკეთებს, სრულიადაც არაა სრულყოფილი.
თუკი შეგიძლია ტკივილი მიაყენო ისეთ ადამიანს, რომელზედაც ყოველთვის ამბობენ, მიყვარსო, და ისიც შეგნებულად, ეს იმას ნიშნავს, რომ სულმდაბალი, უაღრესად სულმდაბალი ხარ! სირცხვილით კინაღამ მოვკვდი, როცა მამამ სულგრძელად მაპატია ჩემი დანაშაული და მითხრა: წერილს ღუმელში შევაგდებო.
ისე ალერსიანად, ისე მორიდებით მექცეოდა, თითქოს თვითონ იყო რაღაცაში დამნაშავე. დიახ, ანა, შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო და ჯობია, ამით დაიწყო, ვიდრე სხვებს ზევიდან დაჰყურებდე ან ადანაშაულებდე!
მე ბევრი გაჭირვება მინახავს, და განა ყველა ჩემი ხნის ბავშვსაც იგივე არ განუცდია. მე ხშირად ვფარისევლობდი, მაგრამ ეს შეუგნებლად მომდიოდა. ცხადია, მარტოობას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ სასოწარკვეთილებამდე არასოდეს მივსულვარ. უნდა მრცხვენოდეს და მართლაც ძალიან მრცხვენია!
რაც მოხდა, მოხდა. ამიერიდან მაინც უნდა ვეცადო, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. დავიწყებ ცხოვრებას თავიდან, ალბათ, უფრო გამიადვილდება, რადგან პეტერი მყავს. მისი მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებ! ახლა მარტო აღარ ვარ. მე მას ვუყვარვარ, მეც მიყვარს. მაქვს წიგნები, ისტორიული ნაშრომები, დღიური, გონჯი არა ვარ, არც სულელი, ვეტრფი ცხოვრებას და მინდა კარგი ადამიანი ვიყო.
დიახ, ანე, შენ ადრევე იცოდი, რომ შენი წერილი სასტიკი და უსამართლოა, მაგრამ მაინც ამაყობდი ამით. დღეიდან კი ისევ მამის კვალს უნდა გაჰყვე და აუცილებლად გამოსწორდე.
ანა
ორშაბათი, 8 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
მიამბნია როდისმე შენთვის ჩვენი ოჯახის ისტორია? მე მგონია, არა. ასე რომ, მისმინე. მამაჩემს ძალიან მდიდარი მშობლები ჰყავდა. ბაბუაჩემმა თვითონ გაიკაფა გზა, ბებიაჩემი კი მდიდარი და წარჩინებული ოჯახიდან იყო.
ახალგაზრდობაში მამაც ისე ცხოვრობდა, როგორც ყველა მდიდრის შვილი. ყოველ კვირას მეჯლისები, სტუმრები, დღესასწაულები, ლამაზი ქალები, ნადიმები, წვეულებები... მაგრამ ინფლაციის დროს, რომელიც პირველ იმპერიალისტურ ომს მოჰყვა, მთელი ქონება დაკარგეს.
მამამ ბრწყინვალე აღზრდა და განათლება მიიღო და გუშინ ბევრი იცინა: 55 წლის მანძილზე პირველად ამოფხიკა ქვაბიდან ნარჩენები.
დედაც მდიდარი ოჯახიდანაა. ჩვენ პირდაღებულნი ვუსმენთ, როცა გვიყვება ქორწილებზე, სადაც 250 კაცისათვის სუფრა იშლებოდა, მეჯლისებზე, ნადიმებზე.
ახლა ჩვენზე არ ითქმის მდიდრები არიანო, მაგრამ იმედებს ომის შემდგომ დროზე ვამყარებთ. მერწმუნე, მე სრულიად არ მაინტერესებს ისეთი უფერული ცხოვრება, რომელზედაც დედა და მარგო ოცნებობენ. სიამოვნებით წავიდოდი ერთი წლით პარიზში, ერთი წლით ლონდონში, ვისწავლიდი ენებს, ხელოვნების ისტორიას.
აბა, მითხარი, რა მოსატანია ამასთან მარგოს სურვილი, პალესტინაში წავიდეს და მოწყალების და გახდეს. მე მუდამ ვოცნებობ ლამაზ კაბებზე, საინტერესო ადამიანებზე. მინდა ბევრი რამ ვნახო, ბევრი განვიცადო. მე შენ ყოველთვის გეუბნებოდი ამას. გარდა ამისა, არც ისაა ცუდი, ყველაფერთან ერთად ცოტა ფულიც თუ გექნება.
მიპი ქორწილში იყო დაპატიჟებული და ამ დილით ყველაფერი მოგვიყვა. ახალდაქორწინებულები მდიდარი ოჯახიდან ყოფილან და ქორწილიც მდიდრული გადაუხდიათ.
ჩვენ შური აღგვეძრა, როცა მიპმა გვიამბო, როგორ გაუმასპინძლდნენ: ბოსტნეულისა და ხორცის წვნიანი, შემწვარი, პური და ყველი, კვერცხით შეკმაზული სალათა, როსტბიფი, ნამცხვარი, ღვინო, სიგარეტები და ამავე დროს ყველაფერი ბლომად (ცხადია, სანოვაგე სპეკულანტების დახმარებით იშოვეს).
მიპმა ათი ჭიქა ღვინო დალია. ერთი დამიხედეთ ამ ალკოჰოლის მოწინააღმდეგეს. ხოლო თუ მიპმა ამდენი დალია, რაღა ითქმის მის ქმარზე. ალბათ, ბლომად ყლაპა. ცხადია, ბევრი იმხიარულეს.
ქორწილში დაპატიჟებული ჰყოლიათ ქალაქის პოლიციის ორი თანამშრომელი, რომელთაც ყველას სურათი გადაუღეს. ეტყობა, მიპს არასოდეს არ ავიწყდება "იატაკქვეშელები», ორივე პოლიციელის ვინაობა და მისამართი ჩაიწერა,
იმ შემთხვევისათვის, თუ რაიმე მოხდა და პატიოსანი ჰოლანდიელები დასჭირდა. მიპმა აგვიწერა გემრიელი კერძები. ჩვენ, რომელთაც საუზმეზე მხოლოდ რამდენიმე კოვზი ფაფა გვაქვს და მერე აღარ ვიცით, შიმშილს რა მოვუხერხოთ, ჩვენ, რომლებიც ყოველდღე ნახევრად მოუხარშავ ისპანახს (ვიტამინების გულისთვის) და დამპალ კარტოფილს ვჭამთ, ჩვენ, რომლებიც ცარიელ კუჭებს მხოლოდ სალათით, კოლრაბით და ისპანახით ვივსებთ;
ისპანახი, მუდამ ისპანახი! იქნებ ამგვარი კვების შედეგად ოდესმე ისეთივე ძლიერნი გავხდეთ, როგორც პოპეიე, თუმცა რაღაც არ მჯერა.
მიპს რომ ჩვენ ქორწილში წავეყვანეთ, სხვა სტუმრებს, ალბათ, არაფერი დარჩებოდათ! რომ იცოდე, როგორ შემოვეხვიეთ მიპს, როგორ ვუგდებდით ყურს, თითქოს არასოდეს გვენახოს არც მოხდენილად ჩაცმული ადამიანები და არც გემრიელი კერძები. და ეს ჩვენ, მილიონერის შვილიშვილებს. როგორ აირია ყველაფერი ამ ქვეყანაზე.
ანა
სამშაბათი, 9 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
დავამთავრე ზღაპარი "ფერია ელენ", კარგ ქაღალდზე გადავწერე, სათაური წითელი მელნით გავაფორმე, კოხტად ავკინძე და ახლა მშვენიერი სანახავია. მე მინდა, ეს ზღაპარი დაბადების დღეზე მამას ვაჩუქო, მაგრამ იქნებ უმნიშვნელო საჩუქარია? არ ვიცი. დედამ და მარგომ ლექსები დაწერეს.
შუადღისას კრალერი მოვიდა და გვითხრა, რომ ორშაბათიდან ქალბატონი ბ., რომელიც ფირმის სარეკლამო განყოფილებას განაგებს, ყოველდღე ივლის კონტორაში სწორედ იმ დროს, როცა სხვებს შესვენება აქვთ. თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ ვეღარავინ ამოვა ჩვენთან ზევით, კარტოფილი სხვა დროს უნდა მოიტანონ, ელი ჩვენთან ვერ ისაუზმებს, საპირფარეშოში ვერ შევალთ, განძრევასაც კი ვერ გავბედავთ და ა. შ. და ა. შ.
ყველანი ვცდილობთ გამოვნახოთ რაიმე საბაბი და ქალბატონი თავიდან მოვიშოროთ. ვან დაანმა ასეთი აზრი გამოთქვა: ჩაუყარეთ ყავაში კუჭის ასაშლელი ფხვნილი, იქნებ ამან გვიხსნასო.
– არა, – წამოიძახა კოოპჰოისმა, - არა, თუ ღმერთი გწამთ, მაშინ აღარ ჩამოვა ტახტიდან!
გამაყრუებელი ხარხარი ატყდა.
– ტახტიდან? – იკითხა ქალბატონმა ვან დაანმა, - კი მაგრამ რას ნიშნავს ეს?
ქალბატონს აუხსნეს.
– განა ასე ამბობენ? – იკითხა მან გულუბრყვილოდ.
– წარმოგიდგენია, – ხითხითებდა ელი, ბიენკოფში1 (1უნივერმაღია ამსტერდამში.) რომ იკითხოს, სადაა აქ ტახტიო!
– თუ ამ მოხდენილ გამოთქმას ვიხმართ, დუსელი ყოველ დღე ზუსტად პირველის ნახევარზე ჯდება ტახტზე.
დღეს მე თამამად დავწერე ქაღალდის ნაგლეჯზე:
საპირფარეშოთი სარგებლობის განრიგი ბატონი ექიმისათვის!
დილით: 7:15-დან 7:30-მდე.
დღისით: პირველი საათის შემდეგ.
მერე: სურვილისამებრ!
ქაღალდი კარზე სწორედ მაშინ დავამაგრე, როცა დუსელი შიგ იჯდა. კარგი იყო დამემატებინა:
"კანონის დარღვევის შემთხვევაში კარი დაიკეტება!"
ჩვენი საპირფარეშოს კარი გარედანაც იკეტება და შიგნიდანაც. ოჰ, კიწი, რა შესანიშნავი ამინდია, გარეთ გასვლა რომ შემეძლოს!
ანეა
ოთხშაბათი, 10 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ ნასადილევს ზევით ვისხედით და ფრანგულს ვსწავლობდით, უეცრად მომეჩვენა, თითქოს ჩემს უკან წყალი ჩხრიალებს. - რა არის ეს? - ვკითხე პეტერს, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა, რადგან მიხვდა, რაშიც იყო საქმე და სხვენზე ავარდა.
საკმაოდ უხეშად დაავლო ხელი მუშის, რომელიც ჯამის გვერდით ჩაცუცქულიყო და თავის ადგილას დასვა. ატყდა ხმაური, მაგრამ ამასობაში მუშიმ თავისი საქმე მოათავა და ქვევით გაიქცა.
თურმე მუში მყუდროდ მოკალათებულიყო ნახერხზე, მაგრამ მის მიერ დაყენებული "ტბა" ფიცრებს შორის ჩამოიღვარა და კარტოფილიან კასრს დაესხა.
კარტოფილიც და ბურბუშელაც, რომელიც მამამ გუშინ საღამოს მოიტანა, საშინლად ყარდა. საბრალო მუში! აბა საიდან უნდა გცოდნოდა, რომ ტორფი არ იშოვება.
ანა
ხუთშაბათი, 11 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
სასაცილო ამბავი მოხდა!
პეტერს თმა ჰქონდა შესაკრეჭი, პარიკმახერის როლი, როგორც ყოველთვის, დედამისმა იკისრა. პეტერი თავის ოთახში გავიდა და ზუსტად რვის ნახევარზე თითქმის შიშველი გამოცხადდა; ტრუსისა და სასპორტო ჩუსტების მეტი არაფერი ეცვა.
– დიდხანს გელოდო? - ჰკითხა დედამისს.
– ახლავე, მაკრატელს ვეძებ!
პეტერიც შეუდგა ძებნას და ქალბატონ ვან დაანის მაგიდის უჯრა გადააქოთა.
– ნუ ამირიე ყველაფერი, პეტერ.
ვერ გავიგე, რა უპასუხა პეტერმა, მაგრამ პასუხი, ალბათ, უკმეხი იყო, რადგან დედამისმა საჯდომზე შემოჰკრა. პეტერიც ასევე მოიქცა, ქალბატონმა ისევ აღმართა ხელი, მაგრამ პეტერი სიცილით გაუსხლტა.
– კარგი, წავიდეთ, დედაბერო! - უთხრა პეტერმა, მაგრამ ქალბატონი ვან დაანი ადგილიდან არ დაძრულა. მაშინ პეტერმა ღონივრად ჩასჭიდა ხელი მაჯებში და ოთახიდან თრევით გაიყვანა. ქალბატონი ტიროდა, იცინოდა, ილანძღებოდა, წიხლებს ისროდა, მაგრამ არაფერი გაუვიდა. პეტერმა ტყვე ქალი კიბემდე მიათრია, მაგრამ აქ უკვე იძულებული გახდა ხელი გაეშვა. ქალბატონი ვან დაანი ისევ ოთახში დაბრუნდა და ხმამაღალი ოხვრით დაეშვა სკამზე.
– საკუთარი დედის გატაცება, - ვიხუმრე მე.
– კი მაგრამ, ხელები მატკინა!
მე დავხედე მის გაწითლებულ მაჯებს და ცივი წყლით დავუსველე. კიბეზე გაჩერებულმა პეტერმა მოთმინება დაკარგა და ქამარმომარჯვებული მხეცების
მომთვინიერებელივით შემოვიდა ოთახში, მაგრამ ქალბატონი ვან დაანი მაინც არ გაჰყვა. საწერ მაგიდასთან ჩამომჯდარი ცხვირსახოცს ეძებდა.
– უპირველეს ყოვლისა, ბოდიში უნდა მოიხადო!
– კეთილი, ბოდიშს ვიხდი, რადგან გვიანდება.
დედამისმა მისდაუნებურად გაიცინა, ფეხზე წამოდგა და კარისაკენ წავიდა, მაგრამ უეცრად თავი ვალდებულად ჩათვალა, ახსნა-განმარტება მოეცა ჩვენთვის, ე. ი. მამისათვის, დედისათვის და ჩემთვის. ჩვენ ამ დროს ჭურჭელს ვრეცხავდით.
– ჩვენ სახლში ასეთი რამ არ მოხდებოდა, თქვა მან - ერთს ისე შემოვკრავდი, რომ კიბეზე დავაგორებდი (!); ასე თავხედურად არასოდეს მოქცეულა, რადგან ხშირად ვცემდი. აი, ეს არის თანამედროვე აღზრდის შედეგი, ოჰ, ეს თანამედროვე ბავშვები! როგორ გავბედავდი ასე მოვქცეოდი დედას. თქვენ, ბატონო ფრანკ, ასე ეპყრობოდით დედას?
ქალბატონი ვან დაანი აგზნებული დარბოდა აქეთ-იქით, ხან რაღაცას გვეკითხებოდა, ხან გვიხსნიდა და ზევით ასასვლელად არ ეცალა, მაგრამ ბოლოს მაინც მოგვშორდა. არ გასულა ხუთი წუთი და გაავებული ისევ ქვევით ჩამოვარდა. ვკითხე, მორჩით-მეთქი გაკრეჭას, მაგრამ მან მიპასუხა, ქვევით მეჩქარებაო და თავაწყვეტილი დაეშვა კიბეზე. ქვევით კი, ალბათ, თავის პუწის მკლავებში აღმოჩნდა. ცოლ-ქმარი მხოლოდ რვა საათზე დაბრუნდა. პეტერი მოიხმეს და დაიწყო ჩვეულებრივი ლანძღვა-გინება. ჩვენამდე მხოლოდ ასეთი სიტყვები აღწევდა: «რეგვენო, უმეცარო, უხეირო მაგალითს... ანა ხომ... მარგო ასე»... მეტი ვერაფერი გავიგონე. ხვალ ისევ სიმშვიდე და სიწყნარე ჩამოვარდება.
ანა
P. S. სამშაბათს და ოთხშაბათს რადიოთი ჩვენი საყვარელი დედოფლის სიტყვა მოვისმინეთ. ახლა თურმე ისვენებს, რომ ძალღონე მოიკრიბოს და კვლავ ჰოლანდიაში დაბრუნდეს. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. სხვათა შორის, ასეთი რამ თქვა: "როცა მე დავბრუნდები... ახლოვდება განთავისუფლების ჟამი... სიმამაცე და მძიმე განსაცდელი..."
შემდეგ მოვისმინეთ მინისტრის, გერბრანდის სიტყვა, ბოლოს ვიღაცა სასულიერო პირის ლოცვა, რომელიც ღმერთს სთხოვდა დახმარებოდა ებრაელებს, საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში გამოკეტილ პატიმრებს და გერმანიაში განდევნილებს.
ანა
პარასკევი, 12 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
უამრავი საქმე მაქვს და, თუმცა ეს სიტყვები სასაცილოდ ჟღერს, დრო არ მყოფნის თავი გავართვა ყველაფერს.
მოგიყვები მოკლედ, რა მაქვს გასაკეთებელი: ხვალამდე უნდა წავიკითხო გალილეის ბიოგრაფიის პირველი ნაწილი, რადგან წიგნი ბიბლიოთეკას უნდა დაუბრუნონ.
დავიწყე გუშინ, მაგრამ როგორმე მოვერევი. მომავალ კვირას წასაკითხი მაქვს "პალესტინა გზაჯვარედინზე" და გალილეის ბიოგრაფიის მეორე ნაწილი. გუშინ დავამთავრე კარლოს V პირველი ნაწილი და სასწრაფოდ უნდა დავამუშაო ყველა ამოწერილი შენიშვნები და ქრონოლოგიური თარიღები.
გარდა ამისა, სხვადასხვა წიგნიდან სამ გვერდზე ამოვიწერე უცხო სიტყვები, და მინდა დავისწავლო.
პუნქტი მეოთხე: კინოვარსკვლავების კოლექცია სრულიად არეულ-დარეულია, როგორმე უნდა მოვაწესრიგო, მაგრამ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება, ხოლო პროფესორ ანას, როგორც ვთქვი, სამუშაო ახრჩობს;
რამდენიმე ხანს ქაოსი ქაოსად დარჩება. ამის შემდეგ რიგში დგანან თეზეუსი, ოიდიპოსი, ჰელეუსი, ორფეოსი, იაზონი და ჰერკულესი.
მათი საგმირო საქმეები ჭრელი ძაფებივით გადაეხლართა ერთმანეთს გონებაში.
კავშირი რომ არ დაირღვეს, არც მიკენოისა და ფიდიასის დავიწყება შეიძლება.
თითქმის ასეთივე მდგომარეობაშია შვიდწლიანი და ცხრაწლიანი ომების ისტორია. ყველაფერი ერთმანეთში ამერია.
რას იზამ, როცა ცუდი მეხსიერება გაქვს! წარმოიდგინე, რა გულმავიწყი ვიქნები ოთხმოცი წლის ასაკში.
მართლა, ბიბლია! კიდევ ცოტა და მივალ იმ ადგილამდე, სადაც სუსანას ბანაობაა აღწერილი.
ჰო, მართლა, რა ცოდვა აწვა სოდომსა და გომორას? ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გავიგო და ვისწავლო!
ჯერჯერობით ლიზელოტ პფალცელისათვის სულ ვერ მოვიცალე. თავად ხედავ, კიწი, ლამისაა დავიხრჩო!
და კიდევ ერთი: შენ იცი, ჩემი დიდი ხნის სანუკვარი ოცნებაა, გავხდე ჯერ ჟურნალისტი, შემდეგ კი მწერალი. დრო დაგვანახვებს, განხორციელდება ოდესმე ჩემი სწრაფვა დიდებისაკენ, თუ ეს მხოლოდ განდიდების მანიაა. თუმცა ახლაც ბევრი თემა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ომის შემდეგ გამოვცემ წიგნს სათაურით: "თავშესაფარი".
არ ვიცი, მოხერხდება ეს თუ არა, მაგრამ საფუძვლად ჩემი"'დღიური" დაედება.
გარდა ამ წიგნისა, კიდევ ბევრ რამეზე ვფიქრობ, მაგრამ ამ ფიქრებს მხოლოდ მაშინ გაგაცნობ, როცა გარკვეულად ჩამოყალიბდება.
ანა
შაბათი, 13 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ მამას დაბადების დღე იყო. დედა და მამა 19 წლის წინ დაქორწინდნენ.
კანტორიდან ყველა წავიდა, დამლაგებელი ქალიც კი. ქვევით არავინ იყო. წელს ჯერ არ ყოფილა ასეთი ნათელი მზე.
ჩვენი წაბლი ძირიდან კენწერომდე აყვავებულია და უფრო ლამაზია, ვიდრე გასულ წელს იყო.
კოოპჰოისმა მამას ლინეის ბიოგრაფია აჩუქა, კრალერმა ბუნებისმეტყველების ისტორია, დუსელმა - "ამსტერდამი წყალზე", - ვან დაანმა კი ისეთი კალათა, რომ საუკეთესო დეკორატორიც ვერ გააკეთებდა.
კალათაში იდო: სამი კვერცხი, ერთი ბოთლი ლუდი, ერთი ბოთლი კეფირი და მწვანე ჰალსტუხი.
ჩვენი ჯემით სავსე ქილა ამასთან შედარებით საცოდავად გამოიყურებოდა, მაგრამ, ჩემი ვარდები მიპისა და ელის მოსაკითხთან შედარებით საოცრად სურნელოვანი იყო.
მიხაკებს სუნი არა აქვს, თუმცა ძალიან ლამაზია.
მამა დიდად გაანებივრა ყველამ. მოუტანეს 50 ცალი ნამცხვარი.
შესანიშნავია!
მამა ყველას თაფლის კვერებით გაგვიმასპინძლდა.
გარდა ამისა, მამაკაცებს ლუდი დაუსხა, ჩვენ კეფირი. დიდებულად ვიდღესასწაულეთ!
ანა
სამშაბათი, 16 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
რადგან ამ თემაზე დიდიხანია არ გვისაუბრია, გადმოგცემ უმნიშვნელო დავას, რომელიც გუშინ ბატონ და ქალბატონ ვან დაანებს შორის მოხდა.
ქალბატონი ვან დაანი: - გერმანელებმა ძლიერ გაამაგრეს ატლანტიკის სანგრები და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ინგლისელები ნაპირზე არ გადმოუშვან. გერმანელები უაღრესად ძლიერნი არიან!
ბატონი ვან დაანი: - ო, რა თქმა უნდა...
ქალბატონი: - დიახ, დიახ!
ბატონი: - თუ გერმანელები ასე ძლიერნი არიან, უნდა გაიმარჯვონ კიდეც, არა?
ქალბატონი: - შეიძლება ასეც მოხდეს, მე სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ პირიქით იქნება.
ბატონი: - ჯობია, დაგეთანხმო.
ქალბატონი: - მაგრამ შენ ყოველთვის მედავები, თავს ვერ იკავებ!
ბატონი: - ჩემს ლაპარაკს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
ქალბატონი: - და მაინც მედავები, გინდა დამიმტკიცო, რომ მართალი ხარ. მაგრამ შენი წინასწარმეტყველება არასოდეს არ მართლდება.
ბატონი: - აქამდე ყოველთვის მართლდებოდა!
ქალბატონი: - არა, მართალს არ ამბობ. შენი ვარაუდით ჯარები გასულ წელს უნდა გადმოესხათ, ფინეთთან ზავი უნდა დაედოთ, იტალიას ჯერ კიდევ ზამთარში მოღებოდა ბოლო, ხოლო რუსებს ლვოვი უნდა აეღოთ, ო, არა, შენს წინასწარმეტყველებას არაფრად ვაგდებ.
ბატონი: (დგება) - აბა, გირჩევნია ენა ჩაიწყვიტო, მე შენ დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარ, რომ შენ არაფერი გესმის. აღარ შემიძლია ამდენი ბოდვის მოსმენა. კაცმა ცხვირი უნდა ჩაგაყოფინოს შენსავე ნაბოდვარში!
ფარდა ეშვება
P. S. თავი ვეღარ შევიკავე, ვხარხარებდი თავდავიწყებით. იცინოდა დედაც. პეტერი ძლივს იკავებდა სიცილს.
რა სულელები არიან უფროსები. ჯობია, ჯერ თავიანთი თავი აღზარდონ და მერე მოსთხოვონ ბავშვებს ამდენი!
ანა
პარასკევი, 19 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ ძალზე ცუდად ვგრძნობდი თავს. გული მერეოდა, მუცელი მტკიოდა, ყოველგვარი სისაძაგლე მჭირდა.
ერთი სიტყვით, უარესის წარმოდგენა შეუძლებელია. საშინლად მშია, მაგრამ წითელი ლობიოს ჭამას ისევ უჭმელობა მირჩევნია.
მე და პეტერი კარგად ვეწყობით ერთმანეთს.
საწყალ ბიჭს ჩემზე მეტად სჭირდება ალერსი. ყოველ საღამოს, როცა კოცნით ვეთხოვებით ერთმანეთს, საშინლად წითლდება და მემუდარება, რომ კიდევ ერთი კოცნა გავიმეტო.
იქნებ მე მისთვის კატა მოფის მაგიერი ვარ? თუმცა არც ასე ვგრძნობ თავს ცუდად.
იგი ძალზე ბედნიერია, მას შემდეგ, რაც იცის, რომ ვიღაცას უყვარს.
მე დიდი გაჭირვებით მოვიპოვე ის, და ახლა მთლიანად ჩემს ხელშია.
არ იფიქრო, რომ ჩემი სიყვარული შესუსტდა.
პეტერი შესანიშნავი ყმაწვილია, მაგრამ ჩემი სული კვლავ ჩაიკეტა და იმისათვის რომ ხელახლა გაიღოს, ძლიერი გასაღებია საჭირო.
ანა
შაბათი, 20 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
გუშინ დაბლა ჩავედი და დავინახე, რომ მშვენიერი ლარნაკი მიხაკებიანად იატაკზე ეგდო. მუხლებზე დაჩოქილი დედა იატაკს წმენდდა, მარგო კი ძირს დაყრილ ჩემს ქაღალდებს კრეფდა. "რა მოხდა?" ვიკითხე შეშინებულმა და გული შემეკუმშა. პასუხი საჭირო არ იყო, ისედაც კარგად ვხედავდი, რაც მოხდა. ჩემი
საქაღალდე, რომელშიც მეფეთა გენეალოგიას ვინახავდი, რვეულები, წიგნები, ყველაფერი წყალში ცურავდა. კინაღამ ავტირდი. ისე ვღელავდი, რომ აღარ მახსოვს, რას ვამბობდი, მაგრამ შემდეგ მარგომ მიამბო, როგორ ვლუღლუღებდი:
"ო, რა აუნაზღაურებელი ზარალია, რა საშინელებაა, ყველაფერი მოისპო, ყველაფერი დაიღუპა!". და კიდევ რაღაც ამდაგვარს.
მამამ, მარგომ და დედამ ხმამაღლა გადაიხარხარეს. მე კი ტირილის გუნებაზე ვიყავი. რამდენი დრო, რამდენი შრომა დაიღუპა.
თუმცა, როცა დავაკვირდი, აუნაზღაურებელი "ზარალი" არც ისე დიდი აღმოჩნდა. იატაკზე დამჯდარი მიწებებულ ქაღალდებს ერთმანეთს ვაცილებდი, ვასწორებდი, შემდეგ კი გასაშრობად სარეცხის თოკზე დავკიდე. სასაცილო სანახაობაა - კარლოს მეხუთის გვერდით ჰკიდია ვილჰელმ ორანელი, ხოლო მას გვერდს უმშვენებს მარია ანტუანეტა.
ეს არის "რასის შებილწვა" მოსწრებულად იხუმრა ვან დაანმა. ქაღალდების მეთვალყურეობა პეტერს დავავალე და ქვევით ჩავედი.
– რომელი წიგნი გაფუჭდა? - ვკითხე მარგოს, რომელიც ჩემი წიგნების საგანძურის გადათვალიერებას შესდგომოდა.
– ალგებრის სახელმძღვანელო, - მითხრა მან, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ალგებრის სახელმძღვანელო დიდად არ დაზიანებულა. ვნანობ, რომ მთლიანად არ დალბა წყალში.
არასოდეს არ მიგრძვნია წიგნებისადმი ისეთი სიძულვილი, როგორც ალგებრის სახელმძღვანელოსადმი.
თავფურცელზე სულ ცოტა ოცამდე გოგონას გვარი აწერია, უწინ, ალბათ, მათი საკუთრება იყო.
წიგნი სრულიად გაყვითლებულა, გაცვეთილი და აჭრელებულია უამრავი შესწორებით.
ოდესმე ცხელ გულზე ნაკუწებად ვაქცევ ამ საზიზღრობას.
ანა
ორშაბათი, 22 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
20 მაისს მამამ ქალბატონ ვან დაანთან სანაძლეო წააგო - ხუთი ბოთლი კეფირი. ჯარების გადმოსხმა მართლაც არ მომხდარა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ამსტერდამი, მთელი ჰოლანდია, ევროპის მთელი დასავლეთი სანაპირო ვიდრე ესპანეთამდე, დღე და ღამე მხოლოდ ჯარების გადმოსხმაზე ლაპარაკობს, სანაძლოს დებს და იმედოვნებს.
დაძაბულობა მატულობს და თითქმის აუტანელია. ბევრ "კარგ" ჰოლანდიელსაც კი აღარ სწამს ინგლისელების.
ყველას როდი მიაჩნია ინგლისური "ბლეფი" ნაცად ხერხად, არა, ადამიანებს სურთ დაინახონ საქმე, დიდი, საგმირო საქმეები! საკუთარი ცხვირის იქით ვერავინ ვერაფერს ხედავს.
არავინ ფიქრობს, რომ ინგლისელები იბრძვიან საკუთარი ინტერესებისათვის, თავისი სამშობლოსათვის.
თითოეულს ჰგონია, რომ ინგლისელები ვალდებული არიან, რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება უკეთესად იხსნან ჰოლანდია. მაგრამ რა მოვალენი არიან ინგლისელები ჩვენს წინაშე; რით დაიმსახურეს ჰოლანდიელებმა ის სულგრძელი დახმარება, რასაც ასე მოუთმენლად ელიან?
ო, ნუ იტყუებენ თავს ჰოლანდიელები. მიუხედავად "ბლეფისა", ინგლისელებს მაინც არ დაუსხამთ თავსლაფი ისე, როგორც ამჟამად ოკუპირებულმა დიდმა და პატარა ქვეყნებმა.
ინგლისელებს არაფერი არ სჭირთ ჩვენთან ბოდიშის მოსახდელი, რადგან თუ იმას ვუსაყვედურებთ, რომ ეძინათ, როცა გერმანია იარაღდებოდა, ისევე ეძინა სხვა ქვეყნებსაც, განსაკუთრებით გერმანიის მოსაზღვრე ქვეყნებს.
სირაქლემის პოლიტიკით რომ შორს ვერ წავალთ, ეს ინგლისსაც ესმის და მთელ მსოფლიოსაც. ახლა კი მოკავშირეები და ასევე ინგლისიც იძულებულნი არიან ყოველდღიურად მსხვერპლი გაიღონ.
არც ერთი ქვეყანა არ მოუტანს საკუთარ ხალხს მსხვერპლად მეორე ხალხის ინტერესებს. ამას არც ინგლისი გააკეთებს.
ჯარების გადმოსხმას, განთავისუფლებას, თავისუფლებას ოდესმე ვეღირსებით, მაგრამ ვადებს ინგლისი და ამერიკა დააადგენენ და არა ოკუპირებული ქვეყნების ხალხები.
სამწუხაროდ, ჩვენამდე აღწევს ხმები, რომ განწყობილება ებრაელთა მიმართ შეიცვალა და ახლა ანტისემიტიზმი ისეთ წრეებშიც მძვინვარებს, რომელთაც უწინ ამაზე არც კი უფიქრიათ.
ჩვენზე ეს გარემოება საშინლად მოქმედებს. ებრაელებისადმი სიძულვილი გასაგებია, მაგრამ ამგვარი სიძულვილი დაფუძნებულია გაუგებრობაზე.
ქრისტიანები ებრაელებს იმას უსაყვედურებენ, რომ ებრაელები გერმანელების წინაშე თავს იმცირებენ, თავიანთი მფარველების გაცემას არ ერიდებიან და ამის გამო ბევრ ქრისტიანს მძიმე სასჯელი ატყდება თავს.
ყველაფერი ეს მართალია, მაგრამ აქაც, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მედლის უკანა მხარესაც უნდა შევხედოთ. განა ქრისტიანები ჩვენს ადგილზე სხვაგვარად მოიქცეოდნენ? განა შეუძლია ადამიანს, სულ ერთია ქრისტიანი იქნება ის თუ ებრაელი, გაუძლოს გერმანელების წამებას?
ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ, რაღა ებრაელებისაგან თხოულობენ შეუძლებელს?
არალეგალურ წრეებში ჩურჩულებენ, რომ ჰოლანდიაში ემიგრირებულ და შემდეგ პოლონეთში გაგზავნილ გერმანელ ებრაელებს ჰოლანდიაში დაბრუნების უფლებას აღარ მისცემენ.
ჰოლანდიამ ისინი შეიფარა, მაგრამ, როგორც კი ჰიტლერს განდევნიან, ისევ გერმანიაში უნდა დაბრუნდნენო.
გესმის ყველაფერი ეს და ეკითხები საკუთარ თავს: თუ ასეა, რაღა საჭირო იყო ეს მძიმე და ხანგრძლივი ომი?
ჩვენ ყოველდღე გვესმის, რომ ყველამ სიმართლისა, თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის უნდა ვიბრძოლოთ. და აი, ამ ბრძოლის პროცესში იწყება განხეთქილება და ებრაელი ისევ ყველაზე უარესია.
სამწუხაროა, ძალზე სამწუხარო, რომ აგერ უკვე მერამდენეჯერ მართლდება ძველი ნათქვამი: "თუ ქრისტიანი რაიმეს ცუდს სჩადის, თვითონ აგებს პასუხს, თუ ებრაელი - დამნაშავეა ყველა ებრაელი!".
გულახდილად რომ გითხრა, მე ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ ჰოლანდიელები, ეს პატიოსანი და სამართლიანი ხალხი, ჩვენზე ასე მსჯელობენ; ჩვენზე, მთელ მსოფლიოში ყველაზე დაჩაგრულ და ყველაზე უბედურ ხალხზე.
მე მხოლოდ ერთი რამ მაიმედებს: ჩვენდამი სიძულვილი გაუვლით და ჰოლანდიელები დაგვანახებენ, სინამდვილეში როგორები არიან.
იმედი მაქვს, რომ ისინი არც ახლა და არც შემდეგ არ უღალატებენ სამართლიანობის გრძნობას!
ანტისემიტიზმი კი უსამართლობაა!
მე მიყვარს ჰოლანდია. იმედი მქონდა, რომ სამშობლოდაკარგული აქ ვპოვებდი მეორე სამშობლოს.
თუმცა ჯერ არ დამიკარგავს იმედი!
ანა
ხუთშაბათი, 25 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ყოველდღე ხდება რამე უსიამოვნო! დღეს დილით დააპატიმრეს ჩვენი კეთილი მემწვანილე, თურმე სახლში ორ ებრაელს მალავდა.
ეს ჩვენთვის მძიმე ლახვარია და არა მარტო იმიტომ, რომ საბრალო ებრაელები უფსკრულის პირას დგანან, არამედ ამ საცოდავი კაცის ბედი გვაწუხებს.
მთელი ქვეყანა გაგიჟდა. წესიერ ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებში, ციხეებში, კარცერებში ამწყვდევენ, ხოლო მოხუცსა და ახალგაზრდას, მდიდარსა და ღარიბს ნაძირალები ყვლეფენ და ტყავს აძრობენ.
ზოგს იჭერენ იმის გამო, რომ შავ ბაზარზე რაღაცა იყიდა, ზოგს კი იმისათვის, რომ ებრაელებს ან იატაკქვეშელებს მალავდა.
არავინ იცის, რა ელის ხვალ.
მემწვანილის დაპატიმრება ჩვენთვის მძიმე დანაკლისია. ჩვენს ქალიშვილებს არ შეუძლიათ და არც არიან ვალდებულნი თვითონ გვიზიდონ კარტოფილი.
ჩვენ მხოლოდ ერთიღა დაგვრჩენია, რაც შეიძლება ცოტა ვჭამოთ. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ, ამას მერე მოგწერ, მაგრამ ამ ამბავში სასიამოვნო არაფერია.
დედა ამბობს, დილით საუზმე აღარ გვექნებაო, სადილად მხოლოდ პური და ფაფა, საღამოს შემწვარი კარტოფილი, ხოლო კვირაში ორჯერ სალათა ან ცოტაოდენი ბოსტნეული.
ასე რომ, ვიშიმშილებთ, მაგრამ ყველაფერზე უფრო საშინელი მაინც ის იქნება, თუ აღმოგვაჩინეს.
ანა
პარასკევი, 26 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
როგორც იქნა, მეღირსა. ვზივარ ჩემს მაგიდასთან ფანჯრის წინ, რომელიც ოდნავ გამოღებულია და მინდა ყველაფერი, ყველაფერი მოგწერო.
ისე მიჭირს, როგორც დიდი ხანია აღარ გამჭირვებია. მძარცველების თავდასხმის შემდეგაც კი არ ვყოფილვარ შინაგანად და გარეგნულად ასე განადგურებული.
ერთი მხრივ: მემწვანილის დაპატიმრება, ებრაელთა საკითხი, რაზედაც ჩვენები დაუსრულებლად მსჯელობენ, გადმოსხმის გაჭიანურება, ცუდი საკვები, დაძაბულობა, ნაღვლიანი განწყობილება, პეტერზე გულის აცრუება, ხოლო მეორე მხრივ ელის დანიშვნა, სტუმრები, ცეკვის დღე, ყვავილები, კრალერის დაბადების დღე, ტორტები და საუბარი კინოფილმებზე, კაბარეზე, კონცერტებზე.
ყველაზე უარესი სწორედ ეს შეუსაბამობაა, ეს საშინელი შეუსაბამობა; ერთ დღეს ჩვენში სიცილს იწვევს ყოველგვარი სიტუაცია, რაც იატაკქვეშ ცხოვრებას თან ახლავს, მეორე დღეს კი კვლავ შიში გვიპყრობს და ყველა ჩვენგანის სახეზე შეგიძლია ამოიკითხო შიში, დაძაბულობა და სასოწარკვეთილება.
მიპსა და კრალერს ჩვენს გამო უზარმაზარი ტვირთი აწევთ მხრებზე.
მიპი ბევრს მუშაობს, კრალერს კი ისეთი დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ზოჯერ ვეღარ უძლებს ამდენ ნერვიულობას და აღელვებას და ლაპარაკი უჭირს.
კოოპჰოისი და ელიც დიდ მზრუნველობას იჩენენ ჩვენს მიმართ, მაგრამ ზოგჯერ, რამდენიმე საათით, ან ორი-სამი დღით მაინც ვავიწყდებით. მათ თავიანთი საზრუნავი აქვთ: კოოპჰოისს - საკუთარი ჯანმრთელობა, ელის კი - ჯვარისწერა, რაც არც ისე დაუბრკოლებლად მიმდინარეობს.
მაგრამ დრო და დრო მათ შეუძლიათ თავი დააღწიონ საზრუნავს, წავიდნენ სტუმრად და, საერთოდ, მათი ცხოვრება ჩვეულებრივი გზით მიდის. მათი დაძაბულობა დროებით მაინც კლებულობს, ჩვენი კი არასოდეს.
უკვე ორი წელია, რაც ასე გრძელდება და არ ვიცით, რამდენ ხანს უნდა გავუწიოთ კიდევ წინააღმდეგობა ამ ყოველდღიურად მზარდ, აუტანელ წვალებას?
კანალიზაცია გამოგნესილია, წყლის ჩასხმა არ შეიძლება, ან უკიდურეს შემთხვევაში წვეთწვეთობით; საპირფარეშოში შესვლა არ შეიძლება და თუ შეხვალ, ჯაგრისი უნდა წაიღო თან; ჭუჭყიან წყალს მინის დიდ ქილაში ვასხამთ.
ჯერ კიდევ არაფერი, მაგრამ რა გვეშველება, თუ ოსტატმა დაზიანებული კანალიზაცია ვერ შეაკეთა. ჩვენს უბანში კანალიზაციის კაპიტალური რემონტი მხოლოდ მომავალ კვირას დაიწყება.
მიპმა გამოგვიგზავნა ქიშმიშიანი ფუნთუშა და ასეთი წერილი: "მხიარულად გაგეტარებინოთ სამება". ამგვარი სიტყვები დაცინვა უფროა. აბა რა მხიარულებაზე
შეიძლება ლაპარაკი, როცა საშინელი განწყობილება გვაქვს და შიშით ვართ შეპყრობილნი. მას შემდეგ, რაც მემწვანილე დაიჭირეს, ჩვენ ისევ დავშინდით.
ყოველი მხრიდან ისმის: "სუ, სუ, სუ". და ყველა ცდილობს სიჩუმე დაიცვას. მემწვანილეს პოლიციამ კარი შეუმტვრია, ამისგან არც ჩვენა ვართ დაზღვეულნი.
ვთქვათ და უეცრად ჩვენთანაც... არა, არ მინდა დავწერო, მაგრამ არც ის შემიძლია, რომ ამაზე არ ვიფიქრო; პირიქით: შიში, რომელიც ერთხელ განვიცადე, კვლავ დამეუფლა და ჩემს წინ მთელი საშინელებით აღიმართა.
გუშინ საღამოს რვა საათზე მარტო ჩავედი საპირფარეშოში. დაბლა არავინ იყო, ყველა რადიოს უსმენდა. მინდოდა სიმამაცე გამომეჩინა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა.
აქ ზევით უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე ქვევით, დიდ მდუმარე სახლში; ზევიდან მომდინარე იდუმალი ბგერები და ქუჩიდან შემოჭრილი მანქანების გუგუნი მარტო დარჩენილს თავზარსა მცემს.
თუ არ ავჩქარდი და შექმნილ მდგომარეობაზე ფიქრი დავიწყე, მთელი სხეული მითრთის და აკვიატებული აზრი არ მცილდება.
განა დამალვასა და ამდენი საშინელების გადატანას სიკვდილი არ ჯობდა! მაშინ არც ჩვენ მფარველებს ჩავაგდებდით საფრთხეში, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი გვაფრთხობს.
ჯერ კიდევ ვებღაუჭებით სიცოცხლეს, ჩვენში ჯერ კიდევ არ ჩახშობილა ბუნების ხმა, ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, იმედი გვაქვს, რომ მომავალი უკეთესი იქნება.
ოღონდ მალე, თუნდაც დაგვხვრიტონ, მაგრამ მალე მოხდეს, რაც მოსახდენია.
გაურკვევლობაზე უფრო ძნელი ასატანი არაფერია. დაე, დამთავრდეს ყველაფერი, დამთავრდეს ავად ან კარგად, რადგან ის მაინც გვეცოდინება, გავიმარჯვეთ თუ დავიღუპეთ.
ანა
ოთხშაბათი, 31 მაისი, 1944
ძვირფასო კიწი!
შაბათს, კვირას, ორშაბათს და სამშაბათს ისე თბილოდა, რომ ავტოკალამს ხელი ვერ მოვკიდე და ამიტომაც არაფერი დამიწერია.
პარასკევს ისევ გაფუჭდა კანალიზაცია, მაგრამ შაბათს შეაკეთეს. ნაშუადღევს ქალბატონი კოოპჰოისი გვესტუმრა და ბევრი რამ გვიამბო კორიზე, რომელიც იოპისთან ერთად ჰოკეის კლუბის წევრი გამხდარა.
კვირას მოვიდა ელი, უნდა ენახა, კარი ისევ ხომ არ შემოუმტვრევიათო, და ჩვენთან ისაუზმა.
ორშაბათს (მეორე დღეს) თავშესაფარში ჰენკ ვან სანტენი მორიგეობდა.
სამშაბათს ნება დაგვრთეს, ცოტათი მაინც გამოგვეღო ფანჯარა. ასეთი შესანიშნავი, თბილი, შეიძლება ითქვას, ცხელი სამება იშვიათია, მაგრამ აქ თავშესაფარში სიცხე საშინელებაა და წარმოდგენა რომ შეგექმნეს, მოკლედ აგიწერ იმ ცხელ დღეებს.
შაბათი: - რა შესანიშნავი, რა დიდებული ამინდია, - თქვა ყველამ დილით. - რა იქნება, რომ ასე არ ცხელოდეს, - ამბობენ დღისით, როცა ფანჯრების დახურვის დროა.
კვირა: აუტანელი სიცხეა, კარაქი დნება. მთელ სახლში გრილ კუთხეს ვერ იპოვი. პური ხმება, რძე იჭრება, ფანჯრის გაღება არ შეიძლება. სხვები გარეთ დასეირნობენ. ჩვენ კი, საბრალო განკიცხულნი, ვსხედვართ აქ და ვიხრჩობით.
ორშაბათი - ფეხები მტკივა, საზაფხულო ჩასაცმელი არა მაქვს, არ შემიძლია ასეთ სიცხეში ჭურჭლის რეცხვა! - ამბობს ქალბატონი ვან დაანი. მართლაც, გაგვიჭირდა. სიცხეს ვერც მე ვიტან ადვილად და მიხარია, რომ დღეს ქარიც უბერავს და მზეც ანათებს.
ანა
ორშაბათი, 5 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ჩვენს თავშესაფარში ახალი უსიამოვნება ჩამოვარდა. დუსელი გვემდურის.
მიზეზი სრულიად უმნიშვნელოა: კარაქის განაწილება.
დუსელი დაგვნებდა. მისი და ქალბატონ ვან დაანის ურღვევი მეგობრობა აღდგა. ისევ პირზე კოცნა, სანდომიანი ღიმილი, არშიყობა.
დუსელი გაზაფხულის ციებ-ცხელებამ აიტანა.
მეხუთე არმიამ რომი აიღო.
ქალაქი არ განადგურებულა. არ დაუბომბავთ.
გვაკლია ბოსტნეული და კარტოფილი.
ამინდი ცუდია.
დიდხანს დაუზოგავად ბომბავდნენ პა-დე-კალეს და საფრანგეთის მთელ სანაპიროს.
ანა
სამშაბათი, 6 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
"This is D-day" გამოაცხადა ინგლისის რადიომ 12 საათზე და მართალიც თქვა! ჯარების გადმოსხმა დაიწყო დილით რვა საათზე.
ინგლისელებმა გადმოსცეს: ჩვენმა თვითმფრინავებმა ძლიერ დაბომბეს კალე, ბულონი, ჰავრი, შერბური და როგორც ყოველთვის პა-დე-კალე.
შემდეგ კი მთელი მოსახლეობის გასაფრთხილებლად გამოაცხადეს - ოკუპირებული რაიონების ყველა მცხოვრები უნდა ელოდეს დაბომბვას სანაპიროდან 35 კილომეტრის მანძილზე.
თუ შესაძლებლობა მიეცემათ, ინგლისელები ერთი საათით ადრე ჩამოყრიან გამაფრთხილებელ ფურცლებს.
გერმანელთა ცნობების თანახმად, საფრანგეთის სანაპიროზე ინგლისელი პარაშუტისტები დაეშვნენ. ბი-ბი-სის ცნობით გერმანელების სამხედრო-საზღვაო ჯარები ინგლისელების სადესანტო ჯარებს ებრძვიან.
დილით 9 საათზე თავშესაფარში ასეთი დისკუსია გაიმართა: იქნებ საცდელი დესანტია, როგორც ეს ორი წლის წინათ დეეპთან მოხდა?
ათ საათზე დაიწყო ინგლისის რადიოგადაცემა გერმანულ, ჰოლანდიურ, ფრანგულ და სხვა ენებზე: თემა ერთია - შემოჭრა დაიწყო! ასე რომ, ნამდვილად შემოიჭრნენ!
თორმეტ საათზე ინგლისის რადიოგადაცემა გერმანულ ენაზე: სიტყვით გამოვიდა მთავარსარდალი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი და მიმართა ფრანგ ხალხს:
ჩვენ სასტიკი ბრძოლა მოგველის, მაგრამ წინ გვიდევს გამარჯვება. 1944 წელი – სრული გამარჯვების წელია!
ინგლისის რადიოგადაცემა პირველ საათზე: 11 ათასი თვითმფრინავი შეუსვენებლივ ჰაერშია, გადაჰყავთ ჯარები, ბომბავენ ზურგს.
4000 სადესანტო და მცირე მოცულობის საზღვაო გემებს განუწყვეტლივ გადაჰყავთ ჯარები და გადააქვთ ხმელეთზე საომარი მასალა შერბურსა და ჰავრს შორს, ინგლისისა და ამერიკის ჯარები უკვე ჩაებნენ სასტიკ ბრძოლაში.
სიტყვა წარმოთქვეს გერბრანდიმ, ბელგიის პრემიერ მინისტრმა, ნორვეგიის მეფემ და, რა თქმა უნდა, ჩერჩილმა.
თავშესაფარში დაბნეულობაა. ნუთუ მართლა ახლოვდება დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება, თავისუფლება, რომელზედაც ამდენს ვლაპარაკობდით.
ყოველივე ეს იმდენად დიდებული, იმდენად ზღაპრულია, რომ არა მჯერა, თუ ოდესმე სინამდვილედ იქცევა. მოგვიტანს კი გამარჯვებას 1944 წელი? ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს,
მაგრამ იმედით ვსულდგმულობთ, ძალა და მხნეობა გვემატება. დიახ, ჩვენ ვაჟკაცურად უნდა დავძლიოთ შიში, გაჭირვება, მწუხარება.
ახლა უმთავრესია სიმშვიდე და სიმტკიცე. რომ არ აყვირდე, უფრო მაგრად უნდა შეიკრა კრიჭა.
ტკივილისაგან შეიძლება აყვირდეს საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, გერმანიაც კი, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება.
ო, კიწი, რა კარგია, როცა გრძნობ, რომ მეგობრები გიახლოვდებიან! ამ საშინელმა გერმანელებმა იმდენ ხანს გვაწვალეს, იმდენ ხანს ეჭირათ დანა ჩვენს ყელთან, რომ მეგობრებზე და გადარჩენაზე ფიქრიც კი რწმენას გვინერგავს!
ახლა მარტო ჩვენზე, ებრაელებზე როდია ლაპარაკი, ახლა ლაპარაკობენ ჰოლანდიაზე, მთელ ევროპაზე. იქნებ სექტემბერში ან ოქტომბერში ისევ წავიდე სკოლაში, ამბობს მარგო!
P. S. უკანასკნელ ცნობებს დაუყოვნებლივ გადმოგცემ:
ღამე და გათენებისას გერმანელთა ზურგში თივისაგან გაკეთებული ფიტულები და მანეკენები ჩაუშვეს, რომლებიც მიწის შეხებისთანავე ფეთქდებოდნენ.
დაეშვნენ პარაშუტისტებიც. ისინი შავად იყვნენ შენიღბულნი, რათა ღამით არ შეემჩნიათ.
დილით, მას შემდეგ, რაც მიწაზე 5 მილიონი კილოგრამი ყუმბარა ჩამოყარეს, დაიწყო დესანტის გადმოსხმა.
დღეს ბრძოლაში მონაწილეობს 20.000 თვითმფრინავი. სანამ დესანტის გადმოსხმა დაიწყებოდა, გერმანელების ყველა სანაპირო ბატარეა მწყობრიდან გამოიყვანეს.
შეიქმნა მომცრო პლაცდარმი. თუმცა ცუდი ამინდია, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად მიდის. არმიაც, ხალხიც ერთი სურვილით, ერთი იმედითაა გამსჭვალული.
ანა
პარასკევი, 9 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ჯარების გადმოსხმა ბრწყინვალედ მიმდინარეობს! მოკავშირეებმა დაიკავეს ბაიო, სოფელი საფრანგეთის სანაპიროზე. ახლა კაიენისათვის იბრძვიან.
ამოცანა ნათელია, - მოსჭრან ნახევარკუნძული, რომელზედაც შერბურია გაშენებული.
სამხედრო მიმომხილველები ყოველ საღამოს გვიყვებიან, თუ რა სიძნელეებს აწყდებიან ჯარები, და რა ზღაპრულ გამბედაობასა და სიმამაცეს იჩენენ აღფრთოვანებული ჯარისკაცები.
რადიოთი ინგლისში დაბრუნებულმა დაჭრილებმაც ილაპარაკეს. მიუხედავად ცუდი ამინდისა, საჰაერო თავდასხმა გრძელდება.
ბი-ბი-სიმ გადმოსცა, რომ თურმე ჩერჩილსაც სურდა ჯარებთან ერთად მონაწილეობა მიეღო დესანტის გადმოსხმაში, მაგრამ ეიზენჰაუერისა და სხვა გენერლების რჩევა ყურად იღო და ინგლისში დარჩა.
ხედავ, რა მამაცი ბერიკაცია, ახლა ალბათ სამოცდაათ წელსაა გადაცილებული!
ჩვენ ცოტა დავმშვიდდით, ვიმედოვნებთ, რომ ომი ამ წლის დამლევამდე დამთავრდება. დროც არის!
ქალბატონი ვან დაანის მეტიჩრობა აუტანელია. რადგან ჯარების გადმოსხმაზე ლაპარაკით აღარ შეუძლია ტვინი გვიღრძოს, ახლა ცუდი ამინდის გამო გვიწყალებს გულს. მინდა, თავი ცივი წყლით სავსე ვედროში ჩავაყოფინო.
გარდა ვან დაანისა და პეტერისა, ყველამ წაიკითხა "უნგრული რაფსოდია", კომპოზიტორისა და ვირტუოზის ფრანც ლისტის ბიოგრაფია. წიგნი ძალზე საინტერესოა, მაგრამ მე მგონია, ავტორი ბევრს ლაპარაკობს ქალებზე.
ლისტი თავის დროზე არა მარტო დიდი და სახელგანთქმული პიანისტი იყო, არამედ 70 წლამდე ქალების დიდი მადევარიც. ჰყვარებია მარი დაგუ, თავადის ქალი კაროლინა ვიტგენშტეინი, მოცეკვავე ლოლა მონტესი, პიანისტი აგნეს კინგვორსი, სოფია მონტერი, ჩერქეზი თავადის ქალი ოლგა იანინა.
ბარონესა ოლგა მეიენდორფი, მსახიობი ლილა... გვარი დამავიწყდა და ა. შ. და ა. შ. ბოლო არ უჩანს!
მაგრამ წიგნის ის ადგილები, რომლებშიც მუსიკასა და ხელოვნებაზეა ლაპარაკი, მეტი ინტერესით იკითხება.
ვინ არაა მოხსენებული: შუმანი, კლარა ვიკი, ჰექტორ ბერლიოზი, იოჰანეს ბრამსი, ბეთჰოვენი, იოახიმი, რიხარდ ვაგნერი, ჰანს ფონ ბიულოვი, ანტონ რუბინშტეინი, ფრედერიკ შოპენი, ვიქტორ ჰიუგო, ონორე დე ბალზაკი, კილერი, ჰუმელი, ჩერნი, როსინი, კერუბინი, პაგანინი, მენდელსონი და სხვა მრავალი.
ლისტი კარგი კაცი იყო. ძალიან დიდსულოვანი, თავმდაბალი, მაგრამ საშინლად ამაყი. ეხმარებოდა ყველას, ყველაფერზე მაღლა აყენებდა ხელოვნებას, თავდავიწყებამდე უყვარდა ქალები და კონიაკი, ვერ იტანდა ცრემლებს.
ერთი სიტყვით, ნამდვილი ჯენტლმენი იყო. უარით არავინ გაუსტუმრებია, არაფრად აგდებდა ფულს, უყვარდა მაღალი საზოგადოება და რელიგიის თავისუფლებას აღიარებდა.
ანა
სამშაბათი, 13 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ჩემი დაბადების დღე უკან დარჩა. თხუთმეტის გავხდი.
საკმაოდ ბევრი რამ მაჩუქეს: შპრინგერის ხელოვნების ისტორიის თხუთმეტტომეული, საცვლების გარნიტური, ორი სარტყელი, ერთი ცხვირსახოცი, ორი ბოთლი კეფირი, ერთი ქილა ჯემი, ნამცხვრები, დედამ და მამამ ბოტანიკის სახელმძღვანელო მომართვეს, მარგომ - ოქროს სამაჯური, ვან დაანებმა კიდევ ერთი წიგნი, დუსელმა ბიომალცი, მიპმა და ელიმ რვეულები და ტკბილეულობა, კრალერმა წიგნი "მარია-ტერეზა" და სამი ნაჭერი ნამდვილი ყველი.
პეტერმა ვარდების შესანიშნავი თაიგული. საწყალი ბიჭი, ბევრი ეცადა, რამე ეშოვა ჩემთვის, მაგრამ ვერაფერი მოახერხა.
მიუხედავად საშინელი ამინდისა, ჯარების გადმოსხმა ბრწყინვალედ მიდის, ზღვა ძლიერ ღელავს და კოკისპირულად წვიმს.
ჩერჩილი, სმეტსი, ეიზენჰაუერი და არნოლდი გუშინ ინგლისელებისაგან განთავისუფლებულ ფრანგულ სოფელს ეწვივნენ. ჩერჩილი ჩამოსულა სატორპედო კატერით, რომლისთვისაც ნაპირიდან ცეცხლი დაუშენიათ.
ამ კაცმა, ისევე როგორც ბევრმა მამაკაცმა, სრულიად არ იცის, რა არის შიში. ო, როგორ მშურს!
ჩვენი თავშესაფრიდან ვერც დაინახავ და ვერც მიხვდები, თუ რა განწყობილებაა ჰოლანდიაში.
ცხადია, ხალხი გახარებულია, რომ "არაფრის მაქნისი" (!) ინგლისი ბოლოს ამოქმედდა.
ერთი მაგრად უნდა შეანჯღრიო ყველა, ვინც ინგლისელებს ზემოდან დაჰყურებს, ლანძღავს ინგლისს, აგდებით იხსენიებს მის მთავრობას, ინგლისელებს მხდალებს უწოდებს და ამავე დროს გერმანელები სძულს. ი
ქნებ მაშინ მათი არეული ტვინი ისევ დალაგდეს!
ანა
ოთხშაბათი, 14 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
იმდენი სურვილი, აზრი, ბრალდება და საყვედური მიტრიალებს თავში, რომ ყველაფერი ერთმანეთში აირია. კიწი, მე მართლა არც ისე დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე, როგორც სხვებს ჰგონია. მე სხვებზე უკეთ ვიცი, რომ უამრავი ნაკლი მაქვს და უსაქციელო ვარ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მინდა გამოვსწორდე,
გამოვსწორდები კიდეც, უკვე საგრძნობლად გამოვსწორდი. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს: რატომ ჰგონიათ სხვებს, რომ დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე, რატომ მთვლიან მოურიდებელ ადამიანად?
ნუთუ მართლაც დიდი წარმოდგენისა ვარ ჩემს თავზე? იქნებ თვითონ არიან ასეთები? რაღაც მეშლება, მაგრამ ამ წინადადებას მაინც არ ამოვშლი, რადგან არც ისე არეულია, ქალბატონ ვან დაანს, ჩემს მთავარ ბრალმდებელს, ყველა იცნობს, როგორც უჭკუოს, პირდაპირ რომ ვთქვა, როგორც სულელს; ხოლო სულელი ადამიანები ვერ ინელებენ, როცა ვინმე მათზე უკეთ აკეთებს რამეს.
ქალბატონი ვან დაანი მხოლოდ იმიტომ მთვლის სულელად, რომ მასავით შტერი არა ვარ, იმიტომ მეძახის მოურიდებელს, რომ თვითონაც უტიფარია.
ჩემს კაბებზე ამბობს, მოკლეაო, თვითონ კი უფრო მოკლე აცვია. მე თავდაჯერებულად მთვლის, თვითონ კი მუდამ ეჩრება საუბარში და ისეთ თემებზე მსჯელობს, რაზედაც წარმოდგენა არა აქვს.
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ანდაზა ასეთია: "ყოველი საყვედური ნაწილობრივ სიმართლესაც შეიცავს". ამიტომ წინასწარ ვაცხადებ, რომ ზოგჯერ მართლაც ვარ ზედმეტად თავდაჯერებული.
ერთი უბედურება მჭირს, ჩემს თავს სხვებზე მეტად მე თვითონ ვაკრიტიკებ და ვესაყვედურები. ყოველივე ამას ხშირად დედის ნოტაციებიც ემატება და იმდენი ქადაგება მესმის, რომ მგონი, ამდენ შეგონებას ვერასოდეს დავაღწევ თავს.
ამიტომ უხეში და უკმეხი ვხდები და უნებურად ვეჭიდები "ანეს" ძველ საყვარელ ფრაზას: "ჩემი არავის ესმის". ეს სიტყვები გამჯდარია ჩემში და შეიძლება უმართებულო გეჩვენოს, მაგრამ ამაში სიმართლის რაღაც ნაწილი მაინც არის.
ზოგჯერ საკუთარი თავის გმობა იქამდე მიდის, რომ მანუგეშებელი ხმა მჭირდება, რომელიც ყველაფერს აღადგენს და ჩემს სულიერ სამყაროს ჩასწვდება; სამწუხაროდ, ბევრი ვეძებე, მაგრამ ასეთი ადამიანი ჯერ ვერ მიპოვნია.
ვიცი, კიწი, რომ შენ ამ წუთში პეტერზე ფიქრობ! მართალია, მას ვუყვარვარ, მაგრამ არა როგორც სატრფო, არამედ როგორც მეგობარი.
დღითი დღე სულ უფრო მეჩვევა, მაგრამ არის ჩვენს შორის რაღაც იდუმალი, ჩემთვის გაუგებარი, რომელიც ორივეს გვაბრკოლებს.
ზოგჯერ მგონია, მისი ნახვის სურვილს ვაზვიადებ და არც ისე მენატრება, მაგრამ საკმარისია, ორი დღე არ ვნახო და ისე გამიწევს გული მისკენ, როგორც მანამდე არასოდეს.
პეტერი შესანიშნავი საყვარელი ყმაწვილია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ბევრი რამ მასზე გულს მიცრუებს. უწინარეს ყოვლისა, რომ ბელგიას მთლიანად განუდგა, მეორეც, მისი ლაპარაკი ჭამაზე და სხვა წვრილმანზე სრულიად არ მომწონს, მაგრამ მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ პირობას შევასრულებთ და არასოდეს არ ვიჩხუბებთ.
პეტერი გულკეთილი, თავაზიანი და დამთმობია. იგი გაცილებით მეტ შენიშვნას იტანს ჩემგან, ვიდრე დედისაგან. მონდომებით ცდილობს წესრიგი დაამყაროს თავის ოჯახში. მაგრამ რატომ არის ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში, რატომ არ მაძლევს უფლებას შევეხო მისი სულის სიმებს?
მართალია, იგი ჩემზე გულჩათხრობილია, მაგრამ მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ყველაზე გულჩათხრობილ ადამიანებსაც კი ზოგჯერ ენატრებათ გულის მესაიდუმლე.
მე და პეტერმა წლები თავშესაფარში გავატარეთ და აქ მივეჩვიეთ ფიქრს. ხშირად ვლაპარაკობდით წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე, მაგრამ, როგორც გითხარი, ნამდვილი გრძნობა მაკლია და ამავე დროს ისიც დანამდვილებით ვიცი, ასეთი გრძნობა არსებობს.
ანა
ხუთშაბათი, 15 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
იქნებ იმიტომ ვგრძნობ ასე ძლიერ ბუნებას, რომ ამდენი ხანია, კარში ცხვირი არ გამიყვია? მე შესანიშნავად მახსოვს, რომ ადრე ჩემში დიდ აღტაცებას არც ჩიტების გალობა იწვევდა, არც გაშლილი ყვავილები, არც სხივმფენი ლურჯი ცა და არც მთვარის შუქი.
ახლა ყველაფერი შეიცვალა. მაგალითად, სამებას, როცა თბილი ამინდები იდგა, დიდი გაჭირვებით ვიკავებდი თავს, რომ არ დამძინებოდა და თორმეტის ნახევრამდე მარტოს მეცქირა ფანჯრიდან მთვარისათვის.
სამწუხაროდ, ჩემი მსხვერპლი ამაო აღმოჩნდა, რადგან მთვარე ისე კაშკაშებდა, რომ ფანჯრის გამოღება ვერ გავბედე.
მეორე ამბავი რამდენიმე თვის წინათ მოხდა. შემთხვევით ზევით ავედი და ფანჯარა ღია დამხვდა. სანამ ოთახს ანიავებდნენ, ძირს აღარ ჩამოვსულვარ.
ბნელმა, წვიმიანმა საღამომ, ქარიშხალმა და ცაზე მოცურავე ღრუბლებმა საშინელი ძალით გამიტაცა, დამიპყრო. წლინახევრის შემდეგ პირველად ვიდექი ღამესთან პირისპირ.
იმ დღიდან ყოველივე ამის კიდევ ერთხელ განცდის სურვილი უფრო დიდი იყო ჩემში, ვიდრე ვირთხებით, ქურდებითა და თავდასხმებით გამოწვეული შიში.
მე მარტო ჩავდიოდი დაბლა და კონტორის ან სამზარეულოს ფანჯრიდან გარეთ ვიყურებოდი.
ბევრს უყვარს ბუნება, ბევრს ღია ცის ქვეშ სძინავს, პატიმრები და ავადმყოფები ციხეებსა და საავადმყოფოებში, ოცნებობენ იმ დღეზე, როცა გარეთ გავლენ, დატკბებიან ბუნების ცქერით, მაგრამ ცოტა ვინმეა ჩვენსავით ჩაკეტილი საკუთარ მწუხარებასთან ერთად, ასე მოწყვეტილი და იზოლირებული ყოველივე იმისაგან, რაც ერთნაირად ეკუთვნის მდიდრებსაც და ღარიბებსაც.
არ გეგონოს ეს მხოლოდ წარმოდგენაა, არა, მე მართლაც მამშვიდებს ცის, ღრუბლების მთვარისა და ვარსკვლავების ცქერა.
ეს ბრომზე და ვალერიანის წვეთებზე უკეთ მოქმედებს, ბუნება მასწავლის მორჩილებას, მაჩვევს, მედგრად შევეგებო ბედის უკუღმართობას.
სამწუხაროდ, მტვრიანი, ფარდებჩამოფარებული ჭუჭყიანი ფანჯრებიდან უნდა ვუყურო ბუნებას და ისიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.
ხოლო ფანჯრებიდან ყურება არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს, რადგან ბუნება ერთადერთია და ნამდვილად ვერ იტანს ვერავითარ სუროგატებს.
ანა
პარასკევი, 16 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ახალი პრობლემები წამოიჭრა! ქალბატონი ვან დაანი სასოწარკვეთილია, მხოლოდ შუბლში ტყვიის დახლაზე, საპყრობილეზე, ჩამოხრჩობასა და თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს.
ეჭვიანობს პეტერზე, იმის გამო, რომ მე უფრო მენდობა, ვიდრე მას. გამწყრალია დუსელზე, რადგან მის კეკლუცობას ყურადღებას არ აქცევს. ეშინია, მისმა ქმარმა ბეწვის ქურქში აღებული ფული მთლიანად არ გაფლანგოს.
ჩხუბობს, ილანძღება, ტირის, წუწუნებს, იცინის, შემდეგ კი ისევ ჩხუბობს.
აბა, რას მოუხერხებ ასეთ სულელსა და მტირალას?
არავინ არ აქცევს ყურადღებას! არავითარი თავმოყვარეობა არ გააჩნია: ყველას თავს აბრალებს, აქეთ-იქით დარბის, - ღმერთმა იცის, რა აცვია.
ყველაფერზე ცუდი ისაა, რომ ამის გამო პეტერი უხეში ხდება, ვან დაანი ღიზიანდება, დედას კი ყველა ეზიზღება.
შესანიშნავი გარემოცვაა, არა! ამგვარ შემთხვევაში კარგად უნდა გახსოვდეს ერთი რამ: ყველაფერზე იცინე და ნურავის გაუწევ ანგარიშს!
მართალია, ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ესაა ერთადერთი გამოსავალი, იმ ადამიანისათვის, ვინც თვითონ უნდა ინუგეშოს თავი.
კრალერს ისევ მოუვიდა უწყება, ოთხი კვირა უნდა ამუშაონ. ცდილობს ექიმის მოწმობით და ფირმის წერილით თავი გაითავისუფლოს.
კოოპჰოისმა კუჭის ოპერაცია უნდა გაიკეთოს. გუშინ 11 საათზე ყველა კერძო ტელეფონი გამორთეს.
ანა
პარასკევი, 23 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ინგლისელები შერბურგს უტევენ. პიმისა და ვან დაანის აზრით, 10 ოქტომბერს უკვე თავისუფლები ვიქნებით! ამ ოპერაციაში რუსებიც მონაწილეობენ.
გუშინ ვიტებსკის მიმართულებით დაიწყეს შეტევა. სამი წლის წინ სწორედ ამ დღეს გერმანელები თავს დაესხნენ ამ ქალაქს.
კარტოფილი თითქმის აღარ დაგვრჩა, ვაპირებთ, გადავთვალოთ და ყველას თავისი წილი დავურიგოთ. ყველამ ისე გაიტანოს თავი, როგორც შეუძლია.
ანა
სამშაბათი, 27 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
განწყობილება დიდებულია, ყველაფერი შესანიშნავად მიდის. დღეს შერბურგი, ვიტებსკი და ჟლობინი აიღეს, ტყვე და ნადავლი ბევრია.
შერბურგთან ხუთი გერმანელი გენერალი მოკლეს, ორი კი ტყვედ ჩაიგდეს.
ახლა ინგლისელებს ნავსადგური აქვთ და ყველაფერი შეუძლიათ გადაზიდონ ხმელეთზე, რაც კი სჭირდებათ.
ერთი კვირის განმავლობაში ნახევარკუნძული კოტანტენი მთლიანად ინგლისელების ხელში გადავიდა - დიდი გამარჯვებაა!
ჯარების გადმოსხმის შემდეგ, ამ სამი კვირის განმავლობაში, როგორც აქ, ისევე საფრანგეთში ყოველდღე წვიმდა და ქარიშხალი ბობოქრობდა, მაგრამ ცუდმა ამინდმა ვერ დააბრკოლა ინგლისელები და ამერიკელები გაეშალათ თავიანთი ძალები და მერე როგორ!
მართალია "მფრინავ ყუმბარას" გერმანელთა ამ სასწაულებრივ იარაღს, ყველგან იყენებენ, მაგრამ ასეთ რაკეტებს ახლა ინგლისისთვის მხოლოდ უმნიშვნელო ზიანი მოაქვს, "მოფების" გაზეთებისთვის კი თავსაყრელი მასალა.
ჯერ სად არიან, უფრო მეტად აუკანკალდებათ მუხლები, როცა თავიანთი "მოფრიკი" შეატყობინებთ, რომ "ბოლშევიკური საფრთხე" მართლაც ახლოა.
ყველა გერმანელი ქალი და ბავშვი, ვინც თავდაცვით სამუშაოებზე არ გამოდგება, სანაპირო რაიონებიდან გაჰყავთ გრონინგენში, ფრისლანდიასა და გერდელლანდიაში.
მუსერტმა ( ჰოლანდიის ნაციონალურ-სოციალისტური მოძრაობის ხელმძღვანელი.) განაცხადა: თუ აქაც შემოიჭრნენ, სამხედრო ფორმას ჩავიცვამო. აქამდეც შეეძლო წასულიყო რუსეთის ფრონტზე!
ფინეთმა თავის დროზე უარი თქვა შეთავაზებულ ზავზე და მოლაპარაკება ახლაც ჩაიშალა. რა სულელები არიან, მერე ინანებენ!
როგორ ფიქრობ, რას მოგვიტანს 27 ივლისი?
ანა
პარასკევი, 30 ივნისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ამინდი ცუდია, ანუ: "Bad weather from one at a stretсh to the thirty June" (30 ივნისამდე ცუდი ამინდია (ინგლ.).)
სწორია არა? ო, მე უკვე საკმაოდ კარგად ვიცი ინგლისური. მაგალითად, ვკითხულობ "Ideal Husband" - ("იდეალური ქმარი") ლექსიკონის დახმარებით.
საომარი ოპერაციები ბრწყინვალედ მიმდინარეობს! აიღეს ბობრუისკი, მოგილევი, ორშა, უამრავი ტყვე ჩაიგდეს ხელთ.
ჩვენთან ყველაფერი ოლ რაიტ, განწყობილებაც კი. ჩვენი ჰიპეროპტიმისტები ზეიმობენ.
ელი თმას სხვანაირად ივარცხნის, მიპმა ერთი კვირის შვებულება აიღო. ახალი სხვა არაფერია.
ანა
ხუთშაბათი, 6 ივლისი, 1944
ძვირფასო კიწი!
გული მიკვდება, როცა პეტერი ამბობს, როდისმე ან ბოროტმოქმედი გავხდები, ანდა სპეკულანტიო. მართალია, ამას ხუმრობით ამბობს, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მას თვითონ ეშინია საკუთარი უნებისყოფობის. წარამარა მესმის ხან მარგოსაგან, ხან კი პეტერისაგან: "მე რომ ისეთი ძლიერი და გაბედული ვიყო, როგორც შენ, მე რომ ისეთივე დაჟინებით შემეძლოს გავიტანო ჩემი, როგორც შენ, მე რომ შენსავით ამტანი ვიყო, ეჰ, მაშინ...!".
ნუთუ მართლა სანაქებო თვისებაა რომ სხვისი გავლენის ქვეშ არ ვექცევი? განა სწორია, რომ მხოლოდ ჩემი სინდისის კარნახს ვემორჩილები? მართალი გითხრა, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კაცმა თქვას: 'მე სუსტი ვარ" და მაინც სუსტი დარჩეს.
კი მაგრამ, თუ კაცმა იცის, რომ სუსტია, რატომ არ ებრძვის სისუსტეს, რატომ არ ცდილობს ნებისყოფა გამოიწრთოს? პეტერმა მიპასუხა: "ასე ბევრად უფრო ადვილია". ამგვარმა პასუხმა, ცოტა არ იყოს, დამანაღვლიანა.
ადვილი! განა უქნარობა, მუდამ საკუთარი თავის მოტყუება, ადვილია? ო, არა, არ შეიძლება ასე იყოს, მართალი არაა, არ შეიძლება, რომ სიზარმაცემ და... ფულმა ასე სწრაფად გარყვნას ადამიანი.
მე დიდხანს ვფიქრობდი, რა პასუხი გამეცა, როგორ შთამენერგა პეტერისათვის საკუთარი თავისადმი რწმენა და, რაც მთავარია, გამომესწორებინა. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამას.
ხშირად მიოცნებია, რა კარგი იქნებოდა ვინმე რომ ბოლომდე გულახდილი ყოფილიყო ჩემთან, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ძნელია ბოლომდე ჩაწვდე ვინმეს და ამავე დროს რამე ურჩიო, მით უმეტეს, როცა ცნებები "ფული" და "ადვილი" ჩემთვის სრულიად უცხო და ახალია.
პეტერი უკვე ცდილობს მე დამეყრდნოს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ისეთ ადამიანებს, როგორიც პეტერია, საკუთარ ფეხებზე დგომა უჭირთ, ხოლო თუ შეგნებულად ცხოვრობენ, კიდევ უფრო უძნელდებათ გზის გაკვლევა აურაცხელ პრობლემებს შორის.
მე ახლა რატომღაც ერთ ადგილას ვტრიალებ. გულით კი მინდა ჩავწვდე ამ საზიზღარი ცნების შინაარსს - "ადვილია". როგორ გავაგებინო პეტერს, რომ რაც ახლა ადვილი და მშვენიერი ჩანს, მას ისეთ უფსკრულში ჩაითრევს, სადაც არც მეგობრებია, არც სილამაზე, არც საყრდენი და საიდანაც ვერასოდეს ვეღარ ამოხვალ.
ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, მაგრამ არ ვიცით, რატომ და რისთვის. ვცხოვრობთ იმ მიზნით, რომ ბედნიერნი ვიყოთ, ვცხოვრობთ სხვადასხვანაირად და მაინც ერთნაირად.
ჩვენ სამნი კარგ პირობებში გავიზარდეთ, შეგვიძლია ვისწავლოთ, მივაღწიეთ რაღაცას, სამივეს გვაქვს საფუძველი, უკეთესი ცხოვრების იმედი ვიქონიოთ, მაგრამ... ამის უფლება ჩვენ თვითონვე უნდა მოვიპოვოთ; ეს კი არც ისე ადვილი და იოლი მოსახერხებელია.
ბედნიერების მოსაპოვებლად შრომა და სიკეთისაკენ სწრაფვაა საჭირო და არა სპეკულანტობა და სიზარმაცე. ეს შეიძლება სასიამოვნო გეჩვენებოდეს, მაგრამ კმაყოფილებას მხოლოდ შრომა განიჭებს.
მე არ მესმის იმ ხალხის, რომელთაც შრომა არ უყვართ, მაგრამ პეტერი არც ასეთია. მას უბრალოდ გარკვეული მიზანი არა აქვს. თავს სულელ ადამიანად, არარაობად თვლის და არ ჰგონია, რომ რამეს მიაღწევს.
საბრალო ბიჭი, მისთვის უცნობია ის სიხარული, რასაც სხვისი გაბედნიერება იწვევს, მაგრამ მე ამას ვერ ვასწავლი.
მას არაფერი სწამს. ღიმილით ლაპარაკობს ქრისტეზე, გმობს ღმერთს. მართალია, დიდი ორთოდოქსი არც მე ვარ, მაგრამ გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მარტოსული, ურწმუნო და ღატაკია.
ადამიანებს, რომელთაც რელიგია აქვთ, უნდა უხაროდეთ, რადგან ყველას როდი აქვს უნარი იწამოს ზებუნებრივი ძალა.
ადამიანს არ უნდა აშინებდეს სიკვდილის შემდეგ სასჯელი. სალხინებელი, სამოთხე და ჯოჯოხეთი ისეთი ცნებებია, რომელთა არსებობაში ბევრს ეპარება ეჭვი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესა თუ ის რელიგია, სულ ერთია რომელი, ჭეშმარიტი გზიდან აცდენის საშუალებას არ აძლევს ადამიანს.
უმთავრესი აქ ღვთის წინაშე შიში კი არაა, არამედ ის, რომ არ დასცე საკუთარი ღირსება და სინდისი.
რა კარგი იქნებოდა, ყველა ადამიანი დაწოლის წინ გაიხსენებდეს, რაც მთელი დღის განმავლობაში მოიმოქმედა და აწონ-დაწონიდეს, რა იყო კარგი და რა ცუდი!
თავისდა უნებურად ეცდებოდნენ დღითი დღე უკეთესნი გამხდარიყვნენ. ამ საშუალების გამოყენება ყველას შეუძლია, რადგან არაფერი ღირს და ყველასათვის ხელმისაწვდომია.
ხოლო ვინც არ იცის, უნდა იცოდეს, რომ "სუფთა სინდისი ადამიანს ძალას მატებს!"
ანა
შაბათი, 8 ივლისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ფირმის მთავარი წარმომადგენელი, ბატონი ბ. ბევერვიკში იყო და ხენდრო იშოვა. ჩამოიტანა დაახლოებით ოცდაოთხი ყუთი როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი კონტორისათვის, ხენდრო სულ დასვრილი იყო და ქვიშით ავსებული.
ჩვენ მაშინვე დავაკონსერვეთ რვა ქილა და შვიდი ქილა ჯემი მოვხარშეთ. მიპი ხვალ მთელი კონტორისათვის ჯემს მოხარშავს.
პირველის ნახევარზე სახლში უცხო აღარავინ იყო: ქუჩის კარი დაკეტეს და ყუთები ამოიტანეს.
პეტერი, მამა და ვან დაანი კიბეზე დააბოტებენ. ანეს მოაქვს თბილი წყალი ტიტანიდან, მარგო ვედროებს მოათრევს, ერთი სიტყვით, ყველა საქმიანობს.
როცა დაბლა, კონტორის სამზარეულოში ჩავედი, მუცელში თითქოს რაღაცა ჩამწყდა. მიპი, ელი, კოოპჰოისი, ჰენკი, მამა, პეტერი - ერთი სიტყვით, ყველას აქ მოეყარა თავი, ლტოლვილებსაც და მათ მფარველებსაც, და ისიც დღისით-მზისით.
ქუჩიდან ვერავინ დაგვინახავდა, რადგან ფანჯრებზე ფარდებია ჩამოფარებული, მაგრამ როცა ხმამაღალი ლაპარაკი და კარების ჯახუნი მესმოდა, ვკანკალებდი. ნუთუ ისევ ვიმალებით, ვკითხე ჩემს თავს.
ალბათ, ასეთი გრძნობა აქვს ადამიანს, როცა კვლავ დღის სინათლეზე გამოდის. ქვაბი გაივსო, აბა ჩქარა, ზევით, ოჯახის დანარჩენი წევრები ჩვენს სამზარეულოში იდგნენ მაგიდასთან და ხენდროს რეცხავდნენ. უფრო მეტს პირში იყრიდნენ, ვიდრე ვედროში.
დაგვჭირდა კიდევ ერთი ვედრო და პეტერი ისევ ქვედა სამზარეულოში ჩავიდა. უეცრად ვიღაცამ ორჯერ დარეკა. პეტერმა ვედრო დაბლა დადგა. და მბრუნავი კარის დასახურად ზევით ამოვარდა.
მოუთმენლად ვცქმუტავდით ადგილზე, რადგან ნახევრად გარეცხილი ხენდრო ბანაობას ელოდა, ჩვენ კი ონკანი დავკეტეთ; მუდამ მტკიცედ ვიცავთ შინაგანაწესს: "თუ სახლში უცხო პირია, ონკანი დაკეტე, წყლის ხმაური სახიფათოა".
პირველ საათზე მოვიდა ჰენკი და გვითხრა, ფოსტალიონმა დარეკაო. პეტერი იმწამსვე ჩავარდა ქვევით. წკრრ, დარეკა ზარმა. მარჯვნისაკენ, ზურგისაკენ! მე ჯერ მბრუნავ კართან გავჩერდი, ვინმე ხომ არ მოდისმეთქი, მერე კი ჩუმად ავედი ზევით.
ბოლოს მე და პეტერი ქურდებივით გავისუსეთ მოაჯირთან და ყურს ვუგდებდით ხმაურს, რომელიც ქვევიდან მოდიოდა. არავითარი უცხო ხმა.
პეტერი ჩუმად ჩადის კიბეზე, და ნახევარ გზაზე გაჩერებული იძახის: "ელი"! პასუხი არ ისმის. კიდევ ერთხელ: "ელი"! მაგრამ სამზარეულოში ისეთი ხმაურია, რომ პეტერის ხმა იკარგება.
ბოლოს იგი სამზარეულოში ჩადის, მე კი დაძაბული ვდგავარ კიბეზე და ქვევით ვიცქირები. "პეტერ, აბა ჩქარა ადი ზევით, რევიზორი მოვიდა", მესმის კოოპჰოისის ხმა. პეტერი ოხვრით ემორჩილება. მბრუნავი კარი იკეტება.
ორის ნახევარზე ჩვენთან ამოდის კრალერი. ო, ღმერთო ჩემო, ყველგან ხენდროა. საუზმეზე ხენდრო, ჰენკი ჭამს ხენდროს, კოოპჰოისი პირს იტკბარუნებს ხენდროთი, მიპი ხარშავს ხენდროს, ყველგან ხენდროს სუნია.
აღარ შემიძლია ხენდროს დანახვა. ავდივარ ზევით, მაგრამ ო, ღმერთო, აქაც ხენდროს რეცხავენ. ხენდროს ნარჩენებს აკონსერვებენ. საღამოს ორი ქილა უკვე აგვიდუღდა.
მამა სასწრაფოდ ხარშავს მარმელადს. მეორე დილით - კიდევ ორი ქილა, დღისით - ოთხი. დამნაშავეა ვან დაანი, რადგან ქილებს სტერილიზაცია აკლია.
მამა ყოველ საღამოს ხარშავს მარმელადს. ვჭამთ ხენდროიან ფაფას, დოს, პურს, დესერტზე ხენდრო, ხენდრო შაქრით, შაქრის ფხვნილით.
ორი დღის განმავლობაში ყველგან თვალში მხვდებოდა ხენდრო, ხენდრო, ხენდრო... ბოლოს მარაგი ამოიწურა, მაგრამ ცხრა ქილა კიდევ დგას ცხრაკლიტულში.
− გესმის, ანე, - მიყვირის მარგო, - მემწვანილემ, რომელიც აქვე კუთხეში ვაჭრობს, 19 გირვანქა ცერცვი გამოგვიგზავნა! - რა კარგი კაცი ყოფილა, - ვთქვი მე. ეს მართლაც კარგია, მაგრამ მუშაობა... ოჰ!
− შაბათს დილიდანვე ცერცვის გარჩევაში მომეხმარებით, - განაცხადა დედამ სადილზე. და მართლაც, ამ დილის საუზმის შემდეგ, მაგიდაზე ცერცვით სავსე მომინანქრებული დიდი თასი გაჩნდა.
ცერცვის გარჩევა ძალზე მოსაწყენია, მაგრამ აბა გაუსინჯე გემო ცერცვის ჭოტს. ბევრმა არ იცის, რა გემრიელია ჭოტი, განსაკუთრებით როცა თხელ კანს შემოაცლი. აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, შეგიძლია ცერცვზე სამჯერ მეტი შეჭამო. მაგრამ "კანის შემოცლა" ძალზე მოსაწყენი და საკირკიტო სამუშაოა.
შეიძლება ისეთი პედანტებისათვის, როგორიც კბილის ექიმები და კონტორის წვრილფეხა მუშაკები არიან, ამგვარი სამუშაო შესაფერისია, მაგრამ ჩემისთანა მოზარდი, დაუდეგარი გოგონასათვის ნამდვილი წამებაა.
დავიწყეთ ათის ნახევარზე, თერთმეტის ნახევარზე შევისვენე. ერთი საათის შემდეგ კი კვლავ შევუდექი მუშაობას. სხვა რომ არაფერი, ყურები მიწივის: ყუნწი მოტეხე, კანი ფხიანად გააძრე, გარჩეული ცერცვი თასში ჩააგდე და ასე შემდეგ!
თვალები ამიჭრელდა, ყველგან მწვანე, მწვანე ჭოტები, კანები, დამპალი ცერცვი, ყველაფერი მწვანეა. გამოვშტერდი, მაგრამ რაღაცა რომ ვაკეთო, მთელი დღე ყოველგვარ სისულელეს ვროშავ, ყველას ვაცინებ და ამავე დროს ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მოწყენილობა ბოლოს მომიღებს.
ყოველთვის როგორც კი ცერცვის კანის გაძრობას ვიწყებ, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ არასოდეს, არასოდეს ვიქნები მარტო დიასახლისი! ბოლოს 11 საათზე ვსაუზმობთ, მაგრამ პირველის ნახევრიდან ორის თხუთმეტ წუთამდე მუშაობა უნდა განვაგრძოთ.
ახლა უკვე გული მერევა, თითქოს ზღვამ მაწყინა, და არა მარტო მე, ყველას. მძინავს ოთხამდე, მაგრამ ძილის შემდეგაც ვერ მოვსულვარ გონს ამ საზიზღარი ცერცვისაგან.
ანა
შაბათი, 15 ივლისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ხელში ჩაგვივარდა ბიბლიოთეკის წიგნი ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი სათაურით: "რას ფიქრობთ თანამედროვე ახალგაზრდა ქალიშვილებზე?" მინდა დღეს ამ თემაზე გესაუბრო.
წიგნის ავტორი ქალია. "ჩვენი დროის ახალგაზრდობას" თავიდან ფეხებამდე აკრიტიკებს, მაგრამ მთლიანად არ უარყოფს და არც იმ დასკვნამდე მიდის, რომ "არაფრის მაქნისნი არიან". პირიქით, იგი იმ აზრისაა, რომ თუ ახალგაზრდობა მოინდომებს, შეუძლია ახალი, დიდი და მშვენიერი სამყარო შექმნას.
მას საამისოდ ყველა მონაცემი აქვს, მაგრამ ზერელე ამბებითაა გართული და ცხოვრების ჭეშმარიტ სილამაზეს ყურადღებას არ აქცევს. მე მგონია, ცალკეული ადგილები პირადად მე მეხება. და ამიტომ ვეცდები ბოლომდე გადაგიშალო ჩემი შინაგანი სამყარო და დავიცვა თავი ამგვარი საყვედურებისაგან.
ჩემი ხასიათის ერთ-ერთი ძირითადი თვისება, რასაც ყველა ჩემი ნაცნობი ამჩნევს - თვითკრიტიკაა. ჩემს საქციელს გვერდიდან ვუყურებ, თითქოს ჩემ წინ უცხო ადამიანი დგას. ყოველგვარი მიკერძოების, ყოველგვარი მოგონილი თავის მართლების გარეშე ვდგავარ ამ მეორე ანას პირისპირ და ვაკვირდები, კარგად იქცევა თუ ცუდად.
თვითდაკვირვება არასდროს არ მწყინდება და საკმარისია რაიმე ვთქვა, რომ იმწამსვე ვფიქრობ: "არა, ასე არ უნდა ყოფილიყო", ანდა "ასე ჯობია, ასე უფრო სწორია!" ხშირად მე ჩემს თავს ბევრ რამეში ვამტყუნებ და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რა მართალია მამა, როდესაც ამბობს: "ყოველმა ბავშვმა თვითონ უნდა აღზარდოს საკუთარი თავი".
სხვებს შეუძლიათ მხოლოდ რჩევა ან მითითება მისცენ, მაგრამ თავისი ხასიათი ადამიანმა თვითონ, საკუთარი ხელით უნდა ჩამოაყალიბოს.
ამავე დროს მე ვგრძნობ, რომ ბევრი ენერგია მაქვს, ძლიერი, თავისუფალი, ახალგაზრდა ვარ და ასე მგონია, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. როცა ყოველივე ეს პირველად ვიგრძენი, გამეხარდა, და არა მგონია, ბედის უკუღმართობამ, რომელიც ყველამ უნდა გამოსცადოს, ადვილად გამტეხოს, თუმცა ამაზე ადრეც ბევრი მილაპარაკია შენთან.
ახლა ვაყენებ მთავარ თეზისს: "დედას და მამას ჩემი არ ესმით". მშობლები ძალიან მანებივრებდნენ, კარგად მეპყრობოდნენ, მიცავდნენ, ერთი სიტყვით, აკეთებდნენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, დიდხანს ვგრძნობდი საშინელ მარტოობას. ვფიქრობდი, ყველამ მიმატოვა, ჩემი არავის ესმის.
მამა ყოველნაირად ცდილობდა დაეწყნარებინა ჩემი მბორგავი სული, მაგრამ უნაყოფოდ. ბოლოს მე თვითონ განვკურნე საკუთარ თავი იმით, რომ ჩემი საქციელისა და ზრახვების საპირისპირო მხარე დავინახე.
როგორ მოხდა, რომ მამამ ვერავითარი შემწეობა ვერ აღმომიჩინა ბრძოლაში? რატომ აღმოჩნდა უძლური დასახმარებლად გამოწვდილი ხელი? იმიტომ, რომ მამამ სწორი გზა ვერ მონახა, მუდამ ისე მელაპარაკებოდა, როგორც ბავშვს, რომელსაც მხოლოდ თავისი ბავშვური დარდი აწუხებს.
ეს სიტყვები უცნაურად ჟღერს, რადგან სწორედ მამა იყო ყველაზე გულახდილი ჩემთან, სწორედ მან ჩამინერგა რწმენა, რომ მე საკმაოდ ბევრი მესმის, მაგრამ ერთი რამ მას მაინც გამორჩა მხედველობიდან: არ უფიქრია იმაზე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ბრძოლაა, ბრძოლა იმისათვის, რომ ზედაპირზე ამოვტივტივებულიყავი.
არ შემეძლო ასეთი გამოთქმების გაგონება: "ტიპური მოვლენები... სხვა გოგოები... ცხადია, გაივლის"... და ასე შემდეგ. არ მინდოდა მომპყრობოდნენ ისე, როგორც ყველა სხვა გოგოს. მსურდა ანა, პიროვნება, ვყოფილიყავი.
პიმს ეს არ ესმოდა. საერთოდ კი მე ვერ ვენდობი ისეთ ადამიანს, რომელიც თავის თავზე ცოტას მიყვება; და რადგანაც მე პიმის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, ამიტომ ჩვენს შორის ნამდვილი სიახლოვე არ შეიძლება იყოს.
პიმი ცხოვრებას უფროსი ადამიანის თვალსაზრისით უყურებს, თუმცა თავის დროზე მასაც ექნებოდა ასეთი წარმავალი გატაცებები. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ცდილობს, მაინც არ შეუძლია ისე უთანაგრძნოს უმცროსს, როგორც უფროსმა ამხანაგმა, მასთან ერთად განიცადოს ყველაფერი. ამიტომ ჩემს შეხედულებებს, ბოლომდე გააზრებულ თეორიებს მე მხოლოდ ჩემს დღიურს და ზოგჯერ მარგოს ვუზიარებ.
მამას ყველაფერს ვუმალავდი, ყველაფერს, რაც კი მაწუხებდა. არასოდეს არ გამიზიარებია მისთვის ჩემი იდეალები, შეგნებულად ჩამოვშორდი, სხვაგვარად არ შემეძლო. მე მოვიქეცი ისე, როგორც გრძნობამ მიკარნახა, მოვიქეცი ისე, როგორც ჩემი სულიერი სიმშვიდისათვის იყო საჭირო.
მე რომ ვინმესთვის ნება მიმეცა გაეკრიტიკებინა ეს ნახევრად დაუმთავრებელი მუშაობა საკუთარ თავზე, კვლავ დავკარგავდი სიმშვიდეს და ჩემდამი რწმენას, რაც დიდი გაჭირვებით მოვიპოვე. რა მკაცრადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები, მე ამაზე პიმის გულისთვისაც კი ვერ წავალ, რადგან პიმი არათუ გავრიყე ჩემი შინაგანი სამყაროდან, არამედ ჩემი თავშეუკავებლობის გამო უფრო და უფრო ვეთიშები.
ეს საკითხი ყველაზე უფრო მაწუხებს: როგორ მოხდა, რატომ მაღიზიანებს პიმი ასე? რატომ არ შემიძლია მასთან მეცადინეობა, რატომ მეჩვენება მისი ალერსი ნაძალადევად, რატომ მირჩევნია, მომეშვას მანამდე, სანამ საკუთარი თავისადმი მეტი რწმენა არ მექნება?
მე აქამდე მღრღნის სირცხვილის გრძნობა იმ წერილის გამო, რომელიც გაცეცხლებულმა დავწერე და გავუგზავნე. ო, რა ძნელია ყველგან და ყოველთვის ძლიერი და მტკიცე იყო. მაგრამ უფრო დიდი გულაცრუების მიზეზი სხვაა; მამაზე მეტად პეტერზე ფიქრი მაწუხებს. კარგად ვიცი, რომ მე ვიპოვე იგი და არა მან მე; მე შევქმენი მისგან საოცნებო ხატი, ჩემს წარმოდგენაში იგი წყნარი, საყვარელი, მგრძნობიარე ყმაწვილი იყო, რომელსაც ალერსი და მეგობარი ენატრებოდა.
ეს მე მქონდა მოთხოვნილება გადამეშალა გული ცოცხალი ადამიანისათვის, მჭირდებოდა მეგობარი, რომელიც გრძელ გზაზე მხარში ამომიდგებოდა; და მიუხედავად სიძნელეებისა, მაინც მივაღწიე იმას, რომ პეტერი ნელ-ნელა, მაგრამ მთელი გულით მომენდო; ხოლო როცა ის მეგობრულად განვაწყე ჩემდამი, ჩვენს დამოკიდებულებაში თავისთავად შემოიპარა ინტიმი, რაც ახლა გაუგონარ ამბად მეჩვენება.
ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ საიდუმლოებით მოცულ საკითხებზე, მაგრამ იმაზე, რაც გულში მქონდა და ახლაც მაქვს, აქამდე არ გვილაპარაკია.
მე ჯერაც არ ვიცი, როგორია პეტერი; იქნებ მორცხვობის ბრალია, რომ ჩემთანაც ზედმეტად თავშეკავებულია? მაგრამ ერთი შეცდომა მაინც დავუშვი: მე არ მივეცი მას საშუალება, სხვაგვარად გამოეხატა ჩემდამი მეგობრობა და ვცდილობდი, ალერსითა და სინაზით დამეახლოვებინა.
ახლა კი მას სიყვარული სწყურია და მე ვგრძნობ, რომ დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტად ვუყვარვარ. მისთვის ისიც საკმარისია, რომ ჩემს გვერდით იყოს, მე კი არ მასვენებს სურვილი, კიდევ ერთხელ ჩავწვდე მის აზრებს, შევეხო იმ საკითხებს, რომლებზედაც ასე ძლიერ მწადია საუბარი.
პეტერს არც კი ესმის, რომ ძალით დავიახლოვე და ახლა ორივე ხელით მებღაუჭება. ჯერჯერობით მე ვერავითარ საშუალებას ვერ ვხედავ, რომ მოურიდებლად მოვწყვიტო ჩემს თავს და საკუთარ ფეხებზე დავაყენო.
მე ძალიან მალე მივხვდი, რომ პეტერი ვერ გახდება ჩემი ნამდვილი მეგობარი, და ვცდილობდი ნაჭუჭიდან მაინც გამომეყვანა; მინდოდა ეგრძნო საკუთარი ახალგაზრდობა: "სინამდვილეში ახალგაზრდა უფრო მარტოა, ვიდრე მოხუცი".
ეს ფრაზა ერთ წიგნში ამოვიკითხე და, მე მგონია, სწორია. როგორ ფიქრობ, მართალია ის ამბავი, რომ აქ მოზრდილებს უფრო უჭირთ, ვიდრე მოზარდებს? არა, არაა მართალი! მოზრდილებს ყველაფერზე აქვთ თავისი აზრი და იციან, როგორ მოიქცნენ ცხოვრებაში.
ჩვენ კი ახალგაზრდებს, გაცილებით გვიჭირს დავიცვათ ჩვენი შეხედულებები და ისიც ისეთ დროს, როცა ყველა იდეალი ინგრევა და ნადგურდება, როცა ადამიანები ყველაზე ბინძურ თვისებებს ამჟღავნებენ, როცა ყველას ეჭვი ეპარება სიმართლეში, სამართლიანობაში, ღმერთის არსებობაში! და თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, თითქოს მოზრდილებს უფრო უჭირთ, ვიდრე ჩვენ, მოზარდებს, ეტყობა, არ ესმის, როგორ გვაწვალებს ჩვენ უამრავი პრობლემა.
შეიძლება ჩვენ ამგვარი პრობლემებისათვის მეტისმეტად ახალგაზრდები ვართ, მაგრამ თავს მოგვახვიეს და ვცდილობთ როგორმე გადავწყვიტოთ, ბოლოს ვპოულობთ კიდეც პასუხს, მაგრამ ფაქტებთან დაპირისპირებას ვერ უძლებს, რადგან ფაქტები სულ სხვაგვარად გამოიყურება. აი, რა არის ყველაზე ძნელი ჩვენს დროში: ჩვენ არ გაგვაჩნია იდეალები, ოცნებები, ნათელი იმედები და თუ გაგვიჩნდა, საშინელი სინამდვილე მაშინვე ანადგურებს.
საოცარი ამბავია, რომ მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს ყოველგვარი იმედი, მით უმეტეს, რომ მთელი ჩემი იმედები უაზრო და განუხორციელებელი მეჩვენება.
მიუხედავად ამისა, მე მათ მაინც მაგრად ვებღაუჭები, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ ადამიანი კეთილია. მე არ შემიძლია სიკვდილზე, უბედურებაზე ვიფიქრო და ყველაფერი ამაზე ავაგო. ვხედავ, როგორ იქცევა სამყარო თანდათან უდაბნოდ.
სულ უფრო ახლოს მესმის ქარიშხლის გრიალი და ჭექა-ქუხილი, რომელსაც შეუძლია მოგვსპოს, ვგრძნობ მილიონობით ადამიანის ტანჯვას და მაინც, როცა ცას შევყურებ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შემობრუნდება, სისასტიკესა და დაუნდობლობას ბოლო მოეღება და მიწაზე კვლავ მშვიდობა და სიწყნარე დაისადგურებს.
მანამ კი მაღლა უნდა ვატარო ჩემი იდეალები; იქნება მომავალში განხორციელდეს კიდეც.
ანა
პარასკევი, 21 ივლისი, 1944
ძვირფასო კიწი!
ისევ გაიღვიძა იმედმა, როგორც იქნა, ყველაფერი ისევ კარგად მიდის! და მერე რა კარგად! გაუგონარი ცნობები აღწევს ჩვენამდე!
ჰიტლერს თავს დაესხნენ, და არა ვიღაც კომუნისტი ებრაელი, არამედ კეთილშობილი გერმანული სისხლის გენერალი, გრაფი და თანაც ახალგაზრდა!
ჰიტლერი "ღვთის განგებამ" გადაარჩინა და, სამწუხაროდ, დიდად სამწუხაროდ, იოლად გადარჩა, მხოლოდ რამდენიმე განაკაწრი და უმნიშვნელო დამწვრობა აღმოაჩნდა. მისი ამალის რამდენიმე ოფიცერი და გენერალი მოკლულია ან დაჭრილი.
აი, იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ბევრ ოფიცერსა და გენერალს ომი ყელში ამოუვიდა და სიამოვნებით გაგზავნიდნენ ჰიტლერს მოუსავლეთში.
მისი მოსპობის შემდეგ მათ უნდათ დაამყარონ სამხედრო დიქტატურა, მოკავშირეებთან ზავი დადონ, ხელახლა შეიარაღდნენ და ოცი წლის შემდეგ კვლავ ომი დაიწყონ.
იქნებ განგებამ გარკვეული მიზნით დააყოვნა ჰიტლერის სიკვდილი მცირე ხნით, რადგან მოკავშირეებისათვის გაცილებით მოსახერხებელი და ხელსაყრელია, თუ წმინდა სისხლის გერმანელები ერთმანეთს დაერევიან და მოსპობენ;
რუსებსა და ინგლისელებს ნაკლები სამუშაო დარჩებათ და უფრო ადრე შეუდგებიან თავიანთი დანგრეული ქალაქების აღდგენას, თუმცა ჯერ საქმე აქამდე არ მისულა.
არ მინდა წინასწარ განვჭვრიტო ბრწყინვალე მომავალი, მაგრამ შენ, ალბათ, გესმის, რომ ყველაფერს, რაზედაც მე ვლაპარაკობ საფუძვლად უდევს თვალსაჩინო ფაქტები, რაღაც ისეთი, რაც ორივე ფეხით რეალურ ნიადაგზე დგას.
გამონაკლისის სახით აქ აღარაფერს ვლაპარაკობ მაღალ იდეალებზე. გარდა ამისა, ჰიტლერმა თავაზიანობა გამოიჩინა და თავის ერთგულ და საყვარელ ხალხს განუცხადა: ამიერიდან ყველა სამხედრო პირი გესტაპოს ემორჩილება და ყოველ ჯარისკაცს უფლება ეძლევა დაუყოვნებლივ დახვრიტოს თავისი მეთაური, თუკი მონაწილეობდა ამ ბინძურ და მდაბალ თავდასხმაშიო.
იცოცხლე, დატრიალდება ამბები! ჰანს დამპფს სირბილისაგან ფეხები სტკივა, მეთაურმა უყვირა. ჰანსი შაშხანას იღებს და ყვირის: "შენ ფიურერის მოკვლა გინდოდა, ხომ, აი, რისი ღირსი ხარ!" შაშხანა გავარდა და ქედმაღალი მეთაური, რომელმაც გაბედა და საბრალო ჯარისკაცს უყვირა, მარადიული სიცოცხლის სამყაროში გადასახლდა (იქნებ, როგორც ამბობენ, მარადიული სიკვდილის საუფლოში).
საქმე ალბათ იქამდეც მივა, რომ ბატონი ოფიცრები შიშისაგან ჩაისვრიან და ჯარისკაცებს ვეღარაფერს გაუბედავენ.
ყველაფერი გასაგებია. თუ ისევ აბდა-უბდას გწერ? რას იზამ, როცა ვფიქრობ, ოქტომბერში ისევ სკოლაში ვივლი, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ დალაგებულად აზრის გამოთქმა არ შემიძლია. ო, ლა, ლა, ეს წუთია ვწერდი, არ მინდა წინასწარ განვჭვრიტო მომავალი-მეთქი. ნუ გამიჯავრდები, ტყუილად ხომ არ მეძახიან "წინააღმდეგობათა კვანძს".
ანა
სამშაბათი, 1 აგვისტო 1944
ძვირფასო კიწი!
"წინააღმდეგობათა კვანძი". ეს იყო ჩემი უკანასკნელი წერილის უკანასკნელი სიტყვები და დღევანდელსაც ამ სიტყვებით ვიწყებ. "წინააღმდეგობათა კვანძი!" შეგიძლია ამიხსნა, რას ნიშნავს ეს გამოთქმა? რას ნიშნავს წინააღმდეგობა? ამ სიტყვასაც ისევე, როგორც სხვა მრავალს, ორი მნიშვნელობა აქვს.
წინააღმდეგობა მეორე სამყაროს მიმართ და შინაგანი წინააღმდეგობა. პირველი, ჩვეულებრივ, იმას ნიშნავს, რომ "არ ეთანხმება სხვა ადამიანის აზრს, გგონია, ყველაფერი სხვაზე უკეთ იცი, ცდილობ უკანასკნელი სიტყვა შენ დაგრჩეს!" ერთი სიტყვით, ყველა იმ უსიამო თვისებას, რომელთაც მე მაწერენ. მეორეს კი არავინ იცნობს, მეორე ჩემი პირადი საიდუმლოებაა.
ერთხელ უკვე გიამბე, რომ სინამდვილეში ერთი სული კი არა მაქვს, არამედ ორი.
ერთში მოქცეულია ჩემი აულაგმავი მხიარულება, ირონია, სიცოცხლისადმი ტრფიალი და, რაც მთავარია, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულება. იგულისხმება: არ ვერიდები არშიყობას, ხვევნას, კოცნას, ორაზროვან ხუმრობას. და ეს სული მუდამ მზადაა შეავიწროოს მეორე, უფრო წმინდა, ღრმა, მშვენიერი.
მაგრამ ანას ამ მეორე კარგ მხარეს არავინ იცნობს და ამიტომაც ხშირად ვერ მიტანენ.
მართალია, ზოგჯერ ერთი საღამოსთვის მხიარული და გამრთობი ტაკიმასხარა ვარ, მაგრამ შემდეგ მთელი თვის მანძილზე აღარავის ვჭირდები; მაშასადამე, იგივე ვარ, რაც სერიოზული ხალხისათვის სამიჯნურო ფილმია: მხოლოდ გამრთობი, მცირე ხნით თავშესაქცევი, რასაც მალე ივიწყებენ ხოლმე.
შეიძლება ეს ცუდი არაა, მაგრამ არც მაინცდამაინც კარგია. ამის მოყოლა, ცხადია, არ მსიამოვნებს, მაგრამ რატომ არ უნდა გითხრა, როცა მართალია?
ჩემი თავქარიანი, ზერელე სული ყოველთვის ჯაბნის მეორეს, უკეთესს, და ყოველთვის ამარცხებს. შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენჯერ მიცდია, დამესუსტებინა, მიმეჩქმალა ეს ანა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ნახევარია იმისა, რასაც ანა ჰქვია, მაგრამ ამაოდ და ვიცი რატომ.
იმიტომ, რომ მეშინია, ვაი, თუ ჩემმა ნაცნობებმა, რომელთაც იციან, როგორი ვარ, უეცრად ჩემი მეორე, გაცილებით უკეთესი და კეთილი ბუნება აღმოაჩინონ.
მეშინია, რომ დამცინებენ, სულელად და სანტიმენტალურ ადამიანად ჩამთვლიან, სერიოზულად არ მომექცევიან. თუმცა მე მივეჩვიე არასერიოზულ დამოკიდებულებას, მაგრამ ამას მიეჩვია მხოლოდ "ზერელე" ანა, მას შეუძლია ამის ატანა, ხოლო მეორე, "სერიოზული" ანა, ამისთვის მეტისმეტად სუსტია.
და მართლაც, როცა კარგი ანა თხუთმეტი წუთით მაინც გამომითრევია სცენაზე, ისე შეკუმშულა, როგორც მცენარე "უკადრისა", ხოლო სადაც ლაპარაკია საჭირო, პირველ ნომერ ანას უთმობს ადგილს, და სანამ გამოვერკვეოდე, უჩინარდება.
ასე რომ, პირველი ანა არასდროს არ ეჩვენება ხალხს, მაგრამ, როცა მარტო ვარ, მთავარ როლს ასრულებს.
მე ზუსტად ვიცი, როგორი ვარ და როგორი მინდა ვიყო... სულის სიღრმეში. მაგრამ, სამწუხაროდ, მე მხოლოდ ჩემთვის ვარ ასეთი და ალბათ ამიტომ ვთვლი ჩემს თავს ღრმა, გულჩათხრობილ ადამიანად, მაშინ როდესაც სხვებს ზერელე და გულღია არსებად მივაჩნივარ.
შიგნიდან ყოველთვის გზას მინათებს წმინდა ანა, გარეგნულად კი მხიარული და ხტუნია თიკანი ვარ.
როგორც გეუბნებოდი, ყველაფერს სულ სხვანაირად ვგრძნობ, ვიდრე გამოვთქვამ, ამიტომაც შეიქმნა ჩემზე ისეთი შეხედულება, თითქოს ბიჭებს დავდევ, ვარშიყობ, ყველაფერში ცხვირს ვყოფ, თავაუღებლად ვკითხულობ რომანებს.
მხიარული ანა ამის გამო იცინის, უკმეხ პასუხებს იძლევა, გულგრილად იჩეჩავს მხრებს. ისე იქცევა, თითქოს მას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ ვაი, რომ მეორე ანა სულ სხვანაირად უყურებს ამას. და რადგან შენთან ბოლომდე გულახდილი ვარ, გამოგიტყდები, რომ ძალიან მაწუხებს ეს ამბავი:
ვცდილობ შევიცვალო, უკეთესი გავხდე, მაგრამ ყოველთვის ვებრძვი რაღაც ისეთს, რაც ჩემზე ძლიერია. შიგნით კი ყველაფერი მოსთქვამს: ხედავს, რას მიაღწიე? ყველასთან გაიფუჭე სახელი, ირგვლივ მხოლოდ გესლიანი ან შეზღუდული ხალხია, არავის არ მოსწონხარ და ყველაფერი ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ყურს არ უგდებ კარგი ანას რჩევას.
აჰ, მე სიამოვნებით დავუჯერებდი, მაგრამ არ გამომდის: როცა სერიოზული და წყნარი ვარ, ყველა ფიქრობს, თავს ვიკატუნებ და მხოლოდ ხუმრობით გამოვდივარ ამ უხერხული მდგომარეობიდან.
ოჯახის წევრებზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ყოველი მათგანი ფიქრობს, რომ ავად გავხდი, მაჩეჩებენ თავის ტკივილის წამალს, ნერვების დასაწყნარებელ აბებს, შუბლსა და მაჯას მისინჯავენ. იქნებ სიცხე გაქვს, იქნებ კუჭი არ მოქმედებს, მესმის ყოველი მხრიდან, შემდეგ კი იმის გამო მლანძღავენ, რომ ცუდ გუნებაზე ვარ.
ამდენის ატანა აღარ შემიძლია. როცა ასე ჩამაცივდებიან, ჯერ ნამდვილად ვჭირვეულობ, შემდეგ სევდა მიპყრობს და ბოლოს ისევ შემოვაბრუნებ გულს ცუდი მხრიდან გარეთ, კარგიდან კი შიგნით. და ვცდილობ მოვნახო საშუალება, რომელიც დამეხმარება გავხდე ისეთი, როგორიც მინდა ვიყო და როგორიც შეიძლება ვყოფილიყავი კიდეც!.. ქვეყანაზე რომ სხვა ადამიანები არ არსებობდნენ.
ანა
აქ წყდება ანას დღიური.
– ბოლოსიტყვაობა –
4 აგვისტოს "მწვანე პოლიციამ" თავშესაფარი აღმოაჩინა. დააპატიმრეს ყველა ლტოლვილი, მათთან ერთად კრალერი და კოოპჰოისიც.
დაპატიმრებულები გერმანიისა და ჰოლანდიის საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს.
გესტაპომ დაარბია "თავშესაფარი". უწესრიგოდ დაყრილ ძველ წიგნებსა და ჟურნალებს შორის მიპმა და ელიმ ანას დღიური იპოვეს, რამდენიმე გვერდის გამოკლებით, რაც მკითხველისათვის ინტერესს მოკლებულია, დღიური მთლიანად დაიბეჭდა.
"იატაკქვეშელთაგან" მხოლოდ ანას მამა გადარჩა. კრალერმა და კოოპჰოისმა ჰოლანდიის საკონცენტრაციო ბანაკში ბევრი ტანჯვა გამოიარეს და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
ანა გარდაიცვალა 1945 წლის მარტში, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში, ჰოლანდიის განთავისუფლებამდე ორი თვით ადრე.
მთარგმნელის მინაწერი:
გამოხდა ხანი, ოტო ფრანკი მეორედ დაქორწინდა, შვეიცარიაში დასახლდა და ბაზელში გარდაიცვალა, მთარგმნელს წილად ხვდა პატივი მასთან და ანე ფრანკის მუზეუმთან ამსტერდამში მიმოწერა ჰქონოდა.
ერთ-ერთ წერილში ბატონი ფრანკი მწერდა, ანას დღიურის თარგმნით ჩვენი ოჯახის ბედი გაიზიარეთო. ეს მართლაც ასეა.
* * * * * * *
მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი