მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3159 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

– I –

 

– პატივი დამდეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, ნება მიბოძეთ, გკითხოთ...

გამვლელი შეკრთა და, ცოტა არ იყოს, შეშინებულმა შეხედა ენოტის ქურქში გამოწყობილ ბატონს, რომელიც პირდაპირ მიადგა მას შუა ქუჩაში, საღამოს რვა საათისთვის. არადა, ცნობილია, რომ თუ ერთი პეტერბურგელი ბატონი მოულოდნელად გამოელაპარაკება სხვა, მისთვის სრულიად უცნობ ბატონს, ამ მეორეს აუცილებლად შეეშინდება.

მაშასადამე, გამვლელი შეკრთა და, ცოტა არ იყოს, შეშინდა.

– მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, - თქვა ენოტისქურქიანმა მამაკაცმა, - მაგრამ მე... მე, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... თქვენ, ალბათ, მომიტევებთ; ხედავთ, რომ უგუნებოდ ვარ...

მხოლოდ ახლა შეამჩნია ბეკეშიანმა ახალგაზრდა კაცმა, რომ ენოტისქურქიანი ბატონი მართლა ვერ იყო ხასიათზე. შეჭმუხნილი სახე საკმაოდ გაჰფითრებოდა, ხმა უთრთოდა, აზრები აშკარად არევ-დარეოდა, სიტყვის თქმა უჭირდა, ჩანდა, რომ საშინლად უმძიმდა უმორჩილესი თხოვნით მიემართა წარმოშობით, შესაძლოა, მასზე დაბალი პირისთვის, თუმცა ეს აუცილებლად სჭირდებოდა.

ესეც არ იყოს, ეს თხოვნა, ყველა შემთხვევაში, ურიგო, არასოლიდური და უცნაური იყო იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც ასეთი სოლიდური ქურქი და დარბაისლური, შესანიშნავი, მუქი მწვანე, მრავლისმეტყველი სამკაულებით დამშვენებული ფრაკი ეცვა. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, თვით ენოტისქურქიან ბატონსაც აცბუნებდა, ასე რომ,

ბოლოს უხასიათოდ მყოფმა მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა, გადაწყვიტა, აღელვება მოეთოკა და მის მიერვე გამოწვეული უსიამოვნო სცენა მიეფუჩეჩებინა.

– მაპატიეთ, უგუნებოდ ვარ; თუმცა თქვენ არ მიცნობთ... მომიტევეთ, რომ შეგაწუხეთ; გადავიფიქრე.

მან თავაზიანად ასწია შლაპა და სირბილით განაგრძო გზა.

– მოითმინეთ, მოწყალება მოიღეთ.

მაგრამ ამასობაში პატარა კაცი სიბნელეში გაუჩინარდა და ბეკეშიანი ბატონი გაშტერებული დატოვა.

“რა უცნაური ვინმეა!” - გაიფიქრა ბეკეშიანმა. შემდეგ, როდესაც განცვიფრებით გული იჯერა და გახევებამაც გაუარა, საკუთარი საქმე გაახსენდა და წინ და უკან სიარულს შეუდგა, თან დაჟინებით შესცქეროდა ერთი ურიცხვსართულიანი სახლის კარს. თანდათანობით ნისლმა მოიმატა, რამაც ახალგაზრდა კაცი ერთგვარად გაახარა კიდეც, რადგან ბურუსში უფრო შეუმჩნევლად ისეირნებდა, თუმცა, ისედაც, მხოლოდ მთელი დღის განმავლობაში უიღბლოდ მდგარი მეეტლეღა თუ შეამჩნევდა.

– მაპატიეთ!

გამვლელი კვლავ შეკრთა: მის წინ ისევ ის ენოტისქურქიანი ბატონი იდგა.

– მაპატიეთ, რომ კიდევ ერთხელ... - თქვა მან, - მაგრამ თქვენ, თქვენ ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით! ისე ნუ აღმიქვამთ, როგორც ამას საზოგადოებრივი აზრი მოითხოვს; თუმცა, თავგზა მებნევა; ადამიანურად ჩასწვდით... თქვენ წინაშე, ბატონო, ის კაცი დგას, ვისთვისაც აუცილებელია, უმორჩილესი თხოვნით მოგმართოთ...

– თუ შევძლებ... რა გნებავთ?

– თქვენ, შესაძლოა, გაიფიქრეთ, რომ ფული უნდა გთხოვოთ! - თქვა იდუმალებით მოცულმა ბატონმა, პირი დაბრიცა, ისტერიკულად გაიცინა და გაფითრდა.

– რას ბრძანებთ...

– არა, ვხედავ, მძიმე ტვირთად გაწვებით! მაპატიეთ, თავს ვეღარ ვერევი; წარმოიდგინეთ, რომ საშინლად უხასიათოდ მყოფს მხედავთ, თითქმის გაგიჟებულს, და ნაჩქარევად ნუ დაასკვნით...

– საქმეზე გადავიდეთ, საქმეზე! - მიუგო ახალგაზრდამ და თავი გამამხნევებლად და მოუთმენლად დაუქნია.

– ა-ა! მაშ, ასე, არა? თქვენ, ასეთი ახალგაზრდა კაცი, საქმეზე გადასვლისკენ მომიწოდებთ, თითქოს დაუდევარი ყმაწვილი ვიყო! ნამდვილად გამოვჩერჩეტდი!.. გულწრფელად მითხარით, რას ფიქრობთ, ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში რომ მხედავთ?

შეცბუნებულმა ახალგაზრდამ არაფერი უპასუხა.

– ნება მიბოძეთ, პირდაპირ გკითხოთ: ერთი ქალბატონი ხომ არ გინახავთ? აი, სულ ეს არის ჩემი თხოვნა! - როგორც იქნა, გადაჭრით განაცხადა ენოტისქურქიანმა ბატონმა.

– ქალბატონი?

– დიახ, ერთი ქალბატონი.

– დავინახე... მაგრამ გამოგიტყდებით, აქ იმდენმა ჩაიარა...

– მართალს ბრძანებთ, - მიუგო იდუმალებით მო­ცულმა კაცმა მწარე ღიმილით, - თავგზა მებნევა, მაპატიეთ, სხვა რამ მაინტერესებდა; მინდოდა მეკითხა, ხომ არ მოგიკრავთ თვალი ერთი ქალბატონისთვის მელიის ბეწვის სალოფით, ხავერდის მუქი კაპორითა და შავი პირბადით?

– არა, ასეთი არ მინახავს... არა, ვგონებ, არ შემიმჩნევია.

– ა-ა! თუ ასეა, მაპატიეთ!

ახალგაზრდა კაცს რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ენოტისქურქიანი ბატონი კვლავ გაუჩინარდა და თავისი მომთმენი მსმენელი ისევ გახევებული დატოვა. “აი, ეშმაკმა წაიღოს მისი თავი!” - გაიფიქრა აშკარად გულმოსულმა, ბეკეშიანმა ახალგაზრდამ.

გაჯავრებულმა თახვის ბეწვი შეისწორა და ურიცხვსართულიანი სახლის კარის წინ ფრთხილად

განაგრძო ბოლთის ცემა. ბრაზობდა.

“რატომ არ გამოდის? - გაიფიქრა მან, - მალე რვა საათი გახდება!” კოშკზე საათმა რვაჯერ ჩამოჰკრა.

– ოჰ! ეშმაკმა წაგიღოთ!

– მაპატიეთ!..

– თქვენ მაპატიეთ, რომ ასე... მაგრამ ისე მოულოდნელად აღმოჩნდით ჩემს ფეხებთან, რომ ძალიან შემაშინეთ, - სახე შეიჭმუხნა და მოიბოდიშა გამვლელმა. - კვლავ თქვენთან მოვედი. ცხადია, ალბათ, მოუსვენარი და უცნაური ადამიანი გგონივართ.

– პატივი დამდეთ და სწრაფად, დაწვრილმანების გარეშე ამიხსენით; მე ხომ ჯერ არ ვიცი, რა გსურთ?..

– გეჩქარებათ? თუ ასეა, ყველაფერს გულწრფელად, ზედმეტი სიტყვების გარეშე მოგიყვებით. რა გაეწყობა! ზოგჯერ ვითარება სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთს... მაგრამ ვხედავ, მოუთმენელი ყოფილხართ, ახალგაზრდავ... დიახ... თუმცა არც კი ვიცი, როგორ ვთქვა: ქალბატონს ვეძებ (ყველაფრის თქმა გადავწყვიტე), უნდა ვიცოდე, სად წავიდა ეს ქალბატონი. ვინ არის? ვფიქრობ, თქვენთვის მისი სახელის ცოდნა საჭირო არაა, ახალგაზრდავ.

– კეთილი, შემდეგ.

– შემდეგ! მაგრამ თქვენი ტონი! მაპატიეთ, იქნებ შეურაცხყოფა მოგაყენეთ, როდესაც ახალგაზრდა კაცი გიწოდეთ, მაგრამ მე ცუდი არაფერი... ერთი სიტყვით, თუ მოისურვებთ და უდიდეს სამსახურს გამიწევთ, დიახ, ერთი ქალბატონი, ანუ წესიერ ქალს ვგულისხმობ, შესანიშნავი ოჯახიდან, ჩემი ნაცნობებიდან... დამავალეს... მე, რომ იცოდეთ, საკუთარი ოჯახი არ მყავს...

– გასაგებია.

– ჩაუკვირდით ჩემს მდგომარეობას, ახალგაზრდავ (ოჰ, კვლავ! მაპატიეთ; გამუდმებით ახალგაზრდას გიწოდებთ). ყოველი წუთი ძვირფასია... წარმოიდგინეთ, ეს ქალბატონი... ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, ვინ ცხოვრობს ამ სახლში?

– დიახ... აქ ბევრი ვინმე ცხოვრობს.

– დიახ, ანუ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, - მიუგო ენოტისქურქიანმა ბატონმა და ზრდილობის გულისთვის ჩაიცინა, - ვგრძნობ, რომ ცოტათი თავგზა მებნევა... მაგრამ რა საჭიროა ასეთი ტონი? ხომ ხედავთ, გულწრფელად ვაღიარებ, რომ თავგზა მებნევა, და თუ ქედმაღალი ადამიანი ხართ, საკმარისად იხილეთ ჩემი დამცირება... მე ვამბობ, რომ ერთი ქალბატონი, კეთილშობილური ყოფაქცევის, ანუ მსუბუქი ხასიათის, - მაპატიეთ, ისე ვიბნევი, თითქოს ლიტერატურაზე ვსაუბრობდე; აი, მოიგონეს, რომ პოლ დე კოკი

მსუბუქი შინაარსისაა, არადა, მთელი უბედურება პოლ დე კოკისგან მოდის... დიახ!..

ახალგაზრდა კაცმა სიბრალულით შეხედა ენოტისქურქიან ბატონს, რომელიც, როგორც ჩანს, საბოლოოდ თავგზააბნეული, გაჩუმდა. უსიტყვოდ, უაზროდ გაღიმებული მიაჩერდა მას და აცახცახებული ხელით, ერთი შეხედვით, სრულიად უმიზეზოდ, ბეკეშის გადანაკეცზე სწვდა.

– გაინტერესებთ, აქ ვინ ცხოვრობს? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა და ოდნავ უკან დაიხია.

– დიახ, როგორც მითხარით, ბევრი ცხოვრობს.

– აქ... ვიცი, რომ აქ სოფია ოსტაფიევნაც ცხოვრობს, - ჩურჩულით, ერთგვარი თანაგრძნობითაც კი ჩაილაპარაკა ახალგაზრდა კაცმა.

– აი, ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ! თქვენ რამე იცით, ახალგაზრდავ?

– გარწმუნებთ, არა, არაფერი ვიცი... მე თქვენი მწუხარე სახის მიხედვით განვსაჯე.

– მე მაშინვე გავიგე მზარეულისგან, რომ ის აქ დადის ხოლმე; მაგრამ ვერ მოარტყით, ანუ, არა სოფია ოსტაფიევნასთან... ის მას არ იცნობს...

– არა? თუ ასეა, მაპატიეთ...

– როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ გაინტერესებთ, ახალგაზრდავ, - მწარე ირონიით ჩაილაპარაკა უცნაურმა ბატონმა.

– მომისმინეთ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა ყოყმანით, - ცხადია, თქვენი მდგომარეობის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ პირდაპირ მითხარით, ალბათ, გიღალატეს, არა?

ახალგაზრდა კაცმა გამამხნევებლად გაიღიმა.

– ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთს მაინც გავუგებთ, - დაამატა მან. ახალგაზრდა კაცი მთელი არსებით შეიპყრო თავის მსუბუქად დაკვრის სურვილმა.

– თქვენ მომკალით! Mმაგრამ... გულწრფელად გამოგიტყდებით - სწორედ ასეა... თუმცა, ვის არ მოსვლია?!. გულის სიღრმემდე ვარ შეძრული თქვენი თანაგრძნობით. დამეთანხმეთ, ახალგაზრდებს შორის... მართალია, ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვეულება, მარტოხელა ცხოვრება, მარტოხელებს შორის, ცნობილია...

– რა თქმა უნდა ცნობილია, ცნობილი! მაგრამ რით შემიძლია, დაგეხმაროთ?

– აი, რით; დამეთანხმებით, რომ სოფია ოსტაფიევნასთან სტუმრობა... თუმცა ჯერ დანამდვილებით არ ვიცი, სად წავიდა ის ქალბატონი; მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ სახლშია; მაგრამ როდესაც აქ მოსეირნე დაგინახეთ, - თვითონ მეორე მხარეს ვსეირნობდი, - ვიფიქრე... საქმე ისაა, რომ ამ ქალბატონს ველოდები... ვიცი, რომ აქაა, - მინდოდა, შევხვედროდი მას და ამეხსნა, როგორი უხამსობა და საზიზღრობაა... ერთი სიტყვით, თქვენ გესმით ჩემი...

– ჰმ! შემდეგ?

– არ იფიქროთ, ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებდე - ის სხვისი ცოლია! ქმარი იქ დგას, ვოზნესენსკის ხიდზე; გამოჭერა უნდა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია - ჯერაც არ სჯერა, როგორც ყოველ ქმარს... (ენოტისქურქიანმა ბატონმა გაღიმება სცადა), მე - მისი მეგობარი, დამეთანხმეთ, ის ადამიანი ვარ, რომელიც ერთგვარი პატივისცემით სარგებლობს, - მე არ შემიძლია ვიყო ის, ვინც გგონივართ.

– რასაკვირველია; დიახ, დიახ!..

– ჰოდა, ამდენი ხანია, მისი გამოჭერა მსურს; დავალებული მაქვს (საცოდავი ქმარი!); მაგრამ ვიცი, რომ ეშმაკი ახალგაზრდა ქალია (ბალიშის ქვეშ მუდამ პოლ დე კოკი უდევს); დარწმუნებული ვარ, რომ, როგორღაც მოახერხებს და შეუმჩნევლად გაძვრება... გამოგიტყდებით, მზარეულმა მითხრა, რომ ის აქ დადის; როგორც კი შემატყობინეს, შეშლილივით გამოვვარდი; წასწრება მინდა; დიდი ხანია, ვეჭვობდი და ამიტომ მინდოდა, თქვენთვის მეთხოვა, თქვენ აქ დადიხართ... თქვენ - თქვენ - არ ვიცი...

– კეთილი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რა გნებავთ?

– დიახ... პატივი არ მაქვს, გიცნობდეთ; ვერ გავბედავ, დავინტერესდე, ვინ და როგორ... ყოველ შემთხვევაში, ნება მომეცით, გაგეცნოთ; სასიამოვნო შემთხვევაა!..

აცახცახებულმა ბატონმა მხურვალედ ჩამოართვა ხელი ახალგაზრდა კაცს.

– თავიდანვე ასე უნდა მოვქცეულიყავი, - დაამატა მან, - მაგრამ ზრდილობის ყველა წესი დამავიწყდა!

ამას რომ ამბობდა, ენოტისქურქიანი ბატონი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, აქეთ-იქით მოუსვენრად იყურებოდა, ცუნცულით მიდი-მოდიოდა და წყალწაღებულივით წამდაუწუმ ახალგაზრდა კაცს ეჭიდებოდა.

– იცით რა, - განაგრძო მან, - მინდოდა, მეგობრულად მომემართა თქვენთვის... მაპატიეთ ასეთი მოურიდებლობა... უნდა მეთხოვა, რომ მეორე, ჩიხის მხარეს გადასულიყავით, სადაც სათადარიგო გამოსასვლელია. მე, ჩემი მხრივ, მთავარ შესასვლელთან ვივლი, ასე რომ, არაფერი გამოგვრჩება; მეშინოდა, რომ თუ მარტო ვიქნებოდი, თვალს ვერ მივადევნებდი; არ მინდა, გამეპაროს. როგორც კი დაინახავთ, გააჩერებთ და დამიძახებთ... არა, შეშლილი ვარ! მხოლოდ ახლა ვხვდები, რა სულელურ და უხამს წინადადებას გთავაზობთ!

– არა! რას ბრძანებთ!..

– ნუ მამართლებთ; საშინელ ხასიათზე ვარ, თავგზა ისე ამებნა, როგორც არასოდეს! თითქოს მასამართლებდნენ! გამოგიტყდებით კიდეც, - თქვენ მიმართ კეთილშობილებასა და გულწრფელობას გამოვიჩენ, - ახალგაზრდავ, საყვარელი თქვენ მეგონეთ.

– ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, გაინტერესებთ, აქ რას ვაკეთებ?

– კეთილშობილო ადამიანო, მოწყალეო ხელმწიფევ, სულაც არ ვფიქრობ, რომ თქვენ ის ხართ; ამ ბინძური აზრით ჩირქს მოგცხებდით, მაგრამ... მაძლევთ თუ არა პატიოსან სიტყვას, რომ საყვარელი არ ხართ?..

– კეთილი! რახან ასეა, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ საყვარელი ვარ, ოღონდ არა თქვენი ცოლის; სხვაგვარად, ქუჩაში კი არ ვიდგებოდი, მასთან ერთად შიგნით ვიქნებოდი!

– ცოლის? ვინ გითხრათ, რომ ცოლის, ახალგაზრდავ? მე ცოლი არ მყავს, მე, ასე ვთქვათ, თვითონ ვარ საყვარელი...

– თქვენ ქმარი ახსენეთ... ვოზნესენსკის ხიდზე...

– რა თქმა უნდა, ცხადია, გადავაჭარბე; მაგრამ სხვაგვარი კავშირიც ხომ არსებობს! დამეთანხმეთ, ახალგაზრდავ, ხასიათის ერთგვარი სიმსუბუქე, ანუ...

– კეთილი... კეთილი! გასაგებია, გასაგები!

– ანუ მე სულაც არა ვარ ქმარი...

– მჯერა. მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ, როდესაც ახლა თქვენს გადარწმუნებას ვცდილობ, საკუთარ თავს ვიმშვიდებ და ამიტომაც ვარ თქვენ მიმართ გულწრფელი; თქვენ შემაწუხეთ და ხელს მიშლით. გპირდებით, რომ დაგიძახებთ. მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, მარტო დამტოვოთ და მიბრძანდეთ. თვითონაც ველოდები.

– კეთილი, კეთილი, მივდივარ, პატივს ვცემ თქვენს მგზნებარე და მოუთმენელ გულს. ამას კი ვხვდები, ახალგაზრდავ. ოჰ, რომ იცოდეთ, რა კარგად მესმის თქვენი!

– კეთილი... კეთილი... …

– ნახვამდის!.. თუმცა, მაპატიეთ, ახალგაზრდავ, ისევ მოგმართავთ... მე არ ვიცი, ასე ვთქვათ... კიდევ ერთხელ მომეცით პატიოსანი და კეთილშობილი კაცის სიტყვა, რომ საყვარელი არ ხართ!

– ოჰ, ღმერთო ჩემო!

– კიდევ ერთი, ბოლო შეკითხვა: იცით, თქვენი... ასე ვთქვათ, თქვენთვის საინტერესო ქალბატონის ქმრის გვარი?

– რა თქმა უნდა, ვიცი; ეს თქვენი გვარი არაა და მოვრჩეთ ამას!

– ჩემი გვარი საიდან იცით?

– მომისმინეთ, წადით; დროს კარგავთ: ის ქალი აქამდე ათასჯერ წავიდოდა... როგორ იქცევით? კარგი, თქვენი მელიის ბეწვის სალოფითა და კაპორით დადის, ჩემი კი კუბოკრული მოსასხამითა და ცისფერი ხავერდის ქუდით... კიდევ რა გინდათ, რა გითხრათ მეტი?

– ცისფერი ხავერდის ქუდით! მას კუბოკრული მოსასხამიც აქვს და ცისფერი შლაპაც, - შესძახა აბეზარმა კაცმა და წამსვე მობრუნდა გზიდან.

– ოჰ, დალახვროს ეშმაკმა! ეს ხომ შესაძლოა, მოხდეს... თუმცა, რას ვამბობ! ჩემი ხომ იქ არ დადის!

– აბა, სად არის ის - თქვენი?

– ამის გაგება გსურთ? რატომ?

– გამოგიტყდებით, მე სულ ის...

– ფუ, ღმერთო ჩემო! სირცხვილის ნატამალიც არ გქონიათ! კარგი, ჩემსას აქ ნაცნობები ჰყავს, მესამე სართულზე, ბინის ფანჯრები ქუჩაში გამოდის. აბა, კიდევ რა გსურთ, ყველას სახელი ჩამოგითვალოთ?

– ღმერთო ჩემო! მეც მყავს ნაცნობები მესამე სართულზე, მათი ფანჯრებიც ქუჩაში გამოდის. გენერალი...

– გენერალი?!

– გენერალი. თქვენ, ალბათ, გეტყვით, ვინც არის: კეთილი, გენერალი პოლოვიცინი.

– ბიჭოს! არა, ეს ისინი არ არიან (ოჰ, დალახვროს ეშმაკმა! დალახვროს ეშმაკმა!).

– ისინი არ არიან?

– ისინი არ არიან.

ორივენი დუმდნენ და ერთმანეთს გაოცებულნი შეჰყურებდნენ.

– ასე რატომ მიყურებთ? - შესძახა გაჯავრებით ახალგაზრდა კაცმა და უცებ გამოერკვა გაოგნებისა და ფიქრებისგან.

ბატონი აწრიალდა.

– მე, მე, გამოგიტყდებით...

– არა, მოითმინეთ, მოითმინეთ, ახლა უფრო გონივრულად ვილაპარაკოთ. საერთო საქმეა. ამიხსენით... თქვენი ვინ არის იქ?..

– ნაცნობებს გულისხმობთ?

– დიახ, ნაცნობებს...

– აი, ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ! თვალებზე გატყობთ, რომ გამოვიცანი!

– დალახვროს ეშმაკმა! არა, არა-მეთქი, დალახვროს ეშმაკმა! დაბრმავდით თუ რა გემართებათ? მე ხომ თქვენ წინაშე ვდგავარ, მე ხომ იმ ქალთან ერთად არ ვარ; აბა, რას იტყვით? თუმცა ჩემთვის სულერთია; თუ გნებავთ, თქვით, გნებავთ, ნუ იტყვით!

გაშმაგებული ახალგაზრდა კაცი ორჯერ შეტრიალდა ქუსლებზე და ხელი ჩაიქნია.

– მომიტევეთ, მე არაფერს გაბრალებთ. როგორც კეთილშობილი ადამიანი, ყველაფერს მოგიყვებით: თავდაპირველად, ცოლი აქ მარტო დადიოდა; იმათი ნათესავია; მე არც ვეჭვობდი; გუშინ მის აღმატებულებას შევხვდი. მითხრა, რომ აქედან სამი კვირის წინ სხვა ბინაში გადასულა, ცოლმა კი... ანუ ცოლმა კი არა, სხვისმა ცოლმა (ვოზნესენსკის ხიდზე), ამ ქალბატონმა თქვა, რომ გუშინწინ მათთან იყო, ანუ ამ ბინაში... მზარეულმა კი შემატყობინა, მისი აღმატებულების ბინა ახალგაზრდა კაცმა, გვარად ბობინიცინმა იქირავაო...

– ოჰ, ეშმაკმა დალახვროს, ეშმაკმა დალახვროს!..

– მოწყალეო ხელმწიფევ, შიშმა შემიპყრო, თავზარდაცემული ვარ!

– ე-ე, დალახვროს ეშმაკმა! რა ჩემი საქმეა, თუ შიშმა შეგიპყროთ და თავზარდაცემული ხართ? აჰ! აი, აი. გაიელვა, აი...

– სად? სად? თქვენ მხოლოდ დაიძახეთ: ივან ანდრეიჩ-თქო, და მაშინვე მოვირბენ...

– კარგი, კარგი. ოჰ, ეშმაკმა დალახვროს, ეშმაკმა დალახვროს! ივან ანდრეიჩ!

– აქ ვარ, - შესძახა უკან დაბრუნებულმა ივან ანდრეიჩმა, რომელსაც სუნთქვა ეკვროდა, - რა მოხდა? რა? სად?

– არა, მე მხოლოდ ისე... მინდოდა, გამეგო, იმ ქალბატონს რა ჰქვია.

– გლაფ...

– გლაფირა?

– არა, მთლად გლაფირა არა... მაპატიეთ, მის სახელს ვერ გეტყვით, - ამას რომ ამბობდა, დარბაისელ კაცს სახე ზეწარივით გაჰფითრებოდა.

– დიახ, რა თქმა უნდა, გლაფირა არაა, თვითონაც ვიცი, რომ გლაფირა არაა, არც ისაა გლაფირა; სხვათა შორის, ვისთან ერთადაა იქ?

– სად?

– იქ! ოჰ, დალახვროს ეშმაკმა, დალახვროს ეშმაკმა! (გაშმაგებული ახალგაზრდა კაცი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა).

– აჰა, ხომ ხედავთ! რა იცოდით, რომ გლაფირა ერქვა?

– დალახვროს ეშმაკმა, როგორც იქნა! თქვენთან დავიდარაბაღა მაკლია! ხომ ამბობთ, რომ თქვენსას გლაფირა არ ჰქვია!..

– ეს რა ტონია, მოწყალეო ხელმწიფევ!

– აჰ, ჯანდაბა, რა დროს ტონია! ის რა, თქვენი ცოლია?

– არა, ანუ, მე ცოლიანი არ ვარ... მაგრამ გასაჭირში ჩავარდნილ პატივსაცემ ადამიანს, არა, ყოველმხრივ პატივსაცემს არა, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ზრდილობიანს მაინც, წამდაუწუმ ეშმაკს არ ვუხსენებდი. თქვენ კი გაუთავებლად იმეორებთ: დალახვროს ეშმაკმა, დალახვროს ეშმაკმაო!

– დიახაც, დალახვროს ეშმაკმა! ესეც თქვენ, გასაგებია?

– ბრაზს დაუბრმავებიხართ, მეტს არაფერს ვიტყვი. ღმერთო ჩემო, ეს ვინ არის?

– სად?

გაისმა ხმაური და სიცილი; პარმაღიდან ორი სანდომიანი ქალიშვილი გამოვიდა; მამაკაცები მათკენ გავარდნენ.

– ვინ არიან? რას აკეთებთ?

– სად ეჩრებით?

– ისინი არ არიან!

– რაო, სხვებში აგერიეთ? მეეტლევ!

– სად ინებებთ, მადმუაზელ?

– პოკროვთან; დაჯექი, ანუშკა, მიგიყვან.

– კარგი, მეორე მხრიდან ავალ; წადი! იცოდე, სწრაფად იარე...

ეტლი წავიდა.

– საიდან გამოვიდნენ?

– ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! იქ ხომ არ წავიდეთ?

– სად?

– სად და ბობინიცინთან.

– არა, არ შეიძლება...

– რატომ?

– მე, რა თქმა უნდა, წავიდოდი; მაგრამ ის ქალი სხვა რამეს იტყვის; იგი... თავს დაიძვრენს: კარგად ვიცნობ! განაცხადებს, თითქოს განზრახ მოვიდა, რათა მე გამოვეჭირე ვინმესთან, და ყველაფერს მე დამაბრალებს!

– თანაც იცით, რომ შესაძლოა, იქ არის! აჯობებს, - არ ვიცი, რატომ, - გენერალთან წახვიდეთ...

– ის ხომ გადავიდა!

– სულერთია, გესმით? ის ქალი ხომ მოვიდა; ჰოდა, თქვენც - ხვდებით? ისე მოიქეცით, თითქოს არ იცით გენერლის გადასვლის შესახებ, თითქოს ცოლის წამოსაყვანად შეუარეთ, და ასე შემდეგ.

– მერე?

– მერე გამოიჭირეთ ბობინიცინთან ის, ვინც გამოსაჭერია; ფუ, დალახვროს ეშმაკმა, როგორი გონებაჩლუ...

– კარგი, რა თქვენი საქმეა, ვის გამოვიჭერ? ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ!..

– რაო? რაო, ძამია? რა თქვით? კვლავ ძველებურად დაიწყეთ? ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! გრცხვენოდეთ, სასაცილო ადამიანო, ეს რა ჩერჩეტი ყოფილხართ!

– კარგი, ასე რატომ გაინტერესებთ? გსურთ, შეიტყოთ...

– რა უნდა შევიტყო? რა? დიახ, დალახვროს ეშმაკმა, ახლა თქვენი თავი არ მაქვს! მარტოც წავალ; წადით, დამეკარგეთ; უდარაჯეთ, გაიქეცით, რას ელოდებით?

– მოწყალეო ხელმწიფევ, რა თავს იგდებთ? - შესძახა სასოწარკვეთილმა ენოტისქურქიანმა ბატონმა.

– მერე რა? მერე რა, რომ თავს ვიგდებ? - ჩაილაპარაკა ახალგაზრდა კაცმა, კბილი კბილს დააჭირა და გაშმაგებული მივარდა ენოტისქურქიან ბატონს, - მერე რა? ვის წინაშე ვიგდებ თავს?! - დაიგრგვინა მან და ხელები მომუშტა.

– მაგრამ, მოწყალეო ხელმწიფევ, მოითმინეთ...

– ვინ ხართ, ვის წინაშეც თავს ვიგდებ; რა გვარის ხართ?

– მე არ ვიცი, ახალგაზრდავ; გვარი რა საჭიროა?.. ვერ გაგიმხელთ... აჯობებს, თქვენთან ერთად წამოვიდე. წავიდეთ, არ ჩამოგრჩებით, ყველაფრისთვის მზად ვარ... მაგრამ მერწმუნეთ, უფრო თავაზიან მიმართვას ვიმსახურებ! სიმშვიდე ყველგან უნდა შეინარჩუნოთ, და თუ გაბრაზებული ხართ, - ვხვდები, რატომაც, - თავი მაინც არ უნდა დაკარგოთ... თქვენ ჯერ ძალიან, ძალიან ახალგაზრდა ბრძანდებით!..

– რა ჩემი საქმეა, თუ მოხუცი ხართ? დიდი ამბავი! აქედან გასწით; რას დარბიხართ წინ და უკან?..

– მოხუცი რატომ ვარ? სადაური მოხუცი ვარ? ცხადია, წოდებით, მაგრამ მე არ დავრბივარ...

– ეს კარგად ჩანს. წადით-მეთქი აქედან...

– არა, თქვენთან ვიქნები; ამას ვერ ამიკრძალავთ; მეც გარეული ვარ ამ საქმეში; მეც თქვენთან...

– მაშინ ჩუმად მაინც იყავით, ჩუმად, გაჩუმდით!..

ორივენი პარმაღს მიადგნენ და კიბით მესამე სართულზე ავიდნენ. საკმაოდ ბნელოდა.

– შეჩერდით! ასანთი გაქვთ?

– ასანთი? რომელი ასანთი?

– სიგარას ეწევით?

– აჰ, გასაგებია! მაქვს, მაქვს; აქ არის, აქ; აი, მოითმინეთ... - ენოტისქურქიანი ბატონი აწრიალდა.

– ფუ, როგორი გონებაჩლუ... დალახვროს ეშმაკმა! ვგონებ, ეს კარია...

– ესაა-ესაა-ეს-ეს-ეს...

– ეს-ეს-ეს... რა გაღრიალებთ? ჩუმად!..

– მოწყალეო ხელმწიფევ, მე გულის კანკალით... უნდა გითხრათ, რომ თავხედი ყოფილხართ!..

ცეცხლი აბრიალდა.

– დიახ, სწორედ ასეა, აი, სპილენძის ფირფიტა! აი, ბობინიცინი; ხედავთ: ბობინიცინი!..

– ვხედავ, ვხედავ!

– ჩუ...მად! რაო, ჩაქრა?

– ჩაქრა.

– უნდა დავაკაკუნოთ?

– დიახ, საჭიროა, - თქვა ენოტისქურქიანმა ბატონმა.

– დააკაკუნეთ!

– არა, მე რატომ? თქვენ დაიწყეთ, თქვენ დაა­კა­კუნეთ...

– მშიშარა!

– თვითონ ხართ მშიშარა!

– აქედან და-ი-კარ-გეთ!

– თითქმის ვნანობ, საიდუმლო რომ გაგანდეთ; თქვენ...

– მე? რა - მე?

– თქვენ ჩემი უხასიათობით ისარგებლეთ! დაინახეთ, რომ უხასიათოდ ვიყავი...

– მიმიფურთხებია! მეცინება - მეტი არაფერი!

– აქ რატომ ხართ?

– თქვენ თვითონ რატომღა ხართ აქ?

– დიდებული ზნეობაა! - თქვა აღშფოთებულმა ენოტისქურქიანმა ბატონმა...

– ზნეობაზე მელაპარაკებით? თქვენ?

– ეს უზნეობაა!

– რაო?!!

– დიახ, თქვენი აზრით, ყოველი შეურაცხყოფილი ქმარი ჩერჩეტია!

– განა ქმარი თქვენ ხართ? ქმარი ხომ ვოზნესენსკის ხიდზეა? თქვენ რა განაღვლებთ? რას გადამეკიდეთ?

– ვფიქრობ, სწორედ თქვენ უნდა იყოთ საყვარელი!..

– მომისმინეთ, თუ ასე გააგრძელებთ, იძულებული გავხდები, ვაღიარო, რომ სწორედ თქვენ ხართ ჩერჩეტი! ანუ იცით, ვინ?

– ანუ იმის თქმა გსურთ, რომ ქმარი მე ვარ! - თქვა ენოტისქურქიანმა ბატონმა და დამდუღრულივით უკან დაიხია.

– ჩუ-უ! გაჩუმდით! გესმით...

– ეს ის არის.

– არა!

– ფუ, როგორ ბნელა!

ყველაფერი მიყუჩდა; ბობინიცინის ბინიდან ხმაური გაისმა.

– რა გვაქვს საჩხუბარი, მოწყალეო ხელმწიფევ? - ჩურჩულით წარმოთქვა ენოტისქურქიანმა ბატონმა.

– თქვენ ხომ, დალახვროს ეშმაკმა, თვითონ გამინაწყენდით!

– მაგრამ თქვენ მოთმინების ფიალა ამივსეთ.

– გაჩუმდით!

– დამეთანხმეთ, რომ ჯერ ძალზე ახალგაზრდა ხართ...

– გაჩუმ-დით-მეთქი!

– ცხადია, ვეთანხმები თქვენს აზრს, რომ ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ქმარი ჩერჩეტია.

– გაჩუმდებით თუ არა? ო-ო!..

– რა საჭიროა უბედური ქმრის ასე გაბოროტებით დევნა?..

– ეს ის არის!

მაგრამ ხმაური დროებით შეწყდა.

– ის არის! ის არის! ის არის! მაგრამ თქვენ, თქვენ რატომ ფაციფუცობთ? ეს ხომ თქვენი სატკივარი არაა?

– მოწყალეო ხელმწიფევ, მოწყალეო ხელმწიფევ! - ჩაიბურტყუნა ენოტისქურქიანმა ბატონმა, თან გაფითრდა და ასლუკუნდა, - მე, ცხადია, ფრიად შეწუხებული ვარ... თქვენ საკმარისად იხილეთ ჩემი დამცირება; ახლა ღამეა, რასაკვირველია, მაგრამ ხვალ... ოღონდ ჩვენ ხვალ, ალბათ ერთმანეთს ვერ შევხვდებით, თუმცა სულაც არ მეშინია თქვენთან შეხვედრის, - და ეს, სხვათა შორის, მე კი არ ვარ, ჩემი მეგობარია, რომელიც ვოზნესენსკის ხიდზეა; დიახ, ისაა! ეს მისი ცოლია, ეს სხვისი ცოლია! უბედური კაცია! გარწმუნებთ. მას კარგად ვიცნობ; თუ ნებას

მომცემთ, ყველაფერს მოგიყვებით. როგორც ხვდებით, მისი მეგობარი ვარ, თორემ ასე არ შევწუხდებოდი მის გამო - თვითონაც ხედავთ; რამდენჯერმე ვუთხარი: რად გინდა ცოლი, ჩემო კარგო? წოდება გაქვს, შეძლება არ გაკლია, პატივცემული ადამიანი ხარ, რატომ ცვლი ამ ყველაფერს კეკლუცური ახირებისთვის-მეთქი? დამეთანხმეთ! არა, ცოლი უნდა მოვიყვანოო, მითხრა, ოჯახური ბედნიერება მინდაო... ესეც ოჯახური ბედნიერება! ჯერ თვითონ ატყუებდა ქმრებს, ახლა კი თავად სვამს სიმწრის ფიალას... მომიტევეთ, მაგრამ ეს აუცილებლობით გამოწვეული ახსნა-განმარტება იყო!.. უბედური ადამიანია და ცლის ამ ფიალას - დიახ!.. - აქ ენოტისქურქიანმა ბატონმა ისე ამოისლუკუნა, თითქოს გვარიანად აქვითინდაო.

– ეშმაკსაც წაუღია ყველა! განა ცოტა სულელია ამქვეყნად! თქვენ ვინღა ხართ?

ახალგაზრდა კაცი გაშმაგებისგან კბილებს აღრჭიალებდა.

– ჰო-ო, ამის შემდეგ, დამეთანხმეთ... თქვენთან კეთილშობილურად და გულწრფელად ვიქცეოდი... ეს რა ტონია!

– არა, მოითმინეთ, მაპატიეთ... იქნებ თქვენი გვარი გეთქვათ?

– არა, გვარი რა საჭიროა?

– ა-ა!

– გვარს ვერ გეტყვით...

– შაბრინს თუ იცნობთ? - სწრაფად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.

– შაბრინი!!!

– დიახ, შაბრინი! ა-ა!!! (აქ ბეკეშიანმა ბატონმა ერთგვარად გასცინა ენოტისქურქიანს) მიხვდით, რა ხდება?

– არა, რომელი შაბრინი! - მიუგო გაოგნებულმა ენოტისქურქიანმა ბატონმა, - სულაც არ არის შაბრინი; პატივცემული ადამიანია! თქვენს უდიერობას ეჭვებით გაწამებული კაცის საქციელით ავხსნი.

– ის თაღლითია, სინდისგარეცხილი, მექრთამე, გაიძვერა, ხაზინის ქურდი! მალე სამართალში მისცემენ!

– მაპატიეთ, - თქვა ენოტისქურქიანმა ბატონმა და გაფითრდა, - თქვენ მას არ იცნობთ; როგორც ვხედავ, მის შესახებ არაფერი იცით.

– დიახ, სახეზე ვერ ვცნობ, სამაგიეროდ, მასთან ძალზე დაახლოებული წყაროებიდან ვიცი.

– რომელი წყაროებიდან, მოწყალეო ხელმწიფევ? მე შეწუხებული ვარ, ხედავთ...

– სულელი! ეჭვიანი! ცოლისთვის ვერ მიუხედავს! აი, როგორია, თუ ასე გსიამოვნებთ ამის გაგება!

– მაპატიეთ, მაგრამ სასტიკად ცდებით, ახალგაზრდავ...

– აჰ!

– აჰ!

ბობინიცინის ბინიდან ხმაური გაისმა - კარს აღებდნენ, ლაპარაკობდნენ.

– აჰ, ეს ის არ არის, ის არ არის! ხმაზე კარგად ვცნობ; ახლა ყველაფერს მივხვდი, ეს ის არ არის! - თქვა ენოტისქურქიანმა ბატონმა და ზეწარივით გაფითრდა.

– გაჩუმდით!

ახალგაზრდა კაცი კედელს მიეყრდნო.

– მოწყალეო ხელმწიფევ, გავიქცევი: ეს ის არ არის, ძალიან მიხარია.

– კეთილი! წადით, წადით!

– თქვენ რაღას უდგახართ?

– რა თქვენი საქმეა?

კარი გაიღო. ენოტისქურქიანმა ბატონმა ვეღარ გაუძლო და კიბე თვალის დახამხამებაში ჩაირბინა.

როდესაც ახალგაზრდა კაცს გვერდით მამაკაცმა და ქალმა ჩაუარეს, მას კინაღამ გული გაუჩერდა... გაისმა ქალის ნაცნობი, შემდეგ კი მამაკაცის ხრინწიანი, მაგრამ სრულიად უცნობი ხმა.

– არა უშავს, ვუბრძანებ, მარხილი მოგართვან, - თქვა ხრინწიანმა ხმამ.

– აჰ! კარგი, კარგი, თანახმა ვარ; თუ ასეა, უბრძანეთ...

– იქ დგანან, ახლავე.

ქალი მარტო დარჩა.

– გლაფირა! სად გაქრა შენი ფიცი? - შესძახა ბეკეშიანმა ახალგაზრდა კაცმა და ქალს ხელი სტაცა.

– ვაიმე, ვინ არის? ეს თქვენ ხართ, ტვოროგოვ? ღმერთო ჩემო! რას აკეთებთ?

– აქ ვისთან იყავით?

– ეს ჩემი ქმარია, წადით, წადით, ის ახლა იქიდან გამოვა... პოლოვიცინებიდან; წადით, ღვთის გულისთვის, წადით.

– პოლოვიცინები სამი კვირის წინ გადავიდნენ! მე ყველაფერი ვიცი!

– აჰ! - ქალი პარმაღისკენ გავარდა. ახალგაზრდა კაცი დაეწია.

– ვინ გითხრათ? - ჰკითხა ქალმა.

– თქვენმა ქმარმა, ქალბატონო, ივან ანდრეევიჩმა; ის აქ არის, თქვენ წინ, ქალბატონო...

ივან ანდრეევიჩი მართლაც პარმაღზე იდგა.

– აჰ, ეს თქვენ ხართ? - შეჰყვირა ენოტისქურქიანმა ბატონმა.

– ა-ა! c’est vous?

 – შესძახა გლაფირა პეტროვნამ და გულწრფელი სიხარულით მიეჭრა მას, - ღმერთო ჩემო! რომ იცოდე, რა შემემთხვა! პოლოვიცინებთან ვიყავი; ხომ წარმოგიდგენია... გეცოდინება, ისინი ახლა იზმაილოვსკის ხიდთან ცხოვრობენ; უკვე გითხარი, გახსოვს? იქ მარხილი ავიყვანე. ცხენები გადაირივნენ, გავარდნენ და მარხილი დაამტვრიეს. აქედან ას ნაბიჯში გადმოვვარდი; მემარხილე დააკავეს. აღარ ვიცოდი, რა მექნა. საბედნიეროდ, monsieur

-მა ტვოროგოვმა...

– როგორ?

მ-რ ტვოროგოვი ქანდაკებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მ-რ ტვოროგოვს.

– Monsieur ტვოროგოვმა დამინახა და გაცილება შემომთავაზა; მაგრამ ახლა შენ ხარ აქ, და მე თქვენთვის მხოლოდ მხურვალე მადლობის გადახდა შემიძლია, ივან ილიჩ...

ქალმა გაშეშებულ ივან ილიჩს ხელი გაუწოდა და კი არ ჩამოართვა, თითქმის უჩქმიტა.

– Monsieur ტვოროგოვი! ჩემი ნაცნობია; პატივი გვქონდა, სკორლუპოვების მეჯლისზე გაგვეცნო: მგო­ნი, გითხარი, არა? ნუთუ არ გახსოვს, კოკო?

– აჰ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! ჰო, მახსოვს! - თქვა ენოტისქურქიანმა ბატონმა, რომელსაც კოკო უწოდეს, - სასიამოვნოა, ძალზე სასიამოვნოა.

და მან ღონივრად ჩამოართვა ხელი ბატონ ტვოროგოვს.

– ვისთან ხარ? ეს რას ნიშნავს? მე გელოდები... - გაისმა ხრინწიანი ხმა.

ჯგუფის წინ უსაშველოდ მაღალი კაცი იდგა; მან ლორნეტი ამოიღო და ყურადღებით შეხედა ენოტისქურქიან ბატონს.

– აჰ, monsieur ბობინიცინ! - აჭიკჭიკდა ქალი, - აქ საიდან? რა შეხვედრაა! წარმოგიდგენიათ? კინაღამ ცხენებმა დამამტვრიეს... მაგრამ აი, ჩემი ქმარი! Jean! Monsieur ბობინიცინი, კარპოვებთან გამართულ მეჯლისზე...

– აჰ, ძალიან, ძალიან, ძალიან სასიამოვნოა!.. ახლავე ეტლს ავიყვან, ჩემო მეგობარო.

– აიყვანე, Jean, აიყვანე; ძალიან შეშინებული ვარ; ვკანკალებ; მგონი, ცუდადაც ვარ... დღეს, მასკარადზე, - გადაუჩურჩულა მან ტვოროგოვს... - მშვიდობით, მშვიდობით, ბატონო ბობინიცინ! ხვალ, ალბათ, კარპოვებთან შევხვდებით მეჯლისზე...

– არა, მომიტევეთ, ხვალ ვერ მოვალ; ხვალ საქმე მექნება, რადგან ახლა ასეა... - ბატონმა ბობინიცინმა რაღაც გამოცრა კბილებს შორის, ჩექმის ქუსლები ერთმანეთს მიარტყა, მარხილში ჩაჯდა და წავიდა.

შემდეგ ეტლი ჩამოდგა; ქალი შიგ მოთავსდა. ენოტისქურქიანი ბატონი შეჩერდა; თითქოს ძალა არ შესწევდა ნაბიჯის გადასადგმელად და უაზროდ შეჰყურებდა ბეკეშიან ბატონს. ბეკეშიანმა კაცმა ცალყბად გაუღიმა.

– მე არ ვიცი...

– მაპატიეთ, ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით, - მიუგო ახალგაზრდა კაცმა და თავი ცნობისმოყვარეობითა და ოდნავ მორიდებით დაუკრა.

– ძალიან, ძალიან მიხარია...

– მგონი, კალოში გაგძვრათ...

– მე? აჰ, დიახ! გმადლობთ, გმადლობთ; სულ მინდოდა, რეზინის მეყიდა...

– რეზინისაში ფეხი თითქოს უფრო ოფლიანდება, - თქვა ახალგაზრდა კაცმა, როგორც ჩანს, უდიდესი თანაგრძნობით.

– Jean! მალე წამოხვალ?

– სწორედ რომ ოფლიანდება. ახლავე, ახლავე, ჩემო კარგო, რა საინტერესო საუბარია! როგორც ბრძანეთ, სწორედ რომ ფეხი ოფლიანდება... თუმცა, მაპატიეთ, მე...

– კეთილი.

– ძალიან, ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა...

ენოტისქურქიანი ბატონი კარეტაში ჩაჯდა; კარეტა დაიძრა; ახალგაზრდა კაცი კი კვლავაც იდგა და გაოცებული მიაცილებდა მას მზერით.

 

– II –

 

მეორე საღამოს იტალიურ ოპერაში რომელიღაც წარმოდგენა იმართებოდა. ივან ანდრეევიჩი დარბაზში ყუმბარასავით შევარდა. მასში მუსიკის მიმართ ასეთი გაშმაგება და ვნება არასოდეს შეუნიშნავთ. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც იცოდნენ, რომ ივან ანდრეევიჩს ძალზე უყვარდა იტალიურ ოპერაში ერთი-ორი საათით თვალის მოტყუება;

თვითონაც უთქვამს რამდენჯერმე, ეს სასიამოვნო და ტკბილი პროცესიაო. “თანაც, პრიმადონა იავნანას გიკნავის თეთრ კატასავით”, - ეუბნებოდა ის მეგობრებს.

თუმცა ეს დიდი ხნის წინ ეთქვა მათთვის, ჯერ კიდევ წინა სეზონში; ახლა კი, სამწუხაროდ, ივან ანდრეევიჩს შინ ღამითაც კი აღარ ეძინა. მიუხედავად ამისა, ხალხით გაჭედილ დარბაზში მაინც ყუმბარასავით შევარდა. კაპელდინერმაც კი ერთგვარი ეჭვით შეხედა და მაშინვე მისი გვერდითი ჯიბისკენ გაექცა მზერა იმის მოლოდინით, რომ ყოველი შემთხვევისთვის, გადამალული ხანჯლის ტარს მოჰკრავდა თვალს.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ორი პარტია იყო მოძლიერებული და თითოეული მათგანი თავის პრიმადონას უჭერდა მხარს. ერთს ***ზისტები ერქვა, მეორეს - ***ნისტები.

ორივე პარტიას ისე უყვარდა მუსიკა, რომ ბოლოს კაპელდინერებს აშკარად ეშინოდათ ამ ორ პრიმადონაში თავმოყრილი ყოველგვარი სილამაზისა და ამაღლებულისადმი სიყვარულის გადამეტებული გამოვლენისა.

აი, რატომ გაახსენდა კაპელდინერს უნებურად ჰამლეტის, დანიელი პრინცის მაღალფარდოვანი სიტყვები, - “როცა სიბერე ასე ეცემა, მაშ, სიჭაბუკემ რაღა ქნას?” და ასე შემდეგ, - როდესაც თეატრის დარბაზში ჭაღარათმიანი მოხუცის, თუმცა არც ისე ჭაღარათმიანის, არამედ ასე, ორმოცდაათიოდე წლის, სიქაჩლეშეპარული, გარეგნულად სოლიდური შესახედაობის ჭაბუკური აღტყინება დაინახა, და, როგორც ზემოთ ითქვა, ცერად გახედა ფრაკის გვერდითა ჯიბეს იმის მოლოდინით, რომ იქ ხანჯალს მიაგნებდა. მაგრამ საფულის გარდა ვერაფერი აღმოაჩინა.

თეატრში შევარდნილმა ივან ანდრეევიჩმა მყისვე მოავლო თვალი მეორე იარუსის ყველა ლოჟას და ჰოი, საშინელებავ! კინაღამ გული გაუჩერდა: ქალი აქ იყო! ლოჟაში იჯდა! აქვე გახლდათ გენერალი პოლოვიცინი, მეუღლესა და ცოლისდასთან ერთად;

შორიახლოს, გენერლის ადიუტანტი იდგა - უაღრესად მოხერხებული ახალგაზრდა კაცი, და კიდევ ერთი სამოქალაქო პირი... ივან ანდრეევიჩმა ყურადღებაც დაძაბა და მხედველობაც, მაგრამ - ო-ო, ღმერთო! სამოქალაქო პირი მოღალატურად დაიმალა ადიუტანტის ზურგს უკან და უცნობლობის ჩრდილში დარჩა.

ქალი აქ ბრძანდებოდა, არადა, თქვა, რომ სხვაგან იქნებოდა! ივან ანდრეევიჩს სწორედ ეს ორპირობა უკლავდა გულს, რომელსაც ამ ბოლო დროს ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებდა გლაფირა პეტროვნა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ სამოქალაქო პირმა, ამ ჭაბუკმა ჩააგდო ივან ანდრეევიჩი საშინელ სასოწარკვეთილებაში.

იგი გულგანგმირული ჩაეშვა სავარძელში. ნეტავ რატომ? ეს ხომ უბრალო შემთხვევა იყო... უნდა აღინიშნოს, რომ ივან ანდრეევიჩის სავარძლები სწორედ ბენუარის გვერდით მდებარეობდა, თანაც მეორე იარუსის მოღალატეობრივი ლოჟის ქვევით, ასე რომ, იგი ვერაფრით შეამჩნევდა, რა ხდებოდა მის თავს ზემოთ, რაც საოცრად არ სიამოვნებდა.

სამაგიეროდ, ბრაზობდა და სამოვარივით დუღდა. მთელმა პირველმა აქტმა მისთვის შეუმჩნევლად ჩაიარა, ანუ ერთი ნოტიც არ მოუსმენია. ამბობენ, მუსიკა იმით არის კარგი, რომ მუსიკალური შთაბეჭდილების ნებისმიერ შეგრძნებაზე შეიძლება მორგებაო. გახარებული

ადამიანი ბგერებში სიხარულს მიაგნებს, დამწუხრებული - დარდს; ივან ანდრეევიჩის ყურებში კი ნამდვილი ქარიშხალი ქროდა. მის ჯავრს ისიც ემატებოდა, რომ უკნიდან, წინიდან და გვერდიდან საშინელი ხმები ესმოდა და ეს ლამის გულს უხეთქავდა.

როგორც იქნა, აქტი დასრულდა. მაგრამ ზედ ფარდის დაშვებისას ჩვენს გმირს ისეთი თავგადასავალი შეემთხვა, რომელსაც კალამიც კი ვერ აღწერს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ზედა იარუსებიდან აფიშა ჩამოვარდება ხოლმე. როდესაც პიესა მოსაწყენია და მაყურებელი ამთქნარებს, მათთვის ეს ძალზე სასეირო სანახაობაა.

განსაკუთრებულ ინტერესს ამ უაღრესად რბილი ქაღალდის ყველაზე ზედა იარუსიდან ჩამოვარდნა იწვევს. ბევრს სიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ მოგზაურობს იგი ზიგზაგებით სავარძლებამდე, სადაც აუცილებლად დაეშვება ამ შემთხვევისთვის სრულიად მოუმზადებელი მაყურებლის თავზე. მართლა საინტერესოა თვალის მიდევნება, როგორ დაირცხვენს ის თავი (იმიტომ, რომ აუცილებლად დაირცხვენს).

მე ყოველთვის მეშინია ქალის ბინოკლებისა, რომლებიც ხშირად ლოჟის კიდეზე დევს: სულ მეჩვენება, რომ ისინი მაშინვე გადმოვარდებიან და ამ შემთხვევისთვის ვინმე მოუმზადებლის თავზე დაეშვებიან. მაგრამ ვხედავ, რომ უდროო დროს გავაკეთე ასეთი ტრაგიკული შენიშვნა და ამიტომ მას იმ გაზეთების ფელეტონებთან ვაგზავნი, რომლებიც სიცრუისგან, არაკეთილსინდისიერებისგან, აგრეთვე ტარაკნებისგან დაგიცავენ, თუ ასეთები სახლში გყავთ, და ცნობილ ბატონ პრინჩიპეს გირჩევენ, ამქვეყნად არსებული ყველა - როგორც რუსული, ისე უცხოური - ტარაკნის უსაშინლეს მტერსა და მოწინააღმდეგეს.

მაგრამ, რაც ივან ანდრეევიჩს შეემთხვა, აქამდე ჯერ არსად აღწერილა. მის თავზე - როგორც უკვე ითქვა, საკმაოდ სიქაჩლეშეპარულზე - აფიშა არ დაშვებულა. გამოგიტყდებით, მრცხვენია კიდეც თქმა, რა დაეცა თავზე, ვინაიდან მართლა როგორღაც სამარცხვინოა იმის გამოცხადება, რომ ეჭვიანი და გაღიზიანებული ივან ანდრეევიჩის პატივცემულ და მოშიშვლებულ, ანუ ნაწილობრივ უთმო თავზე ისეთი უხამსი ნივთი აღმოჩნდა, როგორიც, მაგალითად, სასიყვარულო, სუნამონაპკურები ბარათია.

ყოველ შემთხვევაში, ამ გაუთვალისწინებელი და უმსგავსო შემთხვევისთვის სრულიად მოუმზადებელი საბრალო ივან ანდრეევიჩი ისე შეკრთა, თითქოს თავზე თაგვი ან რომელიმე სხვა გარეული ცხოველი დაიჭირა.

ბარათი აშკარად სასიყვარულო იყო, ამას წყალი არ გაუვიდოდა. ვიღაცას წერილი სუნამონაპკურებ ქაღალდზე დაეწერა, ისე, როგორც ეს რომანებშია აღწერილი, და, რამდენჯერმე გადაკეცვით, მისთვის მოღალატეობრივად მცირე ფორმა მიეცა, ასე რომ, ის ქალის ხელთათმანშიც კი დაიმალებოდა.

ბარათი, როგორც ჩანს, შემთხვევით გადმოვარდნილიყო, გადაცემის დროს: ალბათ, წერილი მოხერხებულად შეახვიეს ნათხოვარ აფიშაში და გაუწოდეს კიდეც მას, ვისთვისაც უნდა გადაეცათ, მაგრამ ერთი წამი, შესაძლოა, უნებლიე ბიძგი ადიუტანტისა, უაღრესად მარჯვედ რომ მოიბოდიშა უხერხული მოძრაობის გამო, - და ბარათი პატარა მთრთოლარე ხელიდან გამოცურდა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ჭაბუკმა კი, უკვე რომ გაეწვდინა თავისი მოუთმენელი ხელი, წერილის ნაცვლად, მოულოდნელად აფიშა მიიღო და აშკარად არ იცოდა, მისთვის რა მოეხერხებინა. უსიამოვნო, უცნაური შემთხვევაა! სრული სიმართლეა, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ივან ანდრეევიჩი კიდევ უფრო უსიამოვნოდ იგრძნობდა თავს.

– Predestine - ჩაიჩურჩულა მან, ბარათს ხელი მოუჭირა და ცივმა ოფლმა დაასხა, - predestine! ტყვია დამნაშავეს მიაგნებს! - გაუელვა თავში, - არა, ეს ის არაა! მე რატომ ვარ დამნაშავე? იქ სხვა ანდაზაც არსებობს: საბრალო მაკარს... და ასე შემდეგ.

მაგრამ განა ცოტა რამ გაჟღერდება ასეთი მოულოდნელი შემთხვევით გაოგნებულ თავში?! ივან ანდრეევიჩი სკამზე გაშეშებული, რომ იტყვიან, ცოცხალ-მკვდარივით იჯდა. დარწმუნებული იყო, რომ მისი თავგადასავალი ყოველი მხრიდან შეამჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ დროს მთელ დარბაზში ალიაქოთი ატყდა - მომღერალ ქალს სცენაზე უხმობდნენ.

კაცს კი ისე დაერცხვინა, ისე გაწითლებულიყო, თვალების გახელას ვერ ბედავდა, თითქოს თავს მოულოდნელად რაღაც უსიამოვნება დასტყდომოდა, რასაც დისონანსი შეეტანა შესანიშნავ, მრავალრიცხოვან საზოგადოებაში. ბოლოს გაბედა და წინ გაიხედა.

– სასიამოვნოდ მღეროდნენ! - გადაულაპარაკა მან მის მარცხნივ მჯდომ ერთ-ერთ ფრანტს. ფრანტმა, რომელიც საშინლად აღტყინებული იყო და ტაშს უკრავდა, მაგრამ ძირითადად ფეხებს აბაკუნებდა, სწრაფად და დაბნეულად შეხედა ივან ანდრეევიჩს, მაშინვე ორივე ხელი პირთან ფარივით მიიტანა და მომღერლის სახელი წამოიძახა.

ივან ანდრეევიჩი, რომელსაც ასეთი მძლავრი შეძახილი აქამდე არასოდეს მოესმინა, აღფრთოვანებამ მოიცვა. “ვერაფერი შეამჩნია!” - გაიფიქრა მან და უკან მიიხედა. მაგრამ იქ მჯდომმა მსუქანმა ბატონმა, თავის მხრივ, მას ზურგი შეაქცია და ლორნეტით ლოჟების თვალიერება დაიწყო.

“ესეც კარგია!” - გაიფიქრა ივან ანდრეევიჩმა. წინიდან, ცხადია, ვერაფერს დაინახავდნენ. მან მორიდებითა და სიხარულით აღსავსე იმედით ცერად გახედა ბენუარს, რომლის სიახლოვესაც მისი სავარძელი მდებარეობდა, და ძალზე უსიამოვნო გრძნობისგან შეკრთა. იქ საუცხოო ქალბატონი იჯდა,

რომელსაც პირზე ცხვირსახოცი მიეფარებინა, სავარძლის საზურგეს მიყრდნობოდა და გახელებული იცინოდა.

– ოჰ, ეს ქალები! - ჩაიჩურჩულა ივან ანდრეევიჩმა და გასასვლელისკენ მაყურებელთა ფეხებზე გადავლით გაემართა.

ახლა მკითხველს ვთავაზობ, თვითონ გადაწყვიტოს, ვთხოვ, თვითონ განსაჯოს ჩემი დამოკიდებულება ივან ანდრეევიჩისადმი. ნუთუ იგი მართალი იყო ამ მომენტში? დიდი თეატრი, როგორც ცნობილია, ლოჟების ოთხი იარუსისგან შედგება, მეხუთე იარუსი - გალერეაა. რატომ უნდა ევარაუდა მას დარწმუნებით, რომ ბარათი სწორედ ერთ-ერთი, სწორედ იმ, და არა რომელიმე სხვა ლოჟიდან გადმოვარდა, მაგალითად, თუნდაც მეხუთე იარუსიდან, სადაც ასევე სხედან ხოლმე ქალები? მაგრამ ვნება განსაკუთრებული, ეჭვიანობა კი უგანსაკუთრებულესი ვნებაა ამ სამყაროში.

ივან ანდრეევიჩი ფოიეში გავარდა, ლამპასთან დადგა, ბეჭედი გატეხა და წაიკითხა: “დღეს, სპექტაკლის დასრულებისთანავე, “გ.-ში”, ***ის შესახვევის კუთხეში, კ.***ის სახლში, მესამე სართულზე, კიბიდან ხელმარჯვნივ. შესასვლელი სადარბაზოდანაა. იქ იყავი, sans faute. ღვთის გულისთვის”.

ივან ანდრეევიჩს ხელწერა არ ეცნო, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საქმე პაემანს შეეხებოდა. “დავიჭერ, შევიპყრობ და ბოროტებას სათავეშივე აღვკვეთ”, - აი, რა გაიფიქრა პირველ რიგში ივან ანდრეევიჩმა. თავში იმანაც გაუელვა, რომ ახლავე, ადგილზევე ემხილებინა, მაგრამ ეს როგორ გაეკეთებინა?

ივან ანდრეევიჩმა მეორე იარუსზეც აირბინა, მაგრამ კეთილგონიერება გამოიჩინა და უკან დაბრუნდა. ვერაფრით გადაეწყვიტა, სად გაქცეულიყო, ახლა მეორე მხრიდან შემოურბინა დერეფნებს და სხვისი ლოჟის შეღებული კარიდან საპირისპირო მხარეს გაიხედა. ასე, ასე! ხუთივე იარუსზე, ვერტიკალური მიმართულებით, ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები ისხდნენ.

ბარათი შესაძლოა, ნებისმიერი იარუსიდან ჩამოვარდნილიყო, რადგან ივან ანდრეევიჩი ეჭვობდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ყველა იარუსი გაერთიანებულიყო. ვერაფერმა, ვერც იარუსების შეთვალიერებამ გამოუსწორა გუნება ივან ანდრეევიჩს. მთელი მეორე აქტის განმავლობაში დარბოდა იგი დერეფნებში და ვერა და ვერ მშვიდდებოდა.

ერთი პირობა, თეატრის სალაროშიც გადაწყვიტა შესვლა იმ იმედით, რომ მოლარისგან ოთხივე იარუსში ლოჟების ბილეთების მყიდველთა სახელებს შეიტყობდა, მაგრამ სალარო დაკეტილი დახვდა. ბოლოს გაშმაგებული შეძახილები და ტაში გაისმა. წარმოდგენა დასრულდა. დაიწყო გამოძახება და განსაკუთრებით, სულ ზემოდან გამოირჩეოდა ორი ხმა - ორივე პარტიის წინამძღოლებისა. მაგრამ ივან ანდრეევიჩს ისინი არ აინტერესებდა.

მან სწრაფად მოიფიქრა, როგორ მოქცეულიყო. ბეკეში ჩაიცვა და გ.-ში გაემართა, რათა თავს წასდგომოდა, გამოეჭირა, ემხილებინა და, საერთოდ, გუშინდელთან შედარებით, ცოტა უფრო ენერგიულად ემოქმედა.

სახლს ადვილად მიაგნო. უკვე სადარბაზოში შესვლას აპირებდა, როდესაც ზედ ცხვირწინ პალტოში გამოწყობილმა ფრანტმა ჩაუქროლა, გადაასწრო და კიბით მესამე სართულისკენ ავარდა. ივან ანდრეევიჩს მოეჩვენა, რომ ეს სწორედ ის ფრანტი იყო, თუმცა სახეზე შეხედვა ვერ მოასწრო. ლამის გული გადაუტრიალდა. ფრანტი მას უკვე ორი სართულით უსწრებდა. ბოლოს გაიგონა, როგორ გაიღო კარი მესამე სართულზე, თანაც ზარის დარეკვის გარეშე, თითქოს მოსულს ელოდნენ.

ახალგაზრდა კაცი ბინაში შევიდა. როდესაც ივან ანდრეევიჩმა მესამე სართულს მიაღწია, კარის დაკეტვა ჯერ ვერ მოესწროთ. მან დააპირა, ცოტა ხანს მდგარიყო, მომდევნო ნაბიჯი კარგად მოეფიქრებინა, თავდაპირველად მცირედი მორიდება გამოეჩინა და შემდეგ დაეწყო გადამწყვეტი მოქმედება; მაგრამ სწორედ ამ დროს, სადარბაზოსთან ეტლი შეჩერდა, კარი ხმაურით გაიღო და ვიღაც მძიმედ, ხვნეშითა და ხველებით შეუდგა ზედა სართულისკენ ამოსვლას.

ივან ანდრეევიჩმა ვეღარ მოითმინა, კარი შეაღო და შეურაცხყოფილი ქმრის მთელი ბრწყინვალებით ბინაში აღმოჩნდა. მისკენ ჯერ ძალზე აღელვებული მოახლე გამოიქცა, შემდეგ - ვიღაც კაცი, მაგრამ ივან ანდრეევიჩს რა შეაჩერებდა. მან ყუმბარის სისწრაფით განაგრძო გზა, ორი ბნელი ოთახი გაიარა და მოულოდნელად, საძინებელში აღმოჩნდა ახალგაზრდა და მშვენიერი ქალის წინ, რომელიც შიშისგან ერთიანად კანკალებდა და შეძრწუნებული შესცქეროდა მას, თითქოს ვერ გაეგო, რა ხდებოდა ირგვლივ.

იმავ წუთს მეზობელ ოთახში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა: ვიღაც, სწორედ ის, ვინც კიბეზე ამოდიოდა, საძინებლისკენ მოემართებოდა. - ღმერთო! ეს ჩემი ქმარია! - შესძახა ქალმა, ხელი ხელს შემოჰკრა და თავის თეთრ პენუარზე მეტად გაფითრდა.

ივან ანდრეევიჩმა იგრძნო, რომ სხვაგან მოხვდა, რომ ყველაფერი კარგად არ აწონ-დაწონა, კიბეზე საკმარისად არ შეყოვნდა და სულელური, ბავშვური საქციელი ჩაიდინა. მაგრამ ახლა რაღას გააწყობდა. კარი უკვე გაიღო და ზორბა ქმარი, თუ მის მძიმე ნაბიჯებს გაითვალისწინებდა, საცაა ოთახში შემოვიდოდა... არ ვიცი, ვინ ეგონა ამ მომენტში ივან ანდრეევიჩს საკუთარი თავი! არ ვიცი, რამ შეუშალა ხელი, პირისპირ შეხვედროდა ქმარს, ეთქვა, რომ ხათაბალაში გაება, ეღიარებინა, რომ გაუცნობიერებლად მოიქცა ასე უმსგავსოდ, პატიება ეთხოვა და იქაურობა დაეტოვებინა - ცხადია, არა დიდი პატივით, ცხადია, არა დიდების შარავანდედით მოსილს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კეთილშობილურად და პირდაპირ.

არა, ივან ანდრეევიჩი კვლავ პატარა ბიჭივით მოიქცა, თითქოს დონჟუანი ან ლოველასი ყოფილიყო! თავდაპირველად საწოლთან ამოეფარა ფარდას, შემდეგ კი, როდესაც იგრძნო, რომ ბოლომდე დაეცა სულით, იატაკზე გაწვა და გაუაზრებლად საწოლქვეშ შეძვრა. შიშმა მასში კეთილგონიერებას აჯობა და ივან ანდრეევიჩმა, თვითონაც შეურაცხყოფილმა ქმარმა, - ყოველ შემთხვევაში, თავს ასეთად მიიჩნევდა, - ვერ შეძლო სხვის ქმართან შეხვედრა: შესაძლოა, ეშინოდა, თავისი იქ ყოფნით შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მისთვის.

ასე იყო თუ ისე, საწოლქვეშ აღმოჩნდა, თან სრულიად არ ესმოდა, ეს როგორ მოხდა. მაგრამ ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ქალი არ შეეწინააღმდეგა. არც დაუყვირია, როდესაც დაინახა, რომ ძალზე უცნაური, ასაკოვანი კაცი მის საძინებელში თავშესაფარს ეძებდა. თქმა არ უნდა, ალბათ, ისე შეეშინდა, ლამის ენა გადაყლაპა.

ქმარი ოხვრითა და ხვნეშით შემოვიდა, ცოლს მღერით, ბებრულად მიესალმა და სავარძელში ისე ჩაეშვა, თითქოს ზურგით შეშა მოეტანა. გაისმა ყრუ და ხანგრძლივი ხველა. გააფთრებული ვეფხვიდან კრავად გადაქცეული ივან ანდრეევიჩი, რომელიც ისე დაფრთხა და მიყუჩდა, როგორც თაგვი კატის წინ. შიშისგან სუნთქვასაც ძლივს ბედავდა, თუმცა საკუთარი გამოცდილებით მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ყველა შეურაცხყოფილი ქმარი როდი იკბინება. მაგრამ ეს თავში არ მოსვლია ან არასაკმარისი საზრიანობის, ან რამე სხვა მიზეზით.

იგი ფრთხილად, ჩუმად, ხელის ცეცებით აწრიალდა საწოლქვეშ, რადგან უფრო მოსახერხებელი პოზისთვის მიეგნო და, წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც ხელით ისეთ საგანს შეეხო, რომელიც თვითონაც ამოძრავდა და, თავის მხრივ, ხელზე ხელი სტაცა! საწოლქვეშ სხვა ადამიანიც იწვა...

– ვინ არის? - ჩურჩულით წარმოთქვა ივან ანდრეევიჩმა.

– ჰო, აბა, უცებ არ გითხრათ, ვინც ვარ! - ჩურჩულითვე მიუგო უცნაურმა უცნობმა, - იწექით და გაჩუმდით, რახან ხათაბალაში გაებით!

– მაგრამ...

– გაჩუმდით!

და გარეშე პირმა (ვინაიდან საწოლქვეშ ერთი ადამიანიც საკმარისი იყო), გარეშე პირმა ივან ანდრეევიჩის ხელი თავის მუშტში ისე მძლავრად მოიქცია, რომ ამ უკანასკნელმა ტკივილისგან კინაღამ შეჰყვირა.

– მოწყალეო ხელმწიფევ...

– ჩუ-უ!

– თუ ასეა, ხელს ნუ მიჭერთ, თორემ დავიყვირებ.

– ვნახავ, როგორც დაიყვირებთ! მიდი, სცადეთ!

ივან ანდრეევიჩი სირცხვილისგან გაწითლდა. უცნობს სიმკაცრე და გაბრაზება ეტყობოდა. შესაძლოა, ის ადამიანი იყო, რომელსაც ბედის უკუღმართობა არაერთხელ გამოეცადა და არც ასეთი შეჭირვებული მდგომარეობა ეუცხოებოდა; მაგრამ ივან ანდრეევიჩი ახალბედა გახლდათ და სივიწროვისგან ძლივს სუნთქავდა. თუმცა ვერაფერს მოიმოქმედებდა: პირქვე უნდა წოლილიყო. ივან ანდრეევიჩი ბედს დამორჩილდა და გაჩუმდა.

– მე, ჩემო კარგო, - დაიწყო ქმარმა, - მე, ჩემო კარგო, პაველ ივანიჩთან ვიყავი. პრეფერანსის სათამაშოდ დავსხედით, და... ქხი-ქხი-ქხი! (ჩაახველა მან) და... ქხი! და ზურგი... ქხი! ერთი მაგის!.. ქხი! ქხი! ქხი! და მოხუცს ხველა აუტყდა.

– ზურგი... - როგორც იქნა, ჩაილაპარაკა მან თვალზე ცრემლმომდგარმა, - ზურგი ამტკივდა... წყეული ჰემოროი! ვერც ადგები, ვერც დაჯდები... ვერც დაჯდები! ქხი, ქხი, ქხი!

ისე ჩანდა, რომ კვლავ დაწყებული ხველა გაცილებით დიდხანს გაატანდა, ვიდრე მოხუცი, რომელიც ახველებდა. ის შიგადაშიგ რაღაცას ბურტყუნებდა, მაგრამ კაცი ვერაფერს გაარჩევდა.

– მოწყალეო ხელმწიფევ, ღვთის გულისთვის, ჩაიჩოჩეთ! - ჩაიჩურჩულა საბრალო ივან ანდრეევიჩმა.

– საით მიბრძანებთ? ადგილი არ არის.

– მაგრამ დამეთანხმეთ, ასე ვერაფრით გავძლებ. თანაც პირველად ვარ ამგვარ საშინელ მდგომარეობაში.

– მე კი ასეთ არასასიამოვნო მეზობლობაში.

– მაგრამ, ახალგაზრდავ...

– გაჩუმდით!

– გავჩუმდე? ძალზე არათავაზიანად კი იქცევით, ახალგაზრდავ... თუ არ ვცდები, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ; მე თქვენზე უფროსი ვარ.

– გაჩუმდით!

– მოწყალეო ხელმწიფევ! თავს ნუ იგდებთ; თქვენ ხომ არ იცით, ვის ელაპარაკებით!

– ბატონს, რომელიც საწოლქვეშ წევს...

– მაგრამ აქ სიურპრიზმა მომიყვანა... შეცდომამ, თქვენ კი, თუ არ ვცდები, უზნეობამ.

– აი, ამაში კი ცდებით.

– მოწყალეო ხელმწიფევ! გეუბნებით, რომ თქვენზე უფროსი ვარ...

– მოწყალეო ხელმწიფევ! იცოდეთ, რომ აქ ერთ დაფაზე ვართ. გთხოვთ, სახეზე ხელს ნუ მკიდებთ!

– მოწყალეო ხელმწიფევ! ვერაფერს ვარჩევ. მაპატიეთ, მაგრამ ადგილი არ არის.

– მერედა, რატომ ხართ ასეთი მსუქანი?

– ღმერთო ჩემო! ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ!

– დიახ, ამაზე დაბლა ვერც დაწვებით.

– მოწყალეო ხელმწიფევ, მოწყალეო ხელმწიფევ! არ ვიცი, ვინ ბრძანდებით, არ მესმის, ეს როგორ მოხდა; მაგრამ აქ შეცდომით ვარ; ის არ ვარ, რასაც ფიქრობთ...

– რომ არ იკვრევინებოდეთ, თქვენზე საერთოდ არაფერს ვიფიქრებდი. გაჩუმდით-მეთქი!

– მოწყალეო ხელმწიფევ! თუ არ ჩაიჩოჩებთ, გულის შეტევა დამემართება. ჩემი სიკვდილი თქვენ დაგბრალდებათ. გარწმუნებთ... დარბაისელი კაცი ვარ, ოჯახის უფროსი. ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა ვიყო!..

– თვითონ შეძვერით ამ მდგომარეობაში. კარგი, მოიწიეთ! აჰა, თქვენ, ადგილი; მეტი საშუალება არ არის!

– კეთილშობილი ახალგაზრდა ყოფილხართ! მოწ­ყალეო ხელმწიფევ! ვხედავ, თქვენში ვცდებოდი, - თქვა ადგილის დათმობით აღფრთოვანებულმა და მადლიერმა ივან ანდრეევიჩმა და დაბუჟებული კიდურები გაშალა, - მესმის, რომ სივიწროვეში ხართ, მაგრამ რა გაეწყობა?

ვხედავ, ჩემზე ცუდს ფიქრობთ. ნება მომეცით, თქვენს თვალში რეპუტაცია ავიმაღლო, ნება მომეცით, გითხრათ, ვინ ვარ; გარწმუნებთ, აქ საკუთარი ნების წინააღმდეგ მოვედი, იმისთვის არა, რაზეც ფიქრობთ... საშინლად მეშინია.

– გაჩუმდებით თუ არა? ნუთუ არ გესმით, რომ თუ გაიგონებენ, ჩვენი საქმე ცუდად წავა? ჩუ-უ... ის ლაპარაკობს.

მართლაც, მოხუცს ხველა, როგორც ჩანს, ჩაუწყნარდა.

– ჰოდა, ასე, ჩემო კარგო, - თქვა მან საცოდავი, ხრინწიანი კილოთი, - ჰოდა, ასე, ჩემო კარგო, ქხი!.. ქხი! ოჰ, რა უბედურებაა! ფედოსეი ივანოვიჩი კი მეუბნება: თქვენთვის აჯობებს, ფარსმანდუკის

დალევა მოსინჯოთო; გესმის, ჩემო კარგო?

– მესმის, ჩემო მეგობარო.

– ჰოდა, ასე მეუბნება: თქვენთვის აჯობებს, ფარსმანდუკის დალევა მოსინჯოთო. მე კი ვეუბნები: წურბლები დავისვი-მეთქი. ის კი: არა, ალექსანდრ დემიანოვიჩ, ფარსმანდუკი ჯობსო: გეუბნებით, ის ხსნის... ქხი! ქხი! ოჰ, ღმერთო ჩემო! შენ რას ფიქრობ, ჩემო კარგო? ქხი-ქხი! ოჰ, ღმერთო ჩემო! ქხი-ქხი!.. მაშ, ფარსმანდუკი ჯობია, ასე გამოდის?.. ქხი-ქხი-ქხი! ოჰ! ქხი - და ასე შემდეგ.

– ჩემი აზრით, მისი გასინჯვა ცუდი არ იქნებოდა, - მიუგო მეუღლემ.

– ჰო, ცუდი არ იქნებოდა! თქვენ, ალბათ, ჭლექი გაქვთო, მეუბნება, ქხი, ქხი! მე კი ვეუბნები: ნიკრისის ქარი და კუჭის გაღიზიანება-მეთქი; ქხი-ქხი! ის კი: შესაძლოა, მართლა ჭლექი იყოსო. შენ, ქხი-ქხი! შენ რას ფიქრობ, ჩემო კარგო: ჭლექი მჭირს?

– ოჰ, ღმერთო ჩემო, რას ლაპარაკობთ?

– დიახ, ჭლექი! შენ, სულიკო, გაგეხადა და და­სა­ძინებლად დაწოლილიყავი, ქხი! ქხი! მე კი, ქხი! დღეს სურდო მაქვს.

– უჰ! - აღმოხდა ივან ანდრეევიჩს, - გაიწიეთ, ღვთის გულისთვის!

– ძალიან მიკვირს, რა გემართებათ, როგორ არ შეგიძლიათ, წყნარად იწვეთ...

– თქვენ გაბოროტებული ხართ ჩემ მიმართ, ახალგაზრდავ, გინდათ, რომ კბილი გამკრათ. ამას კარგად ვხედავ. ალბათ, ამ ქალბატონის საყვარელი ხართ, არა?

– გაჩუმდით!

– არ გავჩუმდები! მბრძანებლობის უფლებას არ მოგცემთ! თქვენ მართლა საყვარელი ხართ? თუ გამოგიჭერენ, მე ბრალი არაფერში მიმიძღვის, მე არაფერი ვიცი.

– თუ არ გაჩუმდებით, - თქვა ახალგაზრდა კაცმა კბილების ღრჭიალით, - ვიტყვი, რომ აქ შემომიტყუეთ; განვაცხადებ, რომ ბიძაჩემი ხართ, რომელმაც თავისი ქონება გაანიავა. მაშინ იმას

მაინც არ იფიქრებენ, რომ ამ ქალბატონის საყვარელი ვარ.

– მოწყალეო ხელმწიფევ! თქვენ მე მასხარად მიგდებთ. ჩემს მოთმინებას ბოლოს მოუღებთ.

– ჩუ-უ! ან გაიძულებთ, რომ გაჩუმდეთ! ეს რა უბედურებაა! აბა, მითხარით, რა გინდათ აქ? უთქვენოდ დილამდე როგორღაც გავძლებდი, შემდეგ კი წავიდოდი.

– მაგრამ მე აქ დილამდე ვერ ვიწვები: კეთილგონიერი ადამიანი ვარ; ცხადია, გავლენიანი ნაცნობები მყავს... როგორ ფიქრობთ, ნუთუ ის ღამეს აქ გაათევს?

– ვინ?

– ვინ და ეს მოხუცი...

– რა თქმა უნდა, გაათევს. ყველა თქვენნაირი ქმარი ხომ არ არის. ზოგი სახლშიც ათევს ღამეს.

– მოწყალეო ხელმწიფევ, მოწყალეო ხელმწიფევ! - შესძახა ივან ანდრეევიჩმა, რომელსაც შიშისგან შეამცივნა, - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მეც შინ ვარ, ეს კი პირველად ხდება; მაგრამ, ღმერთო ჩემო, ვხედავ, რომ მიცნობთ. ვინ ბრძანდებით, ახალგაზრდავ? ახლავე მითხარით, გევედრებით, უანგარო მეგობრობას გაფიცებთ, ვინ ბრძანდებით?

– მომისმინეთ! ძალას გამოვიყენებ...

– მაგრამ მოითმინეთ, ნება მომეცით, მოგიყვეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, ნება მომეცით, აგიხსნათ მთელი ეს საძაგელი საქმე...

– ახსნა-განმარტებას არ მოვისმენ, არ მინდა, რამე ვიცოდე. ან გაჩუმდით, ან...

– მაგრამ არ შემიძლია...

საწოლქვეშ ხანმოკლე ორთაბრძოლა გაიმართა და ივან ადრეევიჩი გაჩუმდა.

– ჩემო კარგო! მეჩვენება თუ თითქოს კატები ჩურჩულებენ?

– რომელი კატები? რას არ მოიფიქრებთ ხოლმე!

როგორც ჩანს, ცოლმა არ იცოდა, ქმარს რაზე დალაპარაკებოდა. ისე იყო განცვიფრებული, რომ გონს ვერ მოსულიყო. ახლა კი შეკრთა და ყურები დაცქვიტა.

– რომელი კატები?

– კატები, ჩემო სულიკო. ამას წინათ შემოვდივარ, ვასკა ჩემს კაბინეტში ზის, შუ-შუ-შუ! და ჩურჩულებს. ვეუბნები: რას აკეთებ ვასენკა-მეთქი? ის კი კვლავ: შუ-შუ-შუ! და თითქოს გამუდმებით ჩურჩულებს. მე კი გავიფიქრე: ოჰ, ღმერთო ჩემო! სიკვდილის შესახებ ხომ არ ჩამჩურჩულებს-მეთქი?

– დღეს მერამდენე სისულელეს ამბობთ! გრცხვენოდეთ, გეთაყვა.

– არა, არაფერია; ნუ ბრაზობ, სულიკო; ვხედავ, არ გესიამოვნება, რომ მოვკვდე, ნუ ბრაზობ; მე მხოლოდ ვლაპარაკობ ასე. შენ, ჩემო კარგო, გაგეხადა და დაწოლილიყავი, მე კი მანამდე აქ ვიჯდებოდი.

– გეყოფათ, ღვთის გულისთვის; მოგვიანებით...

– კარგი, ნუ ბრაზობ, ნუ ბრაზობ! მაგრამ, ასე მგონია, თითქოს აქ თაგვები არიან.

– აჰა, ხან კატები, ხან თაგვები! არ დაგიმალავთ და ვერ გამიგია, რა გემართებათ.

– მე არაფერი, მე არა... ქხი! მე არაფერი. ქხი, ქხი, ქხი, ქხი! ოჰ, ღმერთო ჩემო! ქხი!

– ხომ გესმით, იმდენს წრიალებთ, რომ მანაც კი გაიგონა, - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა.

– რომ იცოდეთ, რა მჭირს. ცხვირიდან სისხლი მომდის.

– მოდიოდეს, გაჩუმდით; მოითმინეთ, სანამ წავა.

– მაგრამ, ახალგაზრდავ, ჩემს მდგომარეობაშიც შედით; მე ხომ არ ვიცი, ვის გვერდით ვწევარ.

– რომ გაიგოთ, უფრო გაგიადვილდებათ, თუ რა? მე ხომ არ ვინტერესდები თქვენი გვარით. აბა, რა გვარი ხართ?

– არა, გვარი რა საჭიროა... მე მხოლოდ მსურს, აგიხსნათ, როგორ უაზროდ...

– ჩუ-უ... ის კვლავ ლაპარაკობს.

– ჩემო კარგო, მართლა ჩურჩულებენ.

– არა, არა; ეს ბამბა გიდევს ყურში ცუდად.

– ჰო, მართლა, ბამბის შესახებ. იცი, რომ აქ, ზევით... ქხი, ქხი! ზემოთ, ქხი, ქხი, ქხი! - და ასე შემდეგ.

– ზემოთ! - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა, - ოჰ, ჯანდაბა! მე კი მეგონა, რომ ბოლო სართული იყო; განა ეს მეორე სართულია?

– რას ამბობთ, ახალგაზრდავ? - ჩურჩულითვე მიუგო შეშფოთებულმა ივან ანდრეევიჩმა, - ღვთის გულისთვის, ეს რატომ გაინტერესებთ? მეც მეგონა, რომ ბოლო სართული იყო. ღვთის გულისთვის, განა აქ კიდევ არის ერთი სართული?

– მგონი, ვიღაც წრიალებს, - თქვა მოხუცმა და, როგორც იქნა, ხველა შეწყვიტა...

– ჩუ-უ! გესმით? - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა და ივან ანდრეევიჩს ორივე ხელზე ხელები მოუჭირა.

– მოწყალეო ხელმწიფევ, ჩემს ხელებზე ძალადობთ. გამიშვით.

– ჩუ-უ...

ხანმოკლე ორთაბრძოლის შემდეგ კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.

– ჰოდა, ვხვდები ლამაზ... - დაიწყო მოხუცმა.

– როგორ თუ ლამაზს? - გააწყვეტინა ცოლმა.

– ჰო... ხომ გითხარი ცოტა ხნის წინ, კიბეზე ლამაზ ქალს შევხვდი-მეთქი? თუ გამომრჩა? მე ხომ სუსტი მეხსიერება მაქვს. ეს კრაზანა... ქხი!

– რა?

– კრაზანის დალევაა საჭირო: ამბობენ, უკეთ გახდებიო... ქხი, ქხი, ქხი! უკეთესად იქნებიო!

– ეს თქვენ გააწყვეტინეთ მას, - ჩაილაპარაკა ახალგაზრდა კაცმა და კვლავ კბილები დააღრჭიალა.

– შენ თქვი, დღეს ვიღაც ლამაზ ქალს შევხვდიო? - იკითხა ცოლმა.

– ჰა?

– ლამაზ ქალს შეხვდი?

– ვინ?

– ვინ და შენ.

– მე? როდის? ჰო, ეგრე იყო!..

– როგორც იქნა! ნამდვილი მუმიაა, ნამდვილი! - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა და გულის სიღრმეში გულმავიწყი მოხუცი ააჩქარა.

– მოწყალეო ხელმწიფევ! შიშისგან ვცახცახებ. ღმერთო ჩემო! ეს რა მესმის? გუშინდელს ჰგავს; აშკარად გუშინდელს ჰგავს!

– ჩუ-უ.

– დიახ, დიახ, დიახ! გამახსენდა: ეშმაკუნა! ისეთი თვალები... ცისფერი შლაპით...

– ცისფერი შლაპით! ვაი, ვაი!

– ეს ის არის! მას აქვს ცისფერი შლაპა. ღმერთო ჩემო! - შესძახა ივან ანდრეევიჩმა.

– ვინ? ვინ არის? - ჩურჩულით იკითხა ახალგაზრდა კაცმა და ივან ანდრეევიჩს ხელებზე ხელები მოუჭირა.

– ჩუ-უ! - წარმოთქვა, თავის მხრივ, ივან ანდრეევიჩმა, - ის ლაპარაკობს.

– ოჰ, ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!

– ჰო, მაგრამ მითხარით, ვის არა აქვს ცისფერი შლაპა...

– რა ეშმაკი ყოფილა! - განაგრძო მოხუცმა, - ის აქ ვიღაც ნაცნობებთან მოდის. კეკლუცობს. იმ ნაცნობებთან კი სხვა ნაცნობები დადიან...

– ფუ! რა მოწყენილობაა, - გააწყვეტინა ქალმა, - მომიტევე, მაგრამ ვერ გამიგია, ეს რატომ გაინტერესებს?

– კარგი, კარგი! ნუ ბრაზობ! - გაბმით შეეპასუხა მოხუცი, - რახან არ გინდა, არ ვილაპარაკებ. დღეს რაღაც უგუნებოდ ხარ...

– თქვენ როგორღა მოხვდით აქ? - იკითხა ახალგაზრდა კაცმა.

– ა-ა, ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ! ახლა თქვენ ინტერესდებით, მანამდე კი მოსმენაც არ გინდოდათ!

– ჰო, მაგრამ ჩემთვის სულერთია! ნურაფერს იტყვით, გეთაყვა! ოჰ, დალახვროს ეშმაკმა, როგორი ამბავია!

– ნუ ბრაზობთ, ახალგაზრდავ; არ ვიცი, რას ვამბობ, მე ისე. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ აქ, ამ ყველაფერში ალბათ, ტყუილუბრალოდ არ მონაწილეობთ... მაგრამ ვინ ბრძანდებით, ახალგაზრდავ? ვხედავ, უცნობი ხართ; მაგრამ ვინ ხართ, უცნობო? ღმერთო ჩემო, არც კი ვიცი, რას ვლაპარაკობ!

– ე-ე, თავი დამანებეთ, თუ შეიძლება! - გააწყვეტინა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა.

– მაგრამ თქვენ ყველაფერს მოგიყვებით, ყველაფერს. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ არ მოგიყვებით, რომ თქვენზე გაბრაზებული ვარ. არა! აი, ჩემი ხელი! მხოლოდ სულით ვარ დაცემული, მეტი არაფერი. მაგრამ, ღვთის გულისთვის, ჯერ მითხარით: აქ როგორ მოხვდით? რომელმა ქარმა გადმოგაგდოთ? რაც შემეხება მე, არ ვბრაზობ, ღმერთმანი, არ ვბრაზობ, აი, ჩემი ხელი. აქ ბევრი მტვერია; ცოტათი დამესვარა; მაგრამ დიდი გრძნობისთვის ეს არაფერია.

– ე-ე, მომწყდით თქვენი ხელიანად! აქ გასანძრევი ადგილი არაა, ის კი ხელით მოძვრება!

– მოითმინეთ, მოწყალეო ხელმწიფევ! ისე მექცევით, როგორც, ასე ვთქვათ, ძველ ლანჩას, - ჩაილაპარაკა ივან ანდრეევიჩმა ძალზე უწყინარი სასოწარკვეთილებით, მავედრებელი ხმით, - თავაზიანად მომეპყარით, ცოტათი თავაზიანად მაინც, და ყველაფერს მოგიყვებით! ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა; მზად ვარ, სადილზეც დაგპატიჟოთ შინ. გულახდილად გეტყვით, რომ ასე ერთად წოლა არ შეიძლება. ცდებით, ახალგაზრდავ! თქვენ არ იცით...

– ნეტავ, როდის შეხვდა მას? - ჩაიბურტყუნა აშკარად ძალზე აღელვებულმა ახალგაზრდა კაცმა, - შესაძლოა, ის ახლა მე მელოდება... აუცილებლად უნდა წავიდე აქედან!

– ვინ არის ის ქალი? ვინ? ღმერთო ჩემო! ვის შესახებ საუბრობთ, ახალგაზრდავ? თქვენ ფიქრობთ, რომ იქ, ზევით... ღმერთო ჩემო! რისთვის ვისჯები ასე?

სასოწარკვეთილების ნიშნად, ივან ანდრეევიჩმა ზურგზე გადაბრუნება სცადა.

– რაში გაინტერესებთ, ვინ არის? ოჰ, დალახვროს ეშმაკმა! რაც არის, არის, უნდა გამოვძვრე!..

– მოწყალეო ხელმწიფევ! რას აპირებთ? მე, მე როგორღა მოვიქცე? - წაიჩურჩულა ივან ანდრეევიჩმა და სასოწარკვეთილი, თავისი მეზობლის ფრაკის კალთას ჩაეჭიდა.

– რა ჩემი საქმეა? აქ დარჩით. თუ არ გინდათ, მაშინ ვიტყვი, რომ ბიძაჩემი ხართ, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაანიავა, რათა მოხუცმა არ იფიქროს, რომ მისი ცოლის საყვარელი ვარ.

– მაგრამ, ახალგაზრდავ, ეს შეუძლებელია; ეს არაბუნებრივია, თუ ბიძა ვარ, არავინ დაგიჯერებთ. ბავშვიც კი არ დაგიჯერებთ, - წაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა ივან ანდრეევიჩმა.

– თუ ასეა, ნუ ლაქლაქებთ და წყნარად იწექით, გაშოტილი! აჯობებს, ღამე აქ გაათიოთ, ხვალ კი აქაურობას როგორღაც თავს დააღწევთ; ვერავინ შეგამჩნევთ; რახან ერთი გაძვრება, აღარ იფიქრებენ, რომ კიდევ დარჩა ვინმე. თუნდაც მთელი დუჟინი იჯდეს! თუმცა თქვენ მთელ დუჟინს კი უდრით. გაიწიეთ, თორემ გავალ!

– გესლიანად მელაპარაკებით, ახალგაზრდავ... რა მოხდება, თუ დავახველებ? ყველაფრის გათვალისწინებაა საჭირო!

– ჩუ-უ!..

– ეს რა არის? თითქოს ზემოდან კვლავ ფუსფუსი მესმის, - ჩაილაპარაკა მოხუცმა, რომელსაც ამასობაში, როგორც ჩანს, ჩასთვლიმა.

– ზემოდან?

– გესმით, ახალგაზრდავ, ზემოდანო!

– მესმის, მერე რა?

– ღმერთო ჩემო! ახალგაზრდავ, მე გამოვალ.

– მე კი არ გამოვალ! ჩემთვის სულერთია! თუ ყველაფერი აიწეწა, მაშინ სულერთია! იცით, რა მგონია? ეჭვი მაქვს, რომ სწორედ თქვენ ხართ რომელიღაც მოტყუებული ქმარი - დიახ!..

– ღმერთო, რა ცინიზმია!.. ნუთუ ამას ეჭვობთ? მაგრამ რატომ მაინცდამაინც ქმარი... მე უცოლო ვარ.

– როგორ თუ უცოლო? ნურას უკაცრავად!

– იქნებ მე თვითონ ვარ საყვარელი!

– კარგი საყვარელი კი ყოფილხართ!

– მოწყალეო ხელმწიფევ, მოწყალეო ხელმწიფევ! კარგი, ყველაფერს მოგიყვებით. ანგარიში გაუწიეთ ჩემს სასოწარკვეთილებას. ეს მე არ ვარ, ცოლი არ მყავს. თქვენსავით უცოლშვილო გახლავართ. ეს ჩემი მეგობარია, ბავშვობის ამხანაგი... მე კი საყვარელი... მეუბნება: “უბედური კაცი ვარ, სიმწრის ფიალას ვსვამ, ჩემს ცოლზე ვეჭვიანობ”, - “ჰო, მაგრამ, - ვეუბნები კეთილგონივრულად, - რატომ ეჭვიანობ?..” თუმცა თქვენ არ მისმენთ. მომისმინეთ, მომისმინეთ! “ეჭვიანობა სასაცილოა, ვეუბნები, ეჭვიანობა ცოდვაა!..” - “არა, მეუბნება, უბედური კაცი ვარ! მე იმას... ფიალას, ანუ ეჭვი მაქვს”, - “შენ, ვეუბნები, ჩემი მშვენიერი ბავშვობის მეგობარი, ამხანაგი ხარ. ერთად ვკრეფდით სიამოვნების ყვავილებს, სიტკბოების სიღრმეში ვიძირებოდით”. ღმერთო, არ ვიცი, რას ვამბობ. თქვენ სულ გეცინებათ, ახალგაზრდავ. ასე გადამრევთ კიდეც.

– ისედაც გადარეული ხართ!..

– ასეა, ასე, გული მიგრძნობდა, რომ ამას იტყოდით... როდესაც გადარეულზე ვლაპარაკობდი. იცი­ნეთ, იცინეთ, ახალგაზრდავ! მეც ასევე ვყვაოდი თავის დროზე, მეც ასე ვაცდუნებდი. ოჰ! საცაა ტვინის ანთება დამემართება!

– ეს რა არის, საყვარელო, თითქოს ჩვენთან ვიღაც აცემინებს? - წაიმღერა მოხუცმა, - შენ დააცემინე, სულიკო?

– ოჰ, ღმერთო ჩემო! - ჩაილაპარაკა ცოლმა.

– ჩუ-უ! - გაისმა საწოლქვეშ.

– ალბათ ზემოთ აკაკუნებენ, - დაამატა შეშინებულმა ცოლმა, რადგან საწოლქვეშ ხმაურმა მართლაც იმატა.

– ჰო, ზემოთ! - თქვა ქმარმა, - ზემოთ! გეუბნებოდი, ფრანტიც - ქხი, ქხი! ულვაშიანი ფრანტიც - ქხი, ქხი! ოჰ, ღმერთო ჩემო, - ზურგი!.. ახლახან ულვაშიან ფრანტს შევხვდი-მეთქი!

– ულვაშიანს! ღმერთო ჩემო, ეს, ალბათ, თქვენ ხართ, - ჩაიჩურჩულა ივან ანდრეევიჩმა.

– ღმერთო ჩემო, ეს რა ადამიანია! მე ხომ აქ ვარ, თქვენთან ერთად ვწევარ! აბა, როგორ შემხვდებოდა? ნუ მკიდებთ ხელს სახეზე!

– ღმერთო, ახლა გული წამივა.

ამ დროს ზემოთ მართლა გაისმა ხმაური.

– ნეტავ რა მოხდა? - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა.

– მოწყალეო ხელმწიფევ! მეშინია, შეძრწუნებული ვარ. დამეხმარეთ.

– ჩუ-უ!

– მართალი ხარ, ჩემო კარგო, ხმაურობენ; რა გნიასი აუტეხავთ. თანაც შენი საძინებლის თავზე. ვინმე ხომ არ გავგზავნოთ საკითხავად.

– აჰა! რას არ მოიფიქრებ ხოლმე!

– კარგი, არ ვიზამ; შენ კი დღეს რაღაც გაბრაზებული მეჩვენები!..

– ოჰ, ღმერთო ჩემო! აჯობებს, დასაძინებლად წახვიდეთ.

– ლიზა! შენ მე სულ არ გიყვარვარ.

– აჰ, მიყვარხარ! ღვთის გულისთვის, ძალიან დავიღალე.

– კარგი, კარგი! წავალ.

– აჰ, არა, არა! არ წახვიდეთ, - შესძახა ცოლმა, - თუმცა არა, წადით, წადით!

– რა მოგდით მართლა და მართლა! ხან - წადითო, ხან - არ წახვიდეთო! ქხი, ქხი! თუმცა ძილი... ქხი, ქხი! პანაფიდინების გოგონას... ქხი, ქხი! გოგონას... ქხი! ნიურნბერგული თოჯინა დავუნახე გოგონას, ქხი, ქხი...

– აჰა, ახლა თოჯინების ჯერი დადგა!

– ქხი, ქხი! კარგი თოჯინაა, ქხი, ქხი!

– ემშვიდობება, - ჩაილაპარაკა ახალგაზრდა კაცმა, - მიდის, ჩვენც მაშინვე წავალთ. გესმით? გიხაროდეთ!

– ოჰ, ღმერთმა ქნას! ღმერთმა ქნას!

– ეს თქვენთვის გაკვეთილი იქნება...

– ახალგაზრდავ! რისთვის იქნება გაკვეთილი? მე ამას ვგრძნობ... მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ხართ; თქვენგან გაკვეთილს ვერ მივიღებ.

– მე კი მაინც მოგცემთ. ყური დაუგდეთ.

– ღმერთო! დაცემინება მინდა!..

– ჩუ-უ! აბა, გაბედეთ!

– აბა, რა ვქნა? აქ თაგვების სუნია; არ შემიძლია; ღვთის გულისთვის, ჩემი ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღეთ; მე ვერ ვინძრევი... ო-ო, ღმერთო, ღმერთო! რატომ ვისჯები ასე?

– აჰა, თქვენ, ცხვირსახოცი! ახლავე გეტყვით, რატომაც ისჯებით. ეჭვიანი ხართ. ღმერთმა იცის, რის საფუძველზე, თავქუდმოგლეჯილი დარბიხართ, სხვის საცხოვრებელში იჭრებით, არეულ-დარეულობა შეგაქვთ...

– ახალგაზრდავ! მე არაფერი ამირევია.

– გაჩუმდით!

– ახალგაზრდავ, ზნეობას ვერ მასწავლით: თქვენზე ზნეობრივი ვარ.

– გაჩუმდით!

– ოჰ, ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!

– ყველაფერს ურევთ, აშინებთ ახალგაზრდა ქალბატონს, მორიდებულ ქალს, რომელმაც არ იცის, შიშისგან სად გაიქცეს, იქნებ ავად გახდეს კიდეც; აწუხებთ დარბაისელ, ჰემოროით გატანჯულ მოხუცს, რომელსაც ყველაზე მეტად სიმშვიდე სჭირდება, – და ეს ყველაფერი რისი გულისთვის? იმიტომ, რომ რაღაც სისულელე წარმოიდგინეთ და ამის გამო ყველა კუთხე-კუნჭულში დარბიხართ! ნუთუ არ გესმით, როგორ საშინელ მდგომარეობაში ხართ? გრძნობთ თუ არა?

– მოწყალეო ხელმწიფევ, საკმარისია! მე იმას ვგრძნობ, რომ თქვენ უფლება არ გაქვთ...

– გაჩუმდით! რომელ უფლებაზე მელაპარაკებით? ხვდებით თუ არა, რომ ეს შესაძლოა, ტრაგიკულად დასრულდეს? ხვდებით თუ არა, რომ მოხუცი, რომელსაც ცოლი უყვარს, შესაძლოა, ჭკუაზე შეიშალოს, როდესაც დაინახავს, როგორ გამოდიხართ საწოლქვეშიდან? მაგრამ არა, თქვენ ტრაგიზმის გამოწვევის უნარი არ გაგაჩნიათ! ვფიქრობ, როდესაც გამოძვრებით, ყველას, ვინც კი თვალს მოგკრავთ, სიცილი აუტყდება. ვისურვებდი, სანთლების შუქზე მენახეთ; ძალიან სასაცილო იქნებით.

– და თქვენ? ასეთ შემთხვევაში, თქვენც სასაცილო იქნებით! მეც სიამოვნებით შეგხედავდით.

– თქვენ ამდენს ვერ მოახერხებთ!

– თქვენ კი, ალბათ, უზნეობის დაღი გაზით, ახალგაზრდავ!

– აჰა! ზნეობაზე თქვენ მელაპარაკებით! რა იცით, აქ რატომ ვარ? აქ შეცდომით აღმოვჩნდი; სართული შემეშალა. და ეშმაკმა იცის, რატომ შემომიშვეს! როგორც ჩანს, ეს ქალი მართლა ელოდა ვიღაცას (ცხადია, თქვენ არა).

როდესაც თქვენი სულელური ნაბიჯების ხმა მომესმა, როდესაც დავინახე, როგორ შეეშინდა ქალბატონს, საწოლქვეშ დავიმალე. თანაც უკვე ბნელოდა. თუმცა რა მჭირს თქვენთან თავის გასამართლებელი? თქვენ, ჩემო ბატონო, სასაცილო, ეჭვიანი ბერიკაცი ხართ.

თუ იცით, რატომ არ გამოვდივარ? იქნებ ფიქრობთ, რომ მეშინია? არა, ბატონო, დიდი ხნის წინ გავიდოდი, მაგრამ მხოლოდ თქვენდამი თანაგრძნობის გამო დავრჩი. აბა, რა გეშველებათ უჩემოდ? თქვენ ხომ გამოშტერებული იდგებით მათ წინაშე, ვერ მოახერხებთ...

– არა, რატომ გამოშტერებული? რატომ მაინცდამაინც შტერი? ნუთუ არ შეგეძლოთ, შესადარებლად სხვა სიტყვა გეხმარათ, ახალგაზრდავ? თანაც, რატომ ვერ მოვახერხებ? დიახაც, მოვახერხებ.

– ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორ ყეფს ეს ძაღლი!

– ჩუ-უ! აჰ, მართლა... ეს იმიტომ, რომ ბევრს ყბედობთ. ხომ ხედავთ, ძაღლი გააღვიძეთ. ახლა ცუდადაა ჩვენი საქმე.

მართლაც, დიასახლისის ძაღლმა, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში კუთხეში ეძინა ბალიშზე, მოულოდნელად გაიღვიძა, უცხოები დაყნოსა და ყეფით შევარდა საწოლქვეშ.

– ოჰ, ღმერთო ჩემო! რა სულელი ძაღლია! - წაიჩურჩულა ივან ანდრეევიჩმა, - ყველას გაგვცემს. ყველას გვამხელს. ეს რა სასჯელია!

– ami, ami, აქ მოდი! - დაიძახა დიასახლისმა, - ici, ici

მაგრამ ძაღლი არ უჯერებდა და პირდაპირ ივან ანდრეევიჩისკენ მიიწევდა.

– ნეტავ რატომ ყეფს ამიშკა, საყვარელო? - ჩაილაპარაკა მოხუცმა, - იქ, ალბათ, თაგვებია, ან კატა ვასკა ზის. იმიტომაც მესმოდა, რომ ვიღაც სულ აცემინებდა და აცემინებდა... არადა, დღეს ხომ ვასკას სურდო სჭირდა.

– წყნარად იწექით! - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა, - ნუ წრიალებთ! იქნებ თავი დაგვანებოს.

– მოწყალეო ხელმწიფევ, მოწყალეო ხელმწიფევ! ხელი გამიშვით! რატომ მიკავებთ?

– ჩუ-უ! გაჩუმდით!

– მაგრამ მომიტევეთ, ახალგაზრდავ: ის მე ცხვირზე მკბენს! გინდათ, რომ უცხვიროდ დავრჩე?

მცირედი ორთაბრძოლის შემდეგ ივან ანდრეევიჩმა ხელები გაითავისუფლა. ძაღლი გაუთავებლად ყეფდა; უეცრად მან ყეფა შეწყვიტა და აწკმუტუნდა.

– ვაიმე! - შესძახა ქალმა.

– მტარვალო! რას აკეთებთ? - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა, - ორივეს დაგვღუპავთ! რატომ დაიჭირეთ? ღმერთო ჩემო, ახრჩობს! ნუ ახრჩობთ, გაუშვით! მტარვალო! თუმცა თქვენ ხომ ქალის გულს არ იცნობთ! თუ ძაღლს დაახრჩობთ, ქალი ორივეს გაგვცემს.

მაგრამ ივან ანდრეევიჩს უკვე არაფერი ესმოდა. მან ძაღლის დაჭერა მოახერხა და, თავის გადარჩენის სურვილით შეპყრობილმა, ხელები ყელზე მოუჭირა. ძაღლმა დაიწკმუტუნა და სული განუტევა.

– დავიღუპეთ! - წაიჩურჩულა ახალგაზრდა კაცმა.

– ამიშკა! ამიშკა! - შესძახა ქალმა, - ღმერთო ჩემო, რას უშვრებიან ჩემს ამიშკას? ამიშკა! ამიშკა! ici! ici! ოჰ, მტარვალებო! ბარბაროსებო! ღმერთო ჩემო, ცუდად ვარ!

– რა მოხდა? რა მოხდა? - იყვირა მოხუცმა და სავარძლიდან წამოხტა, - რა დაგემართა, ჩემო კარგო? ამიშკა, აქეთ! ამიშკა, ამიშკა, ამიშკა! - ყვიროდა მოხუცი, თითებს ატკაცუნებდა, პირს აწკლაპუნებდა და ამიშკას საწოლქვეშიდან გამოხმობას ცდილობდა, - ამიშკა! ici! ici! შეუძლებელია, რომ იქ ვასკას შეეჭამა. უნდა გავწკეპლო ვასკა, ჩემო მეგობარო; ეგ ეშმაკი მთელი თვე არ გაუწკეპლავთ. როგორ ფიქრობთ? ხვალ პრასკოვია ზახარიევნას დაველაპარაკები. მაგრამ, ღმერთო ჩემო, რა გემართება, მეგობარო? როგორ გაფითრდი, ოჰ! ოჰ! ხალხო! ხალხო!

მოხუცი ოთახში აფუსფუსდა.

– არამზადებო! მტარვალებო! - ყვიროდა ქალი და დივანზე გორავდა.

– ვინ? ვინ? ვინ არის? - ყვიროდა მოხუცი.

– იქ ვიღაცები არიან, უცხოები!.. იქ, საწოლქვეშ! ოჰ, ღმერთო ჩემო! ამიშკა! ამიშკა! რა გაგიკეთეს?

– ოჰ, ღმერთო ჩემო! რა ხალხია! ამიშკა... არა, ხალხო, ხალხო, აქეთ! ვინ არის? ვინ არის იქ? - დაიძახა მოხუცმა, სანთელს ხელი სტაცა და საწოლთან დაიხარა, - ვინ არის? ხალხო, ხალხო!..

ივან ანდრეევიჩი ცოცხალ-მკვდარი იწვა ამიშკას უსულო გვამის გვერდით. მაგრამ ახალგაზრდა კაცი მოხუცის ყველა მოძრაობას იჭერდა. უეცრად მოხუცმა მეორე მხრიდან მოუარა, კედელთან მივიდა და დაიხარა. იმწამსვე ახალგაზრდა კაცი საწოლიდან გამოძვრა და, სანამ ქმარი თავის სტუმრებს საქორწინო სარეცლის მეორე მხარეს ეძებდა, კარისკენ გავარდა.

– ღმერთო! - ჩაიჩურჩულა ქალმა, როდესაც ახალგაზრდა კაცს შეხედა, - თქვენ ვინ ხართ? მე მეგონა...

– ის მტარვალი იქ დარჩა, - ჩურჩულითვე მიუგო ახალგაზრდა კაცმა, - ის არის დამნაშავე ამიშკას სიკვდილში!

– ვაიმე! - შეჰყვირა ქალმა.

მაგრამ ახალგაზრდა კაცი უკვე გამქრალიყო ოთახიდან.

– ვაი! აქ ვიღაცაა. აქ ვიღაცის ჩექმაა! - შესძახა ქმარმა და ივან ანდრეევიჩს ფეხში სწვდა.

– მკვლელო! მკვლელო! - ყვიროდა ქალი, - ოჰ, ამი, ამი!

– გამოძვერით, გამოძვერით! - ყვიროდა მოხუცი და ფეხებს ნოხზე აბაკუნებდა, - გამოძვერით; ვინ ხართ? თქვით, ვინ ხართ? ღმერთო! რა უცნაური ადამიანია!

– ყაჩაღები არიან!..

– ღვთის გულისთვის, ღვთის გულისთვის! - იძახდა ივან ანდრეევიჩი, თან საწოლქვეშიდან მიძვრებოდა, - ღვთის გულისთვის, თქვენო აღმატებულებავ, ხალხს არ დაუძახოთ! თქვენო აღმატებულებავ, ხალხს არ დაუძახოთ! ეს სრულიად ზედმეტია. თქვენ მე არ გამაგდებთ!.. მე ასეთი ადამიანი არ ვარ! მე თვითონ... თქვენო აღმატებულებავ, ეს შეცდომით მოხდა! ახლავე აგიხსნით, თქვენო აღმატებულებავ, - განაგრძობდა ივან ანდრეევიჩი ქვითინითა და სლუკუნით, - ეს სულ ცოლის ბრალია, ანუ ჩემი კი არა, სხვისი ცოლის, - მე უცოლო ვარ, ისე კი... ის ჩემი მეგობარი და ბავშვობის ამხანაგია...

– რომელი ბავშვობის ამხანაგი! - შესძახა მოხუცმა და ფეხები ააბაკუნა, - თქვენ ქურდი ხართ, აქ საქურდლად მოხვედით... და არა ბავშვობის ამხანაგი...

– არა, ქურდი არა, თქვენო აღმატებულებავ; მართლა ბავშვობის ამხანაგი ვარ... მხოლოდ

შემთხვევით შევცდი, სხვა შესასვლელიდან მოვხვდი.

– დიახ, ვხედავ, ბატონო, რომელი შესასვლელიდან გამოძვერით.

– თქვენო აღმატებულებავ! მე ასეთი კაცი არ გახლავართ. ცდებით. გეუბნებით, რომ სასტიკად ცდებით, თქვენო აღმატებულებავ. შემომხედეთ, დამაკვირდით და ზოგიერთი ნიშან-თვისების მიხედვით მიხვდებით, რომ შეუძლებელია, ქურდი ვიყო. თქვენო აღმატებულებავ! თქვენო აღმატებულებავ! - ყვიროდა ივან ანდრეევიჩი, შემდეგ ხელები ერთმანეთს გადააჭდო და ახალგაზრდა ქალბატონს მიუბრუნდა, - თქვენ ქალი ხართ, გამიგებთ... ეს, მე მოვკალი ამიშკა... მაგრამ დამნაშავე არ ვარ, ღმერთმანი, არ ვარ... ამაში სულ ცოლია დამნაშავე. მე უბედური ადამიანი ვარ, სიმწრის ფიალას ვსვამ!

– მომიტევეთ, მაგრამ რა ჩემი საქმეა, თუ სიმწრის ფიალა შესვით; შესაძლოა, არაერთი ფიალა შესვით, - თქვენი მდგომარეობის მიხედვით, ეს ისედაც კარგად ჩანს, მაგრამ აქ როგორ შემოხვედით, მოწყალეო ხელმწიფევ? - შესძახა აღელვებისგან აკანკალებულმა მოხუცმა, თუმცა ზოგიერთი ნიშან-თვისების მიხედვით დარწმუნდა, რომ ივან ანდრეევიჩი ქურდი ვერ იქნებოდა, - გეკითხებით: აქ როგორ შემოხვედით? თქვენ, როგორც ყაჩაღი...

– ყაჩაღი არ ვარ, თქვენო აღმატებულებავ. მე მხოლოდ სხვა სადარბაზოდან ვარ; ყაჩაღი მართლა არ ვარ! ეს იმიტომ მოხდა, რომ ეჭვიანი გახლავართ. ყველაფერს მოგიყვებით, თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად მოგიყვებით, როგორც ღვიძლ მამას, რადგან ისეთ ასაკში ხართ, რომ მამად მეკუთვნით.

– როგორ თუ ისეთ ასაკში?

– თქვენო აღმატებულებავ! იქნებ შეურაცხყოფა მოგაყენეთ? კაცმა რომ თქვას, ასეთი ახალგაზრდა ქალბატონი... და თქვენი ასაკი... სასიამოვნო სანახავია, თქვენო აღმატებულებავ, მართლა სასიამოვნო სანახავია ასეთი ცოლ-ქმრობა... ძალ-ღონის გაფურჩქვნის ხანაში... ოღონდ ხალხს არ დაუძახოთ... ღვთის გულისთვის, ხალხს არ დაუძახოთ... ხალხი მხოლოდ სიცილს ატეხს... კარგად ვიცნობ მათ... ანუ, იმის თქმა კი არ მინდა, რომ მხოლოდ ლაქიებს ვიცნობ, - ლაქიები მეც მყავს, თქვენო აღმატებულებავ, და სულ იცინიან... ვირები! თქვენო ბრწყინვალებავ... ვგონებ, არ ვცდები, მე ხომ თავადს ველაპარაკები...

– არა, თავადს არა, მე, მოწყალეო ხელმწიფევ, რაცა ვარ, ეგა ვარ... თუ შეიძლება, თქვენო ბრწყინვალებათი ჩემს მომადლიერებას ნუ ცდილობთ. აქ როგორ მოხვდით, მოწყალეო ხელმწიფევ? როგორ მოხვდით?

– თქვენო ბრწყინვალებავ, ანუ თქვენო აღმატებულებავ... მომიტევეთ, ვიფიქრე, რომ თქვენო ბრწყინვალებავ იყავით. მე მიმოვიხედე... ავწონ-დავწონე - ეს ხდება ხოლმე. თქვენ ისე ჰგავხართ თავად კოროტკოუხოვს - პატივი მერგო, იგი ჩემს ნაცნობთან, ბატონ პუზირევთან მენახა... ხომ ხედავთ, მეც ვიცნობ თავადებს, მინახავს კიდეც ისინი ჩემს ნაცნობთან: არ უნდა მიმიჩნიოთ იმ ადამიანად, ვინც გგონივართ. ქურდი არ ვარ. თქვენო აღმატებულებავ, ხალხს ნუ დაუძახებთ; ვთქვათ, დაუძახეთ ხალხს, მერე რა?

– მაგრამ აქ როგორ მოხვდით? - შეჰყვირა ქალმა, - ვინ ხართ?

– ჰო, ვინ ხართ? - აიტაცა ქმარმა, - მე კი, სულიკო, მეგონა, რომ ვასკა იჯდა საწოლქვეშ და აცემინებდა. არადა, ეს არ ყოფილა! ოი, შე გარყვნილო, გათახსირებულო!.. ვინ ხართ? მიდი, თქვით!

მოხუცმა კვლავ ააბაკუნა ფეხები ხალიჩაზე.

– არ შემიძლია ლაპარაკი, თქვენო აღმატებულებავ. ველოდები, როდის დაასრულებთ... თქვენს მახვილგონივრულ ხუმრობას ვუსმენ. მე რაც შემეხება, ეს სასაცილო ამბავია, თქვენო აღმატებულებავ. ყველაფერს მოგიყვებით. ამის ახსნა უიმისოდაც შეიძლება, ანუ მინდა გითხრათ, რომ ხალხს ნუ დაუძახებთ, თქვენო აღმატებულებავ! კეთილშობილურად მომექეცით... ეგ არაფერია, რომ საწოლქვეშ ვიყავი... ამით ბევრი არაფერი დამიკარგავს. ეს ყველაზე კომიკური ამბავია, თქვენო აღმატებულებავ! - შესძახა ივან ანდრეევიჩმა და ვედრებით მიმართა ქალს, - განსაკუთრებით თქვენ გაგეცინებათ, თქვენო აღმატებულებავ! სცენაზე თქვენ ეჭვიან ქმარს ხედავთ. ხედავთ, რომ თავს ვიმცირებ, ნებაყოფლობით ვიმცირებ. ამიშკა, რა თქმა უნდა, მე მოვკალი, მაგრამ... ღმერთო ჩემო, არ ვიცი, რას ვამბობ!

– აქ როგორ შემოხვედით, როგორ?

– ღამის სიბნელით ვისარგებლე, თქვენო აღმატებულებავ, ამ სიბნელით ვისარგებლე... დამნაშავე ვარ! მაპატიეთ, თქვენო აღმატებულებავ! თავმდაბლად გთხოვთ პატიებას! მე მხოლოდ შეურაცხყოფილი ქმარი ვარ, მეტი არაფერი! არ იფიქროთ, თქვენო აღმატებულებავ, რომ საყვარელი ვიყო: საყვარელი არ ვარ! გავბედავ და ვიტყვი, რომ თქვენი მეუღლე მაღალი ზნეობის ადამიანია. იგი სუფთაა და უბიწო!

– რაო? რაო? რასაა, რომ ბედავთ? - იყვირა მოხუცმა და კვლავ ფეხები ააბაკუნა, - ჭკუაზე ხომ არ შეიშალეთ? როგორ ბედავთ ჩემი ცოლის შესახებ ასე ლაპარაკს?

– ის ბოროტმოქმედია, მკვლელია, რომელმაც ამიშკა მოკლა! - შესძახა ქალმა და აქვითინდა, - და კიდევ ბედავს...

– თქვენო აღმატებულებავ, თქვენო აღმატებულებავ! მე მხოლოდ ტყუილებში შევტოპე, - წამოიძახა დაბნეულმა ივან ანდრეევიჩმა, - ტყუილებში შევტოპე, მეტი არაფერი! ჩათვალეთ, რომ სრულ ჭკუაზე არ ვარ... ღვთის გულისთვის, ჩათვალეთ, რომ სრულ ჭკუაზე არ ვარ... პატიოსნებას გეფიცებით, ამით დიდად დამავალებთ. ხელს ჩამოგართმევდით, მაგრამ გამოწვდენას ვერ ვბედავ... მე მარტო არ ვყოფილვარ, ბიძა ვარ... ანუ, იმის თქმა მსურს, რომ შეუძლებელია, საყვარელი გეგონოთ... ღმერთო! კვლავ ტყუილებში ვტოპავ...

არ გამინაწყენდეთ, თქვენო აღმატებულებავ, - ივან ანდრეევიჩი ახლა ქალს მიუბრუნდა, - თქვენ ქალი ხართ, გესმით, რა არის სიყვარული, - ეს ფაქიზი გრძნობაა... მაგრამ რას ვლაპარაკობ? კვლავ ტყუილებში შევტოპე! ანუ იმის თქმა მინდა, რომ მოხუცი ვარ, ანუ მოხუცი კი არა, ხანდაზმული, - რომ თქვენი საყვარელი ვერ ვიქნები, რომ საყვარელი რიჩარდსონი, ანუ ლოველასია... ტყუილებში შევტოპე; მაგრამ ხომ ხედავთ, თქვენო აღმატებულებავ, რომ განათლებული კაცი ვარ და ლიტერატურასაც ვიცნობ. თქვენ გეცინებათ, თქვენო აღმატებულებავ! მიხარია, მიხარია, რომ თქვენი სიცილი გამოვიწვიე, თქვენო აღმატებულებავ. ოჰ, როგორ მიხარია, რომ გაგაცინეთ!

– ღმერთო ჩემო! რა სასაცილო ადამიანია! - შესძახა ქალმა და ახარხარდა.

– ჰო, სასაცილო და ძალზე დასვრილი, - თქვა მოხუცმა, გახარებულმა, რომ ცოლს გაეცინა, - სულიკო, შეუძლებელია, ის ქურდი იყოს. მაგრამ აქ როგორ შემოვიდა?

– მართლა უცნაურია! მართლა უცნაურია, თქვენო აღმატებულებავ, რომანს ჰგავს! როგორ? უკუნ ღამეს, დედაქალაქში, ადამიანი საწოლქვეშ? სასაცილოა, უცნაურია! ერთგვარი რინალდო რინალდინია. მაგრამ ეს არაფერია, არაფერია, თქვენო აღმატებულებავ. ყველაფერს მოგიყვებით... თქვენ კი, თქვენო აღმატებულებავ, ახალ ფინიას მოგიყვანთ... საოცარი ფინიაა! გრძელი ბეწვი აქვს, მოკლე ფეხები, ორი ნაბიჯის გავლაც არ შეუძლია: გაიქცევა, საკუთარ ბეწვებში აიბლანდება და ძირს ეცემა. მხოლოდ შაქარი უნდა აჭამოთ. მოგიყვანთ, თქვენო აღმატებულებავ, აუცილებლად მოგიყვანთ.

– ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - ქალი სიცილისგან დივანზე აქეთ-იქით აწყდებოდა, - ღმერთო ჩემო, ისტერიკა დამემართება! ოჰ, რა სასაცილოა!

– ჰო, ჰო! ჰა, ჰა, ჰა! ქხი, ქხი, ქხი! როგორი სასაცილო და დასვრილია, ქხი, ქხი, ქხი!

– თქვენო აღმატებულებავ, თქვენო აღმატებულებავ, ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ! ხელს გამოგიწვდიდით, მაგრამ ვერ ვბედავ, თქვენო აღმატებულებავ, ვგრძნობ, რომ ვცდებოდი, მაგრამ ახლა თვალები მეხილება. მჯერა, რომ ჩემი ცოლი სუფთა და უდანაშაულოა! ტყუილად ვეჭვიანობდი.

– ცოლი, მისი ცოლი! - შესძახა ქალმა, რომელსაც სიცილისგან თვალები ცრემლებით ავსებოდა.

– ცოლიანი ყოფილა! ნუთუ? ვერასოდეს ვიფიქრებდი! - მხარი აუბა მოხუცმა.

– თქვენო აღმატებულებავ, ცოლი - ის არის ყველაფერში დამნაშავე, ანუ, ეს მე ვარ დამნაშავე, მე ვეჭვიანობდი მასზე, ვიცოდი, რომ აქ პაემანი იყო დანიშნული, - აქ, ზემოთ, წერილი ჩამივარდა ხელში, სართული შემეშალა და საწოლქვეშ ვიწექი...

– ჰე, ჰე, ჰე, ჰე!

– ჰა, ჰა, ჰა, ჰა!

– ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - გადაიხარხარა, როგორც იქნა, ივან ანდრეევიჩმა, - ოჰ, რა ბედნიერი ვარ! ოჰ, რა სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ყველა მეთანხმება და ბედნიერია! ჩემი ცოლი კი სრულიად უდანაშაულოა! ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ! ხომ უეჭველად ასეა, თქვენო აღმატებულებავ?

– ჰა, ჰა, ჰა! ქხი, ქხი! იცი, სულიკო, ეს ვინ არის? - კვლავ ალაპარაკდა მოხუცი, როდესაც სიცილი შეწყვიტა.

– ვინ? ჰა, ჰა, ჰა! ვინ?

– ეს ის ლამაზი ქალია, კეკლუცი, ფრანტთან რომ იყო. ის არის! დაგენაძლევები, რომ ამის ცოლია!

– არა, თქვენო აღმატებულებავ, დარწმუნებული ვარ, რომ ის არ არის; სრულიად დარწმუნებული ვარ.

– მაგრამ, ღმერთო ჩემო! თქვენ დროს კარგავთ, - შესძახა ქალმა და სიცილი შეწყვიტა, - გაიქეცით, ზევით ადით. შესაძლოა, მიუსწროთ...

– მართლა, თქვენო აღმატებულებავ, გავფრინდები. მაგრამ იქ ვერავის წავადგები თავს; ეს ის არ არის, წინასწარ ვიცი. ის ახლა შინაა! მე კი აქ ვარ! მე მხოლოდ ეჭვიანი ვარ და უფრო მეტად... როგორ ფიქრობთ, ნუთუ იქ მათ თავს წავადგები, თქვენო აღმატებულებავ?

– ჰა, ჰა, ჰა!

– ჰი, ჰი, ჰი! ქხი, ქხი!

– წადით, წადით! და როცა გამობრუნდებით, შემოგვიარეთ და მოგვიყევით, - შესძახა ქალმა, - თუმცა არა: ხვალ დილით აჯობებს, ისიც მოიყვანეთ: მინდა, რომ გავიცნო.

– მშვიდობით, თქვენო აღმატებულებავ, მშვიდობით! აუცილებლად მოვიყვან; ძალზე მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. ბედნიერი და გახარებული ვარ, ყველაფერი ასე მოულოდნელად და კარგად რომ დასრულდა.

– და ფინიაც! არ დაგავიწყდეთ: პირველ რიგში ფინია მოიყვანეთ!

– მოვიყვან, თქვენო აღმატებულებავ, აუცილებლად მოვიყვან, - აიტაცა ივან ანდრეევიჩმა, კვლავ შევარდა ოთახში, რადგან უკვე დამშვიდობებოდა და გასულიყო, - აუცილებლად მოვიყვან. რომ იცოდეთ, რა კარგია! თითქოს კონდიტერს კანფეტებისგან გაუკეთებიაო, თანაც, როდესაც მიდის, საკუთარ ბეწვებში ფეხები ებლანდება და ეცემა. მართლა ასეთია! ვუთხარი კიდეც ცოლს: “ჩემო კარგო, ნეტავ სულ რატომ ეცემა-მეთქი?” “ჰო, ძალიან საყვარელიაო!” - მიპასუხა. შაქრისგან, თქვენო აღმატებულებავ, ღმერთმანი, შაქრისგანაა გაკეთებული! მშვიდობით, თქვენო აღმატებულებავ, ძალიან, ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით, ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით!

ივან ანდრეევიჩი ცოლ-ქმარს გამოეთხოვა და გავიდა.

– ეი, თქვენ! მოწყალეო ხელმწიფევ! მოიცადეთ, დაბრუნდით! - გასძახა მოხუცმა მიმავალ ივან ანდრეევიჩს.

ივან ანდრეევიჩი მესამეჯერ დაბრუნდა.

– კატა ვასკას ვერსად მივაგენი. ხომ არ შეგხვედრიათ, როდესაც საწოლქვეშ იჯექით?

– არა, არ შემხვედრია, თქვენო აღმატებულებავ; თუმცა, ძალიან მიხარია, რომ გამაცანით. და ჩემთვის დიდი პატივი იქნება...

– მას ახლა სურდო სჭირს და სულ აცემინებს, სულ აცემინებს! უნდა გაიწკეპლოს!

– დიახ, თქვენო აღმატებულებავ, რა თქმა უნდა; შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას გამასწორებელი სასჯელი აუცილებელია.

– რა?

– ვამბობ, რომ შინაური ცხოველების მორჩილებაში ყოლისთვის, თქვენო აღმატებულებავ, გამასწორებელი სასჯელი აუცილებელია.

– აჰა!.. აბა, ღმერთი შეგეწიოთ, ღმერთი შეგეწიოთ, მეტი რა გითხრათ.

ქუჩაში გასული ივან ანდრეევიჩი დიდხანს იდგა ერთ ადგილას, თითქოს ელოდებოდა, რომ გულის შეტევა დაემართებოდა. მან ქუდი მოიხადა, შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა, თვალები დახუჭა, რაღაც გაიფიქრა და შინისკენ გაემართა.

წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც სახლში შეიტყო, რომ გლაფირა პეტროვნა თეატრიდან დიდი ხნის წინ დაბრუნებულიყო, კბილები ასტკივებოდა, მსახური ექიმთან გაეგზავნა, როგორც აგზავნიდა ბიჭს წურბლებისთვის, ახლა კი ლოგინში იწვა და ივან ანდრეევიჩს ელოდებოდა.

ივან ანდრეევიჩმა ჯერ შუბლში იტკიცა ხელი, შემდეგ ბრძანა, რომ დაბანასა და ტანსაცმლის გაწმენდაში დახმარებოდნენ, ბოლოს კი გაბედა და საძინებელში შევიდა.

– სად ატარებთ დროს? შეხედეთ, რას ჰგავხართ. სახეზე ფერი არ გადევთ! სად დაიკარგეთ?

მომიტევეთ, ბატონო: ცოლი გიკვდებათ, თქვენ კი მთელ ქალაქში ვერ გპოულობენ. სად იყავით? კვლავ ჩემს გამოჭერასა და იმ პაემნის ჩაშლას ხომ არ ცდილობდით, რომელიც არც კი ვიცი, ვის დავუნიშნე? სირცხვილია, ბატონო, რანაირი ქმარი ხართ! მალე თითით საჩვენებელი გახდებით!

– ჩემო კარგო! - მიუგო ივან ანდრეევიჩმა.

მაგრამ მაშინვე ისეთი შეცბუნება იგრძნო, რომ იძულებული გახდა, ჯიბეში ჩაეყო ხელი ცხვირსახოცის ამოსაღებად, ვინაიდან არც სიტყვები ჰყოფნიდა, არც აზრი, არც გამბედაობა...

წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდა, როგორი შიში და ძრწოლა იგრძნო, როდესაც ცხვირსახოცთან ერთად ჯიბიდან ამიშკას ცხედარი ამოუვარდა! ივან ანდრეევიჩს ვერც კი შეემჩნია, რომ უკიდურესად სასოწარკვეთილს, საწოლქვეშიდან იძულებით გამოძრომისას, შეუცნობელი შიშისგან ამიშკა ჯიბეში ჩაეტენა საკუთარი დანაშაულის კვალის წაშლის, მტკიცებულების დამალვისა და დამსახურებული სასჯელის თავიდან აცილების იმედით.

– ეს რა არის? - შესძახა ცოლმა, - მკვდარი გოშია! ღმერთო ჩემო! საიდან... რა ჩაიდინეთ?.. სად იყავით? ახლავე მითხარით, სად იყავით?

– ჩემო კარგო! - მიუგო ივან ანდრეევიჩმა და ამიშკაზე მეტად გაშეშდა, - სულიკო...

მაგრამ აქ ჩვენს გმირს თავს დავანებებთ, - სხვა დრომდე, რადგან ამ ადგილიდან სრულიად

განსაკუთრებული და ახალი თავგადასავალი იწყება. ოდესმე დავასრულებთ თხრობას, ბატონებო, ყველა ამ უბედურებისა და ბედის უკუღმართობის შესახებ. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ეჭვიანობა - უპატიებელი ცოდვაა, უფრო მეტიც: უბედურებაც კი!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ