მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12082 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პროფესორ მიხეილ ასათიანს, რომლის ნაამბობმა დამაწერინა ეს მოთხრობა. 

ავტორი. 

 

- სიდონი, შვილო სიდონი! - დასჩურჩულებს სიბნელეში მართა საწოლზე გაშოტილ თავის ერთას. - გესმის, შვილო? 

- რა გინდა, რა გაყვირებს?! - წყრომით ჰკივის პასუხი. 

- ადე, შვილო, სტუმარი მოგვივიდა. 

- სტუმარი? - შეალბილა სიდონიამ - ვინ არის? 

- პროფესორია, შვილო, პროფესორი ფრიდონ დორაშვილი. 

- მართლა?! ეხლავე გამოვალ. 

და ელექტრონის ჭაღმა უცბად გაანათა თეთრად მორთული საწოლი ოთახი: თეთრი კედლები, ორი თეთრი ლოგინი, თეთრივე მარმარილოს მაგიდა და ახალგაზრდა ქალი - ისიც თეთრ-კაბიანი და თვითონაც იმ სათამაშო კურდღელივით თეთრი, რომელიც მკერდზე აქვს მიხუტული. 

თეთრმა ძაღლმა - პატარა შპიცმა - თეთრი ზეწრიდან დედოფალას მსგავსი თავი ამოჰყო და, ტალანიდან უცხოს ხმა რომ გაიგო, ისკუპა და კაპასი წკავწკავით მეორე ოთახში გავარდა, თანაც გრძელი და აბურძვნილი ბალანი რხევით და პენტვით გაიტანა. 

ბალიშზე მოხვეულმა კატამ, ისევ თეთრმა და გრძელ-ბეწვიანმა, წელი მოირკალა, თათით ცხვირი მოიწმინდა. მერმე იმანაც ისკუპა და ვეფხური ნაბიჯით შპიცს გაჰყვა. მართაც გავიდა და კარი გაიხურა. 

სიდონია კი სატუალეტო მაგიდას მიუჯდა და ისე დააშტერდა სარკეს, თითქოს იქ, იმ სარკის უკან, უცნობი ქალი იჯდაო. ძლივსღა იცნო თავისი თავი. სიდონია ისედაც ფერმკრთალი იყო, ეხლა კი... 

დღეს კი მართლა იმ კურდღელს დაჰმსგავსებია, რომელიც ისევ მკერდზე აქვს მისვენებული. ლოყებიც ისე ჩაუცვივდა, როგორც ჯუანშერს ჰქონდა ჩაცვივნული - ჯუანს, ჯანს, ჯონს, ჯანშეს, თავის შვილს, ოთხი წლის ბიჭიკოს, ფუნთუშას და ფუნჩულას, რომელიც დღეს დამარხეს... ასე ამბობენ, დამარხეს... სხვები ამბობენ, თორემ... ნამდვილად... 

ჯუანშერი ხშირად ჩაუჯდებოდა დედას კალთაში, იღლიაში იმ თეთრ კურდღელს ამოიდებდა, ეხლა რომ სიდონიას ჩაუხუტებია, და ხან დედას შესცქეროდა, ხან კურდღელს ჩააშტერდებოდა და აიჩემებდა: 

- დედილო, შენ ჩემ ბაწიასა ჰგევხარ. 

- ჰო, შვილო, ვგევარ. - უპასუხებდა. 

- ბაწიაც შენა გგავს. 

- ჰო, გენაცვალოს დედა, მგავს. 

ეხლაც გაიღიმა და გუნებაში უპასუხა - იმას, ვინც... რომელიც (რომელიც თუ ვინც?)... იქ, შავ მიწაში წევს (წევს თუ დევს?) 

- სწორი თვალი გაქვს, (გაქვს, თუ გქონდა?) ჩემო ფუნთუშა, ჩემო ჯუან... ჯანშე... ჯუანშერ: მე და შენი ბაჭია ძალიან ვგევართ ერთმანერთს. 

და სარკეში უცებ თვალი მოჰკრა გაბზარულ ღიმილს. 

კურდღელი სარკის წინ დასდო. ჩაცუცქულან პირისპირ თეთრი ბაჭიები და გაოცებით უმზერენ ერთმანეთს. 

- ამ კურდღელმა მეორე გააჩინა, აგერ ის, სარკიდან რომ იჭყიტება, - ფიქრობს დედა, - როგორც მე გავაჩინე ის... ჩემი ბაჭია, ეხლა რომ სადღაც მიწაში (წევს თუ დევს?)... ერთი კურდღელი ჩემია, მეორე კი იმისია, ჯუანისა, რომელიც ეხლა იქ... (მაინც არ იცის, წევს თუ დევს?). 

ჩააშტერდა მეორე ქალსაც, სარკეში რომ იჯდა, და სახე რომ კირით ჰქონდა შელესილი. სიდონიასი აღარაფერი აქვს იმ დედაკაცს: დაბერებულა, შავი თვალები უფრო შავს ორმოში ჩასცვივნია, და იქიდან უცნაური ნაპერწკლები ელავენ - მოუსვენარნი, უაზრონი, არეულნი. 

მარტო თმა-ღა შერჩა სარკის ქალს სიდონიასი - ხშირი, აპენტილი, მუქი ჩალის-ფერი - ალბათ ისიც სიდონიასავით ოქსიჟენს ხმარობს, წყალბადის ჭარბჟანგით იღებავს. 

- ცხადია, - ფიქრობს სიდონია და თეთრი ხელებით მარდად ივარცხნის და ილაგებს იმ თმას, - ცხადია, მე სხვა ვარ, ეს ქალი კიდევ სხვა ვიღაც არის. მე ვარ სიდონია, სიდონია სტავრიშვილისა, ის კი უცხოა, უცნობია. რაკი ეს ქალი ხმას არ იღებს, რადგან მუნჯია, მე თვითონ დავარქმევ სახელს - თუნდაც სალომეს. 

ორივემ ერთმანეთს სალამი მისცეს, გაუღიმეს, თითქოს ურთიერთის გაცნობა გაუხარდათო. სიდონია მართლა გამხიარულდა. 

- მაშ ასე: - განაგრძო ფიქრი თავისთვის. - მე სიდონი მქვიან, ამას კი - სალომე. და ესეც სტავრიშვილის გვარისა იყოს, ედიშერის ცოლი, ხა-ხა! რა კარგია! ჩემს ქმარს ორი ცოლი ეყოლება - სიდონია და სალომე. ხი-ხი! გათათრდეს და ჰარამხანა გახსნას, ხი-ხი-ხი! რადგან მე არა ვყოფნი, მეორეც გაიჩინოს. მუდამ სჩივის - ცივი ქალი ხარო. ეხლა ცხელიც ეყოლება. ხა-ხა! ალბათ მე თავს დამანებებს, მომასვენებს. ან განა ღირსი არა ვარ! ხუთი წელიწადია მტანჯავს. დღესაც ვერ გამიგია, რა აგიჟებთ ხოლმე ცოლ-ქმარს. სიყვარული ადამიანს თავსაც კი მოაკვლევინებს, მაგრამ ის... ფუჰ! მადლობა უფალს, თითქმის ხელი აიღო ედიშერმა ჩემზე - გადავაჩვიე. ეხლა შენ ემსახურე, სალომე, - ეჩურჩულება სარკეში მჯდომ ორადს და ნიშნის მოგებით თავს უქნევს. 

სალომეც თავს უქნევს, თითქო სარკიდან თანხმობას უთვლისო. სიდონია კი ისევ აგრძელებს: 

- ეს კიდევ არაფერი: მე ბედნიერი ვარ, რადგან ორივე შვილი ცოცხალი მყავს, შენ კი - საწყალო, უბედურო! - შენ პირმშო ჯუანშერი მოგიკვდა... აგერ ის, დღეს რომ დამარხე. უმცროსი კი, პაწაწა კატო (ღმერთო ჩემო, რა უშნო სახელი დაგირქმევია!) ისე შეიჯავრე, რომ შენმა ქმარმა ედიშერ სტავრიშვილმა (ეს გვარიც უშნოა!), შვილი მოგაშორა და თავის ძმის ოჯახში გაჰგზავნა. საწყალო დედავ!.. უბედურო!.. საბრალოვ! 

და ერთმანეთის სიბრალულით ორივე დედა სტირის - ცოცხალიც და ორადიც. ორივეს გამხდარ ლოყებზე მსხვილი ცრემლი ჩამოსდის, თან უმარილი ჩამოაქვს და ღაპა-ღუპით მარმაროს ფიცარზე იღვრება. 

- მართლა, სტუმარი! - გაახსენდა სიდონიას. 

ორივე დედაკაცი - სიდონიაც და სალომეც - უმალ გამოცოცხლდნენ: პირსახეები გაიშალეს. ერთმანეთს გაუღიმეს და წამოდგნენ. 

- მაშ ასე: გათავებულია, ქალბატონო სალომე. - მცირე რწმენით ეუბნებოდა გუნებაში სიდონია ორადს. - გადაწყვეტილია: თქვენი სახელი ამიერიდან სალომე იქნება - ეს პირველი. დღეიდან მე დავისვენებ, თქვენ კი ედიშერს ცოლობას გაუწევთ. ნუ შესწუხდებით, თქვენს მაგივრად მე ვიმუშავებ, ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ, ოღონდ ჩემს ქმარს ამიერიდგან თქვენ უნდა მოუკლათ ჟინი. ამის მეტი საქმე არ გექნებათ, - ესეც მეორე. უფროსი ვაჟი - ჯუანშერი - თქვენ მოგიკვდათ, და თქვენ სინიდისსაც თქვენვე უნდა მისცეთ პასუხი, რადგან... მიზეზი თქვენც კარგად გეცოდინებათ, მე ნუღარ მათქმევინებთ, - ესეც სამი. ვინაიდგან ჯუანშერის სიკვდილი თქვენ გედებათ, ამიტომ დარდიც თქვენვე უნდა აიკიდოთ.

თუ გნებავთ და შეგიძლიანთ, ზიდეთ სიკვდილამდე, თუ არა და - ვერის ხიდი აქვეა, - ესეც ოთხი და უკანასკნელი... მე კი თავი დამანებეთ და მომასვენეთ. დღეიდან თქვენთვის აღარ მეცლება... ორი შვილი მყავს გასაზრდელი - ჯუანშერი და კატო... რად მიცქერით აგრე? გიკვირთ, განა! საკვირველი არაფერია: მეც თქვენსავით ორი შვილი მყავს, დიაღ, ორი: ერთი ოთხისაა, მეორე - სამისა. თქვენი შვილებიც სწორედ ამ ხნისანი არიან.

ჩემსას და თქვენსასაც ერთნაირი სახელები აქვთ - ჯუანშერი და კატო, ანუ კიტი. ისევ გაოცდით? საოცარი აქაც არაფერია. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ჩემები ცოცხლები არიან... რამ გაგაოცათ, რა ვქნა?! ორივენი ცოცხლები არიან მეთქი - ჯუანშერიც და კატოც. თქვენი ჯუანშერი კი მოკვდა... დიაღ, მოკვდა. მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა... მესმის... ვგრძნობ. მეცა მყავს შვილები... მეც დედა ვარ, მაგრამ... ბოდიშს ვიხდი, უკაცრავად, სტუმარი მელის. ნახვამდის, საწყალო სალომე! მშვიდობით, უბედურო დედავ! 

სიდონიამ თეთრი კურდღელი ჩაიხუტა - სალომემაც. სიდონიამ ახალ დედას სიბრალულით შეჰხედა და დაბლა დაუკრა თეთრი თავი - სალომემაც. სიდონია კარებისკენ გამოტრიალდა - სალომემაც ზურგი შეაქცია. 


* * * * * * *


- სიდონი, გაიცანი: პროფესორი ფრიდონ დორაშვილი... 

- ფრიად სასიამოვნოა. - უღიმის ექიმი. 

- ბატონო პროფესორო! - და სიდონია ღიმილით შესცქერის დორაშვილს, თან ხელის გამორთმევას აგვიანებს - ჩვენ ვიცნობთ ერთმანერთს. 

- მართლა?.. მაშ ბოდიშს ვიხდი. 

- ხუთი წლის წინათ თქვენი მოწაფე ვიყავი, სტუდენტი გახლდით. 

- მართლა, მაგონდება! - უხარიან ექიმს. - გამარჯვება, სიდონი! როგორა ხარ... როგორა ხარ, ქალო? რასა იქ, რასა შვრები? 

- მადლობელი, დიდი მადლობელი ვარ ჩემი გახსენებისთვის. საკვირველი არც არის, რომ დაგავიწყდით. ხუთი წელიწადი გავიდა, რაც თავი დაგანებეთ. რა თქმა უნდა, იერიც გამომეცვალა. თხელი და თეთრი ხელი სხარტულად აიქნია, ტალღებივით შევარცხნილი თმა აისწორა, სარო ტანი ოდნავ აირხია, შინაგანი ზმორვით აიგრიხა, მერმე თვალები მოჟუტა და იდუმალი ღიმილით გადაჰხედა ჯერ თავის ქმარს, შემდეგ დორაშვილს, თითქოს ორივეს ეკითხებოდა: რას იტყვით, მართლა გამოვიცვალე, მართლა დავბერდი, თუ მაშინდელივით ისევ ლამაზი ქალი ვარო? 

ედიშერმა იცნო ცოლის შეჩვეული მანერა: სიდონია მუდამ ასეთს ფანდს ხმარობდა ვინმეს მოსახიბლავად - და გული აუტირდა: 

"დღესაც, ეხლაც! - გაიფიქრა. - ექვსი საათი ძლივს გავიდა, რაც ერთად-ერთი ვაჟი დავმარხეთ, ეს ქალი კი"... 

- მაშ ძალიან შევიცვალე, არა? - ეკითხება სიდონია ექიმს. 

- არა, საიმისო არაფერი გეტყობა. 

- დაბრძანდით, - დაიპატიჟა სიდონიამ ექიმი. - გარდა ამისა, გვარიც გამოვიცვალე, მაშინ ჯარისმანიძე იყო ჩემი გვარი, ეხლა კი სტავრიშვილასა გახლავართ. ხა-ხა! რა სულელური წესია გვარის გამოცვლა, არა, ექიმო? 

გადიკასკასა, გულში კი გაიფიქრა: "ჰა, ფრთხილად! თავი ნუ აიგლიჯე!" 

სიცილი თითქო მახვილით ჩამოიჭრა და ექიმს შეხედა. 

ფრიდონ დორაშვილი გულხელდაკრეფილი იჯდა და ოდნავ იღიმებოდა, ხოლო შავი, მბურღავი თვალები სიდონიას სულში ჰქონდა ჩაბჯენილი. 

ქალმა უმალ მოსწყვიტა მოუსვენარი თვალები ექიმის უძრავ თვალებს. უცებ მოდუნდა, მოირღვა, ღიმილი ჩამოირეცხა, ტუჩები ჩაიკეცა, თვალებში ცეცხლი ჩაიქრო, თითქო ერთ წუთში ორი წლით დაბერდაო, და ხმაც თითქოს უცებ დაუჟანგდა: 

- ედიშერ, სამსახურში გიგვიანდება. - მოაგონა ქმარს. 

ედიშერ კლუბში მსახურობს. ლოტოს კონტროლიორად არის და სამსახური საღამოს ცხრა საათზე ეწყობა. წეღანაც უთხრა ექიმს და ბოდიშიც მოიხადა - ადრე უნდა წავიდეო. 

- არა უშავს-რა, - უპასუხა მაშინ პროფესორმა. - იქნება უშენობა სჯობდეს კიდევაც. მარტო რომ იქნება, უფრო ადვილად მივაგნებ სენის მიზეზს, შენთან კი შეიძლება გული ჩაიკეტოს. 

- ეხლავე წავალ. - უპასუხა ცოლს ედიშერმა და ჩაის სმას მოუჩქარა. 

პროფესორმა ძველი დრო გაიხსენა: 

- მაგონდები, კარგად მაგონდები, სიდონი. აუდიტორიაში მუდამ წინა სკამზე იჯექი. 

- დიაღ, ადრე მოვდიოდი. - უცებ გამოფხიზლდა სიდონია. 

- ბეჯითად სწავლობდი. 

- მიყვარდა თქვენი საგნები - ფსიქიატრია, ნევროლოგია, 

- მერმე, რად დაანებე თავი? 

- გავთხოვდი. 

- მარტო ეგ იყო მიზეზი? 

და ისევ სულში ჩაუძვრა. 

კინაღამ უპასუხა - ქმარმა ამაღებინა ხელიო, მაგრამ ენას დროზე ამოსდო აღვირი. გაახსენდა, რომ ქმარი გვერდით ჰყავდა, და წაიბორძიკა: 

- მარტო ეს იყო... შვილი, ოჯახი, სწავლა - ძნელია ათი საქმის გაძღოლა. 

ედიშერმა ბოდიში მოიხადა და წავიდა. 

სიდონიამ კარი გაუკეტა, დაბრუნდა, დაჯდა. ექიმმა ისევ თვალში თვალი გაუყარა. 

პროფესორის თვალის სხივებს, სიდონიას გულში რომ ფათურობენ, ნებისყოფა დაუხვედრა, თან თავის თავს ამხნევებდა: ”გამაგრდი, არ დაჰნებდე! მაგრად ჩაიკეტე, ვერ გაჯობებს!" 

ექიმი თითქო მიუხვდა ნააზრევს. შეკეცილ ტუჩებსა და დაჭიმულ შუბლზე წაუკითხა გაკერპება. 

უცბად გაჯიუტებულ ქალს პირი ნაძალადევად უღიმოდა, თვალები კი ელვარე ლითონით ჰქონდა სავსე. 

ეხლა ექიმი მოლბა, გალხვა. მისი თვალები ფათურის და ძებნის მაგივრად ნაზად იჟუტებიან, ლამუნობენ და საამური სხივებით სთრთიან. 

- რად მიბღვერი მაგრე, სიდონი? 

- მე? მე გიბღვერით? ხა-ხა-ხა! არ მესმის, რად უნდა ვუბღვეროდე სტუმარს, ისიც თქვენისთანა ექიმს, დიდ მეცნიერს, სწავლულს?! 

- მე დიდი მეცნიერი არა ვარ, სიდონი. ეხლა ამ ოთახში ექიმიც არა ვარ. მე მხოლოდ სტუმარი ვარ - მეტი არავინ. 

- მეტი არავინ? მართლა? მაშ რატომ აქამდის არ მეწვიეთ? მართლა, მიირთვით მურაბა. 

- ჩემი ბრალია, დამნაშავე ვარ, შენც იცი, რომ ედიშერი შორეულ ნათესავად მერგება. რამდენჯერმე დამპატიჟა, მაგრამ... რას იზამ, დრო არ მქონდა. 

- მჯერა, თუმცა... მიირთვით მურაბა, ბატონო... 

- ფრიდონ. - გაახსენა ექიმმა. 

- ბატონო ფრიდონ. მომწონს ეგ სახელი. მიირთვით მეთქი. ჩაი გაგიცივდათ. აირჩიეთ: აი ალუბალი, აი შინდი. ეს კომშია, ეს კაკალი. სცადეთ, მშვენიერია. 

ექიმმა კომშის მურაბა გადაიღო და ჭიქაში ჩაილაპარაკა: 

- სტუმრად მოვედი, მაგრამ უნდა მოგახსენო: გამხდარხარ, ფერი წაგსვლია, ამიტომ... 

- ამიტომ. - ჩამოართვა სიდონიამ, - ამიტომ სტუმარიც ბრძანდებით და ექიმიც, ხომ? უნდა გამსინჯოთ, არა? 

- ნუ შეშინდი, არაფერს გავნებ. 

- შევშინდი? მე შევშინდი? 

არა, პატივცემულო პროფესორო, სიდონია და შიში ერთმანერთს არ იცნობენ. ყველამ იცის, რომ ეს ქალი - პატარა და გამხდარი ქალი - ვაჟივით მამაცია, გამბედავია. 

- ჩემი შიში ჯერ არავის გაუგონია. - უკადრისობს სიდონია. პროფესორმა თითქო რაღაც იპოვნა. ნაპოვარს დასწვდა, ჩაებღაუჭა: 

- მეც მაგრე მაქვს გაგებული: სიდონია მეტად უშიშარი ქალიაო. ამიტომ გამიკვირდა, რად ერიდება მეთქი გასინჯვას? 

- ვინ გითხრათ, ერიდებაო? - გაოცდა სიდონია. - მე არ მითქვამს უარი. თუ გნებავთ, ინებეთ, თუნდ ეხლავე გამსინჯეთ. 

- მოვასწრობ, ნუ გეჩქარება. ჯერ ერთი ჭიქა კიდევ დამისხი. - და უმალვე მიაყოლა: - მამა შენი მახსოვს. 

- ვექილი იყო. 

- როდის გარდაიცვალა? 

- რვა წლის წინათ. 

- მგონი ნერვიული ადამიანი იყო. 

სიდონიამ ჭიქა მიაწოდა, მოწყვეტილივით დაეშვა და ექიმს ისე შეჰხედა, თითქო შებრალებას სთხოვდაო. მერმე ჩუმი ხმით ჰკითხა: 

- თქვენ გსურთ ჩემი შთამომავლობა შეამოწმოთ, არა? 

- თუნდ აგრეც იყოს. ხომ დამპირდი, ყოველივეს გაგაგებინებ, თავს გაგასინჯვინებო? 

- მესმის. მეც მესმის. თქვენი მოწაფე ვიყავი, ბევრი ვისწავლე თქვენგან. თქვენ გსურთ ერთმანერთს გადააბათ ჩემი მემკვიდრეობა და ავადმყოფობა, აგრეა თუ არა, ბატონო ფრიდონ? 

- შენი ავადმყოფობა? მაშ შენ ავადა ხარ, სიდონი? 

სიდონია თითქო ქურდობაში დაიჭირესო: შეკრთა, აირია, მერმე უცბად გამოფხიზლდა და გაბზარული სიმტკიცით მიუგო: 

- არა, მე ავად არა ვარ. ედიშერსა და ზოგ სხვასაც ეგონათ, სიდონია შეირყაო. ამიტომ მოგიწვიეს თქვენ, ბატონო ფრიდონ, თორემ მე საექიმო არაფერი მჭირს მეთქი. 

- მჯერა. ალბათ არაფერი გჭირს. - ჩაილაპარაკა ექიმმა. მერმე უცებ მიახალა: 

- ეგ რა ჩაგიკრავს მკერდში, სიდონი? 

- ესა? კურდღელია, თეთრი კურდღელი... ჩვენი კურდღელი... 

- ვისი? 

- ჩემი და ჯუანშერისა, ჯუანის... ჩემი ბიჭიკოსი. 

ჩაიღიმა და სათამაშო უფრო მძლავრად ჩაიხუტა. 

- სად არის ეხლა შენი ბიჭიკო, შენი შვილი? 

სიდონიამ ექიმს ჯერ შეჰბღვირა, მერმე ჩაუღიმა, შემდეგ ხელი უკანა ოთახისაკენ გაიშვირა და 

- იქ არის... იმ ოთახშია. 

- წამო, მაჩვენე, მინდა ვნახო, როგორი შვილი გყავს. 

დედა ძუ ვეფხივით წამოიჭრა, კურდღელი სავარძელში ჩააგდო, მერმე მკლავები გაჰშალა და ისე აღიმართა, თითქო მოსისხლესაგან თავის ბოკვერს იცავდაო: 

- არა, არა!.. არ შეიძლება!.. არ შეიძლება! 

- რატომ არ შეიძლება, ქალო? 

- სძინავს... არ გააღვიძო, არ გააღვიძო! 

ექიმი და დედა ერთმანერთს თვალებით ჰბურღავენ. პატარა ძაღლი თეთრ კურდღელს სძიძგნის. თეთრი კატა სკამზე ჩაცუცქებულა და გაოცებით უმზერს პატრონსა და სტუმარს. 

- კეთილი. იყოს ნება შენი. - ამბობს ექიმი და ისევ ჯდება. - მერმე მაჩვენე. 

სიდონია კი ისევ ჯვარცმულივით სდგას და სადღაც წასულ თვალებს ჰბლიტავს, თითქო ტირილს აპირებსო. მერმე კურდღელს დასწვდა, ფეხაკრებით დაბრუნდა, ფრთხილად დაჯდა, ის ბაჭია შვილივით ჩაიხუტა და ისე ნაზად დაუწყო ალერსი და ღიღინი, თითქო მკერდზე მართლა მიძინებული შვილი ჰყავდა და მისი გამოღვიძებისა ეშინოდაო: 

- დაიძინე, გენაცვალე, ჩემო ბიჭიკო-ო-ო... ნანი ნანა იავ ნანა-ა-ა, ჩემო ჯუანშერო-ო-ო. 

თან კურდღელს ხელს უსვამს, არწევს და თვითონაც ირწევა. 


* * * * * * *


წრევანდელი ზაფხული სიდონიამ წაღვერში გაატარა. ჯუანშერი და კატოც თანა ჰყავდა, დედა კი ქალაქში დასტოვა - ედიშერის მოსავლელად. 

მხიარულად ჩაჰქროლა ორმა თვემ. მრავლად იყვნენ ჭაბუკები. გასართობიც ბევრი ჰქონდათ. ხან ბაკურიანში ავიდოდნენ, ხან ცემის ტყეს შეერეოდნენ, ზოგჯერ ტიმოთეს უბანს ესტუმრებოდნენ, ზოგჯერ კიდევ ბორჯომში ჩავიდოდნენ და რიჟრაჟზე-ღა დაბრუნდებოდნენ. 

ერთხელ-ორჯერ ბავშვებიც წაიყვანა. სხვა დროს კი ყმაწვილებს გამდელი უვლიდა - ძალიან კარგადაც უვლიდა: ერთხელაც არაფერი დაუშავებია. ერთგული და თავდადებული დედაკაცია. 

ამიტომ იყო სიდონია მინდობილი და უზრუნველი. ან რა უნდა ექნა! შვილებს დილით-დილამდე ქინძისთავივით ზედ ხომ არ მიიკერებდა! თვითონაც ახალგაზრდა ქალია, ჯერ ოც-და-ექვსისაც არ არის. 

წელიწადში ცხრა თვეს ქალაქში ობდებოდა, ორ-სამ დღეში ერთხელ ძლივს გაახელდა თვალებს. მხოლოდ ზაფხული ჰქონდა დასაკუთრებული. 

მართალია, ორი შვილის დედა იყო, მაგრამ გართობაში სიდონია არც სხვა დედებს გაუსწრებდა, არც ჩამორჩებოდა. დედობდა როგორც დანარჩენი დედები, და თავისთვისაც ზრუნავდა - ისევ დანარჩენ დედებივით. 

მაგრამ არა: შვილების სიყვარულში სიდონიას ერთიც ვერ დაედრებოდა, როცა შვილები გვერდით ჰყავდა, სიხარულისგან თვითონაც შვილებს ჰგავდა და იმ პაწაწა მაიმუნებივით გიჟდებოდა: დარბოდა, გორაობდა, ანცობდა, ცუღლუტობდა და მთელ აგარაკს თავისი კისკისით, კივილით და ჟრიამულით ავსებდა. 

მაგრამ - ღმერთია მოწმე - არც მაშინ იყო გულსავსე, როცა შვილებს გამდელს დაუტოვებდა და მარტო წავიდოდა სადმე. ზოგჯერ, სხვაგან სადმე - ან ბორჯომის კონცერტზე, ან ბაკურიანის ტყეში - თავის ქალ-ვაჟს რომ მოიგონებდა, მდედრული სევდით მოიბურებოდა, აიშლებოდა, თითქმის გაგიჟდებოდა: დაბმულივით გამოიწევდა, გაანჩხლდებოდა, სხვებსაც შეწყობილ მხიარულებას ჩაუშლიდა და თვითონაც გუნებას მოიწამლავდა. 

და დედის ატეხილ ციებ-ცხელებას მხოლოდ მაშინ ჩაიქრობდა, როდესაც თავის სააგარაკო ოთახში გახელებული შეიჭრებოდა, ყველას გააღვიძებდა, თუნდაც მძინარე ჯუანშერს გულში ჩაიკრავდა, ერთ საათს მაინც ეტიტინებოდა და შემდეგ, მასთან ერთად, დაღლილ ტანსა და გონებას ძილს გაატანდა. 

ნუ, ნურავინ დასძრახავს სიდონიას, ნურავინ შეედავება შვილის სიყვარულში. დედამ - მართამ - სიდონიას გიჟი დედაც კი დაარქვა: 

- ქაა, გამიგონია დედის სიყვარული, მაგრამ შენისთანა გიჟი დედა ჯერ არ მინახავს. როდესმე რამეს დაუშავებ მაგ ბიჭს: ან მოსტეხავ რამეს, ან ჩასწყვეტავ, ან დაახრჩობ. 

ისე არსად გავიდოდა სიდონია წაღვერიდან, რომ ჯუანისთვის ერთი კონა ზამბახი არ მოეტანა. პატარა ჯუანშერი ამ ყვავილს ზედ აკვდებოდა. მისი ყნოსვა უმაძღარი იყო. ჩაჰყოფდა თავს თაიგულში და გაინაბებოდა. მარწყვს, ჟოლოს, მაყვალს ან სხვა ხილს ისე არ ეტანებოდა, როგორც თეთრსა და მოზრდილ ყვავილს - მსუქანს, სუნიანს, მაღალყელას, პირღიას, ექვს-ტუჩიანს, მკრთალ-ძარღვიანსა და შვიდ-ენიანს. 

- აჰა, ჯუან, შენი ზამბახი. 

ჯუანშერმა ჯერ კიდევ შარშანწინ დაიჩემა ეს ყვავილი, როდესაც ორი წლისა ძლივს შესრულდა, და მას აქეთ აღარ ივიწყებდა. 

იმ დღეს - ნუ, ნუ გაახსენებთ ეხლა სიდონიას იმ პარასკევს - სიდონია ბაკურიანში მიდიოდა. 

დილით ჯუანშერს უქეიფობა დაეტყო: მოდუნდა; მოტყდა - თითქო დაიღალაო. სიდონიამ მთელი დღე ტყეში გაატარა. იმ დღეს შვილები თან არ წაიყვანა, რადგან... შვილებსაც ხელსახოცივით მუდამ თან ხომ არ ატარებს! 

როცა მიდიოდა, ჯუანი ბაღში თამაშობდა. ზამბახები მიწაში ჩაერგო და ჰრწყავდა. დედა კარგა ხანს უმზერდა სარკმელიდან და იღიმებოდა. 

ჯუანმა მორწყვა გაათავა. მერმე თავისი საყვარელი კურდღელი აიღო, რომელიც ერთი კვირის წინათ "იმან" მოუტანა ქალაქიდან, მომართა, ვალსი დააკვრევინა და რიგრიგად ჩამოუტარა ზამბახებს - რომ იმათაც გაეგოთ და ეცეკვნათ - თან თვითონაც აჰყვა წკრიალა ხმით და პაწაწინა ხელ-ფეხით. 

ხა-ხა-ხა, რა სასაცილო იყო მაშინ ჯუანშერი! 

რომ დაბრუნდა, ჯუანშერს აზმორებდა. თითქო სიცხეც ჰქონდა. გამდელმა შესჩივლა: 

- გენაცვათ, მთელი დღე ვეწვალე და ვერაფერი შევაჭამე. 

ვერც დედამ შეაჭამა. გაჰხადეს და დააწვინეს. ალერსსა და კურკურს არც იმ საღამოზე დაუკლო სიდონიამ. ორივე შვილი დააძინა და თვითონ ხელმეორედ წავიდა, რადგან... 

რადგან იშვიათი საღამო იყო, მაძღარი მთვარე ცის შუაგულში დასეირნობდა და სარკმლიდან, კარიდან და ფიცრულ კედლებიდანაც კი დასდევდა ისედაც შეფიცხებულ სიდონიას. 

სადგურის ხეობას ორივე მხრიდან ორი გარუჯული საარაკო ვეშაპი მოსწოლოდა, რომელთაც უღვიძებელის ძალით ეძინათ. ხევის ძირში შავი-წყალი შრიშინებდა. გაღმა, სადგურთან და ტყის ნაპირას მთვარისა და ელექტრონის შუქზე, ლანდები დაბორიალებდნენ, ალბათ ქალ-ვაჟები ერთმანერთს დასდევდნენ. 

სიდონია მთვრალივით მიდის ბნელი ქუჩით და ჯერაც არ იცის, გაჰყვება ბაკურიანში მეგობარს, თუ შვილის ავადმყოფობას მოიმიზეზებს და დაბრუნდება. 

მატარებლის მოსვლამდე ბევრი დროა დარჩენილი, ამიტომ ამის მოფიქრებასაც მოასწრებს. ჯერ-ჯერობით კი გაღმა გავა, გაივლის, ხოლო დანარჩენს იქ მოისაზრებს. რაც უნდა მოხდეს, თუ აჰყვა და წავიდა, ხვალ საათის ორზე შინ იქნება, უეჭველად იქნება! 

და გადიასაც ასეთი დარიგება მისცა: 

- შორს არსად გაუშვა... აჭამე... თუ სიცხემ მოუმატოს, ექიმს დაუძახე და... 

ერთი სიტყვით, თავისი ვალი მოიხადა. 

გავიდა ხანი. ნუ, ნუ ჰკითხავთ სიდონიას რამდენი ხანი გავიდა. აღარ ახსოვს. დაავიწყდა. რომ გაახსენდეს, მაინც არ გეტყვით. 

ერთი სიტყვით, სიდონია დილის ექვს საათზე შემოვარდა ოთახში. შემოიჭრა და ზამბახების ვეება თაიგული შემოიტანა, თან შორიდანვე ჰკიოდა: 

- ჯუანშერ!.. ჯუან!.. ბიჭიკო, ზეზე ხარ? გამოიქეცი!.. დამიხვდი!.. ნახე, რა მოგიტანე. 

მაგრამ არავინ გამოიქცა, არც გამოიხედა. ჯუანი ლოგინში დაუხვდა - ალმურიანი, პირდაღებული, ხმაჩაწყვეტილი და ღონემიხდილი. 

გამზრდელი გვერდით ეჯდა. ცალი ხელი ჯუანის შუბლზე ედო. კატოს ეძინა. 

შეჩვეული ჟივილ-ხივილის ნაცვლად დედას ორი წყვილი თვალი დაუხვდა შიშითა და საყვედურით სავსე. 

ჯუანშერმა გაღიმება სცადა, მაგრამ ბოხმა და ხრინწიანმა ხველამ ღიმილის მაგიერ ტკივილით აუგრიხა აწითლებული პირსახე. 

სიდონიას ხელიდან გაუვარდა ზამბახების კონა. 

- რა ამბავია?! რა დაემართა?! 

რაღა რა ამბავია! ჯუანს ყელი გაუსივდა. სასა ჯერ გაუწითლდა, მერმე გაუყვითლდა, სიცხემაც ძალიან უმატა. 

- პირი გააღე, ჯუან!.. გააღე, გენაცვალოს დედა!.. რაო, რა სთქვი?.. ღმერთო ჩემო, ვერც კი ლაპარაკობს! 

შვილის პირში ჩაიხედა და გახევდა. 

- ვაი მე! - დამწვარივით დაიგმინა. 

ტვინიდან ფეხებამდე ცივმა ქარმა ჩაურბინა. ჯუანშერს სასა და ყანყრატო თითქო მოხარშული და დაობებული კვერცხის გულით გაევსო. პირიდანაც ლაყე კვერცხის სუნი ამოსდიოდა. 

- ექიმი! ჩქარა. ექიმი! 

- ორჯერ იყო. 

- მერმე, მერმე? რაო, რა სთქვა?.. ჩქარა ამოიღე ხმა! 

- ეხლავე ქალაქში წაიყვანეთო. 

- სთქვი, რაღა, ყველაფერი! რა აქვს, რა დაემართაო? 

გადია სტირის. ძლივს-ღა ამოისლუკუნა. 

- ხუ... ხუნაგი. 

- ხუნაგი?! რას ამბობ, დედაკაცო! 

დედას თითქო ფეხები და ენა მოსჭრესო: ხის ტახტზე ჩაიჩეხა და იმავე ხესავით გახევდა. ერთხანს მხოლოდ ხელებს-ღა იფათურებდა დაბინდულ თვალებზე. 

მაგრამ - წესია ბუნებისა - ხიფათში ჩავარდნილი დედა დიდხანს არ ფიქრობს. დაჭრილი ძუ ნადირივით წამოიჭრა და აკივლდა: 

- სულელო! ბრიყვო! რეგვენო, რაღას მიცდიდი! რატომ ვინმე არ ამოჰგზავნე?! 

- ქალბატონო, მე... მე რა ვიცოდი. 

- გაუთლელო მორგვო! ხეპრევ! ან მე რაღად მიცდიდი! 

რატომ მაშინვე ქალაქში არ წაიყვანეთ? ან ეხლა მაინც რატომ არ გამოიყვანე ეს ბავშვი სადგურზე, რომ ამავე მატარებლით წავსულიყავი?! 

- რა ვიცოდი, რო... 

- რა ვიცოდი, რა ვიცოდი! ჩქარა, ექიმი და ეტლი! მიეცი რამდენიც მოგთხოვოს! 

ერთი საათის შემდეგ სადგურის ხევში დაოთხილი შავი ეტლი მიქრის, უკნიდან კორიანტელი მისდევს. 

მისახვევებში ეტლი დარწეულ აკვანივით ქანაობს, ლამის შავ წყალში გადავარდეს. 

შიგ სიდონია ზის. კალთაში ჯუანშერი ჰყავს. 

- გასწი! გარეკე! 

დედას ხევში გადავარდნის შიში აღარ ეკარება, რადგან მეორე შიშმა - უფრო მეტმა და საზარელმა, რომელიც შავი ლანდივით მიუძღვის - უკვე გაუვსო ცივი სისხლი და ისედაც შმაგი სულიც აუდუღა. 

- გასწი! გარეკე! - ჰკივის დედა. 

- ქალბატონო, გადაბრუნდება! 

სიდონიამ ქალაქის მატარებელს უნდა მიუსწროს, თორემ შეიძლება ჯუანშერი... ვინ იცის... 

- თუ მიუსწარი, ერთ თუმანს გაჩუქებ. - იძახის დედა. 

მეეტლე თავსა და შოლტს იქნევს. დაღმართზე ეტლი დაგორებულ ბურთივით მიჰსრიალებს. 

ჯუანშერი ისევ მუხლებზე უწევს. ერთ გვერდით ზამბახების ვეება თაიგული უდევს, დღეს დილით რომ ჩამოუტანა, მეორე გვერდით კი თეთრი კურდღელი ჩაცუცქებულა, რომელიც "იმან" მოუტანა ქალაქიდან. 

როგორ, ან რისთვის წამოიღო თაიგული და კურდღელიც - სიდონიას აღარ ახსოვს. 

აგერ, ქარხნის ბოლი გამოჩნდა. აი, პირველი შენობებიც. აჰა, სადგურიც. 

- მადლობა უფალსა! მოუსწარით! - უხარიან სიდონიას. 

უცებ მატარებლის კივილმა ღრმა ხეობა შეანძრია და დედის ყურებში გველის წივილივით შეიჭრა. 

- დავიგვიანე! დავიგვიანე! - ჰკივის სიდონიაც და ერთი ხელით მეეტლეს საჯდომს ებღაუჭება, თითქოს გაქანებული ეტლიდან გადახტომას ჰლამობსო. 

ჭრელი მატარებელი შავ ხიდზე გველეშაპივით მოსრიალებს და გორაკის კალთაში იმალება. 

მაგრამ - წესია ბუნებისა - ხიფათის დროს დედა აღარ ყოყმანობს. 

სადგურთან ავტო სდგას. პატრონი რესტორანში სადილობს. სიდონია თავთ უდგა, ხელში ჯუანი უჭირავს. 

- თუ დავიგვიანე, მომიკვდება. - სტირის დედა. - სამუდამოდ თქვენი მონა გავხდები, ოღონდ მათხოვეთ... დამეხმარეთ... მიშველეთ... 

- ინებეთ, ქალბატონო, ინებეთ. მეცა მყავს შვილი... მეც მამა ვარ. 

ავტოს ღრიალა ტაშის-კარს აყრუებს. 

- გასწით! გარეკეთ! 

მტკვრის გაღმა, სადღაც ქვევით, გორაკების გადაღმა მატარებელი ჰკივის. 

გამოღმა კი დაგრეხილ თიხნარ გზაზე თიხის ფერი ავტო გუგუნებს, ხრიალებს, ბორძიკობს, იგრიხება და მირბის. თან ბოლისა და მტვრის კუდი მისდევს. 

ავტო კუდმომწვარ მორიელივით გაცოფდა, გაშმაგდა. ბზრიალით და ხრინწით გაირბინა ზანარვილის ხევი, ისარივით გასჭრა კორტანეთი და შურდულის ქვასავით გადაევლო ქიმერეთის ხევს. 

- გასწი! გარეკე! 

გარეკე, შოფერ, თორემ ისეთ ცოდოს აიკიდებ მაგ მსუქან კისერზე, რომ სიკვდილამდეც ვეღარ მოიხსნი. 

- როგორა ხარ, ჯუან? ხმა გამე, გენაცვალოს დედა! 

ბავშვი თვალებს ჰბლიტავს, ტუჩებს აცმაცუნებს და რაღაცას ჰლუღლუღებს, უფრო კი ღრიალებს, მაგრამ ავტოს გუგუნი ჯუანშერის ბურტყუნს ჰყლაპავს და დედას შვილისას არაფერს ასმენს. 

სიდონიამ ზამბახების კონა მკერდზე დაადო და ორივე ჩაიხუტა. აგერ, ქვეით, გაღმა ტყეში, ბოლის გრძელი ნისლი მირბის. 

- დავეწიეთ! დავეწევით! - ჰკივის დედა. 

აი, ახალდაბაც. ხაშურის მატარებელი აქედან, ეს არის, ეხლა დაიძრა და მთის მწვანე კაბის ქობაში შეძვრა. 

- თქვენი სახელი, შოფერ? 

- დავითი, ქალბატონო! 

- დავით... დათიკო! მოუმატეთ, გენაცვა, გარეკეთ! 

- ვერეკები, ქალბატონო, მეტი აღარ შეუძლიან. მეშინიან, არ გამიფუჭდეს. 

- თუ მივუსწარით, დაპირებულ ორ თუმანს კიდევ ორს დავუმატებ. აბა, გარეკეთ! 

ავტო უარესად იჭიმება და თავისივე ქარბუქში ეხვევა. 

აჰა, გაიმინდვრა. გაღმა ჭრელი გველვეშაპი იკლაკნება. გამოღმა კი თიხის ფერი მორიელი იგრიხება. მკაფიოდ მოსჩანს ორივ მოჯიბრე. ვაგონებიდან ხელსახოცებს უქნევენ, თითქოს ავტოს ამხნევებენ. 

- დათიკო, გენაცეალე, რას მეტყვი? 

- მივუსწრობთ, ქალბატონო. ან ქვიშხეთის ბაქანთან დავეწევით, ან ხაშურში. 

ავტომ გაიპირდაპირა, მატარებელი კი ისევ გაღმა იკლაკნება. მერმე, როცა იმანაც მოუხვია და რკინის ხიდი გადმოსერა, ავტო უკვე წინ მიუქროდა. 

- აგრე. გენაცვალე, აგრე! - მიერეკება დათიკოს სიდონია. 

ეხლა მატარებელი უკნიდან მორბის - ხვნეშით, ქაქანით და რახრახით. 

აჰა, ქვიშხეთიც. აი, ბაქანიც, მკაფიოდ მოსჩანს - აგერ, აქვე, მარჯვნივ, ბაღის ნაპირზე. 

- მივედით! მივუსწარით! 

უცებ ავტომ სირბილს დაუკლო. ახვნეშდა. აბორძიკდა, შესდგა. 

- რა მოხდა, რა ამბავია? ღმერთო, შემიბრალე! 

- გაიქეცით, ქალბატონო, გაიქეცით! - უძახის შოფერი. - შეიძლება მიუსწროთ. 

მატარებელმა გვერდით გაუსრიალა. სიდონიამ შოფერს ქაღალდის ფული გადაუყარა. მერმე ჯუანი ჩაიხუტა და გაიქცა. 

მატარებელმა სირბილს დაუკლო და შესდგა. 

მირბის გაწეწილი დედა და ჰკივის: 

- დაიცადეთ!.. დამიცადეთ! 

ასიოდე ნაბიჯი თუ იქნება ბაქნამდე. უკანა ვაგონიდან ხელებს, ქუდებსა და ხელსახოცებს უქნევენ, ჟრიამულიც ისმის. 

თავჩაღუნული სიდონია ბარბაცით მირბის. მაგრამ ოთხი წლის ფუნთუშა ჯუანი მძიმეა. ღმერთო ჩემო, რატომ შოფერი არ მოეშველება! მიიხედა, დაინახა: დათიკო მანქანასთან სდგას და გამოსცქერის. 

- დაიცადეთ!.. დამიცადეთ! 

მაგრამ თავისი კივილი მხოლოდ თვითონ-ღა ესმის. 

მატარებელი ჰკივის, იძვრის და თან მიაქვს სასიკვდილოდ დაჭრილი დედის უიმედო ბღავილი. 

დათიკო ისევ აქეთ იხედება და ჰხედავს: დედაკაცი ჯერ ბორძიკობს, მერმე მწვანეზე ვარდება და უნძრევლად იშოტება. 


* * * * * * *


ექიმი რომ შრატს უშხაპუნებდა ავადმყოფს, ჯუანშერის ნაცვლად ტკივილისაგან სიდონია იგრიხებოდა. ჯუანი კი უგონოდ ეგდო და ხრიალებდა. 

- ექიმო, მითხარით რამე. - ჩვილი ხმით ეხვეწება დედა და უცნობ მამაკაცის მკლავს წყალწაღებულივით ებღაუჭება. - მითხარით, ნუ დამიმალავთ, გადარჩება თუ არა? 

- ვერაფერს გეტყვით, ქალბატონო. თუ დაგვიანებული არ არის, გადარჩება. 

და სიტყვა "დაგვიანებული" ისევ ნაკვერჩხალივით ჰხვდება სიდონიას. 

- აკი წეღანაც მოგახსენეთ, მარტო ოთხი საათით დავიგვიანე მეთქი. - თავს იმართლებს დედა. - ქვიშხეთში რომ ვერ მივუსწარი, ხაშურში ისევ ავტომობილით ჩამოვედი და მეორე მატარებლით წამოვედი. 

- ვიცი, ქალბატონო. არა მგონია. რომ ოთხ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. 

სიდონიას გაუხარდა: 

- მეც მაგას ვამბობ, ექიმო. და თუ... თუ მოხდა რამე... ბრალი ხომ ჩემი არ იქნება, არა, ექიმო? 

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მეტსაც ვიტყვი: თქვენ გმირულად მოქცეულხართ. 

- მადლობელი, ექიმო. დიდი მადლობელი. - ჩურჩულებს დამშვიდებული სიდონია და ჰგრძნობს მეომარის ამაყ სიხარულს, რომელსაც ქება შეასხეს მძიმე ვალის შესრულებისათვის. 

ექიმმა დარიგება მისცა და წავიდა. სიდონია უგონო შვილს კვლავ გვერდით მიუწვა, მისი გახურებული თავი ისევ მკლავზე დაიდო, მეორე მხრით ზამბახები მოუწყო და წეღანდელივით აჩურჩულდა: 

- ეხლა კი მალე მორჩები, გენაცვალოს დედა... ტყუილად შევშინდით... ერთ კვირაში წამოდგები და ისევ ბაღში გახვალ სათამაშოდ, ჩემო ბიჭიკო... შენი კატუნი - ფხაჭია, და ცუგრა ძაღლიც გამოგყვებიან. ჯერ კი დაისვენე, ჩემო ფუნთუშავ. ორივენი დაღლილები ვართ... დაიძინე, გენაცვალოს დედიკო, დავიძინოთ... დავიძინოთ. 

მაგრამ ძილის მაგივრად ისევ ლაპარაკობს, რადგან მხოლოდ ლაპარაკით-ღა ჰლამობს შიშისა და ლანდების დაფრთხობას, რომლებიც ბუზებივით ეხვევიან და ფუტკრებივით ჰკბენენ. 

მართლა შეასრულა დედის ვალი სიდონიამ? 

რა თქმა უნდა, შეასრულა! თავიდან ბოლომდე შეასრულა! ან მეტი რა შეეძლო? არაფერი, მეტი აღარაფერი! ამიტომ... 

- დავიძინოთ, ბიჭუკი, დავიძინოთ. თუმცა... თუ გინდა, ზღაპარს გიამბობ. ყური მიგდე: იყო და არა იყო-რა, ღვთის უკეთესი რაღა იქნებოდა, იყო ერთი დედოფალი. 

- შვილო, - აწყვეტინებს გასართობს მართა, შენს საწოლზე გადადი და დაიძინე. ეხლა მე მოვუჯდები, ან ედიშერს დავუძახებ. 

- არა, დედი, არა, საჭირო არ არის. ედიშერი სამსახურს ვერ გამოექცევა. ან რა საჭიროა, რას მიშველის? 

- მაშ მე დავჯდები. 

არც შენა ხარ საჭირო, დედა მართა. თუ დაიღალე, დაიძინე, სიდონია კი ერთი წუთითაც ვერ მოჰშორდება ჯუანშერს. 

და შიშისგან და ხუნაგისგან მოწამლული დედა-შვილი გათენებამდის ჰბორგავენ და თავგანწირვით ებრძვიან უჩინარ მოსისხლეებს: სიდონია - სამართებელივით გალესილ შიშსა და ცეცხლივით მწვავე მქეჯნავს, ხოლო ჯუანი - ხუნაგის შხამსა და სიკვდილის ლანდს, რომელიც ამოწვდილ მახვილივით სდგას ოთახის შუაგულში. 

სიდონიამ ჩასთვლიმა, მხოლოდ ათი წამით ჩასთვლიმა, - რადგან სამი ღამის უძინარი იყო - და როცა ბურანს თავი დაახწია, ჯუანი აღარ ჰბორგავდა. ეგდო გულაღმა გაშოტილი და ყელგამოჭრილ ბატკანივით ხრიალებდა. 

და დედაც დასაკლავ პირუტყვივით აბღავლდა. 

ჯუანშერს ხელ-ფეხი გაუცივდა, თითქოს დამბლამ შეიპყროო, და მიმქრალი თვალები კაკლებივით გადმოეყარა. 

შემდეგ რა მოხდა - სიდონიას აღარ ახსოვს. 

საკუთარ საწოლში გაიღვიძა - თბილსა და თოვლივით თეთრ ლოგინში. მეორე ოთახს მინის კარები აქვს. იმ ოთახში პატარა კუბო სდგას - ისიც თოვლივით თეთრი და თეთრივე ყვავილებით დათოვლილი. შიგ ალბათ ჯუანშერი წევს. გარშემო სანთლები ბჟუტავენ. შავი დედაკაცები გახევებულ ლანდებივით სდგანან. 

- ჯუანი მოკვდა! - ელვასავით ჩაერჭო ტვინში სიდონიას. - მე მოვკალი... ჩემი ბრალია, მარტო ჩემი ბრალია. მაშასადამე... 

აგერ, იმ უჯრაში საწამლავი ინახება. ორი წელიწადი ჰგდია. ერთხელ დასჭირდა სიდონიას და იშოვნა. ერთი თვე ებრძოდა თავის თავს, მაგრამ ვერ დასძლია. ეხლა გამოადგება. მაშასადამე... 

- ჯუანშერი მოკვდა! 

როდის მოკვდა? დედამ არ იცის. რამდენი დღე გავიდა "იმ დილას" აქეთ, როცა ჯუანი სააღდგომო ბატკანივით ახრიალდა - არც ეს იცის, ან რა საჭიროა! სულ ერთია, ორი დღე ეძინა სიდონიას თუ სამი. ის კი იცის, რომ "იმ დილამდე" სამი ღამის უძილო იყო. 

- ჩემი ჯუანი მოკვდა! მოკვდა!! 

აგერ იმ უჯრაში შხამი ინახება. მაშინ ვერ გაჰბედა. ეხლა კი... ეხლა უნდა გაჰბედოს. მაგრამ... ტყუილად შერცხვება სიდონია - ვერც ეხლა გაჰბედავს. მაშასადამე, ერთი-ღა დაჰრჩენია დაუდევარსა და ბოროტ დედას: პასუხისგება რკინის მორივით აიკიდოს და სიკვდილამდე ჰზიდოს - ათი, ოცი, ორმოცი წელიწადი უნდა ატაროს, როგორც აქლემი ატარებს თავის უშნო და ვეებერთელა კუზს. 

არა, არა! არასოდეს, არასოდეს! ესეც შეუძლებელია, ყოვლად შეუძლებელი! 

- ჩემი ბიჭიკო მოკვდა! მოკვდა! 

მაშ რაღა ჰქნას დედამ? აბღავლდეს, თმა გაიწეწოს, პირსახე მოიხოკოს, ქვას ახალოს თავი, თუ ქვა ითხლიშოს თავში?! 

არც ერთი, არც მეორე, არც მეოთხე. ასე ადვილად ვერ გადაურჩება, ასე უბრალოდ ვერც ვალს მოიხდის, ვერც იმ კუზს მოიხსნის, რომელიც უკვე მთაწმინდასავით გაეზარდა და ლამის ეხლავე გასჭყლიტოს. 

- ჩემი ერთა მოკვდა! მოკვდა!! მოკვდა!!! 

მაშასადამე... თუ საწამლავის დალევა ვერ გაჰბედა, მტკვარი ხომ აქვეა... ან ბანიდან გადავარდება, ან კიდევ... 

ნუ, სიდონია, ნუ ისივებ უკვე გასიებულ გულს. შენც იცი, რომ ვერც თავს მოიწამლავ, ვერც ბანიდან გადავარდები. ნუ, დედი, ნუ იხეთქავ ისედაც გახეთქილ თავს. შენ თვითონაც დარწმუნებული ხარ - ვერც წყალში ჩავარდები და ვერც თოკის ყულფში გაჰყოფ თავს. ამიტომ... 

ამიტომ იზრდება და მძიმდება აქლემის კუზი. სიდონია უკვე იჭყლიტება, ჰბორგავს და იხრუკება. თავი უნდა დაახწიოს იმ ტვირთს, ეხლავე უნდა გაუსხლტეს იმ რკინის გორას, მაჯლაჯუნას, სულთამხუთავს, თორემ თვითონაც დაიხრჩობა, თავის ჯუანივით დაიხრჩობა! 

და უცებ მოულოდნელად, დედის ტვინსა და გულში რაღაც შეინძრა, გარდიქმნა, გადატრიალდა. სიდონია გაიჭიმა, აიგრიხა, გაინასკვა - თითქოს ორსულად იყო და შვილის შობისათვის დამწიფდაო. 

მეორე ოთახიდან მართა მორბის, ედიშერიც მოსდევს, სხვებიც შემოდიან. 

მართა ჰკივის, ედიშერი ქვითინებს, სიდონია კი მშობიარესავით ჰკვნესის და იჭიმება - როგორც მაშინ, ოთხი წლის წინათ, როცა ჯუანშერი მოდიოდა - და ეხლაც ისე იმუდარება, როგორც მაშინ იხვეწებოდა. 

- დედი, მიშველე!.. დედილო, მიშველე! 

მართა აღარ ჰკივის - როგორც მაშინ არ ჰკიოდა. დედის თვალი მჭრელია - გაახსენდა მაშინდელი. დედის გუმანიც გალესილია. - უმალ მიჰხვდა ყოველივეს. 

და ეხლაც ეშველება თავის შვილს - როგორც მაშინ ჰშველოდა, თან ყველას ეუბნება: 

- ნუ სწუხდებით, ეხლავე მოსულიერდება... მიბრძანდით... იმ ოთახში გაბრძანდით. 

ყველანი გადიან. ქმარი კი ქვის ძეგლივით სდგას და აღარ იცის, თვითონაც გავიდეს თუ ცოლს მიეშველოს. 

სიდონია ცივი ღვარით იწურება, კბილებს აკრაჭუნებს - როგორც მაშინ. კვნესა კივილში გადადის, კივილი - გმინვაში. ერთხელ კიდევ აიგრიხა, ღრმა ოხვრა ამოუშვა და უცბად მოეშვა, მოდუნდა, გალხვა, გაიღიმა - როგორც ოთხი წლის წინათ - თითქოს იმშობიარა და დამშვიდდაო. 

- ბიჭია? - მაშინდელივით ჰკითხა დედას და თვითონვე უპასუხა თავის თავს: - რა თქმა უნდა, ბიჭია, ჯუანშერია. - და გაიცინა. 

დავა გაათავა. არც იხრჩობა, აღარც იჭყლიტება. სულთამხუთავს გაექცა, მაჯლაჯუნას გაუსხლტა. წეღან გული ავი სულის კლანჭებით ჰქონდა ჩაბოჭვილი, ეხლა კი იმ ადგილს - შიშველ მკერდს - საამურად იზელავს და შვებით იღიმება. 

ბოროტ სულთან ბღლარძუნი და ჭიდილი დასრულდა. 

- ჯუანშერი არ მომკვდარა! ჯუანშერი ცოცხალია! 

რა თქმა უნდა, არ მომკვდარა! მაშ რაღა საჭიროა საწამლავი, ან თოკი, ან ვერის ხიდი?! იყო სიზმარი - ავი, ბოროტი ლანდი. იყო უჟმური - საზარელი ქაჯი თუ ალქაჯი. მათ უნდოდათ სიდონიას დახრჩობა, წამება, ჯვარცმა. ეხლა კი აღარაფერი არ არის, ყოველივე გათავდა, დასრულდა. ყველანი გაჰქრნენ, წავიდნენ - სამუდამოდ, უბრუნებლივ! 

- ჩემი ბიჭიკო არ მომკვდარა!!! არ მომკვდარა!!! 

და ამ სიტყვას გულში ასჯერ, ათასჯერ, ხაზგასმით, ქვის ჟინით და რკინასავით მტკიცე რწმენით იმეორებს: "არ მომკვდარა!! არ მომკვდარა მეთქი!!!" 

რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, არ მომკვდარა! მაგრამ... აგერ იმ ოთახში მაინც თეთრი კუბო სდგას. იმ კუბოში ვიღაც ბავშვი წევს. ეხლავე უნდა დამარხონ, და იმ კუბოს სიდონიაც გაჰყვება... მოვალეა გაჰყვეს! 

მერე რაო! გაჰყვება, დამარხავს და დაბრუნდება. 

- დედი, კაბა მომაწოდე. 

შავი კაბა? სიდონიას არა ჰქონია შავი კაბა. ალბათ ითხოვეს, ან დღეს შეაკერინეს, ენაცვალოს სიდონია მართას! ასეთი დედა რომ არა ჰყოლოდა, ოჯახი დაენგრეოდა და შვილებიც... ორივე შვილი - ჯუანიც და კატოც... მართლა, სად არის კატო? 

და ქალიშვილის გახსენებაზე ნემსის ჩხვლეტა იგრძნო, თითქო პერანგის ქვეშ სველი და ცივი ბაყაყი ჩაუვარდაო. 

დინჯად და არხეინად იცვამს სამგლოვიაროს - თითქო სეირნობისთვის ემზადებაო. სადა კაბა ზედგამოჭრილია სიდონიას თხელ ტანზე. ძალიანაც უხდება. რომ სცოდნოდა, ადრევეც შეიკერავდა, ქერა თმა, თეთრი სახე და შავი კაბა მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს. 

ადგა, კარებთან მივიდა და შესდგა - მხოლოდ ათიოდე წუთით შესდგა. 

კარებში დედაკაცები სდგანან - ედიშერის დეიდა პელო და მამიდაშვილი ქეთევანი. 

- დაუგვიანა, - ჩასჩურჩულებს ქეთევანი პელოს, - დაუგვიანა შრატის შეშხაპუნება, თორემ გადარჩებოდა. 

- უეჭველად, გენაცვა, უეჭველად გადარჩებოდა. -უდასტურებს თავის ქნევით პელაგო. 

ეს სიტყვები სიდონიას წითელ ლურსმანივით ჩაერჭო. 

- მაშ იციან, ყველაფერი იციან. - გაიფიქრა. - ესენიც მე მაბრალებენ. 

თვალებზე ბინდმა გადაჰკრა, წაბარბაცდა, მაგრამ უმალვე შესწორდა და იმ ოთახში შეიხედა. სადაც... 

იმ ოთახიდან მგლოვიარე დედას უცნაურად უმზერენ ოციოდე წყვილი თვალი, მოციმციმე სანთლები, თეთრი კუბო და შიგ ჩაწოლილი ჯუანი... ჯუანშერი... მისი ბიჭი, მისი ბიჭიკო! 

თვალები დახუჭული აქვს. - თითქოს ორმოებში ჩაუყრიათო. გუშინ კი - გუშინ, გუშინწინ თუ დღეს დილით - თითქო შუბლზე ჰქონდა აყრილი. ალბათ ძალით დაუხუჭეს. ფუნჩულა ლოყებიც ჩასცვივნია. წითელი და ფუნთუშა ტუჩებიც ჩაჰკეცია, ჩაჰყვითლებია. პირსახე კი თეთრი აქვს, თითქო კირით შეუგლისესო, თუმცა... 

არა, არა, კირი რა სახსენებელია! - პირსახე უფრო იმ ყვავილებს მიუგავს, აგერ იმ ზამბახებს, რომელნიც სიდონიას მაგიერ ალბათ მართას ან ედიშერს მოუტანია. 

კარი ფრთხილად შეაღო და ფეხაკრებით შევიდა, თითქო ცხედრის გამოღვიძებისა ეშინოდაო. თავთ დაადგა, მთრთოლვარე ხელი ცივ შუბლზე დაადო და დაჰხედა. 

დაჰხედა და თვითონაც ჯუანშერს დაემსგავსა: შვილივით გათეთრდა, თვალები მიჰლულა და ტუჩები შეიკეცა - კბილებით მოიკვნიტა, თითქო აღვირი ამოსდოო, რადგან ისინიც სიდონიასავით ცახცახებდნენ და თავაგლეჯას ჰლამობდნენ. მერმე ნებისყოფა მოიკრიბა და თრთოლვაც აილაგმა. 

- დაუგვიანა. - ისევ წაიჩურჩულა ვიღაცამ მარცხენა კუთხეში. 

სიდონია შეკრთა, მაგრამ არ მოიხედა. 

- დააგვიანეს. - წამოვიდა შხამიანი ისარი უკნიდანაც. 

სიდონიას ერთხელ კიდევ გადაჰკრა ბინდმა. მერმე ისევ შესწორდა. ეხლა სხვა მხრიდანაც უცდიდა ისრების სეტყვას, მაგრამ დუმილი აღარავინ დაარღვია. 

და ეს დუმილი იმ ისრებზე უფრო მწვავე გამოდგა. 

დიდხანს იდგა გაკაჟებული და უძრავი - შავი ხის ძეგლივით, რომელსაც თეთრი მარმაროს თავი და ოქროთი შეღებილი თმა ჰქონდა. 

- არა, ჯუანშერი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს! 

დედა სიდონიას მოეხვია და მკერდში ჩაჰქვითინა. მხოლოდ ეხლა შეკრთა და გამოერკვა შავი ძეგლი. თეთრ თავზე ხელი გადაუსვა, გაუღიმა, ანუგეშა: 

- ნუ სტირი, დედილო, ნუ... საიმისო არაფერი მოხდა. 

და ამ სიტყვებმა - საამისო არაფერი მოხდაო - და დაობლებული დედის ღიმილმა სამართებელივით დაჰსერეს ოციოდე წყვილი თვალი. ის თვალები ამოძრავდნენ, გაგანიერდნენ, ჯერ ურთერთს ჩაეხლართნენ, მერმე ყველანი სიდონიას უცნაურ თვალებს მიებჯინენ. 

მართამ თეთრი თავი გადაიხარა. ედიშერმაც მოიხედა, და ორივემ შიშითა და გაოცებით აჰხედეს ჯუანის დედას. 

სიდონია კი ისევ იღიმება და ნუგეშს აძლევს - თავის თავსა და დედასაც: 

- ნუ სტირი, თორემ... თორემ მეც ვიტირებ... ღმერთია მოწმე, რომ... ჩემი ბრალი არ არის... ჯუანი არ მომკვდარა, დედი, ბაღში თამაშობს... ზამბახებიც ბევრი აქვს, ძალიან ბევრი. ჯუანი აღარა სჩანს, შიგა წევს... თეთრი კურდღელი უჭირავს... 

თვალები აღელდნენ, ათამაშდნენ. მათი ელვა ოთახს ავსებს. და თვალების ელვას ჩურჩული და თვალების ფურთვნა მიემატა, თითქო ქარში ბუჩქნარი აიშალაო. 

- მე ეხლავე მოვალ. მომიცადეთ. - ამბობს სიდონია და სწრაფი ნაბიჯით გადის. ედიშერიც თან მისდევს. 

მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა ქალაქიდან - დატვირთული ზამბახებით და ათნაირი სათამაშოთი. 

აი, - ავტომობილი ცხედარზე დასდო. - აჰა, თეთრი დათვიც, შეკაზმული ცხენიც, თოფიც და თეთრი კურდღელიც, რომელიც მეორე ოთახიდან გამოიტანა. 

ყველაფერი გვერდით მოუწყო ჯუანშერს. მერმე კურდღელი აიღო და მოჰმართა. 

და იმ პირუტყვის აცქვეტილ ყურებიდან უცებ ჟღარუნი მოისმა. და სულელმა, ცეტმა კურდღელმა ხრინწითა და ჩხაკუნით დაუკრა ვალსის ერთი მუხლი - "დილის სიზმარი". 

ოთახში თითქო ქარიშხალი შემოვარდაო - თვალების ელვა, ჩურჩული და თავების ღელვა გახშირდა. 

სიდონია კი ყურს უგდებს ნაცნობ ვალსს და იღიმება. თვითონაც ოდნავ ირხევა, თითქო ნაცნობ ტაქტს აჰყვაო. მერმე ის კურდღელიც დაადო ჯუანს და დინჯად გავიდა. 

რა თქმა უნდა, ჯუანი არ მომკვდარა - მხოლოდ სძინავს. 

ბავშვი დაასაფლავეს, როგორც ათასებს ასაფლავებენ. ეს სამგლოვიარო გზა სხვათა გზებს მაინც არა ჰგავს. მართა, ედიშერი და ნათესავები ტირილ-ქვითინით მისდევენ. დედა კი ისე მიდის, თითქოს უცხო ვინმეს მიაცილებსო. 

თქმა არ უნდა, ჯუანი ცოცხალია! 

ხელები დედისა და ქმრის მკლავებში აქვს გაყრილი. როცა ერთს ან ორივეს დარდის ბოღმა ნამეტნავად მოაწვებათ, სიდონია მოსამძიმრის საქმეს კისრულობს: 

- ნუ, დედილო, ნუ!.. ედიშერ, თავი შეიმაგრე! ნუ სტირით, სირცხვილია!.. დამიჯერეთ, საიმისო არაფერი მომხდარა მეთქი. 

კუბო რომ ჩაუშვეს, დედამ პირი მოიბრუნა და წეღანდელივით ძეგლად გადაიქცა, ხოლო როდესაც მიწამ კუბოს თავი აარახუნა, ძეგლმა ორი თითი ყურებში ჩაირჭო და გულშიც მარგილივით ჩაიჭედა: 

- არა, ეს ჯუანი არ არის! 

და იმ მარგილს უფრო-და-უფრო ღრმად ინერგავდა: 

- არა! არა!! ჯუანი არ მომკვდარა!! არ მომკვდარა!!! 

და იქიდანაც თითქო გულმშვიდად და უდარდოდ დაბრუნდა, თან უზრუნველი ღიმილი და რწმენის უღრმესი პალო წამოიღო: 

- არაფერიც არ მოხდა! ჯუანი ბაღში თამაშობს, წაღვერის ბაღში... ზამბახების კონა უჭირავს. ოღონდ ძალიან ცხელა... მზემ არ დაჰკრას ბიჭიკოს. აქ კი... აქ არაფერიც არ მომხდარა. 

რა თქმა უნდა, არ მომხდარა! ჯუანი რომ მომკვდარიყო, სიდონია სასაფლაოდან ვერის ხიდზე უნდა წასულიყო, ან ჭერში უნდა აპარულიყო და თან სამიოდე ადლი თოკიც უნდა აეტანა. ამ სურათს კი ისევ პირველი სჯობია: 

ჯუანშერი წაღვერშია. ბაღში თამაშობს და - 

- ზამბახები ბლომად აქვს. - ხმამაღლა ამბობს შინისკენ მომავალი დედა. 

- ბლომად აქვს. - უდასტურებს ედიშერი. 

- ოღონდ მეტის-მეტად ცხელა. - ოხრავს სიდონია. - უუუჰ, ძალიან ცხელა! 

ედიშერს უკვირს. გრილი ქარი ჰქრის. ტყვიის ღრუბლები მამადავითის უბანში ჩამოწვნენ. გამვლელნი იბუზებიან. ქალაქს ბინდი ეხვევა. სიდონიას კი ეშინიან: 

- მზემ არ დაჰკრას ჯუანს. 

ედიშერმა სიდონია მართას ჩააბარა და ახალი ექიმის - ნევროლოგის მოსაყვანად წავიდა. 


* * * * * * *


ეხლა სიდო ისევ ფრიდონ დორაშვილის წინაშე ზის. ისევ კურდღელს არწევს და ექიმს უღიმის. 

ეს არის ეხლა შეიკრა ღილები. ექიმმა გასინჯა. 

- რას მეტყვით, ბატონო ექიმო? - ეკითხება. 

- ჯანმრთელი ხარ. არსად არაფერი გეტყობა. 

- ნემსების ჩხვლეტასაც ვგრძნობ, მაშასადამე, მართლა ჯანმრთელი ვყოფილვარ. - გულში კი გაიფიქრა: - მაშასადამე, ჯუანიც ცოცხალია. 

წეღან ყოველივე უამბო ექიმს: ჯუანის სენის დასაწყისი, სირბილი ეტლით, ქროლვა ავტომობილით და დაგვიანება მატარებელზე - პირველზე, მეორეზე და მესამეზედაც. 

- რა თქმა უნდა, ამის ბრალია, მარტო ამის ბრალია, რომ ჯუანს ჩამოყვანა დავუგვიანე... - და უცებ გასწყვიტა, თითქო შიშის ელდა ეცაო. კინაღამ წამოსცდა: "შრატის შეშხაპუნება". 

- რა დაუგვიანე? - ორივე ხელით წასწვდა ამ სიტყვას პროფესორი. 

- არაფერი... ისე ვთქვი. 

- მაინც, ქალო? სთქვი, რა დაუგვიანე? 

- არაფერი მეთქი. 

- მაშ... ჯუანი რომ ავად გახდა, ექიმი მაშინვე მოუყვანე? 

- რა თქმა უნდა! მაშინვე მოუყვანა გადიამ - გამზრდელმა, და მეც მაშინვე წამოვიყვანე. მხოლოდ ოთხი საათით დამაგვიანდა. 

- შენ ბრალი არ გედება, ქალო. შენ შენი ვალი პირნათლად შეგისრულებია. - გარკვევით ამბობს ექიმი და თავის შავ თვალებს სიდონიას თვალებს უყრის. 

- მართლა?! - წამოვარდა დედა ბავშვივით გახარებული. - ხომ მართალია, ხომ? - გვერდით მიუჯდა, მკლავზე მოეხვია და თავი მხარზე მიაყრდნო, თან ეაჯებოდა, ემუდარებოდა: - მართალი მითხარით, ფრიდონ... ბატონო ფრიდონ, ბრალი ხომ არ მიმიძღვის, დანაშაული ხომ არ ჩამიდენია? 

- არა, ქალო, არა. შენი რა ბრალია! ბავშვს ხუნაგი შეეყარა, ვერ მოერია და მოკვდა. 

დედა უცბად მოსწყდა დორაშვილის მკლავს, თითქო სიტყვამ "მოკვდა" გველივით უკბინაო. გაბუტულივით გამობრუნდა, დაჯდა და გახევდა, თან ექიმს ალმაცერად ესროდა ნაწყენ თვალებს. 

ფრიდონმა ხანგრძლივი დუმილი დააფრთხო: 

- კიდევ მიამბე რამე, ქალო, - ეუბნება ექიმი. - მიამბე შენი ადრინდელი თავგადასავალი. 

ნაწყენი დედა უცბად გამობრუნდა, გამხიარულდა: 

- სიყვარულის ამბავი გიამბოთ? 

- ძალიან კარგი, სიყვარულისა იყოს. 

- ექიმო, დილამდე ვერ გავათავებ. - იცინის სიდონია. - ოცდა-ექვსისა ვარ და ოც-და-ექვსჯერ მაინც მიყვარდა. ხა-ხა-ხა! 

- ყოჩაღ, ქალო! ხო-ხო-ხო! ყველანი ერთად, არა? 

- არა, არა, ზოგნი ცალ-ცალკე, ზოგჯერ კი ორი და სამი ერთად. 

- ყოჩაღ, ქალო, ყოჩაღ! მომწონს აგეთი დამტევი გული. 

- ერთხელ, მახსოვს, ოთხი შემიყვარდა. ხა-ხა-ხა! 

- ოთხივე ერთად, ხო-ხო! აბა, უკანასკნელი სიყვარულის ამბავი მიამბე. როდის იყო, ვინ იყო, ან ვინ არის? 

სიდონიამ ეჭვით გადაჰხედა: 

- რათ გინდათ, ვინ იყო? ეხლა მაინც არავინა მყავს. 

- კარგი, მჯერა! ეს მაინც მითხარი, როდის მოხდა უკანასკნელი? 

- ვინ იცის, აღარც კი მახსოვს. თუმცა... მახსოვს, მახსოვს სანამ ედიშერს შევხვდებოდი, ხუთი წლის წინათ. 

- რა თქმა უნდა, ზოგმა გიპასუხა, ზოგმა კი... 

- რა თქმა უნდა, ყველგან ვერ გავიმარჯვე, ამიტომ... 

- ამიტომ რამდენჯერმე დააპირე თავის მოკვლა, არა? 

- ეგეც იცით ? 

- ვიცი, მე ყველაფერი ვიცი, არაფერი დამემალება. 

- მართალია, დავაპირე, მაგრამ ვეღარ გავბედე. ერთხელ მუხლამდე მტკვარში შევედი, მაგრამ გაციებისა შემეშინდა და გამოვბრუნდი - ხა-ხა-ხა! 

- ხო-ხო-ხო! მერმე? მერმე? 

- ბევრჯერ სხვანაირადაც დავაპირე. აი, დღესაც... და უცებ გაჩუმდა, თითქო გულის სარკმელი მიიხურაო. ექიმი კი მარწუხით ეცა ამ სიტყვას: 

- რა იყო დღეს?.. რას აპირებდი?.. რა მოხდა? 

- არაფერი. 

და ლოკოკინასავით ჩაძვრა დუმილის ნაჭუჭში. 

- მაინც, სიდონი, მაინც? - არ ეშვება ექიმი. მერმე თვითონაც ჰშველის: - მაშ მე გეტყვი. 

სიდონიამ თითქო სოროდან გამოიხედა. 

- აბა, მითხარით. 

- დღეს დილით, როცა გამოიღვიძე, ისევ გადასწყვიტე თავის მოკვლა, მაგრამ ვერ გაჰბედე. 

- მართალია. - მორჩილი ხმით ამბობს სიდონია. 

- საწამლავი რა უყავი? 

- ფანჯრიდან გადავაგდე. 

- ძალიან კარგი გიქნია. მომწონს. 

- ვერა ვბედავ. ძალა არა მაქვს. - თითქმის სტირის ქალი. 

- არც საჭიროა მეთქი. ეხლა მითხარი, რად აპირებდი დღეს დილით თავის მოკვლას? 

სიდონია ისევ ნაჭუჭში ჩაძვრა, თან აიშალა და აიმრიზა. ექიმი კი კვალ-და-კვალ მისდევს, თითქოს ენაში ხელი ჩაავლო და თავისკენ ეწევაო: 

- მაშ არ მეტყვი? რად მიმალავ, რა გაქვს დასამალი? - და ხმა რომ ვეღარ ამოიღო, ისევ თვითონ მიეშველა: - მაშ ისევ მე გეტყვი. 

სიდონია სდუმს, ტუჩებს იკვნეტავს და ჭერს შესცქერის, თითქოს ექიმის ჩანგალს გაურბისო. 

დორაშვილი კი აღარ ასვენებს - ულმობელია, კერპია. 

- მაშ მე გეტყვი. მიზეზი ის იყო, რომ... - და მკაფიოდ, ხაზგასმით, დაუნდობლად ეუბნება, თითქო შანთით სდაღავსო: - მიზეზი ის იყო, რომ შვილი მოგიკვდა! ჯუანშერი მოგიკვდა! გაიგე? გესმის? შვილი მოგიკვდა მეთქი!! 

სიდონიას ესმის, მაგრამ არც ესმის. რა თქმა უნდა - გაიგო, მაგრამ თითქო ვერც გაიგო. ჯერ ექიმის თითო სიტყვაზე თითოჯერ შეკრთა, დაიბნა, მაგრამ უმალ განმტკიცდა. გაიღიმა და დღეს დილით გამოკვეთილი ფარი ეხლაც მოიხმარა: 

- არა, ექიმო, არა. ჯუანშერი არ მომკვდარა! 

- მაშ დღეს ვინ დამარხე? - ულმობელობს დორაშვილი. 

- ბატონო ფრიდონ, არ მეგონა, რომ... ასეთი მკაცრი ადამიანი იქნებოდით. 

- ეხლა, ამ ოთახში, ადამიანი კი არა ვარ, არამედ ექიმი, მხოლოდ ექიმი. 

- მერმე, განა ექიმს აგეთი მძაფრი სული უნდა ჰქონდეს? 

- ქალო სიდონი, თავი დაანებე ჩემს სულს და საკუთარზე იზრუნე. - შეურბილა ექიმმა. - მითხარი დღეს ვინ დამარხე მეთქი? 

- ვიღაცა. 

- ვინ იყო ის ვიღაცა? 

- სალომეს შვილი. არ იცნობთ სალომეს? წამომყეთ, გაგაცნობთ. 

ხელი წაავლო, მეორე ოთახში გაიყვანა და სარკეში ჩაახედა. 

- აი, გაიცანით სალომე. ედიშერის მეორე ცოლია და შვილიც ამას მოუკვდა. 

- ხუმრობას თავი დაანებე, სიდონი. შვილი მოგიკვდა მეთქი. 

- არა. ბატონო ფრიდონ, არა მეთქი! 

- მაშ სად არის ეხლა შენი ვაჟი? 

- წეღანაც გითხარით, სძინავს მეთქი! 

- მაჩვენე. წამო, მაჩვენე. 

- აკი გითხარით, ღამეა, გაიღვიძებს მეთქი. 

- შორიდან მაინც დამანახე. 

- არ შეიძლება... არ შემიძლია მეთქი. 

- აგრე იყოს. მაშ ხვალ დღისით მოვალ. 

- მობრძანდით, მაგრამ... 

- მაგრამ? 

- მაგრამ ისა, რომ... რომ დღისით ჯუანშერი იქ არის... წაღვერშია. 

სიდონია უცბად გაჩუმდა, გაშტერდა, ერთ წერტილს ჩააცივდა და თვალები მიჰბლიტა - დილანდელივით, როცა ხელმეორედ გააჩინა ჯუანშერი. 

ექიმი წამოვარდა, ერთი ხელი მაჯაში წაავლო, მეორე კი თავზე დაადო და გახევდა. 

ქალი სომნამბულობამ შეიპყრო: თავი ჩაჰქინდრა, ჩაფიქრდა, მეორე ქვეყანაში გადავიდა. მერმე ნეტარი ღიმილით გაიღიმა და ნაგლეჯ-ნაგლეჯად აბუტბუტდა, თითქო ქადაგად დაეცაო: 

- ზამბახები... ყვავილები... ბაღი... ტყე... 

- სად? - ჩასჩურჩულებს ექიმი. - სად არის ეგ ბაღი? 

- წაღვერში. - ხანგრძლივი დუმილისა და ყოყმანის შემდეგ ჩურჩულებს გულყრილი, და უმატებს: - ბაკურიანშიც. 

- წაღვერში ვინ არის? 

- ჯუანი... ჯუანშერი. 

- მარტო ჯუანშერი? კიდევ ვინ? - ფრთხილად ეკითხება დორაშვილი. 

სიდონია პასუხს არ აძლევს და განაგრძობს მოგონებას: 

- ბაღში თამაშობს. ოდნავ სიცხე აქვს... ცხელა... მზემ არ დაჰკრას... კარგად მოუარე, გადიავ, თეთრ კურდღელსაც გაუფრთხილდი... იმის ნაჩუქარია... 

- ვისი ნაჩუქარია? 

- იმის... ძვირფასია ჩემთვისაც და... და ჯუანისთვისაც. 

- ვისი ნაჩუქარია მეთქი, ვისი! 

ცნობიერების გაღმა გასული სიდონია ვიღაცას თუ რაღაცას ებრძვის, ექიმი კი სცდილობს გაღმიდან ისევ გამოღმა დააბრუნოს: 

- სიდონი, ჯუანშერი მოკვდა! - აგონებს დედას. 

მაგრამ დედა კერპობს: სდუმს და დუმილით რჩება ოცნების ქვეყანაში. დორაშვილი მაინც თავისას ჩასძახის: 

- გაიგე, ქალო, შენი შვილი მოკვდა მეთქი... მოკვდა! მოკვდა! დაუბრუნდი სინამდვილეს!.. დაუბრუნდი!.. დაუბრუნდი!.. 

მაგრამ სიდონია ისევ წაღვერშია - თავის შვილთან, ჯუანშერთან: 

- ჯუანი ოდნავ უქეიფოდ არის... გაუფრთხილდი, გადიავ... მე მივდივარ. 

- სად? - გულში უძვრება ექიმი. - სად მიდიხარ? 

- ბაკურიანში. 

- ჯუანი რომ ავად არის? 

- ექიმს დაუძახეთ... მეც მალე დავბრუნდები. 

- როდის? 

სიდონია ყოყმანობს, მაინც უპასუხებს: 

- ხვალ დილით. 

- დროზე დაბრუნდი? - სიდონია სდუმს და იღუშება. - სთქვი, როდის დაბრუნდი მეთქი? 

გულშემოყრილი იბრძვის, ჰბორგავს, რაღაცას თუ ვიღაცას ეომება. ბოლოს. მაინც ლუღლუღებს: 

- მესამე დღეს... არ გამომიშვა. 

- ვინ? ვინ? 

ისევ ბორგვა, ბრძოლა და ფართხალი. 

- სთქვი, ვინ არ გამოგიშვა მეთქი?.. ვინ იყო?.. რა ჰქვიან?.. - გაზით ეწევა ყურალესილი ექიმი, მაგრამ მისი გასაღები ვეღარ უდგება თითქმის გახსნილს გულის კლიტეს: გულყრილი სიდონია ისევ ჯიუტად იკეტება დუმილში. 

ექიმი ისევ თავის ალაგზე ზის - სიდონიას პირდაპირ. გონმოსული დედაკაცი კი გაოცებით უმზერს მას, უღიმის და აბლეტილ თვალებს იფშვნეტავს, თან თავისთვის ბუტბუტებს: 

- თავი მტკივა... მეძინება. 

- ღამე მშვიდობისა, ჩემო სადონი! 

- ძილი ნებისა, ბატონო ფრიდონ! ნუ დამივიწყებთ... რაკი გზა გამოიკვლიეთ, ხშირად მნახეთ. 

- კეთილი, დაგხედავ ხოლმე. ოღონდ მურაბები დამახვედრე და... - ღიმილით თითი დაუქნია - და გული გამიხსენი, ნუ მომატყუებ, თორემ... მე ვერაფერი და ვერავინ დამემალება. 

- მართლა? ვითომ? - უკვე კეკლუცობს სიდონია. 

- გარწმუნებ, აგრეა, არც შენთვის ვარგა. თუ გინდა დამშვიდდე და გაბედნიერდე, ამ ქვეყანას დაუბრუნდი და ყველაფერი დამიჯერე. 

- ყველაფერი დაგიჯეროთ?! - და შავი თვალები თავისებურად აათამაშა. - ყველაფერი?! 

- დიაღ, ყველაფერი, ყველაფერი. 

- სახიფათოა, ბატონო ექიმო, სახიფათოა, რადგან... რადგან მე ძალიან მომწონს ორმოციოდე წლის მამაკაცი, თქვენისთანა შავგვრემანი, ხა-ხა-ხა! აკი, აკი გაგიხსენით გული, დანარჩენი მერმე იყოს. 

- მაშ მოგწონვარ, სიდონი? მართლა? ხო-ხო-ხო! მაშ ავშენებულვარ, აბა, ბედნიერად და გამარჯვებით. მაგრამ კარგად დაიხსომე: ამ ქვეყანას დაუბრუნდი, ღრუბლებში ცხოვრება ძალიან სახიფათოა. ჩამოვარდები და დაიმსხვრევი. გარდა ამისა, თუ ერთხელ კიდევ დამიმალე სიმართლე, წავალ და აღარ მოვალ. მშვიდობით, თეთრო დედაკაცო! 

- ნახვამდის, შავო მამაკაცო! 

- მართლა, - მოტრიალდა კარებში დორაშვილი და სიდონიას თითქმის მკერდზე დაადო თითი: - ეს რა არის? 

- ესა? - დაიბნა სიდონია. - ესაა?.. ეს არის კურდღელი .. თეთრი კურდღელი. 

- ვისია? ვინ მოგცა? 

- ჩემია... ჩემი და ჯუანისა. უკრავს, ძალიან კარგად უკრავს. ხომ არ გინდათ დავაკვრეინო? 

და მოსამართად სამიოდეჯერ გადაატრიალა. 

- არა, არ მინდა. - ხელით შეაწყვეტინა მომართვა. - ვინ აჩუქა მეთქი ჯუანშერს?.. არ მეუბნები? მიმალავ? შენი საქმეა, შენ იცი. გირჩევ - ან გადააგდე, ან დასწვი, ან დაამსხვრიე და მტკვარში გადაჰყარე. მშვიდობით იყავი! - რკინის ზოდებივით მოაყარა და კიბე ჩაირბინა. 

კარი მიუკეტა, გამობრუნდა და, მართა რომ არ მიჰშველებოდა, ოთახის შუაგულში გაიშოტებოდა. 

თეთრი კურდღელი მაინც მიიხუტა და მთვრალივით გაჰყვა გულამომჯდარ დედას. 


* * * * * * *


ედიშერი სტუდენტია. ღამით მსახურობს, შუადღემდის სძინავს, მერმე ლექციებს ამზადებს, ხოლო საღამოზე უნივერსიტეტში მიდის და იქიდან კლუბისკენ მიეჩქარება. 

ეხლაც თავჩაქინდრული ზის და გაკვეთილს იზეპირებს, უფრო კი თავის უბედობას დასტირის. მართაც იქვე ტრიალებს და ჭურჭელს აჩხაკუნებს. 

თეთრი სიდონია კი დაკარგულ ბატივით დაბორიალებს და უდარდელად ღიღინებს, თან კურდღელს დაათრევს. 

ზოგჯერ ვაჟის ფოტო-სურათებს მიადგება, კედელზე რომ ჩამოჰკიდა ამას წინათ, და დიალოგს გაუბამს, თან ჯუანის ნაცვლად თვითონვე იძლევა პასუხს. 

აი, ეხლაც კედელს მიებჯინა და მიესალმა: 

- ჯუან, გამარჯობა, გენაცვალოს სიდო! 

- გაგიმარჯოს, დედილო! - თვითონვე წრიპინებს შვილის ხმით. 

- როგორა ხარ, როგორ გეძინა, ჩემო ბაჭიავ? - მზრუნველობით ეკიდება დედა. 

- ძალიან კალგათ, შენა? - ეკითხება ჯუანიც. 

- მე? კარგად ვერა ვარ, ჩემო ბიჭიკო, აი, ყველანი მეუბნებიან - გავხდი და დაუშნოვდიო. 

- ლათა, დედილო, ლათ გახდი? - გრძნობით ჰკითხავს ჯუანშერი. 

- იმიტომ, გენაცვალოს მაგ თვალებში დედიკო, - სჩივის სიდონია. - იმიტომ გავხდი, რომ ძილიც დამეკარგა და მადაც, ვეღარაფერს ვჭამ. 

- ლათა, დედიკო, ლათა? 

- იმიტომ, გენაცვალე მაგ კიწნებში, - მთრთოლვარე ხმით შესჩივის თავის თავს დედა, - იმიტომ, რომ არ მასვენებენ... მტანჯავენ... მაწამებენ. - და დუმილის შემდეგ მისი საჩივარი სდუღს: - ვინა მტანჯავს? შენ, შენა... მეტი არავინ... მარტო შენ... მხოლოდ შენ. 

მინას ლოყით მიეკრო და გაინაბა. მერმე, მართას ჩუმი ქვითინი რომ მოესმა, მობრუნდა და დედას მოეხვია: 

- დედილო, რა გატირებს?.. რა ვქნა, რა დაგემართა? 

შემდეგ თავჩაღუნულ ედიშერს დაადგა და კისერზე გამხდარი მკლავები შემოარკალა: 

- შენ რაღა მოგივიდა, ედიშერ?.. რად ასველებ მაგ წიგნს?.. აიხედე, თავი ასწიე... ნუ დაალბე ეგ წიგნი, თორემ მეორეს აღარ გიყიდი... გესმის?.. გესმით?.. გაჩუმდით, გაჩუმდით მეთქი, თორემ აგერ, ვიღაც მოვიდა. კარებს აკაკუნებენ. გაუღე, დედილო. 

მართა ცრემლის წმენდით გავიდა. 

- შვილო კატუში! - მოისმა ტალანიდან, და სამი წლის ქალიშვილი შემოიყვანა. 

კატო ჯერ მამამ აიტაცა და ჩაიკრა. მერმე იატაკზე ჩამოსვა, სიდონიასკენ მიაბრუნა და უთხრა: 

- წადი, გენაცვალე, წადი დედასთან. 

დედა სავარძელში ზის და შვილს უბღვერის. კატო ყოყმანობს. თითს პირში იტრიალებს, დედას გაოცებით შესცქერის და ეჭვიანობს. აღარ იცის, როგორ დაუხვდება მშობელი - ისევ წინანდელივით დაუყვირებს და გამოაგდებს, თუ ადრინდელივით მოუალერსებს, როგორც ეალერსებოდა მაშინ, წაღვერიდან დაბრუნებამდე. 

მერმე გაჰბედა, გაუცინა და ხელგაშლილი გაიქცა, თან მიაძახა: 

- დედილო! 

დედილომ პირზე ზიზღი აიკრა, ბავშვი მანძილზე შეაყენა. წამოხტა და მიაძახა: 

- რად მოხვედი?! რად მოიყვანეთ?!. წადი, მომშორდი!.. წაიყვანეთ!. თვალით აღარ დამანახოთ! - და კარები გაიჯახუნა. 

აქეთ ოთახში პაწაწა კატო გულამოსკვნით სლუკუნებს, მოზრდილები კი უხმოდ იცრემლებიან, ხოლო კედლის იქით სიდონია ჰბორგავს. 

- ეს გადარჩა... ქალი გადამირჩა, ვაჟი კი... ჩემი ბიჭი კი... ბიჭიკო... ჯუანი... ჯანი... ჯუანშერი... 

და გულით, ან აზრითაც ვერა ჰბედავს სათქმელი დაამთავროს - "ჯუანი კი მოკვდაო". 

მაგრამ სიდონიას მაგივრად სხვა ვიღაც თუ რაღაც ბნელ ქვესკნელში ჰკაწრავს დედას: 

- მოკვდა!.. მოკვდა!.. მოკვდა!!! 

და ეს სიტყვა დამდნარ ლითონივით მწვავე და მძიმე, იმავე ლითონის წვეთებივით წკაპუნობს დედის ტვინსა და გულში, დნება ძარღვებში, უდუღებს სისხლს და ალივით ედება მთელ სხეულს - თავიდან ხელების თითებამდის და ყელიდან ფეხის ქუსლებამდე. 

- ჯუანშერი მოკვდა!.. მოკვდა!. მოკვდა!! 

ეს ქვეყანა მეტის-მეტად ცხადია, ნამდვილია, ხოლო სინამდვილე მეტად უხეშია, ფოლადივით მტკიცე, ქვასავით უდრეკი, დორაშვილივით მკაცრი და "იმ დღესავით" საზარელი. აქ, ამ ქვეყნად, ამ მიწაზე ჯუანშერი მკვდარია, - ჯუანი მოკვდა, ორი თვის წინად მოკვდა! - იქ კი, გაღმეულში, ჯუანშერი ისევ ცოცხალია, და იქ ყოფნაც საამურია. 

ამჟამად იქ, ნოემბრის დამლევს, ისევ ზაფხულია. ისევ აგვისტოს დამლევია. შუადღე მოდის. მზე დნება და წაღვერსაც დამდნარ ოქროში აბანავებს, ჯუანი ბაღში თამაშობს, ზამბახებს ჰრწყავს. მერმე თეთრ კურდღელს ჰმართავს, - აი, ამ კურდღელს, დედას რომ ეხლაც მკერდში აქვს ჩახუტული. 

რა საამურია იმ დროინდელი წაღვერი! თუმცა - აღარ არსებობს "იმ დროინდელი". 

დრო მოკვდა, გაიყინა. 

სიდონია ეხლაც წარსულშია, ან წარსულია სიდონიას სულში - ეს ხომ სულ ერთია! ეხლაც ოცი აგვისტოა და ამ დღეში - სიდონიას სულსა და გულშიც - სამივე დრო შეიკრა და შედუღდა: წარსული, აწმყო და მყობადიც. 

დრო მოკვდა, გაიყინა, შესდგა! 

და თვითონ სიდონიაც იმ გაყინულ დროში გაიყვანა. მხოლოდ იმ დროში - აგვისტოს მისალევში - წაღვერსა და ბაკურიანში ტრიალებს, რადგან ის დროც და ალაგებიც ამ დედაკაცს დასტრიალებენ. 

და თავის საწოლზე გაშოტილ სიდონიას კვლავ იმ ღამის ამბავი ელანდება: 

- რაკი აგრე დაიჟინე, - ჰბოდავს თეთრი დედაკაცი, - წამოგყვები... მაგრამ პირობა არ დაივიწყო: ხვალ დილით ისევ უნდა დავბრუნდეთ... არ მომატყუო, თორემ... ჯუანი ავად არის... 

ჩასხდნენ და წავიდნენ, გრილი ღამე იყო. 

- ცივა... გამათბე. - უთხრა მაშინ სიდონიამ და ეხლაც ბუტბუტებს: - ცივა... გამათბე... 

და როგორც მაშინ, ეხლაც იბუზება, თბება, ვიღაცას ეხვევა, ჰკოცნის და ჰბოდავს: 

- შე გიჟო... გაგიჟდი და მეც გამაგიჟე... არ დამახრჩო. - და თვითონაც მკლავებით ახრჩობს ვიღაცას. - არ დაგვინახონ... უუჰ, როგორ ქანაობს ეს მატარებელი! 

და სიდონიაც ქანაობს საწოლზე, როგორც ბავშვი აკვანში. მერმე იღიმება და ამბობს: 

- მადლობა ღმერთსა, ძლივს ამოვედით!.. გათენდა კიდევაც... მართლა გათენდა, როცა ბაკურიანში ავიდნენ. 

- უუჰ, რამდენი ნისლია! - უკვირს სიდონიას ეხლაც. - მზეს შეჰხედე, მზეს!.. როგორ ამოდის!.. როგორა ჰკრეფავს ნისლსა!.. ერთი გაიხედე, რა მაღალი მთებია!.. დაბურული ტყე... ხშირი ბალახი... არა, არა, ჯერ ნუ შევალთ. ტყეში ნამია... ფეხი დაგვისველდება... გავცივდებით... 

სანამ სიდონია და თანამგზავრი დილის ჩაის სვამდნენ, მზემ ის ნისლი აჰკრიფა, ღრუბლად აქცია და ცხრა წყაროს მთებს ბამბის დოლბანდივით მოახვია. ნამიც მალე ალოკა და ქალაქელი მოაგარაკენი ფიცრულებიდან გამორეკა - ზოგი წყალზე, ზოგი ტყეში, ზოგიც ბაზარზე. 

გამოვიდნენ, ჭალა გაიარეს და კოხტა გორას შეუდგნენ. 

- უუჰ, რამდენი ყვავილია! - უკვირს სიდონიას საწოლზედაც. - მერმე რამდენნაირი! ზამბახები... შროშანები... ამას რა ჰქვიან - შქერი? რა ლამაზია! ამას - დეკა? ყოჩაღ, ბარძიმ! - და ეს სახელი პირველად ახსენა. 

რა იცოდა სიდონიამ, რომ ყურაცქვეტილი ედიშერი ამ დროს თავთ ედგა და ცოლის ყოველ სიტყვაზე თოკივით იკვანძებოდა! და ეს სახელი რომ გაიგო, შეკრთა და გახევდა, სიდონია კი ისევ ბარძიმს მისდევს. ეხლა ალბათ ბოტანიკურ ბაღში არიან. 

- მაშ ეს მცენარე ჯუჯა ტირიფია? ლათინურად რა ჰქვიან? სალიქს რეტიულატა?.. ხა-ხა!.. გცოდნია ბოტანიკა. ტყუილად კი არ ბერდები უნივერსიტეტში... ეს რაღა არის, აი ეს, ლურჯი ყვავილი რომ აქვს? ასისთავა? ხა-ხა! მაშ ათისთავაც აქვე იქნება სადმე... ნელა, ბიძინა, ნუ ცუღლუტობ! მეტკინა... აბა, თუ მართლა იცი რამე, ამ ყვავილის სახელიც მითხარი. რაო, ქართული სახელი არ იცი? მაშ ლათინური სთქვი... სოლდანელლა ალპინა, - რა ხმოვანი სახელი ჰქონია!.. აი, ქრისტეს ბეჭედი. აი, მთის ია... ესეც მთის ფიჭვი. ამათი სახელი ხომ მეც ვიცი... მეც მისწავლია ბოტანიკა... უუჰ, რა დაბურულ ტყეში შევედით! 

დიდხანს იარეს. 

- დავიღალე... ხელი მომეცი... გენაცვალეთ, რამდენი მარწყვია... აგერ, ჟოლიც. აბა, მიშველე, დავუკრიფოთ ჯუანშერს... 

დიდხანს ჰკრიფეს. მერმე, როცა დაიღალნენ, მაღალ ბალახებში მიწვნენ. 

- ბიძინა, ჩემო ბიძი... მიყვარხარ... უუჰ, რა ცხელი და რბილი ტუჩები გაქვს! - და თვითონაც გაგიჟებით ეხვევა და ჰკოცნის ბიძინას, თან ლუღლუღებს: - ნუ გადაირიე... რას შვრები, ბიძი!.. ნუ, გენაცვა, ნუ!.. არ მინდა... მე არ მინდა... თავი დამანებე მეთქი! - ეხლაც ხელები განზე გადაყარა და უნძრევლად, უპასუხოდ მიიბნიდა, თან მორჩილი ხმით უსაყვედურებდა: - გეუბნები, არ მინდა მეთქი... მაგრამ, რაკი აგრე დაგიჟინია... ფუჰ, რა საძაგლობაა!.. მომშორდი, დამეკარგე!.. თვალით აღარ დამენახო, ნურც შენ შემომხედავ... ფუჰ, ფუჰ! 

პირსახეზე ზიზღი აისახა და თავი კედლისკენ მიიბრუნა. 

სულგანაბული, თავჩაღუნული და ბრაზისგან აკანკალებული ქმარი ლამის ყელში წასწვდეს ცოლს. აღარც თვითონ არის ამ ქვეყნისა. თვითონაც მოღალატე ცოლს გაჰყვა და გონებით ბაკურიანის ტყეში გადასახლდა. 

სიდონია ქმარს ვერა ჰხედავს, ედიშერი კი - ფრიდონ დორაშვილს, რომელიც კარგა ხანია მოღუშული სდგას იმის უკან და გონწასული ყოველ სიტყვას ედიშერივით იჭერს. 

ისედაც დაიგვიანა ექიმმა. აქამდისაც უნდა დაევლო ქმრისთვის ხელი და გაეყვანა. ექიმისა და სნეულის შორის მესამე არავინ უნდა ჩადგეს - თუნდაც ქმარი. 

მხარზე ხელი დაავლო, მოაბრუნა. თითით დუმილი უბრძანა და თვალით კარებისკენ ანიშნა. 

მოდრეკილი და შეჭარხლებული ქმარი ფეხაკრეფით გავიდა. 

ეხლა სიდონიას ედიშერის ნაცვლად ექიმი უზის თავთან. ცალი ხელით სიდოს მაჯა აქვს ჩაჭერილი, მეორე ხელი კი იმის თავზე აქვს დაბჯენილი. 

გულყრილი გაბუტულია. მერმე ნელნელა იშლის პირსახეს და შერიგების კილოთი სტუქსავს ბიძინას: 

- საძაგელო!.. დამეკარგე, ხმას ნუღარ გამცემ მეთქი... არც შენი ნახვა მინდა, არც ხელი... ტყუილად მკოცნი, არ შეგირიგდები. 

მაგრამ ურიგდება. რამდენჯერმე ცივად ჰკოცნის ჰაერს და იღიმება. 

- საძაგელო... დინჯი ვინმე მეგონე. შენ კი ქარაქუცა ჰყოფილხარ. ხა-ხა-ხა! ქარაქუცა! ქარაფშუტა! ჩიტირეკიავ! აბა, თუ ბიჭი ხარ, დამეწიე. 

სიდონია მირბის. ხელებსა და ფეხებს იქნევს. იღლება, ჰხვნეშის და ძლივს-ღა სუნთქავს. მერმე აჩქარდა და ბიძინაც ააჩქარა: 

- წავიდეთ... დავბრუნდეთ, თორემ ჩემი ბიჭიკო, ჯუანშერი ავად არის... ვინ იცის, რა დაემართოს. 

დიდხანს სდუმს. მერმე გრძნობს, რომ მოურიდებლად მისსა და ბიძინას ბაასში ვიღაც მესამე ერევა: 

- რატომ არ მოდიხარ? - ფრთხილად ეკითხება დორაშვილი. - დაიგვიანებ. 

- ბიძინა არ მიშვებს. - თავს იმართლებს სიდონია. - ამბობს, ჯერ თორმეტიც არ არისო... მატყუებს. 

- ეხლა სადა ხარ? 

- ბაკურიანში... კოხტა გორაზე ავდივართ... ბიძინა მიმტკიცებს, ვითომ ისტორიული ალაგი იყოს... აქ მოხდა შეთქმულთა კრება... აჯანყებისათვის ემზადებიან - მონღოლთა წინააღმდეგ... აქ მოიყარეს თავი შოთა რუსთაველმა... ამირ-სპასალარმა შანშემ... ავაგ ათაბაგმა... სამეფო კარის ვაზირმა ვარამ გაგელმა... მეც ვიცი ეგ ამბავი, ბიძანა... მისწავლია... მამამაც მიამბო... მერმე ყველანი დააპატიმრეს, ანისში წაიყვანეს... აწამეს... ტიტვლები მზეში დასხეს, ტანზე თაფლი წაუსვეს... უუჰ, რა საშინელი წამებაა!.. მაინც ვერ გამოტეხეს. 

- მერმე? მერმე? 

- მერმე მათი მეგობარი, თანაშეთქმული ცოტნე დადიანი მოვიდა... თვითონაც გაიხადა... თაფლი წაისვა... გვერდით მიუჯდა... ჰკითხეს... უთხრა: მეც ამათში ვერიე და ამათი ჭირიც უნდა გავიზიაროო... გაუკვირდათ მონღოლებს ქართველთა რაინდობა და ყველანი გაანთავისუფლეს. 

- მალე დაბრუნდები? - ჰსურს დორაშილს თავის გზაზე გადმოიყვანოს სიდონია. 

- ჯერ მივდივართ... საცაა ავალთ... ზოგნი თურმე ამბობენ, ეს ამბავი მეორე კოხტა გორაზე მოხდაო... სადღაც იქით ყოფილა - მესხეთისა და ჯავახეთის საზღვარზე. 

- იგვიანებ, სიდონი. აჩქარდი, მატარებელი მიდის. 

ექიმის ფანდი სჭრის. სიდონია ჩქარობს. ეტყობა, მორბის, ხშირად სუნთქავს, ხვნეშის, შუბლზე ოფლი მოსდის. 

- ჩქარა. ჩქარა!.. დავიგვიანეთ... უუჰ, როგორა ცხელა! 

- მაინც დაიგვიანე, არა? - აჩქარებს ექიმი. 

- დავიგვიანე!.. დავიგვიანე. - თითქო სტირის სიდონია. თან ბიძინას უსაყვედურებს: - შენი ბრალია, შენი!.. ვაი მე, ჩემო ბიჭიკო! ხვალ დილამდის ვეღარ ჩამოვალ. 

- ბიძინამ დროში ხომ არ მოგატყუა? განგებ ხომ არ დაგაგვიანა? - ეკითხება იდუმალი ხმა სიდონიას. 

- რა თქმა უნდა, მომატყუა... განგებ დამაგვიანა... 

- მაშ შენი დაგვიანება ბიძინას ბრალი ყოფილა. 

- შენი ბრალია, ბიძი, შენი... 

- მაშ ჯუანის სიკვდილიც ბიძინას უნდა დაეკისროს. 

შვილის გახსენებაზე სიდონია სიამით იღიმება და ჯუანშერს მკერდზე იხუტებს, თან არწევს და ბუტბუტებს: 

- ჩემი ჯუან... ჯან... ჯუანშერ. რა თბილი ხარ!.. რა თბილი ხარ, ჩემო ბიჭო... ჩემო ბიჭიკო... 

- შენი ბიჭი მოკვდა, სიდონი! - მტკიცე ხმით ჩასჩურჩულებს ექიმი. 

მაგრამ დედას არა სჯერა, ან ექიმისა აღარ ესმის. 

- ჩემი ბიჭი... ბიჭუნი... ბიჭიკო... - და უჩინარ შვილს ვნებით ჰკოცნის და ტანზე ხელებს უცაცუნებს. 

- შენი ბიჭი მოკვდა მეთქი, ქალო! - ჟინიანობს დორაშვილი. - გაიგე, სიდონი, შეიგნე: შენი ვაჟი, შენი ჯუანშერი მოკვდა! მოკვდა! მოკვდა!! 

ექიმის სიტყვები სიდონიას აღარ სწვდება. მისი ხერხი ვეღარა სჭრის. დედის ვნება სჭარბობს დორაშვილის ნებისყოფას. პროფესორმა უიმედოდ ჩაიქნია ხელი და სკამს მიეყუდა. 

ხანი გადის. მიბნედილი სიდონია უცებ ახელს თვალებს, გაოცებით ათვალიერებს ექიმს და ასადგომად იწვეს. 

- ჯუანი, ჩემი ჯუანი. - ბუტბუტებს და შვილს ლოგინზე და ლოგინში ეძებს. - აქ იყო, ეხლა აქა მყავდა. 

- სიდონი! - თითქმის მრისხანედ ესვრის დორაშვილი. 

- აი, აქ იყო... ეხლა ხელში მყავდა. - და თითები ააცმაცუნა, - აქა მყავდა... მისი სითბო თითებზე შემრჩა. 

- სიდონი, გონს მოდი! 

დედამ ექიმი თითქო ეხლა დაინახაო: 

- ბატონო ფრიდონ. რა ამბავია... რა მოხდა? რა დამემართა? 

- არაფერი, სიდო. ძილის დროს შემოგასწარი. ამ ოთახში მოგიცდი. 

მეორე ოთახში ედიშერი დადის - თითქო გალიაში გაუწვრთნელი ლომი შეაგდესო. 

- ედიშერ! - ეუბნება დორაშვილი და მხარზე ხელს ადებს. - ყური მიგდე, ედიშერ. ის, სიდონია, დედაკაცია, სუსტი, უღონოა, ამიტომ ვერ გაუძლო დარდს და ოცნების ქვეყანაში გადასახლდა. მე და შენ კი ვაჟკაცები ვართ. ამიტომ არ შეგვშვენის გულის აფორიაქება. სჯობდა ყური არ დაგეგდო და არაფერი გაგეგო. მაგრამ, რაკი გაიგე, განაგონი გულში უნდა ჩაიმარხო და დაივიწყო. 

- სწორედ იმიტომ, რომ ვაჟკაცი ვარ, განაგონის დავიწყება არ შემიძლიან. 

- რას აპირებ, მითხარი. 

- ეგ მე ვიცი. 

- აგრე იყოს. მაგრამ ერთი რამე მაინც გამიგონე: სიდონიას არაფერი გააგებინო, არც აგრძნობინო, თორემ... 

- მაგის პირობას გაძლევ. 

- მეტი არაფერი მინდა. ეხლა ქუდი დაიხურე და წადი. 

ედიშერი ქუდს იხურავს და გადის. 


* * * * * * *


- ბატონო ფრიდონ! - გამოდის თავის ოთახიდან მოღიმარე თეთრი დედაკაცი და თეთრი კურდღელიც თან მოაქვს. - ძია ფრიდონ, გამარჯვება! 

- გაგიმარჯოს. - ცივად ბურტყუნებს დორაშვილი. უნდილად აძლევს ხელს და ისევ ბოლთას განაგრძობს. 

- რა დაგემართათ, ძია ფრიდონ, ვინ გაგაჯავრათ? 

- შენ. 

- მე? მართლა? ხა-ხა-ხა! რით, როგორ, ძია ფრიდონ? 

- შენც კარგად იცი. 

- ღმერთმანი, არ ვიცი. მითხარით, გამაგებინეთ. 

- ასჯერ გითხარი. 

- ასჯერ? არაფერიც არ მახსოვს. გამაგებინეთ, თუ ბრალი მიმიძღვის, ბოდიშს მოვიხდი. 

- ბოდიში არა კმარა. 

- მაშ რა გნებავთ? 

- ძალიან კარგად იცი. სამი თვეა მატარებ ტყუილ-უბრალოდ. - გაბუტულის კილოთი ბურტყუნებს ექიმი. 

- ტყუილ-უბრალოდ? - კეკლუცობს სიდონია და დიდრონ თვალებს თავისებურად ათამაშებს. - ხა-ხა-ხა! ვინ იცის, ტყუილ-უბრალოდ თუ... ვინცა ჩქარობს, აგებს, ჩემი გულის მოსაგებად სამი თვე არა კმარა. 

- შენი თავი აიგდე მასხარად. მე კი უკვე ორმოცისა შევსრულდი, საარშიყოდ ვეღარ ვიცლი. 

- ორმოცისა? მამაკაცისთვის საუცხოვო დროა. - აგდებინებს ხელიდან ამ მახვილსაც. - აკი გითხარით, ჩემს გულს მხოლოდ ორმოცი წლას მამაკაცი გაიტაცებს მეთქი, ხა-ხა-ხა! 

- არშიყობისთვის არ მოვსულვარ, სიდონი. 

- მე ვარშიყობ?! ღმერთმა დამიფაროს! 

- დააყენე ეგ თვალები, ნუ ათამაშებ! 

- თვალები დავაყენო? ინებეთ, აი, დავაყენე. 

და ისე დააყენა, რომ უარესად აამეტყველა. ელვით სავსე შავი თვალები თითქო დამშვიდდნენ, მიიბლიტნენ, სამაგიეროდ გრძელ წამწამებში დინჯი ღელვით იზმორებიან, თითქო ღამით შავ ლერწმიანში ორი ნელი ტალღა ირწევაო. 

- ხა-ხა-ხა! - გადიკისკისა მხიარულად. - რა ვქნა, ძია ფრიდონ, რა ჩემი ბრალია, თვალები არ მემორჩილება! 

- შენ მრავალი რამ არ გემორჩილება, სიდონი. 

- მაგალითად? 

- მაგალითად - აბა, ეგ კურდღელი დასდე მაგიდაზე. 

- აჰა, ინებე. - და დასდო. 

- ეხლა მითხარი. ხელახლად რად მიიდე ხელი მკერდზე? 

სიდონია დაიბნა. მარცხენა ხელი მართლა მკერდზე ედო. 

- ჩამოიღე. 

ჩამოიღო, მაგრამ უმალვე ისევ მკერდზე მიიდო. 

- ჩამოიღე მეთქი! 

- რა ვქნა, რა მემართება? - უკვირს თვითონ სიდონიასაც. ხელი ისევ ჩამოსწია, მაგრამ უნებურად ხელახლა მკერდზე აუვარდა. 

- ძია ფრიდონ, ეს რა ამბავია? - შეეშინდა. - ხელი არ მემორჩილება. გამაგებინეთ, რა მემართება? 

- ეხლავე გეტყვი, ჯერ დავაბათ. მომაწოდე ეგ პირსახოცი. 

სიდოს წელზე შემოაკრა და მისი ხელიც შიგ ჩააყოლა. 

- ეხლა ყური დამიგდე, სიდონი. 

- არ შემიძლიან, არ შემიძლიან! - ხელი ამოიღო და ისევ მკერდზე მიიხუტა. - ისევ ასე იყოს... ეხლა მითხარით. 

- გეტყვი, შენი ჯუანი რომ ავად იყო, შენ გვერდით უწექი. მისი თავი დილამდე მკლავზე გედო, მართალია თუ არა? 

- მართალია, ძია ფრიდონ. 

- იქიდან გამოგყვა, ამიტომ ან ეს კურდღელი უნდა გქონდეს ჩახუტებული, ან ხელი. 

- აგრეა... მართალია. - ბუტბუტებს სიდონია და კურდღელს ისევ მკერდზე იკრავს. 

- ხომ გახსოვს ჯუანის ავადმყოფობა, სიდონი? - და გვერდით მიუჯდა. 

- მახსოვს... წაღვერში ოდნავ ავად იყო - ოხრავს პირშეცვლილი დედა. 

- ჯერ წაღვერში, მერმე აქ, ქალაქში აგერ, იმ ოთახში იწვა. გახსოვს თუ არა ის ღამე. როცა შეწუხებული ვაჟი მკლავზე გესვენა? 

- არა, არ მახსოვს. - ჩურჩულებს და პირსახეს ექიმს არიდებს. 

- მართლა, სიდონი, დღეს რამდენია ამ თვისა? 

- დღეს? - კედლის კალენდარს შესცქერის და იმასაც თვალს არიდებს. - არ ვიცი. მგონი ცხრამეტი, ან ოც-და-ერთი. 

- კალენდარი რას ამბობს? 

- ღმერთმანი, არ ვიცი. 

- კალენდარი თვალწინ გიკიდია და არ იცი? მაშ მე გეტყვი: დღეს ოცი ნოემბერია. სამი თვის თავია... რას გაჩუმებულხარ, ქალო! დიდი ხანია შეგატყე, რომ ოცი რიცხვისა ცეცხლივით გეშინიან, რადგან ჯუანშერი ოც სექტემბერს მოკვდა. გაიხსენე, მოიგონე. 

სიდონიამ გაიღიმა და მხრები შეიშმუშნა. 

- აქეთ მოიხედე, სიდონი. - და ერთი ხელით თავი მოუბრუნა, მეორე კი მაჯაში წაავლო, - ერთხელ კიდევ გეკითხები, სად არის მეთქი შენი ჯუანი? 

- ჩემი ჯუანი? აქ არის, სადღაც აქ არის, - აცმუტდა და ხელის თითებიც ააცმაცუნა. - წეღან ხელში მყავდა... აი, ეხლაც ვგრძნობ იმის სითბოს... მესმის მისი სუნთქვაც... აქ არის სადმე... აქ უნდა იყოს. 

- სიდონი, გაათავე! - და მძლავრად შეანჯღრია. - გონს მოდი, ყური მიგდე. ჯუანი გელანდება, რადგან წეღან სიზმარში ნახე. 

- სიზმარში? მხოლოდ სიზმარში? ვაი მე! 

- დიაღ, სიზმარში, მხოლოდ სიზმარში. აქეთ მობრუნდი. ქალო, თვალს ნუ მარიდებ. - პირისპირ დაისვა და თვალი აღარ მოაშორა. - სიდონი, დროა გაათავო სახიფათო თამაში. შვილი მოგიკვდა! ჯუანი ხუნაგმა წაგართვა! - ლურსმებივით ურჭობს თავში. - გაიხსენე, მოიგონე! დაიცა, სიტყვას ნუ მაწყვეტინებ. აგერ, იმ ოთახში იდგა თეთრი კუბო. შიგ შენი ჯუანი იწვა. შენც იქ იყავი, სათამაშოები შეუტანე. აი, ეს კურდღელიც ზედ დაადე. მერმე გაასვენეთ და დამარხეთ. ცხადია, ჯუანი მოკვდა! გამოტყდი, სთქვი ჯუანშერი მოკვდა თქო! 

სიდონია წამებულის ღიმილით იღიმება და მხრებს იშმუშნის: 

- ვთქვათ, მოკვდა. მერმე რაო? 

- მაშ შეიგენი თუ არა შვილის სიკვდილი? 

- ძია ფრიდონ, ეგ ამბავი ჩემ შეგნებაში ვერ შედის, ეგ ცარიელა სიტყვებია. შიგ არაფერი ჰყრია. 

- თავს ნუ იტყუებ, სიდონი, ეს სიტყვები - "შენი შვილი მოკვდა" - ცარიელი არ არის. ტყვიასავით მძიმეა, ცეცხლივით მწვავეა, სამაგიეროდ რეალურია, ნამდვილია. დამიჯერე, ქალო სიდონი, ყოველივე რეალურიც, ამ ქვეყნიურიც მძიმეა და მწვავე, როგორც შენი შვილის სიკვდილი, ამიტომ გაურბიხარ მას, ამიტომ ემალები და გგონია, ვითომ მართლა გაექეცი და დაიმალე. მართალს ვამბობ თუ არა, სიდონი? 

- მართალია. - ყოყმანის შემდეგ სევდიანად უდასტურებს სიდონია. - სინამდვილე მწვავეა, მძიმეა... ოოჰ, რა მძიმეა, ძია ფრიდონ! 

- მართალია, მაგრამ ამ ქვეყნიდან გაქცევა და სიზმარეთში ცხოვრება ასჯერ უფრო უარესია. დღეს თუ ხვალ ეს ქვეყანა თვითონ დაგეწევა - ვერსად წახვალ! - და თვითონვე გაგაღვიძებს, მაგრამ ისე უხეშად, ისე მკაცრად შეგანჯღრევს, რომ სამუდამოდ დაგამტვრევს, დაგაგონჯებს, გაგაგიჟებს. 

თვალმილეული სიდონია ამ სიტყვამ შეაკრთო და შეაჟრჟოლა. დორაშვილი აღარ ინდობს, არ ერიდება და ყურებში ჩასძახის: 

- ამიტომ სჯობია, რომ შენვე დაუბრუნდე სინამდვილეს, რეალურს, დაყრუებულთა, ბრმათა და განდეგილთათვის იგი გარდუვალია, მოუტეხავი, მძლეთა-მძლე და შეუნდობარი, ხოლო მორჩილთა და თვალხილულთათვის იგი ლმობიერია, მისანდობარი და ერთგული. შენ გაექეცი მას, სიდონი. 

მიბნედილმა დედაკაცმა ღრმად ამოიოხრა. 

- განგებ დაიყრუე ყური, განზრახ დაიბრმავე თვალი და უცნაურ ქვეყანაში გადავარდი. მიზეზს ისევ მე გეტყვი: შენ შვილი მოგიკვდა - ერთად-ერთი ვაჟი, პირმშო ჯუანი. ნუ შეშინდები, პირდაპირ გეტყვი. მე შენსავით მხდალი არა ვარ: ჯუანის სიკვდილი შენი ბრალია. 

- ვაი მე! - ამოხეთქა შიშისა და თრთოლვის შადრევანივით სიდოს გულიდან. - ვაი მე! ძია ფრიდონ!.. ბატონო ფრიდონ! რა სასტიკი, რა ულმობელი ადამიანი ყოფილხართ! 

- არა, სიდონი, არა! პირიქით, პირიქით! მეტად გულკეთილი, თათქმის გულჩვილი ადამიანი ვარ. შენისთანა უბედურს რომ ვხედავ, თითქმის ცრემლი მომდის. მაგრამ ჩემი მოვალეობა მიკარნახებს ზოგჯერ გული გავიმკაცრო, გავიმძაფრო. აი, ეხლაც ასე ვიქცევი. გეუბნები: შენ რომ პირნათლად შეგესრულებინა დედის ვალი, შეიძლება ჯუანშერი ეხლაც ცოცხალი გყოლოდა. 

- ვაი მე, უბედურს, ვაი მე! - ჰკვნესის დედა. 

- ნუ შეშინდი, გამაგრდი! სიმართლეს მონელება უნდა, შენ კი მხდალივით გაექეცი მას. პირველად შენვე უმალ შეიგენი შენი ბრალი და ასე მოისაზრე: ან უნდა თავი მოვიკლა, ან კიდევ... ან ჯუანშერი არ მომკვდარაო. თავის მოკვლა ვერ გაჰბედე. ეს შენვე მითხარი. მართალს ვამბობ თუ არა? 

- ვერ გავბედე. - ოხრავს სიდონია. 

- მადლობა ღმერთს, რომ ვერ გაჰბედე. ეგ სულმდაბალთა ბედია. მაგრამ შენ უარეს გზას დაადექი. შენი თავი დააჯერე და სხვებსაც აჯერებ - შვილი არ მომკვდომიაო. ის კი აღარ იფიქრე, რომ შენი თავი მთელ ქვეყანას მასხარად ააგდებინე. 

- მასხარად?! - ჰგმინავს სიდონია. 

- დიაღ, დიაღ! ყველა დაგცინის, მასხარად გიგდებს. 

- ვაი ჩემი ბრალი! - სჩივის შელახულ თავმოყვარეობას ქალი. 

- გარდა ამისა, სიდონი, შენისთანა დანაშაული ას მილიონ დედას ჩაუდენია. 

- მართალია, მეც გამიგონია. - ეჭიდება სანუგეშოს ბრალდებული. 

- მაგრამ არც თავი მოუკლავს ვინმეს, არც შენსავით ახირებულა. 

- მაშ... - ეძებს ახალ სანუგეშოს დამნაშავე დედა. 

- ეხლავე გეტყვი, შენ დაგავიწყდა, სიდონი, რომ ორი გზის გარდა არსებობს მესამე გზაც. 

- რომელი? - თითქო ძილში ბუტბუტებს დედაკაცი. 

- ნამდვილში ეს მესამე გზა ერთად-ერთი გზა არის, და ამ გზით მიდიან დედები, უკლებლივ ყველანი. გაიგონე და დაიხსომე: დედას რომ შვილი მოუკვდება, დამარხავს, იტირებს, იგლოვებს და შემდეგ ისევ თავის გზით წავა. მეკითხები, რომელი გზითო? ამასაც გეტყვი: ამ ქვეყნად პირმშოს სიყვარულის გარდა არსებობს მოვალეობაც. 

- რის ვის წინაშე?- ძლივს-ღა ესმის ექიმს. 

- მოვალეობა წინაშე ქმრისა, მშობლებისა, დანარჩენ შვილებისა, სამშობლოსი და მომავალ თაობისა, გაიგე?.. გესმის? 

- მესმის... გავიგე. 

- ეხლა სთქვი, გწამს, თუ არა ეს მოვალეობა? 

სიდონია სდუმს. 

- ჰგრძნობ თუ არა, სიდონი, ამ მოვალეობას? 

სიდონიამ თავი დაჰხარა. ერთ წერტილს ჩააცივდა და წაილუღლუღა: 

- ვგრძნობ... წინაშე ჩემი ჯუანშერისა. - და ისევ ოცნების მდინარეს მისცა თავი: - ჩემი ჯუანი... ბიჭი... ბიჭიკო... ბაღი... ზამბახებს... თეთრი კურდღელი... ცხელა, ძალიან ცხელა.. მზემ არ დაჰკრას... თეთრი ყვავილები... თეთრი ზამბახები... 


* * * * * * *


დორაშვილს ისევ სიდონიას მაჯა უჭირავს, ხოლო მეორე ხელი თავზე აქვს დადებული და ცდილობს გაღმა გასულს ხმა მისცეს: 

- ყური მიგდე, სიდონი! 

- თეთრი ზამბახები... თეთრი კურდღელი... 

- ყური მიგდე მეთქი, სიდონი! გაიგე, დაიჯერე, შენი ჯუანშერი მოკვდა! მოკვდა!! 

სიდონია ყურს იყრუებს, პროფესორი კი დაჟინებით აბავს ერთმანერთს შეცნობისა და ქვეშეცნობის ქვეყნებს და ჰლამობს გაღმელი ისევ გამოღმა გამოიყვანოს: 

- შენი შვილი მოკვდა მეთქი!! ეს შენც იცი, ძალიან კარგად იცი! - უტკეპნის გონებას ექიმი. - ბრალი რომ შენც გედება, ესეც იცი! კარგად იცი!! მაგრამ - ინუგეშე თავი - მარტო შენ არა ხარ დამნაშავე. შენ ბიძინამ წაგიყვანა ბაკურიანში. 

- ბიძინამ... ბიძამ... დავბრუნდეთ, ბიძი, თორემ ჯუანი ავად არის... 

- ბიძინამ მოგატყუა, განგებ დაგაგვიანა! გაიგე? ბიძინამ დაგაგვიანა მეთქი! მაშ, ბრალი ბიძინასაც ედება! 

- ბიძინას ბრალია, ბიძინასი, - უხარიან სიდონიას. 

- უფრო იმისია, იმისი!.. გაგაბრიყვა! წაგიყვანა! დაგაგვიანა!.. 

ამიტომ სინიდისი გიმსუბუქდება... ამიტომ ნუღარ კერპობ! თვალები გაახილე და აღიარე, რომ შენი შვილი მოკვდა! მოკვდა! მოკვდა!! 

- მოკვდა. - თითქო თანახმაა სიდონიაც. - მოკვდა... იმანაც მითხრა, ბიძინამ. 

- როდის? სად? - უკვირს ექიმს. 

- რამდენჯერმე... თავის ოთახში. ძალით წამიყვანა... არ მინდოდა. არც ეხლა მინდა, ბიძი!.. გამანებე თავი, ფუჰ, რა საძაგელი ვინმე ხარ!.. ეს უკანასკნელი იყოს. ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება. შენი ბრალია ჯუანის სიკვდილი, შენი! საზიზღარო! სალახანავ! 

- მერმე, მერმე, რა გითხრა? 

- თავი ჩაჰქინდრა, დარდმა მოიცვა... მე კი წამოვედი. 

- გიყვარს ბიძინა, სიდონი? 

- მაინც მიყვარს... რადგან ვიღაც უნდა მიყვარდეს... არ მესმის, როგორა სძლებენ უსიყვარულოდ... მიყვარს ბიძინა და ჯუანი. 

- გაიგე, სიდონი, ჯუანი მოკვდა მეთქი! მოკვდა! მოკვდა! გაიგე. შეიგნე, თვალი გაახილე! 

სიდონია თვალებს ახელს, გაოცებით აცეცებს და თავის გვერდით მჯდომ ექიმს ეკვრის, თითქმის ეხუტება და ჩვილი ხმით იცრემლება: 

- ფრიდონ, ძია ფრიდონ! მიშველე, დამიფარე... 

- რისგან, ვისგან, სიდონი? 

- მტანჯავენ, მაწვალებენ... 

- სთქვი, ვინა გტანჯავს, რა გაწუხებს? 

- ბრალი... ჩემი და სხვისი ბრალი... და ისიც, ისიც. 

- რის ბრალი, ქალო? ან სხვისი ბრალი შენ რად გაწუხებს?.. ამოიღე ხმა. გამაგებინე! 

- ისა მტანჯავს... ბრალი იმისია, მე კი ვიტანჯები. არ მასვენებს, აქამდე დამდევს... ზოგჯერ აქაც მოდის, ზოგჯერ ქუჩაში მხვდება. მძულს, მეზიზღება, მაგრამ ვერც მე ვძლებ უიმისოდ. დამიფარეთ... მიშველეთ... 

და საფრად ექიმის მკერდს ხმარობს, ხელებს მკერდსა და მხარ-ბეჭზე უფათურებს, ელამუნება. 

- მითხარი, ქალო, სახელი მითხარი მეთქი! 

- სახელი? ჰო, მართლა... სახელი. - თითქო გონზე მოდის, ზეზე დგება და თმებს ისწორებს. მერმე სევდით აცხადებს: - ვერა, ძია ფრიდონ, თქვენ ვერ მიშველით. 

ექიმიც წამოდგა. გაიარა. 

მუდამ, როცა დორაშვილი სიდონიას გულს თითქმის გახსნიდა, მღვრიე ნაკადივით ვიღაც მესამე შემოიჭრებოდა, ხელს შეუშლიდა. მხოლოდ დღეს, მესამე თვის დამლევს, შემთხვევით გაიგო მისი ვინაობა. ვიღაც სტუდენტია - ბიძინა. 

მარტო სიდონია რომ ჰყოლოდა, მქეჯნავთან ბრძოლას გაუადვილებდა, შვილის სიკვდილს აღიარებინებდა, ეხლა კი ვიღაც მესამე უხლართავს გზებს და გავლენით ექიმს ეცილება. 

- სიდონი, რაკი არ მენდობი, ჩემი აქ მოსვლაც მეტი ყოფილა. მე წავალ, მშვიდობით იყავი. 

- მართლა მიდიხართ?! - უმალ მობრუნდა და გაცოცხლდა სიდონია. - ძია ფრიდონ, დაიცადეთ. იქნება გაწყენინეთ რამე? მაპატიეთ, ძია, მაპატიეთ. 

- არაფერი მწყენია, სიდონი... ოღონდ თავი უნდა დაანებო იმას. 

- ვის, ძია, ვის? 

- შენც იცი. იმას - წეღან რომ სთქვი, მტანჯავსო. თავი დაანებე მეთქი, სიდონი. ქმარიც გყავს, დედაც, შვილიც. მოუარე შენს თავს, პატარა კატოს და ოჯახს, თორემ... მერმე ნუღარავის დააბრალებ. 

სარკმელთან იდგა, თითით რაფას აკაკუნებდა და ქუჩას ათვალიერებდა. დარცხვენილი სიდონია თითებს იმტვრევდა, იატაკს ჩასცქეროდა. 

ქუჩის გაღმა, ტროტუარზე, ვიღაც ახალგაზრდა იდგა და პაპიროსს აბოლებდა. 

- სიდონია, აქ მოდი, რაღაც უნდა გკითხო. 

- მკითხეთ. - და ადგილიდან ვერ დაიძრა. 

დორაშვილმა ხელში ხელი წაავლო, სარკმელთან მიიყვანა. 

- აგერ იმ სახლში, ამ სახლის პირდაპირ, ვინა ცხოვრობს? - და თითით უჩვენა ერთ-სართულიანი პატარა სახლი, და თითი, განგებ თუ უნებურად, იმ ახალგაზრდისკენ გაიშვირა, რომელიც ხეს მიჰბჯენოდა და ისევ პაპიროსს ეწეოდა. 

სიდონია შეკრთა. გაშეშებული იდგა მოხიბლულივით და გაღმა წერტილს აშტერდებოდა, თან მკერდით უცნაურად ღელავდა. 

- სიდონი, აქეთ მოდი. - თითქმის ძალით მოაშორა სარკმელს და დასვა. - დღეს მე შენი სტუმარი ვარ. რას იტყვი? 

- სტუმარი? მართლა, სადილის დრო მოვიდა. ღმერთო ჩემო, მაგაზე მეტი რაღა მინდა! მაგრამ... თქვენი საკადრისი რომ არაფერი მაქვს. 

- დამშვიდდი. არც არის საჭირო. მე ჩემი გემო მაქვს. შენ აქ დატრიალდი, მე კი წავალ და ნახევარ საათში დავბრუნდები, ხომ კარგი? 

- სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით! - და დატრიალდა: - დედი! დედილო! აბა, დატრიალდი... დაამზადე... გაშალე.. 

სტუდენტი ტროტუარზე დასეირნობს. დორაშვილმა გვერდით გაუარა და თვალებში ღიმილი ჩაისხა. 

სტუდენტმა ქუდი მოუხადა, რადგან პროფესორმა შორიდანვე თვალი დაადგა. 

- გამარჯობა, ბიძინა! - და შესდგა - მგონი ბიძინა გქვიან, არა? 

- დიაღ, დიაღ, ბიძინა მქვიან. 

- გიცნობ, კარგა ხანია გიცნობ. გვარი კი დამავიწყდა. 

- მარგიშვილი გახლავართ. 

- ბიძინა მარგიშვილი, ბოტანიკოსი ხარ, არა? 

- დიაღ, დიაღ. - უფრო ესიამოვნა ბიძინას. 

- წამო, ბიძინა, გავიაროთ. 

მკლავში მკლავი გაუყარა და წაიყვანა, თან ეუბნებოდა: 

- ასეთ შემოდგომას ვერსად ნახავ. სხვაგან ზამთარია. აქ კი, - გაიხედე - სუფთა ცა, აპრილის სითბო და გაზაფხულის მზე. 

- დიაღ, სითბო... მზე... გაზაფხული, - უდასტურებს ბიძინა. 

ათი წამის შემდაგ კი პროფესორი ეკითხებოდა: 

- ჰა, შენ რას იტყვი, ბიძი? ქალი ისტერიული ფსიხოზით არის დაავადებული, ის კი - ვიღაც ახალგაზრდა - აღარ ასვენებს. რას იტყვი მეთქი, ბიძინა, ასეთ ვაჟზე? 

ბიძინა იშმუშნება და ბორძიკობს: 

- მე მგონია... ყოველ შემთხვევაში... ის ვაჟი რაინდი არ უნდა იყოს. 

- მეც აგრე მგონია. - და თვალში თვალს უყრის. მერმე ხაზგასმით ურჩევს: - იმედია, ის ვაჟი ამიერიდან რაინდივით მოიქცევა. მშვიდობით, ბიძინა, მშვიდობით! 


* * * * * * *


პროფესორი მხოლოდ სადილის წინ ათვალიერებს გაზეთს. სხვა დროს არა სცალიან. თავდაპირველად შავ ჩარჩოებს გადაავლებს თვალს - წასულების გვარებს წაიკითხავს. 

ეხლაც მეოთხე გვერდს დაჰხედა და შეკრთა. 

"...აუწყებენ, რომ სტუდენტი ბიძინა მარგიშვილი ტრაღიკულად დაიღუპა..." 

ქრონიკას ჩაადევნა თვალი და იპოვნა: "გუშინ, დილის სამ საათზე, "არტოს" კლუბის მახლობლად უცნობმა ორი ტყვიით მოჰკლა სტუდენტი ბიძინა მარგიშვილი, როგორც სჩანს, მოკლულსაც უსვრია ორჯერ. მკვლელი მიიმალა. გამოძიება სწარმოებს". 

დორაშვილი წამოდგა, დაფაცურდა, ისევ ჩამოჯდა, ისევ ჩაიკითხა და ისევ წამოდგა. 

ნახევარი საათის შემდეგ ედიშერმა გაუღო კარები. 

- გამარჯვება, ედიშერ! 

- გაგიმარჯოს, ძია ფრიდონ, მობრძანდი. 

ტალანში ბინდია. და ამ ბინდში ორი წყვილი თვალი ერთმანერთს მიებჯინა. დიდხანს აწვებიან, თითქო დავობენ - რომელი რომელს მოსტეხავსო. 

ექიმს ხელში გაზეთი უჭირავს. ედიშერს თვალები ერთი წუთით ამ გაზეთზე გადააქვს. მერმე ისევ დორაშვილის თვალებს ახლის. თითქო გაიგო, ან მებრძოლს ვეღარ უძლებს: ტუჩების კუთხეში ღიმილის მსგავსი ელვა აიგრიხა, თვალები ჩაიკეცა, მოარიდა. 

- სტუმარი არ გინდა? - ცივად ეკითხება ექიმი და პალტოს იხდის. 

- ძია ფრიდონ! - თითქმის ჰკივის სიდონია კარებში, - ძლივს, ძლივს არ მოგვიგონეთ! რა არის, ღმერთმანი, რად დამივიწყეთ?! - და მკლავზე ეკვრის, თითქმის ეხვევა. - ცოტა ადრე მოხვიდოდით, სადილს გაჭმევდით. 

- მადლობელი, გიახელი... სიდონი, ეგ კურდღელი ვეღარ მოიშორე? 

ვერა, ვერ მოიშორა სიდონიამ. ან ვის რას უშლის ეს კურდღელი, საკვირველია. სიდონიასთვის კი ერთად-ერთი გასართობია. 

ექიმი დაღვრემილია. ყველას და ყოველივეს ათვალიერებს, თითქო პირველად ჰხედავსო. ზოგჯერ თვალი ედიშერზე გადააქვს. მაგრამ ედიშერიც აშლილია. მოუსვენრად ზის. აღარ იცის, სად წაიღოს თვალები და ხელები. 

სიდონია ჯერ კიდევ ჰფეთქავს და ცდილობს სხვებიც გააცინოს. მაგრამ თვისი გუნება რომ ვერ გადასდო ქმარსა და სტუმარს, უმალ მათივე შეისრუტა და თვითონაც მოიღუშა. 

ოთახში დუმილი ჩამოწვა - უხეში, მძიმე და შემხუთავი. 

ედიშერმა დრო იხელთა: 

- ძია ფრიდონ, ბოდიშს ვიხდი. 

ექიმი შეკრთა, თითქო გაუხარდა კიდევაც. 

- მიდიხარ? გეჩქარება? 

- ძალიან მეჩქარება. 

- კარგი, წადი, სიდონია გამართობს. 

- ახალს რას მეტყვით, ძია ფრიდონ? - ეკითხება სიდონია, როცა ედიშერი გადის. 

- ახალს? ახალი შენ უნდა მიამბო. გაზეთს ხომ კითხულობ? 

- როგორ არა, ვკითხულობ, მაგრამ დღევანდელი არ წამიკითხავს. 

- რატომ? 

- არ მოუტანია. ედიშერმა მითხრა, დღეს გაზეთი არ გამოსულაო. 

- მართლა?.. შეიძლება... და რაღაცას ჰფიქრობს, თითქო ბრძოლის გეგმას აწყობსო. მერმე მიიხედ-მოიხედა და წამოდგა: - ეს რა ამბავია, სიდონი! ოთახი რად დაგიბნელებია?! ფანჯრების დარაბები რად მიგიხურავს? - და გამოსაღებად წავიდა. 

- ნუ, ძია ფრიდონ, ნუ გააღებთ! - წამოდგა სიდონია. 

- რატომ, ქალო? - შესდგა ექიმი. 

- იმიტომ... რადგან... - აირია სიდონია. - არ მესიამოვნება, მეხამუშება. 

- რად გეხამუშება, სიდონი? 

სიდონიამ სავარძელი მოატრიალა, დაჯდა, ზურგი სარკმელს მიუბრუნა და უპასუხა: 

- არაფერი. თუ გნებავთ, გამოაღეთ. 

ექიმმა დარაბები გამოაღო. ოთახში თეთრი შუქი შემოიჭრა. გარეთ ნაადრევი ზამთარია. თოვს. ქალაქი გათეთრებულა. 

- სიდონი, პასუხს ველი: რა გეხამუშება მეთქი? 

- არაფერი, ძია ფრიდონ. 

- არაფერი? მაშ მე თვითონ გეტყვი. 

- ბრძანეთ. 

- გარეთ ზამთარია, სიდონი. 

- ზამთარი? ხა-ხა! - და მხრები შეიშმუშნა. 

- დიაღ, ზამთარია, თოვლია. შენ რას იტყვი, ქალო? 

- არ ვიცი. 

- როგორ თუ არ იცი! გარეთ გაიხედე და სთქვი, ზამთარია თუ ზაფხული? 

- ზაფხულია... ცხელა. 

- ზაფხული? მაშ თეთრ კაბასაც ალბათ მაგიტომ არ იშორებ. 

- რა თქმა უნდა! ზაფხულში თეთრი სჯობია. სხვა კაბაში მცხელა. 

- ეხლაც გცხელა, სიდონი? 

- რა თქმა უნდა! ძალიან ცხელა, ტყეში ფიჭვი დნება... ბაღი ყვავილებით არის სავსე... ზამბახები, ვარდები, შროშანები... 

- სიდონი! - მკაცრი ხმით უძახის ექიმი. 

- ბაღში ჯუანშერი დარბის. - თითქოს არ ესმის ექიმის ხმა. - ზამბახებს ჰრწყავს. მერმე კურდღელს მომართავს და დაუკრავს. აი, მესმის... უკრავს. 

და თვითონაც კურდღელს აჩხაკუნებს, რომელიც ვალსის ერთ მუხლს აჟღარუნებს, მერმე უმალ თვითონვე აჩუმებს, თითქო კურდღელის ხრიალისა შეეშინდაო: 

ნუ, ბაჭიავ, ნუ... გაჩუმდი, გაჩუმდი.. ისევ დუმილი სჯობია, დუმილი და გარინდება. 

- სიდონი, გარეთ გაიხედე და სთქვი, რასა ჰხედავ? - და ხელში ხელი წაავლო სარკმელთან მისაყვანად. 

- ნუ, ძია ფრიდონ, ნუ მიმახედებთ. არ მესმის, ღმერთმანი, ვისთვის რა საჭიროა ჩემი გამოფხიზლება! 

- შენთვის არის საჭირო, სიდონი, შენთვის, ისევ შენთვის და შენი ნათესავებისთვის: შვილისთვის, ქმრისთვის, დედისთვის. 

- მჯერა. ჩემთვის კი საჭირო არ არის. 

- სიდონი, თვალიც გიჭრის და გონებაც. კარგად ჰხედავ ამ თოვლს. გაიგე და შეიგნე - ზამთარი მოვიდა. 

- ზამთა-ა-ა-რია-ა-ა ჰე-ე-ეი... - დაიწყო ღიღინით სიდონიამ და დაუმატა: - პირველი მითხარით, ძია ფრიდონ! 

- სიდონი, არც შენა ხარ სიმღერის გუნებაზე, არც მე მემღერება. თუ ხუმრობას თავი არ დაანებე, მე წავალ. 

და წამოიწია. სიდონია ორივე ხელით მისწვდა მკლავში: 

- რა გინდათ ჩემგან, ძია ფრიდონ, რა გინდათ? - შეემუდარა. 

- მითხარი, რასა ჰხედავ გარეთ? 

- მეტი არაფერი? მაშ გეტყვით: თოვლს - მეც ვხედავ თოვლს - ამ კურდღელივით თეთრ თოვლს. 

- მაშ რა დროა ეხლა, სიდო, ზაფხული თუ ზამთარი? 

- ვთქვათ ზამთარია. მერმე? 

- მაშ რად ამბობ, ვითომ ეხლა ზაფხული იყოს, ვითომ წაღვერში იჯდე და შენი ჯუანშერიც ბაღში თამაშობდეს? 

- იმიტომ რომ... - და მიყუჩდა. 

- იმიტომ რომ, - ამთავრებს სიდონიას ნაცვლად დორაშვილი, - იმიტომ რომ დრო ვერ გადაგილახავს, სიდონი. თუ სთქვი - ეხლა ზამთარიაო, ისიც უნდა აღიარო, რომ ზაფხულის დასასრულს შენი ჯუანი მოკვდა! 

- ისევ მოკვდა! მხოლოდ მოკვდა! ღმერთო ჩემო, მუდამ მოკვდა და მოკვდა. - ჰკვნესის კერპი დედა. 

- ხომ გჯერა სიდონი, რომ ეხლა ზამთარია, ბოლო ზაფხულში - მგონი ოც აგვისტოს ჯუანი მოკვდა? 

- მე თვალით ვხედავ ზამთარს. ყურით და გონებითაც მესმის - ჯუანი მოკვდაო. ვადასტურებ ამას. ეხლა ხომ დამშვიდდით, ძია ფრიდონ? მაგრამ... 

- მაგრამ რაო? 

- მაგრამ... მე ამას არა ვგრძნობ, ძია ფრიდონ. ჯუანი მოკვდა, სალომეს მოუკვდა. მე კი ჩემი შვილის სიკვდილს არა ვგრძნობ. 

- მაშ რასა გრძნობ, ქალო? 

- ზაფხულია... ცხელა... ფიჭვი დნება... 

- ისევ?! 

- ბაღში ჯუანი თამაშობს... თეთრი ზამბახები... თეთრი ყვავილები... თეთრი კურდღელი... აი, წეღანაც ვგრძნობდი, და ეხლაცა ვგრძნობ ჩემს მკერდსა და მკლავებზე ჩემს ბიჭიკოს - პატარას... პაწაწინა... პაწაწკინტელას. თქვენ კი გსურთ ჩამაგონოთ ვითომ ჯუანი მომკვდარიყოს... თქვენ გსურთ ბედნიერ ზეციდან უბედურ მიწაზე ჩამომიყვანოთ, არ ვიცი კი - რისთვის, რისთვის? 

- ვიმეორებ, სიდონი, შენთვის, ისევ შენთვის მეთქი. შენ მიწა უბედურ ქვეყნად მიგაჩნია, ზეცა კი - სამოთხედ. აი, აქა სცდები, სიდონი. აქ არის შენი სენის სათავე. მე კი გეუბნები: მარტო მიწაზეა ჭირიც და ლხინიც, ჭმუნვაც და სიხარულიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც. იქ კი - შენგან მოგონილ ცაში - არც ერთია, არც მეორე, არც მესამე. იქ არაფერია, სრულებით არაფერი - გარდა ისევ შენგნითვე შეთითხნილ სიცრუისა. 

- იქ ჯუანია, ჩემი შვილია... ილია. - უკვე იცრემლება დედა. 

- ჯუანშერი მიწაშია, სადონი, იქ კი მხოლოდ მისი ლანდია - ისიც ცივი, მშრალი, უსულო და უსისხლო. 

- თბილია... ილია, ძია ფრიდონ, თბილია ჩემი ბი... ბიჭიკო... ჭიკო. 

- თითქო თბილია ხუთი წუთით, როცა გულყრა მოგდის. და ამ ხუთიოდე წუთისთვის შენ სწირავ შენს პირად სიცოცხლეს, მოვალეობას, ბედნიერებას, დედას, ქმარსაც და მეორე შვილსაც - კატოს, პაწაწინა კატუშას. 

- კატუშას, ჩემს კა-კატუშას. 

- და შენც იტანჯები, მუდამ იტანჯები. 

- ვი.. ვიტანჯები... ანჯები... 

- მეც ვიცი, სიდონი, რაც ხდება შენს გულში: ცეცხლი გეკიდება. მართალია თუ არა? 

- მეკი... მეკიდება... მართა... მართალია... თალია... ალია... 

- მაშ ნუღარ აწამებ სხვებსაც და შენს თავსაც. გამოტყდი, რომ ეხლა დეკემბერია. 

- დე... დეკემბერია... ბერია. 

- ზამთარია-თქო! 

- ზა... ზამთარია... არია. 

- შენი ბიჭიკო, შენი ჯუანი მოკვდა!! 

- ჩემი ბიჭიკო... ჭიკო! ჩემი... ჯუ... ჯუანი... ანი! და კვლავ მიილულა, მიიბნიდა, გადასახლდა: 

- ჯუ... ჯუანი. ზაფხულია... ულია.. ცხელა. ზამბახები... ბიჭიკო... ჭიკო. თეთრი კურდღელი... ელი. 

ექიმი აიმრიზა, მოიღუშა. მოჰბეზრდა სუსტი დედაკაცის უდრეკი სიკერპე და ჟინიანი აჩემება. ოთხი თვე გავიდა, რაც თავთ დასტრიალებს. მრავალჯერ მიიყვანა გამოფხიზლებამდე, მაგრამ სიდონია სწორედ მიჯნაზე დახუჭავდა თვალებს და გადაფრინდებოდა გაღმა. 

დორაშვილს კიდევ მოეპოვება მარაგად შენახული ხერხი. დღემდის არ იხმარა - სათუთია, საფრთხილოა. დღეს კი... 

დღეს მეტი გზა აღარ აქვს. რაც გამოვა - გამოვიდეს. მოსახდენი მოხდეს! 

- სიდონი, ყური მიგდე! - უნერგავს ყოველ სიტყვას. - გაიხსენე ბიძინა მარგიშვილი! 

- ბიძინა... ბიძი... 

- შენი ბიძინა ქალაქში დადის, - ჩქარობს ექიმი საბაასო ძაფის გაბმას, - დადის და მთელ ქვეყანას უამბობს: სადონია ჩემი საყვარელიაო. 

ქალი გახევდა, გაინაბა. დორაშეილი კი მკაცრად მიაბიჯებს თავის გზით: 

- სიდონი, შენი ბიძინა სალახანა ყოფილა! 

- ვაი მე! - აბორგდა სიდონია. 

- ყველგან თავი მოგჭრა!.. შეგარცხვინა!.. სახელი გაგიტეხა! 

- გამიტეხა!.. შემარცხვინა! 

- სალახანა! ჰარამზადა!! - უტკეპნის დორაშვილი. 

- სალახანა!.. ჰარამზადა! - ბრაზით იმეორებს სიდონიაც. 

- საზიზღარი! საძაგელი! 

- უუჰ, საზიზღარო!. საძაგელო!! 

- ჯუანიც ბიძინამ მოჰკლა! 

- ბიძინამ მოჰკლა, ბიძინამ! 

- ამიტომ თვითონ ბიძინაც სიკვდილის ღირსია! - გამოაქვს განაჩენი დორაშვილს. 

- ღირსია, ღირსი! - აღარ ინდობს სადონიაც. 

- მაშ მოკვდეს!! - ჩასძახის ექიმი. 

- მოკვდეს! მოკვდეს!! - ამოსძახის სიდონია. 

- აჰა, მოვკალი!! გაიხარე!! 

- უუჰ! - სიხარულით ჰგმინავს შურ-გებული ქალი, - აგრე!.. აგრე!.. დაჰკა! დაჰკარი!! 

- ბიძინა მოკვდა, სიდონი! შენი და ჯუანშერის შური ვიძიე. სიდონი, ჯუანიც მოკვდა! 

- მოკვდა... - ძლივს ესმის ექიმს. 

- კარგად დაიხსომე: ჯუანშერიც მოკვდა!! 

- მოკვდა... მოკვდა. - თითქმის სტირის სიდონია. 

- ჯუანი ოთხი თვის წინად მოკვდა. სიდონი! ბიძინას კი დღეს მარხავენ, დღეს! დღეს!! 

- დღეს მარხავენ... საწყალი. - უკვე იბრალებს შურგებული. 

- გაზეთშიც განცხადებულია. მსხვილი შავი ასოებით სწერია. წაიკითხე! წაიკითხე!! წაიკითხე!!! - ლურსმანივით ჩაურჭო, ხელები მოაშორა და დაჯდა. 

სიდონიამ თვალები გაახილა და წამოიჭრა - თითქო სულში გრიგალი აუვარდაო: შეძრწუნებული, აფორიაქებული, იმ გრიგალისაგან ბუმბულივით მოტაცებული. დიდრონი თვალები დაუფრთხა და თვითონაც დაფრთხა. ირგვლივ იხედება. გიჟურ თვალებს აცეცებს - რაღაცას ეძებს, ჰსურს რაღაც იპოვნოს. 

და იპოვნა: გაშლილი ვაზეთი უკვე წინ უდევს, და იმ გაზეთის კუთხეში, სამგლოვიარო ჩარჩოში სწერია - მსხვილი, შავი ასოებით სწერია: ... ტრაღიკულად დაიღუპა ბიძინა მარგიშვილი. 

თვალები მოიფშვნიტა, თითქო გამოფხიზლდა და ისევ გაზეთს დააშტერდა. 

- მოკვდა, სიდონი. - ჩუმი ხმით შველის ექიმი. 

- მოკვდა. - თითქო ჰბოდავს სიდონია. 

- ბიძინა მოკვდა, სიდონი! - აჩვილებული ხმით იმეორებს დორაშვილი. 

- ბიძინა მოკვდა... მოკვდა. - ამოძახილივით ამბობს სიდონიაც და შუბლს ისრესავს. 

დორაშვილმა წელზე ხელი მოჰხვია, მიიხუტა და დამდნარი ხმით ჩაუსხა ყურში: 

- ჯუანშერიც მოკვდა, სიდონი! 

- ჯუანშერიც... ჯუანიც... ჩემი ბიჭიც. - უკვე თრთის დედაკაცი. 

- ჰო, სიდონი, ჰო! შენი ბიჭიკოც მოკვდა! მოკვდა! მოკვდა! რატომ არ სტირი, უბედურო დედავ?! შენი შვილი მოკვდა მეთქი!! 

- ჩემი შვილი მოკვდა! ძია ფრიდონ, მიშველე! - და ორივე ხელით ექიმს ებღაუჭება გონმოსული დედა, თან ჰკანკალებს და ჰკივის: - ჯუანი მოკვდა... მოკვდა!.. მოკვდა!! 

და თითქო მიწის გულიდან შადრევანივით ამოხეთქა ოთხი თვის დაგუბებულმა ნაღველმა და ვაებამ, გმინვამ და ცრემლმა, ურვამ და ხარხარმა. 

დიდხანს ჰბორგავს და ჰკივის სიდონია: 

- დედი - ებღაუჭება შემოვარდნილ მართასაც, - დედი, მიშველე... ჯუანი მოკვდა!.. ძია ფრიდონ, ჩემი შვილი მოკვდა!.. ბიჭიკო მომიკვდა!! 

ერთი საათის ბორგვითა და ურვით ნაცემ-ნაბეგვი დედა ეხლა მიბნედილი ჰგდია და ნაწყენი ბავშვის სლუკუნით კვალდაკვალ მისდევს გამარჯვებულ ექიმს: 

- მართა... მართალია... ალია. 

- ეხლა დიდი ვალი გაწევს, ჩემო სიდო. 

- დიდი ვა-ვალი. 

- კატო უნდა აღზარდო. 

- ჩემი კა...კატო. 

- ედიშერიც ცოდოა. 

- მართა... მართალია... ცო...დოა. 

- ერთი ვაჟი მაინც კიდევ უნდა გააჩინო. არ გინდა, სიდო? 

- მი... მინდა, ერთი ვა...ვაჟი მინდა. 

- დროა ეს კურდღელი გადავაგდოთ, სიდონი. 

- ჩემი ბა... ბაჭია... ჭია. 

- არა, სიდონი, ეს კურდღელი შენი არ არის. 

- იმის ნა... ნაჩუქარია... ქარია. წა... წაიღეთ... აიღეთ. 

- გარდა ამისა, ძალიან დაგვტანჯა. ამიტომ ამ საძაგელს ამ სახლში ბინა აღარ ექნება. 

კისერი მოუგრიხა, თავი მოსწყვიტა, გაჰგლიჯა, კარი გამოაღო და მართას გადაუგდო, თანაც მიაყოლა: 

- დედი მართა, ეხლავე დასწვი. 

ათიოდე წამის შემდეგ სიდონია ხელახლად ასლუკუნდა. 

- კა... კატო! ედ... ედიშერ! 

კატო და ედიშერი კარებში სდგანან. პაწაწა ქალი თითით ტუჩებს იცოდვილებს, თან განიერი თვალებით დედას ეკითხება: "ისევ გეჯავრები თუ... მოვიდეო?" 

მერმე, დედის გამოშვერილი მკლავები რომ დაინახა და თავისი ახალი სახელი - "კაკატო" რომ გაიგონა, გაიქცა და ხელმეორედ ნაპოვნ დედას ჩაეხუტა. 

ნაპოვნი კი თითოს თითო მკლავით ეხვევა. - ქმარსაც და გოგონასაც - და რიგ-რიგად ჰკოცნის და ფორთხილობს: 

- ჩე... ჩემი კა... კატო! ჩემო ედ... ედიშერ! ჩემო კა... კატუში... ტუში! - და ექიმის გამოწვდილ ხელს დასწვდა: - ძია ფრი... ფრიდონ, მშვიდობით... ობით! 

შემდეგ როცა სული მოითქვა, წამოდგა და სარკეს მიუჯდა. 

ეხლა სალომეს ნაცვლად იმ სარკიდან ისევ წინანდელი სიდონია იხედება - ოღონდ უფრო თეთრი, მოთელილი, ნამტირალი და სულდამჯდარი. თვალებიც აღარ უფრთხიან, აღარც უელავენ, მიბნედილან პატრონივით და დინჯად იბლიტებიან. 

აღარც ხელი უხტის მკერდისკენ. აღარც თეთრი კურდღელი აქვს მიკრული. იმის ნაცვლად პატარა კატო უზის მუხლებზე და მისი თავი გულზე აქვს მიხუტული. ამ შვილის პაწაწა თათიც ლოყაზე უცაცუნებს, ჯუანშერის ხელივით, და ამ თითებსაც ჯუანის სითბო აქვთ ჩაღვრილი. 

სარკმელიდან თეთრ ოთახში თეთრი ზამთარი იხედება. სიდონიასაც თეთრი კაბა აცვია. წეღანვე გაუკვირდა. ეხლავე ადგება და შავ კაბას გადაიცვამს, ჯერ კი შვილის ალერსით ძღება: 

- ჩე... ჩემო კა... კატო! ჩე... ჩემო კა... კატუში! ჩემო კი... კიტი... იტი! დღეიდან ჩემთან და... დარჩები საა... მუდამოდ... ამოდ... 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ