მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 24 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 ... მრისხანე აღა-მაჰმად-ხანთან მიიყვანეს მშვენიერი ტყვე-ქალი. მეუღლე ბრძოლის დროს დაეღუპა. ძუძუ-მწოვარა ბავშვი მტრებმა დედის თვალწინ დაანარცხეს ქვაზე და მოუკლეს. თვით დედა კი სილამაზემ გადაარჩინა. ეს ქალი საჩუქრად მიჰგვარეს შაჰს. „ჩემთვის საჭირო არ არის! ვინ არის ამის მყიდველი?" - ბრძანა ათვალწუნებით საჭურისმა შაჰმა.

ქალი შეისყიდა ვინმე მდიდარმა ჯაფარ-ბეგმა და მიიყვანა იმ კოშკში, რომელსაც ნარიყალა ეწოდებოდა. ჯაფარ-ბეგმა ქალს უბრძანა, მაჰმადიანობა მიეღო და მისი ხასა გამხდარიყო...

ქალმა არაფერი უპასუხა. ჩაფიქრდა. მერე ჯაფარ-ბეგს ხელის გული გაუსინჯა და უთხრა: ხელის გულის ხაზები მეუბნება, რომ შენ ამაღამ საკუთარი ხანჯლით სიკვდილი გიწერიაო. ქალმა ჯაფარ-ბეგს ხანჯალი მოსთხოვა: შევულოცავ და უვნებელი გახდები, სიკვდილი თავიდან აგცილდებაო (მაჰმადიანებს სწამთ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იციან).

ჯაფარ-ბეგმა ხანჯალი შემოიხსნა და ქალს გადასცა. ქალმა ჯერ შეულოცა, მერე ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა: ხანჯლის ტარს ხელი დაჰკარი და დარწმუნდები, რომ არ დავიჭრებიო! ჯაფარ-ბეგმა თხოვნა მეუსრულა და... ტყვე-ქალი გულ-განგმირული დაეცა ბრძანებელის ფეხთა წინაშე.“

ეს ლეგენდა ნარიყალას ეკუთვნის.

და რა სამწუხაროა, რომ ტფილისის წარსულზე უცხოელ ორიენტალისტებმა უფრო. მეტი იციან, ვიდრე ჩვენ, ტფილისის ჰაერით გამოზრდილებმა! არამც თუ წარსულის შესწავლა, ტფილისის თანამედროვე მყობადიც კი არ არის უნაკლოდ ასახული.

ჩვენი ისტორიული დაუდევრობა.

მაგალითისთვის პატარა კურიოზი:

 

დილა ტფილისში

 

... მთის მწვერვალიდან გადმოსხლტა სხივი,

მზემ მიწას მოსდო ოქროს ღვედები;

მთის უბით დასწვდა ნიავი ცივი,

და აიშალნენ ზღვაზე გედები.

ეს ლექსი რომ უცხოელმა წაიკითხოს, ალბათ რუქაზე დაუწყებს ძებნას, ტფილისი რომელი ზღვის პირად მდებარეობსო.

ტფილისი პოეტებისთვის მომხიბლავი თემაა. მაგრამ თემის დასახვეწად მარტო სათაური ხომ არა კმარა!

პოეტი ლექსის თემას და თავის ლიტერატურულ სახელს ებგურივით უნდა ჰგუშაგობდეს.

ტფილისის შესაქებად საჭიროა მახვილი ინტუიცია და კრიტიკის დოსტაქრული სკალპელი, რომ პოეტმა „ჩვენი მხარე“ სწორი ფერებით შეანაზუქოს.

(ტფილისის ვიწრო. ქუჩებს არაერთი მოგზაური უნახავს, მაგრამ შინ დაბრუნების დროს, თითქმის ყველას მეტი მოგონება და შთაბეჭდილება რჩება იმ ბნელ ქუჩებიდან., სადაც ქიმ-მომტვრეული სახლის იაქათაღი ირიბათაა გაწოლილი, იმ ფოლორციდან, სადაც „ყარაჩოღელი ბერანჟე“ მღეროდა:

- „ქალო ხაბარდიანო,

გაქვს და გიხარიანო“ -

და იმ ნარიყალის ძველ ბურჯებიდან, რომელიც უამრავ ლეგენდებს ინახავს თავის დახავსებულ ნანგრევებში; ერთი სიტყვით, ეს „Aзиатска часть TH лиca“ უფრო. მეტ მასალას აძლევს მათ მემუარებს, ვიდრე გაევროპიელებული ფართე ქუჩები და ქვის თეჯირები.

ბერტელსის აზრით, შემაკავებელი ცენტრები, რომელნიც დასავლეთმა გამოიმუშავა, აღმოსავლეთში არ არსებობენ. ამიტომ არის, რომ აღმოსავლელი ხალხი ინტენსიურად განიცდის სიხარულსაც და მწუხარებასაც.

ძველი ტფილისი ამის ნათელი მაგალითია.

ძველი ტფილისი!

ბავშვობიდანვე მიყვარდა იგი. მზიური ნისლით დაბურული ნარიყალის ციხის ისტორიული ნაშთი ღრმა საიდუმლოებასავით იყო ჩემს წინაშე ამართული. ჩემი პოეტური ფანტაზია და ოცნების წმინდა სიხარული მხოლოდ ლექსის ლერწმებში დავაპატიმრე. დიდიხანია მინდოდა გულის მურაზის შესრულება: ძველი ტფილისის რაობის ისტორიულად შესწავლა.

საიათნოვას ეპოქის გამოკვლევამ იმდენი მასალა მომცა, რომ მაშინვე გადავწყვიტე, ზოგი რამ მომემარაგა.

ეს წიგნი, როგორც საიათნოვასაგან წართმეული თემა, არის მეორე ნაკვეთი ჩემი ამ ჟანრის შემოქმედებისა. თუ „საიათნოვა“ მე-18-ე საუკუნის ფარგლებით შევზღუდე, ეს წიგნი მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ხალხურ მწერლებს მივაკუთვნე, იმ ხალხურ მწერლებს, რომელნიც ილიასა და აკაკის დროს პარალელურად მოღვაწეობდნენ დაბალ ფენებში.

ბევრს ჰგონია, რომ ხალხური მწერლობა მხოლოდ სოფლებში ინახება. ქალაქშიაც არის. ამას კი თავისდადება უნდა, შესწავლა, გამომზევება.

„ხალხურ მწერლობად“ ხშირად ჰგულისხმობენ ისეთს შემოქმედებას, რომლის ავტორიც უცნობი და დაკარგულია; მაგრამ, ჩემის აზრით, „ხალხური“ ეწოდება იმ ’შემოქმედებასაც, რომელიც ხალხის შვილის გულიდან ლაღად მომდინარეობს, უკოსმეტიკოდ, თავისი პრიმიტიული სახით და ავტორიც ჩვენთვის, ცოტად თუ ბევრად, ცნობილია.

მწერლობა მარტო კლასიკებისაგან არ შესდგება.

მწერლობას მარტო დიდი სახელებით ვერ გავათავთავებთ.

ზღვა თავის გულში აგროვებს და ისრუტავს არა მარტო დიდ მდინარეებს, არამედ პატარა ნაკადულებსაც. ყოველი მდინარის გაცნობა სათავიდან იწყება. ეს სათავე ხ'შირად სადღაცაა მიგდებული, ყოველთვის საძებნელი ხდება.

ერთი ამგვარი ესთეტიური მოგზაურობა მეც გავბედე... მინდა თვალწინ გადაგიშალოთ უცნობი კუთხე და დავიწყებული სათავე იმ თვალჭრელი ნაკადულისა, რომელსაც „ქალაქური ხალხური პოეზია“ დავარქვით და რომელიც შეუმჩნევლად იფარება აკადემიური მწერლობის მღელვარე ტალღებში.

 

საქართველოს გული

 

თუ მამადავითის მთაზე ახვალთ და გადახედავთ ტფილისს, ნარიყალის ციხის კალთების გასწვრივ თქვენი მხედველობის წინაშე გადაიშლება ჩვენი დედაქალაქის ის ნაწილი, რომელსაც ძველი ტფილისი ეწოდება. ნახევრად დანგრეული. კედლები ნაამაგდარი ციხისა მთის მაღლობიდან ქვევით ეშვება, მაგრამ შუა გზაზე სწყდება. თუ ამ ნანგრევებს გონების თვალით გააგრძელებთ, ხაზი დაეშვება მტკვრისაკენ და გავა მეტეხის ციხის პირდაპირ. ეს იქითა მხარეა. აქეთა მხარის გალავანი კი, დაახლოვებით ძველი სემინარიის გვერდით რომ არის დაქანებული, ეს ნარიყალის დუღაბიც მტკვარ'ში ჩადიოდა.

აი, ამ გამირში, ამ რკალშია მოთავსებული ძველი ტფილისი, ხოლო ამ გალავანის აქეთა მხარეს დარჩენილი ადგილი - "გარეთუბნად" იყო წოდებული. ძველად ამ გარეთუბანს გარეშემო ბაღები და საიალაღო ველი ერტყა; ეხლანდელი ალექსანდრეს ბაღი წინათ სასაფლაოს წარმოადგენდა, კუკიის ხიდსა და ხიდს შუა ჭალა იყო, ნაზირბაღთან კი - ლასტის ხიდი.

მაგრამ ჩვენი გულისყური ტფილისის განსაზღვრული ნაწილისკენ არის მიპყრობილი. ტერიტორია: თათრის მოედანი, კლდის უბანი, ავანაანთ ხევი, ლეღვთა ხევი (ბოტანიკური ბაღი), ისნის ყელი, პატარა და დიდი სირაჩხანის არემარე, მეტეხის ორივე ხიდის ფარგლები, - მტკვრის მორევიდან ბაყალხანამდე, აბანოების მიდამო, სეიდაბადი, ორთაჭალა, ხარფუხი და მისი მიჯნა - განჯის კარი.

დავიწყოთ თათრის მოედნიდან.

ტფილისი ცნობილია, როგორც სავაჭრო ცენტრი. ამ სავაჭრო ცენტრად თათრის მოედანი ითვლებოდა. აქ მოდიოდა ყოველგვარი საქონელი და სურსათ-სანოვაგე:

შორაგალიდან, მარნეულიდან და დურნუკიდან - ფქვილი, ხორბალი;

ყარაიაზიდან - ბრინჯი:

აღდაშიდან - საზამთრო:

ზაქათალიდან - "ლეკური მსხალი";

მხლოიდან - ყველი;

თუშეთიდან და ყარაბაღიდან - ცხვარი, მატყლი, ერბო.

ჰამამლიდან - კვერცხი;

ჯალალოღლიდან და მანგლისიდან - კარტოფილი;

ლამბალუდან - კარაქი;

ყულფიდან და ქაღზმანიდან (აღზევანიდან) - მარილი;

ბორჩალოდან - ბოსტნეულობა: ხახვი, ბადრიჯანი და სხვ.;

თათრის მოედნის შუაგულში გამართული იყო ყაფანი - დიდი სასწორი, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებსა და ვაჭრებს ურიგდებოდა.

აი, ეს ეხლანდელი განაპირებული მოედანი იყო ტფილისის გული, რომელსაც სოფელი აწვდიდა თავის ნაწარმოებს.

ერთი პატარა დეტალი:

სოფლიდან მოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ ქორვაჭრებს.

როცა ყაფანზე ბაირაღი იყო ამართული, მაშინ მცხოვრებლებს უნდა ევაჭრათ. სრულ 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ამის მემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლელთა აღებ-მიცემობა.

 

ქალაქის ენა

 

ქალაქის მოსახლეობა მუდამ ჭრელი და მრავლფეროვანი იყო, მაგრამ იგი ყოველთვის თავისი ენითა მეტყველებდა: ეს იყო ქალაქური ენა.

ქართული ენის ბგერაში ხშირად ისმოდა არაბულ-სპარსული, სომხური სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები ყოველთვის შესისხლხორცებული იყო ქართული ენის ცოცხალ გამოთქმასთან.

ტფილისმა ფრთხილად მოანარუქა სხვა-და-სხვა ერის წახნაგოვანი სიტყვები და მისცა თავისებური ეშხი და მზეოსნობა. თანდათანობით ეს სიტყვები იმდენად ’შეცვლილა და ხშირად ქართული გამოთქმისთვის ისე შნოიანად გაკეთებულა, რომ ამ ლექსიკას ვერც სპარსელი და ვერც სხვა რომელიმე ერი მხოლოდ თავის საკუთრებად ვეღარ მიიჩნევს; ან კი „რით არიან უშნონი არაბული სიტყვები „ვეფხის-ტყაოსან’ში?“ მაშ რუსთველის თხზულება დამცირებული იქნება არაბულისა და თათრული სიტყვების ხმარებისთვის?

სხვადასხვა მოდგმისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ძველი მოქალაქენი უმეტეს წილად ტფილისის განაპირა უბნებში სცხოვრობდნენ: აქ ესენი უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, სწავლობდნენ ერთმანეთის ენას და ამ მუდმივი ურთიერთობის ზეგავლენით ტფილისის ქართული ენაც განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ და კოლორიტულ ელფერს იღებდა.

ეს ურთიერთი ზეგავლენა უფრო მეტად ძლიერდებოდა იმით, რომ ტფილისი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრი იყო არამც თუ საქართველოს მკვიდრ მცხოვრებთათვის, არამედ გარეშეთათვისაც. გავიხსენოთ ლეონ მელიქსეტ-ბეგის მოხსენება:

„ქართულის ზეგავლენით ტფილისის სომხურმა დიალექტმა ისეთი ფონეტიკური ნორმები შეჰქმნა, რომ სამაგალითო გახდა თვით სომეხთათვისაც, იმდენად სამაგალითო, რომ სომეხთა ცნობილმა მწერალმა და პედაგოგმა, აწ განსვენებულმა ღაზაროს აღაიანმა სომხური ბგერების შესახებ თავის 1874 წ. გამოცემულ წიგნ’ში „დასავლურ" სომხებს, რომელთაც უყვართ ბგერების დამახინჯება, ურჩია მაგალითი აეღოთ ტფილელი სომხებიდან, რომელნიც თავის მხრივ გაწვრთნილნი არიან ქართველების მიერ.

მოვიგონოთ აგრეთვე, თუ რას ამბობს ვახუშტი თავის გეოგრაფიაში ტფილისის მოსახლეობის შესახებ: "...ტფილისის მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მაჰმადიანნი, ხოლო ციხეს გარეთ უფროს სომეხნი და მცირედ ქართველნი, ქცევა-ზნით ქართულითა".

ამავე საგნის, ტფილისის განსაკუთრებულ კილოს შესახებ, აი რასა სწერს პეტრე მირიანიშვილი ილიას ივერიაში: "საზოგადოდ ქალაქელი სომხობა და მასთან ქართველობაც კიდე ლაპარაკობს ისეთ ქართულს, რომ გულდასმით დამკვირვებელი არაერთ ძვირფას სიტყვასა და სიტყვის საქცევს უპოვის. თქმა არ უნდა ქალაქი, ფრთხილისა და ხელოვანის მუშაკის მომლოდინე, ჩვენი ენის საუნჯეს მრავალ ობოლ მარგალიტს შესძენს, მხოლოდ მეტის-მეტად საჭიროა ფეხი მოიკიდოს ჩვენს მწერლობაში მისმა მოხდენილმა და მნოიანმა საუბრის კილომ, რომელიც ღირსია ამ პატივისა, როგორც ჩვენი მოქალაქობრივის ცხოვრების სათავეში მდგომი. და თუ ეს პატივი არ ვაღირსეთ, ქალაქი ვერ ითავადებს.

პირადად მე, როგორც აღმოსავლურ მგრძნობელობის თანამოინახეს, მიყვარს ეს ტფილისური ჯიშიანი სიტყვები. ტფილისური სიტყვა და ამოთქმა თავისი მოცულობით და სპეციფიური ვითარებით მეტად ხმოვანია და ლეგენდარული. ამიტომ არის, რომ ამ ენის კრიალოსანს არა ვფანტავ ონავარ-ხელით, ყოველივე გამოთქმას სათუთად ველოლიავები. ვიჭერ ყოველივე ცალკეულ სიტყვას და ვსხავ იქ, სადაც მისი ბადალი სიტყვა არ მოგვეპოვება. როცა ზოგიერთ რუსული სიტყვისათვის სხვა სიტყვა ვერ შემიფარდებია, მივმართავ ხოლმე ჩემს ლექსიკონს („ტფილისის ქართული ლექსიკა“) და გამოთქმაც მზად არის.

ტფილისის ეგრეთ წოდებული „ყარაჩოღული სიტყვები“, - რომლითაც ჩვენი ძველები ლაპარაკობდნენ და ამ ჟამად  არც ახალი მწერლების  ნაწერებიდანაა განტვირთული,-არის ქართული ენის შემადგენელი ნაწილები, მისი ჯიგარია და არა გარმიანული სიტყვები, მეტსაც ვიტყვი: ზოგი სიტყვა ტფილისში უფრო შენახულია, ვიდრე საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში, ამიტომ ტფილისური ლექსიკური მასალაც რომ იყოს გამოყენებეული სალიტერატურო ქართულისთვის, მაშინ ეს სალიტერატურო ქართული უფრო მოგებული დარჩებოდა.

არავინ უნდა შეშინდეს  ქალაქური ენის სიჭრელით, უხსოვარ დროთაგან მიღებულ ლექსიკურ მასალას ვერ შეუძლიან დაამახინჯოს ენა, რომლის სილამაზეც ჩვენ უნდა ვეძებოთ მის საერთო აგებულებაში, მის საერთო ბუნებაში, მის საერთო სინტაქსში.

მაგონდება რიშ-ბაბას -ალ. სარაჯიშვილის (1851-1914) პატარა, მოხდენილი წერილი:

 

წმინდა ქართული

(ფილოლოგიური ტრაქტატი)

 

ვინ არ ჩივის ეხლა ქართული ენის წახდენას!

წავიდა, აღარ ისმის წმინდა ქართული, ტკბილი ქართული....

ვისი ბრალია? ემდურიან მეტადრე ჩვენს მწერლებს, ყველაზე მეტად მაგათ გარყვნეს ენაო.

დიახ, სამართლიანი საყვედურია, რადგან ქართველი მწერლისათვის ქართულის ცოდნა სავალდებულო როდია, მაგრამ ენის წახდენაში, მწერლების გარდა, დიდი ბრალი აქვს ჩვენს ვაჭრებსაც, რომელთაც  რუსული სიტყვების ხმარება განათლება ჰგონიათ.

ამას წინათ ერთმა ვაჭარმა ასეთი ამბავი მიამბო:

„ერთს მანუფაკტურის მაღაზიაში შევიდა ჩვენი პრისტავი და საროჩკები იკითხა.

- რა საროჩკები გნებავთო, ჰკითხა კუპეწმა, პალატნიანი თუ შოლკოვი?

- მე ნეჟნად გაზრდილი არა ვარ, სიტცეზედაც საღლასნი ვარო.

ჩამოიღო პრიკაშჩიკმა პოლკიდან ერთი პაჭკა საროჩკა და დაუწყო პრილავკაზედ.

პრისტავმა გადაარჩია ოთხი საროჩკა სხვა-და-სხვა ფერისა: ლილოვი, გალუბოვი, კარიცნიკი და სირენიკი. ბუმაგაში გაახვევინა და ჩაიდო ვეშჩებით გატენილს საკვოიაჟში.

- სხვა ხომ არა გნებავთ-რა? - ჰკითხა კუპეწმა: ნოვომოდნი საიუბკე, შერსტანოი მატერიები მაქვს, სუკნო, ლიონსკი ბარხატი, ფაი, ბადუშკის საპირე, ბურსო, ნაირ-ნაირი შოლკოვი მატერიები....

- არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდეო, - უპასუხა პრისტავმა.

- საროჩკებში რა უნდა მოგცე?

კუპეწმა ჩოთკში ჩააგდო: თითოში-დვა რუბლი ტრიცეთ, სუმა დევით რუბლეი დვაცათ კაპეიკს იზამს.

იკრა პრისტავმა კარმანზედ ხელი... და გროში კაპეიკი არ გამოაჩნდა, პორტმანი შინ დავიწყებოდა.

- უკაცრავად, ნალიცნი თან არა მქონია და ჩემზე იყოსო.

- თქვენისთანა პაკუპატელს, კრედიტში კი არა, დარომაც რომ ინებოს, უვაჟენიას ვუზამთო, უთხრა კუპეწმა“.

ძალიან მეწყინა ნაციონალისტს, ასეთი შებღალვა ქართულის ენისა. დამახსოვდა ეს უშნო ნაამბობი და სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე.

ჯავრი მომდიოდა: ნუ თუ რუსთველის ენა ისეთი ღარიბი ყოფილა, რომ ერთი უბრალო ამბის თქმა ვერ მოგვიხერხებია, თუ რუსული სიტყვები არ ჩავურთეთ?

ავიღე ამ ვაჭრის ნაამბობი გადმოვაქართულე და რაც რუსულის მაგიერ ქართული სიტყვა ვიხმარე, იმას ხაზი გავუსვი.

აი რა გამოვიდა:

ერთს ფარჩეულობის დუქანში შევიდა ჩვენი ბოქაული და პერანგები იკითხა.

- რა პერანგები გნებავთ? ჰკითხა ვაჭარმა - ტილოსი თუ აბრეშუმისა? - მე აზიზად არა ვარ გაზრდილი, ჩითისას ვიყაბულებ.

ჩამოიღო ნოქარმა ყაფაზიდან ერთი დასტა პერანგი და დაუწყო დაზგაზედ.

ბოქაულმა გადაარჩია ოთხი პერანგი სხვა-და-სხვა ფერისა: სოსანი, ლაჟვარდი, მიზაკისა და იასამნის ფერისა. ქაღალდში გაახვევინა და ჩაიდო ბარგით გატენილ ხურჯინში.

- სხვა ხომ არა გნებავთ რა? ჰკითხა დახლიდარმა, ახლად შემოღებული საკაბე შალები მაქვს; მაუდი, ხავერდი, დარაია, ბალიშის საპირე, ყანაოზი, ნაირ-ნაირი ფარჩები...

- არა, რაც მინდოდა სხვისგან ვიყიდეო, უპასუხა ბოქაულმა. პერანგებში რა უნდა მოგცე?

- ვაჭარმაც იანგარიშა: თითოში ორი მანეთი და ექვსი შაური, ჯამი ცხრა მანეთსა და ერთ აბაზს იზამს.

- იკრა ბოქაულმა ჯიბეზედ ხელი და ფული არ გამოაჩნდა, შინ დავიწყებოდა.

- უკაცრავად ნაღდი თან არა მქონია და ჩემზედ იყოსო.

- თქვენისთანა მუშტარს, ნისიად კი არა მუქთადაც, რომ ინებოს ხათრს ვუზამთო, მიუგო სოვგადარმა.

ეს ხომ წმინდა ქართულია, ვთქვი ჩემს გულში... მაგრამ ვაი შენს მტერს, მე რომ მომივიდა; როცა ხაზ-გასმული სიტყვები გადავათვალიერე: სულ თათრული, სპარსული, არაბული, სომხური და ლათინური გამოდგა!

მაშ რისღა წმინდა ქართული ყოფილა ჩემი გადმოქართულებული?

თურმე წმინდა ქართული არცა გვაქვს და არცა გვქონია!

დაე, გაიხაროს ჩვენმა მტერმა, რომელსაც ჰგონია, ვითომც ენის სიწმინდე თავისებური სიტყვებია და არა თავისებური სინტაქსი.

 

კინტო და ყარაჩოღელი

 

კინტო!

ყარაჩოღელი!

ხშირად კინტოსა და ყარაჩოღელს ერთმანეთში ურევენ. ჩვენ, ძველი თბილისის სინიდისის შენარჩუნებისათვის, ამ ორ ტიპს განვაცალკევებთ.

კინტო და ყარაჩოღელი სხვადასხვა ჯურის ხალხია.

კინტო უკანასკნელი დროის მცხოვრებია, - გაქსუებული, დაღლარა, თახსირი, ერთი სიტყვით, კინტო ყარაჩოღელების გადაგვარებული მოდგმაა.

ყარაჩოღელი დარბაისელია, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი.

კინტო თვალმანკიერია და გულხეშენი; კინტო ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას სტოვებს, რომელშიაც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებადაა.

ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადგენი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე და პირბუდაღი.

ყარაჩოღელი და კინტო თვით ჩაცმულობითაც განსხვავდებიან. ნება მიბოძეთ, მათი გარდერობი გაგაცნოთ:

ყარაჩოღელი ანუ ყარაჩოხელი ნიშნავს შავ-ჩოხიანს. მაშასადამე, ყარაჩოღელს აცვია - შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი და ორ ჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზედ მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღგაკეთბული და გულამოჭრილი პერანგი, ზედ - შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი.

მათი განიერი შარვალი, განსაკუთრებით ქობაჩი, შავი შალისაგან იკერებიდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. ამ შარვლის ფართე ტოტები შიგნიდანა ჰქონდათ ჩამაგრებული საცვეთების ჩარჩუბაღებში. საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ ყაფაღიან წაღებს.

მათი სამკაული იყო ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში - მწვანე ბაღდადი, „გალიბანდის“ ქუდი, წელში - ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის - ქისა წეკოთი.

კინტო ნიშნავს კინწით, კისრით თაბახის მზიდველს (კინტ - ძველებურად კუდიანებსაც ნიშნავდა). კინტოს აცვია ჩითის პერანგი, - წინწკალშეყრილი და მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი გვერდზე აქვს, მარცხენა მხრით. საყელოზე ოთხი ღილი აკვრია, მაგრამ საკინძე ყოველთვის ჩამოხსნილი აქვს. აცვია შავი ნაშურის ახალუხი (რომელსაც იშვიათად ხმარობენ). ლასტიკის განიერი შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფარი გააქვს; თავზე - ქეჩის ქუდი, ან „კიზიროკიანი შლიაპა“, ფეხზე - უქუსლო ჩუსტები (საგარეოდ - გარმონისებური ეგრეთწოდებული „დაწყობილი ჩექმები“), გულზე -საათი ძეწკვით, წელზე - აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი. ქამარში - უბრალო ხელსახოცი; ჩოხას სულ არა ხმარობენ.

ყარაჩოღლის ხმა -  ტკბილია და შთამბეჭდავი; კინტოს ხმა - ხრინწმოკიდებული და ხმელი.

ყარაჩოღელის მიხვრა-მოხვრა მტკიცეა; კინტოსი - ოკრობოკრო.

ყარაჩოღელი - თვით ჰქმნის სიტყვის შედევრებს; კინტო - ამ სიტყვებსაც ამახინჯებს.

ყარაჩოღელი მღეროდა:

„გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,

მიზეზისა გამო სხვისა-და-სხვისა!“

კინტო მღერის:

„არღანჩიკო, დაუკარ,

ფაიტონჩიკ გარეკე!“

ყარაჩოღელი შეფრფვინვით შეჰღაღადებს თავის სატრფოს:

„შენ არზრუმის ცისკარი ხარ, გულნარა,

მანათობლად აღმომხდარი, გულნარა“.

კინტო თვის ოჯახსაც არ ინდობს:

„ჩემი ცოლი ანანა

ხან (მწყალობს) და ხან არა!“

ყარაჩოღელის მუსიკა დუდუკია; კინტოსი - არღანი.

ყარაჩოღელის რეპერტუარი:

1. „ნაჭერ-ნაჭერ ღრუბელ მოდის მაღლა ციდანა,

დაბეჭდილი წიგნი მომდის საყვარლისგანა“.

2. „ახ, მთვარევ, მთვარევ, დამწვართ იმედო!“

და სხვ.

კინტო ამ სიმღერებს ასე ასრულებს:

1. „Кусок-кусок облак идет свисок небеса-ო,

Запечатан письмо несет от любовница-ო.“

2. „Ах, луна, луна, жаренных надежда...“

და სხვ.

ყარაჩოღელების სასმისი იყო ჩინური ჯამი, თიხის ფიალა, აზარფეშა და ვერცხლით შეჭედილი ხის კულა.

კინტომ არც კი იცის ამ ჭურჭლის სახელები; იგი უარჰყოფს ქამრიან ჭიქებსაც და უცხოელ ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ფეხსაცმლიდანა სვამს:

„დე, ჩაჭყაპე ღვინოს, კახურს,

მაგ თეთრ ტუფლით სვამდეს, სცლიდეს;

მას ეშხისგან ტვინი უხურს, -

ანუშკაჯან, არ შეგცივდეს!“

კინტო ნამარდია; (ნამარდი - 1. არავაჟკაცი; უხასიათო; გულდედალი, უღირსი, გამწირავი, დაუნდობელი, მზაკვარი, უკეთური, მუხთალი, მოღალატე, უნამუსო, ვერაგი, გაუტანელი, თავკერძი. 2. არაკაცი, ჯაბანი, ჯომარდის ანტიპოდი, არსებობს ხალხური ზღაპარი: „ჯომარდი და ნამარდი“)

ყარაჩოღელი - ჯომარდი. (ჯომარდი - მხნე, გულადი, რაინდი)

მათი აღებ-მიცემობის დიალოგიც კი სხვანაირია.

კინტო თვის მუშტარს ათასგვარ უდიერ და უასაკო სიტყვას ეუბნება (მაგალითბი ნუ გვინდა!)...

ყარაჩოღელი სიტყვა-პასუხი კი ამ შემთხვევაშიც ჭკუის სალესავია. მაგ., ყარაჩოღელთან მიდის დედა, რომელსაც თან ლამაზი ქალიშვილიც ახლავს, რაღაცის ყიდვა უნდათ:

- რა ღირს, შვილო, ეს საქონელი?

- რვა აბაზი.

- ექვს აბაზად არ შეიძლება?

- ეგ ქალი შენი რა არის, დედი?

- შვილია, შვილო!

- შეიძლება!

აი, სინამდვილიდან აღებული ამ პატარა ფაქტიდანაც ნათლად სჩანს, თუ როგორი ეშხის და მარიფათის ადამიანი იყო ძველი თბილისის ძველი ყარაჩოღელი.

კინტოს მოსწრებული სიტყვა გაცვეთილი ფრაზაა, ათასჯერ ნათქვამი, შაბლონური, ყოველთვის ორჭოფული, მშიშარა და შიშველი.

ყარაჩოღელის სიტყვა კი თამამია და გულუბრყვილო. ერთადერთი, რაც გამოჰყვათ კინტოებს ყარაჩოღლებისაგან - მიმიკური ირონიაა.

ძველად ყარაჩოღელებს ჩვეულებათ ჰქოდნათ, წამწამს გამოიძრობდნენ და ქვაზე დანაყავდნენ, ნიშნად მუდმივი ძმობისა;

კინტო კი ასე ხოტონიკობს: მეგობარი რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ეყოლებოდაო!

ყარაჩოღელს მობეზრდა ყავახანები, „ტრახტირები“, მასაც უნდა „ზევით-ზევით“ ავიდეს:

„დალოცვილო! როგორ თუ რა მაჯავრებს,

გული მტკივა, მინდა გაგიზიარო;

რათა, ძმაო, ერთი მითხარი, რისათვის -

მე - ტრახტირში, შენ - თეატრში იარო!“

კინტო კი თავის პარტნიორს ასე ეუბნება:

„ხოჯივანქში მატურები რომ არი,

იქ ამოდი, ვითამაშოთ ყომარი“.

ყარაჩოღელი ხშირად თვით იგონებს ათასგვარ გასართობს, რომელიც მერე ადათებში გადადის.

კინტო კი სპობს ამ ადათებს. მისი გასართობია: ყომარი, ბილწსიტყვაობა, სოდომგომორის ცოდვა და ის ხელმრუშობა, რომელზედაც შოთამ თქვა:

„მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,

ენა დაშვრების მსმენლისა, ყურნიცა დავალდებიან,

ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან,

მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან“.

ყარაჩოღელი ძველი თბილისის ძველი თაობაა. ყარაჩოღელი იმდროინდელი მოქალაქეა, როცა „ქართლის ცხოვრების“ სიტყვით: „ქალაქი ტფილისი ჯერეთ არა სრულიად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა“. ყარაჩოღელი სინთეზია ქართულ-სპარსული ურთიერთობისა და საზოგადოდ, აღმოსავლეთის ხალხთა ჩვენში ყონაღობისა. (ყონაღი - სტუმარი)

კინტო კი შექმნილია შერეულ ბაზრის წიაღში, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო. იგი ნალეკია ყარაჩოღელთა ოჯახისა, გაზრდილი ქუჩებსა და სამორინეში. კინტო, როგორც ცუღლუტი, მცირე უნარის და მცირე მოთხოვნილების პატრონი, კმაყოფილდება ორგროშიანი მოგებით, რომელსაც დიდხანს ჯიბეში არც კი იჩერებს: ან იმდღესვე ფლანგავს მიკიტნის დახლთან, ან ყომარბაზებში აგებს.

როგორც რუსეთში იყო „Босяк“-ი, ეს ლოთი მწიგნობარი, პარიზში თავისებური ტიპი „Apache“-ი, ისეც ჩვენმა თბილისმა, მხოლოდ თბილისმა, წარმოშვა ეს ბედასლი, თავნება, „პაჟარნი“, ლევანდი და დაუდევარიტიპი, რომელსაც იმათთან შედარებით მაინცდამაინც დიდი სიბოროტის ჩადენა არ შეუძლიან.“

 

* * * * * * *

 

ტოლსტოი, ტფილისში ყოფნის დროს, სწერდა თავის მეგობარს:

"ტფილისს ემჩნევა ცივილიზაცია, ტფილისი ჰბაძავს პეტერბურგს“.

მართლაც, ტფილისში ნელინელ იჭრებოდა ცივილიზაცია, ტფილისი ევროპიელდებოდა. იცვლებოდა ტფილისი და ამასთანავე, რასაკვირველია, ისპობოდა და ითქვიფებოდა ყარაჩოღელთა ჯილაგიც.

აი, რას სწერდა ილია იმ დროინდელ „გადაგვარებულ ტფილისზე“: „ხომ ჩვენი ქალაქია, მაგრამ იქ გული არ მიდგება, თითქოს ჩვენები აბარგებულან, გახიზნულან და სხვები დასახლებულანო; გული გულს აღარ ეკარება და სურვილი სურვილსა. ლეჩაქი რა არის, ლეჩაქიც კი ვეღარსად დაგვინახავს, თითქოს ნამუსთან ერთად ისიც მოუხდიათ და გადაუგდიათო".)

ამას აღნიშნავენ უცხოელი მოგზაურებიც, თეოფილე დეიროლი ამბობს: აღმოსავლეთში ა დათებთან

ერთად, ტანისამოსიც ცვლილებას განიცდისო.

ან-კიდევ:

„ქართველი ხალხი თანდათანობით ებმებოდა ევროპიულ საზოგადოებაში, მიუხედავად თავისი ქართული: ტანისამოსისა, რომელსაც უფრო ბალებში ატარებდნენო“.

მაგრამ ამის დანახვა და აღნიშვნა ქართველი პოეტისთვის უფრო საგრძნობი იყო: აი, მეორე ქართველი პოეტი გრ. ორბელიანი როგორ უჩივის ქართული ტანისამოსის გადავარდნას: „მოვიდა გამოჩენილი ევროპაში მხატვარი ზიჩი, რომელსაც ჰსურდა დაეხატა კარტინისათვის, Демон, ქართველი კაცი და ქალი ძველებურის ტანისამოსით, და ვერავინ ვიპოვეთ! ღმერთმა უშველოს ტასო ოგლობჟიოს, ამან მიჰსცა თავის საქორწილო ტანისამოსი ყამჩითა, ჯიღითა, ქინძისთავებითა და ძველებურის ნივთებითა და ამით დიდათ გაახარა ზიჩი. - ასე განათლდა, ასე წახდა საქართველო, რომ თავისი აღარა უნდათ-რა და დიდათ ჰრცხვენიანთ ქართულად ჩაცმა! ოჰ, ოჰ, კნიაზო. ნიკო, დიდათ სამწუხაროა!"

თუ ეს ორი ქართველი პოეტი ასე ჰგოდებდა ტფილისის ფერისცვალებაზე და სწუხდა ქართული გარდერობის გაევროპიელებისათვის, - მესამე პოეტი, რაფ. ერისთავი, პირდაპირ ილაშქრებს კინტოების - ამ ახალი მოქალაქეების წინააღმდეგ:

„დახე, ჩვენი ქალაქი რარიგად, გამოცვლილა,

ვერავის ვსცნობ, არც მცნობენ, კინტოებით გავსილა.

ეს კი ვნახე მე თვითონ, აბა რა სათქმელია,

·ძველს ქალაქში ტალახი, ისევ ძველისძველია...

ჩვენი დედაქალაქი, რა რიგად გამოცვლილა,

და გრიქულა დალაქიც - მეპარიკე შექმნილა.

თაღლითაანთ გეუა, ჩალხანებს რომ ჰკალავდა,

დღეს კალასკაში იჯდა, თავს აღარ იმალავდა...

ხალხი მიდის და მოდის, სულ ბუზივით ირევა,

იმათი ცქერით კაცი ჭკვიდამ გადაირევა...

ქალებს დასთრევს კუდები თითო გუთნის გაშლაზედ,

წინ ჯიბე, უკან ჯიბე, კიდევ ჯიბე ბაშლაყზედ...

ქუჩებში აღარ ისმის ძველებური სიმღერა,

ნეტავ, ეს რაღამ მოსპო? რა ცოდვილმა გვიმტერა?

დახე, ჩვენი ქალაქი რა რიგად გამოცვლილა,

ვერავის ვსცნობ, არც მცნობენ, კინტოებით გავსილა.

 

ყეენობა

 

„როგორც ვიცით, ძ ველი ტფილისი თანდათანობით ჰკარგავს თავის ძველსახეს და რომ მომავლისათვის უკვალოდ არ დაიკარგოს ძვირფასი მასალები, ტფილისის ქალაქის საბჭოს მუზეუმი ახლო მომავალში აწყობს გამოფენას: ძველი ტფილისი."

ასეთი განცხადებით გამოვიდა ტფილისის. მუნიციპალური მუზეუმი 1926 წელს, 3 დეკემბერს.

სიხარულით უნდა აღვნიმნოთ, რომ ჩვენი მოხსენების წაკითხვის შემდგომ ), პარალელურად ჩვენს ნაშრომთან ერთად, თითქოს რეალურ ილუსტრაციად ჩაისახა ტფილისის მუნიციპალური მუზეუმი, სადაც მკითხველი ნაწილობრივად ნახავს და გაეცნობა ძველი ტფილისის ზოგიერთ ღირსშესანიშნავ ძეგლებს ).

განა, ქალაქის საბჭოს მოწოდებაში სამართლიანად არ არის ნათქვამი, რომ „ტფილისი თანდათან ჰკარგავს თავის ძველ სახეს?“ განა, მართალი არ არის, რომ თვალსა და ხელსშუა ჰქრება და ისპობა ძველი ტფილისის ეგზოტიური ნატიფობა, ყარაჩოღელთა ისტორიული სამოქალაქო. თუ საოჯახო ადათები და ქალაქური ზეპირსიტყვაობის ძარღვიანი ნიმუშები?

მე, როგორც ძველი ტფილისის ტრუბადურმა და ქეშიკმა, მე, როგორც ძველი წიგნების ჩრჩილმა და ავანჩავანმა, მოვალეთ ჩავთვალე ჩემი თავი, ვიდრე ჯერ კიდევ დაგვიანებული არ არის, დამერაზმა მეხსიერება, წინ წამეგდო გამოცდილება და შეძლებისგვარად ამეწერა ეს ლამაზი კუთხე, რომელიც უქომაგოა და სადღაც ძველი ჯიგარივით გდია! დაე, ტფილისის მუზეუმის გვერდით ეს ცოცხალი სიტყვაც დარჩეს ჩვენი მკვლევართა საყურადღებოდ.

ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა!

მაგრამ ვიდრე შეუდგებოდეთ ამ მწერლების განხილვას, საჭიროა ცოტა შორიდან დავიწყოთ და გავითვალისწინოთ ის არე, ის ტფილისი და ის ყოფის ამსახველი ცხოვრება, რომელიც მათი შემოქმედების წყარო იყო და რომელმაც წარმოშვა ძველი ტფილისის ეგზოტიკა და ქალაქური_ხალხური პოეზიის თავისებურება.

ყოველი მწერალი თავისი წრის ღვიძლი შვილია, - „ღვიძლზე ნადებო ძმასავით“- მაშ, გავიცნოთ ეს წრე და მათი ზნე-ჩვეულებანი.

ყ ე ე ნ ო ბ ა!

ყეენობა იყო მასსიური, გრანდიოზული გასართობი, რომელსაც საერთო დღესასწაულის ხასიათი ჰქონდა.

ჩვენი ყეენობა გარეგნულად გვაგონებს ევროპულ კარნავალს და ნაწილობრივად - მასკარადს.

გიორგი წერეთლის სიტყვით: „ამ თვის საყვარელი ჩვეულებით ყოველი ქართველი წელიწადში ერთხელ მსახიობობით გამოიხატავს თვალწინ წარსულ ისტორიულს სურათს. რაში მდგომარეობდა  ეს სურათი? იმაში, რომ საქართველოს ერი, ვერც ერთი უცხო რჯულის ხალხს ხანგრძლივად ვერ დაუპყრია. ხშირად შემოსულან ძველ დროში სხვა-და-სხვა ქვეყნის ყეენები, მაგრამ იმათი ბატონობა დღეგრძელი არ ყოფილა. ბოლოს მაინც, ადრე თუ გვიან, საქართველოს ერი ამდგარა, „განუხეთქია აპეურნი მათნი და განუგდია უღელი მათი“.

იგივე „კვალი“ აგვიწერს ერთ ასეთს ყეენობის სურათს, რომელიც ერმოლოვის დროს მომხდარა:

„მაშინ ის იყო სოლოლაკის მხარე შენდებოდა. მთავარმართებლის გარშემო იბადებოდა ახალი უბანი ევროპული ხუროთმოძღვრების გეგმაზედ. დადგა ყველიერის უკანასკნელი დღეები, მთელი ტფილისის ქალაქი: ავლაბარი, ნარიყალა და ჩუღურეთი ყეენობის სათამაშოდ ემზადებოდა. სეიდაბადის ხელოსნებს, ფეიქრებს, ხუროებს და მჭედლებს ბევრი სამუშაო ჰქონდათ აღებული. ისინი ამზადებდნენ ხის ხმლებსა და ხანჯლებს საცერე რგოლებს და შურდულებს, მთელი ქალაქი გაყოფილი იყო, ორ უბნად, ერთი იყო ისანი და მეორე ნარიყალა. ნარიყალას ემხრობოდნენ ვერის მხრის მცხოვრებნი, ახალი სოლოლაკის უბანიც ამათკენ იყო.

ისნის მხარეს შეადგენდა: ავლაბარი, ჩუღურეთი და გარეთაუბანი ანუ კუკიის მხარე. ნარიყალის მცხოვრებნი იყვნენ: მუხრან-ბატონი, ორბელიანი, ბარათაშვილი და ერისთავი. ისნის მხარეზედ იყვნენ კახეთის მებატონეები: ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი, ჯორჯაძე და სხვა. ერმოლოვს ნარიყალელების მხარე ეჭირა.

ყეენი უნდა გამოსულიყო ისნელებიდან და შემოესეოდა ქალაქს, დაეპყრა დილით მთელი ქალაქი, გზების გზაჯვარედინზე ჩაეყენებინა თავის მოხელეები, ჯარის უფროსები, რომ გამვლელ-გამომვლელებისათვის ხარჯი გამოერთმიათ. ამ დროს ნარიყალას მომხრენიც საიდუმლოდ ამზადებდნენ თავიანთ ჯარებს. ტფილისის  ქალაქის დუქნები დაიკეტა და მცხოვრებნი ნახევარი ყეენისაკენ იყვნენ, ნახევარი სოლოლაკის ხევში დაიმალა.

ყეენმა დაიდგა ტახტი სეირდაბადის მაღლობზე, სადაც დღეს ბოტანიკურ ბაღთან ძველი ციხის ნანგრევია; მისი მოხელენი  იჭერდნენ გამვლელ-გამომვლელებს და მოჰყავდათ ყეენთან თაყვანის საცემლად. ამ სახით განაგრძო ყეენმა თავისი უფლება მთელ ტფილისს ქალაქზედ შუადღემდის. ნაშუადღევს ყეენს მოახსენეს, რომ ქვეყანა აჯანყდაო, რომ ერი განუდგაო მას და ქართველები სოლოლაკის მაღლობს გადმოდგაო. მაშინ ყეენი გაემგზავრა საომრად, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყეენი საქართველოს ჯარებს ტყვედ ჩაუვარდა ხელში.

როგორც ვხედავთ, ყეენობა თავის პირვანდელ სახით ომის მისტიფიკაციას წარმოადგენდა. ბევრი შეიძლება მაშინაც ამ მისტიფიკაციაში მხოლოდ მოცლილი ხალხის გათამაშებას ხედავდა, ბევრისთვის კი იგი იქნება ალეგორიული გამოხატულება იყო იმ საიდუმლო გულის ზრახვებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ განსაკუთრებით საქართველოს იმ დროინდელ მოწინავე საზოგადოებაში.

ის ინტერესი რომელსაც ყეენობისადმი იჩენდა მაშინდელი გვარიშვილობა, საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ „ყეენობა“ ჰსურდათ პატრიოტული პროპაგანდის ალეგორიულ საშუალებად გაეხადათ ისევე, როგორც ჩვენი ისტორიული გმირული დრამები ჰხდებოდა პატრიოტული პროპაგანდის ერთერთ ფორმად. ყეენი იქ შეიძლება იმ დროინდელი მთავრობის კარიკატურულ გამოხატულებადაც გადაქცეულიყო, მთავრობას, აჯანყების გათამაშება, მიუხედავად იმისა, რომ ეს აჯანყება ტაკიმასხარული ყეენის წინააღმდეგ იყო მიმართული, არ მოსწონდა, და ამიტომ ომის მისტიფიკაცია აკრძალა. ამის შემდეგ ყეენობას უბრალო პროცესიებისა და ცეკვა-თამაშის ხასიათი მიეცა.

ყველიერის ორშაბათს, ტფილისის თვითოეულ უბანს თავისი უბნის ყეენი გამოჰყავდა. ამ დღისთვის ყეენად ამოირჩევდნენ ისეთ კაცს, რომელიც ნ. ბერძენოვის სიტყვით, „გონება მახვილი, ოხუნჯი და მოძრავი უნდა ყოფილიყო“.

ამ კაცს მორთავდნენ კარიკატურულად: თავზე ეხურა შაქრის ქაღალდისაგან გაკეთებული წოწოლა ქუდი, ერთ ხელში ხმლის მაგივრად ქაფქირი ეჭირა, მეორეში ჟანგიანი შამფური, რომელზედაც ვაშლი ან ხახვი იყო წამოგებული. ყელზე ეკიდა თაღლითი მძივები, ტანთ ეცვა გადმობრუნებული ტყაპუჭი, რომელზედაც მოჭერილი ჰქონდა თივისაგან დაგრეხილი მსხვილი თოკი (თულო); სახე გამურული ჰქონდა და სხვა.

აი, ამგვარად მორთული ყეენი იჯდა აქლემზე და თან „ბერიკულად“ გადაცმული ხალხი-ყეენის ამქარი-ზურნის დაკვრით და ხმაურით მისდევდა. პროცესია მიდიოდა ქუჩაში რამოდენიმე ხელჯოხიანის წინამძღოლობით; ხოლო რომელსაც დიდი ყავარჯენი ეჭირა, ის ამ ხელჯოხიანების უფროსი იყო (ეტიკი), ყეენის ამალა გამვლელ-გამომვლელებს გზას უღობავდა  და ყეენის სასარგებლოდ ხარკს ახდევინებდა; რომელიმე ხელჯოხიანი წინ გადაუდგებოდა ქუჩაში გამვლელ კაცს,  კომბალს წინ დაურჭობდა, ზანზალაკებს დაუჟღარუნებდა  და „ყეენს სალამს“ მიართმევდა ეს იმას ნიშნავდა, რომ ფული გადაიხადეო, როცა ხაზინადარი ფულს ქისაში ჩააგდებდა, ხმამაღლა დაიძახებდა „ააშენოს!“ „ააშენოს!“ ყეენი რომელსაც ხელში დავთარი ეჭირა, აღნიშნავდა შემოსულ ფულის რაოდენობას.

ეს წინამძღოლი დუქნებშიაც შედიოდა და ყველა მოვაჭრე ვალდებული იყო გადაეხადა მასზე გაწერილი თანხა (ხშირად ხარკს ნატურითაც იხდიდნენ).

ზოგჯერ ყეენს ზურგშებრუნებითაც დასვამდნენ სახედარზედ და ხელში ამ „დიდყურა რაშის“ კუდს მისცემდნენ.

ზოგჯერ კი ყეენი არ მოგზაურობდა. იგი მოთავსებული იყო ცოტა მომაღლო ადგილას, ფეხმორთხმული იჯდა გოდორზე და ყალიონს სწევდა, გვერდით სახრჩობელა იყო ამართული, ვინც გაწესებულ ხარკს არ გადაიხდიდა, იმას ამ სახრჩობელით ემუქრებოდნენ.

ზოგს ყეენს გვერდით დედოფალიც ჰყავდა (ქალურად გადაცმული ვაჟი) და ირგვლივ ნაზირ-ვეზირი ეხვია.

ერთი უბნის ყეენი მეორე უბანს არ უნდა შეხვედროდა. თორემ თუ ძველად ხმლებით და საცერულებით იბრძოდნენ, ეხლა ბრძოლა ჰაერში კეტების ტრიალით იწყებოდა.

შემდეგში ყეენობის უფრო შეეცვლა ნირი  და თავისი შინაარსით იგი მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების ამსახველ კარიკატურად და შარჟად იქცა.

„ივერია“ გადმოგვცემს, რომ 1888 წელს, „ზოგიერთი უბნის ყეენი სამსახურიდან გამოგდებულ „პიანიცა კაპიტნების“ მუნდირში იყვნენ ჩაცმული; ზოგს მურის მაგიერ ხელთქმნილი ნიღაბი ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული. თვითონ ყეენს გადმობრუნებული ტყაპუჭი ეცვა და სხვა... გუშინ, - განაგრძნობს „ივერია“, - ერთი ყეენი აქლემზე შეესვათ და თავზედ შაქრის ქაღალდის ფაფახი დაეხურათ. ურმის თვალებზე კიდევ ლუგანის ქარხნის ზარბაზანი დაედოთ; პოვოსკაში კამბეჩები ჰყავდათ შებმული, წინ მიუძღოდნენ  შებორკილი ტუსაღები, რომელთაც გარს შუბიანი ჯარისკაცები მისდევდნენ.

ქალაქის გამგეობის წინ, ყეენათა ჰყავდათ ჯვრიანი პოლკოვნიკი და ხარჯს ჰკრეფდა ვიღაც ვიცმუნდირიანი კაცი... ერთ რომელიღაც უბანს ევროპის პოლიტიკური გამწვავებული მდგომარეობა აუღია და კამბეჩებით შებმულ პოვოსკაზე შეუსხამს გენერალი ბელანჟე და თავადი ბისმარკი ერთად, თითქოს იმის თქმა უნდოდათ, რომ გერმანია და საფრანგეთი შეერთდნენო“.

„ყეენობის“ ზეიმის დასასრული ასეთი იყო: ნაშუადღევს წაიყვანდნენ ყეენს და პირდაპირ მტკვარში გადაისვრიდნენ, რასაკვირველია, ისეთ ადგილას, რომ არ დამღრჩვალიყო. გრიმგაკეთებული ყეენიც სარგებლობდა ამ შემთხვევით და გამურულ პირს შეიბანდა. მერე ხარჯდადებულ მოქალაქეთაგან მოგროვილ ფულით ყეენობის მონაწილენი ყიდულობდნენ ხორაგს და მთელი ერთი კვირის განმავლობაში დაუსრულებელი ქეიფი ჰქონდათ ორთაჭალაში, მტკვრის პირას. ვერის ბაღებში, დიდუბეში და სხვა.

საგულისხმოა, რომ ეს ყეენობა იმართებოდა დიდმარხვის პირველ დღეს, ეგრეთწოდებულ შავ-ორშაბათს. ამ ხალხურ სანახაობას თავის ისტორიული სარჩული აქვს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქართულ ხალხს ახსოვს არა ერთი შემოსევა სპარსელებისა თუ თურქების და ალბად, ტაკიმასხრული ყეენი განსახიერება იყო იმ დამარცხებული მტრისა, რომელსაც ქართველი ხალხი დაცინვით იგონებს. თვით ეპიტეტიც: „შავი ორშაბათი“ ხალხური სიმბოლიკაა, დაკავშირებული იმ ორშაბათთან, რომელიც ყეენის შიშით შავად უნდა გასთენებოდა ქართველებს.

გიორგი წერეთლის სიტყვით: ყეენობა მურვანყრუს შემოსევიდან არის ჩვენში შემოღებული, „ივერია“ მე-XVII-ე საუკუნეს აკუთვნებს, „კავკაზი“- შაჰ-აბაზის ხანას. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ იგი უფრო ისეთივე გამოხატულება უნდა იყოს საერთო ხალხოსნური, მასიური ლხენისა, რანაირიც კარნავლებისა და სხვა ამგვარი გასართობების სახით სხვაგანაც გვხვდება, და რომელსაც რაღაც ბავშვური სიხალისით და ჯანსაღობით ეტანება ქართველი ერი.

მწუხარება და უბედურება ქართველ ხალხს სიცოცხლის წყურვილსა  და უნარს ვერ უკარგავს. ისტორიის გრძელ მანძილზე იგი თავგამოდებით იბრძვის, მაგრამ ბრძოლის მეორე დღესვე მას შეუძლიან მომღიმარის სახით გაითამაშოს  ამ სისხლით მორწყულ ასპარეზზე. ქართველ ხალხს ისტორიული ტკივილები დაუყუჩდა და იმანაც გუშინდელი კაეშანი გასართობ სანახაობად გადააქცია. ყეენობა სწორედ ასეთი გასართობია.

ჩვენს ხალხს ისე არაფერი უყვარს, როგორც მასიური გასართობი... კარჩაკეტილი, ოჯახის ვიწრო ფარგალსი მოქცეული გართობა მის გაშლილ ბუნებისათვის ბორკილს წარმოადგენს. დღეობა, ლხინი, ჯირითი, ბურთი, - ყველგან მასსიურობა, ყველგან წყურვილი მასსიური მოლხენისა. ყეენობაც ერთი კეთილშობილი გამოხატულებათაგანი იყო ამ მასსიური გართობისა, და სწორედ, ამითაც უნდა აიხსნას ის ფაქტი, რო ხშირად ჩვენი პოეტები და საზოგადოების ცნობილი პირნი ყეენობის უმთავრესი პერსონაჟებად ჰხედავდნენ.

ერთი ასეთი გრანდიოზული ყეენობა მოწყობილი იყო გრიგოლ ორბელიანის გეგმით და ხარჯით მისი მთავარმართებლობის თანამდებობის ასრულების დროს, ხოლო უკანასკნელი ყეენობა მოწყობილ იქნა ჩვენი თანამედროვე პოეტის გრიგოლ აბაშიძის უშუალო მონაწილეობით.

და, არც ვიცით, კარგია თუ ცუდი, რომ ეს მასსიური გასართობი დავიწყებას მიეცა და მოლხენა ოთახის ვიწრო ჩარჩოებში მოექცა?!

 

კრივი

 

მეორე საჯარო გასართობი იყო კრივი. ყეენობა თუ ისტორიის მოგონებაა, კრივი - ფიზიკური ვარჯიშობაა: კრივი ჩვენებური, ტფილისური ჩვეულებაა. საგულისხმოა, რომ სხვა ერს (ინგლისური ბოქსის გამოკლებით) მუშტი არ უყვარს. მაგალითად, რუსს სილა უფრო ემარჯვება. ყარაჩოღელსაც უყვარს სილა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ამქრის დღესასწაულზე. ისე კი ყარაჩოღელი ჭკუის სასწავლებლად მხოლოდ "ბრმა სილას" ხმარობს (სილა - ხელის ზურგის გარტყმით). კრივის დროს კი დოგადოგა მიდიოდნენ ერთმანეთზე: ჯერ ერთი მოკრივე შემოჰკრავდა ერთი ხელით მუშტს; ხოლო თუ მოპირდაპირე ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, რომ ამ ერთი მოქნილი მუშტით წაბარბაცდებოდა, მაშინ მეორე მხრიდან მეორე მუშტსაც მიარტყამდა მისაშველებლად, რომ ზეზე დამდგარიყო, სწორად; მერე დაიჭერდა ორივე ხელით - შეაჯანჭყარებდა, შეასწორებდა და კვლავ იწყებოდა ახალი გამოცდა ბრძოლისა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის ხოშის მოსაკლავად ყოჩების, მამლების და აქლემთა ჭიდაობას ეტანებოდნენ (ძველად როცა ბაქოდან ნავთი აქლემებით მოჰქონდათ, ტფილისის მეთავლეები ჰმართავდნენ ნარ-აქლემთა ჭიდაობას, - აქლემები ჭიდაობდნენ კისრებით). მაგრამ ყველაზე გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებულ მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზე ფერად მძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკანგადატანილ რქის წვეროებს კოპწიად გადაუხერხავდნენ.

მამლების ძიძგილაობა უფრო დუქნების წინ იმართებოდა, ყოჩების ჭიდაობა კი - გაშლილ ასპარეზზე. ჭიდაობის ადგილას პატრონებს ყოჩები "დროშკებით" მიჰყავთ, თან აუარებელი ცნობისმოყვარე ხალხი მისდევდა. ჯერ ითათბირებდნენ, მერე აჭიდავებდნენ: დამარცხებული ყოჩის პატრონი გაჯავრებული ქეიფობდა. თუ ჭიდაობა მხარეთა შორის დამარცხების შედეგებს არ იძლეოდა, მაშინ ყოჩაობა შემდეგი კვირისათვიის გადაიდებოდა ხოლმე. ჭიდაობას ჰხემძღვანელობდნენ ყოჩების პატრონები. ხშირად ყოჩთა ჭიდაობა ძალიან მწვავდებოდა. უკანონობაც ხდებოდა (მაგალითად, როცა პატრონი თავის ყოჩს ჯაჭვს შეხსნიდა, ამ ჯაჭვს შეუმჩნევლად მოპირდაპირე ყოჩს სახეში მიარტყამდა, - ამას ეძახდნენ "ყოჩის გაფუჭებას"). ამ ნიადაგზე ბებუთებიც დატრიალებულა. ბოლო მაინც ერთი იყო: ჭიდაობის გათავების შემდეგ, ყველანი "ჩასხდებოდნენ" მტკვრის პირას ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი.

მაგრამ უფრო გულხმიერი და ეპოქალურია ნამდვილი მუშტი-კრივი.

ძველად სიონის ტაძარი ქალაქის ორ მოკრივე ნაწილს საზღვრად ითვლებოდა - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა აგრეთვე შუაბაზარი ქურქჩების სახელოსნოებამდე.

იყო შემთხვევა როცა მოკრივეთა "თაბუნს" მტკვარი ჰყოფდა.

კრივი იმართებოდა სხვა-და-სხვა ადგილას: ზარაფხანის ახლოს, საცა ეხლა ბაყალხანაა (მეტეხის ციხის ქვემო ნაწილი); არსენალთან, ეგრეთწოდებულ "ჭირიანთ ხევში"; "ბოსტნის ურმებზე" (ძველი დამოჟნის უბანი); ავლაბრის იქით "ნახირის უბანში" სადაც ეხლა ყაზარმებია; უფრო ხშირად კი სიონის ქუჩაზე; აბას-აბადის და კოლორთაღის მოედნებზე, აგრეთვე მოღნინის ეკლესიის ახლობელ ქუჩაზე; ბოტანიკურ ბაღის ზემოდ, ჩანჩქერის თავზე მამადავითის ყელთან, სადაც წინად დაცემული ადგილი ყოფილა.

კრივისთვის არც განცხადება იყო საჭირო და არც შათირების დაგზავნა.

კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე ნათლიღების მეორე დღეს, რადგან მიცვალებულთა სულის მოხსენების გამო, ამ დროს ყველა დუქნები დაკეტილი იყო.

ყველაზე დიდი კრივი - ეგრედ წოდებული "ავლაბრის კრივი" - იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ სახელწოდების ეკლესიის მახლობლად.

კრივი პატარა ბიჭების შეჯიბრებით იწყებოდა. შემდეგ 18-20 წლის ჭაბუკები შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს; ჭაბუკებს 25-30 წლის ვაჟკაცები მოსდევდნენ; ხოლო როცა ბრძოლა გამწვავდებოდა, ორივე ბანაკიდან გაისმოდა ძახილი: "ქომაგი!" "ქომაგი!" და ეშხში შესული დარბაისელი და გამოცდილი ფალავნები უკვე ნამდვილ კრივს იწყებდნენ.

ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ მოკრივეთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ნაცემი და დაბეგვილი მოკრივენი სტოვებდნენ ასპარეზსს და ნელინელ უკან იხევდნენ (ეგრეთწოდებული "დამდგარი კრივი" კი ხშირად ორ-სამ საათს გრძელდებოდა). მაგრამ ბრძოლა ამით არ თავდებოდა "დამარცხებულნი იშველიებდნენ ქვებს, აგურებს, ხის ნაჭრებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. ამის გამო ხშირად იმსხვრეოდა მეზობელ სახლების კარფანჯრები, აივნები, შუშაბანდები და სხვა; ბევრი მოკრივე ბრძოლიდან დაჭრილი გამოჰყავდათ; ხშირად მოჰხვედრია დამსწრებსაც, რომელთა შორის მაღალი თანამდებობის პირნიც იყვნენ".

ერთი ასეთი კრივი მოხდა 1851 წელს, 4 თებერვალს; ხმა დაირხა, რომ ამ კრივში 300 კაცი დაიჭრა და ხუთი მოკვდაო. ამის გამო მთელი ოფიციალური მიწერ-მოწერაც კი გაიმართა (2) და ამიერ კავკასიის უმაღლესი ადმინისტრაცია იძულებული გახდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის ახსნა-განმარტება წარედგინა. მეფის მოადგილის ვორონცოვის განმარტების შემდეგ, ნიკოლოზ პირველმა ასეთი ბრძანება გამოსცა: "კრივის ნება მიეცეს ქალაქს გარეთ, მაგრამ ისე კი, რომ მუშტების გარდა სხვა რამ იარაღი არავინ იხმაროს. კრივს თვალყური უნდა ადევნოს პოლიციამ, რომელსაც ნება ეძლევა შეაჩეროს კრივი იმ დროს, როდესაც მოპირდაპირენი გახურდებიან".

კრივში მონაწილეობდნენ უმთავრესად ხელოსანთა წრიდან გამოსული ფალავნები; ზოგჯერ მათ ვაჭრებიც უერთდებოდნენ.

კრივი იწყებოდა მრავალრიცხოვან დამსწრეთა შეძახილით და ყიჟინით. ხშირად მუშტის გარტყმა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ არემარე ბანს აძლევდა.

მოკრივენი უქუდოთ, მკერდ-გაღეღილნი, ჩოხის კალთებ-აკეცილნი და ხშირად ფეხ-შიშველნიც იბრძოდნენ. მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო.

კრივს ჩვეულებრივად ეგრედწოდებული წარჩინებული პირები მფარველობდნენ. ქომაგები ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და თავიანთი რაზმის ფალავნებს აქეზებდნენ. ზოგჯერ "კარგად დამრტყმელ" მოკრივეებს ფულითაც ასაჩუქრებდნენ.

არის თქმულება, რომ კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. კრივი იყო ზნეობით სწავლა ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა".

გრიგოლ ორბელიანის თქმისა არ იყოს:

"აბა ერთი კრივში მნახე ვინა ვარ!"

რუსეთის დამყარების პირველ დღიდანვე, სხვა ადათებთა შორის, კრივიც აკრძალეს, როგორც "საშიში თამაში"; მაგრამ თავარმართებელი ციციანოვის დროს, ხალხის თხოვნით კრივი განახლებული იქმნა; "არა იმიტომ, რომ ციციანოვის ძარღვებში ქართული სისხლი სჩქებდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს თავისებურება არ დაჰკარგოდა და სამხედრო მოქმედებაში გაწვრთნილიყო".

კრივი ბევრნაირი იყო:

მუშტის კრივი,

ხრიდოლი (კრივი ცალი ხელით),

სალდასტი (ქვის კრივი).

ყველაზე გავრცელებული იყო მუშტის კრივი და სალდასტის კრივი. "მუშტის კრივს მართავდნენ ზაფხულში, ქალაქის ქუჩებში და სალდასტის კრივს ზამთარში, ქალაქ გარედ. განსაკუთრებით საყურადღებო ყოფილა სალდასტის კრივი. კრივს ჰქონდა თავისი წესები, ხალხის ჩვეულებაზე დამყარებული. კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი და ნაბადი ითვლებოდა კანონიერ ნადავლად ანუ ალაფად. როცა ქალაქში კრივი გაიმართებოდა, მაყურებლები სახლის სახურავებზე ადიოდნენ, ავსებდნენ ბანებს და იქიდან შესცქეროდნენ ომს და ამხნევებდნენ გამბედავ მებრძოლთ თანაგრძნობის აღმოჩენით; როცა ქალაქ გარედ იბრძოდნენ შურდულებით და ხის ხმლებით, მაყურებლებს წინდაწინვე ჰქონდათ დაკავებული გორები და მაღლობი ადგილები.

კრივს განსაკუთრებით ახალგაზრდობა მისდევდა. ეს საკვირველიც არ არის. ქართველ ქალს ერთი ათად უფრო ტურფად ეჩვენებოდა ის ვაჟი, რომელიც კრივში გაიმარჯვებდა და სახელს გაითქვამდა. მოკრივენიც, რასაკვირველია რამოდენადაც სახელის შოვნას ცდილობდნენ, იმდენადვე სწადდათ და ცდილობდნენ თავის გამოჩენას თავიანთ "ორთავ თვალის სინათლის" სასიამოვნოთ და სასიქადულოთ. კრივს ჰქონდა თავისი ჭეშმარიტად კარგი მხარე: ქართველი კაცი პატარაობიდანვე იწრთვნებოდა სამხედრო ხერხებში, ავარჯიშებდა თავის საღ გონებას და გამჭვრეტელობას, რომელიც მას ბუნებით დაჰყოლია. ვარჯიშობდა სიმარდეში, სისწრაფეში - ერთი სიტყვით, კრივში ქართველი იძენდა ყველა იმ თვისებებს, რომელნიც ძვირფასნი არიან სამხედრო საქმისათვის". კრივს ძლიერ ღატაკი ლიტერატურა აქვს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დავით იოსების ძე ბებუთოვის მემუარებს. ეს ერთადერთი ბეჭვდითი მასალაა, რომელსაც სხვა-და-სხვა ვარიაციით იმეორებენ: დუბროვინი, პოტტო, ვეიდენბაუმი და სხვა.

აი, ამ ბებუთოვს აწერილი აქვს სალდასტის კრივი, რომელშიაც თითონაც მიუღია მონაწილეობა. მკითხველმა რომ წარმოადგინა იქონიოს ამ დაუნდობელ ძველებურ კრივზე, ეს აღწერილობა ოდნავი კუპიურებით:

"ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ - ამბობს ბებუთოვი, - ქვემო უბნის ბავშვებმა, მე გადავხტი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვების სროლა, ქამარზედ მეკიდა ხის ხმალი და მარცხენა მხარზედ საფრად ნაბადი მქონდა. ახლოს რომ მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვწვდნენ ერთმანეთს. ერთი გამბედავი ყმაწვილი დახტოდა ჩემს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისაგან. უეცრად მოვარდა ჩემთან. ჩვენ შევეტაკენით და დავუწყეთ ერთმანეთს ხმლით ცემა. ჩემი მოქიშპე დავჭერი. მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი... დიდებ შორის ქვის სროლა და ხელჩართული... მე დავრჩი როგორც მაყურებელი. დაძლევა და ჯობნა არცერთ მხარეს არ ეტყობოდა. ჩვენებმა ჩუმად შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარის გარს შემოსავლელად, თითქმის ექვს ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები, გასულიყო ორშაბათს და ასე თორმეტ საათზე გადმოშვებოდა სოლოლაკის მთას და მოსწოლოდა მტერს. ამასთანავე მთაზე, ოქროყანიდან დაწყებული, ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა... ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი და ათასობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს... ყველგან გაცხარებული შეტაკება იყო. მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცდილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ მეგობრები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა. ბრძოლა გაგრძელდა თითქმის ერთი საათს და ქვემო უბნელებმა მოახერხეს მაინც ნახევარი მთის დაკავება და ნაბდებით თავს იფარავდნენ შურდულის ქვებისაგან, რომელიც ზუზუნით მოდიოდა... უეცრად მოისმა საშინელი ყვირილი. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეგობრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღვებში. ზურნისა და საყვირების გამაყრუებელი ღრიალი მოეფინა არემარეს. ომი ცეცხლივით აენთო. ეხლა იბრძოდნენ ხის ხმლებით, ქვებს აღარ ხმარობდნენ, კრივის წესით, ხმალ-და-ხმალ შეტაკებაში, ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემო უბნელები შესუსტდნენ და უკუ იქცნენ. ქვემო უბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისაკენ".

ხშირად ეს ფიზიკური ვარჯიშობა, ავქსენტი ცაგარლის თქმით, ეს "მუშტის ქუხილი", თავდებოდა ფიზიკური დასახიჩრებითაც. "კრივის მეორე დღეს ბლომათ იყვნენ ხოლმე თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპირდამტვრეულები."

თუმცა შურდულები პატარა ზომისა იყო ხმლებიც-ხისა, მაგრამ მაინც საშინელი და დაუზოგავი ხდებოდა ეს "უმუშტო კრივი"... მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ "ცხვირპირის დამტვრევას" სულაც არ მოსდევდა ბოროტი გრძნობები და ხშირად ასე ფიზიკურად დასახიჩრებულნი, ნიშნად შერიგებისა, სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად დროს ატარებდნენ.

"კრივი" როგორც ფიზიკური ვარჯიშობა, თავისი ხასიათით და დანიშნულებით არაფრით არ განსხვავდებოდა ასეთივე ხასიათის ვარჯიშობისაგან, რომელიც სხვა ერის ყოფა-ცხოვრებამ წარმოშვა (ბოქსი, ჭიდაობა და სხვა). საერთო მიზეზები იწვევენ საერთო ხასიათის ვარჯიშობასაც: ერთფეროვანი ფიზიკური შრომით დაღლილი სხეული, მოდუნებული მოძრაობა სისხლისა გახალისებას მოითხოვდა, და ტფილისელმა ხელოსნებმაც თავიანთი "ტივის სისხო მკლავების" გასატკაცუნებლად, კრივსაც მიმართეს ისევე, როგორც ინგლისელებმა - ბოქსს.

სალდასტის კრივი მთავარმართებელ ბარიათინსკის დროს სამუდამოდ აიკრძალა. დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც სამოცდაათიან წლებამდე გასტანა. ამ გვიანობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქ-გარედ იმართებოდა, პოლიციის ზედამხედველობით, თავისი წესები ჰქონდა გამომუშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგარი ცაცია ჰქონდა, ვისაც შემოჰკრავდა - მორჩა, ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი, ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან როგორც ამბობენ, "ხელი ჰქონდა მოწერილი", რომ იგი აღარ იკრივებდა... მაგრამ, როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირველია, ამასაც გვერდს უხვევდნენ, "ხელისმოწერა", - ხელის მოწერით რჩებოდა და ამ მუშტის კრივსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს.

კრწანისის სასაფლაოზე, ამ რამოდენიმე წლის წინათ, ერთი საფლავი ვნახე, როგორც საფლავის ქვის წარწერიდან ჩანს, განსვენებული სალდასტის კრივის მსხვერპლი გამხდარა. აი ეს ეპიტაფიაც:

"გულში ქვა მომხვდა, მეცა ზარები,

თავს დამეხვივნენ ტოლნი-ჯარები;

ჩამომატარეს ციხის კარები,

საწყალ დედაჩემს შერჩეს გონება,

ყველამ მაღირსეთ თითო ცხონება."

 

 

ზოგი ერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ ზედმეტ სახელს ატარებდა. მაგ: "ქარაფანდოღა" - კლდის დამქცევი; ამბობენ, ამ მოკრივეს კლდისთვის, რომ მუშტი შემოერტყა, ბელტს ჩამოაგდებინებადაო; მეორე მოკრივე - დნგრ სოლომონა - ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაჰღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა. ხოლო მესამე მოკრივეზე ქაჩალ სტეფანეზე ასეთი ლეგენდაა: ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბანიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავზე. აგური ოთხად გადაატყდა, ხოლო სტეფანემ კი აინუშშიაც არ ჩააგდო, მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოსთქვა: "ვინ ოხერია, რომ მეკენჭვებაო!".

 

* * * * * * *

 

"ივერია", 1885 წ. N1. კრივის შესახებ ცნობების მოსაწოდებლად მივმართეთ ჩვენს უხუცესს მოღვაწეს ნიკო ავალიშვილს, რომელმაც არ დაიზარა და მოგვაწოდა "თავისი თვალით ნახული" კრივის ზოგიერთი ამბავი. ჩვენი ცნობების დასამტკიცებლად და შესავსებად მოგვყავს შემოკლებით ეს წერილი:

"...კრივზედ ცნობის მოსაცემად საჭიროა მოგახსენოთ, რომ მე ჩემი უფროსი და ერთად ერთი ძმის ოჯახში ვიზრდებოდი; მამა ხუთი წლისას მომიკვდა, ჩემი ძმის მეგობარ-ამხანაგებში ერთი სახელდობრ გიორგი ნადირაძე, დიდი მამობრივი ყურადღებით მეპყრობოდა: საცა კი რამ ამბავი ხდებოდა საჯაროდ, უეჭველად მეც მაჩვენებდა. კრივის ნახვა მეტად უყვარდა, მუდამ მიდიოდა და მეც თერთმეტ-თორმეტი წლიდან უეჭველად თან წამიყვანდა ხოლმე.

მაშინ (1855 წ. და შემდეგ) კრივი იმართებოდა კვირა დღეობით, შუადღის შემდეგ ორი სამი-საათიდან, კვირაცხოვლის არეში, ეხლა რომ არსენალის დიდი შენობებია, იმ მეიდანზედ. ის ადგილი თუმცა მცირედად დაბალ-მაღალი ვაკე იყო.

მოკრივენი "ზემო" და "ქვემო" უბნად იყოფოდნენ. ამ ორი უბნის შუა ხაზი: ხარფუხ-ავლაბარ-კლდისუბან-ჩუღურეთსა და გარეთუბან-კუკია-ვერა და დიდუბის შუა იყო...

კრივი იწყებოდა მოზარდი ყმაწვილკაცებით და იგინი რომ გახურებაში შევიდოდნენ, ხან ერთი და ხან მეორე უკან დაიწევდა, მაშინ დაჯაბნილს და დაწეულს მისი უბნის დიდრონები ჩაეშველებოდნენ; ეხლა ისინი დასწევდნენ უკან მოპირდაპირე უბანს და მათაც დიდრონები ჩაეშველებოდნენ, და ასე თანდათანი დიდრონების ჩაშველებით კრივის ასპარეზს დიდრონები იჭერდნენ და მაშინ მოზარდი ახალგაზრდობა დაქანცული და დაბეგვილი სტოვებდა ასპარეზს...

სახელგანთქმული მოკრივენი ორივეორივე უბანს რამდენიმე ჰყვანდა; იგინი მარქაფა რაზმს შეადგენდნენ და მარტო გაჭირების დროს ჩაერეოდნენ ხოლმე კრივში. ამ მარქაფა მოკრივეთა სახელი მარტო სამისა მახსოვს: ლოპიანა, გიჟუა და ღორ-კოლა. მათში ყველაზე განთქმული ლოპიანა იყო, ის რომ ჩაერეოდა კრივში, მოპირდაპირეს ისე აწვებოდა, როგორც ძლიერი რამ მანქანა და ბევრჯელ ყოფილა, რომ ხევში ჩაურეკნია მოწინააღმდეგე უბანი.

მოკრივეთ შიგადაშიგ დასვენებაც იცოდნენ. დაწყებამდის და დასვენების დროს, ორივე უბნის მოკრივენი თავიანთ ბელადებს გარს ეხვეოდნენ...

კრივი დაბინდებაზედ ადრე იშლებოდა, ესე ვსთქვათ "გენერალური ბრძოლის" შემდეგ, როდესაც ორივე მხრის მარქაფაც მთლად ჩაერეოდა საქმეში და ლოპიანასი და მისი ამხანაგების მეოხებით ზემო უბანი დიდათ გაიმარჯვებდა - ან ხევში ჩაჰკრავდა ან უიმისოდაც დაჰქსაქსავდა, დაირეკავდა ქვემო უბანს. არ მახსოვს, რომ ქვემო უბნის გამარჯვება ვისმე როდისმე ეთქვას.

კრივის ცქერა მეტად უყვარდა ხალხს, ამიტომ დიდძალი მაცქერალი ცხენიანი და თუ ქვეითი ესწრებოდა კრივზედ, ჰლამის ნახევარ ქალაქი"...

 

* * * * * * *

 

ყოველ ათეულ წლებს თავისი ცნობილი მოკრივე ჰყავდა. მეთვრამეტე საუკუნის ფალავან-მოკრივეთა სახელები ჩვენამდე არ მოსულა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან კი ტფილისში ცნობილნი იყვნენ შემდეგი მოკრივენი: შერმაზანა, საათო (მთავარმართებლის პ. ციციანოვის ფალავანი), ხარფუხელი მკლავილეკუა, ოქრომჭედელი თაფანა, ბებუთაანთ გიგა (ლობჟანიძე), ყასაბი გულუაშვილი, ცხრაფეხაანთ გოლა, გამხდარა სიმონა (გოცირიძე), ლეჰენძაანთ ავეტიქ (ლენჩიშვილი), ბაბამ სირქია, ჭონი კვინიხა (არჩილს მუხრანბატონის ფალავანი), მჭედელი სია, ჩუღურეთელი თეთრ-ახალუხა, წითელ-ფუფაიკა კოლა, მეჩანგლე ლოპიანა (გრ. ორბელიანის ფალავანი), თოქმაჩი გულაზა, მთაწმინდელი კომშუა, ჭიანუა, პაჭუა, ღორუა, გიჟუა (დათიკო მელიქსედეს-ძე ბებუთოვის ფალავანი), ყასაბი ჟირნაშვილი, ნიკოლა ცაცანაშვილი, გიჟ-მიხაკა, ბოშ-ოჰანეზა, მიკიტანი გრიშა (მამულოვი), დაბაღი ლოხოშა, დაბაღი პეტუა, დაბაღი ბეჯინშა, ბაყალი გომფუა, განჯელი ალია, ფარქასტუ კოლა, ასასი ბუჟუჟა, კუკიელი ვირიცოხნაშვილი, ქარაფ-ქანდოღა, დნგრ სოლომანაშვილი და სხვ.

 

ამქრობა

 

აღმოსავლეთ'ში ერთი მეფე იყო, ძლიერი და დიდებული. ერთხელ მან მოისურვა თავისი საბრძანებლის დავლა და დათვალიერება. მგზავრობის დროს ერთ სოფელ'ში ნახა უმშვენიერესი ქალი, ასული უბრალო ხელოსნისა. მეტად მოეწონა სიტურფე და სიკეთილე მისი და ისურვა ცოლად შერთვა. ჩვეულების კვალობაზედ დედ-მამას უნდა დაჰკითხებოდა. ამიტომ მეფემ გაუგზავნა მოციქული. მოციქული მივიდა და ქალის მამას მეფის სურვილი და განზრახვა მოახსენა; ეგონა ქალის მამა სიხარულით ცას დაეწეოდა, მაგრამ ხელოსანი სხვა ჭკუის კაცი იყო, მეფის სიძეობას სხვა ფრიად დიდ ბედნიერებად ჩასთვლიდა, ხელოსანს კი არამც თუ სიხარული არ შეეტყო, არამედ ეწყინა კიდეც, შეკრთა, დანაღვლიანდა და ბოლოს მოციქულს უარი უთხრა: ,,ჩემი ქალის მთხოვნელმა, - უპასუხა ხელოსანმა მოციქულს, - უთუოდ რამე ხელობა უნდა იცოდეს,- სხვანი

ფიქრობენ, მეფობა ყველა ხელობას სჯობიანო, მაგრამ მეფობა მკვიდრი ხელობა არ არის. დღეს მეფე ტახტზე ზის და ბრძანებელია, ხვალ ’შეიძლება ტახტიდან ჩამოაგდონ, აიკლონ მისი სასახლე და ხელცარიელი

დასვან. რა უნდა ქნას, როგორ უნდა იცხოვროს ცოლშვილით, როცა ხელიდან არაფერი გამოუვა? ხელობის მცოდნე კაცი კი ყოველთვის ლელოს გაიტანს. ხელოსანს ცოდნას ვერც ვერავინ მოჰპარავს და ვერც ვერავინ წაართმევს“...

დაბრუნდა უკან მოციქული და მოახსენა მეფეს ხელოსნის პასუხი. მეფე მეტად ჭკვიანი და სათნო ადამიანი იყო: იგი არ განრისხდა, არამედ გაჰკვირდა. დაუფიქრდა ხელოსნის სიტყვებს, სცნა იგი სამართლიანად და ჭეშმარიტ სიტყვებად. მეფემ ამის შემდეგ უფრო მეტად მოისურვა ხელოსნის ქალის ’შერთვა: ამისთანა ჭკვიან მამას, ალბათ, ქალიც გონიერი ეყოლებაო. როგორ უნდა მისწეოდა თავის გულის მურაზს? ნებით  ხელოსანი ქალს არ აძლევდა და ძალით წართმევას კი თითონ მეფე არა კისრულობდა. ადგა მეფე და შეუდგა ხელოსნის სურვილის ასრულებას:

სულ მოკლე ხან’ში საუცხოვოდ ისწავლა ხალიჩის ქსოვა და ზედ სახეების მოქარგვა. მეფემ თავისი ხელთნაქსოვი გაუგზავნა სასიმამროს. ხე ლოსანს ძლიერ მოეწონა მეფის ხელოვნება და ქალის მითხოვებაზე თანხმობა განაცხადა. მეფემ დიდი ამბით იქორწილა.

მეფე თავის მშვენიერ ცოლთან ბედნიერად და მხიარულად ატარებდა სიცოცხლეს. მასთანვე სცხოვრობდა მისი სიმამრი, რომელსაც თავისი ხელობისთვის თავი დაენებებინა. ბევრჯელ მოაგონებდა ხოლმე სიძე-მეფე ხელოსან-სიმამრს წარსულ დროს და დასცინოდა მის ახირებულ უარის თქმას, მაგრამ ჩქარა ერთმა შემთხვევამ სრულიად გაამართლა ხელოსანი და ცხადად აჩვენა მეფეს, თუ რა ძვირფასი საუნჯეა ხელობის ცოდნა.

კარის კაცნი ყოველ დღე მოწიწებით მოახსენებდნენ მეფეს, რომ მისი ქვე’შევრდომნი ფრიად მადლიერნი არიან თავიან თი ბედის და სულ მეფეზე ლოცულობენო. მაგრამ მეფეს ეს სიტყვები როგორღაც არა სჯეროდა. იგი ეჭვში იყო, ვაი თუ ჩემს სამფლობელოში ბევრი ბოროტება ტრიალებდეს და ჩემი მოხელეებისაგან ხალხი მწუხარებასა და ტანჯვაში იყოსო. ნამდვილი ამბის გასაგებად ერთხელ მეფემ ინება საიდუმლოდ დავლა და დათვალიერება მთელი თავის საბრძანებლისა, ჩაიცვა გლახის ტანისამოსი, დაიჭირა ყავარჯენი და მწირი ბერივით დაიწყო ფეხით სიარული სოფლიდან სოფელ'ში და ქალაქიდან ქალაქში.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, შიმშილით შეწუხებული მეფე მზარეულის დუქნის კარებთან მივიდა; მწირად ჩაცმული რომ ნახეს, პატივი სცეს, როგორც სულიერ გზაზედ მავალ კაცსა, შეიყვანეს მორთულ ოთახში და საჭმელი მისთავაზეს. მეფე ტახტზე ავიდა, ფეხთ მოიკეცა და ის იყო ჭამას უნდა შესდგომოდა, რომ უცბად ტახტი ძირს დაეშვა და მეფე ერთ ბნელსა და ღრმა სარდაფში ჩავარდა. ცოტა ხნის შემდეგ პატარა სინათლის შემემწეობით, რომელიც სარდაფში ერთი ჭუჭრუტანიდან ჩადიოდა, მეფემ თავის გარშემო ადგილი გაარკვია და ნახა, რომ სარდაფი სავსე იყო თავმოჭრილ ადამიანებით. თავზარი დაეცა მეფეს და არ იცოდა, რა ექნა. ამ დროს მოვარდა ერთი მრისხანე სახის კაცი, იში'შვლა ხანჯალი და შეუძახა მეფეს, სასიკვდილოთ მოემზადეო. მეფემ უთხრა: „ღმერთმა ხომ იცის და შენ თითონა ხედავ, რომ არაფერი მაბადია, მე ერთი საწყალი კაცი ვარ და, აბა, ჩემი სიკვდილით რა უნდა ირგო? თუ ცოცხალს დამარჩენ, მე ისეთი ხელოსანი ვარ, რომ შენი გამდიდრება შემიძლიან. მომიტანეთ აბრეშუმი და ყაჭის ფერადი ძაფი, ჩემს სიცოცხლეს აქ გავატარებ, მოვქსოვ მშვენიერ ხალიჩებს, ნაირფერ ძვირფას სახეებს ზედ მოვქარგავ, მერე თქვენ ამ ხალიჩებს დიდ ფასად გაჰყიდით და გამდიდრდებითო.“ ავაზაკმა სიმდიდრის სიხარბით მოკვლაზედ ხელი აიღო და გულში გაიფიქრა: საქსოვ მასალას მოვუტან და თუ მომატყუა, აქ არა მყავს, უფრო უარესი ტანჯვით მოვკლავო.

მოუტანეს მეფეს აბრეშუმი და ყაჭი. დაჯდა მეფე და, მართლაც, ისეთი მშვენიერი და ძვირფასი ხალიჩა მოქსოვა, რომ ავაზაკმა გაკვირვებით წარმოსთქვა: „ამის ფასს მეფე თუ გაიმეტებს, თორემ სხვას ვის შეუძლიან ამის ყიდვაო“, ავაზაკი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა; მაგრამ იმისმა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. ადგა ერთ დილით ეს ავაზაკი, აიღო ნაქსოვი ხალიჩა და პირდაპირ მეფის სასახლეში წაიღო.

სასახლეში ვეზირი დახვდა, გასინჯა მოტანილი ხალიჩა, მოქარგულ სახეებსა ღა ყვავილებ შუა "შეამჩნია ნაქსოვი სიტყვები; დააკვირდა, წაიკითხა და თავიანთი მეფის თავგადასავალი შეიტყო. ვეზირმა მაშინვე დაუძახა ღონიერ მოსამსახურეებს და ეს ცრუ ვაჭარი გაათოკინა. ავაზაკს თავზარი დაეცა, როცა ვეზირმა უთხრა მეფის ამბავი და მისი წვალება.

ხალხი წავიდა, მეფე გამოიხსნა და ავაზაკის სახლი პირქვე დაამხო. დამნაშავეს კი ღირსეულად სასჯელი მიუზღეს. მეფე ამის შემდეგ მთელ თავის სიცოცხლეში სიმამრის ჭკუის მადლობელი იყო და ამბობდა, ხელობა უბრალო კაცმაც უნდა იცოდეს და მეფემაცო.

 

* * * * * * *

 

ჩვენ ეს ზღაპარი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ქალაქის მცხოვრებლებს ამ არაკის შინაარსი ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი.

ქალაქის ღარიბი მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას აძლევდა ხელობას. ამიტომ იყო, რომ ისინი თავიანთ მცირეწლოვან შვილებს ბალღობიდანვე მიაბარებდნენ ხოლმე ’შეგირდად რომელიმე ოსტატს, რა არის ხელობა შეესწავლა, „ერთი ლუკმა პური“ მუდმივად ჰქონოდა და, როგორც ამბობენ, "კაცი გამოსულიყო.“

მშობლების პირველი მიმართვა ოსტატისადმი, თავიანთი შვილის "შეგირდათ მიბარების დროს, ასე იწყებოდა: „ძვალი ჩემი, ხორცი შენი, - გამიზარდე შვილი, ოსტატო!“

უნდა ითქვას, რომ ხშირად შეგირდი მდიდრულ ოჯახიდანაც გამოდიოდა. დოვლათიანი მამა თავის ’შვილს ყასიდად ღარიბ ხელოსანს მიაბარებდა, რომ შვილს ცხოვრების ყადრი სცოდნოდა.

 

 

იოსებ გრიშაშვილი - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ