მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 80 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

„სტალინის ჰოროსკოპის“ სახელით სტალინზე დაწერილი ესეი დაიბეჭდა რომანში „ჩაკლული სული“. ეს ესეი ცალკეც "შეიტანა გ.რობაქიძემ კრებულში „დემონი და მითოსი"  ("Damon und Mythos" ). მაგრამ კრებულს აქვს სათაური "Stalin als ahrimanische Macht" ("სტალინი როგორც ჰარიმანული ძალა").

 

* * * * * * *

 

ლენინმა განსაკუთრებული სახელი უწოდა სტალინს - „ლეგენდარული ქართველი”. ლეგენდარული ჭარბად იყო სტალინში, ოღონდ ქართული - მეჩხრად. საქართველოში სტალინის ხასიათის თავისებურებას მისი წარმომავლობით ხსნიდნენ: მამამისი ოსი იყო. აქ, შესაძლოა, სხვა ფენომენთან გვქონდეს საქმე. ყოველი ხალხი თავის წიაღში უცხოსაც შობს, თვით მისსავე წინააღმდეგ მიმართულსაც კი. ეს ბიოლოგიური საიდუმლოება უნდა იყოს. იქნებ აუცილებელია, უცხოს შობის უნარი გვქონდეს, რათა სხვა ჯიშისას სძლიო. სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა,

პრეისტორიული ხელიკის გაქვავებული თავი - ასე დაახასიათა იგი ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც მგონი, არც კი იცოდა, როგორ ზუსტად მოარტყა მიზანს. ვიწრო, სუსტად განვითარებული შუბლი - პირდაპირ მისწრება საქმის კაცისთვის. განსაკუთრებით თუკი ზურგის ტვინი აქვს ულევად. მაგრამ სტალინის ხერხემალი მოაზროვნესავით მაგარიც იყო, ამასთანავე - მას რეპტილიის მგრძნობელობა ჰქონდა. ბავშვობაში ყვავილი

მოეხადა და ამ სნეულების ძლივს შესამჩნევი კვალი კიდევ უფრო ამკვეთრებდა პრეისტორიულობას თავისას; ასევე ჭორფლი, რომელიც მისი სახის ფერს ციცარს ამსგავსებდა. ულვაშებში ირონია, დაცინვა ჩამალულიყო. თითქოს სურდა ეთქვა: მე ვხვდები, რის დაფარვაც გინდა. ამ მდუმარე განცხადებას მაღლა აწეული მარცხენა წარბი აძლიერებდა - საოცარია: ლენინთან მარჯვენა წარბი იყო მოწკურული, პატარა, გაუმჭირვალი თვალები ჩასაფრებულის დაჟინებით იმზირებოდნენ.

მთელს მის არსებაში უბედურების მომტანის ცივი სისხლი იგრძნობოდა, რომელიც მზაკვრობით ყველას აჯობებს. მისი მზერის წინაშე ყოველი ნება უკან იხევდა. 

სტალინი ნაბიჯებს კატასავით ნელა, რბილად ადგამდა, თითქოს სურდა რაღაცას დამალვოდა ან ვინმეს შეუმჩნევლად თავს დასხმოდა. იდუმალი ჯადო, რომელსაც შეუძლია ადამიანი უჩინარი გახადოს, ზღაპარი როდია; ტიბეტში იგი რეალობაა. ტიბეტელი იოგი, რომელსაც არ სურს შეამჩნიონ, უჩინარდება: ნებისყოფის საშინელი დაძაბვის წყალობით ის თავის ნაჭუჭში ძვრება და ამით ამცირებს ხილვად ელემენტებს. 

სტალინიც ასე იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა რევოლუციონერობისათვის ოხრანკა დასდევდა. მთვარეულივით დაეხეტებოდა ქუჩებში, ყოველ კუთხე-კუნჭულს აყურადებდა და თუ თვალს მოჰკრავდნენ, შიში მთვარეულს კი არ იპყრობდა, არამედ შემხვედრს, რომელსაც ეგონა, ადამიანს კი არა, აჩრდილს ვხედავო. პიროვნება კი არა, უმალ ნიღაბი იყო. 

მხოლოდ არალეგალური ცხოვრების გამო როდი ატარებდა სტალინი ამდენ ფსევდონიმს. სტენდალის მსგავსად, ფსევდონიმები მისთვისაც ნამდვილი სახელები იყო. სახელით იხელთებ პიროვნებას - ასე ფიქრობდნენ ძველი ეგვიპტელები. 

სტალინი გამუდმებით იცვლიდა სახელებს, ამიტომ მუდამ მოუხელთებელი და გამოუცნობი რჩებოდა. ხოლო თუ დააპატიმრებდნენ, მარჯვედ უსხლტებოდა შემპყრობთ. მან ბევრი ციხე მოიარა: ბათუმში, ტფილისში, ბაქოში, ცენტრალურ რუსეთში და ციმბირში. ციხეებიდან ხშირად გარბოდა. რამდენჯერმე გადაასახლეს - ისევ და ისევ გარბოდა და სულ სხვა ადგილას ამოყვინთავდა ხოლმე ახალი სახელით, ახალი ნიღბით; შესამჩნევ კვალს არსად ტოვებდა. სადღაც უეცრად თავს ამოყოფდა, უსახელო პილიგრიმი, როგორც გოლემი, რომელიც ებრაული თქმულების მიხედვით, ოცდაათ წელიწადში ერთხელ ეწვევა ხოლმე სამყაროს: მასთან შეხვედრა გაკრთობს - გონს მოხვალ, ის კი უკვე აღარ ჩანს.

სტალინი გველივით იცვლიდა კანს და ამით ხელშეუხებლად ინახავდა შინაგან არსებას. მაგრამ თავდაცვის სხვა ხერხიც ჰქონდა: სინამდვილის გაბიაბრუება. 

ერთხელ ბაქოს ციხეში პოლიტიკური პატიმრები აიძულეს როზგებმომარჯვებული ჯარისკაცების მწკრივებს შორის გაევლოთ. სტალინმაც გაიარა - მაგრამ როგორ? ხელში ბროშურა ეჭირა - უთუოდ მარქსისტული - კითხულობდა და ისე მიაბიჯებდა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა. დამსჯელების აბუჩად აგდებით საკუთარი პიროვნება მორალური შეურაცხყოფისაგან იხსნა. აქ უკვე ნაპოვნი ჰქონდა თავისი ნამდვილი სტიქია.

ვინ იყო ეს ანონიმი? მამამისი მეწაღე იყო. ლოთი, ბოღმიანი და სასტიკი. დედამისი - მკერავი, წყნარი, მორჩილი და გულმოწყალე ქალი. როცა დათვრებოდა, მამა სცემდა დედას. სცემდა ერთადერთ პატარა ვაჟსაც. მათ ქოხში მეფობდა სიღატაკე, ცოფიანის დორბლი და ცრემლი. იმის გაფიქრებაზეც კი, რომ საცაა მამა დაბრუნდებოდა, ბიჭს ტანში სზარავდა. თვით სამყაროს შექმნაშიც კი მხოლოდ სიბილწეს ხედავდა, მამა კი ურჩხულად ეჩვენებოდა. ოჯახური კავშირის ასეთი რღვევა ბავშვს გულს უმძიმებდა. აღმოსავლეთმა იცის, რა

არის მამა - კოსმიურად გამანაყოფიერებელი თესლი. თუ ბაყაყის ჩანასახოვან უჯრედს შუაზე გაჭრით, ორი ბაყაყი წარმოიშობა. ორი ნაწილიდან თითოეული გადაიქცევა არა ნახევარ, არამედ ნახევარი ზომის მთლიან ბაყაყად. ბიოლოგია აქ შეუდარებლად ადასტურებს მამობის აღმოსავლურ ინსტიქტს.

ერთი ჩანასახოვანი უჯრედიდან ორი იბადება, მაგრამ რა მოსდის თავდაპირველს, შექმნისათვის განსაზღვრულს? ის არ განხორციელებულა. ფიზიკურად ის აღარ არსებობს, მაგრამ მეტაფიზიკურად სიცოცხლეს აგრძელებს ორ პატარა ბაყაყში. თითოეული მათგანი თავის თავში ატარებს მას, დაუბადებელს. აქ ცოცხლობს გვაროვნული მახსოვრობა მამისა. სადაც ეს მახსოვრობა მოკვდება, იქ სიცოცხლე ჩავარდება საფრთხეში. 

სტალინის სახლში ეს მახსოვრობა დაირღვა. გამწარებულმა ვაჟმა დაწყევლა მამა. მისთვის აღარ არსებობდა სიყვარული, აღარც სიხარული. მამის მიმართ სამუდამოდ ჩაბუდებულმა სიძულვილმა სიცოცხლე მოუწამლა.

ასეთ უმამოს - თუკი უმამობა მისტიურად არ დაძლია, თავიდანვე აკლია არსებითი - სიცოცხლის სიყვარული. მას არაფერი ახარებს. მის გულს არ ძალუძს კოსმიურად ძირისძირამდე გაიხსნას. ის არ არის აალებული, ხორცშესხმული ნაწილი მისტიურად დაგლეჯილი ღმერთისა. ის ცივია, მტკიცე და პირქუში. ასეთი ადამიანისათვის არ არსებობს ექსტაზი. ასეთ უმამოს რომ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია მოესმინა - განსაკუთრებით დასასრული, სადაც მღელვარე ორკესტრში ადამიანთა ხმები იჭრებიან, ხმები დიონისოს მიერ გაბრუებულ არსებათა, ხმები - რომლებიც სხვა სიცოცხლეს, ახალს, ადამიანურს თუ ზეადამიანურს აცხადებენ - ის მაინც ვერ გახლეჩდა თავის ვიწრო ნაჭუჭს, რათა უნაპირო სინამდვილეს შეერთებოდა. ის ცივი, მტკიცე და პირქუში დარჩებოდა. თვითონ უექსტაზოს სხვისი ექსტაზის ატანა არ შეუძლია. სხვისი ექსტაზი მას არ ითრევს, ის ლამის ნამდვილი უსიამოვნებაა მისთვის. ასეთი არსება თავიდანვე ნაკლოვანია და საფრთხე ემუქრება.

თქმულება კაენსა და აბელზე მიუდგებოდა სტალინს - ღმერთმა მიიღო აბელის მიერ შეწირული მსხვერპლი და პირი იბრუნა კაენის მსხვერპლისაგან. რატომ? თქმულება არავითარ ახსნას არ იძლევა. იქნებ კაენს გულით არ მიუტანია მსხვერპლი? იქნებ სურდა კიდეც გულით მიეტანა, მაგრამ სურვილზე შორს ვერ წავიდა. ერთადერთი ახსნაღა გვრჩება: ჩანს, კაენს თავიდანვე აკლდა სიცოცხლის მადლი. მოსეს პირველი წიგნის ფურცლები აღგვიძრავენ ამ ეჭვს. განა აბელი კი ჩაიდენდა ძმის მკვლელობას, იაჰვეს რომ მისი მსხვერპლი არ მიეღო?

კეთილ სწრაფვათათვის მისი გულია დახურული, ვისაც სიცოცხლის მადლი აკლია. ეს ყველაფერი ფარულად და იქნებ გაავებითაც კი ადრევე უნდა ეგრძნო სოსო ჯუღაშვილს, როცა, მაგალითად, ერთხელ ავადმყოფი თანაკლასელი ინახულა. ის გულითადად ესაუბრა ამხანაგს, მაგრამ მისი სიტყვები ავადმყოფის გულს არ ხვდება. მოდის მეორე სტუმარი, მეორე ამხანაგი, - რომელიც ალერსიანად შუბლზე ხელს გადაუსვამს ავადმყოფს და ტკივილი ცხრება. ეს ღვთიური ძალა სიცოცხლის მადლია. როგორ ამბობს გრეტხენი? - მისი სიახლოვე სულს მიხუთავსო. როგორც კი ის - მეფისტოფელი - მოგვიახლოვდება, მეჩვენება, რომ აღარც კი მიყვარხარო. გრეტხენის წრფელი გული რაღაცას გრძნობს: მეფისტოფელის ახლომახლო ყოფნაც კი საკმარისია სიყვარულის მოსასპობად, ატმოსფეროს მოსაწამლად. მას ლირიულობა აკლია. იქნებ უფრო მშვენიერი ლექსებიც კი დაეწერა, ვიდრე რაინერ მარია რილკეს - მაგრამ ერთი რამ მიუღწეველი დარჩებოდა ლექსებში: ამოუცნობი პოეტური მდინარება, ასე მადლიანად რომ მობრწყინავს რილკეს სიტყვებიდან. აქ შეჩვენებაა დამალული.

პოეტურ ზარხოშს არასოდეს აუჩქროლებია სტალინის გული, თუმცა მოწაფეობისას საეპისკოპოსო გუნდში აბრეშუმივით რბილი ალტით გალობდა. ეს უთუოდ დაცემული ანგელოზის იყო - ასეთ ანგელოზს ჯერ კიდევ ძალუძს მომაჯადოებლად გალობა. სტალინმა ლექსების შეთხზვაც კი სცადა - შესაძლოა პატრიოტულისა - მაგრამ იმავე დროს ესპერანტოს სწავლობდა და უკვე მაშინ სწამდა მსოფლიო ენისა, ცხადია, მექანიკურად შეკოწიწებულისა. აშკარად სტანჯავდა სამყაროს ორგანული მრავალფეროვნება. მეტიც: თვით სიცოცხლის ატანა არ შეეძლო. მკრეხელურად ოცნებობდა ნგრევაზე, რათა თავისი გამანადგურებელი თვითნებობა გამოეცადა და გაეტარებინა.

ნიჰილიზმი ზედგამოჭრილი იყო საამისოდ. ვლადიმერ სოლოვიოვმა ერთ ირონიულ წინადადებაში შეაჯამა რუსეთის ნიჰილისტური ინტელიგენციის ღვაწლი: ადამიანი მაიმუნისგანაა წარმოშობილი, მაშასადამე, გაუმარჯოს თავისუფლებას! „მაშასადამე“ აქ უაზრობაა: ძნელი დასაჯერებელია, რომ მაიმუნისაგან წარმომავლობას ადამიანისათვის თავისუფლების მიცემა შეეძლოს. მაგრამ ლოგიკას ხშირად მოულოდნელად თავს ესხმის ფსიქოლოგია, და ამ სილოგიზმშიც უთუოდ ფსიქოლოგიური ალღო იყო ჩადებული. თუ დამტკიცდებოდა, რომ ადამიანი მაიმუნის მოდგმისაა, მაშინ თვით რჩეულნიც კი ყოველგვარ ხიბლს დაკარგავდნენ. ნაპოლეონი „ვინმეზე“ უფრო არაჩვეულებრივი აღარაფრით იქნებოდა, ხოლო კლეოპატრა არაფრით მეტი, ვიდრე ნებისმიერი ქალი. ხიბლთან ერთად მოწიწებაც გაქრებოდა. ასე ფიქრობდა ნიჰილისტი, მაგრამ უფრო ღრმად აქ სხვა აზრიც იყო დაფარული. თუ ადამიანი არსებითად იგივეა, რაც მაიმუნი, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა გაშიშვლება შესაბამისი მცდარი მოძღვრებისა, თითქოს ადამიანი ღვთის ხატი იყოს, და, მაშასადამე ღვთის ხატისა და მსგავსების დამხობა. რადგანაც ნიჰილისტების განზრახვას მტკიცე საფუძველი არ ჰქონდა, ისინი მით უფრო ჯიუტად ეჭიდებოდნენ მას.

სტალინიც მოექცა ნიჰილისტების გავლენის ქვეშ და გატაცებით შეუდგა ბუნების მეცნიერებათა შესწავლას. ღრმად სწამდა, რომ ეს შტუდიები უღმერთობამდე მიიყვანდნენ. არსებითი ეს იყო: თუ ღმერთი მოკვდებოდა, თავისუფლებას მოიპოვებდნენ. იგი ვერ მიხვდა, რომ ღმერთისაგან მოწყვეტილ, უღმერთო ადამიანს ღმერთთან ერთად იმავდროულად სამყაროსთანაც უნდა გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი. შესაძლოა, ქვეცნობიერად სტალინს სწორედ ეს სურდა. თუ დაირღვეოდა საკრალური კავშირი საგნებს შორის, მაშინ თვითონ სიცოცხლე აღმოჩნდებოდა საფრთხეში. ის, ვისაც სიცოცხლე თავიდანვე სტანჯავდა, ანგარიშში არ ცდებოდა.

მას ჰქონდა კარგი მეხსიერება - არა მახსოვრობა! - ძლიერი, ცივი ლოგიკა. ის დაშორდა ღმერთს და თავაშვებულ თვითმმართველად აღზარდა თავი. იგი ყველგან ცუდს ხედავდა, და სადაც კეთილს შეხვდებოდა, დამცინავად იღიმებოდა. ცივსისხლიანი სასტიკად უმოწყალო გახდა. ერთხელ ერთ შუკაში წიწილას ფეხი დააბიჯაო, ჰყვებიან. წიწილას ცალი ფეხი მოსტყდა და წივილით გაფრთხიალდა. სტალინი დაეწია და მთლად გასრისა. „შენ მაინც აღარ ივარგებ“, დაიყვირა უცნაური მრისხანებით. ამ წამს იქნებ სულ სხვა, საშიშად უცხო სახე ჰქონდა.

სტალინი სიცოცხლის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და ყველგან მტრები ელანდებოდა. მტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭირო თავდაჭერა და ირონია. სტალინის თავდაჭერა იოგებისას ჰგავდა, ხოლო მისი ირონია უბადლო იყო. ნელა, გაუნძრევლად, გულგრილად აღიზიანებდა იგი მოწინააღმდეგეს, აქეზებდა, დასცინოდა, წყობიდან გამოჰყავდა. იგი ცილისწამებითა და დამცირებით სპობდა თავის მტრებს. ამაში უმოწყალო და სასტიკი იყო. მისი ცივი ჭიხვინა ჩაცინება ხანდახან მკაცრ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიცილში გადადიოდა. იყო თუ არა ბოროტი ჩვეულებრივი აზრით? არა. ის არ ყოფილა მკვლელი, არც ყაჩაღი, არც არანაირი დამნაშავე. პირიქით საუკეთესო სურდა ადამიანებისათვის და მაინც მის ხასიათში იმთავითვე რაღაც უცხო გვარის ბოროტი თესლი ბუდობდა. იქნებ პირად სიამოვნებას მიელტვოდა? სულაც არა. მიწიერი სიამოვნებანი ქალი, ღვინო, აზარტული თამაში, ფული არსებობდა მისთვის. ნიშნეულია, რომ ქართული ლხინში, სადაც მუდამ დიონისეს ადიდებენ, როცა ყველა სხვა თვრებოდა, ის ერთადერთი, ფხიზელი რჩებოდა.

სტალინი გულუხვი იყო, რამდენადაც კი შეეძლო ასეთი ყოფილიყო, და დახმარებისთვის მუდამ მზად იყო, ვითარცა სულიერი მოძღვარი და მაინც არავისთან არ იყო ახლოს. არ ჰყოლია არც ერთი მეგობარი, რადგან ასეთი ვინმე - მეგობარიც რომ ყოფილიყო - სამუდმოდ მის ქვეშევრდომად უნდა დარჩენილიყო. შესაძლოა, ეს გულის სიღრმეში აწუხებდა კიდეც. შეიძლება ხანდახან თრგუნავდა საკუთარი ხასიათი. ასეთ წუთებში იქნებ ღრმა კაეშანი იპყრობდა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს კაეშანი თუნდაც ერთი წამით სხვებისთვის გაემხილა. მუდამ რაღაც უშლიდა ხელს გული გაეხსნა. ძველ სამყაროს უკვე დაემშ– ვიდობა. მისთვის აღარ არსებობდა არც სისხლის ერთობა, არც ხალხი, არც სულიერი კავშირი, არც რწმენა.

ხალხი მასამ შეცვალა, სული - კლასმა. აქ თავის სტიქიაში იყო. სოციალისტური იდეის შესათვისებლად სავსებით იყო მომწიფებული. სენსიმონის და ფურიეს მოძღვრება მის გულს არ ეკარებოდა, რადგან უტოპიისა და რომანტიკისაკენ მიდრეკილება არასოდეს განუცდია: მარქსის დოქტრინა კი კაკალ გულში მოხვდა მის არსებას. აქ იყო ლოგიკა და სიმტკიცე და არა უხერხემლობა მისი მენშევიკური ნაირსახეობისა. სტალინი ბოლშევიკად იყო დაბადებული. უწინ უყვარდათ თქმა, მავანი და მავანი წინაქრისტიანული ქრისტიანი იყოო. სტალინისათვის შეიძლებოდა ბოლშევიზმამდელი ბოლშევიკი გვეწოდებინა. იმდროინდელი რუსეთიდან არალეგალური მარქსისტული ლიტერატურა საქართველოშიც მოდიოდა; ერთბაშად ლენინის თხზულებებიც გამოჩნდა. სტალინი დატყვევდა: მანამდე არყოფილი ღრმა განცდა დაეუფლა საკუთარი თავის პოვნისა, ოღონდ სხვაში. აი, სად იყო ის, რისკენაც სტალინი თავისი ბნელი ინსტიქტის ცეცებით მიისწრაფოდა: მარქსისტული იდეის დემონიზმი. რაც დასავლეთში „სიტყვა“ იყო, რუსეთში „საქმედ“ უნდა ქცეულიყო. მაგრამ ეს გარდაქცევა ცოფიანი გრიგალივით უნდა შემოვარდნილიყო სამყაროში, რომლის საფუძვლები უკვე მოერყია ომს.

ლენინი გამოჩნდა ვითარცა მუშტადქცეული ენერგია ქარიშხალისა, როცა თავის ამხანაგებთან ერთად დაჯავშნული მატარებლით გერმანია გადმოკვეთა, რათა რუსეთში რევოლუციური ცეცხლი დაენთო. კაცობრიობამ არ უწყოდა, თუ რა ვულკანურმა ძალებმა მოიყარეს აქ თავი. ლენინი მოევლინა რუსეთს როგორც რევოლუციის ბედისწერა, ის გახდა კოსმიური ბიძგის მიმცემი ოქტომბრის ნგრევისა. ორი სტიქია იყო მასში სლავური და მონგოლური. სლავური: ქაოსის სუნთქვა, უარყოფა ყოველგვარი საზღვრისა. მონგოლური: შინაგანი კრულვა და შორეული გაქანება.

ლენინში ინსტინქტი და ნება ერთი იყო. დიდოსტატი დასტაქრის თანშობილი თვისებები ჰქონდა: სწორი, უცთომელი თვალზომა; ინტუიცია, რომელიც საგნის შუაგულს ხვდება; თავდაჭერა, ოღონდ არა ცივი, არამედ ცეცხლოვანი; შეუმცდარად მტკიცე ხელი. ამას მასთან შეხვედრისთანავე გრძნობდა ყველა. სტალინმა ეს მასთან შეხვედრამდე იგრძნო.

1903 წელს ლენინის წერილი მიიღო ევროპიდან. მისთვის ეს მოსეს ფილების მიღებასავით იყო. 1905 წელს სტალინი ფინეთში პარტიულ კონფერენციაზე შეხვდა ლენინს. დიდმა რევოლუციონერმა დუმილისმოყვარე ქართველში სანდო მებრძოლი ცნო. 1906 წელს ჩატარდა ყრილობა სტოკჰოლმში, სადაც ბოლშევიკებმა მარცხი განიცადეს. მაგრამ როგორ მიიღო ლენინმა ეს მარცხი - „არ დაღონდეთ, მეგობრებო, ჩვენ უთუოდ გავიმარჯვებთ, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ“. მის თანამოაზრეთა შორის სტალინი იყო ერთადერთი, ვინც მხოლოდ ყურით არ მოისმინა ეს სიტყვები. 1907 წელს ლონდონის ყრილობაზე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს მაგრამ როგორ მიიღო ლენინმა ეს გამარჯვება? სტალინი მოგვიანებით იხსენებდა: „გამარჯვების შემდეგ ის განსაკუთრებით ფხიაზელი და ფრთხილი გახდა“ და მოჰყავდა ლენინის სიტყვები: „ჯერ ერთი, არ გაგიტაცოთ გამარჯვებამ და კვეხნა არ დაიწყოთ; მეორე, განამტკიცეთ თქვენი გამარჯვება; მესამე, გაანადგურეთ მტერი, რადგან ის მხოლოდ დამარცხებულია და არა მკვდარი“. ყველაზე მეტად ამ სიტყვებს უნდა მოეხიბლა სტალინი, რომლისთვისაც გამარჯვებას თავბრუ არასოდეს დაუხვევია და რომელსაც ბრძოლის ველზე არასოდეს მანამ არ მიუტოვებია დამარცხებული მტერი, სანამ მთლად არ მოათავებდა.

სხდომებზე სიტყვაძუნწი იყო სტალინი; დუმდა ჭეშმარიტი საქმის კაცი. სტალინის სტიქია მასა იყო: აი, სად იყო ნაღდი. ფინეთის კლდოვანი სანაპიროდან კოლხეთის ზღვისპირეთამდე ორგანულ ერთობას გრძნობდა მასებთან: ხვდებოდა და უახლოვდებოდა რუსებს, პოლონელებს, უკრაინელებს, ასევე ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ლატვიელებს, ლიტველებს, ებრაელებს და მრავალი სხვა ხალხის წარმომადგენლებს. ის ეცნობოდა მუშათა ჯერ კიდევ მთვლემარე ფსიქიკას, სინჯავდა მასების მაჯას და მათ პროლეტარულ ინსტიქტს აღვიძებდა. ის არკვევდა მათს სურვილს და ფოლადივით აწრთობდა მათ მებრძოლ ნებას.

ის ათასებს ხვდებოდა და მრავალი ათასი ნაცნობი ჰყავდა. მისთვის არ არსებობდა მეგობარი. იყო მხოლოდ უთვალავი ამხანაგი. ოხრანკას კვალს არ უტოვებდა, სამაგიეროდ მუშებში ტოვებდა წარუშლელ კვალს. აქაც ჩრდილში რჩებოდა: საიდუმლო ორგანიზაციებში ისე ჩნდებოდა, როგორც პროლეტარული ფსიქიკის იდუმალი უსახელო. გასაკვირი არაა, რომ რუსული რევოლუციის თავისებურება მან იმთავითვე იგრძნო. 1917 წელს, ივლისის ამბების შემდეგ, პარტიული კონფერენცია ტარდებოდა. ლენინი არ ესწრებოდა, რადგან იმალებოდა. არ ესწრებოდა ტროცკიც. პირველად ამ კონფერენციაზე აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად. სტალინს მიჰყავდა კონფერენცია, მაშინ წარმოთქვა ისტორიული სიტყვა: „გამორიცხული არ არის შესაძლებლობა, რომ სრულიად განსაკუთრებულად რუსეთი გახდეს ის ქვეყანა, რომელიც სოციალიზმის გზას დაადგება. ჩვენში რევოლუციის საფუძველი უფრო მყარია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში, სადაც პროლეტარიატი მარტო უპირისპირდება ბურჟუაზიას. ჩვენს მუშებს მხარს უჭერს გლეხთა უღარიბესი ფენა... უნდა უკუვაგდოთ საძრახისი თვალსაზრისი, თითქოს ჩვენთვის გზის მითითება მხოლოდ ევროპას შეეძლოს“.

კონფერენციის მსმენელთა მასაში, ცხადია, გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად ეთანხმებოდა ეს თეზისი დოგმატურ მარქსიზმს. სტალინმა ეს, აშკარაა, შეამჩნია და დაუმატა: „მე შემოქმედებით მარქსიზმს ვემხრობი“. აქ ის უკვე მომავალი სიდიადით წარმოდგა.

ლენინზე პირველი შეხვედრისთანავე მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება. ლენინმა იგრძნო ამ რევოლუციონერში რაღაც ძლიერი და ბნელი. 1914 წელს ტურუხანსკში, ენისეისკის გუბერნიაში, გადაასახლეს. იმ წლის ნოემბერში ლენინი ჟენევიდან სწერს თავის მეგობარ კარპინსკის: „ერთი დიდი სათხოვარი მაქვს შენთან: შეეცადე გაიგო კობას უკანასკნელი გვარი (იოსებ ჯ. ჩვენ აღარ გვახსოვს), ეს ძალზე მნიშვნელოვანია“. სტალინი გადასახლებაში თავის ნამდვილი გვარით იმყოფებოდა - ჯუღაშვილი, და სწორედ ეს გვარი ვერ გაიხსენა ლენინმა. აქ ლენინი იხსენებს და ვერც იხსენებს სტალინს: განცდა რაღაც ბნელისა და უცხოსი, ამასთანავე, მიმზიდველისა.

ოქტომბრის გადატრიალებამდე ცოტა ხნით ადრე ლენინს გერმანიის აგენტობა დასდეს ბრალად. ლენინის კეთილშობილება აღშფოთდა, მან გადაწყვიტა პეტროგრადის მაშინდელი საბჭოების სასამართლოს წინაშე გაემართლებინა თავი. სტალინმა მყისვე იგრძნო საშიშროება და დაარწმუნა ლენინი, რომ წასვლის უფლება არ ჰქონდა. შესაძლოა, ამ უეცარმა გადაწყვეტილებამ „ოქტომბრის“ ბედი გადაწყვიტა. გადატრიალების შემდეგ სტალინი გვერდიდან არ მოშორებია ლენინს, თუმცა კვლავ უჩინარი რჩებოდა. როცა ტროცკიმ 1918 წლის 15 თებერვალს ბრესტ-ლიტოვსკიდან ტელეგრაფით ითხოვა შემდგომი ინსტრუქციები, ლენინმა უპასუხა: „სანამ თქვენს შეკითხვას პასუხს გავცემდე, მსურს სტალინს მოველაპარაკო“. ტროცკიმ აქ ალბათ პირველად იგრძნო, ვისთან ექნებოდა საქმე მომავალში.

სტალინს მხოლოდ ლენინისა სწამდა. მაგრამ ლენინის გვერდით იზრდებოდა მეორე ფიგურა - ტროცკი. თუ ლენინი ბედი იყო რევოლუციისა, ტროცკი რევოლუციის ნახევარბედად მოევლინა - ნახევარბედიც არსებობს. გენია ლენინში უფრო იყო განხორციელებული, ხოლო ტალანტი - ტროცკიში. ტროცკის სიტყვა შედევრი იყო. ის ქაფიანი მღელვარე ტალღებივით იზრდებოდა და შორს იტაცებდა მსმენელს. ლენინის სიტყვა სადა იყო, უბრალო, უპათოსო, მაგრამ მკაფიო, და უფრო ძლიერად მოქმედებდა. ერთის სიტყვა ათრობდა, მეორისა მართავდა. ტროცკის სტილი დახვეწილი იყო: მარქსის შემდეგ არც ერთ მარქსისტს ასე მოხდენილად არ უწერია. ლენინს არ გააჩნდა სტილი. მისი წინადადებები გრძელი და მძიმე იყო, მაგრამ ისინი უფრო მეტად არწმუნებდნენ მკითხველს. ტროცკი რევოლუციის გარდა სხვა პრობლემებითაც იყო დაკავებული: ხელოვნებით, ლიტერატურით, თეატრით. ლენინს მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა: პროლეტარიატის გამარჯვება რევოლუციის გზით. ნებისყოფის დიდი დაძაბვით იგი ერთადერთ გზას ეძებდა - მარტორქასავით. ტროცკი, როგორც რევოლუციონერი, მიხვეულ-მოხვეული, ხანდახან მცდარი გზებითაც დადიოდა. იქნებ სწორედ ამაში იყო მისი ნახევარბედი. ტროცკის ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ დიდი რევოლუციონერი ყოფილიყო, ოღონდ ბოლშევიკური ფსიქიკა აკლდა (ასეთი რამეც არსებობს).

სახარებაში ქრისტეს „ძე ღვთისას“ და „ძე კაცისას“ უწოდებენ. ევრო-ამერიკელ ადამიანში ძე ღვთისა თითქმის მოკვდა. ლოგოსის ნაცვლად მასში რაციო მეფობს. უღმერთო ბოლშევიკს ლოგოსი არ სჭირდება, მისთვისაც რაციო ყველაფერია. აქ ის სავსებით ისეთივეა, როგორც ევროპელი ან ამერიკელი მაგრამ ევროპამ და ამერიკამ ლოგოსთან ერთად სიცოცხლის ქვედა შრეებიც დაკარგეს: მიწა, ინსტიქტები, ფესვები, წინათგრძნობა. ბოლშევიკებმა კი ეს შრეები უკლებლივ შეინარჩუნეს. ინდიელის თავიდან რომ ღვთიური ცეცხლი აღმოგვეფხვრა და მის ნაცვლად ინტელექტი ჩაგვენერგა, ბოლშევიკურ ტიპს მივიღებდით. რაციო და ინსტინქტი - უკეთესი ნაზავი წარმოუდგენელია რევოლუციონერისთვის. ლენინს ჰქონდა ეს ნაზავი, ტროცკის არა. მას აკლდა ბოლშევიკის რასიული ფსიქიკა. ანდერძში ლენინმა თავის მემკვიდრეებს შორის ტროცკი პირველ ადგილზე დააყენა, მაგრამ საკვირველია, იქვე დაუმატა: ტროცკი არ ყოფილა ბოლშევიკი.

სტალინი თავიდანვე ლენინის ნატეხი იყო: მასშიც გაერთიანებული იყო რაციო და ინსტინქტი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მეორე ელემენტი უფრო მძლავრად ჰქონდა განვითარებული. ეს სტალინს ლენინთან შედარებით უპირატესობასაც კი ანიჭებდა. ცხოველური ინსტიქტით სტალინი მუდამ გრძნობდა, რომ ნახევარბედი ვერ გაუძღვებოდა რევოლუციას. ის მუდამ ალმაცერად უყურებდა ტროცკის. არ სჯეროდა მისი. ამ დროს შური კი არ ამოძრავებდა, არამედ ნაღდი რევოლუციონერის ყნოსვა: ისეთი ელემენტის სუნი იკრა, რომელიც რევოლუციის წიაღიდან არ იყო ნაშობი. ყველაზე უკეთ ცარიცინის ამბებში გამოამჟღავნა თავი. ტროცკის სურდა წითელ არმიაში მეფის ყოფილი ოფიცრები გამოეყენებინა, სტალინს კი უბრალოდ სძაგდა ინტელიგენტები. აქ ორი ადამიანი შეეჯახა ერთმანეთს: ერთი მოდიოდა რევოლუციიდან, მეორე რევოლუციისკენ. ლენინი ორივეს საჭიროებას გრძნობდა და დიდი ოსტატობით შეაერთა საპირისპირო დინებები. მან სტალინის მეშვეობით ბონაპარტიზმის საშიშროებაზე მიუთითა ტროცკის, ხოლო ტროცკის მეშვეობით ვიწრო სწორხაზოვნებისაგან გაათავისუფლა სტალინი. ეს იყო ორი განსხვავებული სტიქიის ბრძოლა, ამათგან ერთი საჩინო იყო, ხოლო მეორე - უჩინარი.

ტროცკი ლენინის გვერდით იზრდებოდა. ლენინის გვერდით ეს სვენაკლული სვებედნიერი ხდებოდა. ულენინოდ კი კარგავდა იმას, რასაც იღბლიან გამბედაობას უწოდებენ. ტროცკი არ იყო ლაჩარი: სამოქალაქო ომში დემონური სიმამაცე გამოავლინა. გენერალ იუდენიჩისაგან პეტროგრადის გადარჩენა მისი დამსახურება იყო. ეს სიმამაცე მით უფრო ფასობდა, რომ ლენინი თავდაპირველად მზადაც კი იყო, პეტროგრადი მტრებისთვის დაეთმო. მას იმ დროს სხვა უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა. ლენინს ინტუიცია მხოლოდ მაშინ უჭრიდა, როცა თვითონ იჭრებოდა მოვლენებში. ფრონტები მან ტროცკის გადაულოცა. ტროცკიმ დაარწმუნა იგი პეტროგრადის შენარჩუნების საჭიროებაში და უკიდურესი, ზეადამიანური გამბედაობით დაიცვა ქალაქი და მაინც, ამ გამბედაობის უკან ურყეე კლდესავით იდგა თვითონ ბედი - ლენინი. საკმარისი იყო, ლენინს სისხლი ჩაქცეოდა, რომ ტროცკის მყისვე დაეკარგა სიმამაცე.

რევოლუციის საბედისწერო გარდატეხის ჟამი მოვიდა. ერთ პატარა შემთხვევას შეეწირა ტროცკი - მაინცდამაინც საქართველოს საკითხს. ქართველი კომუნისტების ერთი ნაწილი მდივანის ხელმძღვანელობით საქართველოსთვის მეტ ეროვნულ თავისუფლებას ითხოვდა. ამ მოთხოვნის წინააღმდეგ ყველაზე მკვეთრად სტალინი გამოვიდა: მამის მოძულე, მამულის მიმართაც მტრულად უნდა ყოფილიყო განწყობილი. ლენინმა შეატყო, რომ საქართველო უაღრესად თავისებური ქვეყანა იყო, და მდივანის ჯგუფს მხარი დაუჭირა, თუმცა წმინდა კომუნისტური თვალსაზრისით იქნებ სტალინის ცენტრალისტური ხაზი უფრო იყო გამართლებული. შესაძლოა, სხვა რამეშიც იყო საქმე. სისხლის ჩაქცევის შემდეგ ლენინს, რომელსაც უკვე ჩაესუნთქა სიკვდილის ჰაერი, ინსტინქტი გაუმძაფრდა. მოცელილი მარტორქა ახლა უკვე ხედავდა თავისი პატარა დაბინდული თვალებით, რომ უჩუმარი და უჩინარი კატა, სტალინი, - ვეფხვში გადაიზარდა. საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ აქამდე ეს ვერ შეამჩნია. სცდა წელში გამართულიყო და ღობიერი შეძახილით კვლავ კატის სხეულში გამოემწყვდია ხახადაღებული ვეფხვი, მაგრამ გვიანღა იყო. ეს ალბათ ლენინის ყველაზე მწარე გაწბილება იყო.

საქართველოს საკითხში ტროცკი ლენინს მიემხრო. თავისთავად გასაგებია: საქართველოს სიყვარულით ავადმყოფმა ლენინმა მოამზადა მოხსენება, რომელიც მეთორმეტე პარტკონფერენციაზე ყუმბარასავით უნდა გამსკდარიყო სტალინის წინააღმდეგ, მაგრამ, რადგან სისხლის ჩაქცევის განმეორებას შიშობდა, მთელი მასალა ტროცკის მიანდო, ხოლო მდივანისათვის მიწერილი ბარათის ერთი ასლი კამენევს გაუგზავნა. ეს საკმარისი იყო, რათა სტალინს ყველაფერი შეეტყო. იგი მოემზადა. ჯერ სცადა ლენინისთვის გადაეთქმევინებინა, მაგრამ კრუპსკაია შეეწინააღმდეგა და გზაზე გადაეღობა. აქ სტალინს დიდი შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინა ბელადის ცოლისთვის. ლენინი განრისხდა და მეუღლეს სტალინის მისამართით წერილი უკარნახა, რომელიც ყოველგვარ პირად ურთიერთობას წყვეტდა თავის მარჯვენა ხელთან.

ეს იყო ლენინის უკანასკნელი და ამავე დროს ყველაზე საბედისწერო წერილი. სტალინმა კარგად უწყოდა, რას ნიშნავდა ეს განხეთქილება ლენინთან, და მისთვის დამახასიათებელი ჩუმი, პირქუში შეუპოვრობით ნახტომისათვის მოემზადა. ტროცკიმ იხმო კამენევი, ყველაფერი შეატყობინა და მოითხოვა შეცვლილიყო ეროვნული პოლიტიკა, კერძოდ, საქართველოს საკითხში, ხოლო სტალინს ბოდიში მოეხადა კრუპსკაიას წინაშე. კამენევმა გადასცა სტალინს. სტალინმა დათმო: ბოდიში მოიხადა, ხოლო კამენევი საქართველოში გაგზავნა ეროვნული პოლიტიკის შესაცვლელად. შინაგანად კი ბოღმით აივსო და სხვა რამისათვის მოემზადა. სწორედ ამ დროს ლენინს მეორედ ჩაექცა სისხლი. სტალინმა კამენევს სასწრაფოდ დეპეშა გაუგზავნა. კამენევი საკმაოდ ეშმაკი იყო და მყისვე მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო: როცა ტფილისში ჩამოვიდა, ორჯონიკიძის - სტალინის თანამოაზრის მხარე დაიჭირა და სტალინური  პოლიტიკის შეცვლის მაგიერ მის განმტკიცებას შეუწყო ხელი.

ასე დამთავრდა ეს პატარა ინტერმედია. მაშინ უკვე გადაწყდა, ვინ გაიმარჯვებდა მომავალში. ჩაექცა თუ არა ლენინს სისხლი, ტროცკიმ ისტორიული სიმამაცე და საკუთარი თავის რწმენა დაკარგა. მან არ იცოდა, რომ ქართულ ენაში „ბედს“, „გამბედაობას“, „ბედნიერებას“ ერთი ძირი აქვს. სტალინმა კი იცოდა, და არა მხოლოდ ასოების მიხედვით, თუმცა მესამის - ბედნიერების  აღსაქმელად იმთავითვე აკლდა ორგანო. ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში მან გაბედა ყოფილიყო ლენინი. რაც შემდეგ მოხდა, მხოლოდ ჩანასახის გაღვივება იყო.

მოკვდა თუ არა ლენინი, სტალინმა სამუდამოდ მოაშთო ტროცკი. ორი დემონის ბრძოლაში, როგორც ყოველთვის, აჰრიმანმა - სიძულვილის ნაშიერმა – დაამარცხა ლუციფერი. სხვა დიადოხების დამარცხება ადვილი საქმე იყო. სტალინმა ლენინის ადგილი დაიკავა.

გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, წლები. ოპოზიციური მარჯვენიდან და მარცხნიდან თავს ესხმოდნენ სტალინს. სტალინი, მრავალმხრივ გამოცდილი, მუდამ იმარჯვებდა დამარცხებულნი ქედს იხრიდნენ მის წინაშე, იჩოქებდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. „ლეგენდარული ქართველის“ გამარჯვებები ყველას უკვირდა და ლენინის მიერ შერქმეულ ამ მეტსახელს ახლა ყველა ყურადღებით აკვირდებოდა. უკვირდათ და ვერ გაეგოთ - როგორ? საიდან ასეთი ძალა ამ ველურ, უხეშ კავკასიელში? მათ ვერ გაეგოთ, რომ სტალინის ბოლშევიკურ ფსიქიკაში დაუშრეტელი ინსტინქტები კვებავდნენ რაციოს. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი გამარჯვებისთვის. გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა, სტალინი დღითი დღე იზრდებოდა და მას ვერავითარი ძალა ვეღარ აჯობებდა. ყოფილ რუსეთის იმპერიაში უმითო ეპოქას ერთბაშად არნახული ტოტემური ძალის მქონე კაცი მოევლინა.

რევოლუციის ბედი, ლენინი, კუბოში იწვა ბალზამირებული - მითი ახალი ფარაონისა. რევოლუციის მებრძოლი ტროცკი, გაგდებული, ბოსფორის ნაპირებზე მემუარებს წერდა. რევოლუციის საჭე ხელთ ეპყრა სტალინს. ის იჯდა კრემლში როგორც ადამიანადქცეული რადიომიმღები: საბჭოთა ქვეყნის კიდით კიდიდან უთვალავ ტალღებს იღებდა. ის ამ ტალღების მხოლოდ მიმღები კი არ იყო, არამედ მათი შემოქმედი და განმსჯელი. ერთი განკარგულებით შეაჩერა ქვეყნის კოლექტივიზაცია, როცა „წარმატებებმა“ თავბრუ დაახვია განსაკუთრებით ყოჩაღებს და ლამის კატასტროფა გამოიწვია. თვითონ უცნაური მოლეკულა თვრამეტი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშათა მასების მოლეკულურ პროცესებში ყვინთავდა და არც ერთი მოლეკულა ხელშეუხებელი არ დარჩენია.

სტალინის სხვა თანამებრძოლნი რევოლუციამდე რუსეთიდან შორს ცხოვრობდნენ: რუსეთის განვითარებას ევროპის ემიგრანტული მანსარდებიდან ადევნებდნენ თვალს. სტალინი კი მუდამ მუშათა მასების ქარბორბალაში ცხოვრობდა მუდამ უჩინარი, მაგრამ ქვედითი ელემენტი. ძველ დროში ტომის ბელადში მთელი ტომის ძალა იყრიდა თავს, სტალინში შეგროვდა პროლეტარული ენერგია, და როცა რევოლუცია ძლევამოსილად გაიშალა, მან ამოყვინთა: ეს რევოლუციის განხორციელებად იქცა. ის უკვე აღარ იყო ადამიანი, ის იყო არსება, სასტიკი და საშინელი.

ზოგიერთები მას ჩინგიზ-ხანსა და თემურს ადარებდნენ. შედარება მცდარი გახლდათ: მონგოლ დამპყრობლებს ჰქონდათ ცეცხლი, გაქანება და სიშმაგე. სტალინს არ ჰქონია ცეცხლი, ის ცივსისხლიანი იყო. ეს ერთგვარად აორმაგებდა კიდეც მის ძალას. სტალინს არ უხდებოდა ნიცშეს სიტყვები გენიის სიმწიფის შესახებ: „ის კვლავ პოულობს სერიოზულობას, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა თამაშისას“. მას არ ჰქონია ეს სერიოზულობა, თვით ბავშვობის ასაკში აკლდა ბავშვობა. თავიდანვე რაღაც ამძიმებდა და არ უყვარდა თამაში. ყოველგვარი კომპლექსებისა და შეფერხებების გარეშე მოქმედებდა როგორც ბუნების ძალა, ბრმად და მძლავრად.

მას შურიანობას მიაწერდნენ და შემდეგ ჰყვებოდნენ: პეტროგრადის გადარჩენისათვის პოლიტბიურომ ტროცკი „წითელი დროშის“ ორდენით დააჯილდოვა. უეცრად კამენევმა წინადადება შემოიტანა, ასეთი ორდენი სტალინსაც ეკუთვნისო. „რისთვის?“ - ხმამაღლა იყვირა კალინინმა. ბუხარინმა განმარტა: „ნუთუ არ გესმით? ეს ლენინის იდეაა. სტალინი ვერ იტანს, როცა არ იღებს იმას, რაც აქვს სხვას. ის ასეთ რამეს არასოდეს პატიობს“. ამას იხსენებდნენ და ვერ ამჩნევდნენ, რომ თუ მართლაც ასე იყო, მაშინ ლენინისთვის ადამიანის ცნობას უმტყუნია. სტალინს არ შეეძლო შურიანი ყოფილიყო. მართალია, სხვისი გამორჩეულობა აუტანელი იყო მისთვის, მაგრამ იმიტომ კი არა, თითქოს სურდა თვითონ ყოფილიყო გამორჩეული: იგი რჩეულობას საერთოდ ვერ იტანდა, ვერც საკუთარს და ვერც სხვისას. საკუთარი თავის რჩეულად გრძნობა თრობის ნიჭია: სტალინში კი დიონისოს გადატანითი მნიშვნელობითაც კი არასოდეს უცხოვრია. სხვათა შორის, ეს თვისება იყო ჯავშანი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. იგი არ იცნობდა გამარჯვების ბანგს.

ყველას აკვირვებდა სტალინის ასკეტიზმი. ყველა აღტაცებული იყო იმით, რომ მას არ იზიდავდა მიწიერი სიამოვნებანი: არც ქალი, არც თამაში, არც ღვინო. მაგრამ ვერ ამჩნევდნენ, რომ სტალინს სრულებით არ სჭირდებოდა ასკეტიზმი: ასეთი რაღაცეებისათვის მას უბრალოდ ორგანო აკლდა. უნდა გყვარდეს, რათა სიამოვნება იგრძნო - თავდავიწყებამდე. მაგრამ სტალინს არასოდეს დავიწყნია თავი. ხოლო დოსტოევსკის სიტყვებს ჯოჯოხეთის შესახებ (თუმც არც ჯოჯოხეთისა სწამდა და არც სამოთხისა და ყოველგვარ ღვთის რწმენას, ლენინის მსგავსად, გვამთმავლობას ადარებდა): „ჯოჯოხეთი არის ტკივილი იმის გამო, რომ აღარ ძალგიძს სიყვარული“, ყველაზე მეტი თავსატეხი უნდა გაეჩინა მისთვის. მას არ ჰქონდა სიყვარულის ნიჭი. აქ დაეღო ხახა მისი კაეშნის უღრმეს სიცარიელეს, დამნაშავეობის შეუვალ ნიღაბს რომ ამოჰფარებოდა.

საქმეებში ჩაფლული სტალინი კრემლში იჯდა. ძალაუფლების პატრონი, მაგრამ არა ხელმწიფე. არსება და არა ადამიანი. რევოლუციური ძალების ელექტროგაყვანილობა გამაფრთხილებელი წარწერით „მომაკვდინებელია“.

მასთან ტელეფონით საუბარიც კი ყველას თრგუნავდა. მისი საშიში ზემოქმედებისაგან არავინ იყო დაზღვეული. სისასტიკით აღსავსე, ძლევამოსილად აღმართულიყო, როგორც საბჭოეთის და შესაძლოა, მთელი მსოფლიოს ცივი და ბრმა ბედისწერა. როცა ხანდახან იდუმალი კონტაქტი გადაირთვებოდა, როცა ის - შეუდრეკელი - დროებით დენის ქსელიდან გამობოღდებოდა დარეტიანებული და გაუცხოებული, როცა შეშინებული გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ღონე, აი მაშინ სტალინი მხოლოდ სოსო ჯუღაშვილი იყო, უბრალო ქართველი. მაშინ ახსენდებოდა შორეული საქართველო, რომლისგანაც ესღა შემოენახა: საცივისა და კახური ღვინის გემო, მრავალჟამიერის ჰანგი და ქართული გინება: „მაგათი დედა კი ვატირე“.

 

− მთარგმნელი: ალექსანდრე კარტოზია −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ