- ნან, ერთი რამ უნდა გითხრა და არ გამიბრაზდე.
- განა მე გიბრაზდები ხოლმე?
- არა, მაგრამ... ეს ნამდვილად გაგაბრაზებს და თავი შეიკავე.
- ისეთი რა უნდა თქვა?!
- კარგა ხანია, ერთი რაღაცა აღმოვაჩინე.
- ხო, თქვი ახლა.
- არ არსებობს ულამაზო ქალი... თუ ის გულაღმა წევს. გულაღმა მწოლიარე ყველა ქალი ლამაზია.
- საიდან იცი შენ „ყველა“?
- ხომ გითხარი, არ გაბრაზდე-მეთქი?
- ხოდა, საიდან იცი „ყველა“?
- კარგი ახლა!
- მითხარი, ბარემ ბოლომდე მითხარი!
- ღმერთო, რა სულელი გოგო ხარ!
- ნამდვილად სულელი ვარ.
ნანიმ საბანი ნიკაპამდე აიწია, თვალები ცრემლებით აევსო. იდაყვზე წამოწეულ გივის შეშფოთებით ეღიმებოდა, მერე გაბედა: შუბლზე წამოწეწილ თმაში თითები შეუყარა და გვერდზე გადაუწია. ნანიმ თავი გააქნია. ცრემლებმა პრიალა ხაზები ჩამოავლეს საფეთქლებზე.
- კარგი ახლა, ნან! მე ხომ წინასწარ გთხოვე, არ გაბრაზდე-მეთქი?
- მატყუარა!
- კარგი ახლა!
- ყველანი მატყუარები ხართ.
- ვინ ყველანი?
- ყველა კაცები.
გივის იმედით გაუბრწყინდა სახე. წამოჯდა.
- აბა, შენ საიდანღა იცი „ყველა“, განა სხვებმაც მოგატყუეს ჩემსავით?
- იდიოტო!
- მითხარი, მე არ გაგიბრაზდები.
- სულელო!
- მითხარი, მითხარი. ვინ „ყველამ“ მოგატყუა ჩემსავით?
ნანიმ საბნიდან ხელი ამოიქნია და ლოყაში გაჰკრა.
- აი, შენ! - გივიმ გაიხარა.
- მითხარი, რა!
ნანის ნელ-ნელა მოერია ღიმილი. უცებ გივიმ ხელები მაღლა ასწია:
- ნან, მე ერთი რამეც აღმოვაჩინე!
- მოშორდი, შენი აღმოჩენებით.
- არა, არა, ესაც უნდა გითხრა. ქალი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი როდის არის, იცი? როცა გულაღმა წევს,
თვალები ცრემლებით აქვს სავსე და თან იცინის, იცინის...
- სულელი!