(სამარადისო ზღაპრები)
1
სასახლეს ეძინა. მხოლოდ დაფიქრებული მეფე დინჯად დადიოდა. უკანასკნელი პირისფარეშიც კი გაეშვა. მკრთალად განათებულ საწოლ ოთახში მარტო იყო. მეფე მწვავე, შავ ფიქრებს წაეღო. დასკვნა ვერ ეპოვნა.
მაშ რა ვქნა, რით გავუშალო მოწყენილი შუბლი? როდის გადაჰკრავს ღიმი შეკუმშულ ტუჩებს? როდის შეეცვლება უსიცოცხლო თეთრი ფერი ვარდისფრად? - ფიქრობდა მეფე და ხან შეჩერდებოდა შუა ოთახში, როგორც ადამიანი, რომელსაც ხერხი მოუგონებია გასაჭირისაგან ვის დასაღწევად, ხან ისევ ჩქარა იწყებდა სიარულს.
მეფემ ხელი ჰკრა ფანჯარას და გააღო. წყვდიადი ღამე წინ შეეფეთა. ხმა არსაიდან ისმოდა. ღამის დარაჯმა დაიძახა ერთი კოშკიდან; იმავე წამს სხვა მხრიდან პასუხი მისცეს, და ყველაფერი ამ შავს, წყვდიად, საიდუმლოებით სავსე ღამეში მიჩუმდა.
- ვინ გამოიცნობს ჩემს კითხვას? - სასოწარკვეთილად წამოიძახა მეფემ. ახლა მეფე აღარ ფიქრობდა; მხოლოდ გრძნობდა უსაშველო მდგომარეობას. მწუხარებით დაღლილი ვერ შორდებოდა ფანჯარას. ხეების ახლადგაშლილი ყვავილების გამაბრუებელი სუნი უხვად მოდიოდა ბაღიდან და კაეშანსა და უძილობასთან ერთად ათრობდა მეფეს.
მეფემ ყური მოჰკრა მუსაიფს ისე წყნარსა და ჩუმს, რომ გეგონებოდა ობობას ქსელის ძაფებსავით წვრილი ფესვები იისა ამბოხებას ამზადებს ყვავილის წინააღმდეგო და აქ საიდუმლო მოლაპარაკება აქვთო.
წყვდიადმა განფანტოს იქნება ჩემი სანუკვარი, - გაიფიქრა მეფემ და გადააწვა ფანჯრის თაროს. - „ყველაფერში ასეა, - ამბობდა ამ სიბნელეში გამოურკვეველი პირი, - თუ ძალა. - წინათ აქ, ირგვლივ, ყველგან სალი კლდეები იყო. - მოღუშული, მუდამ ცრემლიანი ცა დაჰყურებდა. მზე ქურდულად თუ ჩამოაპარებდა სქელ ღრუბელში სხივს, თორემ უცნობი იყო ამა ქვეყნისთვის.
კლდე ვერ ხედავდა რასმე მასზე უფრო მაღალი ხარისხისას, სათაყვანებელს და... გადაშალა გული; ყოველ ნახვრეტში, ყოველ ჭვრიტიმალში შეისვა და შეინახა ცის ნაცრემლარი წვეთები; ქარი და ბუქი შეუშვა სრულიად მიმალულ კუნჭულში და სალი კლდე დაირღვა: სალი კლდე დაფარა მისგანვე შექმნილმა, მისგანვე ჩამოცვენილ-ჩამოფხეკილმა თიხამ, ქვიშამ, მტვერმა, მიწამ; ცაც მოიწმინდა და გამოჩნდა მზე.
ამ ახალს მჭვრეტელს, ნიშნად სიყვარულისა და აღტაცებისა, მიწამ უძღვნა მცენარე: მაღალი კვიპაროზი, ჩრდილიანი ჭანდარი, ძლიერი მუხა, წითელი ყაყაჩო, მწვანე სამყურა; ყველა ეს მიწის მიერ მზისადმი მინართმევი ძღვენია. მაგრამ, თვით მცენარეთ ახლა აღარ ყოფნიდა საკუთარი სიმშვენიერე. მათ შეჰქმნეს ცხოველი და ამ ცხოველისთვის არ დაზოგეს არც თავის ყლორტი, არც ფოთოლი, სულისთქმაც კი.
ყოველს ცხოველს მოსწონდა თავი. ირემი თავაღებული დადიოდა, დახლართული რქები ყველას დავანახოო. შველი კოხტად მოიგრეხდა ყელს და ფიქრობდა, რა ნაზი რამა ვარო; გედი მუდამ სცურავდა, რომ ბუმბული ფაქიზი და რბილი ჰქონოდა. მაგრამ ვერ გასძლეს, სანამ არ შექმნეს სათაყვანო საგანი ადამიანი. გაჩენისთანავე ადამიანი ქვეყნის მეფედ გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც ვერ წინააღუდგა თანდაყოლილს, ყოველივე არსებულის თვისებას სათაყვანო საგნის შექმნისას და შექმნა... ღმერთი, არა, ღმერთები! რამდენადაც მეტია ღმერთი, მით უკეთესია; რამდენიც უფრო მეტია უმაღლესი ხარისხის ღირებულება, მით უფრო ბედნიერია ქმნილება, მით უფრო მეტს გრძნობს ქმნილებად, რომელთა სათაყვანებელი თვითონ არის. ასეა თვით განყენებულ აზროვნებაშიაც კი. ყოველი აზრი მხოლოდ საფეხურია მეორე უფრო მაღალი აზრისა. ყოველი აზრი მხოლოდ საშუალება, ხოლო ყოველი აზრი-საშუალება მიზანს ჰქმნის. ყოველი უსულო და სულიერი სათაყვანოს ეძებს“.
წყვდიადმა შესწყვიტა ბუტბუტი. მეფე გამოერკვა; გაშორდა ფანჯარას; დაჯდა და ისევ ფიქრს მიეცა:
ჩემი სასახლე ციხეა მხოლოთ. შავი კოშკები დაბურულ ტყეში იმალება. ყველაფერი ქვისაა და რკინის. ხვრელები შიშსა ჰგვრიან უთუოდ ჩემს პირმშოს, ჩემს ნუგეშს. თვით კედლები ოთახებისა, აჭრელებული ჩამოკიდებული მშვილდ-ისრით, ხანჯალ-ხრმალით, ლახტებით და მუზარადით ვერ გაუმხიარულებს გულს ჩემს გვრიტს. ბუდეში ჩასმის მაგიერ ჩემი ქალი გალიაში გამოვამწყვდიე.
2
- გენაცვალე, დედოფალო, შეხედე რა ამბავია! - იძახდა ახალგაზრდა ქალი, საჩქაროდ ისკვნიდა გულისპირის ღილებს და ნამძინარევ თვალებს სარკმელს არ აშორებდა.
- გაჩუმდი, შე ენატარტალა, თორემ დიდი ბატონი მაგ თმით ათრევინებს შენს თავს, მართლა, მალე დაივარცხნე - საცაა ბატონი მობრძანდება. ნუ გაქვს მუდამ ალქაჯივით აბურდული!
- რა ვქნა, გამდელო, ვერაფერი მოვუხერხე... რა არის ის?
- მოიცადე, ახლავ ნახავ, წაგიყვანენ, ნუ გეშინია! კარების წინ ჩამოშვებული ფარდა ნელა შეირხა, გადიწია და გამოვიდა წყნარი, უხმო ნაბიჯით სუსტი, ლმობიერი არსება. ოქროსფერი ხუჭუჭი მაღალი თმა, უსაყელო და უსახელო პერანგი ეცვა. უწინდო ფეხი საჩქაროდ ქოშებში ჩაეყო.
დილას, სანამ მზე ააფერადებდეს ცას, ქვეყანას ღიმი გადაჰკრავს.
სწორედ ამ დილის ღიმს ჰგავდა ქალი.
- რაზე ლაპარაკობთ? რა იყო? - იკითხა მეფის ასულმა.
- არაფერი, შენ კი შემოგევლოს შენი გულქანი.
- როგორ არაფერი? ვარდია აკი მეძახოდა, შეხედე, შეხედეო!..
ახალგაზრდა მხლებელმა ქალმა ვერ მოითმინა და ისევ გაიხედა ფანჯარაში.
მეფის ასულმა ფანჯრისკენ გაიწია. გადია მოხერხებულად გადაეღობა წინ და ჩქარა დაუწყო ლაპარაკი:
- არაფერი, არაფერი, მხოლოდ დიდი ბატონი მობრძანდება სადაცაა და უნდა მოვემზადოთ საჩქაროდ.
მეფის ასული უკვე ფანჯარასთან მივიდა, არემარეს გადახედა.
- ეს რა მოსჩანს შორს ბამბასავით თეთრი?
- რა უნდა მოსჩანდეს, არაფერი... ჩაიცვი, შენი ჭირიმე, მეფეს ნუ გაარისხებ ჩემზე.
- მითხარი და ჩავიცვამ, თორემ ადგილიდან არ დავიძვრი.
- რაა და სასახლეა! ახალი სასახლეა შენთვის აშენებული, - ვეღარ მოითმინა გულქანმა.
- მერე ასე თეთრი რატომ არი?
- სულ მარმარილო და სპილოს ძვალია.
- რატომ დღემდის ვერ დავინახეთ?
- მეფემ ბრძანა, სანამ მე თვითონ არ ვაჩვენებ სასახლეს, არავინ გაბედოს რისიმე თქმაო... ტყე ფარავდა დღემდე, წუხელის გაჰკაფეს... ღამით. ვაი, დამევსო თვალი! - დაიძახა გამდელმა.
კარებში მეფე იდგა.
ვარდიას შილიფად ეცვა, მეფე რომ დაინახა, ერთი იკივლა და საჩქაროდ მიიმალა.
- ვერ გააჩერებ ენას, ვერ დაცხრები, სანამ ჩემს რისხვას არ იგემებ? კარგი, მემართოს! - დაემუქრა გულნატკენი მეფე.
- მამა, აი ეს-ეს არის ავდექი, ფანჯარაში ტყე ვეღარ დავინახე, ახლა გადია მიშლის ხეირიანად გავიხედ-გამოვიხედო და თან მატყუებს. რა იყო, რა მოხდა? - ხერხიანად მოიცრუა მეფის ქალმა.
მეფეს იამა, საიდუმლო ჯერ არ გამჟღავნებულაო და მიმართა შვილს:
- ჩაიცვი, შვილო, წავიდეთ და ჩვენ თვითონ ვნახოთ.
მეფის ქალი გავიდა იქვე მყოფ საპირფარეშო ოთახში.
- დღეს მაინც ნუ ჩაიცვამ შენს ჩვეულებრივ შავ კაბას! - მიაძახა მეფემ მიმავალ ქალს.
- კარგი, მამა, შენი ნება იყოს.
ქალები მალე გამოვიდენ უკვე მორთულ-მოკაზმული. გადიას წაბლისფერი ხავერდის ახალი ქათიბი მოესხა, ქვედაწელის გრძელი კუდი პატარა შავთვალებიან გოგოს ეჭირა ხელში ორკეცად კოჭებამდის ჩამოშვებული. ვარდისფერი აბრეშუმის სარტყელი მწვანე ვაზის ფოთლებით აკერილი იყო. თეთრ გულისპირზე ესვენა ყელზე ძეწკვით ჩამოკიდებული ოქროს მოდიდო ჯვარი. ქათიბს კვერნას ბეწვი ჰქონდა შემოვლებული. სახელო თითქმის ფარავდა იაგუნდჩასმულ ოქროს ბრტყელ სამაჯურს. თავსაფრიდან გამოვარდნას აპირებდა ნაცარ-ნაკრავი შავი, ხუჭუჭა, სქელი საკუთარი თმიდან დაგრეხილი კავები. შუბლის ბრილიანტის ქინძისთავი ბრჭყვიალებდა წვრილი ფირუზით, ალმასებით და ჭიატა მარგალიტებით აკერილ მიხაკისფერ თავსაფრის შუა. აბრეშუმის თხელი ლეჩაქი ზურგზე ჰქონდა გადაგდებული და სარტყელს ქვევითაც კი ჩადიოდა.
ხელში გამდელს ეჭირა ქარვისა და მარჯნისაგან ასხმული კრიალოსანი, რომელსაც აგრეთვე ბოლოში ჯვარი უჯდა. კოპი არ გაეკეთებია მოხუცს, რადგან ქვრივი იყო. გამზრდელს თავისი თანმხლებელნი ჰყავდა.
ვარდია თეთრში იყო ჩაცმული. მხოლოთ „ალქაჯის“, როგორც გამზრდელი უძახდა, შავი თმა, რძე და ღვინოსავით შეფერადებული ლოყები, შავი თვალ-წამწამ-წარბი და წითელი ტუჩები ამხილებდა, რომ თოვლი კი არ ბრჭყვიალებდა გზაზე, არამედ ადამიანი აცოცხლებდა თეთრ თოვლს, არავითარი სამკაული არ ამშვენებდა, გარდა ერთი პატარა სავარცხლისა, რომელიც თმაში გაერჭო. იგი წარმოადგენდა სადაფისაგან გაკეთებულ ირმის თავს. სავარცხლის კბილები ქარვისა იყო, თვლები - შავი იაგუნდის, ენა მთლიანი მარჯანი იყო.
ვარდიას მამამ ერთი ამოწყვეტილი თავადის მამულ-დედული „საძებრითა და უძებრით, ყმითა და ავლადიდებით“ მისცა ამ სამკაულში. მაგიერად თვით მეფეთა მეფის ქალწულს ხშირათ უნატრია ის სავარცხელი. ვარდიას, როგორც მთავრის ქალს, აუარებელ მოახლეთა გარდა, თან ახლდა ოთხი ვაჟკაცი-ლომკაცი - მისი ძმისშვილები.
მეფის ქალს ლურჯი ტანსაცმელი ეცვა: ოქროსფერი ხუჭუჭი თმა პირბადრ მთვარედ გადადებოდა მოწმენდილ ცას.
წინ მეფე ქალით, ახლოს, თითქმის გვერდში, ვარდია და გულქანი, მერე ყოველი მათგანის ამალა, ისე რომ ერთმანეთში არ ირეოდენ, შეუდგენ ისეთს გზას, რომლითაც ასეთი დართული, წვეული საზოგადოება, ისიც ქვეითად, თავის დღეში არ წასულიყო. აქეთ ჭიშკარი იღებოდა იშვიათად, დილით ადრე, რომ სანადიროდ მიმავალნი გაეშვა ან პატიმარი გაეყვანათ უკანასკნელი სასჯელის მოსახდელად. მაგრამ კარების გაღებისთანავე დაინახეს უცხო რამ.
3
ფართო გზატკეცილს ორივ მხრით, შორიშორს, ჯგუფ-ჯგუფათ, ხეები ჰქონდა ჩაყოლებული: შუაში ცაცხვი, აქეთ და იქით თითო კვიპაროზი. ცაცხვის წინ იდგა ხის სავარძელი და ხისვე მაგიდა. ჯგუფიდან ჯგუფამდე ჩარგული იყო სურნელოვანი ყვავილები, მაისის ვარდი, ნარგიზი, ჩაის ყვავილი, იასამანი.
გზის გადაღმა და გადმოღმა მწვანე ბალახი ბიბინებდა დიდ მანძილზე. აქა-იქ თავი ამოეხარათ ყაყაჩოს, ვარდისფერ მოლოქას ყვავილს.
ზოგან პატარა ბილიკი მიდიოდა მთავარ გზატკეცილიდან ბაღჩისაკენ, სადაც ყვითელი ბია, შავი ქლიავი, წითელი ატამი, მწვანე ხაბურზაკი, ტუჩგაპობილი ლეღვი იკვირტებოდა, ყვაოდა და მწიფდებოდა.
თვით ტყე, ოდესღაც შემაშინებელი გამხმარი ტოტებით და ჩამოკიდებული ეკლით, საიდუმლო და დაბურული, ახლა გამოეწმინდათ. თუ ერთხელ ტევრი უხმოთ ჩასძახოდა ახლოს გამვლელს: არ მომეკარო, თორემ დაგჩხვლეტ, შთანგთქავო, ახლა დინჯად, მოსვენებით მდგომი ეპატიჟებოდა მჭვრეტელს: რას დარბიხარ, შემოდი, ჩემსავით ჩემს ჩრდილში მოისვენეო.
აქა-იქ შეჯგუფული იყო საჩრდილობლათ რამდენიმე ხშირფოთლიანი ხე და ჩრდილში იდგა სავარძელი, სუფრა. ზოგიერთ ასეთ ხეივანში წყარო სჩქეფდა ლომის, სფინქსის და სხვა ცხოველთა პირიდან.
ახლა მთელ გზაზე წითელი ხალიჩა გაეფინათ. საზოგადოება სინჯავდა ყოველ ბილიკს, გზას, ხეს, სიამოვნებით შეჰყურებდა ტყიდან გამოვარდნილ ჯიხვს, რომელიც განცვიფრებული მისჩერებოდა უცხოდ დართულ საზოგადოებას, მერე უეცრად დაფრთხებოდა და ტყეში მიიმალებოდა.
ვარდია ხანდახან დაშორდებოდა თავის ჯგუფს, რომ შველს დასწეოდა ან ბაღჩაში წითლადმოელვარე ატამი მოეწყვიტა, მაგრამ გაახსენდებოდა დედის დარიგება: „მეფის სასახლეში არ შეგვარცხვინო, დინჯად იყავი, როგორც შენს ოჯახს შეეფერებაო“ და საჩქაროდ უკან ბრუნდებოდა.
პატარა გორაკს შემოუარეს; გამოჩნდა ახალი სასახლე, თეთრი ბამბასავით და მხიარული დილის მზის სხივებსავით. სახლს თითქოს ბალავერი არ ჰქონდეს, ისე მსუბუქად ეშვებოდა ციდან და ოდნავ ეხებოდა მიწას. მიუახლოვდენ და გაარჩიეს ძვირფას ქვებიდან გამოქანდაკებული დაწნული ყვავილები, ყურძნის მტევნები და უცხო ხეების ფოთლები. ორი მშვენებით სავსე მარმარილოს ქალი კიბის პირველ საფეხურის ორივ მხარეს იწვა. კარებში მარჯვნივ და მარცხნივ შავი ზანგები იდგნენ.
სასახლის წინ პატარა ბაღჩა იყო. ყვავილების ფერადების შეხამებით მებაღეს გამოეხატა თევზაობა ახალგაზრდა ფრთებიანი ღმერთისა, რომელსაც ანკესზე ქალ-ვაჟი დაეჭირა და ღიმილით ზევით ეწეოდა: მეორე მხარეს მწყემსი სალამურს უკრავდა და პატარა ფარა ყურდასმით უსმენდა. ორი კიდევ სხვა სურათი იყო: „ჭიდაობა“ და „ხვნა“.
ბაღის შუა შადრევანი სცემდა. შუაში ყველაზე დიდი თვალუწვდენელ სიმაღლეზე ისროდა წყალს; მის ირგვლივ იყო თორმეტი უფრო მომცრო, მერე ორმოცდათორმეტი კიდევ ნაკლები, შემდეგ სრულიად პატარა სამას სამოცდახუთი; მათთან ერთად ურიცხვი პატარა შადრევნები სცემდენ, რომელიც ოდნავ შორდებოდენ მიწას.
საერთოდ ყველა შადრევანი ვეებერთელა თეთრი მძივების მთასა ჰგავდა და თუ ტანს აგრილებდა, სულს აღტაცებით ათბობდა.
ყველა ეს ხიბლავდა პირიმზესაც. გამდელიც კი აღელვებულიყო. ვარდიას დედის ყოველივე დარიგება დაავიწყდა და მეგობრულად უძახდა პირიმზეს: „მოდი, მოდი, ანკესზე რა ჰკიდია?!“, „ნახე, ცხვრის ნიშანიც კი არ დავიწყებია მებაღეს“, „ჩვენი შადრევანი აქაფებული კვერცხის ცილას ჰგავს, ხომ?“
ოთახებმა ყოველსავე ოცნებას გადააჭარბა.
სადარბაზო ოთახი ბუნსუყისფერი ფარჩით იყო გაკრული და ფარჩაში მეფეთა მეფის სურათები იაგუნდ-მარგალიტ-ბრილიანტებით იყო აკერილი. სურათები მხიარულ მასპინძლებად გამოიყურებოდენ. მაღალი, ოქროში დაფერილი სკამები გრძელ საერთო შავი ხის სუფრისთვის შემოეწყოთ. ზევიდან ეკიდა ბროლის კანკელი უთვალავი თაფლის სანთელით. კანკელად ორი მებრძოლი არწივი იყო სადარბაზო ოთახში; შანდლებად კი ოთხივ კუთხეში ვერცხლის, ოქროში დაფერილი ხვადი ლომები იდგენ; ერთს აზმორებდა, მეორე ნანადირევ ირემს თათს აჭერდა და აქეთ-იქით მედიდურად იცქირებოდა, მესამე, თითქოს ხმა გაიგონა და მტერს მოელოდა, გაქვავებულიყო, მეოთხე კი ეალერსებოდა ძუ ლომს.
კუთხეებში ჯამებით, თასებით ზურმუხტი, ლალი და საფირონი ლობიოს კაკალივით ეყარა. ლურჯი საქალებო, ვარდისფერი სასტუმრო, მწვანე სასადილო თავთავისფერი ძვირფასი ქვებით იყო შეჭედილი, სადაც რა შეეფერებოდა. სასადილო ოთახში ხოხობი ჩაეგდოთ ხელში ორ ქორს - ეს იყო კანკელი, შანდლები კი - მოცეკვავე ხელგადაყრილი ქალ-ვაჟები.
საქალებოს ჭერში საფირის მტრედები იყო ჩასმული; სასადილო ოთახის კედელზე ხრიზოპრასის საზამთრო, ქარვის ნესვი და იაგუნდის სამწვადე ამოეჭრათ თეთრ სპილოს ძვლის სუფრაზე. მეორე კედელზე მხატვარს წყლის პირას ჩამომხტარი მონადირეები გამოეყვანა, რომელთაც მოლზე სუფრას უშლიან მსახურნი და ფარეშები.
საწოლს და საპირფარეშოს კი არც ერთი ფერი არ ჰქონდა და არც ერთი შეხედულება. იგი ზღაპრულ შთაბეჭდილებას ახდენდა. სანახაობა ყოველ წამს იცვლებოდა. ხუროთმოძღვარს ჭაღებზე დაეკიდა მთელი კედლების, ჭერის და იატაკის მჭიდროდ დამფარავი ფარდები, ფანჯრების რამდენიმეფრად აკიდება და სხვადასხვაფერი შუშის და ფარდების ცვლა, სხვადასხვაგვარი განათება სრულიათ ცვლიდა თვით ოთახსაც.
საწოლ ოთახში კანკელად სამტრედე ეკიდა, რომელსაც ყოვლის მხრიდან ეხვეოდენ მტრედები: ზოგი მიფრინავდა, ზოგი მოფრინავდა, შანდლებად გამოეჭრათ ახალგაზრდა ქალები, რომელთაც ხონჩით თავზე ყვავილები მიჰქონდათ, ანდა სურით წყალი.
საპირფარეშო სამკაული აღურიცხველი იყო და ყველაფერი ხელოვნების და არა ხელობის ნაყოფი. ნელსაცხებელი, სურნელებანი, წვრილად და მსხვილად, თბილი და ცივი, წვეთებით და ღარით გამოდიოდენ ერთი ხელის მიკარებით. სარკეები ყოველის მხრით ისე ხელოვნურად იყვნენ ერთმანეთზე დაპირდაპირებული, რომ თვით ფეხის გულსაც კი დაინახავდა კაცი. საპირფარეშოში ეკიდა მარაო, სირაქლემას ფრთებისა.
მთელს სასახლეში დამათრობელი, მაგრამ შეუმჩნეველი კეთილსურნელოვნება იდგა. თვალს ახარებდნენ ქანდაკებანი, ნახატნი; სმენას ატკბობდა შორით მოსული სიმღერის ხმა.
მეფის ასული დადიოდა გართული და გახარებული; ფერი დაბრუნებოდა. სიამოვნებით შესცქეროდა მიმფრინავ ქალის ქანდაკებას, ხელს ურევდა აქა-იქ დამდგარ ბადიებში და ვაზებში. ვარდია ხშირად მიაზმანებდა რომელიმე უცხო სამკაულს პირიმზეს და სარკესთან მიიყვანდა: ნახე როგორი ხარო.
- ეს კი ვინ შემოიტანა აქ? - წყრომით ბრძანა მეფემ და პატარა სადაფის კოლოფიდან ამოიღო ქინძისთავი.
- მე!.. - მოახსენა ოქრომჭედელმა.
- აკი გითხარი, უბრალო რამეს ნუ შემოიტან-მეთქი, კიდევ უფრო გულმოსულმა ბრძანა მეფემ, ამდენს სიმდიდრესთან ეს?!.
- მეფევ, იგი არაფრად ღირს და ყველაფრადაც.
- რას ჩმახავ!.. - სიტყვის შებრუნებას უჩვეულო მეფე გაბრაზდა - ფოლადის ნატეხი.
- მასალა არაფრად ღირს, ხელოვნება კი - ყველაფრად!
- თავხედობას გაზღვევინებ!..
პირიმზე მეორე ქინძისთავს ათვალიერებდა.
- რამდენ ხანს აკეთებდი? - დაეკითხა ქალი ოქრომჭედელს.
- გნებავთ ერთ საათს, გნებავთ მთელს ჩემს ცხოვრებაში, როგორც დაითვლით მეფის ასულო!
- ქარაგმით ნუ ლაპარაკობ, მოიგონე, სადაცა ხარ! პირდაპირ თქვი! - მეფე სრულიათ გამოვიდა მოთმინებიდან.
- როცა გახურებული ფოლადის ნაჭერი შეგირდმა გადმომცა, ერთ საათზე ნაკლებს ვმუშაობდი, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება გრძნობა და აზრი, სიყვარული და სიძულვილი იყო საჭირო მისდა გამოსაჭედად.
- ახლა წადი! - ბრძანა მეფემ.
ქალი მიხვდა, თუ რა მოელოდა თავხედ ოქრომჭედელს და, რომ როგორმე რისხვა აეცდინა ოქრომჭედლისთვის, სთხოვა:
- მამა - მთელ სასახლეში საქინძისთავე არ არის, უბრძანე ოქრომჭედელს გამიკეთოს.
- გესმის?..
- მესმის, მეფეო!
ახლა ვარდია უკვირდებოდა ქინძისთავს და ჩუმად მეფის ქალს ეუბნებოდა:
- პირიმზე, ყველა ქინძისთავზე შენი სახეა სხვადასხვაგვარად გამოდნობილი.
- ვიცი! და შემდეგ ამით მოვულბობ მამას გულს.
მრავალი სანახაობით აღტაცებული ქალიშვილები ვერ ამჩნევდნენ, რომ ქინძისთავებზე, მეფის ქალის სახის გარდა, ძლიერ პატარა სურათი იყო ამოჭრილი ოდნავ შესანიშნავი შავი ხაზებით. დამშვიდებით მსინჯავმა მეფემ იგი დიდი ხანია შენიშნა და სწორედ ამით იყო გაბრაზებული. მეფემ გადაწყვიტა ოქრომჭედლისთვის ეცლია, სანამ ქალიშვილის შეკვეთილს შეასრულებდა და მერე შორს განედევნა, ანდა მოეკლა...
მეფე მარტო შემობრუნდა საპირფარეშოში, აიღო ქინძისთავები, რომ შემდგომშიაც არ შეემჩნია ქალს ვაჟის სიყვარული და წავიდა.
მეფემ ვერ შეამჩნია, რომ ქინძისთავებს ერთი აკლდა: იმ ერთით პირიმზემ ბლონდი გაიმაგრა მხარზე.
ახალი სამუშაოს მიღების შემდეგ გახარებული ოქრომჭედელი დიდხანს სრულიათ უსაქმოდ დაიარებოდა და არც ერთ ქეიფს, ბურთაობას არ აკლდებოდა.
კარიკაცები ხშირად ჰკითხავდენ - მუშაობაო, და ოქრომჭედელიც უპასუხებდა: ვმუშაობო, როცა ჰკითხავდენ რა გააკეთეო, მაშინ კი პასუხად ჩაილაპარაკებდა: არაფერიო.
ერთხელ ნადიმის დროს, შუა ქეიფში ვიღაც მიჯნურმა თავის სატრფოს უთხრა: გულს ამოვიღებდი და ძღვნად მოგართმევდიო. იმავ წამს ოქრომჭედელი ჩაფიქრდა, წყნარათ წამოდგა და ლანდივით უხმოდ გაიპარა; დიდხანს დადიოდა თავის სამჭედლოში, რაღაცას ზომავდა, ხელს აქნევდა, რაღაცა ჭკუაში არ მოსდიოდა. ბოლოს, ერთი ხელი ჩაიქნია: „მზადაა, რაც იყოს, იყოსო“, თქვა... და ქურა გაახურა.
4
სადარბაზო ოთახში მეფე ემუსაიფებოდა სტუმრად მოსულს თავის დას, მთავრის ქვრივს.
- მე რა საკითხავი ვარ, ძმა-ბატონო, ქვრივი დედაკაცი; აი, შენ მიბრძანე, როგორ არის ჩემი ძმისწული...
- როგორ არის?! ცუდად, ცუდად, დაო, და არ ვიცი რა მოვიმოქმედო. ექიმების და ექიმბაშების არა მწამს რა; არა მწამს არც მისნების. მაგრამ მათაც მივმართე. ეშინიათ ჩემი რისხვისა, თუ რაღაც ღმერთი უწყრებათ, პასუხს ვერ მაძლევენ... ქალი კი დნება, დნება.
- შენ იცი ძველი თქმულება, ძმაო?..
მეფე, თითქოს ახლა გამორკვეულიყოს ძილისგან, შეჩერდა შუა ადგილს და შეაჩერდა დას.
„დასაბამიდან უფალმა ვაჟი და ქალი ერთ დროს გააჩინა, მხოლოდ ვეებერთელა ბაღის სხვადასხვა კუთხეში. სახარბიელო იყო წალკოტი, სადაც პირველ ევამ თავისი თავი იგრძნო. წალკოტს დილით თავს ეპკურებოდა ვარდის წყლის ნამი და საღამოზე იისა ცვარი. როცა კი სურდა, ევა წამოწვებოდა და არწივი გაშლილი ფრთებით უჩრდილებდა. ირმების რქებზე შემომჯდარი იადონი, ბულბული და შაშვი უგალობდენ. ფარშავანგი მარაოდ უშლიდა თავის აკერილ კუდს, პატარა ვარსკვლავი ბეჭდად ჩამოეცმებოდა თითზე და ათასფრად დაწნილი მზის სხივი ფეხსაბმურათ შემოეხვეოდა. ტანს ბანდენ მკერდის ღინღლით გედები; გასაშრობად ვეფხებში ჩაწვებოდა.
მაგრამ ევას ესეც არ ეყო. ოცნებას მიჰყო თავი. და ოცნებაში შექმნა მან ვაჟი - ადამი. როცა ოცნებამ სრულად დახატა ვაჟი, ევას უნდოდა დაეჭირა; ოცნების ნაყოფი ისე ახლოს იყო, ხელით წვდებოდა, მაგრამ ვერ დაეჭირა. ქალი ელვის სისწრაფით გარბოდა, უცხო არსება კი თვალთმაქცურად არც მთლად გაურბოდა და არც ხელს აღებინებდა; ქალი წაიქცა და მხოლოთ მაშინ იგრძნო, რომ დაიჭირა... ვაჟი.
ადამი სწორედ ამავე დროს თავის ოცნებას მისდევდა. ლომებზე ნადირობა, კლდეთა ერთი მუშტის შემოკვრით ჩამონგრევა, გაქცეული ქურციკის დაწევა აღარ აკმაყოფილებდა და, როცა ჩაფიქრდა, თვალწინ დაეხატა მშვენიერი ქმნილება.
სირბილში, ოცნების დაჭერის ცდაში, ორივე წალკოტს განშორებოდა და ნარ-ეკლით მოსილ ძეგვში სტაცეს ერთმანეთს ხელი. პირველ წამს, წამს უმწვერვალეს სიტკბოებისას, ვერ იგრძნეს, მაგრამ მერმე წამოიჭრენ ზეზე და ერთმანეთს განშორდენ.
ახლა რომ ჩაუკვირდნენ, განცვიფრდნენ, თუ რად იყო პირველი წამი ნეტარებით სავსე და მეორე წამში რად იგრძნეს ტკივილი.
წალკოტში სად არ წვებოდენ, სად არ გაკოტრიალდებოდნენ, სად არ დარბოდნენ გათიშულნი ევა და ადამი, მაგრამ არც ერთხელ არ უგრძვნიათ ტკივილი. ორივემ იფიქრა, ღმერთი გვსჯის ამ ღვთიური ნეტარებისთვისო, განშორდნენ იმ ადგილს და ფიქრობდნენ, ღვთის ანგელოზი ხმლით გვდევნისო. და დაარქვეს ამ მოვლენას „განდევნა ედემიდან“.
ნამდვილად კი ისინი ძველებურ წალკოტში დადიოდენ... ყველაფერი უცვლელი იყო, მაგრამ პირველი წამი, წამი ნარეკალში შეხვედრისა ენატრებოდათ, აღტაცებით იგონებდნენ, სასოებით იხსენებდენ. მას მერმე ყოველი ვაჟი ადამის ქცევას ვეღარ გადადის; მას მერმე ყოველი ქალი ევასებრ ოცნებობს“.
მეფე ოთახში დადიოდა ხანდახან შეჩერდებოდა და უაზრო თვალებს დას დააშტერებდა.
- ეს შენი ძველი თქმულება ჩემს დღეში არ გამიგონია. შენც ვერ დაგიგდე სავსებით ყური, მაგრამ ვგრძნობ, რისი თქმა გსურს. და განა იმ წამსვე არ გადავცემდი ჩემს გვირგვინს, ვისაც კი აირჩევდა ჩემი ასული? განა დავიტოვებდი ერთ ფარას და არ მივართმევდი ჩემი სულის უფალს? მაგრამ ჩემი ქალი თვით ოცნებაშიაც უმანკოა, ვით ფოლადი.
- ამ ციხეში ვის ნახავდა თავის საკადრისს?
- მქონდა წვეულება. დიდი მეფის სამკვიდროს არც ერთი დიდებული არ დაკლებია. მათი სიბრძნე გიჟსაც მოინადირებდა; მათი სიქველე და სიმდიდრე უძღებ გულს დააკმაყოფილებდა; სილამაზე და სიჭაბუკე დავარდნილ დედაბერს აათამაშებდა; მათმა ვაჟკაცობამ, სიმარდემ, იარაღის ხმარებამ მეც გამიტაცეს და მებურთალთა რიგში გამხვიეს - ვერ მოვითმინე...
- მერე შენი ქალი?..
- სიბრძნეს ყური არ ათხოვა; სილამაზეს არ შეხედა; და, როცა ყრმანი ბრძოლაში ერთმანეთს შეეტაკნენ, ნაწყენმა მითხრა: ერთმანეთის წყენის და ვნების სურვილი რად აღუძარ ამ ადამიანებსო. გაიმეტებენ ერთმანეთს.
შვილო-მეთქი, - ვუთხარი - ეს ვარჯიშობაა და სასიკვდილოდ არ გაიმეტებენ ერთმანეთს.
- განა უსათუოდ სიკვდილია საჭირო, რომ ერთმა მეორე დაჩაგროსო. საკმარისია ომში ერთმანეთის დაჭრა, მოკვლა, ერთმანეთის დამორჩილება. აქ მაინც ვიმხიარულოთ უსისხლოდო.
- ჰგავს არავინ მოსწონებია.. ვინც არ მოსწონს, მის სიტყვებსაც ყურს არ უგდებს ქალი... ძმაო-ბატონო, მაინც ვინ იყო შენს წვეულებაზე?
- ყველა, ყველა, დაო. ერთი თვე გაგრძელდა ნადიმი... ერთი რიგი თუ წავიდოდა, მეორე მოდიოდა. მხოლოდ მეფის შვილი არ მობრძანებულა.
– არ გვიკადრა?.. - გულმოსულმა წარმოთქვა ქვრივმა, და მისი ზორბა, მსუქანი ტანი შეინძრა.
- არა, სანადიროდ წასულიყო, ხომ იცი მისი ხასიათი - გადაიკარგება მთელი წლობით ხოლმე.
- მადლობა ღმერთს...
- რა მადლობა ღმერთს, ჩემო დაო, განა ასე ერთ საქმროზე შეიძლება იმედის დამყარება?! ჩემს ქალსაც რომ მოეწონოს, დიდი მეფისწული რას იტყვის, ვინ იცის? ის ხომ პატარა მთავრის შვილი არ არის, რომ ოქრო-ვერცხლით ან ნათესაობით მოვხიბლოთ.
- უკეთესს ბევრს ნახავს!..
5
ისარნაკრავი გარეული ტახი ნახევრათ უკან შემობრუნდა, ერთი დაიღრუტუნა და გადავარდა მაღალი ბალახით და ქვევიდან ამოსული ხეების შტოებით დაფარულ ქვესკნელში.
ოთხ-ამონაღები ცხენი სწორეთ ამ დროს მოვარდა, იგრძნო გადასავარდნი, ყალყზე ადგა და უკანა ფეხებზე შემოტრიალდა. მხედარმა აღვირს ხელი უშვა, ფაფარში სტაცა ცხენს ხელი და, თითქოს გადაფრინდაო, გადახტა.
მხედარმა ჩახედა კლდის ნაპრალს, საჩქაროდ გამოხსნა უნაგირს კოტას უწყვეტები, გამოაბა აღვირს, მიიყვანა ცხენი კლდის პირას და უშიშრად ჩაყვა ჯერ აღვირს და მერე უწყვეტის თასმას. ჭკვიან ცხენს წინა ფეხები მაგრად მიებჯინა და არ ინძრეოდა. მხედარმა, როცა აღვირის და უწყვეტების სიგრძე აღარ ეყო, კლდის ნაჭდობში შედგა ფეხი, ხელი გაუშვა თასმას და ღამურასავით მიეწება კედელს. მერე ხის სუსტ შტოს სტაცა ხელი; შტო გადაიხარა, მაგრამ სანამ მოტყდებოდა, მეორე უფრო მსხვილ შტოს წამოავლო ხელი და ის იყო მიწაზე უნდა დამხტარიყო, როცა ტახის ხმა გაიგონა.
დაჭრილი ნადირი ციბრუტივით ტრიალებდა, ღრუტუნებდა და ცდილობდა ბეჭებში ჩამჯდარი ისარი მოეშორებინა, მაგრამ ამაოდ.
შტო უფრო და უფრო იხრებოდა; სადაც იყო გატყდებოდა, ერთხელ უკვე დაიტკაცუნა, ხეზე ჩამოკიდებული კაცი ტახმაც შეამჩნია. მხეცს უკვე მოსწყინდა ამდენი გაქცევა. ეშვები მაგრად ჩასთხარა მიწაში და გატალახიანებული მოემზადა საბრძოლად. ჩავარდნილს ჩამხტარი სჯობიაო, იფიქრა მხედარმა და ხელი უშვა შტოს. სანამ მხედარი დანის ამოღებას მოასწრებდა, გარეული ღორი გადახტა, მაგრამ უეცრათ შეჩერდა და მოიხედა: უკან ვიღაცა პირდაღმა ეგდო, მაგრამ მის ფეხებს ხელს არ უშვებდა. ყმაწვილი ნადირს ზურგზე შეახტა და ქვევიდან მკერდსა და მკერდს შუა ყელის კლიტესთან მძლავრათ ამოკრა ბასრი დანა. ტახი საზარი ღრიალშერეული ღრუტუნით დაეცა.
- ეჰ, არ იქნა და არ იქნა, მე მარტო ვერ მოვკალი ნადირი: ყოველთვის ვინმე უნდა გაჩნდეს! - ჟინიანად წამოიძახა ყმაწვილმა. - შენ გადამარჩინე, უცნობო, მაგრამ არ გმადლობ! დღემდე მე გადამირჩენია სხვები, დღეს შენ გადამარჩინე. საშიშ მდგომარეობაში ვიყავი: შენ რომ არა, გამფატრავდა. დიდი ღორი არის. ნეტა თავიდანვე რათ დაფრთხა და გამომექცა. შენ ვინ ხარ?
- აქაური ოქრომჭედელი გახლავარ!
- ოქრომჭედელი? მერე რა გინდა აქ?
- ერთი ძვირი ბალახია. მინდოდა მენახა, თუ რა ფერს იკრავს იგი მრავალ ბალახთა შორის და როგორ იზრდება, როგორი შეხედულება აქვს, როცა დაფარულ-დაჩრდილულია.
- ეს კი რაღად გინდა?
- სამუშაოში მჭირდება...
- ყოჩაღ! შენ ნამდვილი ხელოვანი ყოფილხარ. თან გმადლობ გადარჩენისთვის. აი, წაიღე ეს სამაჯური.
- გმადლობ! არ მინდა.
- ბიჭოს! რატომაო?
- ვერ არის შნოიანი. არც თქვენ გირჩევთ ატაროთ. ყოველი ადამიანის ხელი ისე მშვენიერად გამოუქანდაკებია ბუნებას, რომ თუ განსაკუთრებული შნოთი და ლაზათით არ არის რაიმე გაკეთებული, ხელს ამახინჯებს.
- ამ სამაჯურს მეფეები არ დამიწუნებენ და ოქრომჭედელი უკანვე მიბრუნებს! ეს ქვეყანა საკვირველებათა ქვეყანა ყოფილა!
- უკაცრავად! სამწუხარო საქმე მაქვს, უნდა გიახლოთ.
- გაგიმარჯოს! წადი.
უცნობი ყმაწვილი ხის ჩრდილოში შევიდა. ფაფანაკი მოიხადა, სარტყელი შემოიხსნა, იარაღი თავქვეშ დაიწყო, ჩოხა გაიხადა და, დაახვია და სასთუმლად დასდვა. ახალუხის ღილები შეიხსნა და, როცა გაგრილდა, სიამოვნებით წამოიძახა:
- მადლობა უფალს, როგორც იქნა მარტო დავრჩი. სულს ამოვითქვამ თავისუფლათ. არც ჩემი აღმზრდელი მთავარი დამიწყებს ჭკუის სწავლებას და არც ძიძიშვილები დამიწყებენ ხელის კოცნას.
მერე მიწვა და მითვლიმა.
- ჩუ, სირცხვილია, ქალო, არ შეგვამჩნიოს! - მოესმა მძინარე ყმაწვილს ქალის ხმა.
- რა კარგია, შეხედე! - ეუბნებოდა მეორე უდარდელად, მაგრამ ჩუმად, - მკერდი მთად უდგას. სახეს შეხედე, სახეს: თეთრ თოვლზე თითქოს შავი გიშერი დაეთესოს ვისმე, ისე აქვს მიყრილი წვერ-ულვაში, თვალ-წამწამი და თმა.
- ცრუობ! - ეუბნებოდა მეორე, - ვარდის საშრობზე ირგვლივ მაყვალი დაუყრიათ!
- არც მაგია, - ეუბნებოდა მესამე ხმა, - შავგვრემანია და შავთვალწარბა.
- იმე! ეს იარაღი უბრალო კაცის არ უნდა იყოს. ერთი ვარდი მშვილდ-ისართანაც დავაგდოთ. რა პატარა ხელ-ფეხი აქვს და ლამაზი, პირიმზე, შენი ბედიც მოფრინდა.
– ჩუ, ნუ სულელობ, გაიგონებს.
ყმაწვილს ყველაფერი ესმოდა. განგებ იგონებდა ძილს, უხაროდა, რომ იგი მოსწონდათ ახალგაზრდა ქალებს, როგორც ახალგაზრდა ვაჟი და არა როგორც მეფეთა მეფის შვილი. თანაც ამ ქალებს ისეთი ნაზი, ტკბილი, მომღერალ-მოღუღუნე ხმა აქვთ.
- ვარდია, ვარდია! - დაიყვირა ვიღაცამ შორიდან, მოახსენე დედოფალს, შველმა ნუკრი მოიგო და თუ ნებავს ნახვა.
- აი ენა კი გაგიხმა, - ჩაიფუჩუნა ერთმა ქალთაგანმა. - გავიპაროთ პირიმზე, თორემ ის გოგო დაგვიფრთხობს მძინარეს და დავიღუპებით. სხვა რომ არაფერი, გამდელს ვერ გადურჩებით. მოვდივართ, მოვდივართ, გაჩუმდი, შე გაუჩუმებელო ჭრიჭინა! ამ უკანასკნელ ყვავილს ვესვრი.
ყმაწვილმა განგებ გაიზმორა. ზმორების დროს გადმობრუნდა და ნათლად დაინახა სამი ქალი... ფეხაკრეფით ხეებსა და ბუჩქთა შორის მიიპარებოდნენ.
ყმაწვილი აღტაცებაში მოიყვანა ირგვლივ ნასროლმა ვარდების და ყვავილების გროვამ.
წამოხტა, ახლო რუსთან პირი დაიბანა, ახალოხით პირი შეიხორცა, თმა თითებით გაისწორა, ტანთ ჩაიცვა და ჩქარი ნაბიჯით გასწია, საითაც სასახლე ეგულებოდა.
6
მეფეთა მეფის ვაჟმა გამოწმენდილ ხეივანში სამი ქალი დაინახა. ერთი მათგანი შველს, რომელსაც ნუკრი ახლდა, უსვამდა ყელზე ხელს. შორიდან კი მოისმოდა ფერხულის, სიცილის და რბენის ხმა.
ყმაწვილი მათ მიუახლოვდა. ორმა უკან დაიწია, ხოლო მესამე წინ წამოდგა.
- მანდილოსნებო, ვერ მიბრძანებთ, მეფის სასახლე სად არის?
- აი აქეთ არის, - მიუგო უფრო თამამმა ქალმა. - მე კი სწორედ წინააღმდეგი მხრით მივდიოდი. იქიდან მოისმის სიცოცხლის ხმა.
- ის სასახლის ქალები არიან. ერთობიან, - მიუგო იმავე ქალმა.
- და თქვენ რად არ გაერიეთ მათ გართობაში?
- არ მიზიდავს...
- არ გიზიდავთ? თქვენი ხნის ქალს განა მხიარულება შეიძლება უკუ ექცეოდეს...
- მე თვით არ მივსდევ.
- ერთხელ გაუღეთ სიამოვნებას კარი და თქვენი გული აჟრჟოლდება ათასი სიმით.
პატარა სიჩუმის შემდეგ ქალმა ჰკითხა:
- თქვენ ვინა ხართ?
- აქაური აზნაური ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით?
ამ სიტყვაზე ახლო მდგომი გოგონები გათამამდნენ და გაიქცნენ, საიდანაც სიცილ-კასკასის ხმა მოისმოდა.
- მე... მე დედოფლის მოახლე ვარ.
- მთელ სასახლეში ნუთუ ვერ ნახეთ რამ გასართობი?.. საკვირველია! აქ იმდენი სიმდიდრეაო, მსმენია, იმდენი მშვენიერი ჭაბუკი იყრის თავსო! რომ მომცემდეთ ნებას, სევდის განქარვებაში ოდნავ მაინც დაგეხმაროთ, რა ბედნიერათ შევრაცხდი თავს. მეფეს უნდა გამოვცხადებოდი, მაგრამ თქვენ თუ მეტყვით ერთ სიტყვას, აი აქ დავიმალები ტყეში. ყოველ სევდას თარით ამოვიყვან თქვენის გულიდან, სიმხიარულეს ჩაგადნობთ გულში ჭიანურით...
- თავხედობთ!..
- თავხედობა თუ ჰქვია გულწრფელს სიტყვას, ალალს გულს, უსაზღვრო აღტაცებას - თავხედი ვიყო, მშვენიერო! პასუხი მალე, მალე მითხარით, თორემ მეფე მოდის, დაგვინახა და აწი დამალვა აღარ შეიძლება. თანახმა ხართ თქვენს მსახურად ვიყო, თქვენს მგოსნად?
- „კარგი“, - ამბობდა ტუჩ-კბილი. „ვნახოთ“, - ამბობდა თვალი, ენა სდუმდა.
- მეფეთა მეფის შვილო! ვით წყვდიად ღამეს გაანათებს ელვა, ისე მოულოდნელად ჩემი შავი ჭერი შენ განანათლე. იყავ მზედ და ნუ დაგვაკლებ შენს შუქს.
შორიდან მოწიწებით თაყვანს სცემდა მეფე უცნობ ახალგაზრდას. მეფის ქალი ერთ ხანს განცვიფრებული უყურებდა ამ სანახაობას.
- შვილო, წაუძეხ ჩვენს მეფეთა მეფის შვილს.
უცხო ყმაწვილმა ერთი გადახედა ქალს და გაეღიმა.
- მობრძანდით!
- სიამოვნებით! ერთის პირობით კი: არავის გააგებინოთ ჩემი აქ ყოფნა.
- რად დაიმდაბლეთ თავი? - დაეკითხა ქალი ვაჟს.
- მსურდა უფრო მეგობრულად, უბრალოდ შევხვედროდით ერთმანეთს. თქვენ კი რად მითხარით, მოახლე ვარო?
- სწორეთ იმავე მიზეზით.
- ჩემს თხოვნას ამისრულებთ?
- რა თხოვნას? - თითქოს ვერ მიხვდა ქალი და ეცადა სხვებს ამოდგომოდა გვერდში, რომ საიდუმლო მუსაიფი თავიდან აეცდინა, თუმცა გულში ყოველი სიტყვა, როგორც წინათ „აზნაურმა“ უთხრა, „თავის სიმს პოულობდა და აჟრჟოლებდა“.
მეფე, მეფეთა მეფის ვაჟი, მეფის ქალი და ვარდია კარებთან შეჩერდნენ და უყურებდენ შადრევნებს, რომელთა დაბნეულ წვეთებში გადახრილი მზის სხივები იფანტებოდა და მუსაიფობდა.
სახლთუხუცესი მეფის ქალს მიუახლოვდა და მოახსენა:
- ოქრომჭედელმა მოგართვათ საქინძისთავე და თქვენთან ბრძანებას მოელის.
- სად არის ოქრომჭედელი?
- ზევით გახლავთ, დარბაზში.
- წავიდეთ ზევით! - ჩაურია სიტყვა მეფეთა მეფის ვაჟმა, რომ როგორმე დრო ეხელთა და ორიოდე სიტყვა კიდევ ეთქვა ამ მშვენიერ, წყნარ და გონიერ ქალისთვის.
- წავიდეთ! - მიუგო ქალმა და ყველანი კიბეს შეყვენ.
- იცით, დღეს თქვენმა ოქრომჭედელმა სიკვდილს გადამარჩინა...
- როგორ? - დაეკითხა ქალი.
ის-ის იყო დაჭრილი გარეული ღორი უნდა მცემოდა, რომ ოქრომჭედელმა უკანა ფეხებში ხელი სტაცა...
ქალს გაეხარდა და გახარებისგან შეწითლდა. ნეტავ რამ გამახარა ეგრე? გაიფიქრა ქალმა, - ამის გადარჩენამ, თუ ოქრომჭედლის ვაჟკაცობამ?
- საკვირველი კაციც არის ეს თქვენი ოქრომჭედელი, - განაგრძო მეფეთა მეფის ვაჟმა, აი, ეს სამაჯურიც დამიწუნა, ულაზათოა, არ მინდაო.
- ყოჩაღ! - ჩაიძახა რაღაცამ ქალის გულის იდუმალ კუნჭულში.
ოქრომჭედელი იდგა სუფრასთან, რომელზედაც ახლად მოტანილი სამკაული იდო. ამაყად, შეუპოვრათ იდგა ოქრომჭედელი.
- გამარჯობა! - მიაძახა მეფეთა მეფის ვაჟმა, როგორც კი დაინახა ოქრომჭედელი. - თუ ოქრომჭედელიც ისეთი ხარ, როგორიც ვაჟკაცი ყოფილხარ - ბარაქალა შენს კაცობას! სწორედ! ნამდვილ! შენ ხომ ოქრომჭედელი კი არა, მოქანდაკე ყოფილხარ, ძმობილო, და თავს რად იკატუნებ?! ამ ქალის სახეს, მზის სხივების თმა რომ აქვს... ეს ხომ, მეფის ქალო, თქვენ ბრძანდებით!
- გული სრულიათ თრთის, ცოცხალია! - წამოიძახა ვარდიამ.
მთელი სამკაული გამოქვაბულს სახავდა. გარე მხარე დაუწმენდელი ნაცრისფრის ვერცხლისა იყო, სადაფების ხვიშით; აქა-იქ კლდეები სჩანდა. ბუჩქები გვიმრის, მაყვლის ძვირფასი ქვებიდან იყო გამოყვანილი და სრულყოფდა უბრალო კლდის შთაბეჭდილებას.
შიგ კი, გამოქვაბულში, ისეთსავე კედელს, როგორც გარეთ იყო, დაჰყურებდა ლურჯი ცა ბრტყლად გათლილი, მჭიდროდ ერთიმეორეზე მიყენებულ ხრიზოპრასისა. ცას აგერ-ეგერ ნატეხი ოქრო, ვით ვარსკვლავები, ოდნავ ანათებდა. ბრტყელი, საგანგებოდ გალესილი, ცინცხალი ოქრო მზედ იყო ცაში ჩასმული. ქვევით, კედელშივე გამონტოხილ ტახტზე იჯდა ქალი, ქალი განსაკუთრებული ყურადღებით და სიყვარულით გამოეჭრა მოქანდაკეს. მზიდან წამოსული სხივები ქალს თავზე თმად დახვეოდა. ტახტის ქვეშ მოზარდ ყვავილების ფოთლებიდან ზავდებოდა ტანსაცმელი, ფეხები და მთელი გულ-მკერდი ქალისა. ცაში მიმფირინავ ყორანს ერთი ბეწვი ფრთისა ჩამოვარდნოდა და იგი ქალს წარბად გადადებოდა.
ქალის წინ იდგა ოდნავ თავდახრილი ვაჟი და გაპობილ მკერდიდან ამოღებულ ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აწოდებდა. მთელი ტანი, სახეც კი, რამდენადაც სჩანდა, ტკივილის, მოდუნების და მწუხარების მაგიერ უმაღლესს ნეტარებას და აღმაფრენას ღაღადებდა. ყველაფერს, რაც კი რამ გამოქვაბულში იყო, თავის გულისყური, სმენა და მხედველობა ამ ქალისთვის მიეპყრო.
- ყოჩაღ, ოქრომჭედელო, ყოჩაღ! მაგრამ დაიცადეთ. ეს ვაჟის სახე ვიღასია? - მეფეთა მეფის შვილმა ოდნავ გადახარა მთელი ქანდაკება და მკერდგაპობილ კაცის სახეს ჩახედა.
- ო, ო! - წამოიძახა ისევ მეფეთა მეფის ვაჟმა. - ეს თვით ოქრომჭედელია. შენ ყველაფერი ყოფილხარ! შენ მოხერხებული მიჯნური ხარ, შენ უმჭერმეტყველესი ვექილი ხარ შენი სიყვარულისა...
- ეს რასა ჰგავს, თავხედო! როგორ გაბედე ეგრე აშკარად! - დაიყვირა გამძვინვარებულმა მეფემ.
- არ ვმალავ! ან რად დავმალო? მიყვარს! - მედიდურად, ამაყათ წარმოთქვა ოქრომჭედელმა.
- ჯალათო! - დაიყვირა მეფემ.
- რას მიზამს ჯალათი? სიკვდილის უკანასკნელ წამამდის სავსე ვარ ხელშეუხებელი სიყვარულით და მერმე ხომ ვერაფერს ვიგრძნობ?
- ხელს ნუ ახლებთ, მე ეგ მიყვარს! - წაიწია მეფის ასულმა.
- შვილო!..
- მე რაღა?..
- უი, დამიდგა თვალი!..
- ო, ნეტარებავ!..
- დაგვასხი თავს ლაფი!
- ნეტავ შენ, პირიმზეო, - წამოიძახა უნებლიედ ვარდიამ.
- მამა, ჩემს ბედნიერებას ეტრფოდი, ელოდი და აი, ვპოვე. ვპოვე უეცრად, თუმცა გული რაღაცას ბუნდოვნად წინათაც მეუბნებოდა. შენი შეხედვაც იგრძნო გულმა, მაგრამ მთლად ვერ მოგენდო, მიმართა ქალმა მეფეთა მეფის ვაჟს. - სახელით, სილამაზით, ჭკუით დაჯილდოებული სიყვარულის კარგი ქურუმი ხარ; მსხვერპლსაც კარგად შეიწირავ, მაგრამ თვითონ შენ მსხვერპლად არ შესწირავ თავს არავის. მე კი მზადა ვარ შევსწირო თავი მსხვერპლად ჩემს სიყვარულს და მსურს სამსხვერპლოდ გამზადებულს შევსწირო თავი. მე მივცემ ყველაფერს უანგარიშოდ, მხოლოთ იმედი მქონდეს, დარწმუნებული ვიყო, რომ მყავს მსხვერპლი, მაქვს სამსხვერპლო გული ადამიანისა. შენ მასწავლე ძალა სიყვარულისა, გმადლობ! შენ სტუმარი ხარ და სამეფო ჩემი შენს ხელთ არის, თუ გვესტუმრები მეგობრულად - გვიპასუხე, სხვა აზრით კი ნუღარ დარჩები.
მეფეთა მეფის შვილი წავიდა.
- შენი ნებაა, შვილო! ა ჩემი გვირგვინი, ა, ჩემი კვერთხი. შენს ქმარს შეშვენის აწი უფრო, ვიდრე მე. ის მომავალია, მე წარმავალი.
ქალმა აიღო გვირგვინი, კვერთხი და ჭაბუკს გადასცა.
- ერთი რჩევაც გაიგონე, ჩემო შვილო: დღეს მეფეთა მეფის შვილი უხმოდ წავიდა აქედან. სტუმართმოყვარეობის ჩვეულება, ადათი აიძულებდა არაფერი ეთქვა: მტრობის სურვილი კი არ აყენებდა ჩვენი სახლის ჭერქვეშ. მეორე მზემდის მტრობას არ იკადრებს - არ დაარღვევს მამა-პაპათა კანონს. მაგრამ რაკი ახალი მზე დილის ბინდს გაჰფანტავს, მერმე უნდა ვუფრთხილდეთ. შეიძლება არც ხვალ მოვიდეს და არც წელიწადს, მაგრამ ჩვენს თავხედობას არ შეგვარჩენს.
- ნუ გეშინია, მამა, ჩვენც დავუხვდებით ვაჟკაცურად! - თქვა ქალმა.
- რა იარაღით? რომელი ჯარით? ჩვენ ხომ უფრო მეფეთა მეფის წყალობით ვარსებობთ.
- სიყვარულის იარაღით, მოტრფიალეთა ჯარით, მამა... საღამოს საყვირები, წინწილები უკვე ამცნობდნენ ცასა და დედამიწას, მტერსა და მოყვარეს, ერსა და ბერს, მთავართა და მონათა ოქრომჭედლის ტახტზე ასვლას.
7
გავიდა წელიწადი. გულის ფანცქალით ელოდნენ მეფეთა მეფის შვილის თავდასხმას. გავიდა ორი. მეფეთა მეფის შვილი დაავიწყდათ.
- შეგვაჯდა კისერზე ოქრომჭედელი?! - ბოროტად კითხულობდენ ერთნი.
- წინანი უკანაო და უკანანი წინაო. - უმატებდენ მეორენი.
ხალხი კი თხზავდა თქმულებებს, ზღაპრებს, არაკებს და ხშირად შეუგნებლათ ამ ზღაპრებში ამკობდა ოქრომჭედელს, ახალგაზრდა მეფეს.
აი, ერთი ზღაპართაგანი:
იყო არაფერი. ქვეყნად კი ადამიანები ცხოვრობდნენ. ღვთის უმკაცრესი და უბოროტესი რა იქნებოდა? ვინ შექმნიდა მომაჯადოებლად ზურმუხტ ცას და სატანჯავად სიცივეს, შიმშილს, სიკვდილს, ავადმყოფობას, გულის გაუმაძღრობას და სულის დაუდგრომლობას? მხოლოდ ღმერთი. არსად ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. სიმდიდრე ყელზე ადგებოდათ. ღმერთს კი მუდამ ევედრებოდნენ: ნუ მოგვცემ შვილს, გვეყოფა, რაც ჩვენ მწუხარება გამოვცადეთ, სხვას მაინც ნუ გაგვაჩენინებ ბედის საწყევლადო. მაგრამ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყოველ წელს თითო შვილი ებადებოდა.
თორმეტი ბავში ეყოლათ. დაბადების წინ გადასწყვეტდენ ახლადდაბადებული მოეკლათ, რომ შემდეგში არ იტანჯოსო. ახლადდაბადებული კი ისეთი საძაგელი, უშნო და ულაზათო იქნებოდა, რომ დედ-მამა იტყოდა: ამას რაც უნდა დაემართოს, სულ ერთია ადამიანი არ არის - მაინც ვერაფერს იგრძნობსო და ბავშებს გულმხურვალედ უვლიდნენ.
მეცამეტეზე რომ დაორსულდა ქალი, არაფერი გადაუწყვეტია ცოლ-ქმარს; იფიქრეს: თორმეტ გოჭს მეცამეტეც მოემატოსო. მეცამეტე რომ დაიბადა, დედ-მამა ჯერ სიხარულმა აიტანა, ისეთი მშვენიერი, ლამაზი და გონიერი ბავში იყო, მერე შეებრალათ - აი ადამიანი, რომელიც უსათუოდ მუდამ ტანჯვაში იქნებაო. ბავშვს ხელი ვერ ახლეს, აიყვანეს და ტყეში გადააგდეს. მიტოვებული ბავშვი შიმშილმა დააპურა, სიცივემ გაათბო, სიკვდილმა აკვანი ურწია და დადგა ბავშვი ოქრომჭედელი.
ოქრომჭედელმა თავისი ჯადოსნურობით თავი შეაყვარა ერთ მზეთუნახავს და მასზე ჯვარი დაიწერა. მზეთუნახავს მზითვად სამეფო მოყვა. ოქრომჭედელი რამდენს ხელს გაიქნევდა, იმდენი კოდი პური ცვიოდა ყოველი თითიდან; რამდენს წვეთ ოფლს მოიწმენდდა, იმდენი ჭური ღვინო გაჩნდებოდა; რამდენს ტანსაცმელს დაიფერთხდა, იმდენი თოფი ფარჩა, აბრეშუმი და ხავერდი ვარდებოდა ციდან; რამდენჯერ ჩაფიქრდებოდა, იმდენი წიგნსაცავი შენდებოდა რუკებით, წიგნებით და ქაღალდ-მელან-კალმით სავსე.
ათასი კაცი უდგა ოქრომჭედელს და ვერ აუდიოდნენ დარიგებას და მილაგ-მოლაგებას აუარებელი სანოვაგისა და სიმდიდრისა.
ეშმაკმა გამოგზავნა პატარა ჩიტები. მათ ოქრომჭედლის სახლის სახურავიდან ნისკარტით დაჰქონდათ თითო კოკა ღვინო, თითო კოდი პური, ერთი თოფი ხავერდი, ორი წიგნი, საწერ-კალამი, ქაღალდი და ურიგებდენ, ვისაც კი სჭირდებოდა.
და ატყდა ოქრომჭედლის სამეფოში ტირილი და კბილთა ღრჭენა, რადგან დაიკარგა სურვილი წარმოების, გაძღა გული და აღარა იყო საიდუმლო.
ალათასა, მალათასა
ხელი ჩაჰკარ კალათასა
და რაც კი რამ მასში ნახო,
გვერდი, შენთვის შეინახო.
შემოდგომის მყუდრო საღამო ახლოვდებოდა. მზე ნელნელა შორდებოდა მიწას და ათასფრად ღებავდა ცაზე აქა-იქ გაბნეულ ღრუბლებს, თვით ჰორიზონტს ჩალისფერი ფართო ზოლი შემორტყმოდა. ზედ მუქი ლურჯი ღრუბელი დაბჯენოდა, რომელსაც სრუტეებსავით, ალისფერი შეყოლოდა. ჩრდილი მოწოლილიყო „ბავშვების ხეივანში“, რომელიც სასახლეს გვერდზე ახლდა. ქეშათ ჩარგულ ხეებს ერთმანეთიდან წვრილი შადრევნები ჰყოფდა. უწყვეტლივ ისარივით ადიოდა წყალი ზევით და ბრილიანტის მარცვლებად ქვე ვარდებოდა. ბოლოში ხეების ორი წყება შემრგვალებით ერთდებოდა და შუაში ისევ ხეებითა და შადრევნებით მჭიდროთ შემოფარგლულ მინდორს სტოვებდა.
აქ ათამაშებდა ახალგაზრდა დედოფალი თავის ბავშვებს; აქ დასეირნობდნენ მთვარიან ღამეში, როცა შადრევნის წყლის მარცვლები ოქროსფრად ნბრჭყვიალს, სამეფოს საქმეებით დაღლილი ოქრომჭედელი, მისი ცოლი და ტახტიდან გადამდგარი, თეთრი თმით დაბურული მეფე.
მოხუცი ძველ სასახლეში იყო. ოქრომჭედელი ჯერ არ დაბრუნებულიყო. დედოფალი თავის მოახლეებით და სასახლის ქალებით ხეივანში ჭილოფზე ისხდნენ და მძივით ვეებერთელა ფარდას ქარგავდნენ. ფარშავანგის კუდების მარაო მოახლეებს ეჭირათ და სიოს ჰბერავდნენ.
- დიდი მეფე მობრძანდება! - მოახსენა საჩქაროდ მორბენილმა ფარეშმა. - ვერავინ გაიგო, ისე ჩამოვიდა ეზოში ორის მხლებლით. ამალა ჯერ კიდევ შორს უნდა იყოს.
დედოფალი შეკრთა, ჩაცმულობისა შერცხვა, მაგრამ გვიანღა იყო: თვითონ მეფეთა მეფე ჩქარა მოვიდა. ტახტზე ასული მეფეთა მეფის ვაჟი თითქმის არ შეცვლილიყო, მხოლოდ კაეშნის ღარები გამრავლებოდა და სევდის თანამორბედი მკრთალი ფერი ზედ გადაფენოდა.
- ახლოს ვიყავ და თქვენი ნახვა მომენატრა. მინდოდა გამეგო, როგორ დაგვირგვინდა თქვენი სიყვარული. ეს თქვენი ბავშვებია? კარგი დაგიზრდიათ. თქვენც არ გამოცვლილხართ: სახეს უფრო ბუნებრივი სიმშვიდის ბეჭედი აზის და არა სიმშვიდე ნადირობის დროს შეჩერებული შველისა. ფერი და თვალი უფრო ცოცხალი გაქვთ. მაგრამ თქვენვე მითხარით, როგორ გრძნობთ თავს. მიამბეთ ისე მეგობრულად, გულახდილად, როგორც ხუთი წლის წინათ, პირველ შეხვედრისას ვმუსაიფობდით, როცა თქვენ მოახლედ გამეცანით და მე თქვენი მამის აზნაურად.
ტახტს და წლებს სულითაც არ გამოეცვალათ ყოფილი მეფეთა მეფის ვაჟი, ისე სადად, უბრალოდ და გულკეთილად ეჭირა თავი.
- ღვთით კარგად: ქმარი მუშაობს, მე ბავშებს ვზრდი.
- გული აღარ გტკივათ ძველებრ ისე, რომ სიცილ-ხარხარი ტლანქ დროს გატარებად მიიღოთ? აღარ ეძებთ მარტოობას ფიქრთ გასართველად? აღარაფერს ეძებთ?
- ნაპოვნს მოვუვლიდე, საძებარი რაღა მაქვს! - უპასუხა დედოფალმა და თავზე ხელი გადაუსვა პატარა ბავშვს, რომელიც კალთაზე ეპოტინებოდა.
- მალე დაბრუნდება თქვენი მეუღლე?
- აი, კიდევაც მოდის.
მოსულმა სტუმარს მძიმედ თავი დაუკრა.
- ვეღარ მიცანი? შენ არ შემომარტყი ორი წლის წინათ მეფეთა მეფის ხრმალი?
- როგორ არა, მეფეთა მეფევ! ბედნიერი ვარ, ჩემს ფაცხასაც რომ ეღირსა მეფეთა მეფის ხილვა.
- ო! - გაიფიქრა მეფეთა მეფემ, ქედს არ იხრის მლიქვნელობით, მაგრამ ძველი სიამაყე კალაპოტში ჩაუყენებია. გიჟმაჟი სახეც დადინჯებია. ჰგავს, დაკარგვია ძველი აღმაფრენა.
- რას შვრები, მეფევ, ძველს ხელობას აღარ ჰკიდებ ხელს? ისეთი იყო თვალწარმტაცი და მომაჯადოებელი თქვენი ხელობა... უკაცრავად, ხელოვნება.
- არა, მეფეთ მეფეო! წინათ ხელობა მე გარდავქმენი ხელოვნებად და ახლა კი ხელოვნებას უნებლიედ ხელობად ვაქცევ. სიამოვნებით შევყურებ, ვინც ხელოვნებას სწირავს თავს, მე კი ხელოვნური აღარ გამომდის ხელიდან. ჰგავს, ხელოვნებას მიუწვდომელი სურვილი ასულდგმულებს, ხელუხლებელი რაც გვეჩვენება. ხელოვნება შვილია ქარიშხლის, შიმშილის, სიყვარულის პირველი წამის, სიკვდილის და უთვალავი სიმდიდრის.
- დაჰკარგე ყველა ეს და მაინც ბედნიერი ხარ?
- სრული! ჩემს შრომას ნაყოფი მოაქვს: ვამაყობ, რომ ჩემს სამეფოში კმაყოფილია უკანასკნელი ობლების დედაც კი. რასაც გული იგრძნობს და გონება სახეიროდ ჩასთვლის, მისთვის მუშაობა შემიძლია, თუ სრულიად აღსრულება ვერ მოვახერხე. ყოველს ჩემს განზრახვას ისეთი ამოძახილით ხვდება ჩემი ოჯახი, რომ სხვა თანაგრძნობა აღარ მჭირდება. დაღალულს, დედოფალი სიყვარულით აღმიდგენს ძალას და პატარების იმედი მაქვს, რომ ოხრად არ დამტოვებენ არც მე და არც ჩემს მიერ დაწყებულ საქმეებს.
პატარა ხანს კიდევ იმუსაიფა მეფეთა მეფემ და, როცა ამალამაც მოაწია, გამოემშვიდობა მასპინძლებს.
რა მშვენიერები იყვნენ, სანამ, მიისწრაფოდნენ! ხელის შეშლაც კი მენანებოდა, თუმცა აქეთკენ მქონდა მუდამ გული, - ფიქრობდა გზაზე მეფეთა მეფე. - დაკმაყოფილებულან და რას ჰგვანან? ნუთუ ნატყორცნი ისარია მხოლოდ ლამაზი და არა მიზანში მოხვედრილი? მხოლოდ ტალღათა შორის მებრძოლ ხომალდს აქვს მიმზიდველობა, ნავსაყუდელში კი ულამაზო სახლია. განა კაციც, სანამ ისწრაფვის, მაშინ ეკადრება სულის ძალა? ისინი დამშვიდდენ მაინც, წამით მაინც იგემეს მიღწეული მიზნის სიტკბოება! მე კი... ისევ მარტოობა სულისა, ისევ გამოურკვეველი წადილი, სიყვარული და ამ წადილისთვის, ამ მისწრაფებისთვის არსაიდან გულწრფელი პასუხი. ისევ მლიქვნელობა ირგვლივ და შიში შორიდან.
- გასწი, მერანო, რომ თვით ქარიც ვერ დაგვეწიოს, - მეფეთა მეფემ დაუზოგველად გადაარტყა ცხენს თითის სიმსხო მათრახი.
მთელი ამალაც უნაგირზე წინ გადაიხარა და შავ მოელვარე წერტილებად გაეფინა მინდორს, ტყეს, ბუჩქნარს, თხრილს, მხედართა გუნდი აღარ იზოგავდა თავს, თითქოს სათარეშოდ მიქრიანო.
მეფეთა მეფე კი ისევ და ისევ უტყლაშუნებდა მათრახს და მაინც უკმაყოფილო იყო, რომ ცხენი ნელა მიდიოდა.
* * * * * * *
დაწერილია ბოსელში, თოვლჭყაპიან საღამოს