შემთხვევა არის ჩემი ყოფნის ბრმა მოკარნახე.
მარიჯანი
„დაცინვისა ეშინიან იმასაც კი, ვისაც საზოგადოდ არაფრისა არ ეშინიან“. - სთქვა ვიღაცამ ოდესღაც.
და ალბათ მეც იმიტომ ვარ ასეთი გულჩახვეული, ვერავის ვერ გავენდობი, ვშიშობ არ დამცინონ.
ალბად სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩემი დღიურები დატვირთულია ჩემი პირადი განცდებით. ერთი და იგივე საგანზე მიხდება ფიქრი და წერა.
და მომბეზრდა. აღარ მინდა მათთან საუბარი...
უარი ჩემს დღიურებს.
უარი გაყვითლებულ ფურცლებს.
ახალი რვეული.
ახალი წიგნი ძველი კანონებით არ იწერება.
გრძელ პერიოდებს მეც ვეღარ ვიტან.
მაგრამ ახალიც არაფერია:
ვინც იცის „ქებათა ქება“ სოლომონისა, „Ars amandie“ და „Remedia amoris“ ოვიდი ნაზონისა, მისთვის გასაგებია, რომ ლაკონიური თქმა, შეკვეცილი დაწურული ფრაზა და აზრი უძველესი თქმაა.
მე რომ ეს რვეული ვიყიდე, არაჩვეულებრივი გრძნობა დამებადა: გული თითქოს გაგანიერდა, ათასი აზრი მომაწყდა. მეჩქარებოდა სახლში მისვლა. მენატრებოდა ჩემი ოთახის მყუდროება და სიმარტოვე.
მე მხოლოდ სიმარტოვეში შემიძლიან წერა.
ღამის ფრთები ჩემთვის საუკეთესო საფარია. არც ერთი ლექსი მე დღისით არ დამიწერია.
ჯადოსნურ რკალში მოჰყვა ლექსაობა.
„პირუტყვი თავის ნაძოვარს არ უბრუნდება“.
ჩვენ კი ისევ პირველ სიტყვასთან ვართ.
საქართველოში ყველა - დიდი თუ პატარა, ნიჭიერი თუ უნიჭო, თავის თავიდან იწყებს მწერლობის ახალ ხანას, ახალ ეპოქას.
ყველას თავისი სიტყვა, ღვთის პირველ სიტყვად მიაჩნია.
სინამდვილეში კი ყოველივე წარსულის გადამღერებაა. გადახალისება ძველის და სიძველის.
მე ძველი წიგნები უფრო მიყვარს.
ძველში მე ახალს უფრო ვპოვებ.
ძველი მე მაკვირვებს: სიღრმით, სიბრძნით.
ძველი წიგნის სურნელება! საუკუნეების მანძილი!
ლექსს თუ ჭუჭყის სუნი დაჰკრავს, ჩემთვის მიუღებელია.
დრო და მანძილია საჭირო რომ ისინი ვიგრძნო.
ეს არ არის ლიტერატურული მიდგომა. მაგრამ მე ჩემს თავს ხომ ვერ მოვატყუებ.
ქართველი პოეტესა, როცა პროვინციალურ ჟარგონით ლაპარაკობს - მე ტანში მაჟრიალებს.
მე ქართველი სიტყვის სიდარბაისლე მწამს.
სიტყვა როგორც ფოლადი და მსუბუქი როგორც ეთერი.
კონტრასტების შეფარდება.
გულში ჩახედვა. განცდების გამზევება.
მე.
და ჩემს გარეშე ისევ „მე“.
ადამიანის აღდგენა.
ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში.
წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას.
ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას.
დრო ჰქმნის ბელადებს.
მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო.
იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში.
შეუძლებელია.
როცა დიდი პიროვნება კვდება, ტრაურის აღსანიშნავად, განსაზღვრულ დრომდე შეაჩერებენ ხოლმე მუშაობას, მიმოსვლას, მოძრაობას.
ეს სიმბოლიურია.
შეწყდა მაჯის ცემა.
მე კი მინდა თვით დროც შეაჩერონ, რომ ეს შეწყვეტა არ განიზომებოდეს წუთებით, რომ წუთები არ განისაზღვრებოდეს წამებით, ჩვენი ცხოვრება ცხოვრებაა დაუსრულებელ წამების.
წამებიდან შემდგარი წამება.
შკლოვსკიმ სთქვა: „საგნები ისევე ჩნდებიან, როგორც ბავშვები. ისინი ისახვიან მხიარულად და ურცხვად, მათი ტარება სამძიმოა, გაჩენა მტკივნეული, არსებობა - წამება“.
და სწორედ ამ წამებამ, ცხოვრების ტლანქმა და უგულო კანონებმა, ორჯერ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა.
მაგრამ, არც ტყვიამ, არც დანამ და არც ჭლექმა, არ მომკლა.
ალბათ ქინძისთავისაგან მიწერია სიკვდილი.
ბედი არ არსებობსო.
მე კი ფატალისტკა ვარ.
ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.
მეც უნდა ვიცხოვრო, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცისათვის და რაღაცისათვის ეს საჭიროა.
მე თვითონ გარკვეული პასუხი ჯერ კიდევ არა მაქვს ამაზე. რა საჭიროა სიცოცხლე ან სიკვდილი, რად ვჯღაბნი ამ სტრიქონებს, სტრიქონებს უაზრობისას!?
სტრიქონებს ჩემი სულიერი სიღატაკის გამომსახველებს.
მაგრამ რაღაც შინაგანი ძალა მაიძულებს წერას.
ეს წერის სურვილი ისეთივე ძლიერია ჩემში, როგორც ყოველივე ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.
საბრალო მკითხველი!
თუმცა ჩვენში მკითხველიც არ არსებობს. ქართულ წიგნს ისევ ქართველი მწერალი კითხულობს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, ხოლო კრიტიკოსები ისინი არიან, ვინც მწერლობაში არ გამოდგნენ.
კარგი წიგნი კი კარგს მეგობარს უდრის.
ახლა აღარც კარგი წიგნი იწერება და აღარც კარგი მეგობრობა არსებობს.
ჩვენი ხანა ეგოისტურია, ხანა უნდობლობის.
უნდობლობაზე სამძიმო კი არაფერია.
მე ვიცოდი მეგობრობა და მეც მაიძულებენ ამის დავიწყებას... დავრწმუნდი, რომ სხვისათვის თავგანწირვა - სისულელეა.
„ბედი ყოველთვის იმას სჯის მკაცრად, ვინც სხვას ერთგულობს და ღალატობს საკუთარ თავს“.
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიჯანის პოეზია |