გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსის.
იაპონელმა იეაზუმ სთქვა: ნურავინ დარჩება უცოლოდ და უქმროდ. უმაღლესი ზნეობრივი კანონი მოითხოვს, რომ ყოველი მამაკაცი და ქალი დაქორწინდესო.
როგორც ზაფხულის პეპელები უდარდელად დანავარდობენ და ყვავილების თასებიდან სწუწნიან ნექტარს, თქვენც ასევე დალიეთ ნეტარების შარბათი. როგორც აბრეშუმის ჭიაა ნაყოფიერი, თქვენც გამრავლდით და შეჰქმენით თქვენი ჩამომავლობაო.
მე არა მწამს ოჯახი - უბავშვოდ.
არა მრწამს უშინაარსო სიყვარული.
სიყვარულის შედეგი მხოლოდ ბავშვია.
ბავშვი - ეს სულისა და ხორცის შეერთებაა.
უაღრესი ბედნიერება ადამიანისათვის - არის შვილი საყვარელ ადამიანისაგან. სხვანაირად სრული ბედნიერება ვერ წარმომიდგენია.
სქესობრივი აუცილებლობა ჩემთვის არ არსებობს.
მხოლოდ სიყვარულით შეიძლება დაკავშირება. დანარჩენი - პირუტყვობაა.
ძლიერ ვნებიანი ადამიანი სხვას არაფერს ხედავს. მისთვის ვნება - ცხოვრების ქვაკუთხედია.
კულტურული ადამიანი სრულქმნილებისაკენ მიისწრაფვის. ამავე დროს ადამიანი დაკნინდა და ცალმხრივია. ჰარმონია აღარ არსებობს.
ამიტომ არის რომ ზოგისა სული გვხიბლავს და ზოგისა კიდევ გარეგნობა.
მთლიანი არსება ჩვენში იშვიათია. ადამიანი შემკული სულით, გონებით, ნებისყოფით და გარეგნული პროპორციით - საძებნელია.
"ერთში ვერ ვპოვე ყველა ღირსება
და მინდა ნაკლი შევავსო სხვებით."
- ამბობს ჩემი მეგობარი პოეტი.
რთულია თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა.
ქალი სავსებით არასოდეს არ არის ბედნიერი. ის ვერ ჰქმნის თავის მომავალს, თავის თავს არ ეკუთვნის. ის მონაა საკუთარ გრძნობების და შინაგან განცდებზეა გადაყოლილი.
ქალ-ვაჟის ერთმანეთისადმი ლტოლვა სიცოცხლის საძირკველია.
ქალს სიყვარული ალამაზებს.
გასუქებულ ადამიანს სიყვარული ნაკლებად შეუძლია.
მსუქანი ქათამი კვერცხს არ იძლევა. ხშირად მსუქანი ქალი - უშვილოა.
გაქონილ გულს და ქონმორეულ მკერდს მგრძნობელობა აკლიათ.
ალტენბერგმა სთქვა: „მე დავკარგე ჩემი სატრფო: ის სუქდებაო!“
ერთმა მეგობარმა კი მითხრა: „ნუ გახდები, თორემ შეგიძულებო.“
ადამიანის აღზრდა ეს არის სქესობრივი მოთხოვნილების სულიერად გარდაქმნა.
ყოველი გატაცება ადამიანში შემოქმედებას უნდა იწვევდეს.
მე უარვყავი ერთი ერთგული მეგობარი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სიყვარული ჩემში არაფერს არ იწვევდა. დავუწერე:
- რად გინდა დარჩე ჩემს რვეულში ცარიელ ფურცლად?
იგრძნო და სულ წავიდა აქედან.
მე მხოლოდ მასთან შემიძლიან მეგობრობა, ვინც სულიერ საზრდოს მაძლევს.
ოჯახის შექმნა, მეგობრების უარყოფაა - ერთის გულისათვის და ეს ერთი უსათუოდ ღირსეული უნდა იყოს.
ტოლსტოის ცოლი სწერს თავის მეუღლის წიგნის წინასიტყვაობაში:
„ჩემი სუსტი მხრებისათვის სამძიმო ტვირთი იყო გენიოსის და დიდი მწერლის მეუღლეობა.“
სვირსკის ერთ პატარა მოთხრობაში, ცოლი უსაყვედურებს მწერალ ქმარს:
„შენი დიდი პიროვნების ჩრდილში მე მცივა და ვიყინებიო“.
ქალი ხელოვანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.
ქალი სულის ჩამდგმელია ყოველივე საუკეთესო ნაწარმოების, ყოველივე დიდი საქმის.
გიოტეს და კორნელია ყველასათვის ცნობილია. კორნელიას დიდი გავლენა ჰქონდა თავის ძმაზე. გიოტე ამას გრძნობდა და განსაკუთრებით უყვარდა. როცა კორნელია გათხოვდა, გიოტე სწუხდა ბავშურად და თანაც ეჭვიანობდა.
მიქელანჯელოს სიბერემდის შერჩა სიყვარული თავის სატრფოსადმი.
ანატოლ ფრანსი ასე ლაპარაკობდა თავის მეგობარ ქალბატონ არმან-დე-კაიავაზე: „მე უიმისოდ ვერასოდეს ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. მე იმ ქალის ძალდატანებით ვსაქმიანობდი სუფთა ცარიელი ქაღალდის დანახვაზე თავს ბრუ მესხმოდა.“
როცა ანატოლი ფრანსი მუშაობდა, ქალბატონი არმანი შორიახლოს მაგიდასთან იჯდა და თვალყურს ადევნებდა მის მუშაობას, ამხნევებდა და თითქმის ძალით აწერინებდა. მათი მეგობრობა ხანგრძლივი და საინტერესო იყო, ისინი მუდამ ერთად მოგზაურობდნენ. ამას ანატოლ ფრანსისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ისეთ ადამიანს უნდა მეგობრობდე, რომ განშორების დროს უფრო იგრძნო მისი სიშორე, ვიდრე ერთად ყოფნის დროს - მისი სიახლოვე.
განშორება საუკეთესო საზომია სიყვარულისა. ნამდვილი, დიდი გრძნობა ღრმავდება და ძლიერდება, პატარა - ნელდება და ჰქრება.
მე პატივსა ვცემ იმ ქალებს, რომელნიც ჩემ შეხვედრამდე უყვარდათ, მძულს ისინი, ვინც ჩემს სიყვარულში ეჩხირება და მეშინიან მათი, რომელნიც ჩემი მოადგილენი გახდებიან.
ალტენბერგს ასეთი ნაზი სტრიქონები აქვს:
„მე ვეუბნები ჩემს მომავალ მოადგილეს: ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შეახეთ შიშველი ფეხი, იმ პატარა ხალიჩას, რომელიც თქვენი სატრფოს საწოლთან ჰფენია: ის ხალიჩა ჩემი ცრემლებით არის მოქარგული.“
არც ერთ ქალს, ვინც უნდა იყოს იგი, მამაკაცის ღალატი და გულგრილობა არ ასცდება. ამას ქალი ძნელად ურიგდება.
„ერთ მდინარის პირად - სწერს ბელგიელი მხატვარი და პოეტი ჟანდე ბოშერი - იდგა უბედური ქალი. ის რომ წყალში შედიოდა გასაბანად, წყალი ტალღებს ანელებდა, მოძრაობას უკლებდა, თითქოს ჩერდებოდა. ქალი მოხუცი იყო. ის დასცქეროდა თავის სახეს, რომელსაც ანარეკლად ხედავდა წყალის ზვირთებში. ეს ტალღები უფრო ანაოჭებდნენ მის ხატებას. მისი დარდი იკუმშებოდა ამ ტალღებში, იზრდებოდა და სპობდა ყოველივეს. ის დამჭკნარი დედაკაცი იყო, მისი ცრემლები, როგორც დასერილი ხის სისხლი, ნელინელ ჟონავდა მის დანაოჭებულ სახეზე. ცრემლის ნაკადი და წყალის ნაკადი ერთდებოდნენ მღელვარე მდინარეში, “
სევდას უამრავი ლექსი აქვს გამოწვეული.
მთელი ფილოსოფიური ძიებანი, აღმოჩენანი
სუსტი ადამიანის სევდის შედეგი - ცრემლია, ცრემლი ხშირად შვებაა, მალამო.
ცრემლები რომ არ არსებობდნენ, ხალხი დაიხრჩობოდა საკუთარი სულის მორევში.
მე ერთი საშინელი ნაკლი მაქვს: ცუდ გუნებაზე უნდა ვიყო, რომ კალამი ავიღო ხელში.
ჩემი სასიხარულო ლექსებიც კი გაჯავრებით არის გამოწვეული.
ამიტომ არის, რომ ხშირად შეგხვდებათ ჩემს ნაწერებში: „გახსოვს!“
მე მოგონებაში გადავარდები ხოლმე.
ასეთ წუთებში მე ვწერ, ვწერ ყველაფერს, რაც კი გამიელვებს თავში.
ეს აზრები არ არის დალაგებული მსჯელობის ნაყოფი. არეულია გონება, და ამიტომაც ასოციაციებით გამოწვეულ სახეებს ვეხები და მხოლოდ მწვავე განცდებით თვრება ეს ფურცლები.
ჩემი აზრი ელავს და ჰქრება... ელავს და ჰქრება.
მე გაშიშვლებულ ნერვებით ვწერ,
წერა შეიძლება მხოლოდ გულახდილად, წრფელად, ნაძალადევი და შეკვეთილი არა ვარგა-რა.
ადამიანის ხასიათი სიყვარულის განელების დროს აშკარავდება.
უპატივცემულო სიყვარული ჩემთვის არა-რაა.
მარტო პატივისცემა უსიყვარულოდ მისაღებია. ცარიელი სიყვარული მე არა მწამს.
ერთმა ახალგაზრდა პოეტესამ... (ლამაზი იყო ეს ქალი) შესჩივლა ანატოლი ფრანსს, რომელიც მას მფარველობას უწევდა:
„მე უპატივცემულოდ მომექცნენო“ და დაუსახელა ის ვაჟი, რომელიც თურმე ანთებულის თვალებით უცქეროდა ქალს. - განა შეიძლება აქ უპატივცემულობაზე ლაპარაკი? - ამშვიდებდა ანატოლ ფრანსი - საუკეთესო შეფასება სილამაზისა, არის სურვილის გამოწვევა!... რად გინდათ ის პატივისცემა, რომელიც თავისთავად, ჟამთა ვითარებით მოდის. აი, როცა ყველანი მხოლოდ პატივისცემით მოგეპყრობათ, მაშინ იგრძნობთ ამ პატივისცემის მთელ საშინელებას. დღეს კი მხოლოდ სანატრელი და სასურველი უნდა იყოთ ყოველ მამაკაცისათვის. ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ბუნებამ იმიტომ მოგცათ ეგ ცეცხლიანი თვალები, ეგ შუბლი, ეგ ტუჩები, შექმნილი კოცნისათვის, რომ მხოლოდ პატივისცემა გამოწვიოთ!“
აი, მამაკაცური შეხედულება ქალის დანიშნულებაზე.
ისიც მართალია, რომ უსახური და ბედმოძვირებული ქალი უფრო კეთილაზნიანია, თუ კიდევ შეიძლება საზოგადოდ ზნეობაზე ლაპარაკი.
ქალის გამბედაობა და სითამამე უაღრესად სიყვარულში გამოიხატება.
სიყვარულში, ისევე როგორც ხელოვნებაში, გაუბედავობა ადამიანს არას არგებს.
ჩვენ ძალიან კარგათ ვიცით, რომ პატიოსანი მწერალი თავისი მოკრძალებული ხასიათით მუდამ დაჩაგრულია; ღრიალა, თავხედი და აბეზარი - უფრო პოპულიარულია.
საკმარისია სახელმოხვეჭილი იყოს მწერალი, რომ მის ყოველ სისულელეს გასავალი ჰქონდეს. თითქოს მისი ტვინის აპარატი ისეა მოწყობილი რომ შეცდომები არასოდეს არ მოუვა!
პატარა ადამიანის სიბრძნეც კი უარყოფილია.
მაგონდება ერთი კურიოზი რუსულ მწერლობიდან: ერთს ახალგაზრდა მწერალს ჟურნალის რედაქტორმა მასალა დაუბრუნა. სასოწარკვეთილმა ავტორმა თავის მეგობარს, უკვე ცნობილ მწერალს, შესჩივლა. მეგობარი არწმუნებდა რომ მასალა მშვენიერი იყო და დასამტკიცებლად, მან ამ დაწუნებულ მასალას, თავისი გვარი მოაწერა და ისე გადაგზავნა რედაქციაში.
მეორე დღეს წერილი დაიბეჭდა.
სიყვარულშიაც ასე ხდება ხოლმე.
ყველაზე უბედური სიყვარულში სწორედ ისინი არიან, ვინც ყველაზე უფრო ღირსია სიყვარულისა.
ადამიანი, რომელიც გიყვარს, ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტად გტანჯავს.
ქალი სიყვარულს წინასწარ გრძნობს ისევე, როგორც პოეტი ლექსის რიტმს და ზომას.
გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს. ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს,
ბოკკაჩიო ამბობდა: „არაფერი არ ალამაზებს ქალის ტანს ისე, როგორც ალერსი. ტუჩები კოცნისაგან ხალასდებიან და ახლდებიან“.
ერთი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ „ახალგაზრდული ელემენტები ბებრებსაც აჭაბუკებსო“. ამიტომ არის, რომ მოხუცებს მუდამ შინაგანი მისწრაფება აქვთ ახალგაზრდებისადმი. ამითვე აიხსნება დიდედების გადაჭარბებული სიყვარული - თავიანთ შვილიშვილებისადმი.
დედამ სასტიკად უნდა ადევნოს თვალყური, რომ მის პატარა ბავშვს მოხუცებულებთან ერთად არ ეძინოს, ბავშვის ნორჩი სხეულის ძალა გამოფიტული უსისხლო უჯრედების სიახლოვით - იჩაგრება.
კულტურულ ქვეყნებმა, სადაც ათასნაირი სენი მძვინვარებს ხალხს სიყვარული დაავიწყებინა...
იქ სიყვარული აღარ არსებობს, სადაც დაავადების საშიშროება წამოიჭრება.
გერმანეთში ქალებს უფრო პრაქტიკულ ცხოვრებისათვის ზრდიან.
მათ არ უყვართ გადაჭარბებული ნების და გონების განვითარება, რაც გერმანელების აზრით ნევრასტენიას წარმოშობს
კაცობრიობისათვის უფრო შეუგნებელი და ჟანსაღი მოდგმაა საჭირო.
ჩვენ კი, დღენიადაგ ჩვენს სულში ვფათურობთ და საგიჟეთებს ვავსებთ.
საქართველოში ერთი ოჯახი აღარ არის, სადაც სულით დაავადებული ვინმე არ იყოს. ამან უკვე სოციალური ხასიათი მიიღო, ჩვენ სრული დეგენერაციისაკენ მივდივართ:
განდიდების მანია ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა!
ჩვენში პატარა არავინ არ არის. სულ დიდი ადამიანები ვართ. გენიალობამდე ასული შემოქმედება. კოსმოსი.
სულ ცარიელი სიტყვები. საქართველოს ვიწრო ფარგლებს დიდი მაშტაბი არ უდგება.
ძველი ელინები აღარც ფიზიკურად და აღარც სულიერად აღარ არსებობენ. მათ კულტურული ნაშთები მაინც დარჩა.
ადამიანის სული შემოქმედებაში გადადის, ხოლო მისი პირადი ყოფა მის სახლში, მის ბინაზე, მის ნივთებში. ამიტომ გვიყვარს ძვირფასი ადამიანის ყოველი ნახელავი, გამოჩენილი ხალხის ნივთები, წიგნები.
გიოტეს კალამი.
პუშკინის სავარძელი.
ნიცშეს სახლი,
თამარ მეფის ქოში.
აკაკის აკვანი.
ილიას აგარაკი.
ქრისტეს პერანგი, რომ დაინახა მცხეთელმა ქალმა სიდონიამ, გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა.
აქედან წარმოიშვა ფეტიშიზმი.
მეც ვერ ავცდი ამას:
"- და ფეტიშად დავისახავ რა ვქნა მარჯნის კრიალოსანს
ნუ დამცინით! ეს სჩვევია, ყოველ გიჟს და.. ყოველ მგოსანს!"
კიდევ საილუსტრაციოდ.
მაგონდება ერთი პოემა.
ცოლ-ქარი ჩხუბობენ. ერთმანეთს ლანძღავენ; იყრებიან.
დაიწყო ნივთების განაწილება.
- ეს ჩემია.
- არა ჩემია!
აი, სკივრის ძირიდან ამოიღო ცოლმა პატარა ბოღჩა.
გააფთრებული ქმარი მივარდება, ხელიდან წაგლეჯს და იატაკზე მიმოიბნევა:
პატარა კაბები,
პატარა წინდები,
პატარა გაცვეთილი ფეხსაცმელები...
ორთავენი შეხედავენ ერთმანეთს და... აქვითინდებიან.
ამ ნივთებმა გააცოცხლა მათში გარდაცვლილი შვილის არსებობა და ეს ორი, მტრულად განწყობილნი ცოლქმარი, შერიგდნენ.
ერთ წუთში ათასი იარა გაიხსნება.
ერთს წუთში წლობით ტანჯული სული იკურნება.
თვითეული ჩვენთაგანი რამოდენიმე აქტიან დრამას ატარებს თავის სულში.
ოხ, არასოდეს, არავის არ გადმოუცია ნამდვილი დრამა.
ის მუდამ მუნჯია და მის გადმოცემა შეუძლებელია.
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიჯანის პოეზია |