ახალი წლის ჟრიამული იდგა: თოვლპჭყაპი, ქაოსი, ათასობით კარეტა, ბრჭყვიალა თოჯინები, სათამაშოები, ათასგვარი მანკიერება და სასოწარკვეთა ურთიერთში აღრეულიყო, გაშმაგებული ქალაქი თვით უდრეკი ნების განდეგილსაც კი აუმღვრევდა გუნებას.
ამ ალიაქოთში მათრახმომარჯვებული ბუთხუზა ბიჭუნა ვირს მიერეკებოდა.
ტროტუარის ძგიდეს რომ გაუსწორდნენ, ვიღაც კოპწია, ხელთათმანებიანი და ჰალსტუხიანი ვაჟბატონი ცერემონიული ჟესტით წინ გადაუდგა უდრტვინველ პირუტყვს და ქუდმოხდილმა მიმართა:
„ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, მრავალს დაესწარით! - შემდეგ კი მიუბრუნდა თავის ამფსონებს, თითქოს კვერის დაკვრას ელისო მათგან.
სახედარს არც შეუნიშნავს ეს გალანტური ტაკიმასხარა და თავისი გზა განაგრძო.
მე კი ბრაზი წამეკიდა ამ ბრწყინვალე იმბეცილის ქცევაზე, რომელიც ჩემთვის განასახიერებდა იუმორს მთელი საფრანგეთისას.
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია
პოეზიის გვერდი • • • • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა |