მშვენიერი, მყუდრო, მზით გაკაშკაშებული დღეა, ჩვეულებრივი ქარი აღარ დაგრიალებს ქუჩებში და არ აღელვებს მის ჩვეულებრივ მწვანე წუმპოებს. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად და თითო-თითოდ მიეშურება ქალაქის განაპირას, სადაც დიდი, არაჩვეულებრივი საყველიერო „ობაა“ - სარჩობელა, ჩამორჩობა თავისის მკაცრის პროცესიით, ზურნა-დაფით, ჯარის იარაღის ჩახა-ჩუხით, მუნდირების პრიალით, ბრალმდებლით, ჯალათის შემაძრწუნებელ წითელის სამოსლით და სხვადასხვა თვალსგასაყოლებელი სანახაობით.
დიაღ, მთელი ქალაქი მიეშურება სარჩობელაზე, სადაც დაინახავს, დასტკბება, ნიშნს მოუგებს თავისს აღმაშფოთებელი, ტკბილის ძილის დამაფრთხობელი ყაჩაღების „ჩამოპონწიალებას“. მიეშურება ერი, მღვდელი, დიდი, პატარა, ქალი, კაცი. მიეშურება, სხვათა შორის, ბაბაჭუა-ფეიქარაც, ეს ოდესღაც ქალაქის პირველი გილდის ვაჭარი და დღეს კი...
არ ვიცი, ღმერთმანი, დღეს რა ვუწოდო ბაბაჭუას! ეს კი ვიცი, რომ სრულის კმაყოფილებით, თითქმის თავმოწონებით მიდის და სხვა მიმსვლელთ, ცოტა არ იყოს, სიამაყით გადასცქერის. მართლაც, კიდეც უნდა ამაყობდეს: შეხეთ ამის საამურ, დიდებულს ქურქს, ამის კარტუზიან, ატლასის მაგვარ მაუდის ქუდს, ამის ვიწრო, მოდაზედ შეკერილ ფეხსაცმელებს, შავს, ლაიკის ხელთათმანებს, რომელიც მშვენივრად უფარავს ქსელისაგან დასერილ-დაქსელილ ხელებს...
მაგრამ პირი კი, უნდა გამოვტყდე, ვერაფერი შესაშური და თავმოსაწონი აქვს ბაბაჭუას; თავმოსაწონი კი არა, უკაცრაული პასუხია, პირველ შეხედვაზე ისეთს ზიზღს, ისეთს უსიამოვნებას იგრძნობთ, რომ სურვილი მოგივათ შეაფურთხოთ მოლოკვილი ქოსა პირს და მეორედ აღარ შეხვდეთ ამ გველაძუა მწვანე-ლურჯ, პატარა, უწამწამო ურცხვს თვალებს.
მაგრამ უყურეთ, ზიზღის მაგივრად, იმ კეკლუცმა ქალმა რა ნაზად გაუცინა და მეგობრულად ხელიც გაუწვდინა. აგერ სქელ ეპოლეტიანმაც როგორ მიუალერსა, ყურში რაღაც საამური ჩასჩურჩულა და ამ საზიზღარ, საჭურისივით მოღმეჯილ პირს რა საზიზღარმა ღიმილმა გადაუარა. ბაბაჭუამ დიდ მნიშვნელობით ჩაახველა, ნაზს ქალს თვალი თვალში გაუყარა და ბაასი გაუმართა.
- სარჩობელაზე მიბრძანდებით? სწორე მოგახსენო, ღირსია სანახავად იმ ავაზაკების პონწიალი. რარიგად გადმოუცვივათ თვალის კაკლები, რამდენზედ გადმოეკიდებათ ენები.
- ოჰ, რას ბრძანებ, ბ-ნო ბაბაჭო! - ღრეჭით წამოსთქვა ნაზმა არსებამ და თვალებზედ ხელი მიიფარა: - საშინელებაა!
- როგორ თუ საშინელებაა? რას ბრძანებთ! დარჩობა კი არა, სულ ნაკუწ-ნაკუწ უნდა აეკეპნათ, ლუკმა-ლუკმა უნდა დაეგლიჯნათ, თოფით გულ-მუცელი დაეფხრიწათ. ეგ ჰარამზადები, ეგენი! მთელი სამი თვე თვალი რიგიანად არ მომიხუჭავს, კურდღელივით ყურები აცქვეტილი მქონდა და ველოდი, - ჰა, ან ეხლა მოვლენ და ან ეხლა-მეთქი. რა ხუმრობაა, წვითა და დაგვით მონაგარი გროში ვიღაც ავაზაკმა, ვიღაც ოსმა უნდა წაიღოს და ქარზე გააბნიოს. არა, ძალიან მიხარიან, რომ იმათ ჩამორჩობასა ვნახავ. დეე, ნახონ სხვებმა იმისთანაებმაც, რომ უკანონოდ სხვის ქონების დაჩემებას რა მოსდევს.
- უკანონოდ?! განა კანონით სხვის საკუთრების დაჩემებაც იქნება?
- რატომ, კნეინა, განა, ეხლა ვსთქვათ, თქვენ რომ მე დაგიჩემოთ, განა ეს კანონიერი არ იქნება? მაშინ სხვაა, რომ მოგიტაცოთ, ძალა ვიხმარო, თქვენი ქმარი დავჭრა; თუ არა და, აქ უკანონო რა არის? აქ მხოლოდ მორიგება და თანხმობაა.
- რასაკვირველია, რასაკვირველია, - ნაღვლიანად და წამოწითლებით სთქვა კნეინამ.
გუშინ ტორგით ერთი კნიაზის მამული დამრჩა. ამბობენ, ათასი თუმანი ღირსო და შენ ოცში დაინარჩუნეო, ეგ უსინდისობაა, ყაჩაღობააო! ვა, აქ სინდისი რა შუაშია, ხომ არ მომიპარავს, ტორგი საქვეყნოდ იყო. რატომ სხვამ არავინ მოუმატა და თითონ არ წაიღო, მე რა შუაში ვარ. ღმერთი და კანონი მაძლევს და არ ავიღო?!
- დიაღ, იმასაც ამბობენ, ბაბაჭო, კნიაზი სვიმონი იმის დარდმა გადაიტანა, რომ ფეიქარმა სახლი გაუყიდა, ცოლ-შვილი გამოურეკა და თითონ შიგ გამოიჭიმაო.
- რასაკვირველია, ამბობენ, მაგრამ მე რა მენაღვლება, ტუტუცები რას ამბობენ! სვიმონს ჩემი ფული ემართა, დროზე არ მომცა, ფული თავისის უთაურობით ერთი-ათად აქცია და სახლი მე დამრჩა. მაშ მეპატიებინა? მე, ბაბაჭუას კნიაზ სვიმონისთვის? მერე იკადრებდა კი?
- კნეინა თაფლოს ზვარიც უსამართლოდ დაინარჩუნაო. ერთის ვექსილით ფული ორჯერ გადაახდევინაო, - დაუმატა კნეინამ.
- უსამართლოდ! დიდი ტყუილია, დიდი. თვით სასამართლოს პრისტავმა ჩამაბარა კანონიერად. მე კიდევაც შემებრალა, კნეინა თაფლო რომ ტიროდა, და ორი მშვენიერი საკაბე გავუგზავნე; მეორე დღეს ბევრი მადლობა მოეწერა, თუ გინდა, თქვენ თითონ გიჩვენებთ იმის წერილს.
- დიდყურაანთ-კარის საქმე როგორღა გაათავეთ?
- ჯერ არ გათავებულა, სასამართლო პალატაშია. მაგრამ წინ რა უდგას? ტყუილად ხარჯავენ ადვოკატებზე. რომ არ ეჩივლათ, კიდევ დავაცლიდი ერთ-ორ წელიწადს, მაგრამ ეხლა ისე გაჯავრებული ვარ, თქვენმა მზემ, კნეინა, რომ რა დღესაც ჩავიბარებ, ბარგს კარზე გამოვუყრი. მერე რანაირად მინდა იმ დალოცვილ ალაგას ცხოვრება! მაშინვე აღებ-მიცემაზე ხელს ავიღებ, ხვნა-თესვა-მევენახეობას დავიწყებ; ისეთ საქონელს, ისეთ ცხენებს გავიჩენ, ქვეყანას თვალები ზედ რჩებოდეს. რომ მეწვევით, კნეინა, იმ მშვენიერს სამოთხის კუნჭულში, თქვენთვის საუკეთესო ოთახი ყოველთვის მზა იქნება, თქვენთვის შევინახავ.
- უწინამც დღე დამლევია! განა სოფელშიაც უნდა გავიარო შენს სახლში? - ცოტა არ იყოს ზიზღით თქვა კნეინამ.
- მართლა, კნეინა, - სასტიკად ჰკითხა ამ ზიზღის გამო აღშფოთებულმა კავალერმა თავისს მოსაუბრეს: - გუშინდელი ჩემი გამოგზავნილი პროვიზია როგორ მოეწონათ თქვენს სტუმრებს?
- გმადლობ, გმადლობ, ჩემო ბაბაჭუა, შენი ნაყიდი აბა ცუდი რად იქნებოდა, მერე საფეშქაშოდ! - და თავისი წინანდელი ზიზღი ახლა დიდმნიშვნელოვანი ღიმილით ჩაატკბარუნებინა ფეიქარს.
- ფეშქაშებს მაშინ უყურე, როცა ახალშენსაც ჩავიბარებ. ამბობენ, რვა ოთახი სულ ძვირფასის საფენით და ოქროს ქსოვილის ბალიშებითა აქვთ მოწყობილიო. ოქრომკერდით ნაკერი ბალიშები განა შენს სასტუმროს არ დაამშვენებს, გველურის ღიმილით წასჩურჩულა ბაბაჭუამ თავისს დამას.
- განა ახალშენიც შენ დაგრჩება კანონით? ოჰ, უბედური თამარ, თავს ხომ აღარ იცოცხლებს იმ სახლის დამკარგავი. ოჰ, ბაბაჭო, რარიგად გაქვს დაქსელილი შენი წყეული ქსელები! ადრე თუ გვიან, სულ შიგ გაებმის მთელის მაზრის თავად-აზნაურობა, მთელის მხრის ბატონი შენ შეიქნები!
- რატომ, ჩემო კნეინა, - ამაყად ჩაიცინა ფეიქარმა: - ეხლა ისეთი დროა, რომ თუ ცოტაოდენი ფული და ჭკუა გაქვს, თუ ცოტაოდენი ხერხიც მოგდევს, ქვეყანა შენია და შენი.
- მერე არ გეშინიან, რომ არ შეგარჩინონ და ბრაზმორეულმა ყელში არავინ ამოგადინოს ამდენი სხვის ნაკოღო-პურტალი?
- მეშინიან? მერე კანონი? სამართალი სადღა არი?..
- ტრა, ტრა, ტრა-ტატა! - დაიგრიალა დალაბანდმა და ყაჩაღებიც გამოჩნდნენ. წინ მიუძღოდათ მღვდელი ჯვრით ხელში, გვერდით ამოსდგომოდათ ჯალათი წითელის ტანისამოსით, უკან მისდევდნენ პოლიციელნი, ჯარისკაცნი და სხვა ამალა. პროცესია დიდის ცერემონიით და გაზვიადებით გაემართა ჩამოსარჩობ ბოძებისაკენ.
ბაბაჭუამ სკამზედ შეაყენა თავისი დამა, თითონ იმავ სკამზედ ხელდაბჯენილი დააკვირდა სარჩობელას და მოუთმენლად მოელოდა უკანასკნელს წამს კანონის ასრულებისას.
ეს კანონიერი ყაჩაღი, პირმოცინარი, კმაყოფილებით და არხეინად სტკბებოდა ყაჩაღების ჩამორჩობით და ერთს წამსაც არ გაუვლია იმის ურცხვს, მოლოკვილს პირისახეზე იმ აზრს სინანულისას, რომელსაც უნდა გამოიწვევდეს ამგვარი საქვეყნო განსჯა ავაზაკისა.