გაიღო უცებ კარი, შემოფრიალდა ტანკენარი ვარდისფერი ქალი, ვარდისფერი ტანსაცმლით, ვარდისფერი სახით, აგიზგიზებული თვალებით.
- გამარჯობათ! - დაიძახა სიხარულით. მეც სიხარულით წამოვუდექი ფეხზე.
- აი, მე თქვენთან ვარ!
- დიდად მსიამოვნებს.
- მე ბედნიერი დედა ვარ. ჩემი ათი წლის ბიჭი სულ ხუთებზე სწავლობს, ექვსებზეც. მეცა და ჩემს ბიჭსაც მშვიდობა გვჭირდება ქვეყანაზე. ბიჭს ჯერ რა შეუძლია! მე კი ყველგან ვიბრძვი.
დაგვეხმარეთ თქვენც, მწერლობის მესვეურნი. მე გრძელი, ბრწყინვალე ლექსი მაქვს დაწერილი მშვიდობაზე. დამეხმარეთ, გამგზავნეთ ჟენევაში, სადაც ყველა ქვეყნის დიპლომატები თათბირობენ. მე გამოვალ სცენაზე, იქიდან წავიკითხავ ჩემს ლექსს, მე საუცხოოდ ვკითხულობ, მე ყველა დედის სახელით ვკითხულობ, და ნახავთ, რომ ყველანი უცებ მოაწერენ ხელს მშვიდობაზე... ჩემი სილამაზე...
ხელები გაშალა.
- შემომხედეთ, ხომ გასაოცრად ლამაზი ვარ, თქვენც ხომ მოგწონვართ ასეთი ქალი და დედა! ჩემი სილამაზე და ჩემი წაკითხული ლექსი სუყველას უცებ შემოაბრუნებს მშვიდობისაკენ.
თავი ასწია:
- მე, ულამაზესი დედა ქვეყანაზე, და ჩემი ულამაზესი ბიჭუნა, გაზრდილი ამ ულამაზესი...
ხელი უბეში ჩაიყო, წვალებით ამოსწია, ამოაჩინა... კერტგალურჯებული, უმწეო... შეპყრობილი თაგვივით შიშით გათანგული თითებს შორის...
თითქოს აწვდიდა მართლაც მთელ მსოფლიოს.
* * * * * * *
ორმა შეხნიერებულმა ქალმა შეშფოთებულებმა შემოახეთქეს კარი.