(ანეკდოტი)
ჩემს გმირს, ქოსა იოსება მეეტლეს, იქნებ არ ეყოლეს თავისი ბიოგრაფი ვინმე მაკოლეი ან პლუტარხი.
ღირსი კი არის!
დრო, პიროვნება, და ის დაკვარჯღა მდგომარეობისა, რომელიც თანსდევდა იოსებ ქოსას ცხოვრებას, მკვლევარს მოითხოვს; და მე მხოლოდ კბილის მატლად გავუჩნდები ისტორიკოსებს სანამ ამომწურავ მასალებს არ შეკრებენ, იდაონ, თუ ვინ იყო დამნაშავე იოსებას ასე ტრაგიკულათ განვლილი დღეებისათვის.
საიდან დავიწყო ბიოგრაფია?
იოსებას ბაბუადან?
ხომ ადვილი მისახვედრია, რომ ბაბუამისი უეჭველად იცხოვრებდა ბატონყმობის დროს, რადგან საავადმყოფოში იოსებას ლოგინს Curriculum vitae აქვს და ზედ აწერია 24 წლისა.
და ბატონ-ყმობის დროს, ცნობილია როგორც დაგვიმტკიცა სახელმწიფო კინო-მრეწველობამ და ზ. ჭიჭინაძემ, ბატონები დილით სჭამდენ ფარეშს, შუა დღეზე უღელში აბამდნენ შინაყმას და ღამე კი აუპატიურებდენ მოახლეებს, ზოგჯერ თავის საკუთარ ქალებს და უფრო ხშირად კი ყმების ცოლებსა და ქალიშვილებს.
მაგრამ, მე როგორც საბიოგრაფიო მასალების შემკრებს, მიმეცეს ნება ერთი ვიკითხო:
რა წოდებისაა იოსება?
თუ თავადები და აზნაურები, (მათი რიცხვი საქართველოში ყოველთვის დიდი იყო) ასე საუზმობდენ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მამრობითი სქესის გლეხი მეტათ იშვიათ სულიერს წარმოადგენდა; რად უნდა ვიფიქროთ რომ ერთად ერთმა შეჭმას გადარჩენილმა გლეხმა სწორედ იოსებას მამას გაკეთებაზე მოიცალა; ასეთ უნიკუმს კნეინები და დიდ-დიდ აზნაურთა ქალები, რომელნიც უსაქმობისა, გარყვნილებისა და გადაგვარების გამო, ვერ იქნებოდენ სხვებისთვის სასურვილი, არ დაუთმობდნენ უბრალო დედაკაცს.
თანაც ცნობილია, რომ გლეხის ქალებს სულ აუპატიურებდნენ და აუპატიურებდნენ თავადები. მაშ გააუპატიურებდენ იოსების ბებიასაც.
რა თქმა უნდა, ამას გვეუბნება საღი ლოგიკა და ისტორიული საბუთები.
პირველი ღამის უფლება დაკანონებული იყო ხომ!
ამგვარათ, გამოდის რომ იოსებას ან სრულიად არ ყოლია ბაბუა (გლეხი არ შეიძლებოდა ყოფილიყო), რაც შეუძლებელია, ანდა იგი დიდი აზნაურის შთამომავალია, რასაც ჩვენ ვერ დაუშვებთ, რადგან აზნაურიდან და ისიც ბაბუა-აზნაურიდან მოთხრობის დაწყება არხიბურჟუაზიულ-ანარქისტულ გადახრას მოწმობს და ამაზე უკაცრავად. ჩვენ...
აი სანამდი მიგვიყვანა ამბის შორიგან დაწყებამ!
და კი რა საჭიროა?
დავიწყებ აბა, მამიდან.
მაგრამ, როგორც გვარწმუნებენ ჩვენი ბელეტრისტები, ეხლანდელი ახალგაზრდა თაობის მშობლები არც სჭამდნენ, არც სვამდნენ, არც მუშაობდნენ და არც გაერთობოდნენ.
ისინი დადიოდნენ საიდუმლო კრებებზე, დაჰქონდათ წითელი ბაირაღი და ისროდნენ ყუმბარებს, მაშასადამე საიდან გაჩნდა იოსება, რომელსაც შემდეგში ქოსა დაარქვეს და რომელიც, მე თვით მინახავს, მეეტლე იყო, და დადიოდა სამტრედია - ხონინ-იანეთის, იშვიათად, ქუთაისის გზებზე.
სასწაულს მივმართო, რომ იოსები უბიწოდ ჩაესახა დედამისს?
არა. არა!
აქ ნებას მივსცემ ჩემს თავს ჰიპოტეზა გამოვთქვა და შემდეგ ისტორიკოსებმა განიხილონ და განმარცვლონ.
მესამეჯერ რომ მამალმა იყივლა, ოთახშიაც გვარიანათ შენათლდა, გოგიელა მენახშირემ შუბლზე ხელი გადისვა.
იამა, სუფთა პერანგი რომ დაინახა ტანზე, საბანი ასწია და ისეთსავე ნიფხავს დააკვირდა, შენიშნა რომ ხელ-მკლავიც, გულ-მკერდიც სუფთა ჰქონდა, და ეს ყველაფერი თავის ცოლის ედუკის „მოკვარაჭინებულ საქმედ“ ჩასთვალა, აბა ვინ გამაპატიოსნებდა, ეშმაკივით ვიყავი გამურულიო.
ნათლად მოაგონდა, რომ ეზოში ჩამოიყვანა ნახშირის ნარდათ მყიდველი, დედაკაცს გადასძახა, აბა დაგვიფაცურდიო. ხარები გამოხსნა ურმიდან, მათ საჭმელი მიუყარა და, როცა ხის ძირში მივიდა, ედუკის უკვე მიეტანა კბილი ყველი, მწვანილი, ტყემლიანი ფარგა, ცეცხლზე გაფიცხებული კეცის ჭადი, ბოთლით ჭაჭის არაყი და დოქით ღვინო და სტუმარ მასპინძელი ერთდაიმავე სიტყვით დიდხანს ართობდნენ ერთმანეთს:
- დალიე, შე კაცო, რამდენჯერ დაგილევინებია ძალით, ახლა მე უნდა დაგალევიო, რავა, დუქნის არაყი ჯობია ამას?!..
- დავთვერი, ძმაო, მეყოფა - ყოველი ჭიქის დაცლის შემდეგ უპასუხებდა სტუმარი.
მერე სტუმარი წავიდა (ააშენა ღმერთმა, სამი ურემი ნახშირი დააბევა!) ჭიშკრამდი გაჰყვა და უკან შებრუნდა ცოლის მადლიერი, რომ დავალებულ სტუმართან არ შეარცხვინა, და ზედმეტად მხიარული..
მერე კი მერე... აღარაფერი ახსოვს... მართალი რომ თქვას კაცმა... ღვინომ უწია.
და მოგონებითაც ხელმეორე ნასიამოვნებმა, მხიარულმა გადახედა თავის გვერდში მწოლ ცოლს, რომელსაც თვალები ოდნავ გაეღო და ელამად შეჰყურებდა.
თუ ეს ლანდი იყო, კარგი ლანდი იყოს და უბიწოდ ჩასახულიყოს ამ წამს ჩემი ქოსა იოსება მეეტლე.
ცხოვრება ნელა მიდის, მაგრამ ჩვენ მოკლედ უნდა მოვჭრათ. აბა სად ვსდიოთ მართლაც ერთ ნამცეც ჩანასახს, სანამ ის განვითარდებოდეს, ცხრა თვეს მუცელში გაივლიდეს, ათასგვარ საკვირველ ცვლილებას გადაიტანეს და დაიბადებოდეს.
მოკლედ კი ასე იქნება:
ორი წლის იოსებას დედა მოუკვდა.
17 წლისას მამა.
დედინაცვალმა მზითევი უკანვე მოითხოვა.
დაკმაყოფილებამ ვალები გამოიწვია.
ვალებს სარგებელი უნდოდა.
და აი მზრუნველმა იოსებას ურჩია - მეეტლეობა დაეწყო.
მზაკვრული აზრიც ჰქონდა მზრუნველს, შეიძლება ერთი აზრი კი არა, ორიც:
ასაღებდა თავის საკუთარ დანჯღრეულ ეტლსა და ჯახრიკა ორ ცხენს და სამუშაოდ გადასული იოსება არ დასტოვებდა ოჯახს და არ შეაყიდდა მზრუნველს თავის უძრავსა და მოძრავს.
მზრუნველი მართლაც გულთმისანი გამოდგა:
გარდა სახლისა და ეზოსი ყველაფერი მის ხელში გადავიდა, რადგან იოსებას მეეტლეობა დიდი კაცების მოხელეობად ჰქონდა თავდაპირველა წდარმოდგენილი ვერ გაერჩია მაინცდამაინც განსხვავება კოფოზე ჯდომასა და შიგ ჯდოშას შუა.
შემდეგ კი რომ დამოწიფულდა, დავაჟკაცდა, შეჩვეული იყო და ცოტა ნაღდი ფული, ბევრ სიმინდსა და გოჭ-ქათამს არჩია.
ცოლიც მისი ჭკუის შეხვდა.
ნელ-ნელა ჯახრიკა ცხენები ლანდებს დაემსგავსნენ და ისვენებდნენ სწორედ იქ, სადაც ჩვეულებრივ ეტლი მიჰქრის... დაღმართში, რადგან აღმართში ისე მიდიოდნენ რომ ძნელი შესამჩნევი იყო, ეტლი მოძრაობს თუ არა, ხოლო სწორ გზაზე თამამად მიჰყვებოდენ ხარ-ურემს.
თავის გასამართლებლად იოსებას ყოველთვის ჰქონდა ბევრი რამ სათქმელი:
- არ გამიკეთა, ბატონო, დეიქცა მისი ოჯახი, კარეტნიკმა ბოობლები, აგერ ორი თვეა ვეხვეწები, შენ არ შეგჭამოს მიწამ.
- ფული არ მიგიცია უსათუოდ, იოსება ჩემო! - შენიშნავდნენ მასავით მშვიდი მგზავრები.
- იმე, შე დალოცვილო, ბე ქე მივეცი, და ყმად ხომ არ დოუდგებოდი! - ვითომ ბუზღუნებდა იოსება, მაგრამ უფრო სისწრაფის შეყვარული მგზავრები შეაყვირებდენ:
- ტყუილს ამბობ, შე ქოსა, შენა... ერთი წლის წინათ რომ მოგყავდი, მაშინაც ასე არ მითხარი?
- თუ არ გჯერა. ვინ გეხვეწებოდა ჩემს ფაიტონში რომ ჯდებოდი, - გაჯავრდებოდა იოსება.
მგზავრებმა შეარქვეს, მგონი, იოსება მეეტლეს „ქოსა“.
მაგრამ ყოველიფერს საზღვარი აქვს.
სინებით შეკონჭილ ბორბლის პალოებს თავები სრულიად მოაალპა, ბორბალზე შემოკრული სალტე მოცვდა; წინ დასადგამი სკამი, ერთ ფეხზე დაყენებული, თითქოს მიეჩვიაო, სწორედ იმ დროს დაქანდებოდა, როცა ზედმდგომს ეგონა, აწი აღარაფერი მიჭირსო... მავთულებს ვინღა სჩივა, ბალიშებიდან წამოვიდა თივა, ნაჭერი და ოცი წლის ნამარაგევი მტვერი და ვადადარია.
ეტლს თუ სრულიად გამოცვლა არა, დიდი ხნით დაყენება და შეკეთება სჭირდებოდა, და ცხენებს სატყავედ გაყიდვა.
და აი დინჯის ნაბიჯით ავიდა სხვენზე იოსება შენახულ პარკის ჩამოსატანად, იმედით სავსე, რომ მისი ეტლისა და ცხენების გადამხალისებელი მალამო იქ იყო... და, როცა გახსნა ქისა... ნახა, რა ნახა... ნიკოლოზის გატკიცინებული, წითელი თუმნიანების მაგიერ შიგ იყო გაცრეცილი გაზეთის ნახევები....
გაჩერებული ეტლი. მხოლოდ ტყავისთვის სავარგისი სამი ჯახრიკა ცხენი... ოთხი პატარა მშიერი ბავშვი და ცოლი, ცოლი, რომელსაც საკადრისი მზითევიც კი მოჰყვა...
და იოსება მეეტლე... გამოლენჩდა. დადიოდა უხმოდ... სულ მარტო... აძლევდნენ - ჭამდა, არა და, აქნევდა თავისთვის ხელს, იტრიალებდა ჯიბეს, დღეში ასჯერ ადიოდა სხვენზე და, თუ სიტყვა წამოცდებოდა, უსათუოდ რუსული:
Никакой ни чорт. Никакой ни чорт.
შეულოცეს... პირში წყალი შეასხეს... შეაშინეს ვითომ... ექიმსაც აჩვენეს.
არაფერი! მხოლოდ უმატა:
Никакой ни чорт. Никакой ни чорт.
დრომ მაინც წაღმა მოაბრუნა იოსება.
დამშვიდდა.
ჯახრიკები გაჰყიდა. გაჰყიდა ეტლიც და აპირებდა ტაჩკის მოწყობას.
- ერთ ცხენს გაუბაშ შიგ და რაცხას ვეწევი, რაც მოხდა, მოხდა - სასოწარკვეთილებით ამბობდა იოსება.
ცოლს თითქოს მეორეჯერ ეშოვოს სასურველი საქმრო - უღიმოდა, ეარშიყებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.
ერთ დღეს თითქოს აიწყვიტაო, დაიწყო ღრიალი:
- დავხოცავ, ქვეყანას დავწვავ, ვის ემასხარავებიან, ვისი სასაცილო ვარ. გამიშვით - და მარჯვენა ხელით მართლაც ამტვრევდა ყველაფერს, ურტყამდა ყველას;
პირიდან დორბლი მოსდიოდა.
მარცხენა ხელში კი ეჭირა პატარა ბარათი.
- ეს რაა, ეს რაა - ყვიროდა გიჟი, მივარდებოდა ჭიშკართან და ისევ ბრუნდებოდა დერეფანში.
ყურადღება მიაქციეს.
ჭიშკრის დირეზე ეკიდა ჩამომხჩვალი თაგვი, და როცა გაგიჟებული იოსები შეჰკრეს და ხელიდან ბარათი გამოგლიჯეს, შემდეგი ამოიკითხეს:
„შენი ფულის მოპარვაში ნურავის დასდებ ბრალს... გავბრიყვდი, დავტკვირე ისენი - მეგონა გავმდიდრდებოდი, მაგრამ სინიდისის ქენჯნამ ამიტანა, და აი შენს ჭიშკარზევე ვიხჩობ თავს.
ანგარების მსხვერპლი, სინანულით თავჩამოხჩობილი შენი თაროს თაგვი“.
ამის შემდეგ იოსება არ გამობრუნებულა, გონება არ დაბრუნებია. არც ექიმებს აქვთ მორჩენის იმედი.
წევს საგიჟეთში.