მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 228 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დადის გაბღენძილი, გაყოყოჩებული, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნად, უქამრო, რეზინგაყრილ შარვალზე გატიკნილი მუცელი გადმოჰკიდებია, დამოკლებული, მაღლა აცურებული პერანგიდან ჭიპი იყურება. რა ვქნათ, მერე, ჭიპის გამოჩენა ვიღას უკვირს, მოდაშია. თანაც, მეხუთე წელში გადამდგარი მახოს ჭიპი, მაინც სულ სხვაა. გარეშემო საყვარლად შემოცომებია, შემობურცვია მუცელი და შემხედვარეს გინდა მუთაქასავით თავქვეშ ამოიდო, დაზილო, შეუღიტინო, მოეფერო.

შინაურები ასეც იქცევიან, მახოზე კარგ სათამაშოს, გასართობს სად, რომელ მაღაზიაში შეიძენენ, - ჩახითხითდება ბიჭი, ჩაეჩვრიტიება ცალ მხარეს დამწიფებულ-ჩაწითლებული ლოყები, აუთახთახდება მუცელი, როცა იქნება თავს დაიხსნის, გადმობობღდება ტახტიდან და ზურგისაკენ ხელებდაწყობილი, გაივლ-გამოივლის.

- როგორა ხარ, მახო, როგორ გეძინა, ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე?

- ცუდი კი არა და... ანდა როდის მეძინა, მთელი ღამე შეშას ვჭრიდი... შემოიტანეთ მაინც, რაღას ელოდებით, დერეფანში მიალაგეთ, არ დასველდეს.

- შემოვიტანთ, მახო, რაკი ეგეთი პატივი გვეცი, შემოტანას მაინც წინ რაღა უდგას! - თვალს ჩაუკრავენ ერთმანეთს უფროსები.

- მომშივდა, სახლში არაფერია?

- როგორ არა, დედა გენაცვალოს, ქათამის ბულიონი...

- დაასხი, შევჭამ... - მოწყალედ თავს დაუქნევს, ვითომ, სხვა რამე რომ ყოფილიყო, უარს იტყოდა.

- აბა, დაბრძანდი! - დაფაცურდება დედა.

- ჩიჩია არ დაგავიწყდეს.

- არ დამავიწყდება...

- ბარკალი...

- ბარკლები ხომ დილას მიირთვი?

ჩაფიქრდება.

- ჰოო, მართალი ხარ... ნეტა ქათამსაც ოთხი ფეხი ჰქონდეს, არა, დედი?

- ნეტა...

მახო პურჩაყრილ მათლაფას ახლოს მიიწევს, კოვზს დაურევს, ბარკლისძირს ზემოდან მოაქცევს და საქმეს დინჯად შეუდგება.

ჭამას რომ მოათავებს, ხვნეშით ჩამოვა სკამიდან, გაბურთულ მუცელზე უფრო მაღლა ააცოცდება პერანგის ბოლო და ჭიპიც უფრო ამაყად და თავისუფლად გადმოიხედება.

- ყოჩაღ, ბიჭო, თეფშს ისე მოასუფთავებ ხოლმე, გარეცხვაც კი აღარ უნდა, - შეაქებს მამა.

- ეხლა ხო ამირჩევთ იქა?

- სად იქა, მახო!

- აი, იქა! - წარბაწეული თავს გადაქნევს ტელევიზორისაკენ პარლამენტში, "ხალხის რჩეულებს" დაკა-დაკა და გაწევ-გამოწევა რომ გაუმართავთ.

- მანდ ხომ ერთხელ უკვე აგირჩიეთ, მეტი რა ვქნათ?

- კიდევ მინდა!

- გეყოფა, ახლა შენი ძმა ავირჩიოთ.

- არ მეყოფა, არა! - დაუშვებს ზურგსუკან დაწყობილ ხელებს და ფეხებს დაბაკუნებს, - არ ამირჩევთ და დაჭრილ შეშას ისევ გავამთელებ! - ბრაზი და ცრემლი ერთდროულად სცვივა თვალებიდან.

- კარგი, რა, მახო, პარლამენტიც ბუხარი ხომ არ არის, სხვაც მიუშვი!

- დაყენდი, ბიჭო! - დეპუტატობას ძმას რომ არ "უთმობს", ლამის სერიოზულად გაბრაზდნენ შინაურები.

- არ დავყენდები, არა! ციხე-სიმაგრე რო აგიშენეთ, ეგ კარგი იყო?

- ციხე შენი პაპის, პაპის, პაპის პაპამ თუ იმის პაპამ ააშენა!

- მერე ის პაპა, განა მე არა ვარ? - იღიმება დოინჯშემოყრილი.

ისეთი სასაცილოა, აფხუკუნდებიან ჯერ თავშეკავებით, მერე ხმამაღლა, მართლაც, ზედგამოჭრილი ისა ხარო.

როცა შებინდდება, მურაბიან ჩაის კარაქიან პურს დააყოლებს და საძილედ წამოამთქნარებს. თვალის დახამხამებაში გააძრობენ შარვალ-ხალათს, შეაგორებენ ჩამთბარ ლოგინში, მაგრამ, ჩაძინებამდე, კიდევ შეახსენებს უფროსებს პირობას.

- მაგარო, მაგარო, ე, ციხის ამბავი მაინც როგორ გამოგვრჩა, ისევ შენ აგირჩევთ, თავში ქვას კი არ ვიხლით, ოღონდ, შენ ძმასთან ჩუმად, გაიგე? - მუცელზე ფხანენ, ხელს უთათუნებენ და ესეც, გათამამებული, ენას იჩლექს, ღუღუნებს, კრუტუნებს და დამძიმებული ქუთუთუები საძილედ ეწევიან.

მაინც გაიბრძოლებს, ძილს გაუძალიანდება, ძაღლის ყეფას და უცხო ფეხის ხმას აყურადებს, რა ვიცით, რა ხდება, არეულ ქვეყანაში ვინ მიდი-მოდის, რა  უდევს გუნებაში.

უფროსი ძმა დაიხრება, ბალიშზე თავმიდებულს ღაბაბზე კოცნის.

- დაიძინე, მახო, დაიძინე, კაცო, ქვეყანას ხვალაც სჭირდები, გენა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ