ჩემმა პატარა, თავქარიანმა საყვარელმა სადილი მომართვა, მე კი სასადილო ოთახის ღია ფანჯრიდან გავცქეროდი მცურავ სასახლეებს, უფლის მიერ ორთქლისგან ნაგებს, ამ საკვირველ, ხელშეუვლებ შენობებს. ვუჭვრეტდი მათ და ვფიქრობდი: „ეს ფანტასმაგორიული მშვენება მხოლოდ ჩემი მშვენიერი სატრფოს თვალებს თუ შეედრება, ამ პატარა, თავქარიანი არსებისას, ამ სულზე უტკბესი, მწვანეთვალება ურჩხულისას“.
და სწორედ ამ დროს ზურგში ერთი ლაზათიანი მუჯლუგუნი მივიღე და ჩამესმა ხმა, ჩემი სმენის დამათრობელი, ისტერიული ხმა, არყისაგან ხრინწმორეული თითქოს: „ჰა, მორჩები თუ არა მაგ სუპს, ეშმაკის კერძო, დოყლაპიავ! შენი... ღრუბლებით მოვაჭრევ!“ - ეს იყო ხმა ჩემი სატრფოსი.
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია