იგი ტყეში მოსეირნობდა კარეტით და ტირის მახლობლად გააჩერებინა ცხენები, რათა რამდენიმე გასროლით მოეკლა დრო. განა რა უნდა იყოს ამ ურჩხულის მოკვლაზე უფრო ჩვეულებრივი და კანონზომიერი საქმიანობა ყოველი ჩვენთაგანისათვის? - მან გალანტურად შესთავაზა ხელი თავის ძვირფას, მომხიბლავ და აუტანელ ცოლს, ამ იდუმალებით მოცულ ქალს, რომლისგანაც იგი დავალებული იყო ამდენი სიამით, ამდენი წამებით და, შესაძლოა, გარკვეულ ზომამდე თავისი შთაგონებითაც.
რამდენიმე ტყვია ასცდა მიზანს; ერთი ჭერს მოხვდა; მომხიბვლელი არსება ხარხარებდა, დასცინოდა თავისი მეუღლის მოუხეშაობას, როდესაც ეს „უკანასკნელი მოუბრუნდა მას და უთხრა: „შეხედეთ იმ თოჯინას, აი იქ, მარჯვნივ, ცხვირაწეულს და ამპარტავანს. აი, ჩემო ანგელოსო, მე წარმოვიდგენ, რომ ეს თქვენ ბრძანდებით“. მაშინვე დახუჭა თვალები, მოზიდა ჩახმახი და თოჯინას თავი წააცალა.
მერმე დაიხარა იგი თავისი ძვირფასი, მომხიბვლელი და აუტანელი ცოლისაკენ, თავისი უცილობელი და უწყალო მუზისაკენ, მოწიწებით ემთხვია ხელზე და უთხრა „აჰ, ჩემო ანგელოსო! ამ წარმატებისათვის რა მადლიერი ვარ თქვენი“.
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია