X-ს
* * * * * * *
ფეხები მეხლართება ერთმანეთში. გზა ვიწროა. ჰაერი ცოტაა. ყველაფერი პატარად იცქირება ჩემს თვალში.
ჰორიზონტები უბრალო ხაზებია (ცარცის თვალი დაფაზედ).
მთვრალი არ გეგონოთ არავის. და თუ ფეხები მეხლართება ერთმანეთში, ეს იმის ბრალია, რომ შენ დაგინახე.
რომ შენს ახლოს გამოვიარე.
მზე ფხებზედ დადგა. ნიავი შრიალებს ჩალასავით. ღრუბლები შექარვულან.
შეხედე, ფოთოლი ფოთოლზედ ილურსება. ღრუბელი ღრუბელს ებღაუჭება.
ყველა ტოლს ეძებს. ყველა მეორეს ელოლიავება. მე კი მინდა, შენ მოგეალერსო.
ასე, ჰო, ასე!.. ნუ იწევ იქით, ნუ აბრიალებ თვალებს!..
ნუ მეტყვი, რომ გეშინია!..
ხომ გესმის როგორ რიტმიულად მოძრაობს … მკერდის ქვეშ?!
როგორ გასათნოვდნენ ჩემი თვა(ალები), ... ცახცაცებს ჩემი ტანი.
მაშ, ვისი გეშინიან?!
მაშ, რისი გეშინიან?!
დახუჭე თვალები და მოდი ახლოს, მომეკარი მკერდზედ, რათა აღარ აირიოს სიარული, რათა აღარ დაპატარავდნენ საგნები ჩემს გარშემო და ხაზები გადაიქცნენ ჰორიზონტებად.
ცოტაა ეს ჰაერი. პატარავდებიან ეს მთები, ეს ველები. ყველაფერი ირყევა. ფეხები იხლართება ერთმანეთში... მაგრამ მე არა ვარ მთვრალი, მე მხოლოდ შენ დაგინახე…
ხელსახოცის ნაფლეთები
* * * * * * *
გზაზედ შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე.
მე ვიცოდი, უნდა შემხვედროდა ვიღაც შენ-დარი და ეჰა, შემხვდი შენ!..
შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე. მიცქეროდი შორიდანვე ირიბ წარბებიდან, და მე როდესაც თვალებში ჩაგხედე, გავწითლდი, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ცუდს საქციელზედ მოასწრეს. მე, სახლში მისულს, არ ამომიწვია ჩემს მკერდზედ შენი სახელის ოთხი ასო ცხელი ქინძისთავით. არ დამიწერია შენზედ ლექსი ჩემი საკუთარი სისხლით (ლექსი ვერ იტყოდა ყველაფერს).
მე არ მიფიქრია შენზე (ფიქრი ვერ აგიშენებდა ღირსეულ სასახლეს).
მე მხოლოდ ამოვიოხრე.
მე ხშირად გხვდები, ვაკვირდები ირიბ წამწამებს, თვალები აღარ მიცქერიან ასე ნაწამებს. აღარც ... მიღიმის. მე კი, წინანდებურად ვწითლდები, ... ვოხრავ შინ მისული.
...
დამშორდი ისე, ხმაც არ გამეცი… წახველი ისე, არც გამიღიმე.
ხელსახოცი დავხიე სიბრაზით, მაგრამ შენი ნაჩუქარი კი არა...
აბა, რას ამბობ! იმას როგორ გავიმეტებდი.
მაგრამ მე მივხვდი:
შენ განგებ გინდა, დაბრმავდე, შენ განგებ არ გსურს, მოისმინო ჩემი გულის-ცემა. შენ განგებ არ გინდა, დაინახო ჩემი სიწითლე.
და იცი?! დედას გეფიცები, ხანდახან მგონია, რომ შენ მართლაც ბრმა ხარ...
რომ შენ უბრალო ჯოჯო ხარ და მეტი არაფერი.
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |