ნავსადგური დიდებული ადგილია ცხოვრებასთან ბრძოლაში დაღლილი სულისათვის. უკიდეგანო ცა, ღრუბლების ცვალებადი არქიტექტურა, ზღვის ლივლივა ფერები, შუქურების ციმციმი - აი, საუცხოო პრიზმა, რომლითაც ხარობს მზერა დაუღალავად. გემების სიმეტრიული ფორმები, დახლართული ანძები, თანაზომიერად რომ ირწევიან ტალღებისაგან და სულში აღვიძებენ დაუთრგუნავ ლტოლვას რიტმისა და სილამაზისაკენ.
და რაც მთავარია, ეს არის რაღაც ამოუცნობი, არისტოკრატული სიამოვნება იმ კაცისათვის, რომელსაც დაუკარგავს უკვე ცნობის წადილიც და პატივმოყვარეობაც და თვალს ადევნებს ტერასიდან ან ჯებირიდან ამ უწყვეტ მოძრაობას: სადღაც მიმავალ ხალხს, საიდანღაც დაბრუნებულ ხალხს, მათ, ვისაც ჯერაც შერჩენია სასიცოცხლო ძალა და უნარი, მოგზაურობის თუ გამდიდრების წყურვილი.
* * * * * * *
მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია