მედინაში ერთი ბრძენკაცი ცხოვრობდა, სწორუპოვარი სწავლული და სჯულის საქმეთა ზედმიწევნით განმჩხრეკელი.
ერთ დღესაც მონათა ბაზარში ჩაიარა და თვალი მოჰკრა მომღერალ მხევალს, რომლის გალობით თავად ასპიროზს ესობოდა შურის ეკლები, მზეს ანცვიფრებდა სახის შუქურ-ანარეკლებით.
იმ ბრძენს წამისწამად მოედო ტრფობის ალები და მოინუსხა ხალითა და ზილფთა კავებით. მისი გალობით შეძრულმა არყოფნის უდაბნოში ჩამოჰხადა ყოფის ბარგი და ფარაჯა, მისი ჰანგებით გულდაბანგულმა გონიერების ვიწროებიდან უგუნურების თემშარაზე გადმოალაჯა.
ყითა:
მწყაზარ სახეს და ნარნარ გალობას
ძალუძს, გულს მყისვე მოჰგვაროს გზნება,
რაჟამს ეს ორი ერთვის ერთმანეთს,
მათთან თვით ბრძენიც ვერაფერს ხდება.
მერე კი სიბრძნის ხალათი განიძარცვა სავსებით და შეიმოსა მოყივნების ჯვალო-ფლასებით, მედინას ქუჩაბანდებსა და ბაზარში ასე შერცხვენილი დაეხეტებოდა.
მეგობრებმა გაკიცხეს, მაგრამ ამაოდ. მთელი არსებით ამ სიტყვებს იმეორებდა და ამ თარანეს ღიღინებდა:
რობაი:
სატრფოს სახება ვინც იხილა, ცხადად თუ ლანდად,
ვითარ დამშვიდდეს, შვება როგორ მონახოს ანდა,
მავანთა კიცხვა-საყვედური ქარის მსგავსია,
რომელიც უფრო გააღვივებს ტრფიალის ღადარს.
ამ ამბავმა აბდ ალლაჰ ჯაფარის (ალაჰიმც იქნება მისით კმაყოფილი) ყურამდე მიაღწია. იმ მხევლის ბატონი იხმო და ორმოცი ათას დირჰემად მხევალი გამოისყიდა. მერე მხევალს იმ სიმღერის წამოწყება უბრძანა, რომელსაც ის ბრძენი შლეგად ექცია, ბოლოს კი ჰკითხა: ეს სიმღერა ვისგან ისწავლეო?
- ერთი მუტრიბისგან - მიუგო ასულმა.
აბდ ალლაჰმა ის მუტრიბიც მოიხმო, მერე კი ბრძენი ახმობინა და ჰკითხა:
- გინდა, ის სიმღერა, რომლის მოსმენამაც ესოდენ მოგნუსხა, იმ მხევლის ოსტატისგან მოისმინო?
- დიახ - მიუგო ბრძენმა.
აბდ ალლაჰმა მუტრიბს სიმღერის დაწყება უბრძანა.
ჰანგის მოსმენაზე ბრძენი გულწასული დაეცა. ერთი პირობა ისიც კი იფიქრეს: ვაითუ, მოკვდაო.
აბდ ალლაჰ იბნ ჯაფარმა (ალაჰიმც იქნება მისით კმაყოფილი) განაცხადა: დახეთ, ამ კაცისმკვლელობით ფეხი ცოდვაში ჩავდგითო. შემდეგ კი ბრძანება გასცა, გულწასულისთვის სახეზე წყალი ესხურებინათ და ისიც გონზე მოვიდა.
აბდ ალლაჰმა უთხრა:
- ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ის მხევალი ამდენად გიყვარდა.
- ღმერთმანი - მიუგო ბრძენმა - დაფარული სჭარბობს აშკარას.
ისევ აბდ ალლაჰმა ჰკითხა:
- გინდა, ის სიმღერა მხევლისგან მოისმინო?
- აკი ნახეთ რა მომეწია, როცა ის სიმღერა სხვისგან მოვისმინე. თუკი ამ ჰანგებს სატრფოს ბაგეთაგან მოვისმენ, თავად განსაჯე, რა დღეში ჩავვარდები.
- თვითონ ის რომ ნახო, იცნობ? - ჰკითხა აბდ ალლაჰმა.
ბრძენი ატირდა და მიუგო:
ბეითი:
ვიცნობ თუ არა, ვინც გული და რწმენა წამგვარა?
მე მის თვინიერ არვის ვიცნობ ამ ცისქვეშეთში.
აბდ ალლაჰმა ბრძანა, მხევალი მოეგვარათ და ბრძენისთვის გადაეცათ: - ეს ასული შენია. ვფიცავ უზენაესს, მისთვის სხვა თვალით არ შემიხედავს.
ბრძენი აბდ ალლაჰის ფერხთით განერთხა და შეჰღაღადა:
რობაი:
ხელგაშლილობით მიშველე და დარდს აღარ ვისევ,
შენ განშორების ზვირთებისგან დამიხსენ მყისვე,
გულს განაშორე მოლოდინი, ავი და მქისე,
და ცრემლმოწვიმარ თვალებს ძილი არგუნე ისევ.
შემდეგ მხევალს ხელი ჩასჭიდა და მასთან ერთად სახლში გაეშურა.
აბდ ალლაჰმა მონას უბრძანა, მათთვის ორმოცი ათასი დირჰემი გაეგზავნათ, რათა მათ სულში ყოფიერი საზრუნავის მტვერი არ დალექილიყო და ერთმანეთთან განცხრომით დამტკბარიყვნენ.
* * * * * * *
ერთ ლამაზმანს, რომელსაც ათასი ბრძენის გული წარეტაცა და რომლის სახლთანაც ყოველ წუთას ათასი მეტრფე ალიაქოთს ტეხდა, პირნაზობის ჟამი წაუხდა და პირნასობის სავალალო ნიშნები დაეტყო.
მიჯნურებმა სიამტკბილობის ფარდაგი აზიდეს და მისგან ფეხი ამოიკვეთეს.
ერთ მათგანს ვუთხარი: - ეს ხომ იგივე სატრფოა, რომელსაც შარშან ეტრფოდით, ტრფიალით მდაგველს, ნახეთ: იგივე თვალ-წარბი აქვს, პირი და ბაგე. სწორედ იგივე ბანოვანი, ტანი - მაღლა აზიდული, სხეული კი - უფრო ჯანოვანი. რას მივაწეროთ თქვენი ეს ურცხვობა, უპირისწყლობა, ორგულობა და ნამარდობა, რომ მასთან შეხვედრის კალთა აიკაპიწეთ და კეთილგანწობა დაივიწყეთ?
მან კი მომიგო: - ვაგლახ, ამას როგორ ამბობ?! ეგ სული იყო, გულს და გონებას რომ მტაცებდა, იგი სუნთქავდა სხეულის ნაკვთთა სისწორით, ტანის სიფაფუკით, კანის სინატიფითა და ხმის სინარნარით. რადგანაც სულმა საბუდარი უკვე დატოვა, უსულო სხეული რატომ უნდა მიყვარდეს, რატომ უნდა მოვეპყრა თბილად, ანდა დამჭკნარ ვარდს რად გავუბა გალობა ტკბილად?!
რობაი:
ვარდი დაჭკნა და ეკლის ხილვა არ მომინდება,
შემოჰხვევია სულს ორკეცი სევდა ბინდებად,
მშვენიერება ჩიტია და სატრფო - გალია,
როს ჩიტი წავა, ეს გალია რაში მჭირდება?!
* * * * * * *
მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა