ფირდოუსი (ალაჰმა შეიწყალოს) წარმოშობით თუსელია. მისი სიდიადე და სრულყოფილება ყველას მოეხსენება. „შაჰ-ნამეს“ შემქმნელ კაცს სხვათა ქება-დიდება რაში სჭირდება.
გადმოგვცემენ, რომ ფირდოუსი ერთ-ერთი დეჰყანთაგანი ყოფილა, ვიღაცამ შეავიწროვა და მანაც საჩივლელად ღაზნაში, სულთან მაჰმუდის სატახტო ქალაქში, გასწია.
იქ მისულმა ნახა, სასახლის ბაღში ვიღაც სამი კაცი ჩამომსხდარიყო და მუსაიფობდნენ. მიხვდა, რომ სულთნის კარის მოხელეები უნდა ყოფილიყვნენ. თავისთვის ჩაილაპარაკა: „ერთი, ამათთან მივალ და ვნახავ, საქმეს როგორი პირი უჩანსო“.
მისი გამოჩენა დიდად არ ეპრიანათ. აქაოდა, ჩვენს თავყრილობას ჩაშლისო. ერთმანეთში ასეთი რამ მოითათბირეს: სჯობს, ვუთხრათ: ჩვენ ფადიშაჰის მგოსნები ვართ და, მგოსანთა გარდა, სხვას არ ველაპარაკებით. სამივე თითო მისრას წარმოვთქვამთ, რომელსაც მეოთხე აკლია, მერე კი ვიტყვით: ვინც მეოთხე მისრით დააბოლოებს, საუბარს მხოლოდ მას გავუბამთ. თუ ამას შეძლებ, ხომ კარგი, თუ არადა - ჩვენ ბოდიში!
ფირდოუსი მათთან მივიდა თუ არა, სწორედ ისე უთხრეს, როგორც წინასწარ მოეთათბირებინათ.
- აბა, წამიკითხეთ თქვენი მისრები - განაცხადა ფირდოუსიმ.
ონსორიმ წარმოთქვა:
შენს მწყაზარ ღაწვთან მთვარის სხივის ნასახიც არ ჩანს.
ფაროხიმ:
ვარდნარსაც ჩრდილავ, შენს მშვენებას ათასგზის ვაშა!
ასჯადიმ:
შენი წამწამი ორად გაკვეთს უცვეთელ ჯავშანს,
ფირდოუსიმ, ეს სამი მისრა რომ მოისმინა, მეოთხე იქვე, სახელდახელოდ შეთხზა და უპასუხა:
ვით ბრძოლის ველზე გივის შუბი საბრალო ფაშანს.
სახტად დარჩენილმა მსმენელებმა გივის და ფაშანის ამბავი გამოიკითხეს. მანაც დაწვრილებით მოახსენა, მერე კი სულთნის კარზე გამოცხადდა და მისი კეთილგანწყობა მოიპოვა.
სულთანმა უთხრა:
- შენი გამოჩენით ჩვენი თავყრილობა სამოთხედ აქციე. ამიტომაც მეტსახელად ფირდოუსი უწოდა. მცირე ხანი რომ გამოხდა, „შაჰ-ნამეს“ გალექსვა დაევალა. ათასი ბეითი შეთხზა, სულთანს მიართვა და დიდი ქება-დიდება დაიმსახურა, სულთანმა ათასი ოქროს დინარიც ფეშქაშად უბოძა.
ფირდოუსიმ „შაჰ-ნამეს“ დასრულებას მთელი ოცდაათი წელი შეალია, სულთანს მიართვა და უწინდელივით იმედოვნებდა, რომ თითო ბეითში თითო ოქროს დინარს მიიღებდა, მაგრამ საქმეში მეშურნეები ჩაერივნენ და მბრძანებელს მოახსენეს: განა ვიღაც პოეტს ამხელა ჯილდო ეკუთვნისო?!
საბოლოოდ, გასამრჯელოდ სამოცი ათასი დირჰემი გადასცეს. ფირდოუსიმ ეს ყველაფერი ძალიან განიცადა. გადმოცემის მიხედვით, ფულის მიტანისას, აბანოში ყოფილა. იქიდან გამოსულმა ოცი ათასი დირჰემი მექისეს აჩუქა, ოცი ათასიც-სირაჯს, დარჩენილი ოცი ათასი კი მათ, ვინც ფული მიუტანა, ხოლო სულთანი ორმოცამდე ბეითით გათათხა.
აი, მათგან რამდენიმე ბეითი:
მესნევი:
"შაჰი რომ მეფის მოდგმის იყოს, წესით და რიგით,
მე დამადგამდა მყისვე თავის მოოჭვილ გვირგვინს.
თუმცა, მის გვარში არვის ეცხო მცირე ღირსებაც
და ამიტომაც დიდკაცს როდი შეეთვისება.
თუ ხეს უგვანო ფესვები აქვს და არა - საღი,
რა ბედენაა მისთვის წმინდა ედემის ბაღი.
გინდაც სამოთხის წყარო რწყავდეს, ხენეშს სრულებით,
იქვე მოჩქეფდეს რძის და თაფლის ნაკადულები.
კაცსაც ვერ ნახავ საბოლოოდ მისით კმაყოფილს,
მწარე იქნება უსათუოდ მისი ნაყოფი."
ამის მერე მიიმალა. რამდენიც არ ეძებეს, ვერსად იპოვეს. კარგა ხნის მერე სულთან მაჰმუდის ვეზირმა, ხოჯა ჰასან მეიმანდიმ, ნადირობისას, „შაჰ-ნამედან“ რამდენიმე ბეითი წაიკითხა. სულთანს ძალიან მოეწონა და ჰკითხა: ვისი ლექსიაო?
- ფირდოუსისა - მიუგო ვეზირმა.
სულთანმა საკუთარი საქციელი ინანა და ბრძანა, ფირდოუსისთვის სამოცი ათასი ოქროს დინარი და საპატიო ხალათები მოემზადებინათ და თუსში გაეგზავნათ. მაგრამ განგებამ სხვაგვარად ინება: როცა თუსის ერთი ალაყაფიდან სულთნის საბოძვარი შეჰქონდათ, მეორე ალაყაფიდან ფირდოუსის კუბოს მიასვენებდნენ.
ფირდოუსის ერთი ასული დარჩა. სულთნის საჩუქარი მას მიართვეს, მაგრამ დიდსულოვნება გამოიჩინა და მიღებაზე უარი განაცხადა: თავი რომ ვირჩინო, იმდენი ქონება კი მაბადია და ეს საბოძვარიარ მჭირდებაო.
სულთნის მიერ წარგზავნილმა მოხელეებმა თანხა იმ მხარის ქარვასლათა მოსაპირკეთებლად გამოიყენეს.
ყითა:
ხამს, რომ ვუწყოდეთ ამა ქვეყნად დიდკაცთა ყადრი,
თორემ ცარგვალი ინისლება, წყრომით ივსება,
წარხდა მაჰმუდის დიდება და ის დარჩა ამბად,
რომ ვერ შეიცნო ფირდოუსის დიდი ღირსება.
შენიშვნა:
აბუ ლ-ყასემ ფორდოუსი (X-XI) - გენიალური ირანელი პოეტი, სპარსული პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი. ირანული ეროვნული ეპოსის „შაჰ-ნამეს“ ავტორი. დაიბადა ხორასანში, თუსის მახლობლად.
„შაჰ-ნამეს“ წერა, მეცნიერთა გამოკვლევით, დაუწყია 964-969 წლებში. ბოლო რედაქცია 1010 წლით თარიღდება. პოემა მოიცავა 60 ათას ბეითზე მეტს (120 ათას სტრიქონზე მეტი). დაწერილია მესნევის (წყვილად გარითული ტაეპები) სალექსო ფორმით.
„შაჰ-ნამეში“ გადმოცემულია ირანის უძველესი მითოლოგია და ისტორია არაბთა შემოსევებამდე. პოემაში ასახულია კეთილ და ბოროტ საწყისთა შორის ბრძოლის ზოროასტრული კონცეფცია, კეთილი საწყისის განსახიერებად გვევლინება ირანი, ბოროტს კი თურანი განასახიერებს.
„შაჰ-ნამეში“ გვხვდება სამიჯნურო ეპიზოდებიც. პოემა საქართველოში ძალიან პოპულარული იყო და შეიქმნა მისი პოეტური და პროზაული ვერსიები. პოეტური: ა) როსტომიანი ბ) ზააქიანი გ) უთრუთიან-საამიანი. პროზაული: ა) ფრიდონიანი ბ) უთრუთიან-საამიანი გ) წიგნისაამ ფალავნისა.
შუა საუკუნეების საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი გახლდათ როსტომიანი.
* * * * *
მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა