მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 613 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზღაპრული ქორწილი გადაუხადა ღუღუნი ჯაიანმა თავის ვაჟს, იმედო ჯაიანს. ცხრა მოზვერი, სამოცდაათი გოჭი, თორმეტი ქაცარი და ერთი ფერმა ქათამი დაიკლა იმ დღეს ზუგდიდში. ას თორმეტ ნაბიჯიანი სეფა იყო გამართული ხასხასა კოინდრით მოფარდაგებულ ეზოში.

ცა ფეხად ჩამოდიოდა... სტუმრები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ უწყვეტ ნაკადად. ნაშუადღევს, ქალების გარდა ექვსასი მსმელი ვაჟკაცი ეჯდა სუფრას და როდესაც ქორწილის თამადამ, იროდიონ შელეგიამ, ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო ბრძანა ლიტრიანი ყანწით, ექვსასი ლიტრა ღვინო დაილია ერთ დალევაზე.

- თვითონ დადიას არ მოსწრებია ასეთი ქორწილი! - თქვა ქორწილის კონსულტანტმა ოთხმოცდაათი წლის რემა ჩიქვანმა და ღვინით დაცვარულ ქათქათა ულვაშზე გადაისვა ხელი. - სო რენა მეჩონგურე ცირეფი? - იკითხა მერე და როდესაც მეჩონგურე ცირები მოგვარეს, „დიდოუ ნანა“ შეუკვეთა, სავარძელში ნებივრად გადაწვა, თვალები მინაბა და სმენად განეწყო.

ცა ჩამოვიდა ფეხად. წვიმა შეწყდა. მზემ დაწურული ღრუბლებიდან ისე გამოიხედა და აბრიალებული თვალით ისე დააშტერდა ზუგდიდსა და ჯაიანების ეზოს, თითქოს დედამიწას პირველად ხედავდა.

- არ თქვათ, ღმერთი არ არისო, - აღმოხდა გახარებულ თამადას.

- თვითონ დადიას არ მოსწრებია ასეთი ქორწილი. - გაიმეორა რემა ჩიქვანმა.

მელექედურელი შუტუნიე წიქარაძის დედის, აღათი აქუბარდიას სატირალიდან მოტაცებული ანგელოსი, თათულია ერქომაიშვილი ეჯდა დედოფლად იმედო ჯაიანს და ბედნიერებით იმ ცას წვდებოდა, წეღან რომ ფეხად ჩამოდიოდა.

მოტაცებული რას ჰქვია, თავისით წამოყვა თათულია ერქომაიშვილი იმედო ჯაიანს, თორემ ძალით რომელი ქალი უთრევიათ გურიიდან სამეგრელომდე, - და მაინც აგერ ერთი თვეა ჯაიანებმა ვერა და ვერ შემოირიგეს ფხუკიანი გურულები. ეს ზღაპრული ქორწილიც გურულების გარეშე მიმდინარეობდა ახლა. მაყრებზე აღარაფერს ვამბობ, ხელისმომკიდე რომ ხელისმომკიდეა, ისიც არ ახლდა თათულია ერქომაიშვილს ქორწილში. თუმცა მხლებელი რად უნდოდა ერქომაიშვილის ქალს, იგი ახლად ამოცურებულ მზესავით იჯდა მეუღლის გვერდით და გურიის კი არა, მთელი ქვეყნიერების საქალეთს წარმოადგენდა. ნათესავებისაგან უზომოდ შეურაცხყოფილი, იგი მაინც ამაყად იჯდა, არაფერს არ იმჩნევდა, მხოლოდ ძალიან დაკვირვებული თვალი თუ შეატყობდა, რომ სევდაშერეული ღიმილით ჰქონდა დაბინდული მშვენიერი სახე.

- როდემდე გაძლებთ უჩემოდ, გურულებო, ბოლოს და ბოლოს ხომ მაინც შემირიგებთ და სწორედ მაშინ გადაგიხდით სამაგიეროს ამ შერცხვენისათვის და აბუჩად აგდებისათვის, თქვე უმგვანოებო, - ასე ფიქრობდა თათულია, სეფაში შესასვლელი კალთა რომ გადაიწია და შიგ თავიდან ფეხებამდე გალუმპული, შუბლზე თმაჩამოყრილი ვაჟი შემოიმართა.

- მშვიდობა აქაურობას! - თქვა მან ხმამაღლა და, როგორც ყველა გოლიათს და ღონიერ კაცს ჩვევია, კეთილად გაიღიმა, თან ვეებერთელა ტორები ზურგს უკან დამალა უხერხულად.

- გადავირევი! - თქვა დედოფალმა და ფეხზე წამოდგა.

- ვინც არ უნდა იყოთ, მობრძანდით, ბატონო, სტუმარი ღვთისაა! - შეეგება მასპინძელი. - ისე მაინც თუ გვეტყვით, ვინ ბრძანდებით, უფრო გაგვახარებთ...

- მე სათუთია ვარ, ბატონო, შალიკაშვილი, პატარძლის დაგვიანებული მაყარი, - ისევ უხერხულად გაიღიმა სტუმარმა, - მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, მაინცდამაინც დღეს ჩამოექცა ჭერი ქვეყნიერებას და ცოტა შევყოვნდი გზაში.

- მადლობა ღმერთს, ერთი გურული მაინც გამოჩნდა და ყველამ არ გვიკრა წიხლი სუფრას, - ღიმილით, მაგრამ აშკარა საყვედურით უთხრა ღუღუნი ჯაიანმა.

- გურულებს ნუ გამილანძღავთ, ბატონო, და მთელი გურიის წილ ღვინოს მე დავლევ, ამით მაინც გამოვისყიდი მაგათ დანაშაულს, - თხოვა სათუთიამ.

- მაგარი ბიჭი ჩანხარ, ბატონო სათუთია, მაგრამ ცოტას ხომ არ ტრაბახობ? - ეჭვით შეათვალიერა მასპინძელმა.

- არა, ბატონო, რასაც ვჩივი, დასტურ ვჩივი! - უპასუხა შალიკაშვილმა.

- აგაშენა ღმერთმა!

- ჯარიმა მაგას და ყანწიც მაგას! - გასცა განკარგულება უკვე შეტორტმანებულმა თამადამ და ის ერთლიტრიანი ყანწი სათუთიასაკენ გამოაგზავნა.

- მაცალეთ, ბატონო და ახლავე! - თქვა სტუმარმა და ნეფე-დედოფლისაკენ წავიდა. ჯერ დედოფალთან მივიდა, ერთ ჰექტარ მკერდზე მიისვენა მისი ლამაზი თავი და შუბლზე აკოცა. მერე სიძეს მიუბრუნდა, დიდხანს უყურა.

- რა ჭკვიანი, ეშმაკი და კეთილი თვალები აქვს ამ დაგვალულს, - გულში ასე გაიფიქრა, ხმამაღლა კი ასე უთხრა: - მომილოცავს, ძამიაო, - ხელი ჩამოართვა, ისიც ჩაიკრა გულში, ოღონდ უკოცნელად და მერიქიფეს ყანწი ჩამოართვა.

- ჯერ ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო ბრძანეთ, ბატონო, მერე ნელ-ნელა დაგვეწევით, ალბათ! - შეახსენა თამადამ.

- თქვენი სახელი? - ჰკითხა სათუთიამ.

- ჩვენი? - თავის მხრივ ჰკითხა თამადამ და გულზე დაიდო გაშლილი ხელი.

- დიახ!

- იროდი, იროდი შელეგია, ბატონო!

- პატივცემულო იროდიონ, ძვირფასო სტუმრებო, მეზობლებო, მეგობრებო, მტერო და მოყვარევ, ერთი თვის წინ გაქრა მზე ოზურგეთის ციდან და აღარ გვინახავს მერე... - დაიწყო სათუთიამ.

- ნამდვილად ცუდი ამინდები დაიჭირა, ბატონო, - კვერი დაუკრა თამადამ.

- გაქრა მზე, ველოდეთ, ველოდეთ, - ისევ გამოჩნდებაო, მაგრამ გაგიგონია? ვის დაკარგვიხარ, ვინ დაგეძებს, ვის ახსოვხარ...

- არ შეიძლება მაგან თავისებური კვალი არ დააჩინოს მოსავალს... - ამოუდგა მხარში ვიღაცა სათუთია შალიკაშვილს.

- რასაკვირველია, გალში მაგალითად, სულ ჩამოგვიყარა ტყემალი, - იჩივლა სათუთიას წინ მჯდომმა კაცმა.

- დაღუპულხართ აბა? - შეიცხადა მეზობელმა გალელები.

- თქვენ რომ მობრძანდით, კი გამოიდარა, მზეც მოვიდა და გათბა კიდევაც... - უთხრა სტუმარს ღუღუნი ჯაიანმა და მადლობის ნიშნად მხარზე ხელი მოუთათუნა, ამით ისიც აგრძნობინა, თან საქმეს მიხედეო.

- მე რას მეფერები, ბატონო, ის მზე მისით მობრძანდა თქვენთან, თორემ ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სულ არ გამოვახედებდი აქეთ! - არ მიიღო მადლობა სათუთიამ.

- არაა მაგი საინტერესო, ვისი ტყემალი რამდენს მოისხამს და ვისი სიმინდი რამდენ ტაროს გამოიბამს, სიძე-დედოფალი მიდღეგრძელეთ, თუ შეიძლება, - შეახსენა დაგვიანებულ მაყარს მოვალეობა თამადამ.

- ეს მზე ჯვარს იწერს ახლა, - თავისი განაგრძო სათუთიამ, - ჯვარს იწერს მთვარეზე და ჩვენ ყველანი დამსწრე ვართ ამ ამბის... გამრავლდება მერე ეს მზე და აივსება ზუგდიდის ცა პატარა მზეებით და მთვარეებით, მერე ცაში რომ ვერ დაეტევიან, ფეხად ჩამოვლენ ის პატარა მზეები და მთვარეები და ახლა მიწაზე დაიწყებენ გამრავლებას...

- თქვენი გვარი, პატივცემულო? - შეაწყვეტინა ექსტაზში შესულ სტუმარს სიტყვა თამადამ.

- შალიკაშვილი! - გულუბრყვილოდ უპასუხა სათუთიამ.

- ოხ, მე კოპერნიკი მეგონეთ, - უთხრა იროდი შელეგიამ, - ყველამ გაიცინა, ვინც გაიგონა. სათუთიას არ გაუცინია მხოლოდ.

- კი, ბატონო, კოპერნიკი ვარ! - დაეთანხმა თამადას.

- მაშინ ბოდიშის მოხდით შეგახსენებთ, რომ ნეფე-დედოფლის სადღეგრძელო არ დაგილევიათ ჯერ!

- აბა, მე რას ვამბობ ამდენი ხანი? - გულწრფელად გაუკვირდა სათუთიას.

- ყველაფერს; სადღეგრძელოს გარდა, ის არ გითქვამს კიდე, დედამიწა რომ მრგვალია და რომ ბრუნავს... - უპასუხა თამადამ. ისევ გაიცინეს გარშემო. სათუთია გაშრა.

- დალიე აწი და დაჯექი, - თხოვა თათულიამ თავის მეზობელსა და ბავშვობის მეგობარს.

- კი, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, - გაუცინა სათუთიამ, ყანწი მოიყუდა და სულმოუთქმელად დაცალა.

- მაგარი ყოფილხარ შენ, ჩემო ძამია! - მოეწონა სტუმარი თამადას.

- კი ვარ მაგარი! - დაუმოწმა სათუთიამ.

- მაგარი მაშინ იქნები, ჩვენ რომ დაგვეწევი, - დაუძახა ვიღაცამ.

- რაა მაგისთვის საჭირო? - იკითხა სათუთიამ.

- დადიანის ყანწი! - იყვირა ზუგდიდის სამხარეო მუზეუმის დირექტორმა ზელიმხან ღვამიჩავამ.

- კი, ბატონო, დადიანის ყანწი იყოს და გინდა ბაგრატოვანის, ჩემთვის სულ ერთია, - გაიღიმა სათუთიამ.

- ძალიან სულელია, ძალიან ტრაბახა თუ ძალიან მთვრალი? - ჰკითხა სიძემ პატარძალს.

- ძალიან ჭკვიანია, ძალიან მორცხვი და ძალიან ფხიზელი! - სახე აელეწა პატარძალს.

- უნახავს მაინც თვალით დადიანის ყანწი?

- თუ არ უნახავს, ახლა ნახავს. - თქვა პატარძალმა ამაყად. სიძეს ცალყბად გაეღიმა.

წითელი ხავერდით გაწყობილი ოთხთვალა შემოაგორეს სეფაში. დადიანის ყანწი, ვერცხლის ქამარ-ხანჯალში გამოწყობილ ვაჟკაცივით, მხართეძოზე წამოწოლილიყო ზედ და ვეშაპივით პირდაფჩენილი უმზერდა მისი სიდიდით გაკვირვებულ საზოგადოებას.

- გაუვსეთ! - ბრძანა თამადამ.

ორი მერიქიფე ეცა ყანწს. ერთი მორჩილი დოქი და ერთი ბოთლი, სულ ოთხი ლიტრა ოჯალეში შთანთქა ყანწმა. უდაბნოში გზააბნეული ბედუინივით დაეწაფა ზედ სათუთია და ერთ ვეებერთელა ცნობისმოყვარე თვალად იქცა ექვსასკაციანი სუფრა.

- აუ, მართლა რა მაგარი ყოფილა ეს შობელძაღლი! - თქვა გაოცებულმა დადიანის ყანწმა, ზუგდიდში, ჯაიანების ქორწილში მაყრად ჩამოსულმა სათუთია შალიკაშვილმა ტუჩიდან მოუცილებლად რომ გამოსცალა, მაგიდაზე გააგორა და გვერდით რომ არ მიუწვა.

- თქვენია, ყმაწვილო, - აღმოხდა გაოცებულ რემა ჩიქვანს და ფეხზე წამოდგა.

- ვინ, ბატონო? - იკითხა გაკვირვებულმა სათუთიამ და აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა.

- თქვენია ყანწი, ყმაწვილო! - გაუმეორა რემა ჩიქვანმა.

- როგორ გეკადრებათ! - დაიმორცხვა დაგვიანებულმა მაყარმა.

- ბატონ რემას სიტყვა კანონია, ესეც რომ არ იყოს, ზედ აწერია ყანწს: „ვინც დამცალოს, იმის ვარო“, - დაუდასტურა ღუღუნი ჯაიანმა და სინანულით დაიქნია თავი.

- არა, ბატონო, ცალი ყანწი რად მინდა. მარტორქა კი არა ვარ, თუ გაქვთ, მეორეც მომეცით, იმასაც დავცლი და ორი ამნაირი ყანწის წაღება კი ღირს, ღმერთმანი! - გაიცინა უკვე შეზარხოშებულმა და ლაზღანდარობის ხასიათზე მოსულმა სათუთიამ.

- მაგისთანა მეორე სადაა, ბატონო, ეს ერთია, მთელი დადიების ისტორიაა გამოვლილი შიგ და მილიონადაა შეფასებული ექსპერტის მიერ, - თქვა ზელიმხან ღვამიჩავამ სლოკინით.

- არაა და დარჩეს აქ, ჩემს გაჭირვებას მილიონი მაინც ვერ უშველის. ასე ცალუღლად ვერ წავიღებ მაგას მე გურიაში, - გაჯიუტდა სათუთია.

- თქვენი სამოწყალო რა გვჭირს, ბატონო, სიტყვა სიტყვაა! - ეწყინა მასპინძელს.

- მაშინ მეორედ ამივსეთ, კიდე დავცლი და მერე წავიღებ, - მთლად აიგდო თავი დაელამებულმა სათუთიამ.

- აუვსეთ! - ბრძანა გაბრაზებულმა რემა ჩიქვანმა.

- არ ქნა მაგი, სათუთია! - თხოვა თავის მაყარს გაფითრებულმა პატარძალმა.

- ნუ გეშინია, შენ შემოგევლე, არ შეგარცხვენ, - დაპირდა მაყარი და ხელმეორედ აიღო ყანწი.

ისევ მიცვივდნენ ყანწს მერიქიფეები, ისევ შთანთქა ოთხი ლიტრა ოჯალეში ყანწმა, ისევ გადაიქცა ერთ ვეებერთელა ცნობისმოყვარე თვალად ექვსასკაციანი სეფა. ისევ დაეწაფა სტუმარი ყანწს. და...

- აუ, მართლა რა მაგარი ყოფილა ეს შობელძაღლიო, - ისევ უნდოდა ეთქვა დადიანის განცვიფრებულ და პირდაფჩენილ ყანწს, მაგრამ გამშრალი ენა ვეღარ მოიბრუნა, იმ წითელხავერდგადაფარებულ ოთხთვალაზე წამოწვა და ძალიან ღრმა ძილს მიეცა.

- შენია, შვილო, შენი! - უთხრა თვალზე ცრემლმომდგარმა რემა ჩიქვანმა, - კოჩი ვორექიასი ოკო თქუე, სკანი გოლუაფირო, - დასძინა მეგრულად, მერე გულში ჩაიკრა ოფლად გაღვრილი, გაღიმებული, თვალებ და გონება-დაბინდული გოლიათი, მაგრად გადაკოცნა და სკამზე დასვა ფრთხილად.

- სო რენა მეჩონგურე ცირეფი?! - იკითხა ისევ. მოგვარეს მეჩონგურე ცირები, - ამას გაყევით და ნანა უმღერეთ დილამდე, - ბრძანა რემა ჩიქვანმა და სავარძელში გადაესვენა კმაყოფილი.

ორმა ვაჟკაცმა მიაცილა მოსასვენებელ ოთახში ფეხარეული შალიკაშვილი.

- მაპატიეთ, ბატონო რემა, მაგრამ ვის ქონებასაა რომ ატანთ ამ შიშველ გადარეულს გურიაში? დაგავიწყდათ, ერთი დღით რომ აქვს ნათხოვარი მუზეუმიდან მაგი ყანწი ღუღუნი ჯაიანს? - შესტირა რემა ჩიქვანს მიტკალივით გათეთრებულმა ზელიმხან ღვამიჩავამ.

- ბრიყვო, რამ გაყო სამეგრელო და გურია? ყანწი ღირსეულს ეკუთვნის. ასე დააწერა თვითონ დიდმა დადიამ ზედ და ასე უნდა მოხდეს მაგი.

- დადიამ კი დააწერა მაგი ყანწს, ბატონო რემა, მაგრამ მაგი ყანწი მე დამაწერა მილიონად კულტურის სამინისტრომ და რა ვქნა აწი? ასე იყო შარშანაც, ლატარია რომ ატანდა ვიღაც ტვინგაწყალებულ ლეჩხუმელ ქარსელაძეს მაგ ყანწს სახლში და მეტი კი არ შეუძლია ამ გულს, გამისკდება ერთ მშვენიერ დღეს და მიყარეთ მერე კაკალი... - ატირდა ღვამიჩავა.

- მომწყდი, წიე, თავიდან. ვინ გაატანს მაგ მათხოვარს აქედან ყანწს, გამოჩნდება ვინმე დამლევი: თუ არა და სულაც მე დავლევ!.. - თქვა ამაყად რემა ჩიქვანმა და ხელის აქნევით მოიცილა მუზეუმის დირექტორი.

- აბა, თქვენი იმედი მექნება, - თქვა ძალიან სევდიანად ღვამიჩავამ. თავის ადგილზე დაბრუნდა და ახლა იქ განაგრძო ტირილი.

დილის ექვს საათზე უკვე ტახტზე იჯდა სათუთია შალიკაშვილი და სირცხვილით ოთახიდან გასვლას ვერ ბედავდა. ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო სრულად. ვერ იგონებდა, რა ჩაიდინა წუხელ: ახსოვდა მხოლოდ ის, რომ უამრავი ღვინო დალია და ძალიან გამომწვევად ეჭირა თავი, მაგრამ რა იბჟუტურა და ვის რა ჰკადრა, ვერა და ვერ გაიხსენა

 

* * * * * * *

 

ტახტზე იჯდა სათუთია შალიკაშვილი, ორი უზარმაზარი ტორი შემოეწყო ბურუსით გატენილ ვეებერთელა თავზე და ოთახიდან გარეთ გამოსვლას ვერ ბედავდა...

შვიდ საათზე კარზე დააკაკუნეს. სათუთია მოლოდინში დაილია და დაპატარავდა. ოთახში თათულია შემოვიდა. სათუთიას თავი არ აუწევია.

- დილა მშვიდობისა! - მიესალმა თათულია და გვერდით მიუჯდა. სათუთიამ ხმა არ გასცა.

- მოგჭერი თავი? - ჰკითხა ბოლოს.

- რას ამბობ, ბიჭო?

- შეგარცხვინე?

- პირიქით, მასახელე, სათუთია, არ დავივიწყებ მაგას არასდროს, მადლობელი ვარ შენი.

- დასტურ ჩივი მაგას?

- დასტურ ვჩივი. გამოდი აწი, სათუთია, ხალხი და ქორწილი გელოდება, - სთხოვა თათულიამ და თავისი პატარა ხელი უზარმაზარ თავზე დაადო.

- წავალ აწი მე, თათულია, გნახე და წავალ...

- რას ამბობ, სათუთია?

- აბა, საქეიფოდ ვარ მე აქ მოსული, ჩემო თათულია?

- აბა, რისთვის ხარ ჩამოსული? - ჰკითხა გაკვირვებულმა თათულიამ.

გუშინდელივით წახდა სათუთია და ისევ დაებინდა გონება.

ისე დიდი ხნით ჩამოვარდა სიჩუმე, რომ რაღაც საშინელის მოლოდინში თათულიას გული გაუჩერდა.

- ქვეყნიერების გაჩენის დღიდან მიყვარხარ, გოგო, რით ვერ შეგატყობინე და გაგაგებინე, - თქვა ბოლოს სათუთიამ ძალიან შორიდან და ძლივს გასაგონად.

- გაჩუმდი, ბიჭოო! - უნდოდა ეთქვა თათულიას, მაგრამ გამშრალი ენა ვერ მოაბრუნა და ამიტომ ის პატარა ხელისგული წეღან რომ თავზე დაადო, სათუთიას, ახლა პირზე ააფარა.

სათუთიამ ფრთხილად მოიცილა მისი ხელი.

- როდემდე გავჩუმდე, ცავ, მაგას და მაგნაირს თუ გაყვებოდი, გეთქვა დალოცვილო, გეთქვა და... მთელი ოზურგეთის ბიჭების ეკლესია და ხატი შენ იყავი...

- ვინ მითხრა მერე, ბიჭო, ვინ? - ჰკითხა გაოცებისაგან ფართოდ თვალგახელილმა და ხმადაკარგულმა თათულიამ.

- მაგის თქმას ვინ გაგიბედავდა, გოგო, მზესავით გვედექი თავზე და მზე როდის იყო ჩასვლა-ამოსვლას სხვას ეკითხებოდა...

- ვაი, შე საწყალო სათუთია!.. - სათუთიამ ისევ ფრთხილად აიღო თათულიას პატარა, თბილი ხელი და ლოყაზე მიიდო.

- დაბრუნდი უკან, შენ შემოგევლე, დაბრუნდი სახლში, ჩემო მზეო და სიცოცხლეო, არა და არ ღირს ჩემი სიცოცხლე აწი... დაბრუნდი სახლში, თათულია... - სათუთიას ხმა აუკანკალდა.

- ნუ იტყვი, სათუთია, მაგას, ნუ, იგი ბიჭი გვერდით რომ მიზის, ქმარია ჩემი, მე ცოლი ვარ მისი და ქვეყანას მირჩევნია... - ისევ ააფარა პირზე ხელი თათულიამ.

- მაგას არ ვტირი მეც? - თქვა სათუთიამ.

სტუმრის ოთახის კარი რომ შეაღო, რემა ჩიქვანი სახტად დარჩა. გოლიათი სტუმარი ტახტის კიდეზე იჯდა, დედოფლის პატარა თეთრი მუშტი მზისაგან დამწვარ ლოყაზე მიედო და იმ მუშტის ხელა კურცხალს აღვარღვარებდა.

- აუ, ამას რას ხედავს ჩემი თვალები, ყველაფერი გამიგია, მაგრამ შენნაირი ვაჟკაცის ტირილი?! ადექი ახლა, წამობრძანდი, დადიანის ყანწი და ხალხი გელოდება, ბიძიკო!

- ყანწისათვის და ქეიფისათვის ვარ მე ჩამოსული, რემა ბატონო? - ჰკითხა ნაღვლიანი ხმით სათუთიამ და ცრემლიანი თვალები მიაპყრო რემა ჩიქვანს, მაგრამ ამან არ შეიმჩნია, სიტყვა ბანზე აუგდო სტუმარს.

- მაინც რა ჰქენი წუხელ, ყმაწვილო, როგორ განაცვიფრე მთელი ქორწილი. ის ყანწი, ორი ზედიზედ, თვითონ დადიანს არ დაუცლია. სადაა ღმერთი, თორემ ასი წლის წინ უნდა გაეჩინე შენ...

- ასი წლის წინ იქნებოდა თუ დღეს, მაინც არ ურევია ღმერთი ჩემ გაჩენაში, რემა ბატონო...

- ნუ დარდობ, ბიძიკო, სიყვარულს და ყურადღებას არავინ მოაკლებს და სულ ხელისგულზე ატარებენ შენს თათულიას აქ... - ისევ ბანზე აუგდო სიტყვა ჩიქვანმა სტუმარს. დედოფალი ადგა და ოთახიდან გავიდა უხმოდ.

- სიყვარულს, ალერსსა და ყურადღებას რომ არ მოაკლებენ, მაგას ვტირი მე, ბატონო რემა... - უთხრა ქორწილის კონსულტანტს ოთხმოცდაათი წლის რემა ჩიქვანს დაგვიანებულმა მაყარმა, ოცი წლის სათუთი შალიკაშვილმა და ფეხზე წამოდგა.

- წადი, ბიძიკო, შენც, - დიდი ხნის დუმილის შემდეგ უთხრა რემა ჩიქვანმა სტუმარს - სახლში წადი!

- კი, სახლში წავალ და ჯანდაბაშიც, რემა ბატონო! - დაპირდა სტუმარი.

- მშვიდობით და ჭკუით იარე, ბიძიკო! - სთხოვა რემა ჩიქვანმა.

სტუმარმა კარი გააღო, ჯერ აივანი გაიარა, მერე ეზო, შემდეგ შუკა, შემდეგ დედო შარაზე გავიდა და ცას ახედა. ცა სავსე იყო პატარ-პატარა მზეებითა და მთვარეებით...

არავის არაფერი არ გაუგია. ზღაპრული ქორწილი გრძელდებოდა. დედო შარას ადგა სათუთია შალიკაშვილი. დედო შარას ადგა და ხელცარიელი, ფეხით ბრუნდებოდა გურიაში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ