მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 903 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

წითელი დირექტორი აპოლონ რაპოლიძე თავის კაბინეტში დადის და მემანქანე ქალის ზურგს ისე უკარნახებს, თითქო თავის თავს ელაპარაკებაო:

- ხოლო ცუდ მოსავალს მოსდევს... არა, მოსდევს კი არა, უნდა მოჰყვეს გლეხის გაღარიბება... მძიმე დაუსვით. გაღარიბება, საკლავი საქონლის გაიაფება, დარღვევა და...

საწერმა მანქანამ ჩხაკუნი და ხრიალი შეწყვიტა, ხოლო მარინემ დუმილის შემდეგ ჩურჩულით ჰკითხა მანქანაზე გაკრულ ქაღალდს, რომელზედაც იის ფერი ასოები დაგეშილ მოვარჯიშეებით ჩამწკრივებულიყვნენ:

- დარღვევა და...?

წითელი დირექტორი ქალის ზურგთან შესდგა. მერმე თავისი განიერი მკერდით მარინეს შიშველ ბეჭებს გადაეფარა და სთქვა:

- აბა მაჩვენეთ, რა დავწერეთ.

- საქონლის გაიაფება, დარღვევა და... - იმეორებს დაბეჭდილის უკანასკნელ სიტყვებს მარინე.

აპოლონ რაპოლიძის წვერი, - შავი, გრძელი, ხშირი და ლბილი წვერი მარინეს ტიტველ კანს აჩეჩილი ხავერდის ბეწვივით უღიტინებს, ხოლო მისი თბილი სუნთქვა კისერსა და ლოყას თბილი ნიავივით ელამუნება. ეს სუნთქვა, მამაკაცის იდუმალი სუნით გაჟღენთილი, თვრამეტი წლის ქალს ბანგივით ათრობს, ტანში საამური რეტივით უვლის და დაუდუღარ სისხლს განუცდელი ჟრჟოლით უბიბინებს.

- საქონლის გაიაფება და დარღვევა? რის დარღვევა? - ეკითხება დირექტორი.

მანქანის გაკრიალებულ ფიცარში, როგორც სარკეში, მარინეს მსხვილმა კბილებმა გაიელვეს. მისი ღიმილი უმალვე ჩაჰქრა. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სასულეში ნერწყვი გაუშრა.

- მიშველეთ, მარინე, - ჟღერადი ხმით ეჩურჩულება აპოლონი და წვერის ბოლოს ყურის ძირში უცაცუნებს. - აბა, აამუშავეთ ეგ პატარა თავი, როგორ დავწეროთ?

- არ ვიცი. - ძლივს იპოვნა ორი დამბალი სიტყვა მარინემ და ალანძული თავი მარცხნივ წაიღო, დირექტორის წვერის უცნაური ღიტინიც და ადუღებული სუნთქვაც თან მიჰყვნენ იმის ბეჭს, კისერსა და ყურის ძირს.

- ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მარინე?

- ჰო... მაგრამ... - ამოიორთქლა გაბრუებულმა ქალმა.

- თუ ეგრეა... ვერც აპოლონმა დაამთავრა. უფრო გადაიხარა და თავისი ბუმბულიანი ყბა ქალის ცხელ ლოყას მიაკრა.

მარინემ გაიწია, მაგრამ იმავ წამს მარცხენა იღლიის ქვეშ აპოლონის მძლავრი მკლავი გამოედო, ხოლო შიშველ ბეჭებზე ჯუბაჩის ცივი ტყავი გადაეფარა. მარინე აპოლონის მაჯას დასწვდა და ერთხელ კიდევ გაიწია.

- დაიცა, მარინე... დამაცა... და ქალის მარჯვენა მაჯა ჩაბღუჯა.

წამოწეულმა მარინემ ერთხელ კიდევ შეიფართხალა დაჭერილი თევზივით, მაგრამ უმალვე სკამზე დაეშვა და გაინაბა. მხოლოდ თავის მარცხენა ხელს მაგრად უჭერდა მარცხენა იღლიის ქვეშ გაყრილს აპოლონის მაჯას და ციებ-ცხელებიან ქათამივით ცახცახებდა. აპოლონმა მეორე ხელით მარჯვენა მკლავი დაუმაგრა და შეჰბოჭა.

ერთ წუთს ორივემ სიტყვა ვეღარ იპოვნეს. ისე გახევდნენ და გატვრინდნენ, თითქოს ურთიერთი შეჰკრეს და დააპატიმრესო.

- მარინე... ყური დამიგდე.

- გამიშვით. - ნელი კვნესით ამოიკვნესა მარინემ, მაგრამ აღარ გაიწია.

- მარინე... ჩემო მარინე! - ათრთოლებული ხმით აბუტბუტდა დირექტორი. - ყური დამიგდე, ქალო. სათქმელი მაქვს... ბევრი მაქვს სათქმელი. - და წუთიერი დუმილის შემდეგ შეკრულ ყელიდან ხრიალით ძლივს ამოიგდო ერთი სიტყვა: - მიყვარხარ.

და ისევ დადუმდა. მისი ნელი თრთოლა შავი ტყავიდან მარინეს ზურგზე გადადიოდა და აფორიაქებულ სისხლს ცხელი ორთქლივით უჟღენთავდა.

- ბევრი სათქმელი მაქვს, ბევრი... მიყვარხარ... მიყვარხარ... - ერთხელ კიდევ ჩასჩურჩულა ყურში და - „ბევრი სათქმელი“ ამ ერთი სიტყვით ამოსწურა.

მაგრამ ეს ერთი სიტყვა იყო ცხელი, გალხობილი და გულის ჯურღმულიდან მომავალი. სხვა დროს მარინე არ დაიჯერებდა: მკაცრი, ცივი, გულმაგარი და მიუკარებელი აპოლონ რაპოლიძე ყინულის პირიდან ამ ცეცხლიან სიტყვას ვერ ამოუშვებდა. ეს ერთი სიტყვა ისე არ მიუდგებოდა იმის უძრავსა და ბრინჯაოს პირისახეს, როგორც გაცვეთილი და გახუნებული მაუდის ნაჭერი, რომელსაც ლითონისაგან ჩამოსხმულ გრუზა თავზე ქუდის მაგივრად ატარებდა. ხოლო ეხლა ეს ერთი სიტყვაც, - დამდნარი ლითონივით ამონახეთქი, ნაკვერცხალივით ცხარე და წმინდა ფოლადივით აჟღერებული, - ისე უხდებოდა გოლიათ აპოლონ რაპოლიძეს, როგორც ასურული წვერი, მოკლედ შეკრეჭილი ხშირი ულვაშები, რკინაღეჭია კბილები, კაკლის ოდენა ნახშირივით თვალები და მარგილის მსგავსი მკლავები, სადაც მოსამსახურე ქალი ისე იყო განაბული, როგორც არწივის კლანჭებში გაბმული ხოხობი.

ბოლოს, ენადაბმულმა დირექტორმა ძლივს იპოვა სიტყვები და ამ სიტყვებს ისე ისროდა, როგორც გახურებულ რვალის ნაჭრებს:

- ყური დამიგდე, მარინე... ორმოცი წლისა შევსრულდი... მაგრამ აქამდე არავინ მყვარებია.

მარინეს კბილებმა ერთხელ კიდევ გაიელვეს მანქანის შავ სარკეში.

- არა გჯერა? გაძლევ პატიოსან სიტყვას... რომ ერთხელ, ოცი წლის წინათ... მხოლოდ ერთხელ დამემართა, რაც ეხლა მემართება... მას აქეთ ამისთანა რამ აღარ მიგრძვნია.

მარინეს პირისახეზე, შუბლით ნიკაპამდე და ყურით ყურამდე ოდნავმა ეჭვის ღიმილმა გადაურბინა:

- ერთხელ? მართლა?

- ჰო, ჩემო მარინე, ჰო! მხოლოდ ერთხელ... მას აქეთ არავინ მომწონებია... ჩემი გული არავისთვის მიმიცია. გესმის?!.. არავისთვის-მეთქი. არავისთვის!

კვლავ გაყუჩდა. მერე დაუმატა:

- მითხარი რამე... სთქვი რამე.

მარინემ წამოიწია, მობრუნდა და მაღალი ტანით აპოლონს თითქმის გაუტოლდა. სდგას შუბლაკრული, უღიმო ქალი და გაბრწყინებულის, ყავისფერი თვალებით კაკლის ოდენა მაყვალა თვალებში აშტერდება.

- ეგრე რად მიყურებ, მარინე?

პასუხად გრძელი თითები ტყავის გადმოკეცილ საყელოში ჩასჭიდა, ავარვარებული თავი ჩაჰკიდა და წაიბუტბუტა:

- მჯერა.

ოთხი მკლავი, ორი მკერდი და ორი პირისახე ისე ჩაეხლართნენ და მიეკვრნენ ერთმანეთს, თითქო ერთ სხეულად უნდა გადამდნარიყვნენო. იმავ წუთს აპოლონის აზრმა, სისხლმა და თვალმა ოცი წლის მანძილი მოსპეს და დღევანდელი და მაშინდელი ერთმანეთს შეადუღეს.

 

* * * * * * * *

 

ერთი თვე ძლივს იქნება, რაც აპოლონ რაპოლიძემ მარინე შოფურიძე სამსახურში მიიღო. პირველად რომ შეხედა მთხოვნელის სუფთა და გაშლილ პირისახეს, აშოლტილ ტანს, დიდრონ კბილებს, ყავისფერ თვალებს და მუდამ ოდნავ გახსნილ ტუჩებს, თვალები მილულა და შეტორტმანებული გული ძლივს შეაყენა. სადღაც ჯურღმულში ჩაფლულ ვინმეს უცებ ავლი აეყარა და მივიწყებული დედაკაცი, ანაზდად გაცოცხლებული, თვალწინ აეჭიმა, უცნაურმა ძალამ გაჰკრა და გაჰკაწრა. მაგრამ წითელმა დირექტორმა დაგეშილი ნებისყოფით უნებურად გაქელილ მოგონებას მაშინვე ისევ წააყარა დავიწყების ფერფლი და ოდნავ მომღიმარე ქალს ისე უთხრა, თითქო კედელს ეუბნებოდა:

- კარგი. ხვალინდელ დღიდან დაიწყეთ მუშაობა.

ქალი გავიდა, ხელო დირექტორის თვალები მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოსწყდნენ იმ კარებს, რომელმაც ჩაჰყლაპა მარინეს პატარა ფეხები, მაღალი ქვედატანი, სავსე ზურგი, თეთრი კისერი და წაბლის ფერი დიდი ბულული.

სანამ დღიური მუშაობა გათავდებოდა, დირექტორი და მემანქანე ერთმანეთს ერთხელ-ორჯერ ძლივს მოჰკრავდნენ თვალს. მაგრამ მესამე დღიდანვე რაპოლიძის მდივანი თითქმის ყოველდღე ეტყოდა ხოლმე მარინეს:

- დარჩით, დირექტორს მოხსენება აქვს დასაწერი.

ან კიდევ:

- საღამოზე მოდით. სამუშაო გვაქვს.

დარაჯი საწერ მანქანას დირექტორის კაბინეტში გადაიტანდა. მარინეც მანქანას მიუჯდებოდა და კარნახს ელოდებოდა. მაღალი, სრული და შავგვრემანი დირექტორი დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული და მარცხენა ხელით წვერს იწიწკნიდა. მერე იტყოდა:

- აბა დავიწყოთ.

და კარნახს დაიწყებდა. მოხსენების მაგიერ უბრალო წერილები იწერებოდა. მარინეს ჯერ არ ესმოდა: რად აძლევდა რაპოლიძე ასეთ მიწერ-მოწერას საიდუმლო ხასიათს, რად ჰკარგავდა თვითონაც ზედმეტ დროს და დამშეულ მარინესაც რად აკარგვინებდა სადილობის დროს. მერე კი მიაგნო და იგრძნო.

დირექტორი კარნახის დროს მემანქანე ქალს წინ დაუჯდებოდა და გრძელი წამწამებით დაბინდულ თვალებს მარინეს სავსეპ ირისახეს ისე ჩააბეჭდავდა ხოლმე, თითქო იმ პირისახის იქით კიდევ ვიღაცას ხედავდა და თვალით იმ უჩინარს შესცქეროდა და ნახევარი გულით იმ უხილავზე იყო მიკერებული.

ზოგჯერ აზრი გაუწყდებოდა და კარნახში ორიოდე კითხვას ჩაურთავდა:

- მაშ თქვენ მარინე გქვიათ, არა?

- დიაღ.

- მარინე შოფურიძე?

- დიაღ.

- შოფურიძე... შოფურიძე... რაღაც მახსოვს... მაგონდება... სადღაც გამიგია, მაგრამ... შუბლს ისრესავდა, ჭერს შესცქეროდა, იგონებდა და დაკარგულ ვინაობას ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა.

მარინე გრძნობდა, რომ აპოლონი იმისგან დახმარებას და დავიწყებულის გახსენებას ელოდებოდა, მაგრამ სდუმდა და თავის გვარეულობაზე არაფერს ამბობდა. მხოლოდ ერთხელ სთქვა:

- შოფურიძეები ბევრნი არიან. თქვენ ბაქოში ხომ არ გიცხოვრიათ როდესმე?

- არასოდეს. - უპასუხა დირექტორმა.

- ჩვენ ბაქოელები ვართ. იქიდან არსად გავსულვართ. ამიტომ არც ჩემი მშობლების ცნობა გექნებათ.

ამით დასრულდა მარინეს გვარ-ტომების ძებნა. მაგრამ ათიოდე წუთის შემდეგ დირექტორმა ისევ შესწყვიტა კარნახი და ჰკითხა:

- დიდი ხანია, რაც ქალაქში ცხოვრობთ?

- ერთი თვე არც კი იქნება.

- საიდან ჩამოხვედით?

- ბაქოდან.

- მანამდე ტფილისში არ გიცხოვრიათ?

- არასოდეს.

- არც რუსეთში ყოფილხართ?

- არა... არ ვყოფილვარ.

დირექტორი თითქო დამშვიდდა.

- კეთილი. აბა, გავაგრძელოთ. სად შევჩერდით?

- „ჩვენ სახალხო და სახელმწიფო მეურნეობას საფუძვლადა ქვს...“

- ჰო, საფუძვლად აქვს...

ზოგჯერ კარნახის დროს მარინეს ზურგის უკან მოექცეოდა და იმის სავსე ბეჭებს, კისრის და აბრეშუმის დალალს, - ბულულივით აყრილს, ღია წაბლის ფერ თმას გულზე იხვევდა.

ქალიც ზოგჯერ თავს გვერდით მოიგდებდა, უკან მიიხედავდა, მორცხვად გაიღი-მებდა და გონდაკარგულ დირექტორს ჰკითხავდა:

- მერე? -

- ჰო... ეხლავე... უკანასკნელი სიტყვა წამიკითხეთ.

მარინე დანაწერს წაუკითხავდა. მერმე მანქანას ან კედელს ჩააშტერდებოდა და იცდიდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ რაპოლიძე უცებ გამოვიდოდა ხოლმე ბურანიდან და თითქო თავისთავს მიუგდებდა:

- გვეყოფა... წადით... სადილი გაგიცივდებათ.

და ბაკუნით მიმავალ ქალს დანისლულ თვალებს გააყოლებ-და. 

 

* * * * * * * *

 

ერთ თვეში წითელი დირექტორი უცნაურად შეიცვალა: მოლბა, მოდუნდა და გაფაქიზდა. მაგიდას მუშტით აღარ ამტვრევდა, აღარც კედლებს ეხეთქებოდა და არც ხაფი ხმით გრგვინავდა:

- აბა ჩქარა!.. ეხლავე!.. მომშორდით თავიდან, თორემ...

ვიღაცამ თუ რაღაცამ სირბილი სიარულზე შეაცვლევინა, მუშტები მოუდუნდა და ლბილი სიტყვები შეასწავლა:

- გთხოვთ... ცნობა მობოძეთ... ნუ დამაგვიანებთ... სკამი ინებეთ.

ზოგჯერ დიდი ხნით გაირინდებოდა, დასევდილ თვალებს ერთ წერტილს მიაბჯენდა და ოთახში შემოსულს ძლივსღა ამჩნევდა.

მისი გაკაჟებული გული, - დაულეველ ჭირში, გაყინულ კატორღაში და დაუსრულებელ ბრძოლაში ნაწრთობი, - ერთ თვეში შეუმჩნევლად მოლბა და გაცვილდა. საგულეში ცივი რკინის ნაცვლად თბილი სანთელი აენთო, ხოლო სუსხიანი სისხლი იმ სანთელზე ყინულივით გალხვა და დადნა, მერმე ის სანთელი აბობოქრებულ ხანძრად გადაიქცა, ხოლო აჩუჩუნებული სისხლი ისე აუდუღდა, თითქო ათასი ეშმაკი დღე და ღამ ჯოჯოხეთის ცეცხლს უკეთებდნენო.

და იმ დღეს აჩუყებულმა სისხლმა საბურველი ამოხეთქა, ხოლო მისი ცეცხლი მარინესაც მოედო და ორივენი დიდი ხუთშაბათის ჭიაკოკონასავით ააპრიალა.

 

II

 

- კარგი, გეყოფა... ნუ გაგიჟდი. გეყოფა მეთქი. - მეათეჯერ ამბობს მარინე და აპოლონის მკლავებიდან ვითომ გამოსხლტომას ჰლამობს. მაგრამ ისევ თვითონვე ეხუტება, ლოყით შავ წვერს ეხახუნება და ხანგამოშვებით თავის ანთებულ ტუჩებს დასალევ ფიალასავით უშვერს.

ბოლოს ხელიდან გაუსხლტა, მინიან კარადას მიდგა და გაწეწილი თმა შეისწორა, მერმე ისევ აპოლონს მიუბრუნდა, რომელიც სავარძელში ჩაწოლილიყო და მიბნედილ თვალებს პაპიროსის კვამლს აყოლებდა:

- ეხლა? არ წავიდეთ?

დირექტორი წამოდგა. ხელები მკლავებში ჩაავლო და უთხრა:

- ხომ მენდობი?

- რა თქმა უნდა, მერე, რა გინდა?

- დავრეტიანდი. მარტო ვერ გავძლებ. უშენობა აღარ შემიძლიან. მცხეთისკენ გავიაროთ და მოვილაპარაკოთ. ხომ არ გეშინიან?

- შენთან?! არა, მაგრამ... დამიგვიანდება. დედა რას იტყვის?

დედა რას იტყვისო?! რაც უნდა, სთქვას. საკვირველია, რატომ ვერ შეეჩვია აქამდე მარინე ახალ ქვეყანას!

- შევეჩვიე, მაგრამ...

შეეჩვია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შეეჩვია.

- სადაური შეჩვევაა, თუ მუდამ შიშში ხარ: დედა რას იფიქრებს? რას იტყვის? რა თვალით შეხედავს ჩემ დაგვიანებას? ეგ არის დღევანდელი ქალის თავისუფლება?

მარინე ყოყმანობს.

- დამიგვიანდება. დედა ძებნას დამიწყებს.

- არა, ქალო, არ დაიგვიანებ. ერთი საათი გზას დასჭირდება, ერთიც სადილს. ეხლა ხუთი საათია. შვიდზე შინ იქნები.

- კარგი, აპოლონ, კარგი, დამშვიდდი. ოღონდ ნუ გაუწყრები შენს მარინეს, ოღონდ ნუ აღელდები და მარინე ეხლავე დაგიმტკიცებს, რომ ის ახალი ქვეყნის ქალია.

- დედა შენმა რომ გაიგოს ჩვენი გასეირნება ავტომობილით, რას გეტყვის?

- რაც უნდა, სთქვას.

- შენ რას ეტყვი?

მარინე ეტყვის: - მე აპოლონი მიყვარს და...

- აბა მაჩვენე როგორ გიყვარს?

- აი, ესე.

ერთხელ კიდევ ჩაეხვივნენ ერთმანეთს და გამოვიდნენ. ქუჩაში დირექტორს ავტო ელის.

- დაიცა, აპოლონ, ერთად ნუ გავივლით შუა ქალაქში, თორემ აყაყანდებიან: დირექტორი თავის მოსამსახურე ქალს სახაზინო ავტომობილით ასეირნებსო.

- კისერიმც მოუტეხიათ! რამდენიც ენებოთ, იმდენი იჭორაონ. აქამდე რაპოლიძის გვერდით ქალი არავის უნახავს. დღეიდან კი აპოლონი მარინეს არ მოშორდება. ჩაჯექი, მარინე, ჩაჯექი.

- სიმონ მცხეთისკენ გავისეირნოთ?

შოფერს უკვირს. იღიმება.

- რატომ არა. წავიდეთ.

- მაშ გაუტიე.

 

* * * * * * * *

 

გაუტიეს. შემოდგომის თბილი დღეა. ძალმოტეხილი მზე სერზე შემდგარა და ყოყმანობს. ლაჟვარდი ცა მოოქროვილ ნამგალა ღრუბლებით მოფენილა. მყინვარის თავი უზარმაზარ ნაკვერცხალივით აშოლტილა. დიღმის ველი, გაღმა მხარე და ზედაზენის ქედი ლალნარევი დამდნარი ქარვით არიან შეპკურებულნი.

ორმოცძალიანი ბენცი გუგუნით მიჰქრის და კორიანტელის გრძელ კუდს მიათრევს, გარინდული მარინე აპოლონის განიერ მკერდს მიჰკვრია. იგი თრთის და ირხევა. ზოგჯერ ავტო ორივეს განზე გაისვრის ან ზევით შეახტუნებს. მაგრამ ორივენი, განუყრელნი არიან, როგორც ერთი სხეული: აპოლონის მკლავს საბედოს წელი რკინის კარშიკივით შეუსალტავს.

- აგერ, ტივი. ალბათ ბორჯომიდან მოდის. - ჩასჩურჩულებს აპოლონის მკერდს მარინე.

გაღმა, ვერხვებისა და ბუჩქნარის ძირში ტივი უზარმაზარ ნაფოტივით მოსრიალებს და ორს ორთაყვირს ისე იქნევს, როგორც უცხო რამ კალია ორს მოტეხილ ფეხს.

- ბორჯომში ყოფილხარ, მარინე?

მარინე ბორძიკობს: - მე?.. ბორჯომში? - და დონდლოდ ათავებს: - არა, არ ვყოფილვარ.

- მაშ საიდან იცი, რომ ტივები ბორჯომიდან მოდიან ხოლმე?

- ვიცი... გამიგია.

- არც ამ გზაზე გივლია? მცხეთა არ გინახავს?

მარინე ისევ ყოყმანობს:

- არა... არ მივლია... არ მინახავს.

აპოლონს მარინეს ყოყმანი არ ესმის. მისი გული უცხო და უცდელი მადლით არის გატენილი, ხოლო აზრი ხვალინდელის ზომავს და მომავალზე ზრუნავს: რა იქნება ხვალ, ზეგ, მაზეგ? მარინე თვრამეტი წლის ძლივს იქნება. როგორც ეტყობა, კარგად არის გაზრდილი და განათლებული. კარგი ოჯახის შვილი მოსჩანს. ესეც რომ არ იყოს, უბრალოდ ვერ მოიჯერებს ჟინს და ისე ადვილად ვერ მოიშორებს, როგორც აქამდე მოექცა სამ თუ ოთხ ქარაფშუტას, რადგან... მართლა უყვარს ეს ქალი აპოლონს, თუ... არა, არა! შორს ასეთი ტუტუცური ეჭვი, შორს!

- მარინე!.. ჩემო მარინე! ხომ არა გცივა, ქალო?

მარინე ბულულიან თავს იქნევს და ბინდ-ბუნდად იღიმება. არა, მარინეს არ სცივა. თავისი მსუბუქი მოსასხამიც ეყოფა. ყურით სცდილობს ტყავის ჯუბაჩი გაუღეღოს და თავი შიგ შეჰყოს.

აპოლონმა ტყავის კალთა გადაიკეცა და მარინეს თავის ნახევარი უბეში შეუშვა.

„საოცარია! - გუნებაში ამბობს აპოლონი. - იმასაც ესე უყვარდა გარინდება და ძილიც. ყველაფერში იმას ჰგავს, ყველაფერში: ტანი, პირისახე, მიხვრა-მოხვრა, სიტყვა და... ალერსიც“.

- მარინე, დედაშენს რა ჰქვიან? ისევ ტორტმანი და ლუღლუღი:

- ელენე.

ავტომ დიღმის ველზე გზა გაისწორა და ქაქანსა და გუგუნს მოუხშირა. ქალაქისკენ ტაატით მიმავალი ურმები თითქო მოჰქრიან. მენახირე ბიჭებმა მგზავრებს სახრეები მოუქნიეს, ღორღი დაუშინეს და ჟივილით რაღაც მიაძახეს. ავჭალიდან უზარმაზარი თავშავა წითელი გველი მისცოცავს და თავის ნაორთქლს ღრუბლის ბურთებივით ისვრის. რკინის ხიდთან გორაკის კონცხს შემოურბინეს, რკინის გზა გადასჭრეს და მუხათგვერდს შეუდგნენ. მარინე გაღმა იხედება და ფიქრებში წასულ აპოლონს ეკითხება:

- ეს რა არის? ზაჰესია, არა?

- ჰო გენაცვა, ზაჰესია.

სხვას და სხვა დროს აპოლონი მრავალს მოუთხრობდა დიდი ელექტროსადგურის შესახებ, რომელიც ჯვარის მონასტერის ძირში შენდებოდა. ეხლა კი დადუმებული იყო. თითქო არ ეცალა. არაგვის ხეობას გასცქეროდა და ისევ მომავალს ჰბურღავდა.

პატარა ქალაქმაც გაირბინა. ხეობაში უკვე ბინდ-ბუნდი იშლიდა მუქ ფრთებს. მხოლოდ ჯვარის გუმბათი იწვოდა. ზედაზენის ქედი დაჩოქილს საარაკო ვეშაპს ჰგავდა, რომელსაც ცხვირი წყლის დასალევად არაგვში ჩაეყო, ხოლო აგრეხილი და მოოქროვილი ხერხემალი აეშოტნა. პატარა და დაწმენდილი არაგვიც ისე მიჰკვრიყო განიერს და ბებერ მტკვარს, როგორც მობუზული მარინე აპოლონ რაპოლიძეს, რომელიც შავი კლდესავით გაჯაჯღულიყო. მაღალი და განიერი სვეტი ცხოველი გაქვავებულ გოლიათივით დასცქეროდა ქოხმახიან სოფელს. ღართისკარის ჩამოგლეჯილი გულმკერდი თითქო შესჩიოდა ზედაზენს, არაგვსა და თავმოგლეჯილ ბებრის ციხეს: „აჰა, შემომხედეთ და შემიბრალეთ! აი, როგორ ჩამინგრიეს გული და განმძარცვეს სამოსელი!“

ორთქლმავლის საყვირმა საზღაპრო რკინის რაშივით დაიჭიხვინა. არმაზის კლდეებმა ის ჭიხვინი მოიტაცეს და მტკვრის გაღმა-გამოღმა ერთმანეთს ბურთივით გადაუგდეს. ბოლოს, ლითონის ხრიალი სადღაც შორს, შიო მღვიმეს საკნებში შთაინთქა.

ავტომ მიუხვ-მოუხვია, ქვის ხიდის დამტვრეული ზურგი გადაირბინა და მცხეთისკენ მიბრუნდა.

მარინემ იდაყვი წაჰკრა აპოლონს და თვალებში გაუღიმა.

- სად მივდივართ? დაგეძინა?

აპოლონი გამოფხიზლდა. ცალი თათი ფართე შუბლზე გადაუსვა და ეშმაკურად ჩაუცინა:

- დაგეძინაო? შენს გვერდით ვიჯდე და დავიძინო?! თუმცა შენთან ძილი... ხო- ხო- ხო!

- კარგი, გაჩუმდი! - შეუტია მარინემ. - არ გიხდება ეგეთი ხუმრობა.

- მე არ ვხუმრობ.

- კიდევ უარესი. ეგ სიტყვა არ გიხდება მეთქი.

- რატომ? რატომ არ მიხდება? 

მარინე უფრო მიეხუტა. მერმე გაუბედავად ჩაიბუტბუტა:

- არ ვიცი. ვერ გეტყვი... არ შეგშვენის.

- იქნებ კიდევ სხვა რამ არ მიხდება?

- დანარჩენი ყველაფერი გიხდება.

- მაგალითად, რომ გეტყვი ხოლმე: მიყვარხარ, ეს სიტყვა კი მიხდება?

მარინემ აპოლონის ფერდთან ჩაიხითხითა:

- ძალიან, ძალიან! არა, კიდევა სთქვი.

- მარინე, მი-ყვარ-ხარ. - ჩასჩურჩულა ყურში აპოლონმა.

ისევ ჩუმი ხითხითი და ნელი თრთოლვა.

- აბა, ერთხელ კიდევ... კიდევ ერთხელ... კიდევ... კიდევ... ათჯერ კიდევ... ასჯერ... ათასჯერ.

და დირექტორის ჩაღუნული თავი გულიდან ამომავალ სიტყვას ათჯერ და ოცჯერ ჩურჩულებს:

- მიყვარხარ, მარინე... მიყვარხარ, ქალო... გაიგე? მიყვარხარ-მეთქი...

ხოლო იმის იღლიაში შემძვრალი მარინე ჩუმი სიცილით იცინის და ისე ფამფალებს, თითქო ვიღაც სხეულის ყოველ წერტილს უღიტინებსო. მერმე გასწორდა და გადაიხარხარა.

- რა გაცინებს, ქალო?

- ხი-ხი-ხი... დღეს დილით არც კი დავიჯერებდი, რომ შენ ეგ სიტყვა იცოდი, ხი-ხი... რომ მაგ სიტყვის თქმას მოახერხებდი.

- რად გეგონა ეგრე?

- იმიტომ, რომ... პირქუში ხარ.

- მარტო მაგიტომ?

- ბღვერია ხარ... კამეჩივით.

- ხო-ხო-ხო... კიდევ? კიდევ რა ვარ?

- კიდევ გინდა? ღრენია ხარ... ყურშა ძაღლივით.

დირექტორის ხარხარმა ბენცის ხვიხვინი ჩააჩუმა:

- კიდევ? კიდევ რა ვარ? 

- ბღენძია ხარ... ინდოურივით. ბაჯბაჯა ხარ დათივით.

„დევმა“ ისე მოსწია წელწვრილა მარინე და ისე დაიქუხა, რომ ქალის წრიპინი და კვნესა ვერც კი გაიგონა. უცებ გონს მოვიდადა დაფეთდა:

- ხომ არ გეტკინა?.. ხომ არაფერი მოგტეხე?.. უი, გამიხმეს ეს ხელი. - და ერთი ხელით მეორეს დაუწყო ცემა. - ბოდიში, გენაცვალე, ბოდიში! მაპატიე, შენი ჭირიმე, მაპატიე!

მარინემ ცალი ხელით ნეკნები გაისინჯა და ნაძალადევად გაიღიმა:

- არც ეგ სიტყვა გიხდება.

- რომელი? -

„ბოდიში“ და „მაპატიე“.

- კარგი, გენაცვა, კარგი. ამ ორ სიტყვას არასოდეს აღარ ვიხმარებ, არც მაშინ, როდესაც ნამდვილად დავაშავებ.

- მაშინ? ჰმ... მაშინ ვნახოთ.

- სიმონ, გაჩერდი! - მიუბრუნდა აპოლონი შოფერს.

ბენცი უკანასკნელ დუქანთან მიშრიალდა და შესდგა.

- მობრძანდით... დაბრძანდით. - გამოეგება მედუქნე, - რას მიირთმევთ? ჰამე? რა მაქვს? ყველაფერი მაქვს, რაღა.

ჭუჭყიან მაგიდას მიუსხდნენ და ჩიხირთმა, მწვადი და ღვინო მოითხოვეს. წვნიანი მალე შესვრიპეს და ორ-ორი ჭიქა წითელი ღვინო დააყოლეს.

- მარინე, მიმბე რამე.

რაღა უნდა გიამბოს მარინემ? აპოლონ? რაც სათქმელი ჰქონდა, უკვე სთქვა. თავგადასავალი არაფერი აქვს. წეღან სთქვა: ბაქოში დაიბადა და ისე გაიზარდა, რომ იმ ქალაქიდან არც კი გამოსულა.

- ვინ იყო მამა შენი?

- მამა ჩემი?.. მამა ჩემი იყო... მამა ჩემი ექიმი იყო... დიაღ, ექიმი იყო.

- რამდენი ხანია, რაც... მგონი გარდაიცვალა, არა?

მარინე მაგიდაზე პურის სორსოლას აგორავებს. აკეცილი შუბლი განზე მიაქვს და პირიდან თითქო თოკით ამოაქვს:

- შარშანწინ...

- სად?

- ბაქოში.

უცებ თეთრ ლოყაზე ორი კურცხალი აუბზინდა. მერმე მეორე, მეხუთე და მეათე, შემდეგ მკლავები მაგიდაზე გაშალა, ზედ თავი დაიგდო და აქვითინდა.

მიკიტანს გამოშვერილი შამფურები ჰაერშივე გაუშეშდა:

- ვა-ა-ა... - გააგრძელა და პირიც ღია დარჩა.

სიმონი გარეთ გავიდა.

აპოლონი ჯერ დაიბნა. მერმე უშნოდ აფუსფუსდა და ალუღლუღდა:

- მარინე... ჩემო მარინე! რა დაგემართა, ქალო? აი, წყალი დალიე... ღვინოც მიყოლე. მამის სიკვდილი?! მერე, რაო! ადრე თუ გვიან, ყველა მამები იხოცებიან. აპოლონსაც მოუკვდა მამა. დედაც დარდმა გადაიტანა. ვერ გაუძლეს ერთადერთი შვილის გაციმბირებას. მარინესაც აპოლონის გული უნდა ჰქონდეს: მტკიცე, კაჟიანი და უდრეკი, თორემ ასეთი ჩვილი გულის პატრონი დღევანდელ მკაცრ ცხოვრებას ვერ გაუძლებს.

- ორი წლის მკვდარი ასე ადვილად არ უნდა მოიგონო.

- სხვა რამ მატირებს, თორემ... - სლუკუნებს მარინე.

- რა გატირებს? მითხარი, გენაცვალე, მაშ რა გატირებს?

უთხრას მარინემ? არა, არა! ნამდვილ მიზეზს ვერ ეტყვის. ეხლა მაინც ვერ ეტყვის. არ შეიძლება დღეს ან ხვალ ამის თქმა, არა!

- ოდესმე!.. შემდეგში გეტყვი.

- როცა შენი ქმარი გავხდები, არა?

მარინე იღიმება და ხელსახოცით თვალებს იშრობს: - ჰო... მერე... ოდესმე.

- ვაა, მწვადი გაცივდა, რაღა! - აგონდება მწვადის ბედი მიკიტანს.

მარინეს მწვადი აღარ უნდა. იმისი წილი აი, ამ ძაღლმა შესჭამოს.

- ტუგო, ინებე ჩემი წილი. და კუდა ძაღლი ხლაპუნით ჰაერშივე იჭერს ერთ ნაჭერს, მეორეს, მესამეს.

- ერიჰაა! - ჰკვირობს მიკიტანი, - ძაღლმა უნდა მწვადი სჭამოს?! ერთი ღარიბი და ავადმყოფი მეზობელი მყავს. თვეში ერთხელაც ვერ ჩაიდებს პირში მწვადს. ჰაზირ იმას არ შეერგება? თქვენს გახარებასაც ილოცამს.

- მართლა? თუ ეგეთი ღარიბია, რა თქმა უნდა, უფრო შეერგება. ეხლავე დაუძახეთ. დაჯდეს და გაათავოს. ერთი ბოთლი ღვინოც ჩამოუსხი. ჩვენი გაბედნიერება ილოცოს. აპოლონ, ხომ შეიძლება?

- რა თქმა უნდა. ოღონდ ერთი პირობით: ეს ბოთლი ჩვენვე უნდა დავცალოთ.

- კეთილი. ეგრე იყოს. მარინეს ღვინო სწყურიან. დაუსხი, აპოლონ, დაუსხი!

- ეს ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი... - და აპოლონს ყურში ჩასჩურჩულა: - ჩვენი სიყვარული.

ერთი კიდევ, აპოლონ, ერთი კიდევ დაუსხი მარინეს. დღეს სხვა დღეა. უნდა დალიოს. რაღაც გუნებამ მოუარა:

- დღევანდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ჩემი ბედი ვიპოვნე. შენ, აპოლონ? შენ რას იტყვი?

- ჩემთვისაც, ჩემო მარინე, ჩემთვისაც. მეც ვიპოვნე საბედო, მეც.

მართლა?! ოჰჰ, რა ბედნიერია მარინე! სიხარული გულში აღარ ეტევა. იგი ღელავს და ამოხეთქვას ჰლამობს. ლამის შადრევანივით იფეთქოს. მარინე ვეღარ უძლებს. მას სირბილი, ყვირილი, სიმღერა და ცეკვა სწყურიან.

- აპოლონ, გავიაროთ!

ოთახიდან გავარდა. ერთი ხელით კაბა აიკეცა და გაიქცა. უკნიდან მთვარე უცინის და ბაგა-ბუგით შავი ლანდი მისდევს.

- მარინე, არ წაიქცე!.. ნელა, ქალო!

- დამეწიე! დამეწიე, თუ შეგიძლიან.

მირბის მარინე. მისდევს აპოლონი. წამოეწია და ორივე ხელი გაიშვირა. კაბა შრიალით გაუსხლტა და ორღობეში შეერია.

- არ წაიქცე-მეთქი! და დაღლილი მარინე მკერდზე მიისვენა.

მიაბაკუნებს მარინე და ჰკივის:

- ჰეი, ჰეი!

იქვე კარმა დაიჭრაჭუნა და ძაღლმა დაიყეფა.

- რომელი ხარ მანდა? - ისმის გლეხის ხმა.

- ვინცა ვარ, სულ ერთია. ღმერთმა ჩემსავით გაგაბედნიეროს. - უპასუხებს მარინე.

- ჰაი, აგაშენოს ღმერთმა! მანდეთ საით მიდიხარ, ქალო? - ეკითხება ღობეზე მომდგარი ლანდი. - მანდეთ არაგვზე ჩახვალ.

- მეც ეგ მინდა, ძმობილო. მშვიდობით!

- ღმერთმა გზა მოგცეს და ბედი დაგილოცოს, კაი ვინმე ჰყოფილხარ. - კურთხევას უთვლის უცნობი.

- ქალო, არაგვზე რა გინდა! აი, იმ ბაღში დავსხდეთ. - ურჩევს აპოლონი.

- გემო არა გქონია, აპოლონ. აი, მივედით კიდევაც. აგერ, არაგვი ლაპლაპებს.

რიყე გადასჭრეს და არაგვს მიადგნენ. წყალი შხუის და ბუტბუტებს, გაღმა, გორაკზე, წიწამურში ხუთიოდე ჭრაქი ანთია. ქვევით, ჯვარის კლდეზე, მონასტერი ბაჯბაჯა დევივით გადმომჯდარა. იმ კლდის ძირში, უფრო ქვევით, ელექტროსადგურის პატარა ქალაქი ათასი ჭაღით გაეშუქებიათ.

მარინე ქვებს ჰკრეფავს და არაგვში ისვრის. მერმე მთვარეს შესცქერის და სავსე ხმით მღერის.

- მეორე მითხარი, აპოლონ!

- მო-ო... ა-ა-ხო-ხო-ო... - ღოროტოტოს ხმით სტყუის დირექტორი.

- გაჩუმდი! გაჩუმდი! - უყვირის მარინე. - სიმღერა არ გცოდნია. სმენა არ გქონია.

- ეგ კი მართალი სთქვი. - მორჩილი ხმით ეთანხმება აპოლონი.

მარინე მარტო მღერის. მღერის ახალი ხმით, იქვე მოგონილ სიტყვებით, იდუმალის ძალით, გატენილი გულით და გაგანიერებული მკერდით, რომელიც ისე მიუშვერია მთვარესათვის, თითქო ეუბნებაო: „აჰა! აი ჩემი სიხარული და სიმდიდრე. მიყვარს დავიტანჯები. აჰა! მიიღე, გასძეხი და მეც დამიურვე!“

მერმე გაჩუმდა და ისე გაიზმორა, რომ სახსრებმა გაილაწუნეს. აპოლონმა უკნიდან მკლავები მოჰხვია და ისეთი უცნაურისა და დაბალის ხმით სთქვა, რომ თვითონაც ვერ იცნო თვისი ხმა:

- მარინე...

არაფერი უპასუხა. მამაკაცის ღონიერ მაჯებს, სალტესავით მკერდზე შემოხვეულთ, ხელები ჩასჭიდა და ისე მოუჭირა, თითქო მათი დამსხვრევა უნდოდაო. თან აიგრიხა და გაიწ-გამოიწია.

- მარინე. - ჩამხჩვალი ხმით განიმეორა აპოლონმა და ქალი მშრალ ქვიშაზე წააქცია. - ჩემო მარინე.

- გამიშვი...

ვერც მარინემ იცნო თავისი ხმა.

- მარინე... დაიცა, ქალო. ყური მიგდე... მე და შენ... მე და შენ ცოლ-ქმარი ვართ. 

- არა.

- ცოლ-ქმარი ვართ მეთქი.

მარინემ ვეღარაფერი უპასუხა. ორი აცახცახებული ხელი ყელში მიაბჯინა და გახევდა.

- ხვალვე წავიდეთ და გავათავოთ. ხვალიდან კანონიერი ცოლ-ქმარი ვიქნებით.

- მაშ ხვალ იყოს... ეხლა კი გამიშვი.

- არა, არ გაგიშვებ.

მერმე ბრძოლა დაიწყო. ორივენი აფთრებივით იბრძოდნენ: კვნესით, ხვეწნით, კაწვრით და გამწარებით. ქალი მძლავრი გამოდგა. ხან ეხვეწებოდა, ხან ემუქრებოდა, ხან უსხლტებოდა, მაგრამ იმავ წამს თვითონვე ებღაუჭებოდა, თავისკენ იზიდავდა, გულში იხუტავდა და გაუგებარს და უცნაურს ლუღლუღებდა. მერმე უცებ მოდუნდა, გალხვა და ასლუკუნდა. აღარ იბრძოდა და აღარც შეეძლო.

 

* * * * * * * *

 

მარინე მკვდარივით ჰგდია არაგვის ლამიან ნაპირზე. პირისახეზე ხელები აუფარებია, თითქო ცისაც სცხვენიან, მთვარისაც დადირექტორისაც. აღარც სლუკუნებს, გაშოტილი წევს და სდუმს.

აპოლონიც იქვე ზის, მთვარის მობიბინე ანარეკლს გასცქერის და ხანგამოშვებით არაგვში კენჭებს ისვრის. გრძნობს აპოლონი, რომ ქალს ამ წუთში უფრო სწყურიან ალერსი, ნუგეში და გამხნევება, ვიდრე სხვა დროს. გრძნობს, მაგრამ უნებური გულცივობა ვერ დაუძლევია. თბილ სიტყვებს ეძებს, მაგრამ ვერ უპოვნია.

ხანი გავიდა. მარინე წამოდგა. ისიც განზე იცქირება... კაბა შეიბერტყა და გაწეწილი თმა შეისწორა. მერმე დაჩაგრული ხმით სივრცეში ერთი სიტყვა გადააგდო:

- წავიდეთ.

მიბრუნდა და წავიდა. აპოლონი დაჭერილ ქურდივით უკან გაჰყვა, - თავჩაღუნული და მობუზული. მარინემ რიყეზე წაიფორხილა.

- არ წაიქცე. - მოიმიზეზა აპოლონმა და ქალს მკლავში ხელი წაავლო.

ჩუმად და ფრთხილად მიდიოდნენ ღამის ლანდებივით. ორღობე გაიარეს და დუქანს მიადგნენ.

სიმონმა მანქანა მომართა და საყვირი ააჭყვიტინა.

- არ დამივიწყოთ, რაღა. - ამბობს მიკიტანი.

- ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ.

მარინე სდუმს.

- მშვიდობით იყავი. - ცივ პასუხს აძლევს აპოლონი.

ბენცი მიჰქრის. ხიდმა, სადგურმა და არმაზის ხეობამ გაირბინეს. ზევით მირბიან ბუჩქები და დაჩრდილული კლდეებიც. იქვე მიიზლაზნებიან „ზაჰესის“ შენობები და ელექტრონის ჭაღებიც.

აპოლონმა მარინეს მკლავი მოჰხვია და მოიზიდა. ქალი ძალას მისდევს, მაგრამ აპოლონს წეღანდელივით აღარ ეკვრის და იღლიაშიც არ უძვრება.

ბენცმა მისახვევები დალია და კვლავ გაიმინდვრა. სავსე მთვარე ორივეს გაყინულ და დადუმებულ პირისახეებში უღიმის.

- მარინე! - ძლივს დაარღვია დუმილი აპოლონმა და ამ სიტყვაში წეღანდელი სილბილე ჩაჰღვარა. - აქედან პირდაპირ დედაშენთან მივიდეთ.

- რად გინდა დედაჩემი?

- უნდა გამაცნო. დღევანდელ დღიდან იმისი სიძე ვარ.

მარინემ გვერდიდან აჰხედა და პირისახე გაიშალა.

- ხვალვე უნდა გავათავოთ ყველაფერი.

დიაღ, ხვალვე უნდა გათავდეს ყველაფერი. რა საჭიროა მოცდა და საქმის გაჭიანურება? აპოლონს არ უყვარს ქვეყნის ყაყანი, ზეიმი და ზიზილ-პიპილოები. თვითონაც სადა კაცია და ქორწილმაც უბრალოდ და მშვიდად უნდა ჩაიაროს.

მარინე რბილდება, დნება და თანდათან აპოლონის თბილ იღლიისკენ მისძვრება. სათქმელი არაფერი აქვს. ეგრე იყოს. მაგრამ მაინც...

- ხეირიანი კაბაც კი არა მაქვს.

კაბა? ხო-ხო! აქამდე ვერ გადაეჩვია მარინე ძველს ჩვეულებას? რა დროს კაბაა, ქალო, რა დროს ფარჩაა! რაც ეხლა აცვია მარინეს, ხვალაც ეს ეცმება. მერმე, რა თქმა უნდა, აპოლონი ახალს უყიდის. მაგრამ კაბის გამო ქორწილის გადადება?!

- ნათესავები მყავს. ერთი ვახშამი მაინც უნდა გავუმართოთ.

ვახშამი? ხო-ხო-ხო! ვახშამს არც აპოლონი დაიწუნებს. ამასაც ჰყავს ნათესავებიც და მეგობრებიც. რამდენი ოთახი აქვს მარინეს და იმის დედას?

- ერთი.

- მეც ერთი მაქვს.

სულ ერთია, ერთ ოთახში სტუმრებს ვერ დასტევენ. ჭურჭელიც არ ეყოფათ. აპოლონი ხვალ დილით შეუკვეთავს რომელიმე რესტორანს ოციოდე კაცის ვახშამს. რომელი ურჩევნიან მარინეს, „შამპანი“ თუ...

მარინესთვის სულ ერთია: არც ერთში ყოფილა და არც მეორეში. მაგრამ დედა რას იტყვის? მარინე იცინის:

- ხი-ხი-ხი! გუშინ ჩამოვიდა ქალაქში და ხვალ ქალი უნდა გაათხოვოს.

- გუშინ? მაშ იქნება ჯერ ჩემი გვარიც არ გაუგია?

- არა, არ გაუგია. მარინე ხეირიანად ვერც კი მოელაპარაკა. დღევანდელმა დღემაც ისე გაიარა, რომ დედა არც კი უნახავს. როგორ გაოცდება!

- ხო-ხო! მართლა გაუკვირდება! არ გააფრთხილო. ერთად შევიდეთ. პირველი შენი სიტყვა ასეთი უნდა იყოს: „დედა! გაიცანი შენი სიძე: აპოლონ რაპოლიძე“.

ორივენი იცინიან. უეჭველად ასე უნდა გააცნონ სიძე-სიდედრი, უეჭველად!

- ხო-ხო! რა ელდა ეცემა! - ხვიხვინებს აპოლონი.

- ხა-ხა-ხა! როგორ დაებმება ენა! - კისკისებს მარინე. და გამხიარულებული მარინე წეღანდელზე მეტად ახითხითდადა აფამფალდა. მაშ ხვალინდელ დღიდან მარინე შოფურიძე მარინე რაპოლიძედ გადაიქცევა?! საოცარია, გაუგებარია! მარინემ თავისი გვარი „შოფურიძე“ უნდა სამუდამოდ დაივიწყოს და ვიღაც „რაპოლიძის“ სახელი უნდა დაირქვას. რად არის ესეთი წესი? ვინ მოიგონა? ან რად დასჭირდა, რომ ქალმა თავისი სახე წაიშალოს და სხვისი ნიღაბი აიფაროს?

- მაშ ხვალინდელი დღიდან მე რაპოლიძე უნდა გავხდე. არა? ხა-ხა-ხა! საკვირველია!

დღევანდელი მემანქანე ხვალ დირექტორის ცოლად გამოცხადდება. ალბათ მოსამსახურეები და სხვებიც გაოცდებიან. ბევრს შეჰშურდება. მაგრამ თავს მოიკატუნებენ და მიულოცავენ. ნეტა იცოდეს მარინემ, კიდევ ააჩხაკუნებს იმ ვერანა მანქანას დღითი-დღე და კვირით-კვირამდე?

- რა თქმა უნდა. ეხლა სხვა დროა, ქალო, ყველამ უნდა იმუშაოს: ქმარმაც და ცოლმაც, ოღონდ სხვაგან უნდა გადაგიყვანო, თორემ ცოლ-ქმრის ერთად სამსახური აკრძალულია. ჯერ-ჯერობით მაინც ისე უნდა იყოს, მერმე კი, თუ მოგწყინდა, ოჯახს მოუვლი.

კარგი და პატიოსანი. მარინეს შრომისა არ ეშინიან, შეჩვეულია, მაგრამ...

- დედა? დედას რა ვუყოთ?

- დედა შენი ოჯახს მოუვლის, ჩვენთან იცხოვრებს.

მადლობის ნიშნად მარინე მაგრად და უსიტყვოდ ჰკოცნის აპოლონს. მერე ამბობს:

- ბინას რა ვუყოთ? ერთ ოთახში სამმა როგორ ვიცხოვროთ?

ამასაც მალე მოერევა აპოლონი. ორს ან სამს ოთახს იშოვნის. ჯერ-ჯერობით კი მარინე ხვალვე გადასახლდება აპოლონის ოთახში. მართალია, ავეჯეულობა არ უვარგა, მაგრამ „ძალიან განიერი საწოლი“ აქვს, ორივენი ხალვათად დაეტევიან.

საწოლის გახსენებაზე მარინე ისე გაოცდა, ან რატომ არ არის საოცარი: აქამდე მარტოს ეძინა. მხოლოდ დედას ჩაუგორდებოდა ხოლმე ბავშვობაში, ეხლა კი ვიღაც უცხოს უნდა მიუწვეს... ისიც მამაკაცს! განიერს, გრძელს და წვერიან მამაკაცს. ვინ იცის, იქნებ ბანჯგვლიანიც არის. ისეთი ხშირი წვერ-ულვაში და ბალანი აქვს მაჯებსა და კისერზე, რომ ალბათ ტანიც ბალნით ექნება შემოსილი. თუმცა... მერე რაო?! თუნდ ჰქონდეს. მარინეს მოსწონს აპოლონის წვერი და ბალანი. საამური ღიტინი იცის ბალანმა, მიუწვება და თითო-თითოს დააგლეჯს. როგორ აწკმუტუნდება აპოლონი!

- ხი-ხი-ხი. - ჩუმად ხითხითებს მარინე.

- რა გაცინებს, ქალო?

- არაფერი. ძილში ხვრინვა ხომ არ იცი?

- არა, არ ვიცი. შენა?

- მე? ღმერთმა დამიფაროს!

მაშ ასე: მარინე აპოლონს მიუწვება. თუმცა, - არ ესმის მარინეს - რა არის ამაში უცნაური? აი, ეხლაც თითქმის წვანან. მარინე ისე ეკვრის თავის ქმარს, როგორც ხვალ მიეკვრება „განიერ საწოლში“, ერთი საბნის ქვეშ და ერთ ლეიბზე. დიდ განსხვავებას ვერ ხედავს: ეხლა ჩაცმულნი არიან, ხვალ კი...

- წეღან ხომ არაფერი გატკინე, ჩემო მარინე, ჰა? - ჩურჩულით ეკითხება აპოლონი.

- წეღან?.. არაფერი.

- ხომ არ გეწყინა?

- გაჩუმდი.

- მაინც?

- გაჩუმდი- მეთქი.

„გაჩუმდი“ უკვე პასუხია, ესმის ეს პასუხი აპოლონს და ყუჩდება.

ეწყინა მარინეს? რა თქმა უნდა, ეწყინა. მას ჯერ არ განუცდია ესეთი უხეში ძალადობა, ესეთი აღვირაწყვეტილი თავხედობა და ხეპრული კადნიერება, მაგრამ... მართალი რომ სთქვას, არც ძალიან სწყენია. მოსახდენი უნდა მომხდარიყო. დღეს იქნებოდა თუ ხვალ - განა სულ ერთი არ არის? რა ჰქნას მარინემ: ესეთი ყოფილა გასათხოვარის ხვედრი. ისიც სულ ერთია, სად მოიხდის მოსახდელს: ოთახში თუ მინდორში, ტყეში თუ ქვიშნარზე. ან რა სათქმელია წყენა! თუ იმისმა ქმარმა ისიამოვნა, მარინეს მეტიც არაფერი უნდა. თუ აპოლონმა თუნდ ერთის წუთითაც განიცადა ბედნიერება, ამით იმისი ცოლიც ბედნიერია. მეტიც არაფერი უნდა მარინეს. დანარჩენი თავის თავად მოვა და დალაგდება.

და უჩვეულო სიხარულით სავსე მარინე ისეთი ხმით ეკითხება ქმარს, რომ თვითონაც ძლივს ესმის თავისი ხმა:

- აპოლონ... ჩემო აპოლონ! მითხარი, შენც ბედნიერი ხარ?

ჰო, გენაცვალოს აპოლონი, ჰო, ბედნიერია აპოლონი. ამაზე მეტი არც ოდესმე უგრძვნია, არც ბედისგან მოუთხოვნია.

- შენ, მარინე, შენ? შენც ბედნიერი ხარ?

გაჩუმდი, აპოლონ, გაჩუმდი! სიტყვა ზედმეტია. სიტყვა გრძნობას ანელებს. ისევ გაყუჩება სჯობია. სულ ერთია: ვერც შენ იპოვი და ვერც მარინე მოიგონებს ისეთს სიტყვას, რომელიც ეხლანდელ სითბოს გაახურებდეს და დუმილს, გარინდებას და გაყუჩებას აჯობებდეს. გაჩუმდი! იყუჩე, მარინეს ერთავ, იყუჩე!

და მაღალი გორებიც, მტკვარიც, დიღმის ველიც, ცაც და მთვარეც ისე გაყუჩებულან, როგორც ერთმანეთში ჩახვეული ცოლ-ქმარი. ყველანი და ყოველივე ურთერთში გაიხსნენ, გაითქვიფნენ და ერთ სულად და ერთ ხორცად გადაიქცნენ. მხოლოდ ბენცი არღვევს მყუდროებას, მაგრამ არც მარინეს და არც იმის ქმარს აღარ ესმით მისი გუგუნი, ხრიალი და ხვიხვინი.

უცებ ავტო გაჩერდა. მისი ორი ლიფლიფი, ორი უუზარმაზარიდა სხივოსანი თვალი ცხვრის ფარას მიადგა. ირგვლივ ყოველივე გაჭედილია ცხვარით: გზაც და მინდორიც. თავჩაღუნული მოდის ათიათასიანი ფარა. მხოლოდ ფხაკუნი და შრიშინი ისმის. და იმ ზღვაში მგზავრების თვალწინ უცნაური სანახაობა გადაიშალა. თვითოეულ ცხვარს სათვალურებში თვალების მაგივრად ორი პატარა და ბრწყინავი ზურმუხტი უდევს და ის ზურმუხტებიც იმდენნი არიან და ისე ციმციმებენ, როგორც ვარსკვლავები. აი,დატვირთული ცხენებიც მოდიან. მათი თვალები, მაჟალო ვაშლის ოდენა თვალებიც ცეცხლმოდებულ ლალებივით თრთიან. მწყემსები დუმილით მოდიან. ძაღლები იღრინებიან. თავჩაღუნული ვირები არავის და არაფერს ამჩნევენ.

ფარა ძლივს დაილია. ბენცი ისევ მოსხლტა. შიგაც კვლავ დუმილი და მყუდრო ბედნიერება სუფევს. ქალაქში რომ შემოვიდნენ, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ.

- მართლა, ბინა სადა გაქვს, მარინე?

- ვაჟა- ფშაველას ქუჩაზე.

მაშ ესე: ორივენი ისე უნდა მოიქცნენ, როგორც წეღან მოიფიქრეს: მარინე და აპოლონი ერთად შევლენ. მარინე მხოლოდ ამ სიტყვებს ეტყვის დედას: „დედა, გაიცანი. აი, შენი სიძე“. მეტს არაფერს. აპოლონი დაუმატებს: „დედა, გთხოვთ ხვალ ქორწილში გვეწვიოთ“. მეტს არაფერს.

- დედაჩემს შენც დედას დაუძახებ, არა?

- რა თქმა უნდა. მე დედა არა მყავს. დედაშენმა მეც უნდა დედობა გამიწიოს.

მარინე ხელში ხელს უჭერს და იღიმება. აღარ ერიდება მემანქანე ქალს დირექტორთან ჯდომა. დეე,მთელმა ქალაქმა დაინახოს, ხვალ უკვე იტყვიან: ტრესტის დირექტორი გუშინ თავის ცოლს დაასეირნებდაო. რამდენიც ილევა გზა, იმდენი გულის ტოკვა ემატება მარინეს.

„გენაცვალოს მარინე, დედი! უშენოდ ვიპოვნე ჩემი საბედო. შეიძლება არ მოგეწონოს, რადგან შენი ჭკუის კაცი არ არის, მაგრამ ამის გამო არ ახირდები და მარინეს ბედნიერ დღეს არ მოუშხამავ“. რა თქმა უნდა, არ მოუშხამავს.

აპოლონს წითელი ვარსკვლავი ჰკიდია მკერდზე. აახსნევინოს მარინემ, სანამ დედას ნელა-ნელა გააგებინებს აპოლონის ვინაობას? არა, იყოს... საჭირო არ არის. ყოველივე უცებ გაიგოს და დაინახოს. ესე ემჯობინება. რა თქმა უნდა, ემჯობინება. ჰო, მართლა: მარინე ერთ დანაშაულში უნდა გამოუტყდეს აპოლონს... უნდა ეხლავე აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც თავისი დანიშნულის მოსატყუებლად კი არ ჩაიდინა, არამედ წინანდელი დირექტორის თვალების ასახვევად. ნუ გაუწყრები, აპოლონ, შენს მარინეს, ნუ! რამდენიმე ტყუილი გითხრა, მაგრამ ამით არაფერი დაშავებულა. ეს ტყუილი იმისთვის იყო საჭირო, რომ სამსახურში შემოსულიყო და ერთი ლუკმა პური ეშოვნა. ავი არაფერი ჩაუდვია გულში მარინეს და ცბიერი, ბოროტი რამ საქმე არ განუზრახავს. ერთი სიყალბე ჩაიდინა. დანარჩენი წვრილმანი თავის თავად მოჰყვა იმ სიყალბეს. მაშ ეხლავე გამოუტყდეს მარინე, თუ ხვალ ან ზეგ უთხრას? რა თქმ აუნდა, ეხლავე სჯობია. დედასაც უხერხულობაში არ ჩააყენებს.

მაგრამ უკვე გვიანღაა:

ბენცი უკვე შესდგა.

აპოლონ, ხელი მიეცი მარინეს. კიბეზე ბნელა. ფრთხილად, არ წაიქცე... აქ თორმეტი საფეხურია... აქ თხუთმეტია. მარცხნივ მიდი... ეხლა მარჯვნივ მოუხვიე.

- აი, ჩემი ოთახი. დავაკაკუნოთ.

- მობრძანდით. - ისმის შიგნიდან.

კარები შეაღეს და ორივენი შევიდნენ. მარინე აპოლონს წინ მიუძღვის და საქმრო ტყვესავით ხელით მიჰყავს.

აპოლონი უცებ შესდგა და ხელი ისე გამოჰგლიჯა, თითქო მარინეს ხელი გახურებულ ნაღვერდლად გადაიქცაო. იმის წინ უკვე შეთეთრებული დარო იდგა.

მარინე არ შესდგა. არც უკან მოიხედა, გაშლილი ღიმილით და ხელებით წავიდა დედისკენ და უთხრა:

- დედი, გაიცანი, ჩემი... ჩემი დანიშნულია. მერმე მოიხედა და აპოლონს შეჰხედა. და თავისი დანიშნული ვეღარ იცნო: ფერწასული და პირდაღრეცილი აპოლონი ბარბაცით კედელს მიაწყდა.

- აპოლონ, რა დაგემართა?.. ხომ არ დაიღალე?

და იმავე დროს დედის კვნესა მოესმა. მიიხედა და დაინახა: დაროც ფეხმოკვეცილი წატორტმანდა. ჯერ მაგიდას დაეყრდნო და მერმე განიერსა და გაცვეთილს სავარძელში დაეშვა, თან ფართედ გახელილი თვალებით ისე შესცქეროდა კედელთან ატუზულ დირექტორს, თითქო იქ უბრალო ადამიანის მაგიერ სულთამხუთავი ასვეტილიყო, რომელიც იმ ოთახში თვისი ხვედრის მისაღებად შემოსულიყო.

 

III

 

მაშინ ოცი წლის წინათ, აპოლონ რაპოლიძე ოცი წლის სტუდენტი იყო. იმისი მამა სევერიანე მდიდარი ვაჭრის მზარეული იყო. სევერიანეს და მარიამს ერთადერთი შვილი ჰყავდათ.

ის ზაფხული აპოლონმა სოფელსა და ტფილისში გაატარა. გულმოდგინედ და თავგამოდებით მისცა თავი მაშინდელ სისხლიან ტალღას: მუშების და მოწაფეთა წრე, საიდუმლო ლიტერატურა, აგიტაცია სოფლად და ქალაქად, ყუმბარების დამზადება, ექსი, ტერორი და მრავალი სხვა საყულფო და საკატორღო საქმე.

დღე არ გავიდოდა, რომ დედ-მამას არ ეტირნათ: „შვილო, შენც დაიღუპები და ჩვენც დაგვღუპავ... შვილო, თავი დაანებე... შვილო, ჩამოშორდი... შვილო, ხელი აიღე“.

მაგრამ აპოლონი უდრეკი იყო. გულში რწმენის ხანძარი ენთო, ხოლო ძარღვებში ქაფქაფი სისხლი უდუღდა.

- დამანებეთ თავი, თორემ წავალ და აღარ დავბრუნდები. - დაემუქრა ერთხელ მშობლებს და ორივენი მოსტეხა. დედ-მამა თითქოს შეურიგდა შვილის სიარულს ხანჯლის პირზე. მაგრამ მუდმივ თრთოდნენ და ჯერ დაუკარგავ აპოლონს წინდაწინვე გლოვობდნენ.

იმ ვაჭარს, რომელსაც სევერიანე ემსახურებოდა, სახლის უკან მოზრდილი ბაღი ჰქონდა. ერთხელ იმ ბაღში იჯდა და ამხანაგს მოელოდა. უცებ იმ ამხანაგის მაგიერ უცნობი ახალგაზრდა ქალი წაადგა:

- წუხელ თედო დააპატიმრეს. მგონი თქვენი ქაღალდებიც ჰქონდა. თავს უშველეთ.

- თქვენ ვინა ბრძანდებით? - თედოს ბიძაშვილი. დარო მქვიან. სანამ დააპატიმრებდნენ, ერთი საათით ადრე მითხრა: თუ დამიჭირეს, აპოლონს შეატყობინე და დროებით მაინც შეინახეო. ჩვენსა გადმოდით, დედა გელისო. ოთახიც მზად არის.

დიდ ხანს არ უფიქრნია. საცვალი და წიგნები ამოიჩარა იღლიაში და დაროს ვერაზე გაჰყვა.

როგორ მოხდა, რაც მოხდა, აპოლონმა ვერასოდეს ვერ გაიგო. რამდენი ქალი გაიცნო მანამდე - ასი? ორასი? ვინ იცის. ეგების ხუთასიც. შეიძლება მეტიც. მაგრამ ვერც ერთი ვერ მიიკარა. ერთსაც ვერ მიუდგა ქალ-ვაჟურად. ყველანი ამხანაგები იყვნენ და ყველას იმ ლაშქრის ჯარისკაცებად სთვლიდა, რომელსაც ზეცა უნდა ჩამოენგრია და ქვეყნის ზედაპირი ქვესკნელში ჩაეგდო, ხოლო მისი სარჩული ზედაპირად გაეხადნა. თვალანთებული და გულმდუღარე სტუდენტი კაბას შალვრისაგან ვერ არჩევდა. მაგრამ იმავ საღამოს უხილავმა ძალამ თვალის ბისტი ჩამოჰგლიჯა და ხელის ერთი მოქნევით „ამხანაგური“ ხიდი ჩაანგრია. და აპოლონის თვალწინ ერთ წუთში თითქო მიწიდან აიზარდა და აიშოტა მანამდე უცნობი და უგრძნობი ვინმე არსება: ქალი ცოცხალი, მოქნილი, ძლიერი და მწვავე ცეცხლით შემოსილი. უცხო ვინმე მგზებარი და მთრთოლვარე, ვნებით დამდნობი და დამდნარი. წითელტუჩა, კბილთეთრა, თვალჟინჟღალა და ტანსავსე.

აპოლონი დღისით ოთახში იჯდა და თეთრი ქარიშხალის გადავლას უცდიდა. დარო მასპინძელის ვალს და ბიძაშვილის დავალებას პირნათლად ასრულებდა: წამდაუწუმ აპოლონის ოთახში შევიდოდა, ძმასავით უვლიდა, ართობდა, აცინებდა და იცინოდა.

აგიტატორის ბაასი და თვალის გეზი პირველივე დღიდან უცნაურად შეიცვალნენ და გადაიხლართნენ: აპოლონი მუდამ ბრძოლაზე და რევოლუციაზე ლაპარაკობდა, მაგრამ, ბოლოს, უნებურად ბუნების მშვენებაზე, მთვარის ძალაზე და სიყვარულზე გადადიოდა. ქალი და ვაჟი ერთმანეთს საკითხავ მასალას აძლევდნენ. აპოლონი ქალს მხოლოდ მძიმე ლიტერატურას - მარქსის, ენგელსის, ზომბარტისა და პლეხანოვის სქელტანიან წიგნებს სთავაზობდა, ხოლო დაროს მარტო „მსუბუქი“ რომანები და ლექსები მოჰქონდა. მარქსი და ენგელსი დაროს ოთახში არხეინად ისვენებდნენ, ხოლო რომანები და ლექსები აპოლონის ხელში უწყალოდ იწეწებოდნენ.

ორივეს გულებში რაღაც უზარმაზარი, უჩინარი, სანეტარო და იდუმალი რამ უგუბდებოდათ. ლაპარაკს დაუკლეს. საჭმელს ძლივსღა ეკარებოდნენ. ძილს უფრთხოდნენ. დაბანგულნი დაბორიალებდნენ. ორ კვირაში დაილივნენ და დაიცრიცნენ.

ერთხელ, - მაშინაც შემოდგომის თბილი ღამე იყო, - გარინდული დარო ფანჯრის წინ იჯდა და ზედაზენის ქედს გასცქეროდა. აპოლონი ოთახში დატორტმანდა. მერმე დაროს ზურგის უკან შესდგა, იმის შიშველ ბეჭებზე გადმოეყუდა და აბუტბუტდა. შემდეგ ერთი მკლავი იღლიის ქვეშ შეუყარა, მეორე ხელი ხელში სტაცა და ჩაეხუტა.

დარომ აპოლონის მაჯას თავისუფალი ხელი ჩაჰბღუჯა და გაიწია.

- გამიშვი...

- დაიცა, დარო, დაიცა... სათქმელი მაქვს. - ლუღლუღებდა სტუდენტი...

ასადგომად გაწეული დარო გაინაბა და სმენად გადაიქცა. აპოლონი ჰბოდავდა: გახურებულ სიტყვებს ჰყლაპავდა, სჩიოდა, იფიცებოდა, სთხოვდა და იმუდარებოდა. მერმე დადუმდა და თვითონაც გაინაბა. სიჩუმის შემდეგ წაილუღლუღა:

- მითხარი რამე... სთქვი რამე... გჯერა თუ არა ჩემი სიყვარული?

დარომ წამოიწია. მიუბრუნდა და მაღალი ტანით აპოლონს თითქმის გაუტოლდა. იდგა შუბლაკეცილი, უღიმო ქალი და ყავისფერი თვალებით აპოლონის მაყვალა თვალებს აშტერდებოდა.

- ეგრე რად მიყურებ, დარო? - შეშინდა აპოლონი.

პასუხად ფაფუკი ხელები სტუდენტური მუნდირის გადმოკეცილ საყელოში ჩასჭიდა, ალანძული თავი ჩაჰქინდრა და წაიბუტბუტა:

- მჯერა.

და ორივენი ერთმანეთს იღლიებში შეუსხდნენ და ერთ განუშორებელ სხეულად გადაიქცნენ. იმ დღიდან ორივენი სამოთხეში შევიდნენ. ორივესთვის დაუვიწყარი და მარად ცოცხალი დღეები დაიწყო. ორივენი მუდმივ ერთმანეთს უთვალთვალებდნენ და როდესაც სადმე კუნჭულში, კიბეზე ან ბნელ ტალანში ერთს წამს მაინც მოიხელთებდნენ, უმალ ერთმანეთს მიეტანებოდნენ ხოლმე.

როდესაც მეტი დრო მიეცემოდათ, დარო აპოლონს გვერდით მიუჯდებოდა, იღლიაში შეუძვრებოდა, თავს მკერდზე დაუდებდა და ბუტბუტებდა:

- გაჩუმდი, აპოლონ, გაჩუმდი.

და ორთა შორის მყუდროება, გარინდება და დუმილი ჩამოვარდებოდა.

- იყუჩე, აპოლონ, იყუჩე.

ერთ საღამოს ვერის ხიდთან მოუხვიეს, წყლის ნაპირს გაჰყვნენ და მივარდნილ ქვიშნარზე გავიდნენ. მაშინაც მთვარიანი ღამე იყო. ბუტბუტა მტკვარზე ნამგალას ანარეკლი დამდნარ ვერცხლივით დაქცეულიყო. დარო წყლის ნაპირს მივარდა. ჯერ ქვა დააყარა, მერმე გაბადრული პირისახე და გაშლილი მკერდი მთვარეს მიუშვირა და ამღერდა.

- მეორე მითხარი, აპოლონ!

და სიმღერა განაგრძო.

- რუ-უ-ხა-ა... მო-ო-ო... - ბოხის და ყალბის ხმით აჰყვა სტუდენტი.

- გაჩუმდი, გაჩუმდი! არც სიმღერა გცოდნია, არც სმენა გქონია.

- ეგ კი მართალი სთქვი. - დაეთანხმა აპოლონი და გაჩუმდა.

დარო მარტო მღეროდა. მღეროდა ახალი ხმით, იქვე მოგონილ სიტყვებით, იდუმალის ძალით, გატენილი გულით და გაგანიერებული მკერდით, რომელიც მთვარესთვის მიეშვირნა.

მერმე ისე ჩაიხლართნენ ურთერთში, თითქო მტრები შეიბნენო.

- გამიშვი... - დარო... ჩემო დარო!

- გამიშვი-მეთქი!

- დაიცა, დარო... ყური მიგდე. მე და შენ ცოლ-ქმარი ვართ.

- არა.

- ჰო-მეთქი. რამდენიმე დღეში ჯვარს დავიწერთ.

- მაშ რამდენიმე დღის შემდეგ იყოს. გამიშვი-მეთქი.

- არა, არ გაგიშვებ.

ორივენი აფთრებივით იბრძოდნენ: კვნესით, ხვნეშით, კაწვრით და გამწარებით. დარო ღონიერი გამოდგა. ხან ეხვეწებოდა, ხან ემუქრებოდა, ხან უსხლტებოდა, მაგრამ იმავე წამს თვითონაც ვაჟს ებღაუჭებოდა, გულში იხუტებდა, მერე უცებ მოდუნდა, გალხვა და ასლუკუნდა. აღარ იბრძოდა და აღარც შეეძლო.

 

* * * * * * * *

 

დარო მშრალ ლამზე ეგდო და ყველაფრისა სცხვენოდა: მტკვრისა, მთვარისა, მთელი ქვეყნისა და აპოლონისა.

სტუდენტი იქვე იჯდა და ეხლა ის ისროდა წყალში კენჭებს, მაშინაც გრძნობდა აპოლონი, რომ დაროს იმ წუთში უფრო სწყუროდა თბილი სიტყვა, ნუგეში და გამხნევება, ვიდრე სხვა დროს. მაგრამ გაცივებული გული ვერ გაილღო და თბილი სიტყვა ვერ იპოვნა.

დიდ ხანს იყუჩეს. დარო წამოდგა, კაბა შეიბერტყა და გაშლილი თმა აიწნა. მერმე დაჩაგრული ხმით ერთი სიტყვა გადააგდო განზე:

- წავიდეთ.

და წამოვიდნენ. აპოლონი ფეხაკრეფით მოსდევდა და მაშინაც დაჭერილ ქურდს ჰგავდა. ბუჩქნარში გაუსწორდა და მკლავ-შიხელი გაუყარა. მერმე დაწყვეტილი ძაფები თავის თავად გაიბნენ და ჩატეხილი ხიდიც თვითონვე ამოშენდა.

მოდიოდნენ ქალ-ვაჟი და ზოგჯერ ერთმანეთის დასაკოცნელად შესდგებოდნენ. დარო ახითხითდა.

რამდენიმე დღის შემდეგ აპოლონი იმის ქმარი გახდება?! დარო აპოლონ რაპოლიძედ გადაიქცევა?! საოცარია! უცნაურია.

- მაშ ცოტა ხანში მე რაპოლიძე უნდა გავხდე, არა? ხა- ხა... უცნაურია!

- ეგეთი წესია.

- სად ვიცხოვრებთ?

- ჩემთან. მშვენიერი ოთახი მაქვს. ერთ განიერ საწოლსაც ვიყიდი და...

საკვირველია! აქამდე დარო მარტო იძინებდა. მხოლოდ ბავშვობაში ჩაუგორდებოდა ხოლმე დედას. ეხლა კი ვიღაც უცხოს უნდა მიუწვეს, ისიც მამაკაცს! ალბათ ბანჯგვლიანია აპოლონი. თუმცა... მერე, რაო?! თუნდ ეგრე იყოს. დაროს მოსწონს აპოლონის გინგლი. საამური ღიტინი იცის ლბილმა ბალანმა. მიუწვება დარო და თითო-თითოს დააგლეჯს. არა, როგორ აწკმუტუნდება დაროს ქმარი! ხი-ხი-ხი!

- რა გაცინებს, ქალო?

- ძილში ხვრინვა ხომ არ იცი?

- მაგაზე იცინი?

- არა, არ ვიცი. შენა?

- მე? ღმერთმა დამიფაროს!

მაშ ესე: რამდენიმე დღის შემდეგ დარო აპოლონს მიუწვება. უცნაურია! თუმცა... დღევანდელის შემდეგ უცნაური არაფერია. „განიერ საწოლში“ დაწვებიან და განიერ საბანს წაიხურავენ. ზაფხულში უსაბნოდაც გაგორდებიან.

- წეღან ხომ არაფერი გატკინე დარო?

- არაფერი.

- ხომ არ გეწყინა?

- გაჩუმდი.

რა თქმა უნდა, ეწყინა, თუმცა... რა არის საწყენი? დაროს მოსახდენი უნდა მოეხადნა. დღეს მოიხდიდა თუ ერთი კვირის შემდეგ, განა სულ ერთი არ არის? ესეთი ყოფილა გასათხოვარის ხვედრი. ისიც სულ ერთია, სად მოიშორებდა მოსაშორებელს: საწოლზე თუ ბუჩქნარში, ოთახში თუ ლამიანზე.

აპოლონი დამშვიდდა. დაროს მეტიც არაფერი უნდა. თუ დანიშნულმა ერთი წუთით მაინც იგრძნო ბედნიერება, ამით დაროც ბედნიერია.

- აპოლონ, ბედნიერი ხარ?

- ჰო, შენი ჭირი მე, ჰო, შენ, შენა?

გაჩუმდი აპოლონ, გაჩუმდი! ეხლა სიტყვები გრძნობას ანელებს. სიტყვა ზედმეტია. ისევ გაყუჩება სჯობია. გაჩუმდი, აპოლონ, გაჩუმდი! იყუჩე, დაროს ერთავ, იყუჩე! და მაშინაც ყოველივე ირგვლივ - ვერის ხევიც, მტკვარიც,მაღლა მთვარეც და ძირს ქალაქიც ისე გაყუჩებულიყვნენ, როგორც ორი დანიშნული, რომელთაც ვერის ხევისკენ შეუხვიეს. მერმე შესდგნენ. აპოლონი მთვარეს შესცქერის და რეტიანივით ბუტბუტებს:

მაღლა დარი შენებრ დარობს.

დაბლა დაროს სჭირს დარება.

დარდმა დარი მოიდარა.

დაროს ახრჩობს ნეტარება.

ნეტა თუ ვინ დამიწუნოს

დაროს დართან შედარება?

უცებ ის ხევი დაროს კისკისით გაიტენა. და ქალის ხითხითს აპოლონის რახრახი სიონის დედა-ზარივით მიემატა.

- როგორაო? როგორა სთქვი? ხი-ხი-ხი... ერთხელ კიდევ, ერთხელ კიდევ მითხარი, გენაცვალოს დარო. და ლექსით გატენილი პოეტი მეორედ და მეხუთეჯერ დამბაჩასავით ისვრის:

მაღლა დარი შენებრ დარობს.

დაბლა დაროს სჭირს დარება.

სიცილით და ლექსის სროლით შევიდნენ ქალაქში.

მართლა, ეხლავე უთხრან დაროს დედას ნიშნობა? რა თქმა უნდა, ეხლავე უნდა უთხრან. მაშ ასე: დარო და აპოლონი ერთად შევლენ, დარო ეტყვის დედას: „დედა აი შენი სიძე, დაგვლოცე“. აპოლონი დაუმატებს: „ დედი! სამი დღის შემდეგ ქორწილში მეწვიე“, მეტს არაფერს ეტყვიან.

- დედაჩემსაც დედას დაუძახებ, აპოლონ?

- რა თქმა უნდა. ორი დედა მეყოლება.

დარომ გაიღიმა და ხელი ხელში მოუჭირა. „გენაცვალოს დარო, დედი! - ფიქრობს დარო. - უკვე ვიპოვნე საბედო. მართალია შენი ჭკუის ვაჟი არ არის. ყუმბარებს აკეთებს და ვიღაცას აფეთქებას უპირებს, მაგრამ ამის გამო ნუ ახირდები და დაროს ბედს ნუ წაართმევ“.

დედა შეშინდება, მაგრამ დასთმობს. სამ დღეში ქორწილს მოიხდიან. მერმე კი განუწყვეტელი მხიარულება და ბედნიერება დაიწყება. აღარ გათავდება იგი. არასოდეს არ გათავდება, არასოდეს!

თავიანთ სახლს მიადგნენ და კარებში შესდგნენ.

მაშ ასე: დარო ეტყვის დედას: „დედა, აი შენი სიძე“. აპოლონი დაუმატებს: „დედი, სამი დღის შემდეგ ქორწილში მეწვიე“. მეტს არაფერს იტყვიან.

როგორ გაოცდება საწყალი! როგორ გაუხარ-დება! ხი-ხი-ხი!.. ხო-ხო-ხო! აბა შევიდეთ!

- შესდექით! - მოისმა უცებ ბნელ კიბეზე და ჭაღიც განათდა.

- ხელები ასწიეთ! აპოლონ რაპოლიძე ხართ, არა? წამობრძანდით.

და ერთ წუთში სამმა კაცმა აპოლონი ბნელ შესახვევში შეიტაცეს.

გაჰქრა იმ დღიდან აპოლონი. დღე არ გავიდოდა, რომ დარო პროკურორის კარებთან არ ატუზულიყო. მერმე, ხელცარიელი და დარეტიანებული დანიშნული მეტეხს მიადგებოდა და შორიდან მოაჯირიან ფანჯრებს შესცქეროდა, მაგრამ აპოლონს თვალიც ვერსად მოჰკრა. ერთხელ ლოგინად ჩავარდა. ორი კვირის შემდეგ ძლივს წამოდგა და გაიგო, რომ აპოლონისათვის სამხედრო სასამართლოს ყუმბარების შენახვისათვის ოცი წლის კატორღა მიესაჯნა. სულიერი სენი უმალვე დაუბრუნდა და გაუმძფრდა. ღიმილი მოკვდა იმის მხიარულ პირსა და თვალებში, ხან საბელს ეტანებოდა, ხან საწამლავს ეძებდა.

ერთხელ რაღაც გაიგო. თვალის მდევნელს გაეპარა და სადგურზე გავიდა. ცალკე, მოშორებით ორი ვაგონი იდგა, ჯარისკაცებით და ჟანდარმებით შემოხვეული. დარო თვალახვეულივით დაბორიალებდა. მალე ქვეიდან ტუსაღების რაზმი გამოჩნდა, ისიც ჯარისკაცებით შემორტყმული. ისმოდა ხუნდების ჟღარუნი და დარაჯების შეძახილი:

- Посторони-и-ись!..

- Проходи-и!

აგერ, აპოლონიც გამოჩნდა: მაღალი, ჩასხმული, თამამი, გინგლიანი, თიხისფერ ტუსაღური ტანისამოსით და ზურგზე აკიდებულ მცირე ბოღჩით.

- აპოლონ! აპოლონ! მე ვარ!.. აქა ვააარ!

და დარაჯების რკალი ისე შეარღვია, რომ ყველანი დააფეთა და შეაჩერა.

ბატონებო, მიუშვით დარო აპოლონთან, მიუშვით! რად შემოეხვიეთ ამოდენა ხალხი ერთ უღონო ქალს?! რა გინდათ ერთ უძლურ ავადმყოფისგან, რა?! აგერ, იმ ტუსაღთან მიუშვით. აგერ, იქ რომ გახევებულა... ტუჩები რომ უთრთის და ცრემლი რომ ღაპა-ღუპით ჩამოსდის. მხოლოდ ორი სიტყვა ათქმევინეთ დაროს, მხოლოდ ორი. თუ მოხვევნა ან კოცნა არ შეიძლება, შორიდან მაინც ეტყვის სათქმელს და მაშინვე წავა.

- გამიშვით!.. თავი დამანებეთ!.. მომშორდით!

- დამშვიდდით, ქალბატონო, დამშვიდდით. - ეჩურჩულება დარაჯების აფიცერი. - მერე გაჩვენებთ, როცა ტუსაღები ვაგონში ჩასხდებიან.

ჰოი, უცნობო, ღმერთმა მოგცეთ კეთილი ბედი და დღეგრძელობა. თქვენი გვარი და სახელი? შალვა შველიშვილი? ნეტა როგორ, ან როდის გადაგიხადოს დარომ მადლობა! ღმერთმა გიკურთხოს, თუ შენცა გყავს საბედო. ალბათ გეყოლება, თორემ ეგრე რა მოგალბობდა და დაროს უბედურ თავს ეგრე ვინ შეგაბრალებდა?! მადლობელი, გენაცვალოს დარო, ბატონო შალვა, მადლობელი!

დარაჯების ირგვლივ ტუსაღების მშობლები და ნათესავები დაბორიალებდნენ და დასაკარგად განწირულებს გლოვობდნენ. ზოგნი ჩუმად სტიროდნენ, ზოგნი კი დაჭრილი ნადირივით ხაოდნენ. ყველანი კატორღელებს ეტანებოდნენ, მაგრამ ხიშტების რკალს რომ აწყდებოდნენ, შვილებს შორიდან შესცქეროდნენ და თითი-ოროლა მდუღარე სიტყვას ესროდნენ.

აგერ ერთი თმაგაწეწილი დედაკაცი ჰკივის, ხიშტებს ზედ აწყდება და აპოლონისკენ მიიწევს. ხნიერი მზარეული ცოლს ამშვიდებს და თვითონაც სდუღს. აპოლონი თავის მშობლებისკენ იცქირება და მხრებს იშმუშნის: „რა ვქნა, დავიღუპე და დაგღუპეთო“.

ტუსაღები მიატრიალეს და თითო-თითოდ ვაგონებში შერეკეს.

დარომ ვაგონებს მეორე მხრიდან მოუარა და იქვე ახლოს მიიკუნჭა.

ოციოდე წუთის შემდეგ კარებში შველიშვილი გამოჩნდა და დაროს თითი დაუქნია. ვაგონის ტალანში აპოლონი იდგა და ტუსაღს დარო სიცილით და ბღავილით ჩაუვარდა მკლავებში.

- შენ გენაცვალე-ე... შენი ჭირი მე-ე-ე... სად მიხვალ-ა-ალ...

აფიცერი მიბრუნდა. ერთ თოფიან ჯარისკაცს ხველა აუტყდა. მეორემ მაზარის სახელოთი თვალი მოისრისა.

- მე უკვე განცხადება შევიტანე... ლუღლუღებდა დარო. - გესმის? განცხადება შევიტანე, რომ მეც მიმიღონ კატორღაში. გაიგე?...

- რას ამბობ, დარო?!

- ჰო მეთქი, ჰო! შენ გაჩუმდი, შენი საქმე არ არის. ისროდა სხაპა-სხუპით. - კანონი ესეთია: თუ ტუსაღს ცოლი ან დანიშნული გაჰყვა კატორღაში, მისჯილი ვადა უნდა გაუნახევრდეს. გესმის? გაიგე?

- არა, არ მინდა.

- არა კია რა, ჰო მეთქი, ჰო!

- არასოდეს! შენს თავს უშველე, დარო!

- აპოლონ! ყური მიგდე...

- არა, არა და არა მეთქი! მე დავიღუპე. ჩემი საქმე გათავებულია... მე განწირული ვარ... მე შენი მსხვერპლი არ მინდა... ვერ მიშველი.

- გიშველი. ნახევარს მოგხსნი.

- არ მინდა მეთქი, არა!

- აპოლონ! ან უნდა წამოგყვე, ან თავი უნდა მოვიკლა, ამას იქით მე გზა არა მაქვს.

- დარო, მოისმინე ჩემი უკანასკნელი თხოვნა და ანდერძი: მალე დამივიწყე და გათხოვდი.

ეს სამი სიტყვა ისე მოხვდა დაროს, როგორც ღვთის გმობა მორწმუნეს. დაივიწყოს აპოლონი?! მათი სიყვარული?! ის ღამეც?! აპოლონ, გესმის, რას ამბობ? რამ გათქმევინა ან რამ მოგაფიქრებინა ესეთი უმსგავსი რამე?! ვაი დაროს ბრალი! როგორ გცნობია შენი დანიშნული. შენ დაგივიწყოს და სხვას მისთხოვდეს! შე უბედურო, შენა, როგორ ამოიღე პირიდან ეს სიტყვები?!

- შენი გათხოვება სამუდამოდ დამამშვიდებს. შემატყობინე შენი ქორწილი. ეს იყო ტუსაღის უკანასკნელი სიტყვები.

- ქალბატონო, გთხოვთ... გაათავეთ. - ჩაუდგა ორივეს შუაში შალვა შველიშვილი.

დაროს მუდარა კივილით და ფართხალით დასრულდა. დარაჯებმა ძლივს გაათრიეს გააფთრებული ქალი, რომელიც კარებს და სახელურებს ეჭიდებოდა.

აპოლონი გაჰქრა.

ვაგონები მატარებელს მიაბეს.

შველიშვილმა ტუსაღები მეორე რაზმს ჩააბარა, თავისი გაისტუმრა და დაროს თვალი გააყოლა.

და როცა მატარებელი დაიძრა, წინმდგომი დაროც მიმავალ ორთქლმავლისკენ გაიქცა, მაგრამ იმავე წუთს მხრებში შველიშვილი დასწვდა. ერთი საათის შემდეგ ახლად გაცნობილმა „პორუჩიკმა“ თითქმის უგონო ქალი ვაჟას ქუჩაზე გაიყვანა და დედას ჩააბარა.

 

* * * * * * * *

 

დარომ თავი მოაბეზრა მოხელეებს: დღე არ გავიდოდა, რომ თავთ არ დასდგომოდა და კატორღაში წასვლის ნებართვა არ მოეთხოვნა. მაგრამ რადგან ჯვრისწერის მოწმობა ვერ წარადგინა, ამიტომ ვერც ნებართვა მიიღო.

სანამ წასვლის იმედი ჰქონდა, დარო აშლილი და აფორიაქებული იყო. ხოლო როდესაც უარი მიიღო, პირმოხსნილ ტიკივით მოეშვა და ისე ჩაიჭედა თავის ოთახში, როგორც კუბოში. სინათლეს, ჭამა-სმას და ნაცნობ ნათესავებს ისე გაურბოდა, თითქო ცოცხლად აპირებდა სამარეში ჩასვლასო.

აპოლონის გასტუმრების დღიდან მხოლოდ შალვა შველიშვილს მიენდო და მისი მადლი დააფასა. ახალი ნაცნობი ყოველდღე მიდიოდა დაროს მოსაკითხავად და პროკურორ-გუბერნატორთან მისაყოლად და დასახმარებლად.

- ღმერთმანი, არ ვიცი: როდის ან როგორ უნდა გადაგიხადოთ მადლობა. - ხშირ-ხშირად ეუბნებოდა დარო.

- რისთვის, ქალბატონო დარო?

- ჯერ ერთი, იმისათვის, რომ აპოლონი მაჩვენეთ. მეორე - სიკვდილისაგან გადარჩენისათვის, მესამე - ხელისუფლებასთან დახმარებისათვის, და მეოთხე - მოკითხვისთვის, ნუგეშისთვის და გამხნევებისთვის.

ხოლო როდესაც სამუდამოდ დაჰკარგა ციმბირში წასვლის იმედი, შველიშვილს საყვედურით ავსებდა:

- ნეტა თქვენი თავი არ მენახა.

- აპოლონსაც ვერ ნახავდით.

- მართალია, მაგრამ იქვე ერთ წუთში გავათავებდი ყოველივეს. ეხლა კი...

მაინც მხოლოდ შალვას და დედას იკარებდა. არც ოთახიდან გამოდიოდა, არც ლოგინს შორდებოდა. მუდმივი შიში, სევდა და დუმილი დასჩემდა. ექიმები მოდიოდნენ და იმეორებდნენ:

- მელანქოლია სჭირს!.. გაიყვანეთ... გაართეთ... გაათხოვეთ.

მაგრამ გათხოვებაზე დაროსთან ხმას ვერავინ ამოიღებდა. ხოლო ყოველგვარი გართობა - გავლა, ხმაურობა, სიცილი, ხუმრობა და ღიმილიც კი ავადმყოფს უარესად სტანჯავდა და აკაპასებდა. მხოლოდ შალვა შველიშვილი ახერხებდა დაროსთან შესვლას, ბაასსა და ათასში ერთხელ ქალის გაღიმებასაც. ულამაზო, უშნო და მოუხეშავი ადამიანი იყო. სამაგიეროდ ბავშვის გული ჰქონდა, ყოველი ცხოველის ხმას ზედმიწევნით აჯავრებდა და ათასი მასხრობა, მხიარული ამბავი და ანეკდოტი იცოდა. მეზობლებიც კი შემოვიდოდნენ ხოლმე მეორე ოთახში და ტალანში, როდესაც შალვა თავის ოინებს და ამბებს მოჰყვებოდა. ხან კუნტრუშით მოსხლტებოდა და კვიცივით ჭიხვინებდა. ხან ჯაგჯაგით დარბოდა და კამეჩივით ყროყინებდა, ხან ისე აფეთქდებოდა, რომ ქუჩის ყველა ძაღლებიც იმ სახლისკენ გარბოდნენ ყეფით და წკმუტუნით. ზოგჯერ ძროხასავით ბღაოდა. ზოგჯერ ოთხით აჩოჩდებოდა და ბავშვივით აღრიალდებოდა. ხან დათვივით ძუნძულს მოჰყვებოდა და აბუტბუტდებოდა. ხან კიდევ იმ ოთახში ერთმანეთში აირეოდენ ღორების ჭყივილი, გოჭების ჭყვიტინი, ბატების ყიყინი და ფრინველთა ჟღურტული, ჭიკჭიკი და ხივილი. და როდესაც თვითონაც დაიღლებოდა და დაროსაც ნერვიულ სიცილ-ტირილამდე მიიყვანდა, ავადმყოფს მეგობრულად დაუკოცნიდა ხელებს და ბავშვივით დაარიგებდა:

- აბა, არ მოიწყინოთ. საღამოზე მოვალ და გაგატარებთ.

და საღამოზე ისე დაჰყავდა ახლო-მახლო, როგორც ძიძას ახლად ფეხამდგარი ბალღი.

შალვა მალე გადაიქცა დაროს ძმად, მამად, მეგობრად და მზრუნველად.

დაროს ერთმა ნათესავმა ერთხელ სიტყვა „დანიშნული“ იხმარა. და ამ სიტყვამ ისე აადუღა და გაამწარა აპოლონის დანიშნული, რომ შალვამ თავი ძლივს გაიმართლა, მაგრამ ერთხელ ნასროლმა ტყვიამ იმ სახლში თანდათან ფეხი მოიკიდა და ფესვი გაიმაგრა. მერე ამ სიტყვამ უნებურად დაროს თავშიც დაიბუდა. როდის შეძვრა ის უხამსი აპოლონის დანიშნულის თავში, ან როგორ მოიკალათა დაკარგული ტუსაღის სამფლობელოში, დარომაც ვერ გაიგო. დაქვრივებულმა ქალმა ახალი ბინადარი ნელა შეიჩვია და მოინელა. სამაგიეროდ შალვა შველიშვილმა ბეწვიც ვერ გაჰკრა დაროს გულს, რომელიც პირსავსე დოქივით მუდამ გატენილი იყო შებორკილი კატორღელის ხსოვნით, ცეცხლითა და სახელით.

„მალე დამივიწყე და გათხოვდი... შენს თავს უშველე, დარო“. - ხშირად აგონდებოდა ქვრივს აპოლონის ანდერძი, მაგრამ მისი აზრი მაინც ვერ გაიგო, რისთვის? ვისთვის? იმისთვის, რომ აპოლონი დაამშვიდოს? ვითომ დამშვიდდება სადღაც აკატუიში ჯვარცმული ქვეყნის ნაპირზე გადაკარგული აპოლონი? არა, არა! სტყუის აპოლონი, სტყუის! დამშვიდდება კი არა, მეორე და მესამე ჯვარზედ გაეკვრება, თუ... თუ დარო არ დაივიწყა და უკვე არ დამშვიდდა. დაივიწყა?! ღმერთო დიდებულო! ნუ თუ შეიძლება, რომ კუბოში ჩაჭედილმა ცოცხალმა ადამიანმა დაივიწყოს ერთად ერთი სიყვარული, ისიც ჭაბუკური, პირველი და უკანასკნელი?! დაივიწყოს ის ერთი კვირა... ის ერთი ღამე... იქ, მტკვრის ნაპირზე... ან ის წუთი, ვერის ხევში, როდესაც უზენაესი ბედნიერებით გულსავსე ჭაბუკი დამბაჩასავით ისროდა:

მაღლა დარი შენებრ დარობს,

დაბლა დაროს სჭირს დარება,

დარდმა დარი მოიდარა,

დაროს ახჩობს ნეტარება.

და დაროს მართლა ახრჩობს წარსულის მოგონება: ის კვირა და ის ღამე, მერმე დარდი და ურვა, მერმე სადგური, შებორკილი ტუსაღი, უკანასკნელი კოცნა და... საზარელი ანდერძი: მე დაკარგული ვარ. მე გათავებული ვარ. ცოცხლების სიიდან ამომშალეს... შენ შენს თავს მოუარე... თავს უშველე... გათხოვდი და დამამშვიდეო! მაშ თვითონ კი ყოველივე დაივიწყა და დამშვიდდა? არა, არა და ათასჯერ არა! ამას დარო არასოდეს არ დაიჯერებს.

შალვა შველიშვილო! შენ კეთილი, გულწმინდა და მართალი კაცი ხარ. შენ ერთადერთი მეგობარი ხარ დაროსი. შენი სიკეთე ქვრივს არასოდეს არ დაავიწყდება. ადრე იქნება თუ გვიან, ასჯერ გადაგიხდის მადლობას. მაგრამ აპოლონის მაგივრობას შენ ვერ გასწევ. ვერც სხვა ვინმე გასწევს. ის ტუსაღი დაროს გულში ერთადერთი მდგმურია და მუდამ ერთივე დარჩება.

შენ შალვა შველიშვილო! გულში დაროს ცოლობა გიდევს. ამოიღე, გადააგდე და დაივიწყე. მაგრამ ვთქვათ, მოგთხოვდა კიდევაც. მერმე? რად გინდა უსულო ხორცი? რისი მაქნისია ცოლი, თუ იმის გულში სხვა ვინმე ცხოვრობს? რისთვის გინდა ქალი, თუ შენ არ მოგეხვევა, და თუ მოგეხვევა, იმავე წუთს შენს მაგივრად აპოლონი ეყოლება ჩახვეული მკლავებში?

მაგრამ შალვა შველიშვილი უჯიათი, კერპი და შეუპოვარი ადამიანია. ჯერჯერობით ხმას არ იღებს. მხოლოდ გულში იტრიალებს დაროს ცოლობას. დარო კი იმის გულს წიგნივით კითხულობს და გუნებაში პასუხსაც აძლევს. შალვას ეს პასუხი ან არ ესმის, ან თავს იკატუნებს. და ისევ თავისი გზით მიდის: ყოველ დღე ჭიხვინებს, დარბის, ჰყეფს, ხარხარებს და დაროსაც ტირილნარევი სიცილით აცინებს.

აპოლონის დაკარგვის დღიდან დარო აღარ კოხტაობს. დაუდევრობა და სულიერი მოღლა დაეტყო, ვისთვის ჩაიცვას? ვისთვისღა მოიკაზმოს? შალვა მოშინაურდა. დარო შეეჩვია. აღარ ერიდება. ერთხელ პირდაუბანელი დაუხვდა, მეორედ - ჩაუცმელი და გაწეწილი. მერმე მეგობარს ვეღარც კი ამჩნევდა: იმის თვალწინ ივარცხნიდა და იცვამდა.

დედამ და ნათესავებმა ჯერ გადაკვრით და მერმე პირდაპირაც მოუხშირეს გათხოვებაზე და დაბინავებაზე ლაპარაკს. დარო პასუხსაც აღარ აძლევდა და შალვაზე ფიქრობდა:

„ვერ გაჰბედავს“.

მაგრამ შალვამ ნელ-ნელა გაბედა. მერმე დარო მოიხელთა და პირდაპირ უთხრა:

- დარო, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მოდი უფრო დავმეგობრდეთ.

დარო მიუხვდა. გაფითრდა და დაიბნა:

- როგორ?... რით?

შალვამ ეხლა კი გაიხსნა გული. თავისი განზრახვა ჭკვიანურად დაასაბუთა და მომავალი მყუდრო ცხოვრება და ნელი ოჯახური ბედნიერება დაროს ცხადლივ გადაუშალა. ბოლოს შეეხვეწა:

- ეხლავე ნუ მომცემ პასუხს, მეგობარო. მოიფიქრე და გაზომე. „არას“ თქმას ყოველთვის მოასწრებ.

ორი კვირა გავიდა. შალვას ხმა არ ამოუღია. იმის მაგიერ ნათესავებმა უფრო მოუხშირეს კირკიტი, შთაგონება და ფუსფუსი. და როდესაც სულერთიანობით მობეგვილი ქალი მოსტეხეს, როცა ურჩი კედელი რვა თვის კაკუნით მოალბეს და მოარღვიეს, მხოლოდ მაშინ ჰკითხა შველიშვილმა:

- ჩემო კარგო, ჩვენი ბაასი ხომ არ დაგავიწყდა?

- არა... მახსოვს.

- მაშ, თუ შენც თანახმა იქნები, ენკენისთვეში დავიწეროთ ჯვარი.

- სულ ერთია. - თავისთავად გადმოვარდა დაროს პირიდან.

და როდესაც ენკენისთვე მოვიდა, როცა შალვამ თეთრი დედოფალი გვერდით მიიწვინა, უჩინარი ხუნდებიანი ტუსაღიც ისე ჩაწვა ცოლ-ქმარს შორის, როგორც საკუთარ ლოგინში: სამუდამოდ, მჭიდროდ და მოურიდებლად.

და ის ცოცხალი გვამი აქაც ისე იყო ჩაჭედილი, როგორც იქ, თავის კუბოში, ამ ქვეყნისა და საიქიოს საზღვარზე მდებარე აკატუის კატორღაში.

ერთი წლის შემდეგ მარინე დაიბადა. დარომ აპოლონს ანდერძი შეუსრულა და ეს ამბავი წერილით შეატყობინა. სწერდა: „რა თქმა უნდა, ჩვენი უკანასკნელი წუთი გეხსომება. ალბათ ის აფიცერიც გახსოვს, რომელმაც შეგვიბრალა და ერთმანეთი გვაჩვენა. სწორედ იმ კაცს, - შალვა შველიშვილს მივთხოვდი“. - მერმე ერთი წლის წმინდანური ტყუილიც დაუმატა: „შენგან ქალი მეყოლა, მარინე დავარქვი, ის ქალიც ისე შეიყვარე, როგორც მეგიყვარდი“.

ამას რომ სწერდა, ფიქრობდა: ჩემს ხსოვნას უფრო ღრმად ჩავუჭედავ თავში და გულში მამობრივ სიყვარულსაც გავუჩენო, დარომ წერილს თავისი და პაწაწა მარინეს სურათებიც მიაყოლა.

პასუხს დიდხანს ელოდებოდა.

„ალბათ კატორღელებს მიწერ-მოწერის უფლებას არ აძლევენ“. - ფიქრობდა დარო და მეათე წერილს სწერდა.

მაგრამ აკატუიდან გამოძახილი მაინც არ მოისმოდა.

„რა თქმა უნდა, ჩემი წერილები აპოლონს არ მისდის“. - გადასწყვიტა ბოლოს და იმ დღეს დაწერილი წერილიც დაჰხია.

 

* * * * * * * *

 

აკატუის კატორღაში დრო ჭიაყელასავით მიცოცავდა, ხოლო ამ ქვეყნად გრიგალივით მიჰქროდა.

შალვა შველიშვილს ჯერ ბურთივით ისროდნენ აქეთ-იქით, მერმე სტავროპოლს მოეკიდა და იქ გაიდგა ფესვები.

ცხოვრება დუნედ და ზლაზვნით წავიდა. შალვა სამსახურის კიბეზე ფეხაუდგმელ ბავშვივით მიჩოჩავდა. დარო დამშვიდდა და დასრულდა. მარინე ცამეტი წლისა შესრულდა და ისე დაემსგავსა ადრინდელ დაროს, როგორც საკუთარ თავს.

ჩრდილოეთიდან წითელი ნიავი მოდიოდა. მერმე ის ნიავი ქარად გადაიქცა, ხოლო ქარი - მჭეხარე ქარიშხლად და გრიგალად. და იმ გრიგალმა და კორიანტელმა ბუმბულივით აჰშალეს, მოიტაცეს და დააბორიალეს ის მყუდრო ქალაქიც და შალვა შველიშვილიც.

ერთხელ ქალაქსაც მისწვდა თოფის გრიალი და ზარბაზნის ქუხილი. შველიშვილს სასულიერო სემინარიასთან ჰქონდა ბინაც და სამსახურიც.

დაროც და მარინეც ხედავდნენ ყაზარმებიდან გამოსულ შალვას და იმის პოლკს. მუსიკით და სიმღერით ჩაიარეს. შალვამ ორივენი გულში ჩაიკრა.

- ნუ სტირით... ასჯერ გადავრჩი, ეხლაც გადავრჩები. მშვიდობით... მშვიდობით!

და ორივენი ძლივს მოიგლიჯა კისრიდან. მერმე ცხენზე შეჯდა და მიმავალ პოლკს დაეწია.

ბრძოლის ჭექა-ქუხილი თანდათან ახლოვდებოდა. სალდათები ჯგუფ-ჯგუფად მოიპარებოდნენ. მერმე დანარჩენებმაც იხუვლეს და გაიქცნენ. ბრძოლა ქუჩებში შემოიჭრა. ორი საათის შემდეგ მაღლობზე ასვეტილ თეთრი სამრეკლოს თავზე წითელი ბაირაღი ფრიალებდა და წითელ ჯარს ცნობებს აწვდიდა.

სროლა შენელდა. თეთრმა ჯარმა ქვევით, სადგურისკენ დაიწია. შალვა არსად მოსჩანდა.

შეშინებული დარო და მარინე სარდაფიდან ამოვიდნენ. დარომ შიში დასძლია. შალი მოიხვია და ქუჩაში გავიდა. იარაღაყრილი თეთრი სალდათები უკვე წითლებს უმეგობრდებოდნენ. დარომ რამოდენიმეს გამოჰკითხა. ბოლოს ერთმა უთხრა:

- დაიჭირეს. ეს არის ეხლა გაატარეს.

- საით? საით გაატარეს? - აგერ, იქით.

- К стенке приставляют.

დარო გაიქცა. თვითონაც არ იცოდა, საით მირბოდა, ან ვის ეძებდა: შალვას თუ წითლების შტაბს. ბოლოს ვიღაცამ „ცენტრალურ სასტუმროზე“ მიუთითა:

- იქ არიან.

დარაჯებმა არ შეუშვეს. დიდი ბაღის მხრიდან მოუარა სასტუმროს, ეზოში შევიდა. აქ აღარავინ ჰკითხა ვინაობა. ისეთი ფაცა-ფუცი და სირბილი იყო, რომ ერთმანეთსაც ძლივსღა სცნობდნენ.

ვიღაცამ მიასწავლა:

- Там.

დარომ გრძელი ტალანი გაირბინა და ერთი ოთახის კარები გამოაღო. გამოაღო და კარებშივე ისე გაქვავდა, თითქოს შიგ ვეღარ გაეტიაო. იმის წინ აპოლონ რაპოლიძე იდგა: თხემით-ფერხამდე შავსა და მბზინავ ტყავში ჩამჯდარი. თავთ ეხურა მუზარადის მსგავსი ტყავისავე ჩაბალახი, რომელსაც წინ მიკრული ჰქონდა ხუთსხივიანი წითელი ვარსკვლავი. ხშირი და ტყავზე უფრო შავი წვერი განიერ მკერდზე ეყარა.

აპოლონ რაპოლიძე, ოდესღაც სხარტი სტუდენტი, ახლა ლაკირონის ჯაჭვში და ჩაფხუტში ჩამჯდარი რაინდს ჰგავდა, რომელსაც მხოლოდ ფარი და მახვილი აკლდა.

რაპოლიძე ორს ამხანაგს რაღაც ფიცხელ დარიგებას აძლევდა კარებში შემდგარ დედაკაცს რომ თვალი მოჰკრა, გაშვერილი ხელი ჰაერშივე გაუშეშდა.

- აპოლონ... ღმერთო ჩემო. წაილუღლუღა დარომ და ძლივს დაიხარა.

მათ შორის დიდი მაგიდა იდგა. და ის მაგიდა დაროს სანგარივით გადაეღობა, რომელსაც აქეთ-იქიდან ორი უცხო დარაჯი აესვეტა. და იმ საფარიდან აპოლონ რაპოლიძე უდრეკ ციხისთავივით გამოიყურებოდა: მტკიცედ, პირქუშად, თითქმის მრისხანედ. ხელი ძლივს გაუწოდა და ორი გაყინული სიტყვით დაროც გაჰყინა:

- რა გნებავთ?

- მე?... მე თქვენთან საქმე მაქვს...

და ორ უცხოს გადახედა. ორივენი წასასვლელად შეტოკდნენ, მაგრამ რაპოლიძემ ორივეს ხელით ანიშნა: დარჩითო, და ისე ვდაროს მიუგდო:

- სთქვით, ნუ ერიდებით. მე ამათთან დასამალავი არაფერი მაქვს.

დარო შეყოყმანდა. აილეწა და აირია. მერმე გამშრალ პირიდან ძლივს ამოიღო:

- ჩემი ქმარი... დააპატიმრეს.

- ვიცი. მერმე?

იცის? მაშ ცამეტი წლის წინათ კატორღაში გაგზავნილი დაროს წერილი მიუღია. თორემ როდის, ან როგორ გაიგებდა, რომ დარო ვიღაც შველიშვილის ცოლია? უცებ რაღაც იმედი მიეცა, მაგრამ აპოლონს რომ შეხედა, ისევ სისხლი გაეყინა.

- მერმე მეთქი? რა გნებავთ?

- სათხოვნელად მოვედი... არაფერი დაუშავოთ.

აპოლონმა ლითონის ღიმილით გაიღიმა, ადრე, თოთხმეტი წლის წინათ დარო აპოლონის პირზედ ასეთ ღიმილს ვერც კი წარმოიდგენდა.

- არაფერი დაუშავოთო?! ჰმ... კეთილი. მაგრამ, მგონი, თქვენი ქმარი პოლკის უფროსი იყო, არა?

- დიაღ, მაგრამ...

- რამდენიმე საათის წინათ ჩვენს სისხლს ჰღვრიდა, ხომ?

- არ ვიცი... მაინც გთხოვთ, გეხვეწებით.

აპოლონმა სიტყვა გააწყვეტინა:

- თხოვნას და ხვეწნას ჩვენში არავითარი ფასი არა აქვს. ყოველივე ცხადია. არ მესმის, ან თქვენ რად შეიწუხეთ თავი, ან სხვას რად აწუხებთ.

 

ჰოო? მაშ ეგრეა საქმე?! მაშ ეგრე გამოცვლილხარ, აპოლონ? !მაშ ეგრე ადვილად მიაფუჩეჩე ყოველივე?! ეგრე იოლად დაივიწყე წარსული?! დარო წელში გაიმართა. თვალებში ცეცხლი გაუჩნდა და ხმაში რვალი ჩაესხა.

- ბატონო აპოლონ!

- აპოლონ იორამის ძე. - გაუსწორა აპოლონმა.

- ბატონო აპოლონ იორამის ძევ!

- ბატონო კი არა, ამხანაგო-თქო, კვლავ გაუსწორა რაპოლიძემ.

- არასოდეს! - მიაძახა ქალმა - არასოდეს! პირადად თქვენ ჩემი ამხანაგი არა ხართ... აღარა ხართ. და ორს უცხოს მიუბრუნდა. მე ამ ადამიანისგან შვილი მყავს. როცა კატორღაში ჰგზავნიდნენ, მეც თან მივყვებოდი, მაგრამ თვითონ არ მოინდომა. ანდერძად დამიტოვა: გათხოვდი და დამივიწყეო. მე მაინც არ დავუჯერე. რამდენიმე თვე დავეხეტებოდი და კატორღაში წასვლის ნებართვას ვთხოულობდი. მინდოდა ამისთვის ვადა გამენახევრებინა. მაგრამ კანონმა ნება არ მომცა, რადგან დაქორწინებულები არ ვიყავით. ბოლოს, იმედი რომ გადამიწყდა, გავთხოვდი და ამის ქალიშვილს მამა ვუშოვნე. იმ კაცმა ამ კაცს შვილი გაუზარდა. ხოლო ეს კაცი მადლობის მაგიერ თავის შვილის ნამდვილ მამას უპირებს...

და იმ ერთ სიტყვას ვეღარ მოერია.

„ღმერთო დიდებულო! გააჭრევინე ჩემს სიყალბეს, შენ იცი, თუ რისთვის და ვისთვის ვიცრუე“. გულში მოინატრა თითქმის დაქვრივებულმა დედაკაცმა.

- გაჩუმდით! ხმა გაკმინდეთ! - დაიგრიალა აპოლონმა და დიდი მუშტით კინაღამ მაგიდა ჩაამტვრია.

- რაც ამ დედაკაცმა სთქვა, ყოველივე მართალია.

„უუჰ“- გულს მოეშვა დაროს.

- მაგრამ - მიუბრუნდა დაროს გამკაცრებული ნაქმრევი და „შენ“-ზე გადავიდა: - მაგრამ შენ დედაკაცი ხარ და რევოლუციონერის მოვალეობა არ გესმის. მე შენ გეუბნები, არ გესმის მეთქი!

დარო კვლავ დაიბნა და გაშეშდა. თვალებანთებული აპოლონი კი მაგიდას უბრახუნებდა და რკინის ნაჭრებივით ისროდა:

- გაიგე, რა გითხარი? არ გესმის - მეთქი! არ გესმის მეთქი!

დაროს მართლა არ ესმოდა. ხან ერთ უცნობს შესცქეროდა, ხან მეორეს და, გაოცებული, ხელების გაშლით, ბრალდებულივით ბუტბუტებდა:

- მართლა არაფერი არ მესმის... სრულებით არაფერი არ მესმის...

- ვერც გაიგებ! - გააწყვეტინა აპოლონმა. ვერც გაიგებ-მეთქი! ჩემი ღვიძლი ძმა რომ ჩამვარდნოდა, იმასაც ჩემით მივხვრიტავდი.

დაროს ტყვიასავით მოხვდა ეს ერთი სიტყვა, რომელსაც აქამდე გაურბოდა.

- გაიგე, რა გითხარი? - ცეცხლივით აყრიდა პირში დედაკაცს ის ადამიანი, რომელსაც დარო ვეღარ სცნობდა. - ვერც ეხლა გაიგე? რომ დააშავო რამე, არც შენ დაგინდობ! დიაღ, არ დაგინდობ-მეთქი!

და აპოლონ რაპოლიძე გაცხარდა. მედგრად, მტკიცედ და ფიცხად იცავდა მოვალეობის სანგარს მომხვდურ დედაკაცისგან, რომელიც მშობლიური და პირადი მოვალეობით აპირებდა წითელი ციხისთავის დატყვევებას. მაგრამ რაპოლიძე ფხიზლობდადა მტკიცედ იდგა თავის სადარაჯოზე:

- იმ დიდი მოვალეობის წინაშე, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, სხვა მოვალეობა აღარ არსებობს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სიტყვა.

და იმ წუთს აპოლონ რაპოლიძე ჰგავდა მოვალეობის ჯაჭვში ჩამჯდარ ადამიანს, რომელსაც ის ფოლადი ისე ჩაეხლართა და ჩაექსოვა სულსა და სისხლში, რომ იმ პერანგის გახდა და მძიმე ზუჩის მოხდა არც თვითონ შეეძლო, არც სხვა ვინმე სულიერს.

დარომ რაპოლიძის უზენაესი მოვალეობისა მაინც ვერაფერი გაიგო. მაგრამ უცებ მიხვდა, რომ დამარცხდა. აპოლონმა მარინეს შვილობა დაიჯერა, მაგრამ თავისი მოვალეობა მამის გრძნობას არ შესწირა. იგრძნო დარომ, რომ არც შესწირავდა. იმის წინ ყინულის ზღუდე იდგა, - ურღვევი და ცივი. და იმ ზღუდეს ყინულისა და რვალის კაცი სდარაჯობდა, - ისიც მტკიცე და უძლეველი. და თავისი თავი იმედდაკარგულმა დედაკაცმა უცებ ქვრივად იგრძნო. მეტი არაფერი დარჩა: თუ მოვალეობის ზღუდე მოვალეობისავე წერაქვმაც ვერ გაარღვია, იქნება ის ყინული ქვრივსა და ობლის ცხელმა ცრემლმა გაალხოს.

- აპოლონ! შენ შვილი გყავს.

- ჩემ შვილს მე თვითონ მოვუვლი.

დარომ უცხო კაცს მოუარა და აპოლონს პირისპირ დაუდგა. უცებ ორივე ხელით ხელზე დასწვდა, იმ ხელზე აკოცა და მუხლებში ჩაუვარდა:

- აპოლონ! აპოლონ! რას მიშვრები, აპოლონ!

რაპოლიძემ ხელი გამოსტაცა და გაიწია.

დარო ჩოქვით მისწვდა და მუხლზე მოეხვია, თან ბუტბუტებდა:

- ეგრე ადვილად დამივიწყე!... ყოველივე დაივიწყე?

- დავივიწყე, დავივიწყე! - წვრილი ხმით შეჰყვირა აპოლონმა, ფეხი გამოჰგლიჯა და კარებისკენ გაიქცა, თან იმეორებდა: - ჰო, ჰო! დავივიწყე მეთქი, დავივიწყე! გავარდა და კარები გაიჯახუნა. თან მოვალეობის ჯაჭვიც ძლივს გაათრია.

უცნობნი დაროს დასწვდნენ და წამოაყენეს. ამშვიდებდნენ და კარებისკენ მიჰყავდათ. ტალანი გაატარეს, ქუჩაში გაიყვანეს და დაბრუნდნენ. იმავე ოთახში შეიხედეს და დაინახეს: აპოლონ რაპოლიძე თავის სკამზე იჯდა. იდაყვები მაგიდაზე დაეყრდნო და პირისახე განიერ ხელებში ჩაემალნა. იჯდა. ვერხვივით თრთოდა.

კარები ჩუმად გაიხურეს და უკანვე გავიდნენ.

დარო ვიღაცამ მიიყვანა და მარინეს გადასცა. დაწვა და აბოდდა.

იმავე საღამოს აპოლონი თეთრებს მდევრად გაჰყვა.

მეორე დღეს მარინემ მამას საპატიმროში სადილი წაუღო და სამი საათის შემდეგ უკანვე მოიტანა. ცამეტი წლის ქალმა ჯერ არ იცოდა, რად დაუბრუნეს სადილი. დაბრუნდა და სევდით სთქვა:

- არ მიიღეს.

დარომ ლოგინში წამოიწია:

- სხვებისა, შვილო, სხვებისა მიიღეს?

- მიიღეს.

ავადმყოფი უკანვე გადავარდა. დარო უკვე დაქვრივდა. მარინეც დაობლდა.

 

IV

 

და ეხლა, ექვსი წლის შემდეგ ისევ პირისპირ წარუდგნენ ერთმანეთს: სიძე და სიდედრი, საქმრო და საცოლე. კედელზე მიყუდებული და პირაღრეცილი აპოლონი მომაკვდავის ღიმილით იღიმებოდა. გახევებული დარო თრთოდა და საზარელ ლანდს გაყინულ თვალებს ვეღარ აშორებდა.

რა სთქვა მარინემ! „ჩემი დანიშნულიაო!“. ხომ არ შესცდა დარო? სმენამ ხომ არ უღალატა? ეს ლანდია თუ სინამდვილე? აგერ იქ რომ აყუდებულა და კბილები რომ დაუკრეჭია, ისიც ლანდია თუ ცხადი?

- აპოლონ, რა დაგემართა? - მეორედ ეკითხება მარინე და ხელით ანჯღრევს დირექტორს. ხომ არ დაიღალე?

ჰო, დაიღალა. რა თქმა უნდა, დაიღალა. სხვაფრივ აპოლონს არა უშავს რა. სხვა რამ მიზეზი ნუ ჰგონია მარინეს. ნუ შეშინდება აპოლონის დანიშნული: აპოლონი დაიღალა. მეტი არაფერი. ეხლავე მოკეთდება. დაწყნარდი მარინე, დაწყნარდი.

- დედი, შენ რაღა დაგემართა?

დაროს რაღა დაემართა? არაფერი, შვილო, საიმისო არაფერი, წყალი მიაწოდე დედაშენს, მარინე, წყალი. დალევს და მობრუნდება.

- მკვდრის ფერი დაგედო, ჩემმა დაგვიანებამ ხომ არ შეგაწუხა? რასაკვირველია, შეაწუხა, შვილის მოლოდინით დედას გული გაუწვრილდა.

- ეხლა კიდევ ეს ამბავიც უცებ მოგარტყი და...

ჰო, მართლა! ეგრეა, რა თქმა უნდა, ეგრეა. დედას მოულოდნელად დაატყდა შვილის გაბედნიერება და გულის ღელვას ვეღარ გაუძლო. ეს არის ნამდვილი მიზეზი, მხოლოდ ეს არის. სხვა არაფერი... მეტი არაფერი. ნუ აღელდი, მარინე, ნუ! ნუ გეშინიან.

- დამშვიდდი, შვილო. მეც კარგადა ვარ. აღარა მიშავს რა... სისუსტემ გამიარა.

- ჩემი ნიშნობა კარგად ვერ დაიწყო. - იღიმება მარინე და სიძე-სიდედრს უთვალთვალებს.

- რატომ, გენაცვა, რატომ! - ნაძალადევად გამოცოცხლდა დარო.

- მე ძალიან მესიამოვნა შენი გაბედნიერება. მიხარია ან... ძალიან მიხარიან. რატომ აქამდე არაფერი მითხარი?

- ეს ამბავი დღეს გადაწყდა.

- ამ კაცის გვარს მაინც მეტყოდი.

- როდისღა, დედი? გუშინ არ ჩამოხვედი? ერთი საათი არც კი გაგრძელებულა ჩვენი ლაპარაკი. დამავიწყდა. ვეღარ მოვასწარი. აპოლონ რაპოლიძეა, ჩვენი დირექტორია.

დირექტორი წითელი ხავერდის სუფრას ჩასცქერის და სდუმს.

- მართლა, გვარის გახსენებაზე მომაგონდა. - მიუბრუნდა აპოლონს და გვერდით მიუჯდა. - ერთი ამბავი უნდა გითხრა. წეღანვე მინდოდა მეთქვა, მაგრამ შემრცხვა. ეხლა კი დრო მოვიდა. მომისმინე და, თუ დასაძრახი ვარ, მერმე დამძრახე.

- სთქვი. - ფუღურო ხმით სთქვა აპოლონმა.

- დედაჩემს ელენე კი არ ჰქვიან, არამედ დარო. ჩვენ შოფურიძეები კი არა ვართ, არამედ შველიშვილები.

ხელი ხელში წაავლო და უფრო ახლოს მიიწია.

რაპოლიძეს ოდნავადაც არ გაუკვირდა. „ვიცი“ - კინაღამ წარმოსთქვა, მაგრამ დროზე ენაზე იკბინა და ჰკითხა:

- რისთვის გამოიცვალეთ გვარი?

- მიზეზი უბრალოა: მამაჩემი პოლკოვნიკი იყო და... წითლებმა დახვრიტეს.

აპოლონმა ხელი გამოჰგლიჯა. წამოვარდა და ფანჯარას მიადგა.

მამის სიკვდილის შემდეგ დარო და მარინე მარტოდ-მარტონი დარჩნენ. ლუკმა პური შრომით უნდა ეშოვნათ. დედა ნამცხვრებს ამზადებდა, მარინე კი ჰყიდდა. მერმე ესეც მოესპოთ. საჭირო იყო სამსახური. მარინემ რამდენჯერმე იშოვნა ადგილი, მაგრამ ყველგან ანკეტები დაუხვდა: „ვინ იყო მამა შენი? სად მსახურობდა? გლეხი იყო, თავადი თუ აზნაური?“ ხოლო მარინეს მამა აზნაურიც იყო, პოლკოვნიკიც და თეთრიც. მარინე ჭირიანს დაემსგავსა. ახლოსაც არ იკარებდნენ. რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ. მარინე ხან ქუთაისში მსახურობდა, ხან ბათუმში, მაგრამ იქაც გაუგეს და დაითხოვეს. ლუკმა პურის შოვნისთვის საჭირო გახდა წარსულის წაშლა და დავიწყება. ერთმა ნაცნობმა უშველა: ორი პირადობის მოწმობა უშოვნა და ორივენი მარინეს მამიდაშვილის გვარით ჩასწერა. ეს იყო მიზეზი ყალბი გვარის დარქმევისა. მეტი არაფერი.

- გაიგე, აპოლონ? - ჰკითხა მარინემ აპოლონის განიერ ზურგს.

- გავიგე. - უპასუხა დირექტორმა ფანჯრის მინას.

- მერმე? რას იტყვი?

არაფერსაც არ იტყვის რაპოლიძე. იმანაც იცის, რომ ასეთი ამბავი გახშირდა.

- მაშ არ მიწყრები?

- არა, არ გიწყრები.

მერმე მობრუნდა და დაჯდა. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

- შვილო, მარინე, წადი, გენაცვა, და ჩაისთვის ცოტა რამე მოიტანე.

- მართლა, - მოაგონდა მარინესაც, - პატარა ნიშნობა უნდა გავმართოთ.

- მეც გამოგყვები. - წამოდგა დირექტორიც.

დარომ აპოლონს აჰხედა და სათქმელი თვალებით გააგებინა.

- თუმცაა. - წაიბორძიკა აპოლონმა და ისევ ჩამოჯდა.

დაროც მიეშველა:

- თქვენ დარჩით. ნუ შესწუხდებით.

მარინემ მავთულის კალათა აიღო და გავიდა. კიბეზე რომ ჩაბაკუნდა, უცებ მოაგონდა:

„მართლა, ფული?“

და ფეხაკრეფით გამობრუნდა.

რად აიკრიფა ფეხი, რად მოიპარებოდა ქურდივით, თვითონაც არ ესმოდა. ბნელ ტალანში შემოიპარა და კარებთან შესდგა.

მარინე რომ გავიდა, დარო წამოდგა და მაგიდას დაეყრდნო. ეხლა ის ჰგავდა ციხისთავს, რომელიც სანგარში აშოტილიყო. წამოდგა და აპოლონს სუსხი გადაასხა:

- ამ ოთახში რა გნებავთ?

აპოლონმა ზურგი და მუხლები გაისწორა და პასუხის ნაცვლად თვითონვე ჰკითხა:

- მითხარი... ჩქარა მითხარი, ვისი შვილია მარინე, ჩემი თუ იმისი? და „იმის“ სახელიც ვერ ახსენა.

- იმისი.

და ამ სიტყვაში დირექტორს წრფელი კილო მოესმა.

- მართლა?.. მართალს ამბობ?

- მართალს ვამბობ. მერმე?

აპოლონმა ისე ამოიხვნეშა, თითქო გულიდან მუხრუჭები მოიგლიჯაო. გაიღიმა და პირისახე გაუბრწყინდა. მერმე მუხლები მოსწყდა. გაცვეთილ სავარძელში ჩაწვა და ხელსახოცით ცივი ოფლი მოიწმინდა.

- მერმე? - ისეთი კილოთი განუმეორა დარომ, როგორც აპოლონი ელაპარაკებოდა იმას ექვსი წლის წინათ... იქ, სტავროპოლში, სასტუმროს ოთახში.

- მერმე? რა გნებავთ?

- დაიცა, დარო, დაიცა. რამდენი წლისაა მარინე?

- თვრამეტისაც არ შესრულებულა. იანგარიშეთ.

აპოლონს მარინეს სიტყვები გაახსენდა: „მალე თვრამეტისა შევსრულდებიო“. მაინც გონება მოიკრიფა, თითები მოიშველა და ძლივს დასთვალა. ისევ გაიღიმა და მორჩილი ხმით სთქვა:

- მართალია. მაგრამ ესეც მითხარი: რად მომწერე კატორღაში, შენგან ქალი მეყოლაო?

დაროს სევდის ნაოჭებმა გადაჰკრეს:

- მიზეზი ვერ გაიგეთ?

- ვერა, ვერ გავიგე.

- არც ახლა გესმით?

- არა, არ მესმის.

- არც არის საჭირო. ვერც გაიგებთ.

- ეხლა ისიც მესმის... იქ, სტავროპოლში რომ მოინდომე ჩემი მოტყუება. მარწმუნებდი, მარინე შენი ქალიაო.

- დაწყნარდით, აკი ვერ მოგატყუეთ. მაშინ თქვენ გაიმარჯვეთ. თქვენ მაშინ დაიჯერეთ, ვითომ მარინე თქვენი ქალი ყოფილიყო, მაგრამ მაინც თქვენი გაიტანეთ. ისევ მე დავრჩი შერცხვენილი.

აპოლონი წამოიჭრა და ადუღდა:

- ეს დედაკაცი ვერასოდეს ვერ გაიგებს მოვალეობას. მე მოვალე ვიყავი! გესმის, რას ნიშნავს ეს სიტყვა? მოვალე ვიყავი მეთქი, მო-ვა-ლე! მო-ვა-ლე!

- ვერც მაშინ გავიგე, არც ეხლა მესმის. მესამედ გეკითხებით, ეხლა რა გნებავთ?

აპოლონ რაპოლიძე მესამედ წაიქცა. ისევ შუბლი მოიწმინდადა წაილუღლუღა:

- მიყვარს მარინე, მიყვარს.

- ისე გიყვარს, როგორც მე გიყვარდი, არა?

აპოლონი ამ სიტყვამ გამოაცოცხლა. კვლავ წამოიჭრა და აბუტბუტდა:

- ეგრე, დარო, ეგრე. ისე მიყვარს, როგორც შენ მიყვარდი.

- ისე მძლავრად, როგორც მაშინ... იქ სტავროპოლში რომ გიყვარდი. არა?

დირექტორს ერთხელ კიდევ მოსწყდა მუხლები და ხმა:

- რას ჩააცივდი, ქალო, იმ ოხერ სტავროპოლს?

ეხლა დაროს ეცვა ქვრივის და დედის მძიმე ჯაჭვი. მკაცრი, დაუნდობელი და ალესილი იყო, ვითარცა აფთარი, რომელსაც ბოკვერს ართმევენ.

- სტავროპოლს რად ჩავაცივდი? არ მოგწონთ?

- რად დაუმალე მაშინ მარინეს ჩემი გვარი და სახელი?

- ეგ ჩემი ბრალია. სასჯელიც სასტიკი მივიღე. მე რომ ადრევე მეთქვა მარინესთვის თქვენი ვინაობა, ეს საზარელი შეხვედრაც არ მოხდებოდა, მაგრამ გავათაოთ, საცაა მარინეც დაბრუნდება.

- როგორ გავათაოთ, რა გინდა ჩემგან?

- ეხლავე დასწერე წერილი და წადი. წადი და აღარ დაბრუნდე.

რაპოლიძე ერთხელ კიდევ წამოიჭრა:

- რაო? აპოლონმა მარინეს თავი უნდა დაანებოს?! დაივიწყოს?! არა, ამას დარო ვერ მოესწრება! აპოლონს მარინე უყვარს და ამიტომ ვერც დაივიწყებს, ვერც დაანებებს.

- არასოდეს! არასოდეს მეთქი!

- გეუბნები, ეხლავე დასწერე მეთქი წერილი, თორემ... და დედის ხმაში მძლავრი მუქარა მოისმა.

- თორემ? თორემ რაო?

- თორემ... არ გესმის, განა! მაშ გეტყვი: მარინე დღესვე გაიგებს სტავროპოლის ამბავს და... ხომ მიმიხვდი?

ჰოი, სასტიკო დედაკაცო! ულმობელო, დაუნდობელო დიაცო! კაპასო, შხამიანო გველო! ეს რა იარაღი იხმარე! აქედან როგორ მოუარე მოპირდაპირეს! როგორ აისხლიტოს რაპოლიძემ ეს გესლიანი ისარი?

- დედა დააქვრივო, შვილი დააობლო და მერე მოკლულის ქალი შეირთო?! - აღარ ინდობს გახელებული დარო.

კარების უკან სუსტი კვნესა მოისმა. მაგრამ ბრძოლით გაფიცხებულებმა ის ხმა ვერ გაიგეს.

მაშ რაპოლიძემ იარაღი უნდა დაჰყაროს! უნდა დაჰნებდეს, ვითომ გამოელია იარაღი! არა აპოლონი ეგრე ადვილად არ დასთმობს.

- თუ ეგრეა, თუ ჩემი ამბავი უთხარი, იქ შენიც დაუმატე, - ესროლა აპოლონმა.

- რა დავუმატო? თქვენი დანიშნული რომ ვიყავი?

- დანიშნული კი არა, ჩემი საყვარელი იყავი, საყვარელი!

კარების უკან ერთხელ კიდევ გაისმა ამონაკვნესი.

დარომ აპოლონის ნასროლი აიცდინა:

- ვეტყვი, მაგასაც ვეტყვი. ერთმანეთი გვიყვარდა მეთქი, რამდენიმე დღის შემდეგ უნდა დავქორწინებულიყავით. ერთხელ მოხდა... ადრე მოხდა. მერმე რაო! იმედი ნუ გაქვთ. მარინე ქალია და ქალისას ადვილად გაიგებს და მაპატიებს. ვეტყვი, უეჭველად ვეტყვი. არაფერს არ დავუმალავ.

უცებ აპოლონი გაიბადრა. არა, არ გამოჰლევია რაპოლიძეს ბრძოლის იარაღი! ერთი ყუმბარა აქვს მომარჯვებული, რომ...

- დარო, გირჩევ მაგ საქმეზე ხელი აიღო და სამუდამოდ დამუნჯდე. - დინჯად ეუბნება სიძე, თორემ შენს ქალს შენვე მოჰკლავ, და მცირე დუმილის შემდეგ დაუმატა:

- ყოველივე გათავებულია... იქ, მცხეთაში, დღეს მოხდა... უკვე ყოველივე მოხდა.

და ამ სიტყვამ მართლა ყუმბარასავით იფეთქა.

დედამ დაჭრილივით დაიგმინა.

იმავე წამს კარების უკან ვიღაცამ შეჰკივლა და რაღაცამ ბრახუნი მიიღო.

ორივე ხმის ამოუღებლივ კარებს ეცნენ. ტალანში მარინე პირაღმა გაშოტილიყო და ორივე ხელი ჯვარცმულივით გაეშალნა.

 

* * * * * * * *

 

- ... ეს იყო და ეს. ჩემო მარინე. - დაასრულა დედამ თავისი ამბავი. - ყოველივე გიამბე. არაფერი არ დაგიმალე. ეხლა შენ იცი. ქალმა ქალისა უნდა გაიგოს. თუ დავაშავე რამე, გამამტყუნე.

რიჟრაჟმა მოატანა. ექიმი ნაშუაღამევს წავიდა და დაროს დაუბარა: ავადმყოფს სრული მშვიდობა მიეცითო. მაგრამ გონმოსულმა მარინემ ვერ მოისვენა, სანამ დარომ ყოველივე დაწვრილებით არ უამბო.

- თუ დავაშავე რამე, გამამტყუნე. დუმილის შემდეგ იმეორებს დარო და განაჩენს ელის.

მარინე დედას მოდუნებული ტუჩებით ხელებს უკოცნის და დაცარიელებულ თავს ძლივს აქნევს.

არა... დედილო, არა. შენ ბრალი არა გაქვს. ან როგორ უნდა გაგამტყუნოს მარინემ, რომელსაც დღეს შენივე ამბავი დაემართა. მარინე არც ეძებს დამნაშავეს. ბედმა თუ განგებამ თავისებურად დაატრიალა ბორბალი და მარინე ქვეშ მოიყოლა.

ორივენი ობლებივით სტირიან, - უხმოდ და თბილი ცრემლით.

- დაივიწყე, გენაცვალოს დედა. დაივიწყე ყველანი და ყველაფერი. - ურჩევს ბოლოს დარო.

ჰო, დედილო, ჰო, მარინე ყოველივეს დაივიწყებს, ხსოვნას ხუფს დაახურავს და „იმას“ გულიდან ამოიგლეჯს.

- მაშ დაიძინე, გენაცვალოს დარო, დაიძინე.

კეთილი, დედილო, კეთილი, მარინე ეხლავე დაიძინებს. წადი, შენც დაწექი.

მამლებმა მესამედ იყივლეს.

- დავიძინოთ... ორივემ დავიძინოთ. და მარინე თვალებს ხუჭავს.

ათი წუთის შემდეგ დარო ფშვინავს.

„დაივიწყე, გენაცვალოს დედა, დაივიწყე. - გახურებული ლურსმანივით ჩაეჭედა მარინეს ეს სიტყვები ადუღებულ ტვინში. - ისე სთქვა, როგორც დილას: ქინძისთავი მომაწოდეო“.

დედამ მაინც მართალი სთქვა: მარინემ უნდა დაივიწყოს. ყველანი და ყველაფერი უნდა დაივიწყოს: დედაც, რომელიც უნებურად წინ გადაეღობა, - მაშინ გადაეღობა, როდესაც მარინე ჯერ ჩასახულიც არ იყო, უნდა დაივიწყოს დღევანდელი სირცხვილი... იქ რომ მოხდა, - წაუშლელი, უძლეველი და მოუნელებელი აუგი. უნდა დაივიწყოს აპოლონი, რომელმაც...

და მარინეს თავში ცეცხლის ქარიშხალი დატრიალდა.

იცის მარინემ დავიწყების ხერხი, იცის! იცის როგორ უნდა წაიშალოს ყოველივე და ყველანი. ამას არც ფიქრი სჭირდება. არც ბრძოლა.

პერანგის ამარა და თმაგაშლილი დანიშნული უკვე დაროს საწოლთან სდგას. კედელზე პატარა კარადა ჰკიდია. იმ კარადაში პატარა შუშა სდგას. არც ჭრაჭუნი, არც სხვა რამ ხმაური.

დარო ისევ ფშვინავს.

„დაიძინე, დედი, დაიძინე... იყუჩე, გენაცვალოს შენი ერთა, იყუჩე“.

მარინე ისევ თავის ლოგინში წევს და ისე ებღაუჭება პაწაწა შუშას, როგორც უკანასკნელ იმედს.

ცეცხლის ქარი გაგრიგალდა.

არც ისე ძნელია. ერთი წუთი და... მარინე ყველას და ყოველივეს დაივიწყებს სამუდამოდ! ცეცხლის გრიგალიც გაჰქრება და გახურებული ლურსმანიც თავისთავად ამოვარდება, დედასგან იცის: ეს წამალი ტკივილს ადუნებს და ძილსა ჰგვრის. რაღაც საზღაპრო სიზმარიც კი სცოდნია.

„მშვიდობით, დედილო, მშვიდობით! შენც, აპოლონ. თუმცა... მაგრამ მაინც მშვიდობით იყავი, მაინც!“

შუშამ იატაკზე გაიწკრიალა. დარომ ფშვინვა შესწყვიტა.

„ნუ, დედილო, ნუ! ნაადრევად ნუ გაიღვიძებ. იყუჩე, გენაცვალე, იყუჩე“.

მარინეს არაფერი არ ეწვის, არც სტკივა. გულზე რაღაც ეხვევა. თავი ბურანით ევსება. მთელი ტანი თბილი ნისლით ეტენება. გულიც უდუნდება და უდნება.

„ძილი... ძილი... იყუჩე, დედი, იყუჩე...“

შენც, გენაცვალოს დედა შენი, დაიძინე!

დაიძინე!

 

* * * * * * * *

 

ბენცი ქშენით და ხრიალით ადის ვაჟას ქუჩაზე. უცებ შესდგა და გუგუნზე გადავიდა.

კიბეზე აპოლონი ისე მორბის, თითქო უკან მოსისხლე მდევარი მისდევსო. ეს არის ეხლა უთხრა მდივანმა:

- შოფურიძეს რაღაც დაემართა.

- ვინ შოფურიძეს? - და მაშინვე დაუმატა: - ჰო, მართლა...

და ერთი წუთის შემდეგ ავტოში შევარდა.

- ჩქარა, სიმონ, ჩქარა!.. ვერ გაიგე? ჩქარა მეთქი!

შუა ოთახში თეთრი საწოლი სდგას. თეთრ ლოგინში გათეთრებული მარინე წევს. მხრებზე და შუბლზე დაყრილ დალალებში იმის მშვიდ პირსახეს, როგორც მუქ ჩარჩოში, არხეინად ჩასძინებია.

თავთ დედა უზის: გაქვავებული, უძრავი და ისიც გათეთრებული.

აპოლონი დაფეთებული კამეჩივით შემოიჭრა და უმალვე ისე გახევდა, თითქო შუბლით კედელს დაეჯახაო. მერმე შეტორტმანდა, ხელები გაასავსავა და ტუჩებიც ისე ააცმაცუნა, თითქო თავისი გაოცება უნდა გამოეთქვაო. მაგრამ აღარაფერი სთქვა. ლასლასით მივიდა მარინეს თავთან და სკამი ააჭრაჭუნა.

დარო და აპოლონი ერთმანეთს შესცქერიან, მაგრამ თითქო ერთმანეთს ვეღარ სცნობენ და ვერც ხედავენ.

მერმე დირექტორმა ერთ წუთში მიმქრალი თვალები მარინეს კვერნასებურ კბილებზე გადაიტანა, რომელნიც გაცრეცილ ტუჩებიდან პაწაწინა მძივებივით ელავდნენ და ვიღაცას რაღაცას უსაყვედურებდნენ.

დირექტორმა დიდხანს იყუჩა. შემდეგ აკანკალებული ხელი ასწია და ცხედარს გაყინულ შუბლზე დაადო. მაგრამ იმავ წუთს დაროს ხელი აფთარის თათივით დასწვდა მაჯაში და შუბლს მოაშორა.

ისე შესცქერიან ერთმანეთს, თითქო ურთიერთი მხოლოდ ეხლა შენიშნეს და იცნესო. დედის პირისახეზე მკვეთრად არის ამოჭრილი შავი სიძულვილი და ავი მრისხანება, ხოლო ბრინჯაოს მოდუნებულ სახეზე უძირო სევდა, ბავშვური მორჩილება და ადამიანური ბრალი სწერია.

წითელი დირექტორი ისე გალხვა, თითქო მოვალეობის ადრინდელი ჯაჭვი ზედვე შეადნაო.

და დამდნარმა რკინამ მიმქრალ თვალებიდან ცრემლად გამოჟონა. მერმე წამოიწია და ჩატეხილი ხერხემალი ძლივს აიტანა.

უცებ ოთხი თითით დადაბლდა. უხეში კისერი მოეღუნა. განიერი ბეჭები შეუთხელდა და მოედრიკა.

და კარებისკენ ისე წავიდა, თითქოს დამდნარი რკინის ჯაჭვი და ჩაფხუტი მოშლილ ფეხებში ჩაესხაო.

კარები ისე ფრთხილად გამოაღო, თითქო ოდნავი ჭრაჭუნისაც ეშინოდაო. გამოაღო და ფეხაკრეფით გაიძურწა.

მერმე იმავ ტალანში, სადაც გუშინ იმისი დანიშნული მხურვალე ხერხით იხერხებოდა, დამბაჩამ რისხვით დაიგრიალა.

და ტვირთმოხსნილი აპოლონ რაპოლიძეც იმავ ალაგას ისე გაიშოტა, როგორც მარინე: გულაღმა და ხელგაშლით, თითქოს თვისი თავი თვითონვე ჯვარზე გააკრაო.

და იმავ წუთს მარინესაც გაცრეცილი ტუჩი ჩამოეშვა და საყვედური დაჩრდილა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ