მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 576 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქელეხი გათავდა. ყველანი დაიშალნენ. მარტო პეტრე და მღვდელიღა დარჩნენ. ღობის იქით, არხის პირას, დედაკაცებმა ჭურჭლის რეცხვა გაათავეს. ტომრებში ჩაალაგეს, გლეხის ბიჭებს აჰკიდეს და სოფელში გაგზავნეს. მოხუცი მღვდელი პეტრეს ჯერაც არ შორდებოდა და წამდაუწუმ ჩუმის ხმით ერთსა და იმავე ნუგეშს აძლევდა:

- რა ვქნათ, შვილო პეტრე, რა ვქნათ. ყველანი მიწის შვილნი ვართ და დღეს თუ ხვალ მიწასვე მივებარებით.

პეტრე თავჩაღუნული სდუმდა. ბოლოს მღვდელიც წავიდა. სკოლის დარაჯი იოსებიც სადღაც გაქრა და დაობლებული პეტრე მარტოდმარტო დარჩა.

დაბინდდა. სოფელი ცოტა ხნით ახმაურდა, მაგრამ მალე ისევ მიწყნარდა, მიინაბა, მიყუჩდა. სკოლის პატარა შენობა ბუმბერაზ კაკლების ჩრდილში მოიკუმშა, მიიბნიდა, შთაინთქა. სოფლის ბოლოში ერთი ძაღლი უგემურად ჰყეფდა, გაღმიდან მეორე პასუხს აძლევდა, ქვევით ჭალაში ჭოტი იძახდა. სერის უკნიდან მთვარე ამოგორდა და სოფელს ვერცხლის ლეჩაქი გადააფარა. ღამის ნიავი კაკლებში დაფუსფუსებდა, ფოთოლს აშრიალებდა, ფრინველს ძილს უფრთხობდა.

იმ დღეს პეტრემ თავისი ახალგაზრდა ცოლი და ერთადერთი მეგობარი დამარხა. სამი ღამის უძილობით დაღლილი, დარდით გაბრუებული და სევდით დათენთილი კაკლის ქვეშ იწვა და დაკარგულ მეგობარს ესაუბრებოდა. შუაღამე გადავიდა, ყველაფერი შესწყდა: ფოთლის შრიალი, ფრინველთა ჩუჩუნი, ძაღლის ყეფა და ჭოტის ძახილიც. კაკლების ჩრდილში ღამის დუმილი ფეხაკრეფით შემოიპარა და პირქვე მწოლარე პეტრეს საფლავის ლოდივით დააწვა გულზე. დუმილს რაღაც იდუმალი და უჩინარი შიში შემოჰყვა. პეტრემ იგრძნო სიმძიმე სიჩუმისა, წამოიწია, ჩაშავებულ სივრცეს ჩააცქერდა და იქაურობას ყური მიუგდო.

- სოფოს საფლავშიც ასე ბნელა, - გაიფიქრა და გაჟრჟოლდა, აკანკალდა. წამოდგა და ხელების ფათურით აივნისკენ გასწია. კიბე ძლივს იპოვა, ფეხაკრეფით ავიდა და გაჩერდა.

- იქაც ასეთი სიჩუმეა. გაუელვა თავში და თვალწინ წარმოუდგა გაშლილი სასაფლაო, ღრმა ორმო, მის ძირში ხის კუბო და კუბოში გაცივებული, გაშეშებული და სანთლისფერი სოფო. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა და შიშის ზარმა აიტანა.

- იქაც ასეთი სიჩუმეა... იქაც ასე ბნელა... ისიც ჩემსავოთ მარტოა... - უნებლიედ იმეორებდა პეტრე და მთრთოლვარე ხელით, კარებს ეძებდა. ძლივს იპოვა, გააღო, შევიდა, კარი მოიკეტა და კედელს მიეყრდნო. მთვარე მკრთალად ანათებდა თეთრი ლოგინს, შავ შკაფს, პირსაბანს და სამ კედლის სურათს. ოთახში ჯერ ისევ საკმევლისა და სანთლის სუნი იდგა. სოფომ ერთი წელიწადი გაატარა ამ ოთახში. აგერ იქ, მარჯვნივ რომ კარებია, მისი პატარა მაგიდა დგას. სწავლას რომ გაათავებდა, რვეულებს იმ მაგიდაზე დაჰყრიდა და შინაურ საქმეებს შეუდგებოდა. საღამოზე დიდ მაგიდაზე დიდი ლამფა ენთო, სამოვარი დუღდა და სუფთად ჩაცმული სოფო ჭურჭელს ამზადებდა. თვითონ პეტრე ამ დროს პატარა მაგიდასთან იჯდა და რვეულებს ასწორებდა.

- პეტრე, ჩაი გაცივდა, მოესმა პეტრეს და შეკრთა. სოფო ჩაის ასხამდა. მეორე პეტრე. წინანდელი, ნამდვილი პეტრე. სოფოს გვერდით მიუჯდა, ჭიქა მიიდგა და სთქვა:

- დავიღალე.

- გენაცვალოს შენი სოფიკო, - უთხრა ქალმა, ხელი გადახვია და აკოცა. ნუ იღლები, ნუ მუშაობ ჩემ მაგივრად. ჩემ რვეულებს მე თვითონ გავასწორებ.

- არა, ჩემო მეგობარო, არა. შენ ჩემზე სუსტი ხარ და ჩემზე ნაკლებიც უნდა იმუშაო.

სოფიომ მადლობის თვალით გადახედა, გაუღიმა და ნელი ხმით უთხრა:

- შენ რომ არ მყავდე, ჩემზე უბედური არსება დედამიწის ზურგზე არ იქნება.

ჩაის სმა გაათავეს. პეტრემ, ნამდვილმა პეტრემ, რომელიც წეღან ჩაის სვამდა, გაზეთი აიღო და ხმამაღლა დაიწყო კითხვა. სოფო გვერდით უჯდა, ყურს უგდებდა და ხელსაქმობდა. პეტრე გაჩუმდა. სოფო ხელსაქმე ხელიდან გაუშვა, პეტრეს მიაყრდნო თავი და თვალები მილულა.

- გეძინება, სოფო? ადე, დავიძინოთ, - ჩუმის ალერსით უთხრა პეტრემ და თმაზე ხელი გადაუსვა. სოფო წამოდგა, ხელი დაიბანა. პირსახე გაიგრილა, თმა გაისწორა, ტანთ გაიხადა, ლოგინში ჩაგორდა, მოიკუმშა, გაინაბა და ჩაიძინა. პეტრე კი ისევ პატარა მაგიდას მიუჯდა და წერა დაიწყო. ერთი წუთის შემდეგ ოთახში აღარც პეტრე იყო და არც სოფო. მაგიდა ისევ თავის ადგილზე იდგა, ლოგინი ცარიელი იყო და ლამფის მაგივრად ოთახს ისევ მთვარის შუქი ანათებდა. პეტრეს გული ამოუჯდა, ტორტმანით მივიდა ლოგინთან და ქვითინით იმ ბალიშს ჩაეხუტა, რომელზედაც იმ დილით სოფიოს გაშეშებული თავი იდო. გადაეხვია, ჩაეკონა, გულზე მიიკრა, ათრთოლდა, აკანკალდა და ცივი ბალიში თბილი ცრემლით დაასველა.

ისევ დაიღალა, ისევ მიილულა და ისევ გაბრუვდა.

ლოგინზე ჩამოჯდა და ცრემლი მოიწმინდა, ფიქრობდა:

სოფო ვეღარ ნახავს ვერც ამ ოთახს, ვერც იმ მთვარეს, ვერც ამ ბაღს. ვეღარ ნახავს ვერც აი ამ სარკეს, ვერც იმ პირსახოცს, ვერც იმ კაბას, კედელზე რომ ჰკიდია. ვერ ჩამოიღებს მას, ვერ ჩაიცვამს, ვერ გაივლის და დამანახვებს თავის გამოქანდაკებულ ტანს... ვერც ამ ლოგინზე წამოწვება, ვერც ადგება... პირს ვეღარ დაიბანს. ვერ შევა კლასში... ვეღარც თვითონ იტირებს და ვერც მე მატირებს... ცრემლს ვეღარ შევუშრობ... ვერ ვანუგეშებ. ვერ მაკოცებს. ვერ გადამეხვევა... ვერასდროს! ვერასდროს!

- სოფო! - ამოიკვნესა პეტრემ.

პასუხად ბაღში ფრინველმა შეიფრთხიალა.

- სოფო!

დუმილი, შავი სიჩუმე, სიბნელე და მეტი არაფერი.

თმა ყალყზე დაუდგა. ფეხაკრეფით კარებისკენ გაიპარა, მაგრამ შეტორტმანდა, გვერდზე წავიდა, კედელს მიაწყდა და შეჰკივლა: ხელში სოფოს კაბა მოხვდა, ახალი, სადა, გრძელი და შავი ხავერდის კაბა. ორივე ხელი მოხვია, პირსახეზე მიიფარა და გაშეშდა. კაბას სოფოს სუნი ასდიოდა. ჩუმად ჰსუნავდა, ეალერსებოდა, ეხვეოდა, გულში იკრავდა და ჩურჩულებდა:

- ჩემო სოფიკო, ჩემო ანგელოზო.. ჩემო მეგობარო... ერთადერთო მეგობარო...

ალერსით დაითრო, გამოცოცხლდა და პირზე ღიმილმა და ბედნიერებამ შეუთამაშა.

კარგახანს იდგა სულგანაბული და თვალმილულული. მერე ჩამოიღო, თეთრ ლოგინზე გაშალა, დააწვინა, თვითონ ჩრდილში მიდგა და იქიდან დააცქერდა. დიდხანს უყურებდა. თავში რაღაც აზრმა გაურბინა. ტახტს მივარდა, ორი მუთაქა აიღო და კაბაში შეაწყო იქ, სადაც სოფოს მუხლები უნდა ჰქონოდა. მერე კიდევ დააცქერდა. გაიღიმა, კამოდი გამოაღო და ფაცაფუცით ამოყარა სარეცხი, საცვალი, ძველი ტანისამოსი, ჩითის ნაჭრები, პატარა ბოხჩა, ლეჩაქი, შლაპა. ყველაფერი ლოგინზე გადაიტანა. სახელოებში რაღაც ჩვრები ჩაუწყო, გატენა და გვერდზე გადაუწყო. კაბის შუაგული საცვლებით აავსო, გვერდიც გაუკეთა, გაასწორა, შეღილა; თავის მაგივრად პატარა ბალიში დაუდო, ზედ ლეჩაქი გადააფარა და ისევ ჩრდილში მიიმალა.

ლოგინზე სოფო იწვა. იწვა და ეძინა, ისე ეძინა, როგორც ზაფხულში იცოდა წოლა: სიცხითა და შრომით დათენთილი ხელებს განზე გადაჰყრიდა, თავს გვერდზე მოიგდებდა და რომ ბუზებს არ შეეწუხებინათ, პირსახეზე ლეჩაქს დაიფარებდა ხოლმე.

პეტრეს ჯერ გაუხარდა, პირსახე აუთამაშდა, გაუნათლდა და გაუცეცხლდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ღიმილი მოიშორა, დაფიქრდა და დადინჯდა. სკამი აიღო, სოფოს თავით მიუჯდა და ჩაციებით დაუწყო ცქერა. ასე იჯდა და ასე უცქერდა სამი დღის წინათ, როცა ავადმყოფმა სოფომ ცოტა ხნით მიიძინა, პეტრე კი სწორედ იმავე ალაგზე იჯდა და ღამე ისე გაათენა, რომ არც თვალი მოუხუჭია და არც ადგილიდან დაძრულა.

- სოფო! - წყნარის ხმით ჩაჩურჩულა პეტრემ და სიჩუმის შემდეგ გაიმეორა: - სოფო! გეყო ძილი, ქალო, გამოიღვიძე, ადე. ჩაიცვი, თორემ კლასში დაგაგვიანდება. გაიღვიძე? დილა მშვიდობისა. აბა, მიამბე, რა ნახე სიზმარში. მე მნახე? თითქო მე და შენ ერთად მივდიოდით უღრან ტყეში და მე თავი დაგანებე? იქნება სცდები, იქნება შენ დამანებე თავი. დიახ, შენ დამანებე თავი, შენ დამტოვე უგზო-უკვლოდ ამ დაბურულ ტყეში. მერე რად, რისთვის? რად დამაობლე, რად გამიფრინდი? განა შენ არ მეუბნებოდი, სამარემდე შენი ვიქნები და თუ შენ ჩემზე ადრე გეწვია სულთამხუთავი, მეც მეორე დღესვე დაგეწევიო. რაო, რას ამბობ? სხვას იშოვიო! ვის ვიშოვი შენისთანას, ვინ გაიგებს შენსავით ჩემს გულის წუხილს, ვინღა მანუგეშებს, ვინღა დამედება მალამოდ. ვინღა გამინათებს შენსავით ჩაბნელებულ გულს? ვინ? ვინ? ვერავინ, ჩემო სოფიკო, ჩემო ერთადერთო და უსწორო მეგობარო, ვერავინ! ვერავინ! რა სთქვი?

პასუხად სადღაც შორს ძაღლმა დაიღმუვლა.

- სოფო! - ამუდარდა პეტრე და ხელში ხელი წაავლო. - სოფო! მითხარი რამე, ხმა გამეცი, მანუგეშე და მასწავლე, რა ვქნა მე უშენოდ, როგორ ვიცხოვრო, ვისთვის ვიცოცხლო? დაო სოფიკო, ჩემო ერთგულო დაო, ერთადერთო ნუგეშო და მეგობარო! ხმა ამოიღე. სთქვი რამე, დაო ჩემო!..

მკვდარმა სიჩუმემ დიდი ხნით დაიბუდა ბნელ ოთახში. პეტრეშ სოფოს გვერდზე ხელი გადახვია, მიიზიდა და ზედ დააკვდა.

- სთქვი რამე, სთქვი! ხმა გამეცი, მითხარი რამე, ნუ ხარ გულქვა და ურჯულო, თორემ...

ხელი იღლიის ქვეშ ამოუდო, მიიზიდა და მუხლებზე გადაიტანა. ერთი მუთაქა ლოგინზე დარჩა, მეორე იატაკზე გაგორდა. ცარეელი კაბა, სადა, გრძელი და კუპრივით შავი ხავერდის კაბა პეტრეს ხელში შერჩა.

ლოგინზე დაეცა, კაბა პირსახეზე აიფარა, გულში ჩაიხუტა, ჩაიკრა და გულნაწყენ ბავშვივით ჩუმის ხმით ტირილი ამოუშვა.

გარეთ ცა მტრედისფერად შეიღება. ნიავი ხელმეორედ ასისინდა, ფოთოლი ისევ აშრიალდა და ფრინველებმა ბაღში ერთი ალიაქოთი და კისკისი ასტეხეს. პეტრე კი ისევ დაობლებულ ლოგინზე იწვა, გვერდში ხავერდის კაბას იხუტებდა და მიცრეცილის ტუჩებით ჩურჩულებდა:

- ჩემო სოფიკო... ჩემო ერთგულო და ერთადერთო მეგობარო ხმა ამოიღე... სთქვი რამე, დაო ჩემო!.. სთქვი რამე... სთქვი რამე...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ