ერთი 19 წლის ყმაწვილი კაცი, სამურძაყანოელი თავადი ანჩაბაძე, ყოფილა სტუმრათ აფხაზეთში ერთს იქაურის თავადის ინალიშვილის სახლში, რომელსაც ჰყოლია ერთი 15 წლის გასათხოვარი ლამაზი ქალიშვილი; ამ ქალს და ანჩაბაძეს ერთმანეთი შეუყვარებიათ და შეკრულან ჭეშმარიტის პირობით, რომ იგინი შეერთებულიყვნენ ცოლ-ქმრათ და ამ პირობით წამოსულა იქიდგან ანჩაბაძე წარსულის 1861-ის წლის ნოემბრის თვეში.
ანჩაბაძემ, რა რომ მოვიდა თავის სახლში, გაუგზავნა მოციქული ინალიშვილს და მისი ქალი სთხოვა ცოლად, მაგრამ მისი მოციქული ინალიშვილს გამოებრუნებინა უარით, რომ ჩემს ქალს უკეთესი თავადიშვილი მთხოვს და ანჩაბაძეს ცოლად არ მივსცემო;
ამ ამბის მიმღები ანჩაბაძე, რასაკვირველია, საკმაოდ შეწუხებული შეიქმნა და შემდგომ ათიოდ დღისა თვითვე წავიდა და ინალიშვილისას სტუმრად მივიდა ჩვეულებისამებრ, სადაც ქალსა და ვაჟს ერთმანეთი ენახათ და ქალს დაერწმუნებინა, რომ მე შენს მეტი საქმროდ არავინ მინდაო, მაგრამ მამა ჩემი კი ჩემს თავს შენ არას გზით არ გაძლევსო, მაშ მე ასე ვჰფიქრობ - დღეისწორს ღამეს ნავახშმევს რომ ყველას დაეძინება, გარეთ გამოვიპარები და ამა და ამ ხის ქვეშ მოგიცდიო და თუ მართლა შენაც ჩემი თავი გინდა, მაშინ იქ მოდი ცხენით და თუ ნამუსი გაქვს და შენს ცოლათ გინდივარ, წამიყვანე, თორემ თავს მოვიკლავო.
ანჩაბაძემაც დაუთქვა ამის პირობა და შინ წამოვიდა, მაგრამ,რა რომ მოახლოვდა დრო იქ წასვლისა, ანჩაბაძე მძიმე ავადმყოფი შეიქმნა, რომ ცხენზედ ჯდომა სრულიად აღარ შეეძლო. - რასაკვირველია, წარმოიდგენდა ხშირად, რომ მის საყვარელს საცოლოს ქალს მთელი ღამე გარეთ სიცივეში მისთვის უნდა ეცადნა და ეს მასთან ვერ მივიდოდა. - ბოლოს მის მეტი ვეღარა იფიქრა რა, რომ ამ ყმაწვილმა კაცმა ორი თავისი ძმა გააგზავნა და ერთიც მარქაფათ ცხენიც გაატანა მის მოსაყვანათ, რომელნიც მივიდნენ ღამე ინალიშვილის მახლობლად და დანიშნულის ხის ძირში ნახეს თავისი სასძლო, მომლოდინე თავის საქმროისა, რომელიც მაშინათვე შეაჯდინეს ცხენზედ და წამოიყვანეს თავის ძმასთან.
განთიადისას ინალიშვილმა ნახა, რომ მისი ქალიშვილი თავის ლოგინში აღარ იყო, გამოვიდა გარეთ ეზოში, მიიარ-მოიარა და უძახა, მაგრამ ვეღარსად ვეღარ ნახა, - და რადგან ინალიშვილმა იცოდა, რომ გული მისი ქალიშვილისა ანჩაბაძისკენ მიდრეკილი იყო, ამისათვის მაშინათვე შეჰსწამა იმასთან წაყვანა და დაუყოვნებლივ გამოუდგა რაოდენისამე ცხენოსნით და ერთს ადგილს გზაში მოეწია ანჩაბაძეებს, რომ მისი ქალიშვილი მიჰყავდათ და მიახლოებისთანავე ინალიშვილმა მათ თოფი ესროლა, ერთი ანჩაბაძე მოკლა და მეორე მძიმეთ დაჰსჭრა და თავისი ქალიშვილი უკანვე წამოიყვანა თავის სახლში.
მეორე დღეს - ნაცვლად მისსა, რომ თავისი საყვარელი საცოლო ენახა - ერთი ძმა მკვდარი და მეორე ძმა მძიმეთ დაკოდილი მიიყვანეს. აქედგან იგრძნობთ, თუ რანაირი შესაწუხარი იქმნებოდა ეს ამბავი ანჩაბაძისათვის; ამ შეწუხებულს მდგომარეობაში ნახა, რომ ერთს საღამოს მოვიდა მასთან მისი საყვარლისგან გამოგზავნილი ძიძიშვილი მისი და უანბო მის მაგიერად, რომ ჩემი თავი მამა ჩემმა ერთს თავადიშვილს მარშანიას საცოლოთ გადუწყვიტაო, რომელიც დღეის სწორს უნდა მოვიდეს, ნიშანი მოიტანოს და მეც ჯვარის დასაწერად თავის სახლში უნდა წამიყვანოსო, მაგრამ მე, თუნდ თავიც მამჭრან, შენს გარდა სხვის თანხმობას არ განვაცხადებო და არც ქმრათ შევირთამო და თუ ღმერთი გწამს ანუ ნამუსი გაქვს, მოდი და მიშველე რამე, ეგები შენვე წამიყვანოო.
ანჩაბაძემ მოციქულის პირით შეუთვალა თავის საყვარელს: შენ ნურაფერს უთანხმოებას ნუ აჩვენებ და ნურც არას იჭვს ააღებინეფო და მე თავის დროზედ მოვალ და ღვთით იმედი მაქვს, რომ გიშველოო. - ამასობაში ანჩაბაძეც ავადმყოფობისაგან უკეთ შეიქმნა და იმ შემთხვევის წინა დღეებში სამის ცხენოსნით ინალიშვილისას მივიდა ათს საათზედ ღამით, სწორეთ მაშინ, როდესაც მარშანია მოსულიყო თავის მაყრებით და სეფაში ვახშამს ემზადებოდნენ.
ანჩაბაძემ თავისი ცხენები და ბიჭები ეზოს კიდეზედ დააყენა და თვით ყაბალახით პირმობუდნული სეფაში შევიდა, ყველანი დაათვარიელა, მერე მივიდა მეორე სახლის კარებთან, რომელშიაც მისი საყვარელი მომზადებული ჰყავდათ, კარებიდგან შეუჭვრიტა და დაინახა, რომ მისი საცოლო იჯდა ღრმა ფიქრში ჩავარდნილი და თვალებზედ ხშირად მომდინარე ცრემლს იწმენდდა, მერე გამობრუნდა და ისევ სეფაში შევიდა და მასპინძლის მხრით დაიწყო სამსახური სტუმრებისა;
შუაღამის ჟამს ანჩაბაძე მიახლოვდა მარშანიას წინ და გააგონა, რომ დრო არის ახლა სასძლოს ნახვისაო. ამის გამგონე ადგა სამეფო რამოდენისამე თავის მაახლებლებით და დედოფლის სადგომში წავიდენ მის სანახავად. ანჩაბაძე სასიძოს უკან მიჰსდევდა და, როგორც მარშანია ქალის სადგომში შევიდა, ანჩაბაძე მიჰყვა და კარებში მეკრეთ ჩადგა და სხვა, სასიძოს მეტი, შინ აღარავინ შეუშვა.
მარშანია ქალის პირდაპირ დასვეს და, რა რომ მოიმზადა ნივთები ნიშნათ მისართმევად, ამ ქალმა კარებისაკენ შემოიხედა და დაინახა, რომ მისი საყვარელი ანჩაბაძე კარებში დგას დაღონებული. ამის დამნახველმა მომეტებით ხმა მაღლა ტირილი დაიწყო.
მარშანია ხედვიდა მის ტირილს და გაოცებით კითხულობდა მიზეზს მისი ტირილისას. ამასთანავე ანჩაბაძემაც შეაბიჯა სახლს შიგნით ფეხი, შიგნიდგან დაჰკეტა იმ სახლის კარები, მიიქცა მარშანიასაკენ და გამოუცხადა მარშანიას: ადექ ზეზედ და მე და შენ ერთმანეთი უნდა მოვჰკლათო.
მარშანია, ვითარცა სწრაფი ყმაწვილი კაცი, მაშინათვე წამოხტა ზეზედ, მოისვა იარაღს ხელი და მიმართა ანჩაბაძეს, მაგრამ შეხედა ანჩაბაძეს, რომ თუმც ფიშტო კი ხელთ უჭირავს ზედაფეხზედ შემოსმული, მაგრამ მარშანიას სიკვდილს პირველი არ ცდილობს და გულ მკერდი მარშანიასკენ მიპყრობილი აქვს.
მარშანია აქ უცებვე შეჰსდგა და ჰკითხა ანჩაბაძეს: ნება მომეცი ჯერ შევიტყო, ვინ ხარ შენ და ჩვენ ერთმანეთს რისთვისა ვჰკლავთო და ან რაოდენი არის შენი საუპატივო სისხლიო? ანჩაბაძემ უპასუხა, რომ მე ვარ ესა და ეს კაციო და ეს ქალიც საცოლოდ მე მეკუთვნისო და მე ჩემის ცოცხალის თავით ამას ვერავის დავანებეფო. ისიც კი უთხრა მოკლედ, რომ ამის თავობაზედ ერთი ძმა მკვდარი მყავს და მეორე მძიმედ დაკოდილიო და ეს ქალიც მისთვის სტირისო, რომ ჩემთან ისეთი მტკიცე პირობა აქვს მოცემული ცოლქრმობისა, რომ როგორც ჩემს მეტი სხვა ვინმე წაიყვანს, მაშინათვე ამანაც თავი უნდა მოიკლასო. მაშ ამის მომსწრე რომ მეც უწინ მოვჰკვდე, ის მირჩევნიანო.
მაშინ მარშანიამ სთხოვა ანჩაბაძეს - ერთი მინუტი მომითმინე და ამ საქმეს ახლავე რიგიანად დავაბოლოვებო. მერე მიბრუნდა ქალისაკენ და ჰსთხოვა, ეს საქმე შენ განგვიმარტეო. - ქალმა მაშინათვე გულის ჭეშმარიტებით წარმოჰსთქვა და გამოაცხადა, რომ ჩემი სული და გული ანჩაბაძეს ისე ეკუთვნის, რომ მას გარდა მე მკვდარს თუ ვინმე წამათრევს, თორემ ცოცხალის სულით მე მის მეტი სხვას ვერ ვის წავჰყვებიო. მაშინ მოიქცა ისევემარშანია ანჩაბაძისაკენ და უთხრა, შენ ამ საქმეში სრულებით მართალი კაცი რომ ყოფილხარ, მე რად უნდა მოგკლაო და მეც რომ დანაშაულობა არაფერი მაქვს, ანუ მე, დაუნაშავარს კაცს, სიკვდილს რას მერჩიო, და სთხოვა: დაჯექ, გული დაიმშვიდე და ამ საქმეს ახლავე მე დავაბოლოებო.
ორთავემ ერთმანეთის სასიკვდილო იარაღი ქვედა ფეხზედ ჩამოსვეს და წელშივე გაირჭვეს.
მარშანიამ იმ ქალის მამა ინალიშვილი შემოაყვანინა, იქ დააყენა და ჰსთქვა მათთან: ეს ქალი ჩემი საცოლო არა ყოფილა და დღეიდგან ჩემი შვილი იყოსო. - ერთად ამასთანავე აიღო თავისი სანიშნო ნივთები და ანჩაბაძეს აჩუქა და წინ დაუდო, რომ ეს ნივთები შენის მხრით ამ ჩემს შვილს ნიშნად მიართვიო და კიდევაც აღასრულებინა და მას გარდა რომ ოცდახუთი ცხენი ინალიშვილისთვის საჩუქრათ მოყვანილი ჰყავდა, ისინიც ამ ანჩაბაძეს და მისს ცოლს აჩუქა და ყველამ ერთმანეთი დაჰკოცნეს.
ინალიშვილიც აქ რაღას იტყოდა და მეორეს დილასვე ქალი შესვეს ცხენზედ და ანჩაბაძეს გამოატანეს და მარშანიაც დიდზედ თავის მაყრებით გამოჰყვა და გამოისტუმრა თავის სახლში, სადაც ჯვარი დაიწერეს გახარებულთა წარსულის წლის ნოემბრის თვეს.
დაბრუნებულმა მარშანიამ ინალიშვილს უთხრა, რომ ამ ჩემის აბიდისათვის შენ რაც გეკადრება, მე ვიცი, მაგრამ შენს სახლში რა უნდა გკადროო. ამ მუქარით წასულმა გაიარა ერთს მის სოფელში, აყარა შვიდი კომლი მოჯალაბე ინალიშვილთა და მარშანიამ თავის სახლში წაიყვანა. ინალიშვილს სხვა ღონისძიება აღარ ჰქონდარა მათი ამოგებისა, წამოვიდა თავის ქალსა და სიძესთან და მათვე სთხოვა საშუალობა მათზედ, რადგან მისი ქალი მარშანიასი შვილობილი შეიქმნა და, რასაცა ჰსთხოვდა, უარს არ ეტყოდა.
პირველ ანჩაბაძემ და ქალმაც ბევრი უსაყვედურეს წარსულის შემთხვევის მიზეზებზედ, მაგრამ შემდგომ კი ანჩაბაძე და მისი ცოლიც წავიდნენ ორივ მარშანიასთან და ორმოცი ცხენი ძღვნად მიჰგვარეს და სამაგიერო საჩუქრათ ჰსთხოვეს დაბრუნება ინალიშვილისადმი მისი მოჯალაბეებისა, რაიცა მან დიდის კმაყოფილებით შეუსრულა და მოჰგვარეს მას ყველანი უკლებლად.
ახლა ამ ამბის გამგონეთ ბევრი ბაასი აქვსთ და დავა, - ზოგნი ანბობენ, ანჩაბაძის მხნეობა და გაბედულობა სჯობიაო, რადგან ეს 19 წლის ყმაწვილს კაცს გაუბედავსო და ზოგნი კი მომეტებით ანბობენ, რომ მარშანიას მოთმენა და მსჯელობა ჰსჯობიანო.