ვეჭვობ, "რჩეული უმცირესობა" ის უმცირესობა იყოს, რომელსაც უმაღლესი მშვენიერების ჭვრეტა ძალუძს. მათ უფრო ნაწარმოებში გამოსახულ გრძნობებთან შეხების უნარი შესწევთ. გამოდის, თითქოს მხატვრულ ქმნილებას არ უნდა ჰყავდეს მკითხველი, გარდა "რჩეული უმცირესობისა".
ეს როდი ნიშნავს, არ არსებობდეს "მკითხველთა არარჩეული უმრავლესობა". "გენძის ამბავის" მაქებარი ბევრი მინახავს. არაფერს ვიტყვი, როგორ ესმით და როგორ სიამოვნებას ანიჭებთ ეს რომანი. მაგრამ ჩემს მახლობელ მწერალთა შორის მხოლოდ ორი - ძიუნიტირო ტანიძაკი და ტოსიო აკასი თუ მეგულება მისი ბოლომდე წამკითხველი. ამრიგად, კლასიკური შეიძლება ეწოდოს ნაწარმოებს, ორმოცდაათი მილიონი ადამიანიდან ერთი-ორს რომ წაუკითხავს.
"მანიოსიუს" გაცილებით ბევრი კითხულობს, ვიდრე "გენძის ამბავს", არა იმიტომ, რომ მათ უფსკრული ყოფთ: ერთი პროზაული, მეორე - პოეტური ქმნილებაა; უბრალოდ, "მანიოსიუში" შეტანილი ნაწარმოებნი თითეული ცალ-ცალკე შეუდარებლად მოკლეა "გენძის ამბავზე". ყოველ დროს, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, მკითხველს მაინცდამაინც არ იზიდავდა გრძელი ნაწარმოები. ასეთი თხზულება წარმატებით სარგებლობდა, თუ მოკლე ამბებისაგან იყო შედგენილი. ჯერ კიდევ პო, პოეზისს საკუთარი პრინციპების განმტკიცებისას, ზუსტად ამ ფაქტს ემყარებოდა.
ბირსიც ასე მოიქცა. პროზის საკუთარი პრინციპების განმტკიცებისას. ჩვენ, აღმოსავლელი ადამიანები, არა გონებით, არამედ გრძნობით ვხელმძღვანელობდით და ამ საკითხში მათი წინამორბედნი აღმოვჩნდით. სამწუხაროდ, მათ მსგავსად ამ ფაქტზე დაფუძნებული, ლოგიკურად დასრულებული შენობა არ აგვიგია. რომ გვეცადა, მაშინ ისეთ რომანსაც კი, როგორიც "გენძის ამბავია", შესაბამისი მასალით უზრუნველვყოფდით.
მშვენიერი მასალა რომანს ყოველ შემთხვევაში პოპულარობას მოუტანდა (მაგრამ პოს თეორიის გაცნობისას, დიდი სხვაობა აღმოჩნდება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის; პოს ლექსის ყველაზე შესაფერ სიგრძედ ასი სტრიქონი მიაჩნია. იგი ჩვენს სამსტრიქონიან და ჩვიდმეტმარცვლიან ჰაიკუს ლექსად არც ცათვლიდა და "ეპიგრამას" შეარქმევდა).
უკვდავება, სულ ერთია აღიარებენ ამას თუ არა, ყველა პოეტის სანუკვარი ოცნებაა. ეს გამთქმა არაა ზუსტი. უფრო სწორია თუ ვიტყვით: "სანუკვარი ოცნებაა იმ პოეტებისა, რომელთაც გამოუქვეყნებიათ საკუთარი თხზულებანი".
ისეთი ადამიანებიც არიან, საკუთარი პოეტობა რომ სწამთ და ერთი სტრიქონიც არ გამოუქვეუყნებიათ. შევთანხმდეთ და პოეტად ჩავთვალოთ მხოლოდ ის კაცი, ვინც ხასიათისა და გარემოებათა მიხედვით ან ლექსს წერს ან პროზას. ამ პოეტის პრობლემა ის კი არ არის, თუ "რა აქვს დაწერილი", არამედ ის, "რაც არ დაუწერია".
ჰონორარის შემყურე პოეტისათვის ეს, ბუნებრივია, მაინცდამაინც სასიამოვნო არაა. თუ გულზე არ ეხატება, დაე, გაიხსენოს, ფეოდალიზმის ეპოქის პოეტი როკუძიუენ ისაკავა ფუნდუკის მფლობელი რომ იყო. ჩვენ ლიტერატრის დღიური მუშაკნი რომ არ ვიყოთ, რაიმე ხელობას შევისწავლიდით. იქნებ გამოცდილება და ცოდნაც გაგვეღრმავებინა.
ზოგჯერ შურით ვიგონებ ძველ დროებას. არავინ ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით, მაგრამ სწორედ ამ ეპოქამ დაგვიტოვა კლასიკური მწერლობა. შეცდომა იქნებოდა, გვემტკიცებინა, არსებობისათვის დაწერილი თხზულება კლასიკურ ნაწარმოებად ვერ გადაიქცაო (ზოგიერთ მწერალს სხვადასხვა პოზის მიღება სჩვევია, მათგან ყველაზე ბუნებრივია - "არსებობისათვის ვწერ"). ოღონდ არ უნდა დავივიწყოთ, ანატოლ ფრანსი გვაფრთხილებდა - მომავლისაკენ გაფრენის მსურველი მსუბუქი უნდა იყოსო.
ბოლოს დავსძენდი, კლასიკური მხოლოდ იმ ნაწარმოებს შეიძლება ვუწოდოთ, რომელსაც ყველა კითხულობს თავიდან ბოლომდე.