საღამო მშვიდი. ქუჩა წყნარი. გამვლელი დაღლილი, ფანჯარა უდარდელი. ფანჯარაში ქალი და ყვავილი. ქალში - ქალი და უქმრობა და კიდევ რაღაც... ყვავილში სიცოცხლე მხოლოდ.
ოთახში ცისფერი სინათლე. კედლები უერთდება ჰაერს. კედლები - ჰაერი კედელზე დიდი სურათი ახალგაზრდა კაცის. ჩარჩოზე შავი არშია. თვალები ამბობენ: - მე მოვკვდები. არშია ამბობს: - ის მოკვდა. მაგიდაზე დაღლილი ვაზა. ვაზაში დამჭკნარი ყვავილები. მაგიდაზე დამჭკნარი ფურცლები.
როიალი-ჰანგების კუბო. წიგნები-მთხრობელნი ამაო სიყვარულის. ალბომი-ხსოვნა გარდასულის, სამოვარი - სევდით მოუბარი ქვრივი დედაკაცი. კარადები დუმან. ხალიჩა იატაკზე გაფენილი. ხალიჩა ტახტზე. ხალიჩები სუნთქავენ, ხალიჩები იძვიან. კარები ღია რომ დაგრჩეს, ხალიჩები გაიპარებიან ოთახიდან. შავი კატა - ოთახის უფალი.
ღამით, როდესაც ყოველი სულიერი იძინებს, ამ ოთახიდან ისმის როიალის ხმა. თითები ეღვრებიან კლავიშებზე, როგორც წვიმის სევდიანი წვეთები და იღვრება მელოდია, იღვრება მელოდია. საგნები იღვრებიან და თანდათან ნელა და მძიმედ იკარგებიან, როგორც ნისლები.
თანდათან წყდება, ეშვება მელოდია და თანდათან უბრუნდებიან საგნები თავისთავს. გგონია, რომ ამ ქალს ღამით გარდაცვლილი ქმრის სული ეწვევა ხოლმე და უსაყვედურებს... რას? არ იცი და გადადიხარ დედამიწიდან სადღაც შორს, შორს, ძალიან შორს... სადღაც ოცნებაში...