ღამე შეპარულა ქოხში. ბუხარში ცეცხლი ჩამქრალა და ნაკვერჩხალი ბჟუტავს. პატარა ჭრაქზე ალი ბარბაცებს - უნდა გადმოვიდეს ჭრაქიდან. ხის ტახტზე წევს მოხუცი ქალი. მისი ნათელი თვალები ბარბაცებენ - უნდათ გადმოვიდნენ ბუდეებიდან. შავი კატა ნაცარში გაწოლილა - უძრავი თვალებით შესცქერის მოხუცს. ჭრიჭინობელა არ ისვენებს. ქოხი გაგუდულა დუმილით.
გარეთ - სიბნელე. ძაღლები ყმუიან საცოდავად (ყოველ მკურნალს შეშურდებოდა ძაღლის ინსტიქტი),სიკვდილმა გამოიღვიძა ბნელ საუფლოში,კრიალა ზეცა გადმოიარა. ფეხს აბიჯებდა ვარსკვლავებზე და ზეციდან ცვიოდნენ ვარსკვლავები. ზოგი დაბიჯებით, ზოგიც შიშით - ცვიოდნენ ვარსკვლავები. ძაღლები ყმუოდნენ საცოდავად, შიშისმომგვრელად. ქოხებში დუმილი სამარისებული. ქოხებიდან ბოლი ამოდიოდა, როგორც ღამის სუნთქვა.
სიკვდილმა იხმო გრიგალი მრავალფრთიანი და უბრძანა: გაეღო კარი პატარა ქოხის. გრიგალმა მძლავრად შეარხია ბოროტი ფრთები. გაქანდა გრიალით და მას დაედევნენ ტოტები ხეთა, და მას დაედევნენ ნორჩი ხეები, და მას დაედევნენ მინდვრები, ველები და მან მიაღწია პატარა ქოხს. მაგრად შეანჯღრია კარები ქოხის (როგორც ლომთა მამინაცვალმა) და ააკრა კარები კედელს.
სიკვდილმა შეაბიჯა ქოხში, როგორც მორიელმა და მიაპყრო თვალები მოხუცის დახურულ თვალებს. და გაიღო მოხუცის თვალები, როგორც კარები. და სიკვდილმა შეაბიჯა შიგ სიკვდილმა ჩააქრო ორი მბჟუტავი ჭრაქი თვალების და გარეთ გამოვიდა და მაგრად მოიხურა თვალების კარები.
სოფელში აღარ ყმუოდნენ ძაღლები. გრიგალიც ჩადგა. ხეებს და ველებს ეძინათ მშვიდად. ეძინა სიკვდილს.