მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1780 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პარკავს ლობიოს დარია ძალო, გამხმარი, შავი, კედლის აჩრდილი, პარკავს ღონივრად, ჯიბრიანად, და ყვება - ხან ღიმილით, ხანაც ბრაზით: 

- ეხლა რომ მიყურებთ, განა ეს ვიყავი სუყოველთვის! სანამ აქ გამომიყვანდნენ, ამ ძაღლის საყელოსავით დაუნდობელ სოფელში, ქუსლი არ დამიდგია მიწისთვის, ფეხისწვერებზე დავდიოდი დედოფალივით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არა მცმია, - მაღალქუსლიანს ვინ მომაშავებდა, ხარაზულ ჩუსტებს ძლივს მაცმევდნენ ჩვენები, - მაგრამ მაინც სულ ფეხის წვერებზე დავდიოდი და ყველას და ყველაფერს მაღლიდან გადავყურებდი ყელმოღერებული.

გამოჩნდებოდა ქალაქიდან მომავალი დილიჟანი, ჩავისვამდი კალთაზე ხელებს, გავდგებოდი გზის პირას, ჩაითქრიალებდნენ ცხენები ზანზალაკების ჟრიამულით, დამკრავდა იქიდან ქარი, მიჰქონდა ჩემი თმა და წამწამები ბიბინით, გაოცებით მიყურებდა დილიჟნის ქალი და კაცი, და თითქოს ანთებული კელაპტრები გამეყოლებინოს, ეგრე უნათდებოდათ სახეები.

ტუჩ-კბილი მქონდა, ვარდსა და შროშანს შეშურდებოდათ იმათი ბრწყინვა. სულ მეგონა, რომ შეჩერდებოდა ერთხელაც დილიჟანი, გადმოვიდოდა ხმლიანი, ტანასხლეტილი აფიცერი, ჩამჭიდებდა ხელს და წამიყვანდა სარკეებიან სასახლეში. 

ღამით რომ ბედნიერი დავწვებოდი, დილით უფრო ბედნიერი ვიღვიძებდი. თითქოსდა ტანზე კაბა არა მცმოდეს, მკლავს რომ გავშლიდი, ყინვაც კი სასიამოვნოდ მელაციცებოდა ძუძუ-მკერდზე, ბუმბულივით. საკუთრად ჩემთვის ჭიკჭიკებდნენ ჩიტები.

ჩვიდმეტი წლისაც არ ვიყავი ჯერა, ჩამჭიდეს ხელი ჩემმა სულწაწყმენდილმა მამიდებმა... რა რას ვამბობ?! და კიდევაც ვიტყვი. ჩამჭიდეს ხელი ჩემმა სულწაწყმენდილმა მამიდებმა და მიმცეს ამ ჩვენ ბეჩავს, სოსიას. ვტირი, ვტირი, სუ ხორცებს ვიჩქლეთავ, ის მამიდები კიდევ, - დიდი ქალები, როხროხები, ერთ წელიწადს დაიხოცნენ ორივენი, - ქიმუნჯებს მიღერებენ აქეთ-იქიდან: - გაწყვიტე ხმაო, ღორის თავი ოქროს სინზე დადეს და ტალახისკენ მიგორავდაო, იცი, რა ოჯახში შედიხარ, შე ქარიხვეტიავ, მარტო სახლები უდგათ, ცხენი გაჭენდება შიგაო. ქარიხვეტიაო და, გუშინდელივით მახსოვს, ამაზე უფრო ამოვიგდებინე გული. 

მოვიდა ჩემი კუდიანი დედამთილიც, მიყურა, მიყურა, შემომიარა ციხესავით ირგვლივ, ბრიცა ტუჩები, იქნია თავი ხან აქეთ, ხან იქით, დედაჩემი და მამაჩემი კიდევ, ღვთის მონები, მოწმეებივით დგანან, მამაჩემი მაღლაც კი ვერ იხედება. 

ამ ბეჩავმაც, სოსიამ, რომ უთხრეს, მიდი, ბეჭედი გაუკეთეო, სალოკ თითზე მიკეთებდა, ისე იყო გასაცოდავებული. 

დამნიშნეს, ის მსხვილი ბეჭედი გამიკეთეს. ვანუშას ცოლს მივეცი მერე, რა თავში ვიხლიდი ბეჭედს, ჩემს თითებს რა ბეჭედი უნდოდა, დაძღნენ კაცები ღვინითაც და ყაყანითაც, მოაყენეს ჩარდახიანი ურემი თებერვალში, თოვლ-ჭყაპში, ბურუსში, საღამოთი, ჩამსვეს შიგ. ეს ჩვენი სოსია სულ არ არის, გამქრალია. ვითომ ცხენი ართმევს თავს და ხან რას ეფარება, ხან - რას.

შემომისხდნენ მამიდები აქეთ-იქიდან, ჩამოუშვეს ღაბაბები და წამომიყვანეს ამ ფუძისჩამყრელაძაღლებულში. 

ვამბობ და კიდევაც გავიმეორებ. ამისთანა ხარბი, სხვის თვალში ნაცრისმთვლელი ხალხი მეორე არსად იქნება ქვეყანაზე. ჩვენ რა, ქოფთაველები, ჩვენ ღარიბები ვიყავით თუ რაც ვიყავით, სხვა ადამიანობა გვქონდა, მარტო მომარაგებაზე არ ვიყავით გამეცადინებული თაგვებივით, მაამბობინეთ, რაც საამბობი მაქვს. 

ძლივს გამომიყვანეს იორში, ბნელა, ბნელა, რომ თვალ-ყური გტკივა სიბნელისაგან. მოვადექით რაღაც კბოდეს, კინაღამ არ გადაბრუნდა ურემი, თავით ფეხებამდე დასველდა ჩემი მაზლი. 

ამოვედით სოფელში და ახლა აქ, ხან, შემობრუნდებიან ხარები, ხან - საით, ჩემი მაზლი კიდევ სუ სისინებს. ჩუმად უჯავრდება ხარებს, ჩუმად ულანძღავს რქასა და ბალანს. აშკარად ეტყობათ, არ უნდათ, რომ ვინმეს გააგებინონ ჩემი მოყვანა. 

მაინც გაეგოთ ვიღაცეებსა, გაებათ წყაროსთან ჯაჭვი. ივაჭრეს იტუტუნეს ჩუმად, ხუთი მანეთი მიაცემინეს ჩემს მაზლს, ამომიყვანეს და შემიყვანეს ამ გაძლიერებულ ზაქარაანთ სახლებში. აი, გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც და ძველი სახლებიცა. 

რა სახლები, ქალო, ორი ოთახია, იატაკი არ აგია, დაბლა მიწაა, ერთ ოთახში ჩემი მაზლი ცხოვრობს  თავისი ცოლ-შვილით, მეორეში ჩვენა. მამამთილ-დედამთილიც ჩვენთან არიან. 

ბაკი აქვთ დიდი, გომური, მარანი, ბეღელი, სათხე, საქათმე და იმეებში არიან ჩამკლავებულები, ჩამდნარნი. 

საქონელი ჰყავთ უდიერი და თვითონაც საქონელს არიან დამსგავსებულები - ჩუმები, მიწისკენ დაღუნულები, საყვედურის არაფერზე მთქმელები. 

ეს სოსია ხომ სულ არ არსებობს. მიწაზეა ტყლაპივით აკრული. მე ვინ რას მეტყოდა საცოდავს, თორემ ერთი ქალი უკვე მოუნელებიათ. მე მეორე ცოლი ვარ სოსიასი, ამიტომ მომიყვანეს ჩუმად, იმიტომა ჰქონდათ ერთი ჩუჩუნ-ტუტუნი.

მომიყვანეს, გადაიხადეს პატარა რაღაცა, ქორწილივით, შემაბეს და შევები მეც საქმეში კალოს ცხენივით, ვაბივარ და ვტრიალებ თვალებახვეული, მეტი რა გზა მაქვს, ქართველი ქალი ვარ, დედ-მამის შვილი, ნათესავების პატრონი, ვაბივარ და ვტრიალებ, მაგრამ გული ხომ მაინც გულია, გული მაინც თავისას შვრება: საკენკს რომ გამოვიტან ხონჩით, გავიქნევ ხელს აესე, თვალს გავაყოლებ ჩემ მკლავს, ვიგრძნობ, რომ ისევ ფეხის წვერებზე ვდგევარ, ისევ მიბიბინებს ნიავი თმასა და წამწამებს, ისევ ლამაზი ვარ დედოფალივით, ამომიჯდება გული, შევალ საქათმეში, ვითომ საბუდრების ამოსალაგებლად, ვიტირებ, ვიტირებ და გამოვალ.

ჩემი კუდიანი დედამთილი სუ ზურგით მელაპარაკება, ზურგით მელაპარაკება მამამთილიც, მაზლიც. ეს ბეჩავი ჩვენი სოსიაც კი. ან რას ლაპარაკობენ - რა როგორ უნდა, სულ სიბრძნეებს, სულ საქმეზე არიან მიძალებულნი, რაღაც შორეული ფიქრი აქვთ. გათენებისას დგებიან და ბინდისას შემოდიან შინ.

ძველი, მაიმუნი სახლი რომ დავანგრიეთ, მაშინ გამოიღო ჩემმა კუდიანმა დედამთილმა ხუთასი თუმანი, ნიკოლოზის ფული დაგუნჯალებული, და მაშინ მაჩვენა ტირილითა. 

ოჯახში კი ერთი პატარა ლამპა აქვთ, ნავთს უფრთხილდებიან. სოსია ან რის გამფრთხილებელია, ან რის გამნიავებელი, დედამთილ-მამამთილი არიან უფროსები. 

მამამთილს ერთი მოკლე ტყავი აქამდე ეცვა აი, ომი რომ დამთავრდა. მეც მიყიდეს რაღაცეები, მაგრამ წინ დასაწყობად და სატირლადა? - მე გარეთ არ მიშვებენ, წყალზე არ მიშვებენ, რომ იქ მაინც გავახილო თვალი. ვარ პატიმარივით.

აღდგომის კვირას ძლივს წამიყვანეს ეკლესიაში. გზაზე რომ მივდივარ, ჩაცმული, დახურული, ვატყობ, ის აღარა ვარ, რაც ვიყავი, ბუმბულივით აღარ მელამუნება სულზე ნიავი, მაგრამ მაინც ლამაზი მივდივარ, თანაც უკვე სხვანაირი ლამაზი, ყვავილი რომ ამოსცდება შავ ფოთლებს. აბაჰ! ვის ეფინება სახეზე ნათელი! შემომხედავენ და პირი პაპაჩემისკენ მიაქვთ. რა ვიცოდი მაშინ შურისა და ერთმანეთის დამარხვისა! მიფართხალებდა ბეღურის ბღარტივით ეს საცოდავი გული.

მღვდელი იყო ერთი, სხვაგნებური, თქვენ არ გეხსომებათ, სულკატიანი, თვალებბოზი, ლოყებღაჟღაჟა. ერთადერთმა იმან გამომართვა ხელი სიხარულით, წონა თავის ხელში, გაუსინჯა სილბო - სისათუთე, მიყურა, მიყურა და მერე ეშმაკის ტკბილი ჩურჩულით მითხრა: - ზაქარიაანი მიწისები არიან, შენ ცის ხარ, როგორც ცის ვარსკვლავი, ცოდო ხარ, შვილო, ცოდოო, - და მაჯაზედაც ამომიცაცუნა თითები.

გამოვგლიჯე ხელი და წამოვედი.

ოთხი შვილი გავაჩინე და გავზარდე, ტანი არ დამიკლია არც ერთისთვის და ფეხი. ცუდს ისეთს ვერავინ იტყვის ჩემზე, მაგრამ რაღა დასამალია, დღე და ღამე ყურებში მედგა იმ მღვდლის ტკბილი ჩურჩული. იმის ნათქვამის შემდეგ უფრო მწარედ დავინახე, რომ სულ მიწა ეზიდებოდა თავისკენ ჩემს ქმარ-მაზლს, ჩემს დედამთილს. ქვეყნად მარტო მიწის რიდი და შიში ჰქონდათ. 

მეც რასა ვხედავდი მეტს, - სამკალი და კალო, კალო და საქონელი, საქონელი და ვენახი. 

ხან სად მედგა აკვანი და ხან - სად. დავიმარტოხელებდი თავს, დავჯდებოდი და კიდევ ვტიროდი, ჩემს სილამაზეს დავტიროდი. ერთხელ და ისიც სულკატიანმა თვალებბოზმა მღვდელმა ამიწონა ის, ჩემი სილამაზე, ნამდვილი საწონით, ფასიც ნამდვილი მითხრა, თვითონაც გაიხარა, მეც გამახარა გულიგულში, მაგრამ, როგორც გითხარით, მე ძველი ქართველი ქალი ვიყავი და მეორედ იმ მღვდელს აღარ მივახლოვებივარ, არც გასახარებლად, არც ჯავრის მოსაკლავად. 

სულ მალე ხომ აღარც სატირალი მქონდა რამე, მიწამ ჩაიტანა, კალომ ჩაფშვნიტა ჩემი სილამაზე. წამოველ და მოვდივარ მას შემდეგ აესე თავდაღუნული, უფლისაგან ქედგადახრილი. ხანდახან თუ ავხედავ ვარსკვლავიან ცას.

განა მარტო მე? რამდენი ჩემისთანის სილამაზე განიავდა კალოს ბზესთან ერთად!

გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმისი მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირდა, ეხლა კინოში რომ ჰკოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ