მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 391 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როცა ხუმრობაზე მიდგება საქმე, მაშინვე მამალხინე გამახსენდება... მისი ჭაღარა თმა-წვერი, ოდნავ პირქუში სახე, ზოგჯერ ღიმილით დამშვენებული, ისიც მაშინ, თუ ხუმრობას მიუხვდით, ან თვითონ მიგახვედრათ.

- ოღონდ ბიჭი დამიბრუნდეს და... იანვარიც იყოს, რთველში დაგპატიჟებ, ვენახში შეგიყვან, ჩხებს აგაჭრევინებ!

გეტყვის რაღაც შეუძლებელს. ხუმრობა გგონია, არ უჯერებ, მაგრამ ნათქვამი ცხადდება.

მამალხინე იღიმება:

- აი, თუ არა... აი, თუ არა!

- მაშ ეს ხუმრობა არ ყოფილა?..

- უჰ, კაცი დავბერდი, რაღა დროს ჩემი ხუმრობაა!

აი, ახლაც თოვლში ვდგავართ, დილის არაყით ოდნავ შემთბარნი. იანვრის დილა თითებს გვისუსხავს, სუსტი მზე ამაოდ ებრძვის ყინვას.

აქ, სოფლის განაპირას, დათოვლილ ვენახში რას უნდა მოვეყვანეთ, თუ არა მამალხინეს ახირებას?.. რთველში დაგვპატიჟა...

ხელში არნადი უჭირავს, კუზიან ვაზებს შორის თოვლს ხვეტავს, თან ჩაგრეხილ ულვაშებს ეშმაკურ ღიმილს ახვევს.

პატივს რომ არ ვცემდე ამ ჭკვიან ბერიკაცს, დავალებული რომ არ ვიყო მისი მეზობლობით, უანგარო სიყვარულითა და ტკბილი ქართულით, არ გამოვყვებოდი ამ ყინვაში, მის საქციელს გიჟურ ახირებად ჩავთვლიდი... მაგრამ მე ხომ კარგად ვიცნობ მას.

მით უმეტეს დღეს...

ამ დილით, ის-ის იყო წამოვდექი, აივანზე გავედი და ზამთრის მდუმარე, თეთრ მშვენიერებას გავუღიმე, რომ ნაცნობი ხმაც შემომესმა, ჩემი ძველი სახლის ჭიშკართან მამალხინე იდგა და მიხმობდა.

ჩავეგებე.

განა ისევ სევდიანი, პირქუში სახე ჰქონდა მოხუცს?..

გამოხედვა მეუცნაურა...

იქნებ დილის ნიავმა თოვლის ფიფქი შეაფრქვია მის ხშირ წარბებს და მათი ბრწყინვა მჭრიდა თვალს?..

არა... მოხუცი იღიმებოდა. ბადრი მთვარე ხომ გინახავთ?!. ღიმილს ბაგე გაეხსნა.

მივხვდი.

- ჩამოვიდა-მეთქი? - უნდა მეკითხა, მაგრამ დამასწრო. იქნებ მიმიხვდა კიდეც...

- წუხელ, მამლის ყივილისას ჩამოვიდა!

გადავეხვიე. სამი წლის განმავლობაში უთქმელი ჯავრით ელოდა ფრონტიდან შვილის დაბრუნებას. მეც თანაგრძნობით ვიზიარებდი მის მოლოდინს.

- ახლა კი წავიდეთ... პირველად თქვენ გიკითხათ...

- კი მაგრამ... ხუთი წუთი მაცალე...

- არც ერთი... დილის პური ჩემთან უნდა გატეხო!

ხელს მხვევს და თითქმის ძალით მივყავარ.ჭიშკარი ღია რჩება, მივეშურებით.

ჩვენ ცოტა... ხომ იცი, ნამგზავრი იყო... გველიან.

არაყი გადაუკრავს, მხნედ მიაბიჯებს თოვლში და თან ხალისიანად ჩამჩურჩულებს:

- მერე კი რთველი გვექნება!

- რთველი?

- მე ხომ ადრევე შეგპირდი... იქნებ ხუმრობა გეგონა?

- რთველი... ზამთარში?

- მომყე, სასხლავს მოგცემ... ჩხებს აგაჭრევინებ!

მართალ კაცს ტყუილიც დაეჯერება, მაგრამ...

მაგრამ, აი მამალხინეს სახლიც.

სახლში არ შევდივართ. ქვეპმო სართულში მარანი აქვს ბერიკაცს. ღია კარისაკენ მეწევა. სიბნელეს შეუჩვეველ თვალს უჭირს დაბრუნებული ბიჭის მოძებნა. მან კი, ეტყობა უკვე დამინახა. მესმის მისი წამოძახილი. ის უკვე ჩემთან არის. ვგრძნობ მის მკლავებს, ჩემს მკერზე მის სუნთქვას და მცირე ხნის შემდეგ მის თვალებში სიხარულის ცრემლთა ბრწყინვასაც ვარჩევ.

- აჰა, შვილო, შენი ოსტატი... დასტკბი! - ჩურჩულებს კმაყოფილი მოხუცი.

დავაჟკაცებულა ბიჭი. ულვაშის იერი მამისკენ ეზიდება მის შნოიან სახეს.

- ჩამოვედი, ჩამოვედი... დაბრძანდით, აი სკამიც...

- ხომ გაგიონიათ... დილის საუზმე ცოლის მზითევს სჯობიაო! - იცინის მამალხინე და მცირე ტაბლისკენ მიგვიძღვის.

ორპირი ხუმრობა ღაზლის წინდასავით ირღვევა:

- ცოლი მზითევს სჯობიაო, მე ასე გამიგონია... - უსწორებს ღიმილით შვილი.

მამა თავისას არ იშლის, მას აღარ აშინებს ანდაზა. გული არხეინად აქვს, დილის საუზმე ურჩევნია ცოლის დაძველებულ მზითევს, ასეთი ბედნიერი დილის საუზმე. ალბათ, ახსენდება სხვა ბედნიერი დილაც, ოდეს თებრონეს მოტანილი ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ, ზოგან ალისფერი ხალიჩა ჩამოაფარა კირით შეფეთქილ კედელს.

- ჰოო, ახლა თქვენ მზითევს რაღას გამოედევნებით!

ხითხითებს მამალხინე და ხან წინწანაქარს გვიმარჯვებს, ხან მწვადებს.

სად არ ყოფილა ეს ბიჭი? მსოფლიოს ნახევარი მოუვლია. ყველგან სიკვდილს ებრძოდა, მისდევდა და ამარცხებდა... ეგ არის, მარცხენა მკლავში დაუჭრიათ და რამდენიმე თვეს ჰოსპიტალში წოლილა. დაჭრილი მკლავი ახლა თეთრი ბანდით აქვს ჩამობმული კისერზე. მახსენდება სკოლის მერხზე მჯდარი ფემკრთალი, გაუბედავი ყმაწვილი... ასე ავაჟკაცებს სამშობლოს სიყვარული ჭაბუკს, ასე იქცევა უჩინარი ჩინებულად.

მაგრამ რთველი რომ დაგვავიწყდა?

ასე იცის დილის საუზმემ... ერთს მეორე მოსდევს, მეორეს კი... ისიც მარანში, ქვევრის თავზე, მოუხდელი ქვევრის თავზე...

რომ მოვირთვლიანებთ, ქვევრს მერე მოგიხდითო, თქვა მამალხინემ და წამოდგა. დილისთვის წინწაქარიც კმარა.

თოვლში მივაბიჯებთ. ყველა ამ ახირებულ რთველზე ვფიქრობთ. ალბათ, ხუმრობს მოხუცი, ალბათ, ვენახში ქვევრი აქვს სადმე იდუმალ დამარხული, ალბათ, ტკბილი ზედაშე უნდა შეაგებოს ნაომარ შვილს?!

მაშ ეს ბარი რად გაუდვი მხარზე, არნადს რად მოათრევს, რად იღიმება მაცთურად?

ან ეს საღვინე რად უნდა მის ნაბოლარა ბიჭს, ან ეს ქაშანურის ჯამი?!

უკვე ვენახში ვართ, სპეტაკ თოვში კუზიანი ვაზების სამამულე რქები შავად გამოიყურებიან.

ჰოდა, მამალხინე არნადით თოვლს ხვეტავს ვაზებს ორის (თან მაცთურად იღიმება-მეთქი, წეღანაც ვთქვი) და გვამხნევებს:

- მალე, სულ მალე, ჩხებს აგაჭრევინებთ... აბა, აი მიყურეთ!

ახლა ბარს დასწვდა.

დამზრალი მიწა ჯიუტობს, მოყინული სატერფული ფეხს ისხლეტს, მაგრამ მამალხინე უფრო კერპია: არნადით გადაწმენდილ ნიადაგს ხვნეშით ბარავს, ბელტებს ცალ მხარეს ყრის. თოვლის თეთრ ქათიბში შავი კუნძული ჩნდება. მამალხინე მაცთურად იღიმება, ფარაჯა გაუხდია. ცოლის მოქსოვილი მოკლე ახალუხი აცვია. ხვითქი ეჭირხლება ულვაშებს, წარბებს.

აჰა, ბელტებს ქვეშ ღრმა, გრძელ ორმოზე გადაფარებული შარშანდელი წალმის კონები ჩნდება.

ახლა წალმის კონებს დასწვდა მოხუცი და განზე გადაყარა. განცვიფრებულნი ჩავყურებთ ამ იდუმალ ორმოს, საიდანაც მალე ვაზის ფოთოლის მუქი ზურმუხტი და მტევნის ქართვისფერი გვიამებს თოვლისგან მოჭრილ თვალს.

ახლაღა გვიხსნის საიდუმლოს მოხუცი:

რთვლობას ცხრა მსხმოიარე ვაზი დაუტოვებია მოუკრეფავი, ორმოებში ჩაუწვენია ცხრავე, ზევიდან წალამი დაუხურავს, წალამზე ბელტი მიუყრია... არავისთვის უთქვამს, უჩუმრად შეუნახავს გულში.

ფეხზე აყენებს მამალხინე მსხმოიარე ვაზებს. ჭიგოს უყენებს თვალის გასახარად. ყვითელი მანეულის წნელით აკრავს სამამულე რქებს სარზე და...

- აჰა, სასხლავი, ასჭერ ჩხა! - მეუბნება სიცილით.

ამ ოინით გაბრუებულს მავიწყდება ზამთარი. იანვრის სუსხი. ხელში სასხლავი მიჭირავს. ჩხას ვჭრი, რთველში ვარ... ღანძილისფერი ვაზის ფოთოლი სახეცი მცემს. მტევნის ქართვა მიცინის...

- ახლა კი ქოცოს მოგიხდით, პატარა ქოცოს, დედის რძესავით შეგერგებათ!

აქვე, ძველისძველ ხავსიან ნიშთან ქოცო ჰქონია ჩაგდებული ბერიკაცს.

ქაშანურის ჯამით იღებს ღვინოს მასპინძელი ქვევრიდან.

ეს საფერავი კი არა, ლალია... თეთრი, საფერავგარეული...

ვლოცავთ დაბრუნებულ ჭაბუკს, ამ ბედნიერ ზამთრის დილას, ოჯახს რომ გაუღიმა და ვადღეგრძელებთ ამ უცნაური რთველის მომგონს – ქვევრის წინ დაჩოქილ მამალხინეს, რომელსაც ხუმრობა არ უყვარს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ