მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 347 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო თუ არა იყო რა?

ხშირად ფიქრობ, რომ არც ყოფილა არაფერი. ხანდახან კი, უფრო იშვიათად, დარწმუნებული ხარ, რომ მართლა იყო რაღაც თუ ვიღაც. მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას დაგიდასტურებდა, შენს გვერდით უკვე აღარ არის.

ისღა დაგრჩენია, საკუთარი მოგონებების (თუ გამონაგონის) დასტურად მეგობრის სახე მოიშველიო. დრო გადის და ნელ-ნელა უკვე ესეც გიჭირს. წვალებით, მაგრამ მაინც იხსენებ ისეთს, როგორიც გინდა გაიხსენო - გაღიმებულს, დაბლა დახრილი თვალებით და თითქოს დამორცხვებულს იმით, რომ ამდენი იცის შენს შესახებ, ისეთი რამ დაუნახავს, რაზეც ჯერ საკუთარ თავსაც ვერ გამოტყდომიხარ და მაშინ კი არა, დღემდე ვერაფერს მიმხვდარხარ...

ამ მოგონებას ებღაუჭები, ცდილობ გაწელო წამი, სანამ ბურუსიდან დაწმენდილი სახე, რომელიც თითქოს ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ ასეთი ლამაზია, ამდენ რამეს მიმხვდარა და გაუგია, ისევ ბურუსში გაგეფანტება. არ გემეტება ეს სახე, რომელიც ერთადერთი საბუთია იმისა, რომ ის მეორე სახეც, მეორე ადამიანიც არსებობდა ოდესღაც. ამ სიზმარივით წამს, რომელიც სინამდვილეში წამსაც არ გრძელდება, დანამდვილებით იცი, რომ იყო!

ეს ბიჭი უკვე მაგრად მიშლის ნერვებს. დამღალა და ეგ არის! "აბა, რომელი გავადიდოთ, ეს თუ ესო?" "ორივე კარგია"-მეთქი და უკმაყოფილოა. "არა, შენ მაინც რომელი უფრო მოგწონსო?" - თავის ცოლზე მეკითხება, საკუთარ ცოლზე! იქამდე -

"მეც ზუსტად ეგრე ვფიქრობდიო" - მეტყვის გახარებული და ვადიდებთ: 15-20-ზე ან სულაც 30-40-ზე. "ორი საათი მაცალე და მერე მოდი-მეთქი," - ვეხვეწები და ვერ ითმენს, სადღაც აქვე შორიახლოს დაძრწის, დროდადრო შემოგვიღებს კარს, ანდაც ტელეფონზე გადმორეკავს: "შემთხვევით, უკვე მზად ხომ არ არისო."

ჯერ კიდევ თბილია სურათი და ეს უკვე პასპარტუსა და ჩარჩოს ურჩევს, უფრო სწორედ, მე მარჩევინებს. ვუსვამ ლამაზ ცოლს ლამაზ ჩარჩოში და იმაზე ვფიქრობ, რომ წესიერი ფოტოს გადაღება ვერაფრით ისწავლა ამ კაცმა. წაიყვანს სადმე ქალაქგარეთ, დასცემენ ის და მისი ძმაკაცები კარვებს, შეწვავენ მწვადს, მერე ჩასვამს ყვავილებში, გააშლევინებს თმებს და უჩხაკუნებს ყოველი მხრიდან. ხურუშიანია - ერთი სიტყვით. მე კიდევ რაღაც არ მახსოვს, რო ეგ გოგო პიკნიკებზე და მწვადებზე გიჟდებოდეს. მე მინახავს ეგ გოგო ბედნიერი და იმიტომ ვამბობ.

სურათებზე მინახავს, სხვაგან სად ვნახავდი?! დიდი ხნის წინათ, სხვა ადგილებზე, სხვასთან ერთად და სხვის გადაღებულ სურათებზე. ფოტო ხომ არასოდეს ტყუის ბედნიერების ამბავში. ადამიანი კიდევ ყოველთვის ცდილობს მოგატყუოს - იმაზე ბედნიერად ან უბედურად მოგაჩვენოს თავი, ვიდრე სინამდვილეშია.

მოკლედ, მეჩვენება, რომ რაღაცით მასზე მეტი ვიცი მისივე ცოლის შესახებ - იმაზე, მეტი ვიდრე გარეშე კაცმა უნდა იცოდეს. ეგრე გამოდის, თითქოს ვატყუებდე, ვითომ იმ გოგოს საერთოდ არ ვიცნობ და ამიტომაც მისი ფაცი-ფუცი განსაკუთრებით მიშლის ნერვებს. მაგრამ თვითონაც მაგარია, ვერაფერს ხედავს და ყველაფერს ისხლიტავს პასპარტუს ფერის შერჩევით გართული, საბოლოოდ კი ისე გამოდის, რომ ყოველთვის კმაყოფილს ვისტუმრებ.

ერთ ნახვად ღირს, როგორი სახეგანათებული ტოვებს ხოლმე ჩვენს სტუდიას, სტვენა-სტვენით როგორი გახარებული მიუყვება პროსპექტს. იღლიაში კარგად შეფუთული სურათი აქვს ამოჩრილი და მიიჩქარის სახლისკენ.

ცოლს სიურპრიზი მოუმზადა. ამ თვეში უკვე მერამდენე? მე კი ცოტა ხნით ამოვისუმთქავ, სანამ ის და მისი ძმაკაცები რომელიმე სხვა ისტორიული ძეგლის სიახლოვეს მოინდომებენ მწვადების შეჭმას...

ჯერ საკუთარი თავი კარგად დააჯერე, რომ მართლა იყო და მერე ძებნაც დაუწყე.

სად არ ეძებე?!

ეძებდი უწყინარ ოჯახურ ალბომებში, აგარაკებზე და ზღვაზე გადაღებულ დაზაგრულ ფოტოებზე. თანაც ზღვა ერთადერთი იყო, რაც ხელმოსაჭიდი გქონდა. გახსოვდა, რომ ზღვა უყვარდა. მაგრამ ზღვა ვის არ უყვარს?! სექტემბრის თვეში ათასობით მზემოკიდებულ სახეს აკვირდებოდი და მათ შორის რომ ვერ მიაგენი, უკვე ამ სახეების უკან, პლიაჟზე დაუწყე ძებნა...

ჯერ საბავშვო ბაღის, მერე კი სასკოლო ზეიმებზე საგანგებოდ გამოპრანჭული და დავარცხნილი ბავშვების მიღმა გაბადრულ მშობლებში დაეძებდი. იმედი გქონდა, რომ ისიც იქ იყო და ფოტოაპარატით, ან ხელის ვიდეოკამერით შეიარაღებული შვილის გამოსვლას ელოდა ამაყი და გულაჩუყებული.

ეგ კი არა, ბავშვებშიც კი, განსაკუთრებით გოგონებში, ნაცნობი სახის ნაკვთების ამოცნობას ცდილობდი...

ხან საკუთარ ყოვლისშემძლეობაში გეპარებოდა ეჭვი, ხანაც მის არსებობაში, მაგრამ ძებნაზე ხელის აღება არც კი გიფიქრია...

რა მაგიჟებს ყველაზე მეტად და... "იდიოტი" ფოტოაპარატები და ქეიფები მაგიჟებს. ერთჯერად "კოდაკებზე" ხო ლაპარაკიც არ მინდა, არც სხვებია ნაკლები. ოღონდ "იდიოტით" გადაღებულს ნუ მაბეჭდინებ! "სპიშკით" დაბრტყელებული ადამიანები სადღაც კადრის სიღრმეში მიკუნჭულან ლილიპუტებივით და ვერ გაიგებ, უხარიათ, თუ სწყინთ რამე. ან არადა ზოგს იმის შეძლებაც აქვს, უკეთესი აპარატი იქონიოს, მაგრამ მაინც ეს ურჩევნია, მარტო თითის დაჭერა უნდაო.

მეც ვისთვისაც მეთქმის და ვისაც საშუალება აქვს, განსაკუთრებით - ნაშებს, ყველას ვეუბნები, ვუხსნი: "იქნება უთხრათ მეუღლეებს და ცოტა უკეთესი აპარატი შეიძინოთ, უბრალოდ რთული ჩანს, მაგრამ იმეებსაც კი აქვთ ავტომატური რეჟიმი და ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება. "ბავშვსაც უკეთეს სურათს გადაუღებდით და არც მე ვიწვალებდი ბევრს"...

ხშირად ჭრის. გავიხედავ და ახალთახალი "ნიკონით" ხელში შემოაღებენ კარს. ცოტა ხანში გავიხედავ და უკვე თავიანთი ბავშვები აღარ ყოფნით - მათხოვარ ბავშვებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ მანქანებით და მანქანებიდანვე უჩხაკუნებენ. კიდევ გავა ცოტა დრო და პერსონალური გამოფენის მოსაწვევსაც შემომიგდებენ. ერთობიან - ერთი სიტყვით. იმათ გამოფენებზე მე ვერ დავდივარ მოუცლელობის მიზეზით და ისედაც ხომ ჩემი დაბეჭდილია იქ ყველაფერი. ისე კი მიყვარს ნაშების სურათების ბეჭდვა - მეც ვერთობი.

ქეიფებს რაც შეეხება, მანდ უარესადაა საქმე.

უკვე ვეღარაფრით შეიქცევ თავს - ძალიან ბევრნი არიან. სულ ერთმანეთს ჰგავს იმათი გადაბიჟვინებული სახეები და მოზვერივით კისრები, გინდა მოჩუქურთმებულ რესტორნებში იყოს გადაღებული, გინდ ქალაქგარეთ ფაცხებში, გინდაც მათ უსახურ თაღებიან სახლებში, შემინულ თაროებზე კანტი-კუნტად, ზრდილობის გულისთვის ჩალაგებული ხელუხლებელი წიგნების ფონზე. საქეიფოდ აქვთ საქმე და ქეიფობენ. არ ექეიფებათGდა მაინც ქეიფობენ - მტრის ჯინაზე! მაგიდა საჭმლითაა სავსე, ბროლის საფერფლე - ნამწვავებით.

"ცოცხალი ვარ, ცოცხალი!" - კი არ მღერიან, ხავიან, ხროტინებენ საცივსა და ღვინოში ჩამხჩვალები, საიდანღაც უეცრად მოსული უჩვეულო დარდით შეპყრობილები. "ცოცხალი ვარ, ცოცხალიიიი!" ერთმანეთს ლოშნიან, ჩქმეტენ, აღვიძებენ ანთებულ სიგარეტებზე ჩამოძინებულებს, ამოწმებენ, ხომ არ მოკვდა გვერდით მჯდომი - არა, ვერ მოესწრებიან! ცოცხალი ვარ, ცოცხალი! ჰოდა, თუ ცოცხალი ხარ, იქით გაიხედე, შეხედე - ჩიტი გამოფრინდება, ჭიტა! ჩხაკ...

მერე ყველანი ჩემთან ხვდებიან და ჩვენი საბეჭდი მანქანაც ყოველგვარი ტკივილისა და ჭინთვის გარეშე ხელმეორედ შობს, კონვეერივით თავზე მაყრის იმათ სიფათებს. ათიდან ცხრა ფირი რომ მაგათი იქნება, ლამის აყმუვლებულს, უკვე აღარც ის მეათე, განსხვავებული, მიხარია.

ასე რომ, კისერზე აპარატჩამოკიდებული, არაამქვეყნიურთვალებიანი გოგოშკა რომ მესტუმრება, უკვე იმის გადაღებული რკინის რიკულების და წყლის შხეფების ნერვები აღარა მაქვს.

თუმცა დღეს გოგო ისე უჩვეულოდ თვალებანთებულია, ისე მაგრად დგას მიწაზე, ერთ მუჭა ფირებს ისეთი სერიოზული სახით გადმომცემს და "სასწრაფოაო" - მოგიგდებს, რომ მაშინვე ხვდები - რაღაც მოხდა გარეთ.

გოგო ერთ მუჭა ფირებს კიდე ყიდულობს და საჩქაროდ ტოვებს სტუდიას. აღელვებული ხელები გზადაგზა ტენიან აპარატს. მოქეიფე ბიძებს კი საბეჭდი მანქანიდან ხალხის რისხვა და მძვინვარება ატყდებათ თავზე...

სუფრებზე და ქეიფებშიც ეძებდი... რატომაც არა? ერთხელ მოგეჩვენა, რომ მიაგენი, თვალი მოკარი გადაბიჟვინებული სიფათების უკან გვერდით მაგიდაზე ზურგშექცევით მჯდარს. თითქოს მიამსგავსე, მაგრამ დანამდვილებით არ იცი, ის იყო თუ არა. ოდნავ მაინც რომ შენკენ ყოფილიყო შემობრუნებული, სახის პატარა კონტური, ერთი ხაზი მაინც რომ დაგენახა, დანამდვილებით შეგეძლო თქმა.

ესე კი ძალიან ძნელია. ალბათ თვითონ რესტორანი გეცნო, ეგ იყო და ეგ - მაგან აგაფორიაქა. მერე კი ყველაფერი ისე მოხდა როგორც ფილმებში, იმ დროინდელ ფილმებში, როცა კინოც კი უმანკო იყო. ჯერ მუსიკა ჩაგესმა, მერე ადამიანები ამოძრავდნენ, გაცოცხლდნენ და ამ მუსიკის ქვეშ ბედნიერმა და მომავლის იმედით სავსე წყვილებმა ნაცნობი რესტორნის დიდ დარბაზში დაიწყეს ტრიალი, თითქმის დარწმუნებულებმა, რომ მათ ამ პეპლების ფარფატივით ცეკვას ბოლო არასოდეს ექნება..,

როგორი ტყუილია ეგ ყველაფერი! შენი ცეკვა ფარფატს კი არა უშნო ბღლარძუნს გავს. შენ თვითონ აქცევ ზურგს იმას, რაც ნამდვილია (თუმცა ეხლა გიკვირს და გწყინს, შენგან ზურგშექცევით რომ ზის და ერთს არ გამოიხედავს აქეთ) და აქვე, ამავე რესტორანში, სულ სხვას ებღლარძუნები.

სხვას, რომელთანაც არაფერი გაქვს საერთო, რომლის სხეულთან, თმებთან შეხება არ არის სიხარული და რომლის სუნამოს მძიმე სურნელს ვერასოდეს შეიყვარებ. მაინც კმაყოფილი ბრუნდები მაგიდასთან, რადგან საკუთარი თავი დააჯერე, რომ მარტო აღარ ხარ და სწორედ აქ აწყდები მეგობრის სახეს ისეთს, როგორიც მუდამ გინდა რომ გახსოვდეს - თვალებდახრილს და ყველაფერსმიმხვდარს...

გარეთ კი მართლა რაღაც იცვლება და ისღა დამრჩენია, მოვლენებს მივადევნო თვალი.

მეგზური კარგი მყავს - ფირები არ ენანება, აპარატჩაბღუჯულს და ცვლილებებს მოწყურებულ ხალხში მოსიარულეს უკვე ჟულიეტ ბინოშად წარმოუდგენია თავი. სახესაც ეგეთს იღებს - ოდნავ დაბნეულს და აღფრთოვანებულს. აი, პრაღის ქუჩებში რომ დადის და ჩეხ პატრიოტებს და რუს ოკუპანტებს რომ უღებს. ოღონდ იმას კაციც ჰყავს გვერდში, თანაც როგორი კაცი! აი მანდ ცოტა ვერა გვაქვს საქმე კარგად, მაგრამ ესეთ ლამაზ, იმედიან წუთებში ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეგეც იქნება... აუცილებლად...

ვიღაცეები ავტობუსზე ამძვრალან და დროშებს იქნევენ. გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად იღებს: ავტობუსთან მდგარ ზორბა, ეტყობა რაიონიდან ჩამოსულ ბიჭებს თხოვს: "ამწიეთო" და ისინიც დიდი სიამოვნებით და მონდომებით უსრულებენ თხოვნას. მამამისი რომ ხედავდეს, როგორ ჩაფრენიან ფეხებში და რა გახარებულები აწვებიან ტრაკზე მის ქალიშვილს სოფლელი მუტრუკები, ალბათ ორ პისტოლეტს ერთდროულად დაიხლიდა.

მაგრამ მამა ვერ ხედავს, იმიტომ რომ ქეიფობს. სად არის და ვისთან ერთადაა - ნუ მკითხავთ! მაინც არ ვიტყვი, პროფესიული საიდუმლოა. ავტობუსის სახურავიდან კი ხელებს უწვდიან, ვიღაც აპარატს ართმევს, ვიღაცა კი ღონივრად ექაჩება თავისკენ და პირდაპირ სახურავზე ასკუპებს.

პირველ ფირს ავტომატივით დააკაკანებს ზევიდან. ყველას და ყველაფერს ჩააპანორამებს გარშემო ისე, რომ ღილაკიდან ერთხელ არ აიღებს თითს, აპარატის ვიზირს თვალს წამით არ მოაცილებს. მისი გულისცემაც ავტომატურ რეჟიმზეა გადასული და ხალხის გულისცემას აყოლია. კიდევ ერთ ფირს დებს აპარატში, ცდილობს დამშვიდდეს და მსხვილი პლანების, პორტრეტების კეთებაზე გადავიდეს. შეუძლებელია.

დაძაბულობა უმაღლეს წერტილს აღწევს, ხმაური მატულობს, რაღაცა მოხდა. ვიზირს თვალს აცილებს და გარშემო იყურება. "გაიქცა! გადადგა! გავიმარჯვეთ!" - ყურში ჩაჰყვირის მის გვერდით დროშით ხელში მდგარი გაუპარსავი ბიჭი, წამით ყოვნდება, მერე კი ეხვევა და ლოყაზე კოცნის. სულ ეს იყო? ამით დამთავრდა ყველაფერი? ნეტა ვინმემ იცოდეს, ვინმე გრძნობდეს თუ როგორ აკლია ამ ჩვენს რევოლუციას რაღაც უფრო სათუთი, ევროპულად ინტიმური.

ნუთუ ასეთი გამარჯვება, ამხელა ამბავი ისევ ხორუმზე და შალახოზე უნდა გადავატაროთ?! განა ცვლილებებისთვის არ ვიბრძოდით? არა, ევროპამდე ჯერ მაინც შორს ვართ... და ეს მედროშეც საყვარელი კია, მაგრამ ზუსტად იმდენად ჰგავს ჟულიეტ ბინოშის კაცს, რამდენადაც თბილისური შემოდგომა - პრაღის გაზაფხულს...

თივის ზვინში ნემსის ძებნას გავს ამდენ ხალხში მისი ძებნა. რის მიტინგი და დემონსტრაცია?! ყველგან შეგიძლია მისი წარმოდგენა, ოღონდ დროშების ფრიალში მუშტმოღერებულის - არა.

მაგრამ აქაურობაც დასაძებნია. სეირი არ იქნება აქ, ამ თავების ზღვაში რომ იპოვო? მაშინ კი კარგად გავიცინებდით, მეგობარო, ან გავიღიმებდით ისე მხოლოდ შენ რომ შეგეძლო. იქნებ, მეც გამომსვლოდა შენნაირად... ხომ გვამსგავსებდნენ ერთმანეთს ვიღაც-ვიღაცეები და თანაც ჩვენ ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის.

ჰა, მოდი, გავიღიმოთ, ხომ ვიპოვეთ, მაინც მივაგენით! ის უკვე აღარც ჩემია და არც შენი. ხედავ - ხალხს ეკუთვნის და ამ ჩვენთვის მუდამ გაუგებარი ერთობის ნაწილია. რატომ აღარ იღიმი? რატომ გაქვს ეგეთი მოწყენილი, საკუთარ სულში ღრმად ჩაბრუნებული თვალები? ის არც აქ არის და მაგას დარდობ? აბა რას? ოღონდ ეხლა ნუ წახვალ! ეხლა ნუ დამტოვებ...

ერთად გავაგრძელოთ ძებნა...

გული მიგრძნობს უკვე მალე ვიპოვით. ბევრი აღარ დაგვრჩა! უშენოდ გამიჭირდება...

ვერაფერს ხდები, ვერაფერს აკეთებ მის მოსაბრუნებლად. ვერ უფრთხილდები მეგობარს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა შენი, შენ კი ვერაფერი გაუგე. მისი სახე ისევ გეფანტება მეხსიერების ბურუსში და პირისპირ მარტო რჩები ადამიანების ზღვასთან. მათი სიხარულები, იმედები და ტკივილები კი შენთვის უცხოა და გაუგებარი.

თანაც ის არც აქ არის!

აჰა, ნამდვილმა ხელოვანებმაც დაგვდეს პატივი და ჩვენი სტუდია დააფასეს. ამათ არასოდეს აქვთ ფუჭი ილუზიები, აბობოქრებული თავებს ჩხაკუნში არ დახარჯავენ არც დროს და არც ძვირფას ფირებს და, როგორც ნამდვილ მეტრებს შეჰფერით, ქვეყანაც რომ ინგრეოდეს, ესენი ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე თავიანთ მყუდრო სახელოსნოებში შექმნიან შედევრებს.

მეტრი დაღლილია და ღირსებით აღსავსე.

კარში წინ თავის მშვენიერ მუზას ატარებს, ხელს ჩამომართმევს, გასამჟღავნებელ ფირებს გადმომცემს, დახლს ჩამოეყრდნობა და გააბოლებს, თუმცა კი იცის, რომ სტუდიაში მეც არ ვეწევი. მის უკან მორცხვად ატუზულა მუზა, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ თვითონაც ხელოვნების მსახურია, მაგრამ მაინც ოდნავ ერიდება ჩემი, უფრო კი იმის, რაც ჩვენმა საბეჭდმა მანქანამ სულ რაღაც ერთ საათში უნდა გადმოყაროს.

რაღაა მოსარიდებელი? არ ვიცი პირდაპირ! მუზას სხეულის თვითოეული ნაწილი სხვადასხვა დროს სულ მსხვილ პლანებად მაქვს ნაბეჭდი. ამას წინათაც სულ ტალახში თუ მაზუთში ამოგანგლული ვბეჭდე. ეგენი სულ მეტრის ფანტაზიებია. ეს გოგო კი ვერა და ვერ შემეჩვია. ეხლაც ისე მორცხვად ჩაუქინდრავს თავი, რომ ნამდვილად რაღაცაშია საქმე.

მეტრი წასვლას არ ჩქარებს.

დახლზე გადმოკიდებული ათას რჩევას და დარიგებას მაძლევს. სიმსუქნისგან და მოწევისგან აქოშინებული რომის გარყვნილ სენატორს გავს (ერთი ტანსაცმელი უნდა რომაული და ეგ არის, მე მოვკვდე!) და ისე ეშმაკურად მიღიმის, ვგრძნობ, ტყუილად არ ალეწილა მუზა - რაღაც ახალ ოინბაზობას მოიგონებდა.

არც ვცდები.

სანამ ნაშები მათხოვარ ბავშვებს დასდევდნენ, ბიძები ქეიფობდნენ და გოგოშკები რევოლუციონერობდნენ, მეტრს სადღაც ცოცხალი პითონი უშოვია და ერთგული და უშიშარი მუზისთვის შემოუხვევია შიშველ სხეულზე.

არა, ესეთი ჯერ არ ყოფილა... მეტრმა ყველას გადაუჯოკრა, საკუთარ თავსაც კი აჯობა! რამდენიმე საათში უკან მობრუნებული სათვალეს ირგებს და ფოტოების მთელი დასტის თვალიერებას იწყებს. მეტრის მხარზე ნიკაპჩამოდებული მუზაც უხმოდ ადევნებს თვალს სხვადასხვა განათებით, ექსპოზიციითა და რაკურსით გადაღებულ მისა და პითონის ბრძოლასა თუ ალერსს. მეტრი კმაყოფილი ჩანს, შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. შედეგი არის. მუზაც წელში იმართება და სახიდან ნელ-ნელა გადასდის სიწითლე.

ყველაზე ძნელი ახლა იწყება. ამდენი კარგი კადრიდან ერთადერთი საუკეთესოს არჩევა არ გინდა?! მეტრი თავს წევს, სათვალის ზევიდან მიყურებს და ხელით მიხმობს. ვხვდები, რომ რთული არჩევნის გაკეთებაში საკუთარი აზრის გამოთქმის პატივი მეც მხვდა...

ოღონდაც ეს არა!

გეგონა ყველაფრისთვის მზად იყავი, მაგრამ ეს მეტისმეტი აღმოჩნდა...

დამთავრდა მოხეტიალე რაინდის თავგადასავალი... ამდენი გასაჭირის მერე სრულიად შემთხვევით იქ მიაგნო სატრფოს სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. თანაც ერთს კი არა - ოცდათექვსმეტს. სატრფო (თუ სატრფოები) კი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ბოროტი ჯადოქრის სამყოფელში და სულაც, ალბათ, თავის ნებით მივიდა იქ. გმირი ხვდება, რომ ბედისწერას წინასწარ ჰყავდა განწირული, ამდენ ხიფათში და გასაჭირში იმიტომ გადაარჩინა, რომ მერე ერთბაშად მოეცელა და საბოლოოდ გადმოეგდო უნაგირიდან.

ძირს ჩამოვარდნილს და მიწაზე გართხმულს ფეხზე წამოდგომის უკვე არც ძალაა აქვს და აღარც ხალისი, ციდან კი ღმერთების ხარხარი ჩაესმის...

მაგის სახელოსნოში რამ მიგიყვანა გოგო?!

ეს გინდოდა, ამისთვის წვალობდი? უარესის ღირსი ხარ! ეხლა კი წინ, მაგიდაზე, ერთის ნაცვლად ოცდათექვსმეტი სახე გილაგია იმისა, ვისაც ამდენი ხანია დაეძებ და ელოდები როდის მოვლენ და წაიღებენ. თანაც ვინ? ქსიტინით და ქოშინით ვინ უვლიდა გარშემო, ვინ ანათებდა პროჟექტორებს ყოველი მხრიდან, ვინ ეხუმრებოდა თავისი ბინძური, უწმაწური ხუმრობებით, ვინ უჩხაკუნებდა გაუთავებლად? მისი არსებობის დასტური გინდოდა და აჰა, მიიღე კიდეც!

ეხლა კი დამთავრდა ყველაფერი. ისღა დაგრჩენია ამ ოცდათექვსმეტი ლამაზი სახიდან ერთ-ერთი ამოირჩიო და მოიპარო - სახსოვრად დაიტოვო!

არა, ამას არ იზამ! ეს მართლაც დასასრული იქნება და თანაც ყველაზე უარესი. შენ კი არ გინდა, რომ ეს დასრულდეს. უკვე სხვა, უფრო რეალური საბუთი გჭირდება მისი არსებობისა, ვიდრე ეს ჩასუქებული, აუტანელი კაცის გადაღებული სურათებია. რაღაც სხვა უნდა გააკეთო, რამე უნდა იღონო...

ბედს თავს არ დავაცინინებთ. ესე არ არის, მეგობარო?!

ნაცნობი ბიოლოგები შემოდიან.

ექსპედიციიდან ახალი დაბრუნებულები არიან, წვერმოშვებული და მზემოკიდებულები. ამათაც თავიანთი მასალა მიაჩნიათ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვნად. თითქოს იშვიათი ფრინველის კვერცხები იყოს, ისე ფრთხილად ალაგებენ ჩანთიდან ფირებს და დახლზე დამიხვავებენ.

ყოველი შემთხვევისთვის მაფრთხილებენ: "მაინც აკურატულად მოექეცი - გაგვიმართლა და გიურზას მშობიარობა გადავიღეთო". "თქვენი გიურზა რა არის, აქ ხალხი პითონებს ეჭიდავება-მეთქი" - და ვერ გებულობენ. ისე, ამათ არაფერს ვერჩი. ამათი ცხოველებიდან და ჩიტებიდან, რომელიც მომეწონება, თითო კადრს ჩემი ბიჭისთვისაც ვბეჭდავ ხოლმე.

ალბომში აკრავს. მაგრად უყვარს ეგეთი რაღაცეები. მაგრამ ცოტა ხანში სხვა ფირის დაბეჭდვა მიწევს და რას ვხედავ?! ის ცხოველი, ჩემი ბიჭის ალბომიდან რომ ყურებდაცქვეტილი იყურებოდა, სამხედრო დაფოთლილ ფორმაში გადაცმულ მოქეიფე ბიძას გაუგორებია პახმელიაზე. მკვდარს თავზე წამოსდგომია და ობიექტივში იღრიჭება. ესე იგი შემდეგი ფირი უკვე იმის მწვადებზე ქეიფისა იქნება...

ცხოველს ვინ ჩივის? აი ადამიანს რომ თითს ატაკებენ და "ეს გაგვიდიდე, პანაშვიდისთვის გვჭირდებაო," - მეტყვიან, მაშინ მთლად მიფუჭდება ხასიათი. მოხუციც რომ იყოს, მაინც ეგრე მემართება. მერე დიდხანს ვუყურებ ჩემივე გადიდებულ სურათს და იმის გახსენებას ვცდილობ, ქალაქიდან მეცნობა გარდაცვლილი, თუ აქ დაბეჭდილი ფოტოებიდან.

ალბათ უფრო ფოტოებიდან, თორემ კვირაში შვიდი დღე აქ ვარ და ქალაქში სასიარულოდ სადღა ვიცლი. ესეთ დროს ყველაზე მეტად მეჯავრება ჩემი საქმე და ეს ერთი ბეწო სტუდია, რომლის ტუსაღადაც, მგონი, სამუდამოდ ვიქეცი.

მიცვალებულის ფოტო ცალკე მიდევს - ველოდები, როდის მოვლენ და წაიღებენ. საბეჭდი მანქანიდან კი ისევ ქეიფი და დროსტარება ცვივა და ბოლო არ უჩანს. ათიდან ცხრა ფირი მაგათია. არ გჯერათ? ჩემზე უკეთ ეგ ვინ უნდა იცოდეს?! მკურნალი ექიმივით მე მიჭირავს ყურადღებიანი ხელი ამ ქალაქის პულსზე და მე გეუბნებით, რომ არაფერი იცვლება. ქეიფობენ, კიდევ იქეიფებენ და ყველაფერიც ფეხებზე ჰკიდიათ.

ასეთია ჩემი დიაგნოზი...

იწყებ ახალ, უცნაურ თამაშს, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ დაგირქმევია. ტრანსპორტში აღარ ჯდები, ფეხით მიდიხარ სამსახურში და ფეხით ბრუნდები უკან. დილით აკვირდები უამრავ ნაცნობ და ამავე დროს უცხო სახეს და, რა საოცარიც არ უნდა იყოს, ამით სიამოვნებასაც კი იღებ. შენი ქუჩაში დანახვა კი უკვირთ - არ არიან მიჩვეულები. "რამე ხომ არ დაგიკარგავსო?" - ერთი ნაცნობი გეკითხება. "რატო გგონიაო?" - უბრუნებ კითხვას და: "ეგეთი სახე გაქვსო"...

დღე ნელ-ნელა მოკლდება და საღამოთი ფეხით დაბრუნებას თითქმის არანაირი აზრი აღარ აქვს. მაინც აგრძელებ შენს თამაშს.

იქნება შეგხვდეს, რა იცი? მაგრამ სიბნელეში არავინ გხვდება რესტორნებიდან თუ სასადილოებიდან გარეთ გამოშლილი უკვე რქებამოსული მოქეიფეების მეტი. შეურგებელი ღვინით მთვრალები ხარებივით თავდახრილები მოდიან, მუდამ რაღაცაზე გამწარებულები და გადაჯეგვას, გათელვას გიპირებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გზაზე აღმოჩნდი.

მაგრამ შენც მზად ხარ. ახლოს, სულ ახლოს მოუშვებ და მერე მხრის ერთი მოძრაობით ისე ლამაზად აუქცევ გვერდს, ისე ხოშიანად გაატარებ სულ ახლოს, რომ გინდება საკუთარ თავს სულ "ოლეე! ოლეე!" ეძახო. რაც მთავარია, ნამდვილი ტორეროსავით ამას შენც ყოველგვარი სიძულვილის გარეშე აკეთებ - ესენი ხომ შენი ძველი ნაცნობები არიან და, სხვა თუ არაფერი, ლუკმა პურს გაჭმევენ...

იშვიათად, მაგრამ მაინც ფიქრობ, როგორი იქნება ამ ყველაფრის ბოლო. რა მოხდება, თუკი თამაში, რომლის მარტივი წესები მხოლოდ შენ იცი, დასრულდება? ერთ მშვენიერ დღეს პროსპექტზე, რომელსაც უსასრულოდ ტკეპნი, სახლიდან მომავალს ან სახლში მიმავალს მართლა შეგეჩეხება სადმე. მაშინ?

არაფერი! ზუსტად იცი, რომ არაფერი! შეხვედრა შემთხვევითი იქნება, შენ კი, როგორც ყოველთვის - მოუმზადებელი.

თუ გიცნო, მაგაზეც მადლობა გექნება სათქმელი, ხოლო ბრიყვული და უკვე დამთავრებული თამაშის გამარჯვებული ვერაფერს მიიღებს ჯილდოდ.

ასე არ შეიძლება!

და მაშინ საკუთარ თავს თვითონ უწესებ ჯილდოს, თანაც ისეთს, მეხის გავარდნასავით რომ იქნება მთელი შენი ოჯახისთვის - თავისუფლებას. თუ გაიმარჯვე, სამსახურიდან წამოხვალ! მეტისმეტი ხომ არ მოგივიდა? არა, აუცილებლად წამოხვალ, მანდაურობას მოშორდები და მერე იქნება რამე...

ეს ახალი გადაწყვეტილება ცოტათი გაფრთხობს, მაგრამ მაინც გაღიმებული უახლოვდები სახლს...

ჰოდა, ესეთ ფიქრებში რომ ხარ, ამ დროს კარი გაიღება და ჩვენი ქალაქის ყველაზე ბედნიერი ადამიანი შემოაბიჯებს, გაგეხარდება, აბა რა იქნება?! არ გადაყვები ზედ? გაუდიდებ და პასპარტუსა და ჩარჩოსაც ყველაზე შესაფერისს, ყველაზე ლამაზს შეურჩევ. გარეთაც გააცილებ და სიამოვნებითაც გაადევნებ თვალს, სახლისკენ როგორ მიიჩქარის ბედნიერი კაცი.

იღლიაში შემოდგომის ფოთლებში ჩაფლული საყვარელი ცოლი ჰყავს ამოჩრილი. ლამაზი კია შობელძაღლი! ჭრელი შარფიც როგორ უხდება! რა გინდა, უსწავლია კაცს გადაღება! გოგოს უკან რაღაც ძველი ნანგრევები ჩანს. კადრში არმოხვედრილი კოცონის კვამლი ლამაზად ეფინება გადაყვითლებულ მიწას.

ჰაერი კი ცივია და გამჭვირვალე. და თუ კარგად შეისუნთქე, შეიძლება მწვადის სურნელიც გეცეს ცხვირში. კარგია ბუნებაში...

სანამ ჩვენს სტუდიას, ჩემს კარცერს დავუბრუნდები, ერთხელაც მოვავლებ პროსპექტს თვალს და რას გეტყვით, იცით? მგონი, მარტო მე არ ვარ ესეთ დღეში და ყველა ადამიანი საკუთარ ციხეში იხდის თავის მიერვე მისჯილ სასჯელს.

თუ ასე არ არის, მაშინ რატომ ჩამოსტირით ფეხით მოსიარულეებს ცხვირ-პირი? ტროლეიბუსების და მარშრუტკების ფანჯრებიდან რატომ იყურებიან კატორღელებივით მოწყენილი სახეები?

ყოველთვის სადღაც ჩქარობენ და მაინც ყოველთვის იგვიანებენ მსუბუქი მანქანები.

ყველანი თითქოს ქოფაკი ძაღლებივითGჯაჭვზე გამობმულები ვატარებთ ცხოვრებას. ამ ჯაჭვის გარშემო ვტრიალებთ უსასრულოდ და რაღაც მთავარი და კარგი მუდამ გვერდით გვრჩება...

შეხვედრისთვის მართლა არ აღმოჩნდი მზად...

სხვანაირად ვერც მოხდებოდა. და მაინც, უკვე პირისპირ ზიხართ კაფეში და ორივეს ოდნავ გრცხვენიათ იმ დაუფარავი სიხარულისა, რომლითაც ერთმანეთს შეეგებეთ, შემთხვევით შეხვდით...

- დღეს რაღაც ცოტა ხალხია...

- ხშირად შემოდიხარ აქ?

- არა, ხანდახან, სამსახურში როცა მივდივარ.

- სად მუშაობ?

- უკვე აღარსად.

- მაშინ სად მუშაობდი?

- არ არის საინტერესო...

- იცი, რო სულ არ შეცვლილხარ?

- არც შენ, მხოლოდ ოდნავ დეიდაშენს დაემსგავსე...

- შენ რა იცი დეიდაჩემი?

- სასაცილოა, მაგრამ სურათებიდან მახსოვს. ალბომში გედო, ალბომი ჩანთით დაგქონდა. ერთად იყავით ზღვაზე გადაღებულები, ზღვიდან ჩამოსულები კიდე სამზარეულოში. ლამაზი ქალი იყო...

- საიდან გახსოვს ამდენი? კიდე რა გახსოვს?

- მახსოვს, რო ამბობდი: "ძალიან მინდა დეიდაჩემს ვგავდეო..."

- მერე?

- მერე დამსგავსებიხარ და ეგ არის.

- უყურე შენ, კიდე რა გახსოვს?

- შენი ტელეფონი.

- აბა, თქვი!

- არ გვინდა...

- რატო?

- არ გავაფუჭო ყველაფერი...

- რითი?

- არ შემეშალოს.

- მე კიდე, იცი, რა მახსოვს?

- რა?

- ტენისს რომ ვთამაშობდი და შენ რომ მიყურებდი. მაშინ არ გიცნობდი, გახსოვს რა მითხარი?

- მახსოვს.

- აბა, რა?

- "ლამაზად მოძრაობ"...

- არა, შენ მითხარი: "ბევრ ზედმეტ მოძრაობას აკეთებ, მაგრამ ყველაფერს ძალიან ლამაზადო". გახსოვს?

- მახსოვს, ოღონდ ეგ მე არ მითქვამს.

- აბა, ვინ თქვა?

- ჩემმა ძმაკაცმა...

- რომელმა?

- აი, სულ ერთად რომ დავდიოდით, ზოგს ძმები ვეგონეთ.

რაღაცით გვამსგავსებდნენ...

- მე მგონი ვხვდები, ვიზეც ამბობ. ნამდვილად გახსოვს, რო იმან თქვა?

- კი, ნამდვილად მახსოვს.

- რას შვება, როგორ არი?

- ვინ?

- ის შენი ძმაკაცი.

- რა ვიცი, მოკვდა...

- რა უცნაურია, მე კიდე შენი ნათქვამი მეგონა...

- არა, იმისია.

- აქ ცივა თუ მე მცივა?

- უკვე ყველგან ცივა.

- იცი, ჩემი წასვლის დროა...

- ალბათ ჩემიც.

- გავიდეთ?

- წამო.

- აბა, კარგად.

- გნახავ კიდე?

- არ ვიცი.

გამეხარდა შენი ნახვა...

- მეც ძაან...

- პაკაა!

- მოიცა!

- რა იყო?

- რო დაგინახე, მივხვდი, რომ მიყვარდი.

- სულელი ბიჭი ხარ!

- მე - არა, ის.

- ვინ ის?

- არავინ, დაივიწყე.

დასამშვიდობებლად ლამაზად აქნეული ხელი ხალხის ნაკადში იკარგება, შენ კი უკვე მანქანების უწყვეტი ნაკადის პირას გაჩერებულიღა ხვდები, თუ საიდან გაჩნდა ასე უჩვეულოდ ბევრი შუქი - მთელი პროსპექტის გაყოლებაზე ყველა ხისთვის დაუჭრიათ საზამთროდ ტოტები და ახლა კიდით-კიდემდე გასხეპილი პროსპექტი უფრო გრძელი, თითქმის უსასრულო ჩანს ზამთრის დაბალი და ცივი მზით გავსებული.

და თუმცა ყველაფერი იგივეა - ქალაქიც, ხალხიც და მანქანებიც, მაინც გეჩვენება, რომ ამჯერად ზამთრისთვის მზად ხარ, თითქოს ჭირნახული დაგებინავებინოს...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ